საშიში ნივთიერებებით გამოწვეული ზიანის კომპენსაციის შესახებ

საშიში ნივთიერებებით გამოწვეული ზიანის კომპენსაციის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2350
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 23/07/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 40(47), 11/08/1999
ძალის დაკარგვის თარიღი 01/07/2022
სარეგისტრაციო კოდი 040.160.050.05.001.000.671
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
2350
23/07/1999
სსმ, 40(47), 11/08/1999
040.160.050.05.001.000.671
საშიში ნივთიერებებით გამოწვეული ზიანის კომპენსაციის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (07/12/2017 - 02/03/2021)

საქართველოს კანონი

საშიში ნივთიერებებით გამოწვეული ზიანის კომპენსაციის შესახებ

 

თავი I ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონის მიზანი

ამ კანონის მიზანია პასუხისმგებელი პირის ბრალის არსებობის მიუხედავად გარემოზე საშიში ნივთიერებების ზემოქმედების შედეგად ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, გარემოს, ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის ობიექტების, ქონებისა და ეკონომიკური ინტერესებისათვის მიყენებული ზიანის კომპენსაციის უზრუნველყოფა.

    მუხლი 2. კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება

ამ კანონის მიზნებისათვის კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) საშიში ნივთიერება – ელემენტი, რთული ნივთიერება ან ნაერთი, მათ შორის, ნავთობი, ბუნებრივი გაზი და მისგან გამოყოფილი სხვა გაზები და ნივთიერებები (ბუნებრივი, გადაუმუშავებელი რადიოაქტიური ნივთიერებების გარდა);

ბ) ზიანის კომპენსაცია – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საშიში ნივთიერებებით გამოწვეული ზიანის (შემდგომ – ზიანი) ანაზღაურება;

გ) ნავთობი – თხევადი ნახშირწყალბადი ან მისგან მიღებული ნივთიერება, მათ შორის, ნედლი და საპოხი ნავთობი, ბენზინი, დიზელის საწვავი, ნავთი, მაზუთი, ნავთობის ნარჩენები, სხვა ნავთობპროდუქტები ან მათი თანმდევი პროდუქტები;

დ) დაბინძურება – საშიში ნივთიერების განთავსება, გამოშვება, გადაღვრა, გაჟონვა, გადატუმბვა, დაღვრა, დაცლა, გარემოში გადაყრა, მათ შორის, საშიში ნივთიერების შემცველი კონტეინერების, ცისტერნების და სხვა დახურული სათავსების მიტოვება ან დაცლა; ავტომობილის, მატარებლის, თვითმფრინავის ან გემის ძრავის გამონაბოლქვის, აგრეთვე ისეთი დაბინძურების გარდა, რომელიც ზიანს აყენებს მხოლოდ სამუშაო ტერიტორიაზე მყოფ ადამიანებს, თუ მათ შეუძლიათ პრეტენზია წაუყენონ თავიანთ უშუალო უფროსს;

ე) პირველადი რეაგირება – ყველა ზომის მიღება, რომელიც საჭიროა:

ე.ა) საშიში ნივთიერებით დაბინძურებისა და დამაბინძურებელი საშიში ნივთიერების შემდგომი გავრცელების შესაჩერებლად;

ე.ბ) საშიში ნივთიერებით გარემოს დაბინძურების შედეგად ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსადმი არსებული ან მოსალოდნელი საფრთხის შესახებ შეტყობინებისა და სახელმწიფო ორგანოების ინფორმირების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე დაბინძურების შემთხვევაში შესაბამისი რეაგირებისა და ამ ორგანოებთან თანამშრომლობისათვის; იმ პირის ევაკუაციის მიზნით, რომელიც დაშავდა ან რომლის ჯანმრთელობასაც საფრთხე შეექმნა გარემოს საშიში ნივთიერებებით დაბინძურების შედეგად, ასევე მისი დროებითი თავშესაფრით, პირველადი საჭიროების საგნებით და პირველადი სამედიცინო დახმარებით უზრუნველსაყოფად;

 ე.გ) საშიში ნივთიერებით გამოწვეული შესაძლო ზიანისაგან ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის უზრუნველსაყოფად;

ვ) პასუხისმგებელი პირი – პირი, რომელიც საშიში ნივთიერების (ცალკე ან სხვა ნივთიერებებთან ერთად) წარმოების, გადამუშავების, შენახვის, ტრანსპორტირების, გამოყენების ან განთავსების დროს საშიში ნივთიერებით აბინძურებს გარემოს, აგრეთვე პირი, რომელიც ფლობს ან აკონტროლებს საშიშ ნივთიერებას; ასევე პირი, რომელიც სხვა პირის სახელით ახორციელებს საშიში ნივთიერების წარმოებას, გადამუშავებას, შენახვას, ტრანსპორტირებას, გამოყენებას ან განთავსებას;

ზ) ნედლი ნავთობი – წიაღში ბუნებრივად წარმოქმნილი გადაუმუშავებელი თხევადი ნახშირწყალბადების ნარევი, აგრეთვე იმგვარად  გადამუშავებული ნედლი ნავთობი, რომ შესაძლებელი იყოს მისი ტრანსპორტირება, ასევე ნედლი ნავთობი, რომლისგანაც გამოყოფილია დისტილაციური ფრაქციები ან რომელსაც დამატებული აქვს ეს ფრაქციები.

საქართველოს 2017 წლის 7  დეკემბრის   კანონი №1675   ვებგვერდი, 14.12.2017წ.

    მუხლი 3. კანონის მოქმედების სფერო

1. ამ კანონის მოთხოვნები არ ვრცელდება პირადი მოხმარებისათვის განკუთვნილ იმ საშიშ ნივთიერებებზე, რომელთა გამოყენება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. საშიში ნივთიერებით დაბინძურების შედეგად ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსათვის მიყენებული ზიანის კომპენსაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. მაღალმთიან რეგიონებში სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობით გამოწვეული ნიადაგისა და წყლის გაუვარგისების შედეგად მიყენებული ზიანის კომპენსაციის სამართლებრივი საკითხები განისაზღვრება „ნიადაგის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს 2002 წლის 19 ნოემბრ ის კანონი № 1750 - სსმ I, № 31 , 1 0 . 12 .200 2 წ., მუხ. 137

 

თავი II ზიანის კომპენსაციის ვალდებულებები

    მუხლი 4. პასუხისმგებელი პირის მიერ ზიანის კომპენსაცია

1. პასუხისმგებელი პირი, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია გადაიხადოს იმ ზიანის კომპენსაცია , რომელიც მიაყენა სხვა პირს ან ტერიტორიას:

ა) საშიში ნივთიერებით დაბინძურების შედეგად ამ ნივთიერების წარმოების, გადამუშავების, შენახვის, ტრანსპორტირებისა და გამოყენების დროს ან სხვა შემთხვევაში; 

ბ) წინასწარ განზრახვით, გაუფრთხილებლობით ან მესამე მხარის ქმედებით გამოწვეული დაბინძურების შედეგად.

2. პასუხისმგებელი პირი აგრეთვე ვალდებულია გადაიხადოს:

ა) კომპენსაცია პირის ტრავმის ან გარდაცვალების შემთხვევაში;

ბ) პირველადი რეაგირებისთვის საჭირო თანხის კომპენსაცია, მათ შორის, სახელმწიფოს, სახელმწიფო საწარმოს ან ნებისმიერი პირის მიერ საშიში ნივთიერებების გავრცელების შეზღუდვის, დაბინძურების აღკვეთის, დაბინძურებული გარემოს აღდგენისა და განახლების მიზნით განხორციელებული საქმიანობისთვის საჭირო თანხის კომპენსაცია;

 გ) მესაკუთრის, დამქირავებლის ან მომხმარებლის შემოსავლისთვის მიყენებული ეკონომიკური ზიანის კომპენსაცია, მათ შორის, წყლის რესურსების, ნიადაგის, შენობა-ნაგებობებისა და სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის მიყენებული ზიანის კომპენსაცია;

დ) ბუნებრივი და კულტურული გარემოს საშიში ნივთიერებებით დაბინძურების შედეგად სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის კომპენსაცია.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ზიანის კომპენსაცია ხორციელდება  საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით.

    მუხლი 5. პასუხისმგებელი პირების მიერ ზიანის ერთობლივი კომპენსაცია

1. თუ საშიში ნივთიერებით დაბინძურება ხდება ორი ან მეტი წყაროდან, თითოეულ დაბინძურების წყაროზე პასუხისმგებელი პირები ერთობლივად და უპირობოდ ვალდებულნი არიან გადაიხადონ ზიანის კომპენსაცია. თუ რომელიმე პასუხისმგებელი პირი დაამტკიცებს, რომ მის საკუთრებაში არსებული ან მის მიერ კონტროლირებადი დაბინძურების წყაროდან გამოყოფილმა საშიშმა ნივთიერებამ გამოიწვია მხოლოდ ზიანის ნაწილი, იგი გადაიხდის ზიანის მხოლოდ ამ ნაწილის კომპენსაციას.

2. თუ დაბინძურების წყარო ორი ან მეტი პასუხისმგებელი პირის საკუთრებაა ან ეს პირები მას ერთობლივად აკონტროლებენ, ამ წყაროდან დაბინძურების შემთხვევაში პასუხისმგებელი პირები ერთობლივად და უპირობოდ ვალდებულნი არიან გადაიხადონ ზიანის კომპენსაცია.

 3. პასუხისმგებელი პირები, რომლებიც ერთობლივად ფლობენ ან აკონტროლებენ საშიშ ნივთიერებას, ამ ნივთიერებით დაბინძურების შემთხვევაში ერთობლივად და უპირობოდ ვალდებულნი არიან გადაიხადონ ზიანის კომპენსაცია.

4. პასუხისმგებელ პირებს უფლება აქვთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთმანეთს ან სხვა პირებს წარუდგინონ პრეტენზიები ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრულ ვალდებულებებთან დაკავშირებით.

    მუხლი 6. ზიანის კომპენსაციის ვალდებულებისგან გათავისუფლება

1. პასუხისმგებელი პირი თავისუფლდება ზიანის კომპენსაციის გადახდის ვალდებულებისგან, თუ ზიანი გამოწვეულია:

ა) საგანგებო ან საომარი მდგომარეობით;

ბ) შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს ან თანამდებობის პირის სპეციალური წერილობითი ან ზეპირი მოთხოვნით, ანდა საშიში ნივთიერებით დაბინძურებამდე სახელმწიფო ორგანოს მიერ მოთხოვნილი სავალდებულო ზომების მიღებით. ამ შემთხვევაში სახელმწიფო ორგანო, რომელმაც გასცა ეს მოთხოვნა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ვალდებულია გადაიხადოს ამ ზიანის კომპენსაცია;

გ) თუ დამაბინძურებელი საშიში ნივთიერების ოდენობა არ აჭარბებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული სათანადო ნებართვით, ლიცენზიით ან სხვა დოკუმენტით განსაზღვრული საშიში ნივთიერებით დაბინძურების დასაშვებ ოდენობას იმ ადგილისთვის, სადაც მოხდა დაბინძურება, დაბინძურების ლიკვიდაცია და ზიანის კომპენსაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. პასუხისმგებელი პირი (ამ პირის ხელმძღვანელის, წარმომადგენლის ან თანამშრომლის გარდა) შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლდეს ზიანის კომპენსაციის გადახდის ვალდებულებისგან, თუ ზიანი გამოწვეულია მესამე პირის ქმედებით ან გარდაუვალი ბუნებრივი მოვლენებით და თუ:

ა) პასუხისმგებელი პირი არსებული ინფორმაციისა და სხვა შესაბამისი პირობების გათვალისწინებით წინასწარ ვერ განსაზღვრავდა ამ ქმედებას ან მოვლენას;

ბ) შესაძლებელი იყო ამ ქმედების ან მოვლენის წინასწარ განსაზღვრა და პასუხისმგებელმა პირმა წინასწარ მიიღო ყველა ზომა ამ ქმედებით ან მოვლენით გამოწვეული დაბინძურების შეჩერების ან დაბინძურების შედეგების შემცირების მიზნით, მათ შორის, გამოიყენა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საუკეთესო ტექნოლოგიები;

გ) პასუხისმგებელი პირი დაბინძურებიდან გარკვეული პერიოდის განმავლობაში აღმოაჩენს დაბინძურების ფაქტს და მიიღებს პირველადი რეაგირებისათვის საჭირო ზომებს.

 3. პასუხისმგებელი პირი შეიძლება ამ მუხლის შესაბამისად არ გათავისუფლდეს ზიანის კომპენსაციის გადახდის ვალდებულებისგან, თუ ზიანი მთლიანად ან ნაწილობრივ გამოწვეულია პასუხისმგებელი პირის მიერ ჯანმრთელობის დაცვის და საშიში ნივთიერებების უსაფრთხო წარმოების, გადამუშავების, შენახვის, ტრანსპორტირების, განთავსების და გამოყენების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით.

4. პასუხისმგებელი პირი ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად არ თავისუფლდება პირველადი რეაგირებისა და მისი შემდგომი ზომების მისაღებად საჭირო ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებისგან, მათ შორის, საშიში ნივთიერებების გავრცელების შეზღუდვის, აღკვეთის, დაბინძურებული გარემოს აღდგენისა და განახლების მიზნით ნებისმიერი პირის მიერ გაღებული ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებისგან.

5. პასუხისმგებელი პირი თავისუფლდება სხვა პირის ან მისი ქონებისადმი მიყენებული ზიანის კომპენსაციის გადახდის ვალდებულებისგან, თუ ეს ზიანი მთლიანად ან ნაწილობრივ გამოწვეულია ამ სხვა პირის გაუფრთხილებლობით ან განზრახ ქმედებით, რომელიც ჩადენილია საშიში ნივთიერებებით დაბინძურების ან პასუხისმგებელი პირის ქონებისათვის ზიანის მიყენების მიზნით.

6. პასუხისმგებელი პირი თავისუფლდება სხვა პირის ან მისი ქონებისთვის მიყენებული ზიანის კომპენსაციის გადახდის ვალდებულებისგან, თუ მან იცოდა დაბინძურების რისკის არსებობის შესახებ და თავად ჩაიგდო თავი ან ჩააგდო ქონება საფრთხეში.

    მუხლი 7. პასუხისმგებელი პირის სხვა ვალდებულებები

ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის გადახდა ან კომპენსაციის გადახდის ვალდებულების განსაზღვრა არ ათავისუფლებს პასუხისმგებელ პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ვალდებულებებისგან.

    მუხლი 8. საშიშ ნივთიერებებთან დაკავშირებული საქმიანობის შედეგად სავარაუდო დაბინძურების რისკის სავალდებულო დაზღვევა

პასუხისმგებელი პირი ვალდებულია დააზღვიოს დაბინძურების სავარაუდო რისკი, რომელიც შესაძლოა გამოიწვიოს მის მიერ განხორციელებულმა საშიშ ნივთიერებებთან დაკავშირებულმა საქმიანობამ ან ამ საქმიანობის განხორციელებამდე წარადგინოს მისი გადახდისუნარიანობის დამამტკიცებელი დოკუმენტი დაზღვევის თანხის მინიმალური ოდენობის მითითებით.

 

თავი III გარდამავალი დებულებანი

    მუხლი 9. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მისაღები ნორმატიული აქტები

1. ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში გამოცემულ იქნეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის შემდეგი ბრძანებები:

ა) „ნიადაგის საშიში ნივთიერებებით დაბინძურების შედეგად სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების  მეთოდის შესახებ“;

ბ) „გარემოზე რადიაციული ზემოქმედებით სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების მეთოდის შესახებ“;

გ) „მცენარეული საფ რის საშიში ნივთიერებებით დაბინძურების შედეგად სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების მეთოდის შესახებ“;

დ) „ცხოველთა სამყაროზე საშიში ნივთიერებების ზემოქმედებით სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების მეთოდის შესახებ“;

ე) „ეკოსისტემებისა და ლანდშაფტების საშიში  ნივთიერებებით დაბინძურების შედეგად სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების მეთოდის შესახებ“.

2. საშიში ნივთიერებებით წყლისა და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შედეგად სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების მეთოდი განისაზღვრება „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი პუნქტის „ჰ.ა“ და „ჰ.ბ“ ქვეპუნქტებით და „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-60 მუხლის მე-2 პუნქტის „ჭ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

3. საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველებსა და ველურ მცენარეებზე საშიში ნივთიერებების ზემოქმედების შედეგად სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშება ხორციელდება „საქართველოს „წითელი წიგნისა“ და „წითელი ნუსხის“ შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

საქართველოს 2003 წლის 6 ივნის ის კანონი № 2377 - სსმ I, № 19 , 01 . 07 .200 3 წ., მუხ. 131

 

თავი IV დასკვნითი დებულება

    მუხლი 10. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი            ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1999 წლის 23 ივლისი.

№2350–რს

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 2002 წლის 19 ნოემბრ ის კანონი № 1750 - სსმ I, № 31 , 1 0 . 12 .200 2 წ., მუხ. 137

2. საქართველოს 2003 წლის 6 ივნის ის კანონი № 2377 - სსმ I, № 19 , 01 . 07 .200 3 წ., მუხ. 131