აუდიტორის/აუდიტორული (აუდიტური) ფირმის პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის არსებითი პირობების და სადაზღვევო თანხის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ

აუდიტორის/აუდიტორული (აუდიტური) ფირმის პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის არსებითი პირობების და სადაზღვევო თანხის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 17/10/2016
დოკუმენტის ტიპი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/10/2016
სარეგისტრაციო კოდი 290040000.64.076.016002
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
12
17/10/2016
ვებგვერდი, 17/10/2016
290040000.64.076.016002
აუდიტორის/აუდიტორული (აუდიტური) ფირმის პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის არსებითი პირობების და სადაზღვევო თანხის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (17/10/2016 - 28/10/2016)

 

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის

ბრძანება №12

2016 წლის 17 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

აუდიტორის/აუდიტორული (აუდიტური) ფირმის პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის არსებითი პირობების და სადაზღვევო თანხის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ

 „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის   მე-17 მუხლის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს „აუდიტორის/აუდიტორული (აუდიტური) ფირმის პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის არსებითი პირობების და სადაზღვევო თანხის განსაზღვრის წესი”.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსიიური დოლიძე



აუდიტორის/აუდიტორული (აუდიტური) ფირმის პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღევის არსებითი პირობების და სადაზღვევო თანხის განსაზღვრის წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს წესი განსაზღვრავს აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის არსებით პირობებს და სადაზღვევო თანხის განსაზღვრის წესს.

2. ეს წესი განკუთვნილია აუდიტორებისა და აუდიტორული (აუდიტური) ფირმების (შემდგომ აუდიტორული ფირმა) სახელმწიფო რეესტრში (შემდგომ – რეესტრი) რეგისტრირებული ან რეგისტრაციით დაინტერესებული, საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირისათვის, უცხოური საწარმოს ფილიალისა და ფიზიკური პირისათვის.

3. ამ ბრძანების მიზნებისთვის აუდიტორული საქმიანობა (მომსახურება) (შემდგომ – აუდიტორული მომსახურება) განიმარტება „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომ კანონი) მე-2 მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

მუხლი 2. დაზღვევის არსებითი პირობები

1. აუდიტორის/აუდიტორული ფირმის პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის ობიექტს წარმოადგენს კანონით გათვალისწინებული აუდიტორული მომსახურების გაწევის შედეგად სუბიექტისათვის მიყენებული მატერიალური ზიანი.

2. აუდიტორის/აუდიტორული ფირმის პროფესიული პასუხიმგებლობის დაზღვევა ხორციელდება მისი (დამზღვევის) მზღვეველთან დაზღვევის ხელშეკრულების დადებით. მზღვეველი შეიძლება იყოს:

ა) სააქციო საზოგადოების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია სადაზღვევო საქმიანობის განსახორციელებლად და რომელსაც „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის დადგენილი წესით მიღებული აქვს დაზღვევის შესაბამისი სახეობის განხორციელების ლიცენზია;

ბ) ეკონომიკური განვითარებისა და ურთიერთთანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყნებში რეგისტრირებული და შესაბამისი ორგანოების მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო და გადაზღვევის ორგანიზაციების მიერ საქართველოში დაფუძნებული ფილიალი (წარმომადგენლობა), რომელიც რეგისტრირებულია ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრაციისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. სადაზღვევო შემთხვევად, ამ ბრძანების მიზნებისათვის, ჩაითვლება რეესტრში კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებული აუდიტორის/აუდიტორული ფირმისთვის სადაზღვევო პოლისის მოქმედების პერიოდში სუბიექტის მხრიდან ისეთი მოთხოვნის წარდგენა, რომლის საფუძველია ამ აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ სადაზღვევო პოლისის მოქმედების (ან რეტროაქტიური) პერიოდის განმავლობაში, მისი რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ განხორციელებული აუდიტორული მომსახურებისას განზრახ, გაუფრთხილებლობით ან/და შეცდომით განხორციელებული ქმედების შედეგად დამდგარი მატერიალური ზიანი.

4. აუდიტორების/აუდიტორული ფირმების განზრახ ქმედებით გამოწვეული სადაზღვევო შემთხვევის საფუძველზე სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის შედეგად და შემდეგ მზღვეველი უფლებამოსილია დამზღვევის მიმართ გამოიყენოს რეგრესის უფლება.

5. აუდიტორი/აუდიტორული ფირმა ვალდებულია უფლებამოსილების განხორციელების მთელი პერიოდის მანძილზე დაზღვეული ჰქონდეს პროფესიული პასუხისმგებლობა. სადაზღვევო პოლისის მოქმედების ვადა უნდა განისაზღვროს არანაკლებ 1 წლით. სადაზღვევო პოლისით რეტროაქტიური პერიოდი უნდა განისაზღვროს სადაზღვევო პოლისის ძალაში შესვლის თარიღის წინმსწრები არანაკლებ 24 კალენდარული თვით. რეტროაქტიურ პერიოდში აუდიტორების/აუდიტორული ფირმების მიერ აუდიტორული მომსახურების პროცესში განხორციელებული ქმედებების შედეგად დამდგარი მატერიალური ზიანის სადაზღვევო ანაზღაურების გაცემისათვის აუცილებელია, რომ სადაზღვევო შემთხვევის საფუძველად განსაზღვრულ ქმედებას ადგილი ჰქონდეს რეტროაქტიური პერიოდის განმავლობაში. ასევე, აუცილებელია, რომ აუდიტორების/აუდიტორული ფირმებისათვის სუბიექტის მოთხოვნის შესახებ პირველად გახდეს ცნობილი შესაბამისი სადაზღვევო პოლისის მოქმედების პერიოდში.

6. აუდიტორის/აუდიტორული ფირმისათვის რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში, ამ აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ დაზღვევის პოლისის მოქმედების პერიოდში განხორციელებული მომსახურების შედეგად სუბიექტისათვის მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურებაზე მზღვეველი პასუხისმგებელია რეგისტრაციის შეწყვეტიდან მომდევნო 12 თვის განმავლობაში, მაგრამ არაუმეტეს სადაზღვევო პერიოდის დასრულებიდან მომდევნო 12 თვისა.

7. პროფესიული პასუხისმგებლობის სადაზღვევო პოლისის მთლიანი სადაზღვევო თანხის ოდენობა განისაზღვრება აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ წინა წელს აუდიტორული მომსახურებიდან მიღებული მთლიანი შემოსავლის მიხედვით და გამოიანგარიშება ქვემოთ ჩამოთვლილ სიდიდეებს შორის უდიდესის საფუძველზე:

ა) არანაკლებ აუდიტორული მომსახურებიდან მიღებული წინა წლის მთლიანი შემოსავალი გამრავლებული 2-ზე;

ბ) 100 000 ლარი.

8. ლიმიტი თითოეულ სადაზღვევო შემთხვევაზე უნდა შეადგენდეს მთლიანი სადაზღვევო თანხის არანაკლებ 10%-ს.

9. ფრანშიზა (მზღვეველის მიერ აუნაზღაურებელი მინიმუმი) თითოეული სადაზღვევო შემთხვევისათვის უნდა შეადგენდეს ასანაზღაურებელი თანხის არაუმეტეს 5%-ს, მაგრამ არანაკლებ:

ა) 1 000 ლარს, თუ დამზღვევს წარმოადგენს ფიზიკური პირი და ინდივიდუალურად ახორციელებს აუდიტორულ მომსახურებას;

ბ) 2 000 ლარს, თუ დამზღვევს წარმოადგენს იურიდიული პირი – აუდიტორული ფირმა.

10. აუდიტორი/აუდიტორული ფირმა ვალდებულია პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის თაობაზე დაზღვევის ხელშეკრულების დადების, შეწყვეტის ან მასში ცვლილების შეტანის თაობაზე (მათ შორის, სადაზღვევო თანხის გაზრდის ან შემცირების შესახებ) აცნობოს სამსახურს ხელშეკრულების დადების, შეწყვეტის ან მასში ცვლილების შეტანიდან არაუგვიანეს 5 სამუშო დღისა.

მუხლი 3. გარდამავალი დებულება

ის აუდიტორები/აუდიტორული ფირმები, რომლებიც ამ ბრძანების ამოქმედებამდე, 2016 წლის 25 ივნისამდე პერიოდში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებდნენ აუდიტორულ მომსახურებას და დაზღვეული აქვთ პროფესიული პასუხისმგებლობა, რეესტრში რეგისტრაციის მიზნით ვალდებულნი არიან ამ ბრძანების ამოქმედებამდე დადებულ დაზღვევის ხელშეკრულებებში განახორციელონ შესაბამისი ცვლილებები, ამ ბრძანებით დამტკიცებული წესის მოთხოვნათა დაცვით.