Document structure
View explanations
Referenced documents
Document Highlights
ორიგინალი ვერსია იხილეთ ბმულზე
საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე განთავსებულ
ევროკავშირის კანონმდებლობის აქტების ქართულენოვან ვერსიებს
არ გააჩნია ოფიციალური იურიდიული ძალა
ევროპარლამენტისა და საბჭოს 2024 წლის 24 აპრილის
დირექტივა (EU) 2024/1226
ევროკავშირის შემაკავებელი ზომების დარღვევისთვის სისხლისსამართლებრივი დანაშაულებისა და სასჯელის სახეების განსაზღვრისა და დირექტივაში (EU) 2018/1673 შესწორებების შეტანის შესახებ
ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ,
ითვალისწინებენ რა ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულებას, კერძოდ, ამ ხელშეკრულების 83(1) მუხლს,
ითვალისწინებენ რა საბჭოს 2022 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას (EU) 2022/2332 ევროკავშირის შემაკავებელი ზომების დარღვევის იმ დანაშაულის ტიპად განსაზღვრის შესახებ, რომელიც აკმაყოფილებს ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ 1 ხელშეკრულების 83(1)-ე მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს და, კერძოდ, მის 1-ელ მუხლს,
ითვალისწინებენ რა ევროკომისიის წინადადებას,
წევრი სახელმწიფოების პარლამენტებისთვის საკანონმდებლო აქტის პროექტის გადაცემის შემდეგ,
ითვალისწინებენ რა ევროპის ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მოსაზრებას 2,
მოქმედებენ რა მიღებული საკანონმდებლო პროცედურის შესაბამისად 3,
ვინაიდან:
(1) ევროკავშირის შემაკავებელი ზომების ეფექტური გამოყენების, ევროკავშირის შიგნით შიდა ბაზრის ერთიანობის უზრუნველსაყოფად და თავისუფლების, უსაფრთხოებისა და სამართლიანობის სფეროში უსაფრთხოების მაღალი დონის მისაღწევად, აუცილებელია მინიმალური წესების დადგენა ევროკავშირის აღნიშნული შემაკავებელი ზომების დარღვევისთვის სისხლისსამართლებრივი დანაშაულისა და სასჯელის განმარტებასთან დაკავშირებით.
(2) ევროკავშირის შემაკავებელი ზომები, როგორებიცაა ფულადი სახსრებისა და ეკონომიკური რესურსების გაყინვასთან დაკავშირებული ზომები, ფულადი სახსრებისა და ეკონომიკური რესურსების ხელმისაწვდომობის აკრძალვები და წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლის ან გადაადგილების აკრძალვები, აგრეთვე, დარგობრივი ეკონომიკური და ფინანსური ზომები და იარაღის ემბარგო წარმოადგენს აუცილებელ ინსტრუმენტს ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების 21-ე მუხლში მითითებული ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მიზნების ხელშესაწყობად. აღნიშნული მიზნები მოიცავს ევროკავშირის ღირებულებების, უსაფრთხოების, დამოუკიდებლობისა და ერთიანობის დაცვას, დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების კონსოლიდაციასა და მხარდაჭერას და მშვიდობის შენარჩუნებას, კონფლიქტების თავიდან აცილებას და საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებას გაერთიანებული ერების ქარტიის მიზნებისა და პრინციპების შესაბამისად.
(3) ევროკავშირის შემაკავებელი ზომების ეფექტიანი გამოყენების უზრუნველსაყოფად, აუცილებელია წევრ სახელმწიფოებს ჰქონდეთ ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი სისხლისსამართლებრივი და არასისხლისსამართლებრივი დანაშაულებისთვის მოსახდელი სასჯელის სახეები ევროკავშირის აღნიშნული შემაკავებელი ზომების, მათ შორის, ვალდებულებების დარღვევისთვის, როგორებიცაა აღნიშნულ ზომებში შემავალი ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულება. ასევე აუცილებელია, რომ სასჯელის აღნიშნული სახეები ეხებოდეს ევროკავშირის შემაკავებელი ზომების გვერდის ავლას.
(4) ევროკავშირის შემაკავებელი ზომების ეფექტური გამოყენება საჭიროებს საერთო მინიმალურ წესებს ევროკავშირის შემაკავებელი ზომების დამრღვევი დანაშაულებრივი ქმედების განმარტებებთან დაკავშირებით. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ეს ქმედება წარმოადგენდეს სისხლისსამართლებრივ დანაშაულს, როდესაც ის არის განზრახული და არღვევს აკრძალვას ან ვალდებულებას, რომელიც არის ევროკავშირის შემაკავებელი ზომა ან, რომელიც გათვალისწინებულია ევროკავშირის შემაკავებელი ზომის განმახორციელებელ ეროვნულ დებულებაში, თუ საჭიროა აღნიშნული ზომის სახელმწიფო მასშტაბის განხორციელება. გარკვეული ქმედება ასევე უნდა იყოს სისხლისსამართლებრივი დანაშაული, თუ ის განხორციელდა სერიოზული გულგრილობით. წინამდებარე დირექტივით განსაზღვრულ სისხლისსამართლებრივ დანაშაულებთან დაკავშირებით, ცნება „სერიოზული გულგრილობის“ ინტერპრეტაცია უნდა მოხდეს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს შესაბამისი პრეცედენტული სამართლის გათვალისწინებით. წევრ სახელმწიფოებს უნდა შეეძლოთ გადაწყვიტონ, რომ ევროკავშირის შემაკავებელი ზომა, რომელიც დაკავშირებულია ფულად სახსრებთან, ეკონომიკურ რესურსებთან, საქონელთან, მომსახურებასთან, ტრანზაქციებთან ან 10 000 ევროზე ნაკლები ღირებულების საქმიანობასთან, არ წარმოადგენდეს სისხლისსამართლებრივ დანაშაულს. წინამდებარე დირექტივის რეგულირების სფეროდან გარკვეული დარღვევების გამორიცხვა გავლენას არ ახდენს რაიმე ვალდებულებაზე, რომელიც დადგენილია ევროკავშირის შემაკავებელი ზომების განმსაზღვრელ აქტებში იმის უზრუნველსაყოფად, რომ დარღვევები დაისაჯოს ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი სისხლისსამართლებრივი ან არასისხლისსამართლებრივი დანაშაულებისთვის გათვალისწინებული სასჯელის სახეებით.
(5) აქტები, რომლებიც აწესებენ ევროკავშირის შემაკავებელ ზომებს, შეიძლება განსაზღვრავდეს გამონაკლისებს მათში დადგენილი აკრძალვებიდან გათავისუფლების ან გამონაკლისების დაშვების სახით. ქმედება, რომელიც შედის ევროკავშირის შემაკავებელი ზომის განმსაზღვრელი აქტით გათვალისწინებულ გამონაკლისში ან დაშვებულია წევრი სახელმწიფოების კომპეტენტური ორგანოების მიერ მინიჭებული გამონაკლისის საშუალებით, ევროკავშირის შემაკავებელი ზომების განმსაზღვრელი აქტების შესაბამისად, არ უნდა ითვლებოდეს ევროკავშირის შემაკავებელი ზომის დარღვევად.
(6) კერძოდ, ევროკავშირის შემაკავებელი ზომების ეფექტური გამოყენება საჭიროებს ზომების დარღვევასთან დაკავშირებულ საერთო მინიმალურ წესებს, რაშიც შედის საბჭოს შესაბამის რეგულაციებში დადგენილი ფულადი სახსრების ან ეკონომიკური რესურსების გაყინვა. აღნიშნული ზომებში შედის ფულად სახსრებზე ან ეკონომიკური რესურსებზე პირდაპირ ან ირიბად ხელმისაწვდომობის აკრძალვა იმ ზომებს დაქვემდებარებული ფიზიკური ან იურიდიული პირებისთვის, სუბიექტების თუ ორგანოებისთვის ან მათ სასარგებლოდ, რომლებიც მოიცავს ფულადი სახსრების ან ეკონომიკური რესურსების გაყინვას, ასევე ყველა სახის იმ ფულადი სახსრების და ეკონომიკური რესურსების გაყინვის ვალდებულებას, რომლებიც ეკუთვნით ერთი და იგივე პირებს, სუბიექტებს ან ორგანოებს, არის მათ საკუთრებაში, მფლობელობაში ან კონტროლქვეშ.
(7) ევროკავშირის შემაკავებელ ზომებში შედის შეზღუდვები დაშვებაზე (მოგზაურობის აკრძალვა), რასაც უნდა მოიცავდეს ეს დირექტივა. როგორც წესი, საბჭოს გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებული მსგავსი ზომები, რომლებიც მიღებულ იქნა ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების 29-ე მუხლის საფუძველზე და განხორციელდა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის მეშვეობით, ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს გაატარონ აუცილებელი ზომები, რათა აღკვეთონ დანიშნული პირების შესვლა ან გადაადგილება წევრი სახელმწიფოს ტერიტორიის ყველა ზონაში.
(8) სასურველია, წევრმა სახელმწიფოებმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ მოქალაქეობისა და ბინადრობის მინიჭების მექანიზმებს, რათა ევროკავშირის შემაკავებელ ზომებს დაქვემდებარებულმა პირებმა არ გამოიყენონ აღნიშნული მექანიზმები ევროკავშირის ამ შემაკავებელი ზომების დასარღვევად.
(9) ნებისმიერი სახის გარიგების, მათ შორის, ფინანსური გარიგებების დადება ან გაგრძელება, აგრეთვე ნებისმიერი საჯარო ან საკონცესიო ხელშეკრულების მინიჭება ან უწყვეტი შესრულება, რომელიც ხვდება ევროპარლამენტისა და საბჭოს დირექტივების 2009/81/EC 4, 2014/23/EU 5, 2014/24/EU 6 ან 2014/25/EU 7 რეგულირების ფარგლებში, მესამე სახელმწიფოსთან, მესამე სახელმწიფოს ორგანოებთან ან სუბიექტებსა და ორგანოებთან, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად არიან მესამე სახელმწიფოს ან მესამე სახელმწიფოს ორგანოების მფლობელობაში ან კონტროლქვეშ, უნდა წარმოადგენდეს სისხლისსამართლებრივ დანაშაულს, თუ ამ ქცევის აკრძალვა ან შეზღუდვა წარმოადგენს ევროკავშირის შემაკავებელ ზომას.
(10) ევროკავშირის შემაკავებელი ზომები მოიცავს საქონლითა თუ მომსახურებით ვაჭრობის, იმპორტის, ექსპორტის, გაყიდვის, შესყიდვის, გადაცემის, ტრანზიტის ან ტრანსპორტირების აკრძალვას. აღნიშნული აკრძალვების დარღვევა უნდა წარმოადგენდეს სისხლისსამართლებრივ დანაშაულს, მათ შორის, თუ საქონლის იმპორტი ან ექსპორტი ხორციელდება მესამე ქვეყნიდან ან მესამე ქვეყანაში, მათი დანიშნულების ადგილზე გადატანის მიზნით, რომელთან მიმართებაში აღნიშნული საქონლის იმპორტის, ექსპორტის, გაყიდვის, შესყიდვის, გადაცემის, ტრანზიტის ან ტრანსპორტირების აკრძალვა არის ევროკავშირის შემაკავებელი ზომა. პირდაპირი ან ირიბი ტექნიკური დახმარების, საბროკერო მომსახურების, სადაზღვევო და ამ საქონელთან ან მომსახურებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა მომსახურების გაწევა ასევე უნდა წარმოადგენდეს სისხლისსამართლებრივ დანაშაულს. ამ მიზნით, „საქონლის“ ცნება მოიცავს ისეთ საგნებს, როგორებიცაა სამხედრო ტექნოლოგია და აღჭურვილობა, საქონელი, პროგრამული უზრუნველყოფა და ტექნოლოგია, რომლებიც შეტანილია 2023 წლის 20 თებერვალს 8 საბჭოს მიერ მიღებულ ევროკავშირის საერთო სამხედრო სიაში ან ჩამოთვლილია ევროპარლამენტისა და საბჭოს რეგულაციის (EU) 2021/821 I და IV დანართებში 9.
(11) ევროკავშირის შემაკავებელი ზომები მოიცავს ფინანსური მომსახურების მიწოდებასთან ან ფინანსური საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებულ დარგობრივ ეკონომიკურ და ფინანსურ ზომებს. ამ ფინანსური მომსახურებასა და საქმიანობაში შედის დაფინანსება და ფინანსური დახმარება, ინვესტიციებისა და საინვესტიციო მომსახურების უზრუნველყოფა, მიმოქცევადი ფასიანი ქაღალდებისა და ფულადი ბაზრის ინსტრუმენტების გამოშვება, დეპოზიტების მიღება, სპეციალიზებული ფინანსური შეტყობინების მომსახურების მიწოდება, ბანკნოტებით ვაჭრობა, საკრედიტო რეიტინგის მომსახურების უზრუნველყოფა და კრიპტოაქტივებისა და საფულეების უზრუნველყოფა, მაგრამ მხოლოდ აღნიშნულით არ შემოიფარგლება. აღნიშნული დარგობრივი ეკონომიკური და ფინანსური ზომების დარღვევა უნდა იყოს სისხლისსამართლებრივი დანაშაული.
(12) ევროკავშირის შემაკავებელ ზომებში შედის ფინანსური მომსახურების გარდა სხვა სახის მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებული დარგობრივი ეკონომიკური და ფინანსური ზომები. აღნიშნული მომსახურება მოიცავს იურიდიული საკონსულტაციო მომსახურების, სანდო მომსახურების, საზოგადოებასთან ურთიერთობის მომსახურების, ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტის, ბუღალტერიის წარმოებისა და საგადასახადო კონსულტაციის მომსახურების, სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული და მმართველობითი კონსულტაციების, ინფორმაციული ტექნოლოგიების კონსულტაციების, მაუწყებლობის, არქიტექტურული და საინჟინრო მომსახურებების უზრუნველყოფას, მაგრამ არ შემოიფარგლება მათით. ხსენებული დარგობრივი ეკონომიკური და ფინანსური ზომების დარღვევა უნდა წარმოადგენდეს სისხლისსამართლებრივ დანაშაულს.
(13) წინამდებარე დირექტივის არც-ერთი დებულება არ უნდა იქნეს გაგებული, როგორც ფიზიკური პირებისთვის რაიმე ვალდებულების დაკისრება, რაც ზიანს მიაყენებდა ევროპარლამენტისა და საბჭოს დირექტივის (EU) 2016/343 მე-7 მუხლში, მისით ხელშეკრული წევრი სახელმწიფოებისთვის, და ევროკავშირის ძირითად უფლებათა ქარტიის („ქარტია“) 48-ე მუხლში გათვალისწინებულ საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენების არმიცემისა და დუმილის უფლებას 10.
(14) ევროკავშირის შემაკავებელი ზომების ეფექტური გამოყენება მოითხოვს საერთო მინიმალურ წესებს ისეთი ქმედებების მომცველი სისხლისსამართლებრივი დანაშაულების განსაზღვრასთან დაკავშირებით რომლებიც გვერდს უვლის ევროკავშირის შემაკავებელ ზომებს.
(15) ევროკავშირის შემაკავებელი ზომების გვერდის ავლის სულ უფრო ფართოდ გავრცელებული ქმედების მაგალითია დანიშნული პირების, სუბიექტებისა და ორგანოების პრაქტიკა, გამოიყენონ, მესამე მხარეს გადასცენ ან სხვაგვარად განკარგონ ფულადი სახსრები ან ეკონომიკური რესურსები, რომლებიც პირდაპირ ან ირიბადაა ამ დანიშნული პირების, სუბიექტების ან ორგანოების საკუთრებაში, მფლობელობაში ან კონტროლქვეშ ამ ფულადი სახსრების ან ეკონომიკური რესურსების დამალვის მიზნით. გარდა ამისა, ყალბი ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის, მათ შორის, არასრული შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების პრაქტიკა, იმის დაფარვის მიზნით, რომ დანიშნული პირი, სუბიექტი ან ორგანო არის ევროკავშირის შემაკავებელ ზომებს დაქვემდებარებული ფულადი სახსრების ან ეკონომიკური რესურსების საბოლოო მფლობელი ან ბენეფიციარი, ასევე წარმოადგენს ევროკავშირის შემაკავებელი ზომების გვერდის ავლას. ამგვარად, ევროკავშირის შემაკავებელი ზომების გვერდის ავლის ქმედება უნდა იყოს სისხლისსამართლებრივი დანაშაული ამ დირექტივის მიხედვით.
(16) ევროკავშირის შემაკავებელი ზომების დამდგენი აქტებით გათვალისწინებული ხელისუფლების კომპეტენტური ადმინისტრაციული ორგანოებისადმი შეტყობინების ვალდებულების შეუსრულებლობა უნდა წარმოადგენდეს სისხლისსამართლებრივ დანაშაულს ამ დირექტივის შესაბამისად.
(17) ევროკავშირის შემაკავებელი ზომების ეფექტური გამოყენება საჭიროებს საერთო მინიმალურ წესებს სისხლისსამართლებრივი დანაშაულების განსაზღვრასთან დაკავშირებით, რაშიც შედის ხელისუფლების კომპეტენტური ორგანოების მიერ გარკვეული საქმიანობის განსახორციელებლად მინიჭებული ავტორიზაციით განსაზღვრული პირობების დარღვევა ან შეუსრულებლობა, რაც აღნიშნული ავტორიზაციის არარსებობის შემთხვევაში, წარმოადგენს აკრძალვის ან შეზღუდვის დარღვევას, რაც არის ევროკავშირის შემაკავებელი ზომა. ავტორიზაციის არარსებობის შემთხვევაში განხორციელებული ნებისმიერი საქმიანობა შეიძლება, საქმის ვითარებიდან გამომდინარე, ჩაითვალოს ევროკავშირის შემაკავებელი ზომების დარღვევად, რომლებიც მოიცავს ფინანსური სახსრების ან ეკონომიკური რესურსების გაყინვას, მოგზაურობის აკრძალვას, იარაღის ემბარგოს ან სხვა დარგობრივ ეკონომიკურ და ფინანსურ ზომებს.
(18) წევრი სახელმწიფოების მიერ განსაზღვრული პროფესიონალი იურისტები უნდა დაექვემდებარონ წინამდებარე დირექტივას, მათ შორის, ევროკავშირის შემაკავებელი ზომების დარღვევის შეტყობინების ვალდებულებას პროფესიული საქმიანობის კონტექსტში მომსახურების გაწევისას, როგორიცაა იურიდიული, ფინანსური და სავაჭრო მომსახურება. არსებობს აშკარა რისკი იმისა, რომ შეიძლება ადგილი ჰქონდეს პროფესიონალი იურისტის მომსახურების ბოროტად გამოყენებას ევროკავშირის შემაკავებელი ზომების დარღვევის მიზნით. მიუხედავად ამისა, უნდა არსებობდეს იმ ინფორმაციის შეტყობინების ნებისმიერი ვალდებულებისგან გათავისუფლება, რომელსაც ისინი იღებენ მათი ერთ-ერთი კლიენტისგან ან მის შესახებ, მისი სამართლებრივი მდგომარეობის დადგენის ან ამ კლიენტის დაცვის ან წარმოდგენის ამოცანის შესრულებისას ან სასამართლო წარმოებასთან დაკავშირებით, მათ შორის, კონსულტაციის უზრუნველყოფა ამგვარი საქმის წარმოების დაწყების ან თავიდან აცილების შესახებ. აქედან გამომდინარე, აღნიშნული იურიდიული კონსულტაცია უნდა დაექვემდებაროს პროფესიული საიდუმლოების ვალდებულებას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პროფესიონალი იურისტი განზრახ მონაწილეობს ევროკავშირის შემაკავებელი ზომების დარღვევაში, თუ იურიდიული კონსულტაცია უზრუნველყოფილია ევროკავშირის შემაკავებელი ზომების დარღვევის მიზნით ან თუ პროფესიონალმა იურისტმა იცის, რომ კლიენტი საჭიროებს იურიდიულ კონსულტაციას ევროკავშირის შემაკავებელი ზომების დარღვევის მიზნით.
(19) ევროკავშირის შემაკავებელმა ზომებმა არ უნდა გამოიწვიოს საკრედიტო და საფინანსო ინსტიტუტების კლიენტების დისკრიმინაცია ან მათთვის ფინანსურ მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის არდაშვება.
(20) წინამდებარე დირექტივის მიზანს არ წარმოადგენს გაჭირვებაში მყოფი პირების ჰუმანიტარული დახმარების ან ძირითადი ადამიანური საჭიროებების მხარდასაჭერად განხორციელებული საქმიანობის კრიმინალიზაცია, რომლებიც უზრუნველყოფილია მიუკერძოებლობის, ჰუმანურობის, ნეიტრალიტეტისა და დამოუკიდებლობის პრინციპების და, საჭიროების შემთხვევაში, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად.
(21) წინამდებარე დირექტივის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ჩადენის წახალისება, დახმარება, წაქეზება და თანამზრახველობა უნდა იყოს კრიმინალიზებული. ამ დირექტივის თანახმად გარკვეული სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ჩადენის მცდელობა ასევე უნდა იყოს კრიმინალიზებული.
(22) წინამდებარე დირექტივით განსაზღვრული ევროკავშირის შემაკავებელი ზომების დარღვევასთან დაკავშირებული სისხლისსამართლებრივი დანაშაულებისთვის ფიზიკური პირებისთვის გათვალისწინებული სასჯელი უნდა იყოს ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი. ამ მიზნით, ფიზიკური პირებისთვის უნდა განისაზღვროს თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადის მინიმალური დრო. დამატებითი სასჯელის სახეები ან ზომები ასევე ხელმისაწვდომი უნდა იყოს სისხლის სამართლის საქმისწარმოებაში.
(23) იმის გათვალისწინებით, რომ იურიდიული პირები ასევე ექვემდებარებიან ევროკავშირის შემაკავებელ ზომებს, ეს იურიდიული პირები პასუხისმგებელნი უნდა იყვნენ იმ დანაშაულებისთვის, რომელიც დაკავშირებულია წინამდებარე დირექტივაში განსაზღვრული ევროკავშირის შემაკავებელი ზომების დარღვევასთან. ამრიგად, „იურიდიული პირები“ გაგებულია, როგორც ნებისმიერი სამართლის სუბიექტი, რომელსაც აღნიშნული სტატუსი გააჩნია მოქმედი კანონმდებლობით, გარდა სახელმწიფო უფლებამოსილების განმახორციელებელი სახელმწიფოების, საჯარო ორგანოებისა და ასევე საჯარო საერთაშორისო ორგანიზაციებისა. წინამდებარე დირექტივის მიზნების მისაღწევად, წევრმა სახელმწიფოებმა, რომელთა კანონმდებლობა ითვალისწინებს იურიდიული პირების სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, უნდა უზრუნველყონ, რომ მათ კანონმდებლობაში გათვალისწინებული იყოს წინამდებარე დირექტივით განსაზღვრული სისხლისსამართლებრივი სასჯელის ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი სახეები და სიმკაცრე. წინამდებარე დირექტივის მიზნების მისაღწევად, წევრმა სახელმწიფოებმა, რომელთა კანონმდებლობა არ ითვალისწინებს იურიდიული პირების სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, უნდა უზრუნველყონ, რომ მათ კანონმდებლობაში გათვალისწინებული იყოს წინამდებარე დირექტივით განსაზღვრული სისხლისსამართლებრივი სასჯელის ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი სახეები და სიმკაცრე. წინამდებარე დირექტივით გათვალისწინებული ჯარიმების მაქსიმალური ოდენობები მასში განსაზღვრულ სამართალდარღვევებზე უნდა გავრცელდეს მინიმუმ აღნიშნული სამართალდარღვევის ყველაზე მძიმე ფორმებზე. მნიშვნელოვანია, რომ ქმედების სიმძიმე, ასევე დაინტერესებული იურიდიული პირების ინდივიდუალური, ფინანსური და სხვა გარემოებები იყოს გათვალისწინებული, რათა დაწესებული სასჯელი იყოს ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი. წევრ სახელმწიფოებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, დააწესონ ჯარიმების მაქსიმალური დონე, როგორც შესაბამისი იურიდიული პირის მიერ განხორციელებული საქმიანობის მთლიანი მსოფლიო ბრუნვის პროცენტი, ან _ ფიქსირებული ოდენობით. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა გადაწყვიტონ ამ ორი ვარიანტიდან რომელს გამოიყენებენ წინამდებარე დირექტივის ტრანსპოზიციისას.
(24) როდესაც წევრი სახელმწიფოები, იურიდიულ პირებზე დასაკისრებელი ჯარიმების განსაზღვრისას, ირჩევენ იურიდიული პირის მიერ წარმოებული ბიზნესის მთლიანი მსოფლიო ბრუნვის კრიტერიუმის შემოღებას, მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, გამოთვალონ თუ არა ეს ბრუნვა იმ სამეურნეო წლის შესაბამისად, რომელიც უძღოდა სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ჩადენის წელს, ან სამეურნეო წლის შესაბამისად, რომელიც უძღოდა ჯარიმის დაკისრების გადაწყვეტილებას. წევრმა სახელმწიფოებმა ასევე უნდა განიხილონ წესების დადგენა იმ შემთხვევებისთვის, როდესაც შეუძლებელია ჯარიმის ოდენობის განსაზღვრა იურიდიული პირის მთლიანი მსოფლიო ბრუნვის საფუძველზე დანაშაულის ჩადენის წლის წინა სამეურნეო წელს, ან ჯარიმის დაკისრების გადაწყვეტილების მიღების წინა სამეურნეო წელს. ასეთ შემთხვევებში წევრ სახელმწიფოებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, გაითვალისწინონ სხვა კრიტერიუმები, როგორებიცაა მთლიანი მსოფლიო ბრუნვა სხვადასხვა სამეურნეო წელს. თუ ეს წესები მოიცავს ჯარიმების ფიქსირებული ოდენობის დაწესებას, არ უნდა იყოს აუცილებელი, რომ ამ თანხების მაქსიმალურმა ოდენობამ მიაღწიოს ამ ოდენობებს, რომლებიც დადგენილია ამ დირექტივით, როგორც მინიმალური მოთხოვნა ფიქსირებული ოდენობით დადგენილი ჯარიმების მაქსიმალური დონისთვის.
(25) როცა წევრი სახელმწიფოები ირჩევენ ფიქსირებული ოდენობით დაწესებული ჯარიმების მაქსიმალურ დონეს, ამგვარი ოდენობები უნდა განისაზღვროს შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობაში. მსგავსი ჯარიმების უმაღლესი ოდენობა უნდა გავრცელდეს ამ დირექტივით განსაზღვრულ სისხლისსამართლებრივი დანაშაულების ყველაზე მძიმე ფორმებზე, რომლებიც ჩადენილია ფინანსური ძალის მქონე იურიდიული პირების მიერ. წევრ სახელმწიფოებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა განსაზღვრონ ჯარიმების მაქსიმალური ოდენობის გამოთვლის მეთოდი, მათ შორის, კონკრეტული პირობები. წევრ სახელმწიფოებს შესაძლებლობა აქვთ, რეგულარულად განიხილონ ფიქსირებული ოდენობით დაწესებული ჯარიმების დონეები ინფლაციის მაჩვენებლებისა და ფულადი ღირებულების სხვა რყევების გათვალისწინებით, მათი ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების შესაბამისად. წევრმა სახელმწიფოებმა, რომელთა ვალუტას არ წარმოადგენს ევრო, უნდა უზრუნველყონ ჯარიმების მაქსიმალური ოდენობა თავიანთ ვალუტაში, რომლებიც შეესაბამება ამ დირექტივით განსაზღვრულ ოდენობებს ევროში მისი ძალაში შესვლის თარიღისთვის. აღნიშნულ წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ რეგულარულად განიხილონ ჯარიმების ოდენობები ასევე გაცვლითი კურსის შემუშავებასთან დაკავშირებით.
(26) ჯარიმების მაქსიმალური ოდენობის დაწესება ზიანს არ აყენებს მოსამართლეების ან სასამართლოების დისკრეციულ უფლებამოსილებას, სისხლისსამართლებრივი საქმის წარმოებისას ცალკეულ შემთხვევებში დააწესონ შესაბამისი სასჯელი. ვინაიდან წინამდებარე დირექტივა არ ადგენს ჯარიმების მინიმალურ ოდენობას, მოსამართლეებმა ან სასამართლოებმა ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დააწესონ შესაბამისი სასჯელი შესაბამისი იურიდიული პირის ინდივიდუალური, ფინანსური და სხვა გარემოებებისა და ქმედების სიმძიმის გათვალისწინებით.
(27) დაწესებული ჯარიმების დონეები კიდევ მეტად უნდა დაახლოვდეს და ასეთი დონის ეფექტურობა უნდა შემუშავდეს საერთო დამამძიმებელი გარემოებების შემოღებით, რომლებიც ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისი დებულებების თანახმად, ასახავს ჩადენილი სისხლისსამართლებრივი დანაშაულის სიმძიმეს. „დამამძიმებელი გარემოებების“ ცნება გაგებულ უნდა იქნეს, როგორც ფაქტები, რომლებიც საშუალებას აძლევს ეროვნულ მოსამართლეს ან სასამართლოს, გამოიტანონ უფრო მკაცრი განაჩენი იმავე დანაშაულისთვის, ვიდრე განაჩენი, რომელიც ჩვეულებრივ გამოაქვთ ამ ფაქტების გარეშე, ან როგორც რამდენიმე სისხლისსამართლებრივი დანაშაულის კუმულაციური განხილვის შესაძლებლობა სასჯელის სიმძიმის გაზრდის მიზნით. ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთი მაინც ჩაითვალოს დამამძიმებელ გარემოებად: თუ დანაშაული ჩადენილია საბჭოს ჩარჩო გადაწყვეტილებით 2008/841/JHA განსაზღვრული კრიმინალური ორგანიზაციის ფარგლებში 11; თუ დანაშაული მოიცავდა ფალსიფიცირებულ ან ყალბ დოკუმენტებს; თუ დანაშაული ჩაიდინა პროფესიონალმა მომსახურების მომწოდებელმა ამ პროფესიული მომსახურების მიმწოდებლის პროფესიული ვალდებულებების დარღვევით; თუ დანაშაული ჩაიდინა საჯარო მოხელემ თავისი მოვალეობის შესრულებისას, რომელიც შეიძლება იყოს ნებისმიერი შესაბამისი თანამდებობის პირი, იქნება ეს ოფიციალური თანამდებობა ევროკავშირში, წევრ სახელმწიფოში, თუ მესამე ქვეყნებში, ან საჯარო ფუნქციის განმახორციელებელი ნებისმიერი სხვა პირი; თუ დანაშაულს მოჰქონდა ან მოსალოდნელი იყო მოეტანა მნიშვნელოვანი ფინანსური სარგებელი, ან მის შედეგად თავიდან იქნა აცილებული მნიშვნელოვანი ხარჯები, პირდაპირ ან ირიბად; თუ დამნაშავემ გაანადგურა მტკიცებულებები, ან დააშინა ან გავლენა მოახდინა მოწმეებზე ან მომჩივნებზე; ან თუ ფიზიკური ან იურიდიული პირი ადრე იყო საბოლოოდ მსჯავრდადებული. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ამ დამამძიმებელ გარემოებათაგან ერთი მაინც იყოს გათვალისწინებული, როგორც შესაძლო დამამძიმებელი გარემოება დამამძიმებელ გარემოებათა შესახებ მათ სამართლებრივ სისტემაში მოქმედი წესების შესაბამისად. ნებისმიერ შემთხვევაში, მოსამართლემ ან სასამართლომ, შეხედულებისამებრ, უნდა განსაზღვროს გაამკაცრებს თუ არა სასჯელს თითოეულ ცალკეულ შემთხვევაში კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით.
(28) ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთი მაინც ჩაითვალოს შემამსუბუქებელ გარემოებად: თუ დამნაშავე ხელისუფლების კომპეტენტურ ორგანოებს წარუდგენს ინფორმაციას, რომლის მიღებასაც ისინი სხვაგვარად ვერ შეძლებდნენ, რაც ეხმარება მათ სხვა დამნაშავეების იდენტიფიცირებასა ან პასუხისგებაში მიცემაში; ან თუ დამნაშავე ხელისუფლების კომპეტენტურ ორგანოებს აწვდის ინფორმაციას, რომლის მიღებასაც ისინი სხვაგვარად ვერ შეძლებდნენ, რაც მათ ეხმარება მტკიცებულებების მოძიებაში. შემამსუბუქებელი გარემოებების შეფასებისას მოსამართლემ ან სასამართლომ, შეხედულებისამებრ, უნდა განსაზღვროს შეამსუბუქებს თუ არა სასჯელს თითოეული ცალკეული შემთხვევის კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით. ეს გარემოებები შეიძლება მოიცავდეს მოწოდებული ინფორმაციის ბუნებას, მიწოდების დროს, ამომწურაობას და დამნაშავის მიერ უზრუნველყოფილი თანამშრომლობის დონეს.
(29) ევროკავშირის შემაკავებელი ზომებით დაწესებული ფულადი სახსრებისა და ეკონომიკური რესურსების გაყინვას ადმინისტრაციული ხასიათი აქვს. როგორც ასეთი, ის უნდა განსხვავდებოდეს ევროპარლამენტისა და საბჭოს დირექტივაში 2014/42/EU მითითებული სისხლის სამართლებრივი ხასიათის მქონე გაყინვის ზომებისგან 12. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ ამ დირექტივაში მითითებული დანაშაულებრივი ინსტრუმენტებისა და შემოსავლების გაყინვა და კონფისკაცია. დირექტივით 2014/42/EU ხელშეკრულმა წევრმა სახელმწიფოებმა ამგვარად უნდა იმოქმედონ აღნიშნული დირექტივის შესაბამისად. გარდა ამისა, კონკრეტულად იმ სიტუაციებში, როდესაც დანიშნული პირი ან დანიშნული პირის ან ორგანოს წარმომადგენელი ჩადის გარკვეულ დანაშაულებს ან მონაწილეობს მათ ჩადენაში, რომლებიც დაკავშირებულია ევროკავშირის შემაკავებელი ზომების გვერდის ავლასთან, საჭიროა იმ ფულადი სახსრებისა და ეკონომიკური რესურსების გაყინვა და კონფისკაცია, რომლებიც ექვემდებარება ევროკავშირის შემაკავებელ ზომებს, მაშინაც კი, როდესაც ისინი შეიძლება არ წარმოადგენენ დანაშაულის ინსტრუმენტებს ან ფინანსურ მოგებას დირექტივის 2014/42/EU შესაბამისად. აღნიშნულ გარემოებებში, დამალვის ქმედების განხორციელების შედეგად, დანიშნულ პირს, სუბიექტს ან ორგანოს შეუძლია გააგრძელოს წვდომა და სრულად გამოიყენოს ან განკარგოს ევროკავშირის შემაკავებელი ღონისძიებების მოქმედების ქვეშ მოქცეული დამალული ფინანსური სახსრები ან ეკონომიკური რესურსები. აქედან გამომდინარე, ეს სახსრები ან ეკონომიკური რესურსები უნდა დაექვემდებაროს გაყინვასა და კონფისკაციას დირექტივის 2014/42/EU შესაბამისად. კეთილსინდისიერი მესამე მხარის უფლებები არ უნდა დაირღვეს.
(30) წევრმა სახელმწიფოებმა უნდა განსაზღვრონ წესები ხანდაზმულობის ვადებთან მიმართებაში, რომლებიც აუცილებელია ევროკავშირის შემაკავებელი ზომების დარღვევასთან დაკავშირებული სისხლისსამართლებრივ დანაშაულებთან ეფექტურად საბრძოლველად, ეროვნული წესების დაურღვევლად, რომლებიც არ ადგენენ ხანდაზმულობის ვადებს გამოძიების, დევნისა და აღსრულებისთვის. ამ დირექტივის თანახმად, წევრ სახელმწიფოებს ეძლევათ ნებართვა, დააწესონ აღნიშნულ დირექტივაში განსაზღვრული უფრო ხანმოკლე ხანდაზმულობის ვადები იმ პირობით, რომ მათ სამართლებრივ სისტემებში შესაძლებელი იყოს შეწყდეს ან შეჩერდეს ეს შედარებით ხანმოკლე ხანდაზმულობის ვადები იმ ქმედებების განხორციელების შემთხვევაში, რომლებიც შეიძლება განისაზღვროს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად.
(31) განსაკუთრებით, დამნაშავეთა გლობალურ საქმიანობასთან ერთად ამ დირექტივით განსაზღვრულ სისხლისსამართლებრივ დანაშაულთა ტრანსსასაზღვრო ხასიათისა და ტრანსსასაზღვრო გამოძიების ჩატარების შესაძლებლობის გათვალისწინებით, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა განსაზღვრონ იურისდიქცია აღნიშნულ დანაშაულებთან ეფექტურად ბრძოლის მიზნით.
(32) ევროკავშირის შემაკავებელი ზომების დარღვევის ეფექტური გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის უზრუნველსაყოფად, წევრმა სახელმწიფოებმა ხელისუფლების კომპეტენტური ორგანოებისთვის ხელმისაწვდომი უნდა გახადონ ისეთი ეფექტური საგამოძიებო ინსტრუმენტები, როგორებიცაა ორგანიზებული დანაშაულის ან სხვა სერიოზული დანაშაულის შემთხვევების წინააღმდეგ საბრძოლველად მათი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის მიხედვით ხელმისაწვდომი, თუ და, რამდენადაც ამ ინსტრუმენტების გამოყენება ჩადენილი სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ხასიათისა და სიმძიმისთვის შესაფერისია და მათი პროპორციულია, როგორც ეს გათვალისწინებულია შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით. აღნიშნული ინსტრუმენტები შეიძლება მოიცავდეს საკომუნიკაციო ხაზების მოსმენას, ფარულ თვალთვალს, ელექტრონული თვალთვალის ჩათვლით, კონტროლირებად მიწოდებას, საბანკო ანგარიშების მონიტორინგსა და ფინანსური გამოძიების სხვა ინსტრუმენტებს. ეს ინსტრუმენტები გამოყენებულ უნდა იქნეს პროპორციულობის პრინციპის შესაბამისად და ქარტიის სრული დაცვით. აუცილებელია დაცული იყოს პერსონალური მონაცემების დაცვის უფლება.
(33) ევროპარლამენტისა და საბჭოს დირექტივის (EU) 2019/1937 მე-4 მუხლში მითითებული პირები,13 რომლებიც ინფორმაციას წარუდგენენ ხელისუფლების კომპეტენტურ ორგანოებს ევროკავშირის შემაკავებელი ზომების წარსული, მიმდინარე ან დაგეგმილი დარღვევების, მათ შორის, მათი გვერდის ავლის მცდელობების შესახებ, რომელიც მათ მოიპოვეს სამუშაოსთან დაკავშირებული საქმიანობის კონტექსტში, ამ კონტექსტში საპასუხო ქმედებების რისკის ქვეშ არიან. ინფორმაციის მიმწოდებელ პირთა აღნიშნულმა ინფორმაციამ შეიძლება გააძლიეროს ევროკავშირის შემაკავებელი ზომების აღსრულება იმ ინფორმაციის მიწოდებით, რომელიც დაკავშირებულია, მაგალითად, ევროკავშირის შემაკავებელი ზომების დარღვევის ფაქტებთან, მათ გარემოებებსა და შესაბამის პირებთან, კომპანიებსა და მესამე ქვეყნებთან. აქედან გამომდინარე, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ადეკვატური ზომების გატარება, რათა ამ მომხსენებელ პირებს საშუალება ჰქონდეთ გამოიყენონ კონფიდენციალური არხები ხელისუფლების კომპეტენტური ორგანოების გასაფრთხილებლად და მათი საპასუხო ქმედებებისგან დასაცავად. ამ მიზნით, გათვალისწინებული უნდა იყოს, რომ დირექტივა (EU) 2019/1937 გამოყენებულ იქნეს ევროკავშირის შემაკავებელი ზომების დარღვევის შესახებ შესატყობინებლად და იმ პირთა დასაცავად, რომლებიც იტყობინებიან ამ დარღვევების შესახებ დირექტივაში დადგენილ პირობების შესაბამისად.
(34) ეფექტური, ინტეგრირებული და შეთანხმებული აღსრულების სისტემის უზრუნველსაყოფად, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მოახდინონ შიდა თანამშრომლობისა და კომუნიკაციის კოორდინაცია ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის აღსრულებაში ჩართულ ყველა თავიანთ კომპეტენტურ ორგანოს შორის.
(35) ევროკავშირის შემაკავებელი ზომების დარღვევის ეფექტური გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის უზრუნველსაყოფად, წევრი სახელმწიფოების ხელისუფლების კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა ითანამშრომლონ ერთმანეთთან ევროპოლის, ევროიუსტისა და ევროპის პროკურატურის მეშვეობით, მათი შესაბამისი კომპეტენციის ფარგლებში და მოქმედი სამართლებრივი ჩარჩოს შესაბამისად. წევრი სახელმწიფოების კომპეტენტურმა ორგანოებმა ასევე უნდა გაუზიარონ ინფორმაცია პრაქტიკული საკითხების შესახებ ერთმანეთს და ევროკომისიას. საჭიროების შემთხვევაში, ევროკომისიას შეუძლია შექმნას ექსპერტთა და პრაქტიკოსთა ქსელი საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისა და წევრი სახელმწიფოების ხელისუფლების კომპეტენტური ორგანოებისთვის დახმარების გაწევის მიზნით, რათა ხელი შეუწყოს ევროკავშირის შემაკავებელი ზომების დარღვევასთან დაკავშირებული დანაშაულების გამოძიებას. ამ დახმარებას არ უნდა მოჰყვეს წევრი სახელმწიფოების კომპეტენტური ორგანოების მიერ ჩატარებული ცალკეული სისხლისსამართლებრივი საქმეების გამოძიებასა და სისხლისსამართლებრივ დევნაში ევროკომისიის მონაწილეობა და ის არ უნდა იქნეს გაგებული, როგორც ფინანსური მხარდაჭერის ან ევროკომისიის სხვა საბიუჯეტო ვალდებულებების შემცველი.
(36) წინამდებარე დირექტივით განსაზღვრული სისხლისსამართლებრივი დანაშაულების ეფექტურად სამართავად, აუცილებელია, რომ წევრი სახელმწიფოების ხელისუფლების კომპეტენტურმა ორგანოებმა ამ დანაშაულების შესახებ შეაგროვონ ზუსტი, თანმიმდევრული და შედარებადი სტატისტიკური მონაცემები. ამიტომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ წინამდებარე დირექტივით განსაზღვრული დანაშაულების შესახებ არსებული სტატისტიკური მონაცემების აღრიცხვის, წარმოებისა და გადაცემის სათანადო სისტემა. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული სტატისტიკური მონაცემები წევრმა სახელმწიფოებმა გამოიყენონ სააღსრულებო საქმიანობის სტრატეგიულ და ოპერატიულ დაგეგმვაში, იმ დანაშაულთა მასშტაბისა და ტენდენციების გასაანალიზებლად, რომლებიც დაკავშირებულია ევროკავშირის შემაკავებელი ზომების დარღვევასთან, და ასევე მოქალაქეებისთვის ინფორმაციის მიწოდებისთვის. წევრმა სახელმწიფოებმა ევროკომისიას უნდა გადასცენ იმ არსებული მონაცემებიდან ამოღებული შესაბამისი სტატისტიკური მონაცემები ევროკავშირის შემაკავებელი ზომების დარღვევასთან დაკავშირებული სამართალწარმოების შესახებ, რომლებიც უკვე არსებობს ცენტრალიზებულ ან დეცენტრალიზებულ დონეზე მთელ წევრ სახელმწიფოში. ევროკომისიამ რეგულარულად უნდა შეაფასოს და ანგარიშში გამოაქვეყნოს თავისი შეფასების შედეგები წევრი სახელმწიფოების მიერ გადაცემული სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე.
(37) ევროპარლამენტისა და საბჭოს დირექტივაში (EU) 2018/1673 შესწორებამ 14 უნდა უზრუნველყოს, რომ ევროკავშირის შემაკავებელი ზომების დარღვევა ჩაითვალოს პრედიკატულ დანაშაულად, რომლის შედეგიც შეიძლება იყოს ფულის გათეთრება აღნიშნული დირექტივის შესაბამისად.
(38) ევროკავშირის შემაკავებელი ზომების დარღვევაში მონაწილე ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე პასუხისმგებლობის დაკისრების გადაუდებელი აუცილებლობის გათვალისწინებით, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა აამოქმედონ ამ დირექტივის შესასრულებლად აუცილებელი კანონები, რეგულაციები და ადმინისტრაციული დებულებები წინამდებარე დირექტივის ძალაში შესვლიდან 12 თვის განმავლობაში.
(39) „დანიის პოზიციის შესახებ“ N 22 ოქმის 1-ელი და მე-2 მუხლების შესაბამისად, რომელიც თან ერთვის ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულებას და ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულებას, დანია არ მონაწილეობს წინამდებარე დირექტივის მიღებაში, არ არის მისით ხელშეკრული და არ ექვემდებარება მის გამოყენებას.
(40) ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულებასა და ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულებაზე თანდართული, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის თავისუფლების, უსაფრთხოებისა და მართლმსაჯულების სფეროსთან დაკავშირებით პოზიციის შესახებ No 21 ოქმის მე-3 მუხლის შესაბამისად, 2023 წლის 3 მარტის წერილით, ირლანდიამ ოფიციალურად გამოთქვა სურვილი, მონაწილეობა მიიღოს წინამდებარე რეგულაციის მიღებასა და გამოყენებაში.
(41) ვინაიდან, ამ დირექტივის მიზნები, დაადგინოს საერთო მინიმალური წესები იმ დანაშაულების განსასაზღვრად, რომლებიც უკავშირდება ევროკავშირის შემაკავებელი ზომების დარღვევასა და ეფექტური, გადამარწმუნებელი და თანაზომიერი სისხლისსამართლებრივი სასჯელების დაწესებას სისხლისსამართლებრივი დანაშაულებისთვის, რომლებიც დაკავშირებულია ევროკავშირის შემაკავებელი ზომების დარღვევასთან, საკმარისად ვერ მიიღწევა წევრი სახელმწიფოების მიერ ევროკავშირის შემაკავებელი ზომების დარღვევის თანდაყოლილი ტრანსსასაზღვრო ხასიათისა და მისი პოტენციალის გათვალისწინებით, შეაფერხოს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვისა და ასევე ევროკავშირის საერთო ღირებულებების დაცვის მიზნების მიღწევა, მაგრამ ამ დირექტივის მასშტაბებისა და შედეგების გამო, უკეთესად მიიღწევა ევროკავშირის დონეზე, ევროკავშირს შეუძლია მიიღოს ზომები ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების მე-5 მუხლში გათვალისწინებული სუბსიდიარობის პრინციპის შესაბამისად. იმავე მუხლით განსაზღვრული პროპორციულობის პრინციპის შესაბამისად, წინამდებარე დირექტივა არ სცილდება ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელ ფარგლებს.
(42) ამ დირექტივის განხორციელებისას წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ სისხლის სამართლის პროცესში ეჭვმიტანილი ან ბრალდებული პირების საპროცესო უფლებების დაცვა. ამასთან დაკავშირებით, წინამდებარე დირექტივით ნაკისრმა ვალდებულებებმა არ უნდა იმოქმედოს საპროცესო უფლებების შესახებ ევროკავშირის სამართლებრივი ჩარჩოთი გათვალისწინებულ წევრი სახელმწიფოების ვალდებულებებზე, კერძოდ, ევროპარლამენტისა და საბჭოს დირექტივებზე 2010/64/EU 15, 2012/13/EU 16, 2013/48/EU 17, (EU) 2016/343, (EU) 2016/800 18 და (EU) 2016/1919 19.
(43) წინამდებარე დირექტივა ითვალისწინებს ფუნდამენტურ უფლებებს და იცავს, კერძოდ, ქარტიით აღიარებულ პრინციპებს, მათ შორის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების, პერსონალური მონაცემების დაცვის, ბიზნესის წარმოების თავისუფლებას, საკუთრების უფლებას, სამართლებრივი დაცვის ეფექტური საშუალებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლებას, უდანაშაულობის პრეზუმფციას და დაცვის უფლებას, მათ შორის, საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენების არმიცემისა და დუმილის უფლების, სისხლისსამართლებრივი დანაშაულებისა და სისხლისსამართლებრივი დანაშაულებისთვის მოსახდელ სასჯელთა სახეების კანონიერების პრინციპებს, მათ შორის, სისხლისსამართლებრივი სასჯელის უკუძალის არარსებობის პრინციპს, ასევე ერთი და იმავე დანაშაულისათვის გასამართლებული პირის ხელმეორედ დასჯის აკრძალვის პრინციპს. წინამდებარე დირექტივა მიმართულია ამ უფლებებისა და პრინციპების სრულად დაცვის უზრუნველყოფაზე და უნდა განხორციელდეს შესაბამისად.
მიიღეს წინამდებარე დირექტივა:
მუხლი 1
საგანი და მოქმედების სფერო
წინამდებარე დირექტივა ადგენს მინიმალურ წესებს ევროკავშირის შემაკავებელი ზომების დარღვევისთვის სისხლისსამართლებრივი დანაშაულებისა და სასჯელის განსაზღვრასთან დაკავშირებით.
მუხლი 2
განმარტებები
წინამდებარე დირექტივის მიზნებისთვის გამოიყენება შემდეგი განმარტებები:
(1) „ევროკავშირის შემაკავებელი ზომები“ ნიშნავს ევროკავშირის მიერ მიღებულ შემაკავებელ ზომებს ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების 29-ე მუხლის ან ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების 215-ე მუხლის საფუძველზე;
(2) „დანიშნული პირი, სუბიექტი ან ორგანო“ ნიშნავს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, სუბიექტს ან ორგანოს, რომელიც ექვემდებარება ევროკავშირის შემაკავებელ ზომებს;
(3) „ფულადი სახსრები“ ნიშნავს ფინანსურ აქტივებს და ყველა სახის სარგებელს, რაშიც შედის, მაგრამ არა მხოლოდ:
(a) ნაღდი ფული, ჩეკები, საგადასახადო მოთხოვნები, ტრატები, სალაროს გასავლის ორდერები და სხვა საგადახდო ინსტრუმენტები;
(b) დეპოზიტები საფინანსო ინსტიტუტებში ან სხვა სუბიექტებში, ნაშთები ანგარიშებზე, ვალები და სავალო ვალდებულებები;
(c) საჯარო და კერძო ფასიანი ქაღალდები და სავალო ინსტრუმენტები, მათ შორის, აქციები და წილი, სერტიფიკატები, რომლებიც წარმოადგენს ფასიან ქაღალდებს, ობლიგაციები, საგადახდო დავალებები, ვარანტები, სასესხო ვალდებულებები და დერივატიული კონტრაქტები;
(d) პროცენტები, დივიდენდები ან სხვა შემოსავალი აქტივებზე ან აქტივებიდან დაგროვებული ან მიღებული სარგებელი;
(e) კრედიტები, ურთიერთგაქვითვის უფლება, გარანტიები, შესრულების გარანტიები ან სხვა ფინანსური ვალდებულებები;
(f) აკრედიტივები, კონოსამენტები, ნასყიდობის ხელშეკრულებები;
(g) თანხების ან ფინანსური რესურსების მიმართ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები;
(h) ევროპარლამენტისა და საბჭოს (EU) 2023/1114 რეგულაციის მე-3(1) მუხლის მე-5 ქვეპუნქტით განსაზღვრული კრიპტოაქტივები 20.
(4) „ეკონომიკური რესურსები“ ნიშნავს ყველა სახის აქტივს, იქნება ეს მატერიალური თუ არამატერიალური, მოძრავი თუ უძრავი, რომელიც არ არის ფულადი სახსრები, მაგრამ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ფულადი სახსრების, საქონლის ან მომსახურების მისაღებად;
(5) „ფულადი სახსრების გაყინვა“ ნიშნავს ფულადი სახსრების გადაადგილების, გადაცემის, შეცვლის ან გამოყენების ან ფულადი სახსრების ხელმისაწვდომობის აღკვეთას, ან კიდევ ფულადი სახსრების განკარგვას იმგვარად, რომ ეს გამოიწვევს მათი მოცულობის, ოდენობის, ადგილმდებარეობის, საკუთრების, ფლობის, ბუნების, დანიშნულების ცვლილებას ან ცვლილებას, რომელიც შესაძლებელს გახდის ფულადი სახსრების გამოყენებას, პორტფელის მართვის ჩათვლით;
(6) „ეკონომიკური რესურსების გაყინვა“ ნიშნავს ეკონომიკური რესურსების გამოყენების აკრძალვას ფულადი სახსრების, საქონლის ან მომსახურების მისაღებად, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება მათი გაყიდვით, დაქირავებით ან იპოთეკით.
მუხლი 3
ევროკავშირის შემაკავებელი ზომების დარღვევა
1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ იმ შემთხვევაში, თუ გამიზნულია და არღვევს აკრძალვას ან ვალდებულებას, რომელიც წარმოადგენს ევროკავშირის შემაკავებელ ზომას ან, რომელიც გათვალისწინებულია ევროკავშირის შემაკავებელი ზომის განმახორციელებელ ეროვნულ დებულებაში სახელმწიფო დონეზე განხორციელების საჭიროებისას, შემდეგი ქმედება წარმოადგენდეს სისხლისსამართლებრივ დანაშაულს:
(a) ფულადი სახსრების ან ეკონომიკური რესურსების განსაზღვრული პირის, სუბიექტის ან ორგანოსათვის ან მის სასარგებლოდ პირდაპირ ან არაპირდაპირ ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, იმ აკრძალვის დარღვევით, რომელიც წარმოადგენს ევროკავშირის შემაკავებელ ზომას;
(b) დანიშნული პირის, სუბიექტის ან ორგანოს იმ სახსრების ან ეკონომიკური რესურსების არგაყინვა, რომლებსაც იგი ფლობს ან აკონტროლებს იმ ვალდებულების დარღვევით, რომელიც წარმოადგენს ევროკავშირის შემაკავებელ ზომას;
(c) დანიშნული ფიზიკური პირებისთვის წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლის ან გავლის შესაძლებლობის მიცემა იმ აკრძალვის დარღვევით, რომელიც წარმოადგენს ევროკავშირის შემაკავებელ ზომას;
(d) გარიგებების დადება ან გაგრძელება მესამე სახელმწიფოსთან, მესამე სახელმწიფოს ორგანოებთან ან სუბიექტებთან თუ ორგანოებთან, რომლებსაც მესამე სახელმწიფო ან მესამე სახელმწიფოების ორგანოები პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს ან აკონტროლებს , მათ შორის, საჯარო ან საკონცესიო ხელშეკრულებების მინიჭება ან გაგრძელება, როდესაც ამ ქმედების აკრძალვა ან შეზღუდვა წარმოადგენს ევროკავშირის შემაკავებელ ზომას;
(e) საქონლით ვაჭრობა, მისი იმპორტი, ექსპორტი, გაყიდვა, შეძენა, გადაცემა, ტრანზიტი ან ტრანსპორტირება, აგრეთვე საბროკერო მომსახურების, ტექნიკური დახმარების ან სხვა მომსახურების მიწოდება აღნიშნულ საქონელთან დაკავშირებით, თუ ამ ქმედების აკრძალვა ან შეზღუდვა წარმოადგენს ევროკავშირის შემაკავებელ ზომას;
(f) ფინანსური მომსახურების უზრუნველყოფა ან ფინანსური საქმიანობის განხორციელება, თუ ამ ქმედების აკრძალვა ან შეზღუდვა წარმოადგენს ევროკავშირის შემაკავებელ ზომას;
(ზ) სხვა მომსახურების უზრუნველყოფა, გარდა (f) პუნქტში მითითებული მომსახურებებისა, თუ ამ ქმედების აკრძალვა ან შეზღუდვა წარმოადგენს ევროკავშირის შემაკავებელ ზომას;
(თ) ევროკავშირის შემზღუდავი ღონისძიების გვერდის ავლა:
(i) დანიშნული პირის, სუბიექტის ან ორგანოს პირდაპირ ან არაპირდაპირ საკუთრებაში მყოფი ან მათ კონტროლქვეშ არსებული იმ სახსრების ან ეკონომიკური რესურსების გამოყენება, მესამე მხარისთვის გადაცემა ან სხვაგვარად განკარგვა, რომლებიც უნდა გაიყინოს ევროკავშირის შემაკავებელი ზომის შესაბამისად აღნიშნული სახსრების ან ეკონომიკური რესურსების დამალვის მიზნით;
(ii) ყალბი ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის მიწოდება იმ ფაქტის დასაფარად, რომ დანიშნული პირი, სუბიექტი ან ორგანო არის იმ სახსრების ან ეკონომიკური რესურსების საბოლოო მფლობელი ან ბენეფიციარი, რომლებიც უნდა გაიყინოს ევროკავშირის შემაკავებელი ზომის შესაბამისად;
(iii) დანიშნული ფიზიკური პირის ან დანიშნული პირის ან ორგანოს წარმომადგენლის მიერ იმ ვალდებულების შეუსრულებლობა, რაც წარმოადგენს ევროკავშირის შემაკავებელ ზომას, და რაც მდგომარეობს კომპეტენტური ადმინისტრაციული ორგანოებისთვის მათი კუთვნილი მათ მფლობელობაში ან კონტროლქვეშ და წევრი სახელმწიფოს იურისდიქციაში არსებული სახსრების ან ეკონომიკური რესურსების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაში;
(iv) ვალდებულების შეუსრულებლობა, რომელიც წარმოადგენს ევროკავშირის შემაკავებელ ზომას, წარუდგინოს კომპეტენტურ ადმინისტრაციულ ორგანოებს ინფორმაცია დანიშნული პირების, სუბიექტების ან ორგანოების საკუთრებაში მფლობელობაში ან კონტროლქვეშ არსებულ გაყინულ სახსრებზე ან ეკონომიკურ რესურსებზე, რომლებიც ინახება წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე და, რომლებიც ჯერ არ გაყინულა, თუ ასეთი ინფორმაცია მიღებულ იქნა პროფესიული მოვალეობის შესრულებისას;
(i) ხელისუფლების კომპეტენტური ორგანოების მიერ საქმიანობის განსახორციელებლად მინიჭებული ავტორიზაციის პირობების დარღვევა ან შეუსრულებლობა, რაც ამ ავტორიზაციის არარსებობის შემთხვევაში, არის აკრძალვის ან შეზღუდვის დარღვევა, რომელიც წარმოადგენს ევროკავშირის შემაკავებელ ზომას;
2. წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ დაადგინონ, რომ შემდეგი ქმედება არ წარმოადგენს სისხლისსამართლებრივ დანაშაულს:
(a) ამ მუხლის 1-ელი პუნქტის, (a), (b) და (h) პუნქტებში მოცემული ქმედება, თუ ეს ქმედება გულისხმობს 10 000 ევროზე ნაკლები ღირებულების ფულად სახსრებს ან ეკონომიკურ რესურსებს;
(b) ამ მუხლის 1-ელი პუნქტის (d)-(g) და (i) ქვეპუნქტებში მოცემული ქმედება, თუ ეს ქმედება მოიცავს 10 000 ევროზე ნაკლები ღირებულების საქონელს, მომსახურებას, გარიგებებს ან საქმიანობას.
წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ აუცილებელი ზომები იმის უზრუნველსაყოფად, რომ 10 000 ევროს ან მეტი მინიმალური ზღვარი შეიძლებოდეს დაკმაყოფილდეს წინამდებარე მუხლის 1-ელი პუნქტის (a), (b), და (d)-(i) ქვეპუნქტებში ჩამოთვლილი ერთნაირი და ერთმანეთთან დაკავშირებული ქმედებების სერიის მეშვეობით, თუ აღნიშნულ ქმედებას ახორციელებს ერთი და იგივე სამართალდამრღვევი.
3. წევრი სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ამ მუხლის 1-ელი პუნქტის (e) ქვეპუნქტში მოცემული ქმედება წარმოადგენდეს სისხლისსამართლებრივ დანაშაულს ასევე, თუ ის ჩადენილია სერიოზული გაუფრთხილებლობით, მინიმუმ თუ ეს ქმედება დაკავშირებულია ევროკავშირის საერთო სამხედრო სიაში შეტანილ ან რეგულაციის (EU) 2021/821 I და IV დანართებში ჩამოთვლილ ორმაგი დანიშნულების ნივთებთან.
4. 1-ელი პუნქტის არც-ერთი დებულება არ უნდა იქნეს გაგებული, როგორც პროფესიონალი იურისტებისთვის ვალდებულების დაკისრება, გასცენ ინფორმაცია, რომელსაც ისინი იღებენ ერთ-ერთი კლიენტისგან ან მის შესახებ, როცა ისინი ადგენენ ამ კლიენტის სამართლებრივი პოზიციას ან ასრულებენ მისი სასამართლო პროცესებში დაცვის ან წარმოდგენის ამოცანას ან სასამართლო პროცესთან დაკავშირებულ ამოცანებს, მათ შორის, მსგავსი სამართალწარმოების დაწყების ან თავიდან აცილების შესახებ რჩევის უზრუნველყოფისას.
5. არც-ერთი დებულება 1-ელ, მე-2 და მე-3 პუნქტებში არ უნდა იქნეს გაგებული, როგორც ჰუმანიტარული დახმარების კრიმინალიზაცია გაჭირვებაში მყოფი პირებისთვის ან ადამიანის ძირითად საჭიროებების მხარდამჭერი ქმედებების კრიმინალიზაცია, რომლებიც უზრუნველყოფილია მიუკერძოებლობის, ჰუმანურობის, ნეიტრალიტეტისა და დამოუკიდებლობის პრინციპებისა და, საჭიროების შემთხვევაში, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პრინციპების შესაბამისად.
მუხლი 4
წაქეზება, დახმარება და შეგულიანება და მცდელობა
1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ აუცილებელი ზომები იმის უზრუნველსაყოფად, რომ მე-3 მუხლში მითითებული რომელიმე დანაშაულის ჩადენის წახალისება, მის ჩადენაში დახმარება და მისი წაქეზება იყოს დასჯადი, როგორც სისხლისსამართლებრივი დანაშაული.
2. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ მე-3(1) მუხლის (a), (c)-(g) ქვეპუნქტებში და (h)(i) და (ii) ქვეპუნქტებში მითითებული დანაშაულის ჩადენის მცდელობა ისჯებოდეს, როგორც სისხლისსამართლებრივი დანაშაული.
მუხლი 5
სასჯელის სახეები ფიზიკური პირისთვის
1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ მე-3 და მე-4 მუხლებში მითითებული სისხლისსამართლებრივი დანაშაული იყოს დასჯადი ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი სისხლისსამართლებრივი დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელით.
2. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ აუცილებელი ზომები იმის უზრუნველსაყოფად, რომ მე-3 მუხლში მითითებული სისხლისსამართლებრივი დანაშაულები იყოს დასჯადი მაქსიმალური თავისუფლების აღკვეთის ვადით.
3. წევრი სახელმწიფოები ატარებენ საჭირო ზომებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ:
(a) მე-3(1) მუხლის (h)(iii) და (iv) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი დანაშაულები ისჯებოდეს თავისუფლების აღკვეთით მაქსიმუმ ერთი წლით, თუ ეს დანაშაულები მოიცავს ფულად სახსრებს ან ეკონომიკურ რესურსებს მინიმუმ 100 000 ევროს ოდენობით დანაშაულის ჩადენის თარიღისთვის;
(b) მე-3(1) მუხლის (a), (b) პუნქტებითა და (h) (i) და (ii) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი დანაშაულები ისჯებოდეს თავისუფლების აღკვეთის მაქსიმუმ ხუთი წლის ვადით, თუ აღნიშნული სისხლისსამართლებრივი დანაშაულები დაკავშირებულია მინიმუმ 100 000 ევროს ღირებულების ფულად სახსრებთან ან ეკონომიკურ რესურსებთან დანაშაულის ჩადენის თარიღისთვის;
(c) მე-3(1) მუხლის პირველი პუნქტის (c) ქვეპუნქტით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი დანაშაული ისჯებოდეს თავისუფლების აღკვეთით მაქსიმუმ სამი წლით;
(d) მე-3(1) მუხლის (d) - (g) პუნქტებით, და (i) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი დანაშაულები ისჯებოდეს თავისუფლების აღკვეთის მაქსიმუმ ხუთი წლის ვადით, თუ ეს სისხლისსამართლებრივი დანაშაულები დაკავშირებულია საქონელთან, მომსახურებასთან, არანაკლებ 100 000 ევროს ღირებულების ოპერაციებთან ან საქმიანობასთან დანაშაულის ჩადენის დღეს;
(e) თუ ამ რეგულაციის მე-3(1) მუხლის (e) ქვეპუნქტით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი დანაშაული მოიცავს ევროკავშირის საერთო სამხედრო სიაში შეტანილ ნივთებს ან ორმაგი დანიშნულების ნივთებს, რომლებიც ჩამოთვლილია რეგულაციის (EU) 2021/821 I და IV დანართებში, მსგავსი სისხლისსამართლებრივი დანაშაული ისჯებოდეს თავისუფლების აღკვეთის მაქსიმუმ არანაკლებ ხუთი წლის ვადით განურჩევლად ნივთების ღირებულებისა.
4. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ აუცილებელი ზომები იმის უზრუნველსაყოფად, რომ შესაძლებელი იყოს 100 000 ევროს ან მეტი მინიმალური ზღვრის დაკმაყოფილება მე-3(1) მუხლის (a), (b) და (d)-(i) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ერთმანეთთან დაკავშირებული და ერთნაირი სამართალდარღვევების სერიის მეშვეობით, თუ ეს დანაშაულები ჩადენილია ერთი და იგივე დამნაშავის მიერ.
5. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ აუცილებელი ზომები იმის უზრუნველსაყოფად, რომ ფიზიკურ პირებზე, რომლებმაც ჩაიდინეს მე-3 და მე-4 მუხლებში მითითებული სისხლისსამართლებრივი დანაშაულები, შეიძლებოდეს გავრცელდეს დამატებითი სისხლისსამართლებრივი ან არასისხლისსამართლებრივი დანაშაულისთვის მოსახდელი სასჯელის სახეები ან ზომები, რომლებიც შეიძლება მოიცავდეს შემდეგს:
(a) ჯარიმებს, რომლებიც ქმედების სიმძიმისა და შესაბამისი ფიზიკური პირის ინდივიდუალური, ფინანსური და სხვა გარემოებების პროპორციულია.
(b) ავტორიზაციებისა და უფლებამოსილების გაუქმებას იმ საქმიანობების განსახორციელებლად, რისი შედეგიცაა შესაბამისი სისხლისსამართლებრივი დანაშაული;
(c) დისკვალიფიკაციას იურიდიულ პირში იმავე ტიპის წამყვანი თანამდებობის დაკავებისგან, რომელიც გამოყენებულ იქნა სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ჩასადენად;
(d) საჯარო თანამდებობაზე კანდიდატურის წაყენების დროებით აკრძალვას;
(e) თუ არსებობს საზოგადოებრივი ინტერესი, ინდივიდუალური შეფასების შემდეგ, სასამართლო გადაწყვეტილების მთლიანად ან ნაწილობრივ გამოქვეყნებას, რომელიც ეხება ჩადენილ სისხლისსამართლებრივ დანაშაულს და დაწესებულ ჯარიმებს ან ზომებს, რომლებიც შეიძლება მოიცავდეს მსჯავრდადებული პირების პერსონალურ მონაცემებს მხოლოდ სათანადოდ დასაბუთებულ გამონაკლის შემთხვევებში.
მუხლი 6
იურიდიული პირების პასუხისმგებლობა
1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ იურიდიული პირები პასუხისმგებელნი იყვნენ მე-3 და მე-4 მუხლებში მითითებულ სისხლისსამართლებრივ დანაშაულებზე, როდესაც მსგავსი დანაშაული ჩადენილია ამ იურიდიული პირების სასარგებლოდ ნებისმიერი პირის მიერ, რომელსაც უკავია წამყვანი პოზიცია შესაბამის იურიდიულ პირში, რომელიც მოქმედებს ინდივიდუალურად ან ამ იურიდიული პირის ორგანოს შემადგენლობაში:
(a) იურიდიული პირის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების საფუძველზე;
(b) იურიდიული პირის სახელით გადაწყვეტილებების მიღების უფლებამოსილების საფუძველზე; ან
(c) იურიდიულ პირის ფარგლებში კონტროლის განხორციელების უფლებამოსილების საფუძველზე.
2. წევრმა სახელმწიფოებმა ასევე უნდა უზრუნველყონ, რომ იურიდიულ პირებს დაეკისროთ პასუხისმგებლობა იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის 1-ელ პუნქტში მითითებული პირის მიერ ზედამხედველობის ან კონტროლის არარსებობამ შესაძლებელი გახადა მის უფლებამოსილებაში მყოფი პირის მიერ მე-3 და მე-4 მუხლებში მითითებულ რომელიმე სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ჩადენა ამ იურიდიული პირის სასარგებლოდ.
3. ამ მუხლის 1-ელი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული იურიდიული პირების პასუხისმგებლობა არ გამორიცხავს მე-3 და მე-4 მუხლებში მითითებული სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ჩამდენ, წამქეზებელ ან თანამონაწილე ფიზიკური პირების მიმართ სისხლისსამართლებრივ დევნას.
მუხლი 7
სასჯელის სახეები იურიდიული პირებისთვის
1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ აუცილებელი ზომები იმის უზრუნველსაყოფად, რომ მე-6 მუხლის შესაბამისად პასუხისმგებელი იურიდიული პირი დაექვემდებაროს ეფექტურ, თანაზომიერ და გადამარწმუნებელ სისხლისსამართლებრივ ან არასისხლისსამართლებრივ ჯარიმებს ან ზომებს, რომლებიც უნდა მოიცავდეს სისხლისსამართლებრივ ან არასისხლისსამართლებრივ ჯარიმებს და შეიძლება მოიცავდეს სხვა სისხლისსამართლებრივ ან არასისხლისსამართლებრივ ჯარიმებს ან ზომებს, როგორებიცაა:
(a) სახელმწიფო შეღავათების ან დახმარების მიღების უფლების ჩამორთმევა;
(b) სახელმწიფო დაფინანსების ხელმისაწვდომობის არდაშვება, სატენდერო პროცედურების, გრანტებისა და პრივილეგიების ჩათვლით;
(c) დისკვალიფიკაცია სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისგან;
(d) ნებართვებისა და უფლებამოსილების გაუქმება იმ საქმიანობის განსახორციელებლად, რამაც გამოიწვია შესაბამისი სისხლისსამართლებრივი დანაშაული;
(e) სასამართლო ზედამხედველობის ქვეშ მოქცევა;
(f) სასამართლო წესით ლიკვიდაცია;
(g) სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული დაწესებულების დახურვა;
(h) თუ არსებობს საჯარო ინტერესი, სისხლისსამართლებრივ დანაშაულთან და დაწესებულ ჯარიმებთან ან ზომებთან დაკავშირებული სასამართლო გადაწყვეტილების მთლიანად ან ნაწილობრივ გამოქვეყნება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის წესების დაურღვევლად.
2. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა გაატარონ აუცილებელი ზომები იმის უზრუნველსაყოფად, რომ მე-3(1) მუხლში მითითებული სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ჩადენაზე მე-6 მუხლის შესაბამისად პასუხისმგებელ იურიდიულ პირს დაეკისროს სისხლისსამართლებრივი ან არასისხლისსამართლებრივი ჯარიმა, რომლის ოდენობა დანაშაულის სიმძიმის და შესაბამისი იურიდიული პირის ქცევისა და ინდივიდუალური, ფინანსური და სხვა გარემოებების პროპორციული იქნება. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ აუცილებელი ზომები, რათა უზრუნველყონ, რომ მსგავსი ჯარიმების მაქსიმალური ოდენობა არ იყოს:
(a) მე-3(1) მუხლის (h)(iii) და (iv) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი დანაშაულებისთვის:
(i) იურიდიული პირის მთლიანი მსოფლიო ბრუნვის 1%-ზე ნაკლები დანაშაულის ჩადენის წლის წინა სამეურნეო წელს ან ჯარიმის დაკისრების გადაწყვეტილების წინა სამეურნეო წელს; ან
(ii) 8 000 000 ევროს შესაბამის თანხაზე მცირე;
(b) მე-3(1) მუხლის (a)-(g), (h)(i) და (ii) და (i) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი დანაშაულებისთვის და;
(i) იურიდიული პირის მთლიანი მსოფლიო ბრუნვის 5%-ზე ნაკლები დანაშაულის ჩადენის წლის წინა სამეურნეო წელს ან ჯარიმის დაკისრების გადაწყვეტილების წინა სამეურნეო წელს; ან
(ii) 40 000 000 ევროს შესაბამის თანხაზე მცირე.
წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ განსაზღვრონ წესები იმ შემთხვევებისთვის, როდესაც შეუძლებელია ჯარიმის ოდენობის დადგენა იურიდიული პირის მიერ განხორციელებული ბიზნეს საქმიანობის მთლიანი მსოფლიო ბრუნვის საფუძველზე დანაშაულის ჩადენის წლის წინა სამეურნეო წელს ან ჯარიმის დაკისრების გადაწყვეტილების წინა სამეურნეო წელს.
მუხლი 8
დამამძიმებელი გარემოებები
რამდენადაც ქვემოთ მოცემული გარემოებები არ შეადგენენ მე-3 და მე-4 მუხლებში მითითებული სისხლისსამართლებრივი დანაშაულის შემადგენელი ელემენტების ნაწილს, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ აუცილებელი ზომები იმის უზრუნველსაყოფად, რომ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთი ან რამდენიმე გარემოება, შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, შეიძლებოდეს ჩაითვალოს დამამძიმებელ გარემოებად:
(a) დანაშაული ჩადენილია ჩარჩო გადაწყვეტილებით 2008/841/JHA განსაზღვრული დანაშაულებრივი ორგანიზაციის ფარგლებში;
(b) დანაშაული ჩადენილია დამნაშავის მიერ ყალბი ან ფალსიფიცირებული დოკუმენტების გამოყენებით;
(c) დანაშაული ჩადენილია პროფესიონალი მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ პროფესიული მომსახურების მიმწოდებლის პროფესიული ვალდებულებების დარღვევით;
(d) დანაშაული ჩადენილია თანამდებობის პირის მიერ თავისი მოვალეობის შესრულებისას ან საჯარო ფუნქციის შემსრულებელი სხვა პირის მიერ;
(e) დანაშაულმა შედეგად მოიტანა ან მოსალოდნელი იყო მოეტანა მნიშვნელოვანი ფინანსური სარგებელი, ანაც შედეგად მოიტანა მნიშვნელოვანი ხარჯების თავიდან აცილება, პირდაპირ ან ირიბად, იმდენად, რამდენადაც შესაძლებელია ამ სარგებლის ან ხარჯების დადგენა;
(f) დამნაშავემ გაანადგურა მტკიცებულებები, ან დააშინა მოწმეები ან მომჩივნები;
(g) ფიზიკური ან იურიდიული პირი ადრე იყო მსჯავრდადებული მე-3 და მე-4 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულებისთვის საბოლოო განაჩენით.
მუხლი 9
შემამსუბუქებელი გარემოებები
წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ აუცილებელი ზომები იმის უზრუნველსაყოფად, რომ მე-3 და მე-4 მუხლებში მითითებულ შესაბამის სისხლისსამართლებრივ დანაშაულებთან დაკავშირებით, ერთი ან მეტი შემდეგი გარემოება, ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, შეიძლებოდეს ჩაითვალოს შემამსუბუქებელ გარემოებად:
(a) დამნაშავე ხელისუფლების კომპეტენტურ ორგანოებს წარუდგენს ინფორმაციას, რომლის მიღებასაც სხვაგვარად ვერ შეძლებდნენ, რითაც ეხმარება მათ სხვა დამნაშავეების იდენტიფიცირებაში ან პასუხისგებაში მიცემაში;
(b) დამნაშავე ხელისუფლების კომპეტენტურ ორგანოებს წარუდგენს ინფორმაციას, რომლის მიღებასაც სხვაგვარად ვერ შეძლებდნენ, რითაც ეხმარება მათ მტკიცებულებების მოძიებაში.
მუხლი 10
გაყინვა და კონფისკაცია
1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ აუცილებელი ზომები, რათა შესაძლებელი გახადონ მე-3 და მე-4 მუხლებში მითითებული სისხლისსამართლებრივი დანაშაულების ჩადენის საშუალებებისა და ამ დანაშაულებიდან მიღებული შემოსავლების გაყინვა და კონფისკაცია. ევროპარლამენტისა და საბჭოს დირექტივით 2014/42/EU ხელშეკრული წევრი სახელმწიფოები აღნიშნულ აუცილებელ ზომებს ატარებენ ამ დირექტივის შესაბამისად.
2. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ აუცილებელი ზომები ევროკავშირის შემაკავებელ ზომებს დაქვემდებარებული იმ სახსრების ან ეკონომიკური რესურსების გაყინვისა და ჩამორთმევის მიზნით, რომლებიც დაკავშირებულია მე-3(1) მუხლის (h)(i) ან (ii) ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩამდენ ან ამ დანაშაულის ჩადენაში მონაწილე დანიშნულ ფიზიკური პირთან ან დანიშნულ პირთან ან ორგანოსთან. წევრი სახელმწიფოები აღნიშნულ აუცილებელ ზომებს იღებენ დირექტივის 2014/42/EU შესაბამისად.
მუხლი 11
ხანდაზმულობის ვადები
1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ აუცილებელი ზომები იმ ხანდაზმულობის ვადის უზრუნველსაყოფად, რომელიც შესაძლებელს ხდის მე-3 და მე-4 მუხლებში მითითებული სისხლისსამართლებრივი დანაშაულების გამოძიებას, სისხლისსამართლებრივ დევნას, საქმის სასამართლოში განხილვას და სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანას ამ სისხლისსამართლებრივი დანაშაულების ჩადენიდან საკმარისი დროის განმავლობაში, რათა აღნიშნული სისხლისსამართლებრივი დანაშაულები ეფექტურად იმართოს.
2. 1-ელ პუნქტში მითითებული ხანდაზმულობის ვადა არის არანაკლებ ხუთი წელი სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ჩადენიდან, რომელიც ისჯება თავისუფლების აღკვეთით მაქსიმუმ არანაკლებ ხუთი წლით.
3. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ აუცილებელი ზომები, რათა ხანდაზმულობის ვადა იყოს არანაკლებ ხუთი წელი მე-3 და მე-4 მუხლებში მითითებულ სისხლისსამართლებრივი დანაშაულისთვის საბოლოო მსჯავრის დადების დღიდან, რაც შესაძლებელს გახდის აღნიშნული მსჯავრის დადების შემდეგ დაკისრებული შემდეგი სახეების სასჯელის აღსრულებას:
(a) სასჯელი ერთ წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთით; ან
(b) თავისუფლების აღკვეთა სისხლისსამართლებრივი დანაშაულისთვის, რომელიც ისჯება თავისუფლების აღკვეთით მაქსიმუმ არანაკლებ ხუთი წლით.
4. მე-2 და მე-3 პუნქტებიდან გამონაკლისის სახით, წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ, დააწესონ ისეთი ხანდაზმულობის ვადა, რომელიც არის ხუთ წელზე ნაკლები, მაგრამ არანაკლებ სამი წლისა, იმ პირობით, რომ ეს ხანდაზმულობის ვადა შეიძლება შეწყდეს ან შეჩერდეს განსაზღვრული ქმედებების შემთხვევაში.
მუხლი 12
იურისდიქცია
1. თითოეულმა წევრმა სახელმწიფომ უნდა მიიღოს აუცილებელი ზომები მე-3 და მე-4 მუხლებში მითითებულ სისხლისსამართლებრივ დანაშაულებზე თავისი იურისდიქციის დასამყარებლად, თუ:
(a) სისხლისსამართლებრივი დანაშაული მთლიანად ან ნაწილობრივ ჩადენილია მის ტერიტორიაზე;
(b) სისხლისსამართლებრივი დანაშაული ჩადენილი იყო შესაბამის წევრ სახელმწიფოში რეგისტრირებულ ან მისი დროშის ქვეშ მოძრავ გემზე ან თვითმფრინავზე; ან
(c) დამნაშავე არის მისი ერთ-ერთი მოქალაქე.
2. წევრმა სახელმწიფომ უნდა შეატყობინოს ევროკომისიას, როდესაც ის მიიღებს გადაწყვეტილებას, გაავრცელოს თავისი იურისდიქცია მე-3 და მე-4 მუხლებში მითითებულ ერთ ან მეტ მისი ტერიტორიის გარეთ ჩადენილ სისხლისსამართლებრივ დანაშაულზე, თუ:
(a) სამართალდამრღვევის ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი არის მის ტერიტორიაზე;
(b) სამართალდამრღვევი არის მისი ერთ-ერთი თანამდებობის პირი, რომელიც ასრულებს სამსახურებრივ მოვალეობას.
(c) სისხლისსამართლებრივი დანაშაული ჩადენილია მის ტერიტორიაზე დაარსებული იურიდიული პირის სასარგებლოდ; ან
(d) დანაშაული ჩადენილია იურიდიული პირის სასარგებლოდ მთლიანად ან ნაწილობრივ მის ტერიტორიაზე განხორციელებულ ნებისმიერ საქმიანობასთან დაკავშირებით.
3. თუ მე-3 და მე-4 მუხლებში მითითებული სისხლისსამართლებრივი დანაშაული ერთზე მეტი წევრი სახელმწიფოს იურისდიქციაშია, აღნიშნულმა წევრმა სახელმწიფოებმა უნდა ითანამშრომლონ იმის დასადგენად, თუ რომელმა წევრმა სახელმწიფომ უნდა განახორციელოს სისხლის სამართლის პროცესი. საჭიროების შემთხვევაში, საკითხი გადაეცემა ევროიუსტს საბჭოს 21 ჩარჩო გადაწყვეტილების 2009/948/JHA მე-12(2) მუხლის შესაბამისად.
4. 1-ელი პუნქტის (c) ქვეპუნქტში მითითებულ შემთხვევებში, წევრი სახელმწიფოები მიიღებენ აუცილებელ ზომებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ მათი იურისდიქციის განხორციელებაზე არ გავრცელდეს ის პირობა, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა შეიძლება დაიწყოს მხოლოდ იმ სახელმწიფოსგან ოფიციალური შეტყობინების შემდეგ, სადაც ჩადენილ იქნა სისხლისსამართლებრივი დანაშაული.
მუხლი 13
საგამოძიებო ინსტრუმენტები
წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ აუცილებელი ზომები იმის უზრუნველსაყოფად, რომ ეფექტური და პროპორციული საგამოძიებო ინსტრუმენტები იყოს ხელმისაწვდომი მე-3 და მე-4 მუხლებში მითითებული სისხლისსამართლებრივი დანაშაულების გამოძიებისთვის ან სისხლისსამართლებრივი დევნისთვის. საჭიროების შემთხვევაში, ეს საშუალებები უნდა მოიცავდეს სპეციალურ საგამოძიებო ინსტრუმენტებს, მაგალითად, ისეთებს, რომლებიც გამოიყენება ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლისთვის ან სხვა მძიმე დანაშაულებრივ საქმეებში.
მუხლი 14
შეტყობინება ევროკავშირის შემაკავებელი ზომების დარღვევის შესახებ და იმ პირთა დაცვა, რომლებიც იტყობინებიან აღნიშნულ დარღვევებს
წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ აუცილებელი ზომები იმის უზრუნველსაყოფად, რომ დირექტივა (EU) 2019/1937 გავრცელდეს ამ დირექტივის მე-3 და მე-4 მუხლებში მითითებული ევროკავშირის შემაკავებელი ზომების დარღვევის შესახებ შეტყობინებაზე და იმ პირთა დაცვაზე, რომლებიც ახორციელებენ აღნიშნული დარღვევების შეტყობინებას მასში დადგენილი პირობებით.
მუხლი 15
კოორდინაცია და თანამშრომლობა ხელისუფლების კომპეტენტურ ორგანოებს შორის წევრ სახელმწიფოში
თავიანთი კომპეტენტური ორგანოებიდან და სასამართლო დამოუკიდებლობისთვის ზიანის მიყენების გარეშე წევრმა სახელმწიფოებმა უნდა დანიშნონ სუბიექტი ან ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს კოორდინაციასა და თანამშრომლობას სამართალდამცავ ორგანოებსა და იმ ორგანოებს შორის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ევროკავშირის შემაკავებელი ზომების განხორციელებაზე, ამ დირექტივით განსაზღვრულ დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით.
პირველ აბზაცში მითითებულ სუბიექტს ან ორგანოს აქვს შემდეგი ამოცანები:
(a) უზრუნველყოს საერთო პრიორიტეტები და სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ აღსრულებას შორის ურთიერთმიმართების გაგება;
(b) უზრუნველყოს ინფორმაციის გაცვლა სტრატეგიული მიზნებისთვის, რამდენადაც ეს დაშვებულია ევროკავშირის მოქმედი და ეროვნული კანონმდებლობით;
(c) უზრუნველყოს კონსულტაცია ინდივიდუალური გამოძიებების მიმდინარეობისას, რამდენადაც ეს დაშვებულია ევროკავშირის და ეროვნული მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ლიმიტების ფარგლებში..
მუხლი 16
თანამშრომლობა წევრი სახელმწიფოების ხელისუფლების კომპეტენტურ ორგანოებს, ევროკომისიას, ევროპოლს, ევროიუსტსა და ევროპის პროკურატურას შორის
1. თუ არსებობს იმის ეჭვი, რომ მე-3 და მე-4 მუხლებში მითითებული სისხლისსამართლებრივი დანაშაული ტრანსსასაზღვრო ხასიათს ატარებს, შესაბამისი წევრი სახელმწიფოების ხელისუფლების კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა განიხილონ ამ სისხლისსამართლებრივ დანაშაულებთან დაკავშირებული ინფორმაციის შესაბამისი ხელისუფლების კომპეტენტური ორგანოებისთვის გადაცემა.
სისხლის სამართლის საკითხებში ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისა და სამართლებრივი ურთიერთდახმარების წესების დაურღვევლად, წევრმა სახელმწიფოებმა, ევროპოლმა, ევროიუსტმა, ევროპის მთავარმა პროკურატურამ და ევროკომისიამ, თავიანთი შესაბამისი კომპეტენციების ფარგლებში, უნდა ითანამშრომლონ ერთმანეთთან მე-3 და მე-4 მუხლებში მითითებული სისხლისსამართლებრივი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით. ამ მიზნით, ევროპოლმა და ევროიუსტმა, საჭიროების შემთხვევაში, უნდა უზრუნველყონ ხელისუფლების კომპეტენტური ორგანოებისთვის საჭირო ტექნიკური და ოპერატიული დახმარება, რათა ხელი შეუწყონ მათი გამოძიების კოორდინაციას.
2. ევროკომისიას შეუძლია, აუცილებლობის შემთხვევაში, შექმნას ექსპერტთა და პრაქტიკოსთა ქსელი საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით და, საჭიროების შემთხვევაში, დახმარება გაუწიოს წევრი სახელმწიფოების ხელისუფლების კომპეტენტურ ორგანოებს, რათა ხელი შეუწყოს ევროკავშირის შემაკავებელი ზომების დარღვევასთან დაკავშირებული დანაშაულების გამოძიებას. საჭიროების შემთხვევაში, ამ ქსელმა შეიძლება ასევე უზრუნველყოს კონკრეტულ გეოგრაფიულ ზონებში ევროკავშირის შემაკავებელი ზომების დარღვევის ან გვერდის ავლის რისკების საჯაროდ ხელმისაწვდომი და რეგულარულად განახლებული რისკების მიმოხილვა, და ასევე, უზრუნველყოს ისინი კონკრეტულ სექტორებსა და საქმიანობასთან დაკავშირებით.
3. თუ 1-ელ პუნქტში მითითებული თანამშრომლობა გულისხმობს თანამშრომლობას მესამე ქვეყნების ხელისუფლების კომპეტენტურ ორგანოებთან, აღნიშნული თანამშრომლობა უნდა განხორციელდეს ძირითადი უფლებებისა და საერთაშორისო სამართლის სრული პატივისცემით.
4. წევრი სახელმწიფოების ხელისუფლების კომპეტენტურმა ორგანოებმა ხშირად და რეგულარულად უნდა გაუზიარონ ევროკომისიასა და სხვა კომპეტენტურ ორგანოებს ინფორმაცია პრაქტიკულ საკითხებზე, კერძოდ, გვერდის ავლის სქემებზე, როგორებიცაა აქტივების ბენეფიციური მფლობელობის და კონტროლის დამალვის სქემები.
მუხლი 17
სტატისტიკური მონაცემები
1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ მე-3 და მე-4 მუხლებში მითითებულ სისხლისსამართლებრივ დანაშაულებთან დაკავშირებით შეტყობინების, გამოძიებისა და სასამართლო ეტაპების შესახებ ანონიმური სტატისტიკური მონაცემების აღრიცხვის, წარმოებისა და მიწოდების სისტემის არსებობა, რათა განხორციელდეს მათი ზომების ეფექტურობის მონიტორინგი ევროკავშირის შემაკავებელი ზომების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით.
2. ევროკავშირის სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული ანგარიშგების ვალდებულებების დაურღვევლად, წევრმა სახელმწიფოებმა ევროკომისიას ყოველწლიურად უნდა წარუდგინონ სტატისტიკური მონაცემები მე-3 და მე-4 მუხლებში მითითებული სისხლისსამართლებრივი დანაშაულების შესახებ, რომლებიც, მინიმუმ, უნდა შეიცავდეს არსებულ მონაცემებს შემდეგზე:
(a) წევრი სახელმწიფოების მიერ რეგისტრირებულ და გადაწყვეტილ სისხლის სამართლის დანაშაულთა რაოდენობაზე;
(b) შეწყვეტილი სასამართლო საქმეების რაოდენობაზე, მათ შორის, შესაბამისი სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ხანდაზმულობის ვადის გასვლის საფუძველზე;
(c) ფიზიკური პირების რაოდენობაზე, რომლებიც:
(i) იმყოფებიან სისხლისსამართლებრივ დევნაში,
(ii) მსჯავრდადებულები არიან;
(d) იურიდიულ პირების რაოდენობაზე, რომლებიც:
(i) იმყოფებიან სისხლისსამართლებრივ დევნაში,
(ii) მსჯავრდადებულები ან დაჯარიმებულები არიან;
(e) დაკისრებული სასჯელების სახეებსა და სიმძიმეზე.
3. წევრი სახელმწიფოები უზრუნველყოფენ მათი სტატისტიკის კონსოლიდირებული მიმოხილვის გამოქვეყნებას მინიმუმ სამ წელიწადში ერთხელ.
მუხლი 18
შესწორებები დირექტივაში (EU) 2018/1673
მე-2(1) მუხლს ემატება შემდეგი ქვეპუნქტი:
„(w) ევროკავშირის შემაკავებელი ზომების დარღვევა.“.
მუხლი 19
შეფასება, ანგარიშგება და განხილვა
1. ევროკომისიამ ევროპარლამენტსა და საბჭოს 2027 წლის 20 მაისამდე უნდა წარუდგინოს ანგარიში, რომელშიც შეფასებული იქნება ის, თუ რა მასშტაბით მიიღეს წევრმა სახელმწიფოებმა აუცილებელი ზომები წინამდებარე დირექტივის შესასრულებლად. წევრმა სახელმწიფოებმა ევროკომისიას უნდა წარუდგინონ საჭირო ინფორმაცია აღნიშნული ანგარიშის მოსამზადებლად.
2. 2030 წლის 20 მაისისთვის ევროკომისიამ უნდა განახორციელოს წინამდებარე დირექტივის მოქმედებისა და ეფექტურობის შეფასება, წევრი სახელმწიფოების მიერ ყოველწლიური სტატისტიკური მონაცემების მხედველობაში მიღებით, დააკმაყოფილებენ რა ევროკავშირის შემაკავებელი ზომების დარღვევასთან დაკავშირებული სისხლისსამართლებრივი დანაშაულების ჩამონათვალის განახლების საჭიროებას და ანგარიშს წარუდგენენ ევროპარლამენტსა და საბჭოს. წევრმა სახელმწიფოებმა ევროკომისიას უნდა წარუდგინონ საჭირო ინფორმაცია აღნიშნული ანგარიშის მოსამზადებლად. საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნულ ანგარიშს უნდა ახლდეს საკანონმდებლო წინადადება.
მუხლი 20
ეროვნულ კანონმდებლობაში გადატანა
1. 2025 წლის 20 მაისამდე წევრი სახელმწიფოები აამოქმედებენ კანონებს, რეგულაციებსა და ადმინისტრაციულ დებულებებს, რომლებიც აუცილებლად უნდა შეესაბამებოდეს წინამდებარე დირექტივას. მათ დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ ევროკომისიას ამის შესახებ.
წევრი სახელმწიფოების მიერ ამ ზომების მიღებისას, ისინი უნდა შეიცავდნენ მითითებას წინამდებარე დირექტივაზე ან მათ თან უნდა ახლდეს ასეთი მითითება მათი ოფიციალურად გამოქვეყნების შემთხვევაში. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა განსაზღვრონ ასეთ მითითებათა მომზადების მეთოდი.
2. წევრმა სახელმწიფოებმა ევროკომისიას უნდა შეატყობინონ შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის ძირითადი ზომების ტექსტი, რომელსაც ისინი იღებენ ამ დირექტივის გავრცელების სფეროში.
მუხლი 21
ძალაში შესვლა
წინამდებარე დირექტივა ძალაში შედის მისი ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებიდან მეოცე დღეს.
მუხლი 22
ადრესატები
ეს დირექტივა ვრცელდება წევრ სახელმწიფოებზე საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად.
შედგენილია სტრასბურგში 2024 წლის 24 აპრილს.
ევროპარლამენტის სახელით
თავმჯდომარე
რ. მეცოლა
საბჭოს სახელით
თავმჯდომარე
მ.მიშელი
1 ოფიციალური ჟურნალი L 308, 29.11.2022, გვ. 18.
2 ოფიციალური ჟურნალი C 184, 25.05.2023, გვ. 59.
3 ევროპარლამენტის 2024 წლის 12 მარტის პოზიცია (რომელიც ჯერ არ გამოქვეყნებულა ოფიციალურ ჟურნალში) და საბჭოს 2024 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება.
4 ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009 წლის 13 ივლისის დირექტივა 2009/81/EC თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში შემსყიდველი ორგანიზაციების ან სუბიექტების მიერ გარკვეული სამუშაოების შესრულების შესახებ ხელშეკრულებების, მიწოდების ხელშეკრულებების და მომსახურების ხელშეკრულებების დადების პროცედურების კოორდინაციის შესახებ, რომლითაც შესწორებები შედის დირექტივებში 2004/17/EC და 2004/18/EC“ (ოფიციალური ჟურნალი L 216, 20.08.2009, გვ. 76).
5 ევროპარლამენტისა და საბჭოს 2014 წლის 26 თებერვლის დირექტივა 2014/23/EU საკონცესიო ხელშეკრულებების დადების შესახებ (ოფიციალური ჟურნალი L 94, 28.03.2014, გვ. 1).
6 ევროპარლამენტისა და საბჭოს 2014 წლის 26 თებერვლის დირექტივა 2014/24/EU სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, რომლითაც უქმდება დირექტივა 2004/18/EC“ (ოფიციალური ჟურნალი L 94, 28.03.2014, გვ. 65).
7 ევროპარლამენტისა და საბჭოს 2014 წლის 26 თებერვლის დირექტივა 2014/25/EC წყლის, ენერგეტიკის, სატრანსპორტო და საფოსტო მომსახურების სფეროებში მომუშავე სუბიექტების მიერ შესყიდვების განხორციელების შესახებ, რომლითაც უქმდება დირექტივა 2004/17/EC“ (ოფიციალური ჟურნალი L 94, 28.03.2014, გვ. 243).
8 ოფიციალური ჟურნალი C 72, 28.02.2023, გვ. 2.
9 ევროპარლამენტისა და საბჭოს 2021 წლის 20 მაისის რეგულაცია (EU) 2021/821, რომელიც ადგენს ექსპორტის, საბროკერო საქმიანობის, ტექნიკური დახმარების, ტრანზიტისა და ორმაგი დანიშნულების ნივთების გადაცემის ევროკავშირის საკონტროლო რეჟიმს (ოფიციალური ჟურნალი L 206, 11.06.2021, გვ. 1).
10 ევროპარლამენტისა და საბჭოს 2016 წლის 9 მარტის დირექტივა (EU) 2016/343 უდანაშაულობის პრეზუმფციის გარკვეული ასპექტების განმტკიცებისა და სისხლის სამართლის სასამართლო პროცესზე დასწრების უფლების შესახებ (ოფიციალური ჟურნალი L 65, 11.03.2016, გვ. 1).
11 საბჭოს 2008 წლის 24 ოქტომბრის ჩარჩო გადაწყვეტილება 2008/841/JHA ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ (ოფიციალური ჟურნალი L 300, 11.11.2008, გვ. 42).
12 ევროპარლამენტისა და საბჭოს 2014 წლის 3 აპრილის დირექტივა 2014/42/EU ევროკავშირში დანაშაულის ჩადენის საშუალებებისა და დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლების გაყინვისა და კონფისკაციის შესახებ (ოფიციალური ჟურნალი L 127, 29.04.2014, გვ. 39).
13 ევროპარლამენტისა და საბჭოს 2019 წლის 23 ოქტომბრის დირექტივა (EU) 2019/1937 იმ პირთა დაცვის შესახებ, რომლებიც იტყობინებიან ევროკავშირის კანონმდებლობის დარღვევის შესახებ (ოფიციალური ჟურნალი L 305, 26.11.2019, გვ. 17).
14 ევროპარლამენტისა და საბჭოს 2018 წლის 23 ოქტომბრის დირექტივა (EU) 2018/1673 სისხლის სამართლის კანონის გამოყენებით ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ (ოფიციალური ჟურნალი L 284, 12.11.2018, გვ. 22).
15 ევროპარლამენტისა და საბჭოს 2010 წლის 20 ოქტომბრის დირექტივა 2010/64/EU სისხლის სამართლის საქმისწარმოებაში თარგმნისა და თარჯიმნის მომსახურებაზე წვდომის უფლების შესახებ (ოფიციალური ჟურნალი L 280, 26.10.2010, გვ. 1).
16 ევროპარლამენტისა და საბჭოს 2012 წლის 22 მაისის დირექტივა 2012/13/EU სისხლის სამართლის საქმისწარმოებაში ინფორმაციაზე წვდომის უფლების შესახებ (ოფიციალური ჟურნალი L 142, 01.06.2012, გვ. 1).
17 ევროპარლამენტისა და საბჭოს 2013 წლის 22 ოქტომბრის დირექტივა სისხლის სამართლის საქმისწარმოებასა და ევროპული დაპატიმრების ორდერის საფუძველზე საქმისწარმოებაში ადვოკატის აყვანის უფლების, თავისუფლების აღკვეთისთანავე მესამე პირის ინფორმირების უფლებისა და თავისუფლებააღკვეთილი პირის მიერ მესამე პირებთან თუ საკონსულო ორგანოებთან კომუნიკაციის შესახებ (ოფიციალური ჟურნალი L 294, 06.11.2013, გვ. 1).
18 ევროპარლამენტისა და საბჭოს 2016 წლის 11 მაისის დირექტივა (EU) 2016/800 პროცედურული გარანტიების შესახებ იმ ბავშვებისთვის, რომლებიც არიან ეჭვმიტანილები ან ბრალდებულები სისხლის სამართლის საქმისწარმოებაში (ოფიციალური ჟურნალი L 132, 21.05.2016, გვ. 1).
19 ევროპარლამენტისა და საბჭოს 2016 წლის 26 ოქტომბრის დირექტივა (EU) 2016/1919 სისხლის სამართლის საქმისწარმოებაში ჩართულ ეჭვმიტანილთა, ბრალდებულ პირთა და ევროპული დაპატიმრების ორდერის საფუძველზე მოთხოვნილ პირთა იურიდიული დახმარების შესახებ (ოფიციალური ჟურნალი L 297, 04.11.2016, გვ. 1).
20 ევროპარლამენტისა და საბჭოს 2023 წლის 31 მაისის რეგულაცია (EU) 2023/1114 კრიპტოაქტივების ბაზრების შესახებ, რომლითაც ცვლილებები შედის რეგულაციებში (EU) No 1093/2010 და (EU) No 1095/2010 და დირექტივებში 2013/36/EU და (EU) 2019/1937 (ოფიციალური ჟურნალი L 150, 9.6.2023, გვ. 40).
21 საბჭოს 2009 წლის 30 ნოემბრის ჩარჩო გადაწყვეტილება 2009/948/JHA სისხლის სამართლის პროცესში იურისდიქციის განხორციელებასთან დაკავშირებული კონფლიქტების თავიდან აცილებისა და მოგვარების შესახებ (ოფიციალური ჟურნალი L 328, 15.12.2009, გვ. 42).
To see the original English version of this document, please, follow the link:
DIRECTIVE (EU) 2024/1226 OF THE EUROPEAN PARLIAMENT AND OF THE COUNCIL
Return back
Document comments