შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და დანიის სამეფოს მთავრობას შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და დანიის სამეფოს მთავრობას შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 37-5
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 11/11/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/10/2016
ძალაში შესვლის თარიღი 01/08/2016
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016430
37-5
11/11/2014
ვებგვერდი, 10/10/2016
480610000.03.030.016430
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და დანიის სამეფოს მთავრობას შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

შეთანხმება

საქართველოს მთავრობასა და დანიის სამეფოს მთავრობას შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ


მაღალი ხელშემკვრელი მხარეები,

საქართველოს მთავრობა, შემდგომში „საქართველოდ“ წოდებული,

და

დანიის სამეფოს მთავრობა, შემდგომში „დანიად“ წოდებული,

განზრახული აქვთ რა, გააძლიერონ თანამშრომლობა უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ უფრო ეფექტურად ბრძოლის მიზნით,

სურთ რა, წინამდებარე შეთანხმების საშუალებით და ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე, შეიმუშაონ სწრაფი და ეფექტური პროცედურები იმ პირთა იდენტიფიცირებისა და უსაფრთხო და ორგანიზებული დაბრუნების მიზნით, რომლებიც ვერ ან ვეღარ აკმაყოფილებენ საქართველოს ან დანიის ტერიტორიაზე შესვლის, ყოფნის ან ცხოვრებისათვის დადგენილ მოთხოვნებს, და ხელი შეუწყონ ასეთ პირთა ტრანზიტს თანამშრომლობის სულისკვეთებიდან გამომდინარე,

ხაზგასმით აღნიშნავენ რა, რომ წინამდებარე შეთანხმება არ ზღუდავს საქართველოს და დანიის იმ უფლებებს, ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობებს, რომლებიც გამომდინარეობს საერთაშორისო სამართლიდან და კერძოდ, „ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვის შესახებ“ 1950 წლის 4 ნოემბრის ევროპის კონვენციიდან და „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის 28 ივლისის კონვენციიდან, რომელიც შესწორებულია 1967 წლის 31 იანვრის ოქმით,

ეყრდნობიან რა, „საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ 2010 წლის 22 ნოემბერს ქ. ბრიუსელში ხელმოწერილ შეთანხმებას და დანიის სამეფოს შესახებ ერთობლივ დეკლარაციას, რომელიც თან ერთვის აღნიშნულ შეთანხმებას;   

შეთანხმდნენ შემდეგზე:  


 

მუხლი 1

განსაზღვრებები

 

წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის:

(a) „ხელშემკვრელი მხარეები“ ნიშნავს საქართველოსა და დანიას;

(b) „საქართველოს მოქალაქე“ ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელსაც გააჩნია საქართველოს მოქალაქეობა;

(c) „დანიის მოქალაქე“ ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელსაც გააჩნია დანიის მოქალაქეობა;

(d) „მესამე ქვეყნის მოქალაქე“ ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელსაც გააჩნია რომელიმე ქვეყნის მოქალაქეობა, საქართველოს ან დანიის მოქალაქეობის გარდა;

(e) „მოქალაქეობის არმქონე პირი“ ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელსაც არ გააჩნია არცერთი ქვეყნის მოქალაქეობა;

(f) „ბინადრობის ნებართვა“ ნიშნავს საქართველოს ან დანიის მიერ გაცემულ ნებისმიერი სახის ნებართვას, რომელიც პირს აძლევს მის ტერიტორიაზე ცხოვრების უფლებას. იგი არ გულისხმობს პირისთვის გაცემულ დროებით ნებართვებს, რომლებიც ითვალისწინებს პირის ყოფნას მის ტერიტორიაზე თავშესაფრის ან ბინადრობის ნებართვის მისაღებად შეტანილი განაცხადის განხილვასთან დაკავშირებით;

(g) „ვიზა“ ნიშნავს საქართველოს ან დანიის მიერ გაცემულ ნებართვას ან მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც აუცილებელია მის ტერიტორიაზე შესასვლელად ან ამ ტერიტორიების ტრანზიტულად გასავლელად.  აღნიშნული არ მოიცავს აეროპორტის სატრანზიტო ვიზებს;

(h) „მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფო“ ნიშნავს იმ სახელმწიფოს (საქართველო ან დანია), რომელიც წარადგენს რეადმისიის განაცხადს წინამდებარე შეთანხმების მე-7 მუხლის, ან ტრანზიტთან დაკავშირებულ განაცხადს - წინამდებარე შეთანხმების მე-14 მუხლის შესაბამისად;

(i) „მოთხოვნის მიმღები სახელმწიფო“ ნიშნავს იმ სახელმწიფოს (საქართველო ან დანია), რომელსაც წარუდგენენ რეადმისიის განაცხადს წინამდებარე შეთანხმების მე-7 მუხლის, ან ტრანზიტთან დაკავშირებულ განაცხადს - წინამდებარე შეთანხმების მე-14 მუხლის შესაბამისად;

(j) „კომპეტენტური ორგანო“ ნიშნავს საქართველოს ან დანიის ნებისმიერ სახელმწიფო ორგანოს, რომელსაც ეკისრება წინამდებარე შეთანხმების განხორციელება მისი მე-19(1)(a) მუხლის შესაბამისად;

(k) „ტრანზიტი“ ნიშნავს მესამე ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის გადაადგილებას მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფოდან დანიშნულების სახელმწიფომდე მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს ტერიტორიის გავლით;

(l) „სასაზღვრო რეგიონი“ ნიშნავს ტერიტორიას, რომელიც საქართველოსა და დანიის საზღვაო პორტების, ეკონომიკური საზღვრის კვეთის ზონების ჩათვლით, და საერთაშორისო აეროპორტების ტერიტორიიდან 5 კილომეტრის მანძილზე ვრცელდება.  

 

ნაწილი I

საქართველოს რეადმისიის ვალდებულებები

 

მუხლი 2

საკუთარ მოქალაქეთა რეადმისია

1. საქართველო, დანიის განაცხადის საფუძველზე და ყოველგვარი შემდგომი ფორმალობების გარეშე, გარდა წინამდებარე შეთანხმებაში მითითებულისა, განახორციელებს ყველა იმ პირის რეადმისიას, რომლებიც ვერ ან უკვე ვეღარ აკმაყოფილებენ დანიის ტერიტორიაზე შესვლის, ყოფნის ან ცხოვრების მოთხოვნებს, იმ პირობით, თუ დამტკიცდება ან ივარაუდება prima facie მტკიცებულების წარდგენის შემთხვევაში, რომ ეს პირები საქართველოს მოქალაქეები არიან. 

2. საქართველო, ასევე, განახორციელებს შემდეგი პირების რეადმისიას:

(a) პირველ პუნქტში მითითებულ პირთა არასრულწლოვანი დაუქორწინებელი შვილები, მიუხედავად მათი დაბადების ადგილის ან მოქალაქეობისა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მათ გააჩნიათ დანიაში ბინადრობის დამოუკიდებლად მიღებული უფლება; და

(b) პირველ პუნქტში მითითებულ პირთა მეუღლეები, რომელთაც გააჩნიათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, იმ პირობით, თუ მათ გააჩნიათ ან ენიჭებათ საქართველოს ტერიტორიაზე შესვლის და ყოფნის უფლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მათ გააჩნიათ დანიაში ბინადრობის დამოუკიდებლად მიღებული უფლება.

3. საქართველო ასევე განახორციელებს იმ პირთა რეადმისიას, რომლებსაც ჩამოერთვათ, ან რომლებმაც დაკარგეს ან რომლებიც გავიდნენ საქართველოს მოქალაქეობიდან დანიის ტერიტორიაზე შესვლის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამ პირებს მიენიჭათ ნატურალიზაცია დანიის კომპეტენტური ორგანოების მიერ.

4. რეადმისიის განაცხადთან დაკავშირებით საქართველოს მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქართველოს კომპეტენტური დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულება, რეადმისიას დაქვემდებარებული პირის სურვილის მიუხედავად, დაუყოვნებლივ და არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის განმავლობაში, გასცემს რეადმისიას დაქვემდებარებული პირის დაბრუნებისთვის აუცილებელ სამგზავრო დოკუმენტს, რომელსაც გააჩნია 90 დღიანი მოქმედების ვადა. თუ საქართველომ 3 სამუშაო დღის განმავლობაში არ გასცა სამგზავრო დოკუმენტი, ჩაითვლება, რომ ის ცნობს ევროკავშირის სტანდარტულ სამგზავრო დოკუმენტს, რომელიც გამოიყენება ქვეყნიდან გაძევების მიზნით[1]

5.  თუ იურიდიული ან ფაქტობრივი გარემოებების გამო, ვერ ხერხდება მოცემული პირის გადაცემა თავდაპირველად გაცემული სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების ვადაში, საქართველოს კომპეტენტური დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულება, 3 სამუშაო დღის განმავლობაში, სამგზავრო დოკუმენტს გაუგრძელებს მოქმედების ვადას ან, აუცილებლობის შემთხვევაში, გასცემს ახალ სამგზავრო დოკუმენტს მოქმედების იმავე ვადით. თუ საქართველომ 3 სამუშაო დღის განმავლობაში არ გასცა ახალი სამგზავრო დოკუმენტი ან არ გაუგრძელა მოქმედების ვადა სამგზავრო დოკუმენტს, ჩაითვლება, რომ ის ცნობს ევროკავშირის სტანდარტულ სამგზავრო დოკუმენტს, რომელიც გამოიყენება გაძევების მიზნით[2]

 

მუხლი 3

მესამე ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა რეადმისია

1. საქართველო, დანიის განაცხადის საფუძველზე და ყოველგვარი შემდგომი ფორმალობების გარეშე, გარდა წინამდებარე შეთანხმებაში მითითებულისა, განახორციელებს ყველა იმ მესამე ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის რეადმისიას, რომლებიც ვერ, ან ვეღარ აკმაყოფილებენ დანიის ტერიტორიაზე შესვლის, ყოფნის ან ცხოვრების მოთხოვნებს, იმ პირობით, თუ დამტკიცდება ან prima facie მტკიცებულების წარდგენის შემთხვევაში ივარაუდება, რომ ეს პირები:

(a) რეადმისიის განაცხადის წარდგენის დროს ფლობდნენ საქართველოს მიერ გაცემულ მოქმედ ვიზას ან ბინადრობის ნებართვას; ან

(b) საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის ან მისი ტერიტორიის ტრანზიტით გავლის შემდეგ, უკანონოდ და პირდაპირ შევიდნენ დანიის ტერიტორიაზე.

2. პირველ პუნქტში მითითებული რეადმისიის ვალდებულება არ იმოქმედებს, თუ:

(a)  მესამე ქვეყნის მოქალაქემ ან მოქალაქეობის არმქონე პირმა გადაკვეთა მხოლოდ საჰაერო ზონა საქართველოს საერთაშორისო აეროპორტის გავლით; ან

(b) დანიამ მესამე ქვეყნის მოქალაქეზე ან მოქალაქეობის არმქონე პირზე გასცა ვიზა ან ბინადრობის ნებართვა თავის ტერიტორიაზე შესვლამდე ან შესვლის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც:

(i) პირს გააჩნია საქართველოს მიერ გაცემული ვიზა ან ბინადრობის ნებართვა, მოქმედების უფრო ხანგრძლივი ვადით;

(ii) დანიის მიერ გაცემული ვიზა ან ბინადრობის ნებართვა მოპოვებულია გაყალბებული ან ფალსიფიცირებული დოკუმენტაციის გამოყენებით ან ცრუ განცხადებების გაკეთების საფუძველზე; ან

(iii) პირი ვერ ასრულებს ვიზასთან დაკავშირებულ რომელიმე პირობას.

(c) საქართველომ მესამე ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი გააძევა თავისი წარმომავლობის ქვეყანაში ან მესამე სახელმწიფოში.

3. რეადმისიის განაცხადთან დაკავშირებით საქართველოს მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქართველო იმ პირის სახელზე, რომლის რეადმისიაზეც მიღებულ იქნა თანხმობა, დაუყოვნებლივ და არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის განმავლობაში გასცემს სამგზავრო დოკუმენტს, რომელიც გამოიყენება გაძევების მიზნით. თუ საქართველომ 3 სამუშაო დღის განმავლობაში არ გასცა სამგზავრო დოკუმენტი, ჩაითვლება, რომ ის ცნობს ევროკავშირის სტანდარტულ სამგზავრო დოკუმენტს, რომელიც გამოიყენება გაძევების მიზნით. 

 

ნაწილი II

დანიის რეადმისიის ვალდებულებები

 

მუხლი 4

საკუთარ მოქალაქეთა რეადმისია

1. დანია, საქართველოს განაცხადის საფუძველზე და ყოველგვარი შემდგომი ფორმალობების გარეშე, გარდა წინამდებარე შეთანხმებაში მითითებულისა, განახორციელებს ყველა იმ პირის რეადმისიას, რომლებიც ვერ ან უკვე ვეღარ აკმაყოფილებენ საქართველოს ტერიტორიაზე შესვლის, ყოფნის ან ცხოვრების მოთხოვნებს, იმ პირობით, თუ დამტკიცდება, ან ივარაუდება prima facie მტკიცებულების წარდგენის შემთხვევაში, რომ ეს პირები დანიის მოქალაქეები არიან. 

2. დანია ასევე განახორციელებს შემდეგი პირების რეადმისიას:

(a) პირველ პუნქტში მითითებულ პირთა არასრულწლოვანი დაუქორწინებელი შვილები, მიუხედავად მათი დაბადების ადგილისა და მოქალაქეობისა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მათ გააჩნიათ საქართველოში ბინადრობის დამოუკიდებლად მიღებული უფლება; და

(b) პირველ პუნქტში მითითებულ პირთა მეუღლეები, რომლებსაც აქვთ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, იმ პირობით, თუ მათ გააჩნიათ ან ენიჭებათ დანიის ტერიტორიაზე შესვლის და დარჩენის უფლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მათ გააჩნიათ საქართველოში ბინადრობის დამოუკიდებლად მიღებული უფლება.

3. დანია ასევე განახორციელებს იმ პირთა რეადმისიას, რომლებსაც ჩამოერთვათ ან რომლებიც გავიდნენ დანიის მოქალაქეობიდან საქართველოს ტერიტორიაზე შესვლის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამ პირებს მიენიჭათ ნატურალიზაცია საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიერ.

4. რეადმისიის განაცხადთან დაკავშირებით დანიის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დანიის კომპეტენტური დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულება, რეადმისიას დაქვემდებარებული პირის სურვილის მიუხედავად, დაუყოვნებლივ და არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის განმავლობაში, გასცემს რეადმისიას დაქვემდებარებული პირის დაბრუნებისთვის აუცილებელ სამგზავრო დოკუმენტს, რომელსაც აქვს 90-დღიანი მოქმედების ვადა. თუ დანიამ 3 სამუშაო დღის განმავლობაში არ გასცა სამგზავრო დოკუმენტი, ჩაითვლება, რომ ის ცნობს საქართველოს სტანდარტულ სამგზავრო დოკუმენტს, რომელიც გამოიყენება გაძევების მიზნით.

5. თუ იურიდიული ან ფაქტობრივი გარემოებების გამო, ვერ ხერხდება პირის გადაცემა თავდაპირველად გაცემული სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების პერიოდში, დანიის კომპეტენტური დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულება 3 სამუშაო დღის განმავლობაში სამგზავრო დოკუმენტს გაუგრძელებს მოქმედების ვადას ან, აუცილებლობის შემთხვევაში, გასცემს ახალ სამგზავრო დოკუმენტს მოქმედების იმავე ვადით. თუ დანიამ 3 სამუშაო დღის განმავლობაში არ გასცა ახალი სამგზავრო დოკუმენტი ან არ გაუგრძელა მოქმედების ვადა სამგზავრო დოკუმენტს, ჩაითვლება, რომ ის ცნობს საქართველოს სტანდარტულ სამგზავრო დოკუმენტს, რომელიც გამოიყენება ქვეყნიდან გაძევების მიზნით. 

 

მუხლი 5

მესამე ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა რეადმისია

1. დანია, საქართველოს განაცხადის საფუძველზე და ყოველგვარი შემდგომი ფორმალობების გარეშე, გარდა წინამდებარე შეთანხმებაში მითითებულისა, განახორციელებს ყველა იმ მესამე ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის რეადმისიას, რომლებიც ვერ, ან უკვე ვეღარ აკმაყოფილებენ საქართველოს ტერიტორიაზე შესვლის, ყოფნის ან ცხოვრების მოთხოვნებს, იმ პირობით, თუ დამტკიცდება ან prima facie მტკიცებულების წარდგენის შემთხვევაში ივარაუდება, რომ ეს პირები:

(a) რეადმისიის განაცხადის წარდგენის დროს ფლობდნენ დანიის მიერ გაცემულ მოქმედ ვიზას ან ბინადრობის ნებართვას; ან

(b) დანიის ტერიტორიაზე ყოფნის ან ამ ტერიტორიის ტრანზიტით გავლის შემდეგ, უკანონოდ და პირდაპირ შევიდნენ საქართველოს ტერიტორიაზე.

2. პირველ პუნქტში მითითებული რეადმისიის ვალდებულება არ იმოქმედებს, თუ:

(a) მესამე ქვეყნის მოქალაქემ ან მოქალაქეობის არმქონე პირმა გადაკვეთა მხოლოდ საჰაერო ზონა დანიის საერთაშორისო აეროპორტის გავლით; ან

(b) საქართველომ მესამე ქვეყნის მოქალაქეზე ან მოქალაქეობის არმქონე პირზე გასცა ვიზა ან ბინადრობის ნებართვა მის ტერიტორიაზე შესვლამდე ან შესვლის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც:

(i) პირს გააჩნია დანიის მიერ გაცემული ვიზა ან ბინადრობის ნებართვა, მოქმედების უფრო ხანგრძლივი ვადით;

(ii)  საქართველოს მიერ გაცემული ვიზა ან ბინადრობის ნებართვა მიღებულია გაყალბებული ან ფალსიფიცირებული დოკუმენტების გამოყენებით ან ცრუ განცხადებების გაკეთების საფუძველზე; ან

(iii) პირი ვერ ასრულებს ვიზასთან დაკავშირებულ რომელიმე პირობას.

(c) დანიამ მესამე ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი გააძევა თავისი წარმომავლობის ქვეყანაში ან მესამე სახელმწიფოში.

3. რეადმისიის განაცხადთან დაკავშირებით დანიის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დანია იმ პირის სახელზე, რომლის რეადმისიაზეც მიღებულ იქნა თანხმობა, დაუყოვნებლივ და არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის განმავლობაში გასცემს სამგზავრო დოკუმენტს, რომელიც გამოიყენება გაძევების მიზნით. თუ დანიამ 3 სამუშაო დღის განმავლობაში არ გასცა სამგზავრო დოკუმენტი, ჩაითვლება, რომ ის ცნობს საქართველოს სტანდარტულ სამგზავრო დოკუმენტს, რომელიც გამოიყენება ქვეყნიდან გაძევების მიზნით. 

 

ნაწილი III

რეადმისიის პროცედურა

 

მუხლი 6

პრინციპები

1. მე-2 პუნქტის თანახმად, მე-2 მუხლიდან მე-5 მუხლის ჩათვლით გათვალისწინებული ერთ-ერთი ვალდებულების საფუძველზე რეადმისიას დაქვემდებარებული პირის ნებისმიერი გადაცემა მოითხოვს რეადმისიის განაცხადის წარდგენას მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოსთვის.

2. თუ რეადმისიას დაქვემდებარებული პირი ფლობს მოქმედ სამგზავრო დოკუმენტს ან პირადობის დამადასტურებელ მოწმობას, ასეთი პირის გადაცემის მიზნით მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფო ვალდებული არ არის რეადმისიის განაცხადი ან წერილობითი შეტყობინება მე-11(1) მუხლის შესაბამისად წარუდგინოს მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს.

3. მე-2 პუნქტის შეუზღუდავად, თუ პირი დაკავებულ იქნა მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფოს სასაზღვრო რეგიონში (აეროპორტების ჩათვლით), მას შემდეგ რაც მან უკანონოდ გადაკვეთა საზღვარი უშუალოდ მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს ტერიტორიიდან, მოთხოვნის წარმდგენ სახელმწიფოს შეუძლია წარადგინოს რეადმისიის განაცხადი პირის დაკავების შემდეგ 2 დღის განმავლობაში (დაჩქარებული პროცედურა). 

 

მუხლი 7

რეადმისიის განაცხადი

1. შესაძლებლობის ფარგლებში, რეადმისიის განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:

(a) რეადმისიას დაქვემდებარებული პირის შესახებ მონაცემები (მაგ.: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და თუ შესაძლებელია – დაბადების ადგილი და ბოლო საცხოვრებელი ადგილი) და, საჭიროების შემთხვევაში, მონაცემები არასრულწლოვანი დაუქორწინებელი შვილებისა ან/და მეუღლეების შესახებ;

(b) საკუთარი მოქალაქეების შემთხვევაში მითითება, თუ რა საშუალებით მოხდება მოქალაქეობის დამადასტურებელი საბუთის ან prima facie მტკიცებულების წარდგენა;

(c) მესამე ქვეყნის მოქალაქეების ან მოქალაქეობის არმქონე პირთა შემთხვევაში მითითება, თუ რა საშუალებით მოხდება მესამე ქვეყნის მოქალაქეების ან მოქალაქეობის არმქონე პირთა რეადმისიის პირობების და უკანონო შესვლის და ცხოვრების დამადასტურებელი საბუთის ან prima facie მტკიცებულების წარდგენა;

(d) რეადმისიას დაქვემდებარებული პირის ფოტოსურათი;

(e) თითების ანაბეჭდები.

2. შესაძლებლობის ფარგლებში, რეადმისიის განაცხადი ასევე უნდა შეიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:

(a) განცხადება, რომ გადასაცემ პირს შესაძლებელია ესაჭიროებოდეს დახმარება, ან მზრუნველობა, იმ პირობით, თუ პირმა აღნიშნულზე დასტური მკაფიოდ გამოხატა;

(b) დაცვის, უსაფრთხოების ნებისმიერი სხვა ზომა ან პირის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა აუცილებელი იყოს გადაცემის კონკრეტულ შემთხვევაში.

3. რეადმისიის განაცხადის საერთო ფორმა თან ერთვის წინამდებარე შეთანხმებას მე-5 დანართის სახით.

4. რეადმისიის განაცხადის წარდგენა შესაძლებელია საკომუნიკაციო საშუალებების გზით, რაც არ გამორიცხავს ელექტრონულ საშუალებებსაც.

 

მუხლი 8

მოქალაქეობასთან დაკავშირებული მტკიცებულებები

1. მე-2(1) მუხლისა და მე-4(1) მუხლის შესაბამისად, მოქალაქეობის დამადასტურებელ საბუთს შესაძლებელია წარმოადგენდეს წინამდებარე შეთანხმების პირველ დანართში მითითებული დოკუმენტაცია, მათ შორის 6 თვემდე ვადაგასული დოკუმენტები. ასეთი დოკუმენტების წარდგენის შემთხვევაში, საქართველო და დანია ერთობლივად ცნობენ მოქალაქეობას შემდგომი მოკვლევის ჩატარების გარეშე. მოქალაქეობის დამადასტურებელ საბუთს არ შეიძლება წარმოადგენდეს ყალბი დოკუმენტაცია.

2. მე-2(1) მუხლისა და მე-4(1) მუხლის შესაბამისად მოქალაქეობის დამადასტურებელ prima facie მტკიცებულებებს შესაძლებელია წარმოადგენდეს წინამდებარე შეთანხმების მე-2 დანართში მითითებული დოკუმენტაცია, მაშინაც კი, თუ მათი მოქმედების ვადა გასულია. ასეთი დოკუმენტების წარდგენის შემთხვევაში, საქართველო და დანია მოქალაქეობას დადგენილად ჩათვლიან, თუ სხვა რამ არ შეიძლება დამტკიცდეს. prima facie მტკიცებულებებს არ შეიძლება წარმოადგენდეს ყალბი დოკუმენტაცია.

3. თუ პირველ და მე-2 დანართებში მითითებული ვერცერთი დოკუმენტის წარდგენა ვერ ხერხდება, ან, თუ ისინი სრულად არაა წარმოდგენილი, მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტური დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულება, მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფოს თხოვნით, რომელიც თან ერთვის რეადმისიის განაცხადს, უზრუნველყოფს რეადმისიას დაქვემდებარებულ პირთან გასაუბრებას გაჭიანურების გარეშე, მისი მოქალაქეობის დადგენის მიზნით, რეადმისიის განაცხადის მიღების დღიდან არაუგვიანეს 4 სამუშაო დღის განმავლობაში. ასეთი გასაუბრების ჩატარების პროცედურა შესაძლებელია განისაზღვროს წინამდებარე შეთანხმების მე-19 მუხლით გათვალისწინებულ საიმპლემენტაციო ოქმში.

 

მუხლი 9

მესამე ქვეყნის მოქალაქეებთან და მოქალაქეობის არმქონე პირებთან დაკავშირებული მტკიცებულებები

1. მე-3(1) და მე-5(1) მუხლების შესაბამისად, მესამე ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა რეადმისიისთვის საჭირო გარემოებათა დამადასტურებელ საბუთს უნდა წარმოადგენდეს წინამდებარე შეთანხმების მე-3 დანართში მითითებული მტკიცებულებები; აღნიშნულ მტკიცებულებებად არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ყალბი დოკუმენტაცია. საქართველო და დანია ერთობლივად ცნობენ ნებისმიერ ასეთ დამადასტურებელ საბუთს შემდგომი მოკვლევის ჩატარების გარეშე.

2. მე-3(1) და მე-5(1) მუხლების შესაბამისად მესამე ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა რეადმისიისთვის საჭირო გარემოებათა დამადასტურებელ prima facie მტკიცებულებებს უნდა წარმოადგენდეს წინამდებარე შეთანხმების მე-4 დანართში მითითებული მტკიცებულებები; აღნიშნულ მტკიცებულებებად არ შეიძლება ყალბი დოკუმენტაციის გამოყენება. ასეთი prima facie მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, საქართველო და დანია გარემოებებს დადგენილად ჩათვლიან, თუ საწინააღმდეგოს დამტკიცება არ ხერხდება.

3. ქვეყანაში შესვლის, ყოფნის ან ცხოვრების უკანონობა დგინდება პირის სამგზავრო დოკუმენტაციის საფუძველზე, რომელშიც არ არის მოცემული მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესასვლელად აუცილებელი ვიზა ან ბინადრობის სხვა სახის ნებართვა. მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფოს განცხადება, რომ პირს არ გააჩნდა აუცილებელი სამგზავრო დოკუმენტი, ვიზა ან ბინადრობის ნებართვა წარმოადგენს უკანონო შესვლის, ყოფნის ან ცხოვრების დამადასტურებელ prima facie მტკიცებულებას.

 

მუხლი 10

ვადები

1. მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს რეადმისიის განაცხადი უნდა წარედგინოს მაქსიმუმ 6 თვის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო შეიტყობს, რომ მესამე ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი ვერ ან ვეღარ აკმაყოფილებს ამ ქვეყანაში შესვლის, ყოფნის ან ცხოვრებისათვის დადგენილ მოთხოვნებს. თუ განაცხადის დროულად წარდგენას ხელს უშლის რაიმე იურიდიული ან ფაქტობრივი სახის დაბრკოლება, მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფოს მოთხოვნისამებრ, ვადა გაგრძელდება, მაგრამ მხოლოდ დაბრკოლებების აღმოფხვრამდე.

2. რეადმისიის განაცხადს პასუხი უნდა გაეცეს წერილობით:

(a) 2 სამუშაო დღის განმავლობაში, თუ განაცხადი შეტანილ იქნა დაჩქარებული წესით (მე-6(3) მუხლი); ან

(b) 12 კალენდარული დღის განმავლობაში ყველა სხვა შემთხვევაში. 

ვადის ათვლა დაიწყება რეადმისიის მოთხოვნის მიღების დღიდან. აღნიშნული ვადის ფარგლებში პასუხის მიუღებლობის შემთხვევაში, გადაცემა ჩაითვლება შეთანხმებულად.

3. რეადმისიის მოთხოვნაზე უარის მიზეზები დასაბუთებულ უნდა იქნას წერილობით.

4. თანხმობის მიცემის შემდეგ ან საჭიროების შემთხვევაში, მე-2 პუნქტში მითითებული ვადის გასვლის შემდეგ, პირის გადაცემა განხორციელდება 3 თვის ვადაში. მოთხოვნის წარმდგენი მხარის თხოვნით, აღნიშნული ვადა შეიძლება გაგრძელდეს იმ პერიოდით, რომელიც საჭიროა იურიდიული ან პრაქტიკული სახის დაბრკოლებათა აღმოსაფხვრელად. 

 

მუხლი 11

გადაცემის ფორმები და ტრანსპორტირების სახეები

1. მე-6(2) მუხლის შეუზღუდავად, პირის დაბრუნებამდე, მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს წერილობით და არანაკლებ 3 სამუშაო დღით ადრე აცნობებენ გადაცემის დროის, შესვლის პუნქტის, შესაძლო ესკორტის და გადაცემასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაციის შესახებ.

2. ტრანსპორტირება შესაძლებელია განხორციელდეს საჰაერო და სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებებით. დაბრუნება საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით არ შემოიფარგლება მხოლოდ საქართველოს ან დანიის სატრანსპორტო კომპანიების მომსახურების გამოყენებით და შესაძლებელია განხორციელდეს რეგულარული ან, მოთხოვნის მიმღები მხარის მოქალაქეთა შემთხვევაში, ჩარტერული რეისებით. ესკორტირებული დაბრუნების შემთხვევაში, ასეთი ესკორტები არ შემოიფარგლება მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფოს უფლებამოსილი პირების მონაწილეობით, თუმცა ისინი უნდა იყვნენ საქართველოს ან დანიის მიერ უფლებამოსილი პირები.

 

 

მუხლი 12

შეცდომით განხორციელებული რეადმისია

მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფო დაიბრუნებს მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს მიერ ნებისმიერ რეადმისირებულ პირს, თუ პირის გადაცემიდან 6 თვის, ხოლო მესამე ქვეყნის მოქალაქეების ან მოქალაქეობის არმქონე პირთა შემთხვევაში – 12 თვის განმავლობაში დადგინდება, რომ წინამდებარე შეთანხმებაში მე-2 მუხლიდან მე-5 მუხლის ჩათვლით წარმოდგენილი პირობები არ არის დაკმაყოფილებული. 

ასეთ შემთხვევებში წინამდებარე შეთანხმების პროცედურული ნორმები იმოქმედებს შესაბამისი ცვლილებებით და წარმოდგენილ იქნება დასაბრუნებელი პირის ვინაობასთან და მოქალაქეობასთან დაკავშირებული ყოველგვარი არსებული ინფორმაცია.

 

ნაწილი IV

სატრანზიტო ოპერაციები

 

მუხლი 13

პრინციპები

1. საქართველომ და დანიამ უნდა გაამკაცრონ მესამე ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა ტრანზიტის ის შემთხვევები, როდესაც შეუძლებელია ასეთ პირთა პირდაპირი დაბრუნება დანიშნულების სახელმწიფოში.

2. საქართველო გასცემს ნებართვას მესამე ქვეყნის მოქალაქეთა ან მოქალაქეობის არმქონე პირთა ტრანზიტზე დანიის მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო დანია გასცემს ნებართვას მესამე ქვეყნის მოქალაქეთა ან მოქალაქეობის არმქონე პირთა ტრანზიტზე საქართველოს მოთხოვნის საფუძველზე, იმ შემთხვევაში, თუ გარანტირებულია შესვლა ტრანზიტის სხვა შესაძლო სახელმწიფოებში და რეადმისია საბოლოო დანიშნულების სახელმწიფოს მიერ.

3. საქართველომ ან დანიამ შესაძლოა უარი თქვას ტრანზიტზე:

(a) თუ მესამე ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს ემუქრება წამების, ან არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის, ან სასჯელის, ან სასიკვდილო განაჩენის, ან რასობრივი წარმოშობის, რელიგიური მრწამსის, ეროვნების, კონკრეტულ სოციალურ ჯგუფთან კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულებების გამო დევნის საფრთხე დანიშნულების სახელმწიფოში ან ტრანზიტის სხვა სახელმწიფოში;

(b) თუ მესამე ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი დაექვემდებარება სისხლისსამართლებრივ სანქციებს მოთხოვნის მიმღებ სახელმწიფოში ან ტრანზიტის სხვა სახელმწიფოში; ან

(c) ჯანდაცვის, შიდასახელმწიფოებრივი უსაფრთხოების, საჯარო წესრიგის, ან მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს სხვა ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე.

4. საქართველომ ან დანიამ შეიძლება გააუქმოს ნებისმიერი გაცემული ნებართვა, თუ შემდგომში წარმოიშობა ან გაირკვევა მე-3 პუნქტში მითითებული ისეთი გარემოებები, რომლებიც ხელს უშლის სატრანზიტო ოპერაციის განხორციელებას, ან, თუ გარანტირებული აღარ არის მგზავრობის გაგრძელება ტრანზიტის შესაძლო სახელმწიფოებში ან რეადმისია საბოლოო დანიშნულების სახელმწიფოში. ასეთ შემთხვევაში მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფო უკან დააბრუნებს მესამე ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, არსებული აუცილებლობიდან გამომდინარე და გაჭიანურების გარეშე.

მუხლი 14

სატრანზიტო პროცედურა

1. სატრანზიტო ოპერაციებთან დაკავშირებული ნებისმიერი განაცხადი უნდა წარედგინოს მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს წერილობით და უნდა შეიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:

(a) ტრანზიტის ტიპი (საჰაერო ან სახმელეთო), ტრანზიტის სხვა შესაძლო სახელმწიფოები და საბოლოო დანიშნულების სახელმწიფო;

(b) პირის მონაცემები (მაგ. სახელი, გვარი, ქალიშვილობის გვარი, სხვა სახელი, რომელსაც იყენებს/რომლითაც ცნობილია, ან მეტსახელი, დაბადების თარიღი, სქესი და თუ შესაძლებელია – დაბადების ადგილი, მოქალაქეობა, ენა, სამგზავრო დოკუმენტის ტიპი და ნომერი);

(c) შესვლის სავარაუდო პუნქტი, გადაცემის დრო და ესკორტის შესაძლო თანხლება;

(d) დეკლარაცია, რომ მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფოს შეხედულებით, შესრულებულია მე-13(2) მუხლის ყველა პირობა და მე-13(3) მუხლის შესაბამისად, არ არსებობს უარის თქმის საფუძველი.

ტრანზიტის განაცხადის საერთო ფორმა მოცემულია წინამდებარე შეთანხმების მე-6 დანართში.

2. მოთხოვნის მიმღები სახელმწიფო ვალდებულია, განაცხადის მიღებიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში წერილობითი ფორმით, აცნობოს მოთხოვნის წარმდგენ სახელმწიფოს თავისი თანხმობა ტერიტორიაზე შეშვებასთან დაკავშირებით, დაუდასტუროს საზღვრის გადაკვეთის პუნქტი და შეშვების დრო,  ან განუცხადოს შეშვებაზე უარი და აცნობოს უარის მიზეზები.

3. თუ სატრანზიტო ოპერაცია ხორციელდება საჰაერო ტრანსპორტით, გადასაცემი პირი და შესაძლო თანმხლები პირები თავისუფლდებიან აეროპორტის სატრანზიტო ვიზის აღების ვალდებულებისაგან.

4. მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები, ორმხრივი კონსულტაციების საფუძველზე, ხელს შეუწყობენ სატრანზიტო ოპერაციების განხორციელებას, პირებზე ზედამხედველობის განხორციელებისა და ამ მიზნით შესაბამისი პირობების შექმნის გზით.

5. პირების ტრანზიტი უნდა განხორციელდეს მოთხოვნაზე თანხმობის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში.

 

ნაწილი V

ხარჯები

 

მუხლი 15

ტრანსპორტირებისა და ტრანზიტის ხარჯები

კომპეტენტურ ორგანოთა უფლების შეუზღუდავად, მოითხოვონ რეადმისიასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება რეადმისიას დაქვემდებარებული პირისგან ან მესამე მხარეებისგან, წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად რეადმისიასა და ტრანზიტთან დაკავშირებულ ყველა სატრანსპორტო ხარჯს საბოლოო დანიშნულების სახელმწიფოს საზღვრამდე აანაზღაურებს მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფო.

 

ნაწილი VI

მონაცემთა დაცვა და შეუზღუდველობის დათქმა

 

მუხლი 16

მონაცემთა დაცვა

პერსონალურ მონაცემთა გადაცემა განხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ასეთი გადაცემა აუცილებელია საქართველოს ან დანიის კომპეტენტური ორგანოების მიერ წინამდებარე შეთანხმების განხორციელების მიზნით, მიუხედავად კონკრეტული შემთხვევისა. პერსონალურ მონაცემთა დამუშავება და დაცვა კონკრეტულ შემთხვევაში ექვემდებარება საქართველოს შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობას, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მაკონტროლებელს წარმოადგენს დანიის კომპეტენტური ორგანო – 95/46/EC დირექტივის დებულებებს და დანიის მიერ აღნიშნული დირექტივის შესაბამისად მიღებულ კანონებს. დამატებით გამოიყენება შემდეგი პრინციპები:

(a) პერსონალურ მონაცემთა დამუშავება უნდა მოხდეს სამართლიანი და კანონიერი გზით;

(b) პერსონალურ მონაცემთა შეგროვება ხორციელდება წინამდებარე შეთანხმების განხორციელების კონკრეტული, მკაფიოდ გამოხატული და ლეგიტიმური მიზნით და იგი არ ექვემდებარება შემდგომ დამუშავებას ამ მიზნისთვის შეუფერებლად, არც მონაცემთა გადამცემი ორგანოს და არც მიმღები ორგანოს მიერ;

(c) პერსონალური მონაცემები უნდა იყოს ადეკვატური, შესაბამისი და არ სცდებოდეს იმ მიზანს, რომლისთვისაც მოხდა მათი შეგროვება ან/და შემდგომი დამუშავება; კერძოდ, გადაცემული პერსონალური მონაცემები უნდა მოიცავდეს მხოლოდ შემდეგს:  

(i) გადასაცემი პირის მონაცემები (მაგ., გვარი, სახელი, ნებისმიერი ადრინდელი სახელი, სხვა სახელი, რომელსაც იყენებს/რომლითაც ცნობილია, ან მეტსახელი, სქესი, სამოქალაქო მდგომარეობა, დაბადების თარიღი და ადგილი, ამჟამინდელი და ნებისმიერი ადრინდელი მოქალაქეობა);

(ii) პასპორტი, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან მართვის მოწმობა (ნომერი, მოქმედების ვადა, გაცემის თარიღი, გამცემი ორგანო, გაცემის ადგილი);

(iii)  გასაჩერებელი ადგილები და მარშრუტები;

(iv) სხვა მონაცემები, რომლებიც საჭიროა გადასაცემი პირის ამოსაცნობად ან წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული რეადმისიის მოთხოვნების გაცნობის მიზნით;

(d) პერსონალური მონაცემები უნდა იყოს ზუსტი და საჭიროების შემთხვევაში უნდა განახლდეს;

(e) პერსონალური მონაცემები შენახულ უნდა იქნას ისეთი ფორმით, რომელიც იძლევა მონაცემთა სუბიექტების იდენტიფიცირების საშუალებას, არაუმეტეს იმ პერიოდის განმავლობაში, რაც აუცილებელია იმ მიზნის შესასრულებლად, რომლისთვისაც მოხდა აღნიშნულ მონაცემთა შეგროვება ან ხდება მათი შემდგომი დამუშავება;

(f) როგორც მონაცემთა გადამცემი, ისე მიმღები ორგანო მიიღებს ყველა აუცილებელ ზომას, რათა უზრუნველყოს პერსონალურ მონაცემთა შესწორება, წაშლა ან ბლოკირება იმ შემთხვევაში, თუ დამუშავება არ ხორციელდება ამ მუხლის დებულებათა შესაბამისად, კერძოდ, თუ მონაცემები არ არის ადეკვატური, შესაბამისი, ზუსტი, ან სცილდება იმ მიზანს, რომლისთვისაც ხდება მათი დამუშავება. აღნიშნული ითვალისწინებს მეორე მხარისთვის მონაცემთა შესწორების, წაშლის ან ბლოკირების შესახებ შეტყობინების გაგზავნას;

(g) მოთხოვნის შემთხვევაში, მონაცემთა მიმღები ორგანო გადამცემ ორგანოს აცნობებს გადაცემული მონაცემების გამოყენების და მიღებული შედეგების შესახებ;

(h) პერსონალური მონაცემები შესაძლოა გადაეცეს მხოლოდ კომპეტენტურ ორგანოებს. სხვა ორგანოებისთვის მათი შემდგომი გადაცემა საჭიროებს მონაცემთა გადამცემი ორგანოს წინასწარ თანხმობას;

(i) მონაცემთა გადამცემ და მიმღებ ორგანოებს ეკისრებათ პერსონალურ მონაცემთა გადაცემის და მიღების წერილობითი აღრიცხვის ვალდებულება.

 

მუხლი 17

შეუზღუდველობის დათქმა

1. წინამდებარე შეთანხმება არ ზღუდავს საქართველოს და დანიის იმ უფლებებს, ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობებს, რომლებიც გამომდინარეობს საერთაშორისო სამართლიდან და, კერძოდ, შემდეგი დოკუმენტებიდან:

(a)  „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის 28 ივლისის კონვენცია, შესწორებული 1967 წლის 31 იანვრის ოქმით „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“;

(b) საერთაშორისო კონვენციები, რომლებიც განსაზღვრავენ თავშესაფრის მიღების მიზნით შეტანილი განაცხადების განხილვაზე პასუხისმგებელ სახელმწიფოს;          

(c) „ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების შესახებ“ 1950 წლის 4 ნოემბრის ევროპის კონვენცია  და მისი ოქმები;

(d) „წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის, ან სასჯელის წინააღმდეგ“ 1984 წლის 10 დეკემბრის გაეროს კონვენცია;

(e) საერთაშორისო კონვენციები ექსტრადიციისა და ტრანზიტის შესახებ;

(f) მრავალმხრივი საერთაშორისო კონვენციები და შეთანხმებები უცხოელ მოქალაქეთა რეადმისიის შესახებ, როგორიცაა „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ 1944 წლის 7 დეკემბრის კონვენცია.

2. წინამდებარე შეთანხმების არცერთი პუნქტი ხელს არ უშლის პირის დაბრუნებას რომელიმე სხვა ფორმალური ან არაფორმალური შეთანხმების საფუძველზე.

 

ნაწილი VII

იმპლემენტაცია და გამოყენება

 

მუხლი 18

ექსპერტთა ერთობლივი ჯგუფი

1.  ხელშემკვრელი მხარეები ერთმანეთს გაუწევენ დახმარებას წინამდებარე შეთანხმების გამოყენებასა და განმარტებაში. ამ მიზნით ისინი შექმნიან ექსპერტთა ერთობლივ ჯგუფს (შემდგომში წოდებული როგორც „ექსპერტთა ჯგუფი“), რომელიც, კერძოდ, შეასრულებს შემდეგ ფუნქციებს:

(a) გააკონტროლებს წინამდებარე შეთანხმების გამოყენებას;

(b) წარმოადგენს შესწორებებს წინამდებარე შეთანხმებასა და მის დანართებში.

2. ექსპერტთა ჯგუფი შეიკრიბება საჭიროებისამებრ, ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნის საფუძველზე.

 

მუხლი 19

საიმპლემენტაციო ოქმები

1. საქართველოს ან დანიის მოთხოვნით, საქართველო და დანია შეიმუშავებენ საიმპლემენტაციო ოქმს, რომელშიც, მათ შორის, შედის შემდეგი წესები:

(a) კომპეტენტური ორგანოების და საზღვრის გადაკვეთის პუნქტების განსაზღვრა და საკონტაქტო მონაცემების გაცვლა; 

(b) ესკორტირებული დაბრუნების პირობები, მესამე ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა ესკორტირებული ტრანზიტის ჩათვლით;

(c) საშუალებები და დოკუმენტაცია, გარდა წინამდებარე შეთანხმების 1-4 დანართებში მითითებულისა;

(d) დაჩქარებული წესით რეადმისიის განხორციელების მეთოდები; და

(e) გასაუბრების პროცედურა.

2. პირველ პუნქტში მითითებული საიმპლემენტაციო ოქმი ძალაში შევა მხოლოდ მე-18 მუხლში მითითებული ექსპერტთა ჯგუფისთვის შეტყობინების მიწოდების შემდეგ.

 

ნაწილი VIII

დასკვნითი დებულებები

 

მუხლი 20

შეთანხმებაში ცვლილებების შეტანა

წინამდებარე შეთანხმებაში ხელშემკვრელ მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, კერძოდ „საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებრათვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმებაში განხორციელებული მსგავსი ცვლილებების გათვალისწინებით.  ცვლილებები და დამატებები გაფორმდება ცალკე ოქმების სახით, რომლებიც წარმოადგენენ წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს, და ძალაში შედიან წინამდებარე შეთანხმების 21-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად.

 

მუხლი 21

ძალაში შესვლა, მოქმედების ვადა და მოქმედების შეწყვეტა

1. წინამდებარე შეთანხმების რატიფიცირება ან დამტკიცება უნდა განხორციელდეს ხელშემკვრელ მხარეთა მიერ თავიანთი შესაბამისი პროცედურების თანახმად.

2.  წინამდებარე შეთანხმება ძალაში შევა იმ თარიღის მომდევნო თვის პირველი დღიდან, როდესაც ბოლო ხელშემკვრელი მხარე აცნობებს მეორეს პირველ პუნქტში მითითებული პროცედურების დასრულების შესახებ.

3. წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით.

4. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმების მოქმედება მეორე ხელშემკვრელი მხარისათვის ოფიციალური შეტყობინების საფუძველზე. წინამდებარე შეთანხმება მოქმედებას შეწყვეტს ასეთი შეტყობინებიდან 6 თვის შემდეგ.

 

მუხლი 22

დანართები

1-6 დანართები შეადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.

შესრულებულია ქ. თბილისში, 2014 წლის 11 ნოემბერს, ორ დედნად, თითოეული ინგლისურ ენაზე.

 

საქართველოს მთავრობის

სახელით

დანიის სამეფოს მთავრობის

სახელით

 


დანართი 1

იმ დოკუმენტების საერთო ჩამონათვალი, რომლებიც წარმოადგენს მოქალაქეობის დამადასტურებელ საბუთს

(მე-2 (1), მე-4 (1) და მე-8 (1) მუხლები)

-  ნებისმიერი ტიპის პასპორტი (ეროვნული პასპორტები, დიპლომატიური პასპორტები, სამსახურებრივი პასპორტები, კოლექტიური პასპორტები და სუროგატული პასპორტები, ბავშვების პასპორტების ჩათვლით); 

-  სახელმწიფოს მიერ გაცემული პირადობის მოწმობები (დროებითი და წინასწარი მოწმობების ჩათვლით);

-  მოქალაქეობის დამადასტურებელი მოწმობები და სხვა ოფიციალური დოკუმენტები, რომლებშიც აღნიშნულია ან მკაფიოდ არის მითითებული მოქალაქეობა.

 



დანართი 2

იმ დოკუმენტების საერთო ჩამონათვალი, რომლებიც წარმოადგენს მოქალაქეობის დამადასტურებელ prima facie მტკიცებულებას

(მე-2 (1), მე-4 (1) და მე-8 (2) მუხლები)

იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნის მიმღები სახელმწიფო არის საქართველო ან დანია: 

-  პირველ დანართში მითითებული დოკუმენტები, რომელთაც ვადა 6 თვეზე მეტი ხნის წინ გაუვიდა;

-  წინამდებარე შეთანხმების პირველ დანართში მითითებული ნებისმიერი დოკუმენტის ფოტოასლები;

-  მართვის მოწმობები ან მათი ფოტოასლები;

-  დაბადების მოწმობები ან მათი ფოტოასლები;

-  კომპანიის საიდენტიფიკაციო ბარათები ან მათი ფოტოასლები;

-  მოწმეთა ჩვენებები;

-  შესაბამისი პირის მიერ მიცემული ჩვენებები და ენა, რომელზეც ის საუბრობს, მათ შორის ოფიციალურად ჩატარებული ტესტის მიხედვით;

-  ნებისმიერი სხვა სახის დოკუმენტი, რომელსაც შეუძლია ხელი შეუწყოს პირის მოქალაქეობის დადგენას;

-  სამსახურებრივი ბარათები და სამხედრო ბილეთები;

-  მეზღვაურის წიგნაკები და კაპიტნის სამსახურებრივი ბარათები;

-  მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს საშვი (laissez-passer);

იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნის მიმღები სახელმწიფო არის საქართველო:

-  ვინაობის დადგენა სავიზო საინფორმაციო სისტემაში ძიების შედეგად[3];

-  პოზიტიური იდენტიფიკაცია დანიის სავიზო განაცხადების რეესტრიდან.

 


 

დანართი 3

იმ დოკუმენტების საერთო ჩამონათვალი, რომლებიც წარმოადგენს მესამე ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა რეადმისიის გარემოებათა დამადასტურებელ საბუთს

(მე-3 (1), მე-5 (1) და მე-9 (1) მუხლები)

 

-  მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს მიერ გაცემული მოქმედი ვიზა ან/და ცხოვრების ნებართვა;

-  პირის სამგზავრო დოკუმენტში შესვლის/გასვლის დამადასტურებელი ბეჭედი ან სხვა მსგავსი აღნიშვნა, ან შესვლის/გასვლის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულება (მაგ. ფოტოგრაფიული).

 


დანართი 4

იმ დოკუმენტების საერთო ჩამონათვალი, რომლებიც წარმოადგენს მესამე ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა რეადმისიის გარემოებათა დამადასტურებელ prima facie მტკიცებულებას

(მე-3 (1), მე-5 (1) და მე-9 (2) მუხლები)

 

-  მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოს მიერ იმ გარემოებათა და ადგილის აღწერა, სადაც მოხდა პირის დაკავება ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე მისი შესვლის შემდეგ;

-  საერთაშორისო ორგანიზაციის (მაგ. UNHCR) მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია პირის ვინაობასთან ან/და ქვეყანაში მის ყოფნასთან დაკავშირებით;

- ოჯახის წევრების, თანმხლები პირების და სხვების მიერ ინფორმაციის მიწოდება/დადასტურება;

-  მოცემული პირის ჩვენება;

-  ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს პირის მიერ კურიერის ან ტურისტული სააგენტოს მომსახურებით სარგებლობას; 

-  მიცემული ოფიციალური ჩვენებები, კერძოდ, სასაზღვრო ორგანოს პერსონალის და სხვა მოწმეთა მიერ, რომლებიც ადასტურებს პირის მიერ საზღვრის გადაკვეთის ფაქტს;

-  პირის მიერ სასამართლოში ან ადმინისტრაციულ ორგანოში მიცემული ოფიციალური ჩვენება;

-  დოკუმენტები, სერტიფიკატები და ნებისმიერი სახის ანგარიშები (მაგ. სასტუმროს ანგარიში, ექიმთან/დანტისტთან მიღებაზე ყოფნის დამადასტურებელი ბარათი, საჯარო/კერძო დაწესებულებაში შესვლის საშვი, მანქანის ქირავნობის ხელშეკრულებები, საკრედიტო ბარათის ქვითრები, სხვ.), რომლებიც ნათლად ადასტურებს, რომ პირი იმყოფებოდა მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს ტერიტორიაზე;

- თვითმფრინავის, მატარებლის, ავტობუსის ან ნავის სახელობითი ბილეთები, ან/და მგზავრთა სიები, რომლებიც ადასტურებს პირის ყოფნას და გადაადგილების მარშრუტს მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს ტერიტორიაზე.

 

 

 

დანართი 5

………………………………………………….. …………………………………………………..

(მოთხოვნის წარმდგენი ორგანო)                                                              (ადგილი და თარიღი)

 

საკითხი:………………………………………………..                       

ვის:

…………………………………………………………

…………………………………………………………

…………………………………………………………

(მოთხოვნის მიმღები ორგანო)

 

დაჩქარებული პროცედურა (მე-6 (3) მუხლი)

გასაუბრების მოთხოვნა (მე-8 (3) მუხლი)

 

 

 


რეადმისიის განაცხადი

საქართველოსა და დანიას შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმების მე-7 მუხლის შესაბამისად

 

A. პერსონალური მონაცემები

 

1. სრული სახელი (გახაზეთ გვარი):

………………………………...........……………

2. ქალიშვილობის გვარი:

………………………………...........……………

3. დაბადების თარიღი და ადგილი:

………………………...........……………………

 

ფოტოსურათი

 


 

4. სქესი და ფიზიკური აღწერილობა (სიმაღლე, თვალების ფერი, განმასხვავებელი ნიშნები, და სხვ.):

 

……………………………………………………………………………………………………………………………………

5. ასევე ცნობილია, როგორც (ადრინდელი სახელები, სხვა სახელები, რომელსაც იყენებს/რომლითაც ცნობილია, ან შერქმეული სახელები):

 

……………………………………………………………………………………………………………………………………

6. მოქალაქეობა და ენა:

 

……………………………………………………………………………………………………………………………………

 

7. სამოქალაქო სტატუსი::   დაოჯახებულიდასაოჯახებელი განქორწინებული ქვრივი

 

თუ დაქორწინებულია:      მეუღლის სახელი და გვარი  ………………………………………………………………

 

შვილების სახელები და ასაკი (თუ ჰყავს) …………………………………………….

                                                                        ……………………………………………………………………………………………………

                                                                        ……………………………………………………………………………………………………

                                                                        ……………………………………………………………………………………………………

8. ბოლო მისამართი მოთხოვნის მიმღებ სახელმწიფოში:

……………………………………………………………………………………………………………

 

B.  მეუღლის პერსონალური მონაცემები (თუ საჭიროა)

1. სრული სახელი(გახაზეთ გვარი): …………………………………………………………………………………….

2. ქალიშვილობის გვარი: …………………………………………………………………………………………………..

3. დაბადების თარიღი და ადგილი: ………………………………………………………………………………………

4. სქესი და ფიზიკური აღწერილობა (სიმაღლე, თვალების ფერი, განმასხვავებელი ნიშნები, სხვ.):

…………………………………………………………………………………………………………………………………….

5. ასევე ცნობილია როგორც (ადრინდელი სახელები, სხვა სახელები, რომელსაც იყენებს/რომლითაც ცნობილია, ან შერქმეული სახელები):

…………………………………………………………………………………………………………………………………….

6. მოქალაქეობა და ენა:

…………………………………………………………………………………………………………………………………….

 

C.შვილების პერსონალური მონაცემები (თუ საჭიროა)

1. სრული სახელი(გახაზეთ გვარი): ……………………………………………………………………………………..

2. დაბადების თარიღი და ადგილი: ……………………………………………………………………………………….

3. სქესი და ფიზიკური აღწერილობა (სიმაღლე, თვალების ფერი, განმასხვავებელი ნიშნები, სხვ.):

…………………………………………………………………………………………………………………………………….

4. მოქალაქეობა და ენა:

…………………………………………………………………………………………………………………………………….

 

D.   გადასაცემ პირთან დაკავშირებული სპეციალური გარემოებები

1. ჯანმრთელობის მდგომარეობა

(მაგ. სპეციალური სამედიცინო დახმარების აუცილებლობა; გადამდები დაავადების ლათინური სახელწოდება):

……………………………………………………………………………………………………………………………………..

2. მითითება, თუ პირი განსაკუთრებით სახიფათოა

(მაგ. ეჭვმიტანილია მძიმე დანაშაულის ჩადენაში; გამოირჩევა აგრესიული ქცევით):

…………………………………………………………………………………………………………………………………….

 

 

E.   თანდართული მტკიცებულებები

1. ………………………………………………………………                       …………………………………………………………

(პასპორტის ნომერი.)                                                                                          (გაცემის თარიღი და ადგილი)

 

…………………………………………………………………                …………………………………………………………

(გამცემი ორგანო)                                                                                              (ვადის გასვლის თარიღი)

 

2.…………………………………………………………….                     …………………………………………………………

(პირადობის მოწმობის ნომერი)                                                                       (გაცემის თარიღი და ადგილი)

                     

…………………………………………………………………                    …………………………………………………………

(გამცემი ორგანო)                                                                                                 (ვადის გასვლის თარიღი)

 

3. …………………………………………………………….                      ………………………………………………………..

(მართვის მოწმობის ნომერი)                                                                             (გაცემის თარიღი და ადგილი)

 

………………………………………………………………..                        …………………………………………………………

(გამცემი ორგანო)                                                                                                             (ვადის გასვლის თარიღი)

                     

4.  …………………………………………………………….                        …………………………………………………………..

(სხვა ოფიციალური დოკუმენტის ნომერი)                                                            (გაცემის თარიღი და ადგილი)

 

………………………………………………………………….                       ………………………………………………………….

(გამცემი ორგანო)                                                                                                      (ვადის გასვლის თარიღი)

 

 

F.   შენიშვნები

…………………………………………………………………………………………………………………………….

…………………………………………………………………………………………………………………………….

…………………………………………………………………………………………………………………………….                         

                                               

…………………………………………………………………………

(ხელმოწერა) (ბეჭედი/შტამპი)

 

 

 

დანართი 6

 

…………………………………………………..             …………………………………………………..

(მოთხოვნის წარმდგენი ორგანო)                                                                                   (ადგილი და თარიღი)

 

 

საკითხი:

………………………………………………..               

ვის:

…………………………………………………………

…………………………………………………………

…………………………………………………………

         (მოთხოვნის მიმღები ორგანო)

 

 

 

ტრანზიტის განაცხადი

საქართველოსა და დანიას შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმების მე-14 მუხლის შესაბამისად

 

A.  პერსონალური მონაცემები

 

1. სრული სახელი (გახაზეთ გვარი):

………………………………………………………

2. ქალიშვილობის გვარი:

…………………………………………………………

3. დაბადების თარიღი და ადგილი:

…………………………………………………………

4. სქესი და ფიზიკური აღწერილობა (სიმაღლე, თვალების ფერი, განმასხვავებელი ნიშნები, და სხვ.):

……………………………………………………………………………………………………

 

ფოტოსურათ

 

 


 

5. ასევე ცნობილია, როგორც (ადრინდელი სახელები, სხვა სახელები, რომელსაც იყენებს/რომლითაც ცნობილია, ან შერქმეული სახელები):

……………………………………………………………………………………………………………………………………

6. მოქალაქეობა და ენა:

……………………………………………………………………………………………………………………………………

7. სამგზავრო დოკუმენტის ტიპი და ნომერი:

……………………………………………………………………………………………………………………………………

 

B.  სატრანზიტო ოპერაცია

1. ტრანზიტის ტიპი:

საჰაერო   □ სახმელეთო

2. საბოლოო დანიშნულების სახელმწიფო:

……………………………………………………………………………………………………………………………………

3. ტრანზიტის სხვა შესაძლო სახელმწიფოები:

…………………………………………………………………………………………………………………………………….

4. საზღვრის გადაკვეთის შემოთავაზებული პუნქტი, თარიღი, გადაცემის დრო და შესაძლო თანხლება:

…………………………………………………………………………………………………………………………………….

……………………………………………………………………………………………………………………………………

……………………………………………………………………………………………………………………………………

 

5. ტრანზიტის ნებისმიერ სხვა სახელმწიფოში და საბოლოო დანიშნულების სახელმწიფოში შეშვება გარანტირებულია (მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი):

 

დიახ       □არა

 

6. ტრანზიტზე უარის თქმის მიზეზი ცნობილია (მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი):

                       

დიახ                       □არა

 

C.  შენიშვნები

 

…………………………………………………………………………………………………………………………….

…………………………………………………………………………………………………………………………….

…………………………………………………………………………………………………………………………….                         

…………………………………………………………………………………………………………………………….                         

…………………………………………………………………………

(ხელმოწერა) (ბეჭედი/შტამპი)

 

 

ერთობლივი დეკლარაცია

მე-3 (1) და მე-5 (1) მუხლებთან დაკავშირებით

 

მხარეები თანხმდებიან, რომ პირის “შესვლა პირდაპირ” საქართველოს ტერიტორიიდან ამ დებულებების კონტექსტში ნიშნავს, რომ პირი დანიის ტერიტორიაზე შევიდა მანამდე მესამე ქვეყანაში შეუსვლელად ან, იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნის მიმღებ სახელმწიფოს წარმოადგენს დანია, საქართველოს ტერიტორიაზე შევიდა მანამდე მესამე ქვეყანაში შეუსვლელად. მესამე ქვეყნის საჰაერო ზონაში ტრანზიტული ყოფნა არ ჩაითვლება შესვლად.

 



[1]ევროკავშირის საბჭოს 1994 წლის 30 ნოემბრის რეკომენდაციაში მოცემული ფორმის შესაბამისად.

[2]იქვე.

[3]ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2008 წლის 9 ივლისის №767/2008 რეგულაცია (EC) სავიზო საინფორმაციო სისტემის თაობაზე (VIS) და წევრ სახელმწიფოებს შორის მოკლევადიანი ვიზების თარიღის გაცვლის შესახებ (VIS Regulation), OJ L 218, 13.8.2008, გვ.60.