კონვენცია დასაქმების პოლიტიკის შესახებ

კონვენცია დასაქმების პოლიტიკის შესახებ
დოკუმენტის ნომერი
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 09/07/1964
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 31/05/2000
ძალაში შესვლის თარიღი 15/07/1966
სარეგისტრაციო კოდი 000000430.00.003.000347
09/07/1964
გაურკვეველი, -, 31/05/2000
000000430.00.003.000347
კონვენცია დასაქმების პოლიტიკის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

კონვენცია 122

კონვენცია დასაქმების პოლიტიკის შესახებ [1]

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურმა კონფერენციამ, რომელიც მოწვეულ იქნა ჟენევაში შრომის საერთაშორისო ბიუროს ადმინისტრაციული საბჭოს მიერ და შეიკრიბა 1964 წლის 17 ივნისს თავის ორმოცდამერვე სესიაზე, იღებს რა მხედველობაში, რომ ფილადელფიის დეკლარაცია აღიარებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის საზეიმო ვალდებულებას ხელი შეუწყოს მსოფლიოს ქვეყნების მიერ ისეთი პროგრამების მიღებას, რომელთა მიზანია სრული დასაქმების მიღწევა და ცხოვრების დონის ამაღლება, და რომ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წესდების პრეამბულა ითვალისწინებს ბრძოლას უმუშევრობასთან და ისეთი ხელფასის გარანტიას, რომელიც უზრუნველყოფს ცხოვრების დამაკმაყოფილებელ პირობებს, შემდგომში იღებს რა მხედველობაში, რომ ფილადელფიის დეკლარაციის ძალით შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მოვალეობებში შედის პოლიტიკის ფინანსური და ეკონომიკური ასპექტების გავლენის შესწავლა და განხილვა დასაქმების პოლიტიკაზე ამ დეკლარაციით აღიარებული ძირითადი მიზნის შუქზე, რომ „ყველა ადამიანს, მიუხედავად რასისა, სარწმუნოებისა და სქესისა უფლება აქვს განახორციელოს საკუთარი მატერიალური კეთილდღეობა და სულიერი განვითარება თავისუფლებისა და ღირსების, ეკონომიკური მდგრადობისა და თანაბარ შესაძლებლობათა პირობებში“, იღებს რა მხედველობაში, რომ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია ითვალისწინებს, რომ „თითოეულ ადამიანს გააჩნია შრომისა და უმუშევრობისგან დაცვის უფლება“, ითვალისწინებს რა არსებულ შრომის საერთაშორისო კონვენციებსა და რეკომენდაციებს, რომელთაც პირდაპირი კავშირი აქვთ დასაქმების პოლიტიკასთან, და განსაკუთრებით 1948 წლის კონვენციასა და რეკომენტაციას დასაქმების სამსახურთა შესახებ; 1949 წლის რეკომენდაციას პროფესიული ორიენტირების შესახებ; 1962 წლის რეკომენდაციას პროფესიული სწავლებისა და 1958 წლის კონვენციას შრომისა და დასაქმების დარგში დისკრიმინაციის შესახებ, იღებს რა მხედველობაში, რომ ეს აქტები ჩართულნი უნდა იყვნენ ეკონომიკური განვითარების პროგრამის უფრო ფართო ჩარჩოებში სრული, ნაყოფიერი და თავისუფლად არჩეული დასაქმების საფუძველზე, დაადგინა რა მიიღოს რიგი წინადადებებისა დასაქმების პოლიტიკის შესახებ, რაც წარმოადგნეს სესიის დღის წესრიგის მერვე პუნქტს, გადაწყვიტა რა მისცეს ამ წინადადებებს კონვენციის ფორმა, იღებს ამა მეცხრე დღეს ათას ცხრაას სამოცდაოთხი წლის მეცხრე დღისა ქვემორე კონვენციას, რომელსაც შეიძლება ეწოდოს 1964 წლის კონვენცია დასაქმების პოლიტიკის შესახებ.

    მუხლი 1

1. ეკონომიკური ზრდისა და განვითარების სტიმულირების, ცხოვრების დონის ამაღლების, მუშახელით დაკმაყოფილებისა და უმუშევრობისა და არასრული დასაქმების ლიკვიდაციის მიზნით ორგანიზაციის თითოეული წევრი განახორციელებს როგორც მთავარ მიზანს აქტიურ პოლიტიკას, მიმართულს სრული, ნაყოფიერი და თავისუფლად არჩეული დასაქმების ხელშეწყობისკენ.

2. ამ პოლიტიკის მიზანია უზრუნველყოს, რათა:

a) სამუშაო იყოს ყველასათვის, ვინც მზადაა მუშაობისათვის და ეძებს სამუშაოს;

b) ასეთი სამუშაო იყოს რაც შეიძლება ნაყოფიერი;

c) არსებობდეს არჩევანის თავისუფლება დასაქმებისას და ყველაზე ფართო შესაძლებლობები თითოეული მუშაკისათვის მიიღოს მომზადება და გამოიყენოს თავისი ჩვევები და შესაძლებლობები სამუშაოს შესასრულებლად, რომლისთვისაც ის ვარგისია, მიუხედავად რასისა, კანის ფერისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური შეხედულებებისა, უცხოური წარმოშობისა ან სოციალური წარმოშობისა.

3. ეს პოლიტიკა სათანადოდ ითვალისწინებს ეკონომიკური განვითარების სტადიასა და დონეს და ურთიერთკავშირს დასაქმების მიზნებსა და სხვა ეკონომიკურ და სოციალურ მიზნებს შორის, და იგი ხორციელდება მეთოდებით, რომლებიც შეესატყვისება ეროვნულ პირობებსა და პრაქტიკას.

    მუხლი 2

ეროვნული პირობებისადმი შესაბამისი მეთოდების მეშვეობით და იმ ზომით, რამდენადაც ამის საშუალებას ეს პირობები იძლევა, ორგანიზაციის თითოეული წევრი:

a) განსაზღვრავს და პერიოდულად გადასინჯავს კოორდინირებული ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის ფარგლებში ზომებს, რომელთა მიღებაც საჭიროა 1 -ლ მუხლში აღნიშნული მიზნების მისაღწევად;

b) გადადგამს ნაბიჯებს, რაც შეიძლება აუცილებელი იყოს ამ ზომების გამოყენებისათვის, მათ შორის, იმ შემთხვევებში, როცა ეს მიზანშეწონილია, პროგრამების შემუშავებასაც.

    მუხლი 3

წინამდებარე კონვენციის გამოყენებისას სავარაუდო ზომებით დაინტერესებული წრეების წარმომადგენლები, კერძოდ, სამუშაოს მიმცემთა და მუშაკთა ორგანიზაციები, მიიწვევიან კონსულტაციებზე დასაქმების პოლიტიკის თაობაზე, რათა მთლიანად იქნეს გათვალისწინებული მათი გამოცდილება და მოსაზრება და უზრუნველყოფილ იქნას მათი სრული თანამშრომლობა ასეთი პოლიტიკის ჩამოყალიბებასა და მხარდაჭერაში.

    მუხლი 4

ოფიციალური დოკუმენტები წინამდებარე კონვენციის რატიფიკაციის შესახებ ეგზავნება შრომის საერთაშორისო ბიუროს გენერალურ დირექტორს რეგისტრაციისათვის.

    მუხლი 5

1. წინამდებარე კონვენცია ეხება შრომის საერთაშორისო ორგანიაციის მხოლოდ იმ წევრებს, ვისი სარატიფიკაციო დოკუმენტებიც რეგისტრირებულია გენერალური დირექტორის მიერ.

2. იგი ძალაში შედის თორმეტი თვის შემდეგ, რაც გენერალური დირექტორი დაარეგისტრირებს ორგანიზაციის ორი წევრის სარატიფიკაციო დოკუმენტებს.

3. შემდგომში წინამდებარე კონვენცია ძალაში შედის ორგანიზაციის თითოეული წევრის მიმართ მისი სარატიფიკაციო დოკუმენტის რეგისტრაციის თარიღიდან თორმეტი თვის შემდეგ.

    მუხლი 6

1. ორგანიზაციის ნებისმიერ წევრს, რომელმაც მოახდინა წინამდებარე კონვენციის რატიფიცირება, შეუძლია მისი ძალაში თავდაპირველი შესვლიდან ათწლიანი პერიოდის ამოწურვის შემდგომ მოახდინოს მისი დენონსირება დენონსაციის შესახებ აქტის მეშვეობით, რომელიც ეგზავნება შრომის საერთაშორისო ბიუროს გენერალურ დირექტორს რეგისტრაციისათვის. დენონსაცია ძალაში შედის სადენონსაციო აქტის რეგისტრაციიდან ერთი წლის შემდეგ.

2. ორგანიზაციის თითოეული წევრი, რომელმაც მოახდინა წინამდებარე კონვენციის რატიფიცირება, და რომელიც ერთი წლის ვადაში წინა პუნქტში მითითებული ათწლიანი პერიოდის ამოწურვის შემდეგ არ ისარგებლებს თავისი წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული დენონსაციის უფლებით, შებოჭილი იქნება შემდგომი ათწლიანი პერიოდით და შემდგომში შეეძლება წინამდებარე კონვენციის დენონსირება ყოველი ათწლიანი პერიოდის ამოწურვისას წინამდებარე მუხლით დადგენილი წესით.

    მუხლი 7

1. შრომის საერთაშორისო ბიუროს გენერალური დირექტორი ატყობინებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ყველა წევრს ყველა სარატიფიკაციო დოკუმენტის, განცხადებებისა და დენოსაციის შესახებ აქტების რეგისტრაციის თაობაზე, რომლებიც მიიღება ორგანიზაციის წევრებისაგან.

2. ატყობინებს რა ორგანიზაციის წევრებს მის მიერ რატიფიკაციის შესახებ მეორე დოკუმენტის მიღების თაობაზე, გენერალური დირექტორი მათ ყურადღებას ამახვილებს წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის თარიღზე.

    მუხლი 8

შრომის საერთაშორისო ბიუროს გენერალური დირექტორი გაეროს გენერალურ მდივანს სარეგისტრაციოდ უგზავნის, გაეროს წესდების 102 მუხლის შესაბამისად, სრულ ცნობებს რატიფიკაციის შესახებ ყველა დოკუმენტის, განცხადებისა და სადენონსაციო აქტის თაობაზე, რომლებიც დარეგისტრირებულია მის მიერ წინა მუხლის დებულებათა შესაბამისად.

    მუხლი 9

ყოველთვის, როდესაც შრომის საერთაშორისო ბიუროს ადმინისტრაციული საბჭო თვლის ამას აუცილებალად, იგი წარუდგენს გენერალურ კონფერენციას მოხსენებას წინამდებარე კონვენციის გამოყენების შესახებ და წყვეტს, ჩართულ იქნას თუ არა კონფერენციის დღის წესრიგში საკითხი მისი სრული ან ნაწილობრივი გადასინჯვის თაობაზე.

    მუხლი 10

1. იმ შემთხვევაში, თუკი კონფერენცია მიიღებს ახალ კონვენციას, რომელიც სრულად ან ნაწილობრივ გადასინჯავს წინამდებარე კონვენციას, და თუ ახალ კონვენციაში საპირისპირო არაა გათვალისწინებული, მაშინ:

a) ორგანიზაციის რომელიმე წევრის მიერ ახალი, გადამსინჯავი კონვენციის რატიფიცირება იწვევს წინამდებარე კონვენციის ავტომატურ, მე-6 მუხლის მიუხედავად, დენონსაციას, იმ პირობით, რომ ახალი გადამსინჯავი კონვენცია ძალაში შევიდა;

b) დაწყებული ახალი, გადამსინჯავი კონვენციის ძალაში შესვლის თარიღიდან წინამდებარე კონვენცია იხურება რატიფიკაციისათვის ორგანიზაციის წევრების მიერ.

2. წინამდებარე კონვენცია ყოველი შემთხვევისათვის ძალაში რჩება თავისი ფორმითა და შინაარსით ორგანიზაციის იმ წევრების მიმართ, რომლებმაც მოახდინეს მისი რატიფიცირება, მაგრამ არ მოუხდენიათ ახალი, გადამსინჯავი კონვენციის რატიფიცირება.

    მუხლი 11

წინამდებარე კონვენციის ინგლისურ და ფრანგულ ტექსტებს თანაბარი ძალა აქვს.



[1] ძალაში შესვლის თარიღი: 1966 წლის 15 ივლისი.