სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ

სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 337
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/06/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/06/2018
ძალაში შესვლის თარიღი 01/10/2018
სარეგისტრაციო კოდი 340020000.10.003.020652
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
337
13/06/2018
ვებგვერდი, 18/06/2018
340020000.10.003.020652
სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (18/06/2018 - 17/01/2020)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №337

2018 წლის 13 ივნისი

   ქ. თბილისი

 

სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიცირების წესი“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 ოქტომბრიდან.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი



სავალდებულო სერტიფიცირებისადმი დაქვემდებარებული  სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების თესლის და სარგავი  მასალის სერტიფიცირების  წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიცირების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს რეალიზაციისათვის განკუთვნილ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიცირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს.

2. ამ წესის შესრულება სავალდებულოა ყველა იმ ფიზიკური და იურიდიული პირისთვის, რომლებიც რეალიზაციის მიზნით აწარმოებენ სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების თესლსა და სარგავ მასალას.

მუხლი 2. თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიცირების მიზანი

თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიცირების მიზნებია:

ა) თესლისა და სარგავი მასალის ხარისხობრივი მაჩვენებლების დადგენა;

ბ) ხელსაყრელი პირობების შექმნა იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის, რომლებიც აწარმოებენ თესლსა და სარგავ მასალას სარეალიზაციოდ;

გ) თესლისა და სარგავი მასალის ხარისხის გაუმჯობესებით პროდუქტიულობის ამაღლება.

მუხლი  3. ტერმინთა განმარტებები

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები:

ა)  თესლის ხარისხი – თესლის ჯიშობრივი და თესვითი ხარისხის ერთობლიობა;

ბ) თესლის თესვითი ხარისხი – თესლის სიწმინდის, გაღივების ენერგიის, აღმოცენების უნარის, 1000 მარცვლის მასის, გამოთანაბრებულობის, ტენიანობისა და სიჯანსაღის მაჩვენებლები, რომლის მონაცემები ისაზღვრება თესლის პარტიიდან აღებული საშუალო ნიმუშის ანალიზით, საქართველოში მოქმედი სტანდარტებით, ნორმებით, წესებით და/ან თესლისა და სარგავი მასალით საერთაშორისო ვაჭრობაში მიღებული სტანდარტებით, წესებითა და ნორმატიული დოკუმენტებით გათვალისწინებული პირობების დაცვით;

გ) ლაბორატორიული კვლევის შედეგი – ოფიციალური დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია თესლის/სარგავი მასალის ხარისხის განსაზღვრისათვის ჩატარებული ლაბორატორიული ანალიზის შედეგი;

დ) თესლის/სარგავი მასალის პარტია – წარმომავლობისა და ხარისხის მიხედვით ერთგვაროვანი თესლისა და სარგავი მასალის, აგრეთვე ერთი კულტურის ჯიშის, რეპროდუქციის, ჯიშობრივი სიწმინდის, კატეგორიის და ერთისა და იმავე წლის მასალის განსაზღვრული რაოდენობა, დანომრილი და დამოწმებული შესაბამისი დოკუმენტებით;

ე) თესლის/სარგავი მასალის ხარისხის სერტიფიკატი – ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) ნიმუშის ამღები პირი – სერტიფიცირების ორგანოს უფლებამოსილი პირი, რომელიც თესლის/სარგავი მასალის პარტიებიდან იღებს საანალიზო ნიმუშს;

ზ) თესლის/სარგავი მასალის კატეგორია – სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების განსაზღვრული რეპროდუქციისა და მახასიათებლების მქონე თესლი და სარგავი მასალა;

თ) ხაზი  –  თვითდამამტვერიანებელი კულტურის ერთი ჰომოზიგოტური ინდივიდის თაობა. ჯვარედინდამამტვერიანებელი კულტურების თვითდამტვერილი თაობა;

ი) საძირე – მცენარე  ან მისი ნაწილი, რომელზეც ამყნობენ სხვა მცენარის ნაწილს.

მუხლი 4.  სერტიფიცირების ორგანო

სერტიფიცირების ორგანოებია: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრედიტებული პირი, აგრეთვე საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე შესაბამისობის შემფასებელი პირი.

მუხლი 5. თესლისა და სარგავი მასალის  სერტიფიცირების პროცესი

თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიცირების პროცესი მოიცავს:

ა) განაცხადის შეტანას;

ბ) განაცხადის განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებას;

გ) საველე ინსპექტირების ჩატარებას;

დ) ნიმუშის აღებას თესლის/სარგავი მასალის პარტიებიდან;

ე) აღებული ნიმუშების ლაბორატორიულ გამოცდას;

ვ) სერტიფიცირების ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებას სერტიფიკატის გაცემაზე.

მუხლი 6.  განაცხადის განხილვა  და  გადაწყვეტილების მიღება

1. თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიცირებისათვის განმცხადებელი ვალდებულია დათესვამდე (დარგვამდე) შეიტანოს განაცხადი თესლისა და სარგავი მასალების სერტიფიცირების ორგანოში.

2. განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) განმცხადებლის საიდენტიფიკაციო მონაცემებს;

ბ) ჯიშის დასახელებას;

გ)  დასათესი/დასარგავი და მისაღები თესლის/სარგავი  მასალის კატეგორიას;

დ) კულტურის ქართულ და ლათინურ დასახელებას;

ე) სათესლე ნათესების ადგილმდებარეობასა და ფართობებს.

3.  განმცხადებელმა განაცხადს თან უნდა დაურთოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) სასოფლო-სამეურნეო კულტურის ჯიშის მფლობელთან გარიგების რაიმე სახის დოკუმენტი (ხელშეკრულება, ნებართვა, ურთიერთშეთანხმება), რომელიც იძლევა ინფორმაციას განაცხადში დეკლარირებული თესლისა და სარგავი მასალის წარმოების ნებართვის შესახებ;

ბ) დასათესი/დასარგავი თესლის/სარგავი მასალის ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) ჯიშის ოფიციალური აღწერილობა, რომელიც გაცემულია ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ.

4. სერტიფიცირების ორგანო განიხილავს წარდგენილ განაცხადს, იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას სერტიფიცირების ჩატარებაზე/ არჩატარებაზე და 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში წერილობით აცნობებს  განმცხადებელს.

5. სერტიფიცირება არ ჩატარდება იმ შემთხვევაში, თუ:

ა) განმცხადებელმა დაგვიანებით შეიტანა განაცხადი;

ბ)  განაცხადზე თანდართული დოკუმენტაცია არასრულყოფილია და 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში განმცხადებელი ვერ გამოასწორებს ხარვეზს.

6. უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, განმცხადებელს მიეწოდება არგუმენტირებული ინფორმაცია.

7. განმცხადებლის მიერ თესლისა და სარგავი მასალების სერტიფიცირების ორგანოში წარდგენილ განაცხადში არსებული ინფორმაცია და ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კონფიდენციალურობა სრულად უნდა იქნეს დაცული.

მუხლი 7. საველე ინსპექტირება

1.  საველე ინსპექტირება ტარდება სერტიფიცირების ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ,  რომელსაც შეიძლება დაესწროს თესლისა და სარგავი მასალის მწარმოებელი ან მისი წარმომადგენელი.

2.  საველე ინსპექტირება ტარდება საქართველოში მოქმედი სტანდარტებით, ნორმებით, წესებით ან/და თესლისა და სარგავი მასალით საერთაშორისო ვაჭრობაში მიღებული სტანდარტებით, წესებითა და ნორმატიული დოკუმენტებით გათვალისწინებული პირობების დაცვით.

3. სათესლე ნათესებისა და სარგავი მასალის საველე ინსპექტირების დროს ტარდება სათესლე ნათესების/ნარგაობის საქართველოში მოქმედ სტანდარტებთან, ნორმებთან, წესებთან და/ან თესლისა და სარგავი მასალით საერთაშორისო ვაჭრობაში მიღებულ სტანდარტებთან, წესებსა და ნორმატიულ დოკუმენტებთან შესაბამისობის დასადგენად საჭირო საველე ღონისძიებები.

4. საველე ინსპექტირების მონაცემების საფუძველზე, სერტიფიცირების ორგანო ახდენს სათესლე ნათესების/ნარგაობის, საქართველოში მოქმედ სტანდარტებთან, ნორმებთან, წესებთან და/ან თესლისა და სარგავი მასალით საერთაშორისო ვაჭრობაში მიღებულ სტანდარტებთან, წესებსა და ნორმატიულ დოკუმენტებთან შესაბამისობის შეფასებას.

5.  შესაბამისობის შეფასების არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამოვლენის შემთხვევაში:

ა) ნათესები/ნარგაობები ჩაითვლება წუნდებულად და მიღებული მასალა არ დაექვემდებარება სერტიფიცირებას ან არაარსებითი შეუსაბამობის შემთხვევაში, განმცხადებელს ეცნობება ნათესებში/ ნარგაობებში არსებული ხარვეზებისა და განმცხადებლის მიერ ამ ხარვეზების გამოსწორების შესაძლო ღონისძიებების შესახებ;

ბ) განმცხადებლის მიერ რეკომენდებული ღონისძიებების გატარების შემდგომ, სერტიფიცირების ორგანო ნიშნავს და ატარებს დამატებით საველე ინსპექტირებას.

მუხლი 8. ნიმუშის აღება სათესლე და სარგავი მასალის პარტიებიდან და ლაბორატორიული გამოცდა

1. თესლის/სარგავი მასალის პარტიის დამზადების შემდეგ განმცხადებელი აცნობებს სერტიფიცირების ორგანოს სათესლე/სარგავი მასალის სარეალიზაციოდ მზადყოფნის შესახებ.

2. სერტიფიცირების ორგანო ახორციელებს სათესლე/სარგავი მასალის პარტიებიდან საანალიზო ნიმუშების აღებას.

3. თესლის/სარგავი მასალის პარტიებიდან ნიმუშების აღება ხდება საქართველოში მოქმედი სტანდარტების, ნორმების, წესების და/ან თესლისა და სარგავი მასალით საერთაშორისო ვაჭრობაში მიღებული სტანდარტების, ნორმატიული დოკუმენტებით გათვალისწინებული პირობების დაცვით.

4. ნიმუშის ნაწილი წარედგინება შესაბამის ლაბორატორიას კვლევების ჩასატარებლად, ხოლო  ნაწილი კი რჩება სერტიფიცირების ორგანოში.

5. ლაბორატორიულ კვლევას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად აკრედიტებული ან/და საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორია.

6. თესლის/სარგავი მასალის პარტიებიდან აღებული საანალიზო ნიმუშების  კვლევა ტარდება საქართველოში მოქმედი სტანდარტებით, ნორმებით, წესებით და/ან თესლისა და სარგავი მასალით საერთაშორისო ვაჭრობაში მიღებული სტანდარტებით, წესებითა და ნორმატიული დოკუმენტებით გათვალისწინებული პირობების დაცვით.

7. ლაბორატორიული კვლევის შედეგი, მოთხოვნის შემთხვევაში, ეგზავნება განმცხადებელს 3 სამუშაო დღის ვადაში.

მუხლი  9.  სერტიფიკატის გაცემა

1. სერტიფიცირების ორგანო სერტიფიკატის გაცემაზე გადაწყვეტილებას იღებს ნათესებისა და ნარგაობების საველე ინსპექტირებისა და  თესლისა და სარგავი მასალის ლაბორატორიული კვლევის შედეგების საფუძველზე, თუ დადგენილი მახასიათებლები აკმაყოფილებენ საქართველოში მოქმედი სტანდარტებით, ნორმებით, წესებით და/ან თესლისა და სარგავი მასალით საერთაშორისო ვაჭრობაში მიღებული სტანდარტებით, წესებითა და ნორმატიული დოკუმენტებით გათვალისწინებულ პირობებს.

2. სერტიფიცირების ორგანო გასცემს სერტიფიკატს (დანართები: №1 და №2), რომელშიც აისახება შემდეგი მონაცემები:

ა)  სერტიფიცირების ორგანოს დასახელება;

ბ) მწარმოებლის საიდენტიფიკაციო მონაცემები;

გ) კულტურის ქართული და ბოტანიკური სახელწოდება;

დ) ჯიშის/ჰიბრიდის/ხაზის დასახელება;

ე) თესლის/სარგავი მასალის კატეგორია;

ვ) სარგავი მასალის სახე;

ზ) საძირედ გამოყენებული მასალის დასახელება (ნერგის შემთხვევაში);

თ) პარტიაში თესლის წონა/სარგავი მასალის რაოდენობა;

ი) პარტიის ნომერი;

კ) ნორმატიული დოკუმენტი, რომლის მოთხოვნებთან შესაბამისობაშია სერტიფიცირებული პროდუქტი;

ლ) სერტიფიკატის მოქმედების ვადა;

მ) სერტიფიკატის გაცემის თარიღი.

3. სერტიფიკატს ხელს აწერს სერტიფიცირების ორგანოს უფლებამოსილი პირი.

მუხლი 10.  საკონტროლო გამოცდა

1. საკონტროლო გამოცდას ატარებს სერტიფიცირების ორგანო საქართველოში მოქმედი სტანდარტებით, ნორმებით, წესებით, თესლის საერთაშორისო ვაჭრობაში მიღებული სტანდარტებით, წესებითა და ნორმატიული დოკუმენტებით გათვალისწინებული პირობების დაცვით.

2. საკონტროლო გამოცდის დროს ხდება ცალკეული თესლის პარტიებისათვის ჯიშობრივი იდენტურობისა და ჯიშობრივი სიწმინდის დადასტურება.

3. იმ შემთხვევაში, თუ საკონტროლო გამოცდის შედეგები არ ემთხვევა თესლის პარტიის ხარისხობრივ მახასიათებლებს, სერტიფიცირების ორგანო მიუთითებს თესლის მწარმოებელს  მეთესლეობის პროცესში შესაძლო დარღვევებზე  და მათი გამოსწორების შესახებ გასცემს რეკომენდაციას.

მუხლი 11.  სერტიფიკატის მოქმედების ვადა

1. თესლის/სარგავი მასალის პარტიაზე გაცემული სერტიფიკატი ძალაში შედის გაცემის დღიდან და მოქმედებს სათესლე მასალისათვის 14 თვეს, სარგავი მასალისათვის – 4 თვეს.

2. სერტიფიცირების ორგანო აღრიცხავს და სერტიფიკატების ასლებს ინახავს 5 წლის განმავლობაში.