შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და შვეიცარიის ფედერალურ საბჭოს შორის ქვეყანაში უნებართვოდ მყოფი პირების რეადმისიის შესახებ

  • Word
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და შვეიცარიის ფედერალურ საბჭოს შორის ქვეყანაში უნებართვოდ მყოფი პირების რეადმისიის შესახებ
დოკუმენტის ნომერი
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 08/04/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 15/11/2005
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.000564
  • Word
08/04/2005
გაურკვეველი, -, 15/11/2005
480610000.03.030.000564
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და შვეიცარიის ფედერალურ საბჭოს შორის ქვეყანაში უნებართვოდ მყოფი პირების რეადმისიის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

შეთანხმება

საქართველოს მთავრობასა და შვეიცარიის ფედერალურ საბჭოს შორის ქვეყანაში უნებართვოდ მყოფი პირების რეადმისიის შესახებ

საქართველოს მთავრობა და შვეიცარიის ფედერალური საბჭო შემდგომში ,,ხელშემკვრელ მხარეებად” წოდებულნი,

გამოთქვამენ რა სოლიდარობისა და თანამშრომლობის შენარჩუნებისა და განმტკიცების სურვილს;

გამოხატავენ რა მზადყოფნას მიიღონ ზომები უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ;

აქვთ რა სურვილი ხელი შეუწყონ იმ პირთა რეადმისიას, რომლებიც უნებართვოდ იმყოფებიან ქვეყანაში;

შეთანხმდნენ შემდეგზე:

    მუხლი 1. განსაზღვრებები

წინამდებარე შეთანხმებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

,,მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარე” ნიშნავს ერთ-ერთ ხელშემკვრელ მხარეს, რომელიც მიმართავს თხოვნით მეორე ხელშემკვრელ მხარეს იმ პირის რეადმისიასთან დაკავშირებით, რომელიც უნებართვოდ იმყოფება მისი სახელმწიფოს ტერიტორიაზე;

,,მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარე” ნიშნავს ერთ-ერთ ხელშემკვრელ მხარეს, რომელიც იღებს მოთხოვნას მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარისაგან იმ პირის რეადმისიასთან დაკავშირებით, რომელიც უნებართვოდ იმყოფება მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე;

,,უცხოელი” ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელსაც გააჩნია ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეობა, გარდა საქართველოსი ან შვეიცარიისა, ან რომელსაც გააჩნია მოქალაქეობა;

,,ცხოვრების ნებართვა” ნიშნავს ხელშემკვრელი მხარის უფლებამოსილი ორგანოების მიერ გაცემულ ცხოვრების იმ მოქმედ ნებართვას, რომელზეც მითითებულია ოქმში შეთანხმების განხორციელების შესახებ. ცხოვრების ნებართვა არ წარმოადგენს ვიზას, არ იძლევა ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე დარჩენის შესაძლებლობას თავშესაფრის მიღებასთან დაკავშირებით წარდგენილი განცხადების განხილვის პერიოდში და ასევე არ წარმოადგენს ცხოვრების ნებართვას ქვეყნიდან გაძევების პროცედურის განხორციელების განმავლობაში.

    მუხლი 2. საკუთარ მოქალაქეთა რეადმისია

(1) თითოეული ხელშემკვრელი მხარე მეორე ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნით და ფორმალობების გარეშე განახორციელებს ნებისმიერი იმ პირის რეადმისიას, რომელიც არ ან აღარ აკმაყოფილებს მოთხოვნის წარმგდენი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე შესვლის ან ცხოვრების მოთხოვნებს, იმ პირობით, თუ შეთანხმების განხორციელების შესახებ ოქმის შესაბამისად დამტკიცებულია ან ივარაუდება, რომ ამ პირს გააჩნია მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეობა. იგივე ვრცელდება იმ პირებზე, რომლებმაც დაკარგეს მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეობა მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე შესვლის შემდგომ.

(2) მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნით მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარე დაუყოვნებლივ გასცემს რეპატრიაციისათვის საჭირო სამგზავრო დოკუმენტაციას იმ პირებზე, რომლებიც ექვემდებარებიან რეადმისიას.

(3) მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარე განახორციელებს ასეთი პირის რეადმისიას კვლავ თავის ტერიტორიაზე იმავე პირობებში, თუ მოგვიანებით ჩატარებული შემოწმების შედეგად გამოაშკარავდება, რომ ამ პირს ფაქტობრივად არ გააჩნდა მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეობა, მაშინ როდესაც მან დატოვა მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორია.

    მუხლი 3. უცხოელთა რეადმისია

(1) თითოეული ხელშემკვრელი მხარე მეორე ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნით და ფორმალობების გარეშე განახორციელებს თავის ტერიტორიაზე ნებისმიერი იმ უცხოელის რეადმისიას, რომელიც აღარ აკმაყოფილებს მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე შესვლის ან ცხოვრების მოთხოვნებს და რომელსაც მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე შესვლის მომენტში გააჩნდა მოქმედი ცხოვრების ნებართვა ან სარგებლობდა ლტოლვილის სტატუსით.

(2) მიუხედავად ზემოთ თქმულისა, მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარე მოგვიანებით განახორციელებს თავის ტერიტორიაზე პირველ პუნქტში მითითებული უცხოელის რეადმისიას, თუ დამტკიცდება, რომ მას არ გააჩნდა ცხოვრების მოქმედი ნებართვა ან არ სარგებლობდა ლტოლვილის სტატუსით მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე შესვლის დროს.

    მუხლი 4. ვადები

(1) მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარე რეადმისიის მოთხოვნას უპასუხებს გაჭიანურების გარეშე და არაუგვიანეს ოცდაათი დღის განმავლობაში.

(2) მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარე მიიღებს ყველა სახის აუცილებელ ზომას ნებისმიერი იმ პირის დაუყოვნებლივ და არაუმეტეს ორმოცდახუთი დღის ვადაში დაბრუნების მიზნით, რომლის რეადმისიაც შეთანხმებულია. მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის სურვილის შემთხვევაში ეს ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს იმდენი ხნით, რამდენი ხნითაც ეს აუცილებელია იურიდიული მოთხოვნების ან პრაქტიკული ხასიათის სირთულეების გადასაწყვეტად. თითოეული ხელშემკვრელი მხარის უფლებამოსილი ორგანოები შეათანხმებენ გადაცემის საბოლოო თარიღს წერილობით და წინასწარ.

(3) იმ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ უცხოელი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე უკანონოდ ცხოვრობდა უწყვეტად ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ამ ხელშემკვრელ მხარეს აღარ შეუძლია რეადმისიის მოთხოვნის წარდგენა.

    მუხლი 5. ტრანზიტი

(1) თითოეული ხელშემკვრელი მხარე მეორე ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნით გასცემს უცხოელთა ტრანზიტის ნებართვას შესაბამისი ორგანოების ზედამხედველობის ქვეშ (შემდგომში ,,ტრანზიტი”), იმ პირობით, თუ გარანტირებულია შეშვება სხვა სატრანზიტო ქვეყნებში და დანიშნულების ქვეყანაში. ასეთ შემთხვევაში, მოთხოვნის მიმღებ ხელშემკვრელ მხარეს არ სჭირდება სატრანზიტო ვიზის გაცემა.

(2) უცხოელთა ტრანზიტი 1-ლი პუნქტის შესაბამისად არ შეიძლება მოთხოვნილ იქნეს ან მასზე ითქმება უარი:

(a) თუ არსებობს საკმარისი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ დანიშნულების ქვეყანაში ან ტრანზიტის ნებისმიერ ქვეყანაში პირს ემუქრება არაადამიანური მოპყრობა ან სიკვდილით დასჯა; მის სიცოცხლეს, ფიზიკურ ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ემუქრება საფრთხე მისი მოქალაქეობის, აღმსარებლობის, რასობრივი კუთვნილების ან პოლიტიკური მრწამსის საფუძველზე; ან

(b) თუ პირს ელოდება სისხლისსამართლებრივი დევნა ან სასჯელის აღსრულება მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, ტრანზიტის ქვეყანაში ან დანიშნულების ქვეყანაში; ან

(c ) ჯანდაცვის, უსაფრთხოების, საჯარო წესრიგის ან მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის სხვა სახელმწიფოებრივი ინტერესების გათვალისწინებით.

(3) ტრანზიტზე მოთხოვნის წარდგენა და მასზე პასუხის გაცემა განხორციელდება წერილობითი ფორმით უშუალოდ საქართველოს იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებსა და შვეიცარიის კონფედერაციის იუსტიციისა და პოლიციის ფედერალურ დეპარტამენტს შორის. მოთხოვნის ფორმა და შინაარსი მოცემულია ოქმში წინამდებარე შეთანხმების განხორციელების შესახებ.

(4) თუ მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარე უარს იტყვის ტრანზიტის მოთხოვნაზე იმ მოტივით, რომ 1-ლი პუნქტში მითითებული მოთხოვნები არ არის შესრულებული ან იმის გამო, რომ მოქმედებს მე-2 პუნქტში მითითებული პირობები, ის მოთხოვნის წარმდგენ ხელშემკვრელ მხარეს თავისი გადაწყვეტილების საფუძვლის შესახებ შეატყობინებს წერილობით. მაშინაც კი, თუ მოთხოვნის წარმდგენმა ხელშემკვრელმა მხარემ მიიღო წინასწარი გარანტიები, ნებისმიერი პირი, რომელიც გაიგზავნა ტრანზიტით, შეიძლება დაბრუნებულ იქნეს, თუ მოგვიანებით გაირკვევა, რომ 1-ლი პუნქტში მითითებული მოთხოვნები არ არის შესრულებული ან იმის გამო, რომ მოქმედებს მე-2 პუნქტში მითითებული პირობები. ასეთ შემთხვევაში, მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარე განახორციელებს პირის რეადმისიას.

    მუხლი 6. მონაცემთა დაცვა

(1) თუ პირად მონაცემთა გადაცემა ხდება წინამდებარე შეთანხმების განხორციელების მიზნით, ასეთი მონაცემები შეგროვებულ და დაცული უნდა იქნეს ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად. კერძოდ, დაცულ იქნება შემდეგი პრინციპები:

(a) მონაცემთა მიმღები ხელშემკვრელი მხარე გამოიყენებს მონაცემებს მხოლოდ წინამდებარე შეთანხმებაში მითითებული მიზნებისათვის და იმ პირობების დაცვით, რომლებიც დადგენილია მონაცემთა გადამცემი ხელშემკვრელი მხარის მიერ.

(b) მოთხოვნის შემთხვევაში, მონაცემთა მიმღები ხელშემკვრელი მხარე მონაცემთა გადამცემ ხელშემკვრელ მხარეს მიაწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ მოხდება მონაცემთა გამოყენება;

(c) პირადი მონაცემები შესაძლებელია გადაეცეს და გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ უფლებამოსილი ორგანოების მიერ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან წინამდებარე შეთანხმების განხორციელებაზე. მონაცემთა გადამცემი ხელშემკვრელი მხარე ვალდებულია გასცეს თავისი წერილობითი თანხმობა მანამ, სანამ მოხდება ამ მონაცემთა შემდგომი მიწოდება სხვა ორგანოებისათვის;

(d) მონაცემთა გადამცემი ხელშემკვრელი მხარე უზრუნველყოფს, რომ გადაცემული მონაცემები იყოს ზუსტი, აუცილებელი და არ აღემატებოდეს იმ მიზნებს, რისთვისაც მოხდა მათი გადაცემა. მონაცემთა გადამცემი ხელშემკვრელი მხარე შეასრულებს თავისი კანონმდებლობით გათვალისწინებულ იმ შეზღუდვებს, რომლებიც მოქმედებს მონაცემთა გადაცემასთან დაკავშირებით. მონაცემთა უზუსტობის ან უკანონოდ გადაცემის შემთხვევაში, მონაცემთა მიმღებ ხელშემკვრელ მხარეს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ამის შესახებ, რათა შეასწოროს ან გაანადგუროს ასეთი მონაცემები;

(e) მოთხოვნის შემთხვევაში, მონაცემთა გადაცემის შესახებ ინფორმაცია მიეწოდებათ იმ პირებს, რომლებსაც შეეხებათ ეს მონაცემები. ამ პირებს ასევე ეცნობებათ მონაცემთა გამოყენების მიზანი, იმ ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო კანონმდებლობის შესაბამისად, რომლისგანაც გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია;

(f) გადაცემული პირადი მონაცემები ექვემდებარება შენახვას იმ ვადით, რომელიც საჭიროა იმ მიზნების შესრულებისათვის, რისთვისაც მოხდა მათი გადაცემა. თითოეული ხელშემკვრელი მხარე შესაბამის დამოუკიდებელ ორგანოს მიანიჭებს შენახული მონაცემების დამუშავებასა და გამოყენებაზე კონტროლის განხორციელების უფლებამოსილებას;

(g) თითოეული ხელშემკვრელი მხარე ვალდებულია წერილობითი ფორმით აღნუსხოს პირად მონაცემთა გადაცემა და მიღება. თითოეული ხელშემკვრელი მხარე უზრუნველყოფს გადაცემული პირადი მონაცემების დაცვას უნებართვოდ გამოყენების, შეცვლის ან გამჟღავნებისაგან.

(2) პირთა რეადმისიასთან დაკავშირებით გადაცემული პირადი მონაცემები შესაძლებელია მოიცავდეს მხოლოდ შემდეგს:

 (a) ცნობები იმ პირის შესახებ, რომელიც ექვემდებარება გადაცემას და საჭიროების შემთხვევაში ცნობები ამ პირის ოჯახის წევრების შესახებ (გვარი, სახელი, ნებისმიერი ადრინდელი სახელი, მეტსახელები ან ფსევდონიმები, მოგონილი სახელი, დაბადების თარიღი და ადგილი, სქესი, ამჟამინდელი და ადრინდელი მოქალაქეობა);

(b) პირადობის მოწმობა, პასპორტი, პირადობის დამადასტურებელი სხვა საბუთები ან სამგაზვრო დოკუმენტაცია, საშვი (Laissez-passer) ან დასახელებული დოკუმენტაციის ასლები (ნომერი, მოქმედების ვადა, გაცემის თარიღი, გამცემი ორგანო, გაცემის ადგილი და სხვა);

(c) სხვა დეტალები, როგორებიცაა თითის ანაბეჭდები და ფოტოსურათები, რომლებიც საჭიროა იმ პირის ამოსაცნობად, რომელიც ექვემდებარება გადაცემას, ან საჭიროა იმისათვის, რომ შემოწმდეს ხომ არ დარღვეულა წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული რეადმისიის პირობები;

(d) გაჩერების ადგილები და მარშრუტები.

    მუხლი 7. ხარჯები

რეადმისიასა და ტრანზიტთან დაკავშირებით წარმოშობილი ყველა სახის სატრანსპორტო და ადმინისტრაციული ხარჯები მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის ან საბოლოო დანიშნულების ქვეყნის საზღვრამდე დაიფარება მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის მიერ.

    მუხლი 8. შეთანხმების განხორციელებასთან დაკავშირებული დებულებები

(1) ხელმოწერის თარიღიდან 30 დღის განმავლობაში ხელშემკვრელი მხარეები ერთამენთს აცნობებენ შეთანხმების განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანოსა და მისი მისამართის შესახებ და მიაწვდიან ერთმანეთს შესვლისა და გასვლის იმ პუნქტების სიას, რომელთა გავლითაც უნდა განხორციელდეს რეადმისია და ტრანზიტი.

(2) ხელშემკვრელი მხარეები დაუყოვნებლივ აცნობებენ ერთმანეთს დიპლომატიური არხების საშუალებით წინამდებარე მუხლის 1-ლი პუნქტთან დაკავშირებული ცვლილებების შესახებ.

(3) წინამდებარე შეთანხმების განხორციელებასთან დაკავშირებული პროცედურები, კერძოდ:

a) ინფორმაციის გაცვლისა და რეადმისიის განხორციელების პროცედურები;

b) რეადმისიის განხორციელებისათვის საჭირო დოკუმენტაცია და ინფორმაცია;

c) ხარჯების ანაზღაურების მეთოდი წინამდებარე შეთანხმების მე-7 მუხლის შესაბამისად.

წარმოდგენილია წინამდებარე შეთანხმების ოქმში, რომელიც შეთანხმების განუყოფელ ნაწილს შეადგენს.

(4) ოქმში შესული ცვლილებები შეთანხმებული უნდა იქნეს საქართველოს იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებსა და შვეიცარიის კონფედერაციის იუსტიციისა და პოლიციის ფედერალურ დეპარტამენტს შორის.

    მუხლი 9. ეფექტური თანამშრომლობის პრინციპები

(1) ხელშემკვრელი მხარეები დახმარებას გაუწევენ ერთმანეთს წინამდებარე შეთანხმების ინტერპტრეტაციასა და გამოყენებაში.

(2) რეადმისიის ან ტრანზიტის პროცედურათა გამარტივების მიზნით ისინი დაეხმარებიან ერთმანეთს იმ პირთა მოქალაქეობის დადგენაში, რომლებმაც უნდა დატოვონ ქვეყანა და რეგულარულად მიაწვდიან ერთმანეთს ინფორმაციას უცხოელებთან დაკავშირებით არსებული საიმიგრაციო მოთხოვნების შესახებ.

(3) წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული თანამშრომლობის ფარგლებში ორივე ხელშემკვრელი მხარე მონაწილეობას მიიღებს ინფორმაციის გაცვლასა და მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით გამართულ დიალოგში.

(4) წინამდებარე შეთანხმების განმარტებასთან, გამოყენებასთან ან განხორციელებასთან დაკავშირებით წარმოშობილი ნებისმიერი სადავო საკითხი გადაწყდება ხელშემკვრელ მხარეთა უფლებამოსილ ორგანოებს შორის ორმხრივი კონსულტაციებისა და შეხედულებათა გაზიარების გზით როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით.

    მუხლი 10. ოპერატიული თანამშრომლობა

ხელშემკვრელი მხარეები თავიანთი შესაძლებლობებისა და რესურსების ფარგლებში დახმარებას გაუწევენ ერთმანეთს შემდეგ სფეროში:

a) ინფორმაციის გაცვლა და პროგრამებისა და სამოქმედო გეგმების განსაზღვრა, ტექნიკური დახმარებისა და ოპერატიული თანამშრომლობის პროგრამების ჩათვლით;

b) უფლებამოსილ ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება ადამიანებით ვაჭრობისა და ტრეფიკინგის, ბავშვთა უფლებებისა და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის სფეროებში;

c) თანამშრომლობა საქართველოში დაბრუნებულ პირთა რეინტეგრაციის მიზნით;

d) რეგულარული მიგრაციის მართვის შესაძლებლობათა გაუმჯობესება, კერძოდ, არარეგულარული მიგრაციის შეზღუდვის მიზნით.

    მუხლი 11. ექსპერტთა შეხვედრები

წინამდებარე შეთანხმების დებულებათა განხორციელების მიზნით ორგანიზებულ იქნება ექსპერტთა შეხვედრები, რომლებსაც დაესწრებიან ორივე ხელშემკვრელი მხარის წარმომადგენლები, ასეთი შეხვედრები ჩატარდება ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნით.

    მუხლი 12. სხვა ვალდებულებები

წინამდებარე შეთანხმება არ ზღუდავს ხელშემკვრელ მხარეთა სხვა ვალდებულებებს, რომლებიც მათ ეკისრებათ საერთაშორისო სამართლის საფუძველზე, კერძოდ, იმ ვალდებულებებს, რომლებიც გათვალისწინებულია საერთაშორისო შეთანხმებებით ადამიანის უფლებათა დაცვის, ლტოლვილთა იურიდიული სტატუსის, ასევე ექსტრადიციის, რეადმისიის ან ტრანზიტის შესახებ.

    მუხლი 13. მოქმედების შეჩერება

თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს მეორე ხელშემკვრელ მხარესთან კონსულტაციის შემდეგ, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ მოქმედება შეუჩეროს წინამდებარე შეთანხმების დებულებებს საჯარო წესრიგის, ჯანდაცვის ან უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე. მოქმედების შეჩერების შესახებ დაუყოვნებლივ წერილობით ეცნობება მეორე ხელშემკვრელ მხარეს.

    მუხლი 14. გავრცელება

წინამდებარე შეთანხმება ვრცელდება ასევე ლიხტენშტეინის სამთავროს ტერიტორიასა და ლიხტენშტეინის სამთავროს მოქალაქეებზე.

    მუხლი 15. ძალაში შესვლა და მოქმედების შეწყვეტა

(1) წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის იმ ბოლო შეტყობინების მიღების დღეს, რომლის საშუალებითაც ხელშემკვრელი მხარეები ერთმანეთს ატყობინებენ ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდა იურიდიული პროცედურების დასრულების შესახებ.

(2) თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმების მოქმედება ნებისმიერ დროს მეორე მხარისათვის წერილობითი შეტყობინების მიწოდების გზით. ამ შემთხვევაში, შეთანხმება შეწყვეტს მოქმედებას ასეთი შეტყობინების მიღებიდან 30 დღის შემდეგ.

შესრულებულია ქ. ჰელსინკში, 2005 წლის 08 აპრილს, ორ ნამდვილ პირად, თითოეული ქართულ და ინგლისურ ენებზე, წინამდებარე შეთანხმების განმარტების დროს რაიმე განსხვავების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ინგლისურ ტექსტს.

საქართველოს მთავრობის სახელით

(ხელმოწერილია)

შვეიცარიის ფედერალური საბჭოს სახელით

(ხელმოწერილია)

 

საქართველოს მთავრობასა და შვეიცარიის ფედერალურ საბჭოს შორის ქვეყანაში უნებართვოდ მყოფი პირების რეადმისიის შესახებ შეთანხმების განხორციელების

ოქმი

1. შეთანხმების მე-2 მუხლის შესახებ:

1.1. მოქალაქეობა შეიძლება დადასტურებულ იქნეს შემდეგი საბუთების წარდგენით:

 -მოქმედი პირადობის მოწმობა;

- მოქმედი პასპორტი.

აღნიშნული საბუთების წარდგენის შემთხვევაში, მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის უფლებამოსილი ორგანოები აღიარებენ პირის მოქალაქეობას. ამ შემთხვევაში შემდგომი შემოწმება არ განხორციელდება.

1.2. სავარაუდო მოქალაქეობა შეიძლება დადგინდეს შემდეგი საბუთების, მათი ასლების ან სხვა ინფორმაციის საფუძველზე, კერძოდ:

- 1.1 ქვეპუნქტში მოცემული ნებისმიერი საბუთი, რომლის მოქმედების ვადა ამოიწურა;

- პასპორტის ნაცვლად წარმოდგენილი საბუთი (მაგ.,საშვი);

- საქართველოს ან შვეიცარიის შეიარაღებულ ძალებში სამსახურის დამადასტურებელი პირადობის მოწმობები;

-მანქანის მართვის მოწმობები;

- დაბადების მოწმობები;

- მეზღვაურთა სარეგისტრაციო წიგნები;

- მოწმეების ჩვენებები;

-დაინტერესებულ პირთა მიერ მიწოდებული ცნობები;

- პირადი განცხადებები;

- ენა, რომელზეც ლაპარაკობს მოცემული პირი (მაგ. ლინგვისტების ან საკონსულოს თანამშრომლების მიერ განხორციელებული ლინგვისტური ექსპერტიზა);

- მეორე ხელშემკვრელი მხარის კარტოთეკაში რეგისტრირებული ფოტოებისა და თითების ანაბეჭდების შედარება.

ამ შემთხვევაში, მოქალაქეობა ჩაითვლება დადგენილად იმ პირობით, თუ მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარე უარს არ იტყვის მის დადასტურებაზე.

1.3. თუ მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარე ჩათვლის, რომ მოცემულ პირს ფაქტობრივად არ გააჩნია შესაბამისი მოქალაქეობა (იხ. მოცემული შეთანხმების მე-2 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები), ის მიაწვდის მოთხოვნის მიმღებ ხელშემკვრელ მხარეს ამ პირის შესახებ შემდეგ წერილობით ინფორმაციას:

a) სახელი, გვარი (აუცილებლობის შემთხვევაში, ქალიშვილობის გვარი);

b) დაბადების თარიღი და ადგილი;

c) ბოლო მისამართი, რომელზეც ცხოვრობდა პირი თავის სამშობლოში;

d) პასპორტის ან სხვა სამგზავრო დოკუმენტების ტიპი, სერია, ნომერი, მოქმედების ვადა, ასევე მონაცემები გამცემი ორგანოების შესახებ და სამგზავრო დოკუმენტის ფოტოასლი.

პასუხი წერილობითი ფორმით დაუყოვნებლივ მიეწოდება მოთხოვნის წარმდგენ ხელშემკვრელ მხარეს.

1.4. თუ პირს ესაჭიროება სამედიცინო დახმარება და ეს შედის მოცემული პირის ინტერესებში ან ეს პირი საფრთხეს უქმნის მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის ჯანდაცვის ინტერესებს, მოთხოვნის წარმდგენი პირი წარადგენს ამ პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის აღწერას, ნებისმიერი სამედიცინო ცნობების ასლებისა და სპეციალური მკურნალობის ჩატარების შესახებ ინფორმაციის ჩათვლით, ასევე ინფორმაციას სამედიცინო და სხვა დახმარების, მეთვალყურეობისა და სასწრაფო დახმარების მანქანით ტრანსპორტირების შესახებ.

1.5. თუ მოქალაქეობა არ დასტურდება ან არ ივარაუდება წარდგენილი საბუთების ან მოწმობების საფუძველზე, მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის დიპლომატიური ან საკონსულო წარმომადგენლობა მეორე მხარის მოთხოვნით, ჩაუტარებს დაინტერესებულ პირებს პირად გასაუბრებას ან განიხილავს მათ საქმეებს, რათა აუცილებელი სამგზავრო საბუთების გაცემის მიზნით დაადასტუროს მათი მოქალაქეობა და ვინაობა.

1.6. თუ დიპლომატიური ან საკონსულო წარმომადგენლობის მიერ ჩატარებული გასაუბრების ან საქმეთა განხილვის შედეგად არ დადასტურდა პირის მოქალაქეობა და ვინაობა, მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარე თხოვნით მიმართავს მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის უფლებამოსილ ორგანოებს მონაწილეობა მიიღოს საქმის ერთობლივ განხილვაში, რათა დაადასტუროს პირის მოქალაქეობა და დადასტურების შემთხვევაში, გასცეს აუცილებელი სამგზავრო საბუთები.

1.7. ორივე მხარის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოები მიიღებენ გადაწყვეტილებას მსგავსი ერთობლივი განხილვის ორგანიზების კრიტერიუმებისა და პროცედურების შესახებ და დანიშნავენ ექსპერტებს.

2. შეთანხმების მე-3 მუხლის შესახებ:

2.1. მოცემული შეთანხმების მე-3 მუხლის თანახმად, რეადმისიის შესახებ ნებისმიერი მოთხოვნა უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას დაინტერესებული პირის შესახებ:

a) სახელი, გვარი (აუცილებლობის შემთხვევაში, ქალიშვილობის გვარი);

b) დაბადების თარიღი და ადგილი;

c) მოქალაქეობა;

d) ბოლო ცნობილი მისამართი, რომელზეც ცხოვრობდა პირი მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე;

e) პასპორტის ან სხვა სამგზავრო დოკუმენტების ტიპი, სერია, ნომერი, მოქმედების ვადა, ასევე მონაცემები გამცემი ორგანოების შესახებ და სამგზავრო დოკუმეტების ფოტოასლი.

2.2. საცხოვრებელი ადგილი შეიძლება დადასტურებულ იქნეს შემდეგი საბუთების საშუალებით:

a) შვეიცარიის ტერიტორიაზე:

-კანტონის ხელისუფლების მიერ უცხოელთათვის გაცემული ცხოვრების მოქმედი ნებართვა;

- 1951 წლის 28 ივლისის ლტოლვილთა სამართლებრივი სტატუსის შესახებ კონვენციის თანახმად გაცემული ლტოლვილის მოქმედი პასპორტი (კონვენციით გათვალისწინებული სამგზავრო საბუთი);

-მოქმედი პასპორტი უცხოელთათვის.

b)საქართველოს ტერიტორიაზე:

-ცხოვრების მოქმედი ნებართვა მუდმივად მცხოვრები უცხოელებისათვის;

-ცხოვრების მოქმედი ნებართვა მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის;

-ლტოლვილის მოქმედი მოწმობა.

2.3. მოცემული ოქმის 1.2 ქვეპუნქტი გამოიყენება ასევე იმ შემთხვევაში, როდესაც მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ივარაუდება. ამ შემთხვევაში, პირი მიღებულ იქნება, თუ მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარე გამოხატავს თანხმობას ამასთან დაკავშირებით. მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარე განცხადებაზე პასუხს მიაწვდის ოცდაათი დღის განმავლობაში.

3. შეთანხმების მე-4 მუხლის შესახებ:

მე-4 მუხლით გათვალისწინებული ვადები წარმოადგენს მაქსიმალურ ვადებს. ვადის ათვლა დაიწყება მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის მიერ რეადმისიის შესახებ განცხადების მიღებით.

4. შეთანხმების მე-5 მუხლის შესახებ:

4.1. განცხადება ტრანზიტის შესახებ უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას დაინტერესებული პირის შესახებ:

a) სახელი, გვარი (აუცილებლობის შემთხვევაში, ქალიშვილობის გვარი);

b) დაბადების თარიღი და ადგილი;

c) მოქალაქეობა;

d) ბოლო ცნობილი მისამართი, რომელზეც ცხოვრობდა პირი დანიშნულების ქვეყანაში;

e) პასპორტის ან სხვა სამგზავრო დოკუმეტების ტიპი, სერია, ნომერი, მოქმედების ვადა, ასევე მონაცემები გამცემი ორგანოების შესახებ და სამგზავრო დოკუმენტის ფოტოასლი.

4.2. განცხადება ტრანზიტის შესახებ უნდა მიუთითებდეს ესაჭიროება თუ არა დაინტერესებულ პირს უსაფრთხოების სპეციალური ზომების მიღება ან სამედიცინო ან სხვა დახმარება.

4.3. განცხადება ტრანზიტის შესახებ უნდა იყოს წერილობითი ფორმის. მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარე პასუხს მიაწვდის განცხადების მიღებიდან ათი სამუშაო დღის განმავლობაში.

4.4. თუ მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის მიერ განცხადება დაშვებულ იქნა, ტრანზიტი უნდა განხორციელდეს პასუხის მიღების დღიდან ოცდაათი დღის განმავლობაში.

4.5. ტრანზიტის განხორციელების ზუსტი დრო და პროცედურები (რეისის ნომერი, გამგზავრების პირადი მონაცემები) შეთანხმებული უნდა იქნეს უშუალოდ ხელშემკვრელი მხარეების უფლებამოსილ ორგანოებს შორის.

5. შეთანხმების მე-7 მუხლის შესახებ:

შეთანხმების მე-7 მუხლის შესაბამისად, მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარე ფაქტურის მიღებიდან ოცდაათი დღის განმავლობაში დაფარავს ხარჯებს მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის უფლებამოსილი ორგანოების საბანკო ანგარიშზე თანხის გადარიცხვის გზით.