„საქართველოს საბანკო დაწესებულებაში ანგარიშების გახსნის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“
კონსოლიდირებული ვერსიების არჩევა ცვლილების დოკუმენტები საინფორმაციო ბარათი ბეჭდვა ფაილის გადმოწერა
დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსი
მიღების თარიღი 24/02/2009
დოკუმენტის სახე საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 22, 27/02/2009
სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.50.055.012.836
ძალაში შესვლის თარიღი 23/03/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 12/04/2011
კონსოლიდირებული ვერსიების არჩევა

თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.50.055.012.836

საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის

ბრძანება №18

2009 წლის 24 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს საბანკო დაწესებულებაში ანგარიშების გახსნის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული ვალდებულებების კომერციული ბანკების მიერ სათანადოდ შესრულების მიზნით, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული ინსტრუქცია საქართველოს საბანკო დაწესებულებაში ანგარიშების გახსნის შესახებ“ (დანართი 1).

2. კომერციულმა ბანკებმა წერილობითი სახით შეიმუშავონ და შესათანხმებლად წარადგინონ საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოში თანდართული ინსტრუქციის მე-8 მუხლით განსაზღვრული პირებისათვის, შესაბამისი საბუთების ნოტარიულად დამოწმებული ასლების ფოსტის მეშვეობით წარდგენის საფუძველზე ანგარიშების გახსნის პროცედურები, რომელიც მოიცავს პირის (მისი საიდენტიფიკაციო მონაცემების) გადამოწმების (ვერიფიკაციის) საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებულ პროცედურებს. აღნიშნული პროცედურების დამტკიცებამდე, ბანკს ეკრძალება განახორციელოს ანგარიშების გახსნა საბუთების ნოტარიულად დამოწმებული ასლების ფოსტის მეშვეობით წარდგენის საფუძველზე.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

გ. ქადაგიძე

დანართი 1

ი ნ ს ტ რ უ ქ ც ი ა

საქართველოს საბანკო დაწესებულებაში ანგარიშების გახსნის შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1

ეს ინსტრუქცია არეგულირებს საქართველოს რეზიდენტი და არარეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის, ასევე კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ ორგანიზაციული წარმონაქმნებისთვის, რომლებიც არ არიან იურიდიული პირები, ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში საბანკო ანგარიშების გახსნის წესს.

    მუხლი 2

ამ ინსტრუქციის მიზნებისათვის ტექსტში გამოყენებულ ტერმინებსა და ცნებებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) საბანკო ანგარიში – ფულადი სახსრების აღრიცხვის უნიკალური სააღრიცხვო პოზიცია, რომელიც მოცემულ მომენტში პირის საკუთრებაა და რომელთა ცნებები, სახეები, თავისებურებანი განისაზღვრება წინამდებარე ინსტრუქციის საფუძველზე;

ბ) პირი – ნებისმიერი როგორც რეზიდენტი, ისე არარეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირი, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს (არარეგისტრირებული კავშირი, ამხანაგობა, ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა);

გ) რეზიდენტი იურიდიული პირი – საქართველოს საწარმო და საქართველოს ორგანიზაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად;

დ) არარეზიდენტი – პირი რომელიც არ არის რეზიდენტი;

ე) ერთვალუტიანი საბანკო ანგარიში – ერთ კონკრეტულ ვალუტაში შედგენილი სააღრიცხვო-საბალანსო პოზიცია;

ვ) მულტისავალუტო საბანკო ანგარიში – ანგარიში, რომელზეც აღრიცხულია სახსრები რამდენიმე ვალუტაში ცალ-ცალკე. მულტისავალუტო საბანკო ანგარიში რაოდენობრივად ერთი საბანკო ანგარიშია;

ზ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი – საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, საქართველოს მოქალაქის პასპორტი, ბინადრობის მოწმობა, უცხო ქვეყნის მოქალაქის პასპორტი, დიპლომატიური პასპორტი/ბარათი საერთაშორისო კონვენციის შესაბამისად, ლტოლვილის მოწმობა, ასევე საქართველოს კანონმდებლობით მათთან გათანაბრებული დოკუმენტი. პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ისეთ გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც პირს არ გააჩნია ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები (მაგალითად, არასრულწლოვანი პირის სახელზე დეპოზიტის (ანაბრის) გახსნის შემთხვევაში);

თ) მეწარმე ფიზიკური პირი – ინდივიდუალური საწარმო, ასევე ფიზიკური პირი, თუ ის ახორციელებს ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ საქმიანობას;

ი) გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირი – ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს საგადასახადო კოდექსით დადგენილი გადასახადის გადახდის ვალდებულება;

კ) არამეწარმე ფიზიკური პირი – ფიზიკური პირი, მათ შორის, გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირი, რომელიც არ არის მეწარმე ფიზიკური პირი;

ლ) სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულება – სახელმწიფო ბიუჯეტის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის სახსრებზე შექმნილი და ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულება, რომლის ძირითადი ამოცანაა საჯარო ხელისუფლების განხორციელება;

მ) სადეპოზიტო (საანაბრო) ანგარიშები – ანგარიშები, რომლებიც გამოიყენება პირის მიერ მოთხოვნამდე ან გადახდის წინასწარ შეთანხმებული ვადით განთავსებული ფულადი სახსრების აღსარიცხავად, ბანკსა და კლიენტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით დადგენილი პროცენტის დარიცხვის პირობით, გარდა საქართველოს პარლამენტთან არსებული ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის 26.10.2000 წლის №3 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს საბანკო დაწესებულებებისათვის ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის და ანგარიშთა გეგმის გამოყენების წესის შესახებ“ ინსტრუქციით დადგენილი 45 კლასის საბანკო ანგარიშებისა. დეპოზიტის/ანაბრის თანხა ხელშეკრულების მოქმედების ვადაში ბანკის საკუთრებაა. საბანკო დაწესებულება ვალდებულია ხელშეკრულებაში დათქმული ვადის დადგომისას იმავე ვალუტაში დააბრუნოს დეპოზიტის (ანაბრის) თანხა. სადეპოზიტო ანგარიშების ნაირსახეობაა ვადიანი სადეპოზიტო (საანაბრო) ანგარიში, მოთხოვნამდე სადეპოზიტო (საანაბრო) ანგარიში;

ნ) საანგარიშსწორებო (მიმდინარე) ანგარიშები – კლიენტთა საბანკო ანგარიშები, რომლებზეც აღირიცხება პირთა პირადი, კომერციულ და სხვა საქმიანობასთან დაკავშირებული ფულადი სახსრები, რომელთა მეშვეობით კლიენტები ატარებენ როგორც კომერციულ, ასევე არაკომერციულ საანგარიშსწორებო ტრანზაქციებს. აღნიშნული ტიპის ანგარიში მოიცავს საბარათე ანგარიშებსაც;

ო) საკორესპონდენტო ანგარიშები – ანგარიშები, რომელსაც ერთი საბანკო დაწესებულება ხსნის მეორეში და რომელზეც აისახება მათი ურთიერთ-ანგარიშსწორება;

პ) საკასო მომსახურების ანგარიში – კომერციული ბანკის ფილიალის, განყოფილების (სერვის ცენტრის) ანგარიში სხვა კომერციულ ბანკში (მის ფილიალში) და/ან ეროვნულ ბანკში (მის ფილიალში) საკასო მომსახურების მიზნებისათვის;

ჟ) ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია“ – ორგანიზაცია, რომლის წევრი ქვეყნებია: ავსტრალია, ავსტრია, ახალი ზელანდია, აშშ, ბელგია, გერმანია, დანია, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, თურქეთი, იაპონია, ირლანდია, ისლანდია, იტალია, კანადა, კორეა, ლუქსემბურგი, მექსიკა, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვაკეთის რესპუბლიკა, უნგრეთი, ფინეთი, შვედეთი, შვეიცარია, ჩეხეთის რეპუბლიკა.

    მუხლი 3

1. კლიენტის საბანკო ანგარიშების ტიპებია:

ა) საანგარიშსწორებო (მიმდინარე) ანგარიში;

ბ) სადეპოზიტო (საანაბრო) ანგარიში;

გ) საკორესპონდენტო ანგარიში;

დ) საკასო მომსახურების ანგარიში.

2. რეზიდენტ და არარეზიდენტ პირებს შეუძლიათ გახსნან საანგარიშსწორებო (მიმდინარე) ანგარიშები (გარდა კომერციული ბანკებისა) და სადეპოზიტო (საანაბრო) ანგარიშები.

3. საანგარიშსწორებო ან სადეპოზიტო ანგარიშს შესაძლოა ფლობდეს ანდა განკარგავდეს ერთზე მეტი პირი. ანგარიშის განკარგვის პირობები განისაზღვრება ანგარიშის თანამფლობელთა მიერ ანგარიშის მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით.

4. რეზიდენტი იურიდიული პირის (გარდა კომერციული ბანკებისა) ფილიალებს, განყოფილებებს და სხვა განცალკევებულ ქვედანაყოფებს ანგარიში გაეხსნებათ სათავო საწარმოს (ორგანიზაციის) შუამდგომლობით, ხოლო სახელმწიფო ან/და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფ დაწესებულებებს – სახაზინო სამსახურის ან/და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ნებართვის საფუძველზე. ამასთანავე, სათავო საწარმოები (ორგანიზაციები), სახაზინო სამსახური ან/და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულები უფლებამოსილნი არიან შეწყვიტონ შუამდგომლობა ან გააუქმონ ადრე გაცემული ნებართვა ანგარიშის გახსნის შესახებ.

5. საკორესპონდენტო ანგარიში და საკასო მომსახურების ანგარიში ეხსნებათ მხოლოდ კომერციულ ბანკებს.

6. სათავო ბანკებს საკორესპონდენტო ანგარიშები გაეხსნებათ:

ა) საქართველოს ეროვნულ ბანკში ან მის ფილიალში;

ბ) სხვა (სათავო) კომერციულ ბანკში. ყოველი ახალი ანგარიშის გახსნისას გამხსნელი და მომსახურე მხარე ვალდებულია ანგარიშის გახსნის შესახებ ხუთი საბანკო დღის განმავლობაში, მაგრამ არა უგვიანეს ამ ანგარიშის მეშვეობით საბანკო ოპერაციების განხორციელების თარიღისა, აცნობოს საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს.

7. საკორესპონდენტო ანგარიშები გაეხსნებათ აგრეთვე არარეზიდენტი ბანკების ფილიალებს. რეზიდენტი კომერციული ბანკის ფილიალებს ეკრძალებათ ერთმანეთში გახსნან საკორესპონდენტო ანგარიშები.

8. საბანკო დაწესებულების ფილიალს, განყოფილებას (სერვისცენტრს) საკასო მომსახურებისათვის ეროვნულ ბანკში ან/და მის ფილიალში ან/და კომერციულ ბანკში ან/და მის ფილიალში გაეხსნება ერთი საკასო მომსახურების ანგარიში თითოეულ ვალუტაში. საბანკო დაწესებულების ფილიალის, განყოფილების (სერვისცენტრის) საკასო მომსახურების ანგარიშზე შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ ნაღდი ფულის შეტანისა და გატანის ოპერაციები, ასევე მოახდინოს ამ ანგარიშზე არსებული თანხების გადარიცხვა სათავო ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშზე.

    მუხლი 4

1. პირს უფლება აქვს დამოუკიდებლად აირჩიოს ერთი ან რამდენიმე საბანკო დაწესებულება მომსახურებისათვის.

2. დაუშვებელია ერთსა და იმავე ბანკში ერთზე მეტი საკორესპონდენტო ანგარიშის გახსნა ერთსა და იმავე ვალუტაში.

3. საბანკო ანგარიშის გახსნა და მომსახურება ხორციელდება მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით, რომლის პირობებსაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ორმხრივი ნების გამოვლენის საფუძველზე განსაზღვრავენ მხარეები.

4. იურიდიული მისამართის ან საცხოვრებელი ადგილის, მომსახურე საგადასახადო ინსპექციის, აგრეთვე საბანკო დაწესებულების მიერ განსაზღვრული სხვა მონაცემების შეცვლის შემთხვევაში, ანგარიშის მფლობელი ვალდებულია მომსახურე ბანკს წერილობით აცნობოს ხუთი სამუშაო დღის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში საბანკო დაწესებულებას შეუტყობინებლობით გამოწვეულ შესაძლო შედეგზე პასუხისმგებლობა არ ეკისრება.

თავი II

ანგარიშის გახსნისათვის საჭირო საბუთები

    მუხლი 5

1. რეზიდენტმა (საწარმო/არასამეწარმეო) იურიდიულმა პირმა (გარდა კომერციული ბანკისა) ანგარიშების გასახსნელად საბანკო დაწესებულებებს უნდა წარუდგინოს შემდეგი საბუთები:

ა) განცხადება ანგარიშის გახსნის შესახებ, რომელსაც ხელს აწერს უფლებამოსილი პირი;

ბ) ამონაწერი სამეწარმეო/სახელმწიფო რეესტრიდან;

გ) სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობა;

დ) უფლებამოსილი პირის ხელმოწერის ნიმუში;

ე) უფლებამოსილი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს.

2. რეზიდენტი (საწარმო/არასამეწარმეო) იურიდიული პირის (გარდა კომერციული ბანკისა) ფილიალი ანგარიშის გასახსნელად ბანკში წარადგენს:

ა) სათავო საწარმოს/დაწესებულების განცხადებას ანგარიშის გახსნის თაობაზე;

ბ) ფილიალის ხელმძღვანელის ხელმოწერის ნიმუშს;

გ) ფილიალის ხელმძღვანელის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს;

დ) ამონაწერს სახელმწიფო/სამეწარმეო რეესტრიდან ფილიალის ადგილსამყოფლის მიხედვით, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ე) სათავო საწარმოს/დაწესებულების სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობას.

3. მეწარმე ფიზიკური პირი ბანკში წარადგენს:

ა) განცხადებას ანგარიშის გახსნის შესახებ;

ბ) საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობას;

გ) პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს;

დ) ხელმოწერის ნიმუშს.

4. არამეწარმე ფიზიკური პირი ბანკში წარადგენს:

ა) განცხადებას ანგარიშის გახსნის თაობაზე (სადაც ადასტურებს, რომ იგი არ წარმოადგენს მეწარმე ფიზიკურ პირს ან/და არ გამოიყენებს ამ ანგარიშს სამეწარმეო საქმიანობისათვის. აღნიშნული პირობის დარღვევიდან გამომდინარე ყველა შედეგზე პასუხისმგებლობა ეკისრება ანგარიშის გამხსნელს);

ბ) პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს;

გ) ხელმოწერის ნიმუშს.

5. იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნი ანგარიშის გახსნისათვის ბანკს წარუდგენს:

ა) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა:

ა.ა) განცხადებას ანგარიშის გახსნაზე;

ა.ბ) ამხანაგობის წესდებას, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ა.გ) ამხანაგობის უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერის ნიმუშს;

ა.დ) უფლებამოსილი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს;

ა.ე) საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობას (გადასახადის გადახდის ვალდებულების მქონე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შემთხვევაში).

თუ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას ანგარიშის გახსნის შემდგომ დაუდგა გადასახადის გადახდის ვალდებულება, ბანკს დამატებით წარედგინება საგადასახადო ორგანოებში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული პირობის დარღვევიდან გამომდინარე ყველა შედეგზე პასუხისმგებელია ანგარიშის გამხსნელი.

ბ) ერთობლივი საქმიანობა (ამხანაგობა), რომელსაც ეხსნებათ ანგარიში, მათ შორის, დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობიდან გამომდინარე, წარადგენს:

ბ.ა) განცხადებას ანგარიშის გახსნაზე (სადაც ერთობლივი ანგარიშის მფლობელი ყველა პირი ადასტურებს, რომ ისინი არ მისდევენ სამეწარმეო საქმიანობას ან/და ამ ანგარიშს არ გამოიყენებენ სამეწარმეო საქმიანობისათვის. აღნიშნული პირობის დარღვევიდან გამომდინარე ყველა შედეგზე პასუხისმგებლობა ეკისრება ანგარიშის გამხსნელს);

ბ.ბ) ამხანაგობის ხელშეკრულებას ან წესდებას დამოწმებულს სანოტარო წესით;

ბ.გ) ამხანაგობის უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერის ნიმუშს;

ბ.დ) უფლებამოსილი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს;

ბ.ე) გადასახადის გადახდის ვალდებულების მქონე ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობის საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობას.

გ) არარეგისტრირებული კავშირი წარადგენს:

გ.ა) განცხადებას ანგარიშის გახსნაზე;

გ.ბ) არარეგისტრირებული კავშირის უფლებამოსილი პირის ხელმოწერის ნიმუშს;

გ.გ) უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს;

გ.დ) საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობას, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

დ) საარჩევნო ბლოკი, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი ან დამოუკიდებელი კანდიდატი წარადგენს:

დ.ა) განცხადებას ანგარიშის გახსნაზე;

დ.ბ) საარჩევნო სუბიექტის რეგისტრაციის მოწმობას;

დ.გ) საარჩევნო სუბიექტის წესდებას (გარდა დამოუკიდებელი კანდიდატისა);

დ.დ) საარჩევნო სუბიექტის უფლებამოსილი პირის ხელმოწერის ნიმუშს;

დ.ე) უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს;

დ.ვ) საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობას (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

6. დროებითი ანგარიშის გახსნისათვის ფიზიკური პირი, რომელიც მოქმედებს პირის რეგისტრაციამდე, დამფუძნებელთა გადაწყვეტილების საფუძველზე ბანკს წარუდგენს:

ა) განცხადებას ანგარიშის გახსნაზე;

ბ) დამფუძნებელთა კრების ოქმს, დამოწმებულს სანოტარო წესით, ან სხვა შესაბამის დოკუმენტს, რომლითაც დასტურდება პირის შექმნა;

გ) უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს;

დ) უფლებამოსილი პირის ხელმოწერის ნიმუშს;

სარეგისტრაციო მოწმობის მიღების შემდეგ (თუ კანონმდებლობა ითვალისწინებს რეგისტრაციის აუცილებლობას), ბანკს დამატებით წარედგინება საგადასახადო ორგანოებში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი და ხელმოწერის ნიმუში. ამასთანავე, მომსახურე ბანკი უფლებამოსილია დახუროს აღნიშნული ანგარიში და გაუხსნას ახალი საანგარიშსწორებო ანგარიში, ან დროებით ანგარიშს შეუცვალოს სტატუსი და გარდაქმნას საანგარიშსწორებო ანგარიშად.

7. საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია ანგარიშის გასახსნელად საბანკო დაწესებულებას წარუდგენს:

ა) განცხადებას ანგარიშის გახსნაზე;

ბ) საპატრიარქოს ან შესაბამისი ეპარქიის ნებართვას ანგარიშის გახსნის შესახებ;

გ) ანგარიშის განკარგვაზე უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს და ხელმოწერის ნიმუშს.

8. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება – პარტია წარადგენს:

ა) განცხადებას ანგარიშის გახსნაზე;

ბ) პარტიის სარეგისტრაციო მოწმობას (ამონაწერი მარეგისტრირებელი ორგანოდან პარტიის რეგისტრაციის შესახებ);

გ) პარტიის უფლებამოსილი პირის ხელმოწერის ნიმუშს;

დ) უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს;

ე) საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობას.

9. საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სსიპ) ბანკში ანგარიშის გასახსნელად წარადგენს:

ა) განცხადებას ანგარიშის გახსნაზე;

ბ) საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობას;

გ) სსიპ-ს უფლებამოსილი ხელმძღვანელის ხელმოწერის ნიმუშს;

დ) უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს.

10. სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულება ბანკში ანგარიშის გასახსნელად წარადგენს:

ა) განცხადებას ანგარიშის გახსნაზე;

ბ) დაწესებულების უფლებამოსილი პირის ხელმოწერის ნიმუშს. სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებისათვის ხელმოწერის უფლება ენიჭება პირს, რომელსაც ზემდგომი (უმაღლესი) ორგანოს გადაწყვეტილებით მინიჭებული აქვს უფლება განკარგოს თანხები, ასევე ამ პირის მიერ უფლებამოსილ თანამდებობის პირებს;

გ) უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს;

დ) შესაბამისი სახაზინო დაწესებულების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ნებართვას თანხის განკარგვის შესახებ;

ე) საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობას.

11. თუ პირი, გარდა ფიზიკური პირისა, ანგარიშს ხსნის იმავე საბანკო დაწესებულებაში, სადაც მას უკვე აქვს ანგარიში, ახალი ანგარიშის გახსნისას ვალდებულია წარადგინოს ბანკში:

ა) განცხადება ანგარიშის გახსნის შესახებ, სადაც განსაზღვრულია ამ ანგარიშის გახსნის თარიღისათვის მისი მომსახურე საგადასახადო ინსპექციის დასახელება;

ბ) ამონაწერი სამეწარმეო/სახელმწიფო რეესტრიდან.

    მუხლი 6

1. არარეზიდენტი იურიდიული პირი, მისი ფილიალი ანგარიშის გასახნელად საბანკო დაწესებულებას წარუდგენს შემდეგ საბუთებს:

ა) განცხადებას ანგარიშის გახსნის შესახებ;

ბ) ამონაწერს შესაბამისი რეესტრიდან, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში სხვა დოკუმენტს, რომელიც არარეზიდენტის სახელმწიფოში არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, განსაზღვრავს არარეზიდენტი პირის იურიდიულ სტატუსს;

გ) ანგარიშის განკარგვაზე უფლებამოსილი პირების ხელმოწერის ნიმუშს;

დ) უფლებამოსილი პირის (პირების) პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს.

2. ამ მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილ საბუთებთან ერთად არარეზიდენტი იურიდიული პირის ფილიალი (წარმომადგენლობა/მუდმივი დაწესებულება), რომელიც რეგისტრირებულია საქართველოში, წარადგენს სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობას.

3. იპლომატიური და სხვა ოფიციალური წარმომადგენლობები, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციები და მათი ფილიალები, წარმომადგენლობები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე სამეწარმეო საქმიანობას არ განახორციელებენ, საბანკო დაწესებულებას წარუდგენენ:

ა) განცხადებას ანგარიშის გახსნის შესახებ;

ბ) დოკუმენტაციას, რომლის საფუძველზეც ის შეიქმნა (დაფუძნდა) ან განახორციელებს თავის საქმიანობას საქართველოში;

გ) ანგარიშის განკარგვაზე უფლებამოსილი პირების ხელმოწერების ნიმუშს;

დ) საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობას.

    მუხლი 7

1. რეზიდენტი საბანკო დაწესებულება საკორესპონდენტო ანგარიშის გასახსნელად ბანკში წარადგენს:

ა) განცხადებას ანგარიშის გახსნის შესახებ, რომელსაც ხელს აწერს საბანკო დაწესებულების ხელმძღვანელი.

ბ) ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;

გ) საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობას;

დ) უფლებამოსილი პირების ხელმოწერის ნიმუშებს;

ე) საბანკო საქმიანობის ლიცენზიის ასლს.

2. კომერციული ბანკის (საქართველოში მოქმედი არარეზიდენტი კომერციული ბანკის ფილიალის გარდა) ფილიალს, განყოფილებას (სერვისცენტრს) ეროვნულ ბანკში (მის ფილიალში) ან/და კომერციულ ბანკში (მის ფილიალ(ებ)ში) ეხსნება ერთი ანგარიში საკასო მომსახურებისათვის. ანგარიშის გასახსნელად საბანკო დაწესებულება წარადგენს:

ა) სათავოს განცხადებას ფილიალისთვის, განყოფილებისთვის (სერვის ცენტრისთვის) საკასო მომსახურების ანგარიშის გახსნის თაობაზე;

ბ) ფილიალის, განყოფილების (სერვის ცენტრის) შესაბამისი უფლებამოსილი პირის ხელმოწერის ნიმუშს;

გ) სათავო საწარმოს/დაწესებულების საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობას (იმ შემთხვევაში, თუ მას უკვე გახსნილი არა აქვს საკორესპონდენტო ანგარიში აღნიშნულ ბანკში).

3. საქართველოში მოქმედი არარეზიდენტი კომერციული ბანკების ფილიალი საკორესპონდენტო ანგარიშის გასახსნელად ბანკში წარადგენს:

ა) განცხადებას ანგარიშის გახსნის შესახებ, რომელსაც ხელს აწერს ფილიალის ხელმძღვანელი;

ბ) უფლებამოსილი პირების ხელმოწერის ნიმუშებს;

გ) ფილიალის საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობას, თუ იგი რეგისტრირებულია საქართველოში;

დ) ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან ფილიალის ადგილსამყოფლის მიხედვით;

ე) საბანკო საქმიანობის ლიცენზიის ასლს.

4. არარეზიდენტი საბანკო დაწესებულება (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული არარეზიდენტი ბანკის ფილიალისა) საკორესპონდენტო ანგარიშის გასახსნელად ბანკში წარადგენს:

ა) განცხადებას ანგარიშის გახსნის შესახებ, რომელსაც ხელს აწერს საბანკო დაწესებულების ხელმძღვანელი;

ბ) უფლებამოსილი პირების ხელმოწერის ნიმუშებს;

გ) დოკუმენტაციას (ან შევსებულ კითხვარს), რომელიც ასახავს ბანკში უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლის პოლიტიკას. კითხვარის ფორმას შეიმუშავებს ბანკი, რომელშიც იხსნება ანგარიში;

დ) სხვა დოკუმენტაციას საკორესპონდენტო ანგარიშის გამხსნელი ბანკის შიდა ნორმატივების (ინსტრუქციების) შესაბამისად.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული ბანკისთვის ანგარიში გაიხსნება დირექტორატის (ან კურატორი დირექტორის) თანხმობის შემდეგ.

6. საბანკო დაწესებულებას შეუძლია თავად განსაზღვროს მასთან საკორესპონდენტო ანგარიშის მქონე საბანკო დაწესებულებისათვის სადეპოზიტო (საანაბრო) ანგარიშის გახსნისათვის საჭირო საბუთები, ხოლო საკორესპონდენტო ანგარიშის არმქონე ბანკს სადეპოზიტო (საანაბრო) ანგარიში გაეხნება შესაბამისად ამ მუხლის პირველ ან მე-3 ან მე-4 პუნქტებში მოყვანილი დოკუმენტების წარდგენის შემდეგ.

    მუხლი 8

1. კომერციულ ბანკებს უფლება აქვთ გაუხსნან ანგარიშები, ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ანგარიშის გახსნისათვის საჭირო საბუთების ნოტარიულად დამოწმებული ასლების ფოსტის მეშვეობით წარდგენის საფუძველზე, შემდეგ პირებს:

ა) ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში რეგისტრირებულ და მოქმედ ბანკებში ანგარიშის მქონე და შესაბამისად ამ ბანკების მიერ იდენტიფიცირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს;

ბ) ფიზიკურ პირებს, რომლებსაც უკვე გახსნილი აქვთ ანგარიშები საქართველოში მოქმედ სხვა კომერციულ ბანკებში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე გახსნილ ანგარიშებზე პირველი (ჩარიცხვის) ოპერაცია უნდა განხორციელდეს ანგარიშის გამხსნელი პირის მიერ საკუთარი ანგარიშიდან, რომელიც გახსნილი აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის ა“ და ბ“ ქვეპუნქტებში მითითებულ ბანკებში.

3. ბანკს უფლება აქვს არ დაუშვას ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე გახსნილი ვადიანი დეპოზიტების გატანა/გადარიცხვა ვადის ამოწურვამდე, თუ აღნიშნული პირობა გათვალისწინებულია ბანკსა და კლიენტს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.

    მუხლი 9

1. ანგარიშის გასახსნელად საჭირო დოკუმენტები (გარდა კანონქვემდებარე აქტებისა) საბანკო დაწესებულებას წარედგინება ორიგინალის ან/და ნოტარიულად დამოწმებული ასლის სახით (გარდა იურიდიული ძალის მქონე ელექტრონული საბუთებისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა). ანგარიშის განკარგვაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერის ნიმუში მოწმდება ნოტარიუსის ან ბანკის შესაბამისი უფლებამოსილების მქონე თანამშრომელის მიერ, ხოლო პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს ამოწმებს ბანკის შესაბამისი უფლებამოსილების მქონე თანამშრომელი. ამ ინსტრუქციის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში ბანკმა უნდა გაატაროს საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებული და შიდა ნორმატივით (ინსტრუქციით) გათვალისწინებული გადამოწმების (ვერიფიკაციის) პროცედურები.

2. განაცხადში (ანგარიშის გახსნაზე) განსაზღვრულ უნდა იქნეს პირის საქმიანობის სფერო.

3. ანგარიშის განკარგვაზე უფლებამოსილმა პირმა ბანკში უნდა წარადგინოს მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

4. კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 211 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე საბანკო დაწესებულება უფლებამოსილია თავისი შიდა ნორმატივებით (ინსტრუქციებით) განსაზღვროს ანგარიშის გასახსნელად დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულებები.

5. კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 211 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს უფლება აქვთ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უარი განაცხადონ ანგარიშის გახსნაზე.

თავი III

ანგარიშების გადაფორმება და დახურვა

    მუხლი 10

1. გარდა კომერციული ბანკის ლიკვიდაციის შემთხვევისა, პირის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით შექმნილი სალიკვიდაციო კომისიის (ლიკვიდატორის) სახელზე ახალი ანგარიში არ იხსნება, ხდება არსებული ანგარიშის (ანგარიშების) გადაფორმება. ანგარიშის გადაფორმებისას ბანკს წარედგინება უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება მისი ლიკვიდაციის დაწყების შესახებ, სალიკვიდაციო კომისიის თავმჯდომარის (ლიკვიდატორის) ხელმოწერის ნოტარიულად დამოწმებული ნიმუში, ხოლო გადახდისუუნარობის საქმის გახსნის შემთხვევაში აგრეთვე სასამართლოს გადაწყვეტილება (დამოწმებული ასლი) და უფლებამოსილი პირის ხელმოწერის დამოწმებული ნიმუში.

საფირმო სახელწოდების, აგრეთვე დაქვემდებარების შეცვლისას საბანკო დაწესებულებაში ანგარიშის მფლობელი წარადგენს განცხადებას მომხდარი ცვლილებების შესახებ და შესაბამის ორგანოს გადაწყვეტილებას ან მის ნოტარიულად დამოწმებულ ასლს.

2. საბანკო დაწესებულებაში პირის ანგარიში ექვემდებარება დახურვას:

ა) ანგარიშის მფლობელის ან კომერციული ბანკის ლიკვიდატორის განცხადებით (გარდა საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილი სალიკვიდაციო ანგარიშებისა). ასევე, ფილიალის შემთხვევაში, მისი სათავო საწარმოს (ორგანიზაციის) განცხადებით, ხოლო სახელმწიფო ან/და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ დაწესებულებებს – ანგარიშის გახსნაზე ნებართვის გამცემი სახაზინო სამსახურის ან/და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების განცხადებით;

ბ) პირის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შემთხვევაში;

გ) ფიზიკური პირის მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მოწმობის წარმოდგენის შემთხვევაში;

დ) დადგენილი წესით პირის (გარდა არამეწარმე ფიზიკური პირის) გაკოტრებულად ცნობის შემთხვევაში;

ე) სასამართლოს გადაწყვეტილებით;

ვ) კლიენტის მიერ საბანკო მომსახურების ხელშეკრულების პირობების შესაბამისად;

ზ) ანგარიშზე (გარდა ვადიანი საანაბრო ანგარიშისა) არანაკლებ ერთი წლის განმავლობაში ანგარიშის დახურვისათვის ბანკში განსაზღვრული საკომისიოს ოდენობაზე მეტი ნაშთის და ჩანაწერების არარსებობისას, თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს;

თ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

3. ბანკი ვალდებულია ანგარიშის გახსნისათვის წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეინახოს ანგარიშის დახურვიდან 6 წლის განმავლობაში. სააგენტოს უფლება აქვს მოითხოვოს აღნიშნული დოკუმენტების უფრო მეტი ვადით შენახვა.


პირველადი სახე (27/02/2009 - 19/10/2009)