გია ფოლადიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

გია ფოლადიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ნომერი 2/1/1481
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 03/02/2023
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/02/2023
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016781
2/1/1481
03/02/2023
ვებგვერდი, 07/02/2023
000000000.00.000.016781
გია ფოლადიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს

 მეორე კოლეგიის გადაწყვეტილება

№2/1/1481

2023 წლის 3 თებერვალი

ქ. ბათუმი

კოლეგიის შემადგენლობა:

მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე;

ირინე იმერლიშვილი – წევრი;

ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;

თეიმურაზ ტუღუში – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.

სხდომის მდივანი: ნათია ებრალიძე.

საქმის დასახელება: გია ფოლადიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელე – გია ფოლადიშვილი; მოპასუხე მხარის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები – ქრისტინე კუპრავა, რუსუდან მუმლაური, ლევან ღავთაძე და ნინო შარმანაშვილი.

I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 7 თებერვალს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1481) მომართა საქართველოს მოქალაქე გია ფოლადიშვილმა. კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2020 წლის 10 თებერვალს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის 2020 წლის 11 დეკემბრის №2/8/1481 საოქმო ჩანაწერით, კონსტიტუციური სარჩელი ნაწილობრივ იქნა მიღებული არსებითად განსახილველად. საქმის არსებითი განხილვა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2022 წლის 4 თებერვალს.

2. №1481 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.

3. №1481 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდიდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოსარჩელე მხარემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა იმ ნაწილში, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის (გარდა „თ“ ქვეპუნქტისა) და იმავე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძვლებს. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის სადავოდ გამხდარი „თ“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ მოსამართლე არ მიიღებს სარჩელს, თუ იგი შეტანილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლში (გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა და მე-3 ნაწილისა, თუ მოსარჩელეს მითითებული აქვს მტკიცებულებათა წარუდგენლობის საპატიო მიზეზი) დაფიქსირებული პირობების დარღვევით ან/და არ არსებობს მოსარჩელის სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების, მისი გადახდის გადავადების ან მისი ოდენობის შემცირების საფუძველი.

5. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია“.

6. №1481 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმით დადგენილი წესი მოსამართლეს ანიჭებს უფლებას, საქმის არსებითად განხილვის გარეშე, უარი თქვას სარჩელზე და იგი უკან დაუბრუნოს პირს. მოსარჩელის განმარტებით, ასეთ შემთხვევაში, პირი იძულებულია, გაასაჩივროს სასამართლოს განჩინება სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ ან აღმოფხვრას ხარვეზი და თავიდან მიმართოს სასამართლოს. აღნიშნული კი დამატებით ვადებთან არის დაკავშირებული, რაც აფერხებს საქმის დროულად განხილვას და ხშირ შემთხვევაში აზრსაც კი უკარგავს დავის შემდგომ გაგრძელებას. ამავდროულად, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ხარვეზის აღმოფხვრის შემთხვევაშიც კი სასამართლო უფლებამოსილია, კვლავ უარი თქვას სარჩელის წარმოებაში მიღებაზე განსხვავებული საფუძვლით.

7. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოსარჩელე მხარემ, ერთი მხრივ, აღნიშნა, რომ კანონმდებლობა არ მოითხოვს მოსამართლისგან სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ დასაბუთებულ განჩინებაში აბსოლუტურად ყველა იმ საფუძველზე მითითებას, რატომაც ვერ ლახავს სარჩელი დასაშვებობის ეტაპს. ამიტომაც გამორიცხული არ არის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელის მიღებაზე უარი მოსარჩელეს რამდენჯერმე უთხრას სხვადასხვა საფუძვლით. მეორე მხრივ კი, არსებული კანონმდებლობით გამორიცხული არ არის, რომ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შემდეგ კიდევ ერთხელ შეტანილი იგივე სარჩელი დაეწეროს არა იმავე, არამედ სხვა მოსამართლეს, რადგან კონკრეტული მოსამართლე შეიძლება გავიდეს შვებულებაში ან შეიცვალოს სპეციალიზაცია.

8. მოსარჩელე მხარემ აგრეთვე მიუთითა, რომ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ არსებული პრაქტიკა ანალოგიურად მოქმედებს მაშინაც, როდესაც სარჩელთან ერთად ან სარჩელის შეტანამდე გადაუდებელი აუცილებლობის გამო, მხარე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებასაც ითხოვს. ასეთ შემთხვევაში, საქმის განმხილველი სასამართლო თუ უარს ამბობს სარჩელის წარმოებაში მიღებაზე, ავტომატურად უქმდება უზრუნველყოფის ღონისძიებაც, რაც დამატებით საფრთხეს უქმნის მხარის ინტერესებს.

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმით დადგენილი წესი ეწინააღმდეგება სამართლიანი სასამართლოს უფლებას. კერძოდ, იგი არღვევს სასამართლოს ხელმისაწვდომობის პრინციპს და აჭიანურებს საქმეთა განხილვას, რადგან, ხშირად, უბრალო ტექნიკური უზუსტობის დროსაც ითვალისწინებს სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმას. შედეგად, მხარეს ინტერესი ეკარგება, დავის განხილვა გააგრძელოს სასამართლო წესით, ხოლო თავად ამ პირისა და სასამართლოს რესურსი არამიზანშეწონილად იხარჯება. ამდენად, სადავო ნორმა არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლების განმარტებით, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ გასაჩივრებული მოწესრიგების ლეგიტიმური მიზანი არის სასამართლოს გადატვირთულობის თავიდან აცილება. კერძოდ, მოპასუხემ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მიუთითა, რომ სანამ გასაჩივრებული მოწესრიგება განმტკიცდებოდა კანონმდებლობაში, მანამდე არსებობდა ხარვეზის დადგენის ინსტიტუტი, რომელიც, პრაქტიკულად, ხდებოდა საქმეებზე პროცესის გაჭიანურების საფუძველი. ამდენად, სწორედ სასამართლო სისტემის გადატვირთულობისგან დასაცავად განსაზღვრა კანონმდებელმა იმგვარი მოწესრიგება, რომელიც, მოპასუხის აზრით, მეტად ეკონომიურს ხდის პროცესის მიმდინარეობას. თავის მხრივ, მოპასუხე მხარემ სადავო ნორმასთან დაკავშირებით, დაასახელა კიდევ ერთი ლეგიტიმური მიზანი, კერძოდ, მიუთითა, რომ მანამდე არსებული მოწესრიგება აჩენდა სასამართლო სისტემის იმ პირთა მიერ ბოროტად გამოყენების რისკებს, რომელთათვის პროცესის გაჭიანურება ხელსაყრელი იყო. შესაბამისად, ამგვარი რისკებისგან პირველი ინსტანციის სასამართლოების დაცვა მიიჩნია მხარემ დამატებით საჯარო ინტერესად.

11. პროცესის გაჭიანურებასთან დაკავშირებით, მოპასუხემ დამატებით განმარტა, რომ არსებობს მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ბერკეტები, რომლებიც აზღვევს ამგვარ რისკებს. მათ შორის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილი მოსამართლეს ავალდებულებს, რომ მიუთითოს, თუ როგორ შეიძლება თავიდან იყოს აცილებული ის გარემოებები, რომლებიც აბრკოლებს სარჩელის წარმოებაში მიღებას. აღნიშნული კი გულისხმობს მოსამართლის ვალდებულებას, მოიკვლიოს, ხომ არ არსებობს სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის არა ერთი, არამედ რამდენიმე საფუძველი და განჩინებაში მიუთითოს თითოეულზე ამომწურავად. საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, მოპასუხემ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ასევე მიუთითა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის პირველი მაისის № 1/56 გადაწყვეტილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, თუ წარმოებაში მიღებაზე უარის შემდეგ სასამართლოში იმავე საქმეზე შევიდა ახალი სარჩელი, საქმეების ავტომატური ელექტრონული განაწილება აღარ ამოქმედდება და საქმე დაეწერება იმავე მოსამართლეს, რაც, მოპასუხის აზრით, დამატებით აზღვევს პროცესის გაჭიანურების რისკებს.

12. მოპასუხე მხარის წარმომადგენლებმა სააპელაციო სამართალწარმოებაში ხარვეზის დადგენის ინსტიტუტსა და პირველ ინსტანციაში სარჩელზე უარის თქმის გასაჩივრებული მოწესრიგების შედარების დროს მიუთითეს, რომ აპელაციაში ხარვეზის დადგენის ინსტიტუტის დანიშნულებაა, მხარემ სრულფასოვნად ისარგებლოს მეორე ინსტანციის სასამართლოთი. კერძოდ, მოპასუხე მხარის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოებისას, ხარვეზის შემთხვევაში რომ ყოფილიყო საქმეზე სადავოდ გამხდარი მოწესრიგების ანალოგიური წესი, ანუ შინაარსობრივად არასრულყოფილ სარჩელზე პირდაპირი უარი, მოსარჩელეს თავიდან მოუწევდა პირველ ინსტანციაში პროცესის ინიცირება. ამის საპირისპიროდ კი, მოპასუხე მხარის წარმომადგენლების აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლოში სადავოდ გამხდარ სარჩელზე უარის თქმის ინსტიტუტი ნაკლებად ზღუდავს მოსარჩელეთა ინტერესებს, რადგან მოსარჩელეს მალევე და მარტივად შეუძლია შესწორებული სარჩელის ხელმეორედ წარდგენა.

13. ამავდროულად, მოპასუხე მხარის აზრით, ხარვეზის დადგენის ინსტიტუტი, რომლის ფარგლებში მოსარჩელეს ეძლევა კონკრეტული ვადა, რათა გამოასწოროს იდენტიფიცირებული შეცდომა, გამოიწვევდა პირველი ინსტანციის სასამართლო სისტემის დამატებით გადატვირთვას. კერძოდ, სარჩელზე უარის თქმის დასაბუთებულ განჩინებასთან ერთად, საჭირო იქნებოდა ხარვეზის დადგენის შესახებ გადაწყვეტილების მიღება. ამ მხრივ, მოპასუხე მხარემ აგრეთვე დააზუსტა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში დასაშვებობის კრიტერიუმებთან მიმართებით, კანონმდებელს უნდა ჰქონდეს ფართო თავისუფლება, განსაზღვროს ოპტიმალური მოწესრიგება. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლების აზრით, გასაჩივრებული წესი არ ზღუდავს სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რადგან სარჩელზე უარის თქმის შესახებ განჩინების მიმართ მოქმედებს დასაბუთების ვალდებულება, ხოლო მეორე ინსტანციაში გასაჩივრების მექანიზმი პირისთვის არის სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის კონტექსტში დამატებითი ქმედითი მექანიზმი.

14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარის პოზიციით, სადავოდ გამხდარი ნორმით გათვალისწინებული მოწესრიგება არ ზღუდავს სამართლიანი სასამართლოს უფლებას, არ იწვევს სასამართლოს პროცესის გაჭიანურებას, აბალანსებს, ერთი მხრივ, საქმის დროული განხილვისა და, მეორე მხრივ, სასამართლოსთვის მიმართვის უფლებებს, შესაბამისად, აკმაყოფილებს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

II
სამოტივაციო ნაწილი

1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის დაცული სფერო

1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, სამართლიანი სასამართლოს უფლება ინსტრუმენტული ხასიათისაა, მისი მიზანია ადამიანის უფლებების და კანონიერი ინტერესების, სასამართლოს გზით, ეფექტური დაცვის შესაძლებლობის უზრუნველყოფა. „ამა თუ იმ უფლებით სრულად სარგებლობის უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი გარანტია ზუსტად მისი სასამართლოში დაცვის შესაძლებლობაა. თუკი არ იქნება უფლების დარღვევის თავიდან აცილების ან დარღვეული უფლების აღდგენის შესაძლებლობა, სამართლებრივი ბერკეტი, თავად უფლებით სარგებლობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის №1/466 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14).

2. საქართველოს კონსტიტუციით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლება „არაერთი უფლებრივი კომპონენტისგან შედგება, რომელთა ერთობლიობამაც უნდა უზრუნველყოს, ერთი მხრივ, ადამიანების რეალური შესაძლებლობა, სრულყოფილად და ადეკვატურად დაიცვან, აღიდგინონ საკუთარი უფლებები, ხოლო, მეორე მხრივ, სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლება-თავისუფლებებში ჩარევისას, დაიცვას ადამიანი სახელმწიფოს თვითნებობისაგან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის №3/2/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-59). საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება „ფორმალურად სასამართლოსადმი მიმართვის შესაძლებლობას ნიშნავს, ხოლო შინაარსობრივად – ადამიანის უფლებების სრულყოფილ სამართლებრივ დაცვას უზრუნველყოფს. სრულყოფილი დაცვა კი, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს კანონმდებლის ვალდებულებას, შექმნას ისეთი ნორმატიული წესრიგი, რომელიც უზრუნველყოფს პირის უფლებას დროულ, სამართლიან და ეფექტიან სასამართლოზე, რათა პირმა სრულყოფილად შეძლოს მისი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა სასამართლოსადმი მიმართვის გზით“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/2/577 გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)“ და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4).

3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკით, სასამართლო დაცვა ეფექტიანია, თუ პასუხობს სწრაფი/დროული, სამართლიანი და ქმედითი მართლმსაჯულების მოთხოვნებს. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ სასამართლო განხილვა ჩატარდეს და გადაწყვეტილება მიღებული იქნეს გონივრულ ვადებში, გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე. მართლმსაჯულების გაუმართლებელი დაყოვნება, ერთი მხრივ, ძირს უთხრის მისდამი საზოგადოების ნდობას და, მეორე მხრივ, არაგონივრულად ხანგრძლივი/გაჭიანურებული პროცესის შედეგად, უფლების დაცვის საშუალება კარგავს თავის ეფექტიანობას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/2/577 გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)“ და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II-7, 9). შესაბამისად, საქმის დროული განხილვა და გადაწყვეტა სამართლიანი სასამართლოს უფლების მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს.

4. ამასთანავე, სამართლიანი სასამართლოს კონსტიტუციური უფლების მოთხოვნაა სასამართლოსადმი მიმართვის ხელმისაწვდომობა და მართლმსაჯულების ქმედითობა. მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა და ქმედითობა არ გულისხმობს მხოლოდ სასამართლოსადმი მიმართვის უფლების ფორმალურ რეგლამენტირებას, კანონმდებელი ვალდებულია, მაქსიმალურად შეამციროს ის საკანონმდებლო ბარიერები, რომლებიც ხელს უშლის პირს დროული, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების მიღებაში. საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება იზღუდება, როდესაც მოქმედი კანონმდებლობა ფორმალურად ახდენს უფლების რეალიზაციის რეგლამენტირებას, მაგრამ სხვადასხვა ხელშემშლელი ფაქტორების გამო, მისი ეფექტიანი, ქმედითი განხორციელება ვერ ხდება. შესაბამისად, სამართლიანი სასამართლოს უფლება მოიცავს ისეთ უფლებრივ კომპონენტს, როგორიცაა სასამართლოს ეფექტიანი, ქმედითი ხელმისაწვდომობის უფლება (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 18 აპრილის №1/3/1263 გადაწყვეტილება საქმეზე „ირაკლი ხვედელიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6).

5. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი იცავს პირის უფლებას სწრაფ, დროულ, ეფექტურ და ხელმისაწვდომ მართლმსაჯულებაზე. აღნიშნული კი, თავისთავად, გულისხმობს ამ უფლებით სარგებლობისათვის დაწესებული არაგონივრული ბარიერებისა და ხელშემშლელი ფაქტორების მაქსიმალურად შემცირებას და სასამართლოს მეშვეობით უფლების დაცვის ეფექტურობის უზრუნველყოფას.

2. სადავო ნორმის შინაარსის, შესაფასებელი მოცემულობის და უფლების შეზღუდვის იდენტიფიცირება

6. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში „სსსკ“) 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. სსსკ-ის 186-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სარჩელი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 178-ე მუხლით დაწესებულ ცალკეულ შინაარსობრივ მოთხოვნებს ან/და არ არსებობს მოსარჩელის სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების, მისი გადახდის გადავადების ან მისი ოდენობის შემცირების საფუძველი, მოსამართლე არ მიიღებს სამოქალაქო სარჩელს განსახილველად. თავის მხრივ, სსსკ-ის 178-ე მუხლი ადგენს იმ შინაარსობრივ მოთხოვნებს, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს წარდგენილი სარჩელი. მაგალითად, სარჩელში უნდა აღინიშნოს სასამართლოს დასახელება, ინფორმაცია მოსარჩელისა და პროცესის სხვა მონაწილე პირების შესახებ (სახელი, გვარი, დასახელება, მისამართი და სხვა), დავის საგანი, სარჩელის ფასი, ის ფაქტები და გარემოებები, რომლებზეც მოსარჩელე ამყარებს საკუთარ მოთხოვნას და მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები, ასევე მოსარჩელის მოთხოვნა და სამართლებრივი საფუძვლები, არსებობის შემთხვევაში სხვადასხვა შუამდგომლობა, სარჩელზე დართული დოკუმენტების ნუსხა, წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, მოსარჩელის ან მისი წარმომადგენლის ხელმოწერა და ა.შ.

7. მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორმით დადგენილი წესი ეწინააღმდეგება სამართლიანი სასამართლოს უფლებას, კერძოდ, აჭიანურებს საქმეთა განხილვას, რადგან ნებისმიერი ტიპის უზუსტობის დაშვებისას, სადავო ნორმის საფუძველზე, სასამართლო უარს ამბობს სარჩელის განსახილველად მიღებაზე.

8. მოპასუხე მხარის წარმომადგენლებმა საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მიუთითეს, რომ სადავო მოწესრიგების ფარგლებში სახეზე არ არის პირის კონსტიტუციით გარანტირებული უფლების შეზღუდვა, რადგან კანონმდებლობაში არსებობს მნიშვნელოვანი ნორმები, რომლებიც აზღვევს პროცესის გაჭიანურების რისკებს. ამ კონტექსტში, მოპასუხე მხარემ მიუთითა დასაბუთებული განჩინების გასაჩივრების უფლებაზე და, ასევე, ძირითადი ყურადღება გაამახვილა სსსკ-ის 187-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლების აზრით, ავალდებულებს პირველი ინსტანციის სასამართლოს საქმის განმხილველ მოსამართლეს, დასაბუთებულ განჩინებაში ასახოს ყველა ის გარემოება, რაც აბრკოლებს სარჩელის წარმოებაში მიღებას და, იმავდროულად, განმარტოს პრობლემ(ებ)ის გადაჭრის გზები.

9. საქართველოს კონსტიტუციით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლება არ გამორიცხავს მხარისათვის ფორმალურად გამართული სარჩელის წარდგენის ვალდებულების დაკისრებას, ისევე, როგორც არ ავალდებულებს სასამართლოს დასაშვებობის შემოწმების გარეშე, ყველა შემთხვევაში არსებითად განიხილოს წარდგენილი სარჩელები. სარჩელის განსახილველად არმიღების/დასაშვებობის გარკვეული წინაპირობების დადგენა, რიგ შემთხვევებში, არათუ სამართლიანი სასამართლოს კონსტიტუციური უფლების საწინააღმდეგოა, არამედ შეიძლება, სწორედ მის ეფექტურად რეალიზებას ემსახურებოდეს და ხელს უწყობდეს მართლმსაჯულების ქმედითობას.

10. სსსკ-ის 178-ე მუხლში მითითებულია მოთხოვნათა საკმაოდ ფართო სპექტრი, რომლებიც შესაძლოა, სხვადასხვა შემთხვევაში მნიშვნელოვნად განსხვავებულ გავლენას ახდენდეს სარჩელის სრულფასოვნებაზე, სასარჩელო მოთხოვნის ჩამოყალიბებასა და სასამართლოს მიერ მის აღქმაზე. პირობითად, წარდგენილ სარჩელში მოწმის ან სხდომაზე მოსაწვევი სხვა პირის ძირითადი მისამართის, სამუშაო ადგილის მისამართის, ტელეფონის ნომრის, მათ შორის, მობილურის, ელექტრონული ფოსტის მისამართის, ისევე როგორც სარჩელზე დართული დოკუმენტების ნუსხის ან საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე მოსარჩელის მოსაზრების მიუთითებლობა ან ბაჟის სრულად არგადახდა არსებით გავლენას არ ახდენს სასარჩელო მოთხოვნის აღქმაზე და იმის გარკვევაზე, თუ რა მოთხოვნით მიმართავს პირი სასამართლოს. ამასთანავე, ასეთი შეცდომები დაზუსტებადი/გამოსწორებადია მხარესთან მარტივი კომუნიკაციის მეშვეობით და არ მოითხოვს დამატებითი არგუმენტაციის წარმოდგენას, მხარის ან სასამართლოს მიერ გადამეტებული ძალისხმევის ან რესურსის ხარჯვას.

11. ამავე დროს, რიგ შემთხვევებში, სსსკ-ის 178-ე მუხლში მითითებული რიგი მოთხოვნის დარღვევა შესაძლოა, არსებით გავლენას ახდენდეს პირის მიერ წარდგენილ სარჩელზე, მისი მოთხოვნის შინაარსზე. მხარე შეიძლება სარჩელში არ უთითებდეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, რომლებიც სუბსტანციურ გავლენას ახდენს, მეტისმეტად ართულებს ან გაუგებარს ხდის მის სასარჩელო მოთხოვნას. ამასთანავე, შესაძლოა იმ გარემოების აღმოფხვრა, რომელიც იწვევს სარჩელის განსახილველად მიუღებლობას, შეუძლებელი იყოს მხარესთან კომუნიკაციით და მოითხოვდეს დიდ დროსა და რესურსს ან ფაქტობრივად უთანაბრდებოდეს სასამართლოსათვის ახალი სარჩელით მიმართვას.

12. სსსკ-ის 186-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტი სარჩელის განსახილველად მიუღებლობის საფუძვლად ბლანკეტურად ადგენს სსსკ-ის 178-ე მუხლით დაწესებული მოთხოვნების დარღვევას. სადავო ნორმის საფუძველზე, ხდება მათ შორის ისეთი სარჩელის განსახილველად არმიღება, რომელში დაშვებული ხარვეზი დაზუსტებადია არსებითად ახალი სარჩელის წარდგენის გარეშეც. დაზუსტებადი ხარვეზიანი სარჩელის განსახილველად არმიღება, ერთი მხრივ, ართულებს სასამართლოს მიერ საქმის დროულად და ეფექტურად გადაწყვეტას, რამდენადაც მარტივად დაზუსტების ნაცვლად, სასამართლოს უწევს სარჩელის განსახილველად არმიღების დასაბუთებული განჩინების მომზადება, მეორე მხრივ კი, რთულდება მოსარჩელის მიერ უფლების დაცვის შესაძლებლობა – წარდგენილ სარჩელში არსებული ხარვეზის დაზუსტების ნაცვლად მას უწევს სასამართლოსთვის ახალი სარჩელით მიმართვა, რაც დამატებით დროს და ძალისხმევას საჭიროებს.

13. დაზუსტებადი სარჩელის განსახილველად არმიღებას, რიგ შემთხვევებში, შესაძლოა, ასევე ჰქონდეს გადამწყვეტი გავლენა მოსარჩელის უფლების ეფექტიანად დაცვაზე. ამ მხრივ, მხედველობაშია მისაღები სსსკ-ის 1991 მუხლი, რომლის თანახმადაც, სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინება არის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების ერთ-ერთი საფუძველი, რადგან სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მეტწილად დამოკიდებულია სწორედ წარდგენილი სარჩელის არსებობაზე. მოსარჩელის უფლების ეფექტიანი დაცვისთვის სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რათა დარღვეული და სადავოდ ქცეული ინტერესების შესახებ დავა რეალურად და არა მხოლოდ დეკლარაციულად იყოს დაკმაყოფილებული. „სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებამ შესაძლოა, მნიშვნელოვანი საფრთხე შეუქმნას პირის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას სასამართლოში. ამ ღონისძიების შეწყვეტა იმ პირობებში, როდესაც კვლავ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილების აღუსრულებლობის, აღსრულების გართულების რისკი ან სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის გამოყენების სხვაგვარი საჭიროება, მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის სამართლიანი სასამართლოს უფლებით სრულყოფილად სარგებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის პირველი დეკემბრის №2/6/746 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8). ამდენად, აშკარაა, რომ პირს გააჩნია სამართალწარმოების უწყვეტობის რეალური ინტერესი, რათა მიღწეულ იქნეს საკუთარი დარღვეული უფლების დაცვა და მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების ეფექტურად აღსრულება.

14. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, საკანონმდებლო რეგულაცია, რომელიც ხელოვნურად აბრკოლებს სასამართლოსადმი მიმართვას, იწვევს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ უფლებაში ჩარევას, რაც, თავის მხრივ, უნდა დაექვემდებაროს სათანადო კონსტიტუციურსამართლებრივ გამართლებას. ამდენად, ვინაიდან სადავო ნორმა უშვებს დაზუსტებადი სარჩელის განსახილველად არმიღების შესაძლებლობას, იგი ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ უფლებას და საჭიროებს სათანადო კონსტიტუციურსამართლებრივ გამართლებას.

15. ამასთანავე, საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველი საქმის ფარგლებში მოსარჩელის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი არგუმენტაცია, რომელიც სასამართლოს დაანახვებდა, თუ რატომ იზღუდება სამართლიანი სასამართლოს უფლება იმ შემთხვევაში, როდესაც სარჩელის მიღებაზე უარის თქმა განპირობებულია არა გამოსწორებადი ხარვეზის, არამედ კანონმდებლობის მოთხოვნებთან ისეთი არსებითი შეუსაბამობებით, რომელთა გამოსწორებაც, ფაქტობრივად, ახალი სარჩელის წარდგენის ტოლფასია.

3. უფლების შეზღუდვის გამართლება

შეფასების ტესტი

16. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება არის უდავოდ დიდი მნიშვნელობის, ის არ არის აბსოლუტური ხასიათის და შეიძლება შეიზღუდოს დემოკრატიულ საზოგადოებაში არსებული ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად. თუმცა ნებისმიერი ასეთი შეზღუდვა უნდა აკმაყოფილებდეს თანაზომიერების კონსტიტუციური პრინციპის მოთხოვნებს. კერძოდ, „უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია, ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-60). შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, თუ რა ლეგიტიმური მიზნების მიღწევას ემსახურება სადავო რეგულაცია და რამდენად შეესაბამება იგი თანაზომიერების პრინციპის სხვა მოთხოვნებს.

ლეგიტიმური მიზანი

17. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, იმისათვის, რათა გასაჩივრებული საკანონმდებლო ღონისძიება შეესაბამებოდეს თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს, პირველ რიგში, აუცილებელია, იგი ემსახურებოდეს ღირებული საჯარო ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ლეგიტიმური მიზნის არარსებობის პირობებში, ადამიანის უფლებაში ნებისმიერი ჩარევა თვითნებურ ხასიათს ატარებს და უფლების შეზღუდვა საფუძველშივე გაუმართლებელი, არაკონსტიტუციურია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის №3/1/531 გადაწყვეტილება „ისრაელის მოქალაქეები – თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ , II-15). ამდენად, უპირველესად, უნდა გამოირკვეს სარჩელზე უარის თქმის შესახებ გასაჩივრებული მოწესრიგების ლეგიტიმური მიზანი.

18. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოპასუხე მხარის წარმომადგენლებმა სადავო ნორმის ლეგიტიმურ მიზნებად დაასახელეს პირველი ინსტანციის სასამართლოების გადატვირთულობის თავიდან აცილება და ცალკეულ პირთა მიერ ხარვეზის დადგენის ინსტიტუტის, როგორც პირველი ინსტანციის ფარგლებში მიმდინარე სამართალწარმოების გაჭიანურების საშუალების, უფლების ბოროტად გამოყენების რისკებისგან დაცვა.

19. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს, რომ მხოლოდ ეფექტური მართლმსაჯულების მეშვეობით არის შესაძლებელი ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ საკუთარი უფლებების და თავისუფლებების სათანადოდ დაცვა. მართლმსაჯულების ეფექტური განხორციელება კი, უპირველესად, გულისხმობს ხელოვნური, გაუმართლებელი დაყოვნებების გარეშე სამართალწარმოების მიმდინარეობას. ამავდროულად, იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლო სისტემაში არსებული ადამიანური რესურსი, რომელიც, თავისთავად, უზრუნველყოფს მართლმსაჯულების ქმედითობას, შეზღუდულია, კანონმდებელმა შეიძლება შექმნას გონივრული ბარიერები, მათ შორის, იმ მიზნით, რომ სამართალწარმოების კონკრეტულმა მხარეებმა ხელოვნურად არ მოახდინონ პროცესის გახანგრძლივება ან/და ცალკეული ინსტანციის სასამართლოს არ მოუწიოს არაგონივრულად დიდი რაოდენობის არასრულყოფილი განცხადებების განხილვა. ამდენად, საქართველოს კონსტიტუციით უზრუნველყოფილი თითოეული პირის უფლება, საკუთარი დარღვეული თუ სადავოდ გამხდარი ინტერესი დროულად დაიცვას სასამართლოს წესით, არ გამორიცხავს სამართალწარმოების ინიციატორთა ვალდებულებას, წარადგინონ კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისი სარჩელები, რათა, მათ შორის, თავად უფლების დაცვა არ გახდეს არაეფექტური.

20. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს, რომ სასამართლო სისტემის გადატვირთვის თავიდან ასაცილებლად და პროცესის ეკონომიურობის უზრუნველსაყოფად, საკანონმდებლო ორგანოს აქვს უფლებამოსილება, შექმნას გარკვეული მართლწესრიგი, რომლის ფარგლებშიც, პირთა მიერ სასამართლოს მეშვეობით, ინტერესების დაცვის წინაპირობები და მათი დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, სათანადო პროცესუალური შედეგები იქნება დადგენილი. ამ მხრივ, კანონმდებელს, მათ შორის, შეუძლია, განსაზღვროს მოსამართლეთა უფლებამოსილება, კონკრეტულ შემთხვევაში სარჩელი არ მიიღოს განსახილველად, თუ იგი არ აკმაყოფილებს წინასწარ დადგენილ პირობებს.

21. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლოს ხელოვნური გადატვირთვისგან პრევენცია და პროცესის ეკონომიურობის უზრუნველყოფა ის ღირებული საჯარო ლეგიტიმური მიზნებია, რომელთა მისაღწევადაც შეიძლება, შეიზღუდოს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული საქმის დროული განხილვის უფლება.

გამოსადეგობა

22. მნიშვნელოვან საჯარო ლეგიტიმურ მიზანზე მითითება, თავისთავადად, არ არის საკმარისი უფლებაშემზღუდველი რეგულაციის კონსტიტუციურად მიჩნევისათვის. იმისთვის, რომ სადავო ნორმით განსაზღვრული შეზღუდვა თანაზომიერების კონსტიტუციურ პრინციპთან შესაბამისად ჩაითვალოს, იგი ასევე უნდა აკმაყოფილებდეს გამოსადეგობის კრიტერიუმს. სადავო ღონისძიების გამოსადეგობაზე მსჯელობისას „საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად არსებობს ლოგიკური კავშირი საქართველოს პარლამენტის მიერ დასახელებულ ლეგიტიმურ მიზანსა და სადავო ნორმებით დადგენილ უფლების შეზღუდვის ფორმას შორის – რამდენად იძლევა სადავო ნორმები დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის №3/3/600 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-48).

23. როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებმა სადავო ნორმის ერთ-ერთ ლეგიტიმურ მიზნად დაასახელეს სასამართლოს გადატვირთულობის თავიდან აცილება, კერძოდ, მოპასუხე მხარის განმარტებით, სადავო მოწესრიგებამდე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სარჩელში უზუსტობის არსებობის შემთხვევაში, მოსარჩელეს უდგინდებოდა ხარვეზი და ეძლეოდა დრო მის გამოსასწორებლად. მოპასუხე მხარის აზრით, წარსულში არსებული ხარვეზის დადგენის ინსტიტუტი აზიანებდა სასამართლო სისტემას, ტვირთავდა და აჭიანურებდა სამართალწარმოებას.

24. საკონსტიტუციო სასამართლო არ იზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას, რომ სსსკ-ის 178-ე მუხლით გათვალისწინებული უზუსტობ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში, სარჩელის განსახილველად არმიღება ხელს უწყობს სასამართლო სისტემის განტვირთვას. პირიქით, სადავო ნორმით დადგენილი მოწესრიგება ართულებს სამართალწარმოების პროცედურას, რადგან ნებისმიერი, თუნდაც ტრივიალური, გამოსწორებადი უზუსტობის შემთხვევაში, სასამართლო ვალდებულია, მიიღოს სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ დასაბუთებული განჩინება, რომელშიც იქნება დაფიქსირებული მოტივირებული დასკვნები, სათანადო ფაქტობრივი და სამართლებრივი არგუმენტაცია, დამაბრკოლებელი გარემოებების გადაჭრის გზები. აღნიშნულის შემდეგ კი შესწორებული სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, თავიდან ხდება სარჩელის მიღების საკითხის გადაწყვეტა.

25. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, სამართალწარმოების პროცესის იმგვარი მოწესრიგება, რომლის ფარგლებშიც სასამართლომ ავტომატურად უნდა შეწყვიტოს წარმოება არსებულ საქმეზე და, სანაცვლოდ, დაელოდოს ახალ, პრაქტიკულად იმავე შინაარსის სარჩელს და შემდეგ იმსჯელოს მასზე, ერთი მხრივ, მოკლებულია ლოგიკურ ახსნას, ხოლო, მეორე მხრივ, განაპირობებს მოსარჩელისა და სასამართლოს ადამიანური, მატერიალური თუ დროის რესურსის არამიზნობრივ ხარჯვას. შედეგად, სასამართლოს უწევს საქმის შეწყვეტის შესახებ შინაარსობრივ/პრაქტიკულ მნიშვნელობას მოკლებული განჩინების მომზადება, შემდგომში კი მოდიფიცირებული სარჩელის რეგისტრაციისა და განაწილების პროცესის ხელახალი უზრუნველყოფა. ამავდროულად, მხოლოდ ყველა დასახელებული პროცედურული ეტაპის შემდეგ, საბოლოო ჯამში, მიიღწევა მოსარჩლის მიერ სარჩელის დაზუსტების ეკვივალენტური სამართლებრივი შედეგი. ბუნებრივია, ამგვარი პროცედურული მოწესრიგება აჭიანურებს სადავო საკითხის გადაწყვეტას და ამცირებს სასამართლოს ეფექტიანობას (mutatis mutandis იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 8 ივლისის №3/6/1547 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ვახტანგი მიმინოშვილი, ინვერი ჩოკორაია და ჯემალი მარკოზია საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-9).

26. საკონსტიტუციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, მიუთითოს სააპელაციო და უზენაეს სასამართლოში საჩივრის წარდგენისას განსაზღვრული ხარვეზის დადგენის ინსტიტუტზე. მაგალითად, სსსკ-ის 368-ე მუხლი inter alia ადგენს სავალდებულო პირობებს, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს სათანადოდ შედგენილი სააპელაციო საჩივარი. ხოლო თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს მითითებულ მოთხოვნებს, სააპელაციო საჩივრის მიღებაზე უარის თქმამდე, სასამართლო აპელანტს აძლევს შესაძლებლობას, შეასწოროს ხარვეზი და ამისთვის განუსაზღვრავს შესაბამის ვადას, რომლის გაგრძელება შესაძლებელია მხარეთა თხოვნით. ხოლო თუ ამ ვადებში მხარის მიერ არ იქნება შევსებული დადგენილი ხარვეზი, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება წარმოებაში. ამასთანავე, რიგ შემთხვევებში, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, რომ სააპელაციო საჩივარში ფორმალური ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, მხარეებს/მათ წარმომადგენლებს ხარვეზის შესახებ აცნობოს ტელეფონით. მითითებული ნორმის მიზნებისთვის კი სატელეფონო შეტყობინება გაიგივებულია განჩინების ჩაბარებასთან. საკითხის ამგვარი მოწესრიგება მიმართულია პროცესის განტვირთვის, სასამართლოსა და მხარეების რესურსების ეფექტიანად ხარჯვისა და სამართალწარმოების მოქნილობისკენ.

27. ამდენად, სარჩელში არსებული ხარვეზის შესწორების სადავო ნორმით დადგენილი მექანიზმი რეალურად ახდებს სასამართლოს სადავო საკითხის გადაწყვეტის გაჭიანურებას. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დაზუსტებად სარჩელებთან მიმართებით სადავო ნორმით დადგენილი რეგულირება ლოგიკურად არ უკავშირდება სასამართლო პროცესის განტვირთვის უზრუნველყოფის ლეგიტიმურ მიზანს.

28. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებმა სადავო რეგულირების ლეგიტიმურ მიზნად ასევე დაასახელეს დაინტერესებულ მხარეთა მიერ სასამართლო პროცესის ხელოვნური გაჭიანურების პრევენცია. კერძოდ, მოპასუხე მხარემ მიუთითა, რომ სადავო რეგულირებამდე არსებული მოწესრიგების პირობებში, ზოგიერთი მოსარჩელე მაშინ არსებული ხარვეზის დადგენის ინსტიტუტს იყენებდა ბოროტად და განზრახ აჭიანურებდა სარჩელის დასაშვებობის ეტაპს, როდესაც ეს მისთვის ხელსაყრელი იყო.

29. რა თქმა უნდა, საკონსტიტუციო სასამართლო ვერ უარყოფს, რომ, რიგ შემთხვევებში, შესაძლოა, მართლაც არსებობდეს სასამართლოსადმი მიმართვის უფლების ბოროტად გამოყენების რისკი. ამასთანავე, კანონმდებელი ვალდებულია, რომ შექმნას იმგვარი საპროცესო წესრიგი, რომლის ფარგლებშიც მაქსიმალურად შემცირდება სამართალწარმოების გაჭიანურებისა თუ უფლების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობა. მიუხედავად ამისა, მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია სათანადო არგუმენტაცია, რატომ მიიჩნევა სარჩელის წარდგენისას გამოსწორებადი უზუსტობის დაშვება a priori უფლების ბოროტად გამოყენებად. მექანიკური შეცდომის, ტრივიალური ხარვეზისა და არა არსებითი უზუსტობების დაშვება, განსაკუთრებით კი, საკმაოდ რთული საპროცესო მოქმედებების განხორციელებისას, ავტომატურად არ ნიშნავს, რომ პირი სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას იყენებს ბოროტად და მას სამართალწარმოების დაწყების რეალური ინტერესი არ გააჩნია. ამ მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლო ვერ ხედავს ლოგიკურ კავშირს გამოსწორებადი უზუსტობის აღმოსაფხვრელად ხარვეზის დადგენასა და სასამართლოსადმი მიმართვის უფლებით ბოროტად სარგებლობის პრევენციას შორის. უფრო მეტიც, ამგვარი არაგონივრული ბარიერის, დაუსაბუთებელი სირთულეების შექმნის შედეგად არათუ უფლების ბოროტად სარგებლობის რისკი მცირდება, არამედ სამართლებრივი დავის დაწყების ინტერესი უმცირდებათ იმ პირებს, რომლებსაც ამის რეალური საჭიროება გააჩნიათ. ასევე აღსანიშნავია, რომ უფლების ბოროტად გამოყენების პრევენციისათვის შესაძლებელია სპეციალური მოწესრიგების შექმნა, რომელიც მოსამართლეს მისცემს მსგავს ფაქტებზე სათანადო რეაგირების მოხდენის შესაძლებლობას, სარჩელის განსახილველად არმიღების ან რაიმე სხვა ფორმით. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, სადავო ნორმა არ წარმოადგენს მოპასუხის მიერ დასახელებული ლეგიტიმური მიზნების – სასამართლოს გადატვირთვისგან დაცვისა და სასამართლოსთვის მიმართვის უფლების ბოროტად გამოყენების რისკების შემცირების მიღწევის გამოსადეგ საშუალებას და, ამ მხრივ, ვერ აკმაყოფილებს ძირითადი უფლების შეზღუდვის თანაზომიერების მოთხოვნას.

30. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსსკ-ის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტს და სადავო ნორმა არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.

4. სადავო ნორმის ძალადაკარგულად ცნობის გადავადება

31. სადავო ნორმის დაუყოვნებლივ, სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე, ძალადაკარგულად ცნობის შედეგად, გაუქმდება სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი, მათ შორის, იმ შემთხვევებისთვის, როდესაც იგი დაზუსტებადი არ არის, რაც შეუძლებელს გახდის სასამართლოს მიერ კანონმდებლობის მოთხოვნებთან არსებითად შეუსაბამო, არადაზუსტებადი სარჩელების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმას. ხსენებულმა შეიძლება, გამოიწვიოს პირველი ინსტანციის სასამართლოების გაუმართლებელი გადატვირთვა. ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონმდებელს უნდა მიეცეს გონივრული ვადა სასამართლოს გადაწყვეტილების იმპლემენტაციისთვის საჭირო ცვლილებების განსახორციელებლად და სადავო საკითხის ახლებურად მოსაწესრიგებლად.

32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, სადავო ნორმა ძალადაკარგულად გამოცხადდეს 2023 წლის პირველი ივლისიდან, რათა საქართველოს პარლამენტს მიეცეს შესაძლებლობა, საკითხი მოაწესრიგოს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნათა შესაბამისად.

III
სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-5 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2, მე-5, მე-8 და მე-11 პუნქტების, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების, 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე და 45-ე მუხლების საფუძველზე,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ადგენს:

1. დაკმაყოფილდეს №1481 კონსტიტუციური სარჩელი („გია ფოლადიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) და არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტი საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

2. არაკონსტიტუციური ნორმა ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი 2023 წლის პირველი ივლისიდან.

3. გადაწყვეტილება ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.

4. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

5. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

6. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

 

კოლეგიის წევრები:

მანანა კობახიძე

ირინე იმერლიშვილი

ხვიჩა კიკილაშვილი

თეიმურაზ ტუღუში