კონვენცია ყოველწლიანი ფასიანი შვებულებების შესახებ

  • Word
კონვენცია ყოველწლიანი ფასიანი შვებულებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 24/06/1936
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 31/05/2000
ძალაში შესვლის თარიღი 22/09/1939
სარეგისტრაციო კოდი 000000430.00.003.000343
  • Word
24/06/1936
გაურკვეველი, -, 31/05/2000
000000430.00.003.000343
კონვენცია ყოველწლიანი ფასიანი შვებულებების შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

კონვენცია 52.

კონვენცია ყოველწლიანი ფასიანი შვებულებების შესახებ[1]

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურმა კონფერენციამ, რომელიც ჟენევაში მოიწვია შრომის საერთაშოიროს ბიუროს ადმინისტრაციულმა საბჭომ და 1936 წლის 4 ივნისს შეიკრიბა თავის მეოცე სესიაზე, დაადგინა რა ყოველწლიური ფასიანი შვებულებების შესახებ მთელი რიგი წინადადებების მიღება, რაც სესიის დღის წესრიგის მეორე პუნქტს წარმოადგენს, გადაწყვიტა ამ წინადადებებს მისცეს საერთაშორისო კონვენციის ფორმა, ათას ცხრაას ოცდათექვსმეტი წლის ივნისის ოცდამეოთხე დღეს იღებს ქვემოთ მოყვანილ კონვენციას, რომელსაც შეიძლება ეწოდოს ფასიანი შვებულების შესახებ 1936 წლის კონვენცია:

    მუხლის 1

1. წინამდებარე კონვენცია გამოიყნება ყველა პირისადმი, რომელიც დასაქმებულია ნებისმიერ შემდეგ საწარმოში ან ნებისმიერ დაწესებულებაში, იმისდა მიუხედავად, სახელმწიფოა ისინი თუ კერძო:

ა) საწარმოებში, რომლებიც ნივთებს აწარმოებენ, ცვლიან, წმენდენ, არემონტებენ, ამკობენ, გასაყიდად ამზადებენ, შლიან ან ანადგურებენ ან რომლებიც მასალებს გადაამაუშავებენ, მათ შორის გემთსაშენ საწარმოებში ან წარმოებებში, ელექტროენერგიის ან ნებისმიერი სახის მამოძრავებელი ძალის ტრანსპორმაციის ან გადაცემის საწარმოებში;

ბ) საწარმოებში, რომლებიც მთლიანად ან უმთავრესად მშენებლობას, რეკონსტრუქციას, დაცვა-შენახვას, რემონტს, გარდაქმნას ან დემონტაჟს ეწევიან:

·         შენობების,

·         სარკინიგზო ლიანდაგების,

·         ტრამვაის ხაზების,

·         აეროპორტების,

·         ნავსადგურების,

·         ნავმისადგომების,

·         პირსების,

·         წყალდიდობისგან ან სანაპიროს ეროზიისგან დამცავი ნაგებობების,

·         არხების,

·         შიდა, საზღვაო ან საჰაერო ნავიგაციისათვის გამიზნული ნაგებობების,

·         გზების,

·         გვირაბების,

·         ხიდების,

·         ვიადუკების,

·         საკანალიზაციო სისტემების,

·         წყალსადინარების,

·         ჭების,

·         საირიგაციო და საშრობი ნაგებობების, ელექტროკავშირგაბმულობის მოწყობილობის,

·         გაზის ან ელექტროენერგიის წარმოებისა და განაწილების საწარმოების,

·         მილსადენების,

·         წყალმომარაგების სისტემების,

·         და საწარმოებში, რომლებიც ეწევიან სხვა მსგავს სამუშაოებს ან მშენებლობისათვის მომზადებას ან ზემოხსენებულ სამუშაოებამდე საძირკვლის ჩაყრას;

გ) საწარმოებში, რომლებიც ეწევიან მგზავრთა გადაყვანას ან საქონლის გადაზიდვას გზატკეცილებითა ან რკინიგზით, შიდა საწყლოსნო გზებით ან საჰაერო გზებით, მათ შორის ტვირთის დამუშვებას ნავსადგურებში, ნავმისაბმელებში, ნავმისადგომებში, საწყობებში ან აეროპორტებში;

დ) შახტებში, კარიერებში ან მიწიდან სხვა სასარგებლო წიაღისეულის მომპოვებელ სხვა საწარმოებში;

ე) კომერციულ ან სავაჭრო საწარმოებში, მათ შორის ფოსტისა და ელექტროკავშირგაბმულობის დაწესებულებებში;

ვ) დაწესებულებებსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში, რომელთა პერსონალი უმთავრესად საკანცელარიო მუშაობას ეწევა;

ზ) პერიოდული პრესის საწარმოებში;

თ) ავადმყოფების, დავრდომილების, ღატაკებისა და გიჟების მკურნალობისა და მოვლის დაწესებულებებში;

ი) სასტუმროებში, რესტორნებში, პანსიონებში, სასადილოებში, კლუბებში, კაფეებსა და სხვა მსგავს საზოგადოებრივი კვების დაწესებულებებში;

კ) თეატრებსა და საზოგადოებრივ გასართობ ადგილებში;

ლ) შერეულ კომერციულ და სამრეწველო საწარმოებში, რომლებსაც მთლიანად არ მოიცავს წინა კატეგორიები.

2. ყოველი ქვეყნის კომპეტენტური ორგანო დამქირავებელთა და მუშაკთა ძირითად დაინტერესებულ ორგანიზაციებთან კონსულტაციების შემდეგ, სადაც ასეთები არსებობს, ერთმანეთისაგან მიჯნავს წინა პუნქტში განსაზღვრულ საწარმოებსა და დაწესებულებებს, ერთი მხრივ, და იმ საწარმოებსა და დაწესებულებებს, მეორე მხრივ, რომელთა მიმართაც ეს კონვენცია არ გამოიყენება.

3. ყოველი ქვეყნის ხელისუფლების კომპეტენტურ ორგანოს შეუძლია წინამდებარე კონვენციის გამოყენების სფეროდან გამორიცხოს:

ა) იმ საწარმოებსა და დაწესებულებებში დასაქმებული პირები, რომლებშიც დასაქმებული არიან მხოლოდ დამქირავებლის ოჯახის წევრები;

ბ) სახელმწიფო დაწესებულებებში დასაქმებული პირები, სადაც მუშაობის პირობები მათ აძლევს ყოველწლიური ხელფასიანი შვებულების უფლებას, სულ ცოტა იმ შვებულების ხანგრძლივობით, რომელიც წინამდებარე კონვენციითაა განსაზღვრული.

    მუხლი 2

1. ყოველ პირს, რომლის მიმართაც წინამდებარე კონვენცია გამოიყენება, უფლება აქვს ერთი წლის ხანგრძლივობით უწყვეტი მუშაობის შემდეგ ისარგებლოს ყოველწლიური ფასიანი შვებულებით, რომელიც სულ ცოტა ექვსი სამუშაო დღის ტოლი იქნება.

2. თექვსმეტ წელზე უმცროსი ასაკის პირებს, მათ შორის მოწაფეებს, უფლება აქვთ ერთი წლის ხანგრძლივობით უწყვეტი მუშაობის შემდეგ ისარგებლონ ყოველწლიური ფასიანი შვებულებით, რომელიც სულ ცოტა თორმეტი სამუშაო დღის ტოლი იქნება.

3. ყოველწლიურ ფასიან შვებულებაში არ შედის:

ა) ოფიციალური და ტრადიციული დღესასწაულები;

ბ) ავადმყოფობის მიზეზით მუშაობის შეწყვეტა.

4. ეროვნული კანონებითა და წესებით შეიძლება დამუშავებულ იქნეს განსაკუთრებული გარემოებისას ყოველწლიური ფასიანი შვებულების იმ წილის ნაწილებად დაყოფა, რომელიც აღემატება წინამდებარე წესით დადგენილ მინიმალურ ხანგრძლივობას.

5. ყოველწლიური ფასიანი შვებულების ხანგრძლივობა მატულობს მუშაობის სტაჟის ხანგრძლივობის შესაბამისად, იმ პირობების საფუძველზე, რომლებიც დადგენილია ეროვნული კანონებით ან წესებით.

    მუხლი 3

ყოველი პირი, რომელიც შვებულებაში გადის წინამდებარე კონვენციის მე-2 მუხლის თანახმად, შვებულების მთელი ხანგრძლივობის განმავლობაში იღებს:

ა) ან თავის ჩვეულებრივ გასამრჯელოს, რომელიც გამოთვლილია ეროვნული კანონებით ან წესებით, მისი ნატურით ანაზღაურების, თუ ასეთი არსებობს, ფულადი ეკვივალენტის დანამატით;

ბ) ან კოლექტიური შეთანხმებით განსაზღვრულ გასამრჯელოს.

    მუხლი 4

ნებისმიერი შეთანხმება, რომელიც გამორიცხავს ყოველწლიური ფასიანი შვებულების უფლებას ან რომელიც არ იძლევა ასეთი შვებულების უფლებას, ბათილად ითვლება.

    მუხლი 5

ეროვნული კანონები ან წესები შეიძლება ითვალისწინებდეს, რომ პირს, რომელიც დასაქმებული იქნება ანაზღაურებად სამუშაოზე ამ კონვენციის თანახმად მისი კუთვნილი ერთწლიანი შვებულების განმავლობაში, შეიძლება არ მიეცეს ანაზღაურება შვეულების პერიოდის განმავლობაში.

    მუხლი 6

კუთვნილი შვებულებით სარგებლობამდე დამქირავებელთა მიზეზით დათხოვნილი პირი ამ კონვენციის თანახმად მისი კუთვნილი შვებულების ყოველი დღისათვის იღებს მე-3 მუხლით გათვალისწინებულ გასამრჯელოს.

    მუხლი 7

წინამდებარე კონვენციის დებულებების ეფექტიანი განხორციელების გასაადვილებლად ყოველმა დამქირავებელმა კომპეტენტური ხელისუფლების მიერ მოწონებული ფორმით უნდა აწარმოოს ჩანაწერი, რომელიც აჩვენებს:

ა) მის მიერ დაქირავებული ყოველი პირის სამუშაოზე მიღების თარიღს და ყოველწლიური ფასიანი შვებულების ხანგრძლივობას, რომლით სარგებლობის უფლებაც აქვს ყოველ ასეთ პირს;

ბ) ყოველი პირის ყოველწლიურ ფასიან შვებულებაში გასვლის თარიღს;

გ) ყოველწლიური ფასიანი შვებულების პერიოდში ყოველი პირის მიერ მიღებულ გასამრჯელოს.

    მუხლი 8

ორგანიზაციის ყოველი წევრი, რომელიც წინამდებარე კონვენციის რატიფიკაციას ახდენს, შეიმუშავებს სანქციების სისტემას ამ კონვენციის დებულებათა გამოყენების უზრუნველყოფისათვის.

    მუხლი 9

წინამდებარე კონვენციაში არაფერი არ არღვევს კანონით, სასამართლო გადაწყვეტილებით, წეს-ჩვეულებით ან დამქირავებლებსა და მუშაკებს შორის შეთანხმებით დადგენილ რაიმე დებულებას, რომლებიც უზრუნველყოფს უფრო ხელსაყრელ პირობებს, ვიდრე წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული პირობებია.

    მუხლი 10

წინამდებარე კონვენციის რატიფიკაციის შესახებ ოფიციალური დოკუმენტები რეგისტრაციისათვის ეგზავნება შრომის საერთაშორისო ბიუროს გენერალურ დირექტორს.

    მუხლი 11

1. წინამდებარე კონვენცია ვრცელდება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მხოლოდ იმ წევრებზე, რომელთა დოკუმენტები რატიფიკაციის შესახებ რეგისტრირებულია გენერალური დირექტორის მიერ.

2. იგი ძალაში შედის თორმეტი თვის შემდეგ, რაც გენერალური დირექტორი მოახდენს რატიფიკაციის შესახებ ორგანიზაციის ორი წევრის დოკუმენტების რეგისტრაციას.

3. შემდგომ წინამდებარე კონვენცია ორგანიზაციის ყოველი წევრისათვის ძალაში შედის თორმეტ თვეში რატიფიკაციის შესახებ მისი დოკუმენტის რეგისტრაციის თარიღიდან.

    მუხლი 12

როგორც კი რეგისტრირებული იქნება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ორი წევრის დოკუმენტები რატიფიკაციის შესახებ, შრომის საერთაშორისო ბიუროს გენერალური დირექტორი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ყველა წევრს ატყობინებს ამის შესახებ. იგი მათ ატყობინებს აგრეთვე რატიფიკაციის შესახებ ყველა დოკუმენტის რეგისტრაციის თაობაზე, რომლებიც შემდგომ მიიღო ორგანიზაციის სხვა წევრთაგან.

    მუხლი 13

1. ორგანიზაციის ნებისმიერ წევრს, რომელმაც წინამდებარე კონვენციის რატიფიკაცია მოახდინა, შეუძლია მისი დენონსირება მისი თავდაპირველი ძალაში შესვლის დღიდან ათწლიანი პერიოდის გასვლის შემდეგ დენონსაციის შესახებ აქტის მეშვეობით, რომელიც შრომის საერთაშორისო ბიუროს გენერალურ დირექტორს ეგზავნება რეგისტრაციისათვის. დენონსაცია ძალაში შედის ერთ წელიწადში დენონსაციის შესახებ აქტის რეგისტრაციის შემდეგ.

2. წინამდებარე კონვენციის რატიფიკაციის მომხდენი ორგანიზაციის ყოველი წევრი, რომელიც წინა პუნქტში ნახსენები ათწლიანი პერიოდის გასვლის შემდეგ ერთი წლის ვადაში არ ისარგებლებს წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული დენონსაციის თავისი უფლებით, შემდგომი ათი წლის პერიოდის განმავლობაში ხელშეკრული იქნება და შემდგომ წინამდებარე კონვენციის დენონსაციას შეძლებს ყოველი ათწლიანი პერიოდის გასვლის შემდეგ წინამდებარე მუხლით დადგენილი წესით.

    მუხლი 14

ყოველთვის, როცა შრომის საერთაშორისო ბიუროს ადმინისტაციული საბჭო ამას საჭიროდ მიიჩნევს, იგი გენერალურ კონფერენციას წარუდგენს მოხსენებას წინამდებარე კონვენციის გამოყენების შესახებ და გადაწყვეტს, ღირს თუ არა კონფერენციის დღის წესრიგში მისი სრული ან ნაწილობრივი გადასინჯვის შესახებ საკითხის შეტანა.

    მუხლი 15

1. იმ შემთხვევაში, თუ კონფერენცია მიიღებს ახალ კონვენციას, რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ გადასინჯავს წინამდებარე კონვენციას, და თუ ახალ კონვენციაში საპირისპირო არ არის გათვალისწინებული:

ა) ორგანიზაციის რომელიმე წევრის მიერ ახალი, გადამსინჯავი კონვენციის რატიფიკაცია ავტომატურად იწვევს, მე-13 მუხლის დებულებათა მიუხედავად, წინამდებარე კონვენციის დაუყოვნებლივ დენონსაციას იმ პირობით, რომ ახალი, გადამსინჯავი კონვენცია ძალაში შევიდა;

ბ) ახალი, გადამსინჯავი კონვენციის ძალაში შესვლის თარიღიდან მოყოლებული წინამდებარე კონვენცია დახურულია ორგანიზაციის წევრთა მიერ მისი რატიფიკაციისათვის.

2. წინამდებარე კონვენცია ყოველ შემთხვევაში ფორმით და შინაარსით ძალაში რჩება ორგანიზაციის იმ წევრთა მიმართ, რომლებმაც მოახდინეს მისი რატიფიკაცია, მაგრამ არ მოუხდენიათ ახალი, გადამსინჯავი კონვენციის რატიფიკაცია.

    მუხლი 16

წინამდებარე კონვენციის ფრანგულ და ინგლისურ ტექსტებს თანაბარი ძალა აქვთ.



[1] ძალაში შესვლის თარიღი: 1939 წლის 22 სექტემბერი. კონვენცია 1970 წელს გადაისინჯა 132 კონვენციით. 132 კონვენციის ძალაში შესვლის დროიდან 52 კონვენცია რატიფიკაციისათვის დახურულია.