დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენცია

დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენცია
დოკუმენტის ნომერი UN-III-3
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 18/04/1961
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/01/2019
ძალაში შესვლის თარიღი 11/08/1993
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016556
UN-III-3
18/04/1961
ვებგვერდი, 22/01/2019
480610000.03.030.016556
დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენცია
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენცია

 

შესრულებულია ვენაში, 1961 წლის 18 აპრილს


წინამდებარე კონვენციის მხარე სახელმწიფოები,

აღნიშნავენ რა, რომ ყველა ერის ხალხი, უძველესი დროიდან მოყოლებული, აღიარებდა დიპლომატიური აგენტების სტატუსს,

მხედველობაში იღებენ რა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიის მიზნებსა და პრინციპებს სახელმწიფოთა სუვერენული თანასწორობის, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და ერებს შორის მეგობრულ ურთიერთობათა ხელშეწყობის შესახებ,

სჯერათ რა, რომ დიპლომატიური ურთიერთკავშირების, პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ საერთაშორისო კონვენცია ხელს შეუწყობს ერებს შორის მეგობრულ ურთიერთობათა განვითარებას, მიუხედავად მათი განსხვავებული კონსტიტუციური და სოციალური სისტემებისა,

აცნობიერებენ რა, რომ ამგვარი პრივილეგიებისა და იმუნიტეტების მიზანი არ არის პირთათვის სარგებლის მოტანა, არამედ დიპლომატიურ მისიათა, როგორც სახელმწიფოთა წარმომადგენლობების ფუნქციათა ეფექტიანი განხორციელება,

ადასტურებენ რა,  რომ ჩვეულებითი საერთაშორისო სამართლის წესებმა უნდა განაგრძონ იმ საკითხთა მართვა, რომლებიც მკაფიოდ არ არის დარეგულირებული წინამდებარე კონვენციის დებულებებით,

შეთანხმდნენ შემდეგზე:


მუხლი 1

[ტერმინების განმარტება][1]

წინამდებარე კონვენციის მიზნისთვის, შემდეგ ტერმინებს ენიჭებათ ქვემოთ მოცემული მნიშვნელობები:

ა) „მისიის მეთაური“ არის პირი, ვინც წარმგზავნი სახელმწიფოს მიერ აღჭურვილია აღნიშნული საქმიანობის განსახორციელებელი მოვალეობით;

ბ) „მისიის წევრები“ არიან მისიის მეთაური და მისიის პერსონალის წევრები;

გ) „მისიის პერსონალის წევრები“ არიან მისიის დიპლომატიური პერსონალის, ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალისა და მომსახურე პერსონალის წევრები;

დ) „დიპლომატიური პერსონალის წევრები“ არიან დიპლომატიური რანგის მქონე მისიის პერსონალის წევრები;

ე) „დიპლომატიური აგენტი“ არის მისიის მეთაური ან მისიის დიპლომატიური პერსონალის წევრი;

ვ) „ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალის წევრები“ არიან მისიის ადმინიტრაციულ და ტექნიკურ სამსახურში დასაქმებული მისიის პერსონალის წევრები;

ზ) „მომსახურე პერსონალის წევრები“ არიან მისიის საყოფაცხოვრებო სამსახურში ჩართული მისიის პერსონალის წევრები;

თ) „კერძო მოსამსახურე“ არის პირი, ვინც ჩართულია მისიის საყოფაცხოვრებო სამსახურში და ვინც არ არის წარმგზავნი სახელმწიფოს მიერ დასაქმებული;

ი) „მისიის კარმიდამო“ არის შენობები ან შენობათა ნაწილები და მათი მომიჯნავე მიწის ნაკვეთი, რომელიც მათი კუთვნილების მიუხედავად, გამოიყენება მისიის მიზნებისთვის, მათ შორის მისიის მეთაურის საცხოვრებლად.

მუხლი 2

[დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება]

სახელმწიფოებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება და მუდმივი დიპლომატიური მისიების დაფუძნება ხორციელდება ერთობლივი თანხმობით.

მუხლი 3

[დიპლომატიური მისიის ფუნქციები]

1. დიპლომატიური მისიის ფუნქციებს inter alia განეკუთვნება:

ა) წარმგზავნი სახელმწიფოს წარმოდგენა ადგილსამყოფელ სახელმწიფოში;

ბ) ადგილსამყოფელ სახელმწიფოში წარმგზავნი სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეების ინტერესების დაცვა, საერთაშორისო სამართლით დაშვებულ ფარგლებში;

გ) ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მთავრობასთან მოლაპარაკება;

დ) ყველა კანონიერი საშუალებით ადგილსამყოფელ სახელმწიფოში არსებული მდგომარეობისა და მოვლენათა განვითარების შეფასება და აღნიშნულის თაობაზე წარმგზავნი სახელმწიფოს მთავრობისთვის ცნობების მიწოდება;

ე) წარმგზავნ სახელმწიფოსა და ადგილსამყოფელ სახელმწიფოს შორის მეგობრული ურთიერთობების ხელშეწყობა და მათი ეკონომიკური, კულტურული და სამეცნიერო ურთიერთობათა განვითარება.

2. წინამდებარე კონვენციაში არაფერი განიმარტება დიპლომატიური მისიის მიერ საკონსულო ფუნქციების განხორციელების დამაბრკოლებელ გარემოებად.

მუხლი 4

[ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თანხმობა]

1. წარმგზავნმა სახელმწიფომ უნდა დააზუსტოს, რომ პირისთვის, ვისაც იგი წარადგენს სახელმწიფოში მისიის მეთაურად, გაცემულია ადგილსამყოფელი სახელმწიფოს აგრემანი [agrément].

2. ადგილსამყოფელი სახელმწიფო არ არის ვალდებული, წარმგზავნ სახელმწიფოს მისცეს განმარტებები აგრემანზე უარის თქმასთან დაკავშირებით.

მუხლი 5

[აკრედიტაცია]

1. შესაბამის ადგილსამყოფელ სახელმწიფოთათვის სათანადო შეტყობინების გადაცემის შემდეგ, წარმგზავნ სახელმწიფოს შეუძლია მოახდინოს მისიის მეთაურის ან დიპლომატიური პერსონალის ნებისმიერი წევრის აკრედიტაცია ან განწესება ერთზე მეტ სახელმწიფოში, არსებულ გარემოებათა გათვალისწინებით, თუ ნებისმიერი ადგილსამყოფელი სახელმწიფო მკაფიოდ არ გამოხატავს წინააღმდეგობას აღნიშნულის თაობაზე.

2. თუ წარმგზავნი სახელმწიფო ახდენს მისიის მეთაურის აკრედიტაციას ერთზე მეტ სახელმწიფოში, მას შეუძლია თითოეულ იმ სახელმწიფოში, სადაც მისიის მეთაურს არ აქვს მუდმივი სამყოფელი, დააარსოს დიპლომატიური მისია საქმეთა დროებითი რწმუნებულის [chargé d’affaires ad interim] მეთაურობით.

3. მისიის მეთაურს ან მისიის დიპლომატიური პერსონალის ნებისმიერ წევრს, ნებისმიერ საერთაშორისო ორგანიზაციაში, შეუძლია იმოქმედოს, როგორც წარმგზავნი სახელმწიფოს წარმომადგენლად.

მუხლი 6

[ერთობლივი აკრედიტაცია]

ორ ან მეტ სახელმწიფოს შეუძლია მოახდინოს ერთი და იმავე პირის მისიის მეთაურად აკრედიტაცია სხვა სახელმწიფოში, თუ ადგილსამყოფელი სახელმწიფო არ გამოხატავს წინააღმდეგობას აღნიშნულთან დაკავშირებით.

მუხლი 7

[პერსონალის დაკომპლექტება]

მე-5, მე-8, მე-9 და მე-11 მუხლების დებულებათა გათვალისწინებით, წარმგზავნ სახელმწიფოს შეუძლია თავისუფლად დანიშნოს მისიის პერსონალის წევრები. სამხედრო, საზღვაო ან საჰაერო ატაშეების შემთხვევაში, ადგილსამყოფელმა სახელმწიფომ, თავისი თანხმობის გასაცემად, შეიძლება მოითხოვოს მათი სახელების წინასწარ წარდგენა.

მუხლი 8

[მოქალაქეობის საკითხი]

1. არსებითად სასურველია, რომ მისიის დიპლომატიური პერსონალის წევრები იყვნენ წარგმზავნი სახელმწიფოს მოქალაქეები.

2. დიპლომატიური პერსონალის წევრებად არ შეიძლება დანიშნულ იყვნენ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქალაქეობის მქონე პირები, გარდა იმ შემთხვევისა, თუ თავად აღნიშნული სახელმწიფო არ გამოხატავს თანხმობას, რომელიც შესაძლებელია ნებისმიერ დროს იქნეს გამოწვეული.

3. ადგილსამყოფელ სახელმწიფოს შეუძლია შეინარჩუნოს იგივე უფლება მესამე სახელმწიფოს მოქალაქეებთან მიმართებით, რომლებიც ამავდროულად არ არიან წარმგზავნი სახელმწიფოს მოქალაქეები.

მუხლი 9

[persona non grata]

1. ადგილსამყოფელ სახელმწიფოს შეუძლია, ნებისმიერ დროს და თავისი გადაწყვეტილების განმარტების გარეშე, აცნობოს წარმგზავნ სახელმწიფოს, რომ მისიის მეთაური ან მისიის დიპლომატიური პერსონალის ნებისმიერი წევრი არის persona non grata ან რომ მისიის პერსონალის ნებისმიერი სხვა წევრი არ არის მისთვის მისაღები. ნებისმიერ ამგვარ შემთხვევაში, წარმგზავნი სახელმწიფო, სათანადო წესით, იწვევს აღნიშნულ პირს ან წყვეტს მისიასთან დაკავშირებულ მის ფუნქციებს. პირი შეიძლება გამოცხადდეს persona non grata ან მიუღებლად ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლამდე.

2. თუ წარმგზავნი სახელმწიფო უარყოფს ან გონივრულ ვადაში არ შეასრულებს ამ მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე ვალდებულებებს, ადგილსამყოფელ სახელმწიფოს შეუძლია უარი თქვას ამ პირის მისიის წევრად აღიარებაზე.

მუხლი 10

[ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ინფორმირება]

1. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ან მხარეთა მიერ შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა სამინისტროს, ეცნობება:

ა) მისიის წევრთა დანიშვნა, მათი ჩამოსვლა და მათი საბოლოო გამგზავრება ან მისიასთან დაკავშირებული მათი ფუნქციების შეწყვეტა;

ბ) მისიის წევრის ოჯახს მიკუთვნებული პირის ჩამოსვლა და საბოლოო გამგზავრება და, სათანადო შემთხვევაში, ფაქტი პირის მისიის წევრის ოჯახის წევრად გახდომის ან წევრობის შეწყვეტის თაობაზე;

გ) „ა“ ქვეპუნქტში მითითებული პირების მიერ დასაქმებულ კერძო მოსამსახურეთა ჩამოსვლა ან საბოლოო გამგზავრება და, სათანადო შემთხვევაში, ფაქტი მათ მიერ აღნიშნულ პირთათვის სამსახურის გაწევის შეწყვეტის თაობაზე;

დ) ადგილსამყოფელ სახელმწიფოში მცხოვრები პირების, როგორც პრივილეგიებისა და იმუნიტეტების მქონე მისიის წევრებად ან კერძო მოსამსახურეებად აყვანა და გაშვება.

2. შესაძლებლობისამებრ, ჩამოსვლისა და საბოლოო გამგზავრების შესახებ იგზავნება წინასწარი შეტყობინება. 

მუხლი 11

[მისიის პერსონალის რაოდენობა]

1. მისიის პერსონალის რაოდენობის თაობაზე შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში, ადგილსამყოფელ სახელმწიფოს შეუძლია მოითხოვოს, რომ მისიის პერსონალის რაოდენობა შეიზღუდოს მის მიერ გონივრულად და ზომიერად მიჩნეულ ფარგლებში, ადგილსამყოფელ სახელმწიფოში არსებული გარემოებების და პირობებისა და კონკრეტული მისიის საჭიროებათა გათვალისწინებით.

2. ადგილსამყოფელ სახელმწიფოს ასევე შეუძლია, იმავე ფარგლებში და არადისკრიმინაციული საფუძვლით, უარი თქვას კონკრეტული კატეგორიის თანამდებობის პირთა მიღებაზე.

მუხლი 12

[მისიის სხვა ოფისები]

წარმგზავნ სახელმწიფოს, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს წინასწარი მკაფიო თანხმობის გარეშე, არ შეუძლია დაარსოს მისიის შემადგენელი ოფისები იმ სივრცეების გარეთ, სადაც თავად მისია არის განთავსებული.

მუხლი 13

[მისიის მეთაურის ფუნქციების ამოქმედება]

1. მისიის მეთაურის მიერ ადგილსამყოფელ სახელმწიფოში თავისი ფუნქციების ამოქმედება დაწყებულად ითვლება, როდესაც იგი წარმოადგენს თავის რწმუნებათა სიგელს ან როდესაც იგი ადგილსამყოფელი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ან სხვა სამინისტროს, რომელზეც შეიძლება შეთანხმდნენ მხარეები, აცნობებს თავისი ჩამოსვლის შესახებ და გადასცემს რწმუნებათა სიგელის ნამდვილ ასლს, ადგილსამყოფელ სახელმწიფოში დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, რომელიც ყველასთვის საერთო წესით გამოიყენება.

2. რწმუნებათა სიგელის ან მისი ნამდვილი ასლის გადაცემის რიგითობა განისაზღვრება მისიის მეთაურის ჩამოსვლის თარიღითა და დროით.

მუხლი 14

[მისიის მეთაურთა კლასები]

1. მისიის მეთაურები იყოფიან შემდეგ სამ კლასად, კერძოდ:

ა) სახელმწიფოს მეთაურებთან აკრედიტებული ელჩები ან ნუნციები და იმავე რანგის მისიის სხვა მეთაურები;

ბ) სახელმწიფოს მეთაურებთან აკრედიტებული დესპანები, მინისტრები და ინტერნუნციები;

გ) საგარეო საქმეთა სამინისტროებთან აკრედიტებული საქმეთა დროებით რწმუნებულები.

2. რანგირებასთან და ეტიკეტთან დაკავშირებული გარემოებების გარდა,  არ ხდება მისიის მეთაურთა დაყოფა მათი კლასის მიხედვით.

მუხლი 15

[კლასების შეთანხმება]

კლასი, რომელსაც უნდა განეკუთვნონ მათ მისიათა მეთაურები, თანხმდება სახელმწიფოებს შორის.

მუხლი 16

[რანგირება]

1. მისიის მეთაურები, მათ შესაბამის კლასებში, რანგირებას იღებენ მე-13 მუხლის შესაბამისად, მათი ფუნქციების ამოქმედების თარიღისა და დროის რიგითობით.

2. მისიის მეთაურის რწმუნებათა სიგელში ცვლილებები, რომლებიც არ მოიცავს კლასის შეცვლას, არ ახდენს გავლენას მის რანგირებაზე.

3. წინამდებარე მუხლი არ ხელყოფს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მიერ წმინდა საყდრის წარმომადგენლის რანგირებასთან დაკავშირებით მიღებულ ნებისმიერ პრაქტიკას.

მუხლი 17

[დიპლომატიური პერსონალის რანგირების შეტყობინება]

მისიის დიპლომატიური პერსონალის წევრთა რაგნგირების შესახებ მისიის მეთაურის მიერ ეცნობება საგარეო საქმეთა სამინისტროს ან სხვა სამინისტროს, რომელზეც შეიძლება შეთანხმდნენ მხარეები.

მუხლი 18

[მისიის მეთაურთა მიღება]

ყოველ სახელმწიფოში, მისიის მეთაურთა მიღებასთან დაკავშირებით დამკვიდრებული პროცედურა, თითოეულ კლასთან მიმართებით, არის საერთო.

მუხლი 19

[საქმეთა დროებითი რწმუნებული]

1. თუ მისიის მეთაურის თანამდებობა ვაკანტურია, ან თუ მისიის მეთაური ვერ ახერხებს თავისი ფუნქციების შესრულებას, მისიის მეთაურად, დროებით მოქმედებს საქმეთა დროებითი რწმუნებული. საქმეთა დროებითი რწმუნებულის სახელი ადგილსამყოფელი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ან სხვა სამინისტროს, რომელზეც შეიძლება შეთანხმდნენ მხარეები, ეცნობება მისიის მეთაურის მიერ ან იმ შემთხვევაში, თუ იგი ვერ ახერხებს აღნიშნულს, წარმგზავნი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ.

2. იმ შემთხვევაში, როდესაც მისიის დიპლომატიური პერსონალის არც ერთი წევრი არ იმყოფება ადგილსამყოფელ სახელმწიფოში, ადმინისტრაციული და ტექნიკურ პერსონალის წევრი, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თანხმობით, წარმგზავნი სახელმწიფოს მიერ შეიძლება დასახელებულ იქნეს მისიის არსებული ადმინისტრაციული საკითხების მმართველად.

მუხლი 20

[სახელმწიფო სიმბოლიკები]

მისიასა და მის მეთაურს აქვთ უფლება წარმგზავნი სახელმწიფოს დროშა და გერბი გამოიყენონ მისიის კარმიდამოზე, მათ შორის მისიის მეთაურის საცხოვრებელზე, და მის სატრანსპორტო საშუალებაზე.

მუხლი 21

[მისიისა და მისი პერსონალის განთავსება]

1. ადგილსამყოფელი სახელმწიფო, თავისი კანონმდებლობის შესაბამისად, ხელს უწყობს წარმგზავნი სახელმწიფოს მიერ მის ტერიტორიაზე მისიისთვის აუცილებელი კარმიდამოს მოპოვებას ან სხვა საშუალებით ეხმარება ამ უკანასკნელს საცხოვრებლის მიღებაში.

2. იგი აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, ეხმარება მისიებს, მათი წევრებისთვის სათანადო საცხოვრებლის მიღებაში.

მუხლი 22

[ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მიერ მისიის დაცვის ვალდებულება]

1. მისიის კარმიდამო ხელშეუხებელია. ადგილსამყოფელი სახელმწიფოს პირებს არ შეუძლიათ მათში შესვლა, თუ არ არსებობს მისიის მეთაურის თანხმობა.

2. ადგილსამყოფელი სახელმწიფო დატვირთულია სპეციალური ვალდებულებით, მიიღოს ყველა სათანადო ზომა მისიის კარმიდამოს ნებისმიერი შეჭრისგან ან დაზიანებისგან დასაცავად და არ დაუშვას მისიის სიმშვიდის დარღვევა ან მისი ღირსების შელახვა.

3. მისიის კარმიდამო, მისი აღჭურვილობა და მასში განთავსებული სხვა საკუთრება და მისიის სატრანსპორტო საშუალებები იმუნიტეტით დაცულია ჩხრეკის, რეკვიზიციის, მიმაგრების ან აღსრულებისაგან.

მუხლი 23

[გადასახადებისაგან გათავისუფლება]

1. წარმგზავნი სახელმწიფო და მისიის მეთაური თავისუფალნი არიან მისიის კარმიდამოსთან დაკავშირებული ყველა სახელმწიფო, რეგიონული ან მუნიციპალური მოსაკრებლებისა და გადასახადებისაგან იმისდა მიუხედავად, არის თუ არა იგი საკუთრებაში თუ ქირავნობაში, გარდა იმგვარი გადასახადებისა, როგორიც არის სპეციფიკური მომსახურებიდან გამომდინარე საფასური.

2. ამ მუხლში მითითებული გათავისუფლება არ ეხება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობის საფუძველზე გადასახდელ საფასურს, რომელსაც იხიდიან წარმგზავნ სახელმწიფოსთან ან მისიის მეთაურთან საკონტრაქტო ურთიერთობაში მყოფი პირები.

მუხლი 24

[არქივებისა და დოკუმენტების ხელშეუხებლობა]

მისიის არქივები და დოკუმენტები ხელშეუხებელია ნებისმიერ დროს და მათი ადგილმდებარეობის მიუხედავად.

მუხლი 25

[მისიის ფუნქციების განსახორციელებლად შესაძლებლობების შექმნა]

ადგილსამყოფელი სახელმწიფო უზრუნველყოფს ყველა საშუალებას მისიის ფუნქციების განსახორციელებლად.

მუხლი 26

[გადაადგილების თავისუფლება]

იმ ზონებთან დაკავშირებული კანონებისა რეგულაციების ხელყოფის გარეშე, რომელში შესვლაც სახელმწიფო უსაფრთხოების მიზეზების გამო აკრძალულია ან შეზღუდულია, ადგილსამყოფელი სახელმწიფო მისიის ყველა წევრისთვის უზრუნველყოფს თავის ტერიტორიაზე გადაადგილებისა და მგზავრობის თავისუფლებას.

მუხლი 27

[კომუნიკაცია და დიპლომატიური ფოსტა]

1. ადგილსამყოფელი სახელმწიფო ნებას რთავს და იცავს ყველა ოფიციალური მიზნისთვის მისიის სახელით წარმოებულ თავისუფალ კომუნიკაციას. მთავრობასთან და წარმგზავნი სახლემწიფოს სხვა მისიებთან და საკონსულოებთან კომუნიკაციისას, მათი ადგილმდებარეობის მიუხედავად, მისიას შეუძლია გამოიყენოს ყველა სათანადო საშუალება, მათ შორის დიპლომატიური კურიერები და კოდირებული ან დაშიფრული შეტყობინებები. ამავდროულად, მისიას შეუძლია განათავსოს და გამოიყენოს უსადენო გადამცემი მხოლოდ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თანხმობით.

2. მისიის ოფიციალური მიმოწერა ხელშეუხებელია. ოფიციალური მიმოწერა ნიშნავს მისიასთან და მის ფუნქციებთან დაკავშრებულ ყველა კორესპონდენციას.

3. დიპლომატიური ფოსტა არ იხსნება და არ ყოვნდება.

4. დიპლომატიური ფოსტის შემადგენელ შეფუთვებზე განთავსებული უნდა იყოს მათი სახეობის აღმნიშვნელი ხილვადი ნიშნები და შეიძლება შეიცავდეს მხოლოდ ოფიციალური სარგებლობისთვის განკუთვნილ დიპლომატიურ დოკუმენტებს ან ნივთებს.

5. დიპლომატიური კურიერი, ვიზეც გაცემულია მისი სტატუსისა და დიპლომატიური ფოსტის შემადგენელი შეფუთვების რაოდენობის აღმნიშვნელი ოფიციალური დოკუმენტი, თავისი ფუნქციების განხორციელებისას დაცულია ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მიერ. იგი სარგებლობს პირადი ხელშეუხებლობით და არ ექვემდებარება დაპატიმრების ან დაკავების ნებისმიერ ფორმას.

6. წარმგზავნ სახელმწიფოს ან მისიას შეუძლია დანიშნოს ad hoc დიპლომატიური კურიერები. ასეთ შემთხვევაშიც მოქმედებს ამ მუხლის მე-5 პუნქტი, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ მასში აღნიშნული იმუნიტეტები წყვეტენ მოქმედებას, როდესაც ამგვარი კურიერი მასზედ მიბარებულ დიპლომატიურ ფოსტას გადასცემს ადრესატს.

7. დიპლომატიური ფოსტა შეიძლება მიებაროს კომერციული საჰაერო ხომალდის კაპიტანს, რომელსაც განრიგით უწევს ნებადართულ აეროპორტში დაშვება. მასზე გაიცემა ფოსტის შემადგენელი შეფუთვების რაოდენობის აღმნიშვნელი ოფიციალური დოკუმენტი, თუმცა იგი არ მიიჩნევა დიპლომატიურ კურიერად. მისიას შეუძლია ერთ-ერთი თავისი წევრი წარგზავნოს საჰაერო ხომალდის კაპიტნისგან დიპლომატიური ფოსტის პირდაპირ და თავისუფლად მისაღებად.

მუხლი 28

[გადასახადებისაგან გათავისუფლება]

მისიის მიერ თავის ოფიციალურ საქმიანობათა განხორციელებისას წარმოშობილი საფასურები და ხარჯები თავისუფლდება ყველა მოსაკრებლისა და გადასახადისაგან.

მუხლი 29

[დიპლომატიური აგენტის ხელშეუხებლობა]

დიპლომატიური აგენტის პიროვნება ხელშეუხებელია. იგი არ ექვემდებარება დაპატიმრების ან დაკავების ნებისმიერ ფორმას. ადგილსამყოფელი სახელმწიფო მას ეპყრობა სათანადო პატივისცემით და ღებულობს ყველა შესაბამის ზომას, რათა არ დაუშვას ნებისმიერი თავდასხმა მის პიროვნებაზე, თავისუფლებასა თუ ღირსებაზე.

მუხლი 30

[დიპლომატიური აგენტის საცხოვრებლის ხელშეუხებლობა]

1. დიპლომატიური აგენტის პირადი საცხოვრებელი სარგებლობს იმავე ხელშეუხებლობითა და დაცვით, როგორითაც მისიის კარმიდამო.

2. მისი დოკუმენტები, მიმოწერა და 31-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული გამონაკლისის გარდა, მისი ქონება, აგრეთვე სარგებლობს ხელშეუხებლობით.

მუხლი 31

[დიპლომატიური აგენტის სამართლებრივი იმუნიტეტი]

1. დიპლომატიური აგენტი სარგებლობს იმუნიტეტით ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სისხლისსამართლებრივი იურისდიქციისგან. იგი აგრეთვე სარგებლობს იმუნიტეტით სამოქალაქო და ადმინისტრაციული იურისდიქციისგან, გარდა შემდეგი შემთხვევებისა:

ა) ადგილსამყოფელ სახელმწიფოში კერძო უძრავ ქონებასთან დაკავშირებით აღძრულია სარჩელი, თუ იგი მას არ ფლობს მისიის მიზნებისთვის წარმგზავნი სახელმწიფოს სახელით;

ბ) მემკვიდრეობასთან დაკავშირებით აღძრულია სარჩელი, სადაც აგენტი ჩართულია აღმასრულებლად, ადმინისტრატორად, მემკვიდრედ ან ლეგატად როგორც კერძო პირი და არა წარმგზავნი სახელმწიფოს სახელით;

გ) ადგილსამყოფელ სახელმწიფოში, თავისი ოფიციალური ფუნქციების გარეთ, დიპლომატიური აგენტის მიერ წარმოებულ ნებისმიერ პროფესიულ ან კომერციულ საქმიანობასთან დაკავშირებით აღძრულია სარჩელი.

2. დიპლომატიური აგენტი არ არის ვალდებული ჩვენება მისცეს მოწმის სახით.

3. აღსრულების არც ერთი ზომა არ შეიძლება მიღებულ იქნეს დიპლომატიურ აგენტთან მიმართებით გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვე-პუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა, და ისიც იმ პირობით, რომ აღნიშნული ზომების მიღება შეიძლება მისი პიროვნების ან მისი საცხოვრებლის ხელშეუხებლობის ხელყოფის გარეშე.

4. დიპლომატიური აგენტის იმუნიტეტი ადგილსამყოფელი სახელმწიფოს იურისდიქციისგან არ ათავისუფლებს მას წარმგზავნი სახელმწიფოს იურისდიქციისგან.

მუხლი 32

[იმუნიტეტის გაუქმება]

1. დიპლომატიური აგენტების იმუნიტეტი იურისდიქციისგან და 37-ე მუხლის საფუძველზე განსაზღვრული პირების იმუნიტეტი შეიძლება გაუქმდეს წარმგზავნი სახელმწიფოს მიერ.

2. გაუქმება ყოველთვის უნდა იყოს მკაფიო.

3. დიპლომატიური აგენტის ან 37-ე მუხლის საფუძველზე იმუნიტეტით მოსარგებლე პირის მიერ სასამართლო საქმის აღძვრა გამორიცხავს მის მიერ იურისდიქციისგან იმუნიტეტის გამოყენებას პირველად მოთხოვნასთან პირდაპირ დაკავშირებულ ნებისმიერ შესაგებელთან მიმართებით.

4. სამოქალაქო ან ადმინისტრაციული იურისდიქციისგან იმუნიტეტის გაუქმება არ ნიშნავს იმუნიტეტის გაუქმებას სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან მიმართებით, რისთვისაც აგრეთვე აუცილებელია ცალკე გაუქმება.

მუხლი 33

[სოციალური უსაფრთხოება]

1. ამ მუხლის მე-3 პუნქტის დებულებათა გათვალისწინებით, დიპლომატიური აგენტი წარმგზავნი სახელმწიფოსთვის გაწეული სამსახურისთვის თავისუფლდება სოციალური უსაფრთხოების პირობებისგან, რომელიც შეიძლება მოქმედებდეს ადგილსამყოფელ სახელმწიფოში.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მოცემული გათავისუფლება აგრეთვე ვრცელდება კერძო მოსამსახურეებზე, რომლებიც სრულად არიან დასაქმებულნი დიპლომატიური აგენტის მიერ, შემდეგი პირობებით:

ა) ისინი არ არიან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქალაქეები ან მასში მუდმივად მცხოვრები პირები; და

ბ) მათზე ვრცელდება სოციალური უსაფრთხოების პირობები, რომლებიც შეიძლება მოქმედებდეს წარგმზავნ სახელმწიფოში ან მესამე სახელმწიფოში.

3. დიპლომატიური აგენტი, ვისაც დასაქმებული ჰყავს ისეთი პირები, რომლებზეც არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გათავისუფლება, იცავს იმ ვალდებულებებს, რომელთაც ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სოციალური უსაფრთხოების პირობები აწესებს დამსაქმებლებისთვის.

4. ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში მოცემული გათავისუფლება არ გამორიცხავს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სოციალური უსაფრთხოების სისტემაში ნებაყოფლობით ჩართვას, თუ ამგვარი ჩართვა დაშვებულია ამ სახელმწიფოს მიერ.

5. ამ მუხლის დებულებები არ ახდენს გავლენას სოციალურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ადრე დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ შეთანხმებებზე და არ გამორიცხავს ამგვარი შეთანხმებების მომავალში დადებას.

მუხლი 34

[დიპლომატიური აგენტის საგადასახადო პრივილეგიები]

დიპლომატიური აგენტი თავისუფლდება ყველა პირადი თუ ნამდვილი, ეროვნული, რეგიონული თუ მუნიციპალური მოსაკრებლისა და გადასახადისგან, გარდა:

ა) პროდუქტებისა და მომსახურების ფასში ჩვეულებრივ შემავალი არაპირდაპირი გადასახადები;

ბ) ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე განლაგებული კერძო უძრავ ქონებასთან დაკავშრებული მოსაკრებლები და გადასახადები, თუ იგი მას არ ფლობს წარმგზავნი სახელმწიფოს სახელით მისიის მიზნებისთვის;

გ) ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მიერ დადგენილი მიწის ნაკვეთთან, მემკვიდრეობასთან ან უფლებამონაცვლეობასთან დაკავშირებული  საბაჟო გადასახადები, 39-ე მუხლის მე-4 პუნქტის დებულებათა გათვალისწინებით;

დ) ადგილსამყოფელ სახელმწიფოში მქონე პირადი შემოსავლის მოსაკრებლები და გადასახადები და ადგილსამყოფელ სახელმწიფოში კომერციულ გარიგებებში განხორციელებული ინვესტიციების კაპიტალური გადასახადები;

ე) სპეციფიკური მომსახურების შედეგად გაცემული ხარჯები;

ვ) 23-ის მუხლის დებულებათა გათვალისწინებით, აღრიცხვის, სასამართლო ან ჩანაწერის გამოთხოვის საფასურები, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული იპოთეკური მოსაკრებლები და საგერბო მოსაკრებელი.

მუხლი 35

[ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სამსახურისგან გათავისუფლება]

ადგილსამყოფელი სახელმწიფო ათავისუფლებს დიპლომატიურ აგენტებს ყველა პირადი მომსახურებისგან, ყველა სახის სახელმწიფო სამსახურისგან, და სამხედრო სამსახურისგან, როგორიც არის რეკვიზიცია, სამხედრო შენატანები და ჯარის დაბინავება.

მუხლი 36

[ოფიციალური სარგებლობისათვის განკუთვნილი ნივთების შემოტანა]

1. ადგილსამყოფელი სახელმწიფო, იმ კანონებისა და რეგულაციების შესაბამისად, რომლებიც შეიძლება მან მიიღოს, ნებას რთავს და ათავისუფლებს ყველა საბაჟო მოსაკრებლის, გადასახადებისა და დაკავშირებული ხარჯებისგან, გარდა განთავსების, გადაზიდვისა და მსგავსი მომსახურების ხარჯებისა, შემდეგ ნივთებს:

ა) მისიის ოფიციალური საქმიანობისთვის განკუთვნილი ნივთები;

ბ) დიპლომატიური აგენტის ან მასთან საცხოვრებლად თანმხლები ოჯახის პირადი სარგებლობისთვის განკუთვნილი ნივთები, მათ შორის, მისი დაწესებულებისთვის გათვალისწინებული ნივთები.

2. დიპლომატიური აგენტის პირადი ბარგი თავისუფალია შემოწმებისაგან, თუ არ არსებობს სერიოზული საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იგი შეიცავს ნივთებს, რომლებზეც არ ვრცელდება ამ მუხლის პირველ პუნქტში მოხსენიებული შეღავათები, ან ნივთებს, რომელთა იმპორტი ან ექსპორტი აკრძალულია ან კონტროლდება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობით ან საკარანტინო რეგულაციებით. ამგვარი შემოწმება ტარდება მხოლოდ და მხოლოდ აღნიშნული დიპლომატიური აგენტის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის თანდასაწრებით.

მუხლი 37

[მისიის წევრთა ოჯახის წევრები]

1. დიპლომატიური აგენტის ოჯახის წევრები, რომლებიც მას საცხოვრებლად თან ახლავან, თუ ისინი არ არიან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქალაქეები, სარგებლობენ 29-დან 36-მდე მუხლებში აღნიშნული პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით.

2. მისიის ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალის წევრები, მათი ოჯახების წევრებთან ერთად, რომლებიც შეადგენენ მათ საცხოვრებელს, თუ ისინი არ არიან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქალაქეები ან მუდმივად არ ცხოვრობენ ადგილსამყოფელ სახელმწიფოში, სარგებლობენ 29-იდან 35-მდე მუხლებში აღნიშნული პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით, თუმცა 31-ე მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული იმუნიტეტი, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სამოქალაქო და ადმინისტრაციული იურისდიქციისგან, არ ვრცელდება მათი საქმიანობის ფარგლებს გარეთ განხორციელებულ ქმედებებზე.

3. მისიის მომსახურე პერსონალის წევრები, რომლებიც არ არიან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქალაქეები და მუდმივად არ ცხოვრობენ ადგილსამყოფელ სახელმწიფოში, თავისუფლდებიან მათი დასაქმებიდან მიღებულ ანაზღაურებასთან დაკავშირებული მოსაკრებლებისა და გადასახადებისგან. სხვა მხრივ, მათ შეუძლიათ ისარგებლონ პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით მხოლოდ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მიერ დაშვებულ ფარგლებში. მიუხედავად ამისა, ადგილსამყოფელმა სახელმწიფომ, აღნიშნულ პირებთან მიმართებით, საკუთარი იურისდიქცია უნდა განახორციელოს იმგვარად, რომ არასათანადოდ არ ჩაერიოს მისიის ფუნქციების განხორციელებაში.

მუხლი 38

[ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქალაქეები და რეზიდენტები]

1. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მიერ შეიძლება გაცემულ იქნეს დამატებითი პრივილეგიები და იმუნიტეტები, დიპლომატიური აგენტი, რომელიც არის აღნიშნული სახელმწიფოს მოქალაქე ან მუდმივად მცხოვრები პირი, სარგებლობს იმუნიტეტით იურისდიქციისგან და ხელშეუხებლობით, თავისი ფუნქციების განხორციელებასთან დაკავშირებული ოფიციალური საქმიანობის ფარგლებში.

2. მისიის პერსონალის სხვა წევრები და კერძო მოსამსახურეები, რომლებიც არიან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქალაქეები ან მუდმივად მცხოვრები პირები, პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით სარგებლობენ მხოლოდ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მიერ დაშვებულ ფარგლებში. მიუხედავად ამისა, ადგილსამყოფელმა სახელმწიფომ, აღნიშნულ პირებთან მიმართებით, საკუთარი იურისდიქცია უნდა განახორციელოს იმგვარად, რომ არასათანადოდ არ ჩაერიოს მისიის ფუნქციების განხორციელებაში.

მუხლი 39

[პრივილეგიებისა და იმუნიტეტების მოქმედება]

1. პრივილეგიებისა და იმუნიტეტების მფლობელი თითოეული პირი, აღნიშნულით სარგებლობს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლის მომენტიდან იმის გათვალისწინებით, რომ იგი მიიწევს საკუთარი თანამდებობის დასაკავებლად, ხოლო თუ იგი უკვე იმყოფება ტერიტორიაზე, იმ მომენტიდან, როდესაც საგარეო საქმეთ სამინისტროს ან სხვა სამინისტროს, რომელიც შეიძლება შეთანხმდეს, ეცნობება მისი დანიშვნის შესახებ.

2. როდესაც პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით მოსარგებლე პირის ფუნქციები სრულდება, ამგვარი პრივილეგიები და იმუნიტეტები, როგორც წესი, წყდება მის მიერ ქვეყნის დატოვების მომენტიდან, ან გამგზავრებისათვის განსაზღვრული გონივრული ვადის გასვლიდან, მაგრამ აღნიშნულ მომენტებამდე იგი განაგრძობს მოქმედებას, შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაშიც კი. მიუხედავად ამისა, ამგვარი პირის, როგორც მისიის წევრის იმუნიტეტი, მოქმედებს მის მიერ თავისი ფუნქციების შესრულების ფარგლებში განხორციელებულ ქმედებებთან მიმართებით.

3. მისიის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი ოჯახის წევრები განაგრძობენ მათი კუთვნილი პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით სარგებლობას მათ მიერ ქვეყნის დატოვებისათვის განსაზღვრული გონივრული ვადის ამოწურვამდე.

4. მისიის იმ წევრის გარდაცვალების შემთხვევაში, რომელიც არ არის ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქალაქე ან მუდმივად მცხოვრები პირი, ან მასთან საცხოვრებლად თანხმლები ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში, ადგილსამყოფელი სახელმწიფო ნებას რთავს გარდაცვლილის მოძრავი ქონების გასატანად, ქვეყანაში შეძენილი იმ ქონების გამოკლებით, რომლის ექსპორტი აკრძალული იყო მისი გარდაცვალების დროს. ნაკვეთის, მემკვიდრეობისა და უფლებამონაცვლეობის საბაჟო მოსაკრებლები არ გადაიხდევინება იმ მოძრავ ქონებაზე, რომლის ადგილსამყოფელ სახელმწიფოში განთავსება განპირობებული იყო მხოლოდ გარდაცვლილის, როგორც მისიის წევრობის გამო ან როგორც მისიის წევრის ოჯახის წევრობის გამო.

მუხლი 40

[სატრანზიტო მიმოსვლა]

1. თუ დიპლომატიური აგენტი, თავისი თანამდებობის დასაკავებლად ან თანამდებობაზე დაბრუნებისას, ან როდესაც იგი მიემგზავრება საკუთარ ქვეყანაში, ტრანზიტით მგზავრობს ან იმყოფება მესამე სახელმწიფოს ტერიტორიაზე, რომელმაც მის სახელზე, ასეთის აუცილებლობის შემთხვევაში, გასცა საპასპორტო ვიზა, აღნიშნული მესამე სახელმწიფო ავრცელებს მასზე ხელშეუხებლობის იმუნიტეტს და სხვა იმგვარ იმუნიტეტებს, როგორიც შეიძლება საჭირო გახდეს მისი ტრანზიტის ან დაბრუნების უზრუნველსაყოფად. იგივე ვრცელდება მისი ოჯახის ნებისმიერი წევრის შემთხვევაში, რომელიც სარგებლობს პრივილეგიებით ან იმუნიტეტებით და თან ახლავს დიპლომატიურ აგენტს, ან ცალკე მგზავრობს მასთან შეხვედრის მიზნით ან საკუთარ ქვეყანაში დასაბრუნებლად.

2. წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ მსგავს გარემოებებში, მესამე სახელმწიფოები არ აფერხებენ მისიის ადმინისტრაციული და ტექნიკური ან მომსახურე პერსონალის წევრების, და მათი ოჯახის წევრების მათ ტერიტორიებზე გადაადგილებას.

3. მესამე სახელმწიფოები, ტრანზიტში მყოფ ოფიციალურ მიმოწერასა და სხვა ოფიციალურ კომუნიკაციას, მათ შორის კოდირებულ და დაშიფრულ შეტყობინებებს, ანიჭებენ იმავე სახის თავისუფლებასა და დაცვას, როგორიც მათ მინიჭებული აქვთ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მიერ. დიპლომატიურ კურიერებს, რომლებზეც, თუ არსებობდა აღნიშნულის აუცილებლობა, გაცემულია საპასპორტო ვიზა, და ტრანზიტში მყოფ დიპლომატიურ ფოსტას, ისინი ანიჭებენ იმავე სახის ხელშეუხებლობასა და დაცვას, როგორიც მათ ადგილსამყოფელმა სახელმწიფომ უნდა მიანიჭოს.

მუხლი 41

[პრივილეგიებისა და იმუნიტეტების დარღვევა]

1. მათი პრივილეგიებისა და იმუნიტეტების ხელყოფის გარეშე, ამგვარი პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით მოსარგებლე პირების ვალდებულება არის პატივი სცენ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და რეგულაციების. მათ აგრეთვე აქვთ ვალდებულება არ ჩაერიონ ამ სახელმწიფოს შიდა საქმეებში.

2. ადგილსამყოფელ სახელმწიფოსთან მიმართებით ყველა ოფიციალური საქმიანობა, რომელიც წარმგზავნი სახელმწიფოს მიერ ეკისრება მისიას, წარიმართება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით ან სხვა სამინისტროს მეშვეობით, რომელიც შეიძლება შეთანხმდეს.

3. მისიის კარმიდამო არ უნდა იქნეს გამოყენებული მისიის იმ ფუნქციებთან შეუსაბამო ფორმით, რაც დადგენილია წინამდებარე კონვენციით ან ზოგადი საერთაშორისო სამართლის სხვა ნორმებით ან წარმგზავნ და ადგილსამყოფელ სახელმწიფოს შორის მოქმედი სპეციალური შეთანხმებით.

მუხლი 42

[პირადი სარგებლის მომტანი საქმიანობის დაუშვებლობა]

დიპლომატიური აგენტი ადგილსამყოფელ სახელმწიფოში პირადი სარგებლის მიღების მიზნით არ ახორციელებს არც ერთ პროფესიულ ან კომერციულ საქმიანობას.

მუხლი 43

[დიპლომატიური აგენტის ფუნქციების დასასრული]

დიპლომატიური აგენტის ფუნქცია სრულდება inter alia:

ა) წარმგზავნი სახელმწიფოს მიერ ადგილსამყოფელი სახელმწიფოსათვის დიპლომატიური აგენტის ფუნქციის დასრულების შესახებ შეტყობინებით;

ბ) ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მიერ წარმგზავნი სახელმწიფოსთვის გაგზავნილი შეტყობინებით, რომლითაც იგი, მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, უარს ამბობს დიპლომატიური აგენტის მისიის წევრად აღიარებაზე;

მუხლი 44

[ტერიტორიის დატოვება]

ადგილსამყოფელმა სახელმწიფომ, შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაშიც კი, უნდა უზრუნველყოს შესაძლებლობები, რათა პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით მოსარგებლე პირები, გარდა ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქალაქეებისა, და მათი მოქალაქეობის მიუხედავად, ამგვარი პირების ოჯახის წევრები, რაც შეიძლება ადრე გაემგზავრონ. კერძოდ, მან, საჭიროების შემთხვევაში, მათთვის და მათი ქონებისთვის უნდა უზრუნველყოს აუცილებელი სატრანსპორტო საშუალების გამოყოფა.

მუხლი 45

[დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტა]

თუ ორ სახელმწიფოს შორის შეწყდა დიპლომატიური ურთიერთობები, ან თუ მისია დროებით ან მუდმივად გამოწვეულია:

ა) ადგილსამყოფელმა სახელმწიფომ, შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაშიც კი, პატივი უნდა სცეს და დაიცვას მისიის კარმიდამო, მის ქონებასთან და არქივებთან ერთად;

ბ) წარმგზავნ სახელმწიფოს შეუძლია, მისიის კარმიდამოს მოვლა, მის ქონებასთან და არქივებთან ერთად, ანდოს ადგილსამყოფელი სახელმწიფოსათვის მისაღებ მესამე სახელმწიფოს;

გ) წარმგზავნ სახელმწიფოს შეუძლია, საკუთარი და თავისი მოქალაქეების ინტერესების დაცვა ანდოს ადგილსამყოფელი სახელმწიფოსათვის მისაღებ მესამე სახელმწიფოს.

მუხლი 46

[მესამე სახელმწიფოს ინტერესთა დაცვა]

ადგილსამყოფელი სახელმწიფოს წინასწარი თანხმობით, წარმგზავნ სახელმწიფოს, ადგილსამყოფელ სახელმწიფოში წარმომადგენლობის არმქონე მესამე სახელმწიფოს მოთხოვნით, შეუძლია იკისროს მესამე სახელმწიფოს და მისი მოქალაქეების ინტერესების დროებითი დაცვა.

მუხლი 47

[დისკრიმინაციის დაუშვებლობა]

1. წინამდებარე კონვენციის დებულებათა შესრულებისას, ადგილსამყოფელი სახელმწიფო არ ახდენს სახელმწიფოთა დისკრიმინაციას.

2. ამავდროულად, დისკრიმინაციად არ ითვლება:

ა) როდესაც ადგილსამყოფელი სახელმწიფო, წინამდებარე კონვენციის ნებისმიერ დებულებას იყენებს შეზღუდულად, რადგან წარმგზავნ სახელმწიფოში, მის მისიასთან მიმართებით ეს დებულება შეზღუდულად გამოიყენება;

ბ) როდესაც, ჩვეულებით ან შეთანხმებით, სახელმწიფოები, ერთმანეთს ანიჭებენ იმაზე უკეთესი მოპყრობის რეჟიმს ვიდრე ეს მოთხოვნილია წინამდებარე კონვენციის დებულებებით.

მუხლი 48

[კონვენციის ხელმოწერა]

წინამდებარე კონვენცია ხელმოსაწერად ღიაა გაეროს წევრი სახელმწიფოებისთვის ან ნებისმიერი სპეციალიზებული დაწესებულებისთვის, რომელიც არის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს სტატუტის მხარე, და გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ კონვენციის მხარედ გახდომისთვის მოწვეული ნებისმიერი სხვა სახელმწიფოსთვის, შემდეგ ვადებში: ავსტრიის ფედერალურ საგარეო საქმეთა სამინისტროში 1961 წლის 31 ოქტომბრამდე და შემდგომ, ნიუ იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში, 1962 წლის 31 მარტამდე.

მუხლი 49

[რატიფიკაცია]

წინამდებარე კონვენცია ექვემდებარება რატიფიკაციას. რატიფიკაციის სიგელების დეპონირება ხდება გაეროს გენერალურ მდივანთან.

მუხლი 50

[შეერთება]

წინამდებარე კონვენცია შეერთებისთვის ღია არის 48-ე მუხლში მოცემული ოთხი კატეგორიიდან ნებისმიერს მიკუთვნებული სახელმწიფოსთვის. შეერთების სიგელების დეპონირება ხდება გაეროს გენერალურ მდივანთან.

მუხლი 51

[ძალაში შესვლა]

1. წინამდებარე კონვენცია ძალაში შედის გაეროს გენერალურ მდივანთან ოცდამეორე რატიფიკაციის ან შეერთების სიგელის დეპონირების თარიღიდან ოცდამეათე დღეს.

2. თითოეული სახელმწიფოსთვის, რომელიც ამ კონვენციის რატიფიცირებას ან შეერთებას ახდენს ოცდამეორე რატიფიკაციის ან შეერთების სიგელის დეპონირების შემდგომ, კონვენცია ძალაში შედის ამგვარი სახელმწიფოს მიერ თავისი რატიფიკაციის ან შეერთების სიგელის დეპონირებიდან ოცდამეათე დღეს.

მუხლი 52

[გენერალური მდივნის ვალდებულებები]

გაეროს გენერალური მდივანი, 48-ე მუხლში მოცემულ ოთხი კატეგორიიდან ნებისმიერს მიკუთვნებულ ყველა სახელმწიფოს, აცნობებს:

ა) 48-ე, 49-ე და 50-ე მუხლების შესაბამისად, წინამდებარე კონვენციაზე ხელმოწერებისა და რატიფიკაციის ან შეერთების სიგელების დეპონირების შესახებ;

ბ) 51-ე მუხლის შესაბამისად, კონვენციის ძალაში შესვლის თარიღის შესახებ.

მუხლი 53

[დედნები]

წინამდებარე კონვენციის დედანი, რომლის ჩინური, ინგლისური, ფრანგული, რუსული და ესპანური ტექსტები თანაბრად ავთენტურია, გადაეცემა გაეროს გენერალურ მდივანს, რომელიც მის დამოწმებულ ასლებს გადასცემს 48-ე მუხლში მოცემული ოთხი კატეგორიიდან ნებისმიერს მიკუთვნებულ ყველა სახელმწიფოს.

რის დასტურადაც, ქვემორე სრულუფლებიანი ხელმომწერნი, არიან რა მათი მთავრობების მიერ სათანადოდ უფლებამოსილნი, ხელს აწერენ წინამდებარე კონვენციას.

შესრულებულია ვენაში, ათას ცხრაას სამოცდაერთი წლის აპრილის თვის მეთვრამეტე დღეს.

 


[1] შენიშვნა: წინამდებარე ტექსტში, კონვენციის მუხლების დასათაურება არ არის სავალდებულო. იგი შედგენილია თარჯიმნის შეხედულებისამებრ. კონვენციის ინგლისურენოვან დედანში მუხლები არ არის დასათაურებული

.