სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შექმნისა და მისთვის სახელმწიფო ქონების გადაცემის შესახებ
კონსოლიდირებული ვერსიების არჩევა ცვლილების დოკუმენტები საინფორმაციო ბარათი ბეჭდვა ფაილის გადმოწერა
დოკუმენტის ნომერი 223
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 05/06/2001
დოკუმენტის სახე საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 61, 08/06/2001
სარეგისტრაციო კოდი 040.230.000.05.002.002.
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2012
კონსოლიდირებული ვერსიების არჩევა

თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №223

2001 წლის 5 ივნისი

ქ. თბილისი

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შექმნისა და მისთვის სახელმწიფო ქონების გადაცემის შესახებ

სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის კოორ­დინაციისა და მონიტორინგის მიზნით „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კა­ნო­­ნების შესაბამისად:

1. საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამი­ნისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი რეორგანიზებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოდ.

2. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელ­მწიფო შესყიდვების სააგენტოს თანდართული დებულება.

3. რეორგანიზაციის შედეგად შექმნილი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო არის საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს სახელმწიფოს შესყიდვების დეპარტამენტის უფლე­ბა­მონაცვლე.

4. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ.

5. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ (ლ. ძნელაძე) უზრუნველყოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის სარგებლობაში არსებული შესაბამისი უძრავი და მოძრავი ქონების საქართველოს მოქმედი კანონ­მდებლობის შესაბამისად გადაცემა.

6. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ. ნოღაიდელი) უზრუნ­ველყოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ხარჯის 2002 წლის საქარ­თველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინება.

7. 2002 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცებამდე საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დაფინანსება განახორციელოს საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსათვის „საქართველოს 2001 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გამოყოფილი შესაბამისი ასიგნებების ფარგლებში.

8. საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 26 ივნისის 272 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს ეკონომიკის, მრეწ­ვე­ლო­ბისა და ვაჭრობის სამინისტროს დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

ა) მე-10 მუხლიდან ამოღებულ იქნეს „ზ“ ქვეპუნქტი;

ბ) მე-11 მუხლიდან ამოღებულ იქნეს „თ“ ქვეპუნქტი;

გ) მე-15 მუხლში სიტყვები „უფროსსა და სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის“ ამოღებულ იქნეს;

დ) 23-ე მუხლიდან ამოღებულ იქნეს „გ“ ქვეპუნქტი;

ე) 24-ე მუხლიდან ამოღებულ იქნეს „გ“ ქვეპუნქტი;

ვ) 29-ე მუხლში სიტყვის „კონტროლს“ წინ დაემატოს სიტყვები „და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სახელმწიფო“.

ე. შევარდნაძე

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს

დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო (შემდგომში სააგენტო) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მუდმივმოქმედი დამოუ­კიდებელი ორგანო, რომელიც ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის და სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს წინაშე.

2. სააგენტო შექმნილია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაციასა და მონიტორინგს.

3. სააგენტო თავის საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შე­თანხმებებით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანო­ნით და სხვა სამართლებრივი აქტებით, აგრეთვე ამ დებულებით. თავისი საქმიანობის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ადგენს ყოველწლიურ ანგარიშს, რომელიც სააგენტოსთან არსებულ სამეთ­ვალყურეო საბჭოზე განხილვის შემდეგ ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს, აგრეთვე ქვეყნდება საჯაროდ.

4. სააგენტო იმყოფება სახაზინო მომსახურებაზე, აქვს დამოუკიდებელი ბალანსი და ხარჯთა ნუსხა, სპეცანგარიში ხაზინაში, მრგვალი ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და თავისი სახელწოდების აღნიშვნის.

5. სააგენტოს იურიდიული მისამართია ქ. თბილისი: 380008 გ. ჭანტურიას ქ. 12.

    მუხლი 2. სააგენტოს მიზნები, ძირითადი ფუნქციები და საქმიანობის საგანი

1. სააგენტოს მიზანს წარმოადგენს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების უზრუნველყოფა, ხოლო საქმიანობის საგანია სახელმწიფო შესყიდვების სფეროში ერთიანი პოლიტიკის შემუშავება და გატარება.

2. სააგენტოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედებისათვის საჭირო ნორმატიული აქტებისა და სტანდარტული სატენდერო დოკუმენტაციის შემუშავება და გამოცემა, მათი საერთაშორისო ნორმებთან ჰარმონიზაცია;

ბ) შემსყიდველი ორგანიზაციებიდან მიღებული ანგარიშებისა და საქართვეელოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მოწოდებული მონაცემების საფუძველზე სახელმწიფო შესყიდვების სფეროში ქვეყანაში არსებული მდგომარეობის სისტემატური შესწავლა, გაანალიზება და სათანადო გადაწყვეტილებების მიღებისათვის საქართველოს პრეზიდენტისათვის წინადადებების მომ­ზადება;

გ) სპეციალური სასწავლო პროგრამებისა და სასწავლო-მეთო­დოლოგიური მასალებისა და დოკუმენტაციის სტანდარტული ფორმების მომზადება, სემინარებისა და ტრენინგების მოწყობა ხელისუფლების ცენტრალური და ადგილობრივი ორგანოებისათვის, სამართალდაცვის ორგანოებისათვის, მასმედიის წარმომადგენლებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის;

დ) განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი საინფორმაციო ბაზის ჩამოყალიბება და სრულყოფა;

ე) შემსყიდველი ორგანიზაციებისათვის საექსპერტო და საკონსულტაციო-სარეკომენდაციო მომსახურება;

ვ) მიმწოდებელთა რეესტრის წარმოება;

ზ) თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საშუალებების სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში დანერგვის ხელშეწყობა;

თ) სახელმწიფო შესყიდვების საქვეყნოობის უზრუნველსაყოფად შე­საბამისი ნორმატიული აქტების და ანგარიშგებითი ინფორმაციის გამოქვეყნება, სპეციალური პერიოდული ბიულეტენის დაარსება;

ი) სახელმწიფო შესყიდვების დროს წარმოქმნილი დავების ადმინი­სტრაციული წესით განხილვა მოდავე მხარეთა სავალდებულო მონაწილეობით.

3. სააგენტო თავისი ფუნქციების განხორციელებისას ხელმძღვანელობს შემდეგი პრინციპებით:

ა) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მაქსიმალური ეკონომიურობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფა, სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი სახსრების რაციონალური ხარჯვის მიზნით;

ბ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომის უზრუნველყოფა, ჯანსაღი კონკურენციის მხარდაჭერა და სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების გამჭვირვალობისათვის ხელის შეწყობა;

გ) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი სისტემის შექმნა და მის მიმართ საზოგადოებრივი ნდობის ჩამოყალიბება.

4. სააგენტოს თავისი ფუნქციების უზრუნველსაყოფად უფლება აქვს:

ა) მოითხოვოს შემსყიდველი ორგანიზაციებისაგან განხორციელებული შესყიდვების შესახებ ანგარიშების წარმოდგენა „სახელმწიფო შეს­ყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი ფორმებითა და ვადებში, აგრეთვე მოითხოვოს შემსყიდველი ორგანიზაციებისა და შესყიდვებში მონაწილე პირთაგან სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების შესრულებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ჩათვლით;

ბ) მოიწვიოს თათბირები სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავში­რებულ საკითხებზე;

გ) კანონითა და შესაბამისი აქტებით დადგენილი ნორმების დარ­ღვევის ან მათი არასწორი გამოყენებისას, სახელმწიფო შესყიდვები­­­სათვის გამოყოფილი სახსრების არაეკონომიური ხარჯვის ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში, მიუთითოს ამ ფაქტებზე შემსყიდველ ორგანი­ზაციებს და მოითხოვოს მათგან არასწორი გადაწყვეტილებებისა და მოქმედებების დადგენილ წესებთან და ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანა შესყიდვის პროცედურების კანონის მკაცრად დაცვის უზრუნველსაყოფად;

დ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და შესაბამისი ნორმატიული აქტით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციული წესით განიხილოს სააგენტოში შემოსული საჩივრები;

ე) უფლებამოსილი პირების წინაშე დააყენოს შემსყიდველი ორგანი­ზაციების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გადასინჯვის ან გაუქმების საკითხი;

ვ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში კანონ­მდებლობით განსაზღვრული ორგანოების წინაშე დააყენოს სახელ­მწიფო შესყიდვებში მონაწილე მხარეების პასუხისმგებლობის საკითხი;

ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავებისა და საჩივრების სასამარ­თლო წესით განხილვის პროცესებში;

თ) აწარმოოს მიმწოდებელი ფიზიკური და იურიდიული პირების რეესტრი ყოველწლიურად განახლებადი მონაცემების საფუძველზე;

ი) გამოსცეს სპეციალური პერიოდული ბიულეტენი სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელების მიზნით;

კ) თავის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით დაამყაროს საქმიანი ურთიერთობა ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზა­ციასთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან, აგრეთვე უცხო ქვეყნების შესაბამის ორგანოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან;

ლ) განახორციელოს დამატებითი ფასიანი მომსახურება და შეას­რულოს სამუშაოები ხელშეკრულების საფუძველზე იმ საკითხებზე, რომლებიც უშუალოდ არ წარმოადგენს მის ვალდებულებას;

მ) დადოს გარიგებები, გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ;

ნ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს საქართვე­ლოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი.

    მუხლი 3. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელობა, სტრუქტურა და კადრები

1. სააგენტოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც საქარ­თველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნაშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. წარსადგენი კანდიდატურის შერჩევას მინისტრი ახდენს კონკურენტულ საფუძველზე და გამჭვირვალე მეთოდით.

2. სააგენტოს თავმჯდომარე:

ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტოსთან არსებულ სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით გამოსცემს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის მოქმედებისათვის საჭირო ნორმატიულ აქტებს. სააგენტოს თავმჯდომარის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტიბრძანება, სავალდებულოა შესასრულებლად სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე ყველა სუბიექტისათვის;

ბ) შიდაორგანიზაციულ საკითხებზე გამოსცემს განკარგულებებს;

გ) აწესრიგებს სააგენტოს გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვ­ნებულ საკითხებს;

დ) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს, სააგენტოს საშტატო ნუსხას, ზედამხედველობას უწევს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების მი­ერ დაკისრებული მოვალეობების შესრულებას და ახორციელებს თანამ­შრომელთა საქმიანობის კონტროლს;

ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს;

ვ) განკარგავს სააგენტოს სახსრებს და ახორციელებს მათი გამო­ყენების კონტროლს, პასუხისმგებელია სააგენტოს საკუთრებაში ან მფლობელობაში და სარგებლობაში არსებული ქონებისა და ფულადი სახსრების მიზნობრივი და სწორი ხარჯვისათვის;

ზ) სააგენტოს საქმეებს უძღვება ერთპიროვნულად და პერსონალურად აგებს პასუხს სააგენტოს საქმიანობის სწორი წარმარ­თვი­სათვის;

თ) საქართველოს პრეზიდენტს დადგენილი წესით წარუდგენს წინადადებებს გადაწყვეტილებების მისაღებად იმ საკითხებზე, რომლებიც საა­გენტოს გამგებლობის სფეროს განეკუთვნება;

ი) დამატებითი უფლებამოსილების გარეშე წარმოადგენს სააგენტოს ყველა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებებთან ურთიერთობისას, აგრეთვე-სასამართლოში სააგენტოს საქმიანობასთან დაკავ­ში­რებული საკითხების განხილვისას.

3. სააგენტოს თავმჯდომარეს ჰყავს ორი მოადგილე, მათ შორის ერთი პირველი, რომელთაც სააგენტოსთან არსებულ სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თავმჯდომარე. თავმჯდომარის მოადგილეებს შორის ფუნქციებს ანაწილებს სააგენტოს თავმჯდომარე.

4. სააგენტოში შედის შემდეგი სამმართველოები:

ა) საინფორმაციო-მეთოდური სამმართველო;

ბ) ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველო;

გ) იურიდიული სამმართველო;

დ) ადმინისტრაციულ-ტექნიკური სამსახური.

5. სააგენტოს სამმართველოების უფროსებს, მათ მოადგილეებს, მთავარ სპეციალისტებს და მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თავმჯდომარე. მათი ატესტაცია ტარდება ყოველწლიურად სააგენტოსთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს დამტკიცებული საატესტაციო კომისიის მიერ, რომელსაც ხელმძღვანელობს სააგენტოს თავმჯდომარე.

6. აღნიშნული სამმართველოების და სამსახურის საქმიანობის წესი განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული შესაბამისი სამმართველოსა და სამსახურის დებულებით, ხოლო პერსონალის მართვის საკითხები წესრიგდება სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული შინაგანაწესით.

7. სააგენტო უფლებამოსილია ახალი სამმართველოს შექმნის მიზნით სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან და სააგენტოსთან არსებულ სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით დებულებაში შესაბამისი ცვლილებები დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს პრეზიდენტს.

    მუხლი 4. სააგენტოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის და საზოგადოებრივი ზედამხვედველობა

1. სააგენტოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო.

2. საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამი­ნისტრო უფლებამოსილია მოსთხოვოს სააგენტოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა.

3. სააგენტო ვალდებულია:

ა) საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ორგანოებს შეუთანხმოს საშტატო ნუსხისა და თანამშრომელთა ხელფასის ფონდის განსაზღვრის, სესხის აღების, თავდებობისა და სააგენტოს ქონებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს, ასევე უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა.

ბ) საქმიანობის საჯაროობის უზრუნველსაყოფად და საზოგადოებრივი ზედამხედველობის სრულყოფილად განხორციელების მიზნით სააგენტოს წლიური სამუშაო პროგრამა დასამტკიცებლად, ხოლო ბიუჯეტი შესათანხმებლად წარუდგინოს სააგენტოსთან არსებულ სამეთვალყურეო საბჭოს.

4. სააგენტო უფლებამოსილია გაასაჩივროს ზემდგომ სახელმწიფო ორგანოში ან\და სასამართლოში ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსა და სხვა ორგანოების მიერ სააგენტოს საქმია­ნობასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება.

    მუხლი 5. სააგენტოს ქონება და ფინანსები

1. სააგენტოს დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო გადას­ცემს სახელმწიფო ქონებას საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

2. სააგენტოს ქონებას შეადგენს ძირითადი და საბრუნავი საშუა­ლებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობა და ფინანსური რესურსები.

3. სააგენტოს დაფინანსება ხორციელდება:

ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრებით;

ბ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული ამ სამუშაოდან მიღე­ბული შემოსავლით, რომელიც პირდაპირ არ წარმოადგენს სააგენტოს უშუალო ფუნქციას, მაგრამ შეესაბამება მის წინაშე არსებულ ამოცანებს. ამგვარი ხელშეკრულების სფეროების (მიმწოდებლებისათვის ტრენინ­გური, დაინტერესებული აუდიტორიისათვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდება და კონსულტაციები, საერთაშორისო პროგრამებში მონაწილეობა და სხვ.) წინასწარ უთანხმდება სააგენტოსთან არსებულ სამეთ­ვალყურეო საბჭოს;

გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებით.

4. სააგენტოსათვის გადაცემული ქონება და შემოსავლები კანონის შესაბამისად ხმარდება სააგენტოს მიზნებისა და ფუნქციების განხორ­ციელებას, მუშაკთა მატერიალურ სტიმულირებას და სააგენტოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებას.

    მუხლი 6. სააგენტოს საბუღალტრო ანგარიშგება

საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტო აწარმოებს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშ­გებას და ადგენს ბალანსს.

    მუხლი 7. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

1. სააგენტოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

2. სააგენტოს რეორგანიზაცია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ კანონის შესაბამისად ან ლიკვიდაცია ხორციელდება საქარ­თველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.


პირველადი სახე (08/06/2001 - 13/06/2003)