დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 204 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 21/04/2017 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/04/2017 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/07/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 010340000.10.003.019913 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (24/04/2017 - 26/03/2018)
|
საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ
|
მუხლი 1 |
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესი დანართის შესაბამისად. |
მუხლი 2 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილება. |
მუხლი 3 |
დადგენილებით გათვალისწინებული წესები მოქმედებს მხოლოდ დადგენილების ამოქმედების შემდეგ გამოცხადებულ საჯარო კონკურსებზე. |
მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან.
|
|
საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესი
თავი I. ზოგადი დებულებანი |
მუხლი 1. საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის რეგულირების სფერო
საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესი (შემდგომში − წესი) განსაზღვრავს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ღია, დახურული და გამარტივებული საჯარო კონკურსის (შემდგომში − კონკურსი) ჩატარების წესსა და პირობებს, კონკურსის ეტაპებს, საკონკურსო კომისიების (შემდგომში − კომისია) საქმიანობის დეტალურ წესსა და უფლებამოსილებებს. მუხლი 2. კონკურსის არსი 1. კონკურსი არის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საუკეთესო კანდიდატის შერჩევა საჯარო მოსამსახურის ვაკანტური თანამდებობისთვის გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის გზით. 2. კონკურსის სახეებია ღია და დახურული კონკურსი, გამარტივებული საჯარო კონკურსი. 3. საუკეთესო კანდიდატი პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე შეირჩევა მხოლოდ ღია ან დახურული კონკურსის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. საუკეთესო კანდიდატი საჯარო სამსახურში შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე შეირჩევა გამარტივებული საჯარო კონკურსის საფუძველზე. 5. საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელისა და მისი მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, ცხადდება გამარტივებული საჯარო კონკურსი, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მუხლი 3. კონკურსის პრინციპები კონკურსის პრინციპები ეფუძნება: კანონიერების, კანონის წინაშე თანასწორობის, ეკონომიურობისა და ეფექტიანობის, მიუკერძოებლობის, საქართველოს მოქალაქეთათვის საჯარო სამსახურის თანაბარი ხელმისაწვდომობის, ანგარიშვალდებულების, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის, გამჭვირვალობისა და ღიაობის და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით აღიარებულ სხვა პრინციპებს. მუხლი 4. კონკურსის მიზანი და ამოცანები 1. კონკურსის მიზანია, ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, საუკეთესო კანდიდატის შერჩევა. 2. კონკურსის ამოცანებია: ა) საჯარო სამსახურში არსებულ ვაკანტურ თანამდებობათა თანაბრად ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ბ) ვაკანტური თანამდებობებისათვის კანდიდატების შერჩევისა და საჯარო სამსახურში განწესების პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა; გ) საუკეთესო კანდიდატების შერჩევა ვაკანტური პოზიციებისათვის განსაზღვრულ ძირითად, სპეციალურ და ასევე, დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის გზით, კვალიფიკაციის, უნარ-ჩვევების, პროფესიული გამოცდილებისა და მოტივაციის შეფასების საფუძველზე.
თავი II. ღია და დახურული კონკურსი მუხლი 5. ღია და დახურული კონკურსის არსი 1. ღია და დახურული კონკურსი ცხადდება პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად. 2. საჯარო სამსახურის შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველსაყოფად, საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია, გამოაცხადოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონკურსი იმ თანამდებობაზე, რომელიც ღია ან დახურული კონკურსის გამოცხადების მომენტისათვის არ არის ვაკანტური, მაგრამ არსებობს დადასტურებული საფუძველი, რომ აღნიშნული თანამდებობა კონკურსის დასრულებამდე გახდება ვაკანტური. 3. ღია კონკურსი ცხადდება მეოთხე რანგის პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად და ასევე ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში. 4. დახურული კონკურსი ცხადდება ზემდგომი (მე-3, მე-2 ან პირველი) რანგის პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად. 5. ზემდგომი (მე-3, მე-2 ან პირველი) რანგის პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ღია კონკურსი ცხადდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ: ა) ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დახურული კონკურსის საფუძველზე შესაფერისი კანდიდატი ვერ შეირჩა; ბ) არსებობს საჯარო სამსახურის ბიუროს (შემდგომში − ბიურო) მიერ საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში არსებული მონაცემების გადამოწმების საფუძველზე გაცემული დასაბუთებული რეკომენდაცია, რომ პროფესიული საჯარო მოხელის შესაბამისი ვაკანტური თანამდებობისათვის დადგენილი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების გათვალისწინებით, დახურული კონკურსის საფუძველზე შესაფერისი კანდიდატი ვერ შეირჩევა. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რეკომენდაციას ბიურო გასცემს შესაბამისი საჯარო დაწესებულების მიმართვის შემთხვევაში, საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში არსებული მონაცემების გადამოწმების საფუძველზე. მუხლი 6. ღია ან დახურული კონკურსის გამოცხადების წესი 1. საჯარო დაწესებულება ღია და დახურულ კონკურსს პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე აცხადებს ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით. 2. საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია, ღია ან დახურული კონკურსის გამოცხადების შესახებ ინფორმაცია დამატებით განათავსოს საჯარო დაწესებულების ვებგვერდზე, ხოლო ღია კონკურსის შემთხვევაში − ასევე შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებულ შესაბამის ვებგვერდებზე, სოციალურ ქსელებსა და ბეჭდვით ორგანოებში. 3. ბიურო მის მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე ვაკანსიის საჯაროდ გამოქვეყნებამდე/გამოცხადებამდე ამოწმებს გამოსაცხადებელი პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობისათვის დადგენილ მოთხოვნებს და 3 დღის ვადაში განსაზღვრავს მის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობას. 4. გამოსაცხადებელი ვაკანტური თანამდებობის მიმართ წაყენებული მოთხოვნების საქართველოს კანონმდებლობასთან შეუსაბამობის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში ბიურო უფლებამოსილია, დაადგინოს ხარვეზი და აცნობოს შესაბამის საჯარო დაწესებულებას. 5. ბიურო ვალდებულია, გამოაქვეყნოს ვაკანსია მას შემდეგ, რაც საჯარო დაწესებულება აღმოფხვრის ხარვეზს. მუხლი 7. ღია და დახურული კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინება 1. ღია და დახურული კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინება უნდა შეიცავდეს აუცილებლად წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალს და შემდეგ მონაცემებს: ა) შესაბამისი საჯარო დაწესებულების დასახელებას; ბ) კონკურსის წესით შესავსები პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასახელებას; გ) კანდიდატის მიმართ წაყენებულ ძირითად, სპეციალურ და დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს; დ) პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობისათვის დადგენილი სამუშაო აღწერილობის მიხედვით განსაზღვრულ ფუნქციებს; ე) ინფორმაციას თანამდებობრივი სარგოს შესახებ; ვ) განცხადებისა და სხვა აუცილებელი დოკუმენტების ჩამონათვალს და წარდგენის ვადას; ზ) ინფორმაციას კანდიდატის შეფასების ფორმის შესახებ; თ) შესაბამისი საკონკურსო კომისიის მისამართს; ი) ღია და დახურული კონკურსის ეტაპებს; კ) კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ვადას; ლ) ინფორმაციას კომისიის მიერ ამ წესით დადგენილი გადაწყვეტილების მიღების ფორმის შესახებ. 2. შესაბამისი საჯარო დაწესებულების გადაწყვეტილებით, შესაძლებელია, ღია და დახურული კონკურსის შესახებ შეტყობინებაში აისახოს სხვა ინფორმაციაც. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ადგენს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი ბიუროსთან შეთანხმებით, თითოეული თანამდებობის სპეციფიკისა და ამ თანამდებობისათვის დადგენილი სამუშაო აღწერილობის შინაარსის გათვალისწინებით. მუხლი 8. ღია და დახურული კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინებაში ცვლილების შეტანა 1. საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია, ღია და დახურული კონკურსის შესახებ შეტყობინებაში შეიტანოს ტექნიკური ხასიათის შესწორება ან/და არსებითი ხასიათის ცვლილება. 2. საჯარო დაწესებულება ვალდებულია, ღია და დახურული კონკურსის შესახებ შეტყობინებაში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესწორება ან/და ცვლილება შეიტანოს იმავე წესით, რაც დადგენილია ღია ან დახურული კონკურსის გამოცხადებისათვის. 3. ღია და დახურული კონკურსის შესახებ შეტყობინებაში არსებითი ცვლილების შეტანა გულისხმობს საჯარო დაწესებულების მიერ ახალი ღია ან დახურული კონკურსის გამოცხადებას. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, არსებითი ცვლილებისა და ღია ან დახურული კონკურსის ახალი ვადების შესახებ ინფორმაცია გაუგზავნოს იმ კანდიდატებს, რომლებსაც უკვე გაკეთებული აქვთ განაცხადი კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინებაში არსებითი ცვლილებების შეტანამდე. 5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ღია და დახურული კონკურსის გამოცხადებისას, კანდიდატს ახალი განცხადების წარსადგენად ეძლევა არანაკლებ 10 სამუშაო დღის ვადა. მუხლი 9. ღია და დახურულ კონკურსში მონაწილეობისათვის განაცხადის წარდგენა 1. ღია და დახურულ კონკურსში მონაწილეობისათვის, კანდიდატი განაცხადს წარადგენს მხოლოდ ელექტრონული ფორმით, ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით. 2. კანდიდატი ვალდებულია, საჯარო დაწესებულებას მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია და დოკუმენტები საკონკურსო მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ. 3. კანდიდატს ღია და დახურულ კონკურსში მონაწილეობისათვის განაცხადის წარსადგენად ეძლევა ღია და დახურული კონკურსის გამოცხადების დღიდან არანაკლებ 10 სამუშაო დღის ვადა. 4. კანდიდატი უფლებამოსილია, განაცხადში შეიტანოს ცვლილება საჯარო დაწესებულების მიერ განაცხადების წარდგენისთვის ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე. მუხლი 10. ღია ან დახურულ კონკურსში მონაწილეობის უფლების მქონე პირები 1. ღია კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელიც აკმაყოფილებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე და 29-ე მუხლებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. 2. დახურულ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს მოქმედ პროფესიულ საჯარო მოხელეს, მოხელეთა რეზერვში ჩარიცხულ პირსა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს, თუ იგი არანაკლებ 1 წელია მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში და აკმაყოფილებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე და 29-ე მუხლებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. მუხლი 11. ბიუროს უფლება-მოვალეობები ბიუროს უფლება-მოვალეობებია: ა) შეამოწმოს გამოსაცხადებელი ვაკანტური პოზიციისათვის დადგენილი მოთხოვნების შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) მოითხოვოს ინფორმაცია კომისიაში მოხელეთა დარგობრივი პროფესიული კავშირის (მისი არსებობის შემთხვევაში) წარმომადგენლისა და დამოუკიდებელი მოწვეული სპეციალისტის ან/და შესაბამისი დარგის სპეციალისტის მონაწილეობის თაობაზე; გ) კანდიდატის მიმართვის შემთხვევაში, მიიღოს განაცხადის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ გადაწყვეტილება; დ) მონიტორინგი გაუწიოს საჯარო დაწესებულებებში ღია და დახურული კონკურსის მიმდინარეობის პროცესს; ე) მონიტორინგის წარმოების მიზნით, ჩართოს თავისი წარმომადგენელი ნებისმიერი საჯარო დაწესებულების ღია და დახურულ კონკურსში; ვ) უზრუნველყოს ამ წესის მე-18 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად წარდგენილი ინფორმაციის სტატისტიკური ანალიზი; ზ) ასახოს ღია ან დახურული კონკურსის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საჯარო სამსახურის საბჭოსათვის წარსადგენ ანგარიშში; თ) ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების მიზნით, გაუწიოს მეთოდური დახმარება საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულებს; ი) განახორციელოს კონკურსთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობები. მუხლი 12. საჯარო დაწესებულების უფლება-მოვალეობები საჯარო დაწესებულების უფლება-მოვალეობებია: ა) გამოაცხადოს კონკურსი ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე; ბ) კონკურსის შესახებ შეტყობინებაში შეიტანოს ტექნიკური ხასიათის შესწორება ან/და არსებითი ხასიათის ცვლილება; გ) აღმოფხვრას ბიუროს მიერ დადგენილი ხარვეზი კონკურსის შესახებ შეტყობინების საქართველოს კანონმდებლობასთან შეუსაბამობის შემთხვევაში; დ) ასახოს კონკურსის შედეგების შესახებ ინფორმაცია ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის შესაბამის მოდულში; ე) შეწყვიტოს გამოცხადებული კონკურსი საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის, არასაკმარისი საბიუჯეტო სახსრების ან/და სხვა გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზის არსებობის შემთხვევაში და აღნიშნულის შესახებ აცნობოს ბიუროსა და კანდიდატებს; ვ) განახორციელოს ღია ან/და დახურულ კონკურსთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობები. მუხლი 13. კანდიდატის უფლება-მოვალეობები კანდიდატის უფლება-მოვალეობებია: ა) კონკურსში მონაწილეობის მიზნით, წარადგინოს ელექტრონული განაცხადი ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე; ბ) შეიტანოს ცვლილება გაკეთებულ განაცხადში საჯარო დაწესებულების მიერ განაცხადის წარდგენისთვის განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე; გ) დაწესებულებას მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია და დოკუმენტები საკონკურსო მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ; დ) მიმართოს ბიუროს განაცხადის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის გადამოწმების მოთხოვნით; ე) გაასაჩივროს ღია და დახურული კონკურსის შედეგები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ვ) განახორციელოს კონკურსთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობები. მუხლი 14. კომისიის შექმნის წესი 1. ღია და დახურული კონკურსის ჩატარების უზრუნველსაყოფად საჯარო დაწესებულებაში იქმნება შესაბამისი კომისია. კომისია იქმნება საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრულ ვაკანტურ პოზიციებზე კანდიდატთა შერჩევის მიზნით. 2. საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი კომისიის თავმჯდომარედ ნიშნავს ამ საჯარო დაწესებულებაში პირველი ან მე-2 რანგის პროფესიულ საჯარო მოხელეს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამ საჯარო დაწესებულებაში პირველი ან მეორე რანგის პროფესიული საჯარო მოხელის ყველა თანამდებობა ვაკანტურია. 3. თუ საჯარო დაწესებულებაში პროფესიული საჯარო მოხელის პირველი ან მეორე რანგის ყველა თანამდებობა ვაკანტურია, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი კომისიის თავმჯდომარედ ნიშნავს სხვა საჯარო დაწესებულების შესაბამისი გამოცდილების მქონე პირველი ან მე-2 რანგის პროფესიულ საჯარო მოხელეს. მუხლი 15. კომისიის შემადგენლობა 1. კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე აუცილებელი საჭიროების გათვალისწინებით, ვაკანტური თანამდებობის სპეციფიკიდან გამომდინარე. 2. კომისიის შემადგენლობაში შედიან შესაბამისი საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის წარმომადგენელი, საჯარო დაწესებულების იმ სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენელი, რომელშიც არის შესაბამისი ვაკანტური თანამდებობა, მოხელეთა დარგობრივი პროფესიული კავშირის (მისი არსებობის შემთხვევაში) წარმომადგენელი და დამოუკიდებელი მოწვეული სპეციალისტი ან/და შესაბამისი დარგის სპეციალისტი, რომელიც სამსახურებრივად დაკავშირებული არ არის ამ საჯარო დაწესებულებასთან. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენელი, როგორც წესი, უნდა იყოს უფრო მაღალი რანგის პროფესიული საჯარო მოხელე, ვიდრე გამოცხადებული კონკურსით დასაკავებელი პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობა, ასეთის არარსებობის შემთხვევაში, გამოიყენება ამ წესის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული რეგულაცია. 4. კომისიის საქმიანობაში, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ხმის უფლების გარეშე, შესაძლებელია ჩაერთოს საჯარო დაწესებულების გენდერზე პასუხისმგებელი პირი. 5. კომისიის თავმჯდომარე ამ კომისიის წევრთაგან ნიშნავს თავმჯდომარის მოადგილეს, რომელიც კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ცვლის მას. 6. კანდიდატი არ შეიძლება იყოს იმ კომისიის წევრი, რომელმაც უნდა მოახდინოს მისი შერჩევა. მუხლი 16. კომისიის შემადგენლობის კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის წესი 1. კომისიის შემადგენლობის კანონმდებლობასთან შესაბამისობისა და კონკურსის პრინციპების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, ბიურო უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს მოითხოვოს ინფორმაცია და დოკუმენტაცია კომისიის შემადგენლობის შესახებ. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია ბიუროს უნდა ეცნობოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. კომისიის შემადგენლობის კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის პროცესში დარღვევის აღმოჩენისას, ბიურო კომისიის თავმჯდომარეს მიმართავს რეკომენდაციით კომისიის შემადგენლობის კორექტირების თაობაზე. 4. დარღვევის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, ბიურო აღნიშნულ ინფორმაციას ასახავს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საჯარო სამსახურის საბჭოსათვის წარსადგენ ანგარიშში. მუხლი 17. კომისიის წევრის აცილება 1. კომისიის წევრი ვალდებულია, ღია და დახურული კონკურსის ეტაპების დაწყებამდე წინასწარ განაცხადოს ყველა იმ გარემოების თაობაზე, რომელმაც შეიძლება მას ხელი შეუშალოს კანდიდატის ობიექტურად შეფასებასა და კანდიდატის მიმართ გადაწყვეტილების მიუკერძოებლად გამოტანაში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას, კომისიის წევრი ვალდებულია, განაცხადოს თვითაცილება. შესაბამისად, ის ვერ მიიღებს მონაწილეობას იმავე ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილი სხვა კანდიდატების შეფასებასა და მათ მიმართ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. 3. თუ კომისიის წევრი არ განაცხადებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობის შესახებ, ხოლო აღნიშნულის შესახებ კომისიისათვის ცნობილი გახდება ღია ან დახურული კონკურსის მიმდინარეობისას, კომისიის ამ წევრის მიერ კანდიდატის შეფასება არ იქნება გათვალისწინებული საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას. მუხლი 18. კომისიის საქმიანობა 1. კომისია უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა. 2. კომისია, როგორც წესი, გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემის საფუძველზე. 3. კომისია უფლებამოსილია, გადაწყვეტილება მიიღოს კენჭისყრის საფუძველზე; ამ შემთხვევაში, გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტად ითვლება სხდომის თავმჯდომარის ხმა. 4. კომისია, ამ წესის შესაბამისად, აფასებს კანდიდატის შესაბამისობას პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ ძირითად, სპეციალურ და დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან. 5. კომისიის მიერ კანდიდატის შეფასება უნდა იყოს ობიექტური, მიუკერძოებელი, თანმიმდევრულად და თანაბრად გამოყენებული ყველა კანდიდატისადმი ღია და დახურული კონკურსის ყველა ეტაპზე. 6. კომისიის მიერ კანდიდატის შეფასება ეფუძნება მის მიერ წარდგენილი დოკუმენტების, წერითი დავალებისა და გასაუბრების შედეგების, სამუშაო გამოცდილებისა და განათლების შეფასებას. 7. კომისიის მიერ კანდიდატის შეფასების დასაბუთებული შედეგი აისახება კომისიის სხდომის ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და კომისიის დამსწრე წევრები. კომისიის წევრს უფლება აქვს, თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. 8. კომისია ვალდებულია საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში. 9. თუ კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წინასწარ განსაზღვრულია ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაზე უფრო მცირე ვადა, კომისია უფლებამოსილია, გაზარდოს იგი ვადის ამოწურვამდე. ასეთ შემთხვევაში, თავდაპირველად განსაზღვრული და გაზრდილი ვადის ჯამი არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს. 10. საჯარო დაწესებულების მიერ, ღია და დახურული კონკურსის დასრულებიდან (გადაწყვეტილების მიღებიდან) ერთი კვირის ვადაში, ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის შესაბამის მოდულში საჯარო დაწესებულება ასახავს ინფორმაციას ჩატარებული კონკურსის შესახებ: ვაკანტური თანამდებობების დასახელების, შესული განცხადებების რაოდენობის, კონკურსის ფორმის, ღია და დახურული კონკურსის ეტაპების, პროცედურებისა და ღია და დახურული კონკურსის შედეგების მითითებით, ბიუროს მიერ შემუშავებული ფორმის შესაბამისად. 11. კომისიის მოწვეულ წევრთა შრომა შესაძლებელია ანაზღაურდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 19. ღია და დახურული კონკურსის ეტაპები, ჩატარების ფორმები და პირობები 1. ღია და დახურული კონკურსის ეტაპებია: ა) კონკურსში მონაწილეობისათვის წარდგენილი განაცხადების ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა; ბ) კანდიდატის შეფასება; გ) კონკურსის შედეგების გამოცხადება. 2. ღია და დახურული კონკურსის პროგრამას, პირობებს, კანდიდატის შეფასების ფორმებსა და ჩატარების გრაფიკს განსაზღვრავს კომისია. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის საჯაროობას უზრუნველყოფს კომისიის თავმჯდომარე, კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. ღია და დახურული კონკურსის ორგანიზებულად ჩატარებას უზრუნველყოფს შესაბამისი საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეული. მუხლი 20. ღია და დახურული კონკურსის პირველი ეტაპი 1. ღია და დახურული კონკურსის პირველი ეტაპი წარმოადგენს კანდიდატის განაცხადის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას, რაც გულისხმობს გამოცხადებული ვაკანსიისათვის დადგენილ ძირითად, სპეციალურ და დამატებით მოთხოვნებთან კანდიდატის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობის შემოწმებას. 2. ღია და დახურულ კონკურსში მონაწილეობისათვის წარდგენილი განაცხადების ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას, კომისიის დავალებით, უზრუნველყოფს საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეული. 3. საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეული, განცხადებების წარდგენისათვის განსაზღვრული ვადის ამოწურვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ადგენს განაცხადების ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობას. 4. განაცხადების ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შედეგებს საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეული წარუდგენს კომისიას, რაც ფორმდება შესაბამისი საოქმო ჩანაწერით და დასტურდება კომისიის წევრების ხელმოწერით. 5. ღია და დახურული კონკურსის მომდევნო ეტაპამდე 7 სამუშაო დღით ადრე კომისია ვალდებულია ელექტრონულად ან/და წერილობით აცნობოს კანდიდატს მის მიერ წარდგენილი განაცხადის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შესახებ. 6. კანდიდატის მოთხოვნის შემთხვევაში კომისია ვალდებულია კანდიდატისათვის გაგზავნილ გადაწყვეტილებაში მიუთითოს მისი განაცხადის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შეუსაბამობის მიზეზი. 7. კანდიდატს, რომელმაც ვერ გაიარა ღია ან დახურული კონკურსის პირველი ეტაპი, უფლება აქვს, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში წერილობითი განცხადებით მიმართოს ბიუროს განაცხადის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის გადამოწმების მოთხოვნით. 8. ბიურო ვალდებულია კანდიდატის მიმართვიდან 2 სამუშაო დღის ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება განაცხადის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ და შედეგები დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის კომისიასა და კანდიდატს. 9. თუ ბიურო დაადგენს განაცხადის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობას, კომისია ვალდებულია, კანდიდატი დაუშვას კონკურსის მომდევნო ეტაპზე. მუხლი 21. ღია და დახურული კონკურსის მეორე ეტაპი 1. ღია და დახურული კონკურსის მეორე ეტაპი გულისხმობს კანდიდატის შეფასებას სპეციალური და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად. 2. კანდიდატის შეფასება უნდა ემყარებოდეს კანდიდატის სამუშაო გამოცდილებისა და მისი პროფესიული ცოდნის პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობისათვის გათვალისწინებულ სამუშაო აღწერილობასთან, სპეციალურ და დამატებით მოთხოვნებთან და კვალიფიკაციასთან შესაბამისობის დადგენას. 3. კანდიდატის შეფასება ხდება: ა) წერითი ან/და ზეპირი დავალების მიცემით; ბ) გასაუბრებით; გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეფასების სხვა ფორმების გამოყენებით, რაც გულისხმობს შესაბამისი ვაკანტური თანამდებობის სამუშაო აღწერილობის სპეციფიკიდან გამომდინარე აუცილებელი მოთხოვნების გადამოწმებას. 4. კომისია პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ღია ან დახურული კონკურსის გამოცხადებისას განსაზღვრავს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ კანდიდატის შეფასების ფორმებს და აცნობებს მათ ბიუროს. 5. კომისიის მიერ კანდიდატის შეფასების დასაბუთებული შედეგი აისახება კომისიის სხდომის ოქმში. 6. კომისიის სხდომის ოქმი მისი შედგენიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა წარედგინება პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირს. 7. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ფორმებით კანდიდატის შეფასებისას, კომისია უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოიყენოს სხვა ორგანიზაციის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ადამიანური რესურსი. 8. კანდიდატის თანხმობის შემთხვევაში, გასაუბრებაზე შეიძლება განხორციელდეს გასაუბრების აუდიო-ვიდეო ჩაწერა. მუხლი 22. ღია და დახურული კონკურსის შედეგები 1. კომისია პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარადგენს საუკეთესო კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წარდგენაზე. 2. კომისია შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა თითოეულ კანდიდატს ელექტრონულად ან/და წერილობით აცნობებს მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ. 3. საჯარო დაწესებულება ღია და დახურული კონკურსის შედეგების შესახებ ინფორმაციას ასახავს ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის შესაბამის მოდულში. მუხლი 23. ღია ან დახურული კონკურსის ჩაშლილად გამოცხადება ღია ან დახურული კონკურსი ჩაშლილად მიიჩნევა, თუ: ა) მასში მონაწილეობისათვის წარდგენილი არ იქნა არცერთი განაცხადი; ბ) კომისიამ დასაბუთებული უარი განაცხადა პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წარდგენაზე. მუხლი 24. ღია ან დახურული კონკურსის შეწყვეტის საფუძვლები 1. საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის, არასაკმარისი საბიუჯეტო სახსრების ან/და სხვა გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზის არსებობის შემთხვევაში, საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია, შეწყვიტოს გამოცხადებული ღია ან/და დახურული კონკურსი ნებისმიერ ეტაპზე, კანდიდატისათვის კომისიის საბოლოო გადაწყვეტილების გაცნობამდე. 2. საჯარო დაწესებულება ვალდებულია, ღია ან დახურული კონკურსის შეწყვეტის შესახებ დასაბუთებული გადაწყვეტილება შეატყობინოს კანდიდატებსა და ბიუროს. მუხლი 25. ბიუროს წარმომადგენლის ჩართულობა ღია და დახურულ კონკურსში 1. ბიუროს წარმომადგენელს უფლება აქვს, დაესწროს საჯარო დაწესებულებაში მიმდინარე კონკურსს მონიტორინგის მიზნით. 2. ბიუროს წარმომადგენელი კონკურსში შესაძლებელია ჩაერთოს საჯარო დაწესებულების დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე ან ბიუროს უფროსის გადაწყვეტილებით. 3. ბიუროს უფროსი, საჯარო დაწესებულების მოთხოვნის საფუძველზე, ბიუროს წარმომადგენლის კონკურსზე დასწრების საკითხს წყვეტს საჭიროებიდან გამომდინარე. 4. ბიუროს წარმომადგენელი, კონკურსზე დასწრების შემთხვევაში, ამზადებს ანგარიშს კონკურსის მიმდინარეობის შესახებ და წარუდგენს ბიუროს უფროსს.
თავი III. გამარტივებული კონკურსი მუხლი 26. გამარტივებული კონკურსით პირის საჯარო სამსახურში მიღება 1. კანდიდატი საჯარო სამსახურში შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მისაღებად შეირჩევა გამარტივებული კონკურსის საფუძველზე. 2. კანდიდატი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელისა და მისი მოადგილის ვაკანტურ თანამდებობაზე მისაღებად ასევე შეირჩევა გამარტივებული კონკურსის საფუძველზე. 3. გამარტივებული კონკურსი ტარდება ამ თავით დადგენილი წესების შესაბამისად. 4. საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული პირები შესაძლებელია შეირჩეს ამ წესის მე-2 თავით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. მუხლი 27. გამარტივებული კონკურსის გამოცხადება 1. გამარტივებული კონკურსის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი ან საამისოდ უფლებამოსილი პირი. 2. გამარტივებული კონკურსის ოფიციალურად გამოცხადება ხდება ამ წესის მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად. მუხლი 28. გამარტივებული კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინება 1. გამარტივებული კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) შესაბამისი საჯარო დაწესებულების დასახელებას; ბ) კანდიდატის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს; გ) შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაო აღწერილობას; დ) ინფორმაციას შრომის ანაზღაურების შესახებ; ე) განაცხადებისა და სხვა აუცილებელი დოკუმენტების ჩამონათვალსა და წარდგენის ვადას; ვ) საჯარო დაწესებულების მისამართს; ზ) კონკურსის ეტაპებს. 2. შესაბამისი საჯარო დაწესებულების გადაწყვეტილებით, შესაძლებელია, კონკურსის შესახებ შეტყობინებაში აისახოს სხვა ინფორმაციაც. მუხლი 29. გამარტივებულ კონკურსში მონაწილეობისათვის განაცხადის წარდგენა გამარტივებულ კონკურსში მონაწილეობისათვის განაცხადის წარდგენა ხდება ამ წესის მე-9 მუხლის მოთხოვნების შესაბამისად. მუხლი 30. გამარტივებული კონკურსის ეტაპები 1. გამარტივებული კონკურსის ეტაპებია: ა) კანდიდატების მიერ წარდგენილი განაცხადების გადარჩევა; ბ) შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება. 2. საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელ ან საამისოდ უფლებამოსილ პირს შეუძლია, კანდიდატის შეფასებისათვის, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გამარტივებული კონკურსის ეტაპებთან ერთად განსაზღვროს დამატებითი ეტაპი, რაც უნდა აისახოს კონკურსის ოფიციალურად გამოცხადების შესახებ შეტყობინებაში. მუხლი 31. გამარტივებული კონკურსის ჩატარება 1. გამარტივებულ კონკურსში მონაწილეობისათვის კანდიდატების მიერ წარდგენილი განაცხადების გადარჩევის ეტაპი ტარდება შესაბამისი საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის მიერ. 2. განაცხადების გადარჩევის შედეგების შესაბამისად, შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრებას ატარებს დაწესებულების ხელმძღვანელი ან საამისოდ უფლებამოსილი პირი საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის წარმომადგენლის თანდასწრებით. 3. გამარტივებული კონკურსის დასრულებისას დგება საერთო ოქმი, რომელსაც ხელს აწერს საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის შესაბამისი წარმომადგენელი და საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი ან საამისოდ უფლებამოსილი პირი. მუხლი 32. გამარტივებული კონკურსის შედეგები 1. გამარტივებული კონკურსის შედეგების შესაბამისად, საუკეთესო კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი ან საამისოდ უფლებამოსილი პირი. 2. გამარტივებული კონკურსის შედეგები აისახება ადამიანური რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში.
თავი IV. უფლების დაცვა მუხლი 33. საპრეტენზიო კომისია 1. შესაბამისი კონკურსის პროცედურებთან, ეტაპებსა და შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით, კონკურსის ჩატარებისათვის პასუხისმგებელი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ბრძანებით, შესაძლებელია შეიქმნას საპრეტენზიო კომისია. 2. საპრეტენზიო კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი. 3. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები (მათ შორის, მოწვეული პირები). 4. პირი, რომელიც მონაწილეობდა კონკურსის რომელიმე ეტაპის ჩატარებაში, არ შეიძლება იყოს საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში. 5. საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე. 6. საპრეტენზიო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. 7. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება კომისიის დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტად ითვლება სხდომის თავმჯდომარის ხმა. 8. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საპრეტენზიო კომისიის სხდომის თავმჯდომარე და კომისიის დამსწრე წევრები. 9. საპრეტენზიო კომისიის წევრს უფლება აქვს, თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. 10. კანდიდატს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება აქვს მხოლოდ წერილობითი ფორმით, კონკურსის შედეგების (მის მიმართ გამოტანილი საბოლოო გადაწყვეტილება) გამოცხადებიდან (გადაწყვეტილების ჩაბარებიდან – წერილობით გაგზავნის შემთხვევასა და გაგზავნიდან – გადაწყვეტილების ელექტრონული ფოსტით გაგზავნის შემთხვევაში) არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა. 11. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება კომისიის მიერ განიხილება არაუმეტეს 3 სამუშაო დღეში. მიღებული გადაწყვეტილება აისახება ოქმში და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება კომისიას. 12. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს კომისია საპრეტენზიო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაცნობის შემდგომ. 13. კომისიას უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, მოიწვიოს გაფართოებული სხდომა საპრეტენზიო კომისიის წევრთა მონაწილეობით. მუხლი 34. კონკურსის შედეგების გასაჩივრება კონკურსის მონაწილე კანდიდატს უფლება აქვს, კონკურსის პროცედურების, ეტაპებისა და შედეგების თაობაზე მიმართოს სასამართლოს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
|
დოკუმენტის კომენტარები