დროებითი ბანკის ლიცენზირების, მართვისა და ბაზრიდან გასვლის წესის დამტკიცების თაობაზე

დროებითი ბანკის ლიცენზირების, მართვისა და ბაზრიდან გასვლის წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 132/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 29/06/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/06/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2021
სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.016488
132/04
29/06/2020
ვებგვერდი, 30/06/2020
220090000.18.011.016488
დროებითი ბანკის ლიცენზირების, მართვისა და ბაზრიდან გასვლის წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება  №132/04

2020 წლის 29 ივნისი

ქ. თბილისი

 

დროებითი ბანკის ლიცენზირების, მართვისა და ბაზრიდან გასვლის წესის დამტკიცების თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტისა და ამავე კანონის 378 მუხლის მე-5 და მე-13 პუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
დამტკიცდეს „დროებითი ბანკის ლიცენზირების, მართვისა და ბაზრიდან გასვლის  წესი“ თანდართული რედაქციით. 
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის პირველი იანვრიდან. 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე



დროებითი ბანკის ლიცენზირების, მართვისა და ბაზრიდან გასვლის წესი

 


მუხლი 1. ზოგადი დებულებები 
1. დროებითი ბანკის ლიცენზირების, მართვისა და ბაზრიდან გასვლის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (შემდგომში – ფინანსთა სამინისტრო) მიერ დაფუძნებული დროებითი ბანკის სარეზოლუციო ინსტრუმენტის გამოყენების მიზნით, დროებითი ბანკის ლიცენზირების გამარტივებულ პროცედურებთან, დროებით ბანკზე საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შემდეგ წარმოსადგენ დოკუმენტებთან, დროებით ბანკის მართვასა და საქმიანობასთან დაკავშირებულ დამატებით მოთხოვნებთან, აგრეთვე, დროებითი ბანკის ბაზრიდან გასვლის გეგმის შემუშავებასა და შესრულებასთან  დაკავშირებულ საკითხებს.

2. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ წესით განსაზღვრული დროებითი ბანკის სარეზოლუციო ინსტრუმენტის უმთავრესი მიზანია, რეზოლუციის სხვა მიზნებთან ერთად, რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის აქციების, აქტივების ან/და ვალდებულებების დროებითი ბანკისთვის სრულად ან ნაწილობრივ გადაცემის გზით ბანკის კრიტიკული ფუნქციების უწყვეტობის შენარჩუნების უზრუნველყოფა.

3. დროებით ბანკზე ვრცელდება კომერციული ბანკების საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმები და საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში - ეროვნული ბანკი) წერილობითი მითითებები, თუ „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით ან ამ წესით სხვა რამ არ არის დადგენილი.

4. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი მნიშვნელობა.


მუხლი 2. მიმართვა საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად 
1. ფინანსთა სამინისტრო საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მიღების მიზნით, წერილობით მიმართავს ეროვნულ ბანკს. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მიღების შესახებ წერილობით მიმართვას უნდა ერთვოდეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2014 წლის 17 ივნისის №52/04 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკების ლიცენზირების წესის“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციიდან და დოკუმენტაციიდან მხოლოდ შემდეგი:

ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

ბ) ინფორმაცია ადმინისტრატორების  „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ შესაფერისობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის შესახებ;

გ) კაპიტალის შევსების დამადასტურებელი საბანკო ამონაწერი „კომერციული ბანკებისათვის საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანების შესაბამისად, გარდა ამ წესის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.

2. იმ შემთხვევაში, თუ აუცილებელია დროებითი ბანკის სარეზოლუციო ინსტრუმენტის დაუყოვნებლივ გამოყენება რეზოლუციის მიზნების გათვალისწინებით და ფინანსთა სამინისტროს მიერ ვერ ხერხდება ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის წარმოდგენა, საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მიღების მიზნით წერილობით მიმართვასთან ერთად, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, კანონით დადგენილ ვადებში, გასცეს საბანკო საქმიანობის ლიცენზია მხოლოდ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის წარმოდგენის საფუძველზე.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გარდა, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, მოითხოვოს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2014 წლის 17 ივნისის №52/04 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკების ლიცენზირების წესით“ განსაზღვრული დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, თუ აღნიშნული საფრთხეს არ შეუქმნის  რეზოლუციის რეჟიმის  ეფექტურ და დროულ წარმართვასა და რეზოლუციის მიზნების შესრულებას.

4. ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იქნეს დედნების ან სანოტარო წესით ან აპოსტილით დამოწმებული ან ლეგალიზებული ასლების სახით, რომელთა წარმოდგენაც დასაშვებია როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით.

 


მუხლი 3. გადაწყვეტილება დროებით ბანკზე საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
1. ამ წესის შესაბამისად საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების მიზნით, ეროვნული ბანკი ამოწმებს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი  დოკუმენტაციისა  და ინფორმაციის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას.

2. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მიღების თაობაზე, ფინანსთა სამინისტროს მიმართვიდან შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში, მაგრამ არაუმეტეს 1 თვისა, ეროვნული ბანკი იღებს გადაწყვეტილებას საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ, რომელიც დაუყოვნებლივ ეცნობება ფინანსთა სამინისტროს წერილობითი ფორმით (მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით).

3. ამ წესით საბანკო საქმიანობის ლიცენზია გაიცემა ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ვადით.

4. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მოქმედების ვადის გახანგრძლივება დასაშვებია, ეროვნული ბანკის დასაბუთებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ვადით, თუ ვადის გახანგრძლივება აუცილებელია რეზოლუციის მიზნების შესრულებისათვის ან იმ შემთხვევაში, თუ საბანკო საქმიანობის ლიცენზიის ვადის გასვლის მომენტისათვის მიმდინარეობს დროებითი ბანკის ბაზრიდან გასვლის გეგმის განხორციელების პროცესი.

5. ამ წესით გათვალისწინებული საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემაზე ეროვნული ბანკი განაცხადებს უარს, თუ ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია ან ინფორმაცია არ აკმაყოფილებს ამ წესით და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს ან შეუსაბამოა რეზოლუციის მიზნებთან.

6. თუ ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ან დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ეროვნული ბანკი განმცხადებელს ხარვეზის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს ვადას, არაუმეტეს 10 სამუშაო დღისა, რომლის განმავლობაშიც ჩერდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინება. ხარვეზის აღმოსაფხვრელად დადგენილი ვადის გაშვება წარმოადგენს ფინანსთა სამინისტროსთვის წინამდებარე წესით განსაზღვრული საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის საფუძველს, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.

7. თუ დროებითი ბანკის სარეზოლუციო ინსტრუმენტის დაუყოვნებლივ გამოყენება აუცილებელია რეზოლუციის მიზნების გათვალისწინებით, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული ხარვეზის აღმოუფხვრელობის მიუხედავად გასცეს ამ წესით განსაზღვრული საბანკო საქმიანობის ლიცენზია  და დაურთოს ლიცენზიას შესაბამისი პირობა ან პირობები.  

8. ეროვნული ბანკის მიერ ამ წესის საფუძველზე საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემიდან არაუმეტეს 3 თვის ვადაში, დროებითი ბანკი ვალდებულია წარმოადგინოს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ყველა ის ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომელიც არ იქნა წარმოდგენილი საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემამდე. 

9. ეროვნული ბანკი საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაში განსაზღვრავს დროებითი ბანკის ნებადართულ საქმიანობათა ჩამონათვალს.

10. დროებითი ბანკის სახელწოდება უნდა შეიცავდეს ტერმინს – „დროებითი ბანკი“.

 


მუხლი 4. აქციების, აქტივებისა და ვალდებულებების დროებითი ბანკისათვის გადაცემა

 

1. დროებით ბანკზე საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შემდეგ, ეროვნული ბანკი „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 378 მუხლის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის კონკრეტული აქციების, აქტივების ან/და ვალდებულებების დროებითი ბანკისთვის გადაცემის თაობაზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული აქციები, აქტივები და ვალდებულებები გადაცემამდე ექვემდებარება შეფასებას „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 373 მუხლისა და რეზოლუციის მიზნებისათვის კომერციული ბანკის აქტივებისა და ვალდებულებების ღირებულების შეფასებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით განსაზღვრული წესების შესაბამისად.

3. დაუშვებელია დროებით ბანკს გადაეცეს რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის აქციები, აქტივები და ვალდებულებები, რომელთა გადაცემაც ნეგატიურ ზეგავლენას მოახდენს დროებით ბანკზე ან რეზოლუციის მიზნებზე. 

4. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, დროებითი ბანკისათვის აქციების, აქტივების ან/და ვალდებულებების გადაცემა შესაძლოა, განხორციელდეს რამდენჯერმე.

5. თუ დროებითი ბანკისთვის გადაცემული აქციების, აქტივების ან ვალდებულებების გარკვეული ნაწილი არ შეესაბამება მათი გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებით დადგენილ კრიტერიუმებს, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, აღნიშნული აქციები, აქტივები ან ვალდებულებები შეიძლება დაუბრუნდეს რეზოლუციის რეჟიმში მყოფ კომერციულ ბანკს.

6. დროებითი ბანკისთვის გადაცემული ვალდებულებების ჯამი არ უნდა აღემატებოდეს რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკისგან და სხვა წყაროებიდან გადაცემულ აქტივთა ჯამს, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.

7. თუ დროებითი ბანკისათვის გადაცემული ვალდებულებების ჯამი აღემატება, რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკისგან და სხვა წყაროებიდან გადაცემულ აქტივთა ჯამს, აღნიშნულ აქტივებსა და ვალდებულებებს შორის არსებულ სხვაობას, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 555 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დაფარავს სარეზოლუციო ფონდი.

8. დროებითი ბანკი რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკისაგან მიღებულ აქტივებთან და ვალდებულებებთან მიმართებით წარმოადგენს ბანკის უფლებამონაცვლეს.

 


მუხლი 5. დროებითი ბანკის ხელმძღვანელი ორგანოები

 

1. დროებითი ბანკის ადმინისტრატორი უნდა აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებს.

2. დაუშვებელია დროებითი ბანკის ადმინისტრატორი იყოს ეროვნული ბანკის თანამშრომელი.

3. ფინანსთა სამინისტრო, ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით, განსაზღვრავს დროებითი ბანკის ადმინისტრატორების ანაზღაურების წესს, ოდენობას და ადმინისტრატორთა ფუნქცია - მოვალეობებს.

4. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დროებითი ბანკის ადმინისტრატორი თანამდებობიდან გაათავისუფლოს ნებისმიერ დროს ნებისმიერი საფუძვლით. 


მუხლი 6. ლიკვიდობის მოთხოვნები დროებითი ბანკისთვის

 

1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, დროებით ბანკს დაუდგინოს კომერციული ბანკებისათვის დადგენილი ლიკვიდობის მოთხოვნებისაგან განსხვავებული მოთხოვნები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე განსაზღვრულ ლიკვიდობის მოთხოვნებთან შესაბამისობის მიზნით, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, მოსთხოვოს დროებით ბანკს ლიკვიდობის გაუმჯობესებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

 


მუხლი 7. დროებითი ბანკისათვის ნებადართული და აკრძალული საბანკო ოპერაციები 
1. დროებითი ბანკი ლიცენზიით განსაზღვრულ საქმიანობებთან ერთად უფლებამოსილია, განახორციელოს ქვემოთ ჩამოთვლილი საქმიანობები, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მათ განხორციელებაზე არსებობს ეროვნული ბანკის აკრძალვა:

ა) სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების შეძენა;

ბ) დაბალრისკიანი ფინანსური ინსტრუმენტებისა და აქტივების შეძენა;

გ) ეროვნულ ბანკში დეპოზიტების განთავსება, ეროვნული ბანკისაგან სესხის აღება კანონმდებლობით დადგენილი წესით;

დ) დაბალრისკიანი სესხების გაცემა.

2. დროებით ბანკს არ აქვს უფლება მიიღოს დეპოზიტები, გარდა რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკისაგან მიღებული ან „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაზღვეული დეპოზიტებისა, რომლებიც დროებით ბანკს გადაეცემა ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების საფუძველზე.

 


მუხლი 8. დროებითი ბანკის მართვა და ანგარიშგება

 

1. დროებითი ბანკის მართვა უნდა განხორციელდეს პროფესიულ და კომერციულ საფუძვლებზე, რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის კრიტიკული ფუნქციების შენარჩუნებისა და დროებითი ბანკის ბაზრიდან შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში გასვლის მიზნით.  

2. დროებითი ბანკის ხელმძღვანელმა ორგანოებმა უნდა მიიღონ ყველა საჭირო ზომა დროებითი ბანკისათვის გადაცემული აქციებისა და აქტივების ღირებულების შენარჩუნების ან მათი ღირებულების გაზრდის მიზნით, თუ აღნიშნული არ შეუქმნის საფრთხეს რეზოლუციის რეჟიმის ეფექტიანობას ან რეზოლუციის მიზნების მიღწევას.

3. დროებითი ბანკის სამეთვალყურეო საბჭო, ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით, შეიმუშავებს დროებითი ბანკის წესდებასა და შინაგანაწესს. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს მოსთხოვოს დროებით ბანკს წესდებასა და შინაგანაწესში შესაბამისი ცვლილებების შეტანა.

4. დროებითი ბანკის სამეთვალყურეო საბჭო ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით განსაზღვრავს დროებითი ბანკის სტრატეგიასა და რისკის პროფილს.

5. დროებითი ბანკის სტრატეგია უნდა უზრუნველყოფდეს საბანკო საქმიანობის ოპერაციების დაბალრისკიანობას, დროებითი ბანკის სტაბილურობას, საბანკო მომსახურებების შეუფერხებლად მიწოდების შესაძლებლობასა და დროებითი ბანკის ბაზრიდან, შესაძლებლობის ფარგლებში, დროულად გასვლას.

6. დროებითი ბანკის კაპიტალის ადეკვატურობის მაჩვენებლები და საზედამხედველო კაპიტალი შესაბამისობაში უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 28 ოქტომბრის №100/04 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ“ დებულებით განსაზღვრულ მოთხოვნებსა და დროებითი ბანკის რისკის პროფილთან.

7. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, ფინანსური სექტორის სტაბილურობის ინტერესებიდან გამომდინარე, დროებითი ბანკი გაათავისუფლოს „კომერციული ბანკებისათვის საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 3 მაისის №61/04 ბრძანებით დადგენილი საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობის მოთხოვნის დაცვისგან მასზე საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემიდან არაუმეტეს 6 თვის განმავლობაში.

8. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, ზედამხედველობის ფარგლებში ნებისმიერ დროს მოსთხოვოს დროებით ბანკს კონკრეტული მოქმედების განხორციელება ან განხორციელებისგან თავის შეკავება ან დროებითი ბანკის ადმინისტრატორს მისცეს კონკრეტული მითითებები რეზოლუციის მიზნების მიღწევის უზრუნველსაყოფად.

9. გარდა სტანდარტული საზედამხედველო ანგარიშგების მოთხოვნებისა, დროებითი ბანკი ვალდებულია, არანაკლებ ორ თვეში ერთხელ, მიაწოდოს ეროვნულ ბანკს ინფორმაცია დროებითი ბანკის ბაზრიდან გასვლის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ. ამასთან, დროებითი ბანკი ვალდებულია, ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიაწოდოს მას ინფორმაცია დროებითი ბანკის ფინანსური მდგომარეობისა და ბაზრიდან გასვლის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.

 


მუხლი 9. დროებითი ბანკის ბაზრიდან გასვლა 

 

1. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მიღებიდან არაუმეტეს 6 თვის ვადაში, ეროვნული ბანკის ინსტრუქციებისა და მითითებების საფუძველზე, დროებითი ბანკი შეიმუშავებს დროებითი ბანკის ბაზრიდან გასვლის გეგმას, რომელიც შეიძლება მოიცავდეს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთს:

ა) დროებითი ბანკის სხვა კომერციულ ბანკთან შერწყმა;

ბ) დროებითი ბანკის აქციების, აქტივების ან/და ვალდებულებების სრულად ან ნაწილობრივი გასხვისება ერთ ან რამდენიმე შემძენზე.

2. დროებითი ბანკის ბაზრიდან გასვლის გეგმის დროული და ეფექტური განხორცილების მიზნით, აუცილებელია გეგმით განისაზღვროს, მინიმუმ შემდეგი საკითხები:

ა) დროებითი ბანკის აქციების, აქტივების და ვალდებულებების შემძენი პირ(ებ)ის შერჩევის კრიტერიუმები და წესი;

ბ) შერწყმის გზით ბაზრიდან გასვლის გეგმის შემთხვევაში, იმ პოტენციური კომერციული ბანკის შერჩევის კრიტერიუმები და წესი, რომელთანაც შესაძლოა, დროებითი ბანკის შერწყმა განხორციელდეს;

გ) გასასხვისებელი აქციების, აქტივებისა და ვალდებულებების სახის, მოცულობისა და გასასხვისებელი ფასის განსაზღვრის მეთოდები;

დ) დროებით ბანკთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელიც, მინიმუმ, უნდა მოიცავდეს:

დ.ა) დროებითი ბანკის აქტივებისა და ვალდებულებების შემადგენლობას;  

დ.ბ) აქციების, აქტივების ან/და ვალდებულებების წარსულში გასხვისებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დ.გ) გასასხვისებელი აქციების, აქტივების ან/და ვალდებულებების სახეს, მოცულობას, შემადგენლობასა და ფასს;

დ.დ) გასასხვისებელი აქციების, აქტივების ან/და ვალდებულებების ფასის განსაზღვრისას გამოყენებულ გაანგარიშებებს და ამ გაანგარიშებათა დასაბუთებას;

ე) ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დაინტერესებული მხარისათვის გადასაცემი ინფორმაციის კონფიდენციალურობის უზრუნველყოფისათვის მისაღებ ზომებს.

3. დროებითი ბანკის ბაზრიდან დროულად გასვლის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, ეროვნული ბანკი:

ა) ამოწმებს დროებითი ბანკის ბაზრიდან გასვლის გეგმის განხორციელებადობასა და რეზოლუციის მიზნებთან შესაბამისობას, მათ შორის, გასასხვისებელი აქციების, აქტივებისა ან/და ვალდებულებების სახის, მოცულობისა და გასასხვისებელი ფასის ადეკვატურობას;

ბ) საჭიროების შემთხვევაში,  შესაბამისი ცვლილებები შეაქვს დროებითი ბანკის ბაზრიდან გასვლის გეგმაში;

გ) ამოწმებს, დროებითი ბანკის აქციების, აქტივებისა ან/და ვალდებულებების გასხვისების ან დროებითი ბანკის შერწყმის შესახებ ხელშეკრულებების პირობების რეზოლუციის მიზნებთან შესაბამისობას;

დ) ამ პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით აძლევს თანხმობას დროებით ბანკს ბაზრიდან გასვლის შემუშავებულ გეგმასა და მის განხორციელებაზე.

4. დროებითი ბანკის ბაზრიდან დროულად გასვლის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია განახორციელოს  დროებითი ბანკის რეკაპიტალიზაცია დროებითი ბანკის ვალდებულებების ჩამოწერის ან კონვერტაციის გზით „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის  3710 მუხლის შესაბამისად.

5. დროებითი ბანკი ვალდებულია, ეროვნულ ბანკს წარუდგინოს დროებითი ბანკის აქციების, აქტივების ან/და ვალდებულებების პოტენციური შემძენებისა ან/და იმ კომერციული ბანკების სია, რომლებთან შერწყმა შესაძლოა, განხორციელდეს დროებითი ბანკის ბაზრიდან გასვლის მიზნით. ეროვნული ბანკი ამოწმებს აღნიშნული სიით წარმოდგენილი კომერციული ბანკებისა და პოტენციური შემძენების „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული  შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებით დადგენილ  მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და უფლებამოსილია, დროებით ბანკს აუკრძალოს ჩამოთვლილთაგან ერთ ან რამდენიმე პირზე აქციების, აქტივების ან/და ვალდებულებების გასხვისება ან კომერციულ ბანკთან შერწყმა.

6. დროებითი ბანკის აქციების, აქტივების ან/და ვალდებულებების შემძენის კანონმდებლობით განსაზღვრულ შესაფერისობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, შემძენთან გამართოს შესაბამისი კონსულტაციები.

7. დროებითი ბანკის პოტენციური შემძენები ვალდებულნი არიან, დროებითი ბანკის შეძენის თაობაზე მოლაპარაკებების წარმოებისას მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის მიზნით, ხელი მოაწერონ ინფორმაციის კონფიდენციალურად დაცვის შესახებ  შეთანხმებას.

8. თუ დროებითი ბანკის გასხვისება  შეუძლებელია ან აღნიშნულმა შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას რეზოლუციის მიზნებს ან ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზიით განსაზღვრული ვადის გასვლის მიუხედავად ვერ ხერხდება დროებითი ბანკის ბაზრიდან გასვლა ან თუ დროებითი ბანკის ბაზრიდან გასვლა განხორციელდა დროებითი ბანკის აქციების, აქტივების ან/და ვალდებულებების ნაწილობრივი გასხვისების გზით „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ეროვნული ბანკი დროებით ბანკს გაუუქმებს საბანკო საქმიანობის ლიცენზიას და დაიწყებს დროებითი ბანკის ლიკვიდაციის პროცესს ამავე კანონის  3712 მუხლით განსაზღვრული წესით.

 


მუხლი 10. დროებითი ბანკისათვის საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმება

 

1. ამ წესის მე-9 მუხლის გარდა, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით დროებით ბანკს საბანკო საქმიანობის ლიცენზია გაუუქმდება ერთ-ერთ შემდეგ შემთხვევაში:

ა) „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული, საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების ერთი ან რამდენიმე საფუძვლის დადგომისას;

ბ) საბანკო საქმიანობის ლიცენზიით განსაზღვრული ვადის გასვლისას.  

2. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნების დღიდან ან აღნიშნული გადაწყვეტილებით განსაზღვრული სხვა თარიღიდან.

3. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისთანავე ეროვნული ბანკი იწყებს დროებითი ბანკის ლიკვიდაციის პროცესს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 3712 მუხლით განსაზღვრული წესით.



ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.