საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის პროცედურებისა და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის პროცედურებისა და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 654
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/12/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/12/2018
ძალაში შესვლის თარიღი 26/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 340170000.10.003.020969
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
654
28/12/2018
ვებგვერდი, 28/12/2018
340170000.10.003.020969
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის პროცედურებისა და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (28/12/2018 - 30/01/2019)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №654

2018 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის პროცედურებისა და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის პროცედურები და კრიტერიუმები“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 26 დეკემბრიდან.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე



საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის პროცედურები და კრიტერიუმები

მუხლი 1. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევა და თანხის გამოყოფ

1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო), მოსახლეობის რაოდენობის თაობაზე სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან − საქსტატიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე (გარდა მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების მოსახლეობისა), ახორციელებს თითოეული დასახლებისთვის განსაზღვრული თანხის გაანგარიშებას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხის გაანგარიშება ხორციელდება შემდეგი პრინციპის დაცვით:

ა) დასახლებას, რომელშიც მაცხოვრებელთა რაოდენობა შეადგენს არაუმეტეს 200 მაცხოვრებელს, გამოეყოფა 5 000 ლარი;

ბ) დასახლებას, რომელშიც მაცხოვრებელთა რაოდენობა შეადგენს  201-დან 400 მაცხოვრებელს, გამოეყოფა 6 000 ლარი;

გ) დასახლებას,  რომელშიც  მაცხოვრებელთა  რაოდენობა  შეადგენს  401-დან 1 000 მაცხოვრებელს, გამოეყოფა 8 000 ლარი;

დ) დასახლებას, რომელშიც მაცხოვრებელთა რაოდენობა აღემატება 1 000 მაცხოვრებელს, გამოეყოფა 10 000 ლარი.

3. სამინისტრო, ამ მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, დასახლებებისთვის განსაზღვრული თანხის გაანგარიშების შემდეგ, ამზადებს შესაბამის ინფორმაციას, რომელშიც აისახება მუნიციპალიტეტებისთვის გამოსაყოფი თანხის რაოდენობა და უგზავნის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის საფუძველზე, ამზადებს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტისათვის თანხის განსაზღვრის თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტს და დასამტკიცებლად წარმოუდგენს საქართველოს მთავრობას.

5. პროექტებისათვის გამოყოფილი თანხის ოდენობის თაობაზე მოსახლეობის ინფორმირებას შესაბამისი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მერი.

6. დასახლებაში პროექტის შერჩევა ხორციელდება ამ წესის მე-2 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, შემდეგი წესით:

ა) დასახლებაში, რომელშიც რეგისტრირებული ამომრჩევლის რაოდენობა შეადგენს არაუმეტეს 500 ამომრჩეველს, პროექტი შეირჩევა დასახლების საერთო კრებაზე, რომლის ჩატარებას უზრუნველყოფს შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერი;

ბ) დასახლებაში, რომელშიც რეგისტრირებული ამომრჩევლის რაოდენობა შეადგენს 501-დან 1000 ამომრჩეველს, პროექტი შეირჩევა ამომრჩევლებთან კონსულტაციების გზით, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიიღოს არანაკლებ 100 ამომრჩეველმა;

გ) დასახლებას, რომელშიც რეგისტრირებული ამომრჩევლის რაოდენობა აღემატება 1000 ამომრჩეველს, პროექტი შეირჩევა ამომრჩევლებთან კონსულტაციების გზით, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიიღოს არანაკლებ 200 ამომრჩეველმა.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ  ამომრჩევლებთან კონსულტაციების ორგანიზებას ახორციელებს მერი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.

8. თუ დასახლების საერთო კრების ან ამომრჩევლებთან გამართული კონსულტაციების შედეგად, ორმა ან მეტმა საპროექტო წინადადებამ  მიიღო სხვებზე მეტი და თანაბარი რაოდენობის ხმა, გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის მერი, რომელიც, დასახლების საჭიროებებიდან გამომდინარე, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დასახლებაში განსახორციელებლად შეარჩევს კენჭისყრით გამოვლენილი საუკეთესო და ერთნაირი შედეგის მქონე საპროექტო წინადადებას/წინადადებებს.  

9. მუნიციპალიტეტის მერი საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს  დასახლებების მიხედვით შესაბამის პროექტებს (მათ შორის, სავარაუდო ღირებულების მითითებით). ცვლილება საკრებულოს მიერ დამტკიცებულ პროექტებში ხორციელდება ამ წესით დადგენილი პროცედურების გათვალისწინებით.

10. მუნიციპალიტეტის საკრებულო, ამ მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილი წესით, დასახლებების (გარდა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრისა) მიხედვით ანაწილებს შესაბამისი მუნიციპალიტეტისათვის განსაზღვრულ თანხას.

11. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში კონკრეტული დასახლებისთვის გამოყოფილი თანხა არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა დასახლებებში განსახორციელებელი პროექტების დასაფინანსებლად.

12. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტებისათვის (შემდგომში − პროექტები) გამოყოფილი თანხებიდან დარჩენილი ეკონომიები განაწილდება „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგენილების შესაბამისად.

13. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტისათვის განსაზღვრული თანხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, ამ მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, მიმდინარე წლის 1 აპრილამდე სრულად გაუნაწილებლობის შემთხვევაში, დარჩენილი თანხა განაწილდება „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგენილების შესაბამისად.

მუხლი 2პროექტების ჩამონათვალი

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტებია:

ა) სასმელი წყლის სისტემები (მათ შორის, ჭაბურღილები, წყალსადენები, ჭა და ა.შ. გაწმენდებით); წყაროების მოპირკეთება;

ბ) სარწყავი სისტემები;

გ) სანიაღვრე არხები;

დ) ნაპირსამაგრი სამუშაოები;

ე) გზები;

ვ) ხიდები, ცხაურები, ხიდბოგირები, გადასასვლელები;

ზ) გარე განათება;

თ) სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა;

ი) სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი;

კ) ამბულატორიის შენობები;

ლ) კულტურის ობიექტები;     

მ) სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი;

ნ) სკვერები და სველი წერტილები შესაბამისი ინვენტარით;

ო) წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი;

პ) სასაფლაოს შემოღობვა;

ჟ) თავშეყრის ადგილები, მოსაცდელები;

რ) მინიჰესები და შესაბამისი რეაბილიტაცია/აღდგენა.

მუხლი 3. პროექტებისთვის გათვალისწინებული თანხის ათვისების პროცედურა

1. პროექტებისთვის გათვალისწინებული თანხის გადარიცხვა შესაბამისი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ხორციელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ, საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხა გამოყენებული უნდა იქნეს ამ წესით დადგენილი პროცედურებით.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხის მიზნობრივად და ეფექტიანად გამოყენებაზე პასუხისმგებელია შესაბამისი მუნიციპალიტეტი.

მუხლი 4. თანადაფინანსება

1. ფონდიდან გამოყოფილი თანხის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების თანადაფინანსება შესაძლებელია საერთაშორისო ან/და დონორი ორგანიზაციების ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის, ასევე საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრებით.

2. ფონდიდან გამოყოფილი თანხის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების თანადაფინანსების თანხა არ უნდა აღემატებოდეს კონკრეტული პროექტისთვის ფონდიდან გამოყოფილი თანხის 100 პროცენტს.

მუხლი 5. პროექტების შესრულების კოორდინაცია და მონიტორინგი

1. პროექტების მიმდინარეობისა და შესრულების საერთო კოორდინაციასა და მონიტორინგს ახორციელებს სამინისტრო, კომპეტენციის ფარგლებში.

2. სამინისტრო ვალდებულია, პერიოდულად მოითხოვოს ინფორმაცია მუნიციპალიტეტებიდან პროექტების მიმდინარეობის შესახებ. სამინისტრო ახდენს ინფორმაციის შესწავლას, ანალიზს და შესაბამის ინფორმაციას წარმოუდგენს საქართველოს მთავრობას წელიწადში ერთხელ − არაუგვიანეს მომდევნო წლის 25 იანვრისა.


11. 16/01/2023 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 9 - ვებგვერდი, 17/01/2023 10. 28/12/2022 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 602 - ვებგვერდი, 29/12/2022 9. 24/05/2022 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 267 - ვებგვერდი, 25/05/2022 8. 03/05/2022 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 232 - ვებგვერდი, 04/05/2022 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 7. 30/03/2022 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 163 - ვებგვერდი, 31/03/2022 6. 08/02/2022 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 64 - ვებგვერდი, 10/02/2022 5. 23/12/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 773 - ვებგვერდი, 23/12/2020 4. 16/01/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 34 - ვებგვერდი, 16/01/2020 3. 25/12/2019 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 649 - ვებგვერდი, 27/12/2019 2. 01/05/2019 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 218 - ვებგვერდი, 02/05/2019 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 1. 30/01/2019 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 27 - ვებგვერდი, 30/01/2019