საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირების ლაბორატორიის ჩარჩოს შექმნისა და მისი გამოყენების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირების ლაბორატორიის ჩარჩოს შექმნისა და მისი გამოყენების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 110/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 25/05/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/05/2020
სარეგისტრაციო კოდი 220010000.18.011.016481
110/04
25/05/2020
ვებგვერდი, 27/05/2020
220010000.18.011.016481
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირების ლაბორატორიის ჩარჩოს შექმნისა და მისი გამოყენების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება  №110/04

2020 წლის 25 მაისი

ქ. თბილისი

 

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირების ლაბორატორიის ჩარჩოს შექმნისა და მისი გამოყენების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და ამავე ორგანული კანონის 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირების ლაბორატორიის ჩარჩოს შექმნისა და მისი გამოყენების შესახებ დებულება თანდართულ დანართთან ერთად.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე



საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირების ლაბორატორიის ჩარჩოს შექმნისა და მისი გამოყენების შესახებ დებულება

 


მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) მიერ, რეგულირების ლაბორატორიის შექმნისა და ფუნქციონირების ძირითად პრინციპებს, მისი გამოყენების პირობებსა და პროცედურას.

2. რეგულირების ლაბორატორიის გამოყენების მიზანია სწრაფად განვითარებადი ფინანსური ტექნოლოგიების პირობებში შექმნილი ინოვაციური ფინანსური მომსახურების ან/და პროდუქტების ბაზარზე გამოცდა,  მათი განვითარებისა და ნაკლები დანახარჯებით ბაზარზე წვდომის ხელშეწყობა, ასევე, ეროვნული ბანკის საზედამხედველო უფლებამოსილების ფარგლებში ახალი მარეგულირებელი მოთხოვნების ან/და არსებული მოთხოვნების ცვლილების საჭიროების გამოკვეთა, რომელიც შესაძლოა აუცილებელი იყოს  ინოვაციური ფინანსური მომსახურების ან/და პროდუქტების გამოყენებისთვის.

3. ამ დებულებით განსაზღვრული რეგულირების ლაბორატორიის გამოყენება შეუძლიათ  ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სუბიექტებს, რომელებსაც სურთ საფინანსო სექტორში ინოვაციური ფინანსური მომსახურების ან/და პროდუქტის შეთავაზება, თუმცა აღნიშნული ეწინააღმდეგება ეროვნული ბანკის არსებულ მოთხოვნებს ან/და საჭიროებს თანხმობას.


მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ა) რეგულირების ლაბორატორია – ეროვნული ბანკის მიერ ინოვაციური ფინანსური მომსახურების ან/და პროდუქტის სატესტო გარემოში გამოსაცდელად შექმნილი ჩარჩო;

ბ) ახალი ფინანსური ტექნოლოგია  პროგრამა ან/და სხვა ტექნოლოგია, რომელიც გამოიყენება ინოვაციური ფინანსური მომსახურების ან/და პროდუქტების შექმნის, მიწოდებისა და გამოყენების გაუმჯობესების ან/და ავტომატიზაციისთვის;

გ) განმცხადებელი – ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტი, რომელსაც სურს საფინანსო სექტორში ინოვაციური ფინანსური მომსახურების ან/და პროდუქტების შეთავაზება, თუმცა აღნიშნული ეწინააღმდეგება ეროვნული ბანკის არსებულ მოთხოვნებს ან/და საჭიროებს თანხმობას და იგი ეროვნულ ბანკს მიმართავს ამ დებულებით განსაზღვრული წესით;

დ) სპეციალური ფოკუსჯგუფი – იმ პირთა ჯგუფი, რომელთა წევრებიც საკუთარი ნებით გამოთქვამენ სურვილს მონაწილეობა მიიღონ ინოვაციური ფინანსური მომსახურების ან/და  პროდუქტის გამოცდაში.


მუხლი 3. რეგულირების ლაბორატორიაში მონაწილეობის კრიტერიუმები
რეგულირების ლაბორატორიაში მონაწილეობის მისაღებად, განმცხადებელის მიერ წარმოდგენილი ფინანსური მომსახურება ან/და პროდუქტი უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) განმცხადებელი, ეროვნული ბანკის შეფასებით, უნდა იყენებდეს ადგილობრივი ბაზრისთვის  ახალ ფინანსურ ტექნოლოგიას და მის მიერ წარმოდგენილი ფინანსური მომსახურება ან/და პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს ჩამოთვლილთაგან მინიმუმ ერთ-ერთ პირობას:

ა.ა) ზრდის ფინანსური მომსახურების ან/და პროდუქტების ხელმისაწვდომობას, ეფექტურობას, დაცულობასა ან/და ხარისხს;

ა.ბ) აუმჯობესებს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტების რისკების მართვის ეფექტურობას;

ა.გ) მომხმარებლებს აძლევს მნიშვნელოვან დამატებით სარგებელს;

ა.დ) ემსახურება ფინანსური ჩართულობის გაზრდას;

ბ) განმცხადებლის მიერ შეთავაზებული ფინანსური მომსახურება ან/და პროდუქტი უნდა საჭიროებდეს ეროვნული ბანკის თანხმობას ან/და წარმოშობდეს ეროვნული ბანკის შესაბამისი მარეგულირებელი ჩარჩოს ცვლილების ან ახალი მარეგულირებელი მოთხოვნების განსაზღვრის საჭიროებას;

გ) განმცხადებელს უნდა ჰქონდეს შეფასებული წარმოდგენილი ფინანსური მომსახურების ან/და პროდუქტის სარგებლიანობა, ფუნქციონირებადობა და დაკავშირებული რისკები.


მუხლი 4. ეროვნული ბანკისათვის მიმართვა რეგულირების ლაბორატორიის გამოსაყენებლად და წარმოსადგენი ინფორმაცია
1. განმცხადებელი ეროვნულ ბანკს მიმართავს მისი საქმიანობის ზედამხედველობის განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულ(ებ)ის მეშვეობით.

2. განმცხადებელმა ეროვნულ ბანკს უნდა წარუდგინოს ამ დებულების დანართით განსაზღვრული შევსებული განაცხადის ფორმა, რომელიც, მათ შორის, უნდა მოიცავდეს წარმოდგენილი ფინანსური მომსახურების ან/და პროდუქტის ამ დებულებით განსაზღვრულ კრიტერიუმებთან შესაბამისობის დასაბუთებას; ამ დებულების მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმთან შესაბამისობის დასაბუთებაში უნდა მიეთითოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ის შესაბამისი წესი, ინსტრუქცია, დებულება, დადგენილება, მოთხოვნა ან/და მითითება (თარიღი, ნომერი, მუხლი და ა.შ.), რომელიც ხელს უშლის განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი ფინანსური მომსახურების ან/და პროდუქტის დანერგვას.

3. ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში, ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი ფორმითა და ვადებში განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს:

ა)  დასაბუთება, თუ როგორ აპირებს განმცხადებელი ინოვაციურ ფინანსურ მომსახურებასთან ან/და პროდუქტთან დაკავშირებული საქმიანობის წარმართვას, რომელიც, მათ შორის, უნდა მოიცავდეს:

ა.ა) მოსალოდნელი შედეგების აღწერას და მათი შეფასების ხარისხობრივ და რაოდენობრივ ინდიკატორებს;

ა.ბ)  სატესტო გარემოში ფინანსური მომსახურების ან/და პროდუქტის გამოსაცდელად საჭირო რესურსებზე ხელმისაწვდომობის დასაბუთებას;

ა.გ) საჭიროების შემთხვევაში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების  შეფასებას და მიტიგაციის ღონისძიებების აღწერას;

ბ) სატესტო გარემოდან რეალურ გარემოში გადასვლის სტრატეგია;

გ)  ინოვაციური ფინანსური მომსახურების ან/და პროდუქტის გამოყენების შეწყვეტის გეგმა, მათ შორის ისეთი შემთხვევისთვის, თუ განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეფასების ხარისხობრივი და რაოდენობრივი ინდიკატორების გათვალისწინებით ფინანსური მომსახურება ან/და პროდუქტი ეროვნული ბანკის მიერ არ შეფასდება წარმატებულად  და დადგება განმცხადებლის მიერ შესაბამისი ოპერაციების შეწყვეტის აუცილებლობა. გეგმის მიზანია უზრუნველყოს განმცხადებელის მიერ ოპერაციების შეწყვეტა კლიენტთა ინტერესების დაცვითა და ფინანსური სისტემის შეუფერხებლად. იგი უნდა ექვემდებარებოდეს გადახედვას ბიზნეს/საოპერაციო მოდელის ნებისმიერი ცვლილებისას. აღნიშნული გეგმა, მათ შორის, უნდა მოიცავდეს:

გ.ა) გარემოებებს, რომელთა დადგომისას უნდა ამოქმედდეს ინოვაციური ფინანსური მომსახურების ან/და პროდუქტის გამოყენების შეწყვეტის გეგმა;

გ.ბ) მიზეზებს, რამაც შესაძლოა განაპირობოს ფინანსური მომსახურების ან/და პროდუქტის წარუმატებლობა;

გ.გ) პასუხისმგებელ შიდაორგანიზაციულ სტრუქტურულ ერთეულს;

გ.დ) პროცედურებს, რომლებმაც უნდა უზრუნველყოს გეგმის ხელის შემშლელი მატერიალური რისკების პროაქტიული იდენტიფიკაცია და აღმოფხვრა;

გ.ე) კლიენტებთან ანგარიშსწორების გეგმასა და მათი სახსრების დაცვის საგარანტიო მექანიზმების აღწერას, საჭიროების შემთხვევაში;

დ) ინფორმაციას სატესტო რეჟიმში მყოფი ფინანსური მომსახურებით ან/და პროდუქტით სარგებლობის შესახებ მომხმარებელთა ინფორმირებისა და მათი დაცვის დამატებითი მექანიზმების შესახებ;

ე) სხვა დამატებით ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია ფინანსური მომსახურების ან/და პროდუქტის რისკის შესაფასებლად.


მუხლი 5. რეგულირების ლაბორატორიაში მონაწილეობის ეტაპები
1. რეგულირების ლაბორატორიაში მონაწილეობა გულისხმობს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული შემდეგი ეტაპების გავლას:

ა) იდეის ტესტირება;

ბ) საჩვენებელი მოდელის  ტესტირება;

გ) რეალურ გარემოში გამოყენების ტესტირება.

2. ყოველ შემდგომ ეტაპზე გადასვლისთვის ეროვნული ბანკის მიერ წინა ეტაპი უნდა ჩაითვალოს წარმატებულად. თითოეული ეტაპის გასავლელად საჭირო პირობებსა და ვადებს ეროვნული ბანკი განსაზღვრავს ინდივიდუალურად, წარმოდგენილი ფინანსური მომსახურების ან/და პროდუქტის სპეციფიკის გათვალისწინებით.


მუხლი 6. იდეის ტესტირება
1. რეგულირების ლაბორატორიის გამოყენების შესახებ განმცხადებლის განაცხადის მიღების შემდგომ, ეროვნული ბანკი ახორციელებს წარმოდგენილი განაცხადისა და ინფორმაციის სრულყოფილების შეფასებასა და ფინანსური მომსახურების ან/და პროდუქტის იდეის ტესტირებას. იდეის ტესტირება მოიცავს მისი ინოვაციურობის და სისტემური რისკების შეფასებას:

ა) ეროვნული ბანკი ინოვაციურად განიხილავს ისეთ ფინანსურ მომსახურებას ან/და პროდუქტს, რომელიც აკმაყოფილებს ამ დებულებით განსაზღვრულ კრიტერიუმებს. შემოთავაზებული ფინანსური მომსახურება ან/და პროდუქტი არ განიხილება ინოვაციურად, თუ მსგავსი ფინანსური მომსახურება ან/და პროდუქტი უკვე არსებობს საქართველოში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ინოვაციურად შეიძლება ჩაითვალოს განმცხადებლის მიერ გამოყენებული ფინანსური ტექნოლოგია ან უკვე არსებული ტექნოლოგიის გამოყენების მეთოდი;

ბ) წარმოდგენილ ფინანსურ მომსახურებას ან/და პროდუქტს არ უნდა ჰქონდეს სისტემურ რისკებზე მატერიალური ნეგატიური გავლენის მოხდენის  შესაძლებლობა და არ უნდა ზრდიდეს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკებს.

2. ეროვნული ბანკი ვალდებულია იდეის ტესტირების ეტაპის შედეგების შესახებ განმცხადებელს აცნობოს წერილობით განცხადების წარმოდგენიდან 21 სამუშაო დღის ვადაში.  აღნიშნული ვადა  შესაძლოა დამატებით გაგრძელდეს 30 სამუშაო დღით.

3. იდეის ტესტირების დადებითად შეფასების შემთხვევაში ეროვნული ბანკი ატყობინებს განმცხადებელს პირველი ეტაპის წარმატებით გავლისა და შემდგომ ეტაპზე გადასვლის შესახებ.

4. განმცხადებლის მიერ ამ დებულების მე-4 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის არასრულყოფილად წარმოდგენის ან/და ეროვნული ბანკის მიერ განმცხადებლის მიერ წარმოდგენილის ფინანსური მომსახურების ან/და პროდუქტის ამ დებულებით განსაზღვრულ კრიტერიუმებთან შეუსაბამოდ მიჩნევის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში, შესაბამისი დასაბუთებით, წერილობითი ფორმით უარს ეუბნება განმცხადებელს.


მუხლი 7. საჩვენებელი მოდელის ტესტირება
1. საჩვენებელი მოდელის ტესტირება გულისხმობს წარმოდგენილი ფინანსური მომსახურების ან/და პროდუქტის გამოცდას სატესტო გარემოში. აღნიშნულ ეტაპზე, ეროვნული ბანკი განმცხადებელთან ერთად განიხილავს და განსაზღვრავს ტესტირების მასშტაბსა და ხანგრძლივობას, ანგარიშგების სიხშირეს და ტესტირების წარმატებით გავლის შეფასების ინდიკატორებს. 

2. საჩვენებელი მოდელის ტესტირება შესაძლოა ჩატარდეს სპეციალურ ფოკუსჯგუფზე, რომელიც შესაძლოა შედგებოდეს განმცხადებლის თანამშრომლებისგან. აღნიშნულ ეტაპზე ინოვაციური ფინანსური მომსახურება ან/და პროდუქტი ხელმისაწვდომი არ უნდა იყოს რეალური მომხმარებლებისთვის.

3. საჩვენებელი მოდელის ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში განმცხადებელს ეძლევა ნებართვა, გადავიდეს ოპერაციების რეალურ გარემოში გამოყენების ტესტირების ეტაპზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ეროვნული ბანკი, შესაბამისი დასაბუთებით, წერილობითი ფორმით უარს ეუბნება განმცხადებელს რეგულირების ლაბორატორიაში პროცესის გაგრძელებაზე.  

4. საჩვენებელი მოდელის ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში ეროვნული ბანკი საკუთარი ვებგვერდის მეშვეობით ასაჯაროებს ინფორმაციას წარმოდგენილი ფინანსური მომსახურების ან/და პროდუქტის რეალურ გარემოში გამოყენების ტესტირების პროცესის დაწყების შესახებ.


მუხლი 8. რეალურ გარემოში გამოყენების ტესტირება
1. რეალურ გარემოში გამოყენების ტესტირება გულისხმობს განმცხადებლის მიერ შეთავაზებული ფინანსური მომსახურების ან/და პროდუქტის გამოცდას რეალურ გარემოში, ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული შეზღუდვების ან/და მისი უფლებამოსილების ფარგლებში შემსუბუქებული მარეგულირებელი პირობების გათვალისწინებით.

2. წარმოდგენილი ფინანსური მომსახურების ან/და პროდუქტის რეალურ გარემოში გამოყენებისთვის ეროვნული ბანკი განსაზღვრავს საოპერაციო და ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების რისკებთან დაკავშირებულ შეზღუდვებს, იმ შემსუბუქებულ მარეგულირებელ პირობებს, რომლებიც შესაძლოა საჭირო იყოს წარმოდგენილი ფინანსური მომსახურების ან/და პროდუქტის რეალურ გარემოში გამოყენების ტესტირებისთვის, ტესტირების წარმატებით გავლის ინდიკატორებს შესაბამისი დროითი პერიოდების მიხედვით და ანგარიშგების წარმოდგენის ვადებს. აღნიშნული შეზღუდვები,  შემსუბუქებული მარეგულირებელი პირობები, ტესტირების წარმატებით გავლის ინდიკატორები და ანგარიშგების ვადები განისაზღვრება ინდივიდუალურად, კონკრეტული ფინანსური მომსახურების ან/და პროდუქტის სპეციფიკის გათვალისწინებით.

3. განმცხადებლის მიერ პერიოდულად წარმოდგენილი ანგარიშგება უნდა მოიცავდეს:

ა) ძირითადი ინდიკატორების შედეგებს, ძირითად მიღწევებს და სტატისტიკურ ინფორმაციას, მათ შორის  ინფორმაციას თაღლითობასთან ან ოპერაციულ ინციდენტებთან დაკავშირებით;

ბ) ტექნოლოგიასთან დაკავშირებულ არსებით პრობლემებს;

გ) ინციდენტებთან დაკავშირებულ მომხმარებელთა საჩივრებს;

დ) სხვა დამატებით ინფორმაციას, რომელსაც ეროვნული ბანკი განსაზღვრავს კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე.

4. ეროვნული ბანკი საკუთარი ვებგვერდის მეშვეობით ასაჯაროებს ინფორმაციას წარმოდგენილი ფინანსური მომსახურების ან/და პროდუქტის რეალურ გარემოში გამოყენების ტესტირების შესახებ. 


მუხლი 9. რეგულირების ლაბორატორიიდან გამოსვლა
1. რეალურ გარემოში გამოყენების ტესტირების პერიოდის გასვლის შემდეგ განმცხადებელი წარმოადგენს ტესტირების საბოლოო შედეგებს. ეროვნული ბანკი შეაფასებს წარმოდგენილ  საბოლოო შედეგებს და მათი წარმოდგენიდან 21 სამუშაო დღის ვადაში, შესაბამისი დასაბუთებით, წერილობით აცნობებს განმცხადებელს შეფასების შედეგების შესახებ. აღნიშული ვადა შესაძლოა დამატებით გაგრძელდეს 30 სამუშაო დღით.

2. ეროვნული ბანკი განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ ფინანსურ მომსახურებას ან/და პროდუქტს დადებითად აფასებს იმ შემთხვევაში, თუ, მათ შორის, დაკმაყოფილებულია შემდეგი პირობები:

ა) განმცხადებელმა მიაღწია წინასწარდასახულ მიზანს;

ბ) წარმოდგენილი ფინანსური მომსახურების ან/და პროდუქტის ტესტირებებმა აჩვენეს სასურველი შედეგები და დაბალი სისტემური რისკის პოტენციალი.

3. იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი ფინანსური მომსახურება ან/და პროდუქტი ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად შეფასდა დადებითად, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია:

ა) მოხსნას განმცხადებლისთვის ტესტირების ფარგლებში განსაზღვრული დამატებითი მოთხოვნები/შეზღუდვები, რომლითაც განმცხადებელი სარგებლობდა რეგულირების ლაბორატორიაში მონაწილეობის პერიოდში; და

ბ) საჭიროების შემთხვევაში, განიხილოს ინოვაციური ფინანსური მომსახურების ან/და პროდუქტის გამოყენებისათვის აუცილებელი მარეგულირებელი მოთხოვნების  საზედამხედველო ჩარჩოში და საზედამხედველო მიდგომებში ასახვის ან/და მათი შესაბამისად ცვლილების საკითხი.

4. იმ შემთხვევაში, თუ ტესტირების შედეგები აჩვენებს, რომ განმცხადებელი სათანადოდ ვერ ოპერირებს, რაც, მათ შორის, გამოიხატება ტესტირების განმავლობაში განსაზღვრული, ხარისხობრივი და რაოდენობრივი ინდიკატორებიდან მნიშვნელოვანი ჩამორჩენით ან/და მნიშვნელოვანი და პოტენციური სისტემური რისკების გამოვლენით,  ეროვნული ბანკი:

ა) იღებს გადაწყვეტილებას განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი მომსახურების ან/და პროდუქტის უარყოფითად შეფასებისა და ტესტირების პროცესის შეწყვეტის შესახებ;

ბ) უფლებამოსილია, საჭიროებისამებრ შეცვალოს ამ დებულების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები, შეზღუდვები და ვადები.

5. ტესტირების საბოლოო შედეგის უარყოფითად შეფასების ან/და ტესტირების შეწყვეტის  შემთხვევაში, განმცხადებელმა დაუყოვნებლივ უნდა აამოქმედოს ინოვაციური ფინანსური მომსახურების ან/და პროდუქტის გამოყენების შეწყვეტის გეგმა, რომელიც წარმოდგენილი ჰქონდა ეროვნული ბანკისათვის.