ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის, გამოფენების, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის, გამოფენების, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 01/02/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/02/2019
ძალაში შესვლის თარიღი 01/03/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.105.016495
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
7
01/02/2019
ვებგვერდი, 07/02/2019
010250050.35.105.016495
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის, გამოფენების, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (07/02/2019 - 12/03/2019)

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №7

2019 წლის 1 თებერვალი

ქ. ზუგდიდი

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის, გამოფენების, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ

   საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მეორე ნაწილის და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის, გამოფენების, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ.

 

 

მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 აპრილის №30 დადგენილება ,,ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ".
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 1 მარტიდან.

 


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა წოწერია



 

 

დანართი

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის, გამოფენების, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების წესი

 


მუხლი 1. რეგულირების სფერო
წინამდებარე წესი არეგულირებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საზოგადოებრივ სივრცეებში, ასევე ფიზიკური და იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტების საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე ან შენობა-ნაგებობაში გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრის, გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი საქონლის განთავსებისა და ტერიტორიის მოწყობის წესებს.

მუხლი 2. გარე ვაჭრობის ცნება
გარე ვაჭრობად ითვლება:

ა) საქონლის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა საზოგადოებრივ სივრცეებში განთავსებული ისეთი ობიექტებიდან, რომლებიც მიწასთან მყარად არ არის დაკავშირებული და არ ქმნის მიწის არსებით შემადგენელ ნაწილს (ჯიხური, მაცივარი, სატრანსპორტო საშუალება ან მისი მისაბმელი, საქონლის რეალიზაციის სხვა სპეციალური დანადგარი, დახლი, სერვისის ავტომატური მომსახურების აპარატები და სხვა);

ბ) საქონლის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთიდან ან მასზე განთავსებული ნებისმიერი სახის შენობა-ნაგებობიდან, თუ აღნიშნული მიწის ნაკვეთი ან შენობა-ნაგებობა უშუალოდ ემიჯნება საზოგადოებრივ სივრცეს და ხდება საქონლის რეალიზაციის/მომსახურების გაწევის მიზნით გამოყენებული ობიექტის (ჯიხური, მაცივარი, სატრანსპორტო საშუალება ან მისი მისაბმელი, საქონლის რეალიზაციის სხვა სპეციალური დანადგარი, დახლი და სხვა) მთლიანად ან ნაწილობრივ საზოგადოებრივ სივრცეში განთავსება;

გ) რესტორნის, კაფე-ბარის და სხვა ობიექტის მიმდებარე საზოგადოებრივ სივრცეში მაგიდის და სხვა ნივთის განლაგება, რომელზეც მომსახურების გაწევა ხდება არსებული რესტორნებიდან, კაფე-ბარიდან და სხვა ობიექტიდან;

დ) საქონლის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებისათვის განკუთვნილი ადგილიდან ან/და მასზე განთავსებული ნაგებობიდან.


მუხლი 3. გარე ვაჭრობის რეგულირების მიზანი
წინამდებარე წესის მიზანია:

ა) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის იერსახის დაცვა;

ბ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

გ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინტერესების დაცვა.

 

 


მუხლი 4. გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრა და გამოყოფა
1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის ადგილების გეგმას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით ამტკიცებს საკრებულო.

2. გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი ადგილების განსაზღვრა შეიძლება მოხდეს განსაზღვრული ვადით ან სეზონურად, მათ შორის კვირის კონკრეტული დღეებისათვის, სადღესასწაულო და წინასადღესასწაულო დღეებში, ასევე სხვა ფართომასშტაბიანი ღონისძიებებისა და აქციების მოწყობისას.

3. გარე ვაჭრობისათვის ადგილებს, საკრებულოს მიერ დამტკიცებული წინამდებარე წესის შესაბამისად,

გამოყოფს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი შემდეგი პირობებით:

ა) განმცხადებლის მიერ გარე ვაჭრობისათვის მოთხოვნილი შესაბამისი ფართის სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით, აღნაგობის ფორმით გადაცემა ხორციელდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის მიერ სავაჭრო ობიექტის პროექტის შეთანხმების შემდგომ, პირდაპირი განკარგვის წესით, საკრებულოსთან შეთანხმებით იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი იმ ფართის ან/და ობიექტის მესაკუთრეა, რომლის წინაც ითხოვს გარე ვაჭრობას;

ბ) სხვა შემთხვევებში ადგილების განკარგვა მოხდეს პირდაპირი განკარგვის ან აუქციონის წესით.

გ) აუქციონის წესი, აუქციონში მონაწილეობის პირობები და  აუქციონთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669  დადგენილებით ,,მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობის და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“.

4. გარე ვაჭრობა (გარდა პრესის, სუვენირების, ლოტოს ჯიხურებისა და სერვისის ავტომატური მომსახურების აპარატებისა) აკრძალულია  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქის ადმინისტრაციული ერთეულის შემდეგ ქუჩებზე:

 ა) ზვიად გამსახურდიას გამზირი სრულად;

ბ) ცენტრალური ბულვარის ტერიტორია;

გ) მუზეუმის ცენტრალური შესასვლელი;

დ) ნარმანიას ქუჩა;

ე) შოთა რუსთაველის ქუჩა;

ვ) კედიას ქუჩის დასაწყისიდან ბოლომდე, ყველა ჩიხის ჩათვლით;

ზ) თეატრის ქუჩა;

თ) მეუნარგიას ქუჩა;

ი) ცოტნე დადიანის ქუჩა;

კ) სოხუმის ქუჩა მდინარე „ჩხოუშის“ ხიდამდე;

ლ) ლაღიძის ქუჩა;

მ) მერაბ კოსტავას ქუჩა ნიკოლაძის ქუჩის კვეთამდე;

ნ) გამარჯვების ქუჩა;

ო) მარცხენა სანაპიროს ქუჩა;

პ) ვახტანგ VI -ს ქუჩა;

ჟ) ნ.ნიკოლაძის ქუჩა კოსტავას ქუჩის კვეთამდე;

რ) შ. კიტიას ქუჩა;

ს) აღმაშენებლის ქუჩა;

ტ) თაბუკაშვილის ქუჩა თავისუფლების ქუჩის კვეთამდე;

 


მუხლი 5. გარე ვაჭრობის ორგანიზება
1. გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი ადგილები მოეწყოს ისე, რომ არ უნდა აფერხებდეს ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას.

2. გარე ვაჭრობა უნდა განხორციელდეს მოქმედი სანიტარიულ-ჰიგიენურ მოთხოვნებისა და

უსაფრთხოების წესების დაცვით.

3. გარე ვაჭრობა ნებადართულია შემდეგი საქონლით:

ა) ჟურნალ-გაზეთები, წიგნები;

ბ) ნახატები, სუვენირები და სხვა ხელნაკეთი ნივთები;

გ) ყვავილები;

დ) ხილ-ბოსტნეული მხოლოდ მაღაზიის წინ, ვერტიკალურ სტელაჟზე (თუ ხილ-ბოსტნეული არის მაღაზიის საკუთარი პროდუქცია და მისი განსათავსებელი მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობა აკმაყოფილებს სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს და უზრუნველყოფს პროდუქციის ხარისხის შენარჩუნებას მიღების, შენახვისა და რეალიზაციის პროცესში);

ე) სპეცდანიშნულების საფირმო მანქანებიდან კვების პროდუქტები (სანიტარიული პირობებით და რეალიზაციის პროცესში);

ვ) გაზიანი გამაგრილებელი სასმელები და წყლები;

ზ) ნაყინი (სპეციალური მაცივრის მეშვეობით).

4. საოჯახო მეურნეობაში ნაწარმოები საკვები პროდუქტებით (ხორცი; ხორც-პროდუქტები; რძე; რძის პროდუქტები და თევზეული მხოლოდ მაცივრებში); საკონდიტრო ნაწარმი და პურ-ფუნთუშეული (შეფუთული სახით); მარცვლეულით და ხილ-ბოსტნეულით გარე ვაჭრობა დასაშვებია მცირე ბაზრობების (სავაჭრო რიგები) გამოყოფილ ტერიტორიაზე.

5. მცირე ბაზრობების (სავაჭრო რიგების) ტერიტორიის გამოყოფა ხდება დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ან/და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მიერ მითითებულ ლოკაციაზე, რომელსაც მისივე წარდგინებით ამტკიცებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო.

 6. „სუნელებისა და სანელებლების წარმოებასთან, გადამუშავებასა და ბაზარზე განთავსებასთან დაკავშირებით რისკის მართვის დროებითი ზომების მიღების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 7 თებერვლის N73 დადგენილების თანახმად მუნიციპალიტეტმა არ დაუშვას სუნელებისა და სანელებლებით გარე ვაჭრობა.

7. გარე ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც მოწესრიგებული არ არის წინამდებარე დადგენილებით, წესრიგდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.


მუხლი 6. გარე ვაჭრობის კონტროლი
1. დადგენილების შესრულებაზე კონტროლს განახორციელებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახური.

2. წინამდებარე წესის ძალაში შესვლის შემდეგ განხორციელებული ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც წესის შესაბამისად ითვლება გარე ვაჭრობად, მაგრამ ვერ აკმაყოფილებს საიჯარო ხელშეკრულებისა და წინამდებარე წესის მოთხოვნებს, ჩაითვლება ხელშეკრულების დარღვევად, რა დროსაც მეიჯარე იტოვებს უფლებამოსილებას, ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება.

 


მუხლი 7. გარე ვაჭრობის რეგულირების დამატებითი პირობები
1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აიკრძალოს არსებულ სავაჭრო, სასურსათო, საბითუმო, სამშენებლო თუ სხვა ტიპის ობიექტებში ნივთების რეალიზება ობიექტის პერიმეტრს გარეთ.

2. გარე ვაჭრობისთვის გამოყოფილ ადგილებში დაშვებული პროდუქციის რეალიზება უნდა განხორციელდეს ისე, რომ არ შეიზღუდოს და არ შეუქმნას დაბრკოლება ტროტუარზე ქვეითთა გადაადგილებას და ველობილიკზე ველოსიპედით მოსარგებლეთა გადაადგილებას. განსათავსებელი კონსტრუქცია საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს მოსახლეობას.

3.აღნიშნული აკრძალვები არ ვრცელდება სადღესასწაულო და წინასადღესასწაულო დღეებში, ასევე სხვა ფართომასშტაბიანი ღონისძიებებისა და აქციების მოწყობისას.