საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების წესდების დამტკიცების შესახებ

  • Word
საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების წესდების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 153
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 04/06/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 64, 07/06/2010
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
153
04/06/2010
სსმ, 64, 07/06/2010
000000000.00(0).000.000000
საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების წესდების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (07/06/2010 - 18/01/2012)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №153

2010 წლის 4 ივნისი

ქ. თბილისი

საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების წესდების დამტკიცების შესახებ

    მუხლი 1

 „ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად თანდართული სახით დამტკიცდეს:

ა) საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების თანდართული წესდება (დანართი №1);

ბ) საგანგებო სიტუაციების ან მათი წინმსწრები მოვლენების შეტყობინების ფორმა (დანართი №2);

გ) საგანგებო სიტუაციების აღრიცხვის ფორმა (დანართი №3).

    მუხლი 2

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ:

ა) ამ დადგენილების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში უზრუნველყოს თანდართული წესდების მე-10 მუხლით განსაზღვრული ფიცის ტექსტის დამტკიცება;

ბ) 2015 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყოს თანდართული წესდების 23-ე მუხლით განსაზღვრული ინსტრუქციების შემუშავება და დამტკიცება.

    მუხლი 3

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2010 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყოს თანდართული წესდების მე-10 მუხლით განსაზღვრული მეხანძრე-მაშველის სახელობო-საგანმანათლებლო სტანდარტის დამტკიცება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით.

    მუხლი 4

2012 წლის 31 დეკემბრამდე ეტაპობრივად განხორციელდეს საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების წესდებით დამტკიცებული მეხანძრე-მაშველის სერტიფიცირება. აღნიშნული მოთხოვნის შესრულებისთვის აუცილებელ ღონისძიებათა განხორციელება დაევალოთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებს, სახელმწიფო რწმუნებულებს – გუბერნატორებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს.

    მუხლი 5

ამ დადგენილების მე-4 მუხლით განსაზღვრული ვადის გასვლამდე მეხანძრე-მაშველის სტატუსის მოპოვებისთვის სავალდებულო არ არის მეხანძრე-მაშველის სერტიფიკატის აღება.

    მუხლი 6

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი   ნ. გილაური

 

დანართი №1

საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების

წ ე ს დ ე ბ ა

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. წესდება განსაზღვრავს საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების საქმიანობის განხორციელების წესს და მის ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს.

2. საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალები (შემდგომში – რეაგირების ძალები) განკუთვნილია საგანგებო სიტუაციების თავიდან ასაცილებლად; ამ სიტუაციების წარმოქმნის შემთხვევაში, მათი შედეგების ლიკვიდაციის, მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და დაცვის, გარემოს დაცვისა და მატერიალური ზარალის შესამცირებლად.

3. ზღვაზე სამაშველო ოპერაციები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით და არ წარმოადგენს ამ წესდების რეგულირების სფეროს.

    მუხლი 2. გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

წესდებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები:

ა) საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალები – ცენტრალური, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, რეგიონული და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ძალები, რომლებიც შედგება საგანგებო სიტუაციების მართვის ორგანოებისაგან, სახანძრო ან/და სამაშველო დანაყოფებისაგან;

ბ) მეხანძრე-მაშველი – ფიზიკური პირი, რომელიც მომზადებულია ხანძრის ქრობასა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩასატარებლად და გააჩნია შესაბამისი პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი (სერტიფიკატი);

გ) მეხანძრე-მაშველის სტატუსი – მეხანძრე-მაშველის უფლება-მოვალეობების ერთობლიობა, რომელიც დადგენილი და გარანტირებულია საქართველოს კანონმდებლობით.

დ) საავარიო-აღდგენითი სამუშაოები – საგანგებო სიტუაციის ზონაში ნგრევისა და გაზრდილი საშიშროების ცალკეული კერების ლოკალიზაციის, კომუნალური და საწარმოო კომუნიკაციების ქსელებსა და ხაზებზე ავარიებისა და დაზიანებების აღმოსაფხვრელი, მოსახლეობის სასიცოცხლო უზრუნველყოფისათვის მინიმალურად საჭირო პირობების შესაქმნელი, აგრეთვე ტერიტორიის სანიტარიული გაწმენდისა და გაუვნებელყოფისათვის პირველ რიგში ჩასატარებელი სამუშაოები;

ე) სახანძრო-სამაშველო საშუალებები – ტექნიკური, სამეცნიერო-ტექნიკური და ინტელექტუალური პროდუქცია, მათ შორის – სპეციალიზებული მართვისა და კავშირის საშუალებები, ტექნიკა, აღჭურვილობა, მოწყობილობა და სხვადასხვა ფასეულობები; მეთოდური, ვიდეო, კინო-ფოტო მასალები საავარიო-სამაშველო სამუშაოების ტექნოლოგიების შესახებ, ასევე ელექტრონული გამომთვლელი მანქანების პროგრამული პროდუქტი და მონაცემთა ბაზა, რომლებიც განკუთვნილია ხანძრის ქრობისა და სამაშველო სამუშაოების ჩასატარებლად;

ვ) საგანგებო სიტუაციასთან დაკავშირებული ამოცანების გადასაწყვეტად სპეციალურად უფლებამოსილი სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები (შემდგომში – სპეციალურად უფლებამოსილი ორგანოები) – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი (ცენტრალური), აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების საგანგებო სიტუაციების მართვის ორგანოები (ავტონომიური), სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურები (რეგიონული) და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საგანგებო სიტუაციების მართვის დანაყოფები (ადგილობრივი).

    მუხლი 3. სპეციალურად უფლებამოსილი ორგანოების ძირითადი ამოცანები

1. ცენტრალური ორგანოს ამოცანები და უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

2. ავტონომიურ, რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე შესაბამისი უფლებამოსილების ტერიტორიულ საზღვრებში სპეციალურად უფლებამოსილი ორგანოების ძირითადი ამოცანებია:

ა) სახანძრო-სამაშველო ოპერაციების განხორციელება შესაბამისი ძალებით;

ბ) სამოქალაქო თავდაცვის ამოცანების განხორციელება ტერიტორიულ ფარგლებში;

გ) საგანგებო სიტუაციების (მათ შორის – ხანძრების) აღრიცხვა და სტატისტიკის წარმოება;

დ) სახანძრო უსაფრთხოების ღონისძიებათა ორგანიზება;

ე) საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამსახურების (შემდგომში – სამსახურები) ორგანიზება და კოორდინირება;

ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ჰუმანიტარული ტვირთების განაწილებაში მონაწილეობა;

ზ) საგანგებო სიტუაციების პრევენციულ ღონისძიებებში მონაწილეობა;

თ) საგანგებო სიტუაციების ან მათი წინმსწრები მოვლენების შესახებ არსებული ინფორმაციის დაფიქსირება, სპეციალური ფორმის სახით წარდგენა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტში (დანართი №2, დანართი №3);

ი) შესაბამის ტერიტორიულ საზღვრებში საგანგებო სიტუაციებით გამოწვეული დამაზიანებელი ფაქტორების ზემოქმედებისაგან მოსახლეობის დაცვის მიზნით, მოსახლეობის დაცვის ინდივიდუალური და კოლექტიური საშუალებების (დამცავი ნაგებობების: თავშესაფრები, მართვის პუნქტები, მეტროპოლიტენები, სამთო გამონამუშევრები, გამოქვაბულები, გვირაბები, მიწისქვეშა გადასასვლელები და სხვ.) გამოყენების, მათი მუდმივი მზადყოფნისა და საევაკუაციო ღონისძიებათა დაგეგმვის ორგანიზება შესაბამისი ინსტრუქციების მიხედვით;

კ) საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმების შემუშავება და სრულყოფა;

ლ) საგანგებო სიტუაციების განვითარების შემთხვევაში წინასწარ დამტკიცებული გეგმების შესაბამისად ოპერაციებში მონაწილეობა;

მ) საშიში საწარმოო ობიექტების უსაფრთხოების დეკლარაციის მიღება, ანალიზი და სათანადო რეკომენდაციების შემუშავება ცენტრალურ ორგანოსთან კოორდინაციით;

ნ) სახანძრო-სამაშველო დანაყოფის აღრიცხვა.

    მუხლი 4. სპეციალურად უფლებამოსილი ორგანოს ხელმძღვანელის დანიშვნა და მისი უფლებამოსილება

1. სპეციალურად უფლებამოსილი ორგანოს ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს:

ა) ცენტრალურ დონეზე – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი;

ბ) ავტონომიურ დონეზე – შესაბამისად, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის თავმჯდომარეები;

გ) რეგიონულ დონეზე – სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი;

დ) ადგილობრივ დონეზე – ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი.

2. სპეციალურად უფლებამოსილი ორგანოს ხელმძღვანელის უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

 

    მუხლი 5. რეაგირების ძალების შექმნა

რეაგირების ძალები იქმნება საგანგებო სიტუაციასთან დაკავშირებული ამოცანების გადასაწყვეტად, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 6. რეაგირების ძალების დაკომპლექტება

1. რეაგირების ძალების პირადი შემადგენლობის დაკომპლექტება ხორციელდება უშუალო ხელმძღვანელის მიერ.

2. რეაგირების ძალების პროფესიული კადრებით დაკომპლექტების მიზნით, სპეციალურად უფლებამოსილ ორგანოებს შეუძლიათ სათანადო ხელშეკრულება გააფორმონ ფიზიკურ პირებთან მათი კომპეტენტურობისა და გამოცდილების გათვალისწინებით.

    მუხლი 7. სახანძრო-სამაშველო დანაყოფების შემადგენლობა და მათი ძირითადი ამოცანები

1. სახანძრო-სამაშველო დანაყოფები შეიძლება წარმოდგენილ იქნეს – ეკიპაჟის, ათეულის, ოცეულის, ასეულისა და რაზმის სახით. თითოეულ დანაყოფს ჰყავს ხელმძღვანელი, რომელსაც გააჩნია სპეციალური მომზადება შესაბამისი თანამდებობისათვის.

2. სახანძრო-სამაშველო დანაყოფების ძირითადი ამოცანებია:

ა) შემოსულ საგანგებო ზარებზე პირველადი რეაგირება;

ბ) დისლოკაციის ადგილზე სახანძრო-სამაშველო დანაყოფების 24-საათიანი მორიგეობისა და მათი მუდმივი მზადყოფნის უზრუნველყოფა საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისათვის;

გ) კომპლექსურ და სპეციალურ ვარჯიშებში მონაწილეობა;

დ) საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოების განხორციელება;

ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვაზე კონტროლის განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. ყველა სახანძრო-სამაშველო დანაყოფი ექვემდებარება აღრიცხვას, რომელსაც ახორციელებს შესაბამისი სპეციალურად უფლებამოსილი ორგანო.

    მუხლი 8. რეაგირების ძალების საქმიანობის ძირითადი პრინციპები

რეაგირების ძალების საქმიანობის ძირითადი პრინციპებია:

ა) ჰუმანიზმის პრინციპი, რომელიც გამიზნულია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადასარჩენად, ასევე გარემოს დაცვის უზრუნველსაყოფად;

ბ) რეაგირების ძალების საქმიანობაში ერთიანობისა და ცენტრალიზებული მართვის პრინციპი;

გ) უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და გამართლებული რისკის პრინციპი საგანგებო სიტუაციების შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების წარმოების დროს;

დ) საგანგებო სიტუაციებსა და მათი შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარებისათვის ოპერატიული რეაგირების მიზნით რეაგირების ძალების მუდმივი მზადყოფნის პრინციპი.

    მუხლი 9. სპეციალურად უფლებამოსილი ორგანოების, მოსამსახურეთა და ტექნიკის ფორმა და ნიშანი

1. ქვეყნის მასშტაბით სპეციალურად უფლებამოსილი ორგანოების ფორმა და ნიშანი არის ერთიანი, რომლებსაც შეიმუშავებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

2. რეაგირების ძალებს გააჩნიათ ემბლემა – ფარზე გამოსახულ ნარინჯისფერ წრეში ჩახაზული ლურჯი ტოლგვერდა სამკუთხედი, რომელზეც აღნიშნული უნდა იყოს შესაბამისი უწყების, ადმინისტრაციული ერთეულის (ქალაქის) სიმბოლო. ემბლემა გამოიყენება რეაგირების ძალების ფორმის ტანსაცმელზე, სატრანსპორტო საშუალებებსა და სხვა ატრიბუტებზე.

3. რეაგირების ძალების ტექნიკა უნდა იყოს სპეციალური შეფერილობის, აღჭურვილი ციმციმით, ხმოვანი სიგნალითა და კავშირის საშუალებებით.

    მუხლი 10. მეხანძრე-მაშველი

1. საქართველოს მოქალაქეები მეხანძრე-მაშველის სტატუსს იღებენ მას შემდეგ, რაც ისინი გაივლიან სამედიცინო შემოწმებას, შეასრულებენ ფიზიკური მომზადების ნორმატივებს, დაასრულებენ მეხანძრე-მაშველის სახელობო საგანმანათლებლო პროგრამას „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით და მიიღებენ შესაბამის სერტიფიკატს.

2. მეხანძრე-მაშველის სახელობო საგანმანათლებლო სტანდარტს, რომლითაც განსაზღვრული იქნება მეხანძრე-მაშველის სახელობო საგანმანათლებლო პროგრამის აუცილებელი მოთხოვნები, ადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით.

3. მეხანძრე-მაშველის თანამდებობაზე მიიღება საქართველოს მოქალაქე 18-დან 35 წლამდე, რომელსაც აქვს არანაკლებ საბაზო ზოგადი განათლება. განსაკუთრებულ შემთხვევაში, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, მეხანძრე-მაშველის თანამდებობაზე შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს მოქალაქე, რომლის ასაკი აღემატება 35 წელს, ამ წესდებით განსაზღვრული ზღვრული სამუშაო ასაკის გათვალისწინებით.

4. მეხანძრე-მაშველის თანამდებობაზე დაინიშნება პირი, რომელსაც აქვს მეხანძრე-მაშველის სერტიფიკატი. გამონაკლის შემთხვევაში, მეხანძრე-მაშველის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს სერტიფიკატის არმქონე პირიც. ამ შემთხვევაში, სპეციალურად უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია აღნიშნული პირის თანამდებობაზე დანიშვნიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყოს ამ პირის შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში გაგზავნა მეხანძრე-მაშველის სერტიფიკატის მიღების მიზნით.

5. შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნისას მეხანძრე-მაშველი სპეციალურად უფლებამოსილი ორგანოს მიერ იღებს დადგენილი ფორმის მოწმობასა და ჟეტონს. მოწმობაში აღინიშნება მეხანძრე-მაშველის სახელი, გვარი და თანამდებობა, ხოლო ჟეტონში – მეხანძრე-მაშველის საიდენტიფიკაციო ნომერი. მეხანძრე-მაშველის მოწმობისა და ჟეტონის ფორმებს ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.

6. მეხანძრე-მაშველი დებს ფიცს სამსახურში მიღებიდან ერთი თვის ვადაში, რომლის ტექსტს ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.

    მუხლი 11. მეხანძრე-მაშველის მომზადების წესი

მეხანძრე-მაშველის სწავლების ორგანიზებას ახორციელებს შესაბამისი პროფილის მქონე საგანმანათლებლო დაწესებულება, მიუხედავად ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა.

    მუხლი 12. მეხანძრე-მაშველის უფლებები

1. მეხანძრე-მაშველებს, რომლებიც გამოძახებულნი არიან საგანგებო სიტუაციის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების ჩასატარებლად, უფლება აქვთ სპეციალურ ტექნიკასა და მანქანებზე გამოიყენონ ხმოვანი სიგნალები და ციმციმა.

2. საგანგებო სიტუაციის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარებისას მეხაძრე-მაშველს უფლება აქვს:

ა) მინიჭებული უფლებების ფარგლებში და კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს მთლიანი და უტყუარი ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია მისი მოვალეობის შესასრულებლად;

ბ) დაუბრკოლებლად შევიდეს სამრეწველო ობიექტსა და ტერიტორიაზე, საცხოვრებელ შენობაში საგანგებო სიტუაციის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების ჩასატარებლად;

გ) მოსთხოვოს საგანგებო სიტუაციის ზონაში მყოფ ყველა პირს უსაფრთხოების დადგენილი წესების დაცვა;

დ) აღიჭურვოს სამაშველო სამუშაოების წარმოებისათვის საჭირო ტექნოლოგიის შესაბამისად;

ე) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ადამიანთა გადარჩენის უზრუნველსაყოფად, გამოიყენოს კავშირგაბმულობისა და სატრანსპორტო საშუალებები, სხვადასხვა ორგანიზაციის კუთვნილი ქონება და სხვა მატერიალური საშუალებები;

ვ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.

3. რეაგირების ძალების მეხანძრე-მაშველებს უფლება აქვთ, დადგენილი წესით, სრულყონ თავიანთი პროფესიული განათლება.

    მუხლი 13. მეხანძრე-მაშველის მოვალეობები

მეხანძრე-მაშველი ვალდებულია:

ა) მზად იყოს საგანგებო სიტუაციის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების ჩასატარებლად, სრულყოს თავისი ფიზიკური, თეორიული, სპეციალური და ფსიქოლოგიური მომზადება;

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში აღმოუჩინოს დახმარება განსაცდელში მყოფ ადამიანებს;

გ) განახორციელოს დაზარალებულთა მოძიება, მიიღოს ზომები მათ გადასარჩენად, აღმოუჩინოს მათ პირველადი და სხვა სახის დახმარება;

დ) საგანგებო სიტუაციის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარებისას დაიცვას სამაშველო სამუშაოების ჩატარების ტექნოლოგია, შეასრულოს რეაგირების ძალების ხელმძღვანელობის ბრძანებები;

ე) მოსახლეობას განუმარტოს უსაფრთხოების მოთხოვნები საგანგებო სიტუაციის თავიდან აცილების მიზნით და მისი წარმოშობის შემთხვევაში – აუცილებელი მოქმედების თანმიმდევრობის შესახებ;

ვ) დაიცვას უსაფრთხოების წესები სამუშაოთა შესრულებისას;

ზ) შეასრულოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მოვალეობები.

    მუხლი 14. რეაგირების ძალების თანამშრომელთა მუშაობის რეჟიმი, დასვენება და ზღვრული ასაკი

1. მეხანძრე-მაშველის რეჟიმი ყოველდღიური საქმიანობისას დგინდება შინაგანაწესით, მორიგეობის გრაფიკით, სწავლებისა და სხვა სპეციალური მომზადების ღონისძიებების განრიგით.

2. მეხანძრე-მაშველის მუშაობის რეჟიმი უნდა აკმაყოფილებდეს შრომის უსაფრთხოებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების უზრუნველყოფის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

3. საგანგებო სიტუაციების მართვის ორგანოს (აპარატის) თანამშრომელთათვის ზღვრული სამუშაო ასაკი განისაზღვრება 65 წლით, ხოლო მეხანძრე-მაშველისათვის – 55 წლით.

    მუხლი 15. საგანგებო სიტუაციის შედეგების ლიკვიდაციის სამუშაოების ხელმძღვანელობა

1. ცენტრალურ დონეზე საგანგებო სიტუაციის შედეგების ლიკვიდაციისათვის მოზიდული ყველა ძალისა და საშუალების ხელმძღვანელობასა და ურთიერთთანამშრომლობის ორგანიზებას ახორციელებს კრიზისების მართვის საუწყებათაშორისო ოპერატიული ცენტრი, რომელიც ნიშნავს ცენტრალურ დონეზე საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის ხელმძღვანელს და განუსაზღვრავს კონკრეტულ ამოცანებს.

2. რეაგირების ძალების ხელმძღვანელებიდან, ვინც პირველი მივა საგანგებო სიტუაციის ზონაში, თავის თავზე იღებს საგანგებო სიტუაციის შედეგების ლიკვიდაციის ხელმძღვანელობას და ასრულებს მას საგანგებო სიტუაციის შედეგების ლიკვიდაციის იმ ხელმძღვანელის მისვლამდე, რომელიც დანიშნულია საგანგებო სიტუაციის შედეგების ლიკვიდაციის გეგმით ან შესაბამის მითითებამდე.

3. საგანგებო სიტუაციის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების ხელმძღვანელის გადაწყვეტილება საგანგებო სიტუაციის შედეგების ლიკვიდაციასთან დაკავშირებით სავალდებულოა იმ პირებისათვის, რომლებიც იმყოფებიან საგანგებო სიტუაციის ზონაში, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

4. არავის აქვს უფლება ხელი შეუშალოს საგანგებო სიტუაციის შედეგების ლიკვიდაციის ხელმძღვანელს თავის უფლებამოსილებათა განხორციელებაში.

5. უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე, საგანგებო სიტუაციის შედეგების ლიკვიდაციის ხელმძღვანელს შეუძლია ცენტრალურ დონეზე სპეციალურად უფლებამოსილ ორგანოსთან კონსულტაციის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება:

ა) საევაკუაციო ღონისძიებების განსახორციელებლად;

ბ) საგანგებო სიტუაციის ზონაში არსებულ ობიექტებსა და ტერიტორიებზე სადაზვერვო, სამაშველო და საავარიო-აღდგენითი სამუშაოების ჩასატარებლად;

გ) საგანგებო სიტუაციის ზონაში პირთა დასაშვებად;

დ) საგანგებო სიტუაციის ზონაში არსებული ორგანიზაციების მატერიალური რესურსების საგანგებო სიტუაციის შედეგების ლიკვიდაციისათვის გამოსაყენებლად, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კავშირგაბმულობისა და სატრანსპორტო საშუალებების, ასევე საგანგებო სიტუაციის ზონაში არსებული სხვა იურიდიული ან ფიზიკური პირების კუთვნილი ქონებისა და მატერიალური საშუალებების გამოსაყენებლად, წინასწარ გაფორმებული ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის ფორმით;

ვ) გადაუდებელ სამუშაოებში ადგილობრივი მოსახლეობის (მათ შორის, მოხალისე ფორმირებების), ცალკეული მოქალაქეებისა და ორგანიზაცია/დაწესებულებების ჩართვისათვის – მხოლოდ ნებაყოფლობითობის პრინციპის დაცვით.

6. საგანგებო სიტუაციის შედეგების ლიკვიდაციის ხელმძღვანელს, რეაგირების ძალების ხელმძღვანელებს უფლება აქვთ ფლობდნენ მთლიან სარწმუნო ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების შესახებ მათი შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების სრულყოფილად ორგანიზებისთვის.

7. იმ შემთხვევაში, როდესაც ტექნოლოგიურად შეუძლებელია მთლიანი მოცულობით საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარება, საგანგებო სიტუაციის შედეგების ლიკვიდაციის ხელმძღვანელს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება სამუშაოების მთლიანად ან ნაწილობრივ შესაჩერებლად და განახორციელოს ღონისძიებანი საგანგებო სიტუაციის ზონაში მყოფი ადამიანების სახიფათო ზონიდან გამოსაყვანად.

8. საგანგებო სიტუაციების შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობისას, უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე, ფიზიკურ და იურიდიულ პირთათვის მიყენებული ზარალი ითვლება როგორც საგანგებო სიტუაციებისაგან მიყენებული.

    მუხლი 16. რეაგირების ძალების ხელშეწყობა

1. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები, იურიდიული და ფიზიკური პირები (მიუხედავად მათი სამართლებრივი ფორმისა) ვალდებული არიან ხელი შეუწყონ რეაგირების ძალებს საგანგებო სიტუაციის ზონაში გამგზავრებისას და საგანგებო სიტუაციის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარებისას, მათ შორის, უზრუნველყონ ისინი სატრანსპორტო და სხვა მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. საგანგებო სიტუაციის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარებისათვის მიმავალი რეაგირების ძალების ოპერატიული სატრანსპორტო საშუალებები სარგებლობენ შეუფერხებელი გადაადგილების უფლებით, საწვავ-საცხები მასალების პირველ რიგში მიღების უფლებით აეროპორტებში, ავტოგასამართ სადგურებსა და საზღვაო პორტებში, ისინი ასევე სარგებლობენ სარემონტო სამუშაოების ჩატარების უპირატესი უფლებით ტექნიკური მომსახურების სადგურებში, აეროპორტებსა და საზღვაო პორტებში, მიუხედავად მათი საკუთრების ფორმისა.

    მუხლი 17. რეაგირების ძალებისა და ერთიანი სისტემის საქმიანობის კოორდინაცია

1. ქვეყნის მასშტაბით რეაგირების ძალებისა და ერთიანი სისტემის მოქმედების კოორდინაციას ახორციელებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამთავრობო კომისია, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მეშვეობით.

2. ყველა სახანძრო-სამაშველო დანაყოფი ვალდებულია იქონიოს ერთიანი საგანგებო სატელეფონო ნომერი.

    მუხლი 18. მეხანძრე-მაშველის მიმართ დაწესებული შეღავათები და სოციალური დაცვის გარანტიები

1. მეხანძრე-მაშველის, როგორც მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების შემსრულებელი პირის, მიმართ დაწესებული შეღავათები და სოციალური დაცვის გარანტიები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

2. მეხანძრე-მაშველებზე ვრცელდება ის სოციალური დაცვის გარანტიები და შეღავათები, რომლებიც დადგენილია საქართველოს კანონმდებლობით.

3. ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებს, რეგიონულ, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და ორგანიზაციების ადმინისტრაციებს შეუძლიათ დააწესონ დამატებითი სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიები რეაგირების ძალების თანამშრომლებისათვის, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 19. რეაგირების ძალების საქმიანობის გარანტიები

1. საქართველოს ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკების, რეგიონული და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვალდებულნი არიან ხელი შეუწყონ რეაგირების ძალებს, რომლებიც ჩაბმული არიან საგანგებო სიტუაციის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში, როდესაც ისინი მიემართებიან აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად. ასევე, უშუალოდ მათი განხორციელებისას.

2. საგანგებო სიტუაციის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების განხორციელებისას რეაგირების ძალები ემორჩილება უშუალოდ ხელმძღვანელს, რომელიც ახორციელებს აღნიშნულ სამუშაოს.

3. არავის აქვს უფლება რეაგირების ძალებს დააკისროს ისეთი სამუშაოს შესრულება, რომელიც არ შედის მის მოვალეობაში.

    მუხლი 20. რეაგირების ძალების ჯანმრთელობის დაზღვევა

1. რეაგირების ძალების თანამშრომლები ექვემდებარებიან ჯანმრთელობის დაზღვევას.

2. რეაგირების ძალების დაზღვევას უზრუნველყოფს მათი დამსაქმებელი.

    მუხლი 21. რეაგირების ძალების მონაწილეობა საერთაშორისო სამაშველო ოპერაციებში

1. საერთაშორისო სამაშველო ოპერაციებში მონაწილეობა გულისხმობს ჰუმანიტარულ დახმარებასა და სამაშველო რაზმის გაშვებას ქვეყნის გარეთ სამაშველო და ჰუმანიტარულ ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად, სამაშველო ოპერაციების განხორციელებასა და რაზმის დაბრუნებას საქართველოში.

2. სამაშველო რაზმი, რომლის მიზანია კონკრეტული მისია, ამ წესდებით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად, შედგება მენეჯმენტის, ლოჯისტიკის, საძიებო-სამაშველო და სამედიცინო კომპონენტებისაგან.

3. სამაშველო რაზმის ამოცანაა სამაშველო ოპერაციების განხორციელება კონკრეტული მისიისა და დადგენილი მიზნების შესაბამისად.

4. საერთაშორისო სამაშველო ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად სამაშველო რაზმმა მობილიზება უნდა მოახდინოს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების მიღებიდან 8 საათის განმავლობაში.

5. საქართველოს შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროები სამაშველო რაზმის მზადყოფნის უზრუნველსაყოფად:

ა) ხელმძღვანელობენ სამაშველო რაზმის ჩამოყალიბებას წინასწარ შედგენილი გეგმით. ახორციელებენ რაზმის წევრების დამატებით სამედიცინო შემოწმებას;

ბ) შეიმუშავებენ, შესაძლო მისიიდან გამომდინარე, სამოქმედო გეგმას მაშველების საჭირო ტექნიკისა და აღჭურვილობის მოსამზადებლად;

გ) ორგანიზებას უკეთებენ რესურსების რეზერვის მობილიზებას ჰუმანიტარული მისიისათვის და განსაზღვრავენ სავარაუდო ხარჯებს;

დ) ახორციელებენ საზღვარგარეთ გასაგზავნ პირთა სავიზო პროცედურებისა და დოკუმენტაციის მოწესრიგებას.

6. საგანგებო სიტუაციების დროს საერთაშორისო სამაშველო ოპერაციებში მონაწილეობის ან სათანადო საერთაშორისო დახმარების მისაღებად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დაუყოვნებლივ ატყობინებენ ერთმანეთს დახმარების თხოვნის მიღების შესახებ და ორმხრივად ახორციელებენ ინფორმაციის შეფასებას სამაშველო რაზმისა და ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნის თაობაზე. შესაბამისად, აღნიშნული სამინისტროები სამთავრობო კომისიას წარუდგენენ შემდეგ დოკუმენტებს:

ა) დახმარების თხოვნას (განაცხადს);

ბ) სიტუაციის ანალიზსა და დახმარების გაგზავნის პროცედურებს;

გ) მისიის ამოცანისა და ჩამოსაყალიბებელი სამაშველო რაზმის მოკლე დახასიათებას;

დ) მისიის ხელმძღვანელის კანდიდატურას;

ე) მისიაში მონაწილეობის ხარჯებს – ბიუჯეტს.

7. სამაშველო რაზმის გამგზავრების ორგანიზებას ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად.

8. საერთაშორისო სამაშველო ოპერაციებში მონაწილეობისათვის მივლინებული პირის სტატუსი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

9. საერთაშორისო სამაშველო ოპერაციებში მონაწილე პირი ეცნობა სპეციალურ ინსტრუქციებს, რომელთა დაცვაც აუცილებელ პირობას წარმოადგენს.

10. საერთაშორისო მისიის შემსრულებელი საქართველოს სამაშველო რაზმის სახელწოდებაა – „GEOSOS“.

    მუხლი 22. რეაგირების ძალების თანამშრომელთა წახალისება

1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, სახელმწიფო რწმუნებულს – გუბერნატორს, ადგილობრივი თვითმმართველობის საგანგებო სიტუაციების მართვის დანაყოფის ხელმძღვანელს შეუძლიათ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესით წაახალისონ სახანძრო-სამაშველო სამუშაოებში ჩართული და მათი შესრულების დროს გამორჩეული პირები.

2. წახალისებას დაექვემდებარებიან ის მეხანძრე-მაშველები, რომლებმაც თავი გამოიჩინეს საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოებში, მოსახლეობისა და ქონების გადარჩენის დროს ან/და სახანძრო-სამაშველო საქმიანობის განვითარებაში.

    მუხლი 23. საგანგებო სიტუაციების რეაგირების მარეგულირებელი ინსტრუქციების შემუშავება

 საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების, მათი შედეგების ლიკვიდაციის ერთიანი სისტემის ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ამტკიცებს ინსტრუქციებს:

ა) საგანგებო ვითარებებისა და რისკების შეფასების შესახებ;

ბ) შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფების გასვლის შესახებ;

გ) საგანგებო სიტუაციების აღრიცხვისა (სტატისტიკის) და შინაგან საქმეთა სამინისტროში მიწოდების წესისა და ფორმების შესახებ;

დ) სახანძრო-სამაშველო სამუშაოების სახეების შესახებ;

ე) სახანძრო-სამაშველო სამუშაოების წარმოების წესის შესახებ;

ვ) სასწავლო პროგრამების მომზადების შესახებ;

ზ) წყლის ობიექტებზე ადამიანთა უსაფრთხოების დაცვის, მცირე წყალწყვის მცურავი საშუალებების გამოყენებისა და მათი უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ;

თ) სახანძრო-სამაშველო ტექნიკის გათვლისა და ექსპლუატაციის შესახებ;

ი) ადგილობრივი თვითმმართველობის სახანძრო-სამაშველო საქმიანობის სფეროში მოთხოვნებისა და სტანდარტული პროცედურების შესახებ.