შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ

შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5900-სს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 21/05/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/05/2020
სარეგისტრაციო კოდი 300280020.05.001.019858
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
5900-სს
21/05/2020
ვებგვერდი, 28/05/2020
300280020.05.001.019858
შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (28/05/2020 - 10/06/2021)

 

საქართველოს კანონი

 

 

შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ

თავი I. ზოგადი დებულებები

 

მუხლი 1. კანონის მიზანი და მოქმედების სფერო

1. ამ კანონის მიზანია ენერგორესურსების რაციონალური გამოყენების ხელშეწყობა და შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება შენობების გარე კლიმატური და ადგილობრივი პირობების, შიდა კლიმატურ პირობებზე მოთხოვნილებისა და ხარჯეფექტურობის გათვალისწინებით.

2. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება შემდეგ შენობებზე:

ა) შენობაზე, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, თუ ამ შენობის შენობების, შენობების ნაწილების ან შენობების ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა გამოიწვევს მისი განსაკუთრებული ხასიათისა და გარეგნული იერსახის ცვლილებას;

ბ) საკულტო-რელიგიური დანიშნულების შენობაზე;

გ) დროებით შენობაზე, რომელიც განკუთვნილია არაუმეტეს 2 წლის ვადით გამოყენებისთვის, სამრეწველო ობიექტზე, საამქროზე, დაბალი ენერგომოთხოვნილების მქონე არასაცხოვრებელ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შენობაზე;

დ) საცხოვრებელ შენობაზე, რომელიც გამოიყენება წელიწადში 4 თვეზე ნაკლები ვადით ან განკუთვნილია ამ ვადით გამოყენებისთვის;

ე) ცალკე მდგომ შენობაზე, რომლის სასარგებლო ფართობი 50 მ2-ზე ნაკლებია.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ახალი შენობა − შენობა, რომლის მშენებლობის ნებართვის მისაღებად განცხადება წარდგენილი იქნება 2021 წლის 30 ივნისის შემდეგ;

ბ) გათბობის ქვაბი − წვის კამერისა და ქვაბის კომბინირებული კორპუსი, რომელიც წვის შედეგად გამოყოფილ სითბოს სითხეს გადასცემს;

გ) განახლებადი წყაროებიდან მიღებულ ენერგიაზე მომუშავე ენერგომომარაგების დეცენტრალიზებული სისტემები − მოწყობილობები, რომლებიც საჭიროა განახლებადი წყაროებიდან ენერგიის მისაღებად და მის შესანახად  და განლაგებულია იმ შენობებში, რომლებსაც ისინი ემსახურება,  ან ამ შენობებთან ახლოს;

დ) განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგია − ენერგია, რომელიც მიღებულია არაწიაღისეული, განახლებადი წყაროებიდან, კერძოდ: ქარის, მზის, აეროთერმული, გეოთერმული, ჰიდროთერმული, ზღვის ტალღების ენერგია, ჰიდროენერგია, განახლებადი ბიომასის ენერგია, ნაგავსაყრელებიდან და ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობებიდან მიღებული გაზისა და ბიოგაზის ენერგია;

ე) დამოუკიდებელი ექსპერტი − სერტიფიცირებული ფიზიკური პირი ან აკრედიტებული იურიდიული პირი, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს შენობის ენერგოეფექტურობის სერტიფიცირება ან შენობაში გათბობის ან/და გაგრილების და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირება;

ვ) ევროპული სტანდარტი − სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტის, ელექტროტექნიკური სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტის ან ევროპის ტელეკომუნიკაციის სტანდარტიზაციის ინსტიტუტის სტანდარტი, რომელიც საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ რეგისტრირებულია სტანდარტების რეესტრში;

ზ) ენერგეტიკული გაერთიანება − ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია 2005 წლის ოქტომბერში ხელმოწერილი ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულების საფუძველზე;

თ) ენერგოეფექტურობის კლასი − შენობის ენერგოეფექტურობის აღმნიშვნელი, ადვილად აღსაქმელი საზომი, რომელიც გამოხატულია ლათინური ანბანის ასოებით ­− „A“-დან „G“-ის ჩათვლით;

ი)  ენერგოეფექტურობის სერტიფიკატი − შენობის ან შენობის ნაწილის ენერგოეფექტურობის ამსახველი დოკუმენტი, რომელიც გაცემულია დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ;

კ) ეფექტური ნომინალური სიმძლავრე − თბოწარმოქმნის მაქსიმალური სიმძლავრე, რომელიც გამოხატულია კვტ-ით და რომლის მიწოდება უწყვეტი მუშაობისას მწარმოებლის მიერ განსაზღვრული და გარანტირებულია მის მიერვე მითითებული ეფექტურობის რეჟიმის დაცვის პირობებში;

ლ) ვენტილაციის სისტემა − კომპონენტების ერთობლიობა, რომლებიც საჭიროა შენობის შიდა ჰაერის დამუშავებისა და ჰაერცვლისთვის;

მ) თბური ტუმბო − მექანიზმი, დანადგარი ან მოწყობილობა, რომელიც ბუნებრივი გარემოდან, კერძოდ, წყლიდან, ჰაერიდან ან ნიადაგიდან, შენობებს ან სამრეწველო მოწყობილობებს გადასცემს სითბოს ბუნებრივი ნაკადის ისე შეცვლით, რომ იგი დაბალი ტემპერატურიდან მაღალი ტემპერატურისკენ მიედინება. რევერსულ თბურ ტუმბოს შეუძლია აგრეთვე სითბოს შენობიდან გარეთ, ბუნებრივ გარემოში გატანა;

ნ) თითქმის ნულოვანი ენერგომოხმარების შენობა − შენობა, რომელსაც აქვს ძალიან მაღალი ენერგოეფექტურობა და ენერგიაზე თითქმის ნულოვანი ან ძალიან მცირე მოთხოვნილება, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი იმავე ადგილზე ან ახლო ტერიტორიაზე წარმოებული, განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიით კმაყოფილდება;

ო) კოგენერაცია − ელექტროენერგიისა და თბური ენერგიის ერთდროული გამომუშავების (წარმოების) პროცესი;

პ) მნიშვნელოვანი რეკონსტრუქცია − ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში აქვს ამ კანონის ან/და „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული საქართველოს მთავრობის შესაბამისი აქტით/აქტებით განსაზღვრული ერთ-ერთი შემდეგი მნიშვნელობა:

პ.ა) შენობის გარსის ზედაპირის 25%-ზე მეტის რეკონსტრუქცია;

პ.ბ) შენობის გარსის ან ტექნიკური სისტემების ისეთი განახლება, რომლის ღირებულება აღემატება შენობის ღირებულების (არ მოიცავს იმ მიწის ღირებულებას, რომელზედაც ეს შენობაა განთავსებული) 25%-ს;

ჟ) პირველადი ენერგია − განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგია ან არაგანახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგია, რომელიც არ არის მიღებული გარდაქმნის ან ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადაყვანის შედეგად;

რ) სამინისტრო − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;

ს) სასარგებლო ფართობი − შენობის ან შენობის ნაწილის ფართობი, სადაც ენერგია შიდა კლიმატის შესაქმნელად გამოიყენება;

ტ) შენობა − მთლიანი ნაგებობა (შენობის გარსის, მზიდი კონსტრუქციისა და საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის სისტემების ჩათვლით), სადაც ენერგია შიდა კლიმატის შესაქმნელად, ცხელი წყლით მომარაგებისთვის და განათებისა და შენობის გამოყენებასთან დაკავშირებული სხვა პირობების/მომსახურებების უზრუნველსაყოფად გამოიყენება;

უ) შენობის გარსი − შენობის ინტეგრირებული ნაწილების ერთობლიობა, რომლებიც შენობის შიდა სივრცეს შენობის გარეთ არსებული გარემოსგან აცალკევებს;

ფ) შენობის ელემენტი − შენობის საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის სისტემა ან შენობის გარსის ნაწილი;

ქ) შენობის ენერგოეფექტურობა − შენობის დანიშნულებით გამოყენებისთვის საჭირო ენერგიაზე მოთხოვნილების დაკმაყოფილებისთვის საჭირო ენერგიის გამოთვლილი ან გაზომილი რაოდენობა, რომელიც მოიცავს გათბობისთვის, გაგრილებისთვის, ვენტილაციისთვის, წყლის გაცხელებისა და განათებისთვის მოხმარებულ და სხვა ენერგიას;

ღ) შენობის ნაწილი − შენობის სექცია, სართული ან ბინა, რომელიც შექმნილია ან გადაკეთებულია ცალკე გამოყენებისთვის;

ყ) შენობის საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის სისტემები − ტექნიკური მოწყობილობები, რომლებიც საჭიროა შენობის ან შენობის ნაწილის გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის, წყლის გაცხელების, განათების ან მათი კომბინაციის უზრუნველყოფისთვის;

შ) შენობის ჯამური ენერგოეფექტურობა − შენობის დანიშნულებით გამოყენებისთვის საჭირო პირველადი ენერგიის გამოთვლილი რაოდენობა, რომელიც მოიცავს გათბობისთვის, გაგრილებისთვის, ვენტილაციისთვის, წყლის გაცხელებისა და განათებისთვის მოხმარებულ და სხვა ენერგიას;

ჩ) ცენტრალური გათბობა ან ცენტრალური გაგრილება − ერთიანი ქსელით ცენტრალური წყაროდან თბური ენერგიის რამდენიმე შენობისთვის ან ადგილისთვის მიწოდება ორთქლის, ცხელი წყლის ან გაცივებული სითხის საშუალებით, სივრცის ან გათბობის ან გაგრილების პროცესის გამოსაყენებლად;

ც) ხარჯოპტიმალური დონე − ენერგოეფექტურობის დონე, რომელიც შენობის ექსპლუატაციის პერიოდში ყველაზე დაბალ დანახარჯებს განაპირობებს;

ძ) ჰაერის კონდიცირების სისტემა − იმ კომპონენტების ერთობლიობა, რომლებიც საჭიროა შენობის შიდა ჰაერის დასამუშავებლად მისაწოდებელი ჰაერის ტემპერატურის რეგულირებისთვის, ვენტილაციის (ჰაერცვლის) დონის, ტენიანობისა და ჰაერის ფილტრაციის მართვასთან შესაძლო კომბინაციით.

თავი II. შენობებისა და შენობების ნაწილების ენერგოეფექტურობის მოთხოვნები

მუხლი 3. შენობების ენერგოეფექტურობის გამოთვლის ეროვნული მეთოდოლოგია

1. შენობის ენერგოეფექტურობა განისაზღვრება შენობების ენერგოეფექტურობის გამოთვლის ეროვნული მეთოდოლოგიით დადგენილი წესით, იმ ენერგიის საანგარიშო რაოდენობის მიხედვით, რომელიც მოიხმარება წლის განმავლობაში ამ შენობის დანიშნულებით გამოყენებასთან დაკავშირებული სხვადასხვა საჭიროების დასაკმაყოფილებლად.

2. შენობების ენერგოეფექტურობის გამოთვლის ეროვნული მეთოდოლოგია მტკიცდება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.

3. შენობების ენერგოეფექტურობის გამოთვლის ეროვნული მეთოდოლოგია მოიცავს შენობის სულ მცირე შემდეგ ასპექტებს:

ა) შენობის არქიტექტურული პროექტი; შენობის მდებარეობა და ორიენტაცია, მათ შორის, გარე კლიმატური პირობების გათვალისწინებით;

ბ) მზის პასიური სისტემები;

გ) თბური სიმძლავრე, თბოიზოლაცია, პასიური სითბო, გამაგრილებელი ელემენტები, თბური ხიდები;

დ) გათბობის სისტემები, ცხელი წყლით მომარაგება;

ე) ჰაერის კონდიცირების სისტემები;

ვ) ბუნებრივი და მექანიკური ვენტილაცია;

ზ) შიდა განათების სისტემები;

თ) შიდა კლიმატური გარემო (პირობები);

ი) შიდა ენერგეტიკული დატვირთვა;

კ) განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის სისტემები;

ლ)  კოგენერაციით გამომუშავებული (წარმოებული) ელექტროენერგია.

4. შენობების ენერგოეფექტურობის გამოთვლის ეროვნული მეთოდოლოგია გამოიყენება შემდეგი ტიპის შენობებისთვის:

ა) ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი;

ბ) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი;

გ) ოფისი, ადმინისტრაციული შენობა;

დ) საგანმანათლებლო დაწესებულების შენობა;

ე) სამედიცინო დაწესებულების შენობა;

ვ) სასტუმრო, საზოგადოებრივი კვების ობიექტი;

ზ) სპორტული დანიშნულების შენობა;

თ) საცალო და საბითუმო ვაჭრობის შენობა;

ი) ენერგიის მომხმარებელი სხვა ტიპის შენობა.

5. შენობების ენერგოეფექტურობის გამოთვლის ეროვნული მეთოდოლოგია შენობის ენერგოეფექტურობის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად განსაზღვრავს ენერგოეფექტურობის ჯამურ ინდიკატორს (EPI) − პირველადი ენერგიის წლიური მოხმარების აღმნიშვნელ ციფრულ სიდიდეს, რომელიც გამოხატულია კვტ.სთ/მ2-ით. შენობების ენერგოეფექტურობის გამოთვლის ეროვნული მეთოდოლოგია უნდა ითვალისწინებდეს შესაბამის ეროვნულ სტანდარტს, ევროპულ სტანდარტს, ევროკომისიის 2012 წლის 16 იანვრის №244/2012 დელეგირებულ რეგულაციასა და ენერგეტიკული გაერთიანების კანონმდებლობას.

მუხლი 4. შენობების, შენობების ნაწილების ან შენობების ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნები

1. შენობების, შენობების ნაწილების ან შენობების ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნები (შემდგომ − ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნები) მტკიცდება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.

2. ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნები ვრცელდება ყველა ახალ შენობაზე, ახალი შენობის ნაწილსა და ახალი შენობის ელემენტზე, ხოლო მნიშვნელოვანი რეკონსტრუქციის შემთხვევაში − აგრეთვე ყველა არსებულ შენობასა და არსებული შენობის ნაწილზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ მოთხოვნების გამოყენება შენობის ექსპლუატაციის პერიოდში ხარჯეფექტური არ იქნება.

3. ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნები შესაძლებელია ხარჯოპტიმალური დონის გათვალისწინებით სხვადასხვა ტიპის შენობებისთვის ცალ-ცალკე განისაზღვროს.

4. ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნები შენობის იმ ელემენტების შეცვლისას და მოდერნიზაციისას, რომლებიც ქმნის შენობის გარსს და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს შენობის ენერგოეფექტურობაზე, განისაზღვრება ხარჯოპტიმალური დონის გათვალისწინებით.

5. ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების ხარჯოპტიმალური დონეები გამოითვლება შენობების, შენობების ნაწილების ან შენობების ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების ხარჯოპტიმალური დონეების გამოთვლის შედარებითი მეთოდოლოგიის საფუძველზე. ამ მეთოდოლოგიის შემუშავებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ენერგეტიკული გაერთიანების კანონმდებლობა და შესაბამისი ეროვნული პარამეტრები.

6. ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნები უნდა გადაიხედოს რეგულარულად, არაუმეტეს 5 წლის ინტერვალით, და საჭიროების შემთხვევაში უნდა განახლდეს სამშენებლო სექტორში ტექნიკური პროგრესის შესაბამისად.

მუხლი 5. შენობის საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის სისტემების ენერგოეფექტურობის მოთხოვნები

1. ახალი შენობის/არსებული შენობის ჯამური ენერგოეფექტურობის გათვალისწინებით, შენობის საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის სისტემების სწორი შერჩევისა და მონტაჟის, რეგულირებისა და მართვის წესები მტკიცდება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.

2. შენობის საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის სისტემების ენერგოეფექტურობის მოთხოვნები განისაზღვრება ახალი, შეცვლილი და მოდერნიზებული საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის სისტემებისთვის და გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ მათი განხორციელება ტექნიკურად, ფუნქციურად და ეკონომიკურად შესაძლებელია.

3. შენობის საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის სისტემების ენერგოეფექტურობის მოთხოვნები ეხება სულ მცირე გათბობის, ცხელი წყლით მომარაგების, ჰაერის კონდიცირებისა და ვენტილაციის დიდ სისტემებს ან ამ სისტემების კომბინაციებს.

4. ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფს შენობის მშენებლობისას ან მნიშვნელოვანი რეკონსტრუქციისას ენერგიის დაზოგვის მიზნით აღრიცხვის „ჭკვიანი“ სისტემების, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში − ავტომატური კონტროლის (მართვის) სისტემების დამონტაჟების წახალისებას, განისაზღვრება ენერგოეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმით. 

5. ახალი შენობის დაპროექტებისას ან არსებული შენობის მნიშვნელოვანი რეკონსტრუქციისას შემდეგი მაღალი ენერგოეფექტურობის ალტერნატიული სისტემები შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმ შემთხვევაში, თუ მათი განხორციელება ტექნიკურად, ფუნქციურად, ეკონომიკურად და ეკოლოგიურად შესაძლებელია:

ა) განახლებადი წყაროებიდან მიღებულ ენერგიაზე მომუშავე ენერგომომარაგების დეცენტრალიზებული სისტემები;

ბ) კოგენერაციის სისტემები;

გ) ცენტრალური გათბობის ან ცენტრალური გაგრილების სისტემები, განსაკუთრებით − განახლებად ენერგიაზე მომუშავე სისტემები;

დ) თბური ტუმბოები.

6. ახალი შენობის სანებართვო დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს მაღალი ენერგოეფექტურობის ალტერნატიული სისტემების ტექნიკური, გარემოსდაცვითი და ეკონომიკური მიზანშეწონილობის შეფასებას და შესაბამის დასაბუთებას.

მუხლი 6. თითქმის ნულოვანი ენერგომოხმარების შენობები

1. ყველა ის შენობა, რომლის მშენებლობის ნებართვის მისაღებად განცხადება წარდგენილი იქნება 2029 წლის 30 სექტემბრის შემდეგ, უნდა აკმაყოფილებდეს თითქმის ნულოვანი ენერგომოხმარების შენობის მიმართ მოთხოვნებს.

2. ყველა ის შენობა, რომელიც საჯარო დაწესებულების სარგებლობაშია ან/და საკუთრებაშია და რომლის მშენებლობის ნებართვის მისაღებად განცხადება წარდგენილი იქნება 2027 წლის 30 სექტემბრის შემდეგ, უნდა აკმაყოფილებდეს თითქმის ნულოვანი ენერგომოხმარების შენობის მიმართ მოთხოვნებს.

3. თითქმის ნულოვანი ენერგომოხმარების შენობის მიმართ მოთხოვნების დაკმაყოფილება სავალდებულო არ არის, როდესაც ამ შენობის ექსპლუატაციის პერიოდში მისი ხარჯეფექტურობის მაჩვენებელი უარყოფითია.

მუხლი 7. შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიცირება

1. შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიცირების წესი მტკიცდება და ენერგოეფექტურობის სერტიფიკატის განთავსების წესი და მასში შესატანი ინფორმაცია განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.

2. შენობის ან შენობის ნაწილის ენერგოეფექტურობის სერტიფიკატი უნდა შეიცავდეს სულ მცირე:

ა) შენობის ენერგოეფექტურობის შეფასებას და ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების მნიშვნელობებს, რათა შენობის მესაკუთრემ და დამქირავებელმა/მოიჯარემ შეძლონ შენობის ენერგოეფექტურობის შეფასება;

ბ) რეკომენდაციებს შენობის ან შენობის ნაწილის ენერგოეფექტურობის ხარჯოპტიმალური გაუმჯობესების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი გაუმჯობესება ენერგოეფექტურობისთვის დადგენილი მოთხოვნების მიმართ რაციონალური არ არის.

3. შენობის ან შენობის ნაწილის ენერგოეფექტურობის სერტიფიცირება სავალდებულოა:

ა) ახალი შენობისთვის ან შენობის ნაწილისთვის;

ბ) არსებული შენობისთვის, რომელიც იყიდება ან ქირავდება/იჯარით გაიცემა;

გ) არსებული შენობის ნაწილისთვის, რომელიც იყიდება ან ქირავდება/იჯარით გაიცემა;

დ) საჯარო დაწესებულების სარგებლობაში არსებული იმ შენობისთვის, რომლის საერთო ფართობი 500 მ²-ს აღემატება და რომელსაც ხშირად სტუმრობენ გარეშე პირები, ხოლო 2026 წლის 30 ივნისიდან − საჯარო დაწესებულების სარგებლობაში არსებული იმ შენობისთვის, რომლის საერთო ფართობი 250 მ²-ს აღემატება და რომელსაც ხშირად სტუმრობენ გარეშე პირები.

4. თუ შენობა ან შენობის ნაწილი შენობის მშენებლობის დასრულებამდე გაიყიდა ან გაქირავდა, შენობის მესაკუთრე ვალდებულია განახორციელოს შენობის სამომავლო ენერგოეფექტურობის შეფასება. ამ შემთხვევაში ენერგოეფექტურობის სერტიფიკატი უნდა გაიცეს არაუგვიანეს შენობის ექსპლუატაციაში მიღებისა.

5. შენობის ენერგოეფექტურობის სერტიფიცირება შენობის მესაკუთრის ვალდებულებაა და ხორციელდება დამოუკიდებელ ექსპერტთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.

6. ყველა სავარაუდო მყიდველს ან დამქირავებელს/მოიჯარეს უნდა წარედგინოს მშენებარე ან აშენებული შენობის ან გასაქირავებელი/იჯარით გასაცემი შენობის ან შენობის ნაწილის ენერგოეფექტურობის სერტიფიკატი ან მისი ასლი, ხოლო შენობის ან შენობის ნაწილის გაყიდვის ან გაქირავების შემთხვევაში შენობის ან შენობის ნაწილის ენერგოეფექტურობის სერტიფიკატი უნდა გადაეცეს მყიდველს ან დამქირავებელს/მოიჯარეს.

7. შენობის ენერგოეფექტურობის სერტიფიკატი უნდა განთავსდეს საზოგადოებისთვის თვალსაჩინო ადგილზე შემდეგ შენობებში:

ა) საჯარო დაწესებულების სარგებლობაში არსებულ იმ შენობაში, რომლის საერთო ფართობი 500 მ²-ს აღემატება და რომელსაც ხშირად სტუმრობენ გარეშე პირები, ხოლო 2026 წლის 30 ივნისიდან − საჯარო დაწესებულების სარგებლობაში არსებულ იმ შენობაში, რომლის საერთო ფართობი 250 მ²-ს აღემატება და რომელსაც ხშირად სტუმრობენ გარეშე პირები;

ბ) ენერგოეფექტურობის სერტიფიკატის მქონე საზოგადოებრივი დანიშნულების იმ შენობაში, რომლის საერთო ფართობი 500 მ²-ს აღემატება და რომელსაც ხშირად სტუმრობენ გარეშე პირები.

8. შენობის ან შენობის ნაწილის ენერგოეფექტურობის სერტიფიკატში მოცემული ენერგოეფექტურობის ინდიკატორის ან კლასის შესახებ ინფორმაცია შეტანილი უნდა იქნეს შესაბამის სარეკლამო-კომერციულ განცხადებაში, როდესაც იყიდება ან/და ქირავდება/იჯარით გაიცემა:

ა) ენერგოეფექტურობის სერტიფიკატის მქონე შენობა;

ბ) შენობის ნაწილი, რომელსაც არ აქვს ენერგოეფექტურობის სერტიფიკატი, მაგრამ ეს არის ენერგოეფექტურობის სერტიფიკატის მქონე შენობა;

გ) ენერგოეფექტურობის სერტიფიკატის მქონე შენობის ნაწილი.

9. შენობის ენერგოეფექტურობის სერტიფიკატის მოქმედების ვადაა 10 წელი.

მუხლი 8. შენობებში გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირება

1. შენობებში გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების რეგულარული ინსპექტირების წესები მტკიცდება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.

2. რეგულარული ინსპექტირების ობიექტებია 70 კვტ-ზე მეტი ეფექტური ნომინალური სიმძლავრის გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ხელმისაწვდომი ნაწილები. მათი ინსპექტირება რეგულირდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტით.

3. ინსპექტირება უნდა მოიცავდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ეფექტურობისა და სიმძლავრის შეფასებას შენობის გათბობისა და გაგრილების მოთხოვნების მიმართ. სიმძლავრის განმეორებით შეფასება გათბობის/ჰაერის კონდიცირების სისტემაში ცვლილების განხორციელებამდე ან შენობის გათბობის/გაგრილების მოთხოვნების შეცვლამდე საჭირო არ არის.

4. შენობაში გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირება შენობის მესაკუთრის ვალდებულებაა და ხორციელდება დამოუკიდებელ ექსპერტთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.

5. შენობაში გათბობის/ჰაერის კონდიცირების სისტემების ყოველი ინსპექტირების შემდეგ უნდა შედგეს გათბობის/ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების ანგარიში. ეს ანგარიში გადაეცემა შენობის მესაკუთრეს ან დამქირავებელს/მოიჯარეს. ინსპექტირების ანგარიში მოიცავს ინსპექტირების შედეგებს და ინსპექტირებული სისტემების ენერგოეფექტურობის ხარჯეფექტური გაუმჯობესების შესახებ რეკომენდაციებს.

6. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი−მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ინსპექტირების ალტერნატივის სახით შეიმუშაოს რეკომენდაციები გათბობის ქვაბის გამოცვლის, გათბობის სისტემაში სხვადასხვა ცვლილების განხორციელებისა და გათბობის ქვაბის ეფექტურობისა და სიმძლავრის შესაფასებლად საკითხის ალტერნატიული გადაწყვეტის − ალტერნატიული ღონისძიებების გამოყენების შესახებ.

7. გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების ალტერნატიული ღონისძიებების გამოყენების შემთხვევაში უნდა მომზადდეს ანგარიში ამ ღონისძიებების შედეგების რეგულარულ შემოწმებასთან შესაბამისობის შესახებ და იგი უნდა წარედგინოს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს.

მუხლი 9. დამოუკიდებელი ექსპერტი

1. შენობის ენერგოეფექტურობის სერტიფიცირებას და შენობაში გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირებას ახორციელებს დამოუკიდებელი ექსპერტი.

2. შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიკატების გამცემი და შენობებში გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების განმახორციელებელი დამოუკიდებელი ექსპერტის აკრედიტაციისა და სერტიფიცირების წესები და მონიტორინგისა და რეგისტრაციის წესები მტკიცდება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.

3. ფიზიკური პირისთვის გაცემული სერტიფიკატი მოქმედებს გაცემიდან 4 წლის განმავლობაში, ხოლო იურიდიული პირის აკრედიტაციის ვადაა 4 წელი. სერტიფიკატის ან აკრედიტაციის ვადის გასვლის შემდეგ პირს უფლება აქვს, გაიაროს ხელახალი სერტიფიცირება ან აკრედიტაცია.

4. დამოუკიდებელ ექსპერტს, რომელსაც გაუუქმდა სერტიფიკატი ან აკრედიტაცია, უფლება აქვს, ხელახალი სერტიფიცირება ან აკრედიტაცია გაიაროს სერტიფიკატის ან აკრედიტაციის გაუქმებიდან არაუადრეს 6 თვისა.

5. სამინისტრო ქმნის, აახლებს და თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს დამოუკიდებელი ექსპერტების შესახებ მონაცემთა ბაზას.

6. დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად პირს, რომელიც შენობის დაპროექტებისა და მშენებლობის ან/და ფუნქციონირების პროცესში მონაწილეობდა ან მონაწილეობს, არ აქვს უფლება, განახორციელოს ამ შენობის ენერგოეფექტურობის სერტიფიცირება და მოამზადოს აღნიშნულ შენობაში გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების ანგარიში. ამ პუნქტის მიზნებისთვის ასეთ პირად მიიჩნევა:

ა) შენობის დამპროექტებელი;

ბ) დეველოპერი, მშენებელი ან/და შენობის ენერგოეფექტურობის უზრუნველსაყოფად დანადგარებისა და ტექნიკური მოწყობილობების მიმწოდებელი;

გ) შენობის მოვლასა და გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების გამართულობის უზრუნველყოფაში მონაწილე პირი;

დ) შენობაში ენერგოდამზოგავი ღონისძიებების განმახორციელებელი პირი.

მუხლი 10. დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი შემოწმება

1. დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ გაცემული შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიკატები და შენობებში გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების ანგარიშები ექვემდებარება შემოწმებასა და გადამოწმებას.

2. შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიკატებისა და გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების ანგარიშების შემოწმებისა და გადამოწმების წესები მტკიცდება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით.

3. შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიკატებისა და გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების ანგარიშების რეესტრს და დამოუკიდებელი ექსპერტების შესახებ მონაცემთა ბაზას ქმნის და მათი წარმოების წესს ამტკიცებს სამინისტრო.

4. დამოუკიდებელი ექსპერტი ვალდებულია სამინისტროს ელექტრონული ფორმით წარუდგინოს შენობის ენერგოეფექტურობის სერტიფიკატი ან/და გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების ანგარიში და ამ სერტიფიკატის ან/და ანგარიშის მოსამზადებლად გამოყენებული მონაცემები.

5. დამოუკიდებელმა ექსპერტმა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ენერგოეფექტურობის სერტიფიკატი ან/და ინსპექტირების ანგარიში სამინისტროს უნდა წარუდგინოს მომზადებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

6. სამინისტრო ვალდებულია ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ენერგოეფექტურობის სერტიფიკატი ან/და ინსპექტირების ანგარიში მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში შეიტანოს შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიკატებისა და გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების ანგარიშების რეესტრში.

7. სამინისტრო შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ამოწმებს შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიკატებისა და გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების ანგარიშების რეესტრში შეტანილ შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიკატებსა და გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების ანგარიშებს. შემოწმებული ენერგოეფექტურობის სერტიფიკატებისა და ინსპექტირების ანგარიშების რაოდენობა წლიურად გაცემული ენერგოეფექტურობის სერტიფიკატებისა და ინსპექტირების ანგარიშების რაოდენობის მნიშვნელოვან პროცენტს უნდა შეადგენდეს. ყოველწლიურად შესამოწმებელი ენერგოეფექტურობის სერტიფიკატებისა და ინსპექტირების ანგარიშების პროცენტული რაოდენობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.

8. შენობის ენერგოეფექტურობის სერტიფიკატი მოწმდება ერთ-ერთი შემდეგი მეთოდით; კერძოდ, ხდება:

ა) შენობის ენერგოეფექტურობის სერტიფიკატში შეტანილი მონაცემებისა და შედეგების შემოწმება;

ბ) შენობის ენერგოეფექტურობის სერტიფიკატში შეტანილი მონაცემების შემოწმება, შედეგების გადამოწმება და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა;

გ) შენობის ენერგოეფექტურობის სერტიფიკატში შეტანილი მონაცემების სრული შემოწმება, შედეგების სრული გადამოწმება, შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა და შენობის ადგილზე დათვალიერება.

9. შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიკატების შემოწმებასა და გადამოწმებასთან დაკავშირებული საკითხები დეტალურად რეგულირდება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.

მუხლი 11. საინფორმაციო და წამახალისებელი ფინანსური ღონისძიებები

1. საქართველოს მთავრობა შენობების ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების განხორციელების წახალისების მიზნით უზრუნველყოფს:

ა) შენობების მესაკუთრეებისა და დამქირავებლებისთვის/ მოიჯარეებისთვის შენობების ენერგოეფექტურობის, შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიკატების, გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების ანგარიშების, შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების ხარჯეფექტური საშუალებებისა და არსებული ფინანსური ინსტრუმენტების შესახებ ინფორმაციის, მეთოდოლოგიური მასალებისა და სახელმძღვანელოების მომზადებასა და გავრცელებას;

ბ) შენობების ენერგოეფექტურობის სფეროში მომუშავე ექსპერტებისთვის შესაბამისი ტრენინგების, სერტიფიცირებისა და აკრედიტაციის შესახებ გზამკვლევებისა და სხვა ინფორმაციის ხელმისაწვდომობას;

გ) საჯარო დაწესებულებების სარგებლობაში არსებული შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიკატებში შეტანილი რეკომენდაციების განსახორციელებლად საჭირო ღონისძიებების შესაბამის ეროვნულ გეგმებში ასახვას;

დ) ყოველ 3 წელიწადში შენობების ენერგოეფექტურობის წამახალისებელი ღონისძიებებისა და ინსტრუმენტების ნუსხის შედგენას, მათ შორის, იმ ფინანსური ინსტრუმენტების განსაზღვრას, რომლებიც ხელს შეუწყობს შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას, და განახლებას.

2. შენობის მშენებლობისას ან მნიშვნელოვანი რეკონსტრუქციისას ენერგოეფექტურობის წამახალისებელი ღონისძიებების შეთავაზების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ხარჯოპტიმალური დონე.

თავი III. პასუხისმგებლობა ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისთვის

მუხლი 12. შენობის ან შენობის ნაწილის ენერგოეფექტურობის სერტიფიცირების ან შენობის სამომავლო ენერგოეფექტურობის შეფასების განუხორციელებლობა

1. ამ კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შენობის ან შენობის ნაწილის ენერგოეფექტურობის სერტიფიცირების განუხორციელებლობა გამოიწვევს შესაბამისად შენობის ან შენობის ნაწილის მესაკუთრის დაჯარიმებას:

ა) 150 მ2-მდე შენობის ან შენობის ნაწილის შემთხვევაში − 300 ლარის ოდენობით;

ბ) 150 მ2-დან 250 მ2-მდე შენობის ან შენობის ნაწილის შემთხვევაში − 500 ლარის ოდენობით;

გ) 250 მ2-დან 500 მ2-მდე შენობის ან შენობის ნაწილის შემთხვევაში − 800 ლარის ოდენობით;

დ) 500 მ2 ან 500 მ2-ზე მეტი შენობის ან შენობის ნაწილის შემთხვევაში − 1500 ლარის ოდენობით.

2. ამ კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სამომავლო ენერგოეფექტურობის შეფასების განუხორციელებლობა გამოიწვევს შენობის მესაკუთრის დაჯარიმებას:

ა) 150 მ2-მდე შენობის ან შენობის ნაწილის შემთხვევაში − 300 ლარის ოდენობით;

ბ) 150 მ2-დან 250 მ2-მდე შენობის ან შენობის ნაწილის შემთხვევაში − 500 ლარის ოდენობით;

გ) 250 მ2-დან 500 მ2-მდე შენობის ან შენობის ნაწილის შემთხვევაში − 800 ლარის ოდენობით;

დ) 500 მ2 ან 500 მ2-ზე მეტი შენობის ან შენობის ნაწილის შემთხვევაში − 1500 ლარის ოდენობით.

3. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას პირველად დაკისრებული ჯარიმის თანხის გაორმაგებული ოდენობით.

მუხლი 13. შენობის ან შენობის ნაწილის ენერგოეფექტურობის სერტიფიკატის წარდგენის ან/და გადაცემის წესების დარღვევა

1. ამ კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შენობის ან შენობის ნაწილის ენერგოეფექტურობის სერტიფიკატის წარუდგენლობა ან/და ამ სერტიფიკატის გადაუცემლობა გამოიწვევს შენობის მესაკუთრის გაფრთხილებას, ხოლო მისი გაფრთხილებიდან 10 დღის ვადაში დარღვევის გამოუსწორებლობა − დაჯარიმებას:

ა) 150 მ2-მდე შენობის ან შენობის ნაწილის შემთხვევაში − 300 ლარის ოდენობით;

ბ) 150 მ2-დან 250 მ2-მდე შენობის ან შენობის ნაწილის შემთხვევაში − 500 ლარის ოდენობით;

გ) 250 მ2-დან 500 მ2-მდე შენობის ან შენობის ნაწილის შემთხვევაში − 800 ლარის ოდენობით;

დ) 500 მ2 ან 500 მ2-ზე მეტი შენობის ან შენობის ნაწილის შემთხვევაში − 1500 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას პირველად დაკისრებული ჯარიმის თანხის გაორმაგებული ოდენობით.

მუხლი 14. შენობის ენერგოეფექტურობის სერტიფიკატის საზოგადოებისთვის თვალსაჩინო ადგილზე განუთავსებლობა

1. ამ კანონის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შენობის ენერგოეფექტურობის სერტიფიკატის საზოგადოებისთვის თვალსაჩინო ადგილზე განუთავსებლობა გამოიწვევს შენობის მესაკუთრის ან დამქირავებლის/მოიჯარის გაფრთხილებას, ხოლო მისი გაფრთხილებიდან 10 დღის ვადაში დარღვევის გამოუსწორებლობა − დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას პირველად დაკისრებული ჯარიმის თანხის გაორმაგებული ოდენობით.

მუხლი 15. შენობის ან შენობის ნაწილის ენერგოეფექტურობის სერტიფიკატში მოცემული ენერგოეფექტურობის ინდიკატორის ან კლასის შესახებ ინფორმაციის შენობის ან შენობის ნაწილის გაყიდვის ან/და გაქირავების/იჯარით გაცემის თაობაზე სარეკლამო-კომერციულ განცხადებაში შეუტანლობა

1. ამ კანონის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შენობის ან შენობის ნაწილის ენერგოეფექტურობის სერტიფიკატში მოცემული ენერგოეფექტურობის ინდიკატორის ან კლასის შესახებ ინფორმაციის შენობის ან შენობის ნაწილის გაყიდვის ან/და გაქირავების/იჯარით გაცემის თაობაზე სარეკლამო-კომერციულ განცხადებაში შეუტანლობა გამოიწვევს შენობის მესაკუთრის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას პირველად დაკისრებული ჯარიმის თანხის გაორმაგებული ოდენობით.

მუხლი 16. გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების განუხორციელებლობა

1. ამ კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების განუხორციელებლობა გამოიწვევს შენობის მესაკუთრის დაჯარიმებას:

ა) 150 მ2-მდე შენობის ან შენობის ნაწილის შემთხვევაში − 300 ლარის ოდენობით;

ბ) 150 მ2-დან 250 მ2-მდე შენობის ან შენობის ნაწილის შემთხვევაში − 500 ლარის ოდენობით;

გ) 250 მ2-დან 500 მ2-მდე შენობის ან შენობის ნაწილის შემთხვევაში − 800 ლარის ოდენობით;

დ) 500 მ2 ან 500მ2-ზე მეტი შენობის ან შენობის ნაწილის შემთხვევაში − 1500 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას პირველად დაკისრებული ჯარიმის თანხის გაორმაგებული ოდენობით.

მუხლი 17. დამოუკიდებელი ექსპერტის პასუხისმგებლობა

1. ენერგოეფექტურობის სერტიფიკატის გაცემასთან დაკავშირებით ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს დამოუკიდებელი ექსპერტის გაფრთხილებას, ხოლო იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა − მისთვის შესაბამისი სერტიფიკატის/აკრედიტაციის გაუქმებას.

2. ამ კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების ანგარიშის გადაცემის წესების დარღვევა გამოიწვევს დამოუკიდებელი ექსპერტის გაფრთხილებას, ხოლო იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა − მისთვის შესაბამისი სერტიფიკატის/აკრედიტაციის გაუქმებას. 

3. ამ კანონის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილ ვადაში ენერგოეფექტურობის სერტიფიკატის ან/და გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების ანგარიშის სამინისტროსთვის წარუდგენლობა გამოიწვევს დამოუკიდებელი ექსპერტის გაფრთხილებას, ხოლო იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა − მისთვის შესაბამისი სერტიფიკატის/აკრედიტაციის გაუქმებას.

მუხლი 18. ჯარიმის დაკისრებისა და გადახდის წესი

1. დამრღვევის დაჯარიმების შესახებ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს სამინისტრო.

2. დამრღვევმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, დაჯარიმების შესახებ დადგენილების მისთვის ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.

3. დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ დაეკისრება საურავი ჯარიმის თანხის ოდენობით და მის გადასახდელად განესაზღვრება 30 კალენდარული დღის ვადა.

4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დაჯარიმების შესახებ დადგენილება დაუყოვნებლივ მიექცევა აღსასრულებლად „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

თავი IV. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

მუხლი 19. გარდამავალი დებულებები

1. საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს:

ა) 2021 წლის 30 ივნისამდე:

ა.ა) შენობების ენერგოეფექტურობის გამოთვლის ეროვნული მეთოდოლოგიის დამტკიცება;

ა.ბ) შენობების, შენობების ნაწილების ან შენობების ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების დამტკიცება;

ა.გ) შენობების, შენობების ნაწილების ან შენობების ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების ხარჯოპტიმალური დონეების გამოთვლის შედარებითი მეთოდოლოგიის დამტკიცება;

ა.დ) ენერგოეფექტურობის გამოსათვლელი ერთი ან რამდენიმე პროგრამის შემუშავებისა და გამოყენების წესის დამტკიცება;

ა.ე) ახალი შენობის/არსებული შენობის ჯამური ენერგოეფექტურობის გათვალისწინებით, შენობის საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის სისტემების სწორი შერჩევისა და მონტაჟის, რეგულირებისა და მართვის წესების დამტკიცება;

ბ) 2022 წლის 1 იანვრამდე:

ბ.ა) შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიცირების წესის დამტკიცება;

ბ.ბ) შენობებში გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების რეგულარული ინსპექტირების წესის დამტკიცება;

ბ.გ) შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიკატების გამცემი და შენობებში გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების განმახორციელებელი დამოუკიდებელი ექსპერტის აკრედიტაციისა და სერტიფიცირების წესების დამტკიცება;

ბ.დ) შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიკატებისა და გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების ანგარიშების შემოწმებისა და გადამოწმების წესების დამტკიცება;

გ) 2023 წლის 30 ივნისამდე − თითქმის ნულოვანი ენერგომოხმარების შენობების რაოდენობის გაზრდის ეროვნული გეგმის დამტკიცება.

2. 2022 წლის 1 იანვრამდე სამინისტრომ უზრუნველყოს შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიკატებისა და გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების ანგარიშების რეესტრისა და დამოუკიდებელი ექსპერტების შესახებ მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცება.

3. 2024 წლის 30 მარტისთვის სამინისტრომ ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს წარუდგინოს:

ა) პირველი ანგარიში მინიმალური ენერგოეფექტურობის ხარჯოპტიმალური დონის ანალიზის შესახებ;

ბ) ანგარიში გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების ალტერნატიული ღონისძიებების შედეგების რეგულარულ შემოწმებასთან შესაბამისობის შესახებ.

მუხლი 20. კანონის ამოქმედება

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის მე-4, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-12−მე-18 მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის მე-4 და მე-5 მუხლები ამოქმედდეს 2021 წლის 30 ივნისიდან.

3. ამ კანონის მე-7 და მე-12−მე-15 მუხლები ამავე კანონის მე-7 მუხლის  მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო ორგანოს სარგებლობაში არსებული იმ შენობის მიმართ, რომლის საერთო ფართობი 500 მ2-ს აღემატება, ამოქმედდეს 2022 წლის 30 ივნისიდან.

4. ამ კანონის მე-10, მე-17 და მე-18 მუხლები ამოქმედდეს 2022 წლის 30 ივნისიდან.

5. ამ კანონის მე-7 და მე-12−მე-15 მუხლები (გარდა ამ კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო ორგანოს სარგებლობაში არსებული იმ შენობის მიმართ ამოქმედებისა, რომლის საერთო ფართობი 500 მ2-ს აღემატება) და მე-8 და მე-16 მუხლები ამოქმედდეს 2023 წლის 30 ივნისიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

21 მაისი 2020 წ.

N5900-სს