საერთო სასამართლოების შესახებ

  • Word
საერთო სასამართლოების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 767
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 13/06/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 33, 31/07/1997
ძალის დაკარგვის თარიღი 08/12/2009
სარეგისტრაციო კოდი 110.050.000.05.001.000.220
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
767
13/06/1997
პარლამენტის უწყებანი, 33, 31/07/1997
110.050.000.05.001.000.220
საერთო სასამართლოების შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (31/07/1997 - 03/09/1997)

საქართველოს ორგანული კანონი  

საერთო სასამართლოების შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. სასამართლო ხელისუფლება

1. სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია სახელმწიფო ხელისუფლების სხვა შტოებისაგან და მას ახორციელებენ მხოლოდ სასამართლოები.

2. მართლმსაჯულება არის სასამართლო ხელისუფლების განხორციელების ერთ-ერთი ფორმა და მას სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართალწარმოებათა მეშვეობით ახორციელებენ საერთო სასამართლოები.

3. ეს კანონი განსაზღვრავს საერთო სასამართლოების სისტემასა და ორგანიზაციას, მოსამართლის სამართლებრივ მდგომარეობას.

    მუხლი 2. საერთო სასამართლოების სისტემა

1. საქართველოს საერთო სასამართლოებია: რაიონული (საქალაქო) სასამართლო, საოლქო სასამართლო, სააპელაციო სასამართლო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოები, საქართველოს უზენაესი სასამართლო.

2. საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემა ერთიანია.

3. სამხედრო სასამართლოები შეიძლება შეიქმნას საომარი მდგომარეობის დროს და მხოლოდ საერთო სასამართლოების სისტემაში. სამხედრო სასამართლოების შექმნის წესი და კომპეტენცია განისაზღვრება კანონით.

4. საგანგებო ან სპეციალური სასამართლოების შექმნა დაუშვებელია.

    მუხლი 3. უფლების სასამართლო წესით დაცვა

1. ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით პირდაპირ მიმართოს სასამართლოს.

2. ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.

    მუხლი 4. სასამართლო გადაწყვეტილებათა სავალდებულობა

1. სასამართლოს აქტი, აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მოთხოვნა და განკარგულება სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა ფიზიკური თუ იურიდიული პირის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსათვის.

2. სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმება, შეცვლა ან შეჩერება შეუძლია მხოლოდ სასამართლოს, კანონით განსაზღვრული წესით.

3. სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

    მუხლი 5. გადაწყვეტილების გამოტანა საქართველოს სახელით

საერთო სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაქვს საქართველოს სახელით.

    მუხლი 6. თანასწორობა კანონისა და სასამართლოს წინაშე

1. მართლმსაჯულება ხორციელდება კანონისა და სასამართლოს წინაშე საქმეში მონაწილე ყველა პირის თანასწორობის საფუძველზე.

2. სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე.

    მუხლი 7. მოსამართლის დამოუკიდებლობა

1. მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია, ემორჩილება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო ხელშეკრულებას, შეთანხმებას და კანონს. არავის არა აქვს უფლება, მოსთხოვოს მოსამართლეს ანგარიში კონკრეტულ საქმეზე.

2. თუ საერთო სასამართლოში კონკრეტული საქმის განხილვისას სასამართლო დაასკვნის, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი, რათა ესა თუ ის კანონი ან სხვა ნორმატიული აქტი, რომელიც უნდა გამოიყენოს სასამართლომ ამ საქმის გადაწყვეტისას, მთლიანად ან ნაწილობრივ შეიძლება მიჩნეულ იქნეს კონსტიტუციის შეუსაბამოდ, იგი შეაჩერებს საქმის განხილვას და მიმართავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. საქმის განხილვა განახლდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამ საკითხის გადაწყვეტის შემდეგ.

3. თუ საქმის განმხილველი სასამართლო მიიჩნევს, რომ კონსტიტუციას არ შეესაბამება კანონი ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომლის შემოწმებაც არ შედის საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციაში, სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას კონსტიტუციის შესაბამისად.

    მუხლი 8. სასამართლოს საქმიანობაში ჩარევის დაუშვებლობა

1. სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, დაწესებულებას, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ გაერთიანებას, თანამდებობის პირს, იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს ეკრძალებათ სასამართლოს დამოუკიდებლობის შელახვა.

2. მოსამართლეზე რაიმე ზემოქმედება ან მის საქმიანობაში ჩარევა გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით, აკრძალულია და ისჯება კანონით.

    მუხლი 9. პასუხისმგებლობა სასამართლოს უპატივცემულობისათვის

მხარეების, საქმეში მონაწილე სხვა პირების, აგრეთვე სასამართლოს სხდომაზე დამსწრე პირთა ისეთი ქმედება, რომელიც სასამართლოსადმი უპატივცემულობას გამოხატავს, იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

    მუხლი 10. სამართალწარმოების ენა

სამართალწარმოება ხორციელდება სახელმწიფო ენაზე. პირს, რომელმაც სახელმწიფო ენა არ იცის, მიეჩინება თარჯიმანი. თარჯიმნის მომსახურება ანაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე.

    მუხლი 11. გადაწყვეტილების მიღება

მოსამართლე გადაწყვეტილებას იღებს ერთპიროვნულად, ხოლო მოსამართლეები–კოლეგიურად. სასამართლოს კოლეგიურ შემადგენლობას გადაწყვეტილება გამოაქვს ხმების უმრავლესობით. არც ერთ მოსამართლეს არა აქვს უფლება თავი შეიკავოს ხმის მიცემისაგან.

    მუხლი 12. საქმის განხილვის საქვეყნოობა

1. სასამართლოში ყველა საქმე განიხილება ღია სხდომაზე.

2. დახურულ სხდომაზე საქმის განხილვა დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

3. სასამართლოს გადაწყვეტილება ყველა შემთხვევაში ცხადდება საქვეყნოდ.

4. სასამართლო სხდომაზე კინო- და ფოტოგადაღების, აუდიო- და ვიდეო-ჩაწერის აკრძალვა დაიშვება მხოლოდ სასამართლოს მოტივირებული გადაწყვეტილებით.

თავი II

რაიონული (საქალაქო) სასამართლო

    მუხლი 13. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს შექმნა

1. რაიონული (საქალაქო) სასამართლო იქმნება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით რაიონში, ქალაქში, რომელიც არ შედის არც ერთ რაიონში და არ გააჩნია რაიონული დაყოფა, აგრეთვე ქალაქის რაიონში.

2. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე მოქმედი რაიონული (საქალაქო) სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიას განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი შესაბამისად აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის საბჭოს წარდგინებით.

    მუხლი 14. მოსამართლეთა რაოდენობა რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში

1. რაიონული (საქალაქო) სასამართლო შედგება არანაკლებ ორი მოსამართლისაგან.

2. რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც ორი მოსამართლეა, ერთი განიხილავს სისხლის სამართლის საქმეებს, ხოლო მეორე–სამოქალაქო და სხვა საქმეებს, გარდა საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა.

3. რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც ორზე მეტი მოსამართლეა, საქართველოს იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება განხორციელდეს მოსამართლეთა უფრო ვიწრო სპეციალიზაცია. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში ამ უფლებამოსილებას ახორციელებს შესაბამისად აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის საბჭო.

4. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობას კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს იუსტიციის საბჭოს წარდგინებით. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე მოქმედი რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლეთა რაოდენობას კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი შესაბამისად აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის საბჭოს წარდგინებით.

    მუხლი 15. საქმის ერთპიროვნული განხილვა სასამართლოში

რაიონული (საქალაქო) სასამართლო არის პირველი ინსტანციის სასამართლო, სადაც საქმეს მოსამართლე განიხილავს ერთპიროვნულად, კანონით დადგენილი წესით.

    მუხლი 16. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადობა

რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადობას მიკუთვნებულ საქმეებს განსაზღვრავს საპროცესო კანონი.

    მუხლი 17. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარე

1. რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც ორი ან მეტი მოსამართლეა, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარეს ამ სასამართლოს მოსამართლეთაგან ხუთი წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე მოქმედი რაიონული (საქალაქო) სასამართლოების თავმჯდომარეებს თანამდებობაზე ნიშნავს შესაბამისად აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის საბჭოს წარდგინებით აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, საქართველოს პრეზიდენტის წინასწარი წერილობითი თანხმობით.

2. დაუშვებელია სასამართლოს თავმჯდომარედ ერთი და იმავე პირის ზედიზედ მეორე ვადით დანიშვნა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ სასამართლოს ყველა სხვა მოსამართლე წერილობით უარს განაცხადებს სასამართლოს თავმჯდომარეობაზე.

3. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარე:

ა) პირადად განიხილავს საქმეებს;

ბ) ხელმძღვანელობს სასამართლოს აპარატის მუშაობას, კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სასამართლოს აპარატის მოხელეებსა და სხვა თანამშრომლებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს იუსტიციის საბჭოს წარდგინებით დამტკიცებული საშტატო განრიგის შესაბამისად, შეუფარდებს მათ დისციპლინურ სახდელებს;

გ) კანონით დადგენილი წესით უნაწილებს საქმეებს მოსამართლეებს მათი სპეციალიზაციის მიხედვით;

დ) ორგანიზაციას უწევს სასამართლოს მუშაობას;

ე) იღებს მოქალაქეებს და უზრუნველყოფს მათი განცხადებების, საჩივრებისა და წინადადებების დროულ განხილვას;

ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სასამართლო პრაქტიკის, მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრებისა და წინადადებების განზოგადებას და განზოგადების მასალებს წარუდგენს საქართველოს იუსტიციის საბჭოს;

ზ) ასრულებს კანონით გათვალისწინებულ სხვა მოვალეობებს.

    მუხლი 18. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება

1. რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც ორზე მეტი მოსამართლეა, სასამართლოს თავმჯდომარის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას მისივე დავალებით ასრულებს ამ სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლე, ხოლო ასეთი დავალების არარსებობისას – ის მოსამართლე, რომელსაც აქვს მოსამართლედ მუშაობის უფრო მეტი გამოცდილება.

2. რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც ორი მოსამართლეა, სასამართლოს თავმჯდომარის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს ამ სასამართლოს მეორე მოსამართლე.

თავი III

საოლქო სასამართლო

    მუხლი 19. საოლქო სასამართლოს შექმნის წესი და უფლებამოსილება

1. საოლქო სასამართლო იქმნება და მისი სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, საქართველოს იუსტიციის საბჭოს წარდგინების საფუძველზე.

2. საოლქო სასამართლო არის პირველი ინსტანციის სასამართლო, რომელიც კოლეგიურად, სამი მოსამართლის შემადგენლობით, განიხილავს საპროცესო კანონით განსაზღვრულ საქმეებს.

    მუხლი 20. საოლქო სასამართლოს შემადგენლობა

1. საოლქო სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობას განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს იუსტიციის საბჭოს წარდგინებით.

2. საოლქო სასამართლოში იქმნება სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია და სამოქალაქო სამართლის საქმეთა კოლეგია.

3. საოლქო სასამართლოს სასამართლო კოლეგიების შემადგენლობას განსაზღვრავს საოლქო სასამართლო საქართველოს იუსტიციის საბჭოს წარდგინებით. თითოეულ კოლეგიას ჰყავს თავმჯდომარე, რომელსაც ამ კოლეგიის შემადგენლობიდან ირჩევს საოლქო სასამართლო ხუთი წლის ვადით.

4. საოლქო სასამართლოს თავმჯდომარესა და თავმჯდომარის მოადგილეს კოლეგიების თავმჯდომარეთაგან ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი ხუთი წლის ვადით. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე მოქმედ საოლქო სასამართლოთა თავმჯდომარეებს და თავმჯდომარეთა მოადგილეებს კოლეგიების თავმჯდომარეთაგან ნიშნავს შესაბამისად აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო საქართველოს პრეზიდენტის წინასწარი წერილობითი თანხმობით.

5. დაუშვებელია სასამართლოს ან კოლეგიის თავმჯდომარედ ერთი და იმავე პირის ზედიზედ მეორე ვადით დანიშვნა (არჩევა), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ სასამართლოს ყველა სხვა მოსამართლე წერილობით უარს განაცხადებს სასამართლოს ან შესაბამისი კოლეგიის თავმჯდომარეობაზე.

    მუხლი 21. საოლქო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილებანი

საოლქო სასამართლოს თავმჯდომარე:

ა) თავმჯდომარეობს ერთ-ერთ სასამართლო კოლეგიას;

ბ) საპროცესო კანონით დადგენილი წესით ანაწილებს საქმეებს სასამართლო კოლეგიების მიხედვით;

გ) ხელმძღვანელობს სასამართლოს აპარატის მუშაობას, კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სასამართლოს აპარატის მოხელეებს და სხვა თანამშრომლებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს იუსტიციის საბჭოს წარდგინებით დამტკიცებული საშტატო განრიგის შესაბამისად, შეუფარდებს მათ დისციპლინურ სახდელებს;

დ) ორგანიზაციას უწევს სასამართლოს მუშაობას;

ე) იღებს მოქალაქეებს და უზრუნველყოფს მათი განცხადებების, საჩივრებისა და წინადადებების დროულ განხილვას;

ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სასამართლო პრაქტიკის, მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრებისა და წინადადებების განზოგადებას და განზოგადების მასალებს წარუდგენს საქართველოს იუსტიციის საბჭოს;

ზ) ასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოვალეობებს.

    მუხლი 22. საოლქო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება

საოლქო სასამართლოს თავმჯდომარის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო თავმჯდომარისა და მისი მოადგილის დროებით არყოფნის შემთხვევაში – ის მოსამართლე, რომელსაც აქვს მოსამართლედ მუშაობის უფრო მეტი გამოცდილება.

თავი IV

სააპელაციო სასამართლო

    მუხლი 23. საქართველოს სააპელაციო სასამართლოები

1. სააპელაციო სასამართლოების უფლებამოსილებებს ახორციელებენ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოები, თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოები.

 2. თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით საქართველოს იუსტიციის საბჭოს წარდგინების საფუძველზე.

    მუხლი 24. სააპელაციო სასამართლოს შემადგენლობა

1. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობას განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს იუსტიციის საბჭოს წარდგინებით.

2. სააპელაციო სასამართლოში იქმნება:

ა) სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა კოლეგია;

ბ) სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია;

გ) ადმინისტრაციული სამართლის, საგადასახადო და სხვა კატეგორიის საქმეთა კოლეგია.

3. სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული საკითხების გადასაწყვეტად სააპელაციო სასამართლოში იქმნება საგამოძიებო კოლეგია.

4. სააპელაციო სასამართლოს სასამართლო კოლეგიებში მოსამართლეთა რაოდენობას განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს იუსტიციის საბჭოს წარდგინებით. სააპელაციო სასამართლოს სასამართლო კოლეგიების შემადგენლობას განსაზღვრავს სააპელაციო სასამართლო საქართველოს იუსტიციის საბჭოს წარდგინებით. თითოეულ კოლეგიას ჰყავს თავმჯდომარე, რომელსაც შესაბამისი კოლეგიის შემადგენლობიდან ირჩევს სააპელაციო სასამართლო ხუთი წლის ვადით.

5. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარესა და თავმჯდომარის მოადგილეს კოლეგიების თავმჯდომარეთაგან ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი ხუთი წლის ვადით.

6. დაუშვებელია სასამართლოს ან კოლეგიის თავმჯდომარედ ერთი და იმავე პირის ზედიზედ მეორე ვადით დანიშვნა (არჩევა), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ სასამართლოს ყველა სხვა მოსამართლე წერილობით უარს განაცხადებს სასამართლოს ან შესაბამისი კოლეგიის თავმჯდომარეობაზე.

    მუხლი 25. სააპელაციო სასამართლოს უფლებამოსილება

სააპელაციო სასამართლო არის მეორე ინსტანციის სასამართლო, რომელიც სააპელაციო წესით განიხილავს საჩივრებს რაიონული (საქალაქო) და საოლქო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე.

    მუხლი 26. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილებანი

სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე:

ა) თავმჯდომარეობს ერთ-ერთ სასამართლო კოლეგიას;

ბ) ხელმძღვანელობს სასამართლოს აპარატის მუშაობას, კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სასამართლოს აპარატის მოხელეებს და სხვა თანამშრომლებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს იუსტიციის საბჭოს წარდგინებით დამტკიცებული საშტატო განრიგის შესაბამისად, შეუფარდებს მათ დისციპლინურ სახდელებს;

გ) იღებს მოქალაქეებს და უზრუნველყოფს მათი განცხადებების, საჩივრებისა და წინადადებების დროულ განხილვას;

დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სასამართლო პრაქტიკის, მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრებისა და წინადადებების განზოგადებას, იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს, ხოლო განზოგადების მასალებს წარუდგენს საქართველოს იუსტიციის საბჭოს;

ე) ასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოვალეობებს.

    მუხლი 27. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება

სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო თავმჯდომარის და მისი მოადგილის დროებით არყოფნის შემთხვევაში – კოლეგიის თავმჯდომარე, რომელსაც აქვს მოსამართლედ მუშაობის უფრო მეტი გამოცდილება.

თავი V

აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოები

    მუხლი 28. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოები

აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში იქმნება აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოები.

    მუხლი 29. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების უფლებამოსილებანი

აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოები ამ კანონით დადგენილი წესით ზედამხედველობენ მართლმსაჯულების განხორციელებას აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე მოქმედ რაიონულ (საქალაქო) და საოლქო სასამართლოებში.

    მუხლი 30. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების შემადგენლობა

1. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოები შედგება თავმჯდომარეების, თავმჯდომარეების პირველი მოადგილეების, მოადგილეებისა და სხვა მოსამართლეებისაგან.

2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების მოსამართლეთა რაოდენობას განსაზღვრავს შესაბამისად აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო საქართველოს იუსტიციის საბჭოს წარდგინებით.

3. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში იქმნება:

ა) სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა კოლეგია;

ბ) სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია;

გ) ადმინისტრაციული სამართლის, საგადასახადო და სხვა კატეგორიის საქმეთა კოლეგია.

4. სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული საკითხების გადასაწყვეტად აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში იქმნება საგამოძიებო კოლეგია.

5. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების სასამართლო კოლეგიების შემადგენლობას განსაზღვრავენ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოები შესაბამისად აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის საბჭოს წარდგინებით. თითოეულ კოლეგიას ჰყავს თავმჯდომარე, რომელსაც შესაბამისი კოლეგიის შემადგენლობიდან ირჩევს უმაღლესი სასამართლო ხუთი წლის ვადით.

    მუხლი 31. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები

1. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების თავმჯდომარეებს კოლეგიების თავმჯდომარეთაგან ხუთი წლის ვადით ირჩევენ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოები შესაბამისად აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის საბჭოს წარდგინებით, საქართველოს პრეზიდენტის წინასწარი წერილობითი თანხმობით.

2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების თავმჯდომარეების პირველ მოადგილეებს და მოადგილეებს კოლეგიების თავმჯდომარეთაგან ხუთი წლის ვადით ირჩევენ შესაბამისი უმაღლესი სასამართლოები.

3. დაუშვებელია აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს ან კოლეგიის თავმჯდომარედ ერთი და იმავე პირის ზედიზედ მეორე ვადით დანიშვნა (არჩევა), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ სასამართლოს ყველა სხვა მოსამართლე წერილობით უარს განაცხადებს სასამართლოს ან შესაბამისი კოლეგიის თავმჯდომარეობაზე.

    მუხლი 32. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების კოლეგიების უფლებამოსილებანი

1. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების კოლეგიები არიან მეორე ინსტანციის სასამართლოები, რომლებიც სააპელაციო წესით განიხილავენ საჩივრებს რაიონული (საქალაქო) და საოლქო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე .

 2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების კოლეგიებში საქმეები განიხილება სამი მოსამართლის შემადგენლობით.

    მუხლი 33. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების თავმჯდომარეთა უფლებამოსილებანი

1. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების თავმჯდომარეები:

ა) თავმჯდომარეობენ ერთ-ერთ სასამართლო კოლეგიას;

ბ) კანონით დადგენილი წესით ანაწილებენ საქმეებს სასამართლო კოლეგიების მიხედვით;

გ) ორგანიზაციას უწევენ შესაბამისი უმაღლესი სასამართლოს მუშაობას;

დ) ხელმძღვანელობენ უმაღლესი სასამართლოს აპარატს, კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავენ და თანამდებობიდან ათავისუფლებენ უმაღლესი სასამართლოს მოხელეებს და სხვა თანამშრომლებს, შეუფარდებენ მათ დისციპლინურ სახდელებს;

ე) იღებენ მოქალაქეებს და უზრუნველყოფენ მათი განცხადებების, საჩივრებისა და წინადადებების დროულ განხილვას;

ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფენ სასამართლო პრაქტიკის, მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრებისა და წინადადებების განზოგადებას, იღებენ შესაბამის გადაწყვეტილებებს, ხოლო განზოგადების მასალებს წარუდგენენ საქართველოს იუსტიციის საბჭოს;

ზ) ასრულებენ კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოვალეობებს.

    მუხლი 34. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების თავმჯდომარეთა მოვალეობის შესრულება

აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების თავმჯდომარეების დროებით არყოფნის შემთხვევაში მათ მოვალეობას ასრულებენ თავმჯდომარეების პირველი მოადგილეები, ხოლო თავმჯდომარეებისა და მათი პირველი მოადგილეების დროებით არყოფნის შემთხვევაში – თავმჯდომარეების მოადგილეები.

თავი VI

საქართველოს უზენაესი სასამართლო

    მუხლი 35. საქართველოს უზენაესი სასამართლოს უფლებამოსილება

საქართველოს უზენაესი სასამართლო დადგენილი საპროცესო ფორმით ზედამხედველობს მართლმსაჯულების განხორციელებას საქართველოს საერთო სასამართლოებში, პირველი ინსტანციით განიხილავს კანონით განსაზღვრულ საქმეებს, ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის 63-ე, 64-ე და 88-ე მუხლებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.

    მუხლი 36. უზენაესი სასამართლოს შემადგენლობა

1. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობას განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს იუსტიციის საბჭოს წარდგინებით.

2. უზენაეს სასამართლოში იქმნება:

ა) სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგია;

ბ) სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა;

გ) ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა;

დ) სისხლის სამართლის საქმეთა პალატა;

ე) საზედამხედველო პალატა;

ვ) პლენუმი.

    მუხლი 37. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე

1. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით, ათი წლის ვადით ირჩევს საქართველოს პარლამენტი.

2. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უძღვება უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომებს და ხელმძღვანელობს უზენაესი სასამართლოს აპარატის მუშაობას, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სასამართლოს აპარატის მოხელეებს და სხვა თანამშრომლებს, შეუფარდებს მათ დისციპლინურ სახდელებს, ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოვალეობებს.

3. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის დროებით არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ახორციელებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და მისი პირველი მოადგილის დროებით არყოფნის შემთხვევაში – უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით ერთ-ერთი მოადგილე, ხოლო ასეთი დავალების არარსებობისას – მოადგილე, რომელსაც აქვს მოსამართლედ მუშაობის უფრო მეტი გამოცდილება.

    მუხლი 38. უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგია

1. უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგია პირველი ინსტანციით განიხილავს სისხლის სამართლის საქმეებს, რომლებიც სისხლის სამართლის საპროცესო კანონით საქართველოს უზენაესი სასამართლოს განსჯადია.

2. უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგია განიხილავს საქმეებს ერთი მოსამართლისა და ორიდან ექვსამდე მსაჯულის მონაწილეობით. საქმის განხილვაში მონაწილე მსაჯულების რაოდენობა განისაზღვრება სამართალში მიცემის სტადიაზე სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსაჯულების არჩევის წესს, უფლებებსა და მოვალეობებს, აგრეთვე მართლმსაჯულების განხორციელებაში მათი მონაწილეობის წესს განსაზღვრავს კანონი.

    მუხლი 39. უზენაესი სასამართლოს პალატები

უზენაესი სასამართლოს პალატები, გარდა საზედამხედველო პალატისა, არიან საკასაციო ინსტანციის სასამართლოები, რომლებიც იხილავენ საჩივრებს სააპელაციო სასამართლოს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების გადაწყვეტილებებზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის განაჩენებსა და განჩინებებზე.

    მუხლი 40. უზენაესი სასამართლოს პალატაში საქმის განხილვის წესი

უზენაესი სასამართლოს პალატა საქმეებს განიხილავს სამი მოსამართლის შემადგენლობით.

    მუხლი 41. უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატა

უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატა კოლეგიურად განიხილავს მხარეთა საჩივრებს ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებებთან დაკავშირებით. უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატა კოლეგიურად, ერთჯერადად განიხილავს მხარეთა საჩივრებს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მიერ გამოტანილ განაჩენებზე და შესაბამისი შუამდგომლობით მიმართავს უზენაესი სასამართლოს პლენუმს.

    მუხლი 42. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მოადგილეები, სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიისა და უზენაესი სასამართლოს პალატების თავმჯდომარეები

1. უზენაესი სასამართლოს პალატებს და სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიას ჰყავს თავმჯდომარეები, რომლებსაც შესაბამისი პალატის ან კოლეგიის შემადგენლობიდან ირჩევს უზენაესი სასამართლოს პლენუმი ხუთი წლის ვადით.

2. პალატების და კოლეგიის თავმჯდომარეები, გარდა საზედამხედველო პალატის თავმჯდომარისა, იმავდროულად არიან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეები.

3. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს უზენაესი სასამართლოს პალატების და კოლეგიის თავმჯდომარეთაგან, გარდა საზედამხედველო პალატის თავმჯდომარისა, ირჩევს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმი ხუთი წლის ვადით.

4. დაუშვებელია თავმჯდომარის პირველ მოადგილედ, კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარედ ერთი და იმავე პირის ზედიზედ მეორე ვადით არჩევა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც უზენაესი სასამართლოს ყველა სხვა მოსამართლე წერილობით უარს განაცხადებს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობაზე ან შესაბამისი პალატის ან კოლეგიის თავმჯდომარეობაზე.

    მუხლი 43. უზენაესი სასამართლოს პლენუმი

უზენაესი სასამართლოს პლენუმი შედგება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილეების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების თავმჯდომარეებისა და უზენაესი სასამართლოს ყველა მოსამართლისაგან.

    მუხლი 44. უზენაესი სასამართლოს პლენუმის უფლებამოსილება

1. უზენაესი სასამართლოს პლენუმი:

ა) ნიშნავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებსა და საქართველოს იუსტიციის საბჭოს ერთ წევრს;

ბ) საპროცესო კანონით დადგენილი წესით განიხილავს საზედამხედველო პალატის მიერ კანონით დადგენილი წესით შეტანილ, ამ კანონის 41-ე მუხლში აღნიშნულ შუამდგომლობას;

გ) ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის 63-64-ე მუხლებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს;

დ) უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით ირჩევს უზენაესი სასამართლოს კოლეგიის და პალატების თავმჯდომარეებსა და შემადგენლობას;

ე) ისმენს კოლეგიისა და პალატების თავმჯდომარეების მოხსენებებს, აგრეთვე კოლეგიისა და პალატების საქმიანობის სრულყოფასთან დაკავშირებულ მათ წინადადებებს;

ვ) ქმნის უზენაესი სასამართლოს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით ნიშნავს მის რედაქტორსა და სარედაქციო კოლეგიას;

ზ) ქმნის უზენაესი სასამართლოს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს და ამტკიცებს მის შემადგენლობას;

თ) სასამართლო პრაქტიკის განზოგადების საფუძველზე სასამართლოების მიერ კანონთა გამოყენებისას ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების მიზნით, იღებს და აქვეყნებს რეკომენდაციებს;

ი) ასრულებს კანონით დადგენილ სხვა უფლებამოსილებებს.

2. პლენუმი უფლებამოსილია განიხილოს საკითხები და მიიღოს გადაწყვეტილებები, თუ მის სხდომას ესწრება პლენუმის წევრთა ნახევარზე მეტი, თუკი კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

3. პლენუმის გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ პლენუმის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა, თუკი კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

4. პლენუმი მოიწვევა საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ სამ თვეში ერთხელ. პლენუმის სხდომებს ნიშნავს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, რიგგარეშე სხდომას იწვევს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე თავისი ინიციატივით ან უზენაესი სასამართლოს პლენუმის წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედის მოთხოვნით.

5. პლენუმის გადაწყვეტილებით მის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება მოწვეულ იქნენ საქართველოს გენერალური პროკურორი, უზენაესი სასამართლოს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრები, შესაბამისი სპეციალისტები და სხვა პირები.

    მუხლი 45. უზენაესი სასამართლოს ადგილსამყოფელი

უზენაესი სასამართლოს ადგილსამყოფელია ქალაქი თბილისი.

თავი VII

მოსამართლე. მისი დანიშვნის ან არჩევის წესი

    მუხლი 46. მოთხოვნები, რომლებიც წაეყენება მოსამართლეობის კანდიდატს

1. მოსამართლე შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე ოცდაათი წლის ასაკიდან, თუ მას აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, სპეციალობით მუშაობის სულ ცოტა ხუთი წლის გამოცდილება, ფლობს სახელმწიფო ენას და ჩაბარებული აქვს საკვალიფიკაციო გამოცდა.

2. მოსამართლედ არ შეიძლება გამწესდეს ნასამართლობის მქონე პირი.

3. პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ჩაითვლება მოსამართლეობის კანდიდატად მას შემდეგ, რაც შეიტანს განცხადებას მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.

    მუხლი 47. მოსამართლის თანამდებობის დაკავების წესი

1. რაიონული (საქალაქო), საოლქო, სააპელაციო და უმაღლესი სასამართლოების მოსამართლეების თანამდებობაზე წარდგენა ხდება კონკურსის წესით.

2. საქართველოს იუსტიციის საბჭო მოსამართლის თანამდებობაზე ვაკანსიის წარმოშობიდან არა უგვიანეს შვიდი დღისა აცხადებს ამის შესახებ საქართველოს ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოს მეშვეობით, ხოლო გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში – აწარმოებს მოსამართლეობის კანდიდატთა რეგისტრაციას. კანდიდატმა კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადებასთან ერთად უნდა წარადგინოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შევსებული საფინანსო მდგომარეობის დეკლარაცია. დეკლარაციის ტექსტი არავისთვის არ არის ხელმისაწვდომი თვით ამ პირის თანხმობის გარეშე. მოსამართლეობის კანდიდატთა სია უნდა გამოქვეყნდეს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში.

3. იუსტიციის საბჭო მოსამართლის თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატთა რეგისტრაციის ვადის გასვლიდან არა უადრეს შვიდი და არა უგვიანეს თხუთმეტი დღისა ატარებს კონკურსს.

4. მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატის საკონკურსო წესით შერჩევა ხდება საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგების, კანდიდატის საქმიანი და მორალური რეპუტაციის, პროფესიული მუშაობის გამოცდილებისა და ფიზიკური მდგომარეობის შეფასების საფუძველზე.

5. საქართველოს იუსტიციის საბჭო კონკურსის საფუძველზე შერჩეულ კანდიდატს წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს მოსამართლის თანამდებობაზე დასანიშნად.

6. თუ კონკურსის საფუძველზე ვერ შეირჩა მოსამართლის თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატი, ან იგი არ დაინიშნა, საქართველოს იუსტიციის საბჭო კონკურსის შედეგების გამოცხადებიდან ან პრეზიდენტის მიერ კანდიდატურის უარყოფიდან სამი დღის ვადაში აცხადებს ახალ კონკურსს ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოს მეშვეობით. კონკურსში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაციის ვადა ამ შემთხვევაში განისაზღვრება ათი დღით.

7. თუ საქართველოს პრეზიდენტმა არ დანიშნა მისთვის საქართველოს იუსტიციის საბჭოს მიერ წარდგენილი კანდიდატურა, ახალი კონკურსის შემდეგ იგივე კანდიდატურა არ შეიძლება წარდგენილ იქნეს ექვსი თვის განმავლობაში შესაბამისი ან უფრო მაღალი რგოლის სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე დასანიშნად.

8. ამ კანონით დადგენილი წესით არჩეული ან დანიშნული მოსამართლე თავისი უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგება მხოლოდ სპეციალური სასწავლო კურსის გავლის შემდეგ.

9. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების მოსამართლეთა თანამდებობის დასაკავებლად კონკურსს ამ მუხლის 1-ლი–მე-8 პუნქტებით დადგენილი წესით ატარებენ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის საბჭოები.

    მუხლი 48. მოსამართლის არჩევისა და დანიშვნის წესი

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით ირჩევს საქართველოს პარლამენტი.

2. რაიონული (საქალაქო), საოლქო და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლებს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს იუსტიციის საბჭოს წარდგინებით.

3. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე მოქმედი რაიონული (საქალაქო) და საოლქო სასამართლოების მოსამართლეებს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს იუსტიციის საბჭოს წარდგინებით, შესაბამისად აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს წინასწარი წერილობითი თანხმობით.

4. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების მოსამართლეებს, შესაბამისად აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის საბჭოს წარდგინების საფუძველზე, ირჩევენ აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოები საქართველოს პრეზიდენტის წინასწარი თანხმობით.

    მუხლი 49. მოსამართლის უფლებამოსილების ვადა

საქართველოს ყველა მოსამართლის უფლებამოსილების ვადაა ათი წელი.

    მუხლი 50. მოსამართლის ფიცი

თანამდებობის დაკავებამდე მოსამართლე, რომელსაც პირველად ნიშნავენ ამ თანამდებობაზე, საქართველოს პრეზიდენტის წინაშე დებს ფიცს, რომლის ტექსტს საქართველოს იუსტიციის საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების მოსამართლეები ფიცს დებენ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წინაშე.

    მუხლი 51. მოსამართლის თანამდებობრივი შეუთავსებლობა

მოსამართლის თანამდებობა შეუთავსებელია ნებისმიერ სხვა თანამდებობასთან და ანაზღაურებად საქმიანობასთან, გარდა პედაგოგიური საქმიანობისა. მოსამართლე არ შეიძლება იყოს პოლიტიკური გაერთიანების წევრი, მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში.

    მუხლი 52. მოსამართლის ხელშეუხებლობა

1. მოსამართლე ხელშეუხებელია. დაუშვებელია მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირადი გაჩხრეკა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ხოლო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და მოსამართლეთა – საქართველოს პარლამენტის თანხმობის გარეშე. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს შესაბამისად საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ან საქართველოს პარლამენტს. თუ ისინი არ მისცემენ თანხმობას, დაკავებული ან დაპატიმრებული მოსამართლე დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს.

2. სახელმწიფო უზრუნველყოფს მოსამართლისა და მისი ოჯახის უსაფრთხოებას.

თავი VIII

მოსამართლის თანამდებობიდან განთავისუფლება. მოსამართლის პასუხისმგებლობა

    მუხლი 53. მოსამართლის თანამდებობიდან განთავისუფლება

1. რაიონული (საქალაქო), საოლქო და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეებს თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს იუსტიციის საბჭოს წარდგინებით. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე მოქმედი რაიონული (საქალაქო) და საოლქო სასამართლოების მოსამართლეებს თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი შესაბამისად საქართველოს, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის საბჭოს წარდგინებით.

2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების მოსამართლეებს თანამდებობიდან ათავისუფლებს შესაბამისად აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის საბჭოს წარდგინებით, საქართველოს პრეზიდენტის წინასწარი წერილობითი თანხმობით.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს საქართველოს კონსტიტუციის 64-ე მუხლით დადგენილი წესით თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პარლამენტი.

    მუხლი 54. მოსამართლის თანამდებობიდან განთავისუფლების საფუძველი

1. მოსამართლის თანამდებობიდან განთავისუფლების საფუძვლებია:

ა) პირადი სურვილი;

ბ) ზედიზედ ექვს თვეზე მეტი ხნის განმავლობაში თავისი უფლებამოსილების განუხორციელებლობა;

გ) მართლმსაჯულების განხორციელებისას კანონის განზრახ ან სისტემატური დარღვევა;

დ) სასამართლოს ავტორიტეტისა და მოსამართლის ღირსების შემლახავი მოქმედების ჩადენა;

ე) შრომის დისციპლინის სისტემატური დარღვევა;

ვ) მოსამართლის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავება ან შეუთავსებელი საქმიანობა;

ზ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება;

თ) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა;

ი) მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;

კ) 65 წლის ასაკის მიღწევა, ხოლო უზენაესი სასამართლოს წევრისათვის – 70 წლის ასაკის მიღწევა. (საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს იუსტიციის საბჭოს წარდგინებით უფლებამოსილია ორი წლით გაუგრძელოს საერთო სასამართლოს მოსამართლეს, გარდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლისა, უფლებამოსილების ვადა ამ კანონის 49-ე მუხლის ფარგლებში).

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“, „დ“, და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისათვის აუცილებელია სადისციპლინო კოლეგიის წარდგინების არსებობა.

    მუხლი 55. მოსამართლის ჩამოცილება საქმის განხილვისაგან და სხვა თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განხორციელებისაგან

1. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მომენტიდან საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე მოსამართლე ჩამოცილებულ უნდა იქნეს საქმის განხილვისაგან და სხვა თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განხორციელებისაგან.

2. რაიონული (საქალაქო), საოლქო და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეთა საქმის განხილვისაგან ჩამოცილების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს იუსტიციის საბჭოს წარდგინებით, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების მოსამართლეთა საქმის განხილვისგან ჩამოცილების შესახებ – შესაბამისად აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო საქართველოს იუსტიციის საბჭოს წარდგინების საფუძველზე, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის საქმის განხილვისაგან ჩამოცილების შესახებ – საქართველოს პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტის წარდგინების საფუძველზე.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში განსაზღვრულ მოსამართლეთა ჩამოცილება საქმის განხილვისაგან ავტომატურად იწვევს მოსამართლეთა ჩამოცილებას სხვა თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განხორციელებისაგან.

    მუხლი 56. მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები

1. მოსამართლეს შეიძლება დაეკისროს დისციპლინური პასუხისმგებლობა:

ა) საქმეთა განხილვისას დაშვებული კანონის დარღვევისათვის;

ბ) შრომის დისციპლინის დარღვევისათვის;

გ) სასამართლოს ავტორიტეტის ან მოსამართლის ღირსების შემლახველი ქმედების გამო;

დ) კანონით დაცული იმ საიდუმლოების გამჟღავნებისათვის, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივი მოვალეობისა თუ უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით.

2. სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლა ან გაუქმება არ იწვევს მოსამართლისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას, თუ მას საქმის განხილვისას კანონი არ დაურღვევია.

3. მოსამართლეს არ შეიძლება დაეკისროს დისციპლინური პასუხისმგებლობა, თუ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის დღიდან გასულია ერთი წელი, ან თუ დისციპლინური გადაცდომის აღმოჩენის დღიდან გასულია ერთი თვე.

    მუხლი 57. მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის აღძვრა

1. მოსამართლის მიმართ დისციპლინურ დევნას, გარდა ამ კანონის 56-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, აღძრავს:

ა) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე – საქართველოს საერთო სასამართლოების ყველა მოსამართლის მიმართ;

ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების თავმჯდომარეები – აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების, აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე მოქმედ რაიონულ (საქალაქო) და საოლქო სასამართლოთა მოსამართლეების მიმართ;

გ) სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე – სააპელაციო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ რაიონულ (საქალაქო) და საოლქო სასამართლოთა მოსამართლეების მიმართ.

2. საქართველოს იუსტიციის საბჭოს, აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის საბჭოებს მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური დევნის აღძვრის უფლება აქვთ ამ კანონის 63-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტითა და 64-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

3. საქმეთა განხილვისას დაშვებული კანონის დარღვევისათვის მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური დევნის აღძვრის უფლება ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს თავმჯდომარეს აქვს მხოლოდ შესაბამისი საქმის განხილვისას ან საჩივრის არსებობისას.

    მუხლი 58. დისციპლინური სახდელის სახეები

დისციპლინური სახდელებია:

ა) გაფრთხილება;

ბ) საყვედური;

გ) სასტიკი საყვედური;

დ) სასამართლოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის პირველი მოადგილის ან მოადგილის და კოლეგიის თავმჯდომარის თანამდებობიდან განთავისუფლება;

ე) თანამდებობიდან განთავისუფლება.

    მუხლი 59. მოსამართლისათვის დისციპლინური სახდელის დადების წესი

1. საერთო სასამართლოების მოსამართლეთა მიმართ აღძრულ დისციპლინურ საქმეებს განიხილავს საქართველოს მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია.

2. საქართველოს მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიაში დისციპლინური საქმეები განიხილება კოლეგიურად, კოლეგიის სამი წევრის შემადგენლობით.

3. საქართველოს მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის სხდომები დახურულია. კოლეგიის გადაწყვეტილება საქვეყნოდ ცხადდება.

4. დისციპლინური სამართალწარმოებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესი განისაზღვრება კანონით.

თავი IX

საქართველოს იუსტიციის საბჭო

    მუხლი 60. საქართველოს იუსტიციის საბჭო

1. სასამართლო რეფორმის გასატარებლად წინადადებების შემუშავების, მოსამართლეთა თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატურების შერჩევის, წარდგენის, მოსამართლეთა თანამდებობიდან განთავისუფლების, საკვალიფიკაციო გამოცდების ორგანიზების და კანონით დადგენილი სხვა ამოცანების შესრულების მიზნით იქმნება საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანო – საქართველოს იუსტიციის საბჭო.

2. იუსტიციის საბჭო შედგება თორმეტი წევრისაგან. მის შემადგენლობაში თანამდებობის მიხედვით შედიან საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების თავმჯდომარეები.

3. იუსტიციის საბჭოს ოთხ წევრს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი; ოთხ წევრს, რომელთაგან პარლამენტის წევრთა რაოდენობა სამს არ უნდა აღემატებოდეს, ირჩევს საქართველოს პარლამენტი, ერთ წევრს ნიშნავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. საქართველოს პარლამენტის მიერ იუსტიციის საბჭოს წევრად არ შეიძლება აირჩეს საპარლამენტო უმრავლესობის ორზე მეტი წარმომადგენელი.

4. იუსტიციის საბჭოს წევრად გამწესებისას საჭიროა წევრობის კანდიდატის წინასწარი წერილობითი თანხმობა, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირებისა.

5. იუსტიციის საბჭოს წევრი, თუ ის არ არის საქართველოს პარლამენტის წევრი ან საქართველოს იუსტიციის მინისტრი, შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე ოცდახუთი წლის ასაკიდან, თუ მას აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება.

6. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული იუსტიციის საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადაა სამი წელი. ერთი და იგივე პირი საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრად შეიძლება დაინიშნოს (აირჩეს) ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. იუსტიციის საბჭოს წევრმა არ შეიძლება შეასრულოს თავისი მოვალეობა უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ. იუსტიციის საბჭოს ახალი წევრი უნდა დაინიშნოს (აირჩეს) არა უადრეს ოცდაათი და არა უგვიანეს შვიდი დღისა იუსტიციის საბჭოს შესაბამისი წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე.

7. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ იუსტიციის საბჭოს წევრს, თუ იგი არ არის საქართველოს იუსტიციის მინისტრი ან საქართველოს პარლამენტის წევრი, არ შეიძლება ეკავოს რაიმე სხვა თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან თვითმმართველობის ორგანოში, ანდა ეწეოდეს სხვა ანაზღაურებით საქმიანობას. გამონაკლისს წარმოადგენს სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობა. მისი ხელფასი არ შეიძლება იყოს საქართველოს პარლამენტის წევრის ხელფასზე ნაკლები.

8. იუსტიციის საბჭოს სხდომები მოიწვევა საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ სამ თვეში ერთხელ საქართველოს პრეზიდენტის ან მისი დავალებით – იუსტიციის საბჭოს რომელიმე წევრის მიერ. საქართველოს პრეზიდენტის მიერ თავისი მოვალეობის განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, თუ არსებობს საქართველოს იუსტიციის საბჭოს სხდომის მოწვევის კანონით დადგენილი აუცილებლობა, იუსტიციის საბჭოს სხდომებს იწვევენ ამ მუხლის მე-9 პუნქტში აღნიშნული პირები.

9. იუსტიციის საბჭოს სხდომებს თავმჯდომარეობს საქართველოს პრეზიდენტი, ან მისი დავალებით – საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტის მიერ საგანგებოდ უფლებამოსილი იუსტიციის საბჭოს წევრები, ხოლო მათი არყოფნის შემთხვევაში – იუსტიციის საბჭოს სხვა წევრი.

    მუხლი 61. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის საბჭოები

1. ამ კანონის მე-13, მე-14, მე-17, 47-ე, 57-ე და 64-ე მუხლებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში იქმნება საქართველოს პრეზიდენტისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების სათათბირო ორგანოები – აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის საბჭოები.

2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის საბჭოებს ცხრა-ცხრა წევრის შემადგენლობით ქმნიან აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოები.

    მუხლი 62. საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრის განთავისუფლება თავისი უფლებამოსილების განხორციელებისაგან

1. ამ კანონის მე-60 მუხლის მე-7 პუნქტში აღნიშნული საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრის განთავისუფლების საფუძვლებია:

ა) პირადი სურვილი;

ბ) მისი თანხმობით სხვა თანამდებობაზე გადაყვანა ან არჩევა;

გ) ზედიზედ ექვს თვეზე მეტი ხნის განმავლობაში თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობა;

დ) მოვალეობის სისტემატური შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება;

ე) შეუთავსებელი თანამდებობის დაკავება ან შეუთავსებელი საქმიანობა;

ვ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება;

ზ) მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის არსებობა;

თ) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა.

2. იუსტიციის საბჭოს წევრს თანამდებობიდან ათავისუფლებს შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტი ან საქართველოს უზენაესი სასამართლო.

3. იუსტიციის საბჭოს შემადგენლობაში მყოფი საქართველოს პარლამენტის წევრისა და იუსტიციის მინისტრის განთავისუფლების საფუძვლებია:

ა) პირადი სურვილი;

ბ) პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა ან იუსტიციის მინისტრის თანამდებობიდან განთავისუფლება;

გ) ზედიზედ ექვს თვეზე მეტი ხნის განმავლობაში თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობა;

დ) იუსტიციის საბჭოს წევრის მოვალეობის სისტემატური შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება;

ე) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება;

ვ) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა.

    მუხლი 63. საქართველოს იუსტიციის საბჭოს უფლებამოსილებანი

1. საქართველოს იუსტიციის საბჭო:

ა) წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს მოსამართლის თანამდებობაზე დასანიშნ კანდიდატებს;

ბ) წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის შემადგენლობას;

გ) განსაზღვრავს რაიონული სასამართლოს მოსამართლეთა სპეციალიზაციას;

დ) საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის წარდგინებით ადგენს საერთო სასამართლოების, გარდა საქართველოს უზენაესი სასამართლოსი, აპარატის სტრუქტურას და საშტატო რაოდენობას და წარუდგენს მას საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად;

ე) შეიმუშავებს საერთო სასამართლოების ორგანიზაციული მუშაობის წესს და წარუდგენს მას საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად;

ვ) განიხილავს სასამართლო სტატისტიკის ანალიზის მასალებს;

ზ) შესაბამისი საჩივრის არსებობისას აღძრავს დისციპლინურ დევნას ამ კანონის 56-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის, მოსამართლის მიერ საქმის განხილვის, აგრეთვე სასამართლო აქტების შედგენისა და გაცემის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ვადების დარღვევის გამო; დისციპლინური დევნის აღძვრასთან დაკავშირებით საკითხის მოსამზადებლად ქმნის კომისიას, რომელშიც რეგლამენტით დადგენილი წესით ნიშნავს საქართველოს იუსტიციის საბჭოს ორ წევრსა და ამ კანონის 78-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირთაგან ორ სპეციალისტს. საქართველოს იუსტიციის საბჭოს, აგრეთვე შექმნილ კომისიას ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებათა განხორციელებისას ეკრძალებათ მოსამართლის მიერ გამოტანილი სასამართლო აქტის კანონიერებისა და დასაბუთებულობის შემოწმება, მოსამართლისაგან კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით ანგარიშის მოთხოვნა;

თ) ისმენს საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოველწლიურ ანგარიშს;

ი) შედის საქართველოს პრეზიდენტთან წარდგინებით მოსამართლეების კანონით დადგენილი წესით წახალისების შესახებ;

კ) შეიმუშავებს წინადადებებს სასამართლო რეფორმის საკითხებზე და წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს;

ლ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. იუსტიციის საბჭოს საქმიანობის წესი განისაზღვრება რეგლამენტით, რომელსაც მისივე წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

3. იუსტიციის საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით იქმნება იუსტიციის საბჭოს აპარატი.

    მუხლი 64. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის საბჭოების უფლებამოსილებანი

აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის საბჭოები:

ა) ატარებენ კონკურსს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების მოსამართლეთა კანდიდატურებისათვის, გამოიმუშავებენ რეკომენდაციებს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე მოქმედ რაიონულ (საქალაქო) და საოლქო სასამართლოებში თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატების თაობაზე და წარუდგენენ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოებს;

ბ) განსაზღვრავენ რაიონული სასამართლოს მოსამართლეთა სპეციალიზაციას;

გ) შესაბამისი საჩივრის არსებობისას, საქართველოს იუსტიციის საბჭოს მიერ დადგენილი წესით აღძრავენ დისციპლინურ დევნას ამ კანონის 56-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის, მოსამართლის მიერ საქმის განხილვის, აგრეთვე სასამართლო აქტების შედგენისა და გაცემის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ვადების დარღვევის გამო;

დ) შეიმუშავებენ წინადადებებს სასამართლო რეფორმის საკითხებზე და წარუდგენენ საქართველოს პრეზიდენტს;

ე) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე მოქმედ საოლქო სასამართლოებს წარუდგენენ საოლქო სასამართლოთა სასამართლო კოლეგიების შემადგენლობას.

    მუხლი 65. საქართველოს იუსტიციის საბჭოს მიერ საკითხის გადაწყვეტის წესი

1. საქართველოს იუსტიციის საბჭო უფლებამოსილია განიხილოს საკითხები და მიიღოს გადაწყვეტილებები, თუ მის სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი.

2. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს დამსწრე წევრთა უმრავლესობა.

3. იუსტიციის საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს კენჭისყრით.

    მუხლი 66. საქართველოს იუსტიციის საბჭოს მდივანი

1. საქართველოს პრეზიდენტი ამ კანონის მე-60 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ პირთაგან სამი წლის ვადით ნიშნავს იუსტიციის საბჭოს მდივანს. მდივნის თანამდებობა შეუთავსებელია სხვა სახელმწიფო თანამდებობასთან.

2. საქართველოს იუსტიციის საბჭოს მდივანი:

ა) ახორციელებს იუსტიციის საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას;

ბ) ხელმძღვანელობს იუსტიციის საბჭოს აპარატს, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის საბჭოს აპარატის მოხელეებს საქართველოს იუსტიციის საბჭოს თანხმობით; თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აპარატის სხვა მოსამსახურეებს;

გ) ამზადებს იუსტიციის საბჭოს სხდომებს;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს სამსახურებრივ დოკუმენტებს;

ე) ასრულებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

    მუხლი 67. საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისია

1. მოსამართლეთა კანდიდატების საკვალიფიკაციო გამოცდების ორგანიზაციისა და ჩატარების მიზნით საქართველოს იუსტიციის საბჭო თავისი რეგლამენტით დადგენილი წესით ქმნის საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიას და მის შემადგენლობას წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებში საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიათა შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის საბჭო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის საბჭოების თანხმობით.

 2. საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულებას საქართველოს იუსტიციის საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

3. საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისია იქმნება გამოცდების ჩატარებამდე არა უადრეს ათი დღისა და მისი შემადგენლობა არ შეიძლება გამოცხადდეს გამოცდების დამთავრებამდე.

    მუხლი 68. საკვალიფიკაციო გამოცდა

1. მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების უფლება აქვს ოცდასამი წლის ასაკს მიღწეულ უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს ყველა მოქალაქეს.

2. გამოცდის ჩატარების წესსა და საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამას საქართველოს იუსტიციის საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

3. საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამა ითვალისწინებს გამოცდას ტესტური მეთოდით, რომლის წარმატებით ჩაბარების შემდეგ პირი აბარებს წერით გამოცდას. გამოცდა ტესტური მეთოდით და წერითი გამოცდა ტარდება შემდეგ საგნებში:

ა) საქართველოს საკონსტიტუციო სამართალი;

ბ) სისხლის სამართალი;

გ) სისხლის სამართლის პროცესი;

დ) სამოქალაქო სამართალი;

ე) სამოქალაქო სამართლის პროცესი;

ვ) ადმინისტრაციული სამართალი და პროცესი;

ზ) ადამიანის უფლებების შესახებ საერთაშორისო აქტები და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები.

4. მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგი კარგავს ძალას, თუ პირი გამოცდის ჩაბარებიდან შვიდი წლის განმავლობაში არ გამწესდება მოსამართლის თანამდებობაზე.

    მუხლი 69. სპეციალური სასწავლო კურსი

1. ამ კანონით დადგენილი წესით არჩეული ან დანიშნული მოსამართლე თანამდებობის დაკავებამდე ვალდებულია გაიაროს ორთვიანი სპეციალური სასწავლო კურსი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრში საქართველოს იუსტიციის საბჭოს მიერ დამტკიცებული პროგრამის შესაბამისად.

2. სპეციალური სასწავლო კურსის გავლის ვალდებულებისაგან თავისუფლდება პირი, რომელსაც აქვს მოსამართლის თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ ერთი წლის გამოცდილება.

3. დასკვნას კანდიდატის მიერ სპეციალური სასწავლო კურსის გავლის შედეგების შესახებ იძლევა საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისია.

თავი X

საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტი

    მუხლი 70. საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტი

1. საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტი.

2. დეპარტამენტის თავმჯდომარესა და მის მოადგილეებს თანამდებობებზე ნიშნავს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე საქართველოს იუსტიციის საბჭოს წარდგინებით.

3. დეპარტამენტის თავმჯდომარეს თანამდებობიდან ვადამდე ათავისუფლებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ან საქართველოს იუსტიციის საბჭოს მოთხოვნით.

4. დეპარტამენტის სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება დეპარტამენტის დებულებით, რომელსაც საქართველოს იუსტიციის საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმი.

    მუხლი 71. საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფლებამოსილება

საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტი:

ა) განკარგავს ფინანსებს სასამართლოების საქმიანობისა და მათი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უზრუნველსაყოფად;

ბ) უზრუნველყოფს სასამართლოებს სათანადო შენობა-ნაგებობებით;

გ) უზრუნველყოფს სასამართლოებს მათი საქმიანობისათვის აუცილებელი ნორმატიული აქტებითა და სხვა მასალებით;

დ) ამოწმებს სასამართლოების მიერ ფინანსური და მატერიალური რესურსების ხარჯვას;

ე) ახორციელებს სხვა ღონისძიებებს სასამართლოების საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისათვის.

თავი XI

სასამართლოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა

    მუხლი 72. სასამართლოს აპარატი

1. მართლმსაჯულების განხორციელების, სასამართლო პრაქტიკის შესწავლისა და განზოგადების, სასამართლო სტატისტიკის ანალიზის, აგრეთვე სასამართლოს სხვა საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს სასამართლოებში მოქმედებენ სასამართლოთა აპარატები.

2. სასამართლოს აპარატი ექვემდებარება შესაბამისი სასამართლოს თავმჯდომარეს.

3. სასამართლოს აპარატის თანამშრომლები არიან სახელმწიფო მოსამსახურეები და მათზე ვრცელდება შესაბამისი კანონმდებლობა.

    მუხლი 73. მოსამართლის თანაშემწე

1. მოსამართლის თანაშემწე იღებს მოქალაქეებს, მათ განცხადებებს, ამზადებს საქმეებს სასამართლოს სხდომის განსახილველად, მოსამართლის დავალებით ასრულებს საქმის განხილვასთან დაკავშირებულ სხვა მოვალეობებს.

2. მოსამართლის თანაშემწედ შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება და გავლილი აქვს სამთვიანი სასწავლო კურსი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრში ან აქვს მოსამართლედ, პროკურორად, გამომძიებლად, აგრეთვე ადვოკატად მუშაობის ერთი წლის გამოცდილება.

3. მოსამართლის თანაშემწეს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სასამართლოს თავმჯდომარე შესაბამისი მოსამართლის წარდგინებით.

    მუხლი 74. სასამართლო აღმასრულებელი

1. სასამართლოს აქტებს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აღასრულებენ სასამართლო აღმასრულებლები.

2. სასამართლო აღმასრულებელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში – შესაბამისად აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი.

3. სასამართლოში, სადაც ორი ან მეტი აღმასრულებელია, ერთ-ერთი მათგანი ინიშნება უფროს აღმასრულებლად.

    მუხლი 75. სასამართლოს სხდომის მდივანი

სასამართლოში საქმეები იხილება სასამართლოს სხდომის მდივნის მონაწილეობით. სხდომის მდივანს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სასამართლოს თავმჯდომარე იმ პირთაგან, რომლებსაც გავლილი აქვთ სასწავლო კურსი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრში ან აქვთ სხდომის მდივნად მუშაობის არანაკლებ ერთი წლის გამოცდილება.

    მუხლი 76. საქართველოს უზენაესი სასამართლოს აპარატი

1. სასამართლო პრაქტიკის შესწავლისა და განზოგადების, სასამართლო სტატისტიკის ანალიზის მიზნით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სხვა ფუნქციათა შესასრულებლად საქართველოს უზენაესი სასამართლოს აპარატის შემადგენლობაში იქმნება განყოფილებები და სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფები.

2. უზენაესი სასამართლოს აპარატის სტრუქტურასა და საშტატო განრიგს ამტკიცებს უზენაესი სასამართლოს პლენუმი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით.

3. უზენაესი სასამართლოს განყოფილებათა და სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფთა დებულებებს ამტკიცებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.

თავი XII

მოსამართლეთა კონფერენცია

    მუხლი 77. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია

1. რაიონული (საქალაქო), საოლქო, სააპელაციო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოებისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები ყოველ ექვს თვეში ერთხელ იწვევენ მოსამართლეთა კონფერენციას, რომელიც წარმოადგენს მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანოს.

2. მოსამართლეთა კონფერენციის რიგგარეშე სხდომას იწვევს მოსამართლეთა კონფერენციის საკოორდინაციო საბჭო საკუთარი ინიციატივით ან საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა არანაკლებ ერთი მეხუთედის წერილობითი მოთხოვნით. მოსამართლეთა კონფერენციის რიგგარეშე სხდომა ტარდება მხოლოდ განსაზღვრული დღის წესრიგით და იხურება მისი ამოწურვისთანავე.

3. მოსამართლეთა კონფერენციის სხდომები საქვეყნოა.

4. მოსამართლეთა კონფერენცია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა ნახევარზე მეტი.

5. მოსამართლეთა კონფერენციის გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას ხმა მისცა დამსწრეთა უმრავლესობამ.

    მუხლი 78. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის უფლებამოსილებანი

საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია:

ა) ირჩევს მოსამართლეთა კონფერენციის საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარესა და ოთხ წევრს ერთი წლის ვადით;

ბ) ირჩევს მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის შემადგენლობას და თავმჯდომარეს დადგენილი წესით;

გ) ამტკიცებს მოსამართლეთა კონფერენციისა და მისი საკოორდინაციო საბჭოს რეგლამენტს;

დ) ისმენს საქართველოს მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის თავმჯდომარის, მოსამართლეთა კონფერენციის საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის, საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოველწლიურ ანგარიშს ამ ორგანოთა მუშაობის შესახებ;

ე) სამი წლის ვადით ირჩევს ორმოცდაათ სპეციალისტს ამ კანონის 63-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტში აღნიშნული უფლებამოსილების განსახორციელებლად. სპეციალისტად შეიძლება არჩეულ იქნეს იურიდიულ მეცნიერებაში ხარისხის მქონე პირი, აგრეთვე პირი, რომელსაც აქვს მოსამართლედ ან პროკურორად მუშაობის არანაკლებ ხუთი წლის გამოცდილება;

ვ) ახორციელებს კანონით და რეგლამენტით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

    მუხლი 79. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მოსამართლეთა კონფერენციები

1. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში შეიძლება შეიქმნას ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი რაიონული (საქალაქო), საოლქო და უმაღლესი სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანო – ავტონომიური რესპუბლიკის მოსამართლეთა კონფერენცია.

2. ავტონომიური რესპუბლიკის მოსამართლეთა კონფერენციის სხდომების მოწვევის, მიმდინარეობისა და საკითხების გადაწყვეტის წესი განისაზღვრება ავტონომიური რესპუბლიკის მოსამართლეთა კონფერენციის დებულებით, რომელსაც იღებს ავტონომიური რესპუბლიკის მოსამართლეთა კონფერენცია.

3. ავტონომიური რესპუბლიკის მოსამართლეთა კონფერენცია:

ა) ირჩევს საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარესა და ოთხ წევრს ერთი წლის ვადით;

ბ) ამტკიცებს კონფერენციის დებულებას;

გ) შეიმუშავებს რეკომენდაციებს სასამართლო რეფორმის, საერთო სასამართლოების დაფინანსების და მათ მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.

დ) სამი წლის ვადით ირჩევს თხუთმეტ სპეციალისტს ამ კანონის 64-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტში აღნიშნული უფლებამოსილების განსახორციელებლად. სპეციალისტად შეიძლება არჩეულ იქნეს იურიდიულ მეცნიერებაში ხარისხის მქონე პირი, აგრეთვე პირი, რომელსაც აქვს მოსამართლედ ან პროკურორად მუშაობის არანაკლებ ხუთი წლის გამოცდილება.

    მუხლი 80. საქართველოს მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

1. საქართველოს მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია აირჩევა საერთო სასამართლოების მოსამართლეთაგან ოთხი წლის ვადით.

2. საქართველოს მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია შედგება თორმეტი წევრისაგან. კოლეგიის შემადგენლობის ნახევარი ყოველ ორ წელიწადში ერთხელ უნდა განახლდეს.

თავი XIII

საერთო სასამართლოების დაფინანსება. მოსამართლეების სოციალური დაცვა

    მუხლი 81. საერთო სასამართლოების დაფინანსება

1. საქართველოს საერთო სასამართლოთა დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით.

 2. საქართველოს ყოველი სასამართლოს საქმიანობის ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებულია ცალკე მუხლით.

3. სახელმწიფო ბიუჯეტში საერთო სასამართლოების დაფინანსების ნაწილის პროექტს საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის წინადადებების საფუძველზე საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს საქართველოს იუსტიციის საბჭო.

4. სახელმწიფო ბიუჯეტში საერთო სასამართლოებისათვის განკუთვნილი მიმდინარე ხარჯების შემცირება წინა წლის საბიუჯეტო სახსრების ოდენობასთან შედარებით შეიძლება მხოლოდ მოსამართლეთა კონფერენციის თანხმობით.

    მუხლი 82. მოსამართლის ხელფასი და სოციალური დაცვა

1. მოსამართლის სოციალური დაცვის გარანტიები განისაზღვრება კანონით.

2. მოსამართლის ხელფასი და მატერიალური შეღავათები არ შეიძლება იყოს საქართველოს პარლამენტის წევრის ხელფასსა და მატერიალურ შეღავათებზე ნაკლები. დაუშვებელია მოსამართლის ხელფასის შემცირება მისი უფლებამოსილების მთელი ვადის განმავლობაში.

3. მოსამართლეს უფლებამოსილების ვადის დამთავრებისას ან საპენსიო ასაკის მიღწევისას ენიშნება სამისდღეშიო პენსია ხელფასის სრული ოდენობით.

თავი XIV

სასამართლო ხელისუფლების სიმბოლოები

    მუხლი 83. სასამართლო ხელისუფლების სიმბოლოები

1. სასამართლო ხელისუფლების სიმბოლოებია – მოსამართლის თანამდებობრივი განმასხვავებელი ნიშნები, რომლებსაც შეიმუშავებს საქართველოს იუსტიციის საბჭო და ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

2. სასამართლოში საქმის განხილვაში მოსამართლე მონაწილეობს განსაკუთრებული ჩაცმულობით. ჩაცმულობის ფორმას ადგენს საქართველოს იუსტიციის საბჭო და ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

    მუხლი 84. სასამართლოს ბეჭედი

სასამართლოს ბეჭედზე გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო გერბი და სასამართლოს დასახელება.

თავი XV

გარდამავალი დებულებანი

    მუხლი 85. ამ კანონის ამოქმედებისათვის აუცილებელი ღონისძიებები

1. საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტი და საქართველოს უზენაესი სასამართლო 1997 წლის 1 ოქტომბრამდე ნიშნავენ (ირჩევენ) საქართველოს იუსტიციის საბჭოს შესაბამის წევრებს. საქართველოს იუსტიციის საბჭო უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ მასში თანამდებობის მიხედვით შემავალ, არჩეულ და დანიშნულ წევრთა რაოდენობა რვას აღემატება.

2. საქართველოს იუსტიციის საბჭო უზრუნველყოფს კონკურსის გამოცხადებას 1997 წლის 15 ნოემბრამდე, ხოლო საკვალიფიკაციო გამოცდებისა და კონკურსების ჩატარებას – 1998 წლის 15 მარტამდე. ამ გამოცდებისაგან თავისუფლდებიან საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრები – საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების თავმჯდომარეები.

3. საქართველოს პრეზიდენტი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში 1998 წლის 1 მაისამდე საქართველოს იუსტიციის საბჭოს შესაბამისი წარდგინების საფუძველზე ნიშნავს საქართველოს მოსამართლეებს თანამდებობებზე.

4. 1997 წლის 1 დეკემბრამდე მიღებულ უნდა იქნეს კანონი დისციპლინური სამართალწარმოებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესის შესახებ.

    მუხლი 86. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის თანამდებობის დაკავება

თუ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ ადგილზე კონკურსი ვერ გაიარა ვერც ერთმა კანდიდატმა, ანდა პრეზიდენტის მიერ არ იქნა დანიშნული არც ერთი კანდიდატი, მაშინ მოსამართლე, რომელიც მანამდე მუშაობდა ამ სასამართლოს მოსამართლედ, აგრძელებს თავისი მოვალეობის შესრულებას ახალი მოსამართლის დანიშვნამდე. ახალი კონკურსი მოსამართლის თანამდებობაზე უნდა დაინიშნოს ბოლო კონკურსის ჩატარებიდან ან საქართველოს პრეზიდენტის მიერ მოსამართლის დანიშვნაზე უარის თქმიდან არა უგვიანეს ექვსი თვისა.

    მუხლი 87. საქართველოს საარბიტრაჟო და სამხედრო სასამართლოების წარმოებაში არსებული საქმეების საერთო სასამართლოებისათვის გადაცემის წესი

1. საქართველოს საარბიტრაჟო და სამხედრო სასამართლოები წყვეტენ საქმეების წარმოებაში მიღებას 1997 წლის 15 ოქტომბერს.

2. საქართველოს საარბიტრაჟო და სამხედრო სასამართლოების მოსამართლეებს გაუგრძელდებათ უფლებამოსილების ვადა მათ განხილვაში მყოფი საქმეების განხილვის დამთავრებამდე, მაგრამ არა უგვიანეს 1997 წლის 25 ნოემბრისა.

3. საქართველოს საარბიტრაჟო და სამხედრო სასამართლოების წარმოებაში არსებული ყველა საქმე, რომელთა განხილვაც არ დაწყებულა 1997 წლის 15 ოქტომბრამდე, საპროცესო კანონის შესაბამისად გადაეცემა საქართველოს უზენაეს სასამართლოს საერთო სასამართლოებისათვის გასანაწილებლად.

    მუხლი 88. საქართველოს უზენაესი სასამართლოს უფლებამოსილება საოლქო სასამართლოების ამოქმედებამდე

1. საოლქო სასამართლოების ამოქმედებამდე საქართველოს უზენაეს სასამართლოში იქმნება სამოქალაქო სამართლის საქმეთა კოლეგია, რომელიც საოლქო სასამართლოების ამოქმედებამდე პირველი ინსტანციით განიხილავს ეკონომიკურ (სამეურნეო) დავებს, თუ სარჩელის ფასი აღემატება ასი ათას ლარს. კოლეგიის გადაწყვეტილების გასაჩივრება შეიძლება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო სამართლის საქმეთა პალატაში.

2. საოლქო სასამართლოების ამოქმედებამდე საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატა კოლეგიურად, ერთჯერადად განიხილავს მხარეთა საჩივრებს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო სამართლის საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებებზე და შესაბამისი შუამდგომლობით მიმართავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმს.

თავი XVI

დასკვნითი დებულებები

    მუხლი 89. კანონის ამოქმედება

1. ეს კანონი, გარდა მესამე თავისა და 82-ე მუხლის მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის მესამე თავი ამოქმედდეს 1999 წლის 1 ივლისს.

3. ამ კანონის 82-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 1998 წლის 1 მაისიდან.

    მუხლი 90. ძალადაკარგული ნორმატიული აქტების ნუსხა

1. ამ კანონის ამოქმედების მომენტიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს:

ა) „საქართველოს რესპუბლიკაში სასამართლო წყობილების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1990 წლის 28 დეკემბრის კანონი (საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1990 წ., №12, მუხ. 391);

ბ) „საქართველოს რესპუბლიკაში მოსამართლეთა სტატუსის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1990 წლის 28 დეკემბრის კანონი (საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1990 წ., №12, მუხ. 389);

გ) „საქართველოს რესპუბლიკის სასამართლოების მოსამართლეთა საკვალიფიკაციო ატესტაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 20 მარტის დადგენილება (საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1991 წ., №3, მუხ. 243);

დ) „საქართველოს რესპუბლიკის სასამართლოების მოსამართლეთა კონფერენციების მოწვევისა და ჩატარების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 20 მარტის დადგენილება (საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1991 წ., №3, მუხ. 245);

ე) „საქართველოს რესპუბლიკის სასამართლოების მოსამართლეთა საკვალიფიკაციო კლასების დაწესების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 20 მარტის დადგენილება (საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1991 წ., №3, მუხ. 251);

ვ) „მსაჯულების მიერ სასამართლოში მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესისა და ოდენობის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 20 მარტის დადგენილება (საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1991 წ., №3, მუხ. 250);

ზ) „საქართველოს რესპუბლიკის სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის, მოსამართლეთა და მსაჯულთა გაწვევისა და ვადამდე გათავისუფლების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 14 ივნისის დადგენილება (საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1991 წ., №6, მუხ. 430).

2. 1997 წლის 15 ოქტომბრიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს:

ა) „სამხედრო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის 10 დეკემბრის კანონი (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1992 წ., №2, მუხ. 85);

ბ) „საქართველოს რესპუბლიკაში საარბიტრაჟო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 23 აპრილის კანონი (საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1991 წ., №4, მუხ. 313);

გ) „საქართველოს საარბიტრაჟო სასამართლოებში სასამართლო წარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის გამოყენების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1996 წლის 28 ნოემბრის კანონი (პარლამენტის უწყებანი, საკანონმდებლო დამატება - საქართველოს კანონები, 1996 წ., 25 დეკემბერი, №31-32/6);

დ) „საქართველოს რესპუბლიკის რეგიონალური სამხედრო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 26 თებერვლის №170 დადგენილება (საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 1993წ., თებერვალი);

ე) „საქართველოს რესპუბლიკის რაიონის (ქალაქის) სასამართლოების მსაჯულთა არჩევნებისა და გაწვევის წესის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 20 მარტის კანონი (საქართველოს რეპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებები, 1991 წ., №3, მუხ. 249).

საქართველოს პრეზიდენტი          ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1997 წლის 13 ივნისი.

767II

41. 04/12/2009 - საქართველოს ორგანული კანონი - 2257 - სსმ, 41, 08/12/2009 40. 26/06/2009 - საქართველოს ორგანული კანონი - 1325 - სსმ, 15, 06/07/2009 39. 19/06/2009 - საქართველოს ორგანული კანონი - 1347 - სსმ, 13, 02/07/2009 38. 12/06/2009 - საქართველოს ორგანული კანონი - 1181 - სსმ, 12, 29/06/2009 37. 15/07/2008 - საქართველოს ორგანული კანონი - 198 - სსმ, 17, 28/07/2008 36. 05/07/2008 - საქართველოს ორგანული კანონი - 103 - სსმ, 13, 16/07/2008 35. 27/06/2008 - საქართველოს ორგანული კანონი - 65 - სსმ, 12, 14/07/2008 34. 11/07/2007 - საქართველოს ორგანული კანონი - 5288 - სსმ, 29, 27/07/2007 33. 19/06/2007 - საქართველოს ორგანული კანონი - 4951 - სსმ, 24, 02/07/2007 32. 29/12/2006 - საქართველოს ორგანული კანონი - 4217 - სსმ, 2, 04/01/2007 31. 23/06/2006 - საქართველოს ორგანული კანონი - 3387 - სსმ, 26, 14/07/2006 30. 06/06/2006 - საქართველოს ორგანული კანონი - 3187 - სსმ, 21, 15/06/2006 29. 25/05/2006 - საქართველოს ორგანული კანონი - 3134 - სსმ, 16, 29/05/2006 28. 23/12/2005 - საქართველოს ორგანული კანონი - 2452 - სსმ, 56, 28/12/2005 27. 25/11/2005 - საქართველოს ორგანული კანონი - 2125 - სსმ, 53, 19/12/2005 26. 23/06/2005 - საქართველოს ორგანული კანონი - 1734 - სსმ, 36, 11/07/2005 25. 20/04/2005 - საქართველოს ორგანული კანონი - 1344 - სსმ, 19, 28/04/2005 24. 21/12/2004 - საქართველოს ორგანული კანონი - 685 - სსმ, 41, 30/12/2004 23. 12/10/2004 - საქართველოს ორგანული კანონი - 489 - სსმ, 31, 27/10/2004 22. 16/09/2004 - საქართველოს ორგანული კანონი - 421 - სსმ, 27, 05/10/2004 21. 30/06/2004 - საქართველოს ორგანული კანონი - 269 - სსმ, 20, 16/07/2004 20. 23/07/2003 - საქართველოს ორგანული კანონი - 2602 - სსმ, 24, 20/08/2003 19. 07/05/2003 - საქართველოს ორგანული კანონი - 2152 - სსმ, 11, 10/05/2003 18. 26/02/2003 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 1/1/138,171,179,209 - სსმ, 10, 04/03/2003 17. 03/12/2002 - საქართველოს ორგანული კანონი - 1783 - სსმ, 32, 20/12/2002 16. 14/05/2002 - საქართველოს ორგანული კანონი - 1414 - სსმ, 17, 07/06/2002 15. 30/05/2000 - საქართველოს ორგანული კანონი - 331 - სსმ, 20, 31/05/2000 14. 10/03/2000 - საქართველოს ორგანული კანონი - 212 - სსმ, 9, 21/03/2000 13. 07/03/2000 - საქართველოს ორგანული კანონი - 192 - სსმ, 8, 15/03/2000 12. 23/07/1999 - საქართველოს ორგანული კანონი - 2357 - სსმ, 38(45), 04/08/1999 11. 22/07/1999 - საქართველოს ორგანული კანონი - 2282 - სსმ, 38(45), 04/08/1999 10. 22/06/1999 - საქართველოს ორგანული კანონი - 2102 - სსმ, 25(32), 02/07/1999 9. 28/05/1999 - საქართველოს ორგანული კანონი - 2040 - სსმ, 18(25), 01/06/1999 8. 16/04/1999 - საქართველოს ორგანული კანონი - 1898 - სსმ, 13(20), 01/05/1999 7. 05/03/1999 - საქართველოს კანონი - 1836 - სსმ, 8(15), 18/03/1999 6. 24/12/1998 - საქართველოს კანონი - 1771 - სსმ, 1(8), 14/01/1999 5. 03/11/1998 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 280-9 - გამოუქვეყნებელი, -, 03/11/1998 4. 17/07/1998 - საქართველოს ორგანული კანონი - 1527 - პარლამენტის უწყებანი, 27-28, 30/07/1998 3. 20/02/1998 - საქართველოს კანონი - 1259 - პარლამენტის უწყებანი, 11-12, 14/03/1998 2. 17/10/1997 - საქართველოს ორგანული კანონი - 988 - პარლამენტის უწყებანი, 44, 11/11/1997 1. 03/09/1997 - საქართველოს კანონი - 834 - პარლამენტის უწყებანი, 37-38, 10/09/1997