ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლისათვის გასაცემი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე

ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლისათვის გასაცემი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 523
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 09/11/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/11/2022
ძალაში შესვლის თარიღი 01/12/2022
სარეგისტრაციო კოდი 080080050.10.003.023734
523
09/11/2022
ვებგვერდი, 10/11/2022
080080050.10.003.023734
ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლისათვის გასაცემი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №523

2022 წლის 9 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლისათვის გასაცემი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-11 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართ­ვე­ლოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლისათვის გასაცემი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 1 დეკემბრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლისათვის გასაცემი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლისათვის გასაცემი  კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლისთვის სახელმწიფოს მიერ კომპენსაციის (შემდგომში – კომპენსაცია) გაცემის პირობებს, პროცედურასა და ოდენობას.

2. ეს წესი ვრცელდება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის როგორც სრულწლოვან, ისე არასრულწლოვან მსხვერპლზე, რომელმაც ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შედეგად მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება, აგრეთვე ამ დანაშაულის შედეგად გარდაცვლილი მსხვერპლის  დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის არასრულწლოვან შვილ(ებ)ზე (შემდგომში – შვილ(ებ)ი), გარდა ამ დანაშაულის ჩამდენი არასრულწლოვანი შვილ(ებ)ისა.

3. ამ წესის მიზნებისათვის ჯანმრთელობის დაზიანებად განიხილება ფსიქიკური ტანჯვით მიყენებული ფსიქოლოგიური ზიანიც. 

4. ეს წესი ადგენს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლისთვის კომპენსაციის გაცემაზე პასუხისმგებელ უფლებამოსილ ორგანოს და განსაზღვრავს ამ ორგანოს მიერ კომპენსაციის გაცემის პირობებსა და ოდენობას.

5. ამ წესით გათვალისწინებული კომპენსაცია არ ექვემდებარება ყადაღას „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს ამავე წესის მიზნებისათვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლი – პირი, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად ცნობილია დაზარალებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ გენდერული ნიშნით ქალის მიმართ ჩადენილ დანაშაულში და რომელმაც უშუალოდ მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება ან რომელიც გენდერული ნიშნით ქალის მიმართ ჩადენილი დანაშაულის შედეგად გარდაიცვალა;

ბ) ოჯახში ძალადობის მსხვერპლი – პირი, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად ცნობილია დაზარალებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლით დაკვალიფიცირებულ ოჯახურ დანაშაულში ან/და 1261 მუხლით დაკვალიფიცირებულ ოჯახში ძალადობაში ან/და ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ სხვა დანაშაულში, რომელიც მაკვალიფიცირებელ გარემოებად ითვალისწინებს ოჯახის წევრის მიმართ დანაშაულის ჩადენას, და რომელმაც უშუალოდ დანაშაულის შედეგად მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება, აგრეთვე პირი, რომელიც ოჯახური დანაშაულის შედეგად გარდაიცვალა;

გ) ოჯახის წევრი – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნით გათვალისწინებული პირები;

დ) დანაშაული – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლით გათვალისწინებული ოჯახური დანაშაული, 1261 მუხლით გათვალისწინებული ოჯახში ძალადობა, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი სხვა დანაშაული, რომელიც მაკვალიფიცირებელ გარემოებად ითვალისწინებს ოჯახის წევრის მიმართ დანაშაულის ჩადენას, გენდერული ნიშნით ქალის მიმართ ჩადენილი დანაშაული, რასაც შედეგად მოჰყვა ჯანმრთელობის დაზიანება ან/და ფსიქიკური ტანჯვა ან გარდაცვალება;

ე) დანაშაულის ჩამდენი პირი – ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენი პირი;

ვ) ზიანი – ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შედეგად მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული ზიანი ან/და ფსიქიკური ტანჯვით გამოწვეული ფსიქოლოგიური ზიანი;

ზ) სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო.

2. ამ წესში მოცემული სხვა ტერმინები, თუ არ არის სპეციალური მითითება, გამოიყენება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული მნიშვნელობით.

მუხლი 3. წესის მიზნები

წესის მიზნებია:

ა) „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლისთვის დანაშაულის შედეგად მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული ზიანის კომპენსირება სახელმწიფოს მიერ გაცემული კომპენსაციით, როცა მიყენებული ზიანი არ ანაზღაურდება დანაშაულის ჩამდენი პირისგან, ან ანაზღაურდება ნაწილობრივ ამავე წესის შესაბამისად;

ბ) დანაშაულის შედეგად გარდაცვლილი ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის არასრულწლოვანი შვილის (შვილების) დახმარება, მისთვის  კომპენსაციის გაცემით;

გ) კომპენსაციის გაცემის პროცესის  ადმინისტრირება.

მუხლი 4. კომპენსაციის მოთხოვნის უფლება

1. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლს (შემდგომში აგრეთვე მოხსენიებული, როგორც მსხვერპლი) უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება დანაშაულის ჩამდენი პირისგან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. თუ დანაშაულის ჩამდენი პირისგან შეუძლებელია ზიანის ანაზღაურება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, მსხვერპლს უფლება აქვს, მოითხოვოს კომპენსაცია სახელმწიფოსგან ზიანის ანაზღაურების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 3 წლის განმავლობაში, ხოლო არასრულწლოვან მსხვერპლს – როგორც არასრულწლოვანების პერიოდში, ასევე სრულწლოვანების მიღწევიდან 3 წლის განმავლობაში, თუ ზიანის ანაზღაურების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული, ხოლო თუ სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევა არასრულწლოვანი მსხვერპლის სრულწლოვანების პერიოდში – სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 3 წლის განმავლობაში.

3. ზიანის ანაზღაურება, ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შეუძლებლად ჩაითვლება, თუ კომპენსაციის მოთხოვნით სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსთვის მიმართვის დროისთვის, მაგრამ არაუადრეს სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან 6 თვისა (მოცემული ვადის განსაზღვრისას მხედველობაში არ მიიღება სააღსრულებო წარმოების შეჩერების პერიოდი),  ვერ მოხდა ზიანის ანაზღაურება ასანაზღაურებელი თანხის არანაკლებ 40%-ით მაინც.

4. დანაშაულის შედეგად ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის გარდაცვალების შემთხვევაში, დანაშაულის ჩადენის დროისთვის მის არასრულწლოვან  შვილ(ებ)ს, გარდა ამ დანაშაულის ჩამდენი არასრულწლოვანი შვილისა, უფლება აქვს, მოითხოვოს  კომპენსაცია როგორც არასრულწლოვანების პერიოდში, ისე  სრულწლოვანების მიღწევიდან 3 წლის განმავლობაში. 

5. ერთი და იმავე პირის მიერ სისხლის სამართლის ერთი კონკრეტული საქმის (დანაშაულის/დანაშაულების) ფარგლებში  კომპენსაციის მოთხოვნის უფლება წარმოიშობა მხოლოდ ერთხელ.  მსხვერპლ არასრულწლოვანს, რომელიც ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ასევე წარმოადგენს გარდაცვლილი მსხვერპლის შვილს, კომპენსაციის მოთხოვნის უფლება წარმოეშობა ერთხელ ან როგორც მსხვერპლს, ან როგორც გარდაცვლილი მსხვერპლის შვილს, თავისივე არჩევანის შესაბამისად.

6. მიუხედავად მსხვერპლის მიერ ამ წესით  გათვალისწინებული პირობებით კომპენსაციის მიღებისა, მსხვერპლს უფლება აქვს, დანაშაულის ჩამდენი პირისგან მიიღოს ზიანის ანაზღაურება სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი ოდენობით.

 

მუხლი 5. კომპენსაციის ოდენობა და გაცემაზე უფლებამოსილი ორგანო

1. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლისთვის გასაცემი  კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრება ზიანის ანაზღაურების თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, მაგრამ არაუმეტეს 10 000 (ათი ათასი) ლარით.

2. თუ იძულებითი აღსრულების ფარგლებში ამოღებული თანხა  ზიანის ანაზღაურების თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით განსაზღვრული ოდენობის 40%-ზე ნაკლებს შეადგენს, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო უფლებამოსილია, გასცეს კომპენსაცია შესავსები თანხის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 10 000 (ათი ათასი) ლარისა.

3. დანაშაულის შედეგად ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის გარდაცვალების შემთხვევაში, მის შვილზე (დანაშაულის ჩადენის დროისთვის არასრულწლოვანი შვილი), გარდა ამ დანაშაულის ჩამდენი  შვილისა,  გასაცემი კომპენსაცია შეადგენს 10 000 (ათი ათას) ლარს. ერთზე მეტი შვილის შემთხვევაში საკომპენსაციო თანხა განაწილდება პროპორციულად და კომპენსაციის მოთხოვნით მომმართველ შვილზე გაიცემა შესაბამისი წილი, ამ წესის შესაბამისად.

4.  კომპენსაციის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოა სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო.

5. ამ წესით გათვალისწინებული კომპენსაციის დაფინანსება ხორციელდება შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტით, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან.

 

მუხლი 6. კომპენსაციის მოთხოვნით სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსთვის მიმართვა

1.  კომპენსაციის მოთხოვნით  ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ან მისი წარმომადგენელი განცხადებით მიმართავს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს. განცხადებას თან უნდა ერთოდეს:

ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში – დაბადების მოწმობის ასლი და მისი კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ბ)  ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის წარმომადგენლის  მიმართვის შემთხვევაში – წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი) და წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (სათანადო წესით დამოწმებული);

გ) კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება ზიანის ანაზღაურების შესახებ, რომლითაც დანაშაულის ჩამდენი პირი ვალდებულია დანაშაულის შედეგად მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებაზე;

დ) კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან პროკურორის/მოსამართლის შემაჯამებელი გადაწყვეტილება,  რომლითაც დასტურდება ამ წესით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, დანაშაულის ჩამდენი პირის და ქალთა მიმართ ძალადობის/ოჯახში ძალადობის მსხვერპლის ვინაობის მითითებით;

ე) სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროდან (საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი) შესაბამისი დოკუმენტი,  გაცემული სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსთვის მიმართვამდე არაუადრეს 10 კალენდარული დღისა, რომლითაც დასტურდება, რომ სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან გასულია არანაკლებ 6 თვე (მოცემული ვადის განსაზღვრისას მხედველობაში არ მიიღება სააღსრულებო წარმოების შეჩერების  პერიოდი)  და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება ზიანის ანაზღაურების თაობაზე მითითებულ პერიოდში არ არის აღსრულებული, ხოლო ნაწილობრივ აღსრულების შემთხვევაში – შესაბამისი ინფორმაცია  ამოღებული თანხის  მითითებით;

ვ)  მსხვერპლის საბანკო რეკვიზიტები.

2. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შედეგად გარდაცვლილი მსხვერპლის  შვილის  ან  შვილის წარმომადგენლის მიმართვის შემთხვევაში განცხადებას თან უნდა ერთოდეს:

ა) შვილის დაბადების მოწმობის ასლი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში. შვილის მიერ არასრულწლოვანების ასაკში მიმართვისას – ასევე მისი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი) და წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (სათანადო წესით დამოწმებული);

ბ) შვილის წარმომადგენლის მიმართვის შემთხვევაში – წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი) და წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (სათანადო წესით დამოწმებული);

გ) მშობლის (ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის) გარდაცვალების მოწმობა;

დ) კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი, რომლითაც დასტურდება ამ წესით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, დანაშაულის ჩამდენი პირის და ქალთა მიმართ ძალადობის/ოჯახში ძალადობის მსხვერპლის ვინაობის მითითებით. ხოლო სისხლის სამართლის საქმეზე დევნის/გამოძიების შეწყვეტის შემთხვევაში, პროკურორის/მოსამართლის შემაჯამებელი გადაწყვეტილება, რომლითაც დასტურდება ამ წესით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, დანაშაულის ჩამდენი პირისა და ქალთა მიმართ ძალადობის/ოჯახში ძალადობის მსხვერპლის ვინაობის მითითებით;

ე)  კომპენსაციის მოთხოვნაზე უფლებამოსილი შვილის საბანკო რეკვიზიტები.

3. კომპენსაციის გაცემის ადმინისტრირების ფარგლებში სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო უფლებამოსილია:

ა) კომპენსაციის მოთხოვნაზე უფლებამოსილ პირს მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტები, რომლებიც აუცილებელია კომპენსაციის მოთხოვნისა და მიღების უფლების დადგენისა და რეალიზებისთვის;

ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან გამოითხოვოს  გარდაცვლილის (ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის) შვილის/შვილების შესახებ ინფორმაცია შვილების რაოდენობის, სახელ(ებ)ის, გვარ(ებ)ის, დაბადების თარიღ(ებ)ისა და ცოცხალი/გარდაცვლილი სტატუსის მითითებით.

4. კომპენსაცია არ გაიცემა:

ა) თუ დარღვეულია ამ წესით გათვალისწინებული კომპენსაციის მოთხოვნით მიმართვისთვის განსაზღვრული ვადები;

ბ) თუ სისხლის სამართლის კონკრეტული საქმის (დანაშაულის/დანაშაულების) ფარგლებში მიმმართველ პირზე უკვე გაცემულია კომპენსაცია;

გ) თუ წარდგენილი/მოძიებული დოკუმენტები არ აკმაყოფილებს კომპენსაციის გაცემისთვის ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს;

დ) არაუფლებამოსილი პირის მიერ კომპენსაციის მოთხოვნის შემთხვევაში;

ე) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

5. კომპენსაციის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო იღებს განცხადებისა და ამ მუხლის პირველ და მეორე პუნქტებში მითითებული დოკუმენტების სრულყოფილად წარდგენიდან  ერთი თვის ვადაში.

6. კომპენსაციის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო წერილობით აცნობებს კომპენსაციის მოთხოვნით მიმმართველ პირს გადაწყვეტილების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, განცხადებაში მითითებულ მისამართზე.

7. კომპენსაციის მოთხოვნით მიმმართველ პირს უფლება აქვს, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს გადაწყვეტილება კომპენსაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გაასაჩივროს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

8. საკომპენსაციო თანხის გაცემა წარმოებს უნაღდო ანგარიშსწორებით.

9. კომპენსაციის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს სამი თვის ვადაში სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო უზრუნველყოფს საკომპენსაციო თანხის გადარიცხვას სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში წარდგენილ შესაბამის საბანკო ანგარიშზე.

10. კომპენსაციის მიღება არ გამორიცხავს ძალადობის მსხვერპლის მიერ კანონმდებლობით დადგენილი სხვა სარგებლისა და მომსახურებების მიღებას.

 

მუხლი 7. პერსონალური მონაცემების დამუშავება

1. ამ წესის მიზნებისთვის,  სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო უფლებამოსილია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან, საქართველოს პროკურატურიდან, საერთო სასამართლოებიდან, სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროდან, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში,  სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოდან წესის მიზნების შესასრულებლად გამოითხოვოს, მიიღოს და დაამუშაოს კომპენსაციის მოთხოვნაზე უფლებამოსილი/მიმმართველი პირის, ასევე დანაშაულის ჩამდენი პირის შესახებ პერსონალური, მათ შორის, ამ წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მონაცემები, ასევე განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები, საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ წესით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.

2. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ვალდებულია, უზრუნველყოს  ამ წესის მიზნებისთვის დამუშავებული პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.