დოკუმენტის ნომერი 1569
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 17/09/1998
დოკუმენტის სახე საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 2, 26/10/1998
სარეგისტრაციო კოდი 300.140.000.05.001.000.409
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2005
კონსოლიდირებული ვერსიების არჩევა

საქართველოს კანონი

ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების სახელმწიფო კონტროლის, ანალიზისა და დადამღვის შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1 

ეს კანონი აწესებს ერთიან სახელმწიფო სასინჯ კონტროლს ძვირფას ლითონებთან, ძვირფას ქვებთან და მათი გამოყენებით დამზადებულ ნაწარმთან დაკავშირებულ საქმიანობაზე, არეგულირებს ამ საქმიანობით დაკავებულ პირთა უფლება-მოვალეობებსა და პასუხისმგებლობას; მისი მიზანია ძვირფას ლითონებსა და ძვირფას ქვებთან დაკავშირებული საქმიანობის სამართლებრივი რეგულირება და მწარმოებლის, რეალიზატორისა და მომხმარებლის ინტერესების დაცვა.

    მუხლი 2

კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ძვირფასი ლითონები – ნებისმიერი სახის ოქრო, ვერცხლი, პლატინა და პალადიუმი ნებისმიერ მდგომარეობაში (ნედლეული, შენადნობები, ნახევარ-ფაბრიკატები, ლაბორატორიული ჭურჭელი და ინსტრუმენტები, ქიმიური ნაერთები, ჯართი და ნარჩენები);

ბ) ძვირფასი ქვები – ბუნებრივი ალმასი, ლალი, ზურმუხტი, საფირონი, ალექსანდრიტი, ორგანოგენური წარმონაქმნი მარგალიტი როგორც ნედლეულის, ასევე გადამუშავებული სახით;

გ) იდენტიფიკაცია – ძვირფასი ქვების მინერალური სახის განსაზღვრა, კლასიფიკაციური და კომერციული სახელწოდების დადგენა, სინთეზური, გაკეთილშობილებული, შედგენილი ძვირფასი ქვებისა და მათი იმიტაციების განსაზღვრა;

დ) შეფასება – ძვირფასი ქვების მახასიათებლების: მასის, ფერის, სიწმინდის, ფორმისა და თლილის განსაზღვრა;

ე) აფინაჟი – ტექნოლოგიური პროცესი, რომლის შედეგადაც მიიღება რაფინირებული (ქიმიურად სუფთა) ძვირფასი ლითონი;

ვ) დეფორმირება – ნაწარმის სასაქონლო სახის შეცვლა;

ზ) ორგანოგენური წამონაქმნი – ცხოველური ან მცენარეული წარმოშობის ბუნებრივი პროდუქტი;

თ) კლასიფიკაციური და კომერციული სახელწოდება – არსებული ნომენკლატურით ძვირფასი ქვებისათვის მინიჭებული მინერალური სახეები, სახესხვაობები და მათი სახელწოდებანი;

ი) სანახელაო ქვები – დეკორატიული, სურათოვანი და ფერადი გაუმჭვირვალე მინერალური ქანები და აგრეგატები;

კ) საარბიტრო ანალიზი – შესაბამისი სტანდარტების დაცვით შესრულებული საარბიტრო სინჯის ანალიზი;

ლ) სახელმწიფო დამღა – კონკრეტული ლითონის და სინჯის აღმნიშვნელი, დადგენილი კონფიგურაციის დამღა, რომელიც დამზადებულია სპეციალური დაკვეთით, ტექნიკური პირობების დაცვით და რომელსაც ძვირფასი ლითონების ნაწარმის სინჯით მონიშვნისას იყენებს ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების ზედამხედველობის დეპარტამენტი;

მ) ძირითადი დამღა – დამოუკიდებელი მნიშვნელობის დამღა, რომლითაც დასტურდება ძვირფასი ლითონების ნაწარმის ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა;

ნ) დამატებითი დამღა – დამღა, რომელსაც დამოუკიდებელი მნიშვნელობა არა აქვს, დადამღვის ტექნოლოგიის შესაბამისად გამოიყენება მხოლოდ ძირითად დამღასთან ერთად და ნაწარმზე დამატებით ინფორმაციას იძლევა;

ო) სახელობითი დამღა – დამღა, რომლის გამოყენების უფლება აქვს შესაბამისი ნებართვის მქონე პირს;

პ) საკონტროლო ანალიზი – სათანადო ეტალონების ან აპარატურის გამოყენებით (არადესტრუქციული ანალიზი) მიღებული შედეგების გადამოწმება საქართველოში არსებული სტანდარტით გათვალისწინებული დესტრუქციული ანალიზით;

ჟ) რეგენერაცია – წარმოებაში უკვე გამოყენებული პროდუქტებისთვის თავდაპირველ თვისებათა აღდგენა.

საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2478 – სსმI, №21, 15.07.2003წ., მუხ.153

    მუხლი 3

1. ძვირფასი ლითონების და ძვირფასი ქვების გამოყენებით დამზადებულ ნაწარმად (შემდგომ – ნაწარმი) ითვლება:

ა) ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების გამოყენებით დამზადებული მედლები, ორდენები, საიუველირო, საყოფაცხოვრებო და სხვა ოქრომჭედლური ნაწარმი, აგრეთვე ძვირფასი და არაძვირფასი ლითონების შენადნობებთან სინთეზური, საიუველირო და სანახელაო ქვების, მარგალიტების, მინანქრის, მარჯნის, შუშის და სხვა არალითონური მასალების კომბინირებით დამზადებული ნაკეთობანი;

ბ) ამ პუნქტის „ა” ქვეპუნქტით განსაზღვრული ნაწარმის დასამზადებლად და შესაკეთებლად განკუთვნილი ძვირფასი ლითონების შენადნობები ზოდებისა და ნახევარფაბრიკატების სახით;

გ) კბილის პროთეზირებისთვის განკუთვნილი ძვირფასი ლითონების შენადნობები ნახევარფაბრიკატების სახით (შემდგომ – სტომატოლოგიური ძვირფასი ლითონები);

დ) ძვირფასი ლითონებისგან ან ძვირფას ლითონებთან არაძვირფასი ლითონების შენადნობებისგან დამზადებული საქართველოს მონეტები;

ე) ოქროსა და ვერცხლის ვარაყი (ფურცლოვანი ოქრო და ვერცხლი).

2. ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების გამოყენებით დამზადებულ ნაწარმად არ ითვლება:

ა) 375-ზე ნაკლები სინჯის ოქროს ნაწარმი;

ბ) 830-ზე ნაკლები სინჯის ვერცხლის ნაწარმი;

გ) 950-ზე ნაკლები სინჯის პლატინის ნაწარმი;

დ) 500-ზე ნაკლები სინჯის პალადიუმის ნაწარმი;

ე) არაძვირფასი ლითონით, ინერტული მასით მთლიანად დაფარული ან შეღებილი ნაწარმი.

    მუხლი 4

1. ძვირფას ლითონებთან, ძვირფას ქვებთან და ნაწარმთან დაკავშირებულ საქმიანობად ითვლება:

ა) ყიდვა-გაყიდვა – საკრედიტო დაწესებულებების და ლომბარდების მიერ ძვირფასი ლითონების, ძვირფასი ქვების და ნაწარმის ყიდვა-გაყიდვა, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან ნაწარმის, ჯართისა და ნარჩენების შესყიდვა და შემდგომი რეალიზაცია;

ბ) დამუშავება – ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვებისაგან საიუველირო და საყოფაცხოვრებო ნაკეთობების დამზადება, შეკეთება და რესტავრაცია;

გ) ძვირფასი ქვების საექსპერტო-შეფასებითი სამუშაოები – ფიზიკური და იურიდიული პირების მომსახურება ძვირფასი ქვების იდენტიფიკაციის, ექსპერტიზის, შეფასებისა და სერტიფიკაციის მიზნით;

დ) ვაჭრობა – ჯართითა და ნაწარმით საკომისიო, საცალო და საბითუმო ვაჭრობა;

ე) გადამუშავება და აფინაჟი – მადნიდან, ჯართიდან, ნარჩენებიდან და სხვა მასალებიდან ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების რეგენერაცია მათი ამოღების მიზნით, აგრეთვე ძვირფასი ქვების მოწახნაგება;

ვ) გამოყენება – ძვირფასი ლითონების, ძვირფასი ქვების და მათი გამოყენებით დამზადებული ინსტრუმენტების საწარმოო და სამეცნიერო-კვლევითი მიზნებით მოხმარება;

ზ) სამედიცინო მომსახურება – სტომატოლოგიური ძვირფასი ლითონებისაგან კბილის პროთეზების დამზადება, შეკეთება და რესტავრაცია.

2. ძვირფას ლითონებთან, ძვირფას ქვებთან და ნაწარმთან დაკავშირებულ საქმიანობად არ ითვლება:

ა) ძვირფასი ლითონების შემცველი ელექტრონული ტექნიკის, ავტომატური მოწყობილობების, გამშვებ-მარეგულირებელი და სხვა დეტალების, კვანძების, მოწყობილობებისა და დანადგარების ნებისმიერი მიზნით გამოყენება;

ბ) ვერცხლის შემცველი კინო-, ფოტო- და რენტგენის მასალების გამოყენება;

გ) სინთეზური ალმასით და მისი გამოყენებით დამზადებული ინსტრუმენ-ტებით ოპერაციების წარმოება;

დ) საკრედიტო დაწესებულებების და ლომბარდების მიერ ძვირფასი ლითონების, ძვირფასი ქვების და ნაწარმის გარანტად მიღება, შენახვა და დამგირავებლისათვის დაბრუნება.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1952 – სსმI, №17(24), 24.05.1999წ., მუხ.68

საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2478 – სსმI, №21, 15.07.2003წ., მუხ.153

    მუხლი 5

1. ძვირფასი ლითონების შენადნობების ხარისხი, რომლისგანაც დამზადებულია ნაწარმი, განისაზღვრება სინჯით, რომელიც გამოხატავს ძვირფასი ლითონის წონითი ერთეულის რაოდენობას შენადნობის ათასეულ წონით ერთეულში.

2. ნაწარმისათვის საქართველოში დგინდება შემდეგი სინჯები:

ა) საიუველირო და საყოფაცხოვრებო ნაკეთობებისათვის:

     პლატინა    -------------------     950

     პლატინა    -------------------     999

     ოქრო     --------------------   375

     ოქრო     --------------------   585

     ოქრო     --------------------   750

     ოქრო     --------------------   958

     ოქრო     --------------------   999

     ვერცხლი   --------------------   830

     ვერცხლი   --------------------   875

     ვერცხლი   --------------------   925

     ვერცხლი   --------------------   960

     ვერცხლი   --------------------   999

     პალადიუმი    --------------------   500

     პალადიუმი    -------------------     850

     პალადიუმი    -------------------     999;

ბ) ოქროსა და ვერცხლის ვარაყისათვის: 910, 920, 930, 940, 950, 960, 970, 980, 990, 1000;

გ) სტომატოლოგიური ძვირფასი ლითონებისათვის:

ოქრო - 585

ოქრო - 750

ოქრო - 900 და 910;

 დ) საქართველოს მონეტებისათვის სინჯი დგინდება საქართველოს ეროვნული ბანკისა და ფინანსთა სამინისტროს ერთობლივი გადაწყვეტილებით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი სინჯების რემედიუმი (დასაშვები ქვედა ზღვარი) დგინდება სტანდარტებით.

თავი II

ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების კონტროლი, ანალიზი და დადამღვა. სასინჯი კონტროლი (ზედამხედველობა)

    მუხლი 6

1. ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების სასინჯი კონტროლი გულისხმობს: ძვირფასი ლითონების შემცველობის დასადგენად საარბიტრო და საკონტროლო ანალიზების ჩატარებას, ძვირფასი ქვების იდენტიფიკაციას, ექსპერტიზასა და შეფასებას, აგრეთვე ნაწარმის სინჯისა და მახასიათებლების დადგენას.

2. სასინჯი კონტროლის შედეგია ნაწარმის მონიშვნა შესაბამისი სინჯის აღმნიშვნელი სახელმწიფო დამღით ან სათანადო წესით დადგენილი სხვა ხერხით (ელექტრორკალური, ლაზერული), აგრეთვე საექსპერტო დასკვნა, ცნობა ან სხვა წერილობითი დოკუმენტი, რომელშიც დეტალურადაა ასახული ძვირფასი ლითონების, ძვირფასი ქვებისა და ნაწარმის სინჯი, წონა, რაობა, ხარისხი, ფერი და სიწმინდე.

    მუხლი 7

სავალდებულო სასინჯ კონტროლს ექვემდებარება:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე დამზადებული ნაწარმი, რომელიც განკუთვნილია გასაყიდად ან შესრულებულია დაკვეთით;

ბ) საქართველოში გასაყიდად შემოტანილი უცხოური ნაწარმი;

გ) 1950 წლამდე დამზადებული ნაწარმი, თუ იგი ვაჭრობის ან ყიდვა-გაყიდვის საგანია;

დ) შეკეთებული და რესტავრირებული ნაწარმი.

    მუხლი 8

სავალდებულო სასინჯ კონტროლს არ ექვემდებარება:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით გამავალი ნაწარმი;

ბ) მინანქრით ან სხვა ინერტული მასით მთლიანად დაფარული, აგრეთვე შეღებილი ნაწარმი;

გ) ნაწარმი, რომელშიც ძვირფასი ლითონის მასას მასში გამოყენებულ დანარჩენ მასალასთან შედარებით მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს;

დ) ნაწარმი, რომლის მასაც ძალიან მცირეა და ოქროს, პლატინის და პალადიუმის ნაწარმისათვის არ აღემატება 0,2 გრამს, ვერცხლის ნაწარმისათვის კი – 0,3 გრამს;

ე) მზა სტომატოლოგიური ნაწარმი (კბილის პროთეზი, გვირგვინი, ხიდი);

ვ) საქართველოს სახელმწიფო მუზეუმებში დაცული მხატვრული ან კულტურულ-ისტორიული ღირებულების ნაწარმი;

ზ) საკრედიტო დაწესებულებების და ლომბარდების მიერ გარანტად (გირაოში) მიღებული და შენახული ნაწარმი, რომელიც ექვემდებარება დამგირავებლისათვის დაბრუნებას.

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1952 – სსმI, №17(24), 24.05.1999წ., მუხ.68

    მუხლი 9

1. ახლად დამზადებულ, შეკეთებულ ან რესტავრირებულ ნაწარმს სასინჯ კონტროლზე წარადგენს დამამზადებელი და/ან შემკეთებელი (რესტავრატორი).

2. უცხოურ ნაწარმს სასინჯ კონტროლზე წარადგენს მეწარმე სუბიექტი.

3. ფიზიკური პირი სასინჯ კონტროლზე თავისი სურვილით წარადგენს მხოლოდ იმ ნაწარმს, რომელიც დამზადებულია ამ კანონის მიღებამდე ან დადამღულია სსრკ-ის დროინდელი ან ზოლოტნიკის” სისტემის დამღით და სურს მასზე საქართველოს სახელმწიფო დამღის დასმა.

4. 1950 წლამდე დამზადებულ ნაწარმს, რომელიც ვაჭრობის, გირავნობის ან შესყიდვის საგანია, სასინჯ კონტროლზე წარადგენს ის პირი, რომელსაც აქვს ნაწარმით ვაჭრობისა და მისი ყიდვა-გაყიდვის უფლება.

    მუხლი 10

1. ყოველი ძვირფასი ლითონისა და მისგან დამზადებული ნაწარმის სინჯისათვის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ადგენს სინჯის აღმნიშვნელი ძირითადი და დამატებითი სახელმწიფო დამღების სურათს, კონტურს, ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების ზედამხედველობის დეპარტამენტისა და მისი რეგიონალური სამსახურების შიფრებსა და საკონტროლო ნიშნებს.

2. სინჯის აღმნიშვნელი სახელმწიფო დამღის გამოყენების უფლება აქვს მხოლოდ ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების ზედამხედველობის დეპარტამენტს.

    მუხლი 11

1. ის ნაწარმი, რომლის სინჯიც ამ კანონით დადგენილ ნორმებს არ შეესაბამება, მაგრამ ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ნორმაზე მეტია, მასთან ყველაზე ახლოს მდგომი დაბალი სინჯის დამღით იდამღება.

2. ამ კანონით გათვალისწინებული ორი ან მეტი სინჯის ერთი და იმავე ძვირფასი ლითონისაგან დამზადებული ნაწარმი იდამღება მათ შორის ყველაზე დაბალი სინჯის აღმნიშვნელი ძირითადი დამღით.

3. ორი ან მეტი ძვირფასი ლითონის შენადნობისაგან დამზადებული ნაწარმი იდამღება იმ ძვირფასი ლითონის შესაბამისი სინჯის ძირითადი დამღით, რომლის ხვედრითი წილიც აღემატება დანარჩენი ლითონების ხვედრით წილს.

4. სხვა ძვირფასი ლითონით დაფარული ნაწარმი იდამღება ძირითადი ლითონის შენადნობის შესაბამისი სინჯის აღმნიშვნელი დამღით.

5. ნაწარმი, რომლის დადამღვა ტექნიკურად შეუძლებელია მისი სიძველის ან მაღალმხატვრული შესრულების გამო და დადამღვა მის დაზიანებას გამოიწვევს, იდამღება დაკიდებული პლომბით ან გაიცემა სათანადო აღწერილობითი ცნობა.

6. თუ უცხოურ ნაწარმზე აღნიშნული სინჯი მის ფაქტობრივ სინჯს არ შეესაბამება, იმპორტიორის თანხმობით ამ დამღის ანაბეჭდი წაიშლება და ნაწარმი დაიდამღება ფაქტობრივი სინჯის აღმნიშვნელი დამღით ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. წინააღმდეგ შემთხვევაში ნაწარმი საბაჟო კონტროლით გატანილი უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიიდან ან იმპორტიორის სურვილით მოხდეს მისი გადამუშავება საბაჟო ტერიტორიაზე ან საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქართველოს საბაჟო კოდექსით დადგენილი წესით.

7. თუ შეკეთებულ ან რესტავრირებულ ნაწარმზე აღნიშნული სინჯი მის ფაქტობრივ სინჯს არ შეესაბამება, ამ დამღის ანაბეჭდი წაიშლება და ნაწარმი დაიდამღება ფაქტობრივი სინჯის აღმნიშვნელი დამღით ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

8. ნაწარმი, რომელიც შეიცავს არაძვირფასი ლითონის ნაწილებს და ამ ნაწილებზე არა აქვს ნიშნის – „მეტალი” ანაბეჭდი, არ დაიდამღება. იგი დეფორმირდება (ფიზიკური პირის კუთვნილი ნაწარმის გარდა).

9. თუ ნაწარმის მეორეხარისხოვანი და დამატებითი ნაწილები არ შეესაბამება ნაკეთობის ძირითადი ნაწილის სინჯს, ან მას მირჩილული აქვს არაძვირფასი ლითონის ნაწილი, რომელზეც შეუძლებელია ანაბეჭდის – მეტალი” დადება, ყველა ასეთი ნაწილი უნდა შეიცვალოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი ნაწარმი დეფორმირდება (ფიზიკური პირის კუთვნილი ნაწარმის გარდა).

10. თუ ნაწარმი ან მისი ცალკეული ნაწილები არ შეესაბამება მასზე აღნიშნულ სინჯს და დასაშვებ ქვედა ზღვარს სცილდება, შესწორების უფლებით სარგებლობისას იდამღება დამღით – აშს (არ შეესაბამება სინჯს). წინააღმდეგ შემთხვევაში ნაწარმი დეფორმირდება (ფიზიკური პირის კუთვნილი ნაწარმის გარდა).

11. ფიზიკური პირის კუთვნილი ნაწარმი, რომლის სინჯიც არ შეესაბამება ამ კანონით დადგენილ ნორმებს, მისი თანხმობით იდამღება ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი მფლობელს დაუდამღავად უბრუნდება.

    მუხლი 12

 საქართველოს მონეტებს სასინჯ კონტროლზე წარადგენს მონეტების დამამზადებელი (საქართველოს ეროვნული ზარაფხანა) ან იმპორტიორი. სასინჯი კონტროლის შედეგად მონეტები სინჯის აღმნიშვნელი სახელმწიფო დამღით არ იდამღება. მათში ძვირფასი ლითონების შემცველობაზე გაიცემა სათანადო ცნობა. საიუბილეო ან საკოლექციო მონეტებისათვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნული ბანკის თანხმობით ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების ზედამხედველობის დეპარტამენტმა შესაძლებელია განსაზღვროს სასინჯი კონტროლის განხორციელების სხვა პირობებიც.

    მუხლი 13

სტომატოლოგიურ ძვირფას ლითონებს სასინჯ კონტროლზე წარადგენს დამამზადებელი ან მომხმარებელი (სტომატოლოგიური დაწესებულება, ორგანიზაცია, კბილის საპროთეზო კაბინეტი), იმპორტის შემთხვევაში კი – იმპორტიორი. სტომატოლოგიური ძვირფასი ლითონების სინჯის აღმნიშვნელი სახელმწიფო დამღით დადამღვა შესაძლებელია წარმდგენის მოთხოვნით. სხვა შემთხვევებში მათში ძვირფასი ლითონების შემცველობაზე გაიცემა სათანადო ცნობა.

    მუხლი 14

მეტალურგიული და ქიმიური დამუშავების შედეგად მიღებულ ძვირფასი ლითონების ზოდებს, მათ შენადნობებს ან სხვა ნახევარფაბრიკატებს სასინჯ კონტროლზე წარადგენს დამამზადებელი, მათი იმპორტის შემთხვევაში კი – იმპორტიორი. ზოდების დადამღვა სინჯის აღმნიშვნელი სახელმწიფო დამღით ხორციელდება იმ შემთხვევაში, როდესაც ისინი სრულად აკმაყოფილებენ მათთვის დაწესებულ სტანდარტებს ან ტექნიკურ პირობებს. სხვა შემთხვევებში მათში ძვირფასი ლითონების შემცველობაზე გაიცემა სათანადო ცნობა.

    მუხლი 15

ოქროსა და ვერცხლის ვარაყს (ფურცლოვანი ოქრო და ვერცხლი) სასინჯ კონტროლზე წიგნის სახით წარადგენს ამ ნაწარმის დამზადებით, იმპორტით ან ვაჭრობით დაკავებული პირი. თუ ოქროსა და ვერცხლის ვარაყის სინჯი ემთხვევა წიგნის ყდაზე აღნიშნულ სინჯს, წიგნის ყდა იდამღება ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაბამისი საკონტროლო ნიშნით.

    მუხლი 16

ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების შემცველი სხვა ნაკეთობების, ნივთების, ქიმიური ნაერთების და ა.შ. სასინჯი კონტროლი გულისხმობს ექსპერტიზისა და ანალიზის ჩატარებას, შეფასებას, აგრეთვე ხარისხისა და სხვა მახასიათებლების დადგენას.

    მუხლი 17

სავალდებულო სასინჯ კონტროლს დაქვემდებარებული ნაწარმისა და სხვა მასალების ექსპორტისას და იმპორტისას საბაჟო ორგანოები ახდენენ მათ თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებას (საბაჟო გაფორმებას) ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების ზედამხედველობის დეპარტამენტის დასკვნის (დადამღვის ან წერილობითი ცნობის) საფუძველზე.

საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2478 – სსმI, №21, 15.07.2003წ., მუხ.153

თავი III

სასინჯი კონტროლის (ზედამხედველობის) განმახორციელებელი ორგანოები

    მუხლი 18

1. საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფო სასინჯ კონტროლს ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების ზედამხედველობის დეპარტამენტის მეშვეობით, რომელიც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებაა.

2. ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების ზედამხედველობის დეპარტამენტის სტრუქტურასა და საშტატო ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2478 – სსმI, №21, 15.07.2003წ., მუხ.153

    მუხლი 19

1. ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების ზედამხედველობის დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების გამოყენებით დამზადებული ნაწარმის გასინჯვა, ძვირფასი ლითონების შემცველობის ანალიზი, ძვირფასი ქვების მახასიათებლების განსაზღვრა და საქართველოში მოქმედი სინჯების დამადასტურებელი სახელმწიფო დამღით მისი დადამღვა;

ბ) ძვირფასი ლითონების შემცველობის დადგენისა და ძვირფასი ქვების მახასიათებლების განსაზღვრის მიზნით საარბიტრო, საკონტროლო ანალიზებისა და ტექნიკური ექსპერტიზის ჩატარება;

გ) სასინჯი რეაქტივებისა და ქვების დამზადება იმ ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის, რომლებიც შესაბამისი ნებართვის საფუძველზე ეწევიან ძვირფას ლითონებთან, ძვირფას ქვებთან და ნაწარმთან დაკავშირებულ საქმიანობას;

დ) ლაბორატორიულ პირობებში ძვირფასი ლითონების დნობა და აფინაჟი ანალიზის მიზნით;

ე) სინჯის განმსაზღვრელი სახელმწიფო დამღისა და სახელობითი დამღების ანაბეჭდების ექსპერტიზა;

ვ) ძვირფასი ლითონების და ძვირფასი ქვების გასინჯვის, ანალიზის, დადამღვის, ექსპერტიზისა და შეფასების სამუშაოთა წარმოების გადასახდელთა გადახდევინება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნიხრების შესაბამისად;

ზ) ამ კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელებისას ძვირფასი ლითონების, ძვირფასი ქვების და ნაწარმის აღრიცხვის, შენახვისა და ხარჯვის კონტროლი;

თ) კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსებისა და სემინარების მოწყობა იმ პირებისათვის, რომლებიც ეწევიან ძვირფას ლითონებთან, ძვირფას ქვებთან და ნაწარმთან დაკავშირებულ საქმიანობას.

2. ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების ზედამხედველობის დეპარტამენტი უფლებამოსილია შესამოწმებლად და საანალიზოდ ამოიღოს ძვირფასი ლითონები, ძვირფასი ქვები და ნაწარმი, რომელთაც:

ა) არ გაუვლიათ სასინჯი კონტროლი და არა აქვთ საქართველოში მოქმედი სინჯის აღმნიშვნელი სახელმწიფო დამღის ანაბეჭდი;

ბ) აქვთ საქართველოში მოქმედი სინჯის აღმნიშვნელი სახელმწიფო დამღის ანაბეჭდი, მაგრამ იგი ეჭვს იწვევს გაურკვეველი რელიეფის გამო, რაც გამოწვეულია ნაკეთობის დაზიანებით, ანაბეჭდის წაშლით ან სხვა მიზეზით;

გ) მირჩილული აქვთ სინჯის აღმნიშვნელი დამღა ან მათი დადამღვა დადგენილი წესების დარღვევით მოხდა;

დ) მირჩილვის ადგილები ამოვსებულია ზედმეტი რაოდენობის სარჩილით ან არაძვირფასი ლითონით, რაც იწვევს სინჯის დაწევას დადგენილზე დაბლა;

ე) მათი მახასიათებლები – რაობა, წონა, ხარისხი, ფერი და სიწმინდე ეჭვს იწვევს.

3. ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების ზედამხედველობის დეპარტამენტი არ ადგენს ძვირფასი ლითონების შემცველობას და არ ამოწმებს ძვირფას ქვებს, თუ მას ამ ოპერაციების ჩასატარებლად არა აქვს სახელმწიფო სტანდარტებით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებები.

4. ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების ზედამხედველობის დეპარტამენტი უფლებამოსილია დეპარტამენტში წარმოდგენილი ნაწარმის სინჯის დასადგენად ჩაატაროს საკონტროლო ქიმიური ანალიზი, თუ:

ა) ნაწარმი დამზადებულია არასტანდარტული და არარეგისტრირებული შენადნობისგან;

ბ) ნაწარმზე ჩატარებული არადესტრუქციული ანალიზი (სასინჯ ქვაზე გასინჯვა ეტალონების გამოყენებით) დამაჯერებელი არ არის;

გ) წარმოდგენილია სერიული ნაწარმი – ერთი ნაკეთობისა, შერჩევით, ნორმატივით განსაზღვრული რაოდენობიდან.

საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2478 – სსმI, №21, 15.07.2003წ., მუხ.153

    მუხლი 20

ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების ზედამხედველობის დეპარტამენტი პასუხისმგებელია:

ა) მის მიერ შესრულებული სამუშაოს უტყუარობაზე;

ბ) მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით;

გ) მეწარმე სუბიექტების, სახელმწიფო მნიშვნელობის სამეწარმეო ან კომერციული საქმიანობის კონფიდენციალურობის დაცვაზე.

    მუხლი 21

ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების ზედამხედველობის დეპარტამენტი მიყენებულ ზიანზე პასუხს არ აგებს, თუ:

ა) ნაწარმი დაზიანდა იმ ქიმიური ანალიზის შედეგად, რომელიც ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების ზედამხედველობის დეპარტამენტმა დადგენილი წესების დაცვით ჩაატარა და რომლის უფლებაც ჰქონდა ამ კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად;

ბ) ამ კანონის შესაბამისად მოახდინა ნაწარმის დეფორმირება.

თავი IV

ძვირფას ლითონებთან, ძვირფას ქვებთან და ნაწარმთან დაკავშირებით დასაქმებულ პირთა ვალდებულებები

    მუხლი 22

1. ამ კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრულ საქმიანობაზე ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარებისა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე ნებართვებს გასცემს ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების ზედამხედველობის დეპარტამენტი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. საქმიანობის თითოეულ სახეზე ნებართვა გაიცემა ცალკე.

საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2478 – სსმI, №21, 15.07.2003წ., მუხ.153

    მუხლი 23

პირები, რომლებიც დაკავებულნი არიან ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების გამოყენებით ნაწარმის დამზადებით, შეკეთებით ან რესტავრაციით, ნებართვის მიღების შემდეგ:

ა) ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების ზედამხედველობის დეპარტამენტში იღებენ სახელობითი დამღის ნიშანს, რომლით სარგებლობის უფლებასაც კარგავენ საქმიანობის შეწყვეტისთანავე;

ბ) ყოველწლიურად ატარებენ რეგისტრაციაში სახელობითი დამღის ანაბეჭდის ტვიფრს ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების ზედამხედველობის დეპარტამენტში;

გ) სახელობითი დამღით დამღავენ როგორც გასაყიდად განკუთვნილ, ისე სახელმწიფო ან კერძო დაკვეთით დამზადებულ ნაწარმს;

დ) სრულად წარადგენენ სასინჯ კონტროლზე მათ მიერ დამზადებულ ნაწარმს, რომელიც მზად უნდა იყოს იმ მდგომარეობამდე, რომ მისი სინჯის აღმნიშვნელი სახელმწიფო დამღით დადამღვის შემდეგ საწარმოო პროცესში გამორიცხული იყოს დამღის ანაბეჭდის დაზიანება, შეცვლა ან მოშორება;

ე) ამზადებენ ნაწარმს საქართველოში მოქმედი სტანდარტებით ან ტექნიკური პირობებით განსაზღვრული შენადნობებით; სათანადო ნებართვის შემთხვევაში ნაწარმის დასამზადებლად არასტანდარტული შენადნობების გამოყენებისას აცხადებენ გამოყენებულ ლითონთა სახეობებისა და შენადნობებში მათი პროცენტული შემცველობის შესახებ;

ვ) ნაწარმის დამზადებისას უზრუნველყოფენ მასზე სინჯის აღმნიშვნელი სახელმწიფო დამღის ანაბეჭდის დასმის ადგილებს;

ზ) ნაწარმის რჩილვისას იყენებენ მხოლოდ იმავე ლითონის (პლატინის გამოყენებით დამზადებული ნაწარმის გარდა) და იმავე სინჯის (ვერცხლის გამოყენებით დამზადებული ნაწარმის გარდა) საქართველოში მოქმედი სტანდარტით დადგენილ სარჩილს. პლატინის ნაწარმის რჩილვისას იყენებენ იმავე სინჯის ოქროს სარჩილს, ხოლო ვერცხლის ნაწარმის რჩილვისას – არანაკლებ 650 სინჯის ვერცხლის სარჩილს, ამასთან, უზრუნველყოფენ ნაწარმის საერთო სინჯის დაცვას.

საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2478 – სსმI, №21, 15.07.2003წ., მუხ.153

    მუხლი 24

ნაწარმით ვაჭრობით, მისი ყიდვა-გაყიდვითა და გამოყენებით დაკავებული პირები:

ა) ოპერაციებს აწარმოებენ მხოლოდ იმ ნაწარმით (მათ შორის, უცხო ქვეყნებიდან შემოტანილი), რომელიც დადამღულია საქართველოში მოქმედი სინჯის აღმნიშვნელი სახელმწიფო დამღით;

ბ) სავაჭრო ორგანიზაციაში, ლომბარდში ან საკრედიტო დაწესებულებაში ფიზიკური პირის კუთვნილი ნაწარმის მიღებისას, რომელსაც არა აქვს სინჯის აღმნიშვნელი სახელმწიფო დამღა, ფიზიკური პირის თანხმობით ნაწარმს წარადგენენ სასინჯ კონტროლზე.

    მუხლი 25

ძვირფას ლითონებთან, ძვირფას ქვებთან და ნაწარმთან დაკავშირებით დასაქმებული პირები:

ა) აწარმოებენ ძვირფასი ლითონების, ძვირფასი ქვების და ნაწარმის, აგრეთვე წარმოების პროცესში წარმოქმნილი ჯართისა და ნარჩენების რაოდენობისა და წონის აღრიცხვას;

ბ) ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების წონისა და ხარისხის აღრიცხვისას იყენებენ საქართველოში მოქმედი სტანდარტებით დადგენილ საზომ ერთეულებს;

გ) იყენებენ იმ გამზომ ხელსაწყო-მოწყობილობებსა და აპარატურას, რომელთა წონისა და სხვა მახასიათებლების განსაზღვრის სიზუსტე შეესაბამება საქართველოში მოქმედი სტანდარტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

    მუხლი 26

ძვირფასი ლითონების, ძვირფასი ქვების და ნაწარმის გასინჯვის, ანალიზის, დადამღვის, ექსპერტიზისა და შეფასების სამუშაოთა წარმოების გადასახდელთა ოდენობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

    მუხლი 27

პასუხისმგებლობა სინჯის აღმნიშვნელი სახელმწიფო დამღების დამზადების ან გამოყენების წესების დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

თავი IV1

ძვირფას ლითონებთან, ძვირფას ქვებთან და ნაწარმთან დაკავშირებული საქმიანობის ნებართვის გაცემის წესი

საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2478 – სსმI, №21, 15.07.2003წ., მუხ.153

    მუხლი 271

1. ამ კანონით განსაზღვრული, ძვირფას ლითონებთან, ძვირფას ქვებთან და ნაწარმთან დაკავშირებული საქმიანობის თითოეული სახის ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელი ვალდებულია განცხადებით მიმართოს ნებართვის გამცემს. განცხადება უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და შეესაბამებოდეს „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლს.

2. ძვირფასი ლითონების, ძვირფასი ქვებისა და ნაწარმის ყიდვა-გაყიდვის ნებართვის მისაღებად სავალდებულო მოთხოვნებია:

ა) არანაკლებ 5 კვადრატული მეტრი ფართობი საკუთარი შესასვლელით;

ბ) სეიფი ან/და ცეცხლგამძლე რკინის კარადა;

გ) სათანადო წესით ტიპდამტკიცებული და დამოწმებული გაზომვის საშუალებები:

გ.ა) ძვირფასი ლითონების ასაწონად სასწორი, რომლის ცდომილება არ აღემატება ასაწონი მასის 0.001%-ს;

გ.ბ) ძვირფასი ქვების ასაწონად ორპრიზმიანი სპეციალური (კარატული) ან ანალიზური სასწორები:    

გ.ბ.ა) 1000 კარატამდე ქვებისათვის – 0.01 კარატის სიზუსტით;

გ.ბ.ბ) 1000 კარატის ზევით ქვებისათვის – 0.05 კარატის სიზუსტით;

დ) სადიაგნოსტიკო გემოლოგიური აპარატურა.

3. ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების დამუშავების ნებართვის მისაღებად სავალდებულო მოთხოვნებია:

ა) მატერიალურ-ტექნიკური ბაზა;

ბ) ტექნოლოგიური დოკუმენტაცია;

გ) სეიფი ან/და ცეცხლგამძლე რკინის კარადა;

დ) ხარჯვის ნორმები;

ე) სათანადო წესით ტიპდამტკიცებული და დამოწმებული გაზომვის საშუალებები:

ე.ა) ძვირფასი ლითონების ასაწონად სასწორი, რომლის ცდომილება არ აღემატება ასაწონი მასის 0.001%-ს;

ე.ბ) ძვირფასი ქვების ასაწონად ორპრიზმიანი სპეციალური (კარატული) ან ანალიზური სასწორები:    

ე.ბ.ა) 1000 კარატამდე ქვებისათვის – 0.01 კარატის სიზუსტით;

ე.ბ.ბ) 1000 კარატის ზევით ქვებისათვის – 0.05 კარატის სიზუსტით.

4. ძვირფასი ქვების საექსპერტო-შეფასებითი სამუშაოების ნებართვის მისაღებად სავალდებულო მოთხოვნებია:

ა) ძვირფასი ქვების ასაწონად სათანადო წესით ტიპდამტკიცებული და დამოწმებული ორპრიზმიანი სპეციალური (კარატული) ან ანალიზური სასწორები:

ა.ა) 1000 კარატამდე ქვებისათვის – 0.01 კარატის სიზუსტით;

ა.ბ) 1000 კარატის ზევით ქვებისათვის – 0.05 კარატის სიზუსტით;

ბ) სადიაგნოსტიკო გემოლოგიური აპარატურა.

5. ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების ნაწარმით ვაჭრობის ნებართვის მისაღებად სავალდებულო მოთხოვნებია:

ა) სპეციალიზებული საიუველირო მაღაზია ან იზოლირებული განყოფილება არანაკლებ 5 კვადრატული მეტრი ფართობით, საკუთარი შესასვლელით;

ბ) სათანადო წესით ტიპდამტკიცებული და დამოწმებული გაზომვის საშუალებები:

ბ.ა) ძვირფასი ლითონების ასაწონად სასწორი, რომლის ცდომილება არ აღემატება ასაწონი მასის 0.001%-ს;

ბ.ბ) ძვირფასი ქვების ასაწონად ორპრიზმიანი სპეციალური (კარატული) ან ანალიზური სასწორები:

ბ.ბ.ა) 1000 კარატამდე ქვებისათვის – 0.01 კარატის სიზუსტით;

ბ.ბ.ბ) 1000 კარატის ზევით ქვებისათვის – 0.05 კარატის სიზუსტით;

გ) ლუპა;

დ) სააღრიცხვო ჟურნალები.

6. ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების გადამუშავებისა და აფინაჟის ნებართვის მისაღებად სავალდებულო მოთხოვნებია:

ა) ლაბორატორიის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, გაცემული „საქსტანდარტის“ მიერ;

ბ) ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების რეგენერაციის ტექნოლოგიური აღწერილობა.

7. ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების გამოყენების ნებართვის მისაღებად სავალდებულო მოთხოვნაა ტექნოლოგიური და ნორმატიული დოკუმენტაცია, დამტკიცებული ნებართვის მაძიებელი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების მიერ.

8. ძვირფასი ლითონებით სამედიცინო მომსახურების ნებართვის მისაღებად სავალდებულო მოთხოვნებია:

ა) სეიფი ან/და ცეცხლგამძლე რკინის კარადა;

ბ) ძვირფასი ლითონების ასაწონად სათანადო წესით ტიპდამტკიცებული და დამოწმებული სასწორი, რომლის ცდომილება არ აღემატება ასაწონი მასის 0.001%-ს;

გ) დანაკარგის ნორმები.

9. ძვირფას ლითონებთან და ძვირფას ქვებთან დაკავშირებული საქმიანობისას გამოყენებული ობიექტები უნდა იყოს სათანადოდ დაცული, კერძოდ, კარებსა და ფანჯრებზე უნდა ჰქონდეს ლითონისგან დამზადებული დამცავი საშუალებები.

10. ობიექტი, რომელიც განთავსებულია შენობაში და წარმოადგენს ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების ნაწარმის სავაჭრო ცენტრს (ე.წ. ბირჟა), უნდა აკმაყოფილებდეს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, კერძოდ, თითოეულ ინდივიდუალურ მეწარმეს უნდა ჰქონდეს:

ა) არანაკლებ 5 კვადრატული მეტრი ფართობი საკუთარი შესასვლელით;

ბ) სეიფი;

გ) სათანადო წესით ტიპდამტკიცებული და დამოწმებული გაზომვის საშუალებები:

გ.ა) ძვირფასი ლითონების ასაწონად სასწორი, რომლის ცდომილება არ აღემატება ასაწონი მასის 0.001%-ს;

გ.ბ) ძვირფასი ქვების ასაწონად ორპრიზმიანი სპეციალური (კარატული) ან ანალიზური სასწორები:

გ.ბ.ა) 1000 კარატამდე ქვებისათვის – 0.01 კარატის სიზუსტით;

გ.ბ.ბ) 1000 კარატის ზევით ქვებისათვის – 0.05 კარატის სიზუსტით;

გ) ლუპა;

დ) სააღრიცხვო ჟურნალები.

საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2478 – სსმI, №21, 15.07.2003წ., მუხ.153

    მუხლი 272

ძვირფას ლითონებთან, ძვირფას ქვებთან და ნაწარმთან დაკავშირებული საქმიანობის თითოეული სახის ნებართვის მოქმედების შეჩერება და განახლება, აგრეთვე ნებართვის გაუქმება ხორციელდება „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2478 – სსმI, №21, 15.07.2003წ., მუხ.153

თავი V

გარდამავალი დებულებანი

      მუხლი 28

  ამ კანონის ამოქმედების შემდეგ მიმოქცევის უფლებით სარგებლობს აგრეთვე სსრკ-ის დროინდელი სინჯის აღმნიშვნელი დამღით დადამღული ნაწარმი.

    მუხლი 29

ლომბარდები სალაროს ოპერაციებს ახორციელებენ საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი ნორმატიული აქტების საფუძველზე.

 საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1952 – სსმI, №17(24), 24.05.1999წ., მუხ.68

    მუხლი 30

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტებთან შეთანხმებით 4 თვის ვადაში შეიმუშაოს ძვირფასი ლითონების, ძვირფასი ქვების და ნაწარმის სასინჯ კონტროლზე მიღების, გასინჯვის, დადამღვის, შენახვისა და აღრიცხვის შესახებ შემდეგი ნორმატიული აქტები:

ა) „ძვირფასი ლითონების, ძვირფასი ქვების და მათი გამოყენებით დამზადებული ნაწარმის სასინჯი კონტროლის (ზედამხედველობის) განხორციელების შესახებ”;

ბ) „ძვირფასი ლითონების, ძვირფასი ქვების და მათი გამოყენებით დამზადებული ნაწარმის აპრობირებისა და დადამღვის გადასახდელთა ტარიფების შესახებ”;

გ) „ძვირფასი ლითონების ნაკეთობათა დადამღვის წესების შესახებ”;

დ) (ამოღებულია);

ე) „საწარმო-დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში სასინჯი კონტროლის (ზედამხედველობის) მოთხოვნების დაცვის შემოწმების ჩატარების წესების შესახებ”;

ვ) „სინჯის აღმნიშვნელი ყალბი დამღის ან მისი ანაბეჭდის გამოვლენისა და შემდგომი რეაგირების წესების შესახებ”;

ზ) „ძვირფასი ქვებისა და მათი გამოყენებით დამზადებული ნაწარმის შესაფასებელი სამუშაოების ჩატარების წესების შესახებ”.

საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2478 – სსმI, №21, 15.07.2003წ., მუხ.153

    მუხლი 31

საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტმა 6 თვის ვადაში შეიმუშაოს შემდეგი სტანდარტები:

ა) ძვირფასი ლითონები და მათი შენადნობები – სახეობები და ტექნიკური პირობები;

ბ) ძვირფასი ლითონების ზოდები – ტექნიკური პირობები;

გ) ძვირფასი ლითონები – ანალიზი, საერთო მოთხოვნები;

დ) შენადნობებსა და სხვა ნაერთებში ძვირფასი ლითონების განსაზღვრა;

ე) ძვირფასი ქვები – ფერი, სიწმინდე, შეფასების ნორმები და ტექნიკური პირობები.

თავი VI

დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 32

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ამ კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების გამოცემის შემდეგ ძალადაკარგულად ჩაითვალოს:

ა) „საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე სახელმწიფო სასინჯი ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 24 აპრილის №465 დადგენილება;

ბ) „საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე ძვირფასი ქვებით ოპერაციების წარმოების, ვაჭრობის, მომსახურების და მათი კონტროლის სფეროებში საქმიანობის მოწესრიგების შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 5 ოქტომბრის №618 დადგენილება;

გ) „სინჯის აღმნიშვნელი სახელმწიფო დამღების შემოღების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 9 დეკემბრის №799 ბრძანებულების მე-2 პუნქტი;

დ) სახელმწიფო სასინჯი ზედამხედველობის შესახებ დებულების ნაწილობრივ შეცვლის თაობაზე” საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 31 აგვისტოს № 875 დადგენილება.

2. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს:

ა) „ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების სახელმწიფო ფონდის შექმნის დაჩქარების ზოგიერთი ღონისძიების შესახებ” საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 7 ოქტომბრის №409 ბრძანებულება;

ბ) „საქართველოს ეროვნულ ფასეულობათა სახელმწიფო ფონდის შექმნის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 12 აპრილის №282/6 დადგენილება;

გ) „ძვირფასი ლითონებისა და მისი ჯართის, ასევე ძვირფასი ქვების ნაკეთობათა მოსახლეობისაგან შესყიდვის წესების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრების 1996 წლის 19 დეკემბრის №136/331 ბრძანების პირველი კარის მე-6 და მე-7 პუნქტები;

დ) „საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროსთან არსებული ეროვნულ ფასეულობათა სახელმწიფო ფონდის მიერ ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების სახელმწიფო მარაგის შევსების ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 28 ივნისის №510-34 დადგენილება.  

    მუხლი 33

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                    ე. შევარდნაძე

თბილისი,

1998 წლის 17 სექტემბერი

1569–I

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1952 – სსმI, №17(24), 24.05.1999წ., მუხ.68

2. საქართველოს 2001 წლის 19 ივნისის კანონი №932 – სსმI, №19, 02.07.2001წ., მუხ.63

3. საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2478 – სსმI, №21, 15.07.2003წ., მუხ.153

4. ძალადაკარგულია – საქართველოს 2004 წლის 25 ნოემბრის კანონი №602 – სსმI, №36, 08.12.2004წ., მუხ.164


კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო სახე)
ცვლილების დოკუმენტი
ცვლილების მიღების თარიღი: 25/11/2004
ცვლილების გამოქვეყნების თარიღი: 08/12/2004
„ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების სახელმწიფო კონტროლის, ანალიზისა და დადამღვის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე
საქართველოს კანონი საქართველოს პარლამენტი №602