On State Security Service of Georgia

On State Security Service of Georgia
Document number 3921-რს
Document issuer Parliament of Georgia
Date of issuing 08/07/2015
Document type Law of Georgia
Source and date of publishing Website, 15/07/2015
Registration code 130000000.05.001.017864
Consolidated publications

Consolidated version (final)

 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო

ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ძირითად სახელმძღვანელო პრინციპებს, მის ფუნქციებსა და უფლებამოსილებას, სამსახურის საჯარო მოსამსახურის, მათ შორის, სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირის (შემდგომ – მოსამსახურე), მიერ სამსახურის გავლის წესს, მისი სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიებს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის კონტროლისა და ზედამხედველობის ფორმებს და სხვა საკითხებს.

მუხლი 2. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 

1. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (შემდგომ – სამსახური) არის საქართველოს მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულებათა სისტემა, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სახელმწიფო უსაფრთხოებას.

2. სამსახური შედგება სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან. სამსახურში შეიძლება შეიქმნას ტერიტორიული ორგანოები. სამსახურის მმართველობის სფეროში შეიძლება შედიოდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

3. სამსახურის დებულებას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

4. სამსახური და მისი თანამდებობის პირები უფლებამოსილი არიან, სამსახურის სამართლებრივ აქტებზე, ბლანკებზე, ბეჭდებსა და შტამპებზე სრული სახით გამოიყენონ საქართველოს სახელმწიფო გერბი.

5. სამსახურს ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისას უფლება აქვს, მატერიალური ან/და ელექტრონული დოკუმენტის სახით შექმნას, მიიღოს და შეინახოს ნებისმიერი დოკუმენტი (მათ შორის, საარქივო მასალა), აგრეთვე გამოიყენოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა და მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებები.

6. სამსახურს უფლება აქვს, ამ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას მის მიერ დამუშავებულ მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერა შეასრულოს ფაქსიმილეს გამოყენებით. ფაქსიმილეს გამოყენებით შესრულებულ ხელმოწერას აქვს პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა.

საქართველოს 2017 წლის 22  მარტის   კანონი  №481  - ვებგვერდი, 27.03.2017წ.
საქართველოს 2017 წლის 21 აპრილის   კანონი  №642  - ვებგვერდი, 10.05.2017წ.

მუხლი 3. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები 

სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, ეს კანონი, საქართველოს სხვა კანონები, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტები და სხვა ნორმატიული აქტები.

მუხლი 4. სამსახურის საქმიანობის ძირითადი სახელმძღვანელო პრინციპები 

სამსახურის საქმიანობის ძირითადი სახელმძღვანელო პრინციპებია:

ა) კანონიერება;

ბ) ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა და პატივისცემა;

გ) საქმიანობის ღია და ფარული ფორმების ერთობლიობა;

დ) ერთიანობა და ცენტრალიზაცია;

ე) დისკრიმინაციის დაუშვებლობა;

ვ) თანაზომიერება და დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება;

ზ) პოლიტიკური ნეიტრალობა.

მუხლი 5. სამსახურის საქმიანობის  მიმართულებები

სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სამსახურის საქმიანობის მიმართულებებია:

ა) საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და სამხედრო პოტენციალის უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურებისა და ცალკეულ პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედებებისაგან დაცვა;

ბ) საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და სახელმწიფო ხელისუფლების არაკონსტიტუციური, ძალადობრივი გზით შეცვლის გამოვლენა და მათი დაცვის უზრუნველყოფა;

გ) ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

დ) ტერორიზმთან ბრძოლა;

ე) სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის და საერთაშორისო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა; 

ვ) კორუფციის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის ღონისძიებების განხორციელება;

ზ) სახელმწიფო საიდუმლოების დაცვა, სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და მათი შესრულების კონტროლი;

თ) ქვეყნის საგარეო საფრთხეებისაგან დაცვა.

თავი II

სამსახურის შემადგენლობა; სამსახურის უფროსის დანიშვნა და მისი

უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა

მუხლი 6. სამსახურის უფროსი და მისი მოადგილეები

1. სამსახურის საქმიანობის მიმართულებებს წარმართავს და სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი.

2. სამსახურის უფროსი:

ა) აწესრიგებს სამსახურის კომპეტენციის სფეროსთვის მიკუთვნებულ საკითხებს;

ბ) საქართველოს საკანონმდებლო აქტით ან საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში გამოსცემს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს;

გ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის მოსამსახურეებს, მათ შორის, სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს და მათ მოადგილეებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს;

ე) საქართველოს პრემიერ-მინისტრს თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს სამსახურის უფროსის პირველი მოადგილისა და მოადგილეთა კანდიდატურებს; 

ვ) მოსამსახურეებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში ანიჭებს სამხედრო და სახელმწიფო სპეციალურ წოდებებს;

ზ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში წაახალისებს და დისციპლინურ პასუხისმგებლობას აკისრებს მოსამსახურეს, წარადგენს მას სახელმწიფო ჯილდოზე, აგრეთვე პირის მიმართ იყენებს ამ კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ წახალისების ფორმებს;

თ) ქმნის კომისიებსა და სამუშაო ჯგუფებს;

ი) წარმოადგენს სამსახურს საერთაშორისო და სხვა ორგანიზაციებთან ურთიერთობებში;

კ) ამტკიცებს სამსახურის მოსამსახურის ფიცის ტექსტს;

ლ) ამტკიცებს სამსახურის მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსს;

მ) ადგენს სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის რეჟიმს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტებისთვის;  

ნ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. სამსახურის უფროსს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილეები.

4. სამსახურის უფროსის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს სამსახურის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 

5. სამსახურის უფროსის პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამოსილება განისაზღვრება სამსახურის დებულებით, სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტებით და სხვა ნორმატიული აქტებით.

6. სამსახურის უფროსის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს უფლებამოსილება უწყდებათ სამსახურის ახალი უფროსის დანიშვნისთანავე.

საქართველოს 2017 წლის 22  მარტის   კანონი  №481  - ვებგვერდი, 27.03.2017წ.

მუხლი 7. სამსახურის უფროსის დანიშვნა 

1. სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს 2 თვისა და არაუგვიანეს 8 კვირისა საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს მთავრობას განსახილველად წარუდგენს სამსახურის უფროსის კანდიდატურას. საქართველოს მთავრობა სამსახურის უფროსის კანდიდატურას დასანიშნად წარუდგენს საქართველოს პარლამენტს.

2. საქართველოს მთავრობა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ სამსახურის უფროსის კანდიდატურის მისთვის წარდგენიდან 1 კვირის ვადაში, საქართველოს მთავრობის რეგლამენტით დადგენილი წესით განიხილავს ამ კანდიდატურას და იღებს განკარგულებას საქართველოს პარლამენტისთვის მისი წარდგენის შესახებ.

3. თუ საქართველოს მთავრობამ არ მიიღო განკარგულება სამსახურის უფროსის კანდიდატურის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი 3 კალენდარული დღის ვადაში საქართველოს მთავრობას განმეორებით წარუდგენს იმავე ან სხვა კანდიდატურას, რის შემდეგაც საქართველოს მთავრობა ასრულებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ პროცედურას.

4. თუ საქართველოს მთავრობამ კვლავ არ მიიღო განკარგულება სამსახურის უფროსის კანდიდატურის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის შესახებ, გამეორდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი პროცედურა.

5. საქართველოს მთავრობისთვის ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა შეიძლება მხოლოდ ორჯერ.

6. საქართველოს პარლამენტი საქართველოს მთავრობის მიერ სამსახურის უფროსის კანდიდატურის მისთვის წარდგენიდან 2 კვირის  ვადაში, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით განიხილავს ამ კანდიდატურას და სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით ნიშნავს სამსახურის უფროსს. თუ ამ ვადის ბოლო დღე დაემთხვა იმ დღეს, როდესაც პარლამენტის მორიგი პლენარული სხდომა არ იმართება, კენჭისყრა უახლოეს პლენარულ სხდომაზე ჩატარდება.

7. თუ სამსახურის უფროსის კანდიდატურამ ვერ მიიღო ხმათა საჭირო რაოდენობა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი 1 კვირის ვადაში საქართველოს მთავრობას წარუდგენს სამსახურის უფროსის კანდიდატურას, რის შემდეგაც სრულდება ამ მუხლის მე-2–მე-6 პუნქტებით დადგენილი პროცედურები.

8. თუ სამსახურის უფროსი კვლავ ვერ დაინიშნა, გამეორდება ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი პროცედურა. ეს პროცესი გაგრძელდება სამსახურის უფროსის დანიშვნამდე.

9. საქართველოს პარლამენტისთვის ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა შეიძლება მხოლოდ ორჯერ.

10. თუ სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე მისი უფლებამონაცვლე არ დაინიშნა, სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის დღიდან სამსახურის ახალი უფროსის დანიშვნამდე სამსახურის უფროსის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე ან საქართველოს მთავრობის განკარგულებით სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნული ერთ-ერთი მოადგილე. სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე სამსახურის ახალი უფროსის დანიშვნის შემთხვევაში იგი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას შეუდგება სამსახურის მოქმედი უფროსის უფლებამოსილების ვადის ამოწურვისთანავე.  

11. სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადაა 6 წელი. ეს ვადა იწყება წინამორბედი სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის დღის მომდევნო დღიდან.

12. ერთი და იმავე პირის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ზედიზედ ორჯერ დანიშვნა არ შეიძლება. პირი, რომელიც დანიშნული იყო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, უფლებამოსილების ვადის ამოწურვიდან ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტიდან 6 წლის განმავლობაში არ შეიძლება ხელახლა დაინიშნოს სამსახურის უფროსის თანამდებობაზე.

13. სამსახურის უფროსის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს არანაკლებ 35 წლის, ქმედუნარიანი, უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს სამართალდამცავ ორგანოში მუშაობის სულ ცოტა 2 წლის გამოცდილება და რომელიც ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას. სამსახურის უფროსის თანამდებობა არ შეიძლება დაიკავოს საქართველოს მოქალაქემ, რომელიც იმავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

მუხლი 8. სამსახურის უფროსის თანამდებობრივი შეუთავსებლობა 

სამსახურის უფროსის თანამდებობა შეუთავსებელია საჯარო ან კერძო სამსახურში ნებისმიერ თანამდებობასთან. სამსახურის უფროსს უფლება არა აქვს, ახორციელებდეს რაიმე ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობისა. არ შეიძლება სამსახურის უფროსი იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი ან სხვაგვარად მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში.

მუხლი 9. სამსახურის უფროსის ანგარიშვალდებულება და პასუხისმგებლობა

1. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია საქართველოს პარლამენტის წინაშე. სამსახურის უფროსი, როგორც საქართველოს მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულებათა სისტემის ხელმძღვანელი, ანგარიშვალდებულია აგრეთვე საქართველოს მთავრობის წინაშე.

2. სამსახურის უფროსი ან მისი მოადგილე ვალდებულია წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 15 აპრილისა, საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს სამსახურის მიერ წინა წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში.

3. სამსახურის უფროსი უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – ვალდებულია დაესწროს საქართველოს პარლამენტის, მისი კომიტეტისა და კომისიის სხდომებს, პასუხი გასცეს შესაბამის სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარმოადგინოს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში. მას მოთხოვნისთანავე უნდა მოუსმინოს საქართველოს პარლამენტმა, კომიტეტმა, კომისიამ.

4. საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია შეაფასოს სამსახურის უფროსის მიერ გაწეული საქმიანობა და საქართველოს პარლამენტის დადგენილებით დაამტკიცოს შესაბამისი რეკომენდაციები და წინადადებები.

საქართველოს 2017 წლის 22  მარტის   კანონი  №481  - ვებგვერდი, 27.03.2017წ.

მუხლი 10. სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა

1. სამსახურის უფროსს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ:

ა) შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა;

ბ) ზედიზედ 2 თვის განმავლობაში ვერ შეასრულა თავისი სამსახურებრივი მოვალეობა;

გ) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;

დ) სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა, გარდაცვლილად გამოაცხადა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო;

ე) დაიკავა ან უკავია სამსახურის უფროსის თანამდებობასთან შეუთავსებელი თანამდებობა ან ახორციელებს მასთან შეუთავსებელ საქმიანობას;

ვ) ნებაყოფლობით გადადგა თანამდებობიდან;

ზ) თანამდებობიდან გადააყენა საქართველოს პარლამენტმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით;

თ) გარდაიცვალა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“, „ვ“, „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით შემოწმების შემდეგ იღებს ცნობად, რის შემდეგაც სამსახურის უფროსს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ან „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია მიიღოს განკარგულება სამსახურის უფროსის უფლებამოსილების შეჩერებისა და საქართველოს პარლამენტისთვის მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მოთხოვნის წარდგენის შესახებ. ეს განკარგულება დაუყოვნებლივ წარედგინება საქართველოს პარლამენტს, რომელიც მისი მიღებიდან 2 კვირის ვადაში, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით განიხილავს და სრული შემადგენლობის უმრავლესობით წყვეტს სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს. თუ პარლამენტმა არ მიიღო სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება, სამსახურის უფროსის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება ძალადაკარგულად ითვლება.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ან „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია თავისი ინიციატივით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით განიხილოს სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი და სრული შემადგენლობის უმრავლესობით მიიღოს გადაწყვეტილება სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ.

5. სამსახურის უფროსის ანგარიშის მოსმენის შემდეგ საქართველოს პარლამენტის სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს უფლება აქვს, დასვას სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი, თუ ანგარიშის მოსმენისას გამოიკვეთა ასეთი გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა. ასეთ შემთხვევაში ინიციატორებმა უნდა მიუთითონ ზემოაღნიშნული საკითხის დასმის მიზეზები/საფუძვლები. საქართველოს პარლამენტი სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით.

6. თუ საქართველოს პარლამენტმა ამ მუხლის მე-3–მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში არ მიიღო გადაწყვეტილება სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ, მომდევნო 6 თვის განმავლობაში იმავე მიზეზით/საფუძვლით მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განმეორებით დასმა არ შეიძლება.

7. სამსახურის უფროსის უფლებამოსილების შეჩერების ან ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, ხოლო პირველი მოადგილის მიერ ამ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში – საქართველოს მთავრობის განკარგულებით სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნული ერთ-ერთი მოადგილე.

8. სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში სამსახურის ახალი უფროსის კანდიდატურას საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს მთავრობას წარუდგენს სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტიდან 1 თვის ვადაში, რის შემდეგაც სამსახურის უფროსის დანიშვნის პროცედურა გრძელდება ამ კანონის მე-7 მუხლის მე-2–მე-8 პუნქტებით დადგენილი წესით.

თავი III

სამსახურის ფუნქციები და უფლებამოსილება

 მუხლი 11. სამსახურის ფუნქციები

სამსახურის ფუნქციებია:

ა) ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული მიმართულებების მიხედვით სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებულ დანაშაულთა თავიდან აცილება (პრევენციული ღონისძიებების განხორციელება), გამოვლენა, აღკვეთა და გამოძიება; 

ბ) სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებულ დანაშაულთა, მოსალოდნელი საფრთხეების, რისკებისა და გამოწვევების ანალიზი.

მუხლი 12. სამსახურის უფლებამოსილება

1. სამსახური პრევენციული ფუნქციების შესრულების უზრუნველსაყოფად თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია: 

ა) სახელმწიფო უსაფრთხოების წინაშე მდგარი საფრთხეების თავიდან ასაცილებლად განახორციელოს ამ კანონის მე-13 მუხლით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებები, მათ შორის, ვინაობის დადგენის მიზნით შეუმოწმოს პირს პირადობის (ბინადრობის) დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ამ პირმა ჩაიდინა სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებული დანაშაული ან ჩაიდენს მას, ან თუ ასეთი შემოწმება დაკავშირებულია მოსამსახურის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან;

ბ) მიიღოს გადაუდებელი ზომები ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად, გაუწიოს მას პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება;

გ) გააფრთხილოს სახელმწიფო ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები იმ შესაძლო ქმედებათა შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნის სახელმწიფო უსაფრთხოებას;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე, შესაბამის უწყებებთან ერთად მიიღოს ზომები საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობათა პირადი და ქონებრივი უსაფრთხოების, აგრეთვე საქართველოს საზღვრების გარეთ საქართველოს დაწესებულებებისა და მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;

ე) მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო ღონისძიებათა უსაფრთხოების უზრუნველყოფაში;

ვ) საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს უზრუნველყოს სახელმწიფოს სამობილიზაციო-გამწვევი პუნქტებისა და ოპერატიულ-მმართველობითი შტაბების უსაფრთხოება და მზადყოფნა; 

ზ) უზრუნველყოს სამსახურის სრული სამობილიზაციო მზადყოფნა;

თ) მიიღოს და რეგისტრაციაში გაატაროს ინფორმაცია სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებულ დანაშაულთა საქმეების შესახებ, აღრიცხოს ასეთ დანაშაულთა ჩამდენი პირები;

ი) საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, უმაღლეს სახელმწიფო ორგანოებსა და დაინტერესებულ უწყებებს აცნობოს სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ;

კ) ღია და ფარული წყაროებიდან მოიპოვოს ინფორმაცია, განახორციელოს მიღებული ინფორმაციის ანალიტიკური დამუშავება და განზოგადება;

ლ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით უზრუნველყოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე ბირთვული, რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური უსაფრთხოება;

მ) უზრუნველყოს მასობრივი განადგურების იარაღის უკანონო ბრუნვის თავიდან აცილება, გამოვლენა და აღკვეთა.

2. სამსახური სახელმწიფო უსაფრთხოების წინაშე მდგარ საფრთხეებზე რეაგირების მიზნით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია: 

ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს გამოძიება, დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულ და დამნაშავე პირთა ძებნა-დაკავება;

 ა1) უზრუნველყოს დანაშაულის ჩადენისათვის დაკავებულ პირთა დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსება;

ბ) კანონით დადგენილი წესით განახორციელოს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, აგრეთვე საგამოძიებო და ფარული საგამოძიებო მოქმედებები.

გ) პროკურატურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ორგანოებთან და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან ერთად მონაწილეობა მიიღოს ორგანიზებული დანაშაულის, კორუფციისა და ნარკობიზნესის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებში;

დ) გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებში გამოიყენოს სახელმწიფო ორგანოს, ფიზიკური და იურიდიული პირების (გარდა უცხო ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულებისა) კუთვნილი:

დ.ა) კავშირგაბმულობის საშუალებები – შესაბამის სახელმწიფო ორგანოსთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან აუცილებელი კომუნიკაციის დასამყარებლად;

დ.ბ) სატრანსპორტო საშუალებები – შემთხვევის ადგილზე მისასვლელად, დანაშაულის აღსაკვეთად ან/და დანაშაულის ჩამდენი პირის ან დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული პირის დასაკავებლად.

შენიშვნა: ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამსახური ვალდებულია კავშირგაბმულობის საშუალებებისა და სატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს აუნაზღაუროს მათთვის მიყენებული ზიანი;

ე) უზრუნველყოს კომპიუტერული მონაცემებისა და ტექნიკური აღჭურვილობის საექსპერტო-კრიმინალისტიკური გამოკვლევა.

3. სამსახური კონტრდაზვერვითი საქმიანობის მიმართულებით თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია: 

ა) განახორციელოს კონტრდაზვერვითი საქმიანობა უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურებისა და ორგანიზაციების საქართველოს წინააღმდეგ მიმართული დაზვერვითი საქმიანობის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით, აგრეთვე მიიღოს საჭირო ზომები სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;

ბ) სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს სამხედრო ძალებში განახორციელოს კონტრდაზვერვითი საქმიანობა.

4. სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია: 

ა) კანონით განსაზღვრულ  უწყებებთან ერთად განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;

ბ) სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურთან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით, ოპერატიულად უზრუნველყოს სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტის და სახელმწიფო ორგანოს უმაღლესი თანამდებობის პირების, აგრეთვე საქართველოში ვიზიტით მყოფი უცხო ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირის, საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლის, საქართველოში დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის და სხვა მნიშვნელოვანი პირის დაცვა;

გ) თავისი სახელით დადოს უწყებათაშორისი ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულება.

5. სამსახური მასში შემავალი დანაყოფების ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფის, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენების და დაკვირვების ელექტრონული საშუალებების ბრუნვის კონტროლის მიზნით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია: 

ა) უზრუნველყოს სამსახურის დანაყოფებთან გამართული უწყებრივი კავშირი;

ბ) გზებსა და შენობების გარე პერიმეტრზე, სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამონტაჟოს/განათავსოს, აგრეთვე გამოიყენოს სამსახურის ან/და სხვის მფლობელობაში არსებული დამონტაჟებული ავტომატური ფოტო- და ვიდეოტექნიკა.

6. სამსახურის საქმიანობის განხორციელების ფორმები, მეთოდები და საშუალებები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, სამსახურის უფროსის ნორმატიული აქტებით. გამოყენებული მეთოდები და საშუალებები ზიანს არ უნდა აყენებდეს ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, არ უნდა ლახავდეს ადამიანის პატივსა და ღირსებას, არ უნდა აზიანებდეს გარემოს.

საქართველოს 2015 წლის 16 დეკემბრის კანონი №4646 - ვებგვერდი, 28.12.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 22  მარტის   კანონი  №481  - ვებგვერდი, 27.03.2017წ.
 

მუხლი 13. სამსახურის მიერ პრევენციული ღონისძიებების განხორციელება

1. თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ შესაძლებელია საფრთხე შეექმნას სახელმწიფო უსაფრთხოებას, სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს შემდეგ პრევენციულ ღონისძიებებს:

ა) პირის გამოკითხვა;

ბ) პირის იდენტიფიკაცია;

გ) პირის მოწვევა;

დ) ზედაპირული შემოწმება და ზედაპირული დათვალიერება;

ე) სპეციალური შემოწმება და დათვალიერება;

ვ) ადგილის დატოვების მოთხოვნა და კონკრეტულ ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვა.

2. სამსახური უფლებამოსილია, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებების გარდა, განახორციელოს სხვა პრევენციული ღონისძიებები, რომლებიც არ იწვევს ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებში ჩარევას.

3. ამ კანონით გათვალისწინებული საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის არის ფაქტი ან/და ინფორმაცია, რომელიც დააკმაყოფილებდა ობიექტურ დამკვირვებელს გარემოებათა გათვალისწინებით დასკვნის გასაკეთებლად.

4. ამ კანონით გათვალისწინებული საფრთხე არის ვითარება, როდესაც არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მოვლენათა მოსალოდნელი განვითარების შეუფერხებელი მსვლელობის შემთხვევაში დიდი ალბათობით ზიანი მიადგება სამსახურის მიერ დასაცავ სიკეთეს.

5. მოსამსახურე ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიების განხორციელებამდე პირს წარუდგინოს თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

 მუხლი 14. პირის გამოკითხვა

1. მოსამსახურე თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია სამსახურის ფუნქციების შესრულების მიზნით დაადგინოს პირის ვინაობა ღიად და უშუალოდ ამ პირისაგან, რისთვისაც შეუძლია შეაჩეროს იგი, გამოჰკითხოს პერსონალური მონაცემები და მოსთხოვოს პირადობის დამადასტურებელი საბუთების წარდგენა, თუ:

ა) პირს აქვს სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებულ დანაშაულთან დაკავშირებით ძებნილი ან დაკარგული პირის იდენტური გარეგნული ნიშნები;

ბ) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირმა ჩაიდინა სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებული დანაშაული ან ჩაიდენს მას;

გ) პირი ამ კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ან ობიექტზე იმყოფება;

დ) პირი სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებული დანაშაულის ადგილზე იმყოფება;

ე) პირის ან სატრანსპორტო საშუალების გარეგნული ნიშნები ან პირის მოქმედება სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებული დანაშაულის ჩადენაში მის შესაძლო მონაწილეობაზე მიანიშნებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოსამსახურე უფლებამოსილია გამოჰკითხოს პირი, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მას აქვს სამსახურის ფუნქციების შესრულებისთვის საჭირო ინფორმაცია. პირის მიერ მოსამსახურისთვის ინფორმაციის მიწოდება ნებაყოფლობითია. 14 წლამდე ასაკის პირის გამოკითხვა შეიძლება მხოლოდ მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მონაწილეობით.

3. პირს უნდა განემარტოს ამ მუხლით განსაზღვრული ღონისძიების განხორციელების საფუძველი, თუ ეს ხელს არ შეუშლის სამსახურს ამ კანონით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებაში. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გამოკითხვის შემთხვევაში პირს ამ ღონისძიების განხორციელებამდე უნდა განემარტოს, რომ მასში მონაწილეობა ნებაყოფლობითია.

მუხლი 15. პირის იდენტიფიკაცია

1. მოსამსახურე თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია სამსახურის ფუნქციების შესრულების მიზნით მოახდინოს პირის იდენტიფიკაცია ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ პირის ვინაობის დადგენა იმავე პუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებების განხორციელებით შეუძლებელია ან განსაკუთრებულ სირთულეებს უკავშირდება და პირის იდენტიფიკაცია აუცილებელია სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებული დანაშაულის თავიდან აცილებისთვის, ან არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ამ პირს პირდაპირი კავშირი აქვს სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებულ დანაშაულთან.

2. პირის იდენტიფიკაციის ღონისძიებებია:

ა) თითისა და ხელისგულის ანაბეჭდების აღება;

ბ) ფოტოსურათის გადაღება;

გ) დამახასიათებელი ფიზიკური ნიშნების დაფიქსირება;

დ) სიმაღლის გაზომვა;

ე) ხმის ჩაწერა;

ვ) სხვა ბიომეტრიული მონაცემების დაფიქსირება.

3. პირის იდენტიფიკაციის ღონისძიების განხორციელებამდე ამ პირს უნდა მიეცეს საშუალება, გონივრულ ვადაში ნებაყოფლობით დაამტკიცოს თავისი ვინაობა.

4. უფლებამოსილი მოსამსახურე პირის იდენტიფიკაციის ღონისძიების განხორციელების შემთხვევაში ადგენს პირის იდენტიფიკაციის ოქმს. ოქმში უნდა მიეთითოს ღონისძიების განხორციელების საფუძველი და ყველა მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება. ოქმს ხელს აწერენ ღონისძიების განმახორციელებელი მოსამსახურე და ღონისძიების ადრესატი. ღონისძიების ადრესატის მიერ ოქმზე ხელის მოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. ღონისძიების ადრესატს უფლება აქვს, ოქმში შეიტანოს შენიშვნა, რომელიც ხელმოწერით უნდა დაადასტუროს.

მუხლი 16. პირის მოწვევა

1. მოსამსახურე თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია გასაუბრების მიზნით შეტყობინებით მოიწვიოს პირი სამსახურში, თუ:

ა) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირს აქვს სამსახურის ფუნქციების შესრულებისთვის საჭირო ინფორმაცია;

ბ) ეს აუცილებელია სხვა პირის იდენტიფიკაციის ღონისძიების განსახორციელებლად.

2. შეტყობინებისას პირს უნდა განემარტოს მოწვევის საფუძველი.

3. მოწვევის შესახებ შეტყობინებისას პირს უნდა განემარტოს, რომ სამსახურში გამოცხადება და სამსახურის დატოვება ნებაყოფლობითია.

4. პირის მოწვევის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს მისი სამსახურებრივი მოვალეობების თავისებურებები და პირადი ცხოვრების ინტერესები.

5. არასრულწლოვნის მოწვევა დასაშვებია მხოლოდ მშობელთან ან კანონიერ წარმომადგენელთან ერთად.

6. მოწვეული სრულწლოვანი პირის სამსახურში ყოფნის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 4 საათს, ხოლო არასრულწლოვნისა – 2 საათს.

7. მოწვეულ პირთან გასაუბრების შემთხვევაში დგება გასაუბრების ოქმი. ოქმს ხელს აწერენ ოქმის შემდგენი უფლებამოსილი მოსამსახურე და მოწვეული პირი, ხოლო თუ მოწვეული პირი არასრულწლოვანია − აგრეთვე მისი თანმხლები მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი. ოქმში უნდა მიეთითოს გასაუბრების ადრესატი, გასაუბრების საფუძველი, მოწვეული პირისთვის მისი უფლებების განმარტების შესახებ და სხვა ფაქტობრივი გარემოებები. მოწვეული პირის მიერ ოქმზე ხელის მოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. მოწვეულ პირს უფლება აქვს, ოქმში შეიტანოს შენიშვნა, რომელიც ხელმოწერით უნდა დაადასტუროს.

მუხლი 17. ზედაპირული შემოწმება და ზედაპირული დათვალიერება

1. ზედაპირული შემოწმება გულისხმობს პირის ტანსაცმლის მხოლოდ გარე ზედაპირზე ხელით, სპეციალური ხელსაწყოთი ან საშუალებით შეხებას.

2. მოსამსახურე თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია ზედაპირული შემოწმების მიზნით შეაჩეროს პირი, თუ:

ა) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირს თან აქვს ისეთი ნივთი, რომლის გადატანა საფრთხეს უქმნის მის ან სხვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას;

ბ) პირი ამ კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ტერიტორიის ან ობიექტის უშუალო სიახლოვეს, 20 მეტრის რადიუსში იმყოფება;

გ) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იმ ადგილზე, სადაც პირი იმყოფება, სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებული დანაშაულის ჩადენისათვის ძებნილი პირი იმალება ან შესაძლებელია ჩადენილ იქნეს სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებული დანაშაული. 

3. ზედაპირულ შემოწმებას ახორციელებს შესაბამისი სქესის უფლებამოსილი მოსამსახურე. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ზედაპირული შემოწმება შეიძლება განახორციელოს ნებისმიერმა უფლებამოსილმა მოსამსახურემ მხოლოდ სპეციალური ხელსაწყოთი ან საშუალებით.

4. მოსამსახურე თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია განახორციელოს ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების ზედაპირული დათვალიერება, თუ:

ა) იგი ახორციელებს ამ ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მფლობელის ზედაპირულ შემოწმებას;

ბ) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ამ სატრანსპორტო საშუალებაში სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებული დანაშაულის ჩამდენი პირი იმყოფება;

გ) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ამ სატრანსპორტო საშუალებაში არის ნივთი, რომელიც ამოღებული უნდა იქნეს;

დ) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ეს ნივთი ან სატრანსპორტო საშუალება არის იქ, სადაც შესაძლებელია ჩადენილ იქნეს სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებული დანაშაული, რომლის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ზედაპირული დათვალიერების განხორციელება.

5. ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების ზედაპირული დათვალიერება გულისხმობს ნივთის ან/და სატრანსპორტო საშუალების ვიზუალურ დათვალიერებას, სატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში − აგრეთვე მისი საბარგულის ვიზუალურ დათვალიერებას.

6. ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების ზედაპირულ დათვალიერებას უნდა დაესწროს ამ ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მფლობელი ან მისი ოჯახის წევრი.

7. უფლებამოსილი მოსამსახურე ვალდებულია პირს განუმარტოს ამ მუხლით განსაზღვრული ღონისძიების კანონიერების გასაჩივრების უფლება.

8. პირის შეჩერების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შეჩერების მომენტიდან 30 წუთს.

9. უფლებამოსილი მოსამსახურე ამ მუხლით განსაზღვრული ღონისძიების განხორციელების შემთხვევაში ადგენს ოქმს. ოქმს ხელს აწერენ ოქმის შემდგენი უფლებამოსილი მოსამსახურე და ღონისძიების ადრესატი, ხოლო ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების ზედაპირული შემოწმების/დათვალიერების დროს ღონისძიების ადრესატის ადგილზე არყოფნის შემთხვევაში – მისი ოჯახის წევრი, ღონისძიების ადრესატის ოჯახის წევრის ადგილზე არყოფნის შემთხვევაში კი − მეზობელი. ოქმში უნდა მიეთითოს ღონისძიების მონაწილე პირები და ფაქტობრივი გარემოებები. ღონისძიების ადრესატის მიერ ოქმზე ხელის მოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. ოქმის ხელმომწერ პირს უფლება აქვს, ოქმში შეიტანოს შენიშვნა, რომელიც ხელმოწერით უნდა დაადასტუროს. თუ შეუძლებელია შესამოწმებელი/დასათვალიერებელი ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების მფლობელის ვინაობის დადგენა, უფლებამოსილი მოსამსახურე ამ მუხლით განსაზღვრულ ღონისძიებას ამ პუნქტით გათვალისწინებულ პირთა მონაწილეობის გარეშე ახორციელებს.

10. თუ ზედაპირული შემოწმების დროს წარმოიშვა ჩხრეკის საფუძველი, უფლებამოსილი მოსამსახურე ატარებს ჩხრეკას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

 მუხლი 18. სპეციალური შემოწმება და დათვალიერება

1. სპეციალური შემოწმება და დათვალიერება გულისხმობს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ან ობიექტზე პირის, ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების შემოწმებასა და დათვალიერებას, რომლებიც აუცილებელია ნივთის აღმოსაჩენად, აგრეთვე ნივთის რაობის დასადგენად.

2. სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში პირის სპეციალურ შემოწმებასა და დათვალიერებას ახორციელებს მხოლოდ:

ა) სამსახურის შენობა-ნაგებობაში და ტერიტორიაზე;

ბ) სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტის შენობა-ნაგებობაში და ტერიტორიაზე.

3. სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში პირის სპეციალურ შემოწმებასა და დათვალიერებას ახორციელებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირს თან აქვს ისეთი ნივთი, რომლის ფლობით ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ან ობიექტზე დადგენილი წესი დაირღვევა.

4. პირის სპეციალურ შემოწმებასა და დათვალიერებას ახორციელებს შესაბამისი სქესის უფლებამოსილი მოსამსახურე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაბამისი სქესის უფლებამოსილი მოსამსახურის მიერ პირის სპეციალური შემოწმებისა და დათვალიერების განხორციელება განსაკუთრებულ ძალისხმევას მოითხოვს. განსხვავებული სქესის უფლებამოსილმა მოსამსახურემ პირის სპეციალური  შემოწმება და დათვალიერება შეიძლება განახორციელოს მხოლოდ სპეციალური ხელსაწყოთი ან საშუალებით.

5. სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ შემოწმებასა და დათვალიერებას ახორციელებს ამ კანონის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

6. ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ შემოწმებასა და დათვალიერებას უნდა დაესწროს ამ ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მფლობელი ან მისი ოჯახის წევრი.

7. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილი მოსამსახურე ვალდებულია პირს განუმარტოს შესაბამისი ღონისძიების კანონიერების გასაჩივრების უფლება.

8. თუ სპეციალური შემოწმებისა და დათვალიერების დროს წარმოიშვა ჩხრეკის საფუძველი, უფლებამოსილი მოსამსახურე ატარებს ჩხრეკას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

მუხლი 19. ადგილის დატოვების მოთხოვნა და კონკრეტულ ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვა

1. მოსამსახურე თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია პირს მოსთხოვოს გარკვეული ადგილის განსაზღვრული დროით დატოვება ან აუკრძალოს მას კონკრეტულ ტერიტორიაზე შესვლა, თუ ეს აუცილებელია საფრთხის თავიდან ასაცილებლად.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული შეზღუდვა შესაძლებელია გაგრძელდეს საფრთხის აღმოფხვრამდე.

3. ამ მუხლით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელება არ უნდა იწვევდეს პირის უფლების ხანგრძლივ შეზღუდვას, ისარგებლოს საკუთარი საცხოვრებელი ადგილით.

მუხლი 20. იმ პირთან ურთიერთობა, რომელიც სამსახურს დახმარებას უწევს  

1. სამსახური უფლებამოსილია თავისი ფუნქციების შესასრულებლად მიიღოს საქართველოს მოქალაქეთა, უცხო ქვეყნების მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა ნებაყოფლობითი კონფიდენციალური დახმარება და ამისთვის მათთან ღია ან ფარული ურთიერთობა დაამყაროს.

2. სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის მიზნით პირს უფლება აქვს, ნებაყოფლობით ითანამშრომლოს სამსახურთან და დახმარება გაუწიოს მას.

3. პირს, რომელიც სამსახურს დახმარებას უწევს, უფლება აქვს:

ა) სამსახურთან დადოს კონტრაქტი კონფიდენციალური თანამშრომლობის შესახებ;

ბ) უფლებამოსილი მოსამსახურისგან მიიღოს განმარტებები თავისი ამოცანების, უფლებებისა და მოვალეობების თაობაზე;

გ) კონსპირაციის მიზნით პირადობის დამადასტურებელი დაშიფრული დოკუმენტები გამოიყენოს;

დ) მიიღოს ანაზღაურება კონტრაქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აგრეთვე მიიღოს იმ ზიანის კომპენსაცია, რომელიც მის ჯანმრთელობას ან ქონებას სამსახურისათვის დახმარების გაწევისას მიადგა.

4. პირი, რომელიც კონტრაქტის საფუძველზე უწევს დახმარებას სამსახურს, ვალდებულია:

ა) შეასრულოს სამსახურის კანონიერი დავალებები თავისი ამოცანების გადასაწყვეტად;

ბ) დაიცვას სამსახურთან დადებული კონტრაქტის პირობები;

 გ) განზრახ არ მიაწოდოს სამსახურს ყალბი ან ცილისმწამებლური ინფორმაცია.

თავი IV

სახელმწიფო საიდუმლოების დაცვა

და სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფა

მუხლი 21. სახელმწიფო საიდუმლოების დაცვა

1. სამსახური სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის მიზნით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია: 

ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ღონისძიებათა შემუშავებასა და განხორციელებაში, გააკონტროლოს მათი შესრულება იმ ორგანიზაციებში, დაწესებულებებსა და საწარმოებში (მიუხედავად მათი საკუთრების ფორმისა), სადაც ხორციელდება სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული საქმიანობა;

ბ) შეამოწმოს პირი სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების მიზნით;

გ) სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის უზრუნველსაყოფად ორგანიზაციებში, დაწესებულებებსა და საწარმოებში (მიუხედავად მათი საკუთრების ფორმისა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს კავშირგაბმულობისა და ინფორმაციის იმ ელექტრონული საშუალებების კონტროლი, რომლებიც გამოიყენება სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის შესაქმნელად, დასამუშავებლად, შესანახად და გასაგზავნად;

დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეამოწმოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული საქმიანობის წარმოების უფლების მისაცემად სათანადო ნებართვის გაფორმებისათვის.

2. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დასაიდუმლოებისა და დაცვის ღონისძიებები ფინანსდება სახელმწიფო ორგანოს, ორგანიზაციის, დაწესებულების, საწარმოს (მიუხედავად მისი სამართლებრივი ფორმისა) ბიუჯეტიდან ან/და სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულების დამკვეთთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. 

მუხლი 22. სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფა სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტებში

1. სამსახური სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის  მიზნით უფლებამოსილია: 

ა) დაადგინოს უსაფრთხოების დაცვის რეჟიმი საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტებისთვის, მათი სპეციფიკის გათვალისწინებით, აგრეთვე გაუწიოს მათ სათანადო კონსულტაცია სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის საკითხებთან დაკავშირებით;

ბ) საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო უსაფრთხოების სფეროში ინფორმაციის გაცვლის წესის შესაბამისად შექმნას სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტებთან ინფორმაციის გაცვლის ეფექტიანი სისტემა;

გ) გააკონტროლოს სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტებში უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესრულება და სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე საფრთხეების გამოვლენის შემთხვევაში მისცეს მათ შესასრულებლად სავალდებულო მითითებები;

დ) სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტთან მისი წერილობითი მიმართვის შემთხვევაში გააფორმოს ამ მუხლით გათვალისწინებული ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული სუბიექტებისთვის უსაფრთხოების დაცვის რეჟიმი არის შესასრულებლად სავალდებულო საიდუმლო დოკუმენტი, რომლითაც განისაზღვრება:

ა)  უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის უზრუნველყოფისთვის საჭირო ღონისძიებათა ნუსხა;

ბ)  უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური პირობები, მათ შორის, ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებები, საჭირო მოწყობილობები და აღჭურვილობა;

გ)  უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის საჭირო მოსამსახურეთა მინიმალური რაოდენობა, მათი აუცილებელი განლაგების ადგილები და მუშაობის განრიგი (მათ შორის, ცვლათა რაოდენობა და სხვა საკითხები);

დ) სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტებში უსაფრთხოების დაცვისათვის პასუხისმგებელ იმ თანამდებობის პირთა ჩამონათვალი, რომელთა თანამდებობაზე დანიშვნა სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნებისათვის სამსახურის უფროსის ბრძანებით განსაზღვრული წესის შესაბამისად მათ სპეციალურ შემოწმებას და სამსახურთან შეთანხმებას საჭიროებს;

ე) სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტებში უსაფრთხოების დაცვის რეჟიმით განსაზღვრული პირობების შესრულების მონიტორინგის წესი და პირობები.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულებით შეიძლება განისაზღვროს:

ა) სამსახურსა და სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტს შორის ურთიერთთანამშრომლობის სახეები და ფარგლები, მათ შორის, უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესრულების მონიტორინგის მიზნით სამსახურის წარმომადგენლის დანიშვნის საკითხი;

ბ) უსაფრთხოების დაცვის რეჟიმით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელებისათვის აუცილებელი ხარჯების ანაზღაურების საკითხები.

4. სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტი ვალდებულია საკუთარი ხარჯით უზრუნველყოს უსაფრთხოების დაცვის რეჟიმით განსაზღვრული პირობების დაცვა და შესრულება.

თავი V

იძულების ღონისძიებები

მუხლი 23. იძულების ღონისძიებები

1. იძულების ღონისძიებები არის სამსახურის უფლებამოსილი დანაყოფის და უფლებამოსილი მოსამსახურის მიერ ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის ამ კანონით გათვალისწინებული მიზნით გამოყენება.

2. მოსამსახურე უფლებამოსილია დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად პროპორციულად გამოიყენოს გამოსადეგი იძულების ღონისძიებები მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, იმ ინტენსივობით, რომელიც უზრუნველყოფს კანონიერი მიზნის მიღწევას.

3. მოსამსახურე უფლებამოსილია ცეცხლსასროლი იარაღი და სპეციალური საშუალებები მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენოს, თუ მას გავლილი აქვს სპეციალური მომზადება.

4. მოსამსახურე ვალდებულია წინასწარ გააფრთხილოს პირი ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ, მისცეს მას გონივრული ვადა თავისი კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დაყოვნებამ შეიძლება პირის ან/და მოსამსახურის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვიოს, ან შექმნილ სიტუაციაში ასეთი გაფრთხილება გაუმართლებელია ან შეუძლებელია.

5. იძულების ღონისძიების სახე და ინტენსივობა განისაზღვრება კონკრეტული სიტუაციის, სამართალდარღვევის ხასიათისა და სამართალდამრღვევის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით. ამასთანავე, იძულების ღონისძიების გამოყენებისას მოსამსახურე უნდა შეეცადოს, რომ მიყენებული ზიანი მინიმალური და თანაზომიერი იყოს.

6. მოსამსახურე ვალდებულია პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინოს იძულების ღონისძიებების გამოყენებით დაზიანებულ პირს.

7. მოსამსახურეს ეკრძალება ისეთი საშუალების გამოყენება, რომელიც იწვევს ადამიანის მძიმე დასახიჩრებას, უკავშირდება გაუმართლებელ რისკს ან აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით.

8. აკრძალულია ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება ორსულობის, მცირეწლოვანების, შეზღუდული შესაძლებლობის ან ხანდაზმულობის აშკარა ნიშნების მქონე პირთა მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი შეიარაღებული ან ჯგუფურად ესხმიან თავს, შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევენ სამსახურის წარმომადგენელს (მოსამსახურეს), რაც საფრთხეს უქმნის სხვა პირის ან მოსამსახურის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, თუ ასეთი თავდასხმისა და წინააღმდეგობის სხვა ხერხებითა და საშუალებებით მოგერიება შეუძლებელია.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტიდან გამონაკლისია შემთხვევა, როდესაც ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოუყენებლობა შეუძლებელს ხდის ამ კანონით განსაზღვრული ფუნქციის შესრულებას.

10. პირს, რომელიც მიიჩნევს, რომ მოსამსახურის ქმედებით დაირღვა მისი უფლებები და თავისუფლებები, უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს ეს ქმედება ზემდგომ თანამდებობის პირთან, პროკურატურაში ან სასამართლოში.

მუხლი 24. ფიზიკური ძალის გამოყენების უფლება

1. მოსამსახურეს უფლება აქვს, გამოიყენოს ფიზიკური ძალა, მათ შორის, ორთაბრძოლის სპეციალური ილეთები, საკუთარი თავის ან/და სხვა პირთა უსაფრთხოების დაცვის უზრუნველსაყოფად, დანაშაულის აღსაკვეთად, დანაშაულის ჩამდენი პირის დასაკავებლად, თუ არაძალისმიერი მეთოდების გამოყენება ვერ უზრუნველყოფს მოსამსახურის მიერ კანონით განსაზღვრული ფუნქციის შესრულებას.

2. მოსამსახურე ვალდებულია ფიზიკური ძალის გამოყენების შედეგად პირის დაზიანების შესახებ უშუალო უფროსსა და პროკურორს აცნობოს.

3. თუ ფიზიკური ძალა პირთა განუსაზღვრელი წრის მიმართ იქნა გამოყენებული, ამის შესახებ იმ მოსამსახურის ხელმძღვანელმა თანამდებობის პირმა, რომელმაც ფიზიკური ძალა გამოიყენა, უშუალო უფროსსა და პროკურორს უნდა აცნობოს.

 მუხლი 25. სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლება

1. სახელმწიფო უსაფრთხოების დასაცავად მოსამსახურე იყენებს პასიურ და აქტიურ სპეციალურ საშუალებებს.

2. პასიური სპეციალური საშუალებები უზრუნველყოფს მოსამსახურის ან/და მის მიერ დასაცავი პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას. პასიური სპეციალური საშუალებებია: ჯავშანჟილეტი, ჩაფხუტი, ფარი, აირწინაღი, სხეულის დაცვის სხვა სპეციალური საშუალებები.

3. აქტიური სპეციალური საშუალებები პირს მოკლე ვადით ართმევს მოსამსახურისათვის წინააღმდეგობის გაწევის უნარს ან/და მოსამსახურეს თავისი ფუნქციის შესრულებაში ეხმარება. აქტიური სპეციალური საშუალებებია: ხელბორკილი და შებორკვის სხვა საშუალება, სპეციალური ხელკეტი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის გაზი, აკუსტიკური საშუალება და არალეტალური იარაღი (მათ შორის, არალეტალური ჭურვი), ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუქბგერითი მოწყობილობა, ტრანსპორტის იძულებითი გაჩერების საშუალება, დაბრკოლების დამანგრეველი საშუალება, წყალსატყორცნი, ჯავშანმანქანა და სხვა სპეციალური სატრანსპორტო საშუალება, სპეციალური საღებავი, სასამსახურო ძაღლი და სასამსახურო ცხენი, ელექტროშოკური მოწყობილობა, შესაბოჭი ბადე. აღნიშნული სპეციალური საშუალებები გამოიყენება:

ა) ხელბორკილი და შებორკვის სხვა საშუალება – დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ, რომელიც უძალიანდება ან შეიძლება გაუძალიანდეს მოსამსახურეს, ან გაქცევას ცდილობს; დაკავებულის ან დაპატიმრებულის ბადრაგირებისას; თუ პირს თავისი საშიში მოქმედებით შეუძლია ზიანი მიაყენოს საკუთარ თავსა და სხვას;

ბ) სპეციალური ხელკეტი – პირზე, მოსამსახურეზე ან/და დაცულ ობიექტზე თავდასხმის მოსაგერიებლად; დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავებისას, თუ იგი ბოროტად არ ემორჩილება მოსამსახურის კანონიერ მოთხოვნას;

 გ) ცრემლსადენი გაზი, წიწაკის გაზი, აკუსტიკური საშუალება და არალეტალური იარაღი (მათ შორის, არალეტალური ჭურვი) – პირზე, მოსამსახურეზე ან/და დაცულ ობიექტზე თავდასხმის მოსაგერიებლად; დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავებისას, ან მისი იძულების მიზნით, დატოვოს დაკავებული ტერიტორია, სატრანსპორტო საშუალება ან შენობა-ნაგებობა, სადაც თავს აფარებს;

დ) ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუქბგერითი მოწყობილობა – სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ ობიექტზე თავდასხმის მოსაგერიებლად, პირზე ან/და მოსამსახურეზე თავდასხმის მოსაგერიებლად, შეიარაღებული წინააღმდეგობის გამწევი პირის დასაკავებლად; შენობა-ნაგებობიდან, მიწის ნაკვეთიდან, სატრანსპორტო საშუალებიდან შეჭრილი დამნაშავის  გამოსაძევებლად, უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილის გასათავისუფლებლად;

ე) ტრანსპორტის იძულებითი გაჩერების საშუალება – იმ სატრანსპორტო საშუალების იძულებით გასაჩერებლად, რომლის მძღოლმა არ შეასრულა მოსამსახურის კანონიერი მოთხოვნა გაჩერების შესახებ და არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს ან მასში იმყოფება პირი, რომელიც ამზადებს ან სჩადის სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებულ დანაშაულს, თუ ასეთი საშუალების გამოყენება აუცილებელია პროპორციული სამართლებრივი სიკეთის დასაცავად;

ვ) დაბრკოლების დამანგრეველი საშუალება – დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავებისას, დახურული სივრციდან უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილის გასათავისუფლებლად;

ზ) წყალსატყორცნი, ჯავშანმანქანა და სხვა სპეციალური სატრანსპორტო საშუალება – სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ ობიექტზე ჯგუფური თავდასხმის მოსაგერიებლად, იმ სატრანსპორტო საშუალების იძულებით გასაჩერებლად, რომლის მძღოლმა არ შეასრულა მოსამსახურის კანონიერი მოთხოვნა გაჩერების შესახებ და არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს ან მასში იმყოფება პირი, რომელიც ამზადებს ან სჩადის სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებულ დანაშაულს, თუ ასეთი საშუალების გამოყენება აუცილებელია პროპორციული სამართლებრივი სიკეთის დასაცავად, შეიარაღებული დამნაშავის დასაკავებლად;

თ) სპეციალური საღებავი – დანაშაულის ჩამდენი პირის გამოსავლენად;

ი) სასამსახურო ძაღლი – დანაშაულის ჩამდენი პირის დევნისას და დაკავებისას, დაკავებულის ან დაპატიმრებულის ბადრაგირებისას, პირზე ან/და მოსამსახურეზე თავდასხმის მოსაგერიებლად;

კ) ელექტროშოკური მოწყობილობა – პირზე, მოსამსახურეზე ან/და დაცულ ობიექტზე თავდასხმის მოსაგერიებლად, დამნაშავის დაკავებისას;

ლ) შესაბოჭი ბადე – სამართალდამრღვევის დევნისას, შეიარაღებული თავდასხმის მოსაგერიებლად, თავდამსხმელის შესაპყრობად.

4. მოსამსახურე ვალდებულია სპეციალური საშუალების გამოყენების შედეგად პირის დაჭრის ან დაზიანების შესახებ უშუალო უფროსსა და პროკურორს აცნობოს.

5. თუ სპეციალური საშუალება პირთა განუსაზღვრელი წრის მიმართ იქნა გამოყენებული, ამის შესახებ იმ მოსამსახურის ხელმძღვანელმა თანამდებობის პირმა, რომელმაც სპეციალური საშუალება გამოიყენა, უშუალო უფროსსა და პროკურორს უნდა აცნობოს.

6. სამსახურის შეიარაღებაში არსებული სპეციალური საშუალებების შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესი განისაზღვრება სამსახურის უფროსის ნორმატიული აქტით.

მუხლი 26. ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება

1. მოსამსახურეს უფლება აქვს, შეინახოს, ატაროს და გამოიყენოს სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი, აგრეთვე სამსახურის უფროსის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად − დამატებითი სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი.

2. მოსამსახურეთა განკარგულებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღის შენახვისა და ტარების წესს განსაზღვრავს სამსახურის უფროსი.

3. ცეცხლსასროლი იარაღის პასიურ გამოყენებად ითვლება მოსამსახურის მიერ ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად იარაღის დემონსტრირება.

4. ცეცხლსასროლი იარაღის აქტიურ გამოყენებად ითვლება იარაღიდან გამიზნული გასროლა.

5. მოსამსახურეს უფლება აქვს, უკიდურესი ღონისძიების სახით გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი:

ა) საკუთარი თავის ან/და სხვის დასაცავად, როდესაც რეალური, პირდაპირი და იმწუთიერი საფრთხე ექმნება სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას;

ბ) უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილის გასათავისუფლებლად;

გ) მისთვის წინასწარი ცნობით ძალადობრივი ქმედების ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის დაკავებულის გაქცევის აღსაკვეთად;

დ) ძალადობრივი დანაშაულის აღსაკვეთად, თუ პირი მოსამსახურეს წინააღმდეგობას უწევს;

ე) დაცულ ობიექტზე, სახელმწიფო ორგანოზე ან/და საზოგადოებრივ ორგანიზაციაზე თავდასხმის მოსაგერიებლად;

ვ) საშიში ცხოველის თავდასხმისაგან ადამიანის დასაცავად;

ზ) სატრანსპორტო საშუალების გაჩერების მიზნით მისი დაზიანებისათვის, თუ მძღოლის მოქმედება რეალურ საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას და მძღოლი არ ემორჩილება მოსამსახურის არაერთგზის კანონიერ მოთხოვნას სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ, გარდა მოძრავი სატრანსპორტო საშუალებიდან მოძრავი სატრანსპორტო საშუალებისათვის სროლისა.

6. პირის მიმართ ცეცხლსასროლი იარაღის აქტიურ გამოყენებას წინ უნდა უძღოდეს მისი გამოყენების შესახებ სიტყვიერი გაფრთხილება, შემდეგ − გამაფრთხილებელი გასროლა. აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება გამაფრთხილებელი გასროლა არ განხორციელდეს.

 7. გაფრთხილების გარეშე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება შეიძლება:

ა) შეიარაღებული თავდასხმისას, საბრძოლო ტექნიკით, ნებისმიერი სატრანსპორტო ან მექანიკური საშუალებით მოულოდნელი თავდასხმისას;

ბ) მოსამსახურისათვის წინასწარი ცნობით სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის დაკავებულის ან დაპატიმრებულის გაქცევისას;

გ) პირის მიერ შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევისას;

დ) განგაშის სიგნალის მისაცემად ან დამხმარე ძალის გამოსაძახებლად;

ე) ცეცხლსასროლი იარაღის წართმევის აღსაკვეთად;

ვ) სასიკვდილოდ დაზიანებული ან დასნებოვნებული ცხოველის სიცოცხლის შესაწყვეტად, როდესაც ნათელია, რომ პრობლემის სხვაგვარად  გადაჭრა შეუძლებელია.

8. ცეცხლსასროლი იარაღის ისეთი გამოყენება, რომელიც სასიკვდილოდ დაჭრის საფრთხეს შეიცავს, შეიძლება მხოლოდ აუცილებელი მოგერიების ან/და უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში.

9. მოსამსახურეს ეკრძალება ცეცხლსასროლი იარაღის ისეთ ადგილებში გამოყენება, სადაც არსებობს სხვა პირთა დაშავების საფრთხე, აგრეთვე ცეცხლსაშიშ და აფეთქებასაშიშ ადგილებში, გარდა აუცილებელი მოგერიების ან/და უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევისა.

10. მოსამსახურე ვალდებულია ცეცხლსასროლი იარაღის აქტიური გამოყენების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს უშუალო უფროსსა და პროკურორს.

11. მოსამსახურეთა შეიარაღებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ნუსხა მტკიცდება სამსახურის უფროსის ბრძანებით.

თავი VI

სამსახურის გავლა

მუხლი 27. სამსახურის გავლის წესი

1. მოსამსახურის მიერ სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება სამსახურის უფროსის ნორმატიული აქტით.

2. მოსამსახურეს ეკრძალება:

 ა) გაფიცვა;

ბ) პოლიტიკური პარტიის ან/და პოლიტიკური გაერთიანების წევრობა;

გ) სახელმწიფო, პროფესიული, კომერციული საიდუმლოების, აგრეთვე კონფიდენციალური ინფორმაციის, შინასამსახურებრივი მონაცემების შემცველი ინფორმაციის, პერსონალური მონაცემებისა და გამოძიების მასალების გამჟღავნება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

მუხლი 28. სამსახურებრივი შეუთავსებლობა და სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება

1. სამსახურის სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეს  უფლება არა აქვს:

ა) ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს, სამეცნიერო, პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობის გარდა;

ბ) ეკავოს რაიმე თანამდებობა სხვა დაწესებულებაში, უცხო ქვეყნის ორგანოში/დაწესებულებაში.

2. სამსახურის  მოხელეს, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირისა, უფლება აქვს, შეთავსებით ეკავოს სხვა თანამდებობა და ასრულებდეს სხვა ანაზღაურებად სამუშაოს მხოლოდ იმავე დაწესებულებაში.

3. სამსახურის შტატგარეშე მოსამსახურესა და დამხმარე მოსამსახურეს უფლება აქვთ, ეკავოთ სხვა თანამდებობა და ასრულებდნენ სხვა ანაზღაურებად სამუშაოს იმავე დაწესებულებაში ან სხვაგან, გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოსი, სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ან ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელთან წერილობითი შეთანხმების საფუძველზე.

4. სამსახურის მოხელეს, მათ შორის, სამსახურის სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეს, არა აქვს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება. მას შეუძლია ფლობდეს მხოლოდ აქციებსა და წილს.

5. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრულ მოსამსახურეებს არ ეზღუდებათ სამეცნიერო, პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობის განხორციელების უფლება.

საქართველოს 2017 წლის 22  მარტის   კანონი  №481  - ვებგვერდი, 27.03.2017წ.  

  მუხლი 29. სამსახურში მიღების წესი

1. სამსახურში სამუშაოდ მიიღება 18 წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქე, რომელიც ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას და რომელსაც თავისი პიროვნული და საქმიანი თვისებების, განათლების, ფიზიკური მომზადებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად შეუძლია შეასრულოს მისთვის დაკისრებული ფუნქციები.

2. სამსახურში სამუშაოდ მისაღებ კანდიდატს შეარჩევენ შესაბამისი საკადრო დანაყოფი და სპეციალური კომისია, რომლებიც ამოწმებენ კანდიდატის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ფიზიკურ მომზადებას, განათლებასა და საქმიან თვისებებს.

3. სამსახურში ზოგიერთ თანამდებობაზე მისაღები კანდიდატი სამსახურში სამუშაოდ მიღებამდე ან მიღების შემდეგ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში გადის სპეციალური მომზადების შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამას ან კურსს.

4. წვევამდელის სამსახურში მიღების და მის მიერ სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტებითა და სხვა ნორმატიული აქტებით.

5. სამსახურში სამუშაოდ მისაღები კანდიდატი გადის სპეციალურ შემოწმებას, რომლის წესი განისაზღვრება სამსახურის უფროსის ბრძანებით. სამსახურში სამუშაოდ მიღების შემდეგ მოსამსახურე მიეკუთვნება სამსახურის ღია ან ფარულ შემადგენლობას, რაც განისაზღვრება სამსახურის საშტატო განრიგის შესაბამისად.

6. სამსახურში მიღების/დანიშვნის ან სამსახურიდან გათავისუფლების/დათხოვნის შესახებ სამართლებრივი აქტი შეიძლება გამოიცეს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გამოყენებით. ამ წესით გამოცემული სამართლებრივი აქტი ჩაბარებულად ითვლება ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში იმ პირის მისამართზე გაგზავნის მომენტიდან, რომელსაც უშუალოდ შეეხება სამართლებრივი აქტი სამსახურში მიღების/დანიშვნის ან სამსახურიდან გათავისუფლების/დათხოვნის შესახებ, მათ შორის, თანამდებობიდან გადაყენების შესახებ.

საქართველოს 2017 წლის 22  მარტის   კანონი  №481  - ვებგვერდი, 27.03.2017წ.

მუხლი 30. სამსახურში მიღებისათვის დადგენილი შეზღუდვები

სამსახურში არ მიიღება:

ა) ნასამართლევი პირი;

ბ) პირი, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს;

გ) პირი, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით მხარდაჭერის მიმღებად  არის ცნობილი, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

დ) პირი, რომელსაც სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება;

ე) პირი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, სამედიცინო დასკვნის თანახმად, არ აკმაყოფილებს შესაბამისი თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ მოთხოვნებს;

ვ) ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით, ფსიქიკური ან/და სხვა სნეულებით დაავადებული პირი. სნეულებათა ჩამონათვალს ადგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი სამსახურთან შეთანხმებით;

ზ) პირი, რომელიც შესაბამისი თანამდებობის დაკავების შედეგად უშუალო სამსახურებრივი ზედამხედველობით უკავშირდება მშობელს, მეუღლეს, დას, ძმას, შვილს ან მეუღლის დას, ძმას, მშობელს;

თ) უცხო ქვეყნის მოქალაქეობის პრეტენდენტი, გარდა კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.

მუხლი 31. მოსამსახურის თანამდებობიდან დროებით გადაყენება

1. მოსამსახურე საგამოძიებო ორგანოს დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის, სამსახურის გენერალური ინსპექციის სათანადო დასკვნის ან სამსახურის შესაბამისი დანაყოფის ხელმძღვანელის მოთხოვნის საფუძველზე სამსახურის უფროსის ბრძანებით შეიძლება დროებით გადაყენებულ იქნეს თანამდებობიდან სისხლის სამართლის საქმეში მისი ბრალდებულად ცნობის მომენტიდან საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ხოლო მოსამსახურე სასამართლო განჩინების საფუძველზე სამსახურის უფროსის ბრძანებით დროებით გადაყენებული უნდა იქნეს თანამდებობიდან სისხლის სამართლის საქმეში მისი ბრალდებულად ცნობის მომენტიდან საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

2. თანამდებობიდან დროებით გადაყენებული მოსამსახურე გამართლების შემთხვევაში უნდა აღდგეს იმავე თანამდებობაზე, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – მის ტოლფას თანამდებობაზე.

საქართველოს 2017 წლის 22  მარტის   კანონი  №481  - ვებგვერდი, 27.03.2017წ.

მუხლი 32. მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნის წესი

1. მოსამსახურე სამსახურიდან შეიძლება დათხოვნილ იქნეს:

ა) პირადი განცხადების (პატაკის) საფუძველზე;

ბ) შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება;

გ) სტრუქტურული ქვედანაყოფის ლიკვიდაციის გამო;

 გ1) სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ლიკვიდაციის გამო;

დ) კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო;

ე) სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევის გამო;

ვ) წელთა ნამსახურობის ვადის გასვლის გამო, მისი თანხმობის შემთხვევაში;

ზ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ან მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამო;

თ) თანამდებობრივი შეუთავსებლობის გამო;

ი) მოქალაქეობის შეცვლის გამო;

კ) სხვა დაწესებულებაში გადასვლის გამო;

ლ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სამედიცინო კომისიის დასკვნის შესაბამისად;

მ) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების ან გარდაცვლილად გამოცხადების გამო;

ნ) გარდაცვალების გამო;

ო) საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული სხვა საფუძვლით.

2. მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს სამსახურის უფროსი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.

საქართველოს 2017 წლის 22  მარტის   კანონი  №481  - ვებგვერდი, 27.03.2017წ.

 მუხლი 33. სამსახურის მოხელის კადრების განკარგულებაში აყვანა

1. სამსახურის მოხელე, მათ შორის, სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე, საამისოდ უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არაუმეტეს 4 თვის ვადით:

ა) პირადი განცხადების (პატაკის) საფუძველზე;

ბ) შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს;

გ) სტრუქტურული ქვედანაყოფის ან ტერიტორიული ორგანოს ლიკვიდაციის დროს;

დ) სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ან ტერიტორიული ორგანოს ლიკვიდაციის დროს.

2. კადრების განკარგულებაში აყვანილ სამსახურის მოხელეს შეიძლება დაეკისროს მოვალეობის დროებით შესრულება.

3. კადრების განკარგულებაში აყვანილი სამსახურის მოხელე კადრების განკარგულებაში აყვანის დღიდან ითვლება სამსახურიდან შესაძლო დათხოვნის შესახებ გაფრთხილებულად.

საქართველოს 2017 წლის 22  მარტის   კანონი  №481  - ვებგვერდი, 27.03.2017წ.

მუხლი 34. სამსახურში დაწესებული წოდებები

1. სამსახურში დაწესებულია შესაბამისი სამხედრო და სახელმწიფო სპეციალური წოდებები. მოსამსახურისათვის ამ წოდებების მინიჭების საფუძვლები და წესი განისაზღვრება ამ კანონითა და სხვა აქტებით.

2. მოსამსახურეს სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდება ენიჭება იმ შემთხვევაში, თუ მას უკავია თანამდებობა, რომლისთვისაც განსაზღვრულია მისანიჭებლის თანაბარი ან უფრო მაღალი წოდება.

3. მოსამსახურისთვის სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდების საფეხურის გამოტოვებით მინიჭება დაუშვებელია. მოსამსახურეს წოდებები ენიჭება მხოლოდ თანამიმდევრობით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

მუხლი 35. სამსახურის ვადა წოდების მისანიჭებლად

1. სამსახურში სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდების (გარდა უმცროსი სახელმწიფო სპეციალური წოდებებისა) მისანიჭებლად დაწესებულია სამსახურის ვადა.

2. უმაღლესი სამხედრო და სახელმწიფო სპეციალური წოდებების მისანიჭებლად სამსახურის ვადა არ წესდება. მოსამსახურეს ამ წოდებებს ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტი სამსახურის უფროსის წარდგინებით.

3. განსაკუთრებული დამსახურებისათვის ან ატესტაციის შედეგების გათვალისწინებით მოსამსახურისთვის სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭების უფლება აქვს სამსახურის უფროსს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს.

მუხლი 36. წახალისების ფორმები

1. სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისათვის მოსამსახურის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს წახალისების შემდეგი ფორმები:

ა) მადლობის გამოცხადება;

ბ) ფულადი პრემიის მიცემა;

გ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება;

დ) სამსახურის სიგელით დაჯილდოება;

ე) სამკერდე ნიშნით დაჯილდოება;

ვ) სამსახურის მედალიონით დაჯილდოება;

ზ) სამსახურის მედლით დაჯილდოება;

თ) მორიგი წოდების ვადამდე მინიჭება;

ი) დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა;

კ) სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღით დაჯილდოება;

ლ) სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენა.

2. მოსამსახურის მიმართ შეიძლება ერთდროულად გამოყენებულ იქნეს წახალისების რამდენიმე ფორმა.

3. მოსამსახურის წახალისების უფლება აქვს საამისოდ უფლებამოსილ პირს.

4. პირის მიერ სამსახურისათვის დახმარების გაწევის შემთხვევაში ან სამსახურთან დაკავშირებული სხვა გარემოების გამო, სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით, პირის ან მისი ოჯახის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა „ე“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა) გათვალისწინებული წახალისების ფორმები.

5. მოსამსახურეთა წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესს განსაზღვრავს სამსახურის უფროსი.

საქართველოს 2017 წლის 22  მარტის   კანონი  №481  - ვებგვერდი, 27.03.2017წ.

მუხლი 37. მოსამსახურის პასუხისმგებლობა

1. მოსამსახურე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ან დანაშაულის ჩადენისათვის პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. დანაშაულის ჩადენისათვის დაკავებული, დაპატიმრებული ან მსჯავრდებული მოსამსახურე თავსდება ან სასჯელს იხდის სხვა სპეცკონტინგენტისგან იზოლირებულად.

3. სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევისათვის მოსამსახურის მიმართ გამოიყენება შემდეგი დისციპლინური სახდელები:

ა) შენიშვნა;

ბ) საყვედური;

გ) სასტიკი საყვედური;

დ) სამსახურის სამკერდე ნიშნის ჩამორთმევა;

ე) სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება;

ვ) თანამდებობიდან ჩამოქვეითება;

ზ) სამსახურიდან დათხოვნა.

4. მოსამსახურის მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენების და მისი მოხსნის წესს განსაზღვრავს სამსახურის უფროსი.

მუხლი 38. მოსამსახურის ფორმის ტანსაცმელი

1. მოსამსახურე შეიძლება ატარებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ტანსაცმელს.

2. მოსამსახურეს მისი სამსახურებრივი უფლებამოსილების დასადასტურებლად ეძლევა პირადობის მოწმობა ან/და სპეციალური ჟეტონი.

მუხლი 39. მოსამსახურის სამუშაო დრო

1. მოსამსახურისთვის დადგენილია არანორმირებული სამუშაო დღე.

2. სამსახურში, მისი მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში ან სამსახურის ცალკეულ სტრუქტურულ ერთეულებში განსაკუთრებულ შემთხვევებში, სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, განსაზღვრული ვადით შეიძლება გამოცხადდეს მუშაობის განსაკუთრებული რეჟიმი. მუშაობის განსაკუთრებული რეჟიმის დროს მოსამსახურეები იმყოფებიან მათთვის გათვალისწინებულ სამუშაო ადგილებზე. მოსამსახურეს სამუშაო ადგილის დატოვება შეუძლია მხოლოდ უშუალო უფროსის ნებართვით.

3. საომარი ან საგანგებო მდგომარეობის ან სხვა ექსტრემალური ვითარების დროს სამსახური გადადის მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე.

საქართველოს 2017 წლის 22  მარტის   კანონი  №481  - ვებგვერდი, 27.03.2017წ.

 

თავი VII

მოსამსახურის სამართლებრივი და სოციალური დაცვა

მუხლი 40. მოსამსახურის სამართლებრივი დაცვა

1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოსამსახურე ხელისუფლების წარმომადგენელია და მას სახელმწიფო იცავს.

2. არავის არ აქვს უფლება, ჩაერიოს მოსამსახურის სამსახურებრივ საქმიანობაში, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოსამსახურისთვის ხელის შეშლა, მისი პატივისა და ღირსების შელახვა, მის მიმართ მუქარა, ძალადობა, მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ან მისი სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონების ხელყოფა იწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

4. მოსამსახურეს, რომელიც უარს ამბობს, შეასრულოს აშკარად უკანონო ბრძანება ან განკარგულება, პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, ხოლო აშკარად უკანონო ბრძანების ან განკარგულების მიმცემ პირს დაეკისრება პასუხისმგებლობა კანონით დადგენილი წესით.

5. მოსამსახურეს უფლება აქვს, თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად უშუალოდ მიმართოს სასამართლოს. 

6. მოსამსახურის ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობაა 30 კალენდარული დღე.

7. სამსახურში მუშაობის 5 წელზე მეტი სტაჟის მქონე მოსამსახურის ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობაა 35 კალენდარული დღე, ხოლო 10 წელზე მეტი სტაჟის მქონე მოსამსახურისა – 40 კალენდარული დღე.

8. სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, დასაშვებია მოსამსახურის შვებულების შეწყვეტა და სამსახურის გასაგრძელებლად მისი გამოძახება.

9. მოსამსახურის ხელფასი (ფულადი სარგო) შედგება თანამდებობრივი სარგოსგან და წოდებრივი სარგოსგან.

10. მოსამსახურეს, ხელფასის გარდა, შეიძლება მიეცეს ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატი და კომპენსაცია.

11. სამსახურის უფროსის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილის, მოსამსახურის ხელფასის (თანამდებობრივი სარგოს და წოდებრივი სარგოს) და ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატისა და კომპენსაციის ოდენობებს, აგრეთვე მათი გაცემის პირობებსა და წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

მუხლი 41. მოსამსახურის სოციალური დაცვა

1. მოსამსახურის სოციალურ დაცვას სახელმწიფო უზრუნველყოფს.

2. უზრუნველყოფილია მოსამსახურის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევა.

 3. კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში სამსახურის მოხელეს 2 თვის განმავლობაში უნარჩუნდება ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისი ხელფასი (ფულადი სარგო).

4. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანი მოსამსახურეს სრულად აუნაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. მოსამსახურის საპენსიო უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

6. მოსამსახურისა და მისი ოჯახის წევრის (წევრების) სამედიცინო მომსახურების წესი და პირობები განისაზღვრება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის წესდებით.

7. მოსამსახურისათვის სამსახურის უფროსის ბრძანებით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების ფარგლებში შეიძლება განისაზღვროს ერთჯერადი დახმარების, სხვა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებები და შეღავათები.

8. სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მოსამსახურეს შეიძლება საცხოვრებლად სარგებლობაში გადაეცეს სამსახურის ბალანსზე რიცხული, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ბინა, სახლი, დამხმარე ნაგებობა და მათზე დამაგრებული მიწის ფართობი.

 9. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, გარდა ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მოსამსახურის დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) სამსახურისთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან, სამსახურის უფროსის მიერ გამოცემული აქტის საფუძველზე ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება არაუმეტეს 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარისა და დაკრძალვის (საფლავის მოწყობის) ხარჯების ასანაზღაურებელი თანხა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. მოსამსახურის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებს.

10. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, კერძოდ, პრევენციული ღონისძიების განხორციელებისას, სამართალდარღვევის აღკვეთისას, დამნაშავის შეპყრობისას, დამნაშავეობასთან ბრძოლისას ან/და საბრძოლო მოქმედებების დროს შეტაკებისას, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით თავდასხმისას, ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და ქონების გადარჩენისას მოსამსახურის დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) სამსახურისთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან, სამსახურის უფროსის მიერ გამოცემული აქტის საფუძველზე ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობით და დაკრძალვის (საფლავის მოწყობის) ხარჯების ასანაზღაურებელი თანხა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. მოსამსახურის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებს.

11. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოსამსახურის დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში მისი ოჯახის წევრებს ენიშნებათ სახელმწიფო კომპენსაცია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

12. სამსახურის საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში, ეკონომიის არსებობის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტის საფუძველზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული მოსამსახურის ოჯახის წევრს (მემკვიდრეს) ან მის კმაყოფაზე მყოფ პირს შეიძლება მიეცეს დამატებითი მატერიალური და ფულადი დახმარება.

13. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში, დაზიანების ხარისხის შესაბამისად, მოსამსახურეს სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება შემდეგი ოდენობით:

ა) ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისას – 7 000 (შვიდი ათასი) ლარი;

ბ) ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებისას – 4 000 (ოთხი ათასი) ლარი;

გ) ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებისას – 2 000 (ორი ათასი) ლარი.

14. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში, თუ დაზიანება შეუძლებელს ხდის მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის ჯეროვნად შესრულებას, სამსახური უზრუნველყოფს ამ მოსამსახურის სამსახურში, მისი პიროვნული და საქმიანი თვისებების, განათლებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამის თანამდებობაზე დასაქმებას.

15. თუ ამ მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახური ობიექტური მიზეზის გამო ვერ უზრუნველყოფს მოსამსახურის დასაქმებას, მას უმუშევრობის პერიოდში, მაგრამ არაუმეტეს 1 წლისა, ყოველთვიურად ეძლევა კომპენსაცია ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისი თანამდებობრივი სარგოს სრული ოდენობით.

16. მოსამსახურის ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხი განისაზღვრება კანონით დადგენილი წესით.

თავი VIII

სამსახურის დაფინანსება, მატერიალურ-ტექნიკური და საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფა

მუხლი 42. სამსახურის დაფინანსება და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა

1. სამსახური ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემოსავლებიდან.

2. თუ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის მოსამსახურე სახელმწიფო ან პირად საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებას იყენებს, ამ სატრანსპორტო საშუალებას საწვავით უზრუნველყოფს სამსახური სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით.

საქართველოს 2017 წლის 22  მარტის   კანონი  №481  - ვებგვერდი, 27.03.2017წ.

მუხლი 43. სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური საშუალებები

1. სამსახური ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ქმნის და იყენებს ოპერატიულ-ტექნიკურ საშუალებებს, აგრეთვე უზრუნველყოფს მათ დაცვას.

2. სამსახურის მიერ გამოყენებული ოპერატიულ-ტექნიკური საშუალებები და მათი გამოყენების მეთოდები არ უნდა ლახავდეს ადამიანის პატივსა და ღირსებას, საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, არ უნდა აზიანებდეს გარემოს.

3. ოპერატიულ-ტექნიკური საშუალებები გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 44. სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფა

1. სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფა ხორციელდება საინფორმაციო სისტემების შექმნითა და გამოყენებით.

2. სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების, აგრეთვე უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურებისა და ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ ცნობების აღრიცხვის საფუძველი და წესი განისაზღვრება სამსახურის უფროსის ბრძანებით.

თავი IX

სამსახურის საქმიანობის კონტროლი და ზედამხედველობა

მუხლი 45. საპარლამენტო კონტროლი

1. სამსახურის საქმიანობის საპარლამენტო კონტროლის ფორმები განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით, „ნდობის ჯგუფის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით და სხვა ნორმატიული აქტებით.

2. საქართველოს პარლამენტის წევრებმა კანონით დაცული ინფორმაცია სამსახურისაგან შეიძლება მიიღონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 46. სამთავრობო კონტროლი

სამსახური ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე.

მუხლი 47. სასამართლო კონტროლი

იმ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა ჩატარება, რომლებიც ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, შეიძლება სასამართლოს მოტივირებული გადაწყვეტილებით, კანონით დადგენილი წესით.

მუხლი 48. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ზედამხედველობა

სამსახურის მიერ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების და სახელმწიფოს სხვა მატერიალური ფასეულობების გამოყენებასა და ხარჯვას ზედამხედველობს სახელმწიფო აუდიტის სამსახური.

მუხლი 49. საპროკურორო ზედამხედველობა

სამსახურის, როგორც საგამოძიებო ორგანოს, მიერ საქმიანობის განხორციელებისას კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებას კანონით დადგენილი წესით ზედამხედველობენ საქართველოს მთავარი პროკურორი და მისდამი დაქვემდებარებული პროკურორები.

მუხლი 50. მოსამსახურის საქმიანობის შიდა კონტროლი

1. მოსამსახურის საქმიანობას აკონტროლებს სამსახურის გენერალური ინსპექცია.

2. სამსახურის გენერალური ინსპექცია დამოუკიდებელია. დაუშვებელია სამსახურის გენერალური ინსპექციის საქმიანობაში სამსახურის სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფის, სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან თანამდებობის პირის ჩარევა. სამსახურის გენერალური ინსპექცია ანგარიშვალდებულია უშუალოდ სამსახურის უფროსის წინაშე, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას.

3. სამსახურის გენერალური ინსპექციის უფლებამოსილება ვრცელდება სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და ტერიტორიულ ორგანოებზე, აგრეთვე სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე.

4. სამსახურის გენერალური ინსპექცია:

ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ავლენს სამსახურში მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების ნორმების დარღვევის, მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტებს და ახდენს სათანადო რეაგირებას;

ბ) აკონტროლებს სამსახურში შემავალი დანაყოფების საფინანსო-სამეურნეო საქმიანობას, ამოწმებს მათ მიერ მატერიალური და ფინანსური რესურსების განკარგვის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას;

გ) ადგენს მოსამსახურეთა მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ხელშემწყობ მიზეზებს და ახორციელებს ღონისძიებებს მათი თავიდან აცილებისთვის, ავლენს სამსახურში შემავალი დანაყოფების საქმიანობაში არსებულ დარღვევებსა და ნაკლოვანებებს, შეიმუშავებს რეკომენდაციებს აღმოჩენილი ხარვეზების და მათი მიზეზების აღმოსაფხვრელად;

დ) ასრულებს სამსახურის უფროსის ბრძანებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ მოქმედებათა განხორციელებისას დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში სამსახურის გენერალური ინსპექცია შესაბამის მასალებს დაუყოვნებლივ გადასცემს საქართველოს მთავარ პროკურატურას.

საქართველოს 2017 წლის 22  მარტის   კანონი  №481  - ვებგვერდი, 27.03.2017წ.

თავი X

გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

მუხლი 51. გარდამავალი დებულებანი

1. საქართველოს მთავრობამ 2015 წლის 1 აგვისტომდე უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით სათანადო ორგანიზაციული და სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელება.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადებისას უზრუნველყოს მასში ამ კანონიდან გამომდინარე ცვლილების ასახვა, ხოლო „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანამდე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება განხორციელდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ასიგნებებიდან.

3. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვალდებულია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის კანდიდატურა საქართველოს მთავრობას განსახილველად წარუდგინოს ამ მუხლის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 5 დღისა. საქართველოს მთავრობა ვალდებულია დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს წარდგენიდან 5 დღისა, განიხილოს სამსახურის უფროსის კანდიდატურა და საქართველოს პარლამენტისთვის მისი წარდგენის შესახებ განკარგულების მიღების შემთხვევაში წარუდგინოს კანდიდატურა საქართველოს პარლამენტს. სამსახურის უფროსს საქართველოს პარლამენტი ნიშნავს ამ კანონით და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით. თუ საქართველოს პარლამენტმა ვერ დანიშნა სამსახურის უფროსი, სამსახურის უფროსის დანიშვნის ამ პუნქტით გათვალისწინებული პროცედურა გამეორდება. 2015 წლის 1 აგვისტომდე საქართველოს პარლამენტის მიერ დანიშნული სამსახურის უფროსი უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგება 2015 წლის 1 აგვისტოდან. თუ სამსახურის უფროსი 2015 წლის 1 აგვისტომდე ვერ დაინიშნა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია დანიშნოს სამსახურის უფროსის და მისი მოადგილეების მოვალეობის დროებით შემსრულებლები. სამსახურის უფროსის მოვალეობის დროებით შემსრულებელს და სამსახურის უფროსის მოადგილეებს უფლებამოსილება უწყდებათ საქართველოს პარლამენტის მიერ სამსახურის უფროსის დანიშვნისთანავე.

4. საქართველოს მთავრობამ:

ა) 2015 წლის 1 აგვისტომდე დაამტკიცოს:

ა.ა) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულება;

ა.ბ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ხელფასის (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატის ოდენობების განსაზღვრის წესი;

ა.გ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის წესი;

ბ) 2016 წლის 1 იანვრამდე დაამტკიცოს:

ბ.ა) სახელმწიფო უსაფრთხოების სფეროში ინფორმაციის გაცვლის წესი;

ბ.ბ) სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტების ნუსხა.

5. სამსახურის უფროსმა:

ა) 2015 წლის 1 სექტემბრამდე დაამტკიცოს:

ა.ა) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურის მიერ სამსახურის გავლის წესი;

ა.ბ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურის ფიცის ტექსტი;

ა.გ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსი;

ა.დ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესი;

ა.ე) წვევამდელის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიღების და მის მიერ სამსახურის გავლის წესი;

ა.ვ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შეიარაღებაში არსებული სპეციალური საშუალებების შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესი;

ბ) 2016 წლის 1 იანვრამდე დაამტკიცოს:

ბ.ა) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურის ფორმის ტანსაცმელი და ატრიბუტიკა;

ბ.ბ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სამკერდე ნიშნის, მედალიონისა და მედლის ნიმუშები და მოსამსახურის დაჯილდოების წესი;

 ბ.გ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა განკარგულებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღის შენახვისა და ტარების წესი;

ბ.დ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა შეიარაღებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ნუსხა.

6. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2015 წლის 1 სექტემბრამდე შექმნას შესაბამისი კომისია (კომისიები), რომელიც (რომლებიც) უზრუნველყოფს (უზრუნველყოფენ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გადაცემული/მიღებული ქონების (მათ შორის, უძრავი ქონება, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და სხვა ქონება) და სამსახურებრივი დოკუმენტაციის (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალა და სხვა დოკუმენტაცია) აღრიცხვა-ინვენტარიზაციას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 7. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს (დეპარტამენტი) და კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ 2015 წელს გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებებში 2015 წლის 1 აგვისტოდან შემსყიდველად განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

8. სათანადო სამართლებრივი აქტების გამოცემამდე/მიღებამდე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობა რეგულირდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის მარეგულირებელი შესაბამისი სამართლებრივი აქტებით.

9. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა 2015 წლის 1 აგვისტომდე განსაზღვროს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა.

მუხლი 52. დასკვნითი დებულებანი

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი–50-ე მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი–50-ე მუხლები ამოქმედდეს 2015 წლის 1 აგვისტოდან.

3. 2015 წლის 1 აგვისტოდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს 1998 წლის 18 თებერვლის კანონი (პარლამენტის უწყებანი, №11-12, 14.03.1998, გვ. 5).


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

8 ივლისი 2015 წ.

N3921-რს

totop
Online consultation

Unfortunately no operator is online.