სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1-1/1537
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 16/09/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 120, 21/09/2010
ძალაში შესვლის თარიღი 10/08/2010
სარეგისტრაციო კოდი 040110030.22.024.016001
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (21/09/2010 - 02/08/2011)

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/1537

2010 წლის 16 სექტემბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული დებულება სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 20 სექტემბრის 1–1/1415 ბრძანება

3. ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 10 აგვისტოდან.

მინისტრის პირველი მოადგილე  ა. კეკელია

დებულება

სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს დებულება შემუშავებულია სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზ ვრავს სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების წესს.

2. „ სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად,   სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე, პირდაპირი მიყიდვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს და შესაბამის პირობებს ადგენს საქართველოს პრეზიდენტი.

3. სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების მიზანია საკუთრების უფლება გადაეცეს იმ მყიდველს, რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისათვის დადგენილ პირობას (პირობებს), ხოლო, თუ პირდაპირი მიყიდვა ხორციელდება კონკურენტული შერჩევის საფუძველზე – საკუთრების უფლება მიანიჭოს იმ დაინტერესებულ პირს (პოტენციურ ინვესტორს), რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს სახელმწიფო ქონების კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას დადგენილ პირობას (პირობებს).

4. პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით სახელმწიფო ქონების შემძენი შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია, გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზებისა, რომლის შემძენი შეიძლება იყოს მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირი.

5. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი მიყიდვა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვა ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ხოლო საკითხს ამზადებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო), განსაკუთრებულ შემთხვევებში – საქართველოს მთავრობა.

6. კონკურენტული შერჩევის საფუძველზე სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვა ხორციელდება, თუ:

ა) არსებობს ინვესტიციების განხორციელების პირობათა სიმრავლე;

ბ) დაინტერესებულ პირთა მიერ შემოთავაზებული პირობები ალტერნატიულია.

7. კონკურენტული შერჩევის საფუძველზე სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვისათვის ამ მუხლით განსაზ ვრული პროცედურები იწყება დაინტერესებული პირის მიერ ინტერესის გამოხატვით.

8. დაინტერესებულ პირთა წინადადებებს იხილავს სამინისტრო, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში – საქართველოს მთავრობა, და იღებს გადაწყვეტილებას კონკურენტული შერჩევის საფუძველზე, პირდაპირი მიყიდვის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების გატარების თაობაზე.

9. კონკურენტული შერჩევის მიზნით სამინისტრო, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში საქართველოს მთავრობა, სახელმწიფო ქონებისა და შესაბამისი პირობების შესახებ გადაწყვეტილებას აქვეყნებს საერთო სახელმწიფოებრივი ან/და საერთაშორისო მნიშვნელობის საინფორმაციო საშუალებებში და განსაზღვრავს ინტერესთა გამოხატვის ვადას, რომელიც, როგორც წესი, არ შეიძლება იყოს 1 თვეზე ნაკლები. თუ დაყოვნებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ ინტერესებს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შესაძლებელია ამ ვადის გონივრული შემცირება საჯაროობის სხვაგვარი უზრუნველყოფისა და პოტენციური ინვესტორების ინფორმირების პირობით.

10. სამინისტრო, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში საქართველოს მთავრობა, ინტერესთა გამოხატვის ვადის დასრულების შემდეგ იხილავს შემოსულ განაცხადებს და საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს დასაბუთებულ წინადადებებს სახელმწიფო ქონების კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის შესახებ. გადაწყვეტილებას სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის თაობაზე იღებს საქართველოს პრეზიდენტი.

11. კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის შემთხვევაში, ინტერესთა გამოხატვის ვადის დასრულებამდე, სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად დაინტერესებული პირი ვალდებულია წარმოადგინოს ელექტრონული უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტია (შემდგომში – უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტია) ან შესაბამის დეპოზიტზე განათავსოს თანხა საპრივატიზებო ქონების ღირებულების 5%-ის ოდენობით. სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო პირობებში საინვესტიციო ვალდებულების არსებობისას ამ პუნქტში აღნიშნული უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის წარდგენა ან შესაბამის დეპოზიტზე თანხის განთავსება ხორციელდება სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო პირობებზე ვალდებულების აღების (შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების) უზრუნველსაყოფად. თუ შემოთავაზებული ინვესტიციის მოცულობა აღემატება საპრივატიზებო ქონების ღირებულებას, აღნიშნული უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტია ან დეპოზიტზე განთავსებული თანხა უნდა შეესაბამებოდეს შემოთავაზებული ინვესტიციის მოცულობის 5%-ს. პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში აღნიშნული თანხა ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში.

12. სახელმწიფო ქონების შემძენი ვალდებულია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობად საინვესტიციო ვალდებულების არსებობის შემთხვევაში პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 თვის ვადაში წარადგინოს საინვესტიციო ვალდებულების არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობადი საბანკო  გარანტია/ბე, რომლის ვადაც არანაკლებ ორი თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას. უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის/ბეს ამ პუნქტში მითითებული თანხის ოდენობის შემცირება დასაშვებია მხოლოდ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით.

13. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია, კონკურენტული შერჩევის საფუძველზე სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღოს ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების გარეშე.

    მუხლი 2. პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების ორგანიზება

პირდაპირი მიყიდვის, მათ შორის, კონკურენტული შერჩევის წესით, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სახელმწიფო ქონების შეძენის მსურველი განცხადებით მიმართავს სამინისტროს და წარუდგენს:

ა) განცხადებას;

ბ) სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლს (იურიდიული პირის შემთხვევაში);

გ) სხვა დოკუმენტაციას, რომელიც შეიძლება მოთხოვნილ იქნეს სამინისტროს მიერ (მათ შორის, ცალკეულ შემთხვევაში, საფინანსო უზრუნველყოფის დოკუმენტები). დამატებით მოთხოვნილი დოკუმენტები წარმოდგენილ უნდა იქნ ს სამინისტროს მიერ მოთხოვნილ ვადაში.

    მუხლი 3. გარიგებათა გაფორმების წესი

1. სამინისტრო სახელმწიფო ქონების შემძენთან ნასყიდობის ხელშეკრულებას (შემდგომში ხელშეკრულება) დებს პირდაპირი მიყიდვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან არა უმეტეს 3 თვის ვადაში.

2. სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას სახელმწიფო ქონების შემძენი ნასყიდობის საფასურს იხდის ხელშეკრულების გაფორმებიდან საქართველოს პრეზიდენტის მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 1 წელს. გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

3. იმ შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მიმართ შესაძლო ზიანის თავიდან აცილებისათვის ან სასამართლო ან საარბიტრაჟო სამართალწარმოების თავიდან აცილებისათვის ან/და დასრულებისათვის, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია სახელმწიფო ქონების შემძენის მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზებო საფასურის გადახდისათვის დააწესოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილზე უფრო დიდი ვადა, მაგრამ არა უმეტეს 5 წლისა.

4. ხელშეკრულებაში შეიტანება შემდეგი მონაცემები:

ა) ცნობები პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოს  და სახელმწიფო ქონების შემძენის შესახებ;

ბ) პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოს და სახელმწიფო ქონების შემძენის იურიდიული მისამართები;

გ) შეძენილი ქონების დასახელება;

დ) შეძენილი ქონების შემადგენლობა;

ე) ნასყიდობის საფასური და გადახდის ვადები;

ვ) შეძენის პირობები (ვალდებულებები), თუ ისინი დადგენილია სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის თაობაზე პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით;

ზ) მხარეთა ურთიერთვალდებულებები ქონების შემდგომი გამოყენების შესახებ;

თ) კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის შემთხვევაში ასევე ინვესტიციის მოცულობა და მისი განხორციელების გრაფიკი;

ი) სხვა მონაცემები დასადები ხელშეკრულების სპეციფიკის გათვალისწინებით;

კ) ამ დებულების მე-4 მუხლით გათვალისწინებული პირგასამტეხლო.

5. სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას სახელმწიფო ქონების შემძენზე საკუთრების უფლება გადადის საპრივატიზებო საფასურის სრულად გადახდის და  საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის შედეგად, ხოლო უძრავი ნივთის ან აქციებისა და წილების პრივატიზების შემთხვევაში აგრეთვე  საჯარო რეესტრში ან შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ქონების შემძენმა უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, სახელმწიფო ქონების შემძენს საკუთრების უფლება ეძლევა ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით.

    მუხლი 4. სახელმწიფო ქონების შემძენის პასუხისმგებლობა

1. თუ სახელმწიფო ქონების შემძენი სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის (კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის) თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით დადგენილ ვადებში არ გადაიხდის ქონების ნასყიდობის საფასურს, მას არ გადაეცემა საკუთრების უფლება სახელმწიფო ქონებაზე.

2. სახელმწიფო ქონების შემძენი ვალდებულია პირდაპირი მიყიდვით (კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვით) შეძენილი სახელმწიფო ქონების პრივატიზების შემდგომი გამოყენებისას დაიცვას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები (სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის პირობები), მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და მათ შესრულებაზე პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ინფორმაცია.

3. შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურებამდე სახელმწიფო ქონების შემძენს უფლება არ აქვს, პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმების გარეშე განკარგოს, გასცეს სარგებლობაში ან სხვაგვარად დატვირთოს გადაცემული ქონება. ამასთან, სახელმწიფო ქონების შემძენი პასუხისმგებელია გადაცემული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე.

4. პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოს მიერ სახელმწიფო ქონების შემძენზე საკუთრების უფლების დადასტურების შემდეგ, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში სახელმწიფო ქონების შემძენის მიერ პრივატიზებული ქონების გასხვისების შემთხვევაში პირი ვალდებულია ქონება ახალ მესკუთრეზე გაასხვისოს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო სამინისტროსა და მას შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით. ქონების გასხვისების შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს სამინისტროს.

5. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება სამინისტროს მიერ მათი დადასტურების მომენტიდან.

6. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში სახელმწიფო ქონების შემძენი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლო განისაზღვრება ხელშეკრულებით, სახელშეკრულებო ვალდებულებებიდან გამომდინარე, კერძოდ:

ა) საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

გ) სახელმწიფო ქონების შემძენის მიერ პირდაპირი მიყიდვის (კონკურენტული შერჩევის  საფუძველზე) და სახელშეკრულებო პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში  პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზრვრება ხელშეკრულებით.

7. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა ან/და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა სამინისტროს მიერ განიხილება ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის საფუძვლად. ასეთ შემთხვევაში პრივატიზებული ქონება უბრუნდება პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოს. სახელმწიფო ქონების შემძენს არ უნაზღაურდება გადახდილი თანხები და გაწეული დანახარჯები.

 

11. 20/05/2016 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 1-1/276 - ვებგვერდი, 23/05/2016 10. 06/03/2015 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 1-1/79 - ვებგვერდი, 12/03/2015 9. 08/09/2014 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 1-1/242 - ვებგვერდი, 12/09/2014 8. 29/11/2013 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - № 1-1/345 - ვებგვერდი, 03/12/2013 7. 13/09/2012 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 1-1/1755 - ვებგვერდი, 14/09/2012 6. 05/04/2012 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 1-1/952 - ვებგვერდი, 05/04/2012 5. 12/03/2012 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 1-1/759 - ვებგვერდი, 14/03/2012 4. 29/11/2011 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 1-1/2501 - ვებგვერდი, 111129012, 29/11/2011 3. 17/11/2011 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 1-1/2394 - ვებგვერდი, 111117011, 17/11/2011 2. 09/09/2011 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 1-1/1724 - ვებგვერდი, 110909017, 09/09/2011 1. 02/08/2011 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 1-1/1451 - ვებგვერდი, 110802035, 02/08/2011
totop
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.