სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციასთან, რეგისტრაციის გაუქმებასთან და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებით შეფასებასთან (გადამოწმებასთან) დაკავშირებული განაცხადის ფორმის, მისი მიღებისა და აღრიცხვის წესის დამტკიცების თაობაზე

  • Word
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციასთან, რეგისტრაციის გაუქმებასთან და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებით შეფასებასთან (გადამოწმებასთან) დაკავშირებული განაცხადის ფორმის, მისი მიღებისა და აღრიცხვის წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 140/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 20/05/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 56, 20/05/2010
სარეგისტრაციო კოდი 280120000.22.035.014656
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
140/ნ
20/05/2010
სსმ, 56, 20/05/2010
280120000.22.035.014656
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციასთან, რეგისტრაციის გაუქმებასთან და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებით შეფასებასთან (გადამოწმებასთან) დაკავშირებული განაცხადის ფორმის, მისი მიღებისა და აღრიცხვის წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (20/05/2010 - 12/06/2013)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 280.120.000.22.035.014.656               

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

 მინისტრის ბრძანება №140/ნ

2010 წლის 20 მაისი

ქ. თბილისი

სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციასთან, რეგისტრაციის გაუქმებასთან და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებით შეფასებასთან (გადამოწმებასთან) დაკავშირებული განაცხადის ფორმის, მისი მიღებისა და აღრიცხვის წესის დამტკიცების თაობაზე

„ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ა.“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს:

ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციასთან, რეგისტრაციის გაუქმებასთან და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებით შეფასებასთან (გადამოწმებასთან) დაკავშირებული განაცხადის ფორმის მიღებისა და აღრიცხვის წესი (დანართი №1).

ბ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმების ან სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასების განაცხადის ფორმა (დანართი №2).

2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „სოციალური მომსახურების სააგენტო“ ამ ბრძანების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული ფორმის დამზადებას უზრუნველყოფს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან.

3. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მოსახვედრად განაცხადის ფორმის და მისი მიღების, აღრიცხვისა და დამუშავების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2005 წლის 27 აპრილის №120/ნ ბრძანება;

ბ) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასების განაცხადის ფორმის და მისი მიღების, აღრიცხვისა და დამუშავების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 15 თებერვლის №47/ნ ბრძანება;

გ) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მოწმობის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 3 თებერვლის №34/ნ ბრძანება.

4. ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 1 ივნისიდან.

  ა. კვიტაშვილი

დანართი №1

სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციასთან, რეგისტრაცის გაუქმებასთან და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებით შეფასებასთან (გადამოწმებასთან) დაკავშირებული განაცხადის ფორმის მიღებისა და აღრიცხვის წესი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ეს ინსტრუქცია შემუშავებულია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილების შესაბამისად და განსაზღვრავს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში (შემდგომში – მონაცემთა ბაზა) რეგისტრაციის მსურველი და რეგისტრირებული ოჯახის განმეორებითი გადამოწმების ან რეგისტრაციის გაუქმების განაცხადის მიღების, აღრიცხვისა და დამუშავების წესსა და პირობებს.

2. ამ ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სააგენტო – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო;

ბ) ოჯახი – განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (საცხოვრებელი ადგილის ერთობლივი გამოყენება, მისი მოვლა-პატრონობა, ოჯახისათვის საჭირო საარსებო საშუალებების მოპოვება და ამ საშუალებების ოჯახის საკეთილდღეოდ განკარგვა-განაწილება). ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი;

გ) განაცხადის ფორმა – დადგენილი ფორმის დოკუმენტი, რომელსაც ავსებს ოჯახი მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისათვის აღრიცხვაზე ასაყვანად, რეგისტრაციის გაუქმებისათვის ან განმეორებითი შეფასებისათვის;

დ) განაცხადის რეგისტრაცია – სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში (შემდგომში – „მონაცემთა ბაზა“) პირველადი რეგისტრაციის დროს, სააგენტოს მიერ განაცხადისათვის სპეციალური ნომრის მინიჭება, რაც ადასტურებს ოჯახის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისათვის აღრიცხვაზე აყვანას.

3. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს გააჩნიათ იგივე მნიშვნელობა, რაც საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებულ „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესში“.

    მუხლი 2. განაცხადი

1. ოჯახს, რომელსაც სურვილი აქვს დარეგისტრირდეს მონაცემთა ბაზაში ან მოითხოვოს სოციალურ -ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასება, ან მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის გაუქმება უნდა შეავსოს განაცხადის დადგენილი ფორმა.

2. სააგენტო, თავისი ტერიტორიული ერთეულების მეშვეობით, უზრუნველყოფს განაცხადის ფორმის ოჯახებისთვის ხელმისაწვდომობას და მათ მიერ შევსებული განაცხადის მიღებას. დაუშვებელია განაცხადის გაცემისას რაიმე დოკუმენტის მოთხოვნა ან რაიმე სახის დაბრკოლების შექმნა. ასევე, განაცხადის გაცემისათვის რაიმე საფასურის დაწესება.

3. სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულის პასუხისმგებელი პირი, საჭიროების შემთხვევაში, ვალდებულია დაინტერესებულ პირს მიაწოდოს ინფორმაცია განაცხადის შევსებასთან დაკავშირებით, მისცეს ახსნა-განმარტება განაცხადის შევსების საჭიროებისა და მოსალოდნელი შედეგების შესახებ.

    მუხლი 3. განაცხადის შევსება

1. განაცხადი წარმოადგენს სააღრიცხვო დოკუმენტს, რომელიც გამოხატავს ოჯახის ნებას დარეგისტრირდეს მონაცემთა ბაზაში ან განხორციელდეს მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის განმეორებითი შეფასება ან რეგისტრაციის გაუქმება.

2. მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახი უფლებამოსილია მოითხოვოს განმეორებითი გადამოწმება, თუ მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებიდან (სპეციალური ფორმის დოკუმენტის – „ოჯახის დეკლარაციის“ შევსებიდან) გასულია ერთი წელი.

3. განაცხადის შევსება ხდება განაცხადის ფორმის სათანადო გრაფაში შესაბამისი მონაცემების ჩაწერით. ჩანაწერი კეთდება კალმით, გარკვეული ხელწერით. შევსებას ექვემდებარება განაცხადის ყველა შესაბამისი გრაფა.

4. განაცხადის იმ ნაწილში, სადაც მოცემულია კვადრატული გრაფები, შეტანილ უნდა იქნეს შესაბამისი ციფრები.

მაგ.: პირადი ნომერი:

 

0

1

0

1

0

1

0

1

0

1

0

 

5. სახელისა და გვარის მითითებისას განაცხადის შესაბამის გრაფაში იწერება ამ პირის პირადობის დამადასტურებელ ოფიციალურ დოკუმენტში აღნიშნული სახელი და გვარი.

6. განაცხადის ის გრაფა, რომელიც შევსებას არ საჭიროებს, შეუვსებელი რჩება.

7. განაცხადის შევსების უფლება აქვს ოჯახის ნებისმიერ სრულწლოვან, ქმედუნარიან წევრს.

8. იმ შემთხვევაში, თუ განაცხადს ავსებს ოჯახის არაწევრი პირი, იგი ვალდებულია შევსებულ განაცხადს თან დაურთოს ოჯახის ან მისი წევრის კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (რწმუნება/მინდობილობა).

9. სააგენტო უფლებამოსილია განუხილველი დატოვოს განაცხადი, რომელშიც არ არის მოცემული (შევსებული) ოჯახის იდენტიფიცირებისათვის ან/და გადამოწმებისათვის საჭირო რეკვიზიტები.

    მუხლი 4. განაცხადის ჩაბარება

1. შევსებული განაცხადი ბარდება სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულს ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

2. განაცხადის ჩაბარება ადასტურებს, რომ ოჯახი (მასში შემავალი წევრები) თანახმაა:

ა) მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიზნით დღე-ღამის განსაზღვრულ პერიოდში (დილის 8:00 საათიდან საღამოს 10:00 საათამდე) დაუბრკოლებლად შეუშვას სააგენტოს უფლებამოსილი პირი თავის საცხოვრებელ ბინაში, მისცეს მას საშუალება სრულად დაათვალიეროს ოჯახის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი თუ საერთო სარგებლობის სათავსოები, შეამოწმოს ყოფითი პირობები;

ბ) ობიექტური პასუხები გასცეს სააგენტოს უფლებამოსილი პირის შეკითხვებს და არ დაამახინჯოს ფაქტები, მოთხოვნისამებრ წარადგინოს საჭირო დოკუმენტები, ხელი მოაწეროს გამოკითხვის შედეგად შევსებულ დოკუმენტს, განსხვავებული აზრის არსებობისას დააფიქსიროს საკუთარი შენიშვნები;

გ) სააგენტომ ნებისმიერი წყაროდან მოიპოვოს საჭირო ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება ოჯახის ან მისი ცალკეული წევრ(ებ)ის იდენტიფიკაციას, ფინანსურ და ქონებრივ მდგომარეობას, პერსონალურ და სხვა მონაცემებს, რაც უკავშირდება „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრაციას ან განმეორებით გადამოწმებას;

დ) ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, დემოგრაფიული (ოჯახის წევრთა რაოდენობის გაზრდა ან შემცირება) ან სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის შესახებ აცნობოს სააგენტოს, ამ ცვლილებიდან ერთი თვის ვადაში;

ე) მიეცეთ ოჯახის შესახებ მოპოვებული ინფორმაცია სხვა სოციალური დახმარების დამნიშვნელ დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს, რაც მიმართული იქნება მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად;

ვ) სოციალური დახმარების დანიშვნის ან სახელმწიფოს მიერ დადგენილი სხვა შეღავათებით სარგებლობის უფლების მოპოვების შემთხვევაში, ოჯახის მიერ სოციალური დახმარების (შეღავათის ან სხვა სახის სარგებლის) მიღების თაობაზე ინფორმაცია გახდეს საჯარო.

3. სააგენტო თავისი ტერიტორიული ერთეულების მეშვეობით უზრუნველყოფს:

ა) განაცხადის ფორმების ხელმისაწვდომობას;

ბ) განაცხადის ჩაბარებისას მისი შევსების სისწორის კონტროლს (მაგ.: პირადი ნომრის ჩაწერას სხვა გრაფაში; შევსებულია თუ არა განაცხადის ყველა საჭირო გრაფა; აქვს თუ არა ხელმოწერა და სხვა);

გ) განაცხადის სწორად შევსების მიზნით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, რეკომენდაციებისა და განმარტებების მიცემას;

დ) შევსებული განაცხადის ფორმის მიღებას;

ე) განაცხადის დამუშავების შედეგად სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობას;

ვ) განაცხადის შემოტანისას ოჯახის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის ფაქტის გადამოწმებას;

ზ) განაცხადის მიღებისა და დამუშავების პროცესთან დაკავშირებით სხვა დამატებითი ქმედებების განხორციელებას.

4. განაცხადის მიღებამდე სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის პასუხისმგებელი პირი ამოწმებს განაცხადის შევსების სისრულეს და სისწორეს. დაუშვებელია არასრულყოფილად ან არასწორად შევსებული განაცხადის ფორმის მიღება.

5. არასრულყოფილია განაცხადი, თუ გამოტოვებულია სავალდებულო შევსებას დაქვემდებარებული რომელიმე გრაფა (მაგ.: აკლია განმცხადებლის პირადი ნომერი, არ არის აღნიშნული მისამართი, აკლია ხელმოწერა და სხვა).

6. არასწორია განაცხადი, თუ ერთ გრაფაში შესატანი მონაცემები შეტანილია შინაარსობრივად განსხვავებულ გრაფაში (მაგ., პირადი ნომრის გრაფაში მითითებულია დაბადების თარიღი ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი, მონიშნულია პირველადი შეფასების გრაფა, მაშინ, როდესაც ოჯახს სურს განმეორებითი გადამოწმება).

7. არასრულყოფილად ან არასწორად შევსებული განაცხადის წარმოდგენის შემთხვევაში სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია წარმომდგენს უკან დაუბრუნოს განაცხადის ფორმა და მისცეს განაცხადის სრულყოფილად შევსებისათვის საჭირო მითითებები.

8. სააგენტო უფლებამოსილია არ მიიღოს, ან/და არ განიხილოს ისეთი დაზიანებული (დახეული ან/და გადასწორებული) განაცხადი, რომლიდანაც საეჭვოა ან შეუძლებელია შეტანილი მონაცემების (ინფორმაციის) ამოკითხვა.

    მუხლი 5. განაცხადის აღრიცხვა

1. სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის პასუხისმგებელი პირი, სწორად და სრულად შევსებული განაცხადის მიღებისას განაცხადზე აღნიშნავს მისი ჩაბარების თარიღს და ანიჭებს ნომერს.

2. სააგენტოს ტერიტორიული ერთეული უზრუნველყოფს მიღებული განაცხადის აღრიცხვას უწყვეტი ნუმერაციით.

3. დაუშვებელია ერთი და იმავე ნომრის სხვადასხვა განაცხადისათვის მინიჭება.

4. განაცხადის მიღების შემდეგ განმცხადებელზე გაიცემა განაცხადის ჩაბარების დამადასტურებელი ცნობა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ოჯახი ითხოვს მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის გაუქმებას), რომელშიც აღინიშნება განაცხადის ნომერი, ჩაბარების თარიღი, განაცხადის მიმღები პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა.

    მუხლი 6. განაცხადის მიღება და დამუშავება

1. სააგენტო უზრუნველყოფს შემოსული განაცხადების დამუშავებას, რაც გულისხმობს მასში შეტანილი მონაცემების შესწავლას, უტყუარობისა და სიზუსტის დადგენას, ოჯახის შემადგენლობაში მყოფი პირის იდენტიფიკაციას, ოჯახის შესახებ საჭირო სხვა ინფორმაციის მოპოვებას.

2. მონაცემების გადამოწმებისა და სიზუსტის დადგენისას სააგენტო იყენებს სხვა ორგანიზაცია-დაწესებულებებში არსებულ ინფორმაციას.

3. განაცხადის პირველადი შემოტანის შემთხვევაში, მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირების მიზნით, სააგენტო იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) განაცხადის რეგისტრაციის შესახებ;

ბ) განაცხადის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.

4. პირველადი განაცხადის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული ერთეულის (რაიონული (საქალაქო) განყოფილება, სოციალური მომსახურების ცენტრი) კოდისა და მიღებული განაცხადის ნომრის ერთობლიობა წარმოადგენს მაძიებელი ოჯახის უნიკალურ საიდენტიფიკაციო კოდს, რომელიც იძლევა ოჯახის იდენტიფიკაციის საშუალებას, ქმნის მასზე არსებული ინფორმაციის ერთიან კოდიფიცირებულ სისტემას და ადასტურებს ოჯახის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისათვის აღრიცხვაზე აყვანის ფაქტს.

5. რეგისტრირებული ოჯახის მიერ შემოტანილ განაცხადში სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ფიქსირდება შემოტანის თარიღი და ოჯახისათვის უკვე მინიჭებული საიდენტიფიკაციო კოდი, რომელიც წარმოადგენს სააგენტოს ტერიტორიული ან მაძიებელთა აღრიცხვის მიზნით ორგანიზებული ერთეულისათვის მინიჭებული კოდისა და მიღებული განაცხადის ნომრის ერთობლიობას.

6. სააგენტოს მიერ განმეორებით შეფასებასთან დაკავშირებით განაცხადის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი შეიძლება იყოს:

ა) განაცხადის არასრული შევსება ან შეტანილი მონაცემების უზუსტობა;

ბ) განაცხადში მითითებული ოჯახის წევრ(ებ)ის სხვა განაცხადში არსებობა;

გ) განაცხადში შეტანილი მონაცემების შეუსაბამობა სხვა მონაცემთა ბაზებში მასზე არსებულ ინფორმაციასთან;

დ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა გარემოებები.

7. განმეორებითი შეფასების მოთხოვნით განაცხადის შემოტანის შემთხვევაში სააგენტოს ტერიტორიული ერთეული იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) განაცხადით მოთხოვნილი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასების შესახებ;

ბ) განაცხადით მოთხოვნილი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებით შეფასებაზე უარის თქმის შესახებ.

8. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით ან მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გამოტანისას სააგენტოს ტერიტორიული ერთეული წერილობით ატყობინებს ოჯახს, სადაც უთითებს უარის თქმის საფუძველს და არსებული ხარვეზის გამოსწორების შესაძლო გზებს.

9. მიღებული განაცხადის დასამუშავებლად, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად და საჭირო პროცედურების გასატარებლად, გამოიყენება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული ვადები.

    მუხლი 7. დასკვნითი დებულებები

ამ წესის გაუქმება, მასში ცვლილებებისა და/ან დამატებების შეტანა ხდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.