ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსთან არსებული ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების მაკოორდინირებელი მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსთან არსებული ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების მაკოორდინირებელი მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 21
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/01/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 130000000.10.003.021729
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
21
13/01/2020
ვებგვერდი, 14/01/2020
130000000.10.003.021729
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსთან არსებული ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების მაკოორდინირებელი მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (14/01/2020 - 13/04/2023)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №21

2020 წლის 13 იანვარი

ქ. თბილისი

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსთან არსებული ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების მაკოორდინირებელი მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინირების წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, შეიქმნას ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსთან არსებული ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების მაკოორდინირებელი მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისია (შემდგომში − კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

1. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი − კომისიის თავმჯდომარე.

2. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი − კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.

3. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი.

4. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი.

5. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი.

6. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი.

7. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე − კომისიის წევრი.

8. საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის მოადგილე − კომისიის წევრი.

9. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი.

10. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის მოსამსახურე − კომისიის მდივანი.

მუხლი 2
ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრულ კომისიაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენლებს.
მუხლი 3
დამტკიცდეს თანდართული „ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსთან არსებული ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების მაკოორდინირებელი მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის დებულება“.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია



ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსთან არსებული ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების მაკოორდინირებელი მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსთან არსებული ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების მაკოორდინირებელი მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისია (შემდგომში – კომისია) შექმნილია საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ამ დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილებების განსახორციელებლად.

2. კომისია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

 

მუხლი 2. კომისიის ამოცანები და ფუნქციები

თავისი კომპეტენციის ფარგლებში, კომისიის ამოცანები და ფუნქციებია:

ა) ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების კოორდინაცია;

ბ) საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავებისა და განახლების მიზნით, შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;

გ) ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის პროცესში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია.

 

მუხლი 3. კომისიის უფლებამოსილება

საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, კომისია უფლებამოსილია:

ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან, ორგანიზაციებიდან და დაწესებულებებიდან გამოითხოვოს თავისი საქმიანობისათვის საჭირო ინფორმაცია;

ბ) საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული რეკომენდაციების შემუშავების მიზნით, მოიწვიოს ექსპერტები სახელმწიფო უწყებების, კომერციული ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისაგან;

გ) შექმნას სამუშაო ჯგუფები კომისიის კომპეტენციაში შემავალი ცალკეული საკითხების შესწავლისა და სათანადო რეკომენდაციების შესამუშავებლად.

 

მუხლი 4. კომისიის შემადგენლობა და საქმიანობის ორგანიზება

1. კომისიის პერსონალურ შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

2. კომისიას წარმოადგენს და ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე.

3. კომისიის თავმჯდომარე ორგანიზებას უწევს კომისიის მუშაობას, უძღვება კომისიის სხდომებს, ამტკიცებს სხდომის დღის წესრიგს და, საჭიროების შემთხვევაში, შეაქვს მასში სათანადო ცვლილებები.

4. კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, კომისიის სხდომაზე მონაწილეობის მისაღებად შეიძლება, მოწვეულ იქნენ სხვა პირებიც.

5. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის ფუნქციებს ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.

6. კომისიის წევრი უფლებამოსილია, კომისიის თავმჯდომარეს  წერილობით წარუდგინოს კომისიის სხდომის დღის წესრიგში შესატანი საკითხების ნუსხა. საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, დღის წესრიგში შეიძლება, შეტანილ იქნეს შესაბამისი ცვლილებები.

7. კომისიის სხდომის მოწვევის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს კომისიის თავმჯდომარე, საკუთარი ინიციატივით ან კომისიის წევრის (წევრების) თხოვნის საფუძველზე.

8. იმ შემთხვევაში, თუ კომისიის რომელიმე წევრი ვერ ესწრება სხდომას, იგი ვალდებულია, ამის შესახებ წინასწარ აცნობოს კომისიის თავმჯდომარეს. ამასთან, კომისიის წევრი უფლებამოსილია, წერილობით დააფიქსიროს თავისი მოსაზრება დღის წესრიგში შეტანილ თითოეულ საკითხთან დაკავშირებით.

9. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

10. კომისიის სხდომები ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და კომისიის სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრები.

11. კომისიის ორგანიზაციულ-ტექნიკურ და ინფორმაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატი.

 

მუხლი 5. კომისიის გაუქმება და კომისიის დებულებაში ცვლილების შეტანა

კომისიის გაუქმება, ასევე კომისიის დებულებაში ცვლილების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.