გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ

  • Word
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ
დოკუმენტის ნომერი
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 15/11/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 31/01/2007
ძალაში შესვლის თარიღი 05/10/2006
სარეგისტრაციო კოდი 480150000.03.030.000633
  • Word
15/11/2000
გაურკვეველი, -, 31/01/2007
480150000.03.030.000633
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის

კონვენცია

ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ

    მუხლი 1. მიზანი

კონვენციის მიზანია, ხელი შეუწყოს თანამშრომლობას ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის უფრო ეფექტურად თავიდან აცილებისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში.

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ კონვენციის მიზნებისათვის:

a) „დამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფი“ ნიშნავს ერთი ან რამდენიმე მძიმე დანაშაულის ან ამ კონვენციის შესაბამისად ასეთად მიჩნეული დანაშაულის ჩადენის მიზნით დროის განსაზღვრულ პერიოდში არსებულ და შეთანხმებულად მოქმედი სტრუქტურული ფორმის მქონე, სამი ან მეტი პირისაგან შემდგარ ჯგუფს,რომლის მიზანია პირდაპირ ან არაპირდაპირ მიიღოს ფინანსური ან სხვა მატერიალური სარგებელი.

b) „მძიმე დანაშაული“ ნიშნავს დანაშაულს, რომელიც ისჯება თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადით, არანაკლებ ოთხი წლისა ან სასჯელის უფრო მკაცრი ზომით;

c) „სტრუქტურული ფორმის მქონე ჯგუფი“ ნიშნავს ჯგუფს, რომელიც არ არის შემთხვევით შექმნილი დანაშაულის დაუყოვნებლივ ჩასადენად და რომელშიც არ არის აუცილებელი ფორმალურად იყოს განაწილებული როლები მის წევრთა შორის, წევრობას ჰქონდეთ უწყვეტი ხასიათი ან ჩამოყალიბებული იყოს განვითარებული სტრუქტურა;

d) „ქონება“ ნიშნავს ნებისმიერი სახის აქტივებს (ქონებას), მატერიალურს ან არამატერიალურს, მოძრავს ან უძრავს, გამოხატულს ნივთებით ან უფლებებით, აგრეთვე იურიდიულ დოკუმენტებს ან აქტებს, რომლებიც ადასტურებენ ამგვარ აქტივებზე უფლებას ან მათდამი ქონებრივ ინტერესს;

e) „დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავალი“ ნიშნავს დანაშაულის ჩადენის გზით პირდაპირ ან არაპირდაპირ შეძენილ ან მიღებულ ნებისმიერ ქონებას;

f) „ყადაღა“ ან „ამოღება“ ნიშნავს ქონების გადაცემის, გარდაქმნის, განკარგვის ან გადაადგილების დროებით აკრძალვას ან სასამართლოს ან სხვა კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილებით მასზე დროებითი კონტროლის განხორციელებას ან მის დროებით დაუფლებას;

g) „კონფისკაცია“ ნიშნავს სასამართლოს ან სხვა კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილებით ქონების საბოლოო ჩამორთმევას;

h) „პრედიკატული დანაშაული“ ნიშნავს ნებისმიერ დანაშაულს, რომლის შედეგადაც მიღებულ იქნა შემოსავალი, რომელმაც შეიძლება შეადგინოს ამ კონვენციის მე-6 მუხლით განსაზღვრული დანაშაულის შემადგენლობა;

i) „კონტროლირებადი მიწოდება“ ნიშნავს მეთოდს, რომლის დროსაც დასაშვებია ერთი ან რამდენიმე სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ტერიტორიიდან ან ტერიტორიის გავლით უკანონო ან საეჭვო ტვირთის შემოტანა ან გატანა, ამ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოების ნებართვითა და ზედამხედველობით, დანაშაულის სათანადო გამოძიებისა და დამნაშავეთა გამოვლენის მიზნით.

j) „ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონული ორგანიზაცია“ ნიშნავს განსაზღვრული რეგიონის სუვერენულ სახელმწიფოთა მიერ შექმნილ ორგანიზაციას, რომელსაც მისმა წევრმა სახელმწიფოებმა გადასცეს ამ კონვენციით გათვალისწინებული საკითხების გადაჭრის კომპეტენცია და რომელიც შესაბამისი წესით უფლებამოსილია, შიდა პროცედურების დაცვით, ხელი მოაწეროს ამ კონვენციას, მოახდინოს მისი რატიფიცირება, მიიღოს დაამტკიცოს ან მიუერთდეს მას, ამ კონვენციაში მითითება - „წევრი სახელმწიფოები“ ეხება ამ ორგანიზაციებს მათი კომპეტენციის ფარგლებში.

    მუხლი 3. გამოყენების სფერო

1. წინამდებარე კონვენცია, თუ მასში სხვა რამ არ არის განსაზღვრული, გამოიყენება, რათა აღიკვეთოს, გამოძიებულ იქნეს და სისხლისსამართლებრივ დევნას დაექვემდებაროს:

a) დანაშაულები, რომლებიც დადგენილია ამ კონვენციის მე-5, მე-6, მე-8და 23-ე მუხლების შესაბამისად;

b) მძიმე დანაშაულები, როგორც განსაზღვრულია ამ კონვენციის მე-2 მუხლით, თუ ეს დანაშაული ატარებს ტრანსნაციონალურ ხასიათს და ჩადენილია დამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფის მონაწილეობით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის, დანაშაული ატარებს ტრანსნაციონალურ ხასიათს, თუ იგი:

a) ჩადენილია ერთზე მეტ სახელმწიფოში;

b) ჩადენილია ერთ სახელმწიფოში, მაგრამ მისი მომზადების, დაგეგმვის, ხელმძღვანელობის ან კონტროლის არსებითი ნაწილი ხორციელდება სხვა სახელმწიფოში;

c) ჩადენილია ერთ სახელმწიფოში, მაგრამ დამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფის მონაწილეობით, რომელიც დანაშაულებრივ საქმიანობას ეწევა ერთზე მეტ სახელმწიფოში; ან

d) ჩადენილია ერთ სახელმწიფოში, მაგრამ მისი არსებითი შედეგები ვლინდება სხვა სახელმწიფოში.

    მუხლი 4. სუვერენიტეტის დაცვა

1. მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა შეასრულონ კონვენციით ნაკისრი ვალდებულებები სახელმწიფოთა სუვერენული თანასწორობის, ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფოთა საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პრინციპების დაცვით.

2. ამ კონვენციაში არაფერი არ ანიჭებს მონაწილე სახელმწიფოს უფლებას, განახორციელოს სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე თავისი იურისდიქცია და ფუნქციები, რომლებიც განეკუთვნება მხოლოდ ამ სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოების კომპეტენციას ამ უკანასკნელის შიდა კანონმდებლობის საფუძველზე.

    მუხლი 5. დამნაშავეთა ორგანიზებულ ჯგუფში მონაწილეობის კრიმინალიზაცია

1. თითოეულმა მონაწილე სახელმწიფომ უნდა მიიღოს ისეთი საკანონმდებლო ან სხვა ზომები, რომლებიც აუცილებელია განზრახ ჩადენილი შემდეგი ქმედებების სისხლის სამართლის დანაშაულებად გამოცხადებისათვის;

a) ქვემოთ დასახელებულ ქმედებათაგან ერთ-ერთი ან ორივე, რომელიც არ წარმოადგენს დანაშაულის ჩადენის მცდელობას ან დანაშაულებრივი ქმედების ბოლომდე მიყვანას:

i. ერთ ან რამდენიმე პირთან შეთანხმება მძიმე დანაშაულის ჩასადენად, პირდაპირ ან არაპირდაპირი გზით ფინანსური ან სხვა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, და თუ ამას ითვალისწინებს შიდა კანონმდებლობა, ერთ-ერთი მონაწილის მიერ რაიმე ქმედების ფაქტობრივი განხორციელება შეთანხმების რეალიზაციისათვის, ან დამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფის მონაწილეობა;

ii. ქმედება, ჩადენილი პირის მიერ, რომელიც, აცნობიერებს რა დამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფის მიზანს და იცის რა მისი საერთო დანაშაულებრივი საქმიანობის ან ამ ჯგუფის მიერ აღნიშნულ დანაშაულთა ჩადენის განზრახვის შესახებ, აქტიურ მონაწილეობას იღებს:

a. დამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფის დანაშაულებრივ საქმიანობაში;

b. დამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფის სხვა საქმიანობაში იმის გაცნობიერებით, რომ მისი მონაწილეობა ხელს შეუწყობს დანაშაულებრივი მიზნის მიღწევას;

b) დამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფის მონაწილეობით ჩადენილი მძიმე დანაშაულის ორგანიზება, ხელმძღვანელობა, წაქეზება, დახმარება ან რჩევის მიცემა.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული წინასწარი შეცნობა, განზრახვა, ჩანაფიქრი, მიზანი ან შეთანხმება შეიძლება დადგინდეს საქმის ობიექტური ფაქტობრივი გარემოებებით.

3. მონაწილე სახელმწიფოებმა, რომელთა შიდა კანონმდებლობა ამ მუხლის (1)(a)(i) პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ელემენტად მოიაზრებს დამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფის მონაწილეობას, უნდა უზრუნველყონ, რომ მათ შიდა კანონმდებლობაში მძიმე დანაშაულთა კატეგორიაში გათვალისწინებულ იქნეს ყველა ის დანაშაული, რომლებიც ჩადენილია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მონაწილეობით. ამ მონაწილე სახელმწიფოებმა, აგრეთვე იმ მონაწილე სახელმწიფოებმა, რომელთა შიდა კანონმდებლობა ამ მუხლის (1)(ა)(i) პუნქტის მიზნებისთვის დანაშაულის შემადგენლობის ელემენტად მიიჩნევს შეთანხმების რეალიზაციის მიზნით ქმედების ფაქტობრივად განახორციელებას, ამის შესახებ უნდა აცნობონ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს ამ კონვენციის ხელმოწერის ანდა მისი რატიფიცირების, მიღების, დამტკიცების თუ მიერთების დოკუმენტის დეპონირებისას.

    მუხლი 6. დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლების ლეგალიზაციის (გათეთრების) კრიმინალიზაცია

1. თითოეულმა მონაწილე სახელმწიფომ თავისი შიდა კანონმდებლობის ძირითადი პრინციპების შესაბამისად, უნდა მიიღოს ისეთი საკანონმდებლო და სხვა ზომები, რომლებიც შეიძლება საჭირო გახდეს იმისათვის, რომ სისხლის სამართლის წესით დასჯადად იქნეს აღიარებული განზრახ ჩადენილი შემდეგი ქმედებები:

a)(i) წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მიღებული ქონების გასხვისება ან გადაცემა ამ ქონების უკანონო წარმოშობის დაფარვის ან შენიღბვის მიზნით ან ნებისმიერი იმ პირისთვის დახმარების გაწევის მიზნით, რომელიც პრედიკატული დანაშაულის ჩადენის მონაწილეა, რათა თავი აარიდოს პასუხისმგებლობას საკუთარი ქმედების სამართლებრივი შედეგებისთვის;

ii) წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მიღებული ქონების ნამდვილი ხასიათის, წარმოშობის, ადგილმდებაროების, განკარგვის ხერხის, გადაადგილების, ქონებაზე უფლების ან მისი მფლობელის დაფარვა ან შენიღბვაა.

b) საკუთარი სამართლებრივი სისტემის ძირითადი პრინციპების დაცვის პირობით:

i. ქონების შეძენა, ფლობა ან გამოყენება, თუ მისი მიღების მომენტისათვის ცნობილია, რომ ასეთი ქონება წარმოადგენს დანაშაულებრივი გზით მიღებულ ქონებას.

ii. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის მიზნით შეკავშირება ან დანაშაულებრივ შეთანხმებაში მონაწილეობა, აგრეთვე ამგვარი დანაშაულის ჩადენის მცდელობა, დახმარება, წაქეზება, ხელის შეწყობა ან დანაშაულის ჩადენის თაობაზე რჩევის მიცემა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის განხორციელების ან გამოყენების მიზნებისათვის:

a) თითოეული მონაწილე სახელმწიფო უნდა შეეცადოს, გამოიყენოს ამ მუხლის პირველი პუნქტი, რაც შეიძლება მეტი დასახელების პრედიკატულ დანაშაულთა მიმართ;

b) თითოეულმა მონაწილე სახელმწიფომ პრედიკატული დანაშაულების რიცხვს უნდა მიაკუთვნოს ამ კონვენციის მე-2 მუხლში განსაზღვრული ყველა მძიმე დანაშაული, ასევე ამ კონვენციის მე-5, მე-8 და 23-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები. თუ მონაწილე სახელმწფოს კანონმდებლობა შეიცავს პრედიკატული დანაშაულების კონკრეტულ ჩამონათვალს, ასეთ შემთხვევაში ამგვარ ჩამონათვალში შეტანილი უნდა იქნეს იმ დანაშაულთა ამომწურავი ნუსხა, რომლებიც ორგანიზებული ჯგუფის საქმიანობასთანაა დაკავშირებული;

c) (b) ქვეპუნქტის მიზნებისათვის, პრედიკატულ დანაშაულებში იგულისხმება შესაბამისი მონაწილე სახელმწიფოს იურისდიქციის, ასევე მის ფარგლებს გარეთ ჩადენილი დანაშაულები. ამასთან, მონაწილე სახელმწიფოს იურისდიქციის ფარგლებს გარეთ ჩადენილი დანაშაული პრედიკატულ დანაშაულად ჩაითვლება მხოლოდ იმ შემთხვავაში, თუ მოცემული ქმედება სისხლისსამართლებრივად დასჯადია იმ სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობით, რომელშიც ის იქნა ჩადენილი და სისხლისამართლებრივად  დასჯადი იქნებოდა ამ მუხლის შემფარდებული წევრი სახელმწიფოს კანონმდებლობით, ეს ქმედება რომ ამ წევრ სახელმწიფოში ყოფილიყო ჩადენილი;

d) თითოეულმა მონაწილე სახელმწიფომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს უნდა წარუდგინოს ამ მუხლის დებულებათა რეალიზაციისათვის აუცილებელი კანონების ტექსტები, აგრეთვე მათი ნებისმიერი შემდგომი ცვლილებების ტექსტები ან მათი აღწერა;

e) თუ ამას მოითხოვს მონაწილე სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობის ძირითადი პრინციპები, შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს, რომ ამ მუხლის პირველი პუნქტში აღნიშნული დანაშაულები არ გავრცელდეს იმ პირებზე, რომელთაც ჩაიდინეს პრედიკატული დანაშაული;

f) წინასწარი შეცნობა, განზრახვა და მიზანი, როგორც ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული დანაშაულის ელემენტები, შეიძლება დადგინდეს საქმის ობიექტური ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე.

    მუხლი 7. ფულადი სახსრების ლეგალიზაციის (გათეთრების) წინააღმდეგ ბრძოლის ხერხები

1. თითოეულმა მონაწილე სახელმწიფომ:

a) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უნდა შემოიღოს შიდა რეგულირების და ზედამხედველობის ყოვლისმომცველი რეჟიმი ბანკების და არასაბანკო ფინანსური დაწესებულებების მიმართ, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, სხვა ორგანოების მიმართაც, რომლებიც ფულის ლეგალიზაციის თვალსაზრისით განსაკუთრებით დაუცველნი არიან, იმ მიზნით, რომ გამოავლინონ და არ დაუშვან ფულის ლეგალიზაციის ნებისმიერი ფორმა, ამასთან, ასეთი რეჟიმი უნდა ითვალისწინებდეს ისეთ მოთხოვნებს, როგორიცაა კლიენტის პიროვნების დადგენა, მონაცემთა რეესტრის წარმოება და საეჭვო გარიგებებზე ინფორმაციის წარმოდგენა;

b) უნდა უზრუნველყოს, რომ იმ ადმინისტრაციულ, მარეგულირებელ, სამართალდამცავ და სხვა ორგანოებს, რომლებიც ებრძვიან ფულადი საშუალებების ლეგალიზაციას (მათ შორის, სასამართლო ორგანოებს – თუ ეს შეესაბამება შიდა კანონმდებლობას), გააჩნდეთ თანამშრომლობისა და ინფორმაციის გაცვლის შესაძლებლობა ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე, შიდა კანონმდებლობით დადგენილი პირობების ფარგლებში, ამ კონვენციის მე-18 და 27-ე მუხლებისათვის ზიანის მიყენების გარეშე, ამ მიზნით, თითოეულმა მონაწილე სახელმწიფომ უნდა განიხილოს ფინანსური ინფორმაციის ოპერატიული სამსახურის შექმნის შესაძლებლობა, რომელიც ფულის გათეთრების პოტენციურ შემთხვევებში იმოქმედებს, როგორც ინფორმაციის შეგროვების, ანალიზის და გავრცელების ეროვნული ცენტრი.

2. მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განიხილონ შესაძლო ღონისძიებების განხორციელება მათ საზღვარზე ნაღდი ფულადი სახსრების და შესაბამისი საბრუნავი დოკუმენტების გადაადგილების გამოვლენის და კონტროლის მიზნით, იმ პირობით, რომ შესაბამისი ინფორმაცია დანიშნულებისამებრ იქნება გამოყენებული და კანონიერი კაპიტალის გადაადგილება მოხდება შეუფერხებლად. ასეთი ზომები შეიძლება მოიცავდეს ისეთი მოთხოვნის დაწესებას, რომლის თანახმადაც ფიზიკური პირები და კომერციული საწარმოები ვალდებულნი იქნებიან განაცხადონ საზღვარზე მნიშვნელოვანი მოცულობის ნაღ დი ფულის და საბრუნავი დოკუმენტების გადატანის შესახებ.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული ზედამხედველობისა და რეგულირების შიდა რეჟიმის დადგენისას, მონაწილე სახელმწიფოებს წინადადება ეძლევათ, ამ კონვენციის სხვა მუხლების შეულახავად, იხელმძღვანელონ შესაბამისი რეგიონული, რეგიონთაშორისი და მრავალმხრივი ორგანიზაციების შესაბამისი ინიციატივებით, რომლებიც მიმართულია ფულის გათეთრების წინააღმდეგ.

4. ფულად საშუალებათა ლეგალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, მონაწილე სახელმწიფოები უნდა შეეცადონ განავითარონ და წაახალისონ გლობალური, რეგიონალური, სუბრეგიონალური და ორმხრივი თანამშრომლობა; როგორც სასამართლო და სამართალდამცავ ორგანოებს, ასევე საფინანსო რეგულირების ორგანოებს შორის.

    მუხლი 8. კორუფციის კრიმინალიზაცია

1. თითოეულმა მონაწილე სახელმწიფომ უნდა მიიღოს ისეთი საკანონმდებლო და სხვა ზომები, რომლებიც შეიძლება აუცილებელი გახდეს განზრახ ჩადენილი შემდეგი ქმედებების დანაშაულად გამოცხადებისათვის:

a) საჯარო მოხელისთვის, პირდაპირ ან არაპირდაპირ, რაიმე არამართლზომიერი უპირატესობის დაპირება, შეთავაზება ან მინიჭება ამ მოხელის ან სხვა იურიდიული თუ ფიზიკური პირის სასარგებლოდ, იმისთვის, რომ ამ მოხელემ, თავისი თანამდებობრივი მოვალეობის შესრულებისას, განახორციელოს რაიმე მოქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე მოქმედების განხორციელებისაგან;

b) საჯარო მოხელის მიერ პირდაპირ ან არაპირდაპირ რაიმე არამართლზომიერი უპირატესობის მიღება ან მოთხოვნა, პირადად ამ მოხელის ან სხვა იურიდიული თუ ფიზიკური პირის სასარგებლოდ, იმისათვის, რომ ამ მოხელემ თავისი თანამდებობრივი მოვალეობის შესრულებისას განახორციელოს რაიმე მოქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე მოქმედების განხორციელებისაგან.

2. თითოეულმა მონაწილე სახელმწიფომ უნდა განიხილოს ისეთი საკანონმდებლო და სხვა ზომების მიღების შესაძლებლობა, რომლებიც შეიძლება საჭირო გახდეს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ქმედებების სისხლის სამართლის დანაშაულად აღიარებისთვის, რომლებშიც მონაწილეობას იღებს უცხო ქვეყნის საჯარო მოხელე ან საერთაშორისო საჯარო მოხელე. თითოეულმა მონაწილე სახელმწიფომ ასევე უნდა განიხილოს კორუფციის სხვა ფორმების დასჯადად აღიარების შესაძლებლობაც.

3. თითოეულმა მონაწილე სახელმწიფომ ასევე უნდა მიიღოს ისეთი ზომები, რომლებიც შეიძლება საჭირო გახდეს იმისათვის, რომ სისხლის სამართლის დანაშაულად იქნეს აღიარებული ამ მუხლით გათვალისწინებულ რომელიმე დანაშაულში მონაწილეობა.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის და კონვენციის მე-9 მუხლის მიზნებისათვის, „საჯარო მოხელე“ ნიშნავს საჯარო მოხელეს ან პირს, რომელიც ასრულებს საჯარო სამსახურს, როგორც ეს განსაზღვრულია მონაწილე სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობით, რომელშიც მოცემული პირი ასრულებს ამგვარ ფუნქციებს და როგორც ეს გათვალისწინებულია ამ მონაწილე სახელმწიფოს სისხლის სამართლის კანონმდებლობაში.

    მუხლი 9 კორუფციის წინააღმდეგ მიმართული ზომები

1. ამ კონვენციის მე-8 მუხლში მითითებულ ზომებთან ერთად, თითოეულმა მონაწილე სახელმწიფომ, რამდენადაც ეს შეესაბამება მის სამართლებრივ სისტემას, უნდა მიიღოს საკანონმდებლო, ადმინისტრაციული ან სხვა ეფექტური ზომები, რომლებიც ხელს შეუწყობს კეთილსინდისიერების დამკვიდრებას, საჯარო მოხელეთა შორის კორუფციის გამოვლენას, მის თავიდან აცილებას და დასჯას.

2. თითოეულმა მონაწილე სახელმწიფომ უნდა მიიღოს ზომები, რათა უზრუნველყოს თავისი ორგანოების ეფექტური მოქმედება საჯარო მოხელეთა შორის კორუფციის თავიდან აცილების; გამოვლენის და დასჯის საქმეში, ამასთან, ასეთ ორგანოებს უნდა მიენიჭოს საკმარისი დამოუკიდებლობა, რათა თავიდან იქნეს აცილებული მათ საქმიანობაზე არამართლზომიერი ზეგავლენა.

    მუხლი 10. იურიდიულ პირთა პასუხისმგებლობა

1. თითოეულმა მონაწილე სახელმწიფომ, თავისი სამართლებრივი პრინციპების გათვალისწინებით, უნდა მიიღოს ისეთი ზომები, რომლებიც შესაძლებელია საჭირო გახდეს იურიდიული პირების პასუხისმგებლობის დასაწესებლად მათ მიერ ისეთ მძიმე დანაშაულთა ჩადენაში მონაწილეობისთვის, რომლებშიც ჩართული იყო დამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფი, აგრეთვე ამ კონვენცის მე-5, მე-6, მე-8 და 28-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებში მონაწილეობისათვის.

2. მონაწილე სახელმწიფოს სამართლებრივი პრინციპების დაცვის პირობით, იურიდიული პირის პასუხისმგებლობა შეიძლება იყოს სისხლისსამართლებრივი, სამოქალაქო სამართლებრივი ან ადმინისტრაციულ სამართლებრივი.

3. ამგვარი პასუხისმგებლობის დაკისრება ხელს არ უნდა უშლიდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებას აღნიშნულ დანაშაულთა ჩამდენი ფიზიკური პირებისთვის.

4. თითოეულმა მონაწილე სახელმწიფომ ამ მუხლის შესაბამისად პასუხისგებაში მიცემულ იურიდიულ პირთა მიმართ უნდა უზრუნველყოს ეფექტური, პროპორციული და გადამარწმუნებელი ზემოქმედების მქონე სისხლისსამართლებრივი ან არასისხლისსამართლებრივი სანქციების, მათ შორის ფულადი სანქციების გატარება.

    მუხლი 11. სისხლისსამართლებრივი დევნა, სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანა და სანქციები

1. თითოეულმა მონაწილე სახელმწიფომ ამ კონვენციის მე-5, მე-6, მე-8 და 23-ე მუხლებში მითითებული დანაშაულებისთვის უნდა დაადგინოს ისეთი სანქციები, რომლებიც ითვალისწინებს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

2. თითოეული მონაწილე სახელმწიფო უნდა შეეცადოს, რომ წინამდებარე კონვენციაში მითითებული დანაშაულების ჩადენისთვის თავისი შიდა კანონმდებლობით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი დევნის დისკრეციული უფლებამოსილება გამოიყენოს იმგვარად, რომ მაქსიმალურად იქნეს უზრუნველყოფილი სამართალდამცავი ზომების ეფექტურობა და მხედველობაში იქნეს მიღებული ამ დანაშაულთა ჩადენის თავიდან აცილების საჭიროება.

3. ამ კონვენციის მე-5, მე-6, მე-8 და 28-ე მუხლებში მითითებული დანაშაულებთან დაკავშირებით, თითოეულმა მონაწილე სახელმწიფომ, თავისი შიდა კანონმდებლობის დაცვითა და დაცვის მხარის ულებების გათვალისწინებით, უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები, რათა სასამართლოს სხდომამდე პირის დროებითი გათავისუფლების შესახებ ან შეტანილ საჩივარზე გადაწყვეტილების გამოტანისას უზრუნველყოფილ იქნეს განსასჯელის დასწრება სისხლის სამართალწარმოების შემდგომ სტადიებზე.

4. თითოეულმა მონაწილე სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ მისმა სასამართლოებმა და სხვა კომპეტენტურმა ორგანოებმა გაითვალისწინონ ამ კონვენციით განსაზღვრული დანაშაულების სიმძიმე ისეთი საკთხების განხილვისას, როგორიცაა აღნიშნული დანაშაულებისათვის მსჯავრდებულ პირთა ვადამდე ან პირობით ვადამდე გათავისუფლება.

5. საჭიროების შემთხვევაში თითოეულმა მონაწილე სახელმწიფომ შიდა კანონმდებლობის თანახმად, უნდა დაადგინოს ხანდაზმულობის ხანგრძლივი ვადა სისხლისსამართლებრივი დევნის აღძვრისათვის ამ კონვენციით გათვალისწინებულ ყველა დანაშაულთან მიმართებაშია და ხანდაზმულობის კიდევ უფრო ხანგრძლივ ვადას იმ შემთხვევაში, თუ ეჭვმიტანილი თავს არიდებს მართლმსაჯულებას.

6. ამ კონვენციის არცერთი დებულება არ ხელყოფს პრინციპს, რომლის თანახმად, ამ კონვენციით გათვალისწინებული დანაშაულების აღწერა, დაცვის მოქმედი საშუალებები ან სხვა სამართლებრივი პრინციპები, რომლებიც განსაზღვრავს ქცევის მართლზომიერებას, უნდა წარმოადგენდეს მონაწილე სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობის რეგულირების საგანს და რომ ასეთი დანაშაულების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება და მათი დასჯა უნდა ხორციელდებოდეს აღნიშნული კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 12. კონფისკაცია და ყადაღა

1. მონაწილე სახელმწიფოებმა, თავიანთი შიდასამართლებრივი სისტემებით გათვალისწინებულ ფარგლებში, უნდა მიიღონ ისეთი ზომები, რომლებიც აუცილებელია, რათა უზრუნველყოფილ იქნეს:

a) ამ კონვენციით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის გზით მიღებული შემოსავლების ან შესაბამისი ღირებულების ქონების კონფისკაცია;

b) ამ კონვენციით გათვალისწინებული დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული ან გამოსაყენებლად განკუთვნილი ქონების, მოწყობილობების ან სხვა საშუალებების კონფისკაცია.

2. მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ ზომები, რომლებიც შეიძლება საჭირო გახდეს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ნებისმიერი ნივთის შესაძლო იდენტიფიცირების, ძებნის, დაყადაღების ან ამოღებისათვის, მისი საბოლოო კონფისკაციის მიზნით.

3. თუ დანაშაულის გზით მიღებული შემოსავლები ნაწილობრივ ან მთლიანად გარდაიქმნა ან შეიცვალა სხვა ქონებად, მაშინ ამ მუხლში მითითებული ზომები შემოსავლების ნაცვლად გამოიყენება ასეთი ქონების მიმართ.

4. თუ დანაშაულის გზით მიღებული შემოსავლები შეერია კანონიერი შემოსავლებით შეძენილ ქონებას, მაშინ ყადაღის დადების ან ამოღების უფლებამოსილების შეულახავად, კონფისკაციას დაექვემდებარება ქონების ის ნაწილი, რომელიც შეესაბამება შერეული შემოსავლების ღირებულებას.

5. ის მოგება ან სხვა სარგებელი, რომელიც მიღებულია დანაშაულებრივი შემოსავლებისაგან, იმ ქონებისგან, რომლადაც გარდაიქმნა ან შეიცვალა დანაშაულებრივი შემოსავლები ან ქონებისაგან, რომელსაც შეერია დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლები, უნდა დაექვემდებაროს ამ მუხლში მითითებულ ღონისძიებებს, იმავე წესით და ზომით, როგორც დანაშაულებრივი შემოსავლები.

6. ამ მუხლისა და მე-13 მუხლის მიზნებისათვის, თითოეულმა წევრმა სახელმწიფომ თავის სასამართლოებსა და სხვა კომპეტენტურ ორგანოებს უნდა მიანიჭოს უფლებამოსილება გამოსცენ საბანკო, საფინანსო და კომერციული დოკუმენტების წარდგენის ან მათზე ყადაღის დადების შესახებ დადგენილებები. მონაწილე სახელმწიფოებმა, საბანკო საიდუმლოების შენახვის აუცილებლობის მოტივით, არ უნდა აარიდონ თავი ამ პუნქტში აღნიშნული ღონისძიებების განხორციელებას.

7. მონაწილე სახელმწიფოებს შეუძლიათ განიხილონ იმ მოთხოვნის წარდგენის შესაძლებლობა, რომლის მიხედვითაც დანაშაულის ჩამდენმა პირმა უნდა დაასაბუთოს სავარაუდოდ დანაშაულის გზით მიღებული შემოსავლების და იმ ქონების კანონიერი წარმომავლობა, რომელიც კონფისკაციას ექვემდებარება, იმ პირობით; რომ ამგვარი მოთხოვნა უნდა შეესაბამებოდეს მონაწილე სახელმწიფოთა შიდა კანონმდებლობის პრინციპებს და სასამართლო თუ სხვა სახის წარმოების ხასიათს.

8. ამ მუხლის დებულებები არ უნდა განიმარტოს ისე, რომ შეილახოს კეთილსინდისიერი მესამე მხარის უფლებები.

9. ამ მუხლის არცერთი დებულება არ უნდა ხელყოფდეს პრინციპს, რომლის თანახმადაც, ამ მუხლში მითითებული ზომები უნდა განისაზღვროს და განხორციელდეს მონაწილე სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობის დებულებების შესაბამისად და მათი დაცვის პირობით.

    მუხლი 13. საერთაშორისო თანამშრომლობა კონფისკაციის მიზნით

1. იმ მონაწილე სახელმწიფომ, რომელმაც სხვა მონაწილე სახელმწიფოსაგან, რომელსაც გააჩნია იურისდიქცია ამ კონვენციით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის მიმართ, მიიღო მოთხოვნა ამ კონვენციის მე-12 მუხლის პირველ პუნქტში მთითებული დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლების, ქონების, მოწყობილობების ან სხვა საშუალებების კონფისკაციის შესახებ, რომლებიც მდებარეობს მის ტერიტორიაზე, თავისი შიდასამართლებრივი სისტემის გათვალისწინებული მაქსიმალური შესაძლებლობის ფარგლებში, უნდა:

a) გადასცეს ეს მოთხოვნა თავის კომპეტენტურ ორგანოებს კონფისკაციის შესახებ დადგენილების მიღების მიზნით და ასეთი დადგენილების გამოტანის შემთხვევაში, მოიყვანოს იგი სისრულეში, ან

b) გადასცეს კომპეტენტურ ორგანოებს სისრულეში მოყვანის მიზნით კონფისკაციის შესახებ დადგენილება, რომელიც გამოტანილია მოთხოვნის წარმდგენი მონაწილე სახელმწიფოს სასამართლოს მიერ ამ კონვენციის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, და რომელიც შეეხება მე-12 მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ და მოთხოვნის მიმღები მონაწილე სახელმწიფოს ტერიტორიაზე არსებულ დანაშაულებრივი გზით მიღებულ შემოსავლებს, ქონებას, მოწყობილობას ან სხვა საშუალებებს.

2. იმ მონაწილე სახელმწიფოსაგან მოთხოვნის მიღების შემდეგ; რომელსაც გააჩნია იურისდიქცია ამ კონვენციით გათვალისწინებულ რომელიმე დანაშაულზე, მოთხოვნის მიმღებმა მონაწილე სახელმწიფომ უნდა მიიღოს ზომები ამ კონვენციის მე-12 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლების, ქონების, მოწყობილობების ან სხვა საშუალებების გამოვლენის, პოვნის; დაყადაღების ან ამოღებისათვის, მათი საბოლოო კონფისკაციის მიზნით; რომლის შესახებაც დადგენილება გამოაქვს მოთხოვნის წარმდგენ მონაწილე სახელმწიფოს ან, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მოთხოვნის მიმღებ მონაწილე სახელმწიფოს.

3. ამ კონვენციის მე-18 მუხლის დებულებები გამოიყენება mutatis mutandis ამ მუხლთან მიმართებაში. მე-18 მუხლის მე-15 პუნქტში მითითებულ ინფორმაციასთან ერთად, ამ მუხლის საფუძველზე გაგზავნილი მოთხოვნა უნდა შეიცავდეს:

a) ამ მუხლის (1) (ა) პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შემთხვევაში, – კონფისკაციას დაქვემდებარებული ქონების აღწერას და იმ ფაქტების ჩამონათვალს, რომლებსაც წარმოადგენს მოთხოვნის წარმდგენი მონაწილე სახელმწიფო და რომლებიც შეიცავს საკმარსი მტკიცებულებებს იმისთვის, რომ მოთხოვნის მიმღებმა მონაწილე სახელმწიფომ უზრუნველყოს სათანადო დადგენილების გამოტანა თავისი კანონმდებლობის შესაბამისად;

b) ამ მუხლის (1)(ბ) პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შემთხვევაში, მოთხოვნის წარმდგენი მონაწილე სახელმწიფოს მიერ გამოტანილი კონფისკაციის დადგენილების იურიდიულად დამოწმებულ ასლს, რომელსაც ეფუძნება მოთხოვნა; ფაქტების ჩამონათვალს და ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა მოცულობით უნდა შესრულდეს დადგენილება;

c) ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შემთხვევაში,-ფაქტების ჩამონათვალს, რომელსაც წარმოადგენს მოთხოვნის წარმდგენი მონაწილე სახელმწიფო და მოთხოვნაში მითითებული ზომების აღწერას.

4. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები ან ზომები მოთხოვნის მიმღებმა მონაწილე სახელმწიფომ უნდა მიიღოს თავისი შიდა კანონმდებლობის და პროცესუალური ნორმების შესაბამისად, ან იმ ორმხრივი თუ მრავალმხრივი ხელშეკრულების, შეთანხმების თუ მორიგების შესაბამისად, რომელიც აკისრებს მას ვალდებულებებს მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფოს მიმართ.

5. თითოეულმა მონაწილე სახელმწიფომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს უნდა წარუდგინოს თავისი კანონების და კანონქვემდებარე აქტების ასლები, რომლებიც უზრუნველყოფს ამ მუხლის დებულებების განხორციელებას, აგრეთვე ამ კანონებსა და კანონქვემდებარე აქტებში შეტანილი ცვლილებები ან მათი აღწერა.

6. თუ რომელიმე მონაწილე სახელმწიფო გადაწყვეტს, რომ ამ მუხლის პირველ და მეორე პუნქტებში მითითებული ზომების განხორციელება დამოკიდებული იყოს შესაბამისი ხელშეკრულების არსებობაზე, მაშინ ეს მონაწილე სახელმწიფო წინამდებარე კონვენციას განიხილავს, როგორც ამგვარი ხელშეკრულების აუცილებელ და საკმარის სამართლებრივ საფუძველს.

7. მონაწილე სახელმწიფომ შეიძლება უარი თქვას ამ მუხლით გათვალისწინებულ თანამშრომლობაზე, თუ დანაშაული, რომელსაც ეხება მოთხოვნა, არ წარმოადგენს წინამდებარე კონვენციის რეგულირების საგანს.

8. ამ მუხლის დებულებები არ უნდა განიმარტოს ისე, რომ შეილახოს კეთილსინდისიერი მესამე მხარის უფლებები.

9. მონაწილე სახელმწიფოები განიხილავენ ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებების და შეთანხმებების დადების შესაძლებლობას წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული საერთაშორისო თანამშრომლობის ეფექტურობის ამაღლების მიზნით.

    მუხლი 14. დანაშაულის გზით მიღებული კონფისკაციაქმნილი შემოსავლების ან ქონების განკარგვა

1. დანაშაულებრივი გზით მიღებულ შემოსავლებს ან ქონებას,რომელთა კონფისკაცია მონაწილე სახელმწიფომ განახორციელა ამ კონვენციის მე-12 მუხლის ან მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ეს მონაწილე სახელმწიფო განკარგავს თავისი შიდა კანონმდებლობის და ადმინისტრაციული პროცედურების შესაბამისად.

2. სხვა მონაწილე სახელმწიფოს მიერ ამ კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად წარდგენილ მოთხოვნაზე რეაგირებისას, მონაწილე სახელმწიფოებმა, რამდენადაც ეს დაშვეუბლია მათი კანონმდებლობით და თუ ეს მითითებულია მოთხოვნაში, უპირატესობა უნდა მიანიჭონ კონფისაციაქმნილი დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლების ან ქონების დაბრუნებას მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფოსთვის, რათა ამ უკანასკნელმა შეძლოს კომპენსაციის გადახდა დაზარალებულთათვის ან დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლები თუ ქონება დაუბრუნოს კანონიერ მფლობელებს.

3. ამ კონვენციის მე-12 და მე-13 მუხლების შესაბამისად სხვა მონაწილე სახელმწიფოს მიერ წარდგენილ მოთხოვნაზე რეაგირებისას, მონაწილე სახელმწიფოს შეუძლია სპეციალური განხილვის საგნად აქციოს ხელშეკრულებების ან შეთანხმებების დადება იმის თაობაზე, რომ:

a) დანაშაულის გზით მიღებული შემოსავლები ან ქონება, ან მათი რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხები ან მათი ნაწლი გადაირიცხოს ამ კონვენციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გახსნილ ანგარიშზე ან გადაეცეს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მთავრობათაშორის ორგანიზაციებს;

b) თავისი შიდა კანონმდებლობით ან ადმინისტრაციული პროცედურებით დადგენილი წესით, დანაშაულის გზით მიღებული შემოსავლები ან ქონება ან მათი რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხები გაუნაწილდეს სხვა წევრ სახელმწიფოებს რეგულარულ საფუძველზე ან თითოეული კონკრეტული შემთხვევის გათვალისწინებით.

    მუხლი 15 იურისდიქცია

1. თითოეულმა მონაწილე სახელმწიფომ უნდა მიიღოს ისეთი ზომები, რომლებიც შეიძლება საჭირო გახდეს იმისათვის, რომ დაწესდეს მისი იურისდიქცია ამ კონვენციის მე-5, მე-6 და 23-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებზე, როდესაც:

a) დანაშაული ჩადენილია ამ მონაწილე სახელმწიფოს ტერიტორიაზე; ან

b) დანაშაული ჩადენილია გემზე, რომელიც დანაშაულის ჩადენის მომენტში დაცურავდა ამ მონაწილე სახელმწიფოს დროშით ან საჰაერო ხომალდზე, რომელიც დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის რეგისტრირებული იყო ამ მონაწილე სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. ამ კონვენციის მე-4 მუხლის დაცვის პირობით, მონაწილე სახელმწიფოს ასევე შეუძლია თავისი იურისდიქცია დააწესოს ნებისმიერ ასეთ დანაშაულზე, როდესაც:

a) დანაშაული ჩადენილია ამ მონაწილე სახელმწიფოს მოქალაქის წინააღმდეგ;

b) დანაშაული ჩადენილია ამ მონაწილე სახელმწიფოს მოქალაქის მიერ ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ, რომელსაც მის ტერიტორიაზე მუდმივი ადგილსამყოფელი გააჩნია;

c) დანაშაული:

i. მიეკუთვნება იმ დანაშაულებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კონვენციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით და ჩადენილია ამ მონაწილე სახელმწიფოს ტერიტორიის საზღვრებს გარეთ, მის ტერიტორიაზე მძიმე დანაშაულის ჩადენის მიზნით;

ii. მიეკუთვნება იმ დანაშაულებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კონვენციის მე-6 მუხლის (1)(ბ)(ii) პუნქტით და ჩადენილია ამ მონაწილე სახელმწიფოს ტერიტორიის საზღვრებს გარეთ, მის ტერიტორიაზე ამ კონვენციის მე-6 მუხლის (1) (a)(i) ან (1)(b)(i) პუნქტებში მითითებული რომელიმე დანაშაულის ჩადენის მიზნით.

3. ამ კონვენციის მე-16 მუხლის მე-10 პუნქტის მიზნებისათვის, თითოეულმა მონაწილე სახელმწიფომ უნდა მიიღოს ისეთი ზომები, რომელიც შეიძლება საჭირო გახდეს ამ კონვენციით გათვალისწინებულ დანაშაულებზე თავისი იურისდიქციის დასაწესებლად, როდესაც დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირი იმყოფება მის ტერიტორიაზე და იგი არ ახდეს ამ პირის ექსტრადირებას მხოლოდ იმ მოტივით, რომ ის მოქალაქეა.

4. თითოეულ მონაწილე სახელმწიფოს შეუძლია აგრეთვე მიიღოს ისეთი ზომები, რომლებიც შეიძლება საჭირო გახდეს ამ კონვენციით გათვალისწინებულ დანაშაულებზე თავისი იურისდიქციის დასაწესებლად, როდესაც დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირი იმყოფება მის ტერიტორიაზე და იგი არ ახდეს ამ პირის ექსტრადირებას.

5. თუ მონაწილე სახელმწიფომ, რომელიც ახორციელებს იურისდიქციას ამ მუხლის პირველი ან მეორე პუნქტების თანახმად, მიიღო შეტყობინება ან სხვა გზით გაიგო, რომ ერთი ან რამდენიმე სხვა მონაწილე სახელმწიფოატარებს გამოძიებას, სისხლისსამართლებრივ დევნას ან სასამართლო პროცესს იგივე ქმედებასთან დაკავშირებით, ამ მონაწილე სახელმწიფოების კომპეტენტურმა ორგანოებმა, სათანადო შემთხვევებში, უნდა ჩაატარონ კონსულტაციები თავიანთი საქმიანობის კოორდინირების მიზნით.

6. საერთაშორისო სამართლის ზოგადი ნორმებისთვის ზიანის მიყენების გარეშე, ეს კონვენცია არ გამორიცხავს მონაწილე სახელმწიფოს მიერ თავისი შიდა კანონდმებლობის შესაბამისად დადგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი იურისდიქციის განხორციელებას.

    მუხლი 16. ექსტრადიცია

1. ეს მუხლი ვრცელდება ამ კონვენციით გათვალისწინებულ დანაშაულებზე ან იმ შემთხვევებში, როდესაც ამ კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის (ა) და (ბ) ქვეპუნქტებში მითითებული დანაშაულის ჩადენაში მონაწილეობდა დამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფი და თუ პირი, რომლის ექსტრადირებასაც მოითხოვენ, იმყოფება მოთხოვნის მიმღები მონაწილე სახელმწიფოს ტერიტორიაზე, იმ პირობით, რომ დანაშაული, რომელთან დაკავშირებითაც წარდგენილია ექსტრადირების მოთხოვნა, დასჯადია როგორც მოთხოვნის წარმდგენი, ისე მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოების კანონმდებლობით.

2. თუ მოთხოვნა ექსტრადირების შესახებ შეეხება რამდენიმე მძიმე დანაშაულს, რომელთაგან ზოგიერთი არ არის გათვალისწინებული წინამდებარე მუხლით, მაშინ მოთხოვნის მიმღებ მონაწილე სახელმწიფოს შეუძლია ამ მუხლის მოქმედება გაავრცელოს ამ უკანასკნელ დანაშაულთა მიმართაც.

3. თითოეული დანაშაული, რომელზეც ვრცელდება ეს მუხლი, უნდა ჩაითვალოს შეტანილად ექსტრადირებადი დანაშაულის სახით მონაწილე სახელმწიფოებს შორის არსებულ ექსტრადიციის ნებისმიერ ხელშეკრულებაში. მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას იღებენ ეს დანაშაულები შეიტანონ ექსტრადირებადი დანაშაულების სახით ექსტრადიციის ნებისმიერ იმ ხელშეკრულებაში, რომელიც უნდა დაიდოს მათ შორის,.

4. როდესაც მონაწილე სახელმწიფო, რომლის მიერ ექსტრადიციის განხორციელება დამოკიდებულია შესაბამისი ხელშეკრულების არსებობაზე, იღებს ექსტრადიციის შესახებ მოთხოვნას სხვა მონაწილე სახელმწიფოსაგან, რომელთანაც მას არ აქვს დადებული ექსტრადიციის ხელშეკრულება, მას შეუძლია ეს კონვენცია მიიჩნიოს ექსტრადიციის სამართლებრივ საფუძვლად ამ მუხლით გათვალისწინებულ ნებისმიერ დანაშაულთან დაკავშირებით.

5. მონაწილე სახელმწიფოებმა, რომელთა მიერ ექსტრადიციის განხორციელება დამოკიდებულია შესაბამისი ხელშეკრულების არსებობაზე:

a) ამ კონვენციის სარატიფიკაციო სიგელების, მიღების, დამტკიცების ან მიერთების აქტების დეპონირებისას, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს უნდა აცნობონ, გამოიყენებენ თუ არა ამ კონვენციას სამართლებრივი საფუძვლის სახით სხვა მონაწილე სახელმწიფოებთან ექსტრადიციის სფეროში თანამშრომლობის მიზნით.

b) თუ ისინი ამ კონვენციას არ გამოიყენებენ სამართლებრივი საფუძვლის სახით ექსტრადიციის სფეროში თანამშრომლობის მიზნით, მაშინ, საჭიროების შემთხვევაში, უნდა დადონ ექსტრადიციის ხელშეკრულება ამ კონვენციის მონაწილე სხვა სახელმწიფოებთან წინამდებარე მუხლის შესრულების მიზნით.

6. მონაწილე სახელმწიფოები, რომელთა მიერ ექსტრადიციის განხორციელება დამოკიდებული არ არის შესაბამისი ხელშეკრულების არსებობაზე, ერთმანეთთან ურთიერთობისას ამ მუხლში აღნიშნულ დანაშაულებს აღიარებენ ექსტრადირებად დანაშაულებად.

7. ექსტრადიცია ხორციელდება მოთხოვნის მიმღები მონაწილე სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობით ან ექსტრადიციის მოქმედი ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობების დაცვით, რომლებიც, inter alia, უნდა ადგენდეს სასჯელის მინიმალურ ზონას ექსტრადიციისთვის და იმ საფუძვლებს რომელთა არსებობის შემთხვევაშიც მოთხოვნის მიმღებ სახელმწიფოს შეუძლია უარი თქვას ექსტრადიციაზე.

8. მონაწილე სახელმწიფოები, თავიანთი შიდა კანონმდებლობის შესაბამისად, შეეცდებიან უზრუნველყონ ექსტრადიციის დაჩქარებული წესით განხორციელება და მტკიცებულებათა წარდგენის პროცედურის გამარტივება ამ მუხლში მითითებულ ნებისმიერ დანაშაულთან მიმართებაში.

9. შიდა კანონმდებლობისა და ექსტრადიციის ხელშეკრულებათა გათვალისწინებით, მოთხოვნის მიმღებ მონაწილე სახელმწიფოს, მას შემდეგ, რაც დარწმუნდება რომ არსებული გარემობები ამას მოითხოვს, და მოთხოვნის წარმდგენი მიმღებ მონაწილე სახელმწიფოს, თხოვნით; შეუძულია დააკავოს მის ტერიტორიაზე მყოფი პირი, რომლის ექსტრადირებასთან დაკავშირებითაც წარმოდგენილია მოთხოვნა, ან მიიღოს სხვა ზომები, რათა უზრუნველყოს ამ პირის ყოფნა ექსტრადიციის პროცედურების განხორციელებისას.

10. თუ მონაწილე სახელმწიფო, რომლის ტერიტორიაზეც იმყოფება დანაშაულში ეჭვმიტანილი პირი, უარს ამბობს მის ექსტრადირებაზე ამ მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთან დაკავშირებით მხოლოდ იმ მოტივით, რომ იგი მისი მოქალაქეა, ეს მონაწილე სახელმწიფო ვალდებულია, ექსტრადიციის მოთხოვნის წარმდგენი მონაწილე სახელმწიფოს თხოვნით, ბრალეული გაჭიანურების გარეშე გადასცეს საქმე თავის კომპეტენტურ ორგანოებს სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით. ეს ორგანოები მიიღებენ გადაწყვეტილებას და განახორციელებენ სამართალწარმოებას იმავე წესით, როგორც შიდა კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში. ეს მონაწილე სახელმწიფოები ითანამშრომლებენ ერთმანეთთან პროცესუალურ და მტკიცებულებათა წარდგენასთან დაკავშირებულ საკითხებში, სისხლისსამართლებრივი დევნის ეფექტურობის უზრუნველყოფის მიზნით.

11. ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც მონაწილე სახელმწიფო შიდა კანონმდებლობის შესაბამისად უფლებამოსილია მოახდინოს თავისი მოქალაქის ექსტრადირება ან სხვა წესით გადაცემა, მხოლოდ იმ პირობით, რომ ეს მოქალაქე დაბრუნებულ იქნება ამ მონაწილე სახელმწიფოში, იმ სასამართლო პროცესის ან სამართალწარმოების შედეგად გამოტანილი სასჯელის მოხდის მიზნით, რომლის ჩატარებასთან დაკავშირებითაც წარმოდგენილ იქნა პირის ექსტრადირების ან გადაცემის მოთხოვნა, და თუ ეს მონაწილე სახელმწიფო და ექსტრადიციის მომთხოვნი სახელმწიფო შეთანხმდებიან ამ და სხვა პირობაზე, რომლებსაც ისინი საჭიროდ ჩათვლიან, მაშინ ასეთი პირობითი ექსტრადიცია ან გადაცემა საკმარისი იქნება ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესასრულებლად.

12. თუ მოთხოვნის მიმღები მონაწილე სახელმწიფო უარს ამბობს სასჯელის აღსრულების მიზნით პირის ექსტრადირებაზე იმ მოტივით, რომ აღნიშნული პირი მისი მოქალაქეა, ასეთ შემთხვევაში მოთხოვნის მიმღები მონაწილე სახელმწიფო თავისი შიდა კანონმდებლობის შესაბამისად, და მოთხოვნის წარმდგენი მონაწილე სახელმწიფოს განაცხადის საფუძველზე, განიხილავს მოთხოვნის წარმდგენი მონაწილე სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად დაკისრებული სასჯელის ან მისი ნაწილის აღსრულების შესაძლებლობას.

13. ნებისმიერ პირს, ომლის მიმართაც ხორციელდება სამართალწარმოება ამ მუხლში აღნიშნულ რომელიმე დანაშაულთან დაკავშირებით, გარანტირებული უნდა ჰქონდეს სამართლიანი მოპყრობა სამართალწარმოების ყველა ეტაპზე, მათ შორის, ყველა ის უფლება და გარანტია, რომელსაც ითვალისწინებს იმ მონაწილე სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობა, რომლის ტერიტორიაზეც იგი იმყოფება.

14. ამ კონვენციის არცერთი პუნქტი არ წარმოშობს ექსტრადიციის განხორციელების ვალდებულებას, თუ მოთხოვნის მიმღებ მონაწილე სახელმწიფოს აქვს საფუძვლიანი მიზეზი, რათა ივარაუდოს, რომ პირის ექსტრადიციის მოთხოვნა მიზნად ისახავს მის მიმართ დევნის განხორციელებას ან დასჯას სქესის, რასობრივი კუთვნილების, რელიგიური მრწამსის, მოქალაქეობის, ეთნიკური წარმომავლობის ან პოლიტიკურ შეხედულებათა გამო ან თუ ექსტრადიციის მოთხოვნის დაკმაყოფილება დაამძიმებს ამ პირის მდგომარეობას, რომელიმე რელიგიური მრწამსის, მოქალაქეობის, ეთნიკური წარმომავლობის ან პოლიტიკურ შეხედუდებათა გამო ან თუ ექსტრადიციის მოთხოვნის დაკმაყოფილება დაამძიმებს ამ პირის მდგომარეობას რომელიმე აღნიშნული მიზეზი ს გამო.

15. მონაწილე სახელმწიფოებს არ შეუძლიათ უარი განაცხადონ ექსტრადიციის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მხოლოდ იმ მოტივით, რომ დანაშაული დაკავშირებულია ფინანსურ საკითხებთან.

16. ექსტრადიციის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმამდე, მოთხოვნის მიმღები მონაწილე სახელმწიფო, საჭიროების შემთხვევაში, კონსულტაციებს ჩაატარებს მოთხოვნის წარმდგენ სახელმწიფოსთან, რათა ამ უკანასკნელს მიეცეს თავისი მოსაზრებებისა და მოთხოვნაში დასმულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციის წარმოდგენის სრული შესაძლებლობა.

17. მონაწილე სახელმწიფოები დადებენ ორმხრივ და მრავალმხრივ შეთანხმებებს და ხელშეკრულებებს ექსტრადიციის განხორციელების ან მისი ეფექტურობის ამაღლების მიზნით.

    მუხლი 17. მსჯავრდებულ პირთა გადაყვანა

მონაწილე სახელმწიფოებს შეუძლიათ განიხილონ ორმხრივი ან მრავალმხრივი შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების დადების შესაძლებლობა თავიანთ ტერიტორიაზე იმ პირთა გადაყვანის მიზნით, რომელთაც ამ კონვენციით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მისჯილი აქვთ პატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთის სხვა ზომა, რათა ამ პირებმა სასჯელი მოიხადონ აღნიშნულ ტერიტორიაზე.

    მუხლი 18. სამართლებრივი ურთიერთდახმარება

1. მონაწილე სახელმწიფოები ერთმანეთს გაუწევენ მაქსიმალურად ფართო სამართლებრივ დახმარებას ამ კონვენციაში მითითებულ დანაშაულთა გამოძიების, მათზე სისხლისსამართლებრივი დევნის და სასამართლო პროცესის განხორციელების მიზნით, როგორც ეს გათვალისწინებულია მე-3 მუხლში და ერთმანეთს აღმოუჩენენ ანალოგიურ დახმარებას, თუ მოთხოვნის წარმდგენ მონაწილე სახელმწიფოს გააჩნია საფუძვლიანი მიზეზი, რათა ივარაუდოს, რომე მე-3 მუხლის პირველი პუნქტის (a) და (b) ქვეპუნქტებში აღნიშნული დანაშაული ტრანსნაციონალური ხასიათისაა, რომ დაზარალებულები, მოწმეები, შემოსავლები, დანაშაულის ჩადენის საშუალებები ან მტკიცებულებები მოთხოვნის მიმღები მონაწილე სახელმწიფოს ტერიტორიაზეა ლოკალიზებული და რომ დანაშაულის ჩადენაში მონაწილეობს დამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფი.

2. სამართლებრივი ურთიერთდახმარება უნდა განხორციელდეს მაქსიმალური მოცულობით, მოთხოვნის მიმღები მონაწილე სახელმწიფოს შესაბამისი კანონების, ხელშეკრულებების და შეთანხმებების შესაბამისად, ისეთ დანაშაულებთან დაკავშირებული გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნის და სასამართლო პროცესის განხორციელების მიზნით, რომელთა ჩადენაც იწვევს იურიდული პირის პასუხისმგებლობას მოთხოვნის წარმდგენ სახელმწიფოში, თანახმად ამ კონვენციის მე-10 მუხლისა.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი დახმარება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს ნებისმიერი შემდეგი მიზნით:

a) პირთაგან ჩვენების ან მტკიცებულების მიღება;

b) სასამართლო დოკუმენტის გადაცემა;

c) ჩხრეკა, ამოღება და დაყადაღება;

d) ობიექტების და ადგილის დათვალიერება;

e) ინფორმაციის, ნივთიერი მტკიცებულებების და ექსპერტთა დასკვნების წარდგენა;

f) შესაბამისი დოკუმენტაციის, მათ შორის, სამთავრობო, საბანკო, საფინანსო, კორპორაციული ან კომერციული დედნების ან მათი დამოწმებული ასლების წარდგენა;

g) დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლების, ქონების დანაშაულის ჩადენის საშუალებებისა და ნივთმტკიცებების ამოცნობა ან ძებნა;

h) მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფოს ორგანოებში შესაბამისი პირის ნებაყოფლობითი გამოცხადების უზუნველველყოფა;

i) ნებისმიერი სხვა სახის დახმარება, რომელიც არ ეწინააღმდეგება მოთხოვნის მიმღები მონაწილე სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობას.

4. შიდა კანონმდებლობის დაურღვევლად, მონაწილე სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს, წინასწარი მოთხოვნის გარეშე, შეუძლიათ გადასცენ ინფორმაცია სისხლისსამართლებრივი საკითხების შესახებ სხვა მონაწილე სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს იმ შემთხვევაში, თუ ისინი თვლიან, რომ ასეთი ინფორმაცია დახმარებას გაუწევს ამ ორგანოებს გამოძიების და სისხლისსამართლებრივი პროცესის განხორციელებასა და წარმატებით დასრულების საქმეში ან შესაძლებლობას მისცემს მათ წარმოადგინონ მოთხოვნა ამ კონვენციით გათვალისწინებული წესით.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესით ინფორმაციის გადაცემა უნდა განხორციელდეს ინფორმაციის მიმწოდებელ სახელმწიფოში გამოძიებისა და სისხლის სამართლაწარმოებისათვის ზიანის მიყენების გარეშე. ინფორმაციის მიმღები კომპეტენტური ორგანოები ვალდებულნი არიან, თუ არსებობს შესაბამისი მოთხოვნა, დაიცვან მიღებული ინფორმაციის კოენფიდენციალურობა, თუნდაც დოებით, ან შეასრულონ ასეთი ინფორმაცის გამოყენებასთან დაკავშირებით არსებული შეზღუდვები. მიუხედავად ამისა, ინფორმაციის მიმღებ მონაწილე სახელმწიფოს უფლება აქვს, თავის ტერიტორიაზე მიმდინარე სამართალწარმოებისას, გაამჟღავნოს ის ინფორმაცია. რომელიც ამართლებს მსჯავრდებულს. ამ შემთხვევაში, ინფორმაციის გამჟღავნებამდე, ინფორმაციის მიმღები მონაწილე სახელმწიფო აღნიშნულის შესახებ აცნობებს ინფორმაციის მიმწოდებლ მონაწილესახელმწიფოს და, შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში, გამართავს მასთან კონსულტაციებს. გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც წინასწარ შეტყობინება შეუძლებელია, ინფორმაციის მიმღები მონაწილე სახელმწიფო ინფორმაციის მიმწოდებელ მონაწილე სახელმწიფოს ინფორმაციის გამჟღავნების შესახებ აცნობებს დაუყოვნებლივ.

6. ამ მუხლის დებულებები ზიანს არ უნდა აყენებდეს ნებისმიერ სხვა ორმხრივი თუ მრავალმხრივი ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს, რომლებიც არეგულირებს ან შემდგომში დაარეგულირებს, მთლიანად ან ნაწილობრივ, სამართლებრივი ურთიერთდახმარების საკითხებს.

7. ამ მუხლის მე-9 – 29-ე პუნქტები გამოიყენება ამ მუხლის საფუძველზე გაგზავნილი მოთხოვნების მიმართ, თუ შესაბამის მონაწილე სახელმწიფოებს უკვე ნაკისრი არა აქვთ სამართლებრივი ურთიერთდახმარების რომელიმე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები. თუ მონაწილე სახელმწიფოებს უკვე ნაკისრი აქვთ რომელიმე ასეთი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, გამოიყენება ამ ხელშეკრულების შესაბამისი დებულებები, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს სახელმწიფოები შეთანხმდებიან მათ ნაცვლად ამ მუხლის მე-9–29-ე პუნქტების გამოყენებაზე. სასურველია მონაწილე სახელმწიფოებმა გამოიყენონ ეს პუნქტები, თუ ეს ხელს შეუწყობს თანამშრომლობას.

8. მონაწილე სახელმწიფოები უარს ვერ იტყვიან ამ მუხლის თანახმად სამართლებრივი ურთიერთდახმარების გაწევაზე საბანკო საიდუმლოების დაცვის მოტივით.

9. მონაწილე სახელმწიფოებს შეუძლიათ უარი თქვან ამ მუხლის თანახმად სამართლებრივი ურთიერთდახმარების გაწევაზე შესაბამისი ქმედების დანაშაულად ორმხრივი აღიარების არარსებობის საფუძველზე. ამასთან, მოთხოვნის მიმღებ მონაწილე სახელმწიფოს შეუძლია, თუ ამას საჭიროდ ჩათვლის, მოთხოვნის წარმდგენ მონაწილე სახელმწიფოს გაუწიოს დახმარება, რომლის მოცულობასაც განსაზღვრავს თავის შეხედულებისამებრ, იმისგან დამოუკიდებლად ითვლება თუ არა შესაბამისი ქმედება დანაშაულად მოთხოვნის მიაღები მონაწილე სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობით.

10. პირი, რომელიც დაკავებულია ან სასჯელს იხდის ერთ-ერთი მონაწილე სახელმწიფოს ტერიტორიაზე და რომლის ყოფნა სხვა მონაწილე სახელმწიფოში საჭიროა პირი იდენტიფიცირების, ჩვენების მიცემის ან სხვა სახის დახმარების გაწევის მიზნით, რაც უზრუნველყოფს მტკიცებულებათა მოპოვებას წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებულ დანაშაულებზე გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნის ან სამართალწარმოების განხორციელების პროცესში, შეიძლება გადაყვანილ იქნეს ამ მონაწილე სახელმწიფოში, თუ:

a) ეს პირი ძალდაუტანებლად იძლევა ამაზე გაცნობიერებულ თანხმობას;

b) ორივე მონაწილე სახელმწიფოს კომპეტენტურმა ორგანოებმა მიაღწიეს შეთანხმებას იმ პირობებზე, რომლებიც მისაღებია ამ მონაწილე სახელმწიფოებისათვის.

11. ამ მუხლის მე-10 პუნქტის მიზნებისათვის:

a) მონაწილე სახელმწიფო, რომელშიც გადაყვანილ იქნა პირი, უფლებამოსილი და ვალდებულია პირი ჰყავდეს პატიმრობაში, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მონაწილე სახელმწიფო, საიდანაც გადაყვანილ იქნა ეს პირი იძლევა, სხვაგვარ უფლებამოსილებას ან აყენებს სხვაგვარ მოთხოვნას;

b) მონაწილე სახელმწიფო, რომელშიც გადაყვანილ იქნა პირი, ვალდებულია დაყოვნების გარეშე დააბრუნოს პირი იმ მონაწილე სახელმწიფოს განკარგულებაშიც, საიდანაც იგი იქნა გადაყვანილი, თანახმად ორივე მონაწილე სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების მიერ მიღწეული წინასწარი თუ სხვა შეთანხმებისა;

c) მონაწილე სახელმწიფომ, რომელშიც გადაყვანილ იქნა პირი, არ უნდა მოსთხოვოს იმ მონაწილე სახელმწიფოს, საიდანაც გადაყვანილ იქნა პირი, ექსტრადირების წარმოების დაწყება ამ პირის უკან დასაბრუნებლად;

d) ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაყვანილი პირი იმყოფებოდა პატიმრობაში იმ მონაწილე სახელმწიფოში, სადაც ის გადაყვანილ იქნა, მას ჩაეთვლება სასჯელის მოხდის საერთო ვადაში.

12. პირი მისი მოქალაქეობის მიუხედავად არ ექვემდებარება სისხლისსამართლებრივ დევნას, დაკავებას, დასჯას ან თავისუფლების სხვა ფორმით შეზღუდვას იმ სახელმწიფოს ტერიტორიაზე, სადაც იგი გადაყვანილ იქნა, იმ ქმედებების, გადაცდომების ან მსჯავრდების გამო, რომლებსაც ადგილი ჰქონდა მის მიერ იმ სახელმწიფოს ტერიტორიის დატოვებამდე, საიდანაც იგი იქნა გადაყვანილი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნულზე თნხმობას გამოთქვამს ის მონაწილე სახელმწიფო, საიდანც ხდება პირის გადაყვანა ამ მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტების შესაბამისად.

13. თითოეული მონაწილე სახელმწიფო დანიშნავს ცენტრალურ ორგანოს, რომელიც პასუხისმგებელი და უფლებამოსილი იქნება მიიღოს სამართლებრივი ურთიერთდახმარების გაწევასთან დაკავშირებული მოთხოვნები, შეასრულოს ან შესასრულებლად გადასცეს ისინი კომპეტენტურ ორგანოებს. თუ მონაწილე სახელმწიფოში არსებობს ისეთი რეგიონი ან ტერიტორია, სადაც მოქმედებს სამართლებრივი ურთიერთდახმარების განსხვავებული სისტემა, ასეთ სახელმწიფოს შეუძლია დანიშნოს ცალკეული ცენტრალური ორგანო, რომელშიც შესრულებს იგივე ფუნქციას ამ რეგიონთან ან ტერიტორიასთან მიმართებაში. ცენტრალური ორგანოები  უზრუნველყოფენ მიღებული მოთხოვნების ოპერატიულ და სათანადო შესრულებას ან გადაგზავნას. თუ ცენტრალური ორგანო კომპეტენტურ ორგანოს შესასრულებლად უგზავნის მოთხოვნას, მან უნდა უზრუნველყოს კომპეტენტური ორგანოს მიერ მოთხოვნის ოპერატიული და სათანადო შესრულება. მონაწილე სახელმწიფოს მიერ ამ კონვენციის სარატიფიკაციო სიგელის, მიღების, დამტკიცების ან მიერთების დოკუმენტის დეპონირებისას, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს ეცნობება ცენტრალური ორგანოს დანიშვნის შესახებ. სამართლებრივი ურთიერთდახმარების მოთხოვნები და მასთან დაკავშირებული შეტყობინებები ეგზავნება მონაწილე სახელმწიფოების მიერ დანიშნულ ცენტრალურ ორგანოებს. ეს დებულება არ ზღუდავს მონაწილე სახელმწიფოს უფლებას მოითხოვს, რომ ასეთი მოთხოვნები და შეტყობინებები მას მიაწოდონ დიპლომატიური არხებით, ხოლო გადაუდებელ შემთხვევებში და მონაწილე სახელმწიფოთა თანხმობით, სისხლის სამართლის პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაციის მეშვეობით, თუ ეს შესაძლებელია.

14. მოთხოვნა უნდა მომზადდეს წერილობითი ფორმით ან სხვა საშუალებით, რომელიც იძლევა წერილობითი ჩანაწერის გაკეთების საშუალებას მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოსათვის მისაღებ ენაზე და უნდა აკმაყოფილებდეს ისეთ კრიტერიუმებს, რომლებიც მოთხოვნის მიმღებ სახელმწიფოს მისცემს მისი ავთენტურობის დადგენის საშუალებას. მონაწილე სახელმწიფოს მიერ ამ კონვენციის სარატიფიკაციო სიგელის, მიღების, დამტკიცების ან მიერთების დოკუმენტის დეპონირებისას, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს ეცნობება თითოეული მონაწილე სახელმწიფოსათვის მისაღები ენის ან ენების შესახებ. საგანგებო ვითარებაში და მონაწილე სახელმწიფოთა თანხმობით, მოთხოვნა შეიძლება გაკეთდეს ზეპირი ფორმითაც, მაგრამ შემდგომში ის აუცილებლად უნდა დადასტურდეს წერილობითი ფორმით.

15. სამართლებრივი ურთიერთდახმარების მოთხოვნაში მითითებული უნდა იქნეს:

a) მოთხოვნის წარმდგენი ორგანოს დასახელება;

b) გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნის ან სასამართლო წარმოების საგანი და ხასიათი, რომელსაც შეეხება მოთხოვნა, ასევე ამ გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნის ან სასამართლო წარმოების განმახორციელებელი ორგანოს დასახელება და ფუნცია;

c) შესაბამისი ფაქტებისმოკლე აღწერა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მოთხოვნა ეხება საასამართლო დოკუმენტის გადაცემას;

d) მოთხოვნლი დახმარების აღწერა და დაწვრილებითი ინფორმაცია ნებისმიერ კონკრეტულ პროცედურაზე, რომლის შესრულებასაც მოითხოვს მოთხოვნის წარმდგენი მონაწილე სახელმწიფო;

e) შეძლებისდაგვარად, მონაცემები შესაბამისი პირის ვინაობის, ადგილსამყოფლისა და მოქალაქეობის შესახებ;

f) გამოთხოვილი მტკიცებულებების, ინფორმაციის ან განსახორციელებელი ღონისძიებების მიზანი.

16. მოთხოვნის მიმღებ მონაწილე სახელმწიფოს შეუძლია გამოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია, თუ ეს აუცილებელია მოთხოვნის შესასრულებლად თავისი შიდა კანონმდებლობის თანახმად ან თუ ეს ინფორმაცია ხელს შეუწყობს მოთხოვნის შესრულებას.

17. მოთხოვნა შესრულდება მოთხოვნის მიმღები მონაწილე სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობით დადგენილი წესით, იმ მოცულობით, რომელიც არ ეწინააღმდეგება მოთხოვნის მიმღები მონაწილე სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობას, ხოლო თუ ეს შესაძლებელია, მოთხოვნაში მითითებული პროცედურების დაცვით.

18. შესაძლებლობის შემთხვევაში და შიდა კანონმდებლობის ძირითადი პრინციპების დაცვით, თუ პირი იმყოფება რომელიმე მონაწილე სახელმწიფოს ტერიტორიაზე და მან მოწმის ან ექსპერტის სახით უნდა მისცეს ჩვენება სხვა მონაწილე სახელმწიფოს სასამართლო ორგანოებს, პირველ სახელმწიფოს შეუძლია, მეორე სახელმწიფოს მოთხოვნით, გასცეს სასამართლო მოსმენის ვიდეოკონფერენციის საშუალებით ჩატარების ნებართვა, თუ აღნიშნული პირის პირადად გამოცხადება მოთხოვნის წარმდგენ სახელმწიფოს ტერიტორიაზე შეუძლებელია ან არასასურველია. მონაწილე სახელმწიფოებს შეუძლიათ შეთანხმდნენ, რომ მოსმენა ჩატარდეს მოთხოვნის წარმდგენი მონაწილე სახელმწიფოს სასამართლო ორგანოს მიერ მოთხოვნის მიმღები მონაწილე სახელმწიფოს სასამართლო ორგანოს წარმომადგენელთა თანდასწრებით.

19. მოთხოვნის წარმდგენი მონაწილე სახელმწიფო არ გადასცემს ან გამოიყენებს მოთხოვნის მიმღები მონაწილე სახელმწიფოს მიერ მისთვის მიწოდებულ ინფორმაციას ან მტკიცებულებებს გამოძიების, სისხლისამართლებრივი დევნის ან სასამართლო წარმოებისთვის, მოთხოვნის მიმღები მონაწილე სახელმწიფოს წინასწარი თანხმობის გარეშე, გარდა იმ მიზნებისთვის, რომლებიც მითითებულია მოთხოვნაში. ეს პუნქტი ხელს არ უშლის მოთხოვნის წარმდგენ მონაწილე სახელმწიფოს, საქმის წარმოებისას გაამჟღავნოს ის ინფორმაცია ან მტკიცებულებები, რომლებიც ამართლებს მსჯავრდებულს. ამ შემთხვევაში, ინფორმაციის გამჟღავნებამდე, მოთხოვნის წარმდგენი მონაწილე სახელმწიფო აღნიშნულის შესახებ აცნობებს მოთხოვნის მიმღებ მონაწილე სახელმწიფოს და, შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში, გამართავს მასთან კონსულტაციებს, გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც წინასწარ შეტყობინება შეუძლებელია, მოთხოვნის წარმდგენი მონაწილე სახელმწიფო მოთხოვნის მიმღებ მონაწილე სახელმწიფოს ინფორმაციის გამჟღავნების შესახებ აცნობებს დაუყოვნებლივ.

20. მოთხოვნის წარმდგენ მონაწილე სახელმწიფოს შეუძლია მოთხოვნის მიმღებ მონაწილე სახელმწიფოს მოსთხოვოს, რომ ამ უკანასკნელმა დაიცვას მოთხოვნის წარდგენის ფაქტის და მისი შინაარსის  კონფიდენციალურობა, იმის გამოკლებით, რაც აუცილებელია მოტხოვნის შესასრულებლად თუ მოთხოვნის მიმღებ მონაწილე სახელმწიფოს არ შეუძლია კონფიდენციალურობის დაცვა, მან ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს მოთხოვნის წარმდგენ მონაწილე სახელმწიფოს.

21. სამართლებრივ ურთიერთდახმარებაზე დასაშვებია უარის თქმა:

a) თუ მოთხოვნა არ იყო წარმოდგენილი ამ მუხლის დებულებების შესაბამისად;

b) თუ მოთხოვნის მიმღები მონაწილე სახელმწიფო თვლის, რომ მოთხოვნის შესრულება გამოიწვევს მისი სუვერენიტეტის, უსაფრთხოების; საზოგადოებრივი წესრიგის ან სხვა მნიშვნელოვანი სასიცოცხლო ინტერესების შელახვას;

c) თუ მოთხოვნის მიმღები მონაწილე სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობა მის ორგანოებს აუკრძალავდა მოთხოვნაში მითითებული ღონისძიების განხორციელებას ნებისმიერ მსგავს დანაშაულთან დაკავშირებით, იმ შემთხვევაში თუ ეს დანაშაული იქნებოდა მისი საგამოძიებო, სისხლისსამართლებრივი დევნის ან სასამართლო წარმოების ქვემდებარე;

d) თუ სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ მოთხოვნის შესრულება ეწინააღმდეგება მოთხოვნის მიმღების მონაწილე სახელმწიფოს სამართლებრივ სისტემას.

22. მონაწილე სახელმწიფოებს არ შეუძლიათ უარი თქვან სამართლებრივ ურთიერთდახმარებაზე მხოლოდ იმ მოტივით, რომ დანაშაული შეიძლება დაკავშირებული იყოს ფინანსურ საკითხებთანაც.

23. ნებისმიერი უარი სამართლებრივ ურთიერთდახმარებაზე უნდა იყოს მოტივირებული.

24. მოთხოვნის მიმღები მონაწილე სახელმწიფო სამართლებრივი ურთიერთდახმარების მოთხოვნას შეასრულებს რაც შეიძლება მოკლე ვადებში და, რამდენადაც შესაძლებელია, გაითვალისწინებს მოთხოვნაში მითითებულ ვადებს, რომლებიც დასაბუთებულია მოთხოვნაში. მოთხოვნის მიმღები მონაწილე სახელმწიფო უპასუხებს მოთხოვნის წარმდგენ მონაწილე სახელმწიფოს გონივრულ შეკითხვას მოთხოვნის შესრულების მიმდინარეობის შესახებ. თუ მოთხოვნილი დახმარება საჭირო აღარ არის, მოთხოვნის წარმდგენი მონაწილე სახელმწიფო ამის შესახებ სასწრაფოდ შეატყობინებს მოთხოვნის მიმღებ მონაწილე სახელმწიფოს.

25. მოთხოვნის მიმღებმა მონაწილე სახელმწიფომ სამართლებრივი ურთიერთდახმარების აღმოჩენა შეიძლება გადაავადოს იმ საფუძვლით, რომ ეს ხელს შეუშლის მიმდინარე გამოძიებას, სისხლისსამართლებრივ დევნას ან სასამართლო წარმოებას.

26. ამ მუხლის 21-ე პუნქტის მიხედვით, მოთხოვნის შესრულებაზე უარის თქმამდე ან ამ მუხლის 25-ე პუნქტის მიხედვით მოთხოვნის შესრულების გადავადებამდე, მოთხოვნის მიმღები მონაწილე მონაწილე სახელმწიფო კონსულტაციას ჩაატარებს მოთხოვნის წარმდგენ მონაწილე სახელმწიფოსთან, რათა დაადგინოს, მისაღებია თუ არა მოთხოვნის წარმდგენი მონაწილე სახელმწიფოსთვის, რომ მოთხოვნის მიმღებმა მონაწილე სახელმწიფომ მოთხოვნა შეასრულოს მისთვის მისაღებ ვადებში და პირობებით. თუ მოთხოვნის წარმდგენი მონაწილე სახელმწიფო დათანხმდება დახმარების მიღებას აღნიშნული პირობებით, მაშინ ის უნდა დაემორჩილოს ამ პირობებს.

27. ამ მუხლის მე-12 პუნქტისათვის ზიანის მიყენების გარეშე, მოწმე, ექსპერტი ან სხვა პირი, რომელიც მოთხოვნის წარმდგენი მონაწილე სახელმწიფოს მოთხოვნით თანახმაა მისცეს ჩვენება სასამართალწარმოების დროს ან დახმარება გაუწიოს გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნის ან სასამართლო წარმოების განხორციელებაში მოთხოვნის წარმდგენი მონაწილე სახელმწიფოს ტერიტორიაზე, არ ექვემდებარება სისხლისსამართლებრივ დევნას, დაკავებას, დასჯას ან თავისუფლების სხვაგვარ შეზღუდვას ამ ტერიტორიაზე იმ ქმედებების, გადაცდომების ან მსჯავრდებათა გამო, რომლებსაც ადგილი ჰქონდა მოთხოვნის მიმღები მონაწილე სახელმწიფოდან მის წამოსვლამდე. ეს ხელშეუხებლობის გარანტია შეწყდება, თუ მოწმეს, ექსპერტს ან სხვა პირს თხუთმეტი დღის ან მონაწილე სახელმწიფოთა შორის შეთანხმებული სხვა ვადის განმავლობაში, იმ დღიდან, როდესაც მას ოფიციალურად ეცნობა, რომ მისი დასწრება საჭირო აღარ იყო სასამართლო ორგანოებისთვის, ჰქონდა მოთხოვნის წარმდგენი მონაწილე სახელმწიფოს ტერიტორიის დატოვების შესაძლებლობა, მაგრამ თავისი ნებით მაინც დარჩა ამ ტერიტორიაზე ნებაყოფლობით, ან დატოვა ეს ტერიტორია და შემდგომ ისევ დაბრუნდა იქ.

28. მოთხოვნის შესრულებასთან დაკავშირებულ ჩვეულებრივ ხარჯებს დაფარავს მოთხოვნის წარმდგენი მონაწილე სახელმწიფო, გარდა იმ შემთხვევისა, თუ შესაბამის მონაწილე სახელმწიფოებს შორის არსებობს სხვაგვარი შეთანხმება. თუ მოთხოვნის შესრულებისათვის საჭიროა ან საჭირო გახდება არსებითი ან განსაკუთრებული ხარჯები, მაშინ მონაწილე სახელმწიფოები უნდა შეთანხმდნენ მოთხოვნის შესრულების წესსა და პირობებზე, ასევე ხარჯების დაფარვის პირობებზე.

29. მოთხოვნის მიმღები მონაწილე სახელმწიფო:

a) მოთხოვნის წარმდგენ მონაწილე სახელმწიფოს წარუდგენს სამთავრობო ოქმების და დოკუმენტების ასლებს ან ინფორმაციას, რომელიც მას გააჩნია და რომელიც მისი შიდა კანონმდებლობით ხელმისაწვდომია საჯაროდ;

b) თავისი შეხედულებისამებრ, შეუძლია მოთხოვნის წარმდგენ მონაწილე სახელმწიფოს წარუდგინოს, მთლიანად ან ნაწილობრივ, მის მიერ განსაზღვრული პირობებით, სამთავრობო ოქმების და დოკუმენტების ასლები ან ინფორმაცია, რომელიც მას გააჩნია და რომელიც მისი შიდა კანონმდებლობით არ არის საჯაროდ ხელმისაწვდომი.

30 მონაწილე სახელმწიფოებს, საჭიროების მიხედვით, შეუძლიათ დადონ ორმხრივი ან მრავალმხრივი ხელშეკრულებები ამ მუხლის მიზნების შესრულების, მისი პრაქტიკული რეალიზაციის ან დებულებათა განმტკიცებისათვის.

    მუხლი 19. ერთობლივი გამოძიება

მონაწილე სახელმწიფოები განიხილავენ ორმხრივი ან მრავალმხრივი შეთანხმებების ან ხელშეკრულებების დადების შესაძლებლბას, რომელთა საშუალებითაც დაინტერესებულ კომპეტენტურ ორგანოებს შეუძლიათ შექმნან ერთობლივი საგამოძიებო ორგანოები იმ საქმეებთან დაკავშირებით, რომლებიც ექვემდებარება გამოძიებას, სისხლისსამართლებრივ დევნას ან სასამართლო წარმოებას ერთ ან რამდენიმე სახელმწიფოში. ასეთი შეთანხმებების ან ხელშეკრულებების არარსებობისას, ერთობლივი გამოძიება ყოველ ცალკეულ შემთხვევაში შეიძლება ჩატარდეს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. შესაბამისი მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ იმ მონაწილე სახელმწიფოს სუვერენიტეტის სრულ პატივისცემას, რომლის ტერიტორიაზეც უნდა ჩატარდეს ასეთი გამოძიება.

    მუხლი 20. გამოძიების სპეციალური მეთოდები

1. თითოეული მონაწილე სახელმწიფო, თუ ეს დაშვებულია მისი შიდასამართლებრივი სისტემის ძირითადი პრინციპებით, თავის შესაძლებლობების ფარგლებში და შიდა კანონმდებლობით დადგენილი პირობების დაცვით, მიიღებს აუცილებელ ზომებს, რაც მის კომპეტენტურ ორგანოებს მისცემს კონტროლირებადი მიწოდების დანიშნულებისამებრ განხორციელების და, საჭიროების შემთხვევაში, გამოძიების სხვა მეთოდების – ელექტრონული მეთვალყურეობის ან მეთვალყურეობის სხვა ფორმების, მათ შორის, აგენტურული ოპერაციების განხორციელების შესაძლებლობას, თავის ტერიტორიაზე ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლის წარმოების მიზნით.

2. ამ კონვენციით გათვალისწინებული დანაშაულების გამოძიების მიზნით, მონაწილე სახელმწიფოებს შეუძლიათ, აუცილებლობის შემთხვევაში, დადონ შესაბამისი ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებები და შეთანხმებები გამოძიების სპეციალური მეთოდების გამოყენების მიზნით საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობის კონტექსტში. ეს ხელშეკრულებები და შეთანხმებები უნდა დაიდოს და შესრულდეს სახელმწიფოთა სუვერენული თანასწორობის პრინციპის სრული დაცვით და ამ შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების პირობათა გათვალისწინებით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული ხელშეკრულების ან შეთანხმების არარსებობისას, საერთაშორისო დონეზე გამოძიების სპეციალური მეთოდების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება თითოეული კონკრეტული შემთხვევის საფუძველზე, რომელიც აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება ითვალისწინებდეს ფინანსურ შეთანხმებებსა და მორიგებებს შესაბამის მონაწილე სახელმწიფოთა მიერ იურისდიქციის განხორციელებასთან დაკავშირებით.

4. საერთაშორისო დონეზე კონტროლირებადი მიწოდების მეთოდის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება, შესაბამისი მონაწილე სახელმწიფოების თანხმობით, შეიძლება ითვალისწინებდეს ისეთი მეთოდების გამოყენებასაც, როგორიცაა ტვირთის ხელში ჩაგდება, ხელუხლებლად დატოვება ან მთლიანად ან ნაწილობრივ ამოღება ან შეცვლა.

    მუხლი 21. სისხლის სამართალწარმოების გადაცემა

მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განიხილონ ერთმანეთისთვის სისხლის სამართალწარმოების გადაცემის შესაძლებლობა ამ კონვენციით გათვალისწინებულ დანაშაულებთან დაკავშირებით სისხლისამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით ისეთ შემთხვევებში, როდესაც ამგვარი გადაცემა ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელების ინტერესებს, კერძოდ ისეთ საქმეებზე, რომლებიც რამდენიმე სახელმწიფოს იურისდიქციასთან არის დაკავშირებული.

    მუხლი 22. ნასამართლობის დადგენა

თითოეული მონაწილე სახელმწიფო, იმ მიზნებით და ისეთი პირობების დაცვით, რომლებსაც ის მიიჩნევს საჭიროდ, მიიღებს ისეთ საკანონმდებლო და სხვა ზომებს, რმოელიც აუცილებელია სხვა სახელმწიფოში ეჭვმიტანილის ნასამართლობის დასადგენად, ამ ინფორმაციის გამოყენების მიზნით წინამდებარე კონვენციაში მითითებულ დანაშაულებზე აღძრულ სისხლის სამართალწარმოებაში.

    მუხლი 23. მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლის კრიმინალიზაცია  

თითოეული მონაწილე სახელმწიფო მიიღებს საკანონმდებლო ან სხვა ზომებს, რომლებიც შეიძლება საჭირო გახდეს, რათა სისხლის სამართლის დანაშაულად იქნეს აღიარებული განზრახ ჩადენილი შემდეგი ქმედებები:

a) ფიზიკური ძალის, მუქარის ან დაშინების გამოყენება ან არამართლზომიერი უპირატესობის დაპირება, შეთავაზება ან მინიჭება, ყალბი ჩვენების მიცემაზე დაყოლიების ან ჩვენების მიცემაში ან მტკიცებულების წარდგენაში ჩარევის მიზნით, ამ კონვენციით გათვალისწინებულ დანაშაულებთან დაკავშირებულ სამართალწარმოების პროცესში.

b) ამ კონვენციით გათვალისწინებულ, დანაშაულებთან დაკავშირებულ სამართალწარმოების პროცესში მოსამართლის ან სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებაში ჩარევის მიზნით ფიზიკური ძალის, მუქარის ან დაშინების გამოყენება. ეს ქვეპუნქტი არ ზღუდავს მონაწილე სახელმწიფოს უფლებას იქონიოს კანონმდებლობა, რომელიც უზრუნველყოფს სხვა კატეგორიის მოხელეთა დაცვას.

    მუხლი 24. მოწმეთა დაცვა

1. თითოეული მონაწილე სახელმწიფო, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში, მიიღებს სათანადო ზომებს, რომლებიც უზრუნველყოფს სისხლის სამართალწარმოების პროცესში იმ მოწმეთა და, საჭიროების შემთხვევაში, მათი ნათესავებისა და ახლობლების შესაძლო შურისძიებისაგან ან დაშინებისაგან დაცვას, რომლებიც იძლევიან ჩვენებას ამ კონვენციით გათვალისწინებულ დანაშაულებთან დაკავშირებით.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში გათვალისწინებული ზომები მსჯავრდებულის უფლებების, მათ შორის, სამართლიანი პროცესის უფლების შეულახავად, შეიძლება მოიცავდეს:

a) აღნიშნულ პირთა ფიზიკური დაცვის პროცედურების დადგენას, როგორიცაა, აუცილებლობის და შესაძლებლობის შემთხვევაში, მათი სხვა ადგილას გადაყვანას და, თუ საჭიროება მოითხოვს, მათი პიროვნებისა და ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის არგახმაურება ან შეზღუდული გახმაურება;

b) ისეთი პროცესუალური ნორმების დაწესებას, რომლებიც უზრუნველყოფს ჩვენების მიცემისას მოწმის უსაფრთხოების დაცვას, როგორიცაა, მაგალითად, ვიდეოკავშირის ან სხვა ადექვატური საკომუნიკაციო ტექნოლოგიის გამოყენება.

3. მონაწილე სახელმწიფოები განიხილავენ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ პირთა ადგილმდებარეობის შეცვლის მიზნით სხვა სახელმწიფოებთან ხელშეკრულებების ან შეთანხმებების დადების შესაძლებლობას.

4. ამ მუხლის დებულებები გამოიყენება დაზარალებულთა მიმართაც, თუ ისინი არიან მოწმეები.

    მუხლი 25. დაზარალებულთა დახმარება და დაცვა

1. თითოეული მონაწილე სახელმწიფო, შესაძლებლობის ფარგლებში, მიიღებს ზომებს, რომლებიც აუცილებელია ამ კონვენციით გათვალისწინებული დანაშაულების შედეგად დაზარალებული პირებისათვის დახმარების აღმოსაჩენად და მათ დასაცავად, განსაკუთრებით, როდესაც ადგილი აქვს შურისძიებას ან დაშინებას.

2. თითოეული მონაწილე სახელმწიფო დაადგენს სათანადო პროცედურებს, რომლებიც უზრუნველყოფს ამ კონვენციით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის შედეგად დაზარალებულ პირებს კომპენსაციით და რესტიტუციით.

3. თითოეული მონაწილე სახელმწიფო, შიდა კანონმდებლობის დაცვით, უზრუნველყოფს მსჯავრდებულის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართალწარმოების შესაბამის ეტაპებზე დაზარალებულის მოსაზრებების გაცნობას, დაცვის მხარის უფლებათა შეულახავად.

    მუხლი 26. სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის გაფართოებისკენ მიმართული ზომები

1. თითოეული მონაწილე სახელმწიფო მიიღებს სათანადო ზომებს იმ პირთა წასახალისებლად, რომლებიც მონაწილეობენ ან მონაწილეობდნენ დამნაშავეთა ორგანიზებულ ჯგუფებში, რათა მათ:

a) კომპეტენტურ ორგანოებს, გამოძიებისა და მტკიცებულებათა მოპოვების მიზნით, წარუდგინონ სასარგებლო ინფორმაცია;

i. დამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფის საიდენტიფიკაციო მონაცემების, ხასიათის, შემადგენლობის, სტრუქტურის, ადგილმდებარეობის ან საქმიანობის შესახებ;

ii. დამნაშავეთა სხვა ორგანიზებულ ჯგუფებთან კავშირის, მათ შორის, საერთაშორისო კავშირების შესახებ;

iii. იმ დანაშაულთა შესახებ, რომლებიც ჩაიდინეს ან შეიძლება ჩაიდინონ დამნაშავეთა ორგანიზებულმა ჯგუფებმა.

b) კომპეტენტურ ორგანოებს მიაწოდონ კონკრეტულ ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს დამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფებისათვის რესურსების და დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლების ჩამორთმევას.

2. შესაბამის შემთხვევებში თითოეული მონაწილე სახელმწიფო განიხილავს სასჯელის შემსუბუქების შესაძლებლობას იმ ბრალდებული პირისთვის, რომელიც არსებით თანამშრომლობას ეწევა ამ კონვენციით გათვალისწინებული დანაშაულის საქმეებზე გამოძიების ან სისხლისსამართლებრივი დევნის განმახორციელებელ ორგანოებთან.

3. თითოეული მონაწილე სახელმწიფო, თავისი შიდა კანონმდებლობის ძირითადი პრინციპების შესაბამისად, განიხილავს სისხლისსამართლებრივი დევნისაგან იმუნიტეტისმინჭიების შესაძლებლობას იმ პირისთვის, რომელიც არსებითად თანამშრომლობს ამ კონვენციით გათვალისწინებულ დანაშაულის საქმეებზე გამოძიების ან სისხლისსამართლებრივი დევნის განმახორციელებელ ორგანოებთან.

4. აღნიშნულ პირთა დაცვა ხორციელდება ამ კონვენციის 24-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.

5. თუ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ პირს, რომელიც იმყოფება ერთ-ერთ მონაწილე სახელმწიფოში, შეუძლია არსებითად ითანამშრომლოს სხვა მონაწილე სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებთან, ამ მონაწილე სახელმწიფოებს, თავიანთი კანონმდებლობის შესაბამისად, შეუძლიათ დადონ ხელშეკრულება ან შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს მეორე სახელმწიფოს მიერ ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში მითითებული მოპყრობის უზრუნველყოფას.

    მუხლი 27. თანამშრომლობა სამართალდამცავ ორგანოებს შორის

1. მონაწილე სახელმწიფოები მჭიდროდ ითანამშრომლებენ ერთმანეთთან თავიანთი შიდასამართლებრივი და ადმინისტრაციული სისტემების შესაბამისად, რათა აამაღლონ სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობის ეფექტურობა ამ კონვენციით გათვალისწინებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში, კერძოდ, თითოეული მონაწილე სახელმწიფო მიიღებს ეფექტურ ზომებს, რათა:

a) გააძლიერონ და, საჭიროების შემთხვევაში, შექმნან საკომუნიკაციო არხები თავიანთ კომპეტენტურ ორგანოებს, დაწესებულებებს და სამსახურებს შორის, რაც ხელს შეუწყობს ინფორმაციის უსაფრთხო და სწრაფ გაცვლას ამ კონვენციით გათვალისწინებულ ყველა დანაშაულთან, და თუ მონაწილე სახელმწიფოები ამას საჭიროდ ჩათვლიან, სხვა დანაშაულებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.

b) ითანამშრომლონ სხვა მონაწილე სახელმწიფოებთან ამ კონვენციით გათვალისწინებული დანაშაულების გამოძიების პროცესში, ისეთ საკითხებზე როგორიცაა:

i. ასეთი დანაშაულების ჩადენაში ეჭვმიტანილ პირთა ვინაობის, ადგილსამყოფლისა და საქმიანობის დადგენა, ან მათთან დაკავშირებულ სხვა პირთა ადგილსამყოფელის დადგენა;

ii. აღნიშნულ დანაშაულთა ჩადენის გზით მიღებული შემოსავლებისა და ქონების გადაადგილება;

iii. აღნიშნულ დანაშაულთა ჩადენისას გამოყენებული ან მომავალში გამოსაყენებელი ქონების, მოწყობილობის ან სხვა საშუალებების გადაადგილება.

c) საჭიროების შემთხვევაში, გამოძიების ან ანალიზის მიზნით, წარმოადგინონ აუცილებელი საგნები ან საჭირო ნივთიერებები;

d) ხელი შეუწყონ თავიანთი კომპეტენტური ორგანოების, დაწესებულებების და სამსახურების ეფექტურ კოორდინაციას, აგრეთვე, ხელი შეუწყონ დაინტერესებულ მონაწილე სახელმწიფოთა შორის ორმხრივი ხელშეკრულებების ან შეთანხმებების საფუძველზე, თანამშრომლებისა და ექსპერტების, მათ შორის, კავშირგაბმულობის სპეციალისტების გაცვლას.

e) სხვა მონაწილე სახელმწიფოებთან აწარმოონ ინფორმაციის გაცვლა დამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფების მიერ გამოყენებული კონკრეტული მეთოდების და საშუალებების შესახებ, მათ შორის, როგორიცაა, მაგალითად, ინფორმაცია მარშრუტების და გადაზიდვების, შეცვლილი ვინაობის, ყალბი ან შეცვლილი დოკუმენტების გამოყენების და ნამდვილი საქმიანობის დაფარვის სხვა საშუალებების შესახებ;

f) საჭიროების მიხედვით, გაცვალონ ინფორმაცია და მოახდინონ ადმინისტრაციული და სხვა ზომების კოორდინირება ამ კონვენციით გათვალისწინებული დანაშაულების დროული გამოვლენის მიზნით.

2. ამ კონვენციის პრაქტიკული რეალიზაციის მიზნით, მონაწილე სახელმწიფოები განიხილავენ თავიანთ სამართალდამცავ ორგანოებს შორის პირდაპირი თანამშრომლობის შესახებ ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებების და შეთანხმებების დადების, ხოლო ასეთი ხელშეკრულებების და შეთანხმებების არსებობის შემთხვევაში მათში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობას. ასეთი ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების არსებობის შემთხვევაში მონაწილე სახელმწიფოები ამ კონვენციას განიხილავენ, როგორც სამართალდამცავ ორგანოებს შორის თანამშრომლობის საფუძველს იმ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომლებიც გათვალისწინებულია წინამდებარე კონვენციაში საჭიროების შემთხვევაში, მონაწილე სახელმწიფოები თავიანთ სამართალდამცავ ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით სრულად გამოიყენებენ შესაბამის ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, მათ შორის, საერთაშორისო და რეგიონალურ ორგანიზაციებს.

3. მონაწილე სახელმწიფოები შეეცდებიან, თავიანთი შესაძლებლობის ფარგლებში ითანამშრომლონ თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენებით ჩადენილ ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულზე რეაგირების მიზნით.

    მუხლი 28. ორგანიზებული დანაშაულის ხასიათის შესახებ ინფორმაციის შეგროვება, გაცვლა და ანალიზი

1. თითოეული მონაწილე სახელმწიფო განიხილავს შესაძლებლობას, რომ სამეცნიერო და აკადემიურ წრეებთან კონსულტაციების მეშვეობით შეისწავლოს თავის ტერიტორიაზე ორგანიზებული დანაშაულის ტენდენციები, ის პირობები, რომლებშიც ორგანიზებულ დანაშაულს უწევს არსებობა და ამ საქმიანობაში ჩართული პროფესიული ჯგუფები და ტექნოლოგიები.

2. მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განიხილონ ორგანიზებული დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ ცოდნისა და გამოცდილების განვითარებისა და ამ ცოდნის ერთმანეთს შორის საერთაშორისო და რეგიონალური ორგანიზაციების მეშვეობით გაზიარების შესაძლებლობა.

3. თითოეულმა მონაწილე სახელმწიფომ უნდა განიხილოს თავისი პოლიტიკისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ მიღებული ზომების მონიტორინგის, ასევე მათი ეფექტურობის და ხარჯეფექტურობის შეფასების შესაძლებლობა.

    მუხლი 29. კადრების მომზადება და ტექნიკური დახმარება

1. თითოეული მონაწილე სახელმწიფო, საჭიროების მიხედვით, შეიმუშავებს, განავითარებს ან გააუმჯობესებს კონკრეტულ მოსამზადებელ პროგრამებს სამართალდამცავი ორგანოების მუშაკების, მათ შორის,, პროკურორების, გამომძიებლების, საბაჟო ორგანოების თანამშრომლებისა და სხვა პირებისათვის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამ კონვენციით გათვალისწინებული დანაშაულების თავიდან აცილებაზე, გამოვლენასა და აღკვეთაზე. ეს პროგრამები შეიძლება ითვალისწინებდეს თანამშრომლეთა მივლინებებსა და გაცვლას. კერძოდ, რამდენადაც ეს დაშვებულია შიდა კანონმდებლობით, აღნიშნული პროგრამები უნდა ეხებოდეს შემდეგ საკითხებს:

a) ამ კონვენციით გათვალისწინებული დანაშაულების თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის მეთოდები;

b) ამ კონვენციით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში ეჭვმიტანილ პირთა მარშრუტები და მათ მიერ გამოყენებული მეთოდები, მათ შორის, სატრანზიტო ქვეყნებში, და შესაბამისი კონტრ-ღონისძიებები.

c) კონტრაბანდის გადაადგილების კონტროლი;

d) დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლების, ქონების და მოწყობილობების და ამ შემოსავლების, ქონების და მოწყობილობების გადაცემის, დაფარვის ან შენიღბვის სხვა საშუალებების და მეთოდების გამოვლენა და მონიტორინგი (კონტროლი),აგრეთვე ფულის ლეგალიზაციის და სხვა ფინანსური დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდები;

e) მტკიცებულებათა შეგროვება;

f) თავისუფალ სავაჭრო ზონებსა და პორტებში კონტროლის განხორციელების მეთოდები;

g) სამართალდამცავი მიზნებისათვის საჭირო თანამედროვე აღჭურვილობა და მეთოდები, მათ შორის,, ელექტრონული მეთვალყურეობა, კონტროლირებადი მიწოდება და აგენტურული ოპერაციები.

h) კომპიუტერების, სატელეკომუნიკაციო ქსელების ან თანამედროვე ტექნოლოგიის სხვა საშუალებების გამოყენებით ჩადენილი ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდები; და

i) დაზარალებულთა და მოწმეთა დაცვის ხერხები.

2. მონაწილე სახელმწიფოები ერთმანეთს დახმარებას უწევენ კვლევითი და მოსამზადებელი პროგრამების დაგეგმვასა და განხორციელებაში, რომლებიც მიზნად ისახავს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას. საჭიროების შემთხვევაში, ისინი ამავე მიზნით გამართავენ რეგიონალურ და საერთაშორისო კონფერენციებს და სემინარებს თანამშრომლობისა და საერთო ინტერესების საკითხებზე მსჯელობის ხელშეწყობისათვის, მათ შორის, სატრანზიტო ქვეყნების განსაკუთრებულ პრობლემებსა და საჭიროებებზე.

3. მონაწილე სახელმწიფოები ერთმანეთს დახმარებას უწევენ კადრების მომზადებისა და სხვა ტექნიკურ საკითხებში, რაც ხელს შეუწყობს დამნაშავეთა ექსტრადაციას და სამართლებრივ ურთიერთდახმარებას. აღნიშნული დახმარება შეიძლება მოიცავდეს ენის სწავლებას, მივლინებებსა და თანამშრომელთა გაცვლას შესაბამისი ფუნქციების მქონე ცენტრალურ ორგანოებს ან დაწესებულებებს შორის.

4. ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების არსებობის შემთხვევაში, მონაწილე სახელმწიფოები, საჭიროების მიხედვით, გააქტიურებენ ძალისხმევას, რათა მაქსიმალურად აამაღლონ პრაქტიკული და სასწავლო ღონისძიებების ეფექტურობა საერთაშორისო და რეგიონალური ორგანიზაციების და სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებების და ხელშეკრულებების ფარგლებში.

    მუხლი 30. სხვა ზომები: კონვენციის იმპლემენტაცია ეკონომიკური განვითარების და ტექნიკური დახმარების გზით

1. მონაწილე სახელმწიფოები მიიღებენ ამ კონვენციის ოპტიმალური იმპლემენტაციისათვის აუცილებელ ზომებს, რამდენადაც ეს შესაძლებელია, საერთაშორისო თანამშრომლობის გზით და მხედველობაში მიიღებენ ორგანიზებული დანაშაულის უარყოფით გავლენას მთლიანად საზოგადოებაზე და მის მდგრად განვითარებაზე.

2. მონაწილე სახელმწიფოები, რამდენადაც ეს შესაძლებელია, ერთმანეთთან, აგრეთვე საერთაშორისო და რეგიონალურ ორგანიზაციებთან კოორდინირების გზით მიიღებენ კონკრეტულ ზომებს, რომლებიც მიზნად ისახავს:

a) განვითარებად ქვეყნებთან სხვადასხვა დონეზე თანამშრომლობის გააქტიურებას ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის პრევენციისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ამ ქვეყნების შესაძლებლობათა გაძლიერების მიზნით;

b) განვითარებადი ქვეყნების ძალისხმევის მხარადასაჭერად ფინანსური და მატერიალური დახმარების გაფართოებას, რომელიც მიმართული იქნება ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისკენ და ამ ქვეყნების მიერ კონვენციის წარმატებული განხორციელებისაკენ;

c) განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებისათვის ტექნიკური დახმარების აღმოჩენას, რაც შესაძლებლობას მისცემს დააკმაყოფილონ ამ კონვენციის იმპლემენტაციისათვის საჭირო მოთხოვნები. ამ მიზნით, მონაწილე სახელმწიფოები შეეცდებიან, რეგულარულ და ნებაყოფლობით საფუძველზე მოახდინონ თანხჟების გადარიცხვა გაერთიანებული ერების შესაბამისი ფონდის ანგარიშზე. მონაწილე სახელმწიფოებმა ასევე შეიძლება განსაკუთრებული განხილვის საგნად აქციონ მათი შიდა კანონმდებლობით და ამ კონვენციით დადგენილი წესით, აღნიშნულ ანგარიშზე ამ კონვენციის შესაბამისად კონფისკაციაქმნილი თანხების ანდა დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლების ან ქონების შესაბამისი ფულადი ეკვივალენტის ნაწილის გადარიცხვის შესაძლებლობა;

d) საჭიროების მიხედვით, სხვა სახელმწიფოების და ფინანსური დაწესებულებების წახალისებას და დარწმუნებას, რომ ისინი შეუერთდნენ ამ მუხლში აღნიშნულ საერთო ძალისხმევას. კერძოდ, განვითარებადი ქვეყნები უზრუნველყონ კადრების მოსამზადებელი პროგარმებით და თანამედრვოე აღჭურვილობით, რაც დაეხმარება მათ ამ კონვენციის მიზნების მიღწევაში.

3. რამდენადაც ეს შესაძლებელია, ეს ზომები ხელს არ შეუშლის არსებულ საერთაშორისო დახმარების თუ სხვა ფინანსური თანამშრომლობის პროგრამებს ორმხრივ, რეგიონალურ და საერთაშორისო დონეზე.

4. მონაწილე სახელმწიფოებს შეუძლიათ დადონ ორმხრივი ან მრავალმხრივი ხელშეკრულებები ან შეთანხმებები მატერიალურ-ტექნიკური დახმარების შესახებ, რომლის დროსაც მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ფინანსური მხარე, რაც აუცილებელია ამ კონვენციით გათვალისწინებული საერთაშორისო თანამშრომლობის ეფექტურად წარმართვისთვის და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის თავიდან აცილების, გამოვლენისა და კონტროლისათვის.

    მუხლი 31. ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის თავიდან აცილება

1. ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის თავიდან აცილების მიზნით, მონაწილე სახელმწიფოები შეეცდებიან შეიმუშაონ და შეაფასონ ეროვნული პროექტები და ხელი შეუწყონ ამ თვალსაზრისით საუკეთესო პრაქტიკის და პოლიტიკის ჩამოყალიბებას.

2. შიდა კანონმდებლობის ძირითადი პრინციპების დაცვით, მონაწილე სახელმწიფოები საკანონმდებლო, ადმინისტრაციული და სხვა ზომების გამოყენების მეშვეობით შეეცდებიან დამნაშავეთა ორგანიზებულ ჯგუფებს შეუმცირონ ლეგალურ ბაზარზე დანაშაულის გზით მიღებული შემოსავლებით მოქმედების არსებული ან სამომავლო შესაძლებლობები. ეს ზომები კონცენტრირებული უნდა იყოს შემდეგზე:

a) სამართალდამცავ ორგანოებს ან პროკურატურასა და კერძო სამართლის შესაბამის იურიდიულ პირებს, მათ შორის, სამრეწველო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება;

b) ისეთი სტანდარტების და პროცედურების შემუშავება, რომლებიც მიმართული იქნება საზოგადოების წევრების და შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირების კეთილსინდისიერი საქმიანობის დაცვისაკენ, აგრეთვე ცალკეული პროფესიული ჯგუფებისთვის, როგორიცაა იურისტები, ნოტარიუსები, საგადასახადო კონსულტანტები და ბუღალტრები, ქცევის კოდექსების შემუშავება;

c) ხელისუფლების ორგანოების მიერ გამოცხადებული ტენდერების დამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფების მიერ ბოროტად გამოყენების თავიდან აცილება, აგრეთვე ხელისუფლების ორგანოების მიერ სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიების და სუბსიდიების დამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფების მიერ ბოროტად გამოყენების თავიდან აცილება;

d) დამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფების მიერ იურიდიული პირების ბოროტად გამოყენების თავიდან აცილება. ამ მხრივ მიმართული ღონისძიებები შეიძლება იყოს შემდეგი სახის:

i. იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა საჯარო რეესტრის წარმოება, რომლებიც მონაწილეობენ იურიდიული პირების დაფუძნებაში, მართვასა და დაფინანსებაში.

ii. ისეთი წესის შემოღება, რომლის თანახმად, ამ კონვენციით გათვალისწინებული დანაშაულებისთვის მსჯავრდებულ პირებს, სასამართლოს გადაწყვეტილებით და სხვა გზით აეკრძალებათ შესაბამისი მონაწილე სახელმწიფოს ტერიტორიაზე დაფუძნებული იურიდიული პირის დირექტორის თანამდებობის დაკავება გონივრული ვადით;

iii. იმ პირთა ეროვნული რეესტრის შემოღება, რომელთაც აკრძალული აქვთ იურიდიული პირის ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავება; და

iv. ამ პუნქტის (d) (i) და (iii) ქვეპუნქტებში აღნიშნულ რეესტრებში არსებული ინფორმაციის გაცვლა სხვა მონაწილე სახელმწიფოების კომპეტენტურ ორგანოებთან.

3. მონაწილე სახელმწიფოები შეეცდებიან, ხელი შეუწყონ ამ კონვენციით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში მსჯავრდებულ პირთა საზოგადოებაში რეინტეგრაციას.

4. მონაწილე სახელმწიფოები შეეცდებიან, პერიოდულად მოახდინონ არსებული შესაბამისი იურიდიული დოკუმენტების და ადმინისტრაციული პრაქტიკის შეფასება, რათა გამოვლინდეს, თუ რამდენად დაუცველია ისინი დამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფის მიერ ბოროტად გამოყენების შესაძლებლობებისაგან.

5. მონაწილე სახელმწიფოები შეეცდებიან აამაღლონ საზოგადოების ცოდნა ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის არსებობის, მიზეზების, სიმძიმის და მის მიერ გამოწვეული საფრთხის შესახებ. საჭიროების მიხედვით, ასეთი ინფორმაცია შეიძლება გავრცელდეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მეშვეობით და უნდა ასახავდეს, თუ რა ზომების მიღება არის შესაძლებელი საზოგადოების ჩასაბმელად აღნიშნული დანაშაულის თავიდან აცილებასა და მის წინააღმდეგ ბრძოლაში.

6. თითოეული მონაწილე სახელმწიფო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მდივანს აცნობებს იმ ორგანოს ან ორგანოების სახელწოდებას და მისამართს, რომელთაც შეუძლიათ დახმარება გაუწიონ სხვა მონაწილე სახელმწიფოებს ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის თავიდან აცილებისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების შემუშავებაში.

7. საჭიროების მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ითანამშრომლებენ ერთმანეთთან და შესაბამის საერთაშორისო და რეგიონალურ ორგანიზაციებთან ამ მუხლში აღნიშნული ზომების შემუშავებასა და განხორციელებაში. ეს თანამშრომლობა მოიცავს ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის თავიდან აცილებისაკენ მიმართულ საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობას, რომლებიც, მაგალითისათვის, შეიძლება შეეხებოდეს პირობების გაუმჯობესებას იმ სოციალურად დაუცველი ჯგუფებისათვის, რომლებიც მოწყვლადი არიან ტრანსნაციოანალური ორგანიზებული დანაშაულის მიმართ.

    მუხლი 32. კონვენციის მონაწილეთა კონფერენცია

1. წინამდაბარე კონვენციის საფუძველზე იქმნება კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა კონფერენცია, რომლის მიზანია მონაწილე სახელმწიფოების ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესაძლებლობების გაზრდა, აგრეთვე, ამ კონვენციის იმპლემენტაციის ხელშეწყობა და იმპლემენტაციის მიმდინარეობის განხილვა.

2. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი მონაწილეთა კონფერენციას იწვევს ამ კონვენციის ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს ერთი წლისა. მონაწილეთა კონფერენცია იღებს რეგლამენტს და ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობის მარეგულირებელ წესებს (მათ შორის, წესებს ამ საქმიანობისათვის გაწეული ხარჯების გადახდის შესახებ).

3. მონაწილეთა კონფერენციამ უნდა მიაღწიოს შეთანხმებას ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნების მიღწევის მექანიზმების შესახებ, მათ შორის,:

a) ამ კონვენციის 29-ე, 3,-ე და 31-ე მუხლებით გათვალისწინებული მონაწილე სახელმწიფოთა საქმიანობის ხელშეწყობა, მათ შორის, ნებაყოფლობითი შენატანების მობილიზაციის გზით;

b) ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის ფორმებისა და ტენდენციების, აგრეთვე მასთან წარმატებული ბრძოლის ხერხების შესახებ მონაწილე სახელმწიფოთა შორის ინფორმაციის გაცვლის ხელშეწყობა;

c) შესაბამის საერთაშორისო და რეგიონალურ ორგანიზაციებთან და არასამთავრობო ორგანიზაცებთან თანამშრომლობა;

d) კონვენციის იმპლემენტაციის მიმდინარეობის პერიოდული განხილვა;

e) ამ კონვენციისა და მისი იმპლემენტაციის გაუმჯობესების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის (d) და (e) ქვეპუნქტების მიზნებისათვის, მონაწილეთა კონფერენცია მოიპოვებს მონაწილე სახელმწიფოების მიერ ამ კონვენციის განსახორციელებლად მიღებული ზომების და მათ წინაშე ამ თვალსაზრისით არსებული სიძნელეების შესახებ აუცილებელ ცოდნას მონაწილე სახელმწიფოების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე და განხილვის იმ დამატებითი მექანიზმების მეშვეობით, რომლებიც შეიძლება დაადგინოს მონაწილეთა კონფერენციამ.

5. თითოეული მონაწილე სახელმწიფო, მონაწილეთა კონფერენციის მოთხოვნით, წარუდგენს მას ამ კონვენციის იმპლემენტაციასთან დაკავშირებულ პროგრამებს, გეგმებს და მეთოდებს, აგრეთვე საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ზომების აღწერას.

    მუხლი 33. სამდივნო

1. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მდივანი უზრუნველყოფს კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების კონფერენციას აუცილებელი სამდივნო მომსახურებით.

2. სამდივნო:

a) მონაწილეთა კონფერენციას დახმარებას გაუწევს ამ კონვენციის 32-ე მუხლით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებაში და მოაგვარებს მონაწილეთა კონფერენციის სხდომებთან დაკავშირებულ ტექნიკურ და სხვა სახის მომსახურების საკითხებს;

b) მონაწილე სახელმწიფოებს, მათი თხოვნით, დახმარებას გაუწევს მონაწილეთა კონფერენციისთვის ამ კონვენციის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდებაში; და

c) უზრუნველყოფს სხვა შესაბამისი საერთაშორისო და რეგიონალური ორგანიზაციების სამდივნოებთან აუცილებელ კოორდინაციას;

    მუხლი 34. კონვენციის იმპლემენტაცია

1. თითოეული მონაწილე სახელმწიფო, თავისი შიდა კანონმდებლობის ძირითადი პრინციპების შესაბამისად, მიიღებს ზომებს, მათ შორის, საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომებს, რომლებიც აუცილებელია ამ კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად.

2. მონაწილე სახელმწიფოებმა ამ კონვენციის მე-5, მე-6, მე-8 და 23-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები თავიანთ შიდა კანონმდებლობაში უნდა გაითვალისწინონ მათი ტრანსნაციონალური ხასიათის და დამნაშავეთა ორგანიზებულ ჯგუფთან კავშირისაგან დამოუკიდებლად, როგორც ეს მითითებულია წინამდებარე კონვენციის მე-3 მუხლის პირველ პუნქტში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კონვენციის მე-5 მუხლი დანაშაულის სავალდებულო ელემენტად აწესებს დამნაშავეთა ორგანიზებულ ჯგუფთან კავშირს.

1. ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის თავიდან აცილებისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, თითოეულ მონაწილე სახელმწიფოს შეუძლია მიიღოს უფრო მკაცრი ან მძიმე ზომები, ვიდერ ამ კონვენციითაა გათვალისწინებული.

    მუხლი 35 დავების გადაწყვეტა

1. მონაწილე სახელმწიფოები შეეცდებიან, ამ კონვენციის ინტერპრეტაციასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავა გადაწყვიტონ მოლაპარაკების გზით.

2. ამ კონვენციის ინტერპრეტაციასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა ორ ან მეტ მონაწილე სახელმწიფოს შორის, რომელიც ვერ გადაწყდა მოლაპარაკების გზით დროის გონივრულ ვადაში, ერთ-ერთი მონაწილე სახელმწიფოს მოთხოვნით, გადაეცემა არბიტრაჟს. თუ არბიტრაჟის მიერ დავის განხილვის მოთხოვნიდან ექვსი თვის განმავლობაში მონაწილე სახელმწიფოები ვერ შეთანხმდებიან არბიტრაჟის ორგანიზებაზე. ამ მონაწილე სახელმწიფოებიდან ნებისმიერს შეუძლია დავა განსახილველად გადასცეს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს ამ სასამართლოს წესდებით გათვალისწინებული წესით.

3. ამ კონვენციის ხელმოწერის, რატიფიკაციის, მიღების, დამკიცების ან მასთან მიერთებისას, თითოეულ მონაწილე სახელმწიფოს შეუძლია განაცხადოს, რომ იგი არ აღიარებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის სავალდებულოობას. სხვა მონაწილე სახელმწიფოებისათვის ამ მუხლის მე-2 პუნქტი არ იქნება სავალდებულო იმ მონაწილე სახელმწიფოსთან მიმართებაში, რომელმაც გააკეთა აღნიშნული დათქმა.

4. ნებისმიერ მონაწილე სახელმწიფოს, რომელმაც გააკეთა დათქმა ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, შეუძლია ეს დათქმა გააუქმოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნისათვის შესაბამისი შეტყობინების გაგზავნის გზით.

    მუხლი 36. ხელმოწერა, რატიფიკაცია, მიღება, დამტკიცება და მიერთება

1. ეს კონვენცია ყველა სახელმწიფოსათვის ხელმოსაწერად ღიაა 2000 წლის 12-დან 15 დეკემბრამდე იტალიის ქალაქ პალერმოში, ხოლო შემდგომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბბინაში, ქალაქ ნიუ-იურკოში, 2002 წლის 12 დეკემბრამდე.

2. ეს კონვენციას ასევე ღიაა ხელმოსაწერად ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალური ორგანიზაციებისათვის იმ პირობით, რომ ასეთი რეგიონალური ორგანიზაცისი ერთ წევრ სახელმწიფოს მაინც აქვს ეხლი მოწერილი ამ კონვენციაზე ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესით.

3. ეს კონვენცია ექვემდებარეა რატიფიკაციას, მიღებას ან დამტკიცებას.რატიფიკაციის სიგელი, მიღების ან დამტკიცების დოკუმენტები დეპონირდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან. ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონულ ორგანიზაციას შეუძლია მოახდინოს თავისი რატიფიკაციის სიგელის, მიღების ან დამტკიცების დოკუმენტის დეპონირება, თუ მისმა ერთმა წევრმა სახელმწიფომ მაინც მოახდინა აღნიშნული დოკუმენტის დეპონირება. რატიფიკაციის სიგელის, მიღების ან დამტკიცების დოკუმენტში ასეთმა ორგანიზაციამ უნდა განსაზღვროს თავისი კომპეტენციის ფარგლები ამ კონვენციით გათვალისწინებულ საკითხებთან მიმართებაში. აღნიშნულმა ორგანიზაციამ ასევე დეპოზიტარს უნდა შეატყობინოს თავისი კომპეტენციის ფარგლებში მომხდარი ნებისმიერი ცვლილების შესახებ.

4. ეს კონვენცია მიერთებისთვის ღიაა ყველა სახელმწიფოსათვის ან ეკონომიკური ინტეგრაციის იმ რეგიონული ორგანიზაციისთვის, რომლის ერთი წევრი მაინც არის ამ კონვენციის მონაწილე სახელმწიფო. მიერთების შესახებ დოკუმენტი დეპონირდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან; მიერთების დროს, ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონულმა ორგანიზაციამ უნდა განსაზღვროს თავისი კომტენციის ფარგლები ამ კონვენციით გათვალისწინებულ საკითხებთან მიმართებაში. აღნიშნულმა ორგანიზაციამ ასევე დეპოზიტარს უნდა შეატყობინოს თავისი კომპეტენციის ფარგლებში მომხდარი ნებისმიერი ცვლილების შესახებ.

    მუხლი 37. დამოკიდებულება ოქმებთან

1. ამ კონვენციას შეიძლება დაემატოს ერთი ან რამდენიმე ოქმი.

2. იმისათვის, რომ ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალური ორგანიზაცია გახდეს ოქმის მონაწილე, ის უნდა იყოს ამ კონვენციის მონაწილეც.

3. ამ კონვენციის მონაწილე სახელმწიფოსთვის ოქმი არ იქნება სავალდებულო, თუ იგი არ გახდება ოქმის მონაწილე მასში დადგენილი წესით.

4. ამ კონვენციის ნებისმიერი ოქმი უნდა განიმარტოს კონვენციასთან ერთობლიობაში, ამ ოქმის მიზნების გათვალისწინებით.

    მუხლი 38. ძალაში შესვლა

1. ეს კონვენცია ძალაში შედის მე-40 სარატიფიკაციო სიგელის, მიღების, დამტკიცების ან მიერთების დოკუმენტის დეპონირებიდან 90-ე დღეს. ამ პუნქტის მიზნებისათვის, ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალური ორგანიზაციის მიერ დეპონირებული არცერთი დოკუმენტი არ ჩაითვლება ამ ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების მიერ დეპონირებული დოკუმენტების დანამატად.

2. ყოველი სახელმწიფოსთვის ან ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალური ორგანიზაციისათვის, რომელმაც მოახდინა ამ კონვენციის რატიფიცირება, მიღება, დამტკიცება ან მიუერთდა მას მე-40 დოკუმენტის დეპონირების შემდეგ, ეს კონვენცია ძალაში შევა ამ სახელმწიფოს ან ორგანიზაციის მიერ შესაბამისი დოკუმენტის დეპონირებიდან 30-ე დღეს.

    მუხლი 39. ცვლილებები

1. ამ კონვენციის ძალაში შესვლიდან 5 წლის შემდეგ მონაწილე სახელმწიფოს შეუძლია წარმოადგინოს წინადადება ცვლილების შეტანის შესახებ და გადასცეს იგი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, რომელიც ამ წინადადებას განსახილველად და გადაწყვეტილების მისაღებად გაუგზავნის მონაწილე სახელმწიფოებს და კონვენციის მონაწილეთა კონფერენციას. მონაწილეთა კონფერენცია ყოველმხრივ უნდა ეცადოს, რომ თითოეულ ცვლილების პროექტზე მიღწეულ იქნეს კონსენსუსი. თუ კონსენსუსის მიღწევის ყველა საშუალება ამოიწურა და შეთანხმება მაინც ვერ მოხერხდა, მაშინ უკიდურესი საშუალების სახით, ცვლილების მიღებისათვის საჭიროა მონაწილეთა კონფერენციაზე დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე სახელმწიფოთა ხმების ორი მესამედი.

2. ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალურ ორგანიზაციებს, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, შეუძლიათ კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღონ იმდენი ხმით, ამ კონვენციის რამდენი მონაწილე სახელმწიფოც არის მათი წევრი.ამ ორგანიზაციებს არ შეუძლიათ ხმის მიეცემა, თუ ხმის მიცემის უფლებას ახორციელებს მათი წევრი სახელმწიფო და პირიქით.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესით მიღებული ცვლილება ექვემდებარება რატიფიკაციას, მიღებას ან დამტკიცებას მონაწილე სახელმწიფოების მიერ.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესით მიღებული ცვლილება მონაწილე სახელმწიფოსათვის ძალაში შედის მის მიერ ამ ცვლილების რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცების დოკუმენტის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან დეპონირებიდან 90-ე დღეს.

5. ძალაში შესვლის შემდეგ ცვლილება სავალდებულოა იმ მონაწილე სახელმწიფოებისათვის, რომლებმაც გამოთქვეს თანხმობა მათთვის ამ ცვლილების სავალდებულოობაზე. სხვა მონაწილე სახელმწიფოებისათვის ამ კონვენციის დებულებები და მათ მიერ ადრე რატიფიცირებული, მიღებული ან დამტკიცებული ცვლილება რჩება სავალდებულო.

    მუხლი 40. დენონსაცია

1. მონაწილე სახელმწიფოს შეუძლია მოახდინოს ამ კონვენციის დენონსაცია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნისათვის წერილობითი შეტყობინების გზით. დენონსაცია ძალაში შედის გენერალური მდივნის მიერ შეტყობინების მიღებიდან ერთი წლის შემდეგ.

2. ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონული ორგანიზაცია წყვეტს ამ კონვენციის წევრობას, თუ ამ ორგანიზაციის ყველა წევრმა სახელმწიფომ მოახდინა კონვენციის დენონსაცია.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით ამ კონვენციის დენონსაცია გამოიწვევს მისი ყველა ოქმის დენონსაციას.

    მუხლი 41. დეპოზიტარი და ენები

1. ამ კონვენციის დეპოზიტარად ინიშნება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი.

2. ამ კონვენციის დედანი, რომლის ინგლისური, არაბული, ესპანური, ჩინური, რუსული და ფრანგული ტექსტები არის თანაბრად ავთენტური, დეპონირდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან.

რის დასადასტურებლადაც ქვემორე ხელისმომწერნი, თავიანთი მთავრობებისგან უფლებამოსილი და სრულუფლებიანი წარმომადგენლები, ხელს აწერენ წინამდებარე კონვენციას.