სოციალური მუშაობის შესახებ

სოციალური მუშაობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2519-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 13/06/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/06/2018
სარეგისტრაციო კოდი 280010000.05.001.018881
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
2519-IIს
13/06/2018
ვებგვერდი, 29/06/2018
280010000.05.001.018881
სოციალური მუშაობის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (29/06/2018 - 29/11/2019)

 

საქართველოს კანონი

 

 

სოციალური მუშაობის შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებანი

 

მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო

1. ეს კანონი განსაზღვრავს სოციალური მუშაობის ძირითად პრინციპებს, სოციალური მუშაკის სამართლებრივ სტატუსს, სოციალურ გარანტიებს, ფუნქციებს, უფლებებსა და მოვალეობებს, სოციალური მუშაკის მიერ განსახორციელებელ ღონისძიებებს.

2. ამ კანონის დებულებები ვრცელდება საჯარო დაწესებულებასა და კერძო სამართლის იურიდიულ პირში დასაქმებულ, აგრეთვე თვითდასაქმებულ, პრაქტიკული საქმიანობის განმახორციელებელ სოციალურ მუშაკებზე და მათ პროფესიულ ზედამხედველებზე, გარდა ამ კანონით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა.

მუხლი 2. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ბენეფიციარი – ფიზიკური პირი, რომელიც სარგებლობს ამ კანონით გათვალისწინებული სოციალური მუშაობის სერვისით ან რომლის მიმართ სოციალური მუშაკი ადგენს ამ კანონით განსაზღვრული სოციალური მუშაობის ჩატარების საჭიროებას;

ბ) ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესი – ბენეფიციარის სოციალური უსაფრთხოების, მისი საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაციის, კეთილდღეობის, განვითარების ან ამ კანონის მიზნებით გათვალისწინებული სხვა ინტერესი, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობასა და საყოველთაოდ აღიარებულ ზნეობრივ ნორმებს;

გ) გადაუდებელი შემთხვევა – მდგომარეობა, რომელიც მეყსეულ საფრთხეს უქმნის ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესს;

დ) ვარაუდის საფუძველი – ფაქტი ან ინფორმაცია, რომელიც დააკმაყოფილებდა ობიექტურ დამკვირვებელს გარემოებათა გათვალისწინებით დასკვნის გასაკეთებლად;

ე) კანონთან კონფლიქტში მყოფი პირი – პირი, რომლის მიმართ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული; პირი, რომლის მიმართ გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით გათვალისწინებული კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი; პირი, რომელიც იმყოფება ისეთ გარემოში ან ავლენს ისეთ ასოციალურ ქცევას, რომელიც ქმნის ვარაუდის საფუძველს, რომ იგი ჩაიდენს დანაშაულს (დანაშაულის ჩადენის რისკის ქვეშ მყოფი პირი);

ვ) სამართლებრივი აქტი – უფლებამოსილი დაწესებულების მიერ ამ კანონის მიზნებისთვის გამოცემული, შესასრულებლად სავალდებულო აქტი;

ზ) საფრთხე – ვითარება, როდესაც არსებობს ვარაუდის საფუძველი, რომ მოვლენების მოსალოდნელი განვითარების შეუფერხებელი მსვლელობის შემთხვევაში, დიდი ალბათობით, ზიანი მიადგება ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესს;

თ) სოციალური მუშაკი – პირი, რომელიც ამ მუხლის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სოციალურ მუშაობას ატარებს ბენეფიციართა მიზნობრივ ჯგუფთან და რომელსაც მიღებული აქვს ამ კანონით გათვალისწინებული აკადემიური ან სხვა განათლება;

ი) სოციალური მუშაობა – პრაქტიკულ საქმიანობაზე დაფუძნებული სპეციალობით მუშაობა, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებაში ინდივიდის თავისუფალ განვითარებას, მისი ინტეგრაციის ხელშეწყობას და ინდივიდის გაძლიერებით ემსახურება საზოგადოების კეთილდღეობის ამაღლებას;

კ) სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი ჯგუფი – ჯგუფი, რომელშიც შედის ნარკოტიკზე, ალკოჰოლზე ან/და აზარტულ თამაშობაზე დამოკიდებული პირი, სოციალურად დაუცველი პირი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, ხანდაზმული, არასრულწლოვანი, მრავალშვილიანი ოჯახი, მარტოხელა მშობელი, იძულებით გადაადგილებული პირი, უსახლკარო პირი, კანონთან კონფლიქტში მყოფი პირი, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მქონე პირი, მხარდაჭერის მიმღები, ძალადობის მსხვერპლი, სხვა პირი, რომელიც გარემოებათა გათვალისწინებით შესაძლებელია იყოს ზემოთ აღნიშნული ჯგუფის მსგავს საფრთხეში;

ლ) ხანდაზმული – ფიზიკური პირი 65 წლის ასაკიდან.

მუხლი 3. კანონის მიზნები

ამ კანონის მიზანია სოციალური მუშაობის იმგვარი სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც ემსახურება:

ა) ინდივიდის მიერ თავისი ცხოვრების წარმატებით წარმართვას, თვითდახმარებისა და თვითგანვითარების გზით მისი დამოუკიდებლობისა და ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფას;

ბ) ინდივიდის საზოგადოებაში მდგრად ინტეგრაციას, მისი ფართო პირადი ავტონომიის შენარჩუნებას და მის მიერ საზოგადოებრივი სიკეთით სრულფასოვნად სარგებლობას;

გ) ისეთი სტრუქტურული ცვლილებების დანერგვას, რომლებიც ხელს უშლის მარგინალიზაციასა და სოციალურ დაყოფას;

დ) სოციალური უსაფრთხოების ხელშეწყობას;

ე) ოჯახისა და საზოგადოების გაძლიერებისთვის სახელმწიფო მხარდაჭერის უზრუნველყოფას.

მუხლი 4. სოციალური მუშაობის სამართლებრივი საფუძვლები

1. სოციალური მუშაობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, ეს კანონი, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები და მათ საფუძველზე გამოცემული სხვა სამართლებრივი აქტები.

2. სოციალურ მუშაკზე ვრცელდება ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებები.

3. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში დასაქმებულ სოციალურ მუშაკზე ვრცელდება ამ კანონის დებულებები, თუ პატიმრობის კოდექსით, „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონით, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონითა და აღნიშნული კანონების საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

თავი II

სოციალური მუშაობის ძირითადი პრინციპები

 

მუხლი 5. სოციალური მუშაობის პრინციპების სავალდებულოობა

1. სოციალური მუშაკი ვალდებულია სოციალური მუშაობის ჩატარებისას გაითვალისწინოს შემდეგი პრინციპები: ადამიანის უფლებების პატივისცემა, სოციალური სამართლიანობა, თანასწორობა, დარგობრივი კომპეტენცია, თანაზომიერება, ინდივიდუალიზაცია, კეთილსინდისიერებისა და პროფესიული ეთიკის დაცვა და სოციალური მუშაობის სისტემურობა.

2. სოციალური მუშაკის მიერ სოციალური მუშაობის პრინციპების დარღვევა იწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

მუხლი 6. ადამიანის უფლებების პატივისცემის პრინციპი

1. სოციალური მუშაობა ეფუძნება თითოეული ადამიანის ღირსებისა და სხვა ძირითადი უფლებების პატივისცემას. 

2. სოციალური მუშაკი არა მხოლოდ თავად არ უნდა არღვევდეს ადამიანის უფლებებს, არამედ ხელს უნდა უწყობდეს ადამიანის ძირითადი უფლებების განხორციელებას.

მუხლი 7. სოციალური სამართლიანობის პრინციპი

1. სოციალური მუშაკი ემსახურება საზოგადოებრივ ურთიერთობებში სოციალური სამართლიანობის მიღწევას.

2. სოციალური მუშაკი ხელს უწყობს საზოგადოებაში სოციალური უთანასწორობის აღმოფხვრას და სოციალურ პროგრესს.

მუხლი 8. თანასწორობის პრინციპი 

1. სოციალური მუშაობა ეფუძნება თანასწორობის პრინციპს.

2. პროფესიული უფლებამოსილების განხორციელებისას დაუშვებელია დისკრიმინაციული მოპყრობა რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.

მუხლი 9. დარგობრივი კომპეტენციის პრინციპი

1. სოციალური მუშაკი სოციალურ მუშაობას ატარებს დარგობრივი კომპეტენციის მიხედვით. დარგობრივი კომპეტენციის მიღება შესაძლებელია პრაქტიკული საქმიანობის განხორციელების ფარგლებში.

2. აკადემიური ან სხვა საგანმანათლებლო კურსები უზრუნველყოფს სოციალური მუშაკის მიერ დარგობრივი კომპეტენციის მიხედვით განათლების მიღებას და შემდგომ მის გაღრმავებას.

მუხლი 10. თანაზომიერების პრინციპი

1. სოციალური მუშაკის მიერ განსახორციელებელი ღონისძიება უნდა ემსახურებოდეს ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესის დაცვას. შერჩეული ღონისძიება უნდა იყოს გამოსადეგი, აუცილებელი და პროპორციული.

2. სოციალური მუშაკის მიერ განსახორციელებელი ღონისძიება არის გამოსადეგი, თუ ის შესაძლებელს ხდის ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესის დაცვას.

3. სოციალური მუშაკის მიერ განსახორციელებელი ღონისძიება არის აუცილებელი, თუ ვერ იქნება გამოყენებული სხვა საშუალება, რომელიც ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესის დაცვისას უფრო ნაკლებ ზიანს მიაყენებდა როგორც ქმედების ადრესატს, ისე სხვა პირს.

4. სოციალური მუშაკის მიერ განხორციელებული ღონისძიება არის პროპორციული, თუ კანონით დაცული სამართლებრივი სიკეთისათვის მიყენებული ზიანი არ აღემატება იმ სიკეთეს, რომლის დასაცავადაც ის განხორციელდა.

მუხლი 11. ინდივიდუალიზაციის პრინციპი

1. სოციალური მუშაობა ორიენტირებულია ინდივიდზე.

2. სოციალური მუშაკი ახდენს ბენეფიციარის ინდივიდუალური სოციალური საჭიროების მხარდაჭერას, სოციალური პრობლემის მიზეზის იდენტიფიცირებას და მისი გადაჭრისკენ მიმართული ქმედებების განხორციელების ხელშეწყობას.

მუხლი 12. კეთილსინდისიერებისა და პროფესიული ეთიკის დაცვის პრინციპი

1. სოციალური მუშაკი სოციალურ მუშაობას ატარებს ამ კანონის მიზნების, ღირებულებებისა და ეთიკური პრინციპების შესაბამისად.

2. სოციალური მუშაკი მოქმედებს კეთილსინდისიერად და პასუხისმგებლობით ეკიდება მისთვის დაკისრებულ მოვალეობას.

3. სოციალური მუშაკის პროფესიული ეთიკის ნორმები ეფუძნება კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულებას, ინდივიდის ღირსების პატივისცემის პრინციპზე დამყარებულ ურთიერთობას, ბენეფიციარის მიერ გადაწყვეტილების მიღების უფლების და მისი თვითგამორკვევის აღიარებას, სოციალური მუშაობის ჩატარებისას ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესის უპირატესობის აღიარებას.

მუხლი 13. სოციალური მუშაობის სისტემურობის პრინციპი

სოციალური მუშაობა მიმდინარეობს სისტემურად, სამ დონეზე: ინდივიდუალურად − მიკროდონეზე, საზოგადოებრივად − მეზოდონეზე, სოციალური პოლიტიკის ჩამოყალიბებისა და განვითარებისთვის − მაკროდონეზე.

 

თავი III

სოციალური მუშაკის ფუნქციები

მუხლი 14. სოციალური მუშაკის ძირითადი და დარგობრივი ფუნქციები

1. სოციალურ მუშაკს აქვს ძირითადი და დარგობრივი ფუნქციები.

2. საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამები უზრუნველყოფს სოციალური მუშაკის მიერ სოციალური მუშაობის ჩატარების ყველა ძირითადი და რამდენიმე შესაბამისი დარგობრივი უნარის შეძენას.

მუხლი 15. სოციალური მუშაკის ძირითადი ფუნქციები

1. სოციალური მუშაკის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა პრევენციული სოციალური მუშაობის ჩატარება.

2. სოციალური მუშაკის სპეციალიზაციის მიუხედავად, მისი ძირითადი ფუნქციებია:

ა) სოციალური მუშაობის ფარგლებში განახორციელოს ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული ღონისძიებები;

ბ) იზრუნოს ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესის დაცვაზე, მათ შორის, მისი უფლებების დაცვაზე;

გ) იზრუნოს ბენეფიციარის კეთილდღეობაზე, განახორციელოს მისი ადვოკატირება და დაიცვას მისი უფლებები;

დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში კონსულტაცია გაუწიოს ბენეფიციარს, თავიდან აიცილოს კრიზისი და დროულად ჩაერიოს მასში, მოახდინოს ბენეფიციარის მხარდაჭერა;

ე) ბენეფიციარის უშუალო მონაწილეობით დაგეგმოს და განახორციელოს სოციალური მუშაობის პროცესი;

ვ) იმუშაოს სოციალურ საკითხებზე;

ზ) მოახდინოს სოციალური კეთილდღეობის სფეროში არსებული პრობლემის იდენტიფიცირება, შეიმუშაოს პროფესიული ინიციატივები და მოიძიოს პრობლემის გადაჭრის გზები;

თ) ითანამშრომლოს სოციალურ სფეროში დასაქმებულ სხვა პროფესიის წარმომადგენლებთან, აგრეთვე კერძო და საჯარო დაწესებულებებთან;

ი) მოახდინოს სასიკეთო ცვლილებების ინიციირება და განახორციელოს ისინი;

კ) გაააქტიუროს ინდივიდების, ჯგუფების, ორგანიზაციებისა და საზოგადოების მისწრაფება სოციალური განვითარებისკენ;

ლ) განახორციელოს პროფესიული საქმიანობის თვითშეფასება, აგრეთვე საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს ზედამხედველობის პროცესში.

მუხლი 16. სოციალური მუშაობა ბავშვსა და ოჯახზე ზრუნვის და მეურვეობის/მზრუნველობის/მხარდაჭერის სფეროში

1. ბავშვსა და ოჯახზე ზრუნვის და მეურვეობის/მზრუნველობის/ მხარდაჭერის სფეროში სოციალური მუშაობა გულისხმობს:

ა) ბავშვის შვილად აყვანის პროცესში მონაწილეობას;

ბ) ბავშვის მხარდაჭერას, მისი საუკეთესო ინტერესის დაცვას, მის მეურვეობას, მზრუნველობას და საპროცესო წარმომადგენლობას;

გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მეურვეობის/მზრუნველობის დაწესების/მხარდაჭერის დანიშვნის პროცესში მონაწილეობას, მეურვის/მზრუნველის/მხარდამჭერის საქმიანობის ზედამხედველობას, სამეურვეო/სამზრუნველო პირის ქონებრივი უფლების განკარგვის საკითხზე რეკომენდაციის გაცემას;

დ) ბავშვის ძალადობისა და უგულებელყოფისგან დაცვის მიზნით ზომების მიღებას;

ე) მიუსაფარი ბავშვისა და მისი ოჯახის საჭიროებების განსაზღვრას;

ვ) ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში შენარჩუნების მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას და მათ მონიტორინგს;

ზ) ოჯახის მხარდაჭერას, პრევენციას, პირის სპეციალიზებული დაწესებულებიდან რეინტეგრაციას და მისი მდგომარეობის მონიტორინგს, 24-საათიანი ზრუნვის სისტემასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელებას;

თ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, ძალადობის მსხვერპლთა, მათ შორის, ბავშვების, სათანადო მომსახურებაში ჩართვის ხელშეწყობას;

ი) ოჯახში ძალადობის მსხვერპლისთვის თავშესაფრის მომსახურებით სარგებლობაში დახმარების გაწევას;

კ) ოჯახში ძალადობის მსხვერპლის საზოგადოებაში ინტეგრაციისა და ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა ღონისძიების დაგეგმვასა და განხორციელებას;

ლ) ბავშვის ძალადობისგან, პირის ოჯახში ძალადობისგან და ქალთა ძალადობისგან დაცვის მიზნით ზომების მიღებას, მათ რეაბილიტაციაზე ზრუნვას, საზოგადოებაში ინტეგრაციას და მონიტორინგს;

მ) ხანდაზმულისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის დღის ცენტრისა და გრძელვადიანი თავშესაფრის, შესაბამისი სოციალური, სამედიცინო, შეღავათიანი მომსახურებების თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას და მათში ჩართვის ხელშეწყობას;

ნ) დედებისა და ბავშვებისათვის თავშესაფრის მომსახურებით სარგებლობაში დახმარების გაწევას;

ო) ბავშვის 24-საათიანი სახელმწიფო ზრუნვის (მათ შორის, მინდობით აღზრდის) მიზნით განთავსებისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებას და მათ მონიტორინგს;

პ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ოჯახური დავების ან მშობლის უფლების შეზღუდვის/ჩამორთმევის დროს სასამართლო პროცესებში მონაწილეობას არასრულწლოვანთა კანონიერი ინტერესების დაცვის და სათანადო დასკვნის გაცემის მიზნით;

ჟ) სამეურვეო/სამზრუნველო და ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირებისათვის სოციალური და სამედიცინო მომსახურებების თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას და მათი შესაბამის დღის ცენტრსა და თავშესაფარში განთავსების ხელშეწყობას;

რ) შესაბამისი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში სხვა ფუნქციების შესრულებას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტი არ ვრცელდება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში დასაქმებულ სოციალურ მუშაკზე.

მუხლი 17. სოციალური მუშაობა კანონთან კონფლიქტში მყოფ პირთან

კანონთან კონფლიქტში მყოფ პირთან სოციალური მუშაობა გულისხმობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კომპეტენციის ფარგლებში:

ა) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებული ბრალდებულისა და მსჯავრდებულისთვის კონსულტაციების გაწევას, მოწყვლადი ჯგუფების გამოვლენას და მათი ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობას;

ბ) მსჯავრდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილების მიზნით მასთან დაკავშირებული რისკებისა და მისი საჭიროებების შეფასებას, ინდივიდუალური გეგმის შედგენას, მისთვის სარეაბილიტაციო მომსახურების მიწოდებას, მისი რეაბილიტაციის პროცესის ზედამხედველობას, კრიზისული შემთხვევების მართვას;

გ) კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის სოციალური გარემოს, უნარებისა და ინდივიდუალური საჭიროებების შესწავლას, მის შესახებ ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადების მიზნით ინფორმაციის მიღებას, განრიდების პროგრამების ფარგლებში მისი ინდივიდუალური საქმის მართვას;

დ) დანაშაულის ჩადენის რისკის ქვეშ მყოფ პირთან რეფერალის სისტემის შესაბამისი დახმარების გაწევის მიზნით მუშაობას;

ე) მსჯავრდებული არასრულწლოვნისა და სრულწლოვნის რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის ხელშეწყობას;

ვ) პატიმრობის კოდექსით, „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ და „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებითა და მათ საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას და მოვალეობების შესრულებას.

მუხლი 18. სოციალური მუშაობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სოციალური მუშაობა გულისხმობს:

ა) მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას, ჩაგვრის შემთხვევების შემცირების მიზნით პრევენციულ მუშაობას და მათ მართვაზე ზრუნვას, მათ შორის, მოსწავლეთა მშობლებთან, ოჯახთან, სკოლის ადმინისტრაციასთან და მასწავლებლებთან მუშაობას;

ბ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებული სოციალური პრობლემების, კანონთან კონფლიქტში მყოფი, ქცევითი და ემოციური პრობლემების, აგრეთვე ინკლუზიური და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეების იდენტიფიცირებას და მათთვის სოციალური მომსახურების მიწოდებას, მათ შორის, მოსწავლეთა რთული ქცევის მართვას, მათი ოჯახებისთვის კონსულტაციის გაწევას;

გ) მოსწავლის ზოგადი განათლების, ფორმალურ და არაფორმალურ საგანმანათლებლო პროცესებში მონაწილეობის უზრუნველყოფას და მისი სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობას;

დ) ძალადობისა და უგულებელყოფის ფაქტების იდენტიფიცირებას და მათზე შესაბამის რეაგირებას.

მუხლი 19. სოციალური მუშაობა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში

ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სოციალური მუშაობა გულისხმობს ბენეფიციართან სოციალურ მუშაობას მისი ჯანმრთელობის დაცვის პროცესში, მათ შორის, მისთვის ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების მიწოდების პროცესში, კერძოდ:

ა) ბენეფიციარის მდგომარეობის შეფასებას, მისი საჭიროებების განსაზღვრას და მათ დაკმაყოფილებაზე ზრუნვას;

ბ) ბენეფიციარისთვის კონსულტაციისა და საგანმანათლებლო დახმარების გაწევას, მათ შორის, მისი ჯანსაღი ქცევის მხარდაჭერას/წახალისებას მკურნალობისა და ჯანმრთელობის შენარჩუნების მიზნით, კრიზისულ ინტერვენციას, ბენეფიციარის ფსიქოსოციალურ მხარდაჭერას და რეაბილიტაციას.

მუხლი 20. სხვა ფუნქციები

1. სოციალური მუშაკი ასრულებს საქართველოს კანონმდებლობითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების ფარგლებში შესასრულებელ იმ სპეციალურ ფუნქციებს, რომლებიც ამ კანონით პირდაპირ არ არის გათვალისწინებული, მაგრამ გამომდინარეობს ამ კანონით დადგენილი პრინციპებიდან, უფლებამოსილებებიდან და ფუნქციებიდან და ემსახურება ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული სოციალური მუშაკისათვის განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა, ხოლო კერძო სამართლის იურიდიულ პირში დასაქმებული სოციალური მუშაკისათვის − დამსაქმებელი.

 

თავი IV

სოციალური მუშაკის უფლებები და მოვალეობები

მუხლი 21. სოციალური მუშაკის საქმიანობის მხარდაჭერა

1. სოციალურ მუშაკს უფლება აქვს, ჰქონდეს სოციალური მუშაობის ეფექტიანი ჩატარებისთვის აუცილებელი პერსონალური, ტექნიკური, ინფრასტრუქტურული, საინფორმაციო და უწყებრივი მხარდაჭერა იმ დაწესებულების რესურსების გათვალისწინებით, რომელშიც დასაქმებულია იგი.

2. საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული სოციალური მუშაკისთვის აუცილებელი სახელმწიფო მხარდაჭერის ფარგლები და მისი უზრუნველყოფის წესი განისაზღვრება იმ დაწესებულების სამართლებრივი აქტით, რომელსაც ექვემდებარება სოციალური მუშაკი.

3. სოციალური მუშაკი პრაქტიკული საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს მომსახურების მიწოდების დადგენილი პროფესიული სტანდარტით და პროფესიული ეთიკის ნორმებით.

მუხლი 22. დამოუკიდებლობა

1. სოციალური მუშაკის დამოუკიდებლობაზე გავლენის მოხდენა დაუშვებელია.

2. სოციალური მუშაობის პრინციპებიდან და ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში სოციალური მუშაკი ბენეფიციართან ერთად განსაზღვრავს მისაწოდებელი მომსახურების ტიპს და მის ხელმისაწვდომობას, გარდა იმ შემთხვევისა, რომელიც მრავალმხრივი ან დისციპლინათშორისი თანამშრომლობის ფარგლებში განიხილება.

მუხლი 23. ბენეფიციარისთვის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება

1. სოციალური მუშაკი ვალდებულია სოციალური მუშაობა ჩაატაროს ბენეფიციარისთვის ღიად, მისთვის ინფორმაციის მიწოდებით და მისი თანხმობით. გადაუდებელი შემთხვევის დროს ბენეფიციარის თანხმობა აუცილებელი არ არის.

2. სოციალური მუშაკი ვალდებულია ბენეფიციარს მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია საჭირო მომსახურების, არსებული რისკისა და დაბრკოლების შესახებ.

მუხლი 24. სასამართლოში წარმომადგენლობა

1. სოციალური მუშაკი ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს სასამართლო პროცესში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ან სასამართლოს გადაწყვეტილების/განჩინების საფუძველზე.

2. ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე, სოციალურ მუშაკს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს სასამართლო მედიაციის პროცესში.

3. სოციალური მუშაკი ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში და უზრუნველყოს სასამართლოსთვის შემთხვევის ან ბენეფიციარის შესახებ ობიექტური ფსიქოსოციალური დასკვნის მომზადება.

მუხლი 25. კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება

1. სოციალურ მუშაკს ეკისრება იმ ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა სოციალური მუშაობის ჩატარებისას.

2. კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება სოციალური მუშაკის საქმიანობაზე არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ:

ა) ბენეფიციარი ათავისუფლებს სოციალურ მუშაკს ამ ვალდებულების შესრულებისგან და ინფორმაციის გაცემა არ დააზიანებს ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესს. თუ ბენეფიციარი არასრულწლოვანია, იგი სოციალურ მუშაკს აღნიშნული ვალდებულების შესრულებისგან ათავისუფლებს ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით;

ბ) სოციალურ მუშაკს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეტყობინების ვალდებულება ინფორმაციის გაცემას აკისრებს;

გ) სოციალური მუშაკისთვის ცნობილი ინფორმაციის გაუცემლობა ზიანს მიაყენებს უფრო ღირებულ სამართლებრივ სიკეთეს.

3. კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება სოციალურ მუშაკზე ვრცელდება სოციალური მუშაობის დასრულების შემდეგაც.

მუხლი 26. ინფორმაციის გაცემის ვალდებულება

1. დაწესებულება, რომელშიც დასაქმებულია სოციალური მუშაკი, ვალდებულია ბენეფიციართან დაკავშირებული მის ხელთ არსებული ინფორმაცია გააცნოს ბენეფიციარს, მის წარმომადგენელს ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პირს.

2. ინფორმაციის გაცემის წესი, მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიები და მათ გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები განისაზღვრება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით.

მუხლი 27. დოკუმენტაციის წარმოების ვალდებულება

1. სოციალური მუშაკი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოოს ბენეფიციარის პირადი საქმე და დოკუმენტაცია.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია უნდა ასახავდეს ბენეფიციარის შესახებ მონაცემებს (გარდა იმ შემთხვევისა, როცა ბენეფიციარს არ აქვს იდენტიფიცირებისათვის საჭირო დოკუმენტაცია), ღონისძიების გამოყენების საფუძველს, მისი გეგმის დეტალურ აღწერას, ღონისძიებაში მონაწილე მხარეებს, ღონისძიების მიმდინარეობას ეტაპების მიხედვით, შუალედურ დასკვნებს, ღონისძიების ხანგრძლივობას, შედეგს და დასკვნით შეფასებას.

3. სოციალური მუშაკი სოციალური მუშაობის დასრულების ან სხვა სამსახურში გადასვლის შემთხვევაში ვალდებულია ბენეფიციარის შესახებ მონაცემები გადასცეს მის შემცვლელს ან თავის უშუალო ხელმძღვანელს.

4. დოკუმენტაციის წარმოების წესი და ფორმა განისაზღვრება იმ დაწესებულების სამართლებრივი აქტით, რომელშიც დასაქმებულია სოციალური მუშაკი.

5. სოციალური მუშაკის დამსაქმებელი ვალდებულია დამუშავებული დოკუმენტაცია შეინახოს სოციალური მუშაობის მიმდინარეობისას და მისი დასრულების შემდეგ გონივრული ვადით, რომელიც აუცილებელია სოციალური მუშაობის ჩასატარებლად, ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესის დასაცავად და დაწესებულებისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების შესასრულებლად. დოკუმენტაციის შენახვის ვადას განსაზღვრავს აღნიშნული დაწესებულება.

მუხლი 28. მრავალმხრივი და დისციპლინათშორისი თანამშრომლობა

სოციალური მუშაკი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ითანამშრომლოს სხვა სოციალურ მუშაკებთან, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, აგრეთვე იმ პროფესიულ ჯგუფებთან, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ ბენეფიციარის მხარდაჭერის პროცესში, და იმ პირებთან, რომლებთან თანამშრომლობაც მიმართულია ბენეფიციარის მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ.

მუხლი 29. ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესით მოქმედება

1. სოციალური მუშაკი ვალდებულია სოციალური მუშაობა ჩაატაროს ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესისა და საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით.

2. სოციალური მუშაკი ხელს უწყობს ბენეფიციარის თვითრეალიზაციას, მისი შესაძლებლობებისა და საკუთარი ინტერესების დაცვის უნარის გაუმჯობესებას.

მუხლი 30. მიუკერძოებლობა

1. სოციალური მუშაკი ვალდებულია უფლებამოსილების განხორციელებისას იყოს მიუკერძოებელი და ხელმძღვანელობდეს ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესით.

2. დაუშვებელია, სოციალური მუშაკი იყოს მხარე და მოქმედებდეს სუბიექტური ინტერესებით.

3. სოციალური მუშაკი მისი დამსაქმებლის წინაშე აყენებს თვითაცილების საკითხს, თუ არსებობს გარემოება, რომელიც სოციალურ მუშაკს ხელს შეუშლის, მიუკერძოებლად განახორციელოს საკუთარი უფლებამოსილება კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. სოციალურმა მუშაკმა დამსაქმებელს უნდა დაუსაბუთოს თვითაცილების მიზეზი.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას მესამე პირს უფლება აქვს, სოციალური მუშაკის დამსაქმებლის წინაშე დააყენოს მისი აცილების საკითხი.

5. სოციალური მუშაკის აცილების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მისი დამსაქმებელი.

მუხლი 31. ინფორმაციის ანალიზი

1. სოციალურ მუშაკს უფლება აქვს, არსებული სოციალური პრობლემების შემცირებისა და გადაჭრის, სოციალური სისტემის ფუნქციონირების გაუმჯობესების და ცვლილებების მხარდაჭერის მიზნით გააანალიზოს ინფორმაცია და ანალიზის შედეგების შესახებ მონაცემები მიაწოდოს თავის უშუალო ხელმძღვანელს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის ანალიზის ფორმა და შესაბამისი მოთხოვნები განისაზღვრება იმ დაწესებულების სამართლებრივი აქტით, რომელსაც უშუალოდ ექვემდებარება სოციალური მუშაკი.

მუხლი 32. სოციალური მუშაკის უწყვეტი პროფესიული განვითარება

1. სოციალური მუშაობის მიზნებიდან გამომდინარე, სოციალური მუშაკი ვალდებულია შეთავაზებულ პროფესიული განვითარების პროგრამებში მონაწილეობით განივითაროს პროფესიული შესაძლებლობები, გაიუმჯობესოს უნარები და გაიღრმაოს ცოდნა.

2. დამსაქმებელმა ხელი უნდა შეუწყოს სოციალურ მუშაკს, მონაწილეობა მიიღოს უწყვეტი პროფესიული განვითარების ღონისძიებებში.

მუხლი 33. პროფესიული იდენტობის ხელშეუხებლობა

სოციალურ მუშაკს უფლება აქვს, შეინარჩუნოს პროფესიული კულტურა, სამუშაოს შესრულების მეთოდი და სამუშაო ინსტრუმენტი, რომლებიც დადგენილია სოციალური მუშაობის პროფესიული სტანდარტებით.

მუხლი 34. სოციალური მუშაკის პასუხისმგებლობა

ამ კანონით გათვალისწინებული მოვალეობების შეუსრულებლობისათვის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის სოციალურ მუშაკს დაეკისრება ამ კანონის 63-ე მუხლით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა.

 

თავი V

სოციალური მუშაკის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები

მუხლი 35. ღონისძიებები

სოციალური მუშაკის ფუნქციებისა და მოვალეობების შესასრულებლად ხორციელდება ამ თავით გათვალისწინებული ღონისძიებები.

მუხლი 36. პრევენცია

სოციალური მუშაკი ბენეფიციარს აწვდის შესაბამის მომსახურებას, როდესაც საფრთხე არ არსებობს, თუმცა, ობიექტური დამკვირვებლის თვალით, ყველა გარემოების გათვალისწინებით, ის, დიდი ალბათობით, წარმოიქმნება.

მუხლი 37. პრობლემის განსაზღვრა

1. საფრთხის არსებობის შემთხვევაში სოციალური მუშაკი განსაზღვრავს დახმარების საჭიროების მქონე პირის პრობლემას.

2. პრობლემა განისაზღვრება დახმარების საჭიროების მქონე პირთან, მისი ოჯახის წევრთან, მის ახლო წრესთან და სხვა შესაბამის პირთან გასაუბრების საფუძველზე, ყველა გარემოების გათვალისწინებით.

3. სოციალური მუშაკი შემთხვევის ანალიზისა და შეფასების საფუძველზე თვითონ აგრძელებს ბენეფიციართან მუშაობას, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ადგენს ბენეფიციარის მხარდამჭერ შესაბამის სპეციალისტს ან უწყებას და ბენეფიციარს მასთან გადაამისამართებს.

მუხლი 38. საჭიროების შეფასება

1. სოციალური მუშაკი ბენეფიციარის ინდივიდუალური პრობლემისა და მისი გარემოს შესახებ ამომწურავი ინფორმაციის საფუძველზე სისტემურად შეისწავლის მის მდგომარეობას.

2. სოციალური მუშაკი ითვალისწინებს ბენეფიციარის მხარდაჭერისთვის ხელის შემშლელ ფაქტორებს, მისი მხარდაჭერისთვის საჭირო რესურსებსა და შესაძლებლობებს და აფასებს ბენეფიციარის საჭიროებებს.

მუხლი 39. სოციალური მუშაობის დაგეგმვა

1. სოციალური მუშაკი საფრთხის თავიდან ასაცილებლად ან პრობლემაზე რეაგირებისთვის ბენეფიციართან შეთანხმებით ადგენს სოციალური მუშაობის ინდივიდუალურ სამოქმედო გეგმას ან განვითარების გეგმას (შემდგომ – გეგმა).

2. გეგმაში განსაზღვრული უნდა იყოს მიზნები, აუცილებელი სტრატეგია და სამოქმედო ეტაპები.

3. გეგმაში ცვლილების შეტანა შესაძლებელია ბენეფიციარის ასაკის და მისი განვითარების გათვალისწინებით, გეგმის განხორციელებაში მონაწილე პირების თანხმობით, დადგენილ ვადაში.

4. ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ ბენეფიციარი არ ეთანხმება გეგმას ან გეგმის ნაწილს, სოციალურ მუშაკს უფლება აქვს, მისი ნების საწინააღმდეგოდ დაამტკიცოს გეგმა ან გეგმის ნაწილი, თუკი სხვაგვარად საფრთხე შეექმნებოდა ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესს.

5. ამ მუხლის დებულებები არ ვრცელდება კრიზისული ინტერვენციის შემთხვევაზე. საფრთხის შეწყვეტის შემდეგ სოციალური მუშაკი ვალდებულია, საჭიროების შემთხვევაში, შეადგინოს გეგმა.

მუხლი 40. მხარდაჭერა

1. სოციალური მუშაკი მოქმედებს გეგმის განსახორციელებლად და მის შესაბამისად.

2. სოციალური მუშაკი მხარს უჭერს ბენეფიციარის შესაძლებლობების გამოვლენასა და განვითარებას ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესის შესაბამისად საზოგადოებაში მისი სოციალური კომპეტენციის გაუმჯობესების მიზნით.

3. სოციალური მუშაკი გეგმის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, შემთხვევის ანალიზისა და შეფასების საფუძველზე ადგენს ბენეფიციარის მხარდამჭერ შესაბამის სპეციალისტს ან უწყებას და ბენეფიციარს მასთან გადაამისამართებს და აზუსტებს შემთხვევის მიმდინარეობის სტატუსს.

მუხლი 41. სხვა ღონისძიება

სოციალური მუშაკი უფლებამოსილია განახორციელოს ისეთი ღონისძიება, რომელიც ამ კანონით არ არის გათვალისწინებული, მაგრამ უზრუნველყოფს ბენეფიციარისთვის საფრთხის თავიდან აცილებას და ემსახურება ბენეფიციარის საზოგადოებაში ინტეგრაციას.

 

თავი VI

სოციალური მუშაკის პროფესიული კვალიფიკაცია

მუხლი 42. სოციალური მუშაკის პროფესიული კვალიფიკაციისათვის დადგენილი ძირითადი მოთხოვნები

1. სოციალური მუშაკი შეიძლება იყოს პირი, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) იგი არის სრულწლოვანი;

ბ) მან იცის სახელმწიფო ენა;

გ) მას აქვს სოციალური მუშაობის სფეროში ბაკალავრის, მაგისტრის/მაგისტრთან გათანაბრებული ან დოქტორის აკადემიური ხარისხი ან ამ კანონით გათვალისწინებული სოციალური მუშაკის სერტიფიკატი;

დ) იგი ფლობს ამ კანონის 43-ე მუხლით განსაზღვრულ კომპეტენციებს;

ე) იგი პიროვნული თვისებებით შეესაბამება სოციალური მუშაკის პროფესიას;

ვ) იგი აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა მოთხოვნებს.

2. სოციალური მუშაკი არ შეიძლება იმავდროულად იყოს „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული თანამდებობის პირი ან სხვა პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით ეკრძალება სოციალური მუშაობის ჩატარება.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან სოციალური მუშაკის უნარების, შესაძლებლობებისა და კომპეტენციების შესაბამისობას ადგენს ის დაწესებულება, რომელსაც უშუალოდ უნდა დაექვემდებაროს სოციალური მუშაკი დასაქმებისას.

4. სოციალური მუშაკის საჯარო დაწესებულებაში მიღებაზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დებულებები.

მუხლი 43. სოციალური მუშაკის კომპეტენციები

1. სოციალური მუშაკი ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად უნდა ფლობდეს შემდეგ კომპეტენციებს:

ა) სტრატეგიული კომპეტენცია – ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, შედეგზე ორიენტირებული მიზნებისა და ამოცანების საფუძველზე საკუთარი საქმიანობის სტრატეგიული დაგეგმვა;

ბ) მეთოდოლოგიის გამოყენების კომპეტენცია – სოციალური მუშაობის ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, სოციალური მუშაობის მეთოდების და ფსიქოსოციალური კონცეფციების გამოყენებით წარმართვა;

გ) სოციალურ-პედაგოგიური კომპეტენცია – ბენეფიციართა მიზნობრივ ჯგუფებთან პედაგოგიურ-აღმზრდელობითი მუშაობის ჩატარება;

დ) სამართლებრივი კომპეტენცია – სამართლებრივ საკითხებზე ბენეფიციარისათვის კონსულტაციის გაწევა და სოციალური მუშაობისთვის მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ბაზის გამოყენებით აუცილებელი დოკუმენტაციის წარმოება;

ე) ადმინისტრაციული კომპეტენცია – ბენეფიციარის სპეციალური საჭიროებების დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად სამთავრობო ან/და არასამთავრობო ორგანიზაციებთან მიზნობრივი და კოორდინირებული მუშაობის წარმართვა;

ვ) პერსონალური კომპეტენცია – საკუთარი პროფესიონალიზმის სრულყოფისათვის პიროვნული უნარების გაუმჯობესებაზე ზრუნვა;

ზ) კომუნიკაციის კომპეტენცია – ბენეფიციართან სოციალური მუშაობის კომუნიკაციის ვერბალური და არავერბალური ფორმების გამოყენებით წარმართვა;

თ) პროფესიულ-ეთიკური კომპეტენცია – სოციალური მუშაობის პროფესიული ეთიკის ნორმებისა და ღირებულებების საფუძველზე წარმართვა;

ი) პროფესიული განვითარების კომპეტენცია – ბენეფიციართან სოციალური მუშაობის სრულყოფისათვის საკუთარ უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კომპეტენციები გათვალისწინებული უნდა იქნეს სოციალური მუშაკის სამსახურში მიღებისას და სოციალური მუშაობის სფეროში ბაკალავრის, მაგისტრის ან დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭებისას, აგრეთვე ამ კანონით გათვალისწინებული სოციალური მუშაკის სერტიფიკატის გაცემისას.

მუხლი 44. სოციალური მუშაკის სერტიფიკატი

1. სოციალური მუშაკის სერტიფიკატი არის სოციალური მუშაკის თანამდებობაზე მიღების მსურველის მიერ აუცილებელი ცოდნის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამ პირს არ აქვს სოციალური მუშაობის სფეროში ბაკალავრის, მაგისტრის/მაგისტრთან გათანაბრებული ან დოქტორის აკადემიური ხარისხი. სერტიფიცირება ხორციელდება პირის მიერ საბაზისო აკადემიური ცოდნის მიღების მიზნით.

2. სოციალური მუშაკის სერტიფიკატი გაიცემა პირის მიერ სერტიფიცირების წარმატებით გავლის შედეგად.

3. სერტიფიცირების გავლის უფლება აქვს პირს, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე სოციალურ მუშაკად მუშაობს, ან პირს, რომელიც არ მუშაობს სოციალურ მუშაკად, მაგრამ აქვს სოციალური მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება.

 

თავი VII

სოციალური მუშაკის სოციალური გარანტიები

მუხლი 45. სოციალური მუშაკისათვის უსაფრთხო და აუცილებელი სამუშაო პირობების შექმნა

1. სოციალურ მუშაკს უფლება აქვს, ჰქონდეს უსაფრთხო სამუშაო პირობები და მიიღოს ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ორგანიზაციულ-ტექნიკური საშუალებები იმ დაწესებულების რესურსების გათვალისწინებით, რომელშიც დასაქმებულია იგი.

2. ბენეფიციარისთვის სრულყოფილი და ეფექტიანი კონსულტაციის გასაწევად სოციალური მუშაკის დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს შესაბამისი ადგილის გამოყოფა და სამუშაო გარემოს შექმნა.

3. დაწესებულება უზრუნველყოფს სოციალურ მუშაკთა მიმართ თანაბარ და სამართლიან მოპყრობას ადამიანური რესურსების მართვის, შრომის პირობების, ანაზღაურებისა და სამართლებრივი დაცვის საკითხებთან დაკავშირებით.

მუხლი 46. სოციალური მუშაკის უსაფრთხოება

1. დაწესებულება, რომელშიც სოციალური მუშაკია დასაქმებული, ვალდებულია შეიმუშაოს და დანერგოს სოციალური მუშაობის უსაფრთხოების წესი, რომელიც სოციალური მუშაკის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისათვის რისკებს მინიმუმამდე შეამცირებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უსაფრთხოების წესის შემუშავებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა შესაძლო რისკის წყარო საფრთხის დონისა და შესაძლო შედეგების მიხედვით. აღნიშნული უსაფრთხოების წესი უნდა ითვალისწინებდეს შესაბამის პრევენციულ ზომას.

3. დაწესებულების მიერ დადგენილ შემთხვევის მართვის სტანდარტში გათვალისწინებული უნდა იქნეს სოციალური მუშაობის ჩატარებასთან დაკავშირებით უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელი წინასწარი ზომების მიღების პროცედურა, სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საჭიროების განსაზღვრის კრიტერიუმები, ფუნქციების გადანაწილება და არსებული საფრთხის აღმოფხვრის მექანიზმი.

4. სოციალური მუშაკი ვალდებულია განუხრელად შეასრულოს მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის დადგენილი, აუცილებლად შესასრულებელი მითითებები.

მუხლი 47. სოციალური მუშაკის სამუშაო დრო და დასვენების დრო, მის მიერ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისა და ანაზღაურების წესი

1. სოციალური მუშაკის სამუშაო დრო და დასვენების დრო, მის მიერ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისა და ანაზღაურების წესი დადგენილია ამ მუხლითა და საქართველოს კანონმდებლობით.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტთან ერთად, სოციალური მუშაკის სამუშაოს სირთულიდან გამომდინარე, დადგენილია მიმდინარე საქმეთა (შემთხვევათა) ზღვრული ოდენობა. შემთხვევების რაოდენობა 50-ს არ უნდა აღემატებოდეს. დამატებით მიღებული საქმეებით გათვალისწინებული შემთხვევები არ უნდა აღემატებოდეს ზღვრულ ოდენობას ამ ოდენობის ერთი მესამედით.

3. სოციალური მუშაკის მიერ შესრულებული ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

4. სოციალური მუშაკის მიერ შესრულებული ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება მისი სურვილის შესაბამისად − მისთვის დანამატის ან ზეგანაკვეთური სამუშაოს პროპორციული დამატებითი დასვენების დროის მიცემით.

მუხლი 48. დახმარება სოციალური მუშაკის დაღუპვისას ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად აღიარებისას

1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით სოციალური მუშაკის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეძლევა ერთჯერადი დახმარება 10 000 ლარის ოდენობით, მიუხედავად სოციალური მუშაკის დასაქმების ადგილისა.

2. სოციალურ მუშაკს, რომელმაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით მიიღო სხეულის დაზიანება, რის შედეგადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად იქნა აღიარებული ან დასახიჩრდა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეძლევა ერთჯერადი დახმარება არაუმეტეს 5 000 ლარისა, მიუხედავად მისი დასაქმების ადგილისა.

 

თავი VIII

უფლებამოსილი დაწესებულებები

მუხლი 49. საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილება და საპარლამენტო კონტროლი

1. სოციალური მუშაობის სახელმწიფო პოლიტიკას განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტი.

2. საქართველოს პარლამენტი ახორციელებს საპარლამენტო კონტროლს სოციალური მუშაობის სფეროში.

მუხლი 50. საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებები

1. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, სოციალური მუშაობის სფეროში შეიმუშაოს საკანონმდებლო აქტებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტები.

2. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვროს საჯარო დაწესებულებისთვის ამ კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილება.

მუხლი 51. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამოსილებები

1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო სოციალური მუშაობის სფეროში:

ა) განსაზღვრავს ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებებში, სტაციონარებსა და ამბულატორიებში სოციალური მუშაკების საჭიროებასა და რაოდენობას, არეგულირებს სოციალური მუშაობის ჩატარების წესს; 

ბ) ზედამხედველობას უწევს მეურვეობისა და მზრუნველობის ცენტრალური ორგანოს – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომ – სოციალური მომსახურების სააგენტო);

გ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, სოციალური მუშაკების მონაწილეობით ზრუნავს სოციალური პოლიტიკის გაუმჯობესებასა და შესაბამისი ინიციატივების შემუშავებაზე;

დ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. სოციალური მომსახურების სააგენტო სოციალური მუშაობის სფეროში:

ა) „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში ახორციელებს შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის პროცედურებს;

ბ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მეშვიდე4 კარის თანახმად, „ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარების შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში ასრულებს მეურვეობის/მზრუნველობის/მხარდაჭერის ფუნქციებს;

გ) არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის ფარგლებში ახორციელებს შესაბამის საპროცესო წარმომადგენლობას;

დ) სასამართლო საქმეთა წარმოებისას იცავს არასრულწლოვანთა ან მხარდაჭერის მიმღებთა კანონიერ ინტერესებს;

ე) აფასებს ბენეფიციარის მდგომარეობას, გამოავლენს და განსაზღვრავს მისთვის მომსახურების მიწოდების საჭიროებებს, მას უწევს კონსულტაციას და აკავშირებს არსებულ მომსახურებებთან;

ვ) მართავს და ზედამხედველობს ძალადობის, მათ შორის, ბავშვთა მიმართ ძალადობის, შემთხვევებს და ბავშვთა დაცვის მიზნით მიმართვიანობის პროცედურებს;

ზ) მართავს და ზედამხედველობს სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამას სხვადასხვა ქვეპროგრამის ფარგლებში;

თ) ზედამხედველობს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს რეგიონული საბჭოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებას;

ი) დახმარებას უწევს მხარდაჭერის საჭიროების მქონე ოჯახებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და ხანდაზმულებს;

კ) განსაზღვრავს სოციალური მუშაობის ჩატარების უფლებამოსილების მქონე პირებს (სოციალურ მუშაკებს);

ლ) მონაწილეობს ბავშვის გადაცემასთან ან შვილთან მეორე მშობლის ან/და ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში;

მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

მუხლი 52. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებები

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილია ჩაატაროს სოციალური მუშაობა ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის გზით განმეორებითი დანაშაულის პრევენციის მიზნით, დანაშაულის ჩადენის რისკის ქვეშ მყოფ პირთა ჯგუფებთან და აღსრულების მიმართულებით. 

2. სოციალური მუშაობის სფეროში ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის მიმართულებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის ცენტრის (შემდგომ – ცენტრი) უფლებამოსილებებია:

ა) ბენეფიციართა ბიოლოგიური და ფსიქოსოციალური შეფასების საფუძველზე მომსახურების ინდივიდუალური გეგმის შემუშავება, მათ საჭიროებებზე მორგებული ფსიქოსოციალური მომსახურების დანერგვა, მოძიება და მიწოდება, მათი რეაბილიტაციის პროცესის მონიტორინგი;

ბ) ბენეფიციართა ოჯახის წევრებთან ან უახლოეს წრესთან მუშაობის წარმართვა და პრობლემური შემთხვევების მართვა;

გ) ბენეფიციართა ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების გადაჭრაზე ზრუნვა;

დ) ბენეფიციართათვის საჭიროების შესაბამისი არაფორმალური განათლების მომსახურების მიწოდება, მათი პროფესიული გადამზადება და მათი დასაქმების ხელშეწყობა;

ე) ბენეფიციართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის მიზნით სპორტულ-კულტურული და რეკრეაციული ღონისძიებების დაგეგმვა ან მოძიება და მიწოდება;

ვ) კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვან ბენეფიციართა რესოციალიზაციის ხელშეწყობა;

ზ) ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება;

თ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

3. დანაშაულის ჩადენის რისკის ქვეშ მყოფ პირთა ჯგუფებთან სოციალური მუშაობის სფეროში ცენტრის უფლებამოსილებებია:

ა) დანაშაულის ჩადენის რისკის ქვეშ მყოფ ბენეფიციართა ბიოლოგიური და ფსიქოსოციალური შეფასება, მომსახურების ინდივიდუალური გეგმის შემუშავება და მისი განხორციელების მონიტორინგი, ბენეფიციართა საჭიროებებზე მორგებული მომსახურებების დანერგვა ან მოძიება და მიწოდება;

ბ) ბენეფიციართა მიერ დანაშაულის ჩადენის რისკის შეფასება;

გ) საჭიროების შემთხვევაში, ბენეფიციარებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის კონსულტაციების გაწევა;

დ) ბავშვსა და ოჯახზე ზრუნვის სფეროში მომუშავე სპეციალისტებთან კოორდინირებული მუშაობის წარმართვა, აგრეთვე დღის ცენტრებისა და 24-საათიანი სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში მომუშავე სპეციალისტებისათვის დანაშაულის მეორე დონის პრევენციისკენ მიმართული სერვისების შესახებ საინფორმაციო შეხვედრების გამართვა;

ე) დანაშაულის ჩადენის რისკის ქვეშ მყოფ პირებთან მომუშავე სპეციალისტებისათვის რთული ქცევის მართვასთან და დანაშაულის პრევენციასთან დაკავშირებული სხვა საკითხების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;

ვ) ბავშვთა მიმართ ძალადობის ფაქტების იდენტიფიცირება და მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების განხორციელება;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო აღსრულების პროცესში სოციალური საფრთხის წინაშე მყოფ პირთან სოციალურ მუშაობას ატარებს შემდეგნაირად:

ა) უზრუნველყოფს სააღსრულებო წარმოების პროცესის ბენეფიციარისადმი კეთილგანწყობილი მიდგომით წარმართვას;

ბ) საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს სააღსრულებო მოქმედებებზე იმ სოციალური მუშაკის დასწრებას, რომელიც საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მხარეებს კონსულტაციას უწევს და ფსიქოლოგიური სტრესის შემცირებაში ეხმარება;

გ) მონაწილეობს არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნების საქმეებში;

დ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

მუხლი 53. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს უფლებამოსილებები

1. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო უფლებამოსილია ჩაატაროს სოციალური მუშაობა პენიტენციურ და პრობაციის სისტემებში. იგი საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, სოციალური მუშაკების მონაწილეობით ზრუნავს სოციალური პოლიტიკის გაუმჯობესებასა და შესაბამისი ინიციატივების შემუშავებაზე.

2. პენიტენციური სისტემის სოციალური მუშაკი:

ა) ხელს უწყობს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებების დაცვას;

ბ) კონსულტაციას უწევს ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს;

გ) ახორციელებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ადვოკატირებას;

დ) ხელს უწყობს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პენიტენციური სტრესის შემცირებას;

ე) მონაწილეობს მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის შეფასებაში/გადაფასებაში;

ვ) ახდენს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ზიანის რისკის შეფასებას/გადაფასებას;

ზ) რეციდივის ალბათობის დასადგენად ახდენს მსჯავრდებულის რისკებისა და საჭიროებების შეფასებას/გადაფასებას;

თ) გამოვლენილი რისკებისა და საჭიროებების საფუძველზე, მსჯავრდებულის მონაწილეობით შეიმუშავებს სასჯელის მოხდის ინდივიდუალურ გეგმას;

ი) ავლენს პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა მოწყვლად ჯგუფებს მათი ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობის მიზნით, ზრუნავს დადგენილი სტანდარტების დაცვაზე;

კ) ხელს უწყობს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობას და ამ პროგრამების განხორციელებას;

ლ) ხელს უწყობს მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადების პროგრამებში მონაწილეობას და ამ პროგრამების განხორციელებას;

მ) განსაზღვრავს ფსიქოსოციალური რეაბილიტაციისა და თერაპიის მიმართულებებს, ხელს უწყობს მათ განხორციელებას და მათ უწევს ფასილიტაციას;

ნ) ხელს უწყობს პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ მსჯავრდებულთა შრომას/დასაქმებას;

ო) ხელს უწყობს ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის დამხმარე პროგრამების, კერძოდ, კულტურული, სპორტული, რელიგიური, შემეცნებითი და სხვა ღონისძიებების განხორციელებას;

პ) ხელს უწყობს მსჯავრდებულთა რესოციალიზაციისა და რეინტეგრაციისთვის მომზადებას;

ჟ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში წარმართავს მუშაობას მოშიმშილე ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან;

რ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. პრობაციის სისტემაში სოციალური მუშაობა წარიმართება ამ კანონისა და „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ − პრობაციის ეროვნული სააგენტო) სოციალური მუშაკი რესოციალიზაციის, რეაბილიტაციისა და დანაშაულის პრევენციის მიზნით:

ა) აფასებს სრულწლოვანი/არასრულწლოვანი პირობით მსჯავრდებულის რისკებსა და საჭიროებებს;

ბ) მონაწილეობს მულტიდისციპლინური ჯგუფის მუშაობაში ბენეფიციარის ზიანის რისკისა და დანაშაულის განმეორების ალბათობის დასადგენად და სხვა სპეციალისტებთან ერთად შეიმუშავებს სასჯელის აღსრულების ინდივიდუალურ გეგმას;

გ) სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმის ფარგლებში ბენეფიციარებს აწვდის სარეაბილიტაციო მომსახურებას;

დ) მუშაობს პირობით მსჯავრდებულთა ოჯახებთან ოჯახური კონფერენციების მოწყობისა და კონსულტაციის გაწევის საშუალებით; 

ე) მონაწილეობს პირობით მსჯავრდებულთა საჭიროებების შესაბამისი სარეაბილიტაციო ტრენინგმოდულების შექმნაში;

ვ) პირობით მსჯავრდებულებს აკავშირებს იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც ხელს შეუწყობენ მათ რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციას;

ზ) მსჯავრდებულის გათავისუფლებისათვის მომზადების პროცესში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს კოორდინირებული საქმიანობის ფარგლებში უზრუნველყოფს პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისიისთვის მსჯავრდებულის ოჯახისა და სოციალური გარემოს რისკებისა და საჭიროებების შეფასების შესახებ დასკვნის მომზადებას.

4. განრიდების ან განრიდება-მედიაციის პროგრამაში ჩართულ 14-დან 21 წლამდე პირებთან მომუშავე პრობაციის ეროვნული სააგენტოს სოციალური მუშაკი:

ა) უზრუნველყოფს განრიდება-მედიაციის პროგრამისთვის მართლმსაჯულების სისტემისგან განრიდებული პირის მდგომარეობის ინდივიდუალურ შეფასებას შესაბამისი მეთოდოლოგიის გამოყენებით;

ბ) ხელს უწყობს ბენეფიციარის სოციალურ აქტიურობას, სერვისების მოძიების მიზნით თანამშრომლობს სხვადასხვა ორგანიზაციასთან;

გ) მონიტორინგს უწევს განრიდებული პირის ხელშეკრულების პირობების შესრულებას;

დ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

5. პრობაციის ეროვნული სააგენტოს სოციალური მუშაკი ამზადებს არასრულწლოვანი ბრალდებულის შესახებ ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს მისთვის სასჯელის დანიშვნის მიზნით.

მუხლი 54. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უფლებამოსილებები

1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია ჩაატაროს სოციალური მუშაობა განათლების სფეროში. იგი საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, სოციალური მუშაკების მონაწილეობით ზრუნავს სოციალური პოლიტიკის გაუმჯობესებასა და შესაბამისი ინიციატივების შემუშავებაზე.

2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სოციალური მუშაობა გულისხმობს:

ა) ფსიქოსოციალური პრობლემების, ქცევითი და ემოციური დარღვევების მქონე მოსწავლეებისათვის, მათი მშობლებისათვის, თანაკლასელებისა და მასწავლებლებისათვის ფსიქოსოციალური მომსახურების მიწოდებას;

ბ) მოსწავლეთა ცნობიერების ასამაღლებლად და ჩაგვრის აღმოსაფხვრელად მუშაობას;

გ) სამოქალაქო ინტეგრაციის მიზნით მოსწავლისთვის სოციალურ-პედაგოგიური დახმარების გაწევას;

დ) მოწყვლადი მოსწავლეების ან/და მოსწავლეთა ჯგუფების იდენტიფიცირებას და მათ შესაბამის მომსახურებაში ჩართვას;

ე) ძალადობისა და უგულებელყოფის ფაქტების იდენტიფიცირებას და მათზე შესაბამის რეაგირებას;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.

მუხლი 55. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის უფლებამოსილება

სოციალური მუშაობის სფეროში საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის უფლებამოსილება განისაზღვრება „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით.

მუხლი 56. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებები

1. მუნიციპალიტეტი საკუთარ სამოქმედო ტერიტორიაზე ატარებს სოციალურ მუშაობას, რაც გულისხმობს:

ა) სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი პირების აქტიურ იდენტიფიცირებას, მათი საჭიროებების განსაზღვრასა და შეფასებას, პრობლემის იდენტიფიცირებას და შესაბამისი დარგობრივი დაწესებულებისთვის ინფორმაციის მიწოდებას;  

ბ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც აუცილებელია საფრთხის თავიდან აცილება, ბენეფიციართა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სოციალურ მომსახურებებში ჩართვას და ამის შესახებ შესაბამისი ორგანოსთვის დაუყოვნებლივ შეტყობინებას;

გ) ოჯახში ძალადობის ფაქტის იდენტიფიცირებას და მასზე შესაბამის რეაგირებას;

დ) ბენეფიციარებისათვის შესაბამისი სოციალური, სამედიცინო, შეღავათიანი მომსახურებების თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას და მათში ჩართვის ხელშეწყობას;

ე) მიზნობრივი ჯგუფებისა და მათი ოჯახებისათვის შესაბამისი აუცილებელი ინფორმაციის მიწოდებას და კონსულტაციის გაწევას;

ვ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სოციალური მუშაობის ჩატარებას;

ზ) საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში სოციალური მუშაობის ჩატარებას.

2. სოციალური მუშაობის ჩატარება არის მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებული უფლებამოსილება, რომლის განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ახორციელებს.

3. სოციალურ მუშაობას კოორდინაციას და ადმინისტრირებას უწევს მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეული.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მერიის სტრუქტურული ერთეულის დებულება უნდა შეესაბამებოდეს ამ კანონის მოთხოვნებს, რათა მუნიციპალიტეტის სამოქმედო ტერიტორიაზე უზრუნველყოფილ იქნეს სოციალური მუშაობის ყველა მოქალაქისათვის ხელმისაწვდომობა.

მუხლი 57. კერძო სამართლის იურიდიული პირის უფლებამოსილება

1. კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელშიც სოციალური მუშაკია დასაქმებული, უფლებამოსილია თავისი საქმიანობის ფარგლებში განსაზღვროს სოციალური მუშაკის მიერ განსახორციელებელი საქმიანობის სფეროების ჩამონათვალი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სფეროების ჩამონათვალი უნდა დამტკიცდეს წერილობითი სამართლებრივი აქტით. იგი წინასწარ უნდა გაეცნოს დასაქმებულს.

 

თავი IX

სოციალური მუშაკის საქმიანობის ზედამხედველობა, კარიერული წინსვლა, დისციპლინური პასუხისმგებლობა

მუხლი 58. სოციალური მუშაკის საქმიანობის ზედამხედველობა

1. სოციალური მუშაკის საქმიანობის ზედამხედველობა გულისხმობს სოციალური მუშაკის თვითშეფასებას, აგრეთვე მისი შრომის ზედამხედველობას მისი პროფესიული ზრდის ხელშეწყობის და მის მიერ მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით.

2. სოციალური მუშაკის პროფესიული ზედამხედველი შეიძლება იყოს იმავე დაწესებულების იმავე სტრუქტურულ ერთეულში დასაქმებული პირი ან ამ ერთეულის ხელმძღვანელი, აგრეთვე მოწვეული პირი.

3. სოციალური მუშაკის საქმიანობის ზედამხედველობის განხორციელების წესსა და პირობებს ადგენს ის დაწესებულება, რომელსაც სოციალური მუშაკი ექვემდებარება.

მუხლი 59. სოციალური მუშაკის თვითშეფასება

1. სოციალური მუშაკი ახორციელებს თვითშეფასებას, რაც მოიცავს მის მიერ სოციალური მუშაობის ჩატარებისას თითოეული გეგმის ფარგლებში და გეგმის მიღმა განხორციელებული საქმიანობის შედეგების შეფასებას.

2. სოციალური მუშაკის თვითშეფასება ობიექტურად უნდა განხორციელდეს. იგი უნდა მოიცავდეს როგორც საქმიანობაში წინსვლას, ისე საქმიანობაში ხარვეზებს, უნდა განსაზღვრავდეს გამოწვევებს და საქმიანობის გაუმჯობესების გეგმას.

მუხლი 60. სოციალური მუშაკის შრომის ზედამხედველობა

1. სოციალური მუშაკის შრომის ზედამხედველობას ახორციელებს ის დაწესებულება, რომელსაც სოციალური მუშაკი ექვემდებარება.

2. სოციალური მუშაკის შრომის ზედამხედველობა ხორციელდება ისეთი კრიტერიუმების საფუძველზე, როგორიცაა სოციალური მუშაკის მიერ უფლებამოსილებების განხორციელების მიზნობრიობა და კანონიერება.

3. სოციალური მუშაკის შრომის ზედამხედველობა ხორციელდება კონკრეტული შემთხვევების და სოციალური მუშაკის წლიური საქმიანობის შეფასებით. კონკრეტული შემთხვევების შეფასება ხორციელდება შემთხვევითი შერჩევით ან ბენეფიციარის მიმართვის საფუძველზე.

4. სოციალური მუშაკის საქმიანობის მონიტორინგის შესახებ ობიექტური დასკვნის მისაღებად გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა გარემოება, მათ შორის, სოციალური მუშაობის შედეგები, ბენეფიციარის მოსაზრება, უშუალო ხელმძღვანელის მიერ წარმოდგენილი სოციალური მუშაკის დახასიათება.

მუხლი 61. სოციალური მუშაკის წახალისება

1. სოციალური მუშაკის საქმიანობის შეფასებისა და მონიტორინგის შედეგების საფუძველზე ის დაწესებულება, რომელსაც სოციალური მუშაკი ექვემდებარება, შესაბამისი საფუძვლის არსებობისას იღებს გადაწყვეტილებას სოციალური მუშაკის წახალისების შესახებ.

2. სოციალური მუშაკის წახალისების ფორმებია:

ა) მადლობის გამოცხადება;

ბ) ფულადი ჯილდოს მიცემა;

გ) ფასიანი საჩუქრის მიცემა.

3. საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული სოციალური მუშაკის წახალისებასთან დაკავშირებით გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დებულებები.

მუხლი 62. სოციალური მუშაკის კარიერული წინსვლა

1. სოციალური მუშაკის კარიერული წინსვლა ხდება სოციალური მუშაკის საქმიანობის შეფასებისა და მონიტორინგის შედეგების საფუძველზე.

2. სოციალური მუშაკის კარიერული წინსვლისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მისი სამუშაო გამოცდილება, აგრეთვე მის მიერ განხორციელებული საქმიანობის შედეგები და მნიშვნელობა ბენეფიციარისა და საზოგადოებისათვის.

3. საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული სოციალური მუშაკის კარიერული წინსვლა ხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 63. სოციალური მუშაკის დისციპლინური პასუხისმგებლობა

1. სოციალური მუშაკის საქმიანობის შეფასებისა და მონიტორინგის შედეგების საფუძველზე სოციალურ მუშაკს შესაბამისი საფუძვლის არსებობისას შეიძლება დაეკისროს დისციპლინური პასუხისმგებლობა.

2. საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული სოციალური მუშაკის დისციპლინურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დებულებები.

3. სოციალური მუშაკის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებია:

ა) გაფრთხილება;

ბ) საყვედური;

გ) ხელფასის (თანამდებობრივი სარგოს) 10 პროცენტიდან 50 პროცენტამდე დაკავება 1-დან 6 თვემდე ვადით;

დ) სამსახურიდან გათავისუფლება.

4. სოციალური მუშაკისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ის დაწესებულება, რომელშიც სოციალური მუშაკია დასაქმებული. 

 

თავი X

გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

მუხლი 64. გარდამავალი დებულებანი

1. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა 2019 წლის 1 იანვრამდე დაამტკიცოს ამ კანონის სამოქმედო გეგმა და უზრუნველყოს მისი მონიტორინგი.

2. დაევალოთ საქართველოს მთავრობის შესაბამის უწყებებს, ეტაპობრივად გაზარდონ სოციალურ მუშაკთა შტატების რაოდენობა, რათა 2025 წელს საქართველოს ტერიტორიაზე დასაქმებული სოციალური მუშაკები სრულყოფილად ასრულებდნენ ამ კანონით მათთვის დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობებს.

3. დაევალოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ამ კანონის გამოქვეყნებიდან 6 თვის ვადაში, საქართველოს პარლამენტისა და ამ კანონის VIII თავით დადგენილი სხვა უფლებამოსილი დაწესებულებების მონაწილეობით შეიმუშაოს სოციალურ მუშაკთა სერტიფიცირებისათვის აუცილებელი გეგმა. სოციალურ მუშაკთა სერტიფიცირება უნდა დასრულდეს 2021 წლის 1 იანვრამდე არაუგვიანეს 3 თვისა.

4. დაევალოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, განათლების სფეროს შესაბამის უწყებებთან ერთად არაუგვიანეს 2019 წლის 1 იანვრიდან ეტაპობრივად მისცეს ამ კანონით გათვალისწინებული სერტიფიცირების გავლის შესაძლებლობა ყველა იმ მსურველს, რომელიც ამ კანონით დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

5. დაევალოთ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდს, 2021 წლის 1 იანვრისათვის უზრუნველყონ ბენეფიციართათვის გადაუდებელ შემთხვევებზე 24-საათიანი რეაგირების მექანიზმის ფუნქციონირება.

6. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდმა 2021 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ შემდეგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემა:

ა) ამ კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად, სოციალური მუშაკის ორგანიზაციულ-ტექნიკური და ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფის შესახებ;

ბ) ამ კანონის 46-ე მუხლის შესაბამისად, სოციალური მუშაობის უსაფრთხოების წესის დანერგვის შესახებ;

გ) სოციალური მუშაკისთვის სოციალური მუშაობის პროფესიული სტანდარტების დადგენის შესახებ.

7. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდმა 2025 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ შემდეგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემა:

ა) ამ კანონის 47-ე მუხლის შესაბამისად, საქმეთა გადანაწილების წესის განსაზღვრის შესახებ;

ბ) ამ კანონის 58-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სოციალური მუშაკის საქმიანობის ზედამხედველობის განხორციელების წესისა და პირობების დადგენის შესახებ.

8. საქართველოს მთავრობამ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარდგინების საფუძველზე 2021 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს ამ კანონის 56-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილებების დელეგირების შესახებ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღება.

9. ამ კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სოციალური მუშაკის სერტიფიკატთან გათანაბრებულია 2006−2013 წლებში საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გაცემული სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს სოციალური მუშაობის 60-კრედიტიანი სასწავლო კურსის წარმატებით გავლას.

10. იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონის შესაბამისი მუხლების ამოქმედების თარიღებისათვის სოციალური მუშაკების რაოდენობა საკმარისი არ იქნება, შესაბამისი დაწესებულებები უფლებამოსილი არიან სერტიფიცირების გავლის უფლება მისცენ მომიჯნავე პროფესიების მქონე პირებს, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ ამ კანონის 44-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. მომიჯნავე პროფესიების ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.

მუხლი 65. კანონის ამოქმედება

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი−43-ე მუხლებისა, 44-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 45-ე−63-ე მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი−43-ე მუხლები, 44-ე მუხლის პირველი პუნქტი, 45-ე და 46-ე მუხლები, 47-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 პუნქტები და 48-ე−63-ე მუხლები ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.

3. ამ კანონის 47-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.

4. ამ კანონის 44-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები მოქმედებს 2021 წლის 1 იანვრამდე.

5. ამ კანონის 64-ე მუხლის მე-10 პუნქტი მოქმედებს 2023 წლის 1 იანვრამდე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

13 ივნისი 2018 წ.

N2519-IIს