დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ბაზრის ანალიზისა და კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 68/04 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
მიღების თარიღი | 28/05/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/06/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 220090000.18.011.016563 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (01/06/2021 - 01/08/2023)
|
ბაზრის ანალიზისა და კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 47-ე და 478 მუხლების, 48-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის, 111 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
მუხლი 1 |
დამტკიცდეს ბაზრის ანალიზისა და კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესი თანდართული რედაქციის შესაბამისად. |
მუხლი 2 |
ამ ბრძანების ამოქმედებამდე საქართველოს ეროვნულ ბანკში წარდგენილი კონცენტრაციის შეტყობინების განხილვა გაგრძელდეს ამ ბრძანების ამოქმედებამდე დადგენილი წესით. |
მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ბაზრის ანალიზისა და კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესი
|
თავი I
ზოგადი დებულებები მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) მიერ ბაზრის ანალიზისა და კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესის (შემდგომში – წესი) მიზანია ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებად სფეროში კონკურენციის პოლიტიკის ეფექტური განხორციელება, ბაზარზე კონკურენტული გარემოს შეფასება და შენარჩუნება. ეს წესი ადგენს ბაზრის ანალიზის მეთოდურ მითითებებს, შეფასების კრიტერიუმებსა და პარამეტრებს, ასევე, კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენისა და განხილვის შესაბამის პროცედურულ წესებს. 2. ეს წესი „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონსა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით შემუშავდა და ეროვნული ბანკის მიერ კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების განხილვის, საქმის მოკვლევის, ბაზრის მონიტორინგის და სხვა სახის წარმოების პროცესებში გამოიყენება. 3. ამ წესის მოქმედება ვრცელდება საფინანსო სექტორის შემდეგ წარმომადგენლებზე: კომერციული ბანკები, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებები, საბროკერო კომპანიები, დამოუკიდებელი ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორები, ცენტრალური დეპოზიტარი, სპეციალიზირებული დეპოზიტარი, საფონდო ბირჟა, საინვესტიციო ფონდი, აქტივების მმართველი კომპანია, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი, საგადახდო სისტემის ოპერატორი, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი, აგრეთვე სესხის გამცემი სუბიექტი და საკრედიტო ინფორმაციის ბიურო (შემდგომში – ეკონომიკური აგენტი). 4. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება ანგარიშვალდებულ საწარმოებზე, გარდა იმ ანგარიშვალდებული საწარმოებისა, რომლებიც წარმოადგენენ ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სუბიექტებს. 5. ეროვნული ბანკი ბაზრის ანალიზის ყველა ეტაპზე, მათ შორის, გადაწყვეტილების მიღებისას, ხელმძღვანელობს ობიექტურობისა და პროპორციულობის პრინციპით. 6. ბაზრის ანალიზის, მათ შორის, კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების განხილვისას, ეროვნული ბანკი, საჭიროების შემთხვევაში, თანამშრომლობს სსიპ – საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოსთან (შემდგომში – საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო) და სხვა შესაბამის ადგილობრივ ორგანოებთან. 7. თუ ეს წესი არ აწესრიგებს ბაზრის ანალიზის კრიტერიუმებთან, კონცენტრაციის შეფასებასთან და პროცედურებთან დაკავშირებულ გარკვეულ საკითხს, ეროვნული ბანკი ხელმძღვანელობს ამ კუთხით არსებული საუკეთესო მოწინავე პრაქტიკით, რომელიც მოიცავს ევროპის საბჭოს 2004 წლის 20 იანვრის (EC) 139/2004 რეგულაციას საწარმოთა კონცენტრაციის კონტროლის შესახებ და აღნიშნული რეგულაციის (სახელმძღვანელოს ჰორიზონტალური შერწყმის შეფასების შესახებ 2004/C 31/03). 8. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, კონკურენციის პოლიტიკის განხორციელებასა და ხელშეწყობასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებთან, სამართლებრივ ინიციატივებთან და აქტებთან მიმართებით განახორციელოს რეგულირების ზეგავლენის შეფასება გადაწყვეტილებების, სამართლებრივი ინიციატივებისა და აქტების დადებითი ან/და უარყოფითი ეფექტების შეფასებისა და უპირატესი ალტერნატივების გამოსავლენად. რეგულირების ზეგავლენის შეფასებისას ეროვნული ბანკი ითვალისწინებს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონს, ამ წესის 27-ე მუხლს, ამავე წესის VI თავს და „რეგულირების ზეგავლენის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 იანვრის N35 დადგენილებას. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება 1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ეფექტიანი კონკურენცია საფინანსო ბაზარზე – საბაზრო სტრუქტურისა და ეკონომიკურ აგენტთა საბაზრო ქცევის ისეთი ოპტიმალური კომბინაცია, როდესაც ბაზრის შედეგიანობა შესაძლებლად მაღალ მაჩვენებლს უტოლდება; ბ) ჰორიზონტალური კონცენტრაცია – ერთსა და იმავე შესაბამის ბაზარზე მოქმედ ეკონომიკურ აგენტთა (კონკურენტ ეკონომიკურ აგენტთა) კონცენტრაცია; გ) არაჰორიზონტალური კონცენტრაცია – სხვადასხვა ბაზარზე მოქმედ ეკონომიკურ აგენტთა კონცენტრაცია, რომელიც, მათ შორის, შესაძლოა, იყოს ვერტიკალური ან/და კონგლომერატული კონცენტრაცია; დ) კონგლომერატული კონცენტრაცია – ეკონომიკურ აგენტთა კონცენტრაცია, რომლებიც არ არიან ჩართულნი ერთსა და იმავე მიწოდების ჯაჭვში, შესაბამისად, ვერ ახდენენ პირდაპირ გავლენას ერთმანეთის ბაზრებზე, თუმცა ერთმანეთთან გარკვეულწილად დაკავშირებულები არიან; ე) ვერტიკალური კონცენტრაცია – კონცენტრაცია იმავე მიწოდების ჯაჭვის სხვადასხვა დონეზე მოქმედ ეკონომიკურ აგენტთა შორის; ვ) მომხმარებელი – პირი, რომელიც იძენს საფინანსო პროდუქტს ან/და მომსახურებას; ზ) ჰერფინდალ ჰირშმანის (HHI) ინდექსი – ბაზრის კონცენტრაციის ინდექსი, რომელიც შეადგენს შესაბამის ბაზარზე მოქმედი ყველა ეკონომიკური აგენტის საბაზრო წილთა კვადრატების ჯამს; თ) კონცენტრაცია – „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით განსაზღვრული კონცენტრაცია. 2. წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონითა და კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი მნიშვნელობა. მუხლი 3. ბაზრის ანალიზის ეტაპები და პარამეტრები 1. ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ბაზრის ანალიზის პროცესი შემდეგ ეტაპებს მოიცავს: ა) შესაბამისი ბაზრის იდენტიფიცირება ამ წესის მე-2 თავით განსაზღვრული წესით; ბ) შესაბამის ბაზარზე კონკურენტული გარემოს შეფასება ამ წესის მე-3 თავით განსაზღვრული წესით; გ) ამ წესის სხვა მუხლებთან ერთობლიობაში კონცენტრაციის ეფექტიან კონკურენციასთან თავსებადობის შეფასება ამ წესის მე-4 და მე-5 თავებით განსაზღვრული წესით. 2. შესაბამის ბაზარზე კონკურენტული გარემოს შეფასებისას ეროვნული ბანკი ითვალისწინებს შემდეგ პარამეტრებს: ა) შესაბამის ბაზარზე მოქმედი სუბიექტები; ბ) შესაბამისი ბაზრის მოცულობა და ეკონომიკურ აგენტებზე წილობრივი გადანაწილება; გ) შესაბამისი ბაზრის კონცენტრაციის დონე; დ) შესაბამის ბაზარზე შესვლის ბარიერები; ე) ეკონომიკურ აგენტთა საბაზრო ძალა; ვ) დამატებითი პარამეტრები, რომელთა გათვალისწინებას ეროვნული ბანკი აუცილებლად ჩათვლის კონკრეტული ბაზრის სპეციფიკიდან გამომდინარე. მუხლი 4. ინფორმაციის გამოთხოვა და ფულადი ჯარიმები 1. ბაზრის ანალიზის პროცესში, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, ეკონომიკურ აგენტს, სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის ორგანოს ან სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს მოსთხოვოს ნებისმიერი დოკუმენტი/ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური), რომელიც საჭიროა ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში და ხელს შეუწყობს საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების დადგენას. 2. ამ წესის საფუძველზე ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მისთვის მის მიერვე განსაზღვრულ ვადაში მიუწოდებლობის ან ეროვნული ბანკისთვის არასწორი, შეცდომაში შემყვანი ან არასრული ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში, ეკონომიკურ აგენტს ან/და მის ადმინისტრატორს დაეკისრება ფულადი ჯარიმა – 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით. 3. ამ მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, ფულადი ჯარიმის დაკისრების მიუხედავად, ეროვნული ბანკისთვის ინფორმაციის მის მიერვე განსაზღვრულ ვადაში მიუწოდებლობის, არასწორი, ან არასრული ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში, ეკონომიკურ აგენტს ან/და მის ადმინისტრატორს დაეკისრება ფულადი ჯარიმა – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით. 4. ფულადი ჯარიმის დაკისრება ეკონომიკურ აგენტს არ ათავისუფლებს ეროვნული ბანკისთვის ინფორმაციის წარდგენის ვალდებულებისაგან. თავი II შესაბამისი ბაზრის იდენტიფიცირება კონკურენციასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის სამართალწარმოების მიზნებისათვის მუხლი 5. შესაბამისი ბაზრის პროდუქციული საზღვრები 1. შესაბამისი ბაზრის პროდუქციულ საზღვრებში ექცევა ყველა პროდუქტი ან მომსახურება, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს ურთიერთჩანაცვლებადად ამ პროდუქტის/მომსახურების მახასიათებლებიდან, ფასებიდან და მათი გამოყენების მიზნებიდან გამომდინარე. 2. შესაბამისი ბაზრის პროდუქციული საზღვრების დადგენისას, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ურთიერთჩანაცვლებადობის კრიტერიუმები, შესაძლოა, განხილულ იქნეს, როგორ მომხმარებლის, ასევე, მიმწოდებლის თვალსაზრისით. 3. ბაზრის პროდუქციული საზღვრების დადგენის პროცესში პოტენციურად ურთიერთჩამანაცვლებელი პროდუქტების ჩანაცვლებადობის ხარისხი ფასდება თვისობრივი და რაოდენობრივი ანალიზის მეშვეობით. რაოდენობრივი/სივრცითი ანალიზის მეთოდი შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ბაზრის გეოგრაფიული საზღვრების დადგენის პროცესშიც. 4. მომხმარებლის თვალსაზრისით, პროდუქციული საზღვრების დადგენისას ურთიერთჩანაცვლების კრიტერიუმს წარმოადგენს მომხმარებლის არჩევანის განმსაზღვრელი პროდუქციული მახასიათებლები, კერძოდ, სამომხმარებლო თვისებები, სიახლის დონე, მომხმარებლის მიერ პროდუქტის მოხმარების პირობები, მოხმარების მიზნობრიობა, რეალიზაციის პირობები, შედარებითი ფასების დონე და სხვა ნებისმიერი ისეთი მახასიათებელი, რომელიც შესაძლოა, მნიშვნელოვანი და არსებითი იყოს მომხმარებლის არჩევანის განსაზღვრის პროცესში. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მომხმარებლის არჩევანის განმსაზღვრელი პროდუქციული მახასიათებლები შესაძლოა, დადგინდეს სტატისტიკის, სოციოლოგიური გამოკითხვების, ექსპერტის დასკვნის, მომხმარებელთა ქცევაზე სოციოლოგიური დაკვირვების, ცდების ან სხვა ისეთი მეთოდების გამოყენებით, რომელიც იძლევა ამ მახასიათებლების განსაზღვრის საშუალებას და ამავდროულად არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობასა და ამ წესით განსაზღვრულ ბაზრის ანალიზის პრინციპებს. 6. მიმწოდებლის თვალსაზრისით, პროდუქციული საზღვრების დადგენისას ურთიერთჩანაცვლების კრიტერიუმს წარმოადგენს განსახილველი პროდუქტიდან/მომსახურებიდან სხვა პროდუქტზე/მომსახურებაზე გადასვლის სიმარტივის ხარისხი, რომლის შემოწმების დროსაც გათვალისწინებული უნდა იყოს როგორც არსებული, ასევე თავისუფალი კაპიტალი და ფინანსური სახსრები. 7. მიმწოდებლის თვალსაზრისით, პროდუქტთა ურთიერთჩანაცვლებადობის კრიტერიუმები შესაძლოა დადგინდეს დაკვირვებით, ექსპერიმენტით, დათვალიერებით, ექსპერტის დასკვნის საფუძველზე ან სხვა ისეთი წყაროების გამოყენებით, რომელიც არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობასა და ამ წესით განსაზღვრულ ბაზრის ანალიზის პრინციპებს. მუხლი 6. შესაბამისი ბაზრის გეოგრაფიული საზღვრების დადგენა 1. პროდუქტის/მომსახურების ბაზრის გეოგრაფიული საზღვრები წარმოადგენს ტერიტორიას, რომელზეც შერჩეული ჯგუფის მყიდველები იძენენ ან აქვთ ეკონომიკური, ტექნიკური და სხვა სახის შესაძლებლობები შეიძინონ განსახილველი პროდუქტი/მომსახურება. 2. შესაბამისი ბაზრის გეოგრაფიული საზღვრების დადგენისას ეროვნული ბანკი ითვალისწინებს: ა)პროდუქტის/მომსახურების მიწოდებისა და მოთხოვნის თავისუფალი გადაადგილების/გადატანის შესაძლებლობას; ბ) ტერიტორიის განსაკუთრებულობასა და თავისებურებებს (მათ შორის, ბუნებრივ-კლიმატური, სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური პირობების სპეციფიკურობა, მოთხოვნისა და მომხმარებელთა ქცევის თავისებურებები, საქმიანი ურთიერთობების წესებისა და ჩვევების განსაკუთრებულობა); გ) შესაბამის გეოგრაფიულ ბაზარში შემავალ ტერიტორიებზე პროდუქტის/მომსახურების ფასების ერთგვაროვნებას. 3. თუ ფასების ერთგვაროვნების დადგენისას გამოვლინდა, რომ გეოგრაფიულ სივრცეში პროდუქტის/მომსახურების ფასი 10%-ზე მეტად აღემატება კვლევის მიზნის ფარგლებში განსაზღვრული ბაზრის საშუალო შეწონილ ფასს, მაშინ ასეთი გეოგრაფიული სივრცის ბაზრები არ ჩაითვლება ერთგვაროვან ბაზრებად. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ გარემოებათა მიუხედავად, თუ კვლევებით დადგინდა, რომ შერჩეული მომხმარებლების ჯგუფის უმრავლესობა ერთ რეგიონში რეალიზებად პროდუქტს თვლიან იმ პროდუქტის/მომსახურების ჩანაცვლებად, რომელიც იყიდება მეორე რეგიონში, მაშინ ეს რეგიონები გახილულ უნდა იქნეს, როგორც მოცემული პროდუქტის/მომსახურების ერთიანი გეოგრაფიული ბაზარი. თავი III ბაზარზე კონკურენტული გარემოს შეფასება კონკურენციასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის სამართალწარმოების მიზნებისათვის მუხლი 7. შესაბამის ბაზარზე მოქმედი სუბიექტები და მათი გამოვლენა 1. შესაბამის ბაზარზე მოქმედი სუბიექტები არიან მიმწოდებელი და მომხმარებელი. 2. შესაბამის ბაზარზე მოქმედ სუბიექტთა გამოვლენა გულისხმობს მათი ჯგუფის იდენტიფიკაციას. ჯგუფების იდენტიფიკაცია მოიცავს როგორც მომხმარებელთა, ასევე მიმწოდებელთა ჯგუფების იდენტიფიკაციას. 3. მომხმარებელთა ჯგუფის იდენტიფიკაცია გულისხმობს შესაბამის ბაზარზე მოქმედი ყველა ისეთი მომხმარებლის იდენტიფიკაციას, რომელთაგან თითოეულს შეუძლია, მიიღოს საკვლევი პროდუქტი ან მომსახურება ნებისმიერი მიმწოდებლისგან, რომელიც მოქმედებს შესაბამის ბაზარზე. 4. მიმწოდებელთა ჯგუფის იდენტიფიკაცია გულისხმობს ყველა ისეთი მიმწოდებლის გამოვლენას, რომელიც მოქმედებს შესაბამის ბაზარზე და შეუძლია მომხმარებელს მიაწოდოს პროდუქტი/მომსახურება ურთიერთჩანაცვლებადობის საფუძველზე. 5. შესაბამის ბაზარზე მოქმედ სუბიექტთა გამოვლენა ხდება სტატისტიკურ ან საგადასახადო მონაცემებზე დაყრდნობით, გამოკითხვებით ან სხვა საშუალებებით. მუხლი 8. შესაბამისი ბაზრის მოცულობისა და შესაბამის ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტის წილის განსაზღვრა 1. ბაზრის მოცულობა წარმოადგენს დროის განსაზღვრულ პერიოდში ბაზარზე მიწოდებული პროდუქტის/მომსახურების რეალიზაციის მოცულობას. 2. შესაბამისი ბაზრის მოცულობა იანგარიშება ამ ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტების მიერ რეალიზებული პროდუქტის/მომსახურების მოცულობათა ჯამით. დაუშვებელია ერთი და იმავე პროდუქტის/მომსახურების განმეორებითი აღრიცხვა. შესაბამისი ბაზრის მოცულობა იანგარიშება თითოეული სეგმენტისთვის განცალკევებულად. 3. ეკონომიკური აგენტის (მიმწოდებლის) წილი გაიანგარიშება პროცენტებში, შესაბამისი ბაზრის მოცულობასთან შეფარდებით. 4. შესაბამისი ბაზრის მოცულობის განსაზღვრისას, შესაძლოა, გათვალისწინებულ იქნენ პოტენციური მიმწოდებლები, რომლებსაც უმნიშვნელო ძალისხმევისთ შეუძლიათ პროდუქტის ან მომსახურების მიწოდება. 5. თუ ბაზრის ანალიზი ტარდება კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის სავარაუდო ფაქტის გამო, მაშინ წილი გამოითვლება ბაზრის ფაქტობრივად ჩამოყალიბებული სტრუქტურის მიხედვით (პოტენციური მიმწოდებლის გაუთვალისწინებლად). მუხლი 9. შესაბამისი ბაზრის კონცენტრაციის დონე 1. შესაბამისი ბაზრის კონცენტრაციის დონე არის ბაზრის ხარისხობრივი მახასიათებელი და აჩვენებს ეკონომიკური აგენტების წილების ურთიერთთანაფარდობასა და მათი განაწილების სიმჭიდროვეს ბაზარზე. 2. შესაბამისი ბაზრის კონცენტრაციის დონის გამოსათვლელად გამოიყენება ჰერფინდალ-ჰირშმანის (HHI) ინდექსი (დანართი №1). 3. ჰერფინდალ-ჰირშმანის (HHI) ინდექსის საფუძველზე გამოთვლილი კონცენტრაციის დონის მიხედვით, შესაბამისი ბაზარი შეიძლება იყოს – დაბალკონცენტრირებული, ზომიერად კონცენტრირებული ან მაღალკონცენტრირებული, შემდეგი მაჩვენებლებით: ა) დაბალკონცენტრირებული - HHI<1250; ბ) ზომიერად კონცენტრირებული - 1250<HHI<2250; გ) მაღალკონცენტრირებული - HHI>2250. 4. საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ბაზრის შეფასებისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს პრაქტიკაში ფართოდ გამოყენებადი სხვა ანალოგიური ინდექსები/კოეფიციენტები. მუხლი 10. შესაბამის ბაზარზე შესვლის ბარიერები 1. შესაბამის ბაზარზე შესვლის ბარიერების ანალიზი მოიცავს ბაზრის სტრუქტურის ხარისხობრივი მაჩვენებლების შეფასებას, რომლის ფარგლებშიც ეროვნული ბანკი იკვლევს: ა) ბაზარზე შესვლის, გაფართოების და ბაზრიდან გასვლის ბარიერების არსებობას/არარსებობას პოტენციური კონკურენტებისათვის და მათი დაძლევის სიმარტივეს/სიძნელეს; ბ) ბარიერების გადალახვის შესაძლო დანახარჯებსა და ვადებს; გ) მასშტაბის ეკონომიას; დ) პოტენციური მიმწოდებლის ფაქტობრივ შესაძლებლობას, გახდნენ მოცემული ბაზრის მონაწილეები; ე) შესაბამის ბაზარზე უკვე მოქმედი ეკონომიკური აგენტების შესაძლებლობას, გააფართოონ ეკონომიკური საქმიანობის მასშტაბები. 2. პოტენციურ კონკურენტებად (მიმწოდებლებად) შეიძლება ჩაითვალონ: ა) ეკონომიკური აგენტები, რომლებსაც გააჩნიათ მატერიალურ - ტექნიკური ბაზა, ადამიანური რესურსები და ტექნოლოგიები აღნიშნული პროდუქტის მისაწოდებლად ან მომსახურების გასაწევად, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ ან არ იყენებენ ამ შესაძლებლობებს; ბ) ეკონომიკური აგენტები, რომლებიც აწვდიან შესაბამის პროდუქტს/მომსახურებას, მაგრამ არ ახდენენ მის მიწოდებას შესაბამისი ბაზრის ტერიტორიაზე; გ) ახალი ეკონომიკური აგენტები. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მაჩვენებლების შეფასებისას ეროვნული ბანკი შეისწავლის ბაზარზე არსებული ტექნიკური, ფინანსური და ინსტიტუციონალური ბარიერების არსებობას. 4. ფინანსური და ტექნიკური ბარიერების შესწავლის ფარგლებში განიხილება: ა) თავდაპირველი მნიშვნელოვანი კაპიტალდაბანდებების განხორციელების აუცილებლობა; ბ) პოტენციური მიმწოდებლებისთვის ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობის შეზღუდულობა; გ) ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში ბაზრიდან გასვლის დანაკარგები, მათ შორის, აუნაზღაურებელი ინვესტიციები; დ) რესურსებზე წვდომისთვის და ინტელექტუალური საკუთრების უფლების მოსაპოვებლად, რეკლამაზე და საჭირო ინფორმაციის მიღებაზე მაღალი დანახარჯები; ე) მასშტაბის ეკონომიის მისაღწევად ეკონომიკურად გამართლებული მინიმალური წარმოების მოცულობის აუცილებლობა ერთეულ პროდუქტზე/მომსახურებაზე მაღალი დანახარჯების შესამცირებლად; ვ) ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტის/აგენტების უპირატესობა ბაზრის პოტენციურ მონაწილესთან/მონაწილეებთან შედარებით ერთეულ პროდუქტზე/მომსახურებაზე დანახარჯებით, მოთხოვნის დონით ან/და მყიდველებთან გრძელვადიანი ხელშეკრულებების გაფორმებით; ზ) ფინანსური და ტექნიკური ხასიათის სხვა ბარიერები. 5. ინსტიტუციონალური ბარიერების შესწავლის ფარგლებში განიხილება: ა) ეკონომიკურ აგენტთა ლიცენზირების/რეგისტრაციის სირთულე; ბ) შესაბამის პროდუქტის/მომსახურების ბაზარს მიკუთვნებული საქმიანობის სამართლებრივი რეგულაციების ზემოქმედების, საჭიროებისა და გონივრულობის შეფასება; გ) საბაზრო ინფრასტრუქტურის განვითარების ხარისხი; დ) ინსტიტუციონალური ხასიათის სხვა ბარიერები. მუხლი 11. ეკონომიკურ აგენტთა საბაზრო ძალაუფლების შეფასება 1. შესაბამის ბაზარზე კონკურენტული გარემოს შეფასების ერთ-ერთ კრიტერიუმს წარმოადგენს აღნიშნულ ბაზარზე მოქმედ ეკონომიკურ აგენტთა მოქმედების ანალიზი კონკურენტებთან მიმართებით. 2. ბაზრის ანალიზის ამ ეტაპზე ეროვნული ბანკი ამოწმებს ეკონომიკური აგენტის შესაძლებლობას, ბაზრის მნიშვნელოვანი წილის დაკარგვის გარეშე გაზარდოს მოგება ფასების გაზრდის ან ხარჯების/ხარისხის შემცირების გზით ხანგრძლივი დროის განმავლობაში. 3. საბაზრო ძალაუფლების შეფასებისას გამოიყენება შემდეგი მეთოდები: ა) სტრუქტურული, რომელიც გულისხმობს შესაბამის ბაზარზე ეკონომიკური აგენტის მდგომარეობის ანალიზს; ბ) ანალიტიკური, რომელიც გულისხმობს: ბ.ა) ეკონომიკური აგენტის საქმიანობის ეფექტიანობის დონის შეფასებას; ბ.ბ) ეკონომიკური აგენტის რენტაბელობის დონეს მოკლე და გრძელვადიან პერიოდში; ბ.გ) ეკონომიკურ აგენტთა საქმიანობის შეფასებას საფინანსო ანალიზისა და ანალოგიის მეთოდის გამოყენებით; ბ.დ) კონკურენტ ეკონომიკურ აგენტთა საქმიანობის ანალოგიური მაჩვენებლების შედარებას. 4. საბაზრო ძალაუფლების შეფასების დროს, ასევე, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს პრაქტიკაში აღიარებული ეკონომიკური და ფინანსური მაჩვენებლები. თავი IV კონცენტრაციის ეფექტიან კონკურენციასთან თავსებადობის შეფასების პროცედურული წესები მუხლი 12. ეროვნული ბანკისთვის შეტყობინების ვალდებულებას დაქვემდებარებული კონცენტრაციები 1. საზედამხედველო მიზნებისათვის პრუდენციული ზედამხედველობის ფარგლებში კონცენტრაციის შეფასების გარდა, აუცილებელია ამ თავით განსაზღვრული კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის შეფასება. ეროვნული ბანკი, გარდა ამ თავში მოყვანილი პარამეტრებისა და კრიტერიუმებისა, კონცენტრაციის შეფასებისას იყენებს ამ წესში მოცემულ სხვა პარამეტრებსა და კრიტერიუმებსაც. 2. ეროვნული ბანკი კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობას აფასებს, თუ მისი მონაწილე პირების ერთობლივი (ჯამური) წლიური შემოსავალი საქართველოს ტერიტორიაზე, კონცენტრაციის განხორციელების წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, აღემატება 40 მილიონ ლარს და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან ერთის წლიური შემოსავალი კონცენტრაციის განხორციელების წინა ფინანსური წლის მდგომარეობით აღემატება 20 მილიონ ლარს. იმ პირის მონაწილეობით კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევაში, რომელიც რეგისტრირებულია კონცენტრაციის განხორციელების წელს, მხედველობაში მიიღება მიმდინარე კალენდარული წლის განმავლობაში, კონცენტრაციის განხორციელების მომენტისათვის არსებული წლიური შემოსავალი. 3. ამ წესის მიზნებისთვის, მთლიანი შემოსავალი მოიცავს თანხებს, რომლებიც წინა ფინანსურ წელს მიღებულია ეკონომიკური აგენტის მიერ პროდუქტის/მომსახურების რეალიზაციიდან და ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებში პროდუქციის რეალიზაციდან და მომსახურების მიწოდებიდანმომსახურების მიწოდებიდან, რეალიზაციასთან დაკავშირებული ფასდაკლებების, დამატებითი ღირებულების გადასახადისა და სხვა გადასახადების დაქვითვის შემდეგ, რომლებიც პირდაპირ კავშირშია შემოსავალთან. 4. თუ კონცენტრაცია ერთი ან რამდენიმე საწარმოს აქტივის, ნაწილის ან ნაწილების შეძენას ეხება, მიუხედავად იმისა არიან თუ არა ისინი დამოუკიდებელი ერთეულები, კონცენტრაციის მონაწილეთა ერთობლივი წლიური შემოსავლის გამოთვლისას გაითვალისწინება მხოლოდ ამ საწარმოთა კონცენტრაციას დაქვემდებარებული ნაწილის/ნაწილების/აქტივის პროპორციული შემოსავალი, ამ წესის შესაბამისად. 5. კონცენტრაციის მონაწილეთა ერთობლივი (ჯამური) წლიური შემოსავლის გამოთვლისას მხედველობაში მიიღება შემდეგი ერთეულების ჯამური წლიური შემოსავალი: ა) კონცენტრაციაში მონაწილე პირების ერთობლივი (ჯამური) შემოსავალი საქართველოს ტერიტორიაზე; ბ) კონცენტრაციაში მონაწილე პირთა მიერ პირდაპირ ან არაპირდაპირ კონტროლირებადი ან პირდაპირ ან არაპირდაპირ მაკონტროლებელი საწარმოების ერთობლივი (ჯამური) შემოსავალი საქართველოს ტერიტორიაზე; გ) იმ საწარმოების, ერთობლივი (ჯამური) შემოსავალი საქართველოს ტერიტორიაზე, რომლებიც იმყოფებიან კონცენტრაციის მონაწილე პირთა ერთობლივი კონტროლის ქვეშ; 6. უცხოური კომპანიის მონაწილეობით განსახორციელებელი კონცენტრაციის მონაწილეთა ჯამური წლიური შემოსავლის გამოთვლისას გაითვალისწინება ამ კომპანიის ან მის მიერ პირდაპირ ან არაპირდაპირ კონტროლირებადი ან პირდაპირ ან არაპირდაპირ მაკონტროლებელი საწარმოების, მიერ მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე მიღებული წლიური შემოსავალი. შემოსავალში არ ითვლება უცხოური დედა კომპანიიის ან შვილობილი კომპანიის შემოსავლები, თუ ისინი ბიზნესს არ აწარმოებენ საქართველოში. 7. ერთობლივი (ჯამური) წლიური შემოსავლის ნაცვლად, დამატებითი ღირებულების გადასახადისა და სხვა დაკავშირებული გადასახადების დაქვითვის შემდეგ, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენოს შემდეგი მონაცემების ჯამი: ა) საპროცენტო ან მსგავსი შემოსავლები; ბ) შემოსავალი ფასიანი ქაღალდებიდან: ბ.ა) შემოსავალი აქციებიდან და სხვა ცვალებადი სარგებლის მქონე ფასიანი ქაღალდებიდან; ბ.ბ) შემოსავალი მნიშვნელოვანი წილის ფლობიდან; ბ.გ) შემოსავალი დაკავშირებული საწარმოების წილებიდან; გ) მოთხოვნები საკომისიო შემოსავლების მიხედვით; დ) წმინდა მოგება ფინანსურ ოპერაციებზე; ე) სხვა საოპერაციო შემოსავალი. 8. კონცენტრაციის მონაწილეებს შეტყობინების ვალდებულება წარმოეშობათ შესაბამისი შეთანხმების ძალაში შესვლამდე ან/და კონცენტრაციის ფაქტობრივ განხორციელებამდე, მათ შორის, მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციამდე. 9. თუ კონცენტრაციის მიზნებისთვის კონტროლის მოპოვება ხდება ერთზე მეტი ტრანზაქციის საშუალებით, უწყვეტი სამი კალენდარული წლის განმავლობაში, კონტროლის მომპოვებელ პირს შეტყობინების ვალდებულება წარმოეშობა იმ ტრანზაქციის უშუალო განხორციელებამდე, რომლითაც ხდება კონტროლის მოპოვება. 10. იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული ბანკის რეგულირებას დაქვემდებარებულ ეკონომიკურ აგენტებს შორის (გარდა საინვესტიციო ფონდებისა) კონცენტრაცია ხდება საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული აქციების ან სხვა ფასიანი ქაღალდების შეძენის ფორმით, რომლის შედეგადაც ერთი ეკონომიკური აგენტი მეორე ეკონომიკურ აგენტზე მოიპოვებს კონტროლს და ამასთან კმაყოფილდება ამ წესის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ზღვრები და „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 112 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები, კონცენტრაციაში მონაწილე მხარეები უფლებამოსილნი არიან, შეძენიდან არაუმეტეს 14 დღის ვადაში წარუდგინონ ეროვნულ ბანკს კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინება. მუხლი 13. შეტყობინების წარმდგენი პირი და მხარეთა უფლება-მოვალეობები 1. შეტყობინების წარდგენის ვალდებულება ეკისრება: ა) შეძენის, ხელშეკრულებებით ან სხვა საშუალებებით კონტროლის მოპოვების შემთხვევაში - შემძენ ან/და კონტროლის უფლების მომპოვებელ პირს; ბ) შერწყმის/გაერთიანების შემთხვევაში – ოპერაციის ყველა მონაწილეს ერთობლივი შეტყობინების წარდგენის გზით ან შემძენს არანებაყოფლობითი შეძენისას; გ) ერთობლივი საწარმოს შექმნის შემთხვევაში – ოპერაციის ყველა მონაწილეს, ერთობლივი შეტყობინების წარდგენის გზით. 2. კონცენტრაციის მხარეს უფლება აქვს: ა) ჰყავდეს ადვოკატი ან/და წარმომადგენელი შეტყობინების განხილვის პროცესში; ბ) ეროვნულ ბანკს წარუდგინოს პოზიცია, ინფორმაცია ან/და მტკიცებულებები შეტყობინების განხილვის ნებისმიერ ეტაპზე; გ) გაეცნოს საქმის მასალებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 99-ე მუხლით დადგენილი წესით; დ) მოითხოვოს ინფორმაციის/მტკიცებულებების წარდგენის ვადის გაგრძელება; ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოითხოვოს მის მიერ ეროვნული ბანკში წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობა; ვ) ეროვნულ ბანკს შესთავაზოს ოპერაციის ცვლილება სტრუქტურული ან/და ქცევითი ხასიათის ღონისძიების სახით. 3. პროცესის მონაწილე დაინტერესებული მხარე სარგებლობს მხარისათვის ამ მუხლის მეორე პუნქტით მინიჭებული ყველა უფლებით, გარდა იმავე პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებისა. 4. კონცენტრაციის მხარე ვალდებულია: ა) ეროვნულ ბანკს მიაწოდოს მის მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური), რომელიც საჭიროა ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში; ბ) ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში, გამოცხადდეს ახსნა-განმარტებაზე. მუხლი 14. წინასწარი კონსულტაციები, შეტყობინების წარდგენის წესი და დასაშვებობის პროცედურა 1. შესაბამისი კონცენტრაციის მხარეებს უფლება აქვთ, საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის განხილვის მიზნით, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე ეროვნულ ბანკთან გამართონ კონსულტაციები ოფიციალური შეტყობინების წარდგენამდე სულ მცირე 2 კვირით ადრე. 2. წინასწარი კონსულტაციების დროს, ეროვნული ბანკი აფასებს რამდენად ექცევა მისი კომპეტენციის ფარგლებში კონკრეტული კონცენტრაცია და იქნება თუ არა პოტენციური შერწყმის შედეგად წარმოქმნილი სუბიექტი მის რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმო. 3. წინასწარი კონსულტაციების შემდგომ, (ასეთი კონსულტაციის არსებობისას), კონცენტრაციის მხარეებმა ეროვნულ ბანკს უნდა წარუდგინონ წერილობითი ან ელექტრონული ფორმით სრულყოფილად შევსებული ამ წესის დანართი №2-ის შესაბამისი შეტყობინება, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას კონცენტრაციაში მონაწილე მხარეების და მათი მახასიათებლების შესახებ, ასევე, ინფორმაციას დაგეგმილი კონცენტრაციის შესახებ, კონცენტრაციის დეტალურ აღწერას, დამატებით შენიშვნებს და იმავე დანართით განსაზღვრულ სხვა შესაბამის საკითხებს. 4. ამ მუხლის მესამე პუნქტით განსაზღვრულ შეტყობინებას თან უნდა ერთოდეს შემდეგი სახის ინფორმაცია: ა) კონცენტრაციის მონაწილე ყველა მხარის და მათი მაკონტროლებელი პირის/პირების მფლობელობაში არსებული საწარმოების შესახებ; ბ) კონცენტრაციის მონაწილე თითოეული მხარის მიერ უკანასკნელი ფინანსური წლის განმავლობაში წარმოებული, შეძენილი და რეალიზებული ძირითადი საქონლის/მომსახურების მოცულობა პროდუქტების მიხედვით; გ) უკანასკნელი ფინანსური წლის მონაცემები კონცენტრაციის მონაწილე თითოეული მხარის ძირითადი მომწოდებლებისა და შემსყიდველების/მომხმარებლების შესახებ. 5. ეროვნული ბანკი შეტყობინების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს მის შესაბამისობას ამ მუხლის მეორე, მე-3, მე-4 პუნქტებისა და ამ წესის დანართი N2-ით გათვალისწინებულ შეტყობინების ფორმასთან. კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ვადის ათვლა იწყება სრულყოფილი შეტყობინების რეგისტრაციის დღის მომდევნო სამუშაო დღიდან. 6. თუ წარდგენილი შეტყობინება არ აკმაყოფილებს ამ მუხლით განსაზღვრულ შესაბამის მოთხოვნებს, ეროვნული ბანკი შეტყობინების წარმდგენს უდგენს ხარვეზს და განუსაზღვრავს ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად. 7. ხარვეზის წერილში აღინიშნება ის კონკრეტული საკითხები და გარემოებები, რომლის მითითებას ან/და დაზუსტებასაც ითხოვს ეროვნული ბანკი. 8. თუ შეტყობინების წარმდგენი ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ვადაში არ აღმოფხვრის ხარვეზს, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება შეტყობინების განუხილველად დატოვების შესახებ. 9. თუ ეროვნულ ბანკს წარედგინა შეტყობინება, რომელიც, მისი შეფასებით, ეროვნული ბანკის კომპეტენციას დაქვემდებარებული არ არის, იგი ამ შეტყობინებას 5 სამუშაო დღის ვადაში გადაუგზავნის სსიპ – საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს. მუხლი 15. შეტყობინების განხილვის პროცედურა 1. თუ შეტყობინება შეესაბამება ამ წესის მე-14 მუხლის მოთხოვნებს, ეროვნული ბანკი ვალდებულია, არაუმეტეს 25 სამუშაო დღის ვადაში განიხილოს შეტყობინება და შეამოწმოს დაგეგმილი კონცენტრაციის შესაბამისობა კანონმდებლობის მოთხოვნებთან. 2. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, მოსთხოვოს დაგეგმილი კონცენტრაციის მხარეს დამატებითი ინფორმაციის ან/და მტკიცებულების წარმოდგენა ან ახსნა-განმარტებაზე გამოცხადება. 3. კონცენტრაციის მხარის მიერ დამატებითი ინფორმაციის ან/და მტკიცებულებების წარმოდგენამდე, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინება შეჩერებულად ითვლება, ხოლო ინფორმაციის ან/და მტკიცებულების წარმოდგენა ხსენებული ვადის დინების განახლების საფუძველია. 4. ეროვნული ბანკი თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს ინფორმაციას მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების თაობაზე და დაინტერესებულ პირებს აძლევს შესაძლებლობას, დაგეგმილი კონცენტრაციის თაობაზე წარმოადგინონ მოსაზრებები ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ ვადაში. გამოქვეყნებული ინფორმაცია, კონცენტრაციაში მონაწილე პირთა კონფიდენციალური მონაცემების დაცვით, უნდა შეიცავდეს მონაცემებს მხარეთა ვინაობის/დასახელების, კონცენტრაციის საგნისა და იმ ეკონომიკური დარგების/ბაზრების თაობაზე, რომლებსაც ეხება დაგეგმილი კონცენტრაცია. 5. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, შეტყობინების განხილვის პროცესში გაეცნოს დაინტერესებული პირების, კონცენტრაციის მხარეების კონკურენტი ეკონომიკური აგენტებისა და დარგის ექსპერტების პოზიციებს დაგეგმილ კონცენტრაციასთან დაკავშირებით. 6. მიღებული ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის შემდგომ, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „კონკურენციის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებული საქმის მოკვლევის, საჩივრის/განცხადების წარდგენისა და განხილვის წესით“ განსაზღვრული ეროვნული ბანკის კონკურენციის კომიტეტი იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) დაგეგმილი კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის შესახებ; 7. კონკურენციის კომიტეტი გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით, ხოლო ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწვეტია კონკურენციის კომიტეტის თავმჯდომარის ხმა. კონკურენციის კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განკარგულებით. 8. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ეროვნული ბანკი ვალდებულია, განიხილოს შეტყობინება ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუმეტეს 90 კალენდარული დღის ვადაში. 9. ამ მუხლის პირველი ან/და მე-8 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში პასუხის გაუცემლობა დადებით პასუხად ჩაითვლება. 10. თუ ეროვნული ბანკი მიიჩნევს, რომ დაგეგმილი კონცენტრაცია არსებითად არ ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას შესაბამის ბაზარზე, იგი მიიღებს გადაწყვეტილებას დაგეგმილი კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის შესახებ, მათ შორის, ამ წესის მე-20 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების გათვალისწინებით. 11. თუ ეროვნული ბანკი მიიჩნევს, რომ დაგეგმილი კონცენტრაცია არსებითად ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას შესაბამის ბაზარზე, იგი მიიღებს გადაწყვეტილებას კონცენტრაციის დაუშვებლობის შესახებ. 12. კონცენტრაციის შეფასების პროცესში, მათ შორის, ამ წესის მე-20 მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში, გადაწყვეტილების მიღებამდე ეროვნული ბანკი ვალდებულია კონცენტრაციის მხარეებს მისცეს დაცვის უფლების გამოყენების შესაძლებლობა, რისთვისაც ეროვნულ ბანკი შეტყობინების წარმომდგენ პირებს უგზავნის გადაწყვეტილების პროექტს და აძლევს საკუთარი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობას, ზეპირი ან წერილობითი ფორმით ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში. შეტყობინების წარმომდგენ მხარეებს, კონფიდენციალურობის მოთხოვნების შესაბამისად, აქვთ საქმის მასალებთან წვდომის უფლება. 13. ამ მუხლის მე-12 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, შეტყობინების წარმომდგენი პირის მიერ პოზიციის ზეპირად დაფიქსირების შემთხვევაში, დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს ეროვნული ბანკის უფლებამოსილი თანამშრომელი და ეროვნული ბანკში შეტყობინების წარმომდგენი პირი. 14. ეროვნული ბანკი მარეგისტრირებელ ორგანოს უგზავნის იმ განკარგულების ასლს, რომლის შესაბამისადაც მტკიცდება ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება კონცენტრაციის თაობაზე, მისი მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. მუხლი 16. კანონის მოთხოვნათა გვერდის ავლით კონცენტრაციის განხორციელების დაუშვებლობა და მისი შედეგები 1. „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ეკონომიკურ აგენტს იმავე კანონის 111 მუხლის პირველი, მე-11 ან მე-12 პუნქტის მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში დაეკისრება ფულადი ჯარიმა, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების წინა ფინანსური წლის განმავლობაში მისი წლიური ბრუნვის 5%-ს. 2. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, ამ მუხლით განსაზღვრულ ფულად ჯარიმასთან ერთად ეკონომიკურ აგენტს დაუწესოს სხვა სანქცია ან საზედამხედველო ზომა. 3. შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციის შეუტყობინებლობისთვის ფულადი ჯარიმის დაკისრება ან ფულადი ჯარიმისა და საზედამხედველო ზომის/სანქციის გამოყენება პირს არ ათავისუფლებს ეროვნული ბანკისათვის კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების წარდგენის ვალდებულებისგან. ფულადი ჯარიმის ან ფულადი ჯარიმისა და საზედამხედველო ზომის/სანქციის დაკისრების პარალელურად, შეტყობინების წარმოდგენის ვადას, ყველა კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვრავს ეროვნული ბანკი და იგი არ შეიძლება იყოს 14 კალენდარულ დღეზე ნაკლები. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფულადი ჯარიმის ან ფულადი ჯარიმისა და საზედამხედველო ზომის/სანქციის დაკისრების პარალელურად, ეროვნული ბანკი შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს და ითხოვოს კონცენტრაციის გაუქმებას, თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით, თუ: ა) არსებობს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება დაგეგმილი კონცენტრაციის დაუშვებლობის თაობაზე; ბ) ეროვნულმა ბანკმა განიხილა კანონმდებლობის გვერდის ავლით განხორციელებული კონცენტრაცია და იგი დაუშვებლად მიიჩნია. 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შუამდგომლობას სასამართლო განიხილავს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად. მუხლი 17. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებების გამოქვეყნება 1. ეროვნული ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ექვემდებარება ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებას, მისი მიღებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში. 2. ეროვნული ბანკის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები ქვეყნდება კონფიდენციალურობის წესების დაცვით და გამოქვეყნების დროს დაცული უნდა იყოს სახელმწიფო, კომერციული, საბანკო, პროფესიული ან საგადასახადო საიდუმლოება. თავი V კონცენტრაციის ეფექტიან კონკურენციასთან თავსებადობის შეფასების პარამეტრები და კრიტერიუმები მუხლი 18. კონცენტრაციის თავსებადობის შეფასება კონკურენტულ გარემოსთან 1. კონკურენტულ გარემოსთან კონცენტრაციის თავსებადობის შეფასების მიზნით, ეროვნული ბანკი აფასებს კონცენტრაციის შედეგად ბაზარზე წარმოქმნილ კონკურენციის პირობებს, იმ პირობებთან მიმართებით, რომლებიც კონცენტრაციის არარსებობის შემთხვევაში იარსებებდა. ცალკეულ შემთხვევებში ეროვნულმა ბანკმა შეფასებისას შესაძლოა, ასევე გაითვალისწინოს ბაზარზე მოსალოდნელი განჭვრეტადი ცვლილებები გონივრულობის ფარგლებში. 2. კონცენტრაცია, რომელიც არსებითად არ ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას საქართველოს ან მისი ნაწილის შესაბამის ბაზარზე, თავსებადია კონკურენტულ გარემოსთან. კონცენტრაცია, რომელიც არსებითად ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას საქართველოს ან მისი ნაწილის შესაბამის ბაზარზე, დაუშვებელია. 3. ეროვნული ბანკი იმის დასადგენად, ზღუდავს თუ არა კონცენტრაცია ეფექტიან კონკურენციას, აფასებს ბაზრის შედეგიანობას, როგორც საბაზრო სტრუქტურისა და ეკონომიკურ აგენტთა საბაზრო ქცევის შედეგს, შემდეგი სახის ინდიკატორების საფუძველზე: ა) ბაზრის სტრუქტურა, მათ შორის, მონაწილეობს თუ არა ბაზრის მოწინავე საწარმო კონცენტრაციაში და მცირდება თუ არა ბაზარზე მნიშვნელოვან მომწოდებელთა რაოდენობა; ბ) ფასების სიმცირე, მოგების სიდიდე, მიღებული პროდუქციის ხარისხი, წარმოებისა და გაყიდვის ხარჯების ცვლილება და სხვა მსგავსი მაჩვენებლები; გ) შერწყმის შედეგად წარმოქმნილი სუბიექტის მიერ ფასების მომგებიანად და ცალმხრივად გაზრდის შესაძლებლობა, ხარისხისა ან მომსახურების გაუარესების და არასაფასო კონკურენციის ფაქტორები, კონცენტრაციამდელ ერთ ან მეტ ბიზნესში ინოვაციური ძალისხმევის შემცირების შესაძლებლობები; დ) როდესაც არსებობს მხარეებს შორის ადრე არსებული კოორდინაციის ფაქტების მტკიცებულებები, ან კონცენტრაციამდელი კოორდინაციის მცდელობები და კონცენტრაცია არსებითად გააუმჯობესებს კოორდინირების პირობებს და/ან კონცენტრაციის შემდგომ დაკმაყოფილდება ისეთი კოორდინაციის პირობები, რომლებიც არ იყო დაკმაყოფილებული კონცენტრაციამდე; ე) ტექნიკური პროგრესი და ინოვაცია, იმის გათვალისწინებით, რომ ინოვაცია კონკურენციის ძირითადი ასპექტია და კონცენტრაცია წარმოადგენს საფრთხეს სამომავლო ინოვაციისათვის ან პროდუქტის/მომსახურების განვითარებისათვის. ვ) არის თუ არა სახეზე კონცენტრაციაში მონაწილე საწარმოებს შორის მჭიდრო კონკურენცია; ზ) ბაზარზე შევიდოდა ან გაფართოვდებოდა თუ არა კონცენტრაციაში ჩართული რომელიმე მხარე კონცენტრაციის ოპერაციის არსებობის მიუხედავად და გახდებოდა თუ არა ძლიერი კონკურენტი მეორე მხარისთვის, ან ექნებოდა თუ არა ბაზარზე შესვლის ან გაფართოების შესაძლებლობა, რომლითაც საფრთხეს შეუქმნიდა კონკურენტს; თ) კონცენტრაცია ხელს უშლის ეფექტურ კონკურენციას სხვა ბაზრებსა ან მომსახურებებში, მაშინაც კი თუ ეს ბაზრები ან მომსახურებები, კონცენტრაციის პერიოდში ახლად წარმოქმნილნი არიან; ი) საბაზრო ძალაუფლება, მათ შორის, რომელიც შეიძლება გამოიხატოს კონცენტრაციის შედეგად სხვა კონკურენტების შეზღუდვით; კ) სხვა ინდიკატორები, რომელთა გამოყენებას საჭიროდ ჩათვლის ეროვნული ბანკი კონცენტრაციის სპეციფიკური მახასიათებლების გათვალისწინებით. მუხლი 19. კონცენტრაციის ეფექტიან კონკურენციასთან თავსებადობის შეფასების კრიტერიუმები კონცენტრაციის ეფექტიან კონკურენციასთან თავსებადობის შეფასებას ეროვნული ბანკი შემდეგ კრიტერიუმებზე დაყრდნობით ახორციელებს: ა) ჰორიზონტალური კონცენტრაციის შემთხვევაში, კონცენტრაციაში მონაწილე ეკონომიკური აგენტების საბაზრო წილები და კონცენტრაციის დონე ამ წესის მე-20 მუხლის მიხედვით; ბ) კონტრფაქტობრივი ელემენტები, მათ შორის, კონცენტრაციაში მონაწილე ერთ-ერთი მხარის მიერ ბაზარზე შესვლის ან გაფართოების სცენარი, ეკონომიკური აგენტის ბაზრიდან გასვლის სცენარი და კონკურენტული სატენდერო წინადადებების სცენარი ამ წესის 21-ე მუხლის შესაბამისად; გ) ჰორიზონტალური კონცენტრაციის შემთხვევაში, კონკურენციის შემზღუდველი ეფექტების წარმოშობის ალბათობა, რომელიც მოიცავს არაკოორდინირებულ და კოორდინირებულ ეფექტებს ამ წესის 22-ე და 23-ე მუხლების შესაბამისად; დ) არაჰორიზონტალური კონცენტრაციის შეფასების ელემენტებს, მათ შორის ვერტიკალური და კონგლომერატული ეფექტების კუთხით ამ წესის 24-ე-26-ე მუხლების შესაბამისად; ე) მაკომპენსირებელი ფაქტორები, რომლებიც მოიცავს მყიდველის ძალაუფლებას, ბაზარზე შესვლას და/ან გაფართოებას და ეფექტიანობას ამ წესის 28-ე მუხლის შესაბამისად; ვ) სტურუქტურული და ქცევითი ხასიათის ზომები ამ წესის 29-ე მუხლის შესაბამისად. მუხლი 20. საბაზრო წილებისა და კონცენტრაციის დონის შეფასება 1. საბაზრო წილების შეფასებისას ეროვნული ბანკი აფასებს იწვევს თუ არა კონცენტრაცია დომინანტური პოზიციის გაძლიერებას ან/და წარმოქმნას, კერძოდ, თუ კონცენტრაცია იწვევს დომინანტური მდგომარეობის წარმოქმნას ან გაძლიერებას, ივარაუდება, რომ ასეთი კონცენტრაცია არსებითად ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას საქართველოს ან მისი ნაწილის შესაბამის ბაზარზე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ კონცენტრაციის მხარე საწინააღმდეგოს დაასაბუთებს. 2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კონცენტრაციის მხარე ეროვნულ ბანკს დაუსაბუთებს, რომ დომინანტური მდგომარეობის წარმოქმნის ან გაძლიერების მიუხედავად, დაგეგმილი კონცენტრაცია არსებითად არ შეზღუდავს ეფექტიან კონკურენციას და მოჰყვება მნიშვნელოვანი დადებითი ეფექტები, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება დაგეგმილი კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის შესახებ. 3. თუ კონცენტრაციის შედეგად საქართველოს ან მისი ნაწილის შესაბამის ბაზარზე ეკონომიკურ აგენტთა ერთობლივი საბაზრო წილი არ აღემატება 15%-ს, ასეთი კონცენტრაცია ივარაუდება, რომ არსებითად არ ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას, თუ კონცენტრაცია არ მოიცავს ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ რომელიმე შემთხვევას (გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისაწილის გამოთვლისას ეროვნული ბანკი ეყრდნობა ეკონომიკურ აგენტთა ბაზარზე არსებულ მიმდინარე წილებს, თუმცა კონკრეტული შემთხვევის თავისებურებების გათვალისწინებით შესაძლოა, გონივრულობის ფარგლებში, განახორციელოს არსებული წილების კორექტირება, მოსალოდნელი სამომავლო ცვლილებების შესაბამისად. კონცენტრაციის შემდგომი წილის ოდენობა იანგარიშება როგორც კონცენტრაციაში მონაწილე ეკონომიკური აგენტების კონცენტრაციამდე არსებული წილების ჯამი. 4. თუ ერთსა და იმავე ბაზარზე მოქმედ ეკონომიკურ აგენტთა კონცენტრაციის შედეგად ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი არ აღემატება 1250-ს, ასეთი კონცენტრაცია არ იწვევს ეფექტიანი კონკურენციის არსებით შეზღუდვას. 5. თუ ერთსა და იმავე ბაზარზე მოქმედ ეკონომიკურ აგენტთა კონცენტრაციის შედეგად ჰერფინდალ - ჰირშმანის ინდექსი 1250-დან 2250-მდეა და მისი ცვლილება არ აღემატება 250-ს ან ჰერფინდალ - ჰირშმანის ინდექსი მეტია 2250-ზე და მისი ცვლილება ნაკლებია 150-ზე, მაშინ ასეთი კონცენტრაცია არ იწვევს ეფექტიანი კონკურენციის არსებით შეზღუდვას, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ: ა) კონცენტრაციაში მონაწილეობს პოტენციური კონკურენტი, რომელსაც უკვე გააჩნია მნიშვნელოვანი კონკურენტული ძალაუფლება ან მოიპოვებს მნიშვნელოვან კონკურენტულ ძალაუფლებას და სხვა კონკურენტების რაოდენობის გათვალისწინებით, მათი საპასუხო კონკურენტული ძალაუფლება არ იქნება საკმარისი შერწყმული საწარმოს კონკურენტული ძალაუფლების დასაბალანსებლად ან კონცენტრაციაში მონაწილეობს ბაზრის მცირე წილის მქონე ეკონომიკური აგენტი, რომელიც კონცენტრაციამდე ცოტა ხნით ადრე შემოვიდა ბაზარზე; ბ) კონცენტრაციაში მონაწილე ეკონომიკურ აგენტთა ინოვაციური პოტენციალი კონცენტრაციის მომენტისათვის მოცემული ბაზრის სტრუქტურაში ასახული არ არის; გ) სახეზეა ბაზრის მონაწილე სუბიექტებს შორის ჯვარედინი თანამონაწილეობა, რაც გულისხმობს ერთმანეთის წილების ფლობას და ხელმძღვანელი პირების მიმოცვლას; დ) კონცენტრაციაში მონაწილე ერთ-ერთი ეკონომიკური აგენტის საბაზრო წილი მინიმუმ 50%-ია; ე) კონცენტრაციაში მონაწილეობს ეკონომიკური აგენტი, რომელსაც აქვს რეალური შესაძლებლობა, არსებითად შეცვალოს ბაზრის არსებული სტრუქტურა; ვ) კონცენტრაციაში მონაწილე ეკონომიკურ აგენტებს შეუძლიათ კოორდინირებული მოქმედებით არსებითად შეცვალონ/გააუარესონ ბაზრის არსებული სტრუქტურა; ზ) სახეზეა ბაზრის მონაწილეთა შორის წარსულში არსებული არაერთჯერადი ხასიათის კოორდინირებული მოქმედებების ან სხვა ურთიერთხელშეწყობის ნიშნები; თ) სხვა ისეთი მოცემულობა ბაზარზე, რომლის არსებობა, მიუხედავად საბაზრო სტრუქტურისა და ეკონომიკურ აგენტთა წილების მაჩვენებლებისა, მიუთითებს იმაზე, რომ კონცენტრაცია შეიძლება იწვევდეს ეფექტიანი კონკურენციის არსებით შეზღუდვას. 6. საჭიროებიდან გამომდინარე, ბაზრის მონიტორინგისა და ანალიზისთვის, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, გამოიყენოს სხვა საერთაშორისოდ აღიარებული შემფასებლები და საზომები. 7. მაღალი საბაზრო წილები ან/და კონცენტრაციის განხორციელების შედეგად კონცენტრაციის მაღალი დონე თავისთვად არ გულისხმობს, რომ კონცენტრაცია ეფექტიან კონკურენციასთან შეუთავსებელია, აღნიშნული მხოლოდ შეფასების პირველადი ინდიკატორია. მუხლი 21. კონტრფაქტობრივი ელემენტების შეფასება 1. ეროვნული ბანკი კონცენტრაციის შეფასებისას კონტრფაქტობრივ ელემენტებს აფასებს, რომლებიც შესაძლოა იყოს: ა) კონცენტრაციაში მონაწილე ერთ-ერთი მხარის ბაზარზე შესვლის ან გაფართოების სცენარი; ბ) ეკონომიკური აგენტის ბაზრიდან გასვლის სცენარი; გ) რამდენიმე კონკურენტული სატენდერო წინადადების სცენარი. 2. ეროვნული ბანკი ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სცენარის შეფასებისას შემდეგ ფაქტორებს ითვალისწინებს: ა) კონცენტრაციაში მონაწილე ეკონომიკური აგენტების ბაზარზე შესვლის ან გაფართოების მტკიცებულება, რაც შესაძლოა მოიცავდეს მათი ბაზარზე შესვლის ან გაფართოების განზრახვის პირდაპირ მტკიცებულებას, მათ შორის, მათი კომერციულ სტრატეგია და კონცენტრაციის საფუძველი. ბ) ბაზარზე შესვლის ან გაფართოების მასშტაბი და ინტენსიურობა; გ) დინამიკური კონკურენციის დაკარგვა, როდესაც კონცენტრაციაში მონაწილე ეკონომიკური აგენტები ერთმანეთს კონკურენციას უწევენ ბაზარზე შესვლასა და გაფართოებაში ჩადებული რესურებითა და ინვესტირებით ან აქვთ შესაბამისი საპასუხო რეაქციები პოტენციურ ბაზარზე შემსვლელების მიმართ; დ) მოსალოდნელია თუ არა მესამე მხარის მიერ ბაზარზე შესვლა ან გაფართოება კონცენტრაციის არსებობის ან არარსებობის პირობებში. 3. ეროვნული ბანკი აფასებს, გავიდოდა თუ არა კონცენტრაციაში მონაწილე რომელიმე ეკონომიკური აგენტი ბაზრიდან კონცენტრაციის არარსებობის პირობებშიც. თუ ეროვნული ბანკი დაადგენს, რომ კონცენტრაციაში მონაწილე რომელიმე ეკონომიკური აგენტი ბაზარს კონცენტრაციის არარსებობის პირობებშიც დატოვებდა და არ არსებობდა ალტერნატიული, ნაკლებად ანტიკონკურენტული შემსყიდველი, ეროვნული ბანკი ჩათვლის, რომ ასეთი კონცენტრაცია არსებითად არ ზღუდავს ეფექტურ კონკურენციას. 4. კონცენტრაციის რამდენიმე პოტენციური მონაწილის არსებობის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი თითოეულ ტრანზაქციას განიხილავს ინდივიდუალურად, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში და აფასებს ზღუდავს თუ არა ეფექტურ კონკურენციას თითოეული შემოთავაზებული კონცენტრაცია. აღნიშნული არ გულისხმობს ეროვნული ბანკის მხრიდან პოტენციური ტრანზაქციების შედარებითი ანალიზის განხორციელებას. ამ პუნქტით გათვალისწინებული შეფასებისას, ეროვნული ბანკი არ ითვალისწინებს სტრუქტურული და ქცევითი ხასიათის ღონისძიებების გამოყენების საკითხს. მუხლი 22. კონცენტრაციის არაკოორდინირებული ეფექტების შეფასება 1. ეროვნული ბანკი აფასებს კონცენტრაციის არაკოორდინირებულ ეფექტებს, რომელიც შესაძლოა ერთი ან რამდენიმე ეკონომიკური აგენტისთვის მნიშვნელოვანი კონკურენტული წნეხის შესუსტებაში გამოიხატოს, რასაც სავარაუდოდ შედეგად მოჰყვება კოორდინირებული ქცევისგან დამოუკიდებლად საბაზრო ძალაუფლების გაძლიერება. ეროვნული ბანკი კონცენტრაციის არაკოორდინირებული ეფექტების შეფასებისას, მათ შორის, ერთ ან რამდენიმე შემდეგ კრიტერიუმს ითვალისწინებს: ა) კონცენტრაციაში მონაწილე ეკონომიკური აგენტების საბაზრო წილებს; ბ) რამდენად მჭიდრო კონკურენტები არიან კონცენტრაციაში მონაწილე ეკონომიკური აგენტები და რამდენად ჩანაცვლებად პროდუქტებს/მომსახურებას სთავაზობენ მომხმარებელს; გ) რა გავლენას ახდენს კონკურენტების ან კონცენტრაციაში მონაწილე ეკონომიკური აგენტების რეპოზიციონირება ან პროდუქტების ხაზის გაფართოების შესაძლებლობა, კონცენტრაციის შედეგად წარმოქმნილი ეკონომიკური აგენტის მიერ ფასების ზრდის სტიმულზე; დ) მომხმარებლების მიერ ალტერნატიულ მიმწოდებელზე გადასვლის შესაძლებლობას, რომლის შეფასებისას მნიშვნელოვან მტკიცებულებას შესაძლოა წარმოადგენდეს მომხმარებელთა მიერ წარსულში მიმწოდებლის შეცვლის პრაქტიკა და ფასის ცვლილებაზე მათი რეაქციები; ე) კონკურენტების შესაძლებლობას, ფასების ზრდის შემთხვევაში გაზარდონ მიწოდების მოცულობა; ვ) კონცენტრაციის შედეგად წარმოქმნილი ეკონომიკური აგენტის შესაძლებლობას გაზარდოს მომხმარებელთა ძალაუფლება აღმავალ ბაზრებზე, რაც სავარაუდოა, რომ ეფექტურ კონკურენციას მნიშვნელოვნად შეზღუდავს დომინანტური მდგომარეობის წარმოქმნის ან გაძლიერების გზით; ზ) კონცენტრაციის შედეგად წარმოქმნილი ეკონომიკური აგენტის შესაძლებლობას კონკურენტების გაფართოებას ხელი შეუშალოს, რომლის შეფასებისას ეროვნული ბანკი, მათ შორის, ითვალისწინებს: კონცენტრაციის შედეგად წარმოქმნილი ეკონომიკური აგენტის კონტროლის ხარისხს ან გავლენას წარმოების ფაქტორის მიწოდებაზე ან განაწილების შესაძლებლობაზე, რაც შესაძლოა კონკურენტი საწარმოების გაფართოების ან/და ბაზარზე შესვლის ხარჯებს ზრდიდეს; კონცენტრაციის შედეგად წარმოქმნილი ეკონომიკური აგენტის კონტროლს პატენტებსა და სხვა სახის ინტელექტუალურ საკუთრებაზე; ბაზრებზე, რომლებისთვისაც სხვადასხვა ინფრასტრუქტურებსა ან პლატფორმებს შორის თავსებადობა მნიშვნელოვანია, შერწყმის შედეგად წარმოქმნილი ეკონომიკური აგენტის შესაძლებლობას და სტიმულს გაზარდოს ხარჯები ან/და კონკურენტებისათვის მიწოდებული მომსახურების ხარისხი გააუარესოს; თ) კონცენტრაციაში ზღვრული მიმწოდებლის მონაწილეობას; ი) კონცნეტრაციის შედეგად მნიშვნელოვანი კონკურენტული ძალის შემცირებას, მათ შორის ისეთ ბაზრებზე, სადაც ინოვაცია მნიშვნელოვანი კონკურენტული ძალაა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კრიტერიუმის შეფასებისას, მონაცემების ხელმისაწვდომობის შემთხვევაში, ჩანაცვლებადობის ხარისხი შესაძლოა შეფასდეს მომხმარებელთა არჩევანის განმსაზვრელ კვლევებზე, შესყიდვის პრაქტიკების ანალიზზე, პროდუქტების ჯვარედინი-ფასების ელასტიურობის შეფასებასა და სხვა ხელმისაწვდომ ინფორმაციასა და მონაცემებზე დაყრდნობით. სატენდერო ბაზრების შემთხვევაში შესაძლოა, შეფასდეს შერწყმაში მონაწილე ერთი მხარის მიერ შეთავაზებული წინადადებები წარსულში რამდენად შემოიფარგლებოდა შერწყმაში მონაწილე მეორე მხარის ტენდერში მონაწილეობით. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებს ეროვნული ბანკი არამხოლოდ დინამიკური და არსებული კონკურენციის პერსპექტივიდან, არამედ პოტენციური/სამომავლო კონკურენციის კუთხითაც აფასებს. კონცნეტრაციით გამოწვეული კონკურენციის შეზღუდვა შესაძლოა, იყოს როგორც მიმდინარე, ასევე პოტენციური ან სამომავლო შეზღუდვა. მუხლი 23. კოორდინირებული ეფექტების შეფასება 1. ეროვნული ბანკი აფასებს კონცენტრაციის კოორდინირებულ ეფექტებს, რომელიც ბაზარზე კონკურენტული მდგომარეობის ისეთ ცვლილებას გულისხმობს, რის შედეგადაც ეკონომიკური აგენტების მიერ კოორდინაციის განხორციელება და ფასების გაზრდა ან ეფექტური კონკურენციის სხვაგვარად შეზღუდვა მეტად მოსალოდნელი ხდება. 2. კონცენტრაცის კოორდინირებული ეფექტების შეფასება მოიცავს მის შეფასებას ისეთი ეკონომიკური აგენტებისთვის, რომლებიც კონცენტრაციამდეც ახორციელებდნენ კოორდინაციას. ასეთ დროს ეროვნული ბანკი აფასებს, რამდენად მარტივდება კოორდინაციის განხორციელების შესაძლებლობა და მისი სტაბილურობის შენარჩუნება. 3. ეკონომიკურ აგენტებს შორის კოორდინაცია შესაძლოა, იყოს როგორც აშკარა, რომელიც მხარეებს შორის კომუნიკაციასა და შეთანხმების არსებობას გულისხმობს, ასევე ფარული, რომელიც ფორმალური შეთანხმების გარეშე, მხარეებს შორის ნაგულისხმევი ურთიერთგაგების შედეგად მიიღწევა. 4. კოორდინაცია შესაძლოა, განხორციელდეს სხვადასხვა ფორმით და გავლენა ჰქონდეს კონკურენციის სხვადასხვა ასპექტზე. გამოყენებული კოორდინაციის ფორმისა და მექანიზმის მიუხედავად, კოორდინაციის შედეგი, როგორც წესი, ეკონომიკური აგენტების მიერ ფასების კონკურენტულ დონეზე უფრო მაღალ დონეზე შენარჩუნებაა. კოორდინაცია შესაძლოა, მათ შორის, შემდეგი ფორმებით განხორციელდეს: ა) ფასების შენარჩუნება კონკურენტული ფასების დონეზე მაღლა; ბ) წარმოების ან ახალი მოცულობის ბაზარზე შეტანის შეზღუდვა; გ) ბაზრების დაყოფა გეოგრაფიული ნიშნით, მომხმარებელთა მახასიათებლების მიხედვით ან სატენდერო ბაზრებზე კონტრაქტების ერთმანეთს შორის განაწილებით; დ) მონათესავე ბაზარზე ოპერირებადი ეკონომიკური აგენტების მიერ ბაზარზე კონკურენტული პროდუქტების შეტანისგან თავის არიდების გზით; ე) კონკურენტების მიერ ბაზარზე კონკურენტული შეთავაზების გარკვეული ინტენსიური ფორმებისგან თავის არიდებაზე შეთანხმებით. 5. კოორდინირებული ეფექტების მოსალოდნელობის შეფასებისას, ეროვნული ბანკი ითვალისწინებს ყველა რელევანტურ ხელმისაწვდომ ინფორმაციას ბაზრის მახასიათებლების შესახებ, რაც მოიცავს როგორც სტრუქტურულ მახასიათებლებს, ასევე ინფორმაციას ეკონომიკურ აგენტთა წარსულში ქცევის შესახებ. 6. ბაზარზე წინარე კოორდინაციის შემთხვევების არსებობა მიანიშნებს რომ კოორდინაციის მიღწევისათვის საჭირო პირობები კონცენტრაციამდეც არსებობდა, თუმცა, წინარე კოორდინაციის არსებობა კოორდინირებული ეფექტების მეშვეობით ეფექტიანი კონკურენციის არსებითი შეზღუდვის დადგენის უპირობო წინაპირობას არ წარმოადგენს. 7. კონცენტრაციის კოორდინირებული ეფექტების მოსალოდნელობის შესაფასებლად, ეროვნული ბანკი შემდეგი ორი პირობის არსებობას ითვალისწინებს: ა) ეკონომიკური აგენტების მიერ კოორდინაციის საერთო პირობების მიღწევის შესაძლებლობა, ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად; ბ) რამდენად მდგრადი იქნება კოორდინაცია, ამ მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად. 8. ეროვნული ბანკი, ეკონომიკური აგენტების მიერ კოორდინაციის საერთო პირობების მიღწევის შესაძლებლობას შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე აფასებს: ა) კოორდინაციაში მონაწილე ეკონომიკურ აგენტთა რაოდენობა; ბ) კოორდინაციისთვის საჭირო საერთო პარამეტრები, რაც გულისხმობს ეკონომიკური აგენტების შესაძლებლობას მიაღწიონ კოორდინაციის პირობების შესახებ შეთანხმებას კონკურენციის პარამეტრების გამარტივების ან პარამეტრების ქვეჯგუფზე ფოკუსირების გზით; გ) სიმეტრიულობა, რაც ეკონომიკური აგენტების მსგავსებას გულისხმობს, მათ შორის, ხარჯების სტრუქტურის, შესაძლებლობების დონისა და ვერტიკალური ინტეგრაციის კუთხით; დ) სტრუქტურული კავშირები, რაც გულისხმობს მნიშვნელოვან სტრუქტურულ კავშირებს, (მათ შორის, არიან თუ არა ეკონომიკური აგენტები ერთმანეთისთვის მიმწოდებლები ან მომხმარებლები, აქვთ თუ არა ჯვარედინი წილები ან/და მიეკუთვნებიან თუ არა საერთო სავაჭრო გაერთიანებებს), რომლებმაც შესაძლოა, ასევე ხელი შეუწყონ კოორდინაციის პირობების შესახებ შეთანხმებას/საერთო გაგებას. 9. ეროვნული ბანკი კოორდინაციის მდგრადობას შემდეგ კრიტერიუმებზე დაყრდნობით აფასებს: ა) კოორდინაციის მონაწილე ეკონომიკურ აგენტთა შესაძლებლობა საკმარისი ხარისხით განახორციელონ კოორდინაციის პირობების შესრულების მონიტორინგი, შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით: ა.ა) კონკურენტების ქცევაზე დაკვირვების შესაძლებლობა - რასაც ხელს უწყობს ეკონომიკური აგენტების სტრატეგიული არჩევანისა და ბაზრის შედეგების გამჭვირვალობა, განსაკუთრებით როდესაც გამჭვირვალობა კოორდინირებული ქცევიდან გადახრის დროულად გამოვლენის შესაძლებლობას იძლევა; ა.ბ) ბაზრის სტაბილურობა, რამდენადაც აღნიშნული ხელს უწყობს კოორდინირებული ქცევიდან გადახრის პროგნოზირებასა და აღმოჩენას; ბ) შესაბამისი შემაკავებელი მექანიზმების არსებობა, რომელიც ამოქმედდება კოორდინაციის პირობებიდან გადახვევის აღმოჩენის შემთხვევაში, შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით: ბ.ა) რეაგირების დროულობა, კერძოდ, რამდენად სწრაფად მოჰყვება რეაგირება შესაბამის გადახვევას კოორდინაციის პირობებიდან; ბ.ბ) რეაგირების ეფექტურობა – რამდენად შეუძლია რეაგირების ზომას კოორდინირებული ქმედებიდან გადახრის პრევენცია, მათ შორის, ზომის გამოყენებასთან დაკავშირებული დანახარჯების გათვალისწინებით; ბ.გ) რეაგირების შესაძლებლობა სხვა დაკავშირებულ ბაზრებზე - თუ ეკონომიკურ აგენტებს აქვთ დაკავშირებული კომერციული საქმიანობა სხვა ბაზრებზე, რეაგირება შესაძლოა, ამ ბაზრებზე განხორციელდეს; გ) კოორდინირებულ ჯგუფს მიღმა მყოფი გარე მხარეების (არსებული და პოტენციური კონკურენტები) ასევე მომხმარებელების შესაძლებლობა შეაფერხონ კოორდინაციის შედეგების მიღწევა, შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით: გ.ა) მიმდინარე კონკურენცია – კოორდინაცია ნაკლებად მდგრადი იქნება თუ კოორდინირებულ ჯგუფს მიღმა მყოფი კონკურენტები ბაზრის მნიშვნელოვან წილს ფლობენ; გ.ბ) დინამიკური კონკურენცია, რაც მოიცავს ბაზარზე ახალი კონკურენტების შემოსვლის შესაძლებლობისა და მაკომპენსირებელი მომხმარებელთა ძალაუფლების ფაქტორის კოორდინაციაზე უარყოფითი გავლენის შეფასებას. მუხლი 24. არაჰორიზონტალური კონცენტრაციის შეფასება 1. არაჰორიზონტალური კონცენტრაციის კონკურენციასთან თავსებადობის შეფასებისას, ეროვნული ბანკი ხელმძღვანელობს ამ თავით გათვალისწინებული ზოგადი კრიტერიუმებითა და პარამეტრებით თუ არაჰორიზონტალური კონცენტრაციის შეფასებისათვის ამ მუხლითა და 25-ე-30-ე მუხლებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. თუ არაჰორიზონტალური კონცენტრაციის შედეგად შექმნილი ეკონომიკური აგენტი შერწყმისთვის გაცხადებულ თითოეულ შესაბამის ბაზარზე, კონცენტრაციის შედეგად არ მოიპოვებს 30%-ზე მეტ საბაზრო წილს და თითოეულ ასეთ ბაზარზე ჰერფინდალ - ჰირშმანის ინდექსი ნაკლებია 2250-ზე, სავარაუდოა, რომ ასეთი კონცენტრაცია არსებითად არ ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას, გარდა შემდეგი შემთხვევებისა: ა) საბაზრო ძალის ან ინოვაციური პოტენციალის გამო მოსალოდნელია კონცენტრაციაში მონაწილე ეკონომიკურ აგენტთა წილის მნიშვნელოვანი ზრდა; ბ) ბაზრის მონაწილეთა შორის არსებობს მნიშვნელოვანი ჯვარედინი თანამონაწილეობა, რაც გულისხმობს ბაზრის მონაწილე ეკონომიკური აგენტების მიერ ერთმანეთის წილების ფლობას, ასევე, ხელმძღვანელი პირების მიმოცვლას; გ) კონცენტრაციაში მონაწილეობს ეკონომიკური აგენტი, რომელსაც აქვს რეალური შესაძლებლობა, არსებითად შეცვალოს ბაზრის არსებული სტრუქტურა; დ) კონცენტრაციაში მონაწილე ეკონომიკურ აგენტებს აქვთ შესაძლებლობა კოორდინირებული მოქმედების გამოყენებით არსებითად შეცვალონ ბაზრის სტრუქტურა; ე) სახეზეა ბაზრის მონაწილეთა შორის წარსულში არსებული არაერთჯერადი ხასიათის შეთანხმებული მოქმედებების ან სხვა ურთიერთხელშეწყობის ნიშნები; ვ) სხვა ისეთი მოცემულობა ბაზარზე, რომლის არსებობა, მიუხედავად საბაზრო სტრუქტურისა და ეკონომიკურ აგენტთა წილების მაჩვენებლებისა, მიუთითებს, რომ კონცენტრაცია შეიძლება იწვევდეს ეფექტიანი კონკურენციის არსებით შეზღუდვას. მუხლი 25. ვერტიკალური ეფექტები 1. ვერტიკალური კონცენტრაციის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი აფასებს კონკურენტების შეზღუდვის შესაძლებლობას, შეზღუდვის სტიმულს და შეზღუდვის გავლენას კონკურენციაზე, შეზღუდვის შემდეგი ორი ფორმისთვის: ა) წარმოების ფაქტორზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა, როდესაც კონცნეტრაციის შედეგად მოსალოდნელია დაღმავალ ბაზრის სეგმენტზე კონკურენტებისთვის ხარჯების გაზრდა, მათთვის მნიშვნელოვან წარმოების ფაქტორზე წვდომის შეზღუდვის გზით; ბ) მომხმარებელზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა, როდესაც კონცნეტრაციის შედეგად მოსალოდნელია აღმავალ ბაზრის სეგმენტზე კონკურენტების შეზღუდვა, მათთვის საჭირო მომხმარებელთა ბაზებზე წვდომის შეზღუდვის გზით. 2. წარმოების ფაქტორზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვის შესაძლებლობის შეფასებისას ფასდება კონცნეტრაციის შედეგად წარმოქმნილი ეკონომიკური აგენტის უნარი კონკურენტებს აღნიშნული წვდომა მიწოდების პირობების გაუარესების გზით შეუზღუდოს. ასევე, რამდენად შეუძლია მსგავს შეზღუდვას გააუარესოს მათი კონკურენტუნარიანობა, შემდეგ კრიტერიუმებზე დაყრდნობით: ა) საბაზრო ძალაუფლება აღმავალ ბაზარზე, რაც გულისხმობს დაღმავალი კონკურენტების შესაძლებლობის შეფასებას, შეზღუდვის შემთხვევაში შეიცვალონ მომწოდებელი; ბ) წარმოების ფაქტორის მნიშვნელობა, რაც გულისხმობს როგორც წარმოების ფაქტორზე გაწეული შესაბამისი დანახარჯების, ასევე, წარმოების ფაქტორის მნიშვნელობის შეფასებას პროდუქტის ხარისხის ან/და ინოვაციურობის უზრუნველყოფისთვის. 3. ეროვნული ბანკი, შერწყმის შედეგად წარმოქმნილი ეკონომიკური აგენტის სტიმულს შეზღუდოს წარმოების ფაქტორზე კონკურენტების ხელმისაწვდომობა, ხარისხობრივ და რაოდენობრივ მტკიცებულებებზე დაყრდნობით აფასებს და ითვალისწინებს, მათ შორის, ბიზნეს - სტრატეგიას, დაღმავალი ბაზრის სეგმენტზე გაყიდვებიდან მოგების მოცულობას, აღმავალი ბაზრის სეგმენტზე გაყიდვებიდან დანაკარგების მოცულობას, ფარდობითი მოგების მარჟას, სხვა ხარჯებსა და სარგებელს. 4. წარმოების ფაქტორზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვის კონკურენციაზე გავლენის შეფასებისას, ეროვნული ბანკი აფასებს, თუ რამდენად მოახდენს კონკურენტებისთვის მიყენებული ზიანი გავლენას მთლიანობაში დაღმავალი ბაზრის კონკურენტულ გარემოზე. აღნიშნული მოიცავს ბაზარზე შესვლის ბარიერების გაძლიერებისა და მომხმარებელზე ნეგატიურ გავლენის შეფასებას, რომელიც შესაძლოა გარკვეული დროის შემდეგ რეალიზდეს. 5. კონცნეტრაციის შედეგად წარმოქმნილი ეკონომიკური აგენტის მიერ კონკურენტებისათვის მომხმარებელზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვის შესაძლებლობის განსაზღვრისას, ფასდება დაღმავალ ეკონომიკურ აგენტზე კონტროლის გამოყენების შესაძლებლობა, რათა შესყიდვებმა კონკურენტებიდან მასზე გადმოინაცვლოს. ეროვნული ბანკი ასევე აფასებს რამდენად შეუძლია შეზღუდვას კონკურენტების კონკურენტუნარიანობის გაუარესება, შემდეგ კრიტერიუმებზე დაყრდნობით: ა) მომხმარებლის ზომა, რაც გულისხმობს, რომ დაღმავალი მხარე უნდა იყოს მნიშვნელოვანი მომხმარებელი, რომელზეც შესყიდვების არსებითი წილი მოდის; ბ) მასშტაბის მნიშვნელობა აღმავალი ბაზრის სეგმენტისთვის, რაც გულისხმობს, რომ გაყიდვების შემცირება მხოლოდ იმ შემთხვევაში იწვევს კონკურენტების ეფექტურობის დაკარგვას, როდესაც გაყიდვების მოცულობასა და ეკონომიკური აგენტების კონკურენტუნარიანობას შორის მნიშვნელოვანი კავშირია. 6. ეროვნული ბანკი, შერწყმის შედეგად წარმოქმნილი ეკონომიკური აგენტის მიერ მომხმარებელზე კონკურენტების ხელმისაწვდომობის შეზღუდვის სტიმულის შეფასებისას, ითვალისწინებს თუ რამდენად აღემატება კონკურენტების შეზღუდვის შედეგად აღმავალ ბაზრის სეგმენტზე (გაყიდვების ზრდით) გამოწვეული სარგებელი, დაღმავალ ბაზრის სეგმენტზე გაუარესებული შეთავაზების შედეგად მიღებულ დანაკარგებს. აღნიშნული შეფასების პროცესში ეროვნული ბანკი ითვალისწინებს ბიზნეს სტრატეგიას, აღმავალ ბაზრის სეგმენტზე გაყიდვებიდან მოგების მოცულობას, დაღმავალ ბაზრის სეგმენტზე გაყიდვებიდან დანაკარგების მოცულობას, ფარდობითი მოგების მარჟას, სხვა ხარჯებსა და სარგებელს. 7. მომხმარებელზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვის კონკურენციაზე გავლენის შეფასებისას, ეროვნული ბანკი აფასებს თუ რამდენად მოახდენს კონკურენტებისთვის მიყენებული ზიანი გავლენას მთლიანობაში აღმავალი ბაზრის კონკურენტულ გარემოზე. მუხლი 26. კონგლომერატული ეფექტები 1. კონგლომერატული ეფექტების შეფასებისას ეროვნული ბანკი აფასებს კონცენტრაციის შედეგად წარმოქმნილი ეკონომიკური აგენტის მიერ კონკურენტების შეზღუდვის შესაძლებლობას, შეზღუდვის სტიმულსა და შეზღუდვის ნეგატიურ გავლენას კონკურენციაზე. 2. კონცნეტრაციის შედეგად წარმოქმნილი ეკონომიკური აგენტის მიერ კონკურენტების შეზღუდვის შესაძლებლობის შეფასება გულისხმობს შეფასდეს თუ რამდენად შესაძლებელია ორი პროდუქტის დაკავშირება და ასევე რამდენად უარესდება მსგავსი მოქმედებით კონკურენტების კონკურენტუნარიანობა, შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით: ა) საბაზრო ძალაუფლება მომიჯნავე ბაზრებზე – რაც გულისხმობს, რომ სამიზნე ბაზარზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენის შესაძლებლობა მხოლოდ მომიჯნავე ბაზარზე მნიშვნელოვანი პოზიციის მოპოვების შემთხვევაში არსებობს; ბ) კომბინირებული შეთავაზების მიზანშეწონილობა – რაც გულისხმობს, მომხმარებელთა მიერ ორი პროდუქტის ერთობლივად შეძენის სტიმულისა და პროდუქტების დაკავშირების რეალისტურობის შეფასებას, რისთვისაც პროდუქტებისა და ბიზნეს მოდელების სამომავლო განვითარების შესაძლებლობებიც გაითვალისწინება; გ) კონკურენტების გაყიდვების შემცირება – რაც გულისხმობს შერწყმის შედეგად წარმოქმნილი ეკონომიკური აგენტის მიერ კონკურენტების გაყიდვების მნიშვნელოვანი მოცულობის მითვისების შესაძლებლობას, მათ შორის, პროდუქტების კომბინირების საფუძველზე მომხმარებელთა მიმხრობის გზით; დ) მასშტაბის მნიშვნელობა – რაც გულისხმობს, რომ მომხმარებელთა დაკარგვა იმ შემთხვევაში იწვევს კონკურენტთა ეფექტურობის დაკარგვას, თუ გაყიდვების მოცულობასა და კონკურენტუნარიანობას შორის მნიშვნელოვანი კავშირია. 3. კონკურენტების შეზღუდვის სტიმულის შეფასებისას ეროვნული ბანკი აფასებს, რამდენად აღემატება სამიზნე ბაზარზე კონკურენტების შეზღუდვის შედეგად გაზრდილი გაყიდვებიდან მიღებული სარგებელი მომიჯნავე ბაზარზე გაყიდვების შემცირების საფუძველზე მიღებულ დანაკარგებს, შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით: ბიზნესსტრატეგია, სამიზნე ბაზარზე გაყიდვების ზრდა, მომიჯნავე ბაზარზე გაყიდვების შემცირება, ფარდობითი მოგების მარჟა, სხვა დანაკარგები და სარგებელი. 4. ეროვნული ბანკი აფასებს, თუ რამდენად მოახდენს კონკურენტების შეზღუდვა გავლენას მთლიანობაში სამიზნე ბაზრის კონკურენტულ გარემოზე. აღნიშნული შეფასება არსებითად შეზღუდვის შესაძლებლობისა და სტიმულის შეფასების დროს გამოყენებულ მტკიცებულებებს ეფუძნება. კონკურენტების შეზღუდვა სამიზნე ბაზრის კონკურენტული გარემოს გაუარესებას იმ შემთხვევაში იწვევს, როდესაც აღნიშნული კონკურენტების სამიზნე ბაზარზე მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. მუხლი 27. კონცენტრაციის შეფასების დამატებითი პარამეტრები ეროვნული ბანკი, „ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 478 მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით, აფასებს კონცენტრაციის თავსებადობას და გავლენას ფინანსურ სტაბილურობაზე, რა დროსაც, მათ შორის, შემდეგ პარამეტრებს ითვალისწინებს: ა) ეკონომიკური აგენტის/აგენტების პრუდენციულ საზედამხედველო მოთხოვნებთან შესაბამისობის კუთხით კონცენტრაციით გამოწვეული ცვლილების ხარისხს; ბ) კონცენტრაციის გავლენას კონცენტრაციაში მონაწილე კომერციული ბანკის/ბანკების ეფექტური რეზოლუციის შესაძლებლობაზე (კომერციული ბანკების კონცენტრაციის შემთხვევაში); გ) სხვა პარამეტრებს, კონკრეტული ბაზრის სპეციფიკიდან გამომდინარე. მუხლი 28. კონცენტრაციის მაკომპენსირებელი ფაქტორების შეფასება 1. ეროვნული ბანკი აფასებს კონცენტრაციის მაკომპენსირებელ ფაქტორებს, რომლებმაც შესაძლოა, გამორიცხონ ან შეამსუბუქონ კონცენტრაციის შედეგად კონკურენციის არსებითი შეზღუდვის პოტენციური შედეგები. 2. კონცენტრაციის მაკომპენსირებელი ფაქტორები შესაძლოა გამოიხატოს ერთი ან რამდენიმე შემდეგი ფაქტორის სახით: ა) კონცენტრაციის ეფექტიანობით; ბ) მესამე მხარეების ბაზარზე შესვლით ან ბიზნესის გაფართოებით, რომელიც კონცენტრაციის განხორციელებასთან იქნება დაკავშირებული; გ) მომხმარებელთა ძალაუფლებით. 3. ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული კონცენტრაციის ეფექტიანობას ეროვნული ბანკი შემდეგი კატეგორიების მიხედვით აფასებს: ა) კონკურენციის ხელშეწმყობი ფაქტორები, რომლებიც ცვლიან კონცენტრაციის მონაწილე საწარმოების სტიმულებს და აუმჯობესებენ კონკურენტულ გარემოს; ბ) მომხმარებელთა სარგებელი, რაც გამოწვეულია კონცენტრაციის მონაწილეების რესურსებისა ან/და აქტივების კომბინაციის შედეგად. 4. ეფექტიანობის შეფასებისას ეროვნული ბანკი აფასებს, რამდენად კმაყოფილდება შემდეგი ფაქტორები: ა) კონკურენცია ძლიერდება იმ პროდუქტების მიწოდებაში, სადაც სხვაგვარად კონცენტრაციის შედეგად კონკურენციის არსებითი შეზღუდვა იქნებოდა; ბ) ეფექტიანობა დროული, სავარაუდო და საკმარისია კონკურენციის არსებითი შეზღუდვის ეფექტების თავიდან ასაცილებლად; გ) ეფექტიანობა კონცენტრაციის უშუალო შედეგია; დ) ეფექტიანობა სარგებლის მომტანია მომხმარებლებისთვის. 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომხმარებელთა სარგებლიანობის შეფასებისას, ეროვნული ბანკი აფასებს რამდენად გადაწონის მომხმარებელთა სარგებელი კონცენტრაციის შედეგად გამოწვეულ შედეგებს. ამასთან, სტრუქტურული და ქცევითი ღონისძიებების შერჩევისას ეროვნული ბანკი უპირატესობას ანიჭებს იმ ზომებს, რომლებიც მომხმარებელთათვის უფრო მეტი სარგებლის მომტანია. 6. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბაზარზე შესვლის ან/და გაფართოების ფაქტორის შეფასებისას ეროვნული ბანკი აფასებს რამდენად კმაყოფილდება შემდეგი ფაქტორები: ა) ბაზარზე შესვლა ან/და გაფართოება დროულია, რასაც ეროვნული ბანკი ბაზრის სპეციფიკურობისა და დინამიკურობის მიხედვით აფასებს; ბ) ბაზარზე შესვლა ან/და გაფართოება სავარაუდოა, რა დროსაც ეროვნული ბანკი აფასებს კონკურენტების სტიმულებსა და ბაზარზე შესვლის ან/და გაფართოების შესაძლებლობებს, ბაზარზე შესვლის ბარიერების სირთულეს; გ) რამდენად საკმარისი იქნება ბაზარზე შესვლის ან/და გაფართოების ფაქტორი კონკურენციის არსებითი შეზღუდვის ეფექტების თავიდან ასაცილებლად, რა დროსაც ეროვნული ბანკი მხედველობაში იღებს ბაზარზე შესვლის ან/და გაფართოების მასშტაბს; დ) ბაზარზე შესვლის ინიციატორის სტრატეგია და ბიზნესგეგმა. 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული კრიტერიუმები ერთდროულად უნდა იქნეს დაკმაყოფილებული. 8. მომხმარებელთა სარგებლიანობის ფაქტორის შეფასებისას ეროვნული ბანკი აფასებს მომხმარებელთა სავაჭრო ძალაუფლებას, რომელიც შესაძლოა, მომხმარებლებს გააჩნდეთ მათი ზომის, კომერციული მნიშვნელობის ან/და ალტერნატიული მიმწოდებლის შეცვლის შესაძლებლობის გათვალისწინებით. ეროვნული ბანკი ასევე აფასებს მომხმარებლების მხრიდან მომწოდებლის შეცვლის შესაძლებლობასა და მომხმარებელთა მხრიდან მათივე ძალაუფლების გამოყენების სტიმულებს. 9. ამ მუხლით გათვალისწინებული მაკომპენსირებელი ფაქტორებისსარწმუნოობისა და განხორციელებადობის თაობაზე მტკიცების ტვირთი ეკისრებათ კონცენტრაციაში მონაწილე მხარეებს. მუხლი 29. სტრუქტურული და ქცევითი ხასიათის ღონისძიებები 1. კონცენტრაციის მონაწილე მხარეებს შეუძლიათ კონცენტრაციის შეფასების პროცესის ნებისმიერ ეტაპზე ეროვნულ ბანკს შესაბამისი სტრუქტურული ან/და ქცევითი ხასიათის ღონისძიებების განხორციელება შესთავაზონ. 2. თუ კონცენტრაციის შეფასების რომელიმე ეტაპზე ეროვნულ ბანკს გაუჩნდება გონივრული ეჭვი, რომ დაგეგმილი კონცენტრაცია შესაძლოა არ შეესაბამებოდეს კონკურენტულ გარემოს და შედეგად მოსალოდნელი იყოს ეფექტური კონკურენციის არსებითი შეზღუდვა, ეროვნული ბანკი ატყობინებს კონცენტრაციის მონაწილე მხარეებს მისი გონივრული ეჭვისა და შესაბამისი გარემოებების შესახებ და განუსაზღვრავს ვადას სტრუქტურული ან/და ქცევითი ხასიათის ღონისძიებების გატარებისთვის. 3. ამ მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრული ვადა არ უნდა იყოს 5 სამუშაო დღეზე ნაკლები. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მხარის დასაბუთებული მოთხოვნით გააგრძელოს დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენის ვადა მაქსიმუმ 15 სამუშაო დღით, რა დროსაც ამ წესის მე -15 მუხლით განსაზღვრული ვადა ჩერდება. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ზომები შესაძლოა, იყოს შემდეგი სახის: ა) სტრუქტურული ხასიათის ღონისძიება - მხარის/მხარეების მიერ ნაკისრი ვალდებულება, რომლის განხორციელების შედეგად იცვლება ბაზრის სტრუქტურა და შესაბამისი საწარმოს პოზიცია ამ ბაზარზე. სტრუქტურული ცვლილებები შეიძლება განხორციელდეს, სულ მცირე, ერთ-ერთი შემდეგი სახით: ა.ა) მოსალოდნელი კონცენტრაციის ნაწილობრივი აკრძალვით, თუ აღნიშნულის შედეგად შენარჩუნდება ბაზარზე კონკურენტული გარემო, რომელიც სხვაგვარად კონცენტრაციის შედეგად შეიცვლებოდა; ა.ბ) საქმიანობის/ბიზნესის ან აქტივების/აქციების გაყიდვით; ა.გ) სხვა საშუალებებით, რომლებიც გავლენას ახდენენ ბაზრის სტრუქტურაზე. ბ) ქცევითი ხასიათის ღონისძიება - მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულება, რომელიც გულისხმობს ეფექტური კონკურენციის შენარჩუნების მიზნით კონცენტრაციის მხარეების მიერ კონკრეტული ქმედებების განხორციელებას ან/და კონცენტრაციის მხარეების მხრიდან კონკრეტული მოქმედებებისგან თავის შეკავებას. 5. ეროვნული ბანკი მხოლოდ ქცევითი ხასიათის ღონისძიებას გამოიყენებს, თუ: ა) სტრუქტურული ხასიათის ღონისძიებების გატარება შეუძლებელია; ბ) კონკურენციის არსებით შეზღუდვას ხანმოკლე ხასიათი ექნება; გ) ქცევითი ხასიათის ღონისძიებების შედეგად შენარჩუნდება მომხმარებელთა ის არსებითი სარგებელი, რომელიც სტრუქტურული ხასიათის ღონისძიებების შედეგად გაუქმდებოდა. 6. სტრუქტურული და ქცევითი ხასიათის ღონისძიებების გადახედვისას ან ამგვარი ზომების განსაზღვრისას ეროვნული ბანკი სხვა საკითხებთან ერთად აფასებს ღონისძიებების განხორციელებადობასა და პროპორციულობას, იმის გათვალისწინებით, იქნება თუ არა აღნიშნული ღონისძიებები საკმარისი ეფექტიანი კონკურენციის შეზღუდვის თავიდან ასაცილებლად. ეროვნული ბანკი ორი თანაბრად ეფექტური ღონისძიებიდან ირჩევს ნაკლებად შემზღუდველ და ნაკლები დანახარჯის გამომწვევ ღონისძიებას. 7. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, საკუთარი ან მხარეების ინიციატივით, მოიწვიოს კონცენტრაციის მონაწილეები სტრუქტურულ ან/და ქცევით ხასიათს ღონისძიებებთან დაკავშირებით შესაბამისი დასაბუთების გასაცემად. საჭიროების შემთხვევაში, მხარეებს შესაძლოა, დამატებითი დრო მიეცით შეთავაზებული სტრუქტურული ან/და ქცევითი ხასიათის ღონისძიებების შესაფასებლად. 8. სტრუქტურული ან/და ქცევითი ხასიათის ღონისძიებების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, ბაზარზე საჯარო კონსულტაცია გაიაროს შემოთავაზებული ღონისძიებების ეფექტურობასთან დაკავშირებით. 9. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, კონცენტრაციის მხარეებისგან გარკვეული პერიოდულობით მოითხოვოს ინფორმაცია განხორციელებული სტრუქტურული ან/და ქცევითი ხასიათის ღონისძიებების შესახებ. 10. თუ ეროვნული ბანკი მიიჩნევს, რომ კონცენტრაციის მონაწილეთა მიერ წარდგენილი ღონისძიებების შედეგად, კონცენტრაცია არსებითად არ ზღუდავს ეფექტურ კონკურენციას ბაზარზე, ეროვნული ბანკი მიიღებს გადაწყვეტილებას კონვენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან შესაბამისობის თაობაზე. გადაწყვეტილება უნდა მოიცავდეს ინფორმაციას ღონისძიებებისა და მათი განხორციელების ვადების შესახებ. 11. თუ განსაზღვრული ღონისძიებები არ იქნა შესრულებული განსაზღვრულ ვადაში ან თუ კონცენტრაციის მონაწილეების მიერ არ მოხდა ღონისძიებების შეთავაზება, ეროვნული ბანკი საკუთარი ინიციატივით განსაზღვრავს შესასრულებელ სტრუქტურულ ან/და ქცევითი ხასიათის ღონისძიებების ან მიიღებს გადაწყვეტილებას კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან შეუთავსებლობის შესახებ. 12. თუ კონცენტრაცია განხორციელდა და ეკონომიკურმა აგენტმა შესაბამის ვადაში არ განახორციელა სტრუქტურული ან/და ქცევითი ხასიათის ღონისძიები ეკონომიკურ აგენტს დაეკისრება ფულადი ჯარიმა, რომლის ოდენობა თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე არ აღემატება ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების წინა ფინანსური წლის განმავლობაში ეკონომიკური აგენტის საშუალო დღიური ბრუნვის 5%-ს. მუხლი 30. შეფასების დროს გამოსაყენებელი მტკიცებულებები 1. ეროვნული ბანკი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეაფასებს კონცეტრაციის შეფასებასთან დაკავშირებულ პოტენციურ მტკიცებულებებს და გადაწყვეტილების მიღების პროცესში თითოეული მათგანის წონისა და მნიშვნელობის საკითხს. 2. მტკიცებულების გამოყენებისას ეროვნული ბანკი მხედველობაში იღებს კონცენტრაციის პოტენციური ნეგატიური გავლენების შეფასების ელემენტებს, ბაზარზე არსებული კონკურენციის ბუნებასა და სპეციფიკურობას, ასევე, მტკიცებულებების ხელმისაწვდომობასა და სანდოობას. 3. ეროვნული ბანკი შეფასებისას მხედველობაში იღებს როგორც კონცენტრაციის მხარეების აშკარად გამოხატულ განზრახვებს კონკურენციის არსებით შეზღუდვასთან დაკავშირებით, მათ შორის, ფასების ზრდის, კონკურენტების ბაზარზე წვდომის შეზღუდვის, ინოვაციების შეზღუდვის, ბაზარზე შესვლის ან/და გაფართოების მიმართულებით, ისე კონცენტრაციის მხარეების არაპირდაპირ ეკონომიკურ სტიმულებს. თავი VI ბაზრის მონიტორინგი მუხლი 31. ბაზრის მონიტორინგი და მისი დაწყების საფუძვლები 1. შესაბამისი პროდუქტების ან/და მომსახურების ბაზრებზე კონკურენტული გარემოს შეფასების მიზნით, ეროვნული ბანკი ახორციელებს ბაზრის მონიტორინგს. 2. მონიტორინგის დაწყების საფუძველი შესაძლებელია გახდეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ცნობები, ადმინისტრაციული ორგანოების მომართვა, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული დამატებითი მეთოდოლოგიური დოკუმენტი ან/და სხვა ნებისმიერი წყაროდან მიღებული ინფორმაცია. 3. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, ბაზრის მონიტორინგი სხვა მარეგულირებელ ორგანოსთან თანამშრომლობით განახორციელოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი რეკომენდაციები მისცეს მას. მუხლი 32. ბაზრის მონიტორინგის განხორციელების ზოგადი პროცედურა 1. მონიტორინგს დაქვემდებარებული ბაზრის განსაზღვრის შემდეგ ეროვნული ბანკი იწყებს მონიტორინგს, რომლის ხანგრძლივობაც არ არის შეზღუდული. 2. მონიტორინგის პროცესი მოიცავს ამ წესით განსაზღვრული შესაბამისი ბაზრის იდენტიფიცირებისა და იდენტიფიცირებულ შესაბამის ბაზარზე კონკურენტული გარემოს შეფასების ეტაპებს. 3. მონიტორინგის მიმდინარეობის პროცესში, თუ ეროვნული ბანკის მიერ მოძიებული და დამუშავებული ინფორმაცია იძლევა აღნიშნულის საფუძველს, შესაძლოა, შემუშავებულ იქნეს მონიტორინგის შუალედური ანგარიში/ანგარიშები იმგვარად, რომ ხელი არ შეეშალოს მონიტორინგის მიმდინარეობას. 4. მონიტორინგის დასრულების შემდეგ ეროვნული ბანკი ადგენს მონიტორინგის ანგარიშს, რომელიც არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და რომლითაც ფასდება ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემო. აღნიშნულ მონიტორინგის ანგარიშს ამტკიცებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „კონკურენციის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებული საქმის მოკვლევის, საჩივრის/განცხადების წარდგენისა და განხილვის წესით“ განსაზღვრული ეროვნული ბანკის კონკურენციის კომიტეტი. 5. მონიტორინგის ფარგლებში, შესაბამის ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით, შესაძლებელია გაიცეს რეკომენდაციები ან განისაზღვროს ამ წესის 29-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სტრუქტურული ან/და ქცევითი ხასიათს ღონისძიებები. 6. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევაში, ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ანგარიში 10 სამუშაო დღის ვადაში ქვეყნდება ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე, კონფიდენციალურობის წესების დაცვით. 7. თუ მონიტორინგის პროცესში გამოკვეთილი გარემოებები წარმოშობს გონივრულ ეჭვს შესაბამისი ეკონომიკური აგენტის/აგენტების მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის შესახებ, ეროვნული ბანკი საკუთარი ინიციატივით იწყებს საქმის მოკვლევას აღნიშნული პირის/პირების მიმართ. მუხლი 33. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების კონკურენტულ გარემოზე ზეგავლენის შეფასება 1. ეროვნულმა ბანკმა შესაძლოა, შესაბამისი ბაზრის მონიტორინგი განახორციელოს მის მიერ მიღებული იმ გადაწყვეტილების კონკურენტულ გარემოზე ზეგავლენის შეფასების მიზნით, რომელიც უკავშირდებოდა ამ შესაბამის ბაზარს ან მასზე მოქმედ ეკონომიკურ აგენტებს. 2. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების ზეგავლენის შეფასება ეფუძნება ბაზრის შედარებით ანალიზს გადაწყვეტილების მიღებამდე და გადაწყვეტილების მიღების შემდგომი პერიოდებისათვის. 3. გადაწყვეტილების ზეგავლენის შეფასებისას ყურადღება ექცევა როგორც შესაბამის ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემოს ანალიზს, ასევე ბაზრის ზოგად ეკონომიკურ მაჩვენებლებს, როგორიცაა ბაზრის მოცულობა, სამუშაო ადგილები, ფასების დონე, ინვესტიციები და სხვა. 4. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, ზეგავლენის შეფასების მიზნით, ბაზრის მონიტორინგი შესაძლოა დაიწყოს შესაფასებელი გადაწყვეტილების მიღებიდან არანაკლებ ერთი წლის შემდეგ. 5. გადაწყვეტილების ზეგავლენის შეფასების დასრულებისას დგება ანგარიში, რომელიც არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ანგარიში 10 სამუშაო დღის ვადაში ქვეყნდება ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე, კონფიდენციალურობის წესების დაცვით. 7. თუ გადაწყვეტილების კონკურენტულ გარემოზე ზეგავლენის შეფასების მონიტორინგის პროცესში გამოკვეთილი გარემოებები წარმოშობს გონივრულ ეჭვს ეკონომიკური აგენტის/აგენტების მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის შესახებ, ეროვნული ბანკი საკუთარი ინიციატივით იწყებს საქმის მოკვლევას.
|
დოკუმენტის კომენტარები