ტრანსნაციონალურ ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ გაერო-ს კონვენციის ოქმი - სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო საშუალებებით მიგრანტთა საზღვარზე უკანონო გადაყვანის აღკვეთის შესახებ

  • Word
ტრანსნაციონალურ ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ გაერო-ს კონვენციის ოქმი - სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო საშუალებებით მიგრანტთა საზღვარზე უკანონო გადაყვანის აღკვეთის შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 12/12/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 31/01/2007
ძალაში შესვლის თარიღი 05/10/2006
სარეგისტრაციო კოდი 480150000.03.030.000632
  • Word
-
12/12/2000
გაურკვეველი, -, 31/01/2007
480150000.03.030.000632
ტრანსნაციონალურ ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ გაერო-ს კონვენციის ოქმი - სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო საშუალებებით მიგრანტთა საზღვარზე უკანონო გადაყვანის აღკვეთის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ გაეროს კონვენციის

ოქმი

სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო საშუალებებით მიგრანტთა საზღვარზე უკანონო გადაყვანის აღკვეთის შესახებ

პრეამბულა

ამ ოქმის მონაწილე სახელმწიფოები

აცხადებენ, რომ სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო საშუალებებით მიგრანტთა საზღვარზე უკანონო გადაყვანის წინააღმდეგ ბრძოლა ითვალისწინებს მრავალმხრივი საერთაშორისო მიდგომის შემუშავებას, რაც გულისხმობს თანამშრომლობას, ინფორმაციის გაცვლას და სხვა სათანადო ღონისძიებებს,

მიუთითებენ 1999 წლის 22 დეკემბრის გენერალური ასამბლეის №54/212 რეზოლუციაზე, რომლითაც გენერალურმა ასამბლეამ წევრ-სახელმწიფოებსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სისტემას მოუწოდა საერთაშორისო მიგრაციისა და განვითარების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებისკენ, მიგრაციის გამომწვევი მიზეზების, კერძოდ, სიღარიბით გამოწვეული მიგრაციის შესწავლისა და საერთაშორისო მიგრაციასთან დაკავშირებული შეღავათების ზრდის მიზნით; ამასთან, აღნიშნული რეზოლუციით ასამბლეამ მოუწოდა რეგიონთაშორის, რეგიონალურ და ქვერეგიონალურ სტრუქტურებს, მიგრაციასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობის გაგრძელებისაკენ,

დარწმუნებულნი არიან, რომ მიგრანტები უზრუნველყოფილნი უნდა იქნენ ჰუმანური მოპყრობითა და გარანტირებული უნდა ჰქონდეთ მათი უფლებების სრული დაცვა,

მხედველობაში იღებენ იმ გარემოებას, რომ საერთაშორისო ფორუმებზე ჩატარებული სამუშაოების მიუხედავად, არ არსებობს უნივერსალური დოკუმენტი, რომელიც დაარეგულირებდა მიგრანტთა საზღვარზე უკანონო გადაყვანასა და მასთან დაკავშირებული სხვა საკითხებს,

შეშფოთებას გამოთქვამენ, რომ დამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფები სულ უფრო მზარდი რაოდენობით ჩადიან მიგრანტთა საზღვარზე უკანონო გადაყვანასთან დაკავშირებულ და ამ ოქმით გათვალისწინებულ სხვა დანაშაულებს, რაც სახელმწიფოებს დიდ ზიანს აყენებს,

შეშფოთებას გამოთქვმენ აგრეთვე იმის გამო, რომ მიგრანტების უკანონოდ გადაყვანა საზღვარზე საფრთხეს უქმნის თვით ამ მიგრანტების სიცოცხლესა და უსაფრთხოებას;

მიუთითებენ გენერალური ასამბლეის 1998 წლის 9 დეკემბრის №53/111 რეზოლუციაზე, რომლის საფუძველზეც ასამბლეამ გადაწყვიტა დაეარსებინა ღია მთავრობათშორისი ad hoc კომიტეტი ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ მრავალმხრივი საერთაშორისო კონვენციის შემუშავებისა და, inter alia, საერთაშორისო ხელშეკრულების განხილვის მიზნით, რომელიც ეხება მიგრანტებით უკანონო ვაჭრობას და მათ ტრანსპორტირებას, მათ შორის საზღვაო საშუალებებით,

დარწმუნებულნი არიან, რომ ამ დანაშაულის აღკვეთისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნებისთვის მიზანშეწონილია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენციას ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის შესახებ დაემატოს ოქმი მიგრანტთა სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო საშუალებებით საზღვარზე უკანონოდ გადაყვანის აღკვეთის შესახებ,

შეთანხმდნენ შემდეგზე:

I. ზოგადი დებულებები

    მუხლი 1. ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენციასთან ურთიერთკავშირი

1. გაეროს კონვენციას ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ დაემატოს წინამდებარე ოქმი. ამ ოქმის განმარტება უნდა მოხდეს კონვენციასთან ერთობლიობაში.

2. კონვენციის დებულებები, mutatis mutandis, გამოიყენება ამ ოქმის მიმართ, თუ ამ ოქმით სხვა რამ არ არის დადგენილი.

3. ამ ოქმის მე-6 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულები ჩაითვალოს კონვენციით გათვალისწინებული დანაშაულების კატეგორიაში.

    მუხლი 2. მიზანი

ამ ოქმის მიზანია მიგრანტთა საზღვარზე უკანონო გადაყვანის აღკვეთა და მის წინააღმდეგ ბრძოლა და ამ მიზნით წევრ-სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, საზღვარზე უკანონოდ გადასული მიგრანტების უფლებათა დაცვის პირობით.

    მუხლი 3. გამოყენებული ტერმინების მნიშვნელობა

ამ ოქმის მიზნებისთვის:

(a) „მიგრანტთა საზღვარზე უკანონო გადაყვანა“ ნიშნავს პირდაპირ ან არაპირდაპირ ფინანსური თუ სხვა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით პირის უკანონო შესვლის უზრუნველყოფას წევრ- სახელმწიფოში, რომლის მოქალაქეც ან მუდმივი მაცხოვრებელიც არ არის ეს პირი;

(b) „უკანონო შესვლა“ ნიშნავს საზღვრის გადაკვეთას მიმღებ სახელმწიფოში შესასვლელად კანონით დადგენილი წესების დარღვევით;

(c) „ყალბი სამგზავრო ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი“ ნიშნავს სამგზავრო ან პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს:

i. რომელიც დამზადებულია გაყალბების გზით ან სხვაგვარად არსებითადაა შეცვლილი იმ პირის ან უწყების მიერ, რომელიც სახელმწიფოს სახელით და კანონით არ არის უფლებამოსილი დაამზადოს ან გასცეს სამგზავრო ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ან

ii. რომელიც გაცემულია დადგენილი წესის დარღვევით ან მოპოვებულია სხვა პირის გამოცხადების, კორუფციის, იძულების ან სხვა უკანონო გზით; ან

iii. რომელიც გამოიყენება იმ პირის მიერ, რომელიც არ არის მისი კანონიერი მფლობელი.

(d) „გემი“ ნიშნავს ნებისმიერი სახის წყლის ტრანსპორტს, მათ შორის არაწყალწყვითი სახეობის ტრანსპორტს და ჰიდროთვითმფრინავებს, რომლებიც გამოიყენება ან შეიძლება გამოყენებულ იქნეს წყალზე გადაადგილების საშუალებად, გარდა სახელმწიფოს კუთვნილი ან მის ექსპლოატაციაში მყოფი სამხედრო ხომალდის, დამხმარე სამხედრო საზღვაო ხომალდის ან სხვა გემისა, რომელიც მოცემულ მომენტში იმყოფება მხოლოდ სახელმწიფო არაკომერციულ სამსახურში.

    მუხლი 4

მოქმედების სფერო

ეს ოქმი, თუ მასში სხვა რამ რა არის დადგენილი, გამოიყენება ამ ოქმის მე-6 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების აღკვეთის, გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებისათვის, როდესაც აღნიშნული დანაშაულები ატარებს ტრანსნაციონალურ ხასიათს და მოიცავს დამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფის საქმიანობას, ასევე იმ პირთა დაცვის მიზნით, რომლებიც წარმოადგენენ აღნიშნული დანაშაულების ობიექტს.

    მუხლი 5. მიგრანტთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა

მიგრანტები არ შეიძლება მიცემულ იქნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში იმ ფაქტის გამო, რომ ისინი გახდნენ ამ ოქმის მე-6 მუხლში ჩამოთვლილი ქმედებების ობიექტი.

    მუხლი 6. კრიმინალიზაცია

1. თითოეული წევრი სახელმწიფო ვალდებულია, გაატაროს ისეთი საკანონმდებლო და სხვა ღონისძიებები, რომლებიც აუცილებელია, რათა სისხლის სამართლის დანაშაულად გამოცხადდეს ამ ოქმის მე-6 მუხლში მითითებული ქმედებები, როდესაც ისინი ჩადენილია განზრახ, პირდაპირ ან არაპირდაპირ, ფინანსური ან სხვა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით:

(a) მიგრანტთა საზღვარზე უკანონო გადაყვანა;

(b) ერთ-ერთი ქვემოთ განსაზღვრული ქმედება ჩადენილი მიგრანტთა საზღვარზე უკანონოდ გადაყვანის მიზნით:

i. ყალბი სამგზავრო ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის შექმნა;

ii. ასეთი დოკუმენტის შეძენა, გადაცემა ან ფლობა;

(c) ამ პუნქტის (b) ქვეპუნქტში აღნიშნული ქმედების ან სხვა უკანონო ქმედების გზით, იმ პირისთვის, რომელიც არ არის მოცემული სახელმწიფოს მოქალაქე ან არ გააჩნია ამ სახელმწიფოში მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ამ სახელმწიფოში დარჩენის შესაძლებლობის მიცემა, საამისოდ კანონით დადგენილ მოთხოვნათა შესრულების გარეშე.

2. თითოეული წევრი სახელმწიფო აგრეთვე ვალდებულია, გაატაროს ისეთი საკანონმდებლო და სხვა სახის ღონისძიებები, რომლებიც აუცილებელია, რათა სისხლის სამართლის დანაშაულად გამოცხადდეს:

(a) ქვეყანაში არსებული სამართლებრივი სისტემის ძირითადი დებულებების დაცვის პირობით, ამ მუხლის 1-ლი პუნქტით დადგენილი დანაშაულის ჩადენის მცდელობა;

(b) თანამონაწილეობა ამ მუხლის 1-ლი პუნქტის (a),(b)(i) ან (c) ქვეპუნქტებით დადგენილ დანაშაულში და, ქვეყანაში მოქმედი სამართლებრივი სისტემის ძირითადი დებულებების დაცვის პირობით, თანამონაწილეობა ამ მუხლის (1)(b)(ii) პუნქტით დადგენილ დანაშაულში;

(c) ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ორგანიზება, და/ან ხელმძღვანელობა.

3. თითოეული წევრი სახელმწიფო ვალდებულია გაატაროს ისეთი საკანონმდებლო და სხვა ღონისძიებები, რაც აუცილებელია იმისათვის რომ ქვეყანაში მოქმედი სამართლებრივი სისტემის ძირითადი დებულებების დაცვის პირობით, ამ მუხლის 1-ლი პუნქტის (a),(b)(i) და (c) ქვეპუნქტებით დადგენილი დანაშაულების და, ამ მუხლის მე-2 პუნქტის (b) და (c) პუნქტებით დადგენილი დანაშაულების დამამძიმებელ გარემოებებად გამოცხადდეს:

(a) გარემოებები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ან შეიძლება შეუქმნან მიგრანტების სიცოცხლეს ან უსაფრთხოებას; და

(b) გარემოებები, რასაც შედეგად მოჰყვა ამ მიგრანტების მიმართ არაჰუმანური ან დამამცირებელი მოპყრობა ანდა მათი ექსპლოატაცია.

4. ამ ოქმის არცერთი პუნქტი არ ზღუდავს წევრ-სახელმწიფოს, მიიღოს ზომები იმ პირის წინააღმდეგ, რომლის ქმედებაც დასჯადია მისი შიდა კანონმდებლობით.

II. მიგრანტთა უკანონო გადაყვანა საზღვაო საშუალებებით

    მუხლი 7. თანამშრომლობა

წევრი სახელმწიფოები მაქსიმალურად თანამშრომლობენ საზღვაო საშუალებებით მიგრანტთა უკანონო გადაყვანის აღკვეთის საქმეში, საერთაშორისო საზღვაო სამართლის შესაბამისად.

    მუხლი 8. საზღვაო საშუალებებით მიგრანტთა უკანონო გადაყვანის წინააღმდეგ მიმართული ზომები

1. იმ გემის მიმართ, რომელზეც აღმართულია ამ ქვეყნის ალამი ან რომელიც აცხადებს, რომ რეგისტრირებულია ამ სახელმწიფოში, ანდა რომელიც არ ეკუთვნის არც ერთ სახელმწიფოს ან რომელიც, მართალია, ატარებს უცხო ქვეყნის ალამს ან უარს ამბობს ალმის ჩვენებაზე, მაგრამ სინამდვილეში ეკუთვნის ამ წევრ-სახელმწიფოს, თუ წევრ-სახელმწიფოს აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს გემი გამოიყენება მიგრანტების ზღვით უკანონო გადაყვანაში, მას შეუძლია სხვა წევრ-სახელმწიფოებს სთხოვოს დახმარება ამ გემის მიმოსვლის აღკვეთის მიზნით. ასეთი თხოვნის მიმღებმა სახელმწიფოებმა თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში უნდა უზრუნველყონ მაქსიმალური დახმარების გაწევა.

2. იმ გემის მიმართ, რომელიც ახორციელებს თავისუფალ ნაოსნობას საერთაშორისო სამართლის შესაბამისად და ატარებს სხვა წევრი სახელმწიფოს ალამს ან რეგისტრაციის აღმნიშვნელ ნიშნებს, თუ წევრ-სახელმწიფოს აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს გემი გამოიყენება მიგრანტების ზღვით უკანონო გადაყვანაში, მას შეუძლია ამის შესახებ აცნობოს ალმის სახელმწიფოს, მოითხოვოს რეგისტრაციის ფაქტის დადასტურება და, დადასტურების შემთხვევაში, სთხოვოს ალმის სახელმწიფოს ამ გემის მიმართ სათანადო ზომების გატარების ნებართვა. მოთხოვნის გამგზავნ სახელმწიფოს ალმის სახელმწიფომ შეიძლება ნებართვა მისცეს შემდეგზე:

(a) ამ გემზე ასვლა;

(b) გემზე ჩხრეკის ჩატარება; და

(c) თუ მოპოვებულია მტკიცებულება, რომ ეს გემი გამოიყენება ზღვით მიგრანტების გადაყვანაში – გემისა და მასზე მყოფი პირებისა და ტვირთის მიმართ სათანადო ზომების მიღება, ალმის სახელმწიფოს მიერ გაცემული ნებართვის შესაბამისად.

3. წევრი სახელმწიფო, რომელმაც მიიღო ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ზომები, ვალდებულია ალმის სახელმწიფოს დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ამ ზომების გატარების შედეგების შესახებ.

4. წევრმა სახელმწიფომ სწრაფად უნდა შეასრულოს მეორე წევრი სახელმწიფოს თხოვნა და დაადგინოს, არის თუ არა გემი სინამდვილეში რეგისტრირებული მის ტერიტორიაზე და აქვს თუ არა მას მისი ალმით ცურვის უფლება; ასევე დაუყოვნებლივ უნდა შესრულდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ნებართვის გაცემის მოთხოვნა.

5. ალმის სახელმწიფოს, ამ ოქმის მე-7 მუხლის მოთხოვნათა დაცვით, შეუძლია ნებართვის გაცემას საფუძვლად დაუდოს მასსა და თხოვნის გამგზავნ წევრ-სახელმწიფოს შორის შეთანხმებული პირობები, მათ შორის ვალდებულებებთან და გასატარებელ ზომებთან დაკავშირებით დადგენილი პირობები. წევრ-სახელმწიფოს უფლება არა აქვს განახორციელოს რაიმე დამატებითი ღონისძიება ალმის სახელმწიფოს მკაფიოდ ფორმულირებული ნებართვის გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენის მიზნით, ან თუ ეს გათვალისწინებულია შესაბამისი ორმხრივი ან მრავალმხრივი ხელშეკრულებით.

6. თითოეული წევრი სახელმწიფო ვალდებულია დანიშნოს თავისი უწყება ან, საჭიროების შემთხვევაში უწყებები, რომლებიც ვალდებულნი იქნებიან უზრუნველყონ დახმარების შესახებ მოთხოვნების მიღება და პასუხის გაცემა, რეგისტრაციის ფაქტის ან ალმის ტარების უფლების დადასტურება და შესაბამისი ღონსძიებების განხორციელების მიზნით ნებართვის გაცემა. დასახელებული უწყების შესახებ, გენერალური მდივნის მეშვეობით, უნდა ეცნობოს ყველა სხვა წევრ-სახელმწიფოს დანიშვნიდან ერთი თვის ვადაში.

7. თუ წევრ-სახელმწიფოს აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ გემი ჩაბმულია მიგრანტთა ზღვით უკანონო გადაყვანაში და ამ გემს არ აქვს მოქალაქეობა ან შეიძლება ჩაითვალოს, რომ მას არა აქვს მოქალაქეობა, ამ წევრ-სახელმწიფოს შეუძლია უზრუნველყოს ასეთ გემზე ასვლა და ჩხრეკის ჩატარება. თუ აღმოჩნდა ეჭვის დამადასტურებელი მტკიცებულება, ამ წევრ-სახელმწიფოს შეუძლია მიიღოს თავისი შიდა კანონმდებლობითა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ზომები.

    მუხლი 9. საგარანტიო დებულებები

1. წევრი სახელმწიფო, რომელიც გემის მიმართ ატარებს ამ ოქმის მე-8 მუხლით გათვალისწინებულ ზომებს, ვალდებულია:

(a) უზრუნველყოს გემზე მყოფი პირების უსაფრთხოება და მათ მიმართ ჰუმანური მოპყრობა;

(b) სათანადო ყურადღება მიაქციოს იმას, რომ საფრთხე არ შეექმნას გემს ან მასზე არსებულ ტვირთს;

(c) სათანადო ყურადღება მიაქციოს იმას, რომ ზიანი არ მიადგეს ალმის სახელმწიფოს ან სხვა დაინტერესებული სახელმწიფოს ეკონომიკურ თუ იურიდიულ ინტერესებს;

(d) რამდენადაც ეს შესაძლებელია უზრუნველყოს, რომ გემის მიმართ ზომების გამოყენებისას ზიანი არ მიადგეს გარემოს.

2. იმ შემთხვევაში, თუ საფუძველს მოკლებული აღმოჩნდა ამ ოქმის მე-8 მუხლით გათვალისწინებული ზომების მიღება, გემს უნდა აუნაზღაურდეს მიყენებული ზარალი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გემს არ ჩაუდენია ისეთი ქმედება, რაც გაამართლებდა ამ ზომების მიღებას.

3. ამ თავის შესაბამისად ნებისმიერი ზომის მიღების ან განხორციელებისას, სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ ხელყოფილი არ იქნეს ან არ შეიზღუდოს:

(a) სანაპირო სახელმწიფოების საერთაშორისო საზღვაო სამართლით გათვალისწინებული უფლებები და ვალდებულებები, აგრეთვე მათ მიერ იურისდიქციის განხორციელების უფლება; ან

(b) ალმის სახელმწიფოს უფლებამოსილება, განახორციელოს იურისდიქცია და ადმინისტრაციული, ტექნიკური და სოციალური კონტროლი გემთან მიმართებაში.

4. ამ თავის შესაბამისად ზღვაზე ნებისმიერი ზომის მიღება შეუძლიათ მხოლოდ სამხედრო ხომალდებს ან სამხედრო თვითმფრინავებს ანდა სხვა გემებს ან თვითმფრინავებს, რომელთაც აქვთ აშკარად გამოკვეთილი ამოსაცნობი ნიშნები, რომ ისინი იმყოფებიან სახელმწიფო სამსახურში და სარგებლობენ აღნიშნული უფლებამოსილებით.

III. აღკვეთის, თანამშრომლობის და სხვა ღონისძიებები

    მუხლი 10. ინფორმაცია

1. ამ ოქმის მიზნებისათვის და კონვენციის 27-ე და 28-ე მუხლების შეუზღუდავად, წევრი სახელმწიფოები, განსაკუთრებით, მეზობელი ან მიგრანტთა უკანონო გადაყვანის მარშრუტზე მდებარე სახელმწიფოები, თავიანთი შიდა სამართლებრივი და ადმინისტრაციული სტრუქტურების მოთხოვნათა შესაბამისად, ვალდებულნი არიან, გაცვალონ ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე:

(a) ჩასხდომისა და საბოლოო დანიშნულების პუნქტები, აგრეთვე მარშრუტები, გადამზიდველები და სატრანსპორტო საშუალებები, თუ არსებობს ინფორმაცია ან ეჭვი, რომ ისინი გამოიყენება ამ ოქმის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ ქმედებებში მონაწილე დამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფების მიერ;

(b) ორგანიზაციების ან დამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფების ვინაობა და მოქმედების მეთოდები, თუ არსებობს ინფორმაცია ან ეჭვი, რომ ისინი ჩაბმულნი არიან ამ ოქმის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ ქმედებებში;

(c) წევრი სახელმწიფოს მიერ გაცემული სამგზავრო დოკუმენტების ნამდვილობა და დადგენილ ფორმასთან შესაბამისობა, აგრეთვე სამგზავრო ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ბლანკების მოპარვის ან ბოროტად გამოყენების სხვა ფაქტი;

(d) პირთა გადამალვისა და ტრანსპორტირების საშუალებები და მეთოდები, ამ ოქმის მე-6 მუხლში ჩამოთვლილ ქმედებათა განხორციელების მიზნით სამგზავრო ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების უკანონო შეცვლის, რეპროდუცირების ან შეძენის ფაქტები და ასეთი დოკუმენტების გამოვლენის გზები;

(e) ამ ოქმის მე-6 მუხლში ჩამოთვლილი ქმედებების აღკვეთასა და მათ წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული საკანონმდებლო გამოცდილება, პრაქტიკა და სხვა შესაძლო ზომები;

(f) სამართალდამცავი ორგანოებისთვის სასარგებლო სამეცნიერო და ტექნოლოგიური ინფორმაცია, რომელიც ხელს შეუწყობს ამ ოქმის მე-6 მუხლით გათვალისწინებული ქმედებების აღკვეთას, გამოვლენას, გამოძიებასა და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებას.

2. ინფორმაციის მიმღები წევრი სახელმწიფო ვალდებულია, შეასრულოს ინფორმაციის გამგზავნი წევრი სახელმწიფოს ნებისმიერი მოთხოვნა ინფორმაციის შეზღუდულად გამოყენებასთან დაკავშირებით.

    მუხლი 11. სასაზღვრო ღონისძიებები

1. პირთა თავისუფალ გადაადგილებასთან დაკავშირებული საერთაშორისო ვალდებულებების შეუზღუდავად, წევრი სახელმწიფოები, რამდენადაც ეს შესაძლებელია, გააძლიერებენ საზღვრის კონტროლის ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც შეიძლება საჭირო გახდეს მიგრანტთა უკანონო გადაყვანის აღკვეთისა და გამოვლენისათვის.

2. თითოეული წევრი სახელმწიფო, შესაძლებლობების ფარგლებში მიიღებს საკანონმდებლო და სხვა სახის ზომებს, რაც საჭიროა იმისათვის, რომ აღიკვეთოს კომერციულ გადამზიდველთა სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებით ამ ოქმის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის (a) ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

3. საჭიროების შემთხვევაში და მოქმედი საერთაშორისო კონვენციების შეუზღუდავად, ასეთი ღონისძიება შეიძლება გულისხმობდეს კომერციული გადამზიდველებისთვის, მათ შორის  სატრანსპორტო კომპანიებისათვის ან სატრანსპორტო საშუალების მფლობელებისთვის და ოპერატორებისათვის შესაბამისი ვალდებულების დაკისრებას, იმ მიზნით, რომ დადგინდეს, აქვს თუ არა ყველა მგზავრს მიმღებ სახელმწიფოში შესვლისათვის საჭირო ყველა აუცილებელი სამგზავრო დოკუმენტი.

4. შიდა კანონმდებლობის შესაბამისად, თითოეული წევრი სახელმწიფო იღებს ზომებს, რომელთა საფუძველზეც დაწესდება სანქციები ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევისათვის.

5. შიდა კანონმდებლობის შესაბამისად, თითოეული წევრი სახელმწიფო განიხილავს ისეთი ზომების მიღების შესაძლებლობას რომლითაც შესაძლებელია, ამ ოქმით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირებისთვის მათ ქვეყანაში შესვლაზე უარის თქმა ან მათთვის ვიზების გაუქმება.

6. კონვენციის 27-ე მუხლის შეუზღუდავად, წევრი სახელმწიფოები მხედველობაში იღებენ სასაზღვრო კონტროლის ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობას, მათ შორის, პირდაპირი საკომუნიკაციო არხების შექმნისა და ოპერირების გზით.

    მუხლი 12. უსაფრთხოება დოკუმენტების კონტროლი

თითოეული წევრი სახელმწიფო მიიღებს ისეთი ზომები, რათა:

(a) გაცემული სამგზავრო ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები იყოს ისეთი ხარისხის, რომ იოლად არ მოხდეს მათი ბოროტად გამოყენება ანდა გაყალბება ან უკანონოდ შეცვლა, დუბლირება ან გაცემა;

(b) წევრი სახელმწიფოს მიერ ან მისი სახელით გაცემული სამგზავრო ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების მთლიანობა და უსაფრთხოება იყოს დაცული და არ მოხდეს მათი უკანონო შექმნა, გამოცემა და გამოყენება.

    მუხლი 13. დოკუმენტების ნამდვილობა და მოქმედების ვადა

მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში, წევრი სახელმწიფო ვალდებულია, თავისი შიდა კანონმდებლობის შესაბამისად, გონივრულ ვადაში დაამოწმოს იმ სამგზავრო ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ნამდვილობა და მოქმედების ვადა, რომლებიც გაცემულია მისი სახელით ან არსებობის ვარაუდი, რომ ისინი გაცემულია მისი სახელით და რომელთა დაკავშირებითაც არსებობს ეჭვი, რომ ისინი შეიძლება გამოყენებული იყოს ამ ოქმის მე-6 მუხლში ჩამოთვლილი ქმედებების განხორციელების მიზნით.

    მუხლი 14. სწავლება და ტექნიკური თანამშრომლობა

1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ საიმიგრაციო და სხვა შესაბამისი უწყებების თანამშრომლებისთვის იმ სპეციალიზებული სასწავლო პროგრამების ჩატარება, რომლებიც შეეხება ამ ოქმის მე-6 მუხლში ჩამოთვლილი ქმედებების აღკვეთას და იმ პირთა მიმართ ჰუმანურ მოპყრობას, რომლებიც გახდნენ ამ ქმედებების ობიექტი, ამ ოქმით გათვალისწინებული უფლებების დაცვის პირობით.

2. წევრი სახელმწიფოები, საჭიროების მიხედვით, ითანამშრომლებენ ერთმანეთთან და კომპეტენტურ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სხვა შესაბამის დაწესებულებებთან და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან იმისათვის, რომ მათ ტერიტორიაზე მოხდეს შესაბამისი პერსონალის ადეკვატური მომზადება ამ ოქმის მე-6 მუხლში ჩამოთვლილი ქმედებების აღკვეთის, აღმოფხვრის და მათ წინააღმდეგ ბრძოლის, აგრეთვე ამ ქმედებების ობიექტი მიგრანტების უფლებათა დაცვის მიზნით. ასეთი სასწავლო კურსები შეიძლება შეეხებოდეს შემდეგ საკითხებს:

(a) სამგზავრო დოკუმენტების დაცვითი ნიშნებისა და ხარისხის გაუმჯობესება;

(b) ყალბი სამგზავრო ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ამოცნობა და გამოვლენა;

(c) ოპერატიული ინფორმაციის მოძიება, მათ შორის, დამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფების წევრთა ვინაობის შესახებ, რომლებზეც არსებობს ინფორმაცია ან ეჭვი, რომ ისინი ჩაბმულნი არიან ამ ოქმის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ ქმედებებში, აგრეთვე მიგრანტთა უკანონო გადაყვანისას გამოყენებული ტრანსპორტირების მეთოდების, ამ ოქმის მე-6 მუხლში ჩამოთვლილ ქმედებათა ჩასადენად სამგზავრო ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ბოროტად გამოყენების და უკანონოდ გადაყვანილი მიგრანტების გადამალვის მეთოდების შესახებ;

(d) სახელმწიფო სასაზღვრო ან სხვა სახის გამშვებ პუნქტებზე უკანონოდ გადაყვანილი პირების გამოვლენის პროცედურების გაუმჯობესება;

(e) მიგრანტთა მიმართ ჰუმანური მოპყრობა და ამ ოქმით გათვალისწინებული უფლებების დაცვა.

3. სათანადო გამოცდილების მქონე სახელმწიფოები განიხილავენ შესაძლებლობას, ტექნიკური დახმარება აღმოუჩინონ სახელმწიფოებს, რომლებიც ხშირად წარმოადგენენ ამ ოქმის მე-6 მუხლში ჩამოთვლილი ქმედებებით დაზარალებული პირების წარმოშობის ან ტრანზიტის ქვეყნებს. წევრი სახელმწიფოები ყოველმხრივ შეეცდებიან, გამოყონ აუცილებელი რესურსები, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალებები, კოპიუტერული სისტემები და დოკუმენტის ამომცნობი ხელსაწყოები მე-6 მუხლში ჩამოთვლილ ქმედებათა წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით.

    მუხლი 15. სხვა პრევენციული ღონისძიებები

1. თითოეული წევრი სახელმწიფო მიიღებს ზომებს იმისათვის, რომ შეიმუშაოს ან გააძლიეროს საინფორმაციო პროგრამები, რათა მოხდეს საზოგადოების ინფორმირება იმის შესახებ, რომ ამ ოქმის მე-6 მუხლში ჩამოთვლილი ქმედებები წარმოადგენს დანაშაულებრივ საქმიანობას, რომელსაც ხშირად ჩადიან დამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფები სარგებლის მიღების მიზნით და რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ასეთ მიგრანტებს.

2. კონვენციის 31-ე მუხლის შესაბამისად, წევრი სახელმწიფოები ითანამშრომლებენ საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდების დარგში იმ მიზნით, რომ თავიდან იქნეს აცილებული პოტენციური მიგრანტის გადაქცევა დამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფის მსხვერპლად.

3. თითოეული წევრი სახელმწიფო, საჭიროების მიხედვით, შეიმუშავებს ან გააძლიერებს განვითარებისა და თანამშრომლობის პროგრამებს ეროვნულ, რეგიონალურ და საერთაშორისო დონეზე, რომლებშიც გაითვალისწინებს მიგრაციის სოციალურ-ეკონომიკურ ფაქტორებს და განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს ეკონომიკურად და სოციალურად ჩამორჩენილ რეგიონებს იმისათვის, რომ ებრძოლოს მიგრანტთა უკანონო გადაყვანის გამომწვევ ძირითად სოციალურ და ეკონომიკურ მიზეზებს, როგორიცაა სიღარიბე და განვითარების დაბალი დონე.

    მუხლი 16. დაცვისა და დახმარების მიზნით გატარებული ღონისძიებები

1. ამ ოქმის განხორციელებისას, თითოეული წევრი სახელმწიფო, თავისი საერთაშორისო ვალდებულებების გათვალისწინებით, მიიღებს ყველა საჭირო ღონისძიებებას, მათ შორის საკანონმდებლოს, ამ ოქმის მე-6 მუხლში ჩამოთვლილი ქმედებების ობექტ მიგრანტთა იმ უფლებების დაცვის მიზნით, რომლებიც მათ ენიჭებათ შესაბამისი საერთაშორისო-სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, კერძოდ სიცოცხლის უფლება, ასევე უფლება, არ დაექვემდებარონ წამებას ან სხვა სასტიკ, არაჰუმანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან სასჯელს.

2. თითოეული წევრი-სახელმწიფო მიიღებს საჭირო ზომებს იმისათვის, რომ მიგრანტებს მიეცეთ სათანადო დაცვით სარგებლობის უფლება ნებისმიერი პირის ან პირთა ჯგუფის მიერ განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით, რომელიც მიზნად ისახავს მიგრანტების გადაქცევას ამ ოქმის მე-6 მუხლში ჩამოთვლილი ქმედებების ობიექტად.

3. თითოეული წევრი სახელმწიფო ვალდებულია, სათანადო დახმარება აღმოუჩინოს მიგრანტებს, რომელთა სიცოცხლეს ან უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრება იმის გამო, რომ ისინი გახდნენ ამ ოქმის მე-6 მუხლში ჩამოთვლილი ქმედებების ობიექტი.

4. ამ მუხლის დებულებათა გამოყენებისას წევრმა სახელმწიფოებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ ქალებისა და ბავშვების ინტერესებს.

5. თუ პირი, რომელიც გახდა ამ ოქმის მე-6 მუხლში ჩამოთვლილი ქმედებების ობიექტი დაკავებულია, თითოეული წევრი სახელმწიფო უნდა დაემორჩილოს საკონსულო ურთიერთობათა შესახებ ვენის კონვენციით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, იმ მოთხოვნას, რომ დაკავებულ პირს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საკონსულო თანამდებობის პირებისთვის შეტყობინების გაგზავნისა და მათთან კომუნიკაციის უფლების შესახებ ვენის კონვენციის დებულებები.

    მუხლი 17. ხელშეკრულებები და შეთანხმებები

წევრი სახელმწიფოები განიხილავენ შესაძლებლობას, რომ დადონ ორმხრივი ან მრავალმხრივი ხელშეკრულებები ან ოპერაციული ხასიათის შეთანხმებები ანდა ურთიერთგაგების მემორანდუმები, რომლებიც მიზნად ისახავს:

(a) ამ ოქმის მე-6 მუხლში ჩამოთვლილი ქმედებების აღკვეთისა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე მიზანშეწონილი და ეფექტური ღონისძიებების შემუშავებას;

(b) ამ ოქმის დებულებათა გაფართოებას.

    მუხლი 18. უკანონოდ გადაყვანილი მიგრანტების უკან დაბრუნება

1. წევრი სახელმწიფო ვალდებულია, დაუსაბუთებელი გაჭიანურების გარეშე დაიბრუნოს ის პირი, რომელიც გახდა ამ ოქმის მე-6 მუხლში ჩამოთვლილი ქმედებების ობიექტი და რომელიც უკან დაბრუნების მომენტისთვის არის მისი მოქალაქე ან მასში მუდმივად მცხოვრები პირი.

2. თითოეულ წევრი სახელმწიფო განიხილავს იმ პირის უკან დაბრუნებისა და მიღების შესაძლებლობას, რომელიც გახდა ამ ოქმის მე-6 მუხლში ჩამოთვლილი ქმედებების ობიექტი და რომელსაც მისი კანონმდებლობის შესაბამისად ჰქონდა მის ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრების უფლება მიმღებ სახელმწიფოში შესვლის მომენტისთვის.

3. მიმღები სახელმწიფოს მოთხოვნით, მოთხოვნის მიმღებმა წევრმა სახელმწიფომ, დაუსაბუთებელი ან არაგონივრული დაყოვნების გარეშე, უნდა შეამოწმოს არის თუ არა პირი, რომელიც გახდა ამ ოქმის მე-6 მუხლში ჩამოთვლილი ქმედებების ობიექტი, მისი მოქალაქე ან მის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები პირი.

4. იმ პირის დაბრუნების ხელშეწყობის მიზნით, რომელიც გახდა ამ ოქმის მე-6 მუხლში ჩამოთვლილი ქმედებების ობიექტი და, რომელსაც არ აქვს სათანადო დოკუმენტაცია, წევრი სახელმწიფო, რომლის მოქალაქე ან მუდმივი მაცხოვრებელიც არის ეს პირი, ვალდებულია გასცეს, მიმღები სახელმწიფოს მოთხოვნით, ისეთი სამგზავრო დოკუმენტები ან სხვა ნებართვა, რომელიც აუცილებელია ამ პირის მიერ მის ტერიტორიაზე დაბრუნებისა და შესვლისათვის.

5. თითოეული წევრი სახელმწიფო, რომელიც დაინტერესებულია იმ პირის დაბრუნებით, რომელიც გახდა ამ ოქმის მე-6 მუხლში ჩამოთვლილი ქმედებების ობიექტი, უნდა მიიღოს ყველა საჭირო ზომა ორგანიზებულად დაბრუნების უზრუნველყოფის მიზნით და პირის ღირსებისა და უსაფრთხოების ინტერესების დაცვით.

6. წინამდებარე მუხლის განხორციელების მიზნით წევრ-სახელმწიფოებს შეუძლიათ ითანამშრომლონ საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

7. ეს მუხლი არ შეზღუდავს მიმღები სახელმწიფოს კანონმდებლობის საფუძველზე იმ პირთათვის მინიჭებულ უფლებებს, რომლებიც წარმოადგენენ ამ ოქმის მე-6 მუხლში ჩამოთვლილი ქმედებების ობიექტს.

8. ეს მუხლი არ შეზღუდავს ნებისმიერ სხვა ორმხრივი თუ მრავალმხრივი ხელშეკრულებით ან ოპერაციული ხასიათის ხელშეკრულებით ან შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს, რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ არეგულირებს იმ პირთა დაბრუნების საკითხებს, რომლებიც გახდნენ ამ ოქმის მე-6 მუხლში ჩამოთვლილი ქმედებების ობიექტი.

IV. დასკვნითი დებულებები

    მუხლი 19. დათქმა

1. ამ ოქმში არაფერი ხელყოფს სახელმწიფოთა და პირთა უფლებებს, ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობებს, რომლებიც გათვალისწინებულია საერთაშორისო სამართლით, მათ შორის საერთაშორისო ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა სამართლით, ხოლო შესაბამის შემთხვევებში, 1951 წლის კონვენციასა და 1967 წლი ოქმს ლტოლვილთა სტატუსის შესახებ, აგრეთვე ამ დოკუმენტებით დადგენილ non-refoulement პრინციპს.

2. ამ ოქმში აღნიშნული ღონისძიებების განმარტება და გამოყენება უნდა მოხდეს ისე, რომ პირები, რომლებიც გახდნენ ამ ოქმის მე-6 მუხლში ჩამოთვლილ ქმედებათა ობიექტი, არ აღმოჩნდნენ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში. ამ ღონისძიებათა განმარტება და გამოყენება უნდა მოხდეს დისკრიმინაციის დაუშვებლობის შესახებ საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების შესაბამისად.

    მუხლი 20. დავების გადაწყვეტა

1. წევრი სახელმწიფოები შეეცდებიან ამ ოქმის ინტერპრეტაციასა და გამოყენებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავები გადაწყვიტონ მოლაპარაკების გზით.

2. თუ ამ ოქმის ინტერპრეტაციასა და გამოყენებასთან დაკავშირებით ორ ან მეტ წევრ-სახელმწიფოს შორის წარმოშობილი დავის გადაწყვეტა ვერ მოხერხდა მოლაპარაკების გზით გონივრულ ვადაში, მაშინ სადაო საკითხი, ერთ-ერთი წევრი სახელმწიფოს მოთხოვნით, შეიძლება გადაეცეს არბიტრაჟს. თუ არბიტრაჟის დანიშვნასთან დაკავშირებით მოთხოვნის წარდგენიდან ექვსი თვის ვადაში დავის მონაწილე წევრი სახელმწიფოები ვერ შეთანხმდნენ ორგანიზაციულ საკითხებზე, მაშინ ერთ-ერთ წევრ-სახელმწიფოს შეუძლია საკითხი განსახილველად გადასცეს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს ამავე სასამართლოს წესდებით დადგენილი წესით.

3. ნებისმიერ წევრ-სახელმწიფოს, ამ ოქმის ხელმოწერის, რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან მიერთების დროს, შეუძლია განაცხადოს, რომ იგი სავალდებულოდ არ მიიჩნევს ამ მუხლის მე-2 პუნქტს. ამ მუხლის მე-2 პუნქტს არ ექნება სავალდებულო ძალა სხვა წევრი სახელმწიფოებისათვისაც იმ წევრი სახელმწიფოსთან ურთიერთობაში, რომელმაც გააკეთა ასეთი დათქმა.

4. ნებისმიერ წევრ-სახელმწიფოს, რომელმაც გააკეთა დათქმა ამ მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად შეუძლია გააუქმოს იგი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნისთვის შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე.

    მუხლი 21. ხელმოწერა, რატიფიკაცია, მიღება, დამტკიცება და მიერთება

1. ეს ოქმი ღიაა ყველა სახელმწიფოსთვის ხელმოსაწერად 2000 წლის 12-დან 15 დეკემბრამდე იტალიის ქალაქ პალერმოში, ხოლო ამ ვადის შემდეგ - გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბ-ბინაში ქალაქ ნიუ-იორკში 2002 წლის 12 დეკემბრამდე.

2. ეს ოქმი ასევე ღიაა ხელმოსაწერად ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონული ორგანიზაციებისათვის, თუ ასეთი ორგანიზაციის ერთ წევრ-სახელმწიფოს მაინც აქვს ხელმოწერილი ეს ოქმი ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

3. ეს ოქმი ექვემდებარება რატიფიკაციას, მიღებას ან დამტკიცებას. რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცების დოკუმენტი დეპონირდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან. ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალურ ორგანიზაციას რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცების დოკუმენტის დეპონირება შეუძლია, თუ მისმა ერთმა წევრმა სახელმწიფომ მაინც მოახდინა ასეთი დოკუმენტის დეპონირება. რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცების დოკუმენტში ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონულმა ორგანიზაციამ უნდა განსაზღვროს მისი კომპეტენციის ფარგლებში ამ ოქმით რეგულირებულ საკითხებთან მიმართებაში. ასეთმა ორგანიზაციამ ასევე უნდა აცნობოს დეპოზიტარს მისი კომპეტენციის ფარგლებში მომხდარი ნებისმიერი ცვლილების შესახებ.

5. ეს ოქმი ღიაა მისაერთებლად ნებისმიერი სახელმწიფოსთვის ან ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალური ორგანიზაციისთვის, რომლის ერთი წევრი მაინც არის ამ ოქმის მონაწილე სახელმწიფო. მიერთების დოკუმენტი დეპონირდება გაერთიანებული ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან. მიერთების დროს, ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალურმა ორგანიზაციამ უნდა დააფიქსიროს მისი კომპეტენციის ფარგლები ამ ოქმით რეგულირებულ საკითხებთან მიმართებაში. ასეთმა ორგანიზაციამ ასევე უნდა აცნობოს დეპოზიტარს მისი კომპეტენციის ფარგლებში მომხდარი ნებისმიერი ცვლილების შესახებ.

    მუხლი 22. ძალაში შესვლა

1. ეს ოქმი ძალაში შევა რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან მიერთების შესახებ მე-40 დოკუმენტის დეპონირებიდან 90-ე დღეს, მაგრამ ეს ოქმი ძალაში არ შევა კონვენციის ამოქმედებამდე. ამ პუნქტის მიზნებისთვის, ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალური ორგანიზაციის მიერ დეპონირებული დოკუმენტი არ ჩაითვლება ამ ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების მიერ დეპონირებული დოკუმენტების დამატებით საბუთად.

2. თუ ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონულმა ორგანიზაციამ მოახდინა ამ ოქმის რატიფიკაცია, მიღება, დამტკიცება ან მიერთდება მე-40 დოკუმენტის დეპონირების შემდეგ, მაშინ ამ ორგანიზაციისთვის ეს ოქმი ძალაში შევა მის მიერ სათანადო დოკუმენტის დეპონირებიდან 30-ე დღეს ან ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ამ ოქმის ძალაში შესვლის დღეს, იმის მიხედვით, თუ რომელი თარიღი დადგება უფრო გვიან.

    მუხლი 23. ცვლილებების შეტანა

1. ამ ოქმის ძალაში შესვლიდან ხუთი წლის შემდეგ ოქმის წევრ-სახელმწიფოს შეუძლია წარმოადგინოს წინადადება მასში ცვლილების შეტანის შესახებ და გადაუგზავნოს იგი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, რომელიც ცვლილების შესახებ წინადადებას გადაუგზავნის წევრ-სახელმწიფოებს და კონვენციის წევრ-სახელმწიფოთა კონფერენციას მისი განხილვისა და მასზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. წევრ-სახელმწიფოთა კონფერენციის სხდომაზე წევრი სახელმწიფოები ყოველმხრივ შეეცდებიან ცვლილებების შეტანის მიზნით წარმოდგენილ თითოეულ წინადადებასთან დაკავშირებით მიაღწიონ კონსენსუსს. თუ კონსენსუსის მიღწევის ყველა მექანიზმი ამოიწურა, ხოლო შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა, მაშინ, უკანასკნელი გამოსავლის სახით, ცვლილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე ამ ოქმის წევრ-სახელმწიფოთა ორი მესამედი.

2. ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონული ორგანიზაციები, მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, სარგებლობენ იმდენი ხმის უფლებით, რამდენი მათი წევრი სახელმწიფოც არის ამ ოქმის ხელშემკვრელი მხარე. ასეთ ორგანიზაციებს არ შეუძლიათ ხმის უფლების განხორციელება, თუ მათი წევრი სახელმწიფოები თვითონ ახორციელებენ ამ უფლებას და პირიქით.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მიღებული ცვლილება ექვემდებარება  რატიფიკაციას, მიღებას ან დამტკიცებას წევრი სახელმწიფოების მიერ.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მიღებული ცვლილება წევრი სახელმწიფოსთვის ძალაში შედის მის მიერ რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცების დოკუმენტის გენერალურ მდივანთან დეპონირებიდან 90 დღის შემდეგ.

5. ძალაში შესული ცვლილება სავალდებულოა მხოლოდ იმ წევრი სახელმწიფოებისთვის, რომლებმაც გამოთქვეს თანხმობა ამ ცვლილების სავალდებულოობის თაობაზე. სხვა წევრი სახელმწიფოებისთვის სავალდებულო რჩება ამ ოქმის დებულებები და ადრინდელი ცვლილებები, რომელთა რატიფიკაცია, მიღება ან დამტკიცებაც მათ მოახდინეს.

    მუხლი 24. დენონსაცია

1. წევრ-სახელმწიფოს შეუძლია მოახდინოს ამ ოქმის დენონსაცია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნისთვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე. დენონსაცია ძალაში შედის გენერალური მდივნის მიერ შეტყობინების მიღებიდან ერთი წლის შემდეგ.

2. ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონული ორგანიზაცია წყვეტს ამ ოქმის წევრობას, თუ ამ ორგანიზაციის ყველა წევრმა სახელმწიფომ მოახდინა მისი დენონსაცია.

    მუხლი 25. დეპოზიტარი და ენები

1. ამ ოქმის დეპოზიტარად ინიშნება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი.

2. ამ ოქმის არაბული, ჩინური, ინგლისური, ფრანგული, რუსული და ესპანური ორიგინალები, რომელთაგან ყველა ავთენტურია, დეპონირდება გაერთიანებული ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან.

რის დასტურადაც, ქვემორე სრულუფლებიანი ხელის მომწერნი, თავიანთი მთავრობების მიერ სათანადოდ უფლებამოსილნი, ხელს აწერენ ამ ოქმს.