შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5-17
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 06/10/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/08/2016
ძალაში შესვლის თარიღი 01/08/2016
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016419
5-17
06/10/2014
ვებგვერდი, 12/08/2016
480610000.03.030.016419
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

შეთანხმება

საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ


საქართველოს მთავრობა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში წოდებულნი როგორც „ხელშემკვრელი მხარეები“,

გამოთქვამენ რა მზადყოფნას, გააძლიერონ თანამშრომლობა უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ უფრო ეფექტურად ბრძოლის მიზნით,

სურთ რა, წინამდებარე შეთანხმების საშუალებით და ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე შეიმუშაონ სწრაფი და ეფექტური პროცედურები იმ პირთა იდენტიფიცირებისა და უსაფრთხო და ორგანიზებული დაბრუნების მიზნით, რომლებიც არ ან ვეღარ აკმაყოფილებენ საქართველოს ან მოლდოვას რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლის, ყოფნის ან ცხოვრებისთვის დადგენილ მოთხოვნებს და ხელი შეუწყონ ასეთ პირთა ტრანზიტს თანამშრომლობის სულისკვეთებიდან გამომდინარე,

ხაზგასმით აღნიშნავენ რა, რომ წინამდებარე შეთანხმება არ ზღუდავს საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკის იმ უფლებებს, ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობებს, რომლებიც გამომდინარეობს საერთაშორისო სამართლიდან და, კერძოდ, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვის შესახებ 1950 წლის 4 ნოემბრის ევროპის კონვენციიდან და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ 1951 წლის 28 ივლისის კონვენციიდან, რომელიც შესწორებულია 1967 წლის 31 იანვრის ოქმით,

შეთანხმდნენ შემდეგზე: 


მუხლი 1

განსაზღვრებები

წინამდებარე შეთანხმებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

a) „მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარე“ ნიშნავს ერთ-ერთ ხელშემკვრელ მხარეს, რომელიც მოთხოვნით მიმართავს მეორე ხელშემკვრელ მხარეს იმ პირის რეადმისიასთან დაკავშირებით, რომელიც უკანონოდ იმყოფება მის ტერიტორიაზე;

b) „მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარე“ ნიშნავს ერთ-ერთ ხელშემკვრელ მხარეს, რომელიც იღებს მოთხოვნას მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარისაგან იმ პირის რეადმისიასთან დაკავშირებით, რომელიც უკანონოდ იმყოფება მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე;

c) „მესამე ქვეყნის მოქალაქე“ ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელსაც გააჩნია რომელიმე ქვეყნის მოქალაქეობა, საქართველოს ან მოლდოვას რესპუბლიკის მოქალაქეობის გარდა;

d) „მოქალაქეობის არმქონე პირი“ ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელსაც არ გააჩნია არცერთი ქვეყნის მოქალაქეობა;

e) „კომპეტენტური ორგანო“ ნიშნავს საქართველოს ან მოლდოვას რესპუბლიკის ნებისმიერ ეროვნულ ორგანოს, რომელსაც მინდობილი აქვს წინამდებარე შეთანხმების განხორციელება;

f) „მოქალაქე“ ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელსაც გააჩნია საქართველოს ან მოლდოვას რესპუბლიკის მოქალაქეობა მისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად;

g) „ბინადრობის ნებართვა“ ნიშნავს საქართველოს ან მოლდოვას რესპუბლიკის მიერ გაცემულ ნებისმიერი სახის ნებართვას, რომელიც პირს აძლევს მის ტერიტორიაზე ცხოვრების უფლებას. იგი არ გულისხმობს პირისთვის გაცემულ დროებით ნებართვებს, რომლებიც ითვალისწინებს პირის ყოფნას მის ტერიტორიაზე თავშესაფრის ან ბინადრობის ნებართვის მისაღებად შეტანილი განაცხადის განხილვასთან დაკავშირებით;

h) „ვიზა“ ნიშნავს საქართველოს ან მოლდოვას რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემულ ნებართვას ან მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც აუცილებელია მის ტერიტორიაზე შესასვლელად ან მისი ტერიტორიის ტრანზიტით გასავლელად.

მუხლი 2

საკუთარ მოქალაქეთა რეადმისია

1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე მეორე ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნით და ფორმალობების გარეშე, გარდა წინამდებარე შეთანხმებაში მითითებულისა, განახორციელებს ნებისმიერი იმ პირის რეადმისიას, რომელიც არ ან აღარ აკმაყოფილებს მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე შესვლის, ყოფნის ან ცხოვრებისთვის დადგენილ მოთხოვნებს, იმ პირობით, თუ წინამდებარე შეთანხმების საიმპლემენტაციო ოქმის შესაბამისად დამტკიცდება ან ივარაუდება, რომ ამ პირს გააჩნია მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეობა. იგივე ვრცელდება იმ პირებზე, რომლებმაც დაკარგეს მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეობა მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე შესვლის შემდეგ.

2. რეადმისიის განაცხადთან დაკავშირებით მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური დიპლომატიური მისია ან საკონსულო სამსახური, რეადმისიას დაქვემდებარებული პირის სურვილის მიუხედავად, არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის განმავლობაში გასცემს რეადმისიას დაქვემდებარებული პირის დაბრუნებისთვის აუცილებელ სამგზავრო დოკუმენტს, რომელსაც გააჩნია 90 დღიანი მოქმედების ვადა.

მუხლი 3

მესამე ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა რეადმისია

1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე მეორე ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნით და ფორმალობების გარეშე, გარდა წინამდებარე შეთანხმებაში მითითებულისა, განახორციელებს ნებისმიერი იმ მესამე ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის რეადმისიას, რომელიც არ ან ვეღარ აკმაყოფილებს მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე შესვლის, ყოფნის ან ცხოვრებისთვის დადგენილ მოთხოვნებს, იმ პირობით, თუ წინამდებარე შეთანხმების საიმპლემენტაციო ოქმის შესაბამისად დამტკიცდება ან ივარაუდება, რომ ეს პირი:

a) რეადმისიის განაცხადის წარდგენის დროს ფლობს ან მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე შესვლის დროს ფლობდა მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის მიერ გაცემულ მოქმედ ვიზას ან ბინადრობის ნებართვას, თუ ის პირდაპირ შევიდა მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიიდან;

b) უკანონოდ და პირდაპირ შევიდა ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ყოფნის ან მისი ტერიტორიის ტრანზიტით გავლის შემდეგ.

2. წინამდებარე მუხლით განსაზღვრული რეადმისიის ვალდებულება არ ვრცელდება:

a) მესამე ქვეყნის მოქალაქეზე ან მოქალაქეობის არმქონე პირზე, რომლის სახელმწიფოსაც, მესამე ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე შესვლის დროს, მოთხოვნის წარმდგენ ხელშემკვრელ მხარესთან გააჩნდა უვიზო მიმოსვლის რეჟიმი;

b) მესამე ქვეყნის მოქალაქეზე ან მოქალაქეობის არმქონე პირზე, რომელმაც მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიის დატოვების შემდეგ მიიღო ვიზა ან ბინადრობის ნებართვა მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარისგან;

c) მესამე ქვეყნის მოქალაქეზე ან მოქალაქეობის არმქონე პირზე, რომლის სახელმწიფოსაც მოთხოვნის წარმდგენ ხელშემკვრელ მხარესთან ხელმოწერილი აქვს რეადმისიის შეთანხმება.

მუხლი 4

ვადები

1. რეადმისიის განაცხადს პასუხი უნდა გაეცეს წერილობით 30 დღის განმავლობაში.

2. ვადის ათვლა დაიწყება რეადმისიის განაცხადის მიღების დღიდან. აღნიშნული ვადის ფარგლებში პასუხის მიუღებლობის შემთხვევაში, რეადმისიის განაცხადი ჩაითვლება შეთანხმებულად.

3. რეადმისიის განაცხადზე უარის მიზეზები დასაბუთებული უნდა იქნეს წერილობით.

4. თანხმობის მიცემის შემდეგ, ან, საჭიროების შემთხვევაში, წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ვადის გასვლის შემდეგ, პირის გადაცემა განხორციელდება 3 თვის ვადაში. მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნით, აღნიშნული ვადა შეიძლება გაგრძელდეს იმ პერიოდით, რომელიც საჭიროა იურიდიული ან პრაქტიკული სახის დაბრკოლებათა აღმოსაფხვრელად.

მუხლი 5

შეცდომით განხორციელებული რეადმისია

 1. მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარე უკან დაიბრუნებს მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის მიერ რეადმისირებულ პირს, თუ პირის გადაცემიდან 3 თვის, ხოლო მესამე ქვეყნის მოქალაქეების ან მოქალაქეობის არმქონე პირთა შემთხვევაში 6 თვის განმავლობაში დადგინდება, რომ წინამდებარე შეთანხმების მე-2 და მე-3 მუხლებში მოცემული პირობები შესრულებული არ არის.

2. ასეთ შემთხვევებში, წინამდებარე შეთანხმების პროცედურული ნორმები იმოქმედებს შესაბამისი ცვლილებებით და წარმოდგენილი იქნება დასაბრუნებელი პირის ვინაობასთან და მოქალაქეობასთან დაკავშირებული ყოველგვარი არსებული ინფორმაცია.

მუხლი 6

ტრანზიტი

1. ხელშემკვრელმა მხარეებმა მესამე ქვეყნის მოქალაქეების ან მოქალაქეობის არმქონე პირთა ტრანზიტი უნდა შემოფარგლონ მხოლოდ იმ შემთხვევებით, როდესაც შეუძლებელია ასეთ პირთა პირდაპირ დაბრუნება დანიშნულების სახელმწიფოში და თუ გარანტირებულია შესვლა ტრანზიტის სხვა შესაძლო სახელმწიფოებში და რეადმისია დანიშნულების სახელმწიფოს მიერ.

2. ხელშემკვრელ მხარეებს შეუძლიათ უარი თქვან მესამე ქვეყნის მოქალაქეების ან მოქალაქეობის არმქონე პირთა ტრანზიტზე:

a) თუ მესამე ქვეყნის მოქალაქეებს ან მოქალაქეობის არმქონე პირებს ემუქრებათ წამების ან არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის, ან სასჯელის, ან სასიკვდილო განაჩენის, ან რასობრივი წარმოშობის, რელიგიური მრწამსის, ეროვნების, კონკრეტულ სოციალურ ჯგუფთან კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულებების გამო დევნის რეალური საფრთხე დანიშნულების სახელმწიფოში ან ტრანზიტის სხვა სახელმწიფოში; ან

b) თუ მესამე ქვეყნის მოქალაქეები ან მოქალაქეობის არმქონე პირები დაექვემდებარებიან სისხლის სამართლებრივ სანქციებს მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოში ან ტრანზიტის სხვა სახელმწიფოში; ან

c) საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ეროვნული უსაფრთხოების, საჯარო წესრიგის, ან მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის სხვა ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე.

3. ხელშემკვრელ მხარეებს შეუძლიათ გააუქმონ ნებისმიერი გაცემული ნებართვა, თუ შემდგომში წარმოიშობა ან გაირკვევა წინამდებარე მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ისეთი გარემოებები, რომლებიც ხელს უშლის სატრანზიტო ოპერაციის განხორციელებას, ან თუ გარანტირებული აღარ არის მგზავრობის გაგრძელება ტრანზიტის შესაძლო სახელმწიფოებში ან რეადმისია დანიშნულების სახელმწიფოს მიერ. ასეთ შემთხვევაში, მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარე უკან დაიბრუნებს მესამე ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, აუცილებლობიდან გამომდინარე და გაჭიანურების გარეშე.

4. სატრანზიტო ოპერაციებთან დაკავშირებული ნებისმიერი განაცხადი უნდა წარედგინოს მოთხოვნის მიმღებ ხელშემკვრელ მხარეს წერილობით და იგი უნდა შეიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:

a) ტრანზიტის ფორმა (საჰაერო ან სახმელეთო გზა), ტრანზიტის სხვა შესაძლო სახელმწიფოები და საბოლოო დანიშნულების სახელმწიფო;

b) მოცემული პირის დეტალები (მაგ., სახელი, გვარი, ქალიშვილობის გვარი, სხვა სახელი, რომელსაც იყენებს/რომლითაც ცნობილია ან მეტსახელი, დაბადების თარიღი, სქესი და, თუ შესაძლებელია, დაბადების ადგილი, მოქალაქეობა, ენა, სამგზავრო დოკუმენტის ტიპი და ნომერი);

c) განსაზღვრული სასაზღვრო გამტარი პუნქტი, გადაცემის თარიღი და დრო და ესკორტის შესაძლო თანხლება;

d) აუცილებლობის შემთხვევაში, სხვა შესაბამისი ინფორმაცია.

5. მოთხოვნის მიმღებმა ხელშემკვრელმა მხარემ განაცხადის მიღებიდან 15 დღის განმავლობაში წერილობით უნდა აცნობოს მოთხოვნის წარმდგენ ხელშემკვრელ მხარეს თავისი თანხმობა შეშვებასთან დაკავშირებით, სასაზღვრო გამტარი პუნქტისა და შეშვების განსაზღვრული დროის დადასტურებით, ან აცნობოს მას შეშვებაზე უარი და ასეთი უარის მიზეზები.

6. თუ სატრანზიტო ოპერაცია ხორციელდება საჰაერო გზით, გადასაცემი პირი და შესაძლო თანმხლები პირები თავისუფლდებიან აეროპორტის სატრანზიტო ვიზის აღების ვალდებულებისგან.

7. მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურმა ორგანომ, ორმხრივი კონსულტაციების საფუძველზე, ხელი უნდა შეუწყოს სატრანზიტო ოპერაციების განხორციელებას, კერძოდ, მოცემულ პირებზე ზედამხედველობის განხორციელებისა და ამ მიზნით შესაბამისი პირობების უზრუნველყოფის გზით.

მუხლი 7

მონაცემთა დაცვა

პერსონალურ მონაცემთა გადაცემა უნდა განხორციელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ასეთი გადაცემა აუცილებელია საქართველოს ან მოლდოვას რესპუბლიკის მიერ წინამდებარე შეთანხმების განხორციელების მიზნით. კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით პერსონალურ მონაცემთა დამუშავება და დაცვა უნდა განხორციელდეს ხელშემკვრელი მხარეების შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად. დამატებით გამოიყენება შემდეგი პრინციპები:

a) პერსონალური მონაცემები უნდა დამუშავდეს სამართლიანი და კანონიერი გზით;

b) პერსონალური მონაცემები უნდა შეგროვდეს წინამდებარე შეთანხმების განხორციელების კონკრეტული, მკაფიოდ გამოხატული და ლეგიტიმური მიზნით და შემდგომში არ უნდა დამუშავდეს ამ მიზნისთვის შეუთავსებელი გზით არც გადამცემი ორგანოს და არც მიმღები ორგანოს მიერ;

c) პერსონალური მონაცემები უნდა იყოს ადეკვატური, შესაბამისი და არ უნდა სცდებოდეს იმ მიზანს, რისთვისაც მოხდა მათი შეგროვება და/ან შემდგომი დამუშავება; კერძოდ, გადაცემული პერსონალური მონაცემები შეიძლება ეხებოდეს მხოლოდ შემდეგს:

(i) გადასაცემი პირის დეტალები (მაგ., სახელი, გვარი, ნებისმიერი ადრინდელი სახელი, სხვა სახელი, რომელსაც იყენებს/რომლითაც ცნობილია ან მეტსახელი, სქესი, სამოქალაქო მდგომარეობა, დაბადების თარიღი და ადგილი, ამჟამინდელი და ნებისმიერი ადრინდელი მოქალაქეობა);

(ii) პასპორტი, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან მართვის მოწმობა (ნომერი, მოქმედების ვადა, გაცემის თარიღი, გამცემი ორგანო და გაცემის ადგილი);

(iii) გასაჩერებელი ადგილები და მარშრუტები;

(iv) სხვა ინფორმაცია, რომელიც საჭიროა გადასაცემი პირის ამოცნობისთვის ან წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული რეადმისიის მოთხოვნების შემოწმებისთვის;

d) პერსონალური მონაცემები უნდა იყოს ზუსტი და, აუცილებლობის შემთხვევაში, უნდა განახლდეს;

e) პერსონალური მონაცემები შენახულ უნდა იქნეს ისეთი ფორმით, რომელიც იძლევა მონაცემთა სუბიექტების იდენტიფიცირების საშუალებას, არაუმეტეს იმ პერიოდის განმავლობაში, რაც აუცილებელია იმ მიზნის შესასრულებლად, რისთვისაც მოხდა აღნიშნულ მონაცემთა შეგროვება, ან ხდება მათი შემდგომი დამუშავება;

f) როგორც გადამცემმა ორგანომ, ასევე მიმღებმა ორგანომ უნდა მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა უზრუნველყოს პერსონალურ მონაცემთა საჭიროებისამებრ შესწორება, წაშლა ან ბლოკირება იმ შემთხვევაში, თუ დამუშავება არ ხორციელდება წინამდებარე მუხლის დებულებათა შესაბამისად, კერძოდ, თუ აღნიშნული მონაცემები არ არის ადეკვატური, შესაბამისი, ზუსტი, ან სცილდება იმ მიზანს, რისთვისაც ხდება მათი დამუშავება. აღნიშნული ითვალისწინებს მეორე ხელშემკვრელი მხარისთვის მონაცემთა ნებისმიერი შესწორების, წაშლის ან ბლოკირების შესახებ შეტყობინების გაგზავნას;

g) მოთხოვნის შემთხვევაში მიმღებმა ორგანომ გადამცემ ორგანოს უნდა აცნობოს გადაცემული მონაცემების გამოყენების და მისგან მიღებული შედეგების შესახებ;

h) პერსონალური მონაცემები შეიძლება გადაეცეს მხოლოდ კომპეტენტურ ორგანოებს. სხვა ორგანოებისთვის მათი შემდგომი გადაცემა საჭიროებს გადამცემი ორგანოს წინასწარ თანხმობას;

i) გადამცემ და მიმღებ ორგანოებს ეკისრებათ პერსონალურ მონაცემთა გადაცემის და მიღების წერილობითი აღრიცხვის ვალდებულება.

მუხლი 8

ხარჯები

1. რეადმისიასა და ტრანზიტთან დაკავშირებით წარმოშობილი ყველა სახის სატრანსპორტო და ადმინისტრაციული ხარჯები მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის ან საბოლოო დანიშნულების ქვეყნის საზღვრამდე დაიფარება მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის მიერ.

2. შეთანხმების მე-5 მუხლის შესაბამისად გაღებული ხარჯები დაიფარება მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოების საბანკო ანგარიშზე თანხის გადარიცხვის გზით ანგარიშფაქტურის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში.

მუხლი 9

განმახორციელებელი დებულებები

წინამდებარე შეთანხმების განმახორციელებელი დებულებები მოცემულია წინამდებარე შეთანხმების საიმპლემენტაციო ოქმში, რომელიც შეადგენს მის განუყოფელ ნაწილს.

მუხლი 10

ექსპერტთა შეხვედრები

1. წინამდებარე შეთანხმების განმარტებასთან, გამოყენებასთან და განხორციელებასთან დაკავშირებით წარმოშობილი ნებისმიერი დავა გადაწყდება ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტურ ორგანოებს შორის ორმხრივი კონსულტაციებისა და შეხედულებათა გაზიარების გზით, როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით. იმ შემთხვევაში, თუ დავები ვერ გადაწყდება ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტური ორგანოების მიერ, ისინი გადაწყდება დიპლომატიური არხების მეშვეობით.

2. წინამდებარე შეთანხმების დებულებათა განხორციელების მიზნით, ორგანიზებულ იქნება ექსპერტთა შეხვედრები ორივე ხელშემკვრელი მხარის წარმომადგენელთა მონაწილეობით. ასეთი შეხვედრები გაიმართება ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნით.

მუხლი 11

სხვა ვალდებულებები

წინამდებარე შეთანხმება გავლენას არ ახდენს ხელშემკვრელი მხარეების ვალდებულებებზე, რომლებიც გამომდინარეობენ საერთაშორისო სამართლიდან, კერძოდ, იმ ვალდებულებებზე, რომლებიც გამომდინარეობენ ადამიანის უფლებათა დაცვის, ლტოლვილთა სამართლებრივი სტატუსის, ასევე ექსტრადიციის, რეადმისიის ან ტრანზიტის შესახებ სხვა საერთაშორისო შეთანხმებებიდან.

მუხლი 12

მოქმედების შეჩერება

თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს, მეორე ხელშემკვრელ მხარესთან კონსულტაციის შემდეგ, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ შეაჩეროს წინამდებარე შეთანხმების დებულებების მოქმედება საჯარო წესრიგისა და ჯანდაცვის ან უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე. მოქმედების შეჩერების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება წერილობით მეორე ხელშემკვრელ მხარეს.

მუხლი 13

დასკვნითი დებულებები

1. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის დიპლომატიური არხების მეშვეობით იმ უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების თარიღიდან მომდევნო თვის პირველ დღეს, რომლის მეშვეობით ხელშემკვრელი მხარეები აცნობებენ ერთმანეთს წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლისთვის აუცილებელი, შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დასრულებას.  

2. წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით.

3. წინამდებარე შეთანხმებაში ნებისმიერ დროს შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები ხელშემკვრელ მხარეთა წერილობითი ურთიერთშეთანხმებით. ცვლილებები და დამატებები ფორმდება ცალკე ოქმის სახით, შეადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს და ძალაში შედის წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

4. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმების მოქმედება მეორე ხელშემკვრელი მხარისთვის ოფიციალური შეტყობინებით. წინამდებარე შეთანხმება წყვეტს მოქმედებას ასეთი შეტყობინებიდან 6 თვის შემდეგ.

შესრულებულია ქ. კიშინოვში, 2014 წლის 6 ოქტომბერს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, რუმინულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. წინამდებარე შეთანხმების განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

 

საქართველოს მთავრობის

სახელით                              

(ხელმოწერილია)

                                                             

  

მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობის

სახელით

(ხელმოწერილია)

 

 

 

საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკმთავრობას შორის

უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმების

საიმპლემენტაციო ოქმი

საქართველოს მთავრობა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობა (შემდგომში წოდებულნი როგორც „ხელშემკვრელი მხარეები“),

სურთ რა საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმების (შემდგომში წოდებული როგორც „შეთანხმება“) განხორციელების ხელშეწყობა და მისი მე-9 მუხლიდან გამომდინარე,

შეთანხმდნენ შემდეგზე:

მუხლი 1

კომპეტენტური ორგანოები

1. ხელშემკვრელი მხარეები განსაზღვრავენ შეთანხმების განხორციელებაზე პასუხისმგებელ შემდეგ კომპეტენტურ ორგანოებს (შემდგომში წოდებულნი როგორც „კომპეტენტური ორგანოები“):

a) საქართველოსთვის:

  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

  მიგრაციის დეპარტამენტი

მისამართი: მ. გახოკიძის ქ. 16, 0182, თბილისი, საქართველო

ტელ.: (+995 32) 2 41 96 35

ფაქსი: (+995 32) 2 41 96 26

ელფოსტა: readmission@mia.gov.ge

b) მოლდოვას რესპუბლიკისთვის:

შინაგან საქმეთა სამინისტრო

მიგრაციისა და თავშესაფრის ბიურო

მისამართი: კიშინიოვი, სტეფან კელ მარეს გამზირი 124

ტელ./ფაქსი: +37322272203, +37322265618

ელფოსტა: readmission@bma.gov.md

2. შეთანხმებისა და წინამდებარე საიმპლემენტაციო ოქმის (შემდგომში წოდებული როგორც „ოქმი“) დებულებების განხორციელების მიზნით კომპეტენტური ორგანოები უშუალოდ ითანამშრომლებენ ერთმანეთთან. ხელშემკვრელი მხარეები დიპლომატიური არხების მეშვეობით დაუყოვნებლივ შეატყობინებენ ერთმანეთს წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში მითითებული კომპეტენტური ორგანოების ნუსხაში ნებისმიერი ცვლილების შეტანის შესახებ.

3. კომპეტენტური ორგანოები დაუყოვნებლივ წერილობითი ფორმით შეატყობინებენ ერთმანეთს მათ საკონტაქტო მონაცემებში ნებისმიერი ცვლილების შეტანის შესახებ.

მუხლი 2

სასაზღვრო გამტარი პუნქტები

 1. რეადმისიისა და ტრანზიტისთვის ხელშემკვრელი მხარეები განსაზღვრავენ შემდეგ სასაზღვრო გამტარ პუნქტებს:

საქართველოსთვის:

- თბილისის საერთაშორისო აეროპორტი

მოლდოვას რესპუბლიკისთვის:

- კიშინიოვის საერთაშორისო აეროპორტი

2. ხელშემკვრელი მხარეები უშუალოდ კომპეტენტური ორგანოების მეშვეობით აცნობებენ ერთმანეთს წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სასაზღვრო გამტარი პუნქტების ნუსხაში ნებისმიერი ცვლილების შეტანის შესახებ.

3. სახმელეთო გზით გადაცემის შემთხვევაში, კომპეტენტური ორგანოები ყოველი კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე შეათანხმებენ სასაზღვრო გამტარ პუნქტს.

მუხლი 3

კომუნიკაციის ენა

ხელშემკვრელი მხარეები გამოიყენებენ ინგლისურ ენას შეთანხმებისა და ოქმის შესაბამისად განხორციელებული პროცედურების დროს, თუ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სხვაგვარად არ შეთანხმდებიან.

მუხლი 4

რეადმისიის განაცხადის წარდგენა და მასზე პასუხი

1. რეადმისიის განაცხადი (ოქმის დანართი 1-ის თანახმად) ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტური ორგანოების მიერ წერილობით უნდა იქნეს წარდგენილი ფოსტის, კურიერის, ფაქსის, ელფოსტის ან სხვა ელექტრონული საშუალებების მეშვეობით ან დიპლომატიური არხებით.

2. პასუხი მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის მიერ უნდა წარედგინოს მოთხოვნის წარმდგენ ხელშემკვრელ მხარეს ფოსტის, კურიერის, ფაქსის, ელფოსტის ან სხვა ელექტრონული საშუალებების მეშვეობით ან დიპლომატიური არხებით და იმ ვადების ფარგლებში, რომლებიც მოცემულია შეთანხმების მე-4 მუხლში.

3. იმ შემთხვევაში, თუ რეადმისიის პირობები იქნა შესრულებული, მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარე შესაბამისად წერილობით შეატყობინებს ოქმის პირველ მუხლში მითითებულ მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ ორგანოს.

მუხლი 5

მოქალაქეობასთან დაკავშირებული მტკიცებულებები

1. მოქალაქეობა შეთანხმების მე-2 (1) მუხლის შესაბამისად შეიძლება დადასტურებულ იქნას შემდეგი საბუთების მეშვეობით:

- მოქმედი პირადობის მოწმობა;

- ნებისმიერი სახის მოქმედი პასპორტი;

- მოქალაქეობის დამადასტურებელი მოქმედი დოკუმენტები და სხვა მოქმედი ოფიციალური დოკუმენტები, რომლებშიც მკაფიოდ არის მითითებული მოქალაქეობა.

2. მოქალაქეობა შეთანხმების მე-2 (1) მუხლის შესაბამისად შეიძლება დადგინდეს შემდეგი საბუთების მეშვეობით:

-  წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ნებისმიერი დოკუმენტი, რომლის მოქმედების ვადა ამოიწურა;

- წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ნებისმიერი დოკუმენტის ასლი;

- მართვის მოწმობები ან მათი ასლები;

- დაბადების მოწმობები ან მათი ასლები;

- კომპანიის საიდენტიფიკაციო ბარათები ან მათი ასლები;

- მოწმეთა წერილობითი ჩვენებები;

- მოცემული პირის მიერ მიცემული წერილობითი ჩვენებები და ენა, რომელზეც ის საუბრობს, მათ შორის ოფიციალურად ჩატარებული ტესტის შედეგის მიხედვით;

- სამსახურებრივი ბარათები და სამხედრო ბილეთები;

- მეზღვაურის წიგნაკები და კაპიტნის სამსახურებრივი ბარათები;

- ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელსაც შეუძლია ხელი შეუწყოს მოცემული პირის მოქალაქეობის დადგენას.

მუხლი 6

მესამე ქვეყნის მოქალაქეებთან და მოქალაქეობის არმქონე პირებთან

დაკავშირებული მტკიცებულებები

1. შეთანხმების მე-3 (1) მუხლში მოცემული მესამე ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების რეადმისიის საფუძვლები დამტკიცდება განსაკუთრებით შემდეგი მტკიცებულებების მეშვეობით:

- ვიზა ან ბინადრობის ნებართვა,

- მოცემული პირის სამგზავრო დოკუმენტში არსებული შესვლის/გამგზავრების შტამპები ან მსგავსი აღნიშვნა ან შესვლის/გამგზავრების სხვა მტკიცებულება (მაგალითად: ფოტოგრაფიული მტკიცებულება).

2. შეთანხმების მე-3 (1) მუხლში მოცემული მესამე ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების რეადმისიის სავარაუდო საფუძვლები დადგინდება განსაკუთრებით შემდეგი მტკიცებულებების მეშვეობით:

- ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს, რომ მოცემულმა პირმა ისარგებლა კურიერის ან სამგზავრო სააგენტოს მომსახურებით,

- მოცემული პირის, ოჯახის წევრების ან მგზავრობისას თანმხლები პირების მიერ გაკეთებული ოფიციალური განცხადება სასამართლო ან ადმინისტრაციული წარმოების დროს,

- სასაზღვრო ორგანოს იმ პერსონალის ან სხვა მოწმეების მიერ გაკეთებული ოფიციალური განცხადებები, რომლებსაც შეუძლიათ დაადასტურონ მოცემული პირის მიერ საზღვრის გადაკვეთის ფაქტი, 

- სახელობითი დოკუმენტები, სერთიფიკატები და ნებისმიერი სახის გადახდის ანგარიშები (მაგალითად: სასტუმროს გადახდის ქვითრები, ექიმთან/სტომატოლოგთან ჩაწერის ბარათები, საჯარო/კერძო დაწესებულებებში შესვლის საშვები, ავტომობილის დაქირავების დოკუმენტები, საკრედიტო ბარათების ინვოისები და სხვ.), რომლებიც ნათლად ადასტურებს, რომ მოცემული პირი იმყოფებოდა მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე,

- სახელობითი ავიაბილეთები, მატარებლის, საქალაქთაშორისო ავტობუსის ან სანაოსნო საშუალების სახელობითი ბილეთები და/ან მგზავრების ნუსხა, რომელიც ადასტურებს მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მოცემული პირის ყოფნასა და მარშრუტს;

- პირის ვინაობასთან და/ან ყოფნასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელიც მოწოდებულია საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ (მაგალითად: გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი).

მუხლი 7

გასაუბრება

იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეობა ვერ დასტურდება ან ვერ დგინდება წარდგენილი დოკუმენტების ან მტკიცებულების საფუძველზე, მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარე მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნით ჩაუტარებს გასაუბრებას რეადმისიას დაქვემდებარებულ პირს რეადმისიის განაცხადის მიღებიდან 14 დღის განმავლობაში. მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარე უზრუნველყოფს გასაუბრებას დაქვემდებარებული პირების ტრანსპორტირებას მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის დიპლომატიურ მისიაში ან საკონსულო სამსახურში. ხელშემკვრელი მხარეების შეთანხმებით, გასაუბრება შეიძლება ჩატარდეს მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის დიპლომატიური მისიის ან საკონსულო სამსახურის შენობებს გარეთ ან კომუნიკაციის სხვა ელექტრონული საშუალებებით. ტრანსპორტირების შემთხვევაში, ხარჯებს გაიღებს მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარე.

მუხლი 8

რეადმისიას დაქვემდებარებული პირის გადაყვანა

1. რეადმისიის განაცხადზე დადებითი პასუხის შემთხვევაში, მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანო წერილობით შეატყობინებს მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ ორგანოს რეადმისიის თარიღისა და ფორმის შესახებ.

2. იმ შემთხვევაში, თუ გადაყვანის ვადა გახანგრძლივდა ნებისმიერი სამართლებრივი თუ პრაქტიკული დაბრკოლების გამო, მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანო დაუყოვნებლივ შეატყობინებს მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ ორგანოს აღნიშნული დაბრკოლებების შესახებ და მიუთითებს გადაყვანის განსაზღვრულ ადგილსა და დროს.

3. წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში მითითებული შეტყობინება მოთხოვნის მიმღებ ხელშემკვრელ მხარეს უნდა გაეგზავნოს რეადმისიის განხორციელებამდე სულ მცირე შვიდი (7) სამუშაო დღით ადრე.

მუხლი 9

ტრანზიტის განაცხადის წარდგენა

1. ტრანზიტის განაცხადი (ოქმის დანართი 2-ის თანახმად) ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტური ორგანოების მიერ წერილობით უნდა იქნეს წარდგენილი ფაქსის, ელფოსტის ან სხვა ელექტრონული საშუალებების მეშვეობით.

2. პასუხი მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის მიერ უნდა წარედგინოს მოთხოვნის წარმდგენ ხელშემკვრელ მხარეს ფაქსის, ელფოსტის ან სხვა ელექტრონული საშუალებების მეშვეობით და იმ ვადების ფარგლებში, რომლებიც მოცემულია შეთანხმების მე-4 მუხლში.

მუხლი 10

ესკორტის თანხლებით განხორციელებული გადაყვანის პირობები

1. მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარე დროულად, მაგრამ დაგეგმილ დაბრუნებამდე სულ მცირე შვიდი (7) სამუშაო დღით ადრე, წერილობით შეატყობინებს მოთხოვნის მიმღებ ხელშემკვრელ მხარეს იმ პირთა დაბრუნების შესახებ, რომლებიც საჭიროებენ ოფიციალურ ესკორტს, აგრეთვე იმ პირთა რეადმისიის შესახებ, რომლებიც ბრუნდებიან პირდაპირი ან ჩარტერული ავიარეისებით.

2. წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში მოცემულ შეტყობინებაში მიეთითება ზუსტი თარიღი, სასაზღვრო გამტარი პუნქტი, რეადმისიას დაქვემდებარებული პირის შესვლის დრო, სამგზავრო დოკუმენტის ტიპი, ნომერი და გაცემის თარიღი, აგრეთვე გადაყვანასთან დაკავშირებული სხვა დეტალები.

3. იმ შემთხვევაში, თუ პირის გადასაყვანად საჭიროა ესკორტის თანხლება, მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარე ოქმის დანართი 1-ში მოცემულ რეადმისიის განაცხადის „F“ პუნქტსა და აგრეთვე ოქმის დანართი 2-ში მოცემულ ტრანზიტის განაცხადის „D“ პუნქტში მიუთითებს ესკორტის განმახორციელებელი პირების სახელებსა და გვარებს, მათ წოდებას, ოფიციალურ თანამდებობას, პასპორტების ტიპს, ნომერსა და გაცემის თარიღს.

4. წინამდებარე მუხლის მე-3 პუნქტში მითითებულ ესკორტის განმახორციელებელი პირების მონაცემებთან დაკავშირებით ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში, მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარე დაუყოვნებლივ წერილობითი ფორმით შეატყობინებს აღნიშნულის შესახებ მოთხოვნის მიმღებ ხელშემკვრელ მხარეს ტექსტის გადაცემის ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.  

5. ხელშემკვრელი მხარეები თანხმდებიან ესკორტის თანხლებით განხორციელებული გადაყვანის შემდეგ პირობებზე:

- ესკორტის განმახორციელებელი პირები პასუხისმგებელნი არიან რეადმისიას დაქვემდებარებული პირების ესკორტირებაზე და მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოს უფლებამოსილი წარმომადგენლისთვის მათ გადაცემაზე,

- ესკორტის განმახორციელებელი პირები თავიანთ მოვალეობებს ასრულებენ შეუიარაღებლად და იმ სხვა ნივთების გარეშე, რომლებიც არ არის ნებადართული მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, და სამოქალაქო ტანსაცმელში,

-  ესკორტის განმახორციელებელი პირები ატარებენ დოკუმენტებს, რომლებიც ადასტურებს რეადმისიის ან ტრანზიტის განხორციელებაზე დადებითი პასუხის არსებობას,

- ესკორტის განმახორციელებელ პირებს ნებისმიერ დროს უნდა შეეძლოთ თავიანთი ვინაობისა და ოფიციალური უფლებამოსილების დადასტურება,

- მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარე ესკორტის განმახორციელებელ პირებს, მათ მიერ თავიანთი მოვალეობების განხორციელების დროს, უზრუნველყოფს ისეთივე დაცვითა და დახმარებით, როგორითაც ის უზრუნველყოფს თავის საკუთარ ოფიციალურ ორგანოებს, რომლებიც ახორციელებენ ასეთ მოვალეობებს,

- ესკორტის განმახორციელებელი პირები ნებისმიერ შემთხვევაში ექვემდებარებიან მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობას. რეადმისიას დაქვემდებარებული პირის ესკორტირებისას ან ტრანზიტის დროს ესკორტის განმახორციელებელი პირების უფლებამოსილება შემოიფარგლება თავდაცვის უფლებით. იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის ოფიციალური პირები, რომლებიც უფლებამოსილნი არიან განახორციელონ აუცილებელი მოქმედებები, ხელმიუწვდომელნი არიან, ან იმწუთიერი და სერიოზული რისკის შემთხვევაში ასეთი ოფიციალური პირების მხარდაჭერის მიზნით, ესკორტის განმახორციელებელ პირებს შეუძლიათ განახორციელონ გონივრული და თანაზომიერი ღონისძიებები, რათა თავიდან იქნეს აცილებული რეადმისიას დაქვემდებარებული პირის გაქცევა, მისი თვითდაზიანება ან ნებისმიერი მესამე პირის დაზიანება ან ქონებისათვის ზიანის მიყენება,

- ესკორტის განმახორციელებელი პირები პასუხისმგებელნი არიან, ატარონ რეადმისიას დაქვემდებარებული პირის სამგზავრო დოკუმენტი და სხვა საჭირო სერტიფიკატები ან პერსონალური მონაცემები და პასუხისმგებელნი არიან, გადასცენ ისინი მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოს წარმომადგენელს. ესკორტის განმახორციელებელ პირებს არ შეუძლიათ დატოვონ გადაყვანის შეთანხმებული ადგილი მანამდე, სანამ არ დასრულდება რეადმისიას დაქვემდებარებული პირის გადაყვანა,   

- მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანო უზრუნველყოფს, რომ ესკორტის განმახორციელებელ პირებს, საჭიროების შემთხვევაში, ჰქონდეთ ტრანზიტის ან დანიშნულების სახელმწიფო(ებ)ში შესვლის ვიზები.

6. კომპეტენტური ორგანოები თანამშრომლობენ ერთმანეთთან მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ესკორტის განმახორციელებელი პირების ყოფნასთან დაკავშირებულ ყველა საკითხში. ასეთ შემთხვევაში, მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანო, საჭიროების შემთხვევაში, აღმოუჩენს შესაძლო დახმარებას ესკორტის განმახორციელებელ პირებს.

მუხლი 11

ურთიერთობა სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებთან

ოქმი არ არღვევს ხელშემკვრელი მხარეების არცერთ იმ ვალდებულებას, რომელიც გამომდინარეობს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან.

მუხლი 12

დავების გადაწყვეტა

 

            1. ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ოქმის განმარტებასთან და/ან გამოყენებასთან დაკავშირებით, გადაწყდება ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტურ ორგანოებს შორის კონსულტაციების გზით.

2. იმ შემთხვევაში, თუ დავები ვერ გადაწყდება წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ისინი გადაწყდება ხელშემკვრელი მხარეების მიერ დიპლომატიური არხების მეშვეობით.

მუხლი 13

დასკვნითი დებულებები

1. ოქმი ძალაში შედის დიპლომატიური არხების მეშვეობით იმ უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების თარიღიდან მომდევნო თვის პირველ დღეს, რომლის მეშვეობითაც ხელშემკვრელი მხარეები აცნობებენ ერთმანეთს ოქმის ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დასრულების შესახებ.

2. ოქმში ნებისმიერ დროს შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები ხელშემკვრელი მხარეების წერილობითი ურთიერთშეთანხმებით. ცვლილებები და დამატებები ფორმდება ცალკე ოქმის სახით, წარმოადგენს ამ ოქმის განუყოფელ ნაწილს და ძალაში შედის წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

3. ოქმი იდება განუსაზღვრელი ვადით და წყვეტს მოქმედებას შეთანხმების მოქმედების შეწყვეტასთან ერთად.

4. ოქმი არ გამოიყენება შეთანხმების მოქმედების შეჩერების დროს.

მუხლი 14

დანართები

დანართები 1, 2 შეადგენს ოქმის განუყოფელ ნაწილს.

 

შესრულებულია ქ. კიშინოვში 2014 წლის 6 ოქტომებრს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, რუმინულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად აუთენტურია. ოქმის განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

 

საქართველოს მთავრობის    

სახელით

    (ხელმოწერილია)       

                                               

 

მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობის

სახელით 

(ხელმოწერილია)