ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ გაეროს კონვენციის ოქმი - ადამიანების, განსაკუთრებით ქალებისა და ბავშვების ტრეფიკინგის თავიდან აცილების, აღკვეთისა და სასჯელთა დადგენის შესახებ

  • Word
ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ გაეროს კონვენციის ოქმი - ადამიანების, განსაკუთრებით ქალებისა და ბავშვების ტრეფიკინგის თავიდან აცილების, აღკვეთისა და სასჯელთა დადგენის შესახებ
დოკუმენტის ნომერი
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 09/12/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 31/01/2007
ძალაში შესვლის თარიღი 05/10/2006
სარეგისტრაციო კოდი 480150000.03.030.000631
  • Word
09/12/1998
გაურკვეველი, -, 31/01/2007
480150000.03.030.000631
ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ გაეროს კონვენციის ოქმი - ადამიანების, განსაკუთრებით ქალებისა და ბავშვების ტრეფიკინგის თავიდან აცილების, აღკვეთისა და სასჯელთა დადგენის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ გაეროს კონვენციის

ოქმი

ადამიანების, განსაკუთრებით ქალებისა და ბავშვების ტრეფიკინგის თავიდან აცილების, აღკვეთისა და სასჯელთა დადგენის შესახებ

 

პრეამბულა

ამ ოქმის მონაწილე სახელმწიფოები, რომლებიც

აცხადებენ, რომ ადამიანების, განსაკუთრებით ქალებისა და ბავშვების, ტრეფიკინგის აღკვეთა და მის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლა ითვალისწინებს წარმოშობის, ტრანზიტისა და დანიშნულების ქვეყნებში მრავალმხრივი საერთაშორისო მიდგომის შემუშავებას, რომელიც გულისხმობს  ტრეფიკინგის აღკვეთის, ტრეფიკერების დასჯისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის ღონისძიებებს, მათ შორის ადამიანის საერთაშორისოდ აღიარებული უფლებების დაცვას,

მხედველობაში იღებენ იმ გარემოებას, რომ მრავალი საერთაშორისო დოკუმენტის არსებობის მიუხედავად, რომლებიც შეიცავს ადამიანების, განსაკუთრებით ქალებისა და ბავშვების, ექსპლუატაციასთან ბრძოლის წესებსა და პრაქტიკულ ღონისძიებებს, არ არსებობს უნივერსალური დოკუმენტი, რომელიც დაარეგულირებდა ტრეფიკინგის ყველა ასპექტს,

შეშფოთებას გამოთქვამენ, რომ ამგვარი დოკუმენტის არარსებობა ხელს უშლის  ტრეფიკინგის შესაძლო მსხვერპლთა სათანადო დაცვას,

მიუთითებენ გენერალური ასამბლეის 1998 წლის 9 დეკემბრის №53/111 რეზოლუციაზე, რომლითაც ასამბლეამ გადაწყვიტა, დაეარსებინა ღია მთავრობათაშორისი ad hoc კომიტეტი ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ მრავალმხრივი საერთაშორისო კონვენციის შემუშავებისა და ქალებისა და ბავშვების ტრეფიკინგის წინააღმდე, inter alia, საერთაშორისო დოკუმენტის შემუშავების განხილვის მიზნით,

დარწმუნებულნი არიან, რომ ამ დანაშაულის აღკვეთისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნებისთვის მიზანშეწონილია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენციას ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ დაემატოს ოქმი ადამიანების, განსაკუთრებით ქალებისა და ბავშვების ტრეფიკინგის თავიდან აცილების, აღკვეთისა და სასჯელთა დადგენის შესახებ,

შეთანხმდნენ შემდეგზე:

I. ზოგადი დებულებები

    მუხლი 1. ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ გაერთიანებული ერების კონვენციასთან ურთიერთკავშირი

1. გაერთიანებული ერების კონვენციას ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ ემატება წინამდებარე ოქმი. ამ ოქმის განმარტება ხდება კონვენციასთან ერთად.

2. კონვენციის დებულებები, mutatis mutandis, გამოიყენება ამ ოქმის მიმართ, თუ ოქმით სხვა რამ არ არის დადგენილი.

3. ამ ოქმის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულები უთანაბრდება კონვენციით გათვალისწინებულ დანაშაულებს.

    მუხლი 2. მიზანი

ამ ოქმის მიზანია:

(a) ადამიანების, განსაკუთრებით ქალებისა და ბავშვების, ტრეფიკინგის აღკვეთა და მის წინააღმდეგ ბრძოლა;

(b) ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვა და დახმარება, მათი უფლებების პატივისცემის საფუძველზე; და

(c) აღნიშნული მიზნების მისაღწევად მონაწილე სახელმწიფოთა შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა.

    მუხლი 3. გამოყენებული ტერმინების მნიშვნელობა

ამ ოქმის მიზნებისთვის:

(a) „ტრეფიკინგი“ ნიშნავს ადამიანთა გადაბირებას, ტრანსპორტირებას, გადაყვანას, შეფარებას ან მიღებას, მუქარის, ძალის გამოყენების ან იძულების სხვა საშუალებით, მოტაცებით, თაღლითობით, მოტყუებით, ძალაუფლების ან პირის უმწეობის ბოროტად გამოყენებით ან იმ პირის თანხმობის მისაღწევად თანხის ან სხვა სარგებლის მიცემით ან მიღებით, ვისი დამოკიდებულების ქვეშაც იმყოფება მეორე პირი, ამ ადამიანთა ექსპლუატაციის მიზნით. ექსპლუატაცია, როგორც მინიმუმი, გულისხმობს სხვათა პროსტიტუციის ექსპლუატაციას ან სქესობრივი ექსპლუატაციის სხვა ფორმას, იძულებით შრომას ან მომსახურებას, მონობას ან მონობის მსგავს მდგომარეობას, კატორღულ შრომას ან ორგანოთა გადანერგვას;

(b) თუ გამოყენებულია ამ მუხლის (a) ქვეპუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საშუალება, ადამიანთა ტრეფიკინგის მსხვერპლის თანხმობის აღნიშნული ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მის წინასწარგანზრახულ ექსპლუატაციაზე მნიშვნელობა არ ენიჭება;

(c) ბავშვის სამუშაოზე აყვანა, ტრანსპორტირება, გადაყვანა, თავშესაფრის მიცემა ან მიღება ექსპლუატაციის მიზნით მიიჩნევა „ტრეფიკინგად“ მაშინაც კი, როდესაც მის მიმართ გამოყენებული არ ყოფილა ამ მუხლის (a) ქვეპუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საშუალება;

(d) „ბავშვი“ გულისხმობს ნებისმიერ ადამიანს 18 წლის ასაკამდე.

    მუხლი 4. მოქმედების სფერო

ეს ოქმი, თუ მასში სხვა რამ არ არის დადგენილი, გამოიყენება ამ ოქმის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების აღკვეთის, გამოძიებისა და დამნაშავეთა სამართლებრივი დევნის განსახორციელებლად, თუ აღნიშნული დანაშაულები ატარებენ ტრანსნაციონალურ ხასიათს და ხორციელდება დამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფის მიერ, ასევე აღნიშნული დანაშაულის მსხვერპლთა დაცვისათვის.

    მუხლი 5. კრიმინალიზაცია

1. თითოეული მონაწილე სახელმწიფო ვალდებულია, გაატაროს ისეთი საკანონმდებლო და სხვა სახის ღონისძიებები, რომლებიც აუცილებელია, რათა სისხლის სამართლის დანაშაულად გამოცხადდეს ამ ოქმის მე-3 მუხლში მითითებული ქმედებები, როდესაც ისინი ჩადენილია განზრახ.

2. თითოეული მონაწილე სახელმწიფო აგრეთვე ვალდებულია, გაატაროს ისეთი საკანონმდებლო და სხვა სახის ღონისძიებები, რომლებიც აუცილებელია, რათა სისხლის სამართლის დანაშაულად გამოცხადდეს:

(a) ქვეყნის შიგნით მოქმედი სამართლებრივი სისტემის ძირითადი დებულებების დაცვის პირობით, ამ მუხლის 1-ლი პუნქტით დადგენილი დანაშაულის ჩადენის მცდელობა;

(b) თანამონაწილეობა ამ მუხლის 1-ლი პუნქტით დადგენილ დანაშაულში; და

(c) სხვა პირთა ორგანიზება ან ხელმძღვანელობა ამ მუხლის 1-ლი პუნქტით დადგენილი დანაშაულის ჩასადენად.

II. ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვა

    მუხლი 6. ტრეფიკინგის მსხვერპლთა დახმარება და დაცვა

1. შესაბამის შემთხვევებსა და შიდა კანონმდებლობით დაშვებულ ფარგლებში, თითოეული მონაწილე სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას ტრეფიკინგის მსხვერპლთა პირადი ცხოვრება და ვინაობა, მათ შორის inter alia, ტრეფიკინგთან დაკავშირებული სამართალწარმოების კონფიდენციალურობა.

2. თითოეული მონაწილე სახელმწიფოს სამართლებრივი ან ადმინისტრაციული სისტემა უნდა ითვალისწინებდეს ისეთ ღონისძიებებს, რომელთა საფუძველზეც ტრეფიკინგის მსხვერპლი უზრუნველყოფილი უნდა იყოს:

(a) ინფორმაციით შესაბამის სასამართლო და ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაზე;

(b) დახმარების გაწევით იმ მიზნით, რომ მისი შეხედულებები და პრობლემები წარმოდგენილ და მხედველობაში მიღებულ იქნეს დამნაშავეთა წინააღმდეგ სისხლის სამართალწარმოების შესაბამის ეტაპზე, დაცვის მხარის უფლებების შეუზღუდავად.

3. თითოეულმა მონაწილე სახელმწიფომ უნდა განიხილოს იმპლემენტაციის ისეთი ზომების მიღების შესაძლებლობა,რომლებიც ხელს შეუწყობს ტრეფიკინგის მსხვერპლთა ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ გამოჯანმრთელებას, მათ შორის, შესაბამის შემთხვევებში არასამთავრობო ან სხვა ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან თანამშრომლობის გზით; კერძოდ, მონაწილე სახელმწიფოებმა ისინი უნდა უზრუნველყონ:

(a) შესაბამისი საცხოვრებელი პირობებით;

(b) მათთვის გასაგებ ენაზე გაწეული კონსულტაციითა და ინფორმაციით, განსაკუთრებით მათ უფლებებთან დაკავშირებით;

(c) სამედიცინო, ფსიქოლოგიური და მატერიალური დახმარებით; და

(d) დასაქმებით, განათლებითა და სწავლებით.

4. ამ მუხლის დებულებათა გამოყენების დროს თითოეულმა მონაწილე სახელმწიფომ უნდა გაითვალისწინოს ტრეფიკინგის მსხვერპლთა ასაკი, სქესი და სპეციალური მოთხოვნილებები, განსაკუთრებით ბავშვების სპეციალური მოთხოვნილებები, სათანადო საცხოვრებელი პირობების, განათლებისა და მზრუნველობის ჩათვლით.

5. თითოეული მონაწილე სახელმწიფო უნდა ეცადოს, რომ უზრუნველყოს ტრეფიკინგის მსხვერპლთა ფიზიკური უსაფრთხოება, სანამ ისინი იმყოფებიან მათ ტერიტორიაზე.

6. თითოეულმა მონაწილე სახელმწიფომ შიდა სამართლებრივ სისტემაში უნდა უზრუნველყოს ისეთი მექანიზმების არსებობა, რომელიც ტრეფიკინგის მსხვერპლს საშუალებას მისცემს, მიიღოს კომპენსაცია მიყენებული ზიანისათვის.

    მუხლი 7. ტრეფიკინგის მსხვერპლის სტატუსი მიმღებ სახელმწიფოში

1. ამ ოქმის მე-6 მუხლში ჩამოყალიბებულ ღონისძიებებთან ერთად, თითოეულმა მონაწილე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ისეთი საკანონმდებლო ან სხვა სათანადო ზომების მიღებაზე, რომლებიც შესაბამის შემთხვევაში ტრეფიკინგის მსხვერპლს მის ტერიტორიაზე დროებით ან მუდმივად დარჩენის ნებას რთავს.

2. ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული დებულებების განხორციელებისას თითოეულმა მონაწილე სახელმწიფომ სათანადოდ უნდა გაითვალისწინოს ჰუმანურობისა და თანაგრძნობის ფაქტორები.

    მუხლი 8. ტრეფიკინგის მსხვერპლთა რეპატრიაცია

1. მონაწილე სახელმწიფო, რომლის მოქალაქე ან მუდმივად მცხოვრები პირი არის ტრეფიკინგის მსხვერპლი მიმღებ სახელმწიფოში შესვლის მომენტისათვის, ვალდებულია ხელი შეუწყოს და მიიღოს უკან დაბრუნებული ასეთი პირი დაუსაბუთებელი და არაგონივრული დაყოვნების გარეშე, მისი პირადი უსაფრთხოების დაცვის პირობით.

2. თუ მონაწილე სახელმწიფო ტრეფიკინგის მსხვერპლს აბრუნებს იმ მონაწილე სახელმწიფოში, რომლის მოქალაქეც იყო ეს პირი ან რომელშიც იგი მუდმივად ცხოვრობდა მიმღები სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლის მომენტისათვის, მაშინ დაბრუნების პერიოდში ამ პირის პირადი უსაფრთხოება უნდა იყოს დაცული და ტრეფიკინგის ფაქტზე აღძრული ნებისმიერი სამართალწარმოება მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული; სასურველია, პირის დაბრუნება მოხდეს ნებაყოფლობით.

3. მიმღები სახელმწიფოს მოთხოვნით, მოთხოვნის მიმღებმა წევრმა სახელმწიფომ დაუსაბუთებელი ან არაგონივრული დაყოვნების გარეშე უნდა შეამოწმოს, იყო თუ არა ტრეფიკინგის მსხვერპლი მისი მოქალაქე ან მუდმივად მცხოვრებ პირი მიმღები სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლის მომენტში.

4. სათანადო დოკუმენტაციის არმქონე ტრეფიკინგის მსხვერპლის დაბრუნების ხელშეწყობის მიზნით, მონაწილე სახელმწიფომ, რომლის მოქალაქე ან მუდმივი მცხოვრებ იყო ეს პირი მიმღები სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლის მომენტისათვის, მიმღები სახელმწიფოს მოთხოვნით უნდა გასცეს ისეთი სამგზავრო დოკუმენტები ან სხვა ნებართვა, რომელიც აუცილებელია ამ პირის მიერ მის ტერიტორიაზე დაბრუნებისა და შესვლისათვის.

5. ეს მუხლი არ ხელყოფს მიმღები სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობით ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის მინიჭებულ უფლებებს.

6. ეს მუხლი არ ხელყოფს ნებისმიერ ორმხრივ თუ მრავალმხრივ ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ არეგულირებს ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაბრუნების საკითხს.

III. აღკვეთის, თანამშრომლობისა და სხვა ღონისძიებები

    მუხლი 9. ტრეფიკინგის აღკვეთა

1. მონაწილე სახელმწიფოები შეიმუშავებენ შეთანხმებულ პოლიტიკას, პროგრამებს და სხვა ღონისძიებებს:

(a) ტრეფიკინგის აღკვეთისა და მასთან ბრძოლის მიზნით;

(b) ტრეფიკინგის მსხვერპლთა, განსაკუთრებით ქალებისა და ბავშვების, განმეორებით მსხვერპლად ქცევისაგან დაცვის მიზნით;

2. ტრეფიკინგის აღკვეთისა და მასთან ბრძოლის მიზნით, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ ისეთი ღონისძიებების გატარებას, როგორიცაა კვლევითი საქმიანობა, საინფორმაციო კამპანია, სოციალური და ეკონომიკური ინიციატივები.

3. ამ მუხლის შესაბამისად შემუშავებული პოლიტიკა, პროგრამები და სხვა ღონისძიებები, საჭიროების მიხედვით, შეიძლება მოიცავდეს თანამშრომლობას არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სხვა შესაბამის დაწესებულებებთან და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან.

4. მონაწილე სახელმწიფოებმა ორმხრივი ან მრავალმხრივი თანამშრომლობის გზით უნდა მიიღონ ან გააძლიერონ ღონისძიებები, რათა მოხდეს იმ ფაქტორების შემცირება, რომლებიც პირებს, განსაკუთრებით ქალებსა და ბავშვებს, დაუცველს ხდის ტრეფიკინგისგან, კერძოდ, ისეთი ფაქტორების შემცირება, როგორიცაა სიღარიბე, განვითარების დაბალი დონე და შესაძლებლობებზე არათანაბარი ხელმისაწვდომობა.

5. მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ან აძლიერებენ საკანონმდებლო და სხვა ზომებს, როგორიცაა საგანმანათლებლო, სოციალური და კულტურული ღონისძიებები, მათ შორის ორმხრივი ან მრავალმხრივი თანამშრომლობის გზით, რათა შეზღუდონ ის მოთხოვნა, რომელიც ხელს უწყობს ნებისმიერი ფორმით ადამიანების, განსაკუთრებით ქალებისა და ბავშვების ექსპლუატაციას და იწვევს ტრეფიკინგს.

    მუხლი 10. ინფორმაციის გაცვლა და მომზადება

1. მონაწილე სახელმწიფოთა სამართალდამცავი, საიმიგრაციო და სხა შესაბამისი უწყებები, საჭიროების მიხედვით, ერთმანეთთან ითანამშრომლებენ ინფორმაციის გაცვლის გზით, მათი შიდა კანონმდებლობების შესაბამისად, რათა დადგინდეს:

(a) არიან თუ არა ტრეფიკერები ან ტრეფიკინგის მსხვერპლნი ის პირები, რომლებიც სხვისი სამგზავრო დოკუმენტებით ან სამგზავრო დოკუმენტების გარეშე კვეთენ ან ცდილობენ გადაკვეთონ საერთაშორისო საზღვარი;

(b) რა სახის სამგზავრო დოკუმენტები იქნება გამოყენებული ან რა სახის სამგზავრო დოკუმენტების გამოყენების მცდელობას ჰქონდა ადგილი საერთაშორისო საზღვრის გადაკვეთის დროს ტრეფიკინგის დანაშაულის ჩადენის მიზნით; და

(c) დამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფების მიერ ტრეფიკინგის მიზნით გამოყენებული საშუალებები და მეთოდები, მათ შორის მსხვერპლთა დაქირავება და ტრანსპორტირება, ასეთ ჯგუფებსა და ტრეფიკინგში მონაწილე პირებს შორის არსებული კავშირები და მარშრუტები და მათი გამოვლენის შესაძლო გზები.

2. მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ ან გააძლიერებენ სამართალდამცავი, საიმიგრაციო და სხვა შესაბამისი უწყებების თანამშრომლების მომზადებას ტრეფიკინგის აღკვეთის სფეროში. მოსამზადებელი კურსები უნდა ეხებოდეს ტრეფიკინგის აღკვეთის მეთოდებს, ტრეფიკინგის დანაშაულის ჩამდენთა სისხლისსამართლებრივი დევნის საკითხებს და მსხვერპლთა უფლებების დაცვას, მათ შორის მათ დაცვას დამნაშავეებისაგან. მოსამზადებელი კურსები უნდა მოიცავდეს ადამიანის უფლებათა და ბავშვთა დაცვის, ასევე გენდერულ საკითხებს, აგრეთვე ყურადღებას უთმობდეს თანამშრომლობას არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სხვა შესაბამის დაწესებულებებთან და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან.

3. ინფორმაციის მიმღები მონაწილე სახელმწიფო ვალდებულია შეასრულოს ინფორმაციის მიმწოდებელი მონაწილე სახელმწიფოს ნებისმიერი მოთხოვნა ამ ინფორმაციის შეზღუდულ გამოყენებასთან დაკავშირებით.

    მუხლი 11. სასაზღვრო ღონისძიებები

1. ადამიანების თავისუფალ გადაადგილებასთან დაკავშირებული საერთაშორისო ვალდებულებების შეუზღუდავად, მონაწილე სახელმწიფოები საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში გააძლიერებენ საზღვრის კონტროლის ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც შეიძლება საჭირო გახდეს ტრეფიკინგის აღკვეთისა და გამოვლენის მიზნით.

2. თითოეული მონაწილე სახელმწიფო, შესაძლებლობების ფარგლებში, მიიღებს საკანონმდებლო და სხვა ზომებს, რათა აღიკვეთოს კომერციულ გადამზიდველთა სატრანსპორტო საშუალებების მეშვეობით ამ ოქმის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

3. საჭიროების შემთხვევაში და მოქმედი საერთაშორისო კონვენციების შეუზღუდავად, ასეთი ღონისძიება შეიძლება გულისხმობდეს კომერციული გადამზიდველებისათვის, მათ შორის სატრანსპორტო კომპანიებისთვის ან სატრანსპორტო საშუალებების მფლობელთათვის ან ოპერატორებისათვის შესაბამისი ვალდებულების დაკისრებას, იმ მიზნით, რომ დადგინდეს, აქვს თუ არა ყველა მგზავრს მიმღებ სახელმწიფოში შესვლისათვის საჭირო ყველა აუცილებელი სამგზავრო დოკუმენტი.

4. შიდა კანონმდებლობის შესაბამისად, თითოეული მონაწილე სახელმწიფო მიიღებს ისეთ ზომებს, რომელთა საფუძველზეც დაწესდება სანქციები ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევისთვის.

5. შიდა კანონმდებლობის შესაბამისად, თითოეული მონაწილე სახელმწიფო განიხილავს ისეთი ზომების მიღების შესაძლებლობას, რომლითაც შესაძლებელია ამ ოქმით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირებისთვის მათი ქვეყანაში შესვლაზე უარის თქმა ან მათთვის ვიზების გაუქმება.

6. კონვენციის 27-ე მუხლის შეუზღუდავად, მონაწილე სახელმწიფოები მხედველობაში იღებენ სასაზღვრო კონტროლის ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობას, მათ შორის, პირდაპირი საკომუნიკაციო არხების შექმნისა და ოპერირების გზით.

    მუხლი 12. უსაფრთხოება და დოკუმენტების კონტროლი

თითოეული მონაწილე სახელმწიფო მიიღებს ისეთ ზომებს, რათა:

(a) გაცემული სამგზავრო ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები იყოს ისეთი ხარისხის, რომ იოლი არ იყოს მათი ბოროტად გამოყენება ანდა გაყალბება ან უკანონოდ შეცვლა, დუბლირება ან გაცემა;

(b) მონაწილე სახელმწიფოს მიერ ან მისი სახელით გაცემული სამგზავრო ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების მთლიანობა და უსაფრთხოება იყოს დაცული და არ მოხდეს მათი უკანონო შექმნა, გაცემა და გამოყენება.

    მუხლი 13. დოკუმენტების ნამდვილობა და მოქმედების ვადა

მონაწილე სახელმწიფოს თხოვნით, მეორე მონაწილე სახელმწიფო ვალდებულია, თავისი შიდა კანონმდებლობის შესაბამისად, გონივრულ ვადაში, დაამოწმოს იმ სამგზავრო ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ნამდვილობა და მოქმედების ვადა, რომლებიც გაცემულია მისი სახელით ან არსებობს ვარაუდი, რომ ისინი გაცემულია მისი სახელით და რომელთა დაკავშირებითაც არსებობს ეჭვი, რომ ისინი შეიძლება გამოყენებული იყოს ტრეფიკინგისთვის.

IV. დასკვნითი დებულებები

    მუხლი 14. დათქმა

1. ამ ოქმში არაფერი ხელყოფს სახელმწიფოთა და პირთა უფლებებს, ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობებს, რომლებიც გათვალისწინებულია საერთაშორისო სამართლით, მათ შორის საერთაშორისო ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების სამართლით, ხოლო შესაბამის შემთხვევებში, 1951 წლის კონვენციასა და 1967 წლის ოქმს, აგრეთვე ამ დოკუმენტებით დადგენილ non-refoulement პრინციპს.

2. ამ ოქმში აღნიშნული ღონისძიებების განმარტება და გამოყენება უნდა მოხდეს ისე, რომ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში არ აღმოჩნდნენ პირები, იმის გამო, რომ ისინი გახდნენ ტრეფიკინგის მსხვერპლნი. ამ ღონისძიებათა განმარტება და გამოყენება უნდა მოხდეს დისკრიმინაციის დაუშვებლობის შესახებ საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების შესაბამისად.

    მუხლი 15. დავების გადაწყვეტა

1. წევრი სახელმწიფოები შეეცდებიან ამ ოქმის ინტერპრეტაციასა და გამოყენებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავები გადაწყვიტონ მოლაპარაკების გზით.

2. თუ ამ ოქმის ინტერპრეტაციასა და გამოყენებასთან დაკავშირებით ორ ან მეტ წევრ სახელმწიფოს შორის წარმოშობილი დავის გადაწყვეტა ვერ მოხერხდა მოლაპარაკების გზით გონივრულ ვადაში, მაშინ სადავო საკითხი, ერთ-ერთი წევრი სახელმწიფოს მოთხოვნით, შეიძლება გადაეცეს არბიტრაჟს. თუ არბიტრაჟის დანიშვნასთან დაკავშირებით მოთხოვნის წარდგენიდან ექვსი თვის ვადაში დავის მონაწილე წევრი სახელმწიფოები ვერ შეთანხმდნენ ორგანიზაციულ საკითხებზე, მაშინ ერთ-ერთ წევრ სახელმწიფოს შეუძლია საკითხი განსახილველად გადასცეს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს, ამავე სასამართლოს წესდებით დადგენილი წესით.

3. ნებისმიერ წევრ სახელმწიფოს, ამ ოქმის ხელმოწერის, რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან მიერთების დროს, შეუძლია განაცხადოს, რომ იგი სავალდებულოდ არ მიიჩნევს ამ მუხლის მე-2 პუნქტს. ამ მუხლის მე-2 პუნქტს არ ექნება სავალდებულო ძალა სხვა წევრი სახელმწიფოებისთვისაც იმ წევრ სახელმწიფოსთან ურთიერთობაში, რომელმაც გააკეთა ასეთი დათქმა.

4. ნებისმიერ წევრ სახელმწიფოს, რომელმაც გააკეთა დათქმა ამ მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შეუძლია გააუქმოს იგი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნისთვის შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე.

    მუხლი 16. ხელმოწერა, რატიფიკაცია, მიღება, დამტკიცება და მიერთება

1. ეს ოქმი ღიაა ყველა სახელმწიფოსთვის ხელმოსაწერად 2000 წლის 12-დან 15 დეკემბრამდე იტალიის ქალაქ პალერმოში, ხოლო ამ ვადის შემდეგ - გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბ-ბინაში ქალაქ ნიუ-იორკში, 2002 წლის 12 დეკემბრამდე.

2. ეს ოქმი ასევე ღიაა ხელმოსაწერად ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონული ორგანიზაციებისათვის, თუ ასეთი ორგანიზაციის ერთ წევრ სახელმწიფოს მაინც აქვს ხელმოწერილი ეს ოქმი ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

3. ეს ოქმი ექვემდებარება რატიფიკაციას, მიღებას ან დამტკიცებას. რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცების დოკუმენტი დეპონირდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან. ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალურ ორგანიზაციას რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცების დოკუმენტის დეპონირება შეუძლია, თუ მისმა ერთმა წევრმა სახელმწიფომ მაინც მოახდინა ასეთი დოკუმენტის დეპონირება. რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცების დოკუმენტში ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონულმა ორგანიზაციამ უნდა განსაზღვროს მისი კომპეტენციის ფარგლები ამ ოქმით რეგულირებულ საკითხებთან მიმართებაში. ასეთმა ორგანიზაციამ ასევე უნდა აცნობოს დეპოზიტარს მისი კომპეტენციის ფარგლებში მომხდარი ნებისმიერი ცვლილების შესახებ.

4. ეს ოქმი ღიაა მისაერთებლად ნებისმიერი სახელმწიფოსთვის ან ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალური ორგანიზაციისთვის, რომლის ერთი წევრი მაინც არის ამ ოქმის მონაწილე სახელმწიფო. მიერთების დოკუმენტი დეპონირდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან. მიერთების დროს, ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალურმა ორგანიზაციამ უნდა დააფიქსიროს მისი კომპეტენციის ფარგლები ამ ოქმით რეგულირებულ საკითხებთან მიმართებაში. ასეთმა ორგანიზაციამ ასევე უნდა აცნობოს დეპოზიტარს მისი კომპეტენციის ფარგლებში მომხდარი ნებისმიერი ცვლილების შესახებ.

    მუხლი 17. ძალაში შესვლა

1. ეს ოქმი ძალაში შედის რაფიტიკაციის, მიღების, დამტკიცების ან მიერთების შესახებ მე-40 დოკუმენტის დეპონირებიდან 90-ე დღეს, მაგრამ ეს ოქმი ძალაში არ შევა კონვენციის ამოქმედებამდე. ამ პუნქტის მიზნებისთვის, ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალური ორგანიზაციის მიერ დეპონირებული დოკუმენტი არ ჩაითვლება ამ ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების მიერ დეპონირებული დოკუმენტების დამატებით საბუთად.

2. თუ ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონულმა ორგანიზაციამ მოახდინა ამ ოქმის რატიფიკაცია, მიღება, დამტკიცება ან მიერთება მე-40 დოკუმენტის დეპონირების შემდეგ, მაშინ ამ ორგანიზაციისთვის ეს ოქმი ძალაში შევა მის მიერ სათანადო დოკუმენტის დეპონირებიდან 30-ე დღეს ან ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ამ ოქმის ძალაში შესვლის დღეს, იმის მიხედვით, თუ რომელი თარიღი დადგება უფრო გვიან.

    მუხლი 18. ცვლილებების შეტანა

1. ამ ოქმის ძალაში შესვლიდან ხუთი წლის შემდეგ წევრ სახელმწიფოს შეუძლია წარმოადგინოს წინადადება მასში ცვლილებების შეტანის შესახებ და გადაუგზავნოს იგი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, რომელიც ცვლილების შესახებ წინადადებას გადაუგზავნის წევრ სახელმწიფოებს და კონვენციის წევრ სახელმწიფოთა კონფერენციას მისი განხილვისა და მასზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. წევრ სახელმწიფოთა კონფერენციის სხდომაზე წევრი სახელმწიფოები ყოველმხრივ შეეცდებიან ცვლილებების შეტანის მიზნით წარმოდგენილ თითოეულ წინადადებასთან დაკავშირებით მიაღწიონ კონსენსუსს. თუ კონსენსუსის მიღწევის ყველა მექანიზმი ამოიწურა, ხოლო შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა, მაშინ, უკანასკნელი გამოსავლის სახით, ცვლილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე ამ ოქმის წევრ სახელმწიფოთა ორი მესამედი.

2. ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონული ორგანიზაციები, მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, სარგებლობენ იმდენი ხმის უფლებით რამდენი მათი წევრი სახელმწიფოც არის ამ ოქმის ხელშემკვრელი მხარე. ასეთ ორგანიზაციებს არ შეუძლიათ ხმის უფლების განხორციელება, თუ მათი წევრი სახელმწიფოები თვითონ ახორციელებენ ამ უფლებას ან პირიქით.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მიღებული ცვლილება ექვემდებარება რატიფიკაციას, მიღებას ან დამტკიცებას წევრი სახელმწიფოების მიერ.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მიღებული ცვლილება წევრი სახელმწიფოსთვის ძალაში შედის მის მიერ რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცების დოკუმენტის გენერალურ მდივანთან დეპონირებიდან 90 დღის შემდეგ.

5. ძალაში შესული ცვლილება სავალდებულოა მხოლოდ იმ წევრი სახელმწიფოებისთვის, რომლებმაც გამოთქვეს თანხმობა ამ ცვლილების სავალდებულოობის თაობაზე. სხვა წევრი სახელმწიფოებისთვის სავალდებულო რჩება ამ ოქმის დებულებები და ადრინდელი ცვლილებები, რომელთა რატიფიკაცია, მიღება ან დამტკიცება მათ მოახდინეს.

    მუხლი 19. დენონსაცია

1. წევრ სახელმწიფოს შეუძლია მოახდინოს ამ ოქმის დენონსაცია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნისთვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე. დენონსაცია ძალაში შედის გენერალური მდივნის მიერ შეტყობინების მიღებიდან ერთი წლის შემდეგ.

2. ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონული ორგანიზაცია წყვეტს ამ ოქროს წევრობას, თუ ამ ორგანიზაციის ყველა წევრმა სახელმწიფომ მოახდინა მისი დენონსაცია.

    მუხლი 20. დეპოზიტარი და ენები

1. ამ ოქმის დეპოზიტარად ინიშნება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი.

2. ამ ოქმის არაბული, ჩინური, ინგლისური, ფრანგული, რუსული და ესპანური ორიგინალები, რომელთაგან ყველა ავთენტურია, დეპონირდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან.

რის დასტურადაც, ქვემორე სრულუფლებიანი ხელმომწერნი, თავიანთი მთავრობების მიერ სათანადოდ უფლებამოსილნი, ხელს აწერენ ამ ოქმს.