საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ

საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1286
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 05/03/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 13-14, 05/03/1998
ძალის დაკარგვის თარიღი 16/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 010.190.040.05.001.000.336
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1286
05/03/1998
პარლამენტის უწყებანი, 13-14, 05/03/1998
010.190.040.05.001.000.336
საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! მიმდინარეობს დოკუმენტის კონსოლიდაცია. ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას.

კონსოლიდირებული ვერსია (22/12/2017 - 06/12/2018)

საქართველოს კანონი

საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ

 

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო

ეს კანონი არეგულირებს ურთიერთობებს, რომლებიც წარმოიშობა პარლამენტის წევრის მიერ უფლებამოსილების განხორციელებისას.

    მუხლი 2. პარლამენტის წევრის სტატუსის სამართლებრივი საფუძვლები

პარლამენტის წევრის სტატუსის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, ეს კანონი, პარლამენტის რეგლამენტი და სხვა საკანონმდებლო აქტები.

    მუხლი 3. პარლამენტის წევრის სტატუსი

პარლამენტის წევრის სტატუსი არის ქვეყნის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში არჩეული პირის კანონით განსაზღვრული პოლიტიკურ-სამართლებრივი მდგომარეობა, რაც მოიცავს დეპუტატის უფლებამოსილებას, პასუხისმგებლობას, საქმიანობის წესსა და გარანტიებს.

    მუხლი 4. პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადა

1. პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადა იწყება პარლამენტის მიერ მისი უფლებამოსილების დადასტურების დღიდან და მთავრდება ახალარჩეული პარლამენტის პირველი შეკრებისთანავე ან პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ პარლამენტის გადაწყვეტილების მიღებისთანავე.

2. პარლამენტი პარლამენტის წევრს უფლებამოსილებას ვადამდე შეუწყვეტს, თუ:

ა) არსებობს პარლამენტის წევრის პირადი განცხადება უფლებამოსილების მოხსნის თაობაზე;

ბ) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;

გ) სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა, გარდაცვლილად გამოაცხადა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

დ) დაიკავა პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობა ან ეწევა შეუთავსებელ საქმიანობას;

ე) დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა;

ვ) არასაპატიო მიზეზით ოთხი თვის განმავლობაში არ მონაწილეობდა პარლამენტის (სასესიო და საკომიტეტო) მუშაობაში;

ზ) გარდაიცვალა.

3. პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის წესი განისაზღვრება პარლამენტის რეგლამენტით.

4. პარლამენტის წევრის უფლებამოსილების დადასტურების ან ვადამდე შეწყვეტის საკითხს წყვეტს პარლამენტი. პარლამენტის ეს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკონსტიტუციო სასამართლოში.

5. საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის წევრის უფლებამოსილების დადასტურების ან ვადამდე შეწყვეტის თაობაზე პარლამენტის გადაწყვეტილების კონსტიტუციურობის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს, აგრეთვე მოქალაქეს, რომლის, როგორც პარლამენტის წევრის, უფლებამოსილება არ დაადასტურა ან ვადამდე შეწყვიტა პარლამენტმა.

6. კონსტიტუციური სარჩელი შეიტანება პარლამენტის შესაბამისი გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ორი კვირის ვადაში.

საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3386 – ვებგვერდი, 31.03.2015წ.

    მუხლი 5. პარლამენტის წევრის ფიცი

1. პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უფლებამოსილების დადასტურების შემდეგ პარლამენტის წევრები ქვეყნისადმი ერთგულების ფიცს დებენ. ფიცის ტექსტს კითხულობს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე: „მე, სრულიად საქართველოს წარმომადგენელი და მისდამი ანგარიშვალდებული, ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ კეთილსინდისიერად აღვასრულებ პარლამენტის წევრის უფლება-მოვალეობებს, ვიქნები კონსტიტუციური წყობილების, ქვეყნის დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და მთლიანობის, ხალხის ინტერესების, მოქალაქეთა უფლება-თავისუფლებების, საქართველოს ძლევამოსილების დაცვის სამსახურში.“ ტექსტის წაკითხვის შემდეგ პარლამენტის წევრები წარმოთქვამენ „ვფიცავ“ და ხელს აწერენ ფიცის ტექსტს.

2. თუ პარლამენტის წევრის უფლებამოსილების დადასტურება გადაიდო, ან პირი პარლამენტის წევრად აირჩიეს მეორე ტურში ან პარლამენტის გამოკლებული წევრის ნაცვლად, იგი უფლებამოსილების დადასტურებისთანავე კითხულობს ფიცის ტექსტს და ხელს აწერს მას.

3. თუ პარლამენტის წევრი უარს აცხადებს ფიცის დადებაზე, ითვლება, რომ ის არ ახორციელებს პარლამენტის წევრის უფლებამოსილებას, და მას არ აუნაზღაურდება ამ უფლებამოსილების განხორციელების თანხა.

    მუხლი 6. პარლამენტის წევრის მანდატი

1. პარლამენტის წევრი სრულიად საქართველოს წარმომადგენელია, სარგებლობს თავისუფალი მანდატით და მისი გაწვევა დაუშვებელია. თავისი მოვალეობის შესრულებისას იგი შეზღუდული არ არის ამომრჩეველთა და მისი წარმდგენი პოლიტიკური ორგანიზაციების განაწესებითა და დავალებებით.

2. დაუშვებელია პარლამენტის წევრის უფლებამოსილების სხვა პირისათვის გადაცემა.

3. თავისუფალი მანდატი პარლამენტის წევრს არ ათავისუფლებს ამომრჩევლებთან მუშაობისა და მასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობისაგან პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით.

    მუხლი 7. პარლამენტის წევრის მოწმობა და სამკერდე ნიშანი

პარლამენტის წევრს აქვს პარლამენტის წევრის მოწმობა და ატარებს სამკერდე ნიშანს, რომელთა დებულებებს, ნიმუშებსა და აღწერილობას ამტკიცებს პარლამენტის ბიურო.

საქართველოს 1999 წლის 28 დეკემბრის კანონი №116 - სსმ I, №52(59), 31.12.1999 წ., მუხ.258

    მუხლი 8.  პარლამენტის წევრის სტატუსის შეუთავსებლობა სამსახურებრივ მდგომარეობასთან და სამეწარმეო აქმიანობასთან

1. დაუშვებელია პარლამენტის წევრის სტატუსთან სამეწარმეო საქმიანობის ან სახელმწიფო სამსახურში რაიმე თანამდებობის შეთავსება. შეუთავსებლობის შემთხვევები განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით „საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“, „მეწარმეთა შესახებ“, ამ და სხვა კანონებით.

2. სამეწარმეო საქმიანობასთან პარლამენტის წევრის სტატუსის შეუთავსებლობის მოთხოვნები არ ხელყოფს საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ საკუთრების უფლებას. ის შეიძლება ფლობდეს აქციებს, წილს და სხვა ქონებას.

3. პარლამენტის წევრს უფლება არა აქვს:

ა) უშუალოდ განახორციელოს არაერთჯერადი საქმიანობა მოგების მიზნით მატერიალური ფასეულობებისა და ფინანსური საშუალებების სამართავად;

ბ) უშუალოდ განახორციელოს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი, სამეთვალყურეო, საკონტროლო, სარევიზიო და საკონსულტაციო ორგანოს წევრის უფლებამოსილებანი;

გ) იყოს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი, ეკავოს თანამდებობა სხვა სახელმწიფო ან თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოში.

4. პარლამენტის წევრი იმავდროულად შეიძლება ეწეოდეს სამეცნიერო, პედაგოგიურ, სახელოვნებო საქმიანობას, თუ ასეთი საქმიანობა არ ითვალისწინებს ადმინისტრაციულ ფუნქციებს. ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულება გულისხმობს სამეცნიერო, სასწავლო, სახელოვნებო დაწესებულებებში თანამდებობის პირის მიერ საკადრო, დისციპლინურ და სხვა საკითხებზე ადმინისტრაციული გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილებას.

5. პარლამენტის წევრი იმავდროულად შეიძლება ეწეოდეს პარტიულ საქმიანობას, ეკავოს ნებისმიერი თანამდებობა პარტიულ და საზოგადებრივ ორგანიზაციებში.

6. ახალარჩეული პარლამენტის წევრი ვალდებულია უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან შეწყვიტოს შეუთავსებელი სამსახური (საქმიანობა). თუ პარლამენტის მიერ მისი უფლებამოსილების დადასტურებამდე პარლამენტის წევრმა არ შეწყვიტა პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი სამსახური (საქმიანობა), პარლამენტი არ ადასტურებს მის, როგორც პარლამენტის წევრის, უფლებამოსილებას.

 

თავი II. პარლამენტის წევრის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია

საქართველოს 1999 წლის 5 თებერვლის კანონი №1801 - სსმ I, №3(10), 19.02.1999 წ., მუხ.17

საქართველოს 2008 წლის 2 ოქტომბრის კანონი №312 - სსმ I, №24, 20.10.2008 წ., მუხ.158

    მუხლი 9. ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება, დეკლარაციის შინაარსი

1. პარლამენტის წევრი ვალდებულია კანონითა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული წესით წარადგინოს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია.

2. ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია უნდა შეიცავდეს პარლამენტის წევრისა და მისი ოჯახის წევრების ქონებრივი და ფინანსური რესურსების ამსახველ სრულ და ამომწურავ ინფორმაციას გასული კალენდარული წლის განმავლობაში.

3. ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციიდან გამომდინარე შედეგები შეიძლება განიხილოს პარლამენტმა კანონითა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული წესით.

საქართველოს 1999 წლის 5 თებერვლის კანონი №1801 - სსმ I, №3(10), 19.02.1999 წ., მუხ.17

საქართველოს 2008 წლის 2 ოქტომბრის კანონი №312 - სსმ I, №24, 20.10.2008 წ., მუხ.158

    მუხლი 10.  ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია

1. ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შინაარსის საჯაროობა უზრუნველყოფილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. პარლამენტის უფლებამოსილების პერიოდში დაგროვილი დეკლარაციების შემდგომი შენახვის ან განადგურების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტი შესაბამისი მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადის გასვლიდან ხუთი წლის შემდეგ.

საქართველოს 1999 წლის 5 თებერვლის კანონი №1801 - სსმ I, №3(10), 19.02.1999 წ., მუხ.17

საქართველოს 2008 წლის 2 ოქტომბრის კანონი №312 - სსმ I, №24, 20.10.2008 წ., მუხ.158

 

თავი III. პარლამენტის წევრის უფლება-მოვალეობანი

    მუხლი 11. საკანონმდებლო ინიციატივის უფლება

პარლამენტის წევრს აქვს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება, რომელიც ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციით, სხვა კანონებით და პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით.

    მუხლი 12. პარლამენტის სხდომებში მონაწილეობის უფლება

1. პარლამენტის წევრი მონაწილეობს პარლამენტის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების განხილვა-გადაწყვეტაში.

2. პარლამენტის წევრს უფლება აქვს პარლამენტის სხდომაზე:

ა) დასვას საკითხი განსახილველად;

ბ) შეიტანოს შენიშვნები და წინადადებები პარლამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ ყველა საკითხზე;

გ) მონაწილეობა მიიღოს კამათში, შეკითხვა დაუსვას მომხსენებელსა და სხდომის თავმჯდომარეს, მოითხოვოს და შეაფასოს პასუხი;

დ) გააცნოს პარლამენტს საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე მოქალაქეთა წერილები და მიმართვები;

ე) კამათში მონაწილეობის მიუღებლობის შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარეს გადასცეს თავისი გამოსვლის ტექსტი, აგრეთვე წერილობით ჩამოყალიბებული წინადადებები და შენიშვნები პარლამენტის სხდომებზე განსახილველი საკითხების თაობაზე;

ვ) გამოთქვას აზრი პარლამენტის მიერ შესაქმნელი ორგანოების, მათი პერსონალური შემადგენლობისა და იმ თანამდებობის პირთა კანდიდატურების შესახებ, რომლებსაც ირჩევს, ნიშნავს, ამტკიცებს, ან რომელთა დანიშვნაზეც თანხმობას იძლევა პარლამენტი;

ზ) თავი შეიკავოს იმ ნორმატიული აქტების განხილვაში მონაწილეობისაგან, რომლებიც წარმოადგენს სამეწარმეო საქმიანობის სფეროში მის მიერ წერილობით დაფიქსირებულ პირად ინტერესებს.

3. პარლამენტის სხდომებში პარლამენტის წევრის მონაწილეობის საპროცედურო საკითხები განისაზღვრება პარლამენტის რეგლამენტით.

საქართველოს 1998 წლის 30 სექტემბრის კანონი №1600 - სსმ I, №2, 26.10.1998 წ., მუხ.15

    მუხლი 13.  საპარლამენტო თანამდებობებზე არჩევნებში და გაერთიანებათა ფორმირებაში მონაწილეობის უფლება

1. პარლამენტის წევრს უფლება აქვს აირჩიოს ან არჩეულ იქნეს საპარლამენტო თანამდებობებზე, პარლამენტის კომიტეტის, საგამოძიებო ან სხვა დროებითი კომისიის შემადგენლობაში, გაერთიანდეს საპარლამენტო ფრაქციაში, გადადგეს ან გამოვიდეს ამ ორგანოებიდან (გაერთიანებებიდან).

2. პარლამენტის კომიტეტების, საგამოძიებო ან სხვა დროებითი კომისიის შემადგენლობაში არჩევისა და ამ ორგანოებიდან პარლამენტის წევრის გასვლის წესები განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით.

3. პარლამენტის წევრის საპარლამენტო ფრაქციაში გაერთიანებისა და ფრაქციიდან გამოსვლის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონით „საპარლამენტო ფრაქციის შესახებ“ და პარლამენტის რეგლამენტით.

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6535 – ვებგვერდი, 03.07.2012წ.

    მუხლი 14.  უფლებამოსილება საპარლამენტო კონტროლის სფეროში

საპარლამენტო კონტროლის განხორციელებისას პარლამენტის წევრს უფლება აქვს:

ა) სათათბირო ხმის უფლებით მიიღოს მონაწილეობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მუშაობაში და მათ წინაშე დასვას საქართველოს კანონებისა და სხვა აქტების დარღვევის საკითხები;

ბ) კითხვით მიმართოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოს, საქართველოს მთავრობას, მთავრობის წევრს, ყველა დონის ტერიტორიული ერთეულის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოს ხელმძღვანელს, სახელმწიფო დაწესებულებას და მათგან მიიღოს პასუხი. კითხვა შეიძლება დასმულ იქნეს მხოლოდ წერილობითი ფორმით. თითოეული ორგანო და თანამდებობის პირი, რომელსაც კითხვით მიმართეს, ვალდებულია პარლამენტს კითხვის მიღებიდან 15 დღეში წარუდგინოს წერილობითი პასუხი. შესაბამის თანამდებობის პირს კითხვის ავტორთან შეთანხმებით კითხვაზე პასუხის გაცემის ვადა შეიძლება გაუგრძელდეს 10 დღით;

გ) ( ამოღებულია – 22.06.2012, №6535).

დ) შესაბამისი ორგანოების წინაშე დასვას საკითხი საქართველოს კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების შესრულების შემოწმების თაობაზე;

ე) შეუფერხებლად შევიდეს ყველა სახელმწიფო ორგანიზაციაში, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა; შეხვდეს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ და სხვა თანამდებობის პირებს;

ვ) უშუალოდ მიიღოს მონაწილეობა მის მიერ დასმული საკითხების განხილვაში.

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6535 – ვებგვერდი, 03.07.2012წ.

    მუხლი 15. უფლება ინფორმაციაზე

1. პარლამენტის წევრს უფლება აქვს:

ა) ისარგებლოს ყველა ინფორმაციით, რომელიც აუცილებელია მისი უფლებამოსილების განსახორციელებლად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

ბ) დადგენილი წესით მოსთხოვოს პარლამენტის აპარატის სამსახურებს სათანადო ინფორმაცია და ორგანიზაციულ-ტექნიკური მომსახურებით უზრუნველყოფა;

გ) გაეცნოს პარლამენტისა და მისი ორგანოების სხდომათა სტენოგრამებში თავისი გამოსვლის ტექსტს ოქმში შეტანამდე, აგრეთვე მიიღოს იმ გამოსვლის ტექსტი, რომელიც არ ქვეყნდება;

დ) მოითხოვოს პრესისათვის მიცემული ინტერვიუსა და განცხადების მათ გამოქვეყნებამდე გაცნობა. დაუშვებელია პარლამენტის წევრის მიერ მიწოდებული მასალების რედაქტირება მისი თანხმობის გარეშე.

2. პარლამენტის წევრს აქვს მასობრივი ინფორმაციის სახელმწიფო საშუალებებში თავის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდების (გაცემის) უპირატესი უფლება. პარლამენტის კომიტეტების, საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების, საპარლამენტო ფრაქციების, პარლამენტის იმ წევრთა, რომლებიც არ არიან გაერთიანებულნი არც ერთ საპარლამენტო ფრაქციაში, არანაკლებ 10-კაციანი ჯგუფის დავალებით მიწოდებული მასალები სავალდებულოა გამოსაქვეყნებლად ან გასავრცელებლად მასობრივი ინფორმაციის სახელმწიფო საშუალებებით; ამასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება ხდება პარლამენტის მიერ განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში და მისი რეგლამენტით დადგენილი წესით.

    მუხლი 151. პენიტენციურ დაწესებულებებში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლება

პარლამენტის წევრს შეიძლება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით მიენიჭოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ პენიტენციურ დაწესებულებებში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლება. 

საქართველოს 2000 წლის 20 აპრილის კანონი №255 - სსმ I, №16, 02.05.2000 წ., მუხ.40

საქართველოს 2010 წლის 9 მარტის კანონი №2701 - სსმ I, №12, 24.03.2010 წ., მუხ.46

საქართველოს 2015 წლის 1  მაისის   კანონი  №3536  - ვებგვერდი, 18.05.2015წ.

    მუხლი 16. მოვალეობანი

პარლამენტის წევრი ვალდებულია:

ა) დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია და კანონები;

ბ) რეგლამენტით დადგენილი წესით შეხვდეს მოქალაქეებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით რეაგირება მოახდინოს მოქალაქეთა საჩივრებსა და განცხადებებზე;

გ) პარლამენტის სხდომაზე მონაწილეობა მიიღოს იმ საკითხების განხილვა-გადაწყვეტაში, რომლებიც საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა გამგებლობას განეკუთვნება;

დ) ხელი შეუწყოს საქართველოს კონსტიტუციის, კანონებისა და პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნათა დაცვას, ხოლო მათი დარღვევის შემთხვევაში სათანადო რეაგირება მოსთხოვოს პარლამენტს, მის თავმჯდომარეს ან შესაბამის კომიტეტს;

ე) იყოს პარლამენტის ერთი კომიტეტის შემადგენლობაში, გარდა კანონით დადგენილი გამონაკლისისა;

ვ) დაესწროს პარლამენტის, კომიტეტის, კომისიის, ფრაქციის სხდომებს და მონაწილეობა მიიღოს მათ მუშაობაში;

ზ) განაცხადოს სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებისას მისი შეურაცხყოფის ან/და ხელყოფის ფაქტების შესახებ;    

თ) არ გამოიყენოს თავისი უფლებამოსილება ან/და მასთან დაკავშირებული შესაძლებლობა პირადი ინტერესებისათვის;

ი) არ გაახმაუროს ან/და პირადი ინტერესებისათვის არ გამოიყენოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ან კონფიდენციალურად მიღებული ინფორმაცია;

კ) დაიცვას სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირთათვის დადგენილი ქცევის სტანდარტები.

    მუხლი 17. პარლამენტის ორგანოების საქმიანობაში პარლამენტის ყოფილ წევრთა მონაწილეობის წესი

1. პარლამენტის ყოფილი წევრის პარლამენტის შენობაში შესვლა მომდევნო ერთი მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების პერიოდში ხდება დაუბრკოლებლად.

2. პარლამენტმა, მისმა ორგანოებმა და თანამდებობის პირებმა, შესაძლებელია, საპარლამენტო საქმიანობაში მემკვიდრეობითობის შენარჩუნებისა და კანონშემოქმედებაში დაგროვილი გამოცდილების გაზიარების მიზნით, პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით, უზრუნველყონ პარლამენტის ყოფილი წევრების მონაწილეობა პარლამენტის ორგანოების საქმიანობაში.

საქართველოს 1999 წლის 24 ივნისის კანონი №2173 - სსმ I, №29(36), 10.07.1999 წ., მუხ.156

 

თავი IV. პარლამენტის წევრის საქმიანობის ძირითადი გარანტიები

    მუხლი 18. იმუნიტეტი         

1. პარლამენტის წევრის დაკავება ან დაპატიმრება, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირადი გაჩხრეკა შეიძლება მხოლოდ პარლამენტის თანხმობით. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს. თუ პარლამენტი არ მისცემს თანხმობას, დაკავებული ან დაპატიმრებული პარლამენტის წევრი დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს. ამ მოქმედებათა ჩატარების შესახებ წინადადება პარლამენტში შეაქვს საქართველოს მთავარ პროკურორს. ამ წინადადების განხილვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების წესი დადგენილია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით.

2. პარლამენტის წევრის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა შეუძლია მხოლოდ საქართველოს მთავარ პროკურორს, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს.

3. პარლამენტის წევრი პასუხისგებაში არ მიეცემა თავისი მოვალეობის შესრულებისას პარლამენტში ან მის გარეთ გამოთქმული აზრებისა და შეხედულებებისათვის.

4. პარლამენტის წევრს უფლება აქვს ჩვენება არ მისცეს იმ ფაქტის გამო, რომელიც მას გაანდეს, როგორც პარლამენტის წევრს. დაუშვებელია ამ საკითხთან დაკავშირებული წერილობითი მასალის დაყადაღება. ეს უფლება პარლამენტის წევრს უნარჩუნდება მისი უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგაც.

5. პარლამენტის წევრი უფლებამოსილების ვადის გასვლამდე სარგებლობს დიპლომატიური პასპორტით.

6. ყოფილი პარლამენტის წევრის (რომელიც სრული საპარლამენტო ვადის არანაკლებ 6 თვისა იყო პარლამენტის წევრი და რომლის უფლებამოსილება ვადამდე არ შეწყვეტილა ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული რომელიმე საფუძვლით) სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა შეუძლია მხოლოდ საქართველოს მთავარ პროკურორს. ყოფილი პარლამენტის წევრი ამ უფლებით სარგებლობს ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ვადით.

საქართველოს 1999 წლის 9 ივნისის კანონი №2096 - სსმ I, №24(31), 26.06.1999 წ., მუხ.118

საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის კანონი №1363 - სსმ I, №19, 28.04.2005 წ., მუხ.135

საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1744 - სსმ I, №36, 11.07.2005 წ., მუხ.230

საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4578 - სსმ I, №12, 13.04.2007 წ., მუხ.109

საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №468 - სსმ I, №30, 07.11.2008 წ., მუხ.187

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6535 – ვებგვერდი, 03.07.2012წ.

საქართველოს 2013 წლის  30 მაისის კანონი № 667 – ვებგვერდი, 24.0 6 .2013წ.

     მუხლი 19.   უფლებამოსილების შეჩერება დაკავების ან დაპატიმრების პერიოდში

1. პარლამენტის წევრის დაკავებაზე ან დაპატიმრებაზე პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის შემთხვევაში დაკავებულ ან დაპატიმრებულ პარლამენტის წევრს პარლამენტის დადგენილებით შეუჩერდება უფლებამოსილება სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ დადგენილების ან სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანამდე.

2. მარეაბილიტირებელი საფუძვლებით სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის ან სასამართლოს მიერ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში პარლამენტის წევრს პარლამენტის დადგენილებით:

ა) აღუდგება სადეპუტატო უფლებამოსილება, თუ არ არის გასული იმ პარლამენტის უფლებამოსილების ვადა, რომლის წევრიც არის პირი, და მიეცემა სრული კომპენსაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ) თუ გასულია იმ პარლამენტის უფლებამოსილების ვადა, რომლის წევრიც იყო პირი, დაკავების ან დაპატიმრების ვადა ჩაეთვლება პარლამენტის წევრად ყოფნის საერთო ვადაში და მიეცემა შესაბამისი კომპენსაცია.

    მუხლი 20. საქმიანობის შეუფერხებლობა

უზრუნველყოფილია პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეუფერხებლად განხორციელების პირობები. თუ არსებობს საკმარისი მონაცემები, რომ პარლამენტის წევრის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ხელყოფა ემუქრება, პარლამენტის წევრის განცხადებითა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები უზრუნველყოფენ მის, აგრეთვე მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.  

საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის   კანონი №1270  – ვებგვერდი, 08.10.2013წ.

    მუხლი 21. შრომითი უფლებების გარანტიები

1. საპარლამენტო უფლებამოსილების ვადის დამთავრების შემდეგ პარლამენტის ყოფილ წევრს ეძლევა ადრე დაკავებული ან მისი ტოლფასი თანამდებობა. პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ სახელმწიფო ორგანოები და პარლამენტი უზრუნველყოფენ მისი სოციალური უფლებების შეუფერხებლად განხორციელებას.

2. პარლამენტის ყოფილი წევრის შრომითი მოწყობის საკითხებზე პასუხისმგებლობა ეკისრება შესაბამისი ორგანოს თანამდებობის პირს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადა ჩაითვლება სპეციალობით მუშაობის საერთო უწყვეტ სტაჟში.

4. პარლამენტის წევრად არჩევა არ იწვევს საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და სხვა კავშირებში წევრობის შეწყვეტას. სადეპუტატო უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ 3 თვის განმავლობაში პარლამენტის ყოფილ წევრს უნარჩუნდება უწყვეტი შრომითი სტაჟი.

5. პარლამენტის წევრი სარგებლობს წელიწადში 45 კალენდარული დღის შვებულებით, რომელიც, სურვილისამებრ, მიეცემა სესიებს შორის პერიოდში, მთლიანად ან 2 ნაწილად.

6. პარლამენტის წევრი უზრუნველყოფილია დასვენების პირობებით პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით.

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2478 - სსმ I, №56, 28.12.2005 წ., მუხ.418

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6535 – ვებგვერდი, 03.07.2012წ.

    მუხლი 22. სახელმწიფო დაზღვევა

სავალდებულოა პარლამენტის ბიუჯეტიდან პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 23. სამედიცინო მომსახურება

პარლამენტის წევრი ვალდებულია ყოველწლიურად გაიაროს სამედიცინო გამოკვლევა. იგი უზრუნველყოფილია სპეციალური სამედიცინო მომსახურებით, რომელიც ხორციელდება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 24.  უფლებამოსილების განხორციელების მატერიალური უზრუნველყოფა

1. პარლამენტის წევრის შრომის ანაზღაურება მოიცავს კანონით დადგენილ თანამდებობრივ სარგოს. პარლამენტის წევრს აგრეთვე მიეცემა პარლამენტის ბიუროს მიერ განსაზღვრული სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების თანხა.

2. ( ამოღებულია – 22.06.2012, №6535).

3. პარლამენტის წევრის შრომის ანაზღაურების გაცემა იწყება მისი უფლებამოსილების ცნობის დღიდან და მთავრდება შესაბამისი მოწვევის პარლამენტის ან მისი, როგორც პარლამენტის წევრის, უფლებამოსილების შეწყვეტისთანავე.

4. პარლამენტის წევრის საბინაო უზრუნველყოფის საკითხები წყდება პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით.

5. პარლამენტის წევრის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ და საინფორმაციო უზრუნველყოფას ახორციელებს პარლამენტის აპარატი დადგენილი წესით.

საქართველოს 1998 წლის 29 მაისის კანონი №1410 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №21-22, 14.06.1998 წ, გვ.12

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6535 – ვებგვერდი, 03.07.2012წ.

საქართველოს 2017 წლის 22  დეკემბრის  კანონი №1827  - ვებგვერდი, 29.12.2017წ.

    მუხლი 25. (ამოღებულია)

საქართველოს 1999 წლის 9 ივნისის კანონი №2096 - სსმ I, №24(31), 26.06.1999 წ., მუხ.118

საქართველოს 2004 წლის 4 ივნისის კანონი №113 - სსმ I, №15, 23.06.2004 წ., მუხ.52

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2443 - სსმ I, №56, 28.12.2005 წ., მუხ.391

    მუხლი 26. დახმარება პარლამენტის წევრის დაღუპვისას (გარდაცვალებისას) ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად აღიარებისას

1. პარლამენტის წევრზე თავდასხმის შედეგად მისი დაღუპვისას დაღუპულის ოჯახს ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით.

2. პარლამენტის წევრის გარდაცვალებისას გარდაცვლილის ოჯახს ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 10 000 ლარის ოდენობით.

3. პარლამენტის წევრს, რომელიც უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში აღიარებულ იქნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად, ეძლევა ერთჯერადი დახმარება 10 000 ლარის ოდენობით.

4. პარლამენტის წევრის დაღუპვის (გარდაცვალების) შემთხვევაში მისი ოჯახის წევრებს ენიშნებათ სახელმწიფო კომპენსაცია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით.

საქართველოს 1998 წლის 9 დეკემბრის კანონი №1718 - სსმ I, №7, 31.12.1998 წ., მუხ.50

საქართველოს 2004 წლის 4 ივნისის კანონი №113 - სსმ I, №15, 23.06.2004 წ., მუხ.52

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2443 - სსმ I, №56, 28.12.2005 წ., მუხ.391

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6535 – ვებგვერდი, 03.07.2012წ.

    მუხლი 27. პარლამენტის წევრის უზრუნველყოფა სამუშაო პირობებით

1. პარლამენტის წევრს საპარლამენტო საქმიანობის განსახორციელებლად პარლამენტის სასახლეში გამოეყოფა სამუშაო ფართობი, მოწყობილობა, ავეჯი, ორგტექნიკა, კავშირგაბმულობის საშუალებები.

2. პარლამენტის წევრის მიერ კავშირგაბმულობის საშუალებებით სარგებლობის ხარჯები ანაზღაურდება პარლამენტის მიერ განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში.

3. ( ამოღებულია – 22.06.2012, №6535).

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6535 – ვებგვერდი, 03.07.2012წ.

    მუხლი 28. (ამოღებულია)

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6535 – ვებგვერდი, 03.07.2012წ.

    მუხლი 29. თანაშემწის აყვანის უფლება

1. პარლამენტის წევრს უფლება აქვს ჰყავდეს თანაშემწეები. მათი რაოდენობა განისაზღვრება პარლამენტის წევრის მიერ ამ მიზნით გათვალისწინებული ხარჯების ფარგლებში.     

2. პარლამენტის წევრის თანაშემწის სამუშაოზე მიღება და სამუშაოდან განთავისუფლება ხდება პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით.

    მუხლი 30. დამოკიდებულება სამხედრო სამსახურისადმი

1. უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში პარლამენტის წევრზე არ ვრცელდება სავალდებულო სამხედრო სამსახურში და რეზერვში მყოფი სამხედრო მოსამსახურეების გაწვევის მოთხოვნა.

2. საომარი მდგომარეობის პერიოდში პარლამენტის წევრს უფლება არა აქვს თავი აარიდოს საპარლამენტო საქმიანობას საომარ მოქმედებაში მონაწილეობის მიზნით.

 

თავი V. პარლამენტის წევრის ურთიერთობა ამომრჩევლებთან

    მუხლი 31. ამომრჩევლებთან ურთიერთობის ორგანიზება

ამომრჩევლებთან მუშაობის ორგანიზების, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოების საქმიანობაში და ადგილობრივი საკითხების გადაწყვეტაში პარლამენტის წევრის მონაწილეობის მიზნით ადგილზე იქმნება მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრის ბიურო.

საქართველოს 2014  წლის  5  თებერვლის კანონი №1979 - ვებგვერდი, 19.02.2014წ.

    მუხლი 32. ამომრჩევლებთან ურთიერთობის უზრუნველყოფა

ამომრჩეველთა უფლებების, თავისუფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვისას პარლამენტის წევრი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამშრომლობს სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებებთან და სხვა საზოგადოებრივ გაერთიანებებთან.

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6535 – ვებგვერდი, 03.07.2012წ.

 

თავი VI. პასუხისმგებლობა პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევისათვის

    მუხლი 33. პასუხისმგებლობა პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევისათვის

1. პარლამენტის წევრის მიერ პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში მისი პასუხისმგებლობა განისაზღვრება პარლამენტის რეგლამენტით, ხოლო თავისი უფლებების გადამეტება ან მათი ბოროტად გამოყენება იწვევს პასუხისმგებლობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. პარლამენტის წევრს მთელი უფლებამოსილების პერიოდში, ამ კანონის მე-8 მუხლის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში, მიუხედავად მისი გამოვლენის დროისათვის არსებული მდგომარეობისა (შეუთავსებელი სამსახურის ან საქმიანობის შეწყვეტა), უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება საქართველოს კონსტიტუციის 53-ე და 54-ე მუხლების საფუძველზე და პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით.

    მუხლი 34. პასუხისმგებლობა პარლამენტის წევრის საქმიანობასთან დაკავშირებული კანონიერი მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის ან ამ საქმიანობის განხორციელებისათვის ხელის შეშლისათვის

თანამდებობის პირების, საჯარო მოსამსახურეების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და საზოგადოებრივი გაერთიანებების ხელმძღვანელთა მიერ პარლამენტის წევრის საქმიანობასთან დაკავშირებული კანონიერი მოთხოვნების შეუსრულებლობა ან ამ საქმიანობის განხორციელებისათვის ხელის შეშლა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6535 – ვებგვერდი, 03.07.2012წ.

    მუხლი 35. პასუხისმგებლობა ხელშეუხებლობის, პატივისა და ღირსების ხელყოფისათვის, ოჯახის წევრებსა და ახლო ნათესავებზე კანონსაწინააღმდეგო ზემოქმედებისათვის

პარლამენტის წევრის ხელშეუხებლობის ხელყოფა, შეურაცხყოფა ან ცილისწამება, მისი ოჯახის წევრებზე და ახლო ნათესავებზე კანონსაწინააღმდეგო ზემოქმედება დეპუტატის მიერ საპარლამენტო საქმიანობის შეწყვეტის ან მისი ხასიათის შეცვლის მიზნით, ისჯება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

თავი VI1 . გარდამავალი დებულება

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6535 – ვებგვერდი, 03.07.2012წ.

    მუხლი 351 . პარლამენტის წევრის მიერ კითხვით მიმართვის უფლება

2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტამდე პარლამენტის წევრი უფლებამოსილია კითხვით მიმართოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოს, საქართველოს მთავრობას, მთავრობის წევრს, ქალაქის მერს, ყველა დონის ტერიტორიული ერთეულის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელს, სახელმწიფო დაწესებულებას და მათგან მიიღოს და შეაფასოს პასუხები. კითხვა შეიძლება დასმულ იქნეს მხოლოდ წერილობითი ფორმით. თითოეული ორგანო და თანამდებობის პირი, რომელსაც კითხვით მიმართეს, ვალდებულია პარლამენტს კითხვის მიღებიდან 15 დღეში წარუდგინოს წერილობითი პასუხი. შესაბამის თანამდებობის პირს კითხვის ავტორთან შეთანხმებით კითხვაზე პასუხის გაცემის ვადა შეიძლება გაუგრძელდეს 10 დღით.

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6535 – ვებგვერდი, 03.07.2012წ.

 

თავი VII. დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 36. ძალადაკარგული ნორმატიული აქტები

ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს:

ა) საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის 28 დეკემბრის კანონი „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1992წ., №2, მუხ. 130);

ბ) საქართველოს პარლამენტის დადგენილება „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის სამოქმედოდ შემოღების თაობაზე“ (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1992წ., №2, მუხ. 131).

    მუხლი 37. კანონის ამოქმედება

1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის 29-ე მუხლი ამოქმედდეს 2006 წლის 1 იანვრიდან.

3. 24-ე მუხლის მე-2 პუნქტიდან გამომდინარე ცვლილებები აისახოს 1999 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს პარლამენტისათვის გათვალისწინებულ ხარჯებში.

საქართველოს 1998 წლის 29 მაისის კანონი №1410 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №21-22, 14.06.1998 წ, გვ.12

საქართველოს 1999 წლის 19 მარტის კანონი №1857 - სსმ I, №10(17), 01.04.1999 წ., მუხ.35

საქართველოს 1999 წლის 10 დეკემბრის კანონი №72 - სსმ I, №49(56), 21.12.1999 წ., მუხ.246

საქართველოს 2000 წლის 13 დეკემბრის კანონი №691 - სსმ I, №50, 27.12.2000 წ., მუხ.147

საქართველოს 2002 წლის 15 თებერვლის კანონი №1294 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.23

საქართველოს 2003 წლის 29 იანვრის კანონი №1959 - სსმ I, №5, 19.02.2003 წ., მუხ.33

საქართველოს 2003 წლის 31 დეკემბრის კანონი №3215 - სსმ I, №33, 31.12.2003 წ., მუხ.252

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №849 - სსმ I, №42, 31.12.2004 წ., მუხ.223

    მუხლი 38.  ამ კანონთან დაკავშირებით მისაღები ნორმატიული აქტები

ამ კანონთან დაკავშირებით მისაღებია შემდეგი კანონები:

ა) პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ;

ბ) სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის პირთა სამედიცინო მომსახურების შესახებ;

გ) (ამოღებულია);

დ) სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის პირთა ქცევის სტანდარტების შესახებ.

საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2443 - სსმ I, №56, 28.12.2005 წ., მუხ.391

საქართველოს პრეზიდენტი   ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1998 წლის 5 მარტი.

№1286–IIს

32. 06/12/2018 - საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი - 3875-რს - ვებგვერდი, 14/12/2018 31. 22/12/2017 - საქართველოს კანონი - 1827-რს - ვებგვერდი, 29/12/2017 30. 01/05/2015 - საქართველოს კანონი - 3536-IIს - ვებგვერდი, 18/05/2015 29. 20/03/2015 - საქართველოს კანონი - 3386-IIს - ვებგვერდი, 31/03/2015 28. 05/02/2014 - საქართველოს კანონი - 1979-IIს - ვებგვერდი, 19/02/2014 27. 20/09/2013 - საქართველოს კანონი - 1270-Iს - ვებგვერდი, 08/10/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 26. 30/05/2013 - საქართველოს კანონი - 667-IIს - ვებგვერდი, 24/06/2013 25. 22/06/2012 - საქართველოს კანონი - 6535-Iს - ვებგვერდი, 03/07/2012 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 24. 09/03/2010 - საქართველოს კანონი - 2701 - სსმ, 12, 24/03/2010 23. 01/11/2008 - საქართველოს კანონი - 468 - სსმ, 30, 07/11/2008 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 22. 02/10/2008 - საქართველოს კანონი - 312 - სსმ, 24, 20/10/2008 21. 30/03/2007 - საქართველოს კანონი - 4578 - სსმ, 12, 13/04/2007 20. 23/12/2005 - საქართველოს კანონი - 2478 - სსმ, 56, 28/12/2005 19. 23/12/2005 - საქართველოს კანონი - 2443 - სსმ, 56, 28/12/2005 18. 23/06/2005 - საქართველოს კანონი - 1744 - სსმ, 36, 17/07/2005 17. 20/04/2005 - საქართველოს კანონი - 1363 - სსმ, 19, 28/04/2005 16. 29/12/2004 - საქართველოს კანონი - 849 - სსმ, 42, 31/12/2004 15. 04/06/2004 - საქართველოს კანონი - 113 - სსმ, 15, 23/06/2004 14. 31/12/2003 - საქართველოს კანონი - 3215 - სსმ, 33, 31/12/2003 13. 29/01/2003 - საქართველოს კანონი - 1959 - სსმ, 5, 19/02/2003 12. 15/02/2002 - საქართველოს კანონი - 1294 - სსმ, 4, 05/03/2002 11. 13/12/2000 - საქართველოს კანონი - 691 - სსმ, 50, 27/12/2000 10. 20/04/2000 - საქართველოს კანონი - 255 - სსმ, 16, 02/05/2000 9. 28/12/1999 - საქართველოს კანონი - 116 - სსმ, 52(59), 31/12/1999 8. 10/12/1999 - საქართველოს კანონი - 72 - სსმ, 49(56), 21/12/1999 7. 24/06/1999 - საქართველოს კანონი - 2173 - სსმ, 29(36), 10/07/1999 6. 09/06/1999 - საქართველოს კანონი - 2096 - სსმ, 24(31), 26/06/1999 5. 19/03/1999 - საქართველოს კანონი - 1857 - სსმ, 10(17), 01/04/1999 4. 05/02/1999 - საქართველოს კანონი - 1801 - სსმ, 3(10), 19/02/1999 3. 09/12/1998 - საქართველოს კანონი - 1718 - სსმ, 7, 31/12/1998 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 2. 30/09/1998 - საქართველოს კანონი - 1600 - სსმ, 2, 26/09/1998 1. 29/05/1998 - საქართველოს კანონი - 1410 - პარლამენტის უწყებანი, 21-22, 14/06/1998
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.