საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6362-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 23/06/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/07/2020
სარეგისტრაციო კოდი 030000000.05.001.019906
6362-IIს
23/06/2020
ვებგვერდი, 01/07/2020
030000000.05.001.019906
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39(46), 1999 წელი, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 2117 მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციის ან პენიტენციური დაწესებულების მიმართვა დასაბუთებული უნდა იყოს და უნდა ეფუძნებოდეს შესაბამისად ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის დასკვნას ან უფლებამოსილი საექსპერტო დაწესებულების დასკვნას, რომელიც პაციენტის/მსჯავრდებულის საიდენტიფიკაციო დოკუმენტებთან (პასპორტი, პირადობის მოწმობა, ქორწინების მოწმობა, სხვა დოკუმენტი) ერთად, მათი არსებობის შემთხვევაში, უნდა დაერთოს აღნიშნულ მიმართვას. თუ არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით სტაციონარში მოსათავსებელი პირის ვინაობა (სახელი, გვარი, ასაკი, სქესი, მოქალაქეობა, საცხოვრებელი ადგილის მისამართი) დაუდგენელია, რადგან არ არსებობს მისი საიდენტიფიკაციო დოკუმენტები, ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციის მიმართვას უნდა დაერთოს „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ოქმი, თუ იგი პოლიციის თანამშრომელმა შეადგინა.“.

2. 2118   მუხლის:

ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მოსამართლე არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმეს ერთპიროვნულად, დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილავს. სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ მხოლოდ პაციენტის/მსჯავრდებულის მკურნალობის პროცესში ჩართულ პირებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთა მონაწილეობაც აუცილებელია ადმინისტრაციული სამართალწარმოების განხორციელების უზრუნველსაყოფად. აღნიშნული საქმის განხილვაში უნდა მონაწილეობდნენ შესაბამისად ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციის ან პენიტენციური დაწესებულების წარმომადგენელი, შესაბამისი ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის ერთი წევრი მაინც, პაციენტი/მსჯავრდებული და მისი ადვოკატი. თუ პაციენტს/მსჯავრდებულს არ აქვს ადვოკატის აყვანის შესაძლებლობა, სასამართლო ვალდებულია დაუნიშნოს მას ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე. საქმის განხილვაში მონაწილეობს აგრეთვე პაციენტის/მსჯავრდებულის კანონიერი წარმომადგენელი, ხოლო მისი არარსებობისას – ნათესავი (ამ შემთხვევაში ტერმინი „პაციენტის ნათესავი“ გულისხმობს პირს „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთა წრიდან). განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც პაციენტის/მსჯავრდებულის სასამართლოში მიყვანა შეუძლებელია მისი ავადმყოფობის გამო ან სხვა ობიექტური მიზეზით, მოსამართლე არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმის განსახილველად ატარებს გასვლით სასამართლო სხდომას იმ სტაციონარში, რომელშიც პაციენტი/მსჯავრდებული იმყოფება, ან სასამართლოს გადაწყვეტილებით, პაციენტმა/მსჯავრდებულმა საქმის განხილვაში მონაწილეობა შეიძლება მიიღოს დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.“;

ბ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სასამართლო სხდომაზე დგება ოქმი. მიმართვის დასაბუთებულობის შემოწმებისა და „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საფუძვლების შეფასების შემდეგ მოსამართლე გამოსცემს დასაბუთებულ ბრძანებას არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების გაწევის მიზნით პაციენტის სტაციონარში მოთავსების შესახებ არანებაყოფლობითი მკურნალობის კრიტერიუმების ამოწურვამდე, მაგრამ არაუმეტეს 6 თვისა.“.

3. 2119  მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პაციენტის ფსიქიკური მდგომარეობიდან გამომდინარე და „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე დასაშვებია ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ვადის გაგრძელება არაუმეტეს 6 თვისა. ყოველი ამგვარად გაგრძელებული ვადის ამოწურვის შემთხვევაში ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაცია უფლებამოსილია კვლავ მიმართოს სასამართლოს ვადის გაგრძელების მოთხოვნით, თუ არ არის ამოწურული პაციენტის არანებაყოფლობითი მკურნალობის კრიტერიუმები. ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციის მიმართვა არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების გაწევის მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების ვადის გაგრძელების შესახებ განიხილება ამ კოდექსის 2118  მუხლით დადგენილი წესით, ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციის შესაბამისი მიმართვის წარდგენიდან 72 საათში.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

23 ივნისი 2020 წ.

N6362-IIს