საბროკერო კომპანიების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე

საბროკერო კომპანიების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 48/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 05/05/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/05/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 04/07/2024
სარეგისტრაციო კოდი 140020000.18.011.016193
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
48/04
05/05/2016
ვებგვერდი, 06/05/2016
140020000.18.011.016193
საბროკერო კომპანიების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (06/05/2016 - 01/02/2018)

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №48/04

2016 წლის 5 მაისი

ქ. თბილისი

 

საბროკერო კომპანიების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 48-ე მუხლის მე-3 პუნქტისა, 52-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა და „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და ამავე კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს საბროკერო კომპანიების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის თანდართული წესი დანართ №1-თან ერთად.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე



საბროკერო კომპანიების  უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესი

მუხლი 1. წესის მიზანი და მოქმედების სფერო
  1. ,,საბროკერო კომპანიების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესი“ (შემდგომში – წესი) მოიცავს ამ ბრძანების დანართი №1-ით გათვალისწინებული „საბროკერო კომპანიების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების“ (შემდგომში – ანგარიშგება) ცალკეული ველების შევსების პრინციპებს, რომლებიც საჭიროებს განმარტებას, ასევე საბროკერო კომპანიების მიერ დამატებით მოსაწოდებელი ინფორმაციის წარმოდგენის წესს.

 

  1. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის დისტანციური ზედამხედველობის (შედგომში – დისტანციური ზედამხედველობა) მიზანია, საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) მიერ დადგენილი წესით, შეფასდეს კონკრეტულ საბროკერო კომპანიაში არსებული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკები, ასევე, საბროკერო კომპანიის შიდა კონტროლის სისტემის ადეკვატურობა და აღნიშნულის გათვალისწინებით გატარდეს შესაბამისი საზედამხედველო ღონისძიებები.

 

  1. დისტანციური ზედამხედველობის განხორციელების მიზნით, საქართველოში მოქმედი საბროკერო კომპანიები ეროვნულ ბანკს აწვდიან ამ წესით განსაზვღრულ ინფორმაციას დადგენილი ფორმითა და ვადებში.

 

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ წესის მიზნებისათვის ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) პირი – როგორც რეზიდენტი, ისე არარეზიდენტი ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი;

ბ) რეზიდენტი ფიზიკური პირი – საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი, ასევე, ინდივიდუალური მეწარმე;

გ) არარეზიდენტი ფიზიკური პირი – უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირი, ასევე, მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირი და უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც საქართველოში რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ;

დ) რეზიდენტი იურიდიული პირი – იურიდიული პირი, ასევე, ნებისმიერი სახის ორგანიზაციული წარმონაქმნი, შექმნილი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

ე) არარეზიდენტი იურიდიული პირი – იურიდიული პირი, ასევე, ნებისმიერი სახის ორგანიზაციული წარმონაქმნი, შექმნილი უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად;

ვ) რეგისტრირებული – შექმნილი – იურიდიული პირის შემთხვევაში, მოქალაქეობის მქონე – ფიზიკური პირის შემთხვევაში;

ზ) კლიენტი – ნებისმიერი პირი, რომელიც მიმართავს საბროკერო კომპანიას ამ უკანასკნელის ძირითადი საქმიანობიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მომსახურებისთვის ან/და სარგებლობს ზემოაღნიშნული მომსახურებით;

თ) ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავალი – იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ საქმიანობას, გარდა იმ შუამავლებისა, რომლებიც მხოლოდ ნომინალურ მფლობელობას, ან მხოლოდ აქტივების შენახვას ახდენენ.

 

მუხლი 3. ზოგადი დებულებები

  1. ანგარიშგების ფორმების ძირითადი ველები ივსება საბროკერო კომპანიების მიერ, ხოლო ცალკეული მათგანი არის დაცული და ივსება საბროკერო კომპანიების მიერ შევსებული ინფორმაციის საფუძველზე ავტომატურად.

 

  1. ანგარიშგება უტყუარად და სრულად უნდა ასახავდეს მოთხოვნილ ინფორმაციას ამ წესის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საანგარიშო პერიოდის მიხედვით.

 

  1. ანგარიშგება უნდა მოიცავდეს კლიენტების სასარგებლოდ და კლიენტების დავალებით განხორციელებულ გარიგებებს (ოპერაციებს). ამასთან, ანგარიშგებაში არ უნდა აისახოს საბროკერო კომპანიაში ერთი კლიენტის ანგარიშებს/ქვეანგარიშებს შორის აქტივების მოძრაობა. უცხოურ ვალუტაში განხორციელებული გარიგებების შესახებ ინფორმაცია აღირიცხება ეროვნულ ვალუტაში, გარიგების შესრულების თარიღისთვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით. ფასიანი ქაღალდების ღირებულება ასევე აღირიცხება ეროვნულ ვალუტაში.

 

  1. გარიგების შესრულების თარიღად ითვლება საბროკერო კომპანიაში გარიგებასთან დაკავშირებული ფულადი სახსრების კლიენტის ანგარიშიდან/ანგარიშზე გადაცემის/მიღების თარიღი, საბროკერო კომპანიაში ფულადი ანგარიშსწორების გარეშე ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული გარიგებების შემთხვევაში, საბროკერო კომპანიაში კლიენტის ანგარიშიდან/ანგარიშზე ფასიანი ქაღალდების გადაცემის/მიღების თარიღი, ხოლო თუ გარიგება არ არის დაკავშირებული საბროკერო კომპანიაში არც ფულადი სახსრების და არც ფასიანი ქაღალდების მოძრაობასთან, გარიგების დოკუმენტის გაფორმების თარიღი.

 

  1. გარიგებების მოცულობის შესახებ ინფორმაციის ასახვისას მიეთითება (ა) კლიენტის საბროკერო ანგარიშზე გარიგების შესრულების თარიღში განხორციელებული შესაბამისი აქტივების (თანხების ან ფასიანი ქაღალდების) ბრუნვა (საკრედიტო და სადებეტო ბრუნვები, დაჯამებული აბსოლუტურ სიდიდეებში), ან (ბ) იმ გარიგებების დოკუმენტებით გათვალისწინებული თანხები (ღირებულება), რომელიც არ არის დაკავშირებული ფულადი სახსრების ან/და ფასიანი ქაღალდების მოძრაობასთან საბროკერო კომპანიაში. ფულადი ანგარიშსწორების გარეშე ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული გარიგებების (მათ შორის, ფასიანი ქაღალდების გაცვლის, ჩარიცხვა-გადარიცხვის) შემთხვევაში, ინფორმაცია აისახება თანხობრივ გამოხატულებაში გარიგებით დაფიქსირებული ფასით, თუ ეს დადასტურებულია გარიგების დოკუმენტებით, ან ამგვარის არარსებობის შემთხვევაში, ბირჟაზე დაშვებული ფასიანი ქაღალდებისთვის – ბირჟის მიერ გამოქვეყნებული უკანასკნელი დახურვის ფასით, ყველა სხვა შემთხვევაში კი ნომინალური ღირებულებით.

 

  1. თუ გარიგების საფუძველზე კლიენტის ანგარიშზე საბროკერო კომპანიაში ხდება ფულადი სახსრების მოძრაობა, მაშინ ანგარიშგებაში ინფორმაცია აისახება მხოლოდ ფულადი სახსრების კლიენტის ანგარიშზე ფაქტობრივი ბრუნვის შესახებ. თუ გარიგების საფუძველზე კლიენტის ანგარიშზე საბროკერო კომპანიაში ხდება მხოლოდ ფასიანი ქაღალდების მოძრაობა, მაშინ ანგარიშგებაში ინფორმაცია აისახება მხოლოდ ფასიანი ქაღალდების კლიენტის ანგარიშზე ფაქტობრივი ბრუნვის შესახებ. თუ გარიგების საფუძველზე კლიენტის ანგარიშზე საბროკერო კომპანიაში არ ხდება არც ფულადი სახსრების და არც ფასიანი ქაღალდების მოძრაობა, მაშინ ანგარიშგებაში ინფორმაცია გარიგების მოცულობის შესახებ აისახება გარიგების დოკუმენტის მიხედვით.

 

  1. ანგარიშგებაში არ აისახება ინფორმაცია საბიუჯეტო გადახდების, ფასიანი ქაღალდების „სპლიტის“, „რევერს-სპლიტის“ და კონვერტაციის შესახებ, აგრეთვე საბროკერო კომპანიის მიერ გაწეული მომსახურების სანაცვლოდ კლიენტისგან მიღებული საკომისიოს შესახებ, გარდა საკონსულტაციო მომსახურების გაწევის საფასურისა.

 

  1. ანგარიშგების ფორმებში დაუშვებელია ქვეფაქტორებში მონაცემების განმეორება, გარდა ამ წესის მე-12 მუხლის 22-ე და 23-ე პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

  1. ანგარიშგების ფორმებში არ აისახება ინფორმაცია კლიენტების საბროკერო ანგარიშებზე აქტივების ბლოკირების/დაგირავების შესახებ.

 

  1. საბროკერო კომპანიის კლიენტებს შორის ოპერაციების განხორციელებისას, ინფორმაცია აისახება ორივე მათგანის ჭრილში. 

 

  1. იმ შემთხვევაში, თუ კლიენტს საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად აქვს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, ანგარიშგებაში ფიქსირდება სხვა ქვეყნის მოქალაქედ, ხოლო თუ ორივე შემთხვევაში არის უცხო ქვეყნის მოქალაქე – იმ ქვეყნის მოქალაქედ, რომელიც მეტი რისკის მატარებელია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების კუთხით.

 

მუხლი 4. ანგარიშგების ფორმები

ანგარიშგება მოიცავს შემდეგ ფორმებს:

ა) ინფორმაცია საბროკერო კომპანიის შესახებ (ფორმა№1);

ბ) ინფორმაცია კლიენტთა ბაზის სტრუქტურის შესახებ  (ფორმა №2);

გ) ინფორმაცია პროდუქტების/გარიგებების შესახებ (ფორმა №3);

დ) ინფორმაცია გეოგრაფიული არეალის მიხედვით განხორციელებული გარიგებების შესახებ (ფორმა №4);

ე) ინფორმაცია კლიენტთა რეზიდენტობისა და მათ მიერ განხორციელებული გარიგებების შესახებ (ფორმა №5);

ვ) ინფორმაცია კლიენტთა რეზიდენტობის შესახებ (ფორმა №6);

ზ) ინფორმაცია მესამე პირზე დაყრდნობით იდენტიფიცირებულ კლიენტთა შესახებ (ფორმა №7);

თ) ინფორმაცია მაღალი რისკის მატარებელი საქმიანობის მქონე და სხვადასხვა ნიშნით რისკის მატარებელი კლიენტების შესახებ (ფორმა №8);

ი) ინფორმაცია შუამავლების შესახებ (ფორმა №9);

კ) სტატისტიკური ინფორმაცია ფინანსური მონიტორინგის სამსახურში  გაგზავნილი ანგარიშგებების  შესახებ (ფორმა №10);

ლ) ინფორმაცია საეჭვო სტატუსით გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ (ფორმა №11);

მ) ინფორმაცია სანქცირებული კლიენტების და შეჩერებული გარიგებების შესახებ (ფორმა №12);

ნ) ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკის რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის შესახებ (ფორმა №13);

ო) ინფორმაცია საეჭვო ზონების შესახებ (ფორმა №14);

პ) ინფორმაცია რისკის მატარებელი პროდუქტების შესახებ (ფორმა №15).

 

მუხლის 5. ინფორმაცია საბროკერო კომპანიის შესახებ (ფორმა№1)

  1. ანგარიშგების ფორმა მოიცავს საბროკერო კომპანიის დასახელებას, სამეთვალყურეო საბჭოს წევრების, მნიშვნელოვანი წილის მფლობელ(ებ)ის (10% და მეტი), ბენეფიციარი მესაკუთრე პირ(ებ)ის, დირექტორ(ებ)ის, მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირის, საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული ფილიალების და შვილობილი საწარმოების (ფინანსური ინსტიტუტების), საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული წარმომადგენლობების, ასევე ეროვნული ბანკის ბოლო შემოწმების თარიღის (ადგილზე ინსპექტირების) და მინიჭებული რისკის დონის შესახებ ინფორმაციას.

 

  1. სამეთვალყურეო საბჭოს წევრების, მნიშვნელოვანი წილის მფლობელების, ბენეფიციარი მესაკუთრე პირების, დირექტორების, მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირის შესახებ ინფორმაციის ასახვისას, მიეთითება საიდენტიფიკაციო მონაცემები (ფიზიკური პირის შემთხვევაში სახელი, გვარი, პირადი ნომერი და მოქალაქეობა, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – საფირმო სახელწოდება, საიდენტიფიკაციო კოდი და რეგისტრაციის ქვეყანა).

 

  1. საქართველოს ფარგლებს გარეთ ფილიალების არსებობის შემთხვევაში მიეთითება მათი რაოდენობა და ადგილმდებარეობა (ქვეყნების ჩამონათვალი).

 

  1. საქართველოს ფარგლებს გარეთ შვილობილი საწარმოების (ფინანსური ინსტიტუტების) და წარმომადგენლობების არსებობის შემთხვევაში მიეთითება მათი დასახელება და ადგილმდებარეობა (ქვეყნების ჩამონათვალი).

 

  1. ფორმაში ინფორმაცია აისახება საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის არსებული მონაცემების მიხედვით.

 

მუხლი 6.   ინფორმაცია კლიენტთა ბაზის სტრუქტურის შესახებ (ფორმა №2)  

  1. ანგარიშგების ფორმა შედგება ფაქტორებისა და ქვეფაქტორებისგან. რისკის დონეებისა და სხვა მახასიათებლების მიხედვით ფორმაში უნდა აისახოს  კლიენტთა რაოდენობისა და საანგარიშო პერიოდში განხორციელებული გარიგებების მოცულობის შესახებ ინფორმაცია.

 

  1. ანგარიშგების ფორმის შევსების მიზნით, საბროკერო კომპანიებმა უნდა უზრუნველყოს კლიენტთა კლასიფიკაცია რისკის დონეების მიხედვით.

 

  1. ანგარიშგების ფორმა მოიცავს საბროკერო კომპანიასთან საანგარიშო პერიოდისთვის საქმიან ურთიერთობაში მყოფი იურიდიული და ფიზიკური პირების რაოდენობრივ მაჩვენებელს სრულად, მიუხედავად იმისა, განახორციელა, თუ არა პირმა საანგარიშო პერიოდში გარიგება. ფორმა ასევე მოიცავს ინფორმაციას იმ პირების შესახებ, რომლებთანაც საქმიანი ურთიერთობა შეწყდა  საანგარიშო პერიოდის განმავლობაში.

 

მუხლი 7. ინფორმაცია პროდუქტების/გარიგებების შესახებ (ფორმა №3)

  1. ანგარიშგების ფორმაში აისახება კლიენტების მიერ განხორციელებული გარკვეული კატეგორიის გარიგებების (ოპერაციების) რაოდენობისა და მოცულობის შესახებ ინფორმაცია.

 

  1. მთლიანი ბრუნვის მონაცემებში აისახება კლიენტების დავალებით და მათ სასარგებლოდ განხორციელებული გარიგებების (მათ შორის, ფორმაში მითითებული გარიგებების) შესახებ ინფორმაცია.

 

  1. საკონსულტაციო მომსახურების შესახებ მონაცემების ასახვისას, გარიგების რაოდენობის ველში აღინიშნება იმ გარიგებების რაოდენობა, რომელთა საფუძველზეც მოხდა საკონსულტაციო მომსახურების გაწევა, ხოლო მოცულობის ველში, მომსახურების სანაცვლოდ, საბროკერო კომპანიის მიერ მიღებული ანაზღაურების ჯამური მოცულობა.

 

  1. საინვესტიციო პორტფელების მართვის შესახებ ინფორმაციის ასახვისას, გარიგებების რაოდენობის ველში მიეთითება  იმ გარიგებათა რაოდენობა, რომელთა საფუძველზეც საბროკერო კომპანიას სამართავად გადაეცა საინვესტიციო პორტფელები, ხოლო მოცულობის ველში ამ საინვესტიციო პორტფელების ჯამური (საბაზრო ან ასეთის არარსებობის შემთხვევაში ნომინალური) ღირებულება (რომელიც დაფიქსირდა სამართავად გადაცემის მომენტში).

 

  1. ნაღდი ფორმით განხორციელებული გარიგებები მოიცავს კლიენტების მიერ საბროკერო კომპანიის სალაროში/სალაროდან, ასევე, საბროკერო კომპანიის ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე/ანგარიშიდან ნაღდი ფორმით განთავსებულ/გატანილ თანხებს.

 

  1. ფორმაში აისახება მხოლოდ არარეზიდენტი ნომინალური მფლობელის დავალებით განხორციელებული გარიგებების შესახებ ინფორმაცია.

 

  1. ქვეფაქტორში „არასაბირჟო გარიგებები“ აისახება ინფორმაცია ფასიანი ქაღალდების გაცვლის, ჩუქების, ასევე, ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვის გარიგებების შესახებ, რომელიც არ განხორციელებულა „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საფონდო ბირჟაზე, ასევე აშშ-ში, კანადაში, იაპონიაში, ავსტრალიაში, სკანდინავიის ქვეყნებში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში (გარდა მალტის, ლუქსემბურგის და კვიპროსისა) და გაერთიანებულ სამეფოში (გარდა „ზღვისიქითა ტერიტორიებისა“ (‘British Overseas Territories’)  ლიცენზირებულ/ავტორიზებულ ბირჟაზე, ან ალტერნატიულ სავაჭრო მოედანზე.

 

  1. თუ რომელიმე ქვეფაქტორით გათვალისწინებული პროდუქტი/გარიგება ამავდროულად წარმოადგენს არასაბირჟო გარიგებას, ინფორმაცია აისახება დიფერენცირებულად, მხოლოდ შესაბამის ქვეფაქტორში.

 

  1. ანგარიშგების ფორმაში მოცემული პროდუქტების/გარიგებების შესახებ ინფორმაცია უნდა მოიცავდეს მხოლოდ იდენტიფიცირებული კლიენტების მიერ/სასარგებლოდ განხორციელებული გარიგებების შესახებ მონაცემებს, ხოლო ინფორმაცია კლიენტის იდენტიფიკაციის გარეშე განხორციელებული გარიგებების შესახებ აღირიცხება დიფერენცირებულად, შესაბამის ქვეფაქტორში.

 

მუხლი 8. ინფორმაცია გეოგრაფიული არეალის მიხედვით განხორციელებული გარიგებების შესახებ  (ფორმა№4)

  1. ანგარიშგების ფორმაში აისახება კლიენტების მიერ და მათ სასარგებლოდ როგორც იდენტიფიცირებული, ასევე იდენტიფიკაციის გარეშე განხორციელებული გარიგებების აქტივების (როგორც ფულის, ასევე ფასიანი ქაღალდების) ჩარიცხვა-გადარიცხვის იმ ოპერაციების შესახებ ინფორმაცია ქვეყნების მიხედვით, რომელიც დაკავშირებულია აქტივების მესაკუთრის ცვლილებასთან.

 

  1. ქვეყნების მიხედვით ტრანზაქციების შესახებ ინფორმაცია აისახება  მიმღების/გამომგზავნის მომსახურე საბანკო ინსტიტუტის ადგილმდებარეობის მიხედვით (თანხის შემთხვევაში), ხოლო ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში მიმღების/გამომგზავნის მომსახურე ინსტიტუტის ადგილმდებარეობის მიხედვით.

 

  1. ველში - ,,ქვეყნები/ტერიტორიები, რომლებიც არ არის გამოყოფილი“ ჩაშლილად აისახება ინფორმაცია იმ ქვეყნების/ტერიტორიების მეშვეობით განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ, რომელთა ჩამონათვალიც არ არის მოცემული ფორმაში (ქვეყნის/ტერიტორიის დასახელების და კოდის მითითებით).

 

  1. ფორმაში, დამატებით, დიფერენცირებულად აისახება ინფორმაცია კლიენტის იდენტიფიკაციის გარეშე ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ განხორციელებული გარიგებების შესახებ.

 

  1. ფორმაში არ აისახება ინფორმაცია ცენტრალურ დეპოზიტართან სავაჭროდ დეპონირებული თანხების და ფასიანი ქაღალდების მოძრაობის შესახებ.

 

მუხლი 9. ინფორმაცია კლიენტთა რეზიდენტობისა და მათ მიერ განხორციელებული გარიგებების შესახებ (ფორმა№5)

  1. ანგარიშგების ფორმაში, რეზიდენტობის მიხედვით, აისახება ინფორმაცია მხოლოდ იმ კლიენტების შესახებ, რომელთაც საანგარიშო პერიოდში განახორციელეს გარიგებები.

 

  1. ანგარიშგების ფორმა მოიცავს კლიენტების რაოდენობრივ მაჩვენებელს და მათ მიერ/მათ სასარგებლოდ განხორციელებული გარიგებების რაოდენობის და მოცულობის შესახებ ინფორმაციას. ფორმა ასევე მოიცავს ინფორმაციას იმ პირების შესახებ, რომლებთანაც საქმიანი ურთიერთობა შეწყდა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში.

 

  1. ველში ,,სხვა“ ჩაშლილად აისახება ინფორმაცია იმ ქვეყნებში/ტერიტორიებში რეგისტრირებულ პირთა შესახებ, რომელთა ჩამონათვალიც არ არის მოცემული ფორმაში (ქვეყნის/ტერიტორიის დასახელების და კოდის მითითებით).

 

  1. იდენტიფიკაციასთან დაკავშირებით კანონმდებლობით  დადგენილი  ზღვრული ოდენობის მიუხედავად, თუ საბროკერო კომპანიას გააჩნია კლიენტის საიდენტიფიკაციო მონაცემები, ინფორმაცია უნდა აისახოს ამავე ფორმაში რეზიდენტობის მიხედვით.

 

მუხლი 10. ინფორმაცია კლიენტთა  რეზიდენტობის შესახებ (ფორმა №6)

  1. ანგარიშგების ფორმაში აისახება რეზიდენტობის მიხედვით იმ კლიენტების შესახებ ინფორმაცია, რომლებიც საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საქმიან ურთიერთობაში იმყოფებიან საბროკერო კომპანიასთან, მიუხედავად იმისა, განხორციელდა თუ არა მათ მიერ/მათ სასარგებლოდ გარიგება საანგარიშო პერიოდში. ფორმაში ასევე აისახება ინფორმაცია იმ კლიენტების შესახებ, რომელთაც საანგარიშო პერიოდში შეწყვიტეს საქმიანი ურთიერთობა საბროკერო კომპანიასთან.

 

  1. ველში ,,სხვა“ ჩაშლილად აისახება ინფორმაცია იმ ქვეყნებში/ტერიტორიებში რეგისტრირებულ პირთა შესახებ, რომელთა ჩამონათვალიც არ არის მოცემული ფორმაში (ქვეყნის/ტერიტორიის დასახელების და კოდის მითითებით).

 

  1. იდენტიფიკაციასთან დაკავშირებით კანონმდებლობით  დადგენილი  ზღვრული ოდენობის მიუხედავად, თუ საბროკერო კომპანიას გააჩნია კლიენტის საიდენტიფიკაციო მონაცემები, ინფორმაცია უნდა აისახოს ამავე ფორმაში რეზიდენტობის მიხედვით.

 

მუხლი 11. ინფორმაცია მესამე პირზე დაყრდნობით იდენტიფიცირებულ კლიენტთა შესახებ (ფორმა 7)

  1. ფორმაში აისახება ინფორმაცია იმ კლიენტების შესახებ, რომელთა იდენტიფიკაციაც განხორციელდა ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად (მათ შორის, რეზიდენტი მესამე პირების/შუამავლების მეშვეობით იდენტიფიცირებული კლიენტების შესახებ).

 

  1. ფორმაში აისახება მონაცემები იმ ორგანიზაციის შესახებ (რეგისტრაციის ქვეყნის დასახელება უნდა იყოს ანგარიშგების შესაბამისი ფორმებით დადგენილი ქვეყნების სიაში მოცემული დასახელების იდენტური), რომელსაც დაეყრდნო საბროკერო კომპანია პირის იდენტიფიკაციისას, ასევე, ამ ფორმით იდენტიფიცირებული კლიენტების რაოდენობა და განხორციელებული ბრუნვების შესახებ მონაცემები.

 

  1. კლიენტების რაოდენობრივი მაჩვენებელი აისახება სრულად, მიუხედავად იმისა, განახორციელა თუ არა კლიენტმა საანგარიშო პერიოდში ტრანზაქცია. ფორმა ასევე მოიცავს ინფორმაციას იმ კლიენტების შესახებ, რომლებმაც საანგარიშო პერიოდის განმავლობაში შეწყვიტეს ურთიერთობა საბროკერო კომპანიასთან.

 

მუხლი 12. ინფორმაცია მაღალი რისკის მატარებელი საქმიანობის მქონე და სხვადასხვა ნიშნით რისკის მატარებელი კლიენტების შესახებ (ფორმა 8)

  1. ანგარიშგების ფორმა მოიცავს მაღალი რისკის მატარებელი საქმიანობის მქონე, ასევე, სხვადასხვა ნიშნით რისკის მატარებელი კლიენტების რაოდენობისა და გარიგებების მოცულობის შესახებ ინფორმაციას.

 

  1. პირების რაოდენობრივი მაჩვენებელი აისახება სრულად, მიუხედავად იმისა, განახორციელა თუ არა კლიენტმა საანგარიშო პერიოდში ტრანზაქცია. ფორმა ასევე მოიცავს ინფორმაციას იმ კლიენტების შესახებ, რომლებმაც საბროკერო კომპანიასთან საქმიანი ურთიერთობა შეწყვიტეს საანგარიშო პერიოდის განმავლობაში.

 

  1. პროფესიული მომსახურების პროვაიდერები მოიცავს საკონსულტაციო კომპანიებს, ასევე საადვოკატო, საბუღალტრო, აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელ პირებს.

 

  1. ლატარიებისა და სხვა მომგებიანი თამაშების მომწყობი პირების შესახებ ინფორმაციის ასახვის დროს ასევე გათვალისწინებულ უნდა იქნას ონლაინ სამორინეების და აზარტული თამაშების მომწყობი პირების, ტოტალიზატორების შესახებ ინფორმაცია. 

 

  1. ძვირფას ლითონებთან, ძვირფას ქვებთან და მათ ნაწარმთან, ანტიკვარულ ნივთებთან და ხელოვნების ნიმუშებთან დაკავშირებული საქმიანობა, ასევე მოიცავს  აუქციონის მომწყობ პირებს, ლომბარდებს, ძვირფასეულობის, ანტიკვარიატისა და ხელოვნების ნიმუშების მაღაზიებს. 

 

  1. ანგარიშგების ფორმაში არ აისახება  ხელოვანი პირების და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული აუქციონის მომწყობი პირების  შესახებ ინფორმაცია.

 

  1. ფორმაში არ აისახება სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კომპანიების შესახებ ინფორმაცია, რომლთა საქმიანობასაც წარმოადგენს იარაღის, საბრძოლო მასალების, სამხედრო ტექნიკის და ტრანსპორტის (ნაწილების), ბირთვული რეაქტორების მასალების წარმოება ან/და ვაჭრობა, გარდა არაკოოპერირებად, საყურადღებო, ან საეჭვო ზონებად განსაზღვრული სახელმწიფოების წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კომპანიებისა.

 

  1. ინფორმაცია იმ კლიენტების შესახებ, რომელთა საქმიანობას ქიმიური ნივთიერებებით ვაჭრობა ან/და წარმოება წარმოადგენს, არ მოიცავს  საყოფაცხოვრებო ქიმიური პროდუქციის მწარმოებელ ან/და რეალიზატორ კომპანიებს.

 

  1. ფორმაში გათვალისწინებული სპორტული კლუბები მოიცავს საფეხბურთო, საკალათბურთო და სხვა მსგავსი ტიპის კლუბებს, გარდა სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსებისა.

 

  1. ფორმაში არ აისახება ინფორმაცია იმ საინვესტიციო ფონდებისა და კომპანიების შესახებ, რომლებიც შექმნილნი არიან საქართველოს სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით.

 

  1. ფორმაში აისახება ინფორმაცია დეველოპერული კომპანიების შესახებ, რომელთა საქმიანობას უძრავი ქონების პროექტების მართვა და რეალიზება წარმოადგენს.

 

  1. ფორმაში აისახება ინფორმაცია ჰოლდინგური კომპანიების შესახებ, რომელთა ძირითადი საქმიანობა სხვა საწარმოების საქმიანობის მართვა ან კონტროლია.

 

  1. ფორმაში აისახება ინფორმაცია აქტივების მმართველი კომპანიების შესახებ, რომლებიც ახდენენ კლიენტების სახსრების (მათ შორის, საპენსიო დანაგროვთა) მართვასა და ინვესტირებას. 

 

  1. ფორმაში აისახება ინფორმაცია იმ სატრასტო კომპანიების შესახებ, რომლებიც ფიზიკური ან იურიდიული პირის ინტერესებისათვის მოქმედებენ როგორც ფიდუციარი, აგენტი, ან მინდობილი მესაკუთრე (trustee) იმ მიზნით, რომ მოახდინონ აქტივების ადმინისტრირება, მართვა და შემდგომი გადაცემა ბენეფიციარისთვის. 

 

  1. ფორმაში აისახება ინფორმაცია იმ კომპანიების შესახებ, რომელთა ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ელექტრონული პლატფორმის გამოყენებით უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვა, გარდა კომერციული ბანკებისა.

 

  1. სესხის გამცემი ორგანიზაციები მოიცავს ინფორმაციას იმ კომპანიების შესახებ, რომელთა ძირითადი საქმიანობა არის სესხის გაცემა (მათ შორის, ონლაინ სესხის გამცემი პირები), გარდა კომერციული ბანკებისა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა, საკრედიტო კავშირებისა, კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტებისა.

 

  1. იმ პირების გარიგებების მოცულობაში, რომელთა შესახებ ანგარიშგება გაიგზავნა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში საეჭვო სტატუსით, აისახება როგორც საეჭვო სტატუსით გაგზავნილი გარიგების, ასევე კლიენტის მიერ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში განხორციელებული გარიგებების ჯამური მოცულობა. 

 

  1. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში საეჭვო სტატუსით გაგზავნილ ანგარიშგებაში გარიგების მონაწილე მხარე არის ერთდროულად რამდენიმე კლიენტი, რაოდენობრივ მაჩვენებელში ფიქსირდება ყველა მათგანი და როგორც საეჭვო სტატუსით გაგზავნილი გარიგების, ასევე მათ მიერ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში განხორციელებული გარიგებების ჯამური მოცულობა.

 

  1. გარიგების დადების მცდელობის საეჭვო სტატუსით საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში ანგარიშგების გაგზავნის შემთხვევაში, გარიგების მოცულობაში აისახება როგორც ამ კონკრეტული გარიგების თანხა, ასევე გარიგების მონაწილე კლიენტ(ებ)ის მიერ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში განხორციელებული გარიგებების ჯამური მოცულობა.

 

  1. ფორმაში, რთული მფლობელობის სტრუქტურის მქონედ მიიჩნევა კომპანიები,  რომელთა სადამფუძნებლო სტრუქტურა, ვერტიკალურ ჭრილში, მოიცავს იურიდიული პირების ორ ან მეტ დონეს.

 

  1. საბროკერო კომპანიის მიერ ფორმაში ასევე ასახულ უნდა იქნეს მის მიერ,  საქმიანობის მიხედვით, მაღალი რისკის მატარებლად განსაზღვრული კლიენტების შესახებ ინფორმაცია, თუ კრიტერიუმი განსხვავდება ფორმაში მოცემული ჩამონათვალისგან.

 

  1. თუ კლიენტი ერთდროულად არის ფორმით გათვალისწინებული რამდენიმე ნიშნით რისკის მატარებელი, ინფორმაცია აისახება მხოლოდ ერთ-ერთ ფაქტორში. გამონაკლისს წარმოადგენენ ფაქტორები ,,პირები, რომელთა შესახებ ანგარიშგება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაიგზავნა  საეჭვო სტატუსით“, ,,რთული მფლობელობის სტრუქტურის მქონე კომპანიები“ და ,,პირები, რომელთა ბენეფიციარი მესაკუთრე პირები რეგისტრირებულნი არიან საყურადღებო/საეჭვო/არაკოოპერირებად ზონებში“, რომლებშიც დაშვებულია ფაქტორებით გათვალისწინებული მონაცემების განმეორება. მაგალითად, თუ პროფესიული მომსახურების პროვაიდერი, ამავდროულად არის რთული მფლობელობის სტრუქტურის მქონე, ინფორმაცია აისახება ორივე ფაქტორში.

 

  1. თუ კლიენტის მახასიათებლები ერთდროულად შეესაბამება ფაქტორებს ,,პირები, რომელთა შესახებ ანგარიშგება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაიგზავნა  საეჭვო სტატუსით“, ,,პირები, რომელთა ბენეფიციარი მესაკუთრე პირები რეგისტრირებულნი არიან საყურადღებო/საეჭვო/არაკოოპერირებად ზონებში“ და ,,რთული მფლობელობის სტრუქტურის მქონე კომპანიები“, ინფორმაცია აღირიცხება სამივე ფაქტორში.

 

მუხლი 13. ინფორმაცია შუამავლების შესახებ (ფორმა №9)

  1. ფორმაში აისახება ინფორმაცია საბროკერო კომპანიასთან, საანგარიშო პერიოდში, საქმიან ურთიერთობაში მყოფი ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავლების შესახებ, მიუხედავად იმისა, განხორციელდა თუ არა საანგარიშო პერიოდში გარიგება მათი მეშვეობით. ფორმაში ასევე აისახება ინფორმაცია იმ შუამავლების შესახებ, რომლებთანაც საქმიანი ურთიერთობა შეწყდა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში.
  2. ფორმაში მიეთითება შუამავლის დასახელება, რეგისტრაციის ქვეყანა (რეგისტრაციის ქვეყნის დასახელება უნდა იყოს ანგარიშგების შესაბამისი ფორმებით დადგენილი ქვეყნების სიაში მოცემული დასახელების იდენტური), საქმიანი ურთიერთობის დამყარების თარიღი და შუამავალთან დაკავშირებული გარიგებების მოცულობა.

 

მუხლი 14. სტატისტიკური ინფორმაცია ფინანსური მონიტორინგის სამსახურში  გაგზავნილი ანგარიშგებების  შესახებ (ფორმა №10)

  1. ანგარიშგების ფორმა მოიცავს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ სტატისტიკურ ინფორმაციას.

 

  1. საეჭვო სტატუსით გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ ინფორმაცია აისახება დიფერენცირებულად, იმის მითითებით, თუ რა ნიშნით მოხდა ანგარიშგების საეჭვო სტატუსით გაგზავნა.

 

  1. იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობით განსაზღვრულ მონიტორინგს დაქვემდებარებულ ზღვარს ზემოთ ოპერაციების შესახებ ანგარიშგება ერთდროულად რამდენიმე ნიშნით არის გაგზავნილი, ფორმაში ინფორმაცია აისახება ერთ-ერთი ნიშნის მიხედვით.

 

მუხლი 15. ინფორმაცია საეჭვო სტატუსით გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ (ფორმა №11)

  1. ანგარიშგების ფორმა მოიცავს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, საეჭვო სტატუსით, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ დამატებით ინფორმაციას.
  2. ფორმაში მიეთითება ტრანზაქციის სტატუსი, გარიგების/პროდუქტის ტიპი (ვალუტის კონვერტაცია, ფასიანი ქაღალდების ყიდვა, საკონსულტაციო მომსახურება და სხვ.), კლიენტის რეზიდენტობა (ქვეყნის კოდის მითითებით) და შემთხვევების რაოდენობა.
  3. რეგისტრაციის ქვეყნის დასახელება უნდა იყოს ანგარიშგების შესაბამისი ფორმებით დადგენილი ქვეყნების სიაში მოცემული დასახელების იდენტური.
  1. ფორმაში ასევე მიეთითება ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა საფუძველზეც განხორციელდა ანგარიშგების საეჭვო სტატუსით გაგზავნა.

 

მუხლი 16. ინფორმაცია სანქცირებული კლიენტების და შეჩერებული გარიგებების შესახებ (ფორმა 12)

  1. ფორმაში აისახება ინფორმაცია იმ კლიენტთა რაოდენობისა და რეზიდენტობის შესახებ, რომელთა ქონებასაც საანგარიშო პერიოდში გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად დაედო ყადაღა.

 

  1. ფორმაში ასევე აისახება ინფორმაცია იმ კლიენტთა რაოდენობისა და რეზიდენტობის შესახებ, რომელთა გარიგებების აღსრულებაც შეჩერდა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წერილობითი მითითების საფუძველზე საანგარიშო პერიოდში.

 

  1. ველში ,,სხვა“ ჩაშლილად აისახება ინფორმაცია იმ ქვეყნებში/ტერიტორიებში რეგისტრირებულ პირთა შესახებ, რომელთა ჩამონათვალიც არ არის მოცემული ფორმაში (ქვეყნის/ტერიტორიის დასახელების და კოდის მითითებით).

 

მუხლი 17. ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკის რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის შესახებ (ფორმა 13)

  1. ანგარიშგების ფორმაში აისახება საქართველოს ეროვნული ბანკის როგორც ადგილზე შემოწმების, ასევე დისტანციური ზედამხედველობის განხორციელების შედეგად განსაზღვრული რეკომენდაციები  და მათი შესრულების მდგომარეობა.

 

  1. ანგარიშგების ფორმაში უნდა აისახოს თითოეული რეკომენდაცია, დადგენილი შესრულების ვადა, შესრულების მდგომარეობა, გატარებული ზომები და შესრულების თარიღი.

 

  1. თითოეული რეკომენდაციის შესრულების მიზნით, ფორმაში აღწერილი გატარებული ზომების შესახებ ინფორმაცია, გარკვევით უნდა ასახავდეს საბროკერო კომპანიის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს.

 

მუხლი 18. ინფორმაცია საეჭვო ზონების შესახებ (ფორმა №14)

  1. ანგარიშგების ფორმაში აისახება ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი, რომელიც საბროკერო კომპანიის მიერ მიჩნეულ იქნა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის სუსტი მაკონტროლებელი მექანიზმის მქონედ (ქვეყნის კოდის მითითებით).

 

  1. ანგარიშგების ფორმაში უნდა აისახოს ინფორმაცია ქვეყნის ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილის საეჭვო ზონად კლასიფიცირების თარიღის, იმ საფუძვლებისა და წყაროს შესახებ, რომლის გათვალისწინებითაც მოხდა მისი საეჭვო ზონად მიჩნევა.

 

  1. თუ საეჭვო ზონად მიჩნეულ იქნა ქვეყანა/ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი, რომელიც მოცემულია ანგარიშგების შესაბამის ფორმებით განსაზღვრული ქვეყნების ჩამონათვალში, ფორმაში დასახელება უნდა მიეთითოს სიაში არსებული დასახელების იდენტურად.

 

მუხლი 19. ინფორმაცია რისკის მატარებელი პროდუქტების შესახებ (ფორმა №15)

  1. ანგარიშგების ფორმაში აისახება ინფორმაცია მხოლოდ იმ პროდუქტების, ასევე მომსახურების მიწოდების საშუალებების (არხის) შესახებ, რომლებიც საბროკერო კომპანიის მიერ მიჩნეულ იქნა მაღალი რისკის მატარებლად უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების კუთხით (საწყისი რისკის გათვალისწინებით).

 

  1. ანგარიშგების ფორმაში მითითებული ინფორმაცია გარკვევით უნდა ასახავდეს პროდუქტის/მიწოდების არხის აღწერილობას, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების კუთხით არსებულ რისკებსა და საბროკერო კომპანიის მიერ რისკების მიტიგაციის მიზნით განსაზღვრულ ზომებს.

 

მუხლი 20. საბროკერო კომპანიის მიერ დამატებით წარმოსადგენი ინფორმაცია

  1. ამ ბრძანების დანართი №1-ით გათვალისწინებული ანგარიშგების გარდა, კონტროლის სისტემის დისტანციური შეფასების მიზნით, საბროკერო კომპანია ეროვნულ ბანკს  წარუდგენს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით საბროკერო კომპანიაში არსებულ ყველა პოლიტიკა–პროცედურას და პროგრამული უზრუნველყოფის აღწერილობას.

 

  1. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარმოდგენა ხდება ამ წესის 21-ე მუხლით განსაზღვრული საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამავე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა.

 

  1. პოლიტიკა-პროცედურები და პროგრამული უზრუნველყოფის აღწერილობა არ საჭიროებს საანგარიშო პერიოდების მიხედვით განმეორებით წარმოდგენას, თუ მასში არ არის განხორციელებული რაიმე სახის ცვლილება, ხოლო ცვლილების შემთხვევაში იგზავნება მხოლოდ განახლებული ინფორმაცია.

 

  1. საბროკერო კომპანიებიდან სხვა დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვა შესაძლებელია განხორციელდეს ეროვნული ბანკის შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე.

 

  1. ამ მუხლის პირველი და მეოთხე პუნქტებით განსაზღვრული ინფორმაციის გამოთხოვა შესაძლებელია განხორციელდეს კითხვარის სახით, რომლის ფორმას განსაზღვრავს ეროვნული ბანკი.

 

მუხლი 21. ანგარიშგების და დამატებითი ინფორმაციის წარდგენის ვადები

  1. საბროკერო კომპანია ანგარიშგებას ეროვნულ ბანკს წარუდგენს შემდეგი თარიღებისათვის:

ა) პირველი ნახევარი წლის ანგარიშგება (იანვარი – ივნისი) – არაუგვიანეს მიმდინარე წლის 31 ივლისისა;

ბ) მეორე ნახევარი წლის ანგარიშგება (ივლისი – დეკემბერი) – არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო წლის 31 იანვრისა.

  1. ამ წესის მე-20 მუხლით გათვალისწინებულ პოლიტიკა-პროცედურებს და პროგრამული უზრუნველყოფის აღწერილობას საბროკერო კომპანია წარადგენს ანგარიშგებასთან ერთად.

 

  1. კონკრეტული საბროკერო კომპანიის ადგილზე შემოწმების დაგეგმვის მიზნით, საბროკერო კომპანიის მენეჯმენტში ან/და მფლობელობის სტრუქტურაში ცვლილებების, ასევე სხვა გარემოების გათვალისწინებით, შესაძლებელია განხორციელდეს ანგარიშგების ან/და დამატებითი ინფორმაციის ვადაზე ადრე გამოთხოვა. ამასთან, ანგარიშგების/ინფორმაციის გამოთხოვის განსხვავებული სიხშირე და ინტენსიურობა შესაძლებელია განაპირობოს საბროკერო კომპანიის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის დონემ.

 

მუხლი 22. ანგარიშგების და დამატებითი ინფორმაციის წარდგენის წესი

  1. საბროკერო კომპანია ამ წესის 21-ე მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ ვადებში ეროვნულ ბანკს ელექტრონული ფორმით წარუდგენს ციფრული ხელმოწერით დამოწმებულ ანგარიშგებას შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: aml.offsite@№bg.gov.ge.

 

  1. საბროკერო კომპანია ამ წესის 21-ე მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ ვადებში ეროვნულ ბანკს ელექტრონული ფორმით წარუდგენს ამ წესის მე-20 მუხლით გათვალისწინებულ ინფორმაციას შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: aml.offsite@№bg.gov.ge.

 

  1. ანგარიშგების მომზადება ხორციელდება MSExcel-ის ფორმატში, ეროვნული ბანკის მიერ მოწოდებული ელექტრონული ფორმისა და ფორმულების დაცვით, რომლის დარღვევაც დაუშვებელია.

 

მუხლის 23. გარდამავალი დებულებები

ანგარიშგებით გათვალისწინებული მაღალი რისკის მატარებელი საქმიანობის მქონე და სხვადასხვა ნიშნით რისკის მატარებელი კლიენტების შესახებ (ფორმა №8) ინფორმაციის წარმოდგენა მოხდეს 2017 წლის პირველი ნახევარი წლის ანგარიშგებაში.