კონკურენციის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებული საქმის მოკვლევის, საჩივრის/განცხადების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ

კონკურენციის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებული საქმის მოკვლევის, საჩივრის/განცხადების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 67/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 28/05/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/06/2021
სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.016564
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
67/04
28/05/2021
ვებგვერდი, 01/06/2021
220090000.18.011.016564
კონკურენციის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებული საქმის მოკვლევის, საჩივრის/განცხადების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (01/06/2021 - 01/08/2023)

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №67/04

2021 წლის 28 მაისი

ქ. თბილისი

 

კონკურენციის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებული საქმის მოკვლევის, საჩივრის/განცხადების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 47-ე და 478 მუხლების, 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს კონკურენციის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებული საქმის მოკვლევის, საჩივრის/განცხადების წარდგენისა და განხილვის წესი თანდართული რედაქციის შესაბამისად.

 

მუხლი 2
ამ ბრძანების ამოქმედებამდე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დაწყებული საქმის მოკვლევა, საჩივრის/განცხადების განხილვა გაგრძელდეს ამ ბრძანებით დადგენილი წესით. 
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე



კონკურენციის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებული საქმის მოკვლევის, საჩივრის/განცხადების წარდგენისა და განხილვის წესი

 


მუხლი 1. მიზანი და მოქმედების სფერო  
1. კონკურენციის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებული საქმის მოკვლევის, საჩივრის/განცხადების წარდგენისა და განხილვის წესის (შემდგომში  წესი) მიზანია დაადგინოს საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) მიერ, საზედამხედველო უფლებამოსილების ფარგლებში, საქმის მოკვლევის, ასევე, საჩივრისა და განცხადების განხილვის წესი ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ კონკურენციის შესაძლო დარღვევის თაობაზე.

2. ამ წესის მიზნებისათვის ეკონომიკის რეგულირებად სფეროში იგულისხმება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი სფეროები.

3. ამ წესის მოქმედება ვრცელდება საფინანსო სექტორის შემდეგ წარმომადგენლებზე: კომერციული ბანკი, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება, საბროკერო კომპანია, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორი, ცენტრალური დეპოზიტარი, სპეციალიზებული დეპოზიტარი, საფონდო ბირჟა, საინვესტიციო ფონდი, აქტივების მმართველი კომპანია, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი, საგადახდო სისტემის ოპერატორი, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი და   აგრეთვე, სესხის გამცემ სუბიექტსა და საკრედიტო საინფორმაციო ბიუროზე (შემდგომში – ეკონომიკური აგენტი).

4. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება ანგარიშვალდებულ საწარმოებზე, გარდა იმ ანგარიშვალდებული საწარმოებისა, რომლებიც წარმოადგენენ ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სუბიექტებს.

5. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სარეზოლუციო უფლებამოსილებების განხორციელების პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებზე.

6. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონითა და კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი მნიშვნელობა.


მუხლი 2. ეროვნული ბანკის უფლებამოსილება  
ეროვნული ბანკი უფლებამოსილია:

ა) განიხილოს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების საქმე მის კომპეტენციას დაქვემდებარებულ ეკონომიკის რეგულირებად სფეროში;

ბ) განიხილოს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული კონკურენციის შემზღუდველი ხელშეკრულების, გადაწყვეტილების და შეთანხმებული ქმედების საქმე მის კომპეტენციას დაქვემდებარებულ ეკონომიკის რეგულირებად სფეროში;

გ) განახორციელოს საქმის მოკვლევა წარდგენილი საჩივრის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით;

დ) ეკონომიკურ აგენტს/მხარეს/დაინტერესებულ მხარეს მოსთხოვოს მისი საქმიანობის ან/და კონკრეტული ოპერაციის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის/დოკუმენტაციის (მათ შორის, კონფიდენციალური ინფორმაციის) წარდგენა, რომელიც საჭიროა მის მიერ შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელებისთვის;

ე) ეკონომიკური აგენტისთვის/მხარისთვის/დაინტერესებული მხარისთვის მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიუღებლობის შემთხვევაში სასამართლოს წარუდგინოს შუამდგომლობა შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში ეკონომიკური აგენტისგან/მხარისგან/დაინტერესებული მხარისგან ინფორმაციის/დოკუმენტაციის გამოთხოვის შესახებ;

ვ) შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში მხარეს/დაინტერესებულ მხარეს მოსთხოვოს ახსნა-განმარტებისთვის გამოცხადება;

ზ) საქმის მოკვლევის მიზნით ადგილზე შეამოწმოს შესაბამისი ეკონომიკური აგენტი წინასწარი შეტყობინებით ან წინასწარი შეტყობინების გარეშე;

თ) მოთხოვნილი ინფორმაციის განსაზღვრულ ვადაში მიუწოდებლობის შემთხვევაში ეკონომიკურ აგენტს დააკისროს ფულადი ჯარიმა ამ წესის მე-16 მუხლის შესაბამისად ან გამოიყენოს სხვა საზედამხედველო ზომა;

ი) თანხმობა განაცხადოს ან უარი თქვას „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოფხვრის მიზნით,  კონკრეტული ქმედების განხორციელების თაობაზე ეკონომიკური აგენტის მიერ შეთავაზებული პირობითი ვალდებულების მიღებაზე;

კ) „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში დააკისროს შესაბამისი ჯარიმა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის შესაბამისად;

ლ) საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს ექსპერტები საქმის მოკვლევის პროცესში;

მ) ეროვნული ბანკის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მიიღოს გადაწყვეტილება ეკონომიკური აგენტის გარკვეული ქმედების დროებით შეჩერების თაობაზე, თუ არსებობს აშკარა მტკიცებულება, რომ ეს ქმედება მნიშვნელოვნად ზღუდავს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 და მე-7 მუხლებით გათვალისწინებულ კონკურენციას;

ნ) ეკონომიკურ აგენტს მოსთხოვოს განხორციელებული ქმედების „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონთან, სფეროს მარეგულირებელ სხვა მოქმედ კანონმდებლობასთან, ამ წესთან და მათ საფუძველზე ეროვნული ბანკის მიერ გაცემულ რეკომენდაციებთან, წერილობით მითითებასთან, დამატებით მოთხოვნებთან, შესაბამის შეზღუდვებთან ან/და გადაწყვეტილებასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;

ო) კონკურენციის დამრღვევის მიმართ ფულად ჯარიმასთან ერთად გამოიყენოს სხვა სანქცია ან/და საზედამხედველო ზომა;

პ)  მიმართოს სსიპ  საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს საკითხის განხილვაში მონაწილეობის მიღების ან/და საკუთარი პოზიციის წარმოდგენის მოთხოვნით.


მუხლი 3. ინფორმაციის ღიაობა და კონფიდენციალური ინფორმაციის  დაცვა 
1. ეროვნული ბანკის საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად კონკურენციის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებული  გადაწყვეტილება საჯაროა და ქვეყნდება მის ოფიციალურ ვებგვერდზე, ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვით.

2. დაუშვებელია კონფიდენციალური ინფორმაციის გაცემა და საჯაროდ გავრცელება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა.

3. ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შემთხვევაში ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ეკონომიკურ აგენტს მოსთხოვოს აღნიშნული ინფორმაციის შემცველი დოკუმენტის არაკონფიდენციალური (კონფიდენციალური მონაცემების დაფარვის მიზნით დაშტრიხული) ვერსიის წარდგენა და განუსაზღვროს შესაბამისი ვადა.

4. განზოგადებული ინფორმაცია, რომელიც, როგორც წესი, საჯაროდ ხელმისაწვდომია, აგრეთვე ინფორმაცია, რომელიც ისტორიული ხასიათისაა, დაჯამებულია ან არასტრატეგიული მნიშვნელობისაა არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური, მათ შორის ინფორმაცია, შესაბამისი ბაზრის დეტალების, ასევე ეკონომიკური აგენტების რაოდენობისა და ვინაობის შესახებ.

 


მუხლი 4. განცხადების და საჩივრის წარდგენის უფლების მქონე პირები, მომჩივანისა და მოპასუხის უფლებები და ვალდებულებები
1. ეროვნულ ბანკში განცხადების წარდგენის უფლება აქვს განმცხადებელს. განმცხადებელი მხარედ არ მიიჩნევა. ეროვნული ბანკი მისთვის წარდგენილ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის თაობაზე განცხადებას ცნობად იღებს და გონივრული ეჭვის არსებობის შემთხვევაში იგი შეიძლება საკუთარი ინიციატივით მოკვლევის დასაწყებად გამოიყენოს.

2. საჩივრის ეროვნულ ბანკში წარდგენის უფლება აქვს მომჩივან ეკონომიკურ აგენტს, რომელსაც მიაჩნია, რომ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის შედეგად უშუალოდ ადგება ქონებრივი ზიანი. მან ეროვნულ ბანკში საჩივართან ერთად უნდა წარადგინოს მტკიცებულებები. მომჩივანი მხარედ განიხილება და მას ეკისრება საჩივარში საქმის გარემოებების დეტალური აღწერის და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება.

3. ეკონომიკურ აგენტს უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის თაობაზე ეროვნული ბანკისათვის მიმართვის გარეშე.

4. მოპასუხე არის პირი, რომლის წინააღმდეგაც ეროვნულ ბანკში წარდგენილია საჩივარი „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 ან/და მე-7 მუხლების სავარაუდო დარღვევის თაობაზე ან რომლის მიმართაც ეროვნულმა ბანკმა საკუთარი ინიციატივით დაიწყო საქმის მოკვლევა.

5. მომჩივანი ვალდებულია:

ა) ეროვნულ ბანკში წარადგინოს საჩივარი ამ წესის მიხედვით;

ბ) საჩივართან დაკავშირებით, ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ ვადაში წარადგინოს  გამოთხოვილი დამატებითი ინფორმაცია ან/და მტკიცებულები.

6. მომჩივანი/მოპასუხე და დაინტერესებული მხარე ვალდებულნი არიან:

ა) ეროვნულ ბანკს მიაწოდონ მის მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია, რომელიც საჭიროა ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში, ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ ვადაში;

ბ) ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში, მის მიერ განსაზღვრულ ვადაში, ცალ-ცალკე ან ერთობლივად გამოცხადდნენ ახსნა-განმარტებისთვის;

გ) ხელი არ შეუშალოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილ პირს/პირებს ადგილზე შემოწმების პროცედურის განხორციელების პროცესში.

7. მომჩივანს და მოპასუხეს უფლება აქვთ:

ა) ჰყავდეთ ადვოკატი ან/და წარმომადგენელი;

ბ) გაეცნონ საქმის მასალებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 99-ე მუხლით დადგენილი წესით;

გ) მოითხოვონ ინფორმაციის/მტკიცებულებების წარდგენის ვადის გახანგრძლივება;

დ) განაცხადონ აცილება ეროვნული ბანკის თანამშრომლის მიმართ, საქმის მოკვლევის  ნებისმიერ ეტაპზე;

ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოითხოვონ მათ მიერ ეროვნულ ბანკში წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობა.

8. მომჩივანს უფლება აქვს, საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე უკან გაიხმოს ეროვნულ ბანკში წარდგენილი საჩივარი. მომჩივანის მიერ საქმის გახმობის შემთხვევაში საქმის მოკვლევა წყდება. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია წარდგენილი ინფორმაცია გამოიყენოს საკუთარი ინიციატივით მოკვლევის წარმოებისთვის.

9. მოპასუხეს უფლება აქვს:

ა) საქმესთან დაკავშირებით ეროვნულ ბანკს მიაწოდოს საკუთარი მოსაზრებები და შესაბამისი მტკიცებულებები, ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ ვადაში;

ბ) აიღოს პირობითი ვალდებულები „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოფხვრის მიზნით  კონკრეტული ქმედებების განხორციელების თაობაზე.

10. საქმის პროცესის მონაწილე დაინტერესებული მხარე სარგებლობს მხარისათვის ამ მუხლის მე-7 პუნქტით მინიჭებული ყველა უფლებით, გარდა იმავე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აცილების უფლებისა.


მუხლი 5. საჩივრის წარდგენის წესი 
1. მომჩივანის მიერ ეროვნულ ბანკში წარდგენილი საჩივარი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) მომჩივანი (დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი, მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია);

ბ) მომჩივანის წარმომადგენელი (არსებობის შემთხვევაში) (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია);

გ)  მოპასუხე (დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი, მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია);

დ) საჩივრის სახე, სადაც უნდა მიეთითოს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი მუხლი/მუხლები, რომლის სავარაუდო დარღვევასაც აქვს ადგილი;

ე) საქმის გარემოებების დეტალური აღწერა, სადაც უნდა მიეთითოს შესაბამისი  ფაქტები, გარემოებები და მტკიცებულებები „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის თაობაზე, ასევე, მსჯელობა დამდგარ ან მოსალოდნელ ქონებრივ ზიანზე;

ვ)  მტკიცებულებების ჩამონათვალი, რომლითაც დასტურდება ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში მოცემული გარემოებები;

ზ) მითითება ეროვნული ბანკის მიერ ცალკეული ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის მოთხოვნის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

თ)   საჩივარზე თანდართული საბუთების ნუსხა.

2. საჩივარი ეროვნულ ბანკში წარდგენილად ითვლება მისი რეგისტრაციის მომენტიდან, ხოლო კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ვადის ათვლა იწყება რეგისტრაციის დღის მომდევნო სამუშაო დღიდან.

 


მუხლი 6. საჩივრის დასაშვებობა
1. ეროვნული ბანკი საჩივრის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს საჩივრის ფორმალურ შესაბამისობას ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან.

2. თუ წარდგენილი საჩივარი არ აკმაყოფილებს ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ეროვნული ბანკი მომჩივანს უდგენს ხარვეზს და განუსაზღვრავს ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად, რომელიც არ უნდა იყოს 10 სამუშაო დღეზე ნაკლები.

3. თუ მომჩივანი ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ვადაში არ გამოასწორებს ხარვეზს, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

4. საჩივრის მატერიალურ დასაშვებობას და მის საფუძველზე საქმის მოკვლევის დაწყების მიზანშეწონილობას ეროვნული ბანკი შეისწავლის საჩივრის კანონმდებლობასთან შესაბამისი სახით რეგისტრაციიდან 30 სამუშაო დღის ვადაში. საქმის სირთულიდან გამომდინარე, ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 15 სამუშაო დღით.

5. მოპასუხე უფლებამოსილია, ეროვნულ ბანკს წარუდგინოს  მოსაზრებები/მტკიცებულებები საჩივრის თაობაზე, ეროვნული ბანკის მიერ მითითებულ ვადაში, რომელიც არ უნდა იყოს 10 სამუშაო დღეზე ნაკლები.

6. ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, მოსთხოვოს მომჩივანს ან/და მოპასუხეს დამატებითი ინფორმაციის ან/და მტკიცებულების წარმოდგენა ან ახსნა-განმარტებაზე გამოცხადება. მომჩივანის მიერ დამატებითი ინფორმაციის ან/და მტკიცებულებების წარმოდგენამდე, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინება შეჩერებულად ითვლება, ხოლო მომჩივანის მხრიდან ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ ვადაში ინფორმაციის ან/და მტკიცებულების წარმოდგენა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინების განახლების საფუძველია.

7. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში, ეროვნული ბანკი იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) საჩივრის დასაშვებად ცნობის და საქმის მოკვლევის დაწყების შესახებ;

ბ) საჩივრის დაუშვებლად ცნობისა და საქმის მოკვლევის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ. 

8. ეროვნულმა ბანკმა შესაძლოა უარი თქვას საჩივრის საფუძველზე საქმის მოკვლევის დაწყებაზე, თუ:

ა) საჩივარი არ წარმოუდგენია უფლებამოსილ პირს;

ბ) არ არსებობს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძველი;

გ) ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ ვადაში მომჩივანის მიერ არ არის წარმოდგენილი გამოთხოვილი ინფორმაცია ან/და მტკიცებულება;

დ) მოპასუხე ეკონომიკური აგენტის მიმართ დაწყებულია გადახდისუუნარობის საქმისწარმოება ან ლიკვიდაციის პროცესი;

ე)  არსებობს  საქმის მოკვლევის შედეგად ეროვნული ბანკის მიერ მიღებული  გადაწყვეტილება  იმავე მხარეებს შორის, იმავე დავის საგანზე და სახეზე არ არის ახლად აღმოჩენილი გარემოება;

ვ) არსებობს საჩივრის დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე ეროვნული ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იმავე მხარეებს შორის, იმავე დავის საგანზე და სახეზე არ არის ახლად აღმოჩენილი გარემოება, გარდა ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით საჩივრის დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის გადაწყვეტილებისა;

ზ) სასამართლო წარმოებაშია დავა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე ან არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება ან განჩინება იმავე დავის საგანზე მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის, ან მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ;

თ) საჩივრის მატერიალური დასაშვებობის შესწავლის ეტაპზე, ეროვნული ბანკი წერილობით განაცხადებს თანხმობას  ეკონომიკური აგენტის მიერ შეთავაზებული პირობითი ვალდებულების მიღებაზე;

ი) ეროვნული ბანკი არ მიიჩნევს საქმეს აღსასრულებლად პრიორიტეტად. 


მუხლი 7. პირობითი ვალდებულებები
1. საჩივრის მატერიალური დასაშვებობის შესწავლის ეტაპზე, მოპასუხე ეკონომიკური აგენტი უფლებამოსილია, ეროვნულ ბანკს შესთავაზოს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოფხვრის მიზნით  კონკრეტული ქმედების განხორციელების თაობაზე პირობითი ვალდებულების მიღება (შემდგომში – პირობითი ვალდებულებები).

2. ეროვნული ბანკი ვალდებულია, პირობითი ვალდებულებების განსახილველად მიღებიდან 5 სამუშაო დღეში აცნობოს მომჩივანს ამის შესახებ და განუსაზღვროს ვადა მოსაზრებების და შესაბამისი ინფორმაციის წარმოდგენისათვის, რაც ამ წესის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინების შეჩერების საფუძველია.

3. მომჩივანი უფლებამოსილია წარადგინოს მოსაზრებები და შესაბამისი ინფორმაცია პირობითი ვალდებულებების თაობაზე, ეროვნული ბანკის მიერ მითითებულ ვადაში. მომჩივანის მხრიდან ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ ვადაში ინფორმაციის წარდგენა ამ წესის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინების განახლების საფუძველია.

4. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თანხმობა განაცხადოს ან უარი თქვას მოპასუხე ეკონომიკური აგენტის მიერ შემოთავაზებული პირობითი ვალდებულების მიღებაზე. გადაწყვეტილების მიღებისას, ეროვნული ბანკი შებოჭილი არ არის მომჩივანის ან/და სსიპ – საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს პოზიციით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), თუმცა გადაწყვეტილებაში მითითებული უნდა იქნეს შესაბამისი დასაბუთება.

5. საჩივრის დასაშვებობის შესწავლის ეტაპზე, მოპასუხე ეკონომიკური აგენტის მიერ პირობითი ვალდებულებების შეთავაზების შემთხვევაში, ეროვნულმა ბანკმა შესაძლოა უარი თქვას საჩივრის საფუძველზე საქმის მოკვლევის დაწყებაზე, თუ მიიჩნევს, რომ  პირობითი ვალდებულებების შესრულების შედეგად აღარ წარმოიშობა გონივრული ეჭვი „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის თაობაზე და თანხმობას განაცხადებს მხარის მიერ შეთავაზებული პირობითი ვალდებულებების მიღებაზე.

6. თუ ეროვნული ბანკი მიზანშეწონილად არ მიიჩნევს პირობითი ვალდებულებების მიღებას, იგი აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთებით აცნობებს მოპასუხე ეკონომიკურ აგენტს და აგრძელებს საჩივრის მატერიალური დასაშვებობის საკითხის განხილვას. ამ შემთხვევაში, მოქმედებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული წესი.

7. თუ მოპასუხე ეკონომიკური აგენტის მიერ, ეროვნული ბანკის მხრიდან განსაზღვრულ ვადაში და განსაზღვრული სახით არ იქნება შესრულებული პირობითი ვალდებულებები, საჩივრის მატერიალური დასაშვებობის შემოწმება განახლდება და ამ წესის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვადის ათვლა თავიდან დაიწყება.

8. საქმის მოკვლევის დაწყების შემთხვევაში ეროვნული ბანკის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების პროექტის მიღებამდე, მოპასუხე ეკონომიკური აგენტი უფლებამოსილია, ეროვნულ ბანკს შესთავაზოს პირობითი ვალდებულებები, რომელთა მიმართაც გამოიყენება ამ მუხლით გათვალისწინებული დებულებები შესაბამის თავისებურებათა გათვალისწინებით. თუ მოპასუხე ეკონომიკური აგენტის მიერ განსაზღვრულ ვადაში და განსაზღვრული სახით არ იქნება შესრულებული პირობითი ვალდებულებები, ამ შემთხვევაში ეკონომიკურ აგენტს დაეკისრება ფულადი ჯარიმა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესით.

 


მუხლი 8. საქმის მოკვლევის დაწყების საფუძვლები

 

1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დაიწყოს საქმის მოკვლევა საჩივრის  საფუძველზე  ან საკუთარი ინიციატივით.

2. საქმის მოკვლევა იწყება „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 და მე-7 მუხლების სავარაუდო დარღვევის ფაქტზე.

3. საჩივრის საფუძველზე საქმის მოკვლევა იწყება საჩივრის მატერიალურად დასაშვებად ცნობასთან ერთად.

4. ეროვნული ბანკი საკუთარი ინიციატივით მოკვლევას იწყებს მიღებული განცხადების, ან/და ნებისმიერი სხვა ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, რომელიც წარმოშობს გონივრულ ეჭვს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 და მე-7 მუხლების შესაძლო დარღვევის თაობაზე.

5. ეროვნული ბანკი საკუთარი ინიციატივით მოკვლევის დაწყებასთან ერთად განსაზღვრავს შესაბამის მოპასუხეს და ატყობინებს მას მოკვლევის დაწყების თაობაზე.


მუხლი 9. საქმის მოკვლევის წესი
1. საქმის მოკვლევის დაწყების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ეროვნული ბანკი იწყებს საქმის მოკვლევას და არაუგვიანეს 6 თვისა იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

2. საქმის მოკვლევა, მისი მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, შეიძლება გაგრძელდეს 18 თვემდე.

3. ეროვნული ბანკი მომჩივანს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა აცნობებს საქმის მოკვლევის ვადის გაგრძელების თაობაზე.

4. თუ კომერციული ბანკის მიმართ დაწყებულია რეზოლუციის რეჟიმი, საჭიროების შემთხვევაში ან ფინანსური სტაბილურობის ინტერესებიდან გამომდინარე ეროვნული ბანკი უფლებამოსილია  საქმის მოკვლევა შეაჩეროს რეზოლუციის რეჟიმის დასრულებამდე.

 

 


მუხლი 10. ადგილზე შემოწმება

 

1. საქმის მოკვლევის მიზნით, ეროვნულ ბანკს უფლება აქვს ადგილზე შეამოწმოს შესაბამისი ეკონომიკური აგენტი.

2. ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, ეკონომიკური აგენტი ადგილზე შეამოწმოს, თუ:

ა) მხარეებისგან/დაინტერესებული მხარისგან საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მიღება შეუძლებელია;

ბ) არსებობს საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის დამალვის ან/და განადგურების საშიშროება;

გ) მხარეები არ ასრულებენ ინფორმაციისა და დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულებას;

დ) საჭიროა ეკონომიკური აგენტის მატერიალური აქტივების დათვალიერება.

3. ეკონომიკური აგენტის ადგილზე შემოწმება მოიცავს:

ა) ეკონომიკური აგენტის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების და მიმოწერის, მათ შორის, ფინანსური და ეკონომიკური დოკუმენტების, გაცნობას, მათი კონფიდენციალურობისა და შენახვის წესის მიუხედავად;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ასლების გადაღებას;

გ) ადგილზე ახსნა-განმარტების მიღებას;

დ) ეკონომიკური აგენტის იურიდიული და ფაქტობრივი საქმიანობების ადგილზე დაშვებას.

4. ეკონომიკური აგენტი ვალდებულია ადგილზე შემოწმების დროს ითანამშრომლოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილ პირებთან, მათ შორის:

ა) შემოწმების ადგილზე დაუშვას ეროვნული ბანკის უფლებამოსილი პირები;

ბ) არ შეუშალოს ხელი ეროვნული ბანკის უფლებამოსილ წარმომადგენელს თავისი მოვალეობის შესრულებაში;

გ) ეროვნული ბანკის უფლებამოსილ პირებს მიამაგროს წარმომადგენელი ან/და თანამშრომელი, რომელიც, საჭიროებისამებრ მისცემს ახსნა-განმარტებას, ეროვნული ბანკის წარმომადგენლებს დახმარებას გაუწევს ადგილზე შემოწმების პროცესის ეფექტიანად წარმართვაში, მათ შორის, ეკონომიკური აგენტის თანამშრომლების ელექტრონული ფოსტების დროებით დაბლოკვაში,  კომპიუტერების ქსელიდან დროებით გამორთვაში;

დ) არ განახორციელოს იმ ნივთებთან (კომპიუტერული მოწყობილობები, მატერიალური დოკუმენტები, ჩანაწერები და სხვა) შეხება, რომელთან დაკავშირებითაც მიიღებს მითითებას ეროვნული ბანკის უფლებამოსილი წარმომადგენელისგან.


მუხლი 11. საქმის შესწავლის ხანდაზმულობის ვადა
1. „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის თაობაზე საქმის შესწავლის ხანდაზმულობის ვადაა შესაბამისი ქმედების დასრულებიდან 3 წელი.

2. „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის თაობაზე საქმის მოკვლევის დაწყება ამ საქმის შესწავლის ხანდაზმულობის ვადის დინების შეჩერების საფუძველია.


მუხლი 12. საქმის მოკვლევის წარმოების ჯგუფი
1. ეროვნული ბანკის მიერ საქმის მოკვლევის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იქმნება საქმის მოკვლევის ჯგუფი (შემდგომში - მოკვლევის ჯგუფი) მინიმუმ 5 პირის მონაწილეობით, რომლის შემადგენლობაშიც შედის  ეროვნული ბანკის საზედამხედველო პოლიტიკის დეპარტამენტის, იურიდიული დეპარტამენტისა და იმ დეპარტამენტის წარმომადგენლები, რომელიც საქმეში მონაწილე ეკონომიკური აგენტის ზედამხედველია. საჭიროების შემთხვევაში, მოკვლევის ჯგუფის შემადგენლობაში შეიძლება შევიდნენ ეროვნული ბანკის  სხვა  სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლები და მოწვეული ექსპერტები.

2. მოკვლევის ჯგუფის შემადგენლობის შექმნის თაობაზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება მოკვლევის ჯგუფის თავმჯდომარე და მოკვლევის ჯგუფის მდივანი.

3. მოკვლევის ჯგუფი გადაწყვეტილებას იღებს მისი წევრების ხმათა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია მოკვლევის ჯგუფის თავმჯდომარის ხმა.

4. მოკვლევის ჯგუფის სხდომა, ასევე, მოკლევის მიზნით გამართული სხდომა, შესაძლებელია წარიმართოს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით. სხდომის  დასრულების შემდეგ  დგება სხდომის ოქმი, რომელსაც ხელს აწერს მოკვლევის ჯგუფის თავმჯდომარე და მოკვლევის ჯგუფის მდივანი.

5. ამ წესით გათვალისწინებული მოკვლევის მიზნით გამართულ სხდომებს თავმჯდომარეობს მოკვლევის ჯგუფის თავმჯდომარე ან მის მიერ განსაზღვრული პირი. თუ სხდომას თავმჯდომარეობს მოკვლევის ჯგუფის თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული პირი სხდომის ოქმს ხელს აწერს განსაზღვრული სხდომის თავმჯდომარე.

 


მუხლი 13. ინდივიდუალური ახსნა-განმარტება
1. მოკვლევის ინტერესების გათვალისწინებით, შესაძლებელია ინდივიდუალური განმარტებების მიღება. ამ შემთხვევაში დგება ახსნა-განმარტების ოქმი, რომელსაც ხელს აწერს ახსნა-განმარტების მიმღები მოკვლევის ჯგუფის წევრი და ახსნა-განმარტების გამცემი პირი.

2. თუ ახსნა-განმარტების გამცემი პირი უარს აცხადებს ოქმის ხელმოწერაზე, მოკვლევის ჯგუფის წევრი ხელს აწერს ოქმს და მიუთითებს ახსნა-განმარტების გამცემი პირის ხელმოწერაზე უარის თქმის მიზეზებზე.

3. მხარის თანხმობით, ახსნა-განმარტება შეიძლება ჩაიწეროს ტექნიკური საშუალების გამოყენებით. ამ შემთხვევაში, ჩანაწერი უნდა დაერთოს ოქმს და ჩანაწერის შინაარსი წერილობით ოქმში არ აისახება.

 


მუხლი 14. კონკურენციის კომიტეტი და შემაჯამებელი სხდომა

 

1. შემაჯამებელ სხდომას ატარებს კონკურენციის კომიტეტი, რომლის შემადგენლობაში შედიან ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და  ვიცე-პრეზიდენტები. კონკურენციის კომიტეტის თავმჯდომარეა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. კონკურენციის კომიტეტი ეროვნული ბანკის თანამშრომელთაგან განსაზღვრავს კონკურენციის კომიტეტის მდივანს.

2. კონკურენციის კომიტეტი გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით, ხოლო ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწვეტია კონკურენციის კომიტეტის თავმჯდომარის ხმა.

3. საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და მტკიცებულებების შეგროვების შემდეგ  კონკურენციის კომიტეტი ატარებს შემაჯამებელ სხდომას მოკვლევის ჯგუფისა და მხარეების მონაწილეობით.

4. შემაჯამებელი სხდომის გამართვამდე, სულ მცირე, 1 თვით ადრე ადრე, განმცხადებელს, მომჩივანს და მოპასუხე მხარეებს წერილობით ეგზავნება საბოლოო გადაწყვეტილების პროექტი და საქმის მასალები. მხარეებს შეუძლიათ მოითხოვონ შემაჯამებელი სხდომის გადადება, თუ განსაზღვრული დრო არ არის საკმარისი წერილობითი მოსაზრებების წარსადგენად. თუ კონკურენციის კომიტეტი გადაწყვეტს მითითებული ვადის გაგრძელებას, იგი შემაჯამებელი სხდომის ახალ თარიღს აცნობებს განმცხადებელს, მომჩივანს და მოპასუხე მხარეებს. მოპასუხე მხარეებს უფლება აქვთ, წარადგინონ წერილობითი მოსაზრებები შემაჯამებელ სხდომამდე მინიმუმ 5 სამუშაო დღით ადრე.

5. შემაჯამებელ  სხდომას თავმჯდომარეობს კონკურენციის კომიტეტის თავმჯდომარე.

6. შემაჯამებელ სხდომას ხსნის სხდომის თავმჯდომარე შესავალი სიტყვით, რომელშიც გადმოსცემს საქმის ძირითად არსს და აფასებს არსებული მტკიცებულებებით შექმნილ სამართლებრივ მდგომარეობას.

7. სხდომის თავმჯდომარის სიტყვის შემდეგ მხარეებს მორიგეობით ეძლევათ ძირითადი სიტყვა.  ძირითადი სიტყვა საჩივრის საფუძველზე წარმოებული მოკვლევის შემთხვევაში პირველად ეძლევა მომჩივანს, შემდგომ კი მოპასუხეს, ხოლო ეროვნული ბანკის ინიციატივის საფუძველზე წარმოებული მოკვლევის შემთხვევაში კი პირველად სიტყვა ეძლევა მოკვლევის ჯგუფის წარმომადგენელს, შემდეგ კი მოპასუხე ეკონომიკურ აგენტს.

8. ძირითადი სიტყვის წარმოთქმის შემდეგ სხდომის მონაწილეებს უფლება აქვთ დაუსვან ერთმანეთს კითხვები სხდომის თავმჯდომარის ნებართვის საფუძველზე.

9. მას შემდეგ, რაც მხარეები განაცხადებენ კითხვების ამოწურვის თაობაზე, როგორც თითოეულ მხარეს, ასევე სხდომის სხვა მონაწილეებს თავმჯდომარე აძლევს მცირე რეპლიკის უფლებას.

10. შემაჯამებელი სხდომის ოქმი შეიძლება შედგეს ამ წესის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესით.

 


მუხლი 15. საბოლოო გადაწყვეტილება და გასაჩივრების წესი

 

1. შემაჯამებელი სხდომის დასრულების შემდეგ კონკურენციის კომიტეტი იღებს გადაწყვეტილებას კონკურენციის კანონმდებლობის დამრღვევისათვის ფულადი ჯარიმის დაკისრების ან ფულადი ჯარიმის დაკისრებისა და სხვა სანქციის/საზედამხედველო ზომის გამოყენების თაობაზე. თუ ადგილი არ ექნება კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევას, ამ შემთხვევაში საქმისწარმოება წყდება. კონკურენციის კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განკარგულებით.

2. ამ მუხლის პირველი პუნტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება, მისი მიღების შემდგომ, ეგზავნებათ მხარეებს კონფიდენციალურობის დაცვის მოთხოვნათა გათვალისწინებით.

3. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრებულ იქნეს სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


მუხლი 16. ფულადი ჯარიმები
1. ამ წესის საფუძველზე ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მისთვის მის მიერვე განსაზღვრულ ვადაში მიუწოდებლობის ან ეროვნული ბანკისთვის არასწორი, არასრული ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში, ეკონომიკურ აგენტს ან/და მის ადმინისტრატორს დაეკისრება ფულადი ჯარიმა – 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ფულადი ჯარიმის დაკისრების მიუხედავად, ეროვნული ბანკისთვის ინფორმაციის მის მიერვე განსაზღვრულ ვადაში მიუწოდებლობის, არასწორი, ან არასრული ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის მიწოდების  შემთხვევაში, ეკონომიკურ აგენტს ან/და მის ადმინისტრატორს დაეკისრება ფულადი ჯარიმა – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

3. ამ წესის მე-10 მუხლის მიხედვით ეროვნული ბანკის უფლებამოსილი წარმომადგენლისათვის ადგილზე შემოწმებაში ხელის შეშლის შემთხვევაში ეკონომიკურ აგენტს დაეკისრება ფულადი ჯარიმა – 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

4. ფულადი ჯარიმის დაკისრება ეკონომიკურ აგენტს არ ათავისუფლებს ეროვნული ბანკისთვის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებისგან.

5. ინფორმაციის მიუწოდებლობად არ ითვლება ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ ვადაში დასაბუთებული პასუხი მოთხოვნილი ინფორმაციის არქონის შესახებ.

6. ეკონომიკურ აგენტს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის შესაბამისად ფულადი ჯარიმები დაეკისრება იმავე კანონის მე-6 ან მე-7 მუხლებით გათვალისწინებული დარღვევისათვის.

7. კონკურენციის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებული საქმის მოკვლევის ფარგლებში მოპასუხე ეკონომიკური აგენტის მიერ აღებული პირობითი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მოპასუხე ეკონომიკურ აგენტს დაეკისრება ფულადი ჯარიმა, რომლის ოდენობა თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე არ აღემატება ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების წინა ფინანსური წლის განმავლობაში მოპასუხე ეკონომიკური აგენტის საშუალო დღიური ბრუნვის 5%-ს.

8. ეკონომიკური აგენტის მიერ გადახდილი ფულადი ჯარიმის თანხა მიემართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

9. ამ მუხლის მე-6 პუნქტით და „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის საფუძველზე იმავე კანონის მე-6 ან მე-7 მუხლებით გათვალისწინებული დარღვევისათვის ფულადი ჯარიმის ინდივიდუალური ოდენობის შეფარდებისას მოქმედებს შემდეგი ზოგადი პრინციპები:

ა) დაკისრებულ ფულად ჯარიმას უნდა გააჩნდეს პრევენციული მოქმედება. მისი ოდენობა შესაბამისობაში უნდა იყოს ეკონომიკური აგენტის ეკონომიკურ და ფინანსურ შესაძლებლობებთან, საბაზრო ძალასთან. ამასთან, დაკისრებული ჯარიმის ოდენობამ საფრთხე არ უნდა შეუქმნას ეკონომიკური აგენტის არსებობასა და მის მომავალ საქმიანობას;

ბ) დაკისრებული   ფულადი ჯარიმა   პროპორციული   უნდა   იყოს   სამართალდარღვევის   შედეგად დამდგარი ზიანისა და ეკონომიკური აგენტის მიერ მიღებული ეკონომიკური სარგებლისა, რათა მას   გააჩნდეს   საკმარისი სადამსჯელო/პრევენციული ეფექტი  (ეკონომიკური   აგენტისთვის ჯარიმის დაკისრების შემდეგ, საერთო ჯამში, სარგებლის მომტანი არ უნდა იყოს  კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევა).

10. ფულადი ჯარიმის დაკისრებისას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ერთობლიობაში უნდა შეფასდეს კანონდარღვევის სიმძიმე, ხანგრძლივობა და დარღვევით გამოწვეული ზიანი, ქმედების დამამძიმებელი ან/და შემამსუბუქებელი გარემოებები, კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენი პირის ეკონომიკური მდგომარეობა. 


მუხლი 17. თანამშრომლობის პროგრამა
1. თანამშრომლობის პროგრამით სარგებლობა შეუძლია ეკონომიკურ აგენტს, რომელიც წერილობითი ფორმით აღიარებს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებულ შეთანხმებაში მონაწილეობას და დააკმაყოფილებს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს.

2. ეკონომიკური აგენტი სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლდება „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით დარღვევისთვის ფულადი ჯარიმის დაკისრებისგან, თუ იგი დააკმაყოფილებს ყველა შემდეგ პირობას:

ა) წერილობით აღიარებს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებულ შეთანხმებაში მონაწილეობას;

ბ) ეროვნულ ბანკს ზეპირად ან/და წერილობით წარუდგენს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-7 მუხლით გათვალისწინებული შეთანხმების შესახებ მისთვის ცნობილ, საქმისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციასა და მტკიცებულებას მანამ, სანამ ეს ინფორმაცია და მტკიცებულება ეროვნული ბანკისთვის სხვა წყაროდან გახდება ცნობილი;

გ) საქმის მოკვლევის პროცესში უწყვეტად და შეუზღუდავად ითანამშრომლებს ეროვნულ ბანკთან;

დ) შეწყვეტს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის საწინააღმდეგო შეთანხმებაში მონაწილეობას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეროვნული ბანკი მიიჩნევს, რომ ეკონომიკური აგენტის მიერ ამ შეთანხმებაში მონაწილეობის გაგრძელება საქმის მოკვლევას ხელს შეუწყობს;

ე) არ გაანადგურებს საქმისთვის მნიშვნელოვან დოკუმენტსა და მტკიცებულებას;

ვ) არ გაამჟღავნებს ინფორმაციას თანამშრომლობის პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე.

3. თანამშრომლობის პროგრამა ხელმისაწვდომია ეკონომიკური აგენტისათვის იმ შემთხვევაშიც, თუ ეროვნულმა ბანკმა უკვე დაიწყო საქმის მოკვლევა. იგი ხელმისაწვდომია  საბოლოო გადაწყვეტილების პროექტის მხარეებისათვის გაგზავნისა და შემაჯამებელი სხდომის თარიღის განსაზღვრის მომენტამდე.

4. შეღავათი არ ვრცელდება „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული შეთანხმების ერთადერთ ორგანიზატორზე ან/და ინიციატორზე, აგრეთვე იმ პირზე, რომელმაც სხვა პირს აღნიშნულ შეთანხმებაში მონაწილეობა აიძულა.


მუხლი 18. განაცხადის წარდგენის პირობები
1. თანამშრომლობის პროგრამაში მონაწილეობის მსურველი ეკონომიკური აგენტის მიერ ეროვნულ ბანკში წარმოდგენილი განაცხადი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) განაცხადის წარმდგენი ფიზიკური პირის მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ფაქტობრივი მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა);

ბ) ეკონომიკური აგენტის მონაცემები (სახელწოდება, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, საიდენტიფიკაციო კოდი, იურიდიული მისამართი, ხელმძღვანელი პირი და ელექტრონული ფოსტა);

გ) ინფორმაცია „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის სავარაუდო დარღვევის შესახებ, მათ შორის:

გ.ა) შეთანხმებაში მონაწილე სხვა პირების სახელწოდება და საიდენტიფიკაციო მონაცემები;

გ.ბ)  „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული შეთანხმების და მასში მონაწილე პირთა როლების დეტალური აღწერა;

გ.გ) ის პროდუქციული და გეოგრაფიული ბაზარი, სადაც ადგილი აქვს შეთანხმებას (არასავალდებულოდ შესავსები ნაწილი);

გ.დ) შეთანხმების ხანგრძლივობა;

გ.ე) საქმესთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია;

გ.ვ) მტკიცებულებები სავარაუდო სამართალდარღვევის თაობაზე;

დ) განაცხადის წარდგენის თარიღი (წელი, რიცხვი, თვე, საათი, წუთი) და ხელმოწერა.

2. განაცხადს თან უნდა ერთოდეს მისი წარმდგენი ფიზიკური პირის  უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

3. ეროვნულ ბანკში განაცხადის წარმოდგენა ხდება ინდივიდუალურად, კონკრეტული ეკონომიკური აგენტის სახელით.

4. ორი ან მეტი ეკონომიკური აგენტის მიერ ეროვნულ ბანკში განაცხადის  ერთობლივად წარმოდგენის შემთხვევაში, განაცხადის წარმდგენ პირებს შეიძლება მიენიჭოთ მხოლოდ მესამე კატეგორია.

 


მუხლი 19. განაცხადის წარდგენის პროცედურა

 

1. თანამშრომლობის პროგრამაში მონაწილეობის მიზნით ეკონომიკური აგენტი ეროვნულ ბანკს მიმართავს  განაცხადით და წარუდგენს ამ წესის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტითა და მე-18 მუხლით განსაზღვრულ ინფორმაციასა და დოკუმენტაციას.

2. დასაშვებია განაცხადის ელექტრონული ფორმით წარდგენა ეროვნულ ბანკში, თუ იგი აკმაყოფილებს ამ წესის მე-18 მუხლის მოთხოვნებს.

3. ეკონომიკური აგენტის მიერ ეროვნული ბანკისთვის ზეპირი განაცხადით მიმართვის შემთხვევაში, ეროვნული ბანკის თანამშრომლის მიერ დგება ოქმი, რომელშიც აისახება ეკონომიკური აგენტის მიერ წარმოდგენილი ფაქტობრივი ინფორმაცია და დანართის სახით დაერთვის შესაბამისი მტკიცებულებები. ოქმს ხელს აწერენ ოქმის შემდგენი ეროვნული ბანკის თანამშრომელი და ზეპირი განაცხადის წარმდგენი პირი. განმცხადებლის თანხმობით, ზეპირი განცხადება შეიძლება ჩაიწეროს ტექნიკური საშუალების გამოყენებით. ამ შემთხვევაში, ჩანაწერი უნდა დაერთოს ოქმს და ჩანაწერის შინაარსი წერილობით ოქმში არ აისახება. ზეპირი განაცხადის მიღების დროდ ჩაითვლება ოქმის შედგენის დაწყების დღე, საათი და წუთი.

4. ეკონომიკურ აგენტს უფლება აქვს ეროვნულ ბანკში ოფიციალური განაცხადის წარდგენამდე მიმართოს მას ანონიმურად და მიიღოს შესაბამისი ინფორმაცია თანამშრომლობის პროგრამის შესახებ.

5. განაცხადის მიღების შემდეგ ეროვნული ბანკი გასცემს წერილობით ცნობას მისი მიღების შესახებ, მიღების თარიღისა და დროის მითითებით.

6. ეროვნული ბანკი განაცხადს იხილავს მისი შემოტანის დროის თანმიმდევრობით (შემოტანის თარიღის შესაბამისი რიგითობით).

7. თუ განაცხადი არ აკმაყოფილებს ამ წესის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-18 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, ეროვნული ბანკი მოახდენს განაცხადის მარკირებას, ეკონომიკურ აგენტს წერილობით აცნობებს აღნიშნულის თაობაზე და ხარვეზის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარმოადგინოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ინფორმაცია და მტკიცებულებები. ინფორმაციის განსაზღვრულ  ვადაში წარმოდგენის შემთხვევაში, იგი წარმოდგენილად ჩაითვლება იმ დროს, როდესაც მოხდა ეკონომიკური აგენტის მარკირება. მარკირებად მიიჩნევა შესაბამისი კატეგორიის შეღავათის მიღების მსურველთა რიგში ეკონომიკური აგენტისათვის ადგილის დაკავება, მის მიერ ამ მუხლში მითითებული სამართლებრივი საფუძვლებით გათვალისწინებული ინფორმაციის ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ ვადაში წარმოდგენამდე.

8. ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი ინფორმაციისა და მტკიცებულებების წარმოუდგენლობის შემთხვევაში, მარკირება ავტომატურად უქმდება.

9. თუ ეროვნული ბანკი დაადგენს, რომ  განაცხადი აკმაყოფილებს ამ წესის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-18 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, იგი იღებს გადაწყვეტილებას ეკონომიკური აგენტისათვის  თანამშრომლობის პროგრამაში მონაწილის პირობითი სტატუსის მინიჭების შესახებ, სრულყოფილი განაცხადის შემოტანის ან/და მარკირებით განსაზღვრული რიგითობის გათვალისწინებით და წერილობით ატყობინებს ეკონომიკურ აგენტს აღნიშნულის თაობაზე.

10. ეკონომიკურ აგენტს უფლება აქვს განაცხადის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე უკან გაიხმოს განაცხადი. განაცხადის უკან გახმობის მიუხედავად, ეროვნული ბანკი იტოვებს ეკონომიკური აგენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციასა და მტკიცებულებებს საქმის მოკვლევისათვის. ეროვნულ ბანკს არ აქვს უფლება აღნიშნული ინფორმაცია და მტკიცებულებები გამოიყენოს განცხადების წარმდგენი ეკონომიკური აგენტის წინააღმდეგ. აღნიშნულ შემთხვევაში, განცხადების შემომტანი ეკონომიკური აგენტის ვინაობა რჩება ანონიმური.

11. თუ საქმის მოკვლევა ჯერ არ არის დაწყებული და განაცხადი შეიცავს შესაბამის ინფორმაციას, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დაიწყოს საქმის მოკვლევა ამ წესის შესაბამისად. ამ დროს საქმის მოკვლევა დაწყებულად ითვლება ეროვნული ბანკის ინიციატივით.

 


მუხლი 20. თანამშრომლობის პროგრამით გათვალისწინებული შეღავათების კლასიფიკაცია

1. თანამშრომლობის პროგრამით გათვალისწინებული შეღავათი შეიძლება იყოს პირველი, მეორე ან მესამე კატეგორიის.

2. პირველი კატეგორიის შეღავათი გულისხმობს ეკონომიკური აგენტის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას 100%-ით.

3. მეორე კატეგორიის შეღავათი გულისხმობს ეკონომიკური აგენტის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას 20%-დან 50%-მდე.

4. მესამე კატეგორიის შეღავათი გულისხმობს ეკონომიკური აგენტის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას 20%-მდე.

 


მუხლი 21. გადაწყვეტილება ჯარიმის დაკისრებისაგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლების შესახებ

1. თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, ეკონომიკური აგენტის „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ჯარიმის დაკისრებისაგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას ეროვნული ბანკი იღებს საქმის მოკვლევის დასრულებისთანავე. გადაწყვეტილების მიღებისას ეროვნული ბანკი აფასებს ეკონომიკური აგენტის მიერ ამ წესით დადგენილი პირობების შესრულებას.

2. პირველი კატეგორიის შეღავათის პირობითი სტატუსი ენიჭება ეკონომიკურ აგენტს,  რომელიც რიგით პირველი შეიტანს განაცხადს ეროვნულ ბანკში „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებულ შეთანხმებაში მონაწილეობის  თაობაზე და მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია არ იქნება ეროვნული ბანკისთვის ცნობილი.

3. მეორე კატეგორიის შეღავათის პირობითი სტატუსი ენიჭება ეკონომიკურ აგენტს, რომელიც რიგით მეორე შეიტანს განაცხადს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებულ შეთანხმებაში მონაწილეობის თაობაზე. ამასთან, მის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია იქნება  განაცხადის შემომტანი რიგით პირველი ეკონომიკური აგენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის შემავსებელი და ამავდროულად, არ იქნება ეროვნული ბანკისთვის ცნობილი.

4. მესამე კატეგორიის შეღავათის პირობითი სტატუსი ენიჭება ეკონომიკურ აგენტს, თუ ის არის რიგით მესამე და შემდეგი, რომელიც (რომლებიც) შეიტანს განაცხადს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებულ შეთანხმებაში მონაწილეობის თაობაზე. ამასთან, მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია იქნება უფრო ადრე გაცხადებული ინფორმაციის შემავსებელი და ამავდროულად, არ იქნება ეროვნული ბანკისთვის ცნობილი. იგივე წესი ვრცელდება ამ წესის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაზე.

5. ეკონომიკურ აგენტს თანამშრომლობის პროგრამაში მონაწილის პირობითი სტატუსი მოეხსნება იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული ბანკისთვის აშკარა გახდა, რომ პირის  მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

6. ეკონომიკურ აგენტს თანამშრომლობის პროგრამაში მონაწილის პირობითი სტატუსი ასევე მოეხსნება იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული ბანკი დაადგენს, რომ იგი არ ასრულებს ამ წესის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“–„ვ“ ქვეპუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს.

7. იმ ეკონომიკური აგენტის  კატეგორიის შეღავათის პირობითი სტატუსი, რომელსაც მოეხსნა სტატუსი ან რომელმაც უკან გაიხმო განაცხადი, მიენიჭება რიგში მის შემდგომ მყოფ ეკონომიკურ აგენტს.


მუხლი 22. საქმის ხელახალი მოკვლევის დაუშვებლობა

 

საქმის მოკვლევის დასრულების შემთხვევაში დაუშვებელია იმავე საფუძვლით იმავე ეკონომიკური აგენტის მიმართ მოკვლევის დაწყება, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი შემთხვევებისა.

 


მუხლი 23. უწყებათაშორისი თანამშრომლობა კონკურენციის დარღვევის შემთხვევათა შესწავლისა და აღკვეთისათვის
1. სსიპ – საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო, ეროვნული ბანკი და „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელი სხვა ორგანოები თანამშრომლობენ ეკონომიკის რეგულირებად სფეროში კონკურენციის დარღვევის შემთხვევათა შესწავლისა და აღკვეთისათვის.

2. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მიმართოს სსიპ – საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს საკითხის განხილვაში მონაწილეობის მიღების ან/და საკუთარი პოზიციის წარმოდგენის მოთხოვნით.

3. სსიპ – საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო საკითხის განხილვაში მონაწილეობის მიღების მიზნით უფლებამოსილია:

ა) გამოითხოვოს და გაეცნოს საქმის მასალებს;

ბ) მონაწილეობა მიიღოს მხარეთა ახსნა-განმარტებებში;

გ) გაეცნოს და შესაბამისი პოზიცია დააფიქსიროს მოპასუხე ეკონომიკური აგენტის მიერ აღებულ პირობით ვალდებულებებზე;

დ) გაეცნოს და შესაბამისი პოზიცია დააფიქსიროს ეროვნული ბანკის საბოლოო გადაწყვეტილების პროექტზე;

ე) მონაწილეობა მიიღოს შემაჯამებელ სხდომაში;

ვ) გაეცნოს და შესაბამისი პოზიცია დააფიქსიროს ეროვნული ბანკის მიერ პირისთვის დასაკისრებელი ჯარიმის ოდენობაზე.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შესაბამისი პოზიციის დაფიქსირებამდე ან ქმედების განხორციელებამდე, სსიპ – საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს გონივრული ვადის გათვალისწინებით უნდა მიეწოდოს შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტაცია.

5. კონკურენციის დარღვევის შემთხვევათა შესწავლისა და აღკვეთისათვის თანამშრომლობასთან მიმართებაში გამოიყენება „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლით გათვალისწინებული დებულებები და უწყებებს შორის გაფორმებული მემორანდუმები.