თერჯოლის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ

თერჯოლის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 22
დოკუმენტის მიმღები თერჯოლის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/12/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/12/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.126.016386
22
07/12/2022
ვებგვერდი, 08/12/2022
010250050.35.126.016386
თერჯოლის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ
თერჯოლის მუნიციპალიტეტი
 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №22

2022 წლის 7 დეკემბერი

ქ. თერჯოლა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კონსტიტუციის მე-11 და მე-12 მუხლების, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „გენდერული თანასწორობის შესახებ“ მე-13 და მე-15 მუხლების, საქართველოს კანონის „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ მე-6 მუხლის, საქართველოს კანონის „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ შესაბამისად, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სტრატეგია დანართის შესაბამისად. 
მუხლი 2
თერჯოლის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭომ, მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელ საჯარო მოსამსახურეებთან ერთად, გენდერული თანასწორობის მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად, შეიმუშაოს თერჯოლის მუნიციპალიტეტის გენდერული სტრატეგიის მუნიციპალიტეტის სამოქმედო გეგმა.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ბარათაშვილი



თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2023-2025 წლების საშუალოვადიანი გენდერული თანასწორობის  სტრატეგია

თავი I
თერჯოლი მუნიციპალიტეტის  გენდერული თანასწორობის საბჭოს სტრატეგიული მიმართულებები და მიზნები

მუხლი 1
გენდერული თანასწორობის საბჭოს სტრატეგიული მიმართულებები და მიზნები სტრატეგია განსაზღვრავს თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2023-2025 წლების გენდერულ პოლიტიკას და გენდერული თანასწორობის მიზნის მისაღწევად პრიორიტეტულ მიმართულებებს.

ადგილობრივი თვითმმართველობა ხორციელდება ადგილობრივი მოქალაქეების საჭიროებების შესაბამისად, თვითმმართველობის პროცესში გენდერული საჭიროებებისა და ინტერესების თანასწორი გათვალისწინებით.

სტრატეგია ითვალისწინებს ერთობლივ მიდგომას თვითმმართველობის განხორციელების პროცესში, შესაბამისი სამსახურების საქმიანობის უზრუნველყოფას გენდერული თანასწორობის, დისკრიმინაციის აღმოფხვრის ქალის და მამაკაცის თანაბარი მონაწილეობისათვის აუცილებელი გარემოს შექმნას როგორც ინფრასტრუქტურული, ისე, განათლების, კულტურის და სოციალური მიმართულებით.

2020-2021 წლების მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს სამოქმედო გეგმის თვითშეფასების და ფონდი ,,სოხუმის“ მიერ ჩატარებული მუნიციპალიტეტის მოქალაქეთა საჭიროებების კვლევის ანალიზის საფუძველზე გამოიკვეთა შემდეგი მიმართულებები:

1. თერჯოლის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით და აღმასრულებელ სტრუქტურებში გენდერული თანასწორობის სამართლებრივ-ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

2. მუნიციპალიტეტის საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა;

3. კულტურის,განათლების, ახალგაზრდობის საკითხებსა და სპორტის სფეროში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა;

4. სოციალურ სფეროში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა;

6. გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა;

7.  ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრა.


თავი II
სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები

მუხლი 2
თერჯოლის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით და აღმასრულებელ სტრუქტურებში გენდერული თანასწორობის სამართლებრივ-ორგანიზაციული უზრუნველყოფა

1. გენდერული თანასწორობის მუნიციპალიტეტის სამოქმედო გეგმა - მოიცავს:

ა) თერჯოლის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის 2020-2021 წლების მუნიციპალიტეტის გეგმის შეფასებისა და ფონდი ,,სოხუმის" მიერ ჩატარებული მუნიციპალიტეტის მოქალაქეთა საჭიროებების კვლევის შედეგების საფუძველზე, 2023-24 წლების გენდერული თანასწორობის მუნიციპალიტეტის სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და საკრებულოს მიერ დამტკიცებას.

ბ) ახალი 2023-24 წლების     მუნიციპალიტეტის    გეგმის განხორციელების მატერიალურ ტექნიკურ უზრუნველყოფას;

გ) გეგმის განხორციელების მონიტორინგისა და ანგარიშგების წესების განსაზღვრას;

დ) შეფასების შედეგად იდენტიფიცირებული საჭიროებების გათვალისწინებით ახალი, 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავებას, დამტკიცებასა და განხორციელებას.

2.  თერჯოლის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმების სრულყოფა და სრულფასოვანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა - მოიცავს:

ა) მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობის შეფასებას;

ბ) შეფასების შედეგად იდენტიფიცირებული საჭიროებების შესაბამისი „გენდერული თანასწორობის საბჭოს“-სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და განხორციელებას;

გ)„გენდერული თანასწორობის საბჭოს“-სამოქმედო გეგმის განხორციელებისა და მონიტორინგისათვის შესაბამისი ადამიანური და მატერიალური რესურსების უზრუნველყოფას;

დ) საჭიროების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შემადგენლობის გადახედვასა და განახლებას;

ე) მუნიციპალიტეტის მერიაში გენდერზე პასუხისმგებელი პირის საქმიანობის სამართლებრივ ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით, საჭიროებების შესწავლის საფუძველზე, საჭიროებების შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას.

3. მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის პოლიტიკისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგისა და ანგარიშგების სისტემის უზრუნველყოფა - მოიცავს:

ა)  მუნიციპალიტეტის „გენდერული აუდიტი“- ს  განხორციელებასა და შეფასების შესაბამის ცვლილებებს მის საქმიანობაში;

ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ სამოქმედო გეგმის მონიტორინგის განხორციელების პერიოდულობის განსაზღვრას, მეთოდოლოგიის დამტკიცებასა და პასუხისმგებელი უწყების იდენტიფიცირებას;

გ) მონიტორინგის შედეგების მართვისა და მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის მიწოდების წესის დამტკიცებას.

4. გენდერულ ჭრილში სტატისტიკური მონაცემების მართვა - მოიცავს:

ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გენდერულ ჭრილში სტატისტიკური ინფორმაციის მოკრების, სისტემატიზაციის, დამუშავების, შენახვისა და გამოქვეყნების წესის დამტკიცებას;

ბ) გენდერული სტატისტიკის წარმოებისათვის საჭირო ადამიანური და მატერიალური რესურსებით უზრუნველყოფას.

5.  დროებითი სპეციალური ზომები ქალთა და მამაკაცთა შორის არსებითი თანასწორობის მიღწევის დაჩქარების მიზნით, როგორც გადაწყვეტილების მიღების პროცესში, აგრეთვე, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებში - მოიცავს:

გენდერული თანასწორობის სტიმულირებას ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებში.

6. გენდერული თანასწორობის სფეროში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის ხელშეწყობა - მოიცავს:

გენდერული თანასწორობის სფეროში მოქმედ ორგანიზაციებთან პერიოდული შეხვედრების ჩატარებას გენდერული თანასწორობის პრობლემურ საკითხებზე და მათ ჩართვას სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელებისა და მონიტორინგის პროცესში.

მუხლი 3
მუნიციპალიტეტის საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა

1. გენდერული ბიუჯეტი - მოიცავს:

ა) მუნიციპალიტეტის შემოსავლებისა და ხარჯების გაანალიზებას სქესთან მიმართებაში, თუ რა განსხვავებულ გავლენას ახდენს ქალებისა და კაცების ცხოვრებაზე ბიუჯეტის ხარჯები თუ შემოსავლები;

ბ) პრიორიტეტების განსაზღვრას გენდერული ასპექტების გათვალისწინებით, საბიუჯეტო რესურსების რესტრუქტურიზაციას გენდერული თანასწორობის მიღწევის მიზნით;

გ) გენდერული ასპექტების გათვალისწინებას საბიუჯეტო პროცესის ყველა ეტაპზე;

დ) ჩატარებული კვლევის შედეგად, მოქალაქეთა საჭიროებების გათვალისწინებით, გენდერულად მგრძნობიარე პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცებას.

2. გენდერული ასპექტის გათვალისწინებით მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისათვის სპეციალურ მუნიციპალური პროგრამათა შემუშავება და განხორციელება – მოიცავს:

ქალებისა და მამაკაცებისათვის საწარმოო რესურესებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, ბიზნეს საქმიანობაში ქალთა მონაწილეობის გაზრდისათვის საჭიროებების გამოვლენას, შესაბამისი პროგრამების (საგანმანათლებლო, პრაქტიკული უნარების განვითარების) შემუშავებასა და განხორციელებას; დასაქმების ბაზარზე ქალთა კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად, შესაბამისი პირობების შექმნას და ახალ ეკონომიკურ ურთიერთობებთან მათი ადაპტაციის ხელშეწყობას.

3. მუნიციპალიტეტის საწარმოებსა და დაწესებულებებში კონტროლის მექანიზმების დახვეწა საქართველოს ორგანული კანონით ,,საქართველოს შრომის კოდექსით“ დადგენილი ანტიდისკრიმინაციული ნორმების დაცვაზე და შრომის ანაზღაურების სფეროში გენდერული დიფერენციაციის აღმოსაფხვრელად – მოიცავს:

 როგორც ქალების, ისე კაცებისათვის სამსახურებრივი და ოჯახური ცხოვრების შეთავსების შესაძლებლობების შექმნის მიზნით, ღონისძიებათა დაგეგმვას და შესაბამისი მექანიზმების დამკვიდრებას.

4. ქალთა ეკონომიკური გაძლიერება - მოიცავს:

ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე და პოლიტიკურ პროცესებში მათი ჩართულობის სტიმულირებაზე ორიენტირებული მუნიციპალური პროგრამების შექმნას.

5. გენდერული თანასწორობის მისაღწევად საჭირო ღონისძიებების შესაბამისი საბიუჯეტო უზრუნველყოფა - მოიცავს:

მუნიციპალიტეტის გენდერული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსების მიზნით შესაბამისი ხარჯების ასახვას მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.

მუხლი 4
კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საკითხებსა და სპორტის სფეროში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა

1. კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საკითხებსა და სპორტის სფეროში გენდერულად დაბალანსებული მუნიციპალური პროგრამების დანერგვა და თანაბარი ხელმისაწვდომობა ორივე სქესის წარმომადგენელთათვის  - მოიცავს:

კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საკითხებსა და სპორტის სფეროში მუნიციპალური პროგრამების გენდერული ანალიზის შედეგად, მუნიციპალიტეტში მცხოვრები განსხვავებული სქესის, ასაკობრივი, თუ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოქალაქეთა საჭიროებებზე მორგებული პროგრამების შემუშავებას.

2. მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინტერესებზე, მათ შორის განსხვავებული სქესის, ასაკობრივი ან/და შესაძლებლობების მქონე ჯგუფების ინტერესებზე მორგებული, კულტურული და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა - მოიცავს:

ა) მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული კულტურული და სპორტული ინფრასტრუქტურის მდგომარეობის შესწავლას;

ბ) არსებულ თუ შემდგომში დაგეგმილ კულტურულ და სპორტულ ინფრასტრუქტურაზე ხელმისაწვდომობისა და მოსახლეობის საჭიროებების კვლევას გენდერულ ჭრილში;

გ) კვლევის შედეგად იდენტიფიცირებული საჭიროებების შესაბამისი კულტურული და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას.

3. სოფლად მცხოვრებ ქალთა და გოგონათა პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა - მოიცავს:

ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ქალებისა და გოგონების პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის კვლევას;

ბ) კვლევის შედეგად იდენტიფიცირებული საჭიროებების გათვალისწინებით ქალთა და გოგონათათვის პროფესიული   განათლების ხელშემწყობი მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას.

მუხლი 5
სოციალურ სფეროში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა სოციალურ სფეროში გენდერული თანასწორობის გათვალისწინება და სოციალურად მგრძნობიარე ჯგუფების ინტეგრაცია გულისხმობს, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფისა და გენდერულად დაბალანსებული სოციალური პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებას, გენდერულ ასპექტთა გათვალისწინებას მოწყვლად ჯგუფთა სოციალური გააქტიურების ხელშესაწყობად, სოციალური ფონის გაუმჯობესებას და პროგრამებზე თანაბარ ხელმისაწვდომობას. 

1. პრიორიტეტული პროგრამების გათვალისწინება სოციალურ პაკეტში - მოიცავს:

ა) მუნიციპალიტეტის შეჭირვებული და მოწყვლადი მოსახლეობის საჭიროებების კვლევას გენდერულ ჭრილში;

ბ) სოციალური პაკეტით გათვალისწინებული პროგრამებით მოსარგებლეთა კვლევას გენდერულ ჭრილში;

გ) კვლევის შედეგების საფუძველზე სოციალური პაკეტით განსაზღვრული პროგრამების პრიორიტეტების განსაზღვრას და საჭიროების შემთხვევაში ახალი პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას.

მუხლი 6
გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში დაუშვებელია ნებისმიერი დისკრიმინაცია. პრევენცია და რეაგირების მექანიზმების უზრუნველყოფა - მოიცავს:

ა) მუნიციპალიტის საქმიანობა, აგრეთვე სამართლებრივი აქტები და შიდა რეგულაციები, შეუსაბამოს საქართველოს კანონს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ და სხვა ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობას;

ბ) დანერგოს დისკრიმინაციის ფაქტზე რეაგირების ეფექტური მექანიზმები;

გ) უზრუნველყოს      დისკრიმინაციის      ყველა     ფორმის     აღმოფხვრის     თავიდან     აცილების მიზნით პრევენციული საინფორმაციო საგანმანათლებლო ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;

დ) მოახდინოს სწრაფი და ეფექტიანი რეაგირება სავარაუდო დისკრიმინაციის ნებისმიერ ფაქტზე;

ე) დისკრიმინაციის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობისა და შიდა რეგულაციების შესაბამისად, პასუხისმგებლობა დააკისროს მის დაქვემდებარებაში მყოფ დამრღვევ პირს და უზრუნველყოს დისკრიმინაციის შედეგების აღმოფხვრა მესამე პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შეულახავად.

მუხლი 7. ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრა
მუნიციპალიტეტი მისი უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის, აგრეთვე არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობის პრევენციისა და  მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მიზნით ეფექტური პროგრამების დაგეგმარებასა და განხორციელებას.

ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის მექანიზმები გულისხმობს იმ სოციალურ, ეკონომიკურ, სამართლებრივ და სხვა ღონისძიებათა ერთობლიობას, რომლებიც მიმართულია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის, აგრეთვე არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობის მიზეზებისა და წინაპირობების თავიდან აცილებისკენ, ძალადობის აღკვეთისკენ, მოძალადის სამართლებრივი დევნისკენ, მისი დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექციისკენ, მსხვერპლის რეაბილიტაციისა და ადაპტაციისკენ (საქართველოს კანონი ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ მუხლი 6 პ.1).

1. პრევენციული ღონისძიებები - მოიცავს:

ა) საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვა და განხორციელება მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის, მუნიციპალიტეტის მმართველობის ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული დაწესებულებების თანამშრომელთათვის;

ბ) ცნობიერების ამაღლების კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება ბავშვთა მიმართ ძალადობისა და „ნაადრევი ქორწინების“ საკითხებთან დაკავშირებით.

2. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის, აგრეთვე არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობის მსხვერპლთა დაცვა და დახმარება - მოიცავს:

შეიმუშაოს და განახორციელოს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის, აგრეთვე, არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობის მსხვერპლთა დახმარების მიზნით მუნიციპალური პროგრამები.


თავი III
სტრატეგიის მონიტორინგი

მუხლი 8
სტრატეგიის და სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება სტრატეგიის და სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელებას, თავის კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს თერჯოლის  მუნიციპალიტეტის საკრებულო და მერია.

თერჯოლის  მუნიციპალიტეტის საკრებულო ყოველწლიურად განიხილავს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის ანგარიშს სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ და იღებს გადაწყვეტილებებს, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიმდინარეობის დადებითად შეფასების, სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში ცვლილების შეტანის, ან/და რეკომენდაციების გაცემის შესახებ.

სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების კოორდინაციასა და შესრულებაზე მონიტორინგს ახორციელებს თერჯოლის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო, რომელიც საბჭოს სხდომაზე პერიოდულად განიხილავს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებათა

შესრულების მიმდინარეობას და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს.