Document structure
View explanations
Referenced documents
Document Highlights
კომისიის 2000 წლის 25 აგვისტოს რეგულაცია (EC) N 1825/2000
საქონლის ხორცისა და საქონლის ხორცის პროდუქტების ეტიკეტირებასთან მიმართებაში ევროპარლამენტისა და საბჭოს რეგულაციის (EC) N 1760/2000
გამოყენების დეტალური წესების შესახებ
ევროპის გაერთიანებების კომისიამ,
ევროპის გაერთიანებების დამფუძნებელი ხელშეკრულების გათვალისწინებით,
ევროპარლამენტისა და საბჭოს 2000 წლის 17 ივლისის რეგულაციას (EC) N 1760/2000 გათვალისწინებით, რომელიც აწესებს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის იდენტიფიცირებისა და რეგისტრაციის სისტემას, ეხება საქონლის ხორცისა და საქონლის ხორცის პროდუქტების ეტიკეტირებას და აუქმებს საბჭოს რეგულაციას N 820/971, კონკრეტულად მის მე-19 მუხლს,
ვინაიდან:
(1) აუცილებელია დადგინდეს რეგულაციის (EC) N 1760/2000 გამოყენების დეტალური წესები, კერძოდ წევრ სახელმწიფოებს შორის ვაჭრობასთან დაკავშირებით, რათა ეტიკეტირების სისტემამ არ გამოიწვიოს სავაჭრო დისბალანსი საქონლისა და ხბოს ხორცის ბაზარზე;
(2) იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს მიკვლევადობა, აუცილებელია, რომ როგორც სავალდებულო, ისე ნებაყოფლობითი ხორცის ეტიკეტირების სისტემის ფარგლებში, ოპერატორებსა და ორგანიზაციებს, წარმოებისა და რეალიზაციის ყველა ეტაპზე, გააჩნდეთ იდენტიფიცირების სისტემა და რეგისტრაციის კომპლექსური სისტემა საქონლის ხორცისათვის;
(3) იმ სასაკლაოების იდენტიფიცირებისთვის, რომლებსაც არ გააჩნიათ აღიარების ნომერი, აუცილებელია, გარდამავალ პერიოდში, უზრუნველყოფილი იყოს ასეთი სასაკლაოების იდენტიფიცირების ალტერნატიული მეთოდები;
(4) ასევე, აუცილებელია განისაზღვროს პროცედურა, რომელიც უნდა იქნეს დაცული იმ ცხოველისაგან მიღებული საქონლის ხორცის ეტიკეტირებისას, რომლის დაბადებისა და გადაადგილების შესახებ სრული მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი, ვინაიდან, ამ მონაცემების აღრიცხვა სავალდებულო გახდა მხოლოდ 1998 წლის 1 იანვრიდან საბჭოს 1997 წლის 21 აპრილის რეგულაციით N 820/97, რომელიც აყალიბებს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის იდენტიფიკაციისა და რეგისტრაციის სისტემას და რომელიც ეხება საქონლის ხორცისა და საქონლის ხორცის პროდუქტების ეტიკეტირებას2. მსგავსი მოთხოვნა სავალდებულოა მესამე მსოფლიოს ქვეყნებიდან გაერთიანებაში ცოცხლად იმპორტირებული ცხოველებისაგან მიღებული ხორცის ეტიკეტირებისათვის;
(5) წარმოშობის ადგილის სრულად აღნიშვნის მიზნით, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული არასაჭირო განმეორებითი აღნიშვნა იმ წევრი სახელმწიფოების ან მესამე მსოფლიოს ქვეყნების ეტიკეტზე, სადაც მოხდა საქონლის მოშენება, აუცილებელია შემოღებულ იქნეს გამარტივებული აღწერა, რომელიც განპირობებული იქნება იმ დროით, რომლის განმავლობაშიც ცხოველი, რომლისგანაც მიღებული იქნა საქონლის ხორცი, იმყოფებოდა წევრ სახელმწიფოში ან დაბადებისა და დაკვლის მესამე მსოფლიოს ქვეყანაში;
(6) აუცილებელია სიტუაციის დაზუსტება იმ დამატებით ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება დატანილ იქნეს ეტიკეტზე გატარებული ხორცის ეტიკეტირების გამარტივებული პროცედურების ფარგლებში. ამგვარი დამატებითი ინფორმაცია შეიძლება იქნეს მითითებული 2000 წლის 1 სექტემბრამდე რეგულაციის (EC) N 1760/2000 მე-13 მუხლის ფარგლებში. გარკვეული ინფორმაცია შეიძლება მითითებული იქნეს მხოლოდ 2002 წლის პირველ იანვრამდე, თუ შესაბამის წევრ სახელმწიფოს მიღებული აქვს გადაწყვეტილება გამოიყენოს სავალდებულო ეტიკეტირების ეროვნული სისტემა, რომელიც შეიცავს ამგვარ ინფორმაციას, ან თუ შესაბამისი ბიზნესოპერატორი ნებაყოფლობით მიუთითებს ამ ინფორმაციას;
(7) საქონლის ხორცის ნებაყოფლობითი ეტიკეტირების სისტემის კონტექსტში, აუცილებელია უზრუნველყოფილ იქნეს დაჩქარებული ან გამარტივებული აღიარების პროცედურა საქონლის ხორცის გარკვეული ნაჭრებისთვის, რომელთა ეტიკეტირებაც მოხდა წევრ სახელმწიფოში დამტკიცებული სპეციფიკაციების შესაბამისად და შეტანილ იქნა სხვა წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე;
(8) სპეციფიკაციების საიმედოობის უზრუნველყოფის მიზნით, აუცილებელია, რომ დამოუკიდებელ ორგანოს და კომპეტენტურ ორგანოს ჰქონდეს ხელმისაწვდომობა ყველა სააღრიცხვო დოკუმენტთან, რომლებიც ინახება ოპერატორებთან და ორგანიზაციებთან და რეგულარულად განახორციელოს ადგილზე შემოწმებები რისკის ანალიზის საფუძველზე;
(9) რეგულაციის (EC) N 1760/2000 მე-17 მუხლი ადგენს გარკვეულ მოთხოვნებს მესამე მსოფლიოს ქვეყნებში იმ ადგილებთან დაკავშირებით, სადაც მთლიანად ან ნაწილობრივ ხდება საქონლის ხორცის წარმოება. მიზანშეწონილია წარმოდგენილ იქნეს დეტალური საიმპლემენტაციო წესები მესამე მსოფლიოს ქვეყნებიდან საქონლის ხორცის იმპორტის დამტკიცების პროცედურისთვის;
(10) იმის უზრუნველსაყოფად, რომ იმპორტირებული საქონლის ხორცის ეტიკეტირების მექანიზმებს ჰქონდეთ იგივე საიმედოობა, რაც გაერთიანების ფარგლებში წარმოებულ საქონლის ხორცთან მიმართებაში გამოყენებულ მექანიზმებს, კომისიამ უნდა შეამოწმოს მესამე მსოფლიოს ქვეყნებიდან მიღებული შეტყობინებები. შევსებული შეტყობინებები უნდა გაეგზავნოს წევრ სახელმწიფოებს მას შემდეგ, რაც კომისია მივა იმ დასკვნამდე, რომ მესამე მსოფლიოს ქვეყანაში გამოყენებული პროცედურები ან/და კრიტერიუმები რეგულაციით (EC) N 1760/2000 დადგენილი სტანდარტების ეკვივალენტურია;
(11) იმისათვის, რომ გარანტირებული იქნეს მესამე მსოფლიოს ქვეყნებში ეტიკეტირების სისტემის საიმედოობა, კომისია უფლებამოსილია მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია და მიიღოს ყველა საჭირო ღონისძიება აღნიშნული მოთხოვნის შედეგად მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით. ქვეყანაში შემოწმების ჩასატარებლად კომისიას დასჭირდება შესაბამისი მესამე მსოფლიოს ქვეყნის წინასწარი თანხმობა. თუ ასეთი თანხმობა არ არის წარმოდგენილი, კომისიამ უნდა მიიღოს საჭირო ზომები;
(12) კომისია უფლებამოსილია განახორციელოს შემოწმებები მესამე მსოფლიოს ქვეყნებში. მესამე მსოფლიოს ქვეყანაში შემოწმების ჩასატარებლად კომისიას დასჭირდება შესაბამისი მესამე მსოფლიოს ქვეყნის წინასწარი თანხმობა. თუ ასეთი თანხმობა არ არის წარმოდგენილი, კომისიამ უნდა მიიღოს საჭირო ზომები;
(13) აუცილებელია, რომ წევრმა სახელმწიფოებმა ჩაატარონ შემოწმებები, რათა გარანტირებული იყოს გამოყენებული ნებაყოფლობითი ეტიკეტების საკმარისი სიზუსტე;
(14) უნდა დადგინდეს ძირითადი ნორმები იმ სანქციებთან დაკავშირებით, რომელიც დაეკისრებათ ბიზნესოპერატორებს. ასეთი ძირითადი ნორმები უნდა ითვალისწინებდეს სიტუაციებს, როდესაც ბიზნესოპერატორმა არ მოახდინა ხორცის ეტიკეტირება სავალდებულო ეტიკეტირების სისტემის წესების დაცვით ან როდესაც ოპერატორმა სპეციფიკაციების დარღვევით მოახდინა ხორცის ეტიკეტირება ნებაყოფლობითი ეტიკეტირების სისტემის ფარგლებში ან როდესაც არ არსებობს დამტკიცებული სპეციფიკაციები. შეზღუდული ვადით, 2001 წლის პირველ იანვრამდე, იმისათვის რათა გათვალისწინებული იყოს ის სირთულეები, რომლებსაც შესაძლოა ოპერატორები წააწყდნენ ამ რეგულაციის იმპლემენტაციის პროცესში, ყველაზე მკაცრი სანქციები მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა იქნეს გამოყენებული, როდესაც ეტიკეტი შეიცავს ინფორმაციას, რომელსაც შეცდომაში შეყავს მომხმარებელი ან რომელიც არ შეესაბამება დამტკიცებულ სპეციფიკაციებს;
(15) რეგულაცია N 820/97 ითვალისწინებს პირობას, რომ ნებისმიერმა ბიზნესოპერატორმა და ორგანიზაციამ, რომელსაც სურს გააკეთოს ნებაყოფლობითი მითითება ეტიკეტზე, სპეციფიკაციები დასამტკიცებლად უნდა წარუდგინოს ყველა იმ წევრი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს, რომელშიც ხდება აღნიშნული საქონლის ხორცის წარმოება და გაყიდვა. საბჭოს 1999 წლის 21 დეკემბრის რეგულაცია N 2772/1999, რომელიც ადგენს საქონლის ხორცის სავალდებულო ეტიკეტირების სისტემის ზოგად წესებს3, საშუალებას აძლევდა ბიზნესოპერატორებს 2000 წლის 31 აგვისტომდე გაეგრძელებინათ ნებაყოფლობითი აღნიშვნების გაკეთება საქონლის ხორცის ეტიკეტებზე, სავალდებულო ინფორმაციაზე დანამატის სახით;
(16) თუ დამტკიცებულ ნებაყოფლობით სპეციფიკაციებში არ მოხდა ცვლილებები და ისინი შეესაბამება ახალ წესებს, მიზანშეწონილია, რომ ძალაში დარჩეს მსგავსი სპეციფიკაციები, ისევე როგორც მესამე მსოფლიოს ქვეყნებისთვის დამტკიცებული სპეციფიკაციები;
(17) რეგულაციის N 820/97 თანახმად, თუ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის იდენტიფიკაციისა და რეგისტრაციის სისტემა გვაწვდის საკმარის დეტალურ ინფორმაციას, წევრმა სახელმწიფოებმა შეიძლება გადაწყვიტონ, იმ ცხოველებისგან მიღებული საქონლის ხორცის ეტიკეტზე, რომლებიც დაიბადნენ, გაიზარდნენ და დაიკვლნენ იმავე წევრ სახელმწიფოში, ასევე დატანილი უნდა იყოს ინფორმაციის დამატებითი ელემენტები. რეგულაცია N 2772/1999 ნებას რთავდა წევრ სახელმწიფოებს დროებით, 2000 წლის 31 აგვისტომდე, ესარგებლათ სავალდებულო ეტიკეტირების სისტემის შემოღების შესაძლებლობით იმ საქონლის ხორცთან მიმართებაში, რომელიც მიღებულია იმ ცხოველებისგან, რომლებიც დაიბადნენ, მოსუქდნენ და დაიკვლნენ მათ ტერიტორიაზე, რეგულაციის N 820/97 მე-19(4) მუხლის შესაბამისად;
(18) კომისიის 1998 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით N 98/595/EC, რომელიც ეხება საფრანგეთსა და ბელგიაში საქონლის ხორცის სავალდებულო ეტიკეტირების სისტემის შემოღებაზე განაცხადს4 და კომისიის 1998 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება N 1999/1/EC, რომელიც ეხება ფინეთში საქონლის ხორცის იძულებითი ეტიკეტირების სისტემის შემოღებაზე განაცხადს5, უფლებას აძლევს აღნიშნულ წევრ სახელმწიფოებს დააწესონ სავალდებულო ეტიკეტირების სისტემა იმ საქონლის ხორცისთვის, რომელიც მიღებულია მათ ტერიტორიაზე დაბადებული, მოსუქებული და დაკლული ცხოველებისაგან. აღნიშნული გადაწყვეტილებები, ისევე როგორც ამ სახის შემდგომი გადაწყვეტილებები უნდა გამოიყენებოდეს მანამ, სანამ წარმოშობის ადგილის სრული მითითება ეტიკეტირების სავალდებულო სისტემაში არ შევა ძალაში 2002 წლის პირველ იანვარს;
(19) ნებაყოფლობითი ეტიკეტირების სისტემის გამოყენების მონიტორინგის მიზნით, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა აღრიცხონ დამტკიცებული სპეციფიკაციები და გადასცენ კომისიას ინფორმაცია მათი ტერიტორიის ფარგლებში დამტკიცებული ეროვნული საიმპლემენტაციო წესებისა და ნებაყოფლობით დატანილი აღნიშვნების შესახებ. აუცილებელია, რომ რეგულარულად განახლდეს მსგავსი ინფორმაცია;
(20) აუცილებელია გაუქმდეს კომისიის 1997 წლის 23 ივნისის რეგულაცია N 1141/97, რომელიც ადგენს საქონლის ხორცისა და საქონლის ხორცის პროდუქტების ეტიკეტირების შესახებ საბჭოს რეგულაციის N 820/97 გამოყენების დეტალურ წესებს6, რომელშიც ბოლოს ცვლილებები შევიდა რეგულაციით N 824/987. თუმცა, რეგულაციით (EC) N 1760/2000 გათვალისწინებული სავალდებულო სისტემის დანერგვამდე, გარდამავალ პერიოდში დაბნეულობის თავიდან ასაცილებლად, უნდა გაგრძელდეს რეგულაციის N 1141/97 მოქმედება იმ ხორცთან მიმართებაში, რომელიც მიღებულია 2000 წლის პირველ სექტემბრამდე დაკლული ცხოველისაგან;
(21) წინამდებარე რეგულაციით გათვალისწინებული ზომები შეესაბამება საქონლისა და ხბოს ხორცის საკითხებში მმართველი კომიტეტის მოსაზრებას,
მიიღო წინამდებარე რეგულაცია:
მუხლი 1
მიკვლევადობა
ყველა ბიზნესოპერატორი და ორგანიზაცია რეგულაციის (EC) N 1760/2000 მე-12 მუხლის მესამე აბზაცით გათვალისწინებული მნიშვნელობით, ვალდებულია წარმოებისა და რეალიზაციის ყოველ ეტაპზე დანერგილი ჰქონდეს საიდენტიფიკაციო სისტემა და კომპლექსური რეგისტრაციის სისტემა.
ასეთი სისტემა უნდა იქნეს გამოყენებული იმგვარად, რომ უზრუნველყოფილი იყოს კავშირი ხორცის იდენტიფიკაციასა და შესაბამის ცხოველს ან ცხოველებს შორის როგორც ეს აღნიშნული რეგულაციის მე-13 (1) და მე-16 (2) მუხლებშია მითითებული.
სარეგისტრაციო სისტემაში უნდა აღირიცხოს, კერძოდ, პირუტყვის, ტანხორცის ან/და დაჭრილი ხორცის მიღება და გაგზავნა, რათა უზრუნველყოფილი იყოს კავშირის დადგენა ხორცის მიღებასა და გაგზავნას შორის.
მუხლი 2
ეტიკეტირება ინფორმაციის არარსებობისას
1. აღიარების ნომერი, რომელიც მითითებულია რეგულაციის (EC) N 1760/2000 მე-13(2)(b) მუხლში უნდა იყოს:
(a) საბჭოს დირექტივის N 64/433/EEC8 მე-10(1) მუხლით გათვალისწინებული ნომერი,
(b) ან აღიარებული ნომრის არარსებობის შემთხვევაში, ეროვნული რეგისტრაციის ნომერი.
როდესაც ამ ორი ნომრიდან არცერთი არ არის ხელმისაწვდომი, 2001 წლის 1 იანვრამდე ნომერი შეიძლება შეიცვალოს სასაკლაოს დასახელებითა და მისამართით.
2. რეგულაციის (EC) N 1760/2000 მე-13(5) მუხლის გამოყენებისას:
(a) იმ ხორცის შემთხვევაში, რომელიც მიღებულია თანამეგობრობაში 1998 წლის პირველ იანვრამდე დაბადებული ცხოველებისაგან, როდესაც ინფორმაცია მისი დაბადების ან გაზრდის ადგილის შესახებ უცნობია, გარდა გაზრდის უკანასკნელი ადგილისა, დაბადების და გაზრდის ადგილის მითითება უნდა შეიცვალოს მითითებით „*(დაბადებული 1998 წლის პირველ იანვრამდე).“;
(b) იმ ხორცის შემთხვევაში, რომელიც მიღებულია თანამეგობრობაში ცოცხლად იმპორტირებული ცხოველებისგან, როდესაც ინფორმაცია მისი დაბადების ან გაზრდის ადგილის შესახებ უცნობია, გარდა გაზრდის უკანასკნელი ადგილისა, დაბადების და გაზრდის ადგილის მითითება უნდა შეიცვალოს მითითებით, „*(ცოცხალი იმპორტი ევროკავშირში)“ ან „*(ცოცხალი იმპორტი ...დან [მესამე მსოფლიოს ქვეყნის დასახელება]).“.
მუხლი 3
წარმოშობის მითითების გამარტივება
რეგულაციის (EC) N 1760/2000 მე-13(5)(a) მუხლის გამოყენებისას, იმ საქონლის ხორცის შემთხვევაში, რომელიც მიღებულია იმ ცხოველებისგან, რომელთაც ზრდიდნენ 30 ან ნაკლები დღის მანძილზე:
– დაბადების წევრ სახელმწიფოში ან მესამე მსოფლიოს ქვეყანაში;
– იმ წევრ სახელმწიფოში ან მესამე მსოფლიოს ქვეყანაში სადაც იგი დაიკლა.
აღნიშნული წევრი სახელმწიფოებისა და მესამე მსოფლიოს ქვეყნების მითითება, როგორც ის წევრი სახელმწიფო ან მესამე მსოფლიოს ქვეყანა, სადაც ცხოველი გაიზარდა, არ არის სავალდებულო, თუ აღნიშნულ ცხოველებს ზრდიდნენ სხვა წევრ სახელმწიფოში ან მესამე მსოფლიოს ქვეყანაში 30 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში.
მუხლი 4
ჯგუფის ზომა
1. ტანხორცისა და ტანხორცის მეოთხედის დაჭრისას, რეგულაციის (EC) N 1760/2000 მე-13(1) მუხლის მეორე ქვეაბზაცში მითითებული ცხოველთა ჯგუფის ზომა, განისაზღვრება იმ ტანხორცებისა და ტანხორცების მეოთხედების რაოდენობით, რომლებიც ერთად არის დაჭრილი და რომლებიც შესაბამისი საწარმოსთვის ერთ პარტიას წარმოადგენს. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ზომა არ უნდა აღემატებოდეს საწარმოს დღიურ წარმადობას.
2. ხორცის შემდგომი დაჭრის ან გატარებისას, შეიძლება მოხდეს ჯგუფის ხელახლა ფორმირება პირველ პუნქტში მითითებული ყველა ჯგუფებისგან, რომლებიც დასაჭრელად და გასატარებლად გაუშვეს იმავე დღეს.
მუხლი 5
გატარებული საქონლის ხორცი
1. ამ რეგულაციის მიზნებისათვის, გატარებული ხორცი არის ხორცი, რომელიც ფრაგმენტებად დაქუცმაცდა ან გატარდა სპირალურ-ხრახნიან ხორცის საკეპ მანქანაში.
2. დამატებითი ინფორმაციის სახით, რომელიც შეიძლება დატანილ იქნეს ეტიკეტზე რეგულაციის (EC) N 1760/2000 მე-14 მუხლის მესამე ქვეაბზაცის შესაბამისად, უნდა მიეთითოს:
(a) 2000 წლის 1 სექტემბრიდან, რეგულაციის (EC) N 1760/2000 მე-13(2)(b) და (c) მუხლით გათვალისწინებული მონაცემები, ისევე როგორც ხორცის გატარების თარიღი;
(b) 2000 წლის პირველი სექტემბრიდან 2002 წლის პირველ იანვრამდე, რეგულაციის (EC) N 1760/2000 მე-13(5) მუხლის (a)(i) და (ii) (b) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემები, თუ შესაბამისმა წევრმა სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება გამოიყენოს ეროვნული სავალდებულო ეტიკეტირების სისტემა, რომელიც მოიცავს ასეთ ინფორმაციას, ან თუ შესაბამისი ბიზნესოპერატორი ნებაყოფლობით მიუთითებს ინფორმაციას რეგულაციის (EC) N 1760/2000 მე-2 კარის მე-2 ქვეთავის შესაბამისად;
(c) 2002 წლის პირველი იანვრიდან მონაცემები, რომლებიც მითითებულია რეგულაციის (EC) N 1760/2000 მე-13(5) მუხლის (a)(i) და (ii) ქვეპუნქტებში.
მუხლი 6
სანებართვო პროცედურები
1. პერიოდი, რომელსაც ითვალისწინებს რეგულაციის (EC) N 1760/2000 მე-16(3) მუხლი, რომლის განმავლობაშიც ნებართვა არ იქნა გაცემული ან მასზე არ იქნა ნათქვამი უარი, ან დამატებითი ინფორმაცია არ იქნა მოთხოვნილი იმ წევრი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ, რომელსაც ეგზავნება ხორცი, უნდა შეადგენდეს ორ თვეს განაცხადის წარდგენის მომენტიდან.
2. რეგულაციის (EC) N 1760/2000 მე-16(5) მუხლის შესაბამისად, ისეთი უმაღლესი ხარისხის ხორცის შემთხვევაში, რომელიც ინდივიდუალურ შეფუთვაშია მოთავსებული და რომელიც დამტკიცებული სპეციფიკაციების შესაბამისად წევრ სახელმწიფოშია ეტიკეტირებული და სხვა წევრ სახელმწიფოშია შეტანილი, სადაც პირველად ეტიკეტზე არ ხდება ინფორმაციის დამატება, რეგულაციის (EC) N 1760/2000 მე-16(3) მუხლის მეორე ქვეაბზაცში მითითებული პერიოდი, უნდა იყოს 14 დღე.
3. რეგულაციის (EC) N 1760/2000 მე-16(5) მუხლის მიზნებისათვის, საქონლის ხორცი პატარა დაფასოებაში, რომლის ეტიკეტირებაც დამტკიცებული სპეციფიკაციების მიხედვით წევრ სახელმწიფოში განხორციელდა, შეიძლება შეტანილი იქნეს სხვა წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე და განთავსდეს ბაზარზე ამ წევრი სახელმწიფოს მიერ ეტიკეტირების სპეციფიკაციების წინასწარი დამტკიცების გარეშე, იმ პირობით, რომ:
(a) აღნიშნული დაფასოება უცვლელი რჩება;
(b) დაფასოების წევრი სახელმწიფოს მიერ დამტკიცებული შეფუთვის სპეციფიკაციები ასევე მოიცავს დაფასოებული საქონლის ხორცის მარკეტინგს სხვა წევრ სახელმწიფოებში;
(c) წევრი სახელმწიფო, რომელიც ასეთ სპეციფიკაციებს ამტკიცებს, წინასწარ აწვდის ყველა საჭირო ინფორმაციას ყველა სხვა წევრ სახელმწიფოს, სადაც უნდა მოხდეს დაფასოებული საქონლის ხორცის დამტკიცებული სპეციფიკაციების მიხედვით რეალიზაცია.
მუხლი 7
შემოწმებები
1. ბიზნეოსპერატორებმა და ორგანიზაციებმა ნებისმიერ დროს უნდა უზრუნველყონ კომისიის ექსპერტების, კომპეტენტური ორგანოსა და რეგულაციის (EC) N 1760/2000 მე-16(1) მუხლის მესამე ქვეაბზაცით გათვალისწინებული შესაბამისი დამოუკიდებელი მაკონტროლებელი ორგანოს დაშვება მათ ობიექტებზე და ყველა ჩანაწერზე, რომელიც ადასტურებს, რომ ეტიკეტებზე მითითებული ინფორმაცია სწორია.
2. კომპეტენტური ორგანო და რეგულაციის (EC) N 1760/2000 მე-16(1) მუხლის მესამე ქვეაბზაცით გათვალისწინებული დამოუკიდებელი მაკონტროლებელი ორგანო რეგულარულად ახორციელებს ადგილზე შემოწმებას, რისკის ანალიზის საფუძველზე, რომლის დროსაც უნდა იქნეს გათვალისწინებული, კერძოდ, შესაბამისი სპეციფიკაციების სირთულე. თითოეული შემოწმების დროს შედგენილი უნდა იქნეს ინსპექტირების ანგარიში, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას ყველა გამოვლენილი ხარვეზისა და სიტუაციის გამოსწორების მიზნით მიღებული ზომების შესახებ, ასევე ნებისმიერ ვადებსა და დაკისრებულ სანქციებს.
3. როდესაც რეგულაციის (EC) N 1760/2000 მე-16(1) მუხლის მესამე ქვეაბზაცით გათვალისწინებული ვარიანტი არ განიხილება, წევრმა სახელმწიფოებმა შემოწმება უნდა ჩაატარონ იმგვარად, რომ უზრუნველყონ საკმარისი გარანტიები გამოყენებული ეტიკეტების სიზუსტესთან დაკავშირებით. შემოწმებების პერიოდულობა განისაზღვრება, კერძოდ, შესაბამისი სპეციფიკაციების სირთულიდან გამომდინარე.
4. ბიზნესოპერატორები, ორგანიზაციები და დამოუკიდებელი კონტროლის განმახორციელებელი ორგანოები, კომპეტენტურ ორგანოს აცნობებენ ყველა შესაბამის ინფორმაციას.
მუხლი 8
მესამე მსოფლიოს ქვეყნების მიერ მინიჭებული ნებართვები
1. კომისია ამოწმებს სრულად არის თუ არა წარმოდგენილი შეტყობინებები რეგულაციის (EC) N 1760/2000 მე-17(2) მუხლით გათვალისწინებული წესით. არასრული შეტყობინების მიღებისას კომისია ამის შესახებ აცნობებს შესაბამის მესამე მსოფლიოს ქვეყანას და მიუთითებს იმ ინფორმაციას, რომლის წარდგენაც სავალდებულოა.
სრულად წარმოდგენილი შეტყობინებები უნდა გადაეცეს წევრ სახელმწიფოებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კომისია, რეგულაციის (EC) N 1760/2000 მე-17(2) მუხლის მესამე ქვეაბზაცით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, დაასკვნის, რომ შესაბამის მესამე მსოფლიოს ქვეყანაში გამოყენებული პროცედურები ან/და კრიტერიუმები არ შეესაბამება რეგულაციით (EC) N 1760/2000 გათვალისწინებულ სტანდარტებს.
2. თუ კომისია, ნებისმიერ დროს, რეგულაციის (EC) N 1760/2000 მე-17(2) მუხლით გათვალისწინებული შეტყობინების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ მიზანშეწონილია გადამოწმდეს მესამე მსოფლიოს ქვეყნის მიერ მოწოდებული პროცედურების ან/და კრიტერიუმების ეკვივალენტურობა რეგულაციით (EC) N 1760/2000 გათვალისწინებულ სტანდარტებთან მიმართებაში, კომისია უფლებამოსილია მოსთხოვოს მესამე მსოფლიოს ქვეყანას ნებისმიერი საჭირო ინფორმაციის წარდგენა. კერძოდ, კომისია უფლებამოსილია მოსთხოვოს მესამე მსოფლიოს ქვეყანას იმ სპეციფიკაციების ასლების წარდგენა, რომლებიც დამტკიცებულია დანიშნული კომპეტენტური ორგანოს მიერ. კომისიას შეუძლია მესამე მსოფლიოს ქვეყანას დამატებით მოთხოვოს კომისიის წარმომადგენლებისთვის ნებართვის მიცემა მესამე მსოფლიოს ქვეყანაში შემოწმებების განსახორციელებლად.
3. წინა პუნქტის შესაბამისად მოთხოვნილი ნებისმიერი ინფორმაციის ან ნებართვის დადგენილ ვადაში კომისიისთვის წარუდგენლობის შემთხვევაში, კომისიამ შეიძლება დაასკვნას, რომ მესამე მსოფლიოს ქვეყანაში გამოყენებული პროცედურები ან/და კრიტერიუმები არ არის რეგულაციით (EC) N 1760/2000 გათვალისწინებული სტანდარტების ეკვივალენტური.
4. კომისია უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეცვალოს მისი თავდაპირველი გადაწყვეტილება მესამე მსოფლიოს ქვეყნის მიერ გამოყენებული პროცედურების ან/და კრიტერიუმების ეკვივალენტურობასთან დაკავშირებით რეგულაციის (EC) N 1760/2000 მე-17(2) მუხლის მესამე ქვეაბზაცის შესაბამისად.
მუხლი 9
სანქციები
1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა განსაზღვრონ სანქციების სისტემა, რომლებიც უნდა იქნეს გამოყენებული იმ შემთხვევაში, თუ დაირღვევა რეგულაცია (EC) N 1760/2000 და უნდა მიიღონ ყველა აუცილებელი ზომა, რათა უზრუნველყონ აღნიშნული სანქციების განხორციელება. ეს სანქციები უნდა იყოს ეფექტური, თანაზომიერი და შემაკავებელი ეფექტის მქონე.
2. რეგულაციის (EC) N 1760/2000 მე-18 მუხლით განსაზღვრული სანქციების გათვალისწინებით, თუ საქონლის ხორცის ეტიკეტირება განხორციელდა:
– სავალდებულო ეტიკეტირების სისტემის დარღვევით, ან
– ნებაყოფლობითი სისტემის გამოყენების შემთხვევაში, სპეციფიკაციების დარღვევით, ან დამტკიცებული სპეციფიკაციების არარსებობის შემთხვევაში,
წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მოითხოვონ საქონლის ხორცის ბაზრიდან ამოღება იმ დრომდე, სანამ მისი ხელახლა ეტიკეტირება არ მოხდება წინამდებარე რეგულაციის შესაბამისად.
თუმცა, თუ აღნიშნული ხორცი შეესაბამება ყველა არსებული ვეტერინარულ და ჰიგიენურ წესებს, წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ იმ სანქციებზე დამატებით, რომლებიც მოცემულია პირველ პუნქტში, დაუშვან ასეთი ხორცის პირდაპირი გაგზავნა ხორცის პროდუქტებად გადამუშავებისთვის, გარდა რეგულაციის (EC) N 1760/2000 მე-12 მუხლის პირველი აბზაცით გათვალისწინებულ პროდუქტებისა.
3. 2001 წლის 1 იანვრამდე, საქონლის ხორცის ბაზრიდან ამოღება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეტიკეტი შეიცავს ინფორმაციას, რომელმაც შეიძლება არსებითად შეცდომაში შეიყვანოს მომხმარებელი ან რომელიც არ შეესაბამება დამტკიცებულ სპეციფიკაციებს.
მუხლი 10
ჩანაწერები
კომპეტენტურმა ორგანომ უნდა აწარმოოს დამტკიცებული სპეციფიკაციების აღრიცხვა და კერძოდ, ყველა ბიზნეოპერატორისა და ორგანიზაციის, რომელიც პასუხისმგებელია საქონლის ხორცის ეტიკეტირებაზე, ასევე დამოუკიდებელი ორგანოსი, რომელიც პასუხისმგებელია შემოწმებებზე.
მუხლი 11
ინფორმაციის მიწოდება
წევრმა სახელმწიფოებმა უნდა აცნობონ კომისიას:
(a) იმ ორგანოების დასახელება, რომლებიც უფლებამოსილნი არიან განახორციელონ ეტიკეტირების სისტემა რეგულაციის (EC) N 1760/2000 შესაბამისად, ისევე როგორც სხვა დეტალური საიმპლემენტაციო წესები, კერძოდ, ჩასატარებელ შემოწმებებთან და გამოსაყენებელ სანქციებთან დაკავშირებით;
(b) 2000 წლის 30 სექტემბრისთვის, ნებაყოფლობითი აღნიშვნების სია, რომელიც დამტკიცებულია მათ ტერიტორიაზე;
(c) ყოველ სამ თვეში ერთხელ, (b) პუნქტში აღნიშნული სიის განახლებული ვერსია.
მუხლი 12
გარდამავალი დებულება
იმ პირობით, რომ ისინი შეესაბამება რეგულაციას (EC) N 1760/2000 და წინამდებარე რეგულაციას,
(a) უნდა გაგრძელდეს რეგულაციის (EC) N 820/97 მე-14 და მე-15 მუხლების საფუძველზე დამტკიცებული ნებაყოფლობითი სპეციფიკაციების გამოყენება;
(b) ხორცის ეტიკეტირების სავალდებულო ეროვნული სისტემები, რომლებიც დამტკიცებულია რეგულაციის (EC) N 820/97 მე-19(4) მუხლის შესაბამისად, ძალაში რჩება 2002 წლის პირველ იანვრამდე, ისევე როგორც ნებისმიერი შემდგომი მსგავსი გადაწყვეტილებები.
მუხლი 13
გაუქმება
გაუქმდეს რეგულაცია (EC) N 1141/97.
თუმცა, იგი უნდა იქნეს გამოყენებული იმ ხორცთან მიმართებაში, რომელიც მიღებულია 2000 წლის 1 სექტემბრამდე დაკლული ცხოველებისაგან.
მითითება გაუქმებულ რეგულაციაზე, უნდა განიმარტოს, როგორც მითითება წინამდებარე რეგულაციაზე და წაკითხულ უნდა იქნეს დანართში მოცემული კორელაციის ცხრილის შესაბამისად.
მუხლი 14
ძალაში შესვლა
წინამდებარე რეგულაცია ძალაში შედის ევროპული გაერთიანებების ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებიდან მესამე დღეს.
წინამდებარე რეგულაცია ვრცელდება საქონლის ხორცზე, რომელიც მიღებულია 2000 წლის 1 სექტემბრის შემდეგ დაკლული ცხოველებისგან.
წინამდებარე რეგულაცია მთლიანად სავალდებულოა და უშუალოდ ეხება ყველა წევრ სახელმწიფოს.
შესრულებულია ბრიუსელში 2000 წლის 25 აგვისტოს.
კომისიის სახელით
ფილიპ ბასქინი
კომისიის წევრი
დანართი
კორელაციის ცხრილი
1 ოფიციალური ბიულეტენი, L 204, 11.08.2000, გვ. 1.
2 ოფიციალური ბიულეტენი, L 117, 07.05.1997, გვ. 1.
3 ოფიციალური ბიულეტენი, L 334, 28.12.1999, გვ. 1.
4 ოფიციალური ბიულეტენი, L 286, 55.02.1998, გვ. 1.
5 ოფიციალური ბიულეტენი, L 1, 05.01.1999, გვ. 3.
6 ოფიციალური ბიულეტენი, L 165, 25.04.1997, გვ. 7.
7 ოფიციალური ბიულეტენი, L 117, 4.2..1998, გვ. 1.
8 ოფიციალური ბიულეტენი, L 121, 29.7.1964, გვ. 2012/64.
To see the original English version of this document, please, follow the link:
Return back
Document comments