On Approval of the Statute of the Legal Entity under Public Law (LEPL) – the State Fund for Protecting and Assisting Victims of Trafficking in Human Beings (THB)

  • Word
On Approval of the Statute of the Legal Entity under Public Law (LEPL) – the State Fund for Protecting and Assisting Victims of Trafficking in Human Beings (THB)
Document number 437
Document issuer President of Georgia.
Date of issuing 18/07/2006
Document type Edict of the President of Georgia
Source and date of publishing LHG, 96, 21/07/2006
Registration code 040.030.000.08.002.004
Consolidated publications
  • Word
437
18/07/2006
LHG, 96, 21/07/2006
040.030.000.08.002.004
On Approval of the Statute of the Legal Entity under Public Law (LEPL) – the State Fund for Protecting and Assisting Victims of Trafficking in Human Beings (THB)
President of Georgia.
You are viewing an initial version of the document.
Viewing of a consolidated version of the document is paid. Please, log in to the system and, if necessary, buy the right to view. Please, get registered or if you are already registered, please, log in to the system

Initial version (21/07/2006 - 06/01/2009)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.08.002.004

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №437

2006 წლის 18 ივლისი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დებულების დამტკიცების შესახებ

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის თანდართული დებულება.

მ. სააკაშვილი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის

დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი (შემდეგში – ფონდი) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. ფონდი, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ამ დებულებით დადგენილი მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად იძენს უფლებებსა და მოვალეობებს.

3. ფონდი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით.

4. ფონდი შექმნილია სახელმწიფო ქონების საფუძველზე და მის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (შემდეგში – სამინისტრო).

5. ფონდს აქვს ბეჭედი საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და ფონდის სახელწოდებით და დამოუკიდებელი საბანკო ანგარიში.

6. ფონდის იურიდიული მისამართია: თბილისი, გამსახურდიას გამზირი №30.

    მუხლი 2. ფონდის მიზნები

ფონდის მიზნებია:

ა) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა დახმარება და მათი კანონიერი ინტერესების დაცვა;

ბ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა თავშესაფრით, იურიდიული, ფსიქოლოგიური, სამედიცინო და/ან სხვა სახის მომსახურებით უზრუნველყოფა;

გ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა რეაბილიტაციის, ოჯახსა და საზოგადოებაში სრული რეინტეგრაციის ხელშეწყობა;

დ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთათვის კომპენსაციის გაცემა.

    მუხლი 3. ფონდის ფუნქციები და საქმიანობის საგანი

ფონდი:

ა) მოიძიებს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ღონისძიებების უზრუნველსაყოფად საჭირო ფინანსურ სახსრებს;

ბ) აფინანსებს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ღონისძიებებს;

გ) გასცემს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა იდენტიფიკაციისათვის საჭირო თანხას;

დ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის მიზნით აქტიურად თანამშრომლობს სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;

ე) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის მიზნით შეიმუშავებს და მონაწილეობს ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში;

ვ) უზრუნველყოფს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა პატივისა და ღირსების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და უსაფრთხოების სრულ დაცვას;

ზ) უზრუნველყოფს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა პერსონალური მონაცემების სრულ გასაიდუმლოებას;

თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის ორგანიზაციას, კოორდინაციას, მართვასა და კონტროლს;

ი) ფონდის თანამშრომელთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით შეიმუშავებს და ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს.

    მუხლი 4. ფონდის უფლება-მოვალეობები

1. ფონდი თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია:

ა) ორგანიზება გაუწიოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთათვის კომპენსაციის გაცემას;

ბ) განახორციელოს ფონდში არსებული შემოსავლების ბრუნვის კონტროლი;

გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს ეკონომიკური საქმიანობა;

დ) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისაგან, იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან მოითხოვოს და მიიღოს თავისი საქმიანობისათვის საჭირო, კანონმდებლობით ნებადართული ინფორმაცია;

ე) მოაწყოს კონფერენციები, თათბირები, სემინარები და გამოიყენოს ინფორმაციის გავრცელების სხვა საშუალებები.

2. ფონდი თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს.

    მუხლი 5. ფონდის ქონება

1. ფონდს დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად ქონებას გადასცემს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ფონდის წლიურ ბალანსს ამტკიცებს სამინისტრო.

3. ფონდის წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.

    მუხლი 6. ფონდის შემოსავლის წყაროები

ფონდის დაფინანსების წყაროებია:

ა) სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრები;

ბ) საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან მიღებული სახსრები;

გ) იურიდიული და ფიზიკური პირების შემოწირულობები;

დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

    მუხლი 7. საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას

1. ფონდმა სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;

ე) სხვა გადაწყვეტილებების მიღება ფონდის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის ბ“ და გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე სამინისტროს უარი უნდა იყოს დასაბუთებული.

    მუხლი 8. ფონდის მართვა და სტუქტურა

ფონდის ხელმძღვანელი ორგანოებია:

ა) სამეთვალყურეო საბჭო;

ბ) დირექტორი.

    მუხლი 9. ფონდის სამეთვალყურეო საბჭო

1. ფონდის სამეთვალყურეო საბჭო არის ფონდის საქმიანობის კოორდინაციის მიზნით შექმნილი ორგანო.

2. სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში შედიან ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში მომუშავე სახელმწიფო უწყებების, არასამეწარმეო იურიდიული პირებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ამავე სფეროს სპეციალისტები და მეცნიერები.

3. საქართველოს პრეზიდენტი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს (შემდეგში – საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო) წარდგინებით 1 წლით ნიშნავს სამეთვალყურეო საბჭოს 7 წევრს.

4. სამეთვალყურეო საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს ფონდის დირექტორი, ფონდის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ან თანამშრომელი.

5. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს საბჭოს წევრები ირჩევენ თავისი შემადგენლობიდან არანაკლებ 5 ხმით.

6. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას მისივე დავალებით ასრულებს სამეთვალყურეო საბჭოს ერთ-ერთი წევრი.

7. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იწვევს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომას და ადგენს დღის წესრიგს.

8. სამეთვალყურეო საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს არანაკლებ 5 წევრი. სამეთვალყურეო საბჭო გადაწყვეტილებას იღებს დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.

9. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომები ტარდება საჭიროებისამებრ, ფონდის საქმიანობის შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ სამ თვეში ერთხელ. ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს სხდომის გამართვის შესახებ ეცნობებათ სხდომის ჩატარებამდე არანაკლებ 7 დღით ადრე.

10. საბჭოს გადაწყვეტილებები ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე. იმ შემთხვევაში, თუ საბჭოს რომელიმე წევრი არ ეთანხმება სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას, მას უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დააფიქსიროს სხდომის ოქმში.

11. სამეთვალყურეო საბჭოს წევრები ვალდებული არიან უზრუნველყონ იმ ინფორმაციის კონფიდენციალურობა, რომელიც მათთვის ცნობილი გახდა სამეთვალყურეო საბჭოს წევრის საქმიანობის განხორციელებისას.

12. სამეთვალყურეო საბჭო:

ა) განიხილავს ფონდის საქმიანობის პერიოდულ და წლიურ ანგარიშს და ბიუჯეტის პროექტს;

ბ) ამტკიცებს ფონდის წლიურ სამუშაო პროგრამას;

გ) განიხილავს, ამტკიცებს და საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს ფონდის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ.

13. სამეთვალყურეო საბჭოს უფლება აქვს მოითხოვოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და შეამოწმოს წარმოდგენილი მონაცემებისა და ინფორმაციის სისწორე.

    მუხლი 10. ფონდის დირექტორი

1. ფონდს მართავს დირექტორი, რომელსაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის (შემდეგში – მინისტრი) წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

2. ფონდის დირექტორი:

ა) ხელმძღვანელობს ფონდის საქმიანობას და აწესრიგებს ფონდის გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;

ბ) მოქმედებს ფონდის სახელით და წარმოადგენს მის ინტერესებს სპეციალური რწმუნების გარეშე ყველა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებებთან ურთიერთობისას, აგრეთვე სასამართლოში;

გ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ფონდის თანამშრომლებს;

დ) გამოსცემს ინდივიდუალური ხასიათის ბრძანებებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა ფონდის ყველა თანამშრომლისათვის;

ე) მინისტრთან შეთანხმებით ამტკიცებს დაწესებულების საშტატო ნუსხას და შრომის ანაზღაურების ფონდს;

ვ) ამტკიცებს ფონდის და თავშესაფრის შინაგანაწესს;

ზ) განკარგავს ფონდის სახსრებს და აკონტროლებს მათ გამოყენებას, პასუხისმგებელია ფონდის საკუთრებაში და/ან სარგებლობაში არსებული ქონებისა და ფულადი სახსრების მიზნობრივი და სწორი ხარჯვისათვის;

თ) დებს ხელშეკრულებებს;

ი) ფონდის საქმეებს უძღვება ერთპიროვნულად და პერსონალურად აგებს პასუხს ფონდის საქმიანობის სწორად და კანონიერად წარმართვისათვის;

კ) სამეთვალყურეო საბჭოს წარუდგენს ფონდის საქმიანობის პერიოდულ და წლიურ ანგარიშს.

3. ფონდის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დირექტორის მოადგილე.

    მუხლი 11. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულება (თავშესაფარი)

1. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულება (თავშესაფარი) იქმნება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების მიზნით და არის ფონდის სტრუქტურული ერთეული.

2. თავშესაფარი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებს.

3. თავშესაფრის მომსახურებით ისარგებლებს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი – პირი, რომელსაც ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის შედეგად მიადგა მორალური, ფიზიკური ან ქონებრივი ზიანი, და რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოსთან შექმნილი მუდმივმოქმედი ჯგუფის მიერ მიჩნეულია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლად.

4. თავშესაფარში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის განთავსება შესაძლებელია მხოლოდ მისი თანხმობით.

5. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის თავშესაფარში მოთავსების საკითხი არ არის დამოკიდებული შესაბამის დანაშაულთან დაკავშირებული სისხლის სამართალის პროცესის მწარმოებელ ორგანოსთან მის თანამშრომლობაზე.

    მუხლი 12. თავშესაფარში მიღების პროცედურა

1. საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოსთან შექმნილი მუდმივმოქმედი ჯგუფი სავარაუდო მსხვერპლის მიერ თავშესაფრისათვის ან შესაბამისი დაწესებულებისათვის მიმართვიდან არა უგვიანეს 48 საათისა იღებს გადაწყვეტილებას მისთვის მსხვერპლის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

2. ეროვნული რეფერალური მექანიზმის თანახმად მუდმივმოქმედი ჯგუფი იღებს გადაწყვეტილებას ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

3. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში აღნიშნული პირის გადაყვანა მოხდება თავშესაფარში.

4. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის თავშესაფარში მოთავსება ხდება ხელშეკრულების საფუძველზე, მისი ასაკის, სქესის და სპეციალური მოთხოვნების გათვალისწინებით. ხელშეკრულება იდება მსხვერპლსა და თავშესაფრის ადმინისტრა­ტორს შორის.

5. თავშესაფარში მისვლისთანავე ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლს უტარდება სამედიცინო შემოწმება.

6. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი ვალდებულია დაიცვას თავშესაფრის შინაგანაწესი, რომელიც მას გადაეცემა თავშესაფარში მისვლისთა­ნავე.

    მუხლი 13. თავშესაფარში ყოფნის ხანგრძლივობა და თავშესაფრის დატოვების პირობები

1. თავშესაფარში ყოფნის ხანგრძლივობა განისაზღვრება 3 თვით. აღნიშნული პერიოდის ამოწურვის შემდეგ მოხდება მსხვერპლის მდგომარე­ობის შეფასება და, საჭიროების შემთხვევაში, თავშესაფრის ადმინისტრატორის მიერ ვადის გაგრძე­ლება.

2. მსხვერპლის მიერ თავშესაფრის დატოვება შესაძლებელია აღნიშნული ვადის ამოწურვამდეც, თუ ის მიიჩნევა ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანმრთელად ან თავად სურს თავშესაფრის დატოვება.

3. თავშესაფრის შინაგანაწესის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი ტოვებს თავშესაფარს.

4. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის სურვილისამებრ, თავშესაფარი მას უზრუნველყოფს შემდეგი სახის უფასო მომსახურებით:

ა) ღირსეული არსებობისათვის შესაფერისი, უსაფრთხო საცხოვრებელი ადგილით;

ბ) საკვებითა და ტანსაცმლით;

გ) სამედიცინო დახმარებით;

დ) ფსიქოლოგიური კონსულტაციით;

ე) იურიდიული დახმარებითა და სასამართლო წარმომადგენლობით;

ვ) მსხვერპლისათვის გასაგებ ენაზე ინფორმაციის მიწოდებით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – თარჯიმნის მომსახურებით;

ზ) რეაბილიტაციისა და ოჯახსა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მოკლე და გრძელვადიან პროგრამებში მონაწილეობით (პროფესიული სწავლებისა და საგანმანათლებლო პროგრამები, ხელშეწყობა დასაქმე­ბაში).

    მუხლი 14. თავშესაფრის მართვა და პერსონალი

1. თავშესაფარს ხელმძღვანელობს ადმინისტრა­ტორი, რომელსაც ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის)­ მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დირექტორის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს ფონდის სამეთვალყურეო საბჭო არანკლებ 5 ხმით.

2. ადმინისტრატორი:

ა) ხელმძღვანელობს თავშესაფარს და პასუხისმგებელია მისი ნორმალური ფუნქციონირებისათვის;

ბ) წარმოადგენს თავშესაფარს მესამე პირებთან ურთიერთობაში;

გ) თავისი საქმიანობის ანგარიშს პერიოდულად წარუდგენს ფონდის დირექტორს.

3. თავშესაფარს ჰყავს:

ა) მუდმივი მომსახურე პერსონალი – ექიმი, ფსიქოლოგი, იურისტი, სოციალური მუშაკი და სხვა სპეციალისტები, რომელთაც უნდა ჰქონდეთ შესაბამისი განათლება (იურიდიული, სამედიცინო, ფსიქოლოგიური, სოციალური) და გაიარეს სწავლების სპეციალური კურსი ტრეფიკინგთან დაკავშირებით ან აქვთ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთან მუშაობის გამოცდილება;

ბ) დროებითი მომსახურე პერსონალი – სპეციალის­ტები, რომელთა სამსახურში აყვანა ხდება დროებით, საჭიროებისამებრ, ხელშეკრულების საფუძველზე.

4. თავშესაფრის ადმინისტრაცია და მომსახურე პერსონალი ვალდებული არიან უზრუნველყონ სამსახურებრივი ინფორმაციის კონფიდენციალურობა.

    მუხლი 15. ფონდის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი

1. სამინისტრო ახორციელებს ფონდის სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს ფონდის საქმიანობის მიზანშეწონილობის, კანონიერების, საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის კანონიერებისა და ეფექტიანობის ზედამხედველობას.

2. მინისტრი ფონდისაგან გამოითხოვს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო დოკუმენტაციასა და ინფორმაციას.

3. მინისტრი უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს ფონდის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.

    მუხლი 16. ფონდის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

1. ფონდის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ფონდის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.

    მუხლი 17. ფონდის დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი

ფონდის დებულებაში ცვლილებები შედის საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.