დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ჩარჩო კონვენცია ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | - |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 01/02/1995 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გაურკვეველი, -, 11/04/2006 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/04/2006 |
სარეგისტრაციო კოდი | 490030000.03.030.000584 |
ჩარჩო კონვენცია
ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ
სტრასბურგი, 1.02.1995
წინამდებარე ჩარჩო კონვენციის ხელმომწერი ევროპის საბჭოს წევრი და სხვა სახელმწიფოები,
ითვალისწინებენ რა, რომ ევროპის საბჭოს მიზანია მის წევრებს შორის უფრო დიდი ერთიანობის მიღწევა იმ იდეალებისა და პრინციპების დაცვის მიზნით, რომლებიც წარმოადგენენ მათ საერთო მემკვიდრეობას;
ითვალისწინებენ რა, რომ ამ მიზნის მიღწევის ერთ-ერთ მეთოდს წარმოადგენს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვა და შემდგომი რეალიზაცია;
სურთ რა რომ შეასრულონ ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების მთავრობათა მეთაურების მიერ ვენაში 1993 წლის 9 ოქტომბერს მიღებული დეკლარაცია;
გადაწყდა რა მათ ტერიტორიებზე ეროვნული უმცირესობების არსებობის დაცვა;
ითვალისწინებენ რა, რომ ევროპის ისტორიის განვითარებამ გვიჩვენა, რომ ეროვნული უმცირესობების დაცვას დიდი მნიშვნელობა აქვს სტაბილურობის, დემოკრატიული უსაფრთხოებისა და მშვიდობისათვის ამ კონტინენტზე;
ითვალისწინებენ რა, რომ პლურალისტური და ჭეშმარიტად დემოკრატიული საზოგადოება არა მხოლოდ პატივს უნდა სცემდეს ერვნული უმცირესობისადმი კუთვნილი თითოეული პირის ეთნიკურ, ლინგვისტურ ლა რელიგიურ თვითმყოფადობას, არამედ ასევე უნდა შექმნას სათანადო პირობები, რომლებიც საშუალებას მისცემენ მათ გამოამჟღავნონ, დაიცვან და განავითარონ თავიანთი თვითმყოფადობა;
ითვალისწინებენ რა, რომ ტოლერანტობისა და დიალოგის ატმოსფეროს შექმნა აუცილებელია, რათა კულტურული მრავალფეროვნება წარმოადგენდეს არა დანაწილების, არამედ თითოეული საზოგადოების სულიერი გამდიდრების წყაროსა და ფაქტორს;
ითვალისწინებენ რა, რომ ტოლერანტული და აყვავებული ევროპის რეალიზაცია დამოკიდებულია არა მხოლოდ სახელმწიფოთაშორის თანამშრომლობაზე, არამედ ასევე მოითხოვს ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობას ხელისუფლების ადგილობრივ და რეგიონალურ ორგანოებს შორის, თითოეული სახელმწიფოს კონსტიტუციისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ზიანის მიუყენებლად;
მხედველობაში იღებენ რა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციასა და მის ოქმებს;
მხედველობაში იღებენ რა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენციებსა და დეკლარაციებში, ასევე ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კონფერენციის დოკუმენტებში, კერძოდ, 1990 წლის 29 ივნისის კოპენჰაგენის დოკუმენტში განსაზღვრულ ვალდებულებებს ეროვნული უმცირესობების დაცვის მიმართ;
გადაწყდა რა განსაზღვროს ის პრინციპები, რომელთა პატივისცემაც აუცილებელია და ის ვალდებულებანი, რომლებიც გამომდინარეობენ მათგან, იმ მიზნით, რომ კანონის ფარგლებში წევრ და სხვა სახელმწიფოებში, რომლებიც შეიძლება გახდნენ წინამდებარე დოკუმენტის მხარეები, სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობისა და ეროვნული სუვერენიტეტის პატივისცემით უზრუნველყოფილ იქნეს ეროვნული უმცირესობებისა და იმ პირების უფლებებისა და თავისუფლებების ეფექტური დაცვა, რომლებიც მიეკუთვნებიან ამგვარ უმცირესობებს.
გადაწყდა რა განხორციელდეს ამ ჩარჩო კონვენციაში განსაზღვრული პრინციპები მხარეთა ეროვნული კანონმდებლობისა და სათანადო სამთავრობო პოლიტიკის მეშვეობით,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
ნაწილი I
მუხლი 1
ეროვნული უმცირესობებისა და იმ პირების უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა, რომლებიც მიეკუთვნებიან ამგვარ უმცირესობებს, წარმოადგენს ადამიანის უფლებების საერთაშორისო დაცვის შემადგენელ ნაწილს და როგორც ასეთი, არის საერთაშორისო თანამშრომლობის სფერო.
მუხლი 2
ამ ჩარჩო კონვენციის დებულებათა გამოყენება ხორციელდება კეთილსინდისიერად, ურთიერთგაგებისა და ტოლერანტობის სულისკვეთებით და სახელმწიფოთა შორის კეთილმეზობლობის, მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის პრინციპების შესაბამისად.
მუხლი 3
1. ყოველ პირს, რომელიც მიეკუთვნება ეროვნულ უმცირესობას, უფლება აქვს თავისუფლად აირჩიოს, რომ მას მოეპყრან ამ არ მოეპყრან, თუ არა, როგორც ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელს და დაუშვებელია ამ არჩევიდან ან ამ არჩევანთან დაკავშირებული უფლებებდან გამომდინარე რაიმე გადახვევა.
2. პირებს, რომლებიც მიეკუთვნებიან ეროვნულ უმცირესობებს, შეუძლიათ ინდივიდუალურად, ისევე როგორც სხვებთან ერთად კავშირში, განახორციელონ ის უფლებები და ისარგებლონ იმ თავისუფლებებით, რომლებიც გამომდინარეობენ წინამდებარე ჩარჩო კონვენციით უზრუნველყოფილი პრინციპებიდან.
ნაწილი II
მუხლი 4
1. მხარეები იღებენ ვალდებულებას უზრუნველყონ ეროვნული უმცირესობებისადმი კუთვნილი პირების კანონის წინაშე თანასწორობა და კანონის მიერ მათი თანაბარი დაცვა. ამ მიმართებით აკრძალულია ეროვნული უმცირესობებისადმი კუთვნილებაზე დაფუძნებული ნებისმიერი დისკრიმინაცია.
2. აუცილებლობის შემთხვევაში, მხარეები იღებენ ვალდებულებას მიიღონ ადეკვატური ზომები იმისათვის, რომ ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური და კულტურული ცხოვრების ყველა სფეროში ხელი შეუწყონ მთლიანი და ეფექტური თანასწორობის დამკვიდრებას იმ პირებს შორის, რომლებიც მიეკუთვნებიან ეროვნულ უმცირესობას და იმათ შორის, რომლებიც მიეკუთვნებიან უმრავლესობას. ამ მხრივ, ისინი სათანადოდ გაითვალისწინებენ იმ პირთა სპეციფიკურ მდგომარეობას, რომლებიც მიეკუთვნებიან ეროვნულ უმცირესობებს.
3. მე-2 პუნქტის შესაბამისად მიღებული ზომები არ განიხილება როგორც დისკრიმინაციული აქტი.
მუხლი 5
1. მხარეები იღებენ ვალდებულებას შეუქმნან აუცილებელი პირობები იმ პირებს, რომლებიც მიეკუთვნებიან ეროვნულ უმცირესობებს, მათი კულტურის შენარჩუნებისა და განვითარებისათვის და მათი თვითმყოფადობის ძირითადი ელემენტების, კერძოდ, რელიგიის, ენის, ტრადიციებისა და კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად.
2. იმ ზომებისათვის ზიანის მუყენებლად, რომელთა მიღებაც ხდება მათი ზოგადი ინტეგრაციული პოლიტიკის შესაბამისად, მხარეებმა თავი უნდა შეიკავონ ისეთი პოლიტიკისა და პრაქტიკის განხორციელებისაგან, რომლებიც მიზნად ისახავენ ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილი პირების ასიმილაციას მათი სურვილის წინააღმდეგ და უნდა დაიცვან ეს პირები ნებისმიერი ქმედებისაგან, რომელიც მიზნად ისახავს ამგვარ ასიმილაციას.
მუხლი 6
1. მხარეები წაახალისებენ ტოლერანტობისა და კულტურათშორისი დიალოგის სულისკვეთებას და მიიღებენ ეფექტურ ზომებს მათ ტერიტორიებზე მცხოვრებ ყველა პირთა შორის ურთიერთპატივისცემის, ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის მხარდასაჭერად, კერძოდ, განათლების, კულტურისა და მასმედიის სფეროში, მიუხედავად ამ პირების ეთნიკური, კულტურული, ლინგვისტური ან რელიგიური კუთვნილებისა.
2. მხარეები იღებენ ვალდებულებას მიიღონ შესაბამისი ზომები იმ პირთა დასაცავად, რომლებიც შეიძლება გახდეს მუქარის ან დისკრიმინაციის, მტრული დამოკიდებულების ან ძალადობის ობიექტი მათი ეთნიკური, კულტურული, ლინგვისტური ან რელიგიური კუთვნილების გამო.
მუხლი 7
მხარეები უზრუნველყოფენ ყველა იმ პირის, რომელიც მიეკუთვნება ეროვნულ უმცირესობას, მშვიდობიანი შეკრების, გაერთიანების, აზრის გამოხატვის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლების უფლების პატივისცემას.
მუხლი 8
მხარეები იღებენ ვალდებულებას აღიარონ, რომ თითოეულ პირს, რომელიც მიეკუთვნება ეროვნულ უმცირესობას, აქვს უფლება გამოამჟღავნოს მისი რელიგია და დაარსოს რელიგიური დაწესებულებები, ასოციაციები და ორგანიზაციები.
მუხლი 9
1. მხარეები იღებენ ვალდებულებას აღიარონ, რომ ყოველი იმ პირის გამოხატვის თავისუფლების უფლება, რომელიც მიეკუთვნება ეროვნულ უმცირესობას, ასევე მოიცავს თავისუფლებას, გააჩნდეს მოსაზრებები და მიიღოს და გასცეს ინფორმაცია და იდეები უმცირესობის ენაზე სახელმწიფო ხელისუფლების ჩარევის გარეშე და საზღვრების მიუხედავად, მხარეები მათი სამართლებრივი სისტემების ფარგლებში უზრუნველყოფენ, რომ ეროვნული უმცირესობებისადმი კუთვნილი პირები არ განიცდიდნენ დისკრიმინაციას მასმედიის მათთვის ხელმისაწვდომობის მხრივ.
2. 1-ლი პუნქტი არ ზღუდავს მხარეებს დისკრიმინაციის გარეშე და ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, მოითხოვონ ხმოვანი რადიო და სატელევიზიო მაუწყებლობის ან კანონწარმოების ლიცენზირება.
3. მხარეები ხელს არ შეუშლიან იმ პირების მიერ ბეჭდვითი მედიის შექმნასა და გამოყენებას, რომლებიც მიეკუთვნებიან ეროვნულ უმცირესობებს. ხმოვანი რადიო და სატელევიზიო მაუწყებლობის სამართლებრივ ჩარჩოებში და 1-ლი პუნქტის დებულებათა გათვალისწინებით, ისინი მაქსიმალურად უზრუნველყოფენ, რომ იმ პირებს, რომლებიც მიეკუთვნებიან ეროვნულ უმცირესობებს, მინიჭებული ჰქონდეთ მათი მასმედიის საშულებების შექმნისა და გამოყენების უფლება.
4. მათი სამართლებრივი სისტემების ფარგლებში მხარეები მიიღებენ ადეკვატურ ზომებს იმ მიზნით, რომ უზრუნველყონ მასმედიისადმი ხელმისაწვდომობა იმ პირებისათვის, რომლებიც მიეკუთვნებიან ეროვნულ უმცირესობებს, ხელი შეუწყონ ტოლერანტობასა და ნება დართონ კულტურულ პლურალიზმს.
მუხლი 10
1. მხარეები იღებენ ვალდებულებას აღიარონ, რომ ყველა პირს, რომელიც მიეკუთვნება ეროვნულ უმცირესობას, თავისუფლად და ყოველგვარი ჩარევის გარეშე, აქვს უფლება გამოიყენოს მისი უმცირესობის ენა კერძოდ და საჯაროდ, ზეპირად და წერისას.
2. იმ ადგილებში, სადაც ტრადიციულად ან დიდი რაოდენობით ცხოვრობენ ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილი პირები, თუკი ეს პირები მოითხოვენ და სადაც ეს მოთხოვნა პასუხობს რეალურ საჭიროებას, მხარეები ეცდებიან შეძლებისდაგვარად უზრუნველყონ ისეთი პირობები, რომლებიც შესაძლებელს გახდიან უმცირესობის ენის გამოყენებას ამ პირებსა და ადმინისტრაციულ ორგანოებს შორის ურთიერთობებში.
3. მხარეები იღებენ ვალდებულებას უზრუნველყონ უფლება ყოველი პირისათვის, რომელიც მიეკუთვნება ეროვნულ უმცირესობას, იყოს დაუყოვნებლივ ინფორმირებული მისთვის გასაგებ ენაზე მისი დაპატიმრების მიზეზებისა და მის წინააღმდეგ არსებულ ყველა ბრალდების ხასიათისა და მიზეზის შესახებ და დაიცვას თავი ამ ენაზე, აუცილებლობის შემთხვევაში, თარჯიმნის უფასო დახმარებით.
მუხლი 11
1. მხარეები იღებენ ვალდებულებას აღიარონ, რომ ყველა პირს, რომელიც მიეკუთვნება ეროვნულ უმცირესობას, აქვს მისი გვარისა (პატრონიმი) და პირველი სახელების უმცირესობის ენაზე გამოყენების და მათი ოფიციალური აღიარების უფლება, მათი სამართლებრივი სისტემით დადგენილი პირობების შესაბამისად.
2. მხარეები ვლდებულებას იღებენ აღიარონ, რომ ყველა პირს, რომელიც მიეკუთვნება ეროვნულ უმცირესობას, აქვს უფლება გამოფინოს მისი უმცირესობის ენობრივი ნიშნები, წარწერები და სხვა პირადი ხასიათის ინფორმაცია, რომელიც შესამჩნევი იქნება საზოგადოებისათვის.
3. იმ ადგილებში, სადაც ტრადიციულად მნიშვნელოვანი რაოდენობით ცხოვრობენ პირები, რომლებიც მიეკუთვნებიან ეროვნულ უმცირესობებს, მხარეები მათი სამართლებრივი სისტემებისა და საჭიროების შესაბამისად, ასევე სხვა სახელმწიფოებთან შეთანხმებების ფარგლებში და მათი სპეციფიკური პირობების გათვალისწინებით, ეცდებიან გამოფინონ ტრადიციული ადგილობრივი სახელები, ქუჩის სახელები და საზოგადოებისათვის განკუთვნილი სხვა ტოპოგრაფიული მითითებანი უმცირესობის ენაზეც, როდესაც სახეზეა ამგვარი მითითებების არსებობის საკმარისი მოთხოვნა.
მუხლი 12
1. მხარეები, საჭიროების შემთხვევაში, მიიღებენ ზომებს განათლებისა და მეცნიერული კვლევის სფეროში თავიანთი ეროვნული უმცირესობებისა და უმრავლესობის კულტურის, ისტორიის, ენისა და რელიგიის ცოდნის გასაღრმავებლად.
2. ამ კონტექსტში, მხარეები, inter alia, უზრუნველყოფენ მასწავლებელთა პროფესიული მომზადებისა და სახელმძღვანელოებისადმი ხელმისაწვდომობის ადეკვატურ შესაძლებლობებს და ხელს შეუწყობენ კოტაქტებს სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფების მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის.
3. მხარეები ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ყველა დონის განათლებისადმი თანაბარი ხელმისაწვდომობა იმ პირებისათვის, რომლებიც მიეკუთვნებიან ეროვნულ უმცირესობებს.
მუხლი 13
1. მათი განათლების სისტემის ფარგლებში, მხარეები აღიარებენ, რომ ნებისმიერ პირებს, რომლებიც მიეკუთვნებიან ეროვნულ უმცირესობას, აქვთ უფლება შექმნან და წარმართონ მათი საკუთარი კერძო საგანმანათლებლო და პროფესიული მომზადების დაწესებულებები.
2. ამ უფლებების განხორციელებას შედეგად არ მოჰყვება მხარეთა რაიმე ფინანსური ვალდებულება.
მუხლი 14
1. მხარეები იღებენ ვალდებულებას აღიარონ, რომ ნებისმიერ პირს, რომელიც მიეკუთვნება ეროვნულ უმცირესობას, აქვს უფლება ისწავლოს მისი უმცირესობის ენაზე.
2. იმ ადგილებში, სადაც ტრადიციულად ან მნიშვნელოვანი რაოდენობით ცხოვრობენ ეროვნული უმცირესობებისადმი კუთვნილი პირები და თუკი არსებობს სათანადო მოთხოვნა, მხარეები თავიანთი განათლების სისტემის ფარგლებში ეცდებიან შეძლებისდაგვარად უზრუნველყონ, რომ პირებს, რომლებიც მიეკუთვნებიან ეროვნულ უმცირესობებს, ჰქონდეთ უმცირესობის ენაზე სწავლის ან ამ ენაზე ინსტრუქტაჟის მიღების ადეკვატური შესაძლებლობანი.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტი განხორციელდება ოფიციალური ენის სწავლის ან ამ ენაზე სწავლებისათვის ზიანის მიყენების გარეშე.
მუხლი 15
მხარეები შექმნიან აუცილებელ პირობებს ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილი პირების ეფექტური მონაწილეობისათვის კულტურულ, სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებასა და იმ საზოგადოებრივ საქმეებში, რომლებიც კერძოდ მათ ეხებათ.
მუხლი 16
მხარეები თავს შეიკავებენ იმ ზომების მიღებისაგან, რომლებიც ცვლიან მოსახლეობის პროპორციას იმ ადგილებში, სადაც ცხოვრობენ ეროვნული უმცირესობებისადმი კუთვნილი პირები და მიზნად ისახავენ წინამდებარე ჩარჩო კონვენციიდან გამომდინარე უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვას.
მუხლი 17
1. მხარეები იღებენ ვალდებულებას არ ჩაერიონ ეროვნული უმცირესობებისადმი კუთვნილი პირების უფლების განხორციელებაში, დაამყარონ და შეინარჩუნონ მშვიდობიანი ურთიერთობები საზღვარგარეთ იმ პირებთან, რომლებიც კანონიერად იმყოფებიან სხვა სახელმწიფოებში და კერძოდ იმათთან, რომლებთანაც მათ აკავშირებთ საერთო ეთნიკური, კულტურული, ლიგვისტური ან რელიგიური თვითმყოფადობა ან საერთო კულტურული მემკვიდრეობა.
2. მხარეები იღებენ ვალდებულებას არ ჩაერიონ ეროვნული უმცირესობებისადმი კუთვნილი პირების უფლების განხორციელებაში, მონაწილეობა მიიღონ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაში როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე.
მუხლი 18
1. მხარეები, აუცილებლობის შემთხვევაში, ეცდებიან დადონ ორხმრივი და მრავალმხრივი შეთანხმებები სხვა სახელმწიფოებთან, განსაკუთრებით მეზობელ სახელმწიფოებთან, რათა უზრუნველყონ იმ პირების დაცვა, რომლებიც მიეკუთვნებიან ეროვნულ უმცირესობებს.
2. სათანადო შემთხვევებში, მხარეები მიიღებენ ზომებს შესაბამისი ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის წასახალისებლად.
მუხლი 19
მხარეები იღებენ ვალდებულებას პატივი სცენ და განახორციელონ წინამდებარე ჩარჩო კონვენციიდან გამომდინარე პრინციპები და საჭიროების შემთხვევაში დააწესონ მხოლოდ ისეთი შეზღუდვები და გადახვევები, რაც დადგენილია საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტებით, კერძოდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციით, იმ ზომით, რითაც ისინი შესაბამისობაში იქნებიან ზემოხსენებული პრინციპებიდან გამომდინარე უფლებებსა და თავისუფლებებთან.
ნაწილი III
მუხლი 20
წინამდებარე ჩარჩო კონვენციის პრინციპებიდან გამომდინარე უფლებებისა და თავისუფლებების განხორციელებისას, ნებისმიერი პირი, რომელიც მიეკუთვნება ეროვნულ უმცირესობას, პატივს სცემს ეროვნულ კანონმდებლობას და სხვათა უფლებებს, კერძოდ იმათ უფლებებს, რომლებიც მიეკუთვნებიან უმრავლესობას ან სხვა ეროვნულ უმცირესობებს.
მუხლი 21
წინამდებარე ჩარჩო კონვენციაში არაფერი განიმარტება ისე, რომ ეს გულისხმობდეს რაიმე ქმედებაში ჩაბმის უფლებას ან რაიმე აქტის განხორციელებას საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების და კერძოდ, სახელმწიფოთა სუვერენული თანასწორობის, ტერიტორიული მთლიანობისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის პრინციპების საწინააღმდეგოდ.
მუხლი 22
წინამდებარე ჩარჩო კონვენციაში არაფერი განიმარტება ისე, რომ იზღუდებოდეს ან ირღვეოდეს ადამიანის რომელიმე უფლება და ძირითადი თავისუფლება, რომელიც უზრუნველყოფილია რომელიმე ხელშემკვრელი მხარის კანონებით ან ნებისმიერ სხვა შეთანხმებით, რომლის მხარესაც იგი წარმოადგენს.
მუხლი 23
წინამდებარე ჩარჩო კონვენციის პრინციპებიდან გამომდინარე უფლებები და თავისუფლებები, რამდენადაც ისინი წარმოადგენენ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან მისი ოქმის შესაბამისი დებულებების საგანს, გაგებულ იქნება ისე, რომ შეესატყვისებოდეს ამ უკანასკნელის დებულებებს.
ნაწილი IV
მუხლი 24
1. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი მოახდენს ხელშემკვრელი მხარეების მიერ ამ ჩარჩო კონვენციის განხორციელების მონიტორინგს.
2. მხარეები, რომლებიც არ არიან ევროპის საბჭოს წევრები, განხორციელების მექანიზმში მონაწილეობას იღებენ იმ მოდელით, რომელიც განსაზღვრული იქნება.
მუხლი 25
1. შესაბამისი ხელშემკვრელი მხარის მიმართ წინამდებარე ჩარჩო კონვენციის ძალაში შესვლიდან ერთი წლის ვადაში, მხარე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს მიაწვდის სრულ ინფორმაციას ამ ჩარჩო კონვენციაში მოცემული პრინციპების ასამოქმედებლად მიღებული საკანონმდებლო და სხვა ზომების შესახებ.
2. შემდგომში, თითოეული ხელშემკვრელი მხარე ამ ჩარჩო კონვენციის შესრულებასთან დაკავშირებულ შემდგომ ინფორმაციას გადასცემს გენერალურ მდივანს პერიოდულად და მინისტრთა კომიტეტის მოთხოვნის შემთხვევაში.
3. გენერალური მდივანი გადასცემს მინისტრთა კომიტეტს ამ მუხლის შესაბამისად მიწოდებულ ინფორმაციას.
მუხლი 26
მხარეთა მიერ ამ ჩარჩო კონვენციაში მოცემული პრინციპების ასამოქმედებლად მიღებული ზომების ადეკვატურობის შეფასებაში მინისტრთა კომიტეტს ეხმარება საკონსულტაციო კომიტეტი, რომლის წევრებსაც ექნებათ აღიარებული ცოდნა ეროვნული უმცირესობების დაცვის სფეროში. საკონსულტაციო კომიტეტის შემადგენლობა და მისი პროცედურები განისაზღვრება მინისტრთა კომიტეტის მიერ ამ ჩარჩო კონვენციის ძალაში შესვლიდან ერთი წლის ვადაში.
ნაწილი V
მუხლი 27
ეს კონვენცია ღიაა ხელმოსაწერად ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოებისათვის. კონვენციის ძალაში შესვლის თარიღამდე, იგი ღიაა ხელმოსაწერად ნებისმიერი სხვა სახელმწიფოსათვის, რომელსაც მოიწვევს მინისტრთა კომიტეტი. იგი ექვემდებარება რატიფიკაციას, მიღებას ან დამტკიცებას. სარატიფიკაციო, მიღების ან დამტკიცების დეპონირება ხდება ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან.
მუხლი28
1. ეს ჩარჩო კონვენცია ძალაში შედის იმ თვის პირველ დღეს, რომელიც მოსდევს სამთვიანი ვადის ამოწურვას თარიღიდან, როდესაც ევროპის საბჭოს თორმეტი წევრი სახელმწიფო 27-ე მუხლის დებულებათა შესაბამისად გამოხატავს თანხმობას კონვენციის სავალდებულოდ აღიარების შესახებ.
2. ნებისმიერი სხვა წევრი სახელმწიფოს მიმართ, რომელიც შემდგომში განაცხადებს თავის თანხმობას მისი სავალდებულოდ აღიარების შესახებ, ჩარჩო კონვენცია ძალაში შედის იმ თვის პირველ დღეს, რომელიც მოსდევს სამთვიანი ვადის ამოწურვას რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცების სიგელის დეპონირების თარიღიდან.
მუხლი 29
1. ამ ჩარჩო კონვენციის ძალაში შესვლისა და ხელშემკვრელ სახელმწიფოებთან კონსულტაციების შემდეგ, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს, ევროპის საბჭოს სტატუსის 20.d მუხლის შესაბამისად ხმათა უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილებით, შეუძლია მიიწვიოს ევროპის საბჭოს არაწევრი სახელმწიფო მიუერთდეს კონვენციას, მაგრამ ჯერ არ მოუწერია ხელი და ასევე ნებისმიერი სხვა არაწევრი სახელმწიფო.
2. ნებისმიერი მიერთებული სახელმწიფოსათვის, ჩარჩო კონვენცია ძალაში შედის სამთვიანი ვადის ამოწურვიდან პირველ დღეს, გენერალური მდივნისათვის მიერთების სიგელის შესანახად ჩაბარების თარიღიდან.
მუხლი 30
1. ნებისმიერ სახელმწიფოს ხელმოწერის ან მისი სარატიფიკაციო მიღების, დამტკიცების ან მიერთების სიგელის შესანახად დეპონირებისას შეუძლია განსაზღვროს ის ტერიტორია ან ტერიტორიები, რომელთა საერთაშორისო ურთიერთობებზეც იგი პასუხს აგებს და რომელთა მიმართაც მოხდება ამ ჩარჩო კონვენციის გამოყენება.
2. ყველა სახელმწიფოს მოგვიანებით ნებისმიერ დროს, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სახელზე გაკეთებული დეკლარაციის მეშვეობით, შეუძლია გაავრცელოს ამ ჩარჩო კონვენციის გამოყენება დეკლარაციაში მითითებულ ნებისმიერ სხვა ტერიტორიაზე. ამგვარი ტერიტორიის მიმართ, ჩარჩო კონვენცია ძალაში შედის სამთვიანი ვადის ამოწურვიდან პირველ დღეს, გენერალური მდივნის მიერ ამგვარი დეკლარაციის მიღების თარიღიდან.
3. წინა ორი პუნქტის შესაბამისად გაკეთებული ნებისმიერი დეკლარაცია, ამგვარ დეკლარაციაში მითითებული ტერიტორიების მიმართ, შეიძლება უკან იქნეს გამოთხოვილი გენერალური მდივნის სახელზე მიმართული შეტყობინება. უკან გამოთხოვა ძალაში შედის სამთვიანი ვადის ამოწურვიდან პირველ დღეს გენერალური მდივნის მიერ ამგვარი შეტყობინების მიღების თარიღიდან.
მუხლი 31
1. ნებისმიერ ყველა მხარეს ნებისმიერ დროს შეუძლია დენონსაცია გაუკეთოს ამ ჩარჩო კონვენციას ევროპის საბჭოს გენერალური მდივნისათვის შეტყობინების გაგზავნის საშუალებით.
2. ამგვარი დენონსაცია ძალაში შედის იმ თვსი პირველ დღეს, რომელიც მოსდევს ექვსთვიანი ვადის ამოწურვიდან პირველივე დღეს, გენერალური მდივნის მიერ შეტყობინების მიღების თარიღიდან.
მუხლი 32
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი აცნობებს ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს, სხვა ხელმომწერ სახელმწიფოებსა და სახელმწიფოებს, რომლებიც მიუერთდნენ ამ ჩარჩო კონვენციას:
a) ნებისმიერი ხელმოწერის შესახებ;
b) ნებისმიერი სარატიფიკაციო მიღების, დამტკიცების ან მიერთების სიგელის დეპონირების შესახებ;
c) ამ ჩარჩო კონვენციის 28-ე, 29-ე და 30-ე მუხლების შესაბამისად ძალაში შესვლის შესახებ;
d) ნებისმიერი სხვა აქტის შეტყობინების ან შეტყობინებების შესახებ, რომელიც ეხება ამ ჩარჩო კონვენციას.
ამის დასტურად ქვემორე სათანადო სრულად უფლებამოსილმა ხელმომწერებმა, ხელი მოაწერეს წინამდებარე ჩარჩო კონვენციას.
შესრულებულია სტრასბურგში 1995 წლის თებერვლის პირველ დღეს ინგლისურ და ფრანგულ ენებზე. ორივე ტექსტი არის თანაბრად ავთენტური. შედგენილია თითო ეგზემპლარად, რომელიც ინახება ევროპის საბჭოს არქივებში. ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი გადასცემს დამოწმებულ ასლებს ევროპის საბჭოს თითოეულ წევრ სახელმწიფოს და ნებისმიერ სხვა სახელმწიფოს, რომელიც მიწვეულია ხელი მოაწეროს ან მიუერთდეს ამ ჩარჩო კონვენციას.
დოკუმენტის კომენტარები