დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სურსათის ნარჩენების მართვის კონცეფციის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 444 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 26/12/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/12/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340140000.10.003.024839 |
444
26/12/2024
ვებგვერდი, 27/12/2024
340140000.10.003.024839
სურსათის ნარჩენების მართვის კონცეფციის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
|
| მუხლი 1 |
„სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „სურსათის ნარჩენების მართვის კონცეფცია“.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
სურსათის ნარჩენების მართვის კონცეფცია
|
სარჩევი
1. შესავალი
2. სიტუაციის ანალიზი
2.1. FLW-ის სტატუსი საქართველოში
2.2. სურსათის დონაციის და გადანაწილების პოტენციალი
2.3. კანონმდებლობა და პოლიტიკა
3. ხედვა
4. პრინციპები
4.1.სასურსათო უსაფრთხოების და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება
4.2.გარემოზე ზემოქმედების მინიმუმამდე დაყვანა
4.3.სურსათის დონაციისა და გადანაწილების პრაქტიკული განხორციელება
4.4.საზოგადოების და ინსტიტუციური ცნობიერების ამაღლება
4.5.თანამშრომლობითი პარტნიორობების ჩამოყალიბება სურსათის ეფექტური აღდგენის და გადანაწილებისთვის
4.6.თანხმობის უზრუნველყოფა და მონაცემების შეგროვების გაუმჯობესება
4.7.სურსათის ღირებულებათა ჯაჭვის / აგროსასურსათო სისტემების ეფექტურობის გაზრდა
5. სექტორული პრიორიტეტები
5.1. პოლიტიკა და საკანონმდებლო ჩარჩო
5.2. სურსათის მიწოდების ჯაჭვში თანამშრომლობის წახალისება
5.3. სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების, ჭარბი სურსათის შესახებ მონაცემების შეგროვება
5.4. საზოგადოების ჩართულობა და ცნობიერების ამაღლება
6. განხორციელება
მონაწილე მხარეების როლი და პასუხისმგებლობები
6.1.საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო (MEPA)
6.2. სსიპ- სურსათის ეროვნული სააგენტო
6.3.ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები
6.4.კერძო სექტორი
6.5.სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები (CSO)
6.6. საერთაშორისო ორგანიზაციები და დონორები
7. ვადები
გამოყენებული აბრევიატურები
CSO - A Civil Society Organization -სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
EU - European Union - ევროკავშირი
FAO - Food and Agriculture Organization -გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია
EFBA - European Food Banks Federation -ევროპული სურსათის ბანკების ფედერაცია
FLW - Food Loss and Waste -სურსათის დანაკარგები და ნარჩენები
GHG - Green House Gases -სათბურის აირები
GEOSTAT - National Statistics Office of Georgia -საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
IPCC - Intergovernmental Panel on Climate Change -კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორისი პანელი
ISET - International School of Economics at TSU -ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა “აისეტი”
IFWC - The International Food Waste Coalition -სურსათის ნარჩენების საერთაშორისო კოალიცია
LAG - Local Action Group -ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფები
MEPA - Ministry of Environmental Protection and Agriculture of Georgia -საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
NFA -National Food Agency -სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტო
PPP - Public-Private Partnerships -კერძო-საჯარო პარტნიორული ინიციატივები
UNEP - The United №ations Environment Programme -გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა
UNFCC - United Nations Framework Convention on Climate Change -გაეროს ჩარჩო კონვენცია კლიმატის ცვლილების შესახებ
1. შესავალი
სურსათის დანაკარგები და ნარჩენები (შემდეგში – FLW) თანამედროვე მსოფლიოს გლობალური გამოწვევას წარმოადგენს. დღეისათვის, ყოველდღიურად, დიდი რაოდენობით საკვებად ვარგისი სურსათი იკარგება და/ან ნაგავში იყრება, მაშინ როცა მსოფლიოს მასშტაბით, შიმშილის წინაშე მყოფი ადამიანების რიცხვი კვლავ მზარდია. (FAO, 2024).
მსოფლიოში წარმოებული სურსათის 14% იკარგება მანამ, სანამ ის საცალო ვაჭრობის პუნქტამდე მიაღწევს (FAO, 2019). ეს მოიცავს ფერმებში, შენახვის ან ტრანსპორტირების დროს გადაყრილ სურსათს. საცალო ვაჭრობის დონეზე და ოჯახებში გადაყრილი სურსათის რაოდენობის გათვალისწინებით, ადამიანის საკვებად ვარგისი სურსათის მთლიანი დანაკარგი იზრდება კიდევ 19%-ით (UNEP, 2024). ეს დანაკარგები მთლიანად შეადგენს 2,6 მილიარდ ტონას წელიწადში, რაც მსოფლიოში წარმოებული სურსათის დაახლოებით 40%-ს შეადგენს.
გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) 2024 წლის ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს, მსოფლიოში სურსათის ნარჩენები დაახლოებით 1.05 მილიარდ ტონას შეადგენდა, რაც შემდეგნაირად ნაწილდება:
საკვებად ვარგისი სურსათის დანაკარგები და ნარჩენები მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკაზე, სოციალურ მდგომარეობაზე და გარემოზე.
ეკონომიკური ზეგავლენა – FLW გავლენას ახდენს სურსათის ღირებულებათა ჯაჭვის ყველა მონაწილეზე, მათ შორის მომხმარებლებზე, რაც დაკავშირებულია ნედლეულის, მზა პროდუქტის, ენერგიისა და შრომითი რესურსების დანაკარგებთან. ყოველწლიურად FLW -ის გავლენა გლობალურ ეკონომიკაზე დაახლოებით 1 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს (UNFCC, 2024).
სოციალური ზეგავლენა – დღეისათვის მსოფლიოში მილიონობით ადამიანი შიმშილისა და არასაკმარისი, არასრულფასოვანი და უხარისხო კვების პრობლემის წინაშე დგას. FLW ზრდის მოსახლეობის უთანასწორობას და ამცირებს სასურსათო უსაფრთხოებას, ასევე სირთულეებს უქმნის სურსათის მწარმოებელ მოწყვლად ოჯახებს. ამდენად, FLW-ის შემცირება მორალურ/ეთიკურ საკითხსაც წარმოადგენს.
გარემოსდაცვითი ზეგავლენა – მოიცავს რესურსების, მათ შორის წყლის, ნიადაგის და ენერგიის დანაკარგებს სურსათის წარმოებასა და სოფლის მეურნეობაში, სათბურის აირების (GHG) გამოყოფის და FLW-ის განადგურების გარემოსდაცვით ხარჯებს. გარდა ამისა, სურსათის ნარჩენების ლპობისას წარმოიქმნება მეთანი, რომელიც გავლენას ახდენს კლიმატის ცვლილებაზე. გლობალურად, FLW წარმოადგენს სათბურის აირების ემისიის 8-10%-ის წყაროს (IPCC, 2019).
FLW-ის შემცირება ხელს შეუწყობს ქვეყანაში სასურსათო უსაფრთხოების გაუმჯობესებას, გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირებას, ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური მდგრადობის გაძლიერებას.
FLW-ის შემცირება გადამწყვეტია ასევე რეგიონში აგროსასურსათო სისტემების ტრანსფორმაციისთვის, რაც გულისხმობს მათი ეფექტიანობის, მდგრადობის, გამძლეობისა და ინკლუზიურობის გაზრდას. ასევე, FLW-ის შემცირება გადამწყვეტია სურსათის მიწოდების ჯაჭვების გამწვანებისა და სურსათის წარმოებისა და მოხმარების კლიმატური ანაბეჭდის შემცირებისათვის (FAO, 2024).
წინამდებარე „სურსათის ნარჩენების მართვის კონცეფცია“ წარმოადგენს უვნებელი, ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის განკუთვნილი ჭარბი სურსათის მართვის სექტორული პოლიტიკის დოკუმენტს, რომელიც განსაზღვრავს შესაბამისი სტრატეგიის შემუშავების აუცილებლობას, ხედვას, პრინციპებს, სექტორულ პრიორიტეტებსა და მონაწილე მხარეების როლსა და პასუხისმგებლობებს.
2. სიტუაციის ანალიზი
2.1. FLW-ის სტატუსი საქართველოში
2.1.1. მოსავლის აღების შემდგომი დანაკარგები – საქართველოში, ფერმიდან საცალო ვაჭრობამდე მოსავლის აღების შემდგომი დანაკარგების შესახებ მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი. ქვეყნისა და რეგიონული დონეზე ჩატარებული რამდენიმე კვლევა აჩვენებს, რომ სურსათის დანაკარგები ძირითადად წარმოიქმნება პირველად წარმოებაში, განსაკუთრებით მარცვლეულის და ბოსტნეულის წარმოებაში. ძირითად გამოწვევები წარმოადგენს ტექნოლოგიური ჩამორჩენა, ბაზრის ინტეგრაციის ნაკლებობა, სამაცივრე შენახვის მაღალი ხარჯები და არაეფექტური ღირებულებათა ჯაჭვები (FAO, 2014).
2.1.2. ორგანული/ქალაქში წარმოქმნილი ნარჩენები – ქვეყნის ნაგავსაყრელებში ნარჩენების 40%-ზე მეტი ორგანულია, რომელთა დიდი ნაწილიც სურსათს წარმოადგენს (CENN – ნარჩენების შემადგენლობის ანგარიში).
2.1.3. სურსათის საერთო ნარჩენი – საქართველოში ყოველწლიურად დაახლოებით 576,588 ტონა სურსათის ნარჩენი წარმოიქმნება, რაც ოჯახების, საზოგადოებრივი კვების ობიექტებსა და საცალო ვაჭრობაზე ნაწილდება (UNEP, 2021).
2.1.4. საოჯახო სურსათის ნარჩენი – ოჯახში სურსათის ნარჩენები, ერთ სულ მოსახლეზე, წელიწადში დაახლოებით 101 კგ-ია, რაც საერთო ჯამში 403,573 ტონას შეადგენს. ძირითადი გამომწვევი ფაქტორებია ზედმეტი სურსათის შეძენა, არასწორი დაგეგმვა და გადანაწილება, კომპოსტირების და დარჩენილი სურსათის მართვის კარგი პრაქტიკის შეზღუდული გამოყენება ან არ გამოყენება (UNEP, 2021).
2.1.5. სურსათით მომსახურების სექტორი (საზოგადოებრივი კვების ობიექტები) – სურსათით მომსახურებაში, ერთ სულ მოსახლეზე სურსათის ნარჩენები 28 კგ-ია, რაც წლიურად დაახლოებით 110,504 ტ-ს შეადგენს (UNEP, 2021).
2.1.6. საცალო ვაჭრობის სექტორი – საცალო ვაჭრობაში სურსათის ნარჩენებმა ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით 16 კგ შეადგინა, რაც წლიურად 62,511 ტონას შეადგენს (UNEP,2021). ნარჩენების წარმოქმნა ხშირ შემთხვევებში გამოწვეულია სურსათის შეფუთვისა და ვადების დარღვევით, ჭარბი მიწოდებით.
2.1.7. გარემოზე გავლენა – შეფასების მიხედვით, საქართველოში სურსათის ნარჩენებმა შესაძლოა გამოიწვიოს 797,448-დან 996,809 ტონამდე CO₂-ის ეკვივალენტი ემისია (UNEP, 2021).
2.2. სურსათის დონაციის და გადანაწილების პოტენციალი
საქართველოში, ყოველწლიურად, დაახლოებით 9 – 12 მილიონი ლარის ღირებულების სურსათი შეიძლება იქნეს აღდგენილი და საჭიროების მქონე პირებისთვის მიწოდებული. ეს მონაცემები მოცემულია FAO-ს 2019 წლის კვლევაში (გამოუქვეყნებელი), სახელწოდებით – „სურსათის აღდგენა და გადანაწილება საქართველოში, 2019“.
მუნიციპალური სასადილოები და საქველმოქმედო ორგანიზაციები, როგორებიცაა „კარიტასი საქართველო“ და საერთაშორისო ჰუმანიტარული გაერთიანება „კათარზისი“, უზრუნველყოფენ მნიშვნელოვან სასურსათო მომსახურებებს. მაგალითად, „კარიტას საქართველოს“ სასადილოს პროგრამები ფუნქციონირებს თბილისში და ქუთაისში, სადაც ისინი მიზნად ისახავენ მოწყვლადი ჯგუფების, მათ შორის ხანდაზმულების, დაბალი შემოსავლის მქონე და მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას. 2020 წელს „კათარზისის“ სასადილო მოემსახურა 80,000 ბენეფიციარს, ხოლო მისი არსებობის განმავლობაში გასწია დაახლოებით 3.11 მილიონი მომსახურება (ISET, 2022). მიუხედავად ამ სერვისებისა, საჭიროებების მქონე მოსახლეობის მხოლოდ ერთი მეოთხედი იღებს დახმარებას. მძიმე კვებითი დაუცველობა ეხება საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 9.5%-ს.
საქართველოში წლიურად დაახლოებით 600 000 ტონა სასურსათო ნარჩენი წარმოიქმნება, რაც წარმოადგენს მნიშვნელოვან დანაკარგს მოსახლეობის მაღალი სიღარიბისა და სასურსათო დაუცველობის მაჩვენებლების გათვალისწინებით. (UNEP, 2021). სურსათის ნარჩენები ზრდის საზოგადოებრივ ხარჯებს ნარჩენების მართვისა და სურსათის ფასების ზრდის თვალსაზრისით, რაც ყველაზე მეტად ახდენს გავლენას მოწყვლად ჯგუფებზე. დიდ ქალაქებში, მათ შორის თბილისსა და ბათუმში, 2020 წელს, მუნიციპალიტეტების მიერ 24.7 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის უფასო სურსათის პროგრამებზე (ISET, 2022).
მოცემული მონაცემები ხაზს უსვამს FLW-ის ანუ უვნებელი, ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის განკუთვნილი ჭარბი სურსათის მართვის ეფექტური მექანიზმების საჭიროებას და აუცილებელს ხდის სურსათის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას FLW-ის შემცირებისა და სურსათის დონაციის ინიციატივებით.
2.3. კანონმდებლობა და პოლიტიკა
საქართველოში არსებული კანონმდებლობა და პოლიტიკის ჩარჩო მხარს უჭერს სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების წარმოშობის პრევენციასთან, შემცირებასთან, სურსათის ნარჩენების დაგროვების მართვასთან, სურსათის შეწირულებასა და გადანაწილებასთან დაკავშირებულ ურთიერთობების რეგულირებას.
2.3.1. კანონმდებლობა
2.3.2 პოლიტიკა
ევროკავშირის სტანდარტებთან თავსებადობა – ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმების შემდეგ, საქართველოს FLW რეგულაციები უფრო მეტად შეესაბამება ევროკავშირის სურსათის უვნებლობისა და ნარჩენების მართვის ჩარჩო-დოკუმენტებს. აღნიშნული შესაბამისობა ხელს უწყობს საქართველოს, რომ მონაწილეობა მიიღოს ევროკავშირის ცირკულარული ეკონომიკის სამოქმედო გეგმაში, ნარჩენების შემცირების, რესურსების აღდგენისა და გარემოს მდგრადობის საერთო მიზნების გამყარების თვალსაზრისით (საქართველოს კანონი „სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ“).
3. ხედვა
ქვეყანაში მდგრადი სასურსათო სისტემების არსებობა ამცირებს სურსათის დანაკარგებსა და ნარჩენებს, ზრდის სასურსათო უსაფრთხოებას, ხელს უწყობს გარემოს დაცვას, შეესაბამება გლობალურ სტანდარტებს, ხელს უწყობს ასევე საქართველოს აგროსასურსათო სისტემებში FLW-ის პრევენციის, შემცირების კომპლექსური მიდგომის ჩამოყალიბებას და სრულყოფას, შემდგომი განვითარებისათვის მიკვლევადი დონაციის პრაქტიკის დანერგვას, მოწყვლად ჯგუფებამდე ჭარბი, უვნებელი სურსათის ეფექტურად მიწოდებას, დაინტერესებული მხარეების და მონაწილეების ცნობიერების ამაღლებას, პარტნიორობის გაძლიერებას კერძო სექტორს, სამოქალაქო საზოგადოებასა და სახელმწიფო ორგანოებს შორის.
4. პრინციპები
სურსათის მიწოდების სრულ ჯაჭვში, FLW-ის შესამცირებლად, ეფექტური, სისტემური მიდგომის და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა და მისი შემდგომი გაუმჯობესება, რომელიც მიიღწევა შემდეგი ღონისძიებების განხორციელებით:
4.1. სასურსათო უსაფრთხოების და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება – მოწყვლადი ჯგუფებისთვის სურსათის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება სურსათის დონაციისა და გადანაწილების სათანადო პრაქტიკის დანერგვით;
4.2. გარემოზე ზემოქმედების მინიმუმამდე დაყვანა – FLW-ის ეფექტური მართვით სურსათის განადგურებით გამოწვეული ეკოლოგიური შედეგების შემცირება.
4.3. სურსათის დონაციისა და გადანაწილების პრაქტიკული განხორციელება –
არსებული საკანონმდებლო რეგულირების შესაბამისად, სურსათის უვნებლობის, მიკვლევადობის და ჰიგიენის მოთხოვნების გათვალისწინებით, სურსათის დონაციის პრაქტიკული განხორციელების ხელშეწყობა;
4.4. საზოგადოების და ინსტიტუციური ცნობიერების ამაღლება – FLW-ის შემცირების შესახებ ცნობიერების ამაღლება საზოგადოებასა და ინსტიტუტებში. მიზნობრივი კამპანიების, საგანმანათლებლო ინიციატივებისა და კერძო სექტორთან თანამშრომლობით, შესაბამისი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მასალების მომზადება, ნარჩენების შემცირების და სურსათის კონსერვაციის კულტურის დამკვიდრება;
4.5. თანამშრომლობითი პარტნიორობების ჩამოყალიბება სურსათის ეფექტური აღდგენის და გადანაწილებისთვის – მთავრობას, კერძო სექტორს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებს შორის თანამშრომლობითი პარტნიორობის დამყარება და გაძლიერება სურსათის აღდგენისა და გადანაწილების ეფექტურობის გასაუმჯობესებლად. ეს თანამშრომლობა დაფუძნებული იქნება საჯარო-კერძო პარტნიორობაზე, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ დადგენილი კომპეტენციების გათვალისწინებით, ხელს უწყობენ შესაბამისი სივრცის/სათავსის გამოყოფას და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები მართავენ ოპერაციულ საქმიანობას, როგორც ეს მხარდაჭერილია ევროკავშირისა და FAO-ს მიერ;
4.6. თანხმობის უზრუნველყოფა და მონაცემების შეგროვების გაუმჯობესება – მონაცემთა შეგროვებისა და ანგარიშგების სტრუქტურების შემუშავება, რათა აღირიცხოს და გაიზომოს სურსათის დანაკარგები და ნარჩენები, სურსათის მიწოდების ჯაჭვის ყველა ეტაპზე;
4.7. სურსათის ღირებულებათა ჯაჭვის/აგროსასურსათო სისტემების ეფექტურობის გაზრდა – FLW-ის შემცირების მიზნით, სურსათის მიწოდების ჯაჭვის მონაწილეების შესაძლებლობების გაძლიერება, მოვლის, შენახვისა და გადამუშავების საუკეთესო პრაქტიკის სწავლების გზით. საინვესტიციო პროექტების განხორციელება ტექნოლოგიების და ინფრასტრუქტურისთვის. როგორიცაა გაუმჯობესებული საწყობები, შეფუთვა და ლოჯისტიკა.
5. სექტორული პრიორიტეტები
5.1. პოლიტიკა და საკანონმდებლო ჩარჩო
5.1.1. სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების ეროვნული სტრატეგიის შემუშავება – FAO-ს და ევროკავშირის მიერ ტექნიკური დახმარება მიეწოდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (MEPA) სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების პრევენციის შემცირების, უვნებელი, ჭარბი სურსათის დონაციის ეროვნული სტრატეგიის შემუშავებისათვის. ამ სტრატეგიაში დეტალურად იქნება აღწერილი კონკრეტული მექანიზმები და სავარაუდო შედეგები, რაც FLW-ის პრევენციისა და შემცირების მიზნით ქვეყანაში იქნება მიღწეული სტრატეგიის განხორციელების შედეგად;
5.1.2. ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობა – სურსათის დონაციის ეროვნული სახელმძღვანელოს შექმნა, რომელიც შესაბამისობაში იქნება ევროკავშირის სურსათის აღდგენისა და გადანაწილების სტანდარტებთან. ეს ხელს შეუწყობს საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირის მდგრადი განვითარების მიზნებში;
5.1.3. სურსათის უვნებლობის და ხარისხის რეგულაციების გაუმჯობესება სურსათის შეწირულობისათვის – სურსათის შემოწირულებებისთვის, სურსათის უვნებლობის და ხარისხის მარეგულირებელი ნორმატიული აქტების სრულყოფა, მათ შორის სურსათის ჰიგიენის, სურსათის ეტიკეტირების რუტინული შემოწმება და სურსათის სენსორული ანალიზი.
5.2. სურსათის მიწოდების ჯაჭვში თანამშრომლობის წახალისება
5.2.1.ეროვნული სურსათის ბანკის მოდელის განვითარება – შეიქმნას პილოტური სურსათის ბანკები, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი კომპეტენციების გათვალისწინებით, ხელს უწყობენ შესაბამისი სივრცის/სათავსის გამოყოფას დანახარჯებით, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციები მართავენ ოპერაციებს, შესრულებაზე დაფუძნებული შეთანხმებების ფარგლებში. ევროკავშირის მხარდაჭერა შეიძლება გამოყენებულ იქნეს ობიექტების რეაბილიტაციაში, აღჭურვილობის შეძენასა და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლების გადამზადებაში, ევროპული სურსათის ბანკების ფედერაციის (EFBA) სტაჟირების პროგრამების მეშვეობით;
5.2.2. კერძო-საჯარო პარტნიორული ინიციატივების (PPP) ხელშეწყობა – PPP ინიციატივები ძალიან მნიშვნელოვანია FLW შემცირებისთვის, რადგან აერთიანებს სამთავრობო მარეგულირებელ ჩარჩოებსა და კერძო სექტორის ინოვაციებსა და ეფექტურობას. PPP-ების მეშვეობით, დაინტერესებული მხარეები, საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით, იღებენ და ცვლიან ცოდნასა და რესურსებს, FLW ეფექტური მართვის სტრატეგიის შესამუშავებლად;
5.2.3. საცალო ვაჭრობის სექტორის და HORECA ჩართულობა – პარტნიორობა საზოგადოებრივი კვების ობიექტებთან, სასტუმროებთან, რესტორნებთან, ქეითერინგ ბიზნესებთან და საცალო ვაჭრობის ობიექტებთან, სურსათის დონაციის სისტემების ფორმალიზებისთვის, სურსათის დამუშავებისა და განაწილების პრაქტიკებზე, სექტორზე მორგებული მითითებებით. ეს მოიცავს სასაწყობე ჯაჭვის ლოგისტიკურ მხარდაჭერას, რაც აუცილებელია სურსათის აღდგენისა და გადანაწილების პროცესში სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შენარჩუნებისთვის.
5.3. სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების, ჭარბი სურსათის შესახებ მონაცემების შეგროვება
5.3.1. სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების, ჭარბი სურსათის მონაცემთა შეგროვების ჩარჩოს შექმნა. აღნიშნული მოიცავს დახმარებას MEPA-სა და GEOSTAT-თვის, მიწოდების ჯაჭვის თითოეულ ეტაპზე FLW-ის გაზომვის ხელსაწყოების დამკვიდრებაში, რომელიც შესაბამისობაშია FAO-ს სურსათის დანაკარგების ინდექსის და UNEP-ის სურსათის ნარჩენების ინდექსის მეთოდოლოგიებთან, ასევე FLW სტანდარტებთან. თანამშრომლების ტრენინგი და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება გააძლიერებს მონაცემთა შეგროვების პრაქტიკას, რაც ხელს შეუწყობს ეფექტური პოლიტიკისა და ინტერვენციების განხორციელებას;
5.3.2. ავტორიზებული საქველმოქმედო ორგანიზაციების ცენტრალიზებული მონაცემთა ბაზის შექმნა. რომელიც იქნება სანდო წყარო დონორებისთვის, რათა დარწმუნდნენ, რომ თანამშრომლობენ იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც აკმაყოფილებენ უვნებელი სურსათის დამუშავების, შენახვის და გადანაწილების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;
5.4. საზოგადოების ჩართულობა და ცნობიერების ამაღლება
5.4.1. მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლების კამპანიები – ქვეყნის მასშტაბით შემუშავდება და განხორციელდება ინიციატივები საზოგადოებისთვის, განსაკუთრებით სკოლების, მომხმარებლებისა და პირველადი მწარმოებლებისთვის, რათა ისინი გაეცნონ სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების სოციალურ-ეკონომიკური და გარემოსდაცვით შედეგებს. კამპანიები ხელს შეუწყობს მდგრადი ქცევების ჩამოყალიბებას, მათ შორის პასუხისმგებლობიანი შესყიდვების, სათანადო შენახვისა და ნარჩენების, ჭარბი სურსათის ნარჩენებად ქცევის შემცირების პრაქტიკებთან დაკავშირებით;
5.4.2. ქცევის ანალიზი – მომხმარებელთა ქცევისა და დამაბრკოლებელი ბარიერების შესწავლით და სიღრმისეული ანალიზის ჩატარებით შესაძლებელია გამოვლინდეს ძირითადი სფეროები, სადაც ინტერვენციები ყველაზე დიდ გავლენას მოახდენს. ეს მოიცავს ისეთი ფაქტორების შესწავლას, როგორებიცაა მომხმარებელთა ცოდნა, დამოკიდებულებები და ჩვევები სურსათის ვარგისიანობის ვადის, შენახვის პირობების, მომზადებისა და მოხმარების შესახებ;
5.4.3. მწარმოებელზე ორიენტირებული კამპანიები – ცნობიერების გაზრდა პირველადი მწარმოებლების, განსაკუთრებით ხილისა და ბოსტნეულის მწარმოებელთა შორის, კამპანიების მეშვეობით, რომელიც განხორციელდება ადგილობრივ სამოქმედო ჯგუფებთან (LAG) პარტნიორობით, ეს ხელს შეუწყობს FLW შემცირებას და გააუმჯობესებს წარმოების დონეზე FLW მართვის პრაქტიკებს;
5.4.4. მოსავლის აღების შემდგომი პრაქტიკების გაუმჯობესება, რომელიც მოიცავს პროგრამულ მხარდაჭერასა და ტრენინგებს მწარმოებლებისთვის და ღირებულებათა ჯაჭვის სხვა მონაწილეებისთვის (მაგ., დამამუშავებლები, საბითუმო და საცალო გაყიდვები) მოსავლის აღების დროს და შემდეგ გამოსაყენებელ პრაქტიკებზე, სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სტანდარტებზე, მოსავლის აღების შემდგომ დამუშავების, შეფუთვის, ეტიკეტირებისა და ტრანსპორტის შესახებ;
5.4.5. საცალო ვაჭრობის და HORECA ტრენინგები და პროგრამები – ტურიზმისა და საცალო ვაჭრობის სექტორებისთვის ტრენინგის შეთავაზება ეფექტური FLW მენეჯმენტის, სურსათის უვნებელი აღდგენისა და გადანაწილების პროტოკოლების შესახებ, რათა გაზარდოს მათი მონაწილეობა დონაციის მცდელობებში.
6. განხორციელება
მონაწილე მხარეების როლი და პასუხისმგებლობები
6.1. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო (MEPA) წარმოადგენს ცენტრალური ორგანოს, რომელიც პასუხისმგებელია FLW-თან დაკავშირებული პოლიტიკის განვითარებასა და განხორციელებაზე. სურსათის დონაციის საქმიანობების კოორდინაციასთან ერთად, MEPA უზრუნველყოფს სურსათის უვნებლობისა და ჭარბი სურსათის მართვასთან დაკავშირებული საჭირო ნორმატიული აქტების შემუშავებას. ანალიზის საფუძველზე MEPA, საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით, მოწინავე პრაქტიკების ადგილზე გაცნობითა და შესწავლით იღებს მტკიცებულებაზე დაფუძნებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, შეიმუშავებს და საჭიროების მიხედვით, კოორდინირებას უწევს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების პროგრამებს, შესაბამის სახელმძღვანელო მითითებებს და სხვა საინფორმაციო მასალებს. MEPA ასევე უზრუნველყოფს მონაცემთა შეგროვებას, ანალიზს და ანგარიშგებას FLW-ის ტენდენციებზე GEOSTAT-თან თანამშრომლობით;
6.2. სსიპ –
სურსათის ეროვნული სააგენტო (NFA) მნიშვნელოვან როლს ასრულებს სურსათის უვნებლობის შესაბამისობის უზრუნველყოფაში. მისი პასუხისმგებლობაა სურსათის უვნებლობის და ხარისხის მარეგულირებელი ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების შესაბამისობის სახელმწიფო კონტროლი. №FA აწარმოებს უფლებამოსილი სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაციების რეესტრს;
6.3. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი კომპეტენციების გათვალისწინებით, ხელს უწყობენ მუნიციპალურ დონეზე სურსათის დონაციის საპილოტე პროექტების განხორციელებას, სურსათის ბანკებისთვის, საზოგადოებრივი გადანაწილების ქსელებისა და FLW-ის მონაცემთა შეგროვების ინიციატივებისთვის შესაბამისი სივრცის/სათავსის გამოყოფის მხარდაჭერის გზით. კომპეტენციის ფარგლებში ხელს უწყობენ პარტნიორული ურთიერთობების განვითარებას ადგილობრივ სამოქალაქო ორგანიზაციებსა და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან;
6.4. კერძო სექტორი, რომელიც მოიცავს აგროსასურსათო ბიზნესს, მათ შორის საცალო ვაჭრობას და HORECA-ს ინდუსტრიას, მნიშვნელოვან როლს ასრულებს FLW-ის შემცირების ღონისძიებების განხორციელებაში სურსათის მიწოდების ჯაჭვში. მათ ასევე მონაწილეობა უნდა მიიღონ სურსათის შემოწირულობის პროგრამებში სურსათის ბანკებთან და საქველმოქმედო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, ჭარბი, უვნებელი სურსათის მიწოდებით და FLW -ის შესახებ მონაცემების მიწოდებით;
6.5. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები (CSO) მხარს უჭერენ FLW-ის შემცირების და სურსათის დონაციის აქტივობებს, სურსათის აღდგენის პროგრამების კოორდინირებით და მოწყვლადი მოსახლეობისთვის უვნებელი, ჭარბი სურსათის გადანაწილებით. ისინი მართავენ ლოჯისტიკას, მათ შორის შენახვას, ტრანსპორტირებას და სურსათის გადანაწილებას, მუშაობენ მუნიციპალიტეტებთან FLW ინიციატივების ეფექტურობის გასაუმჯობესებლად. CSO-ები უზრუნველყოფენ ცნობიერების ამაღლების, საზოგადოების ტრენინგების განხორციელებას FLW-ის შემცირების მნიშვნელობაზე და მდგრადი FLW-ის პრაქტიკების ადვოკატირებაში;
6.6. საერთაშორისო ორგანიზაციები და დონორები, როგორებიცაა FAO და EU ორგანიზაციები, კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ტექნიკური ექსპერტიზის, დაფინანსების და უნარების განვითარებისთვის FLW ინიციატივების უზრუნველყოფაში. ეს ორგანიზაციები, FLW-ის შემცირებისათვის, მხარს უჭერენ MEPA-სა და სხვა ადგილობრივ ორგანიზაციებს ეროვნული მართვის სისტემების გლობალურ სტანდარტებთან თავსებადობის შესახებ ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარებაში. დონორი ორგანიზაციები უზრუნველყოფენ დაფინანსებას პილოტური პროექტებისთვის, მათ შორის FLW-ის შემცირებასა და ჭარბი, უვნებელი სურსათის შეწირულებასთან დაკავშირებით ინოვაციური პროექტების, სურსათის დანაკარგებისა შესამცირებლად სამეცნიერო კვლევების, უახლესი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მხარდაჭერას, განსაკუთრებით − სურსათის ვარგისობის ვადებთან დაკავშირებით, ასევე მხარდაჭერას ინფრასტრუქტურისთვის და ტრენინგ პროგრამებისთვის, სახელმძღვანელო მითითებების და სხვა სახელმძღვანელო დოკუმენტების შემუშავებისათვის, მხარს უჭერენ მიზანმიმართულ ცნობიერების ამაღლების კამპანიებს FLW-ის შემცირების კულტურის გასამყარებლად საქართველოში. ამ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა კიდევ უფრო გააუმჯობესებს საქართველოს ინტეგრაციას საერთაშორისო მდგრადი განვითარების მიზნებთან და უზრუნველყოფს FLW ინიციატივების ეფექტურ განხორციელებას უვნებელი და ჭარბი მიწოდებით სრულ სასურსათო ჯაჭვში.
7. ვადები
კონცეფციის განხორციელების ვადაა 2025-2028 წწ.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები