დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
მოქალაქეობის არმქონე პირთა შემცირების შესახებ კონვენცია | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | UN-V-4 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 30/08/1961 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/03/2018 |
ძალაში შესვლის თარიღი | 29/09/2014 |
სარეგისტრაციო კოდი | 480610000.03.030.016525 |
|
მოქალაქეობის არმქონე პირთა შემცირების შესახებ
მიღებულია ქ.ნიუ იორკში 1961 წლის 30 აგვისტოს |
ხელშემკვრელი სახელმწიფოები,
რომლებიც მოქმედებენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 1954 წლის 4 დეკემბრის №896 (IX) რეზოლუციის შესაბამისად, მიიჩნევენ რა, რომ სასურველია მოქალაქეობის არმქონე პირთა რაოდენობის შემცირება საერთაშორისო შეთანხმებით, შეთანხმდნენ შემდეგზე: |
მუხლი 1.
1. ხელშემკვრელი სახელმწიფო მოქალაქეობას მისცემს თავის ტერიტორიაზე დაბადებულ პირს, რომელიც სხვა შემთხვევაში მოქალაქეობის არმქონე იქნება. ასეთი მოქალაქეობა მიეცემა: (ა) დაბადებისას, კანონის მოქმედებით, ან (ბ) პირის მიერ ან მისი სახელით სათანადო ხელისუფლების ორგანოსათვის განცხადების წარდგენის საფუძველზე, კანონით გათვალისწინებული ფორმით. განცხადებაზე უარის თქმა არ შეიძლება, გარდა ამ მუხლის მეორე პუნქტის დებულებებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ხელშემკვრელმა სახელმწიფომ, რომელიც ითვალისწინებს მოქალაქეობის მიცემას ამ პუნქტის (ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, შეუძლია კანონის მოქმედებით მოქალაქეობის მიცემა განახორციელოს ეროვნული სამართლით დადგენილი ასაკისა და პირობების დაცვით. 2. ხელშემკვრელ სახელმწიფოს შეუძლია, ამ მუხლის პირველი პუნქტის (ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მოქალაქეობის მისაცემად, ქვემოთ ჩამოთვლილი ერთი ან მეტი პირობის დაწესება: (ა) განცხადება წარდგენილია ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ დადგენილი ასაკის ფარგლებში, რომლის ათვლა დაიწყება არა უგვიანეს 18 წლის და დასრულდება არა უადრეს 21 წლის ასაკისა, რათა მოქალაქეობის მაძიებელ პირს შეეძლოს განცხადების შეტანა არანაკლებ ერთი წლის განმავლობაში, კანონიერი ნებართვის აღების გარეშე; (ბ) მოქალაქეობის მაძიებელი პირი ჩვეულებრივ ცხოვრობდა ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ამ სახელმწიფოს მიერ დადგენილი დროის განმავლობაში, რაც არ უნდა აღემატებოდეს 5 წელს განცხადების შეტანამდე და მთლიანად 10 წელს; (გ) მოქალაქეობის მაძიებელი პირი არ ყოფილა დამნაშავედ ცნობილი არც ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისათვის და არც იხდიდა სასჯელს სისხლისსამართლებრივი დანაშაულისთვის ხუთი წლით ან უფრო დიდი ვადით; (დ) მოქალაქეობის მაძიებელი პირი ყოველთვის იყო მოქალაქეობის არმქონე. 3. მიუხედავად ამ მუხლის პირველი (ბ) და მე-2 პუნქტების დებულებებისა, ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ქორწინების შედეგად დაბადებულ ბავშვს, რომლის დედა არის ამ სახელმწიფოს მოქალაქე, დაბადებიდანვე ეძლევა მოქალაქეობა, თუ, სხვა შემთხვევაში, იგი იქნება მოქალაქეობის არმქონე. 4. ხელშემკვრელი სახელმწიფო მისცემს მოქალაქეობას პირს, რომელიც სხვა შემთხვევაში, მოქალაქეობის არმქონე იქნება და არ შეუძლია იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქალაქეობის მიღება, რომლის ტერიტორიაზეც დაიბადა, ვინაიდან: გადასცილდა განცხადების შეტანის ასაკს, ან არ შეასრულა ცხოვრებასთან დაკავშირებული პირობა, თუ მისი დაბადების დროს ერთ-ერთი მშობელი პირველად აღნიშნული ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქალაქე იყო; თუ მისი დაბადებისას მშობლები არ იყვნენ ერთი და იმავე სახელმწიფოს მოქალაქეები, მაშინ ასეთი სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობით გადაწყდება, პირმა დედის მოქალაქეობა უნდა აირჩიოს თუ მამის. თუ განცხადების წარდგენა სავალდებულოა ასეთი მოქალაქეობის მისაღებად, მაშინ განცხადება უნდა შეიტანოს თავად განმცხადებელმა, ან სხვამ, მისი სახელით, შიდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ფორმით. ასეთ განცხადებაზე უარის თქმა არ შეიძლება გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 5. ხელშემკვრელ სახელმწიფოს ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად მოქალაქეობის მისაცემად შეუძლია ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთი ან მეტი პირობის დაწესება: (ა) განცხადება შეტანილ უნდა იქნეს მანამ, სანამ განმცხადებელი მიაღწევს ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ დადგენილ ასაკს, რომელიც არ უნდა იყოს 23 წელზე ნაკლები; (ბ) განცხადების შეტანამდე მოქალაქეობის მაძიებელი პირი ჩვეულებრივ ცხოვრობდა ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მის მიერ დადგენილი დროის განმავლობაში, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს სამ წელს; (გ) მოქალაქეობის მაძიებელი პირი ყოველთვის იყო მოქალაქეობის არმქონე. მუხლი 2. ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ნაპოვნი ბავშვი, საწინააღმდეგო მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში, ითვლება ამ ტერიტორიაზე დაბადებულად, რომლის მშობლებსაც გააჩნიათ ამ ქვეყნის მოქალაქეობა. მუხლი 3. ამ კონვენციით გათვალისწინებული ხელშემკვრელი სახელმწიფოებისათვის დაკისრებული ვალდებულებების განსასაზღვრავად საჰაერო ან საზღვაო ხომალდზე დაბადება ჩაითვლება იმ სახელმწიფოს ტერიტორიაზე დაბადებად, რომლის დროშითაც დაცურავს გემი, ან რომლის ტერიტორიაზეც რეგისტრირებულია საჰაერო ხომალდი. მუხლი 4. 1. ხელშემკვრელი სახელმწიფო მოქალაქეობას მისცემს პირს, რომელიც არ დაბადებულა ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე და, სხვა შემთხვევაში, მოქალაქეობის არმქონე იქნება, თუ მისი დაბადების დროს ერთ-ერთი მშობელი ამ ქვეყნის მოქალაქე იყო. თუ მისი დაბადებისას მშობლები არ იყვნენ ერთი და იმავე სახელმწიფოს მოქალაქეები, მაშინ ამ სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობით გადაწყდება საკითხი პირმა დედის მოქალაქეობა უნდა აირჩიოს თუ მამის. ამ პუნქტის დებულებათა შესაბამისად, მოქალაქეობა მიეცემა: (ა) დაბადებისას, კანონის მოქმედებით, ან (ბ) პირის მიერ, ან მისი სახელით, სათანადო ხელისუფლების ორგანოსათვის განცხადების წარდგენის საფუძველზე, შიდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ფორმით. განცხადებაზე უარის თქმა არ შეიძლება, გარდა ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისებისა. 2. ხელშემკვრელ სახელმწიფოს შეუძლია, ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოქალაქეობის მისაცემად ქვემოთ ჩამოთვლილი ერთი ან მეტი პირობის დაწესება: (ა) განცხადება წარდგენილია მანამ, სანამ განმცხადებელი მიაღწევს ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ დადგენილ ასაკს, რომელიც არ უნდა იყოს 23 წელზე ნაკლები; (ბ) მოქალაქეობის მაძიებელი პირი, ჩვეულებრივ, ცხოვრობდა ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე დადგენილი დროის განმავლობაში, რაც არ უნდა აღემატებოდეს 5 წელს; (გ) მოქალაქეობის მაძიებელი პირი არ ყოფილა ცნობილი დამნაშავედ ამ სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის; (დ) მოქალაქეობის მაძიებელი პირი ყოველთვის იყო მოქალაქეობის არმქონე. მუხლი 5. 1. თუ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია მოქალაქეობის დაკარგვა პირადი სტატუსის შეცვლისას, როგორებიცაა: ქორწინება, განქორწინება, არარეგისტრირებული ქორწინებით დაბადებული ბავშვის შვილება ან აღიარება, მაშინ სავალდებულო წინაპირობა უნდა იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქეობის ფლობა ან მიღება. 2. თუ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვი კარგავს მოქალაქეობას მამობის აღიარების შედეგად, მას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, დაიბრუნოს მოქალაქეობა უფლებამოსილი ორგანოსათვის წერილობითი განცხადების წარდგენის გზით: განცხადების მარეგულირებელი პირობები არ უნდ აიყოს უფრო მკაცრი, ვიდრე ამ კონვენციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტითაა გათვალისწინებული. მუხლი 6. თუ ხელშემკვრელი სახელმწიფოს სამართლით გათვალისწინებულია, რომ პირის მიერ მოქალაქეობის დაკარგვისას ან ჩამორთმევისას მისი მეუღლე ან შვილიც კარგავს მოქალაქეობას, მაშინ მოქალაქეობის ჩამორთმევის პირობა უნდა იყოს ის, რომ მეუღლე და შვილი ფლობენ ან მოიპოვეს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა. მუხლი 7. 1. (ა) თუ ხელშემკვრელი სახელმწიფოს სამართლით გათვალისწინებულია მოქალაქეობის დაკარგვა ან მასზე უარის თქმა, ამ უკანასკნელს მაშინ არ მოჰყვება მოქალაქეობის დაკარგვა, თუ პირი უკვე არ ფლობს ან არ მიიღო სხვა ქვეყნის მოქალაქეობა. (ბ) ამ პუნქტის (ა) ქვეპუნქტის დებულებები არ გამოიყენება, როდესაც ისინი ეწინააღმდეგებიან 1948 წლის 10 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ დამტკიცებული „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ მე-13 და მე-14 მუხლებში ჩამოყალიბებულ პრინციპებს. 2. ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქალაქე, რომელიც ცდილობს, მოქალაქეობა მიიღოს ნატურალიზაციის გზით სხვა ქვეყანაში, არ დაკარგავს მოქალაქეობას მანამ, სანამ არ მიიღებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას ან სათანადო მტკიცებულებას, რომ ექნება მოქალაქეობა. 3. ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების დებულებათა გათვალისწინებით, ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქალაქე არ დაკარგავს მოქალაქეობას და არ გახდება მოქალაქეობის არმქონე პირი შემდეგი ან მსგავსი საფუძვლით: ქვეყნიდან წასვლა, საზღვარგარეთ ცხოვრება ან დაურეგისტრირებლობა. 4. ნატურალიზებულმა პირმა შეიძლება დაკარგოს მოქალაქეობა არანაკლებ შვიდი თანამიმდევრული წლის განმავლობაში საზღვარგარეთ ცხოვრების საფუძველზე, თუ იგი, როგორც ეს დაზუსტებულია ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობით, მოქალაქეობის შენარჩუნების განზრახვის შესახებ არ აცნობებს ხელისუფლების სათანადო ორგანოს. 5. იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქალაქე დაიბადება მისი ტერიტორიის გარეთ, კანონმდებლობა შეიძლება ითვალისწინებდეს მოქალაქეობის შეჩერებას პირის მიერ სრულწლოვანების მიღწევიდან ერთი წლის შემდეგ, იმ პირობით, რომ იგი ცხოვრობდა ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე ან რეგისტრირებული იყო სათანადო ორგანოში. 6. გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქალაქემ არ უნდა დაკარგოს მოქალაქეობა, თუ ამას შედეგად მოჰყვება მისი გადაქცევა მოქალაქეობის არმქონედ, თუნდაც მოქალაქეობის დაკარგვა პირდაპირ არ იყოს აკრძალული კონვენციის რომელიმე სხვა მუხლით. მუხლი 8. 1. ხელშემკვრელი სახელმწიფო არ ჩამოათრევს პირს მოქალაქეობას, თუ შედეგად იგი მოქალაქეობის არმქონედ გადაიქცევა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებების მიუხედავად, პირს შეიძლება ჩამოერთვას მოქალაქეობა: (ა) თუ მე-7 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულია, რომ ამ პირობების არსებობისას ნებადართულია მოქალაქეობის დაკარგვა; (ბ) როდესაც მოქალაქეობის მიღება მოხდა მცდარი ფაქტებით ან მოტყუებით. 3. მიუხედავად ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებებისა, ხელშემკვრელ სახელმწიფოს შეუძლია, შეინარჩუნოს მოქალაქეობის ჩამორთმევის უფლება, თუ მოქმედი კანონმდებლობით ეს გათვალისწინებულია და ხელმოწერის, რატიფიკაციის ან შეერთებისას იგი მიუთითებს ასეთი უფლების შენარჩუნების შესახებ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ ან მეტ საფუძველზე: (ა) ლოიალურობის ვალდებულების საწინააღმდეგოდ: (I) პირი, ხელშემკვრელი სახელმწიფოს აშკარა აკრძალვის მიუხედავად, სამსახურს უწევდა ან უწევს, ან შემოსავალს იღებდა ან იღებს სხვა სახელმწიფოსაგან, ან (II) პირმა თავისი ქმედებით სერიოზული საფრთხე შეუქმნა ამ სახელმწიფოს სასიცოცხლო ინტერესებს; (ბ) თუ პირმა დადო ფიცი სხვა ქვეყნის მიმართ ლოიალურობის შესახებ, ან გააკეთა ფორმალური განცხადება, ან წარადგინა მნიშვნელოვანი მტკიცებულება, რომ განზრახული აქვს ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიმართ ლოიალურობაზე უარის თქმა. 4. ხელშემკვრელი სახელმწიფო განახორციელებს ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით ნებადართულ ჩამორთმევის უფლებას მხოლოდ კანონის შესაბამისად, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს მოქალაქეობის მაძიებელი პირის უფლებას, ისარგებლოს სასამართლოს ან დამოუკიდებელ ორგანოში სამართლიანი განხილვით. მუხლი 9. ხელშემკვრელ სახელმწიფოს არ შეუძლია პირს მოქალაქეობა ჩამოართვას რასობრივ, ეთნიკურ, რელიგიურ ანდა პოლიტიკურ საფუძველზე. მუხლი 10. 1. ხელშემკვრელ სახელმწიფოებს შორის დადებული ყველა ხელშეკრულება ტერიტორიის გადაცემის შესახებ უნდა შეიცავდეს დებულებებს, რომლებიც უზრუნველყოფს, რომ არც ერთი პირი გადაცემის შემდეგ არ გახდება მოქალაქეობის არმქონე. ხელშემკვრელმა სახელმწიფომ უნდა გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა, რომ ნებისმიერი ასეთი ხელშეკრულება, რომელიც დაიდება არახელშემკვრელ სახელმწიფოსთან, შეიცავდეს მსგავს დებულებებს. 2. მსგავსი დებულებების არარსებობისას ხელშემკვრელმა სახელმწიფომ, რომელსაც გადაეცა ან სხვაგვარად მიიღო ტერიტორია, უნდა მისცეს მოქალაქეობა პირებს, თუ ისინი გახდებიან მოქალაქეობის არმქონენი, ასეთი გადაცემის ან შეძენის შედეგად. მუხლი 11. რატიფიკაციის ან შეერთების მეექვსე სიგელის მიღებიდან უმოკლეს ვადაში ხელშემკვრელი სახელმწიფოები ხელს შეუწყობენ გაეროს ფარგლებში ისეთი ორგანოს დაარსებას, რომელსაც შეიძლება მიმართოს ნებისმიერმა პირმა, ვისაც აქვს ამ კონვენციით სარგებლის მიღების უფლება, რათა განხილულ იქნეს მისი განცხადება და მიიღოს დახმარება ამ განცხადების შესაბამის ორგანოში წარსადგენად. მუხლი 12. 1. იმ სახელმწიფოებში, რომლებიც არ ითვალისწინებენ მოქალაქეობის მიცემას კანონის მოქმედებით ამ კონვენციის პირველი მუხლის პირველი პუნქტის ან მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პირველი მუხლის პირველი პუნქტი ან მე-4 მუხლის პირველი პუნქტი გამოიყენება ამ კონვენციის ძალაში შესვლამდე და მის შემდეგ დაბადებული პირების მიმართ. 2. ამ კონვენციის პირველი მუხლის მე-4 პუნქტი გამოიყენება როგორც მის ძალაში შესვლამდე, ასევე ძალაში შესვლის შემდეგ დაბადებული პირების მიმართ. 3. წინამდებარე კონვენციის მე-2 მუხლის დებულებები გამოიყენება მხოლოდ ამ კონვენციის იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოსათვის ძალაში შესვლის შემდეგ, რომლის ტერიტორიაზეც იპოვეს ბავშვი. მუხლი 13. წინამდებარე კონვენცია არ უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ ზიანი მიაყენოს მოქალაქეობის არმქონე პირთა რაოდენობის შემცირების შესახებ უფრო ხელსაყრელ დებულებებს, რომლებსაც შეიძლება შეიცავდეს ხელშემკვრელი სახელმწიფოს სამართალი და ძალაშია ამჟამად, ან შევა ძალაში; ან შეიცავდეს ორ ან მეტ ხელშემკვრელ მხარეს შორის დადებული ნებისმიერი სხვა კონვენცია, ხელშეკრულება თუ შეთანხმება, რომელიც ძალაშია ან შეიძლება შევიდეს ძალაში შემდგომ. მუხლი 14. ხელშემკვრელ მხარეებს შორის წამოჭრილი დავა ამ კონვენციის განმარტებისა და გამოყენების შესახებ, რომელიც ვერ მოგვარდა სხვაგვარად, ერთ-ერთი მოდავე მხარის მიერ განსახილველად გადაეცემა მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს. მუხლი 15. 1. ეს კონვენცია გამოიყენება არათვითმმართველი, სამეურვეო, კოლონიური ან სხვა არამეტროპოლიტური ტერიტორიების მიმართ, რომელთა საერთაშორისო ურთიერთობებზე პასუხისმგებელია ხელშემკვრელი მხარე. ხელშემკვრელ სახელმწიფოს, კონვენციის ხელმოწერის, რატიფიკაციის ან მასთან შეერთების დროს, შეუძლია განაცხადოს, ის არამტეროპოლური ტერიტორია ან სხვა ტერიტორიები რომლებზეც ეს კონვენცია ვრცელდება ipso facto ხელმოწერის, რატიფიკაციის ან შეერთების შედეგად, ამ მუხლის მე-2 პუნქტის დებულებების გათვალისწინებით. 2. ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც მოქალაქეობის მიზნებისათვის, არამტეროპოლური ტერიტორია არ განიხილება მეტროპოლურ ტერიტორიასთან ერთად, ან, როდესაც არამეტროპოლიტური ტერიტორიის წინასწარ თანხმობას ითხოვს ხელშემკვრელი სახელმწიფოს ან არამეტროპოლიტური ტერიტორიის კონსტიტუციური კანონები ან პრაქტიკა წინამდებარე კონვენციის ამ ტერიტორიაზე გამოსაყენებლად, ხელშემკვრელი სახელმწიფო, წინამდებარე კონვენციის ხელმოწერიდან 12 თვის განმავლობაში, უზრუნველყოფს თანხმობის მიღებას არამეტროპოლიტური ტერიტორიისაგან და აცნობებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს მის შესახებ, ასეთ შეტყობინებაში აღნიშნული ტერიტორიის ან ტერიტორიების მიმართ წინამდებარე კონვენცია გამოიყენება გენერალური მდივნის მიერ შეტყობინების მიღების დღიდან. 3. ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული 12-თვიანი პერიოდის ამოწურვის შემდეგ ხელშემკვრელი სახელმწიფოები მიაწვდიან ინფორმაციას გენერალურ მდივანს იმ არამეტროპოლიტურ ტერიტორიებთან კონსულტაციების შედეგების შესახებ, რომელთა საერთაშორისო ურთიერთობაზეც ისინი არიან პასუხისმგებელნი და რომლებმაც უარი განაცხადეს კონვენციის გამოყენებაზე. მუხლი 16. 1. კონვენცია ღიაა ხელმოსაწერად გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბბინაში 1961 წლის 30 აგვისტოდან 1962 წლის 31 მაისამდე. 2. კონვენცია ღიაა ხელმოსაწერად: (ა) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ნებისმიერი წევრი სახელმწიფოსათვის; (ბ) ნებისმიერი სხვა სახელმწიფოსათვის, რომელიც მოწვეული იყო მოქალაქეობის არქონის აღმოფხვრისა და შემცირების შესახებ კონფერენციაზე; (გ) ნებისმიერი სახელმწიფოსათვის, რომელსაც ხელმოწერის ან შეერთების მოწვევა გაუგზავნა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ. 3. ეს კონვენცია ექვემდებარება რატიფიკაციას და სარატიფიკაციო სიგელების დეპონირება მოხდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან. 3. ეს კონვენცია ღიაა შესაერთებლად ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული სახელმწიფოებისათვის. შეერთება განხორციელდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნისათვის შეერთების სიგელის დეპონირებით. მუხლი 17. 1. ნებისმიერ სახელმწიფოს შეუძლია დათქმის გაკეთება მე-11, მე-14 და მე-15 მუხლებთან დაკავშირებით ხელმოწერის, რატიფიკაციის ან შეერთების დროს. 2. ამ კონვენციის მიმართ სხვა დათქმის გაკეთება დაუშვებელია. მუხლი 18. 1. ეს კონვენცია ძალაში შედის მეექვსე სარატიფიკაციო ან შეერთების სიგელის დეპონირების შემდეგ. 2. მეექვსე სარატიფიკაციო ან მიერთების სიგელის დეპონირების შემდეგ, ნებისმიერი სახელმწიფოსათვის, რომელიც რატიფიკაციას გაუკეთებს ან შეუერთდება კონვენციას, იგი ძალაში შევა სარატიფიკაციო ან შეერთების სიგელის დეპონირებიდან ოთხმოცდამეათე დღეს ან იმ დღეს, როდესაც კონვენცია ძალაში შედის ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებების შესაბამისად, რომელიც უფრო გვიანია. მუხლი 19. 1. ნებისმიერ ხელშემკვრელ სახელმწიფოს შეუძლია ამ კონვენციის დენონსირება ნებისმიერ დროს. გაერთიანებული ერების გენერალური მდივნისათვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. დენონსაცია ხელშემკვრელი სახელმწიფოსათვის ძალაში შევა ერთი წლის შემდეგ იმ დღიდან, როდესაც შეტყობინებას მიიღებს გენერალური მდივანი. 2. თუკი წინამდებარე კონვენცია, მისი მე-15 მუხლის შესაბამისად, გამოიყენება ხელშემკვრელი სახელმწიფოს არამეტროპოლურ ტერიტორიაზე, ამ სახელმწიფოს შეუძლია ამ ტერიტორიის თანხმობით, ნებისმიერ დროს აცნობოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს აღნიშნული ტერიტორიის მიმართ მისი (კონვენციის) ნაწილობრივი დენონსაციის შესახებ. დენონსაცია ხელშემკვრელი სახელმწიფოსათვის ძალაში შევა ერთი წლის შემდეგ, იმ დღიდან, როდესაც შეტყობინებას მიიღებს გენერალური მდივანი, რომელიც აცნობებს სხვა ხელშემკვრელ მხარეებს შეტყობინებისა და მისი მიღების თარიღის შესახებ. მუხლი 20. 1. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი გაეროს ყველა წევრსა და მე-16 მუხლში მითითებულ არაწევრ სახელმწიფოს აცნობებს: (ა) მე-16 მუხლის შესაბამისად, ხელმოწერის, რატიფიკაციისა და შეერთების შესახებ; (ბ) მე-17 მუხლის შესაბამისად, გაკეთებული დათქმების შესახებ; (გ) მე-18 მუხლის შესაბამისად, კონვენციის ძალაში შესვლის თარიღის შესახებ; (დ) მე-19 მუხლის შესაბამისად, დენონსაციის შესახებ. 2. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი მეექვსე სარატიფიკაციო ან შეერთების სიგელის დეპონირების შემდეგ გენერალური ასამბლეის წინაშე დააყენებს მე-11 მუხლით გათვალისწინებული ორგანოს შექმნის საკითხს. მუხლი 21. ეს კონვენცია უნდა დარეგისტრირდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან მისი ძალაში შესვლის დღეს. ამის დასტურად, სათანადოდ უფლებამოსილმა ხელმომწერებმა ხელი მოაწერეს ამ კონვენციას. შესრულებულია ნიუ იორკში, ათას ცხრაას სამოცდაერთი წლის ოცდაათ აგვისტოს, ერთ პირად; ჩინური, ინგლისური, ფრანგული, რუსული და ესპანური ტექსტები თანაბრად ავთენტურია და დეპონირებისათვის გადაეცემა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის არქივს, ხოლო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი დამოწმებულ ასლებს გაუგზავნის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ყველა წევრ ან, ამ კონვენციის მე-16 მუხლში მითითებულ, არაწევრ სახელმწიფოს. |
|
დოკუმენტის კომენტარები