საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შესახებ

  • Word
საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3567-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 21/07/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 89, 21/07/2010
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
  • Word
3567-რს
21/07/2010
სსმ, 89, 21/07/2010
000000000.00.000.000000
საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შესახებ

ვინაიდან 1918 წლის 26 მაისს საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის შემდეგ საბჭოთა რუსეთმა დაიწყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ საქმიანობა მისი ოკუპაციისა და ქვეყანაში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების მიზნით;

ვინაიდან 1921 წლის იანვარში საბჭოთა რუსეთმა ცალმხრივად დაარღვია მოსკოვის 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულება, რომლითაც მან უპირობოდ ცნო საქართველოს დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და აიღო მის საშინაო საქმეებში ჩაურევლობის ვალდებულება, და დაიწყო სამხედრო ინტერვენცია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიაზე;

ვინაიდან 1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის წითელმა არმიამ აიღო თბილისი და დაამხო საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის – ანექსია;

ვინაიდან ანექსიის შედეგად ქვეყანაში დამყარებულმა კომუნისტურმა საოკუპაციო რეჟიმმა პოლიტიკური ნიშნით სიცოცხლეს გამოასალმა ასეულათასობით საქართველოს მოქალაქე და მოახდინა მათი ქონების ექსპროპრიაცია;

ვინაიდან 1991 წელს საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგენისა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საბჭოთა იმპერიის სამართალმემკვიდრეს – რუსეთის ფედერაციას – არ განუხორციელებია არანაირი ქმედება ოკუპაციის შედეგების აღმოსაფხვრელად და დღემდე არ ცნობს ოკუპაციის ფაქტს;

ვინაიდან 1990-იან წლებში რუსეთის ფედერაციამ მოახდინა შეიარაღებული კონფლიქტების ინსპირირება საქართველოს ტერიტორიაზე, მხარი დაუჭირა და უშუალოდ მიიღო მონაწილეობა საერთაშორისოდ აღიარებული ეთნიკური წმენდის განხორციელებაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიებზე;

ვინაიდან რუსეთის ფედერაციისთვის მიუღებელია საქართველოს დემოკრატიული განვითარება და მის შესაჩერებლად 2008 წელს განახორციელა მორიგი სამხედრო ინტერვენცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიების ოკუპაცია და ეთნიკური წმენდის მეორე ტალღა;

ვინაიდან 25 თებერვალი არის საქართველოს ანექსიისა და ოკუპაციის დღე და ვინაიდან რუსეთის ფედერაციას დღემდე ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი,

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. გამოცხადდეს ყოველი წლის 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ.

2. დაევალოს საქართველოს მთავრობას ყოველი წლის 25 თებერვალს ოკუპაციის მსხვერპლთათვის პატივის მიგებისა და საბჭოთა ოკუპაციის დღისადმი მიძღვნილი სხვა ღონისძიებების პროგრამის შემუშავება და განხორციელება.

3. ყოველი წლის 25 თებერვალს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაშვებულ იქნეს საქართველოს სახელმწიფო დროშები.

4. ყოველი წლის 25 თებერვალს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოცხადდეს წუთიერი დუმილი ოკუპაციის მსხვერპლთათვის პატივის მისაგებად.

5. ეთხოვოთ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, კერძო დაწესებულებებსა და საწარმოებს, თავი შეიკავონ საბჭოთა ოკუპაციის დღეს მასობრივი საზეიმო და გასართობ-სანახაობრივი ღონისძიებების გამართვისგან.

6. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე                                                          დ. ბაქრაძე

თბილისი,

2010 წლის 21 ივლისი.

№3567–რს