ბავშვის უფლებების კონვენციის დამატებითი ოქმი ბავშვებით ვაჭრობის, ბავშვთა პროსტიტუციისა და ბავშვთა პორნოგრაფიის შესახებ

  • Word
ბავშვის უფლებების კონვენციის დამატებითი ოქმი ბავშვებით ვაჭრობის, ბავშვთა პროსტიტუციისა და ბავშვთა პორნოგრაფიის შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 24/03/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 03/08/2005
ძალაში შესვლის თარიღი 28/07/2005
სარეგისტრაციო კოდი 080080040.03.030.000551
  • Word
-
24/03/2001
გაურკვეველი, -, 03/08/2005
080080040.03.030.000551
ბავშვის უფლებების კონვენციის დამატებითი ოქმი ბავშვებით ვაჭრობის, ბავშვთა პროსტიტუციისა და ბავშვთა პორნოგრაფიის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

ბავშვის უფლებების კონვენციის დამატებითი ოქმი

ბავშვებით ვაჭრობის, ბავშვთა პროსტიტუციისა და ბავშვთა პორნოგრაფიის შესახებ

წინამდებარე ოქმის მონაწილე სახელმწიფოები

თვლიან რა, რომ შემდგომში ბავშვთა უფლებების კონვენციის მიზნების მიღწევისა და მისი დებულებების, განსაკუთრებით 1-ლი, მე-11, 21-ე, 32-ე, 33-ე, 34-ე, 35-ე და 36-ე მუხლების განხორციელებისათვის მიზანშეწონილია იმ ზომების გაფართოება, რომლებსაც მიმართავენ მონაწილე სახელმწიფოები ბავშვებით ვაჭრობისაგან, ბავშვთა პროსტიტუციისა და პორნოგრაფიისაგან ბავშვთა დაცვის უზრუნველსაყოფად,

თვლიან ასევე რა, რომ ბავშვის უფლებების კონვენციაში აღიარებულია ბავშვების უფლება დაცული იყვნენ ეკონომიკური ექსპლუატაციისაგან და ნებისმიერი იმ სამუშაოს შესრულებისაგან, რომელიც შეიძლება საფრთხეს უქმნიდეს ბავშვებს ან დაბრკოლებას უქმნიდეს განათლების მიღებაში, ან ზიანს აყენებდეს მათ ჯანმრთელობას ან ფიზიკურ, გონებრივ, სულიერ, ზნეობრივ და საზოგადოებრივ განვითარებას,

შეშფოთებულნი არიან რა ბავშვებით ვაჭრობის, ბავშვთა პროსტიტუციისა და ბავშვთა პორნოგრაფიის მიზნით ბავშვთა საერთაშორისო ტრეფიკინგის მნიშვნელოვანი და მზარდი მასშტაბებით,

ღრმად შეშფოთებულნი არიან რა სექსტურიზმის პრაქტიკის ფართო გავრცელებით, რაც ყველაზე მწვავედ ბავშვებს ეხება, რადგანაც აღნიშნული პრაქტიკა უშუალოდ ხელს უწყობს ბავშვებით ვაჭრობას, ბავშვთა პროსტიტუციასა და ბავშვთა პორნოგრაფიას,

აღიარებენ რა, რომ განსაკუთრებით დაუცველ ბავშვთა რიგ ჯგუფებს, მცირეწლოვანი გოგონების ჩათვლით, ემუქრებათ სექსუალური ექსპლუატაციის საფრთხე, და რომ მცირეწლოვან გოგონათა რიცხვი მეტისმეტად დიდია სექსუალურად ექსპლუატირებულ ბავშვთა შორის,

შეშფოთებულნი არიან რა ინტერნეტსა და სხვა შესაბამისი ტექნოლოგიების საშუალებებით ბავშვთა პორნოგრაფიის მოზღვავებით, ეყრდნობიან რა საერთაშორისო კონფერენციის ინტერნეტში ბავშვთა პორნოგრაფიის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ (ვენა, 1999 წელი), კერძოდ, მის დასკვნას, რომელიც მოუწოდებს, რომ კრიმინალად იყოს მიჩნეული მთელს მსოფლიოში ბავშვთა პორნოგრაფიის წარმოება, გავრცელება, ექსპორტი, მიწოდება, იმპორტი, განზრახული შენახვა და რეკლამირება, ხაზს უსვამენ რა მთავრობებსა და ინტერნეტის ინდუსტრიას შორის მჭიდრო თანამშრომლობას და პარტნიორობას,

მიაჩნიათ რა, რომ ბავშვთა ვაჭრობის, ბავშვთა პროსტიტუციისა და ბავშვთა პორნოგრაფიის ლიკვიდაციას ხელს შეუწყობს ისეთი ყოვლისმომცველი მიდგომის შემუშავება, როცა გათვალისწინებული იქნება ამ მოვლენათა გამომწვევი ყველა ფაქტორი, კერძოდ, განვითარების დაბალი დონე, სიღატაკე, ეკონომიკური უთანასწორობა, არასრულყოფილი სოციალურ-ეკონომიკური სტრუქტურა, ხელმოკლე ოჯახების არსებობის, განათლების უქონლობა, სასოფლო-საქალაქო მიგრაცია, დისკრიმინაცია სქესობრივი კუთვნილების საფუძველზე, უფროსების უპასუხისმგებლო სექსუალური ქცევა, დამღუპველი ტრადიციები, შეიარაღებული კონფლიქტები და ბავშვთა ტრეფიკინგი,

მიაჩნიათ რა, რომ ბავშვებით ვაჭრობაზე, ბავშვთა პროსტიტუციისა და ბავშვთა პორნოგრაფიაზე სამომხმარებლო მოთხოვნილების შესამცირებლად აუცილებელია საზოგადოებრივი შეგნებისა ამაღლება, აღიარებენ რა ყველა მონაწილე სახელმწიფოს შორის საყოველთაო პარტნიორობისა და სახელმწიფო დონეზე კანონის უზენაესობის მნიშვნებლობა,

ითვლისწინებენ რა საერთაშორისო სამართლებრივი აქტების დებულებებს, ბავშვთა დაცვის სფეროში, ბავშვთა დაცვისა და სახელმწიფოთაშორისი გაშვილებისას თანამშრომლობის შესახებ ჰააგის კონვენციის, ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო-სამართლებრივი ასპექტების შესახებ ჰააგის კონვენციის, მშობლების პასუხისმგებლობასა და ბავშვთა დაცვისათვის გათვალისწინებულ ზომებთან დაკავშირებული იურისდიქციის, შესაბამისი კანონის, აღიარების, განხორციელებისა და თანამშრომლობის შესახებ ჰააგის კონვენციისა და ბავშვთა შორის შრომის ყველაზე მძიმე ფორმების აკრძალვისა და დაუყოვნებლივი აღკვეთის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციის 182-ე კონვენციის ჩათვლით,

დაიმედებულნი არიან რა ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის საყოველთაო მხარდაჭერით, რაც მოწმობს ბავშვთა უფლებების დაცვისა და ხელშეწყობის საქმისადმი ფართო ერთგულებას,

აღიარებენ რა, ბავშვთა ვაჭრობის, ბავშვთა პროსტიტუციისა და ბავშვთა პორნოგრაფიის აღკვეთის სამოქმედო პროგრამის, 1996 წლის 27–31 აგვისტოს ქ. სტოკჰოლმში ბავშვთა კომერციული სექსუალური ექსპლუატაციის წინააღმდეგ ჩატარებულ მსოფლიო კონგრესზე მიღებული დეკლარაციისა და სამოქმედო გეგმის დებულებებისა და შესაბამისი საერთაშორისო ორგანოების სხვა სათანადო გადაწყვეტილებებისა და რეკომენდაციების განხორციელების მნიშვნელობას,

შესაბამისად ითვალისწინებენ რა ყოველი ერის ტრადიციებისა და კულტურული ღირებულებების მნიშვნელობას ბავშვთა დაცვისა და ჰარმონიული განვითარებისათვის,

შეთანხმდნენ შემდეგზე:

    მუხლი 1

მონაწილე სახელმწიფოები, წინამდებარე ოქმის შესაბამისად, კრძალავენ ბავშვებით ვაჭრობას, ბავშვთა პროსტიტუციას და ბავშვთა პორნოგრაფიას.

    მუხლი 2

წინამდებარე ოქმის მიზნებისათვის;

(a) ბავშვებით ვაჭრობა ნიშნავს ნებისმიერ ქმედებას ან გარიგებას, რომლის შედეგადაც ბავშვი გადაეცემა ნებისმიერი პირის ან პირთა ჯგუფის მიერ სხვა პირს ან პირთა ჯგუფს ფულადი ან სხვა ანაზღაურების ფასად;

(b) ბავშვთა პროსტიტუცია ნიშნავს ბავშვის გამოყენებას სექსუალური ხასიათის ქმედებებში ფულადი ან სხვა სახის ანაზღაურების ფასად;

(c) ბავშვთა პორნოგრაფია ნიშნავს სხვადასხვა საშუალებებით იმ ბავშვის ნებისმიერ გამოსახვას, რომელიც ასრულებს რეალურ ან მოდელირებულ აშკარა სექსუალურ ქმედებებს, ან ბავშვის სასქესო ორგანოების გამოსახვას ძირითად სექსუალური მიზნებისათვის.

    მუხლი 3

1. თითოეული მონაწილე სახელმწიფო უზრუნველყოფს ქვეყანაში მოქმედ სისხლის სამართალთან ან პენიტენციალურ სამართალთან შემდეგი ქმედებების შესაბამისობას, იმისა მიუხედავად, ჩადენილია თუ არა დანაშაული ქვეყანაში ან მის ფარგლებს გარეთ, ერთი პირის თუ ორგანიზებული ჯგუფის მიერ:

a) მე-2 მუხლით გათვალისწინებული ბავშვებით ვაჭრობა;

i) ნებისმიერი საშუალებით ბავშვის შეთავაზება, გადაცემა ან მიღება შემდეგი მიზნებისათვის:

a. ბავშვის სექსუალური ექსპლუატაცია;

b. ბავშვის ორგანოების გადაცემა ანაზღაურების მისაღებად;

c. ბავშვის გამოყენება იძულებით სამუშაოებზე;

ii) შვილად აყვანის შესახებ საერთაშორისო სამართლებრივი აქტების დარღვევით ბავშვის შვილად აყვანისათვის შუამავლის იძულებითი თანხმობის უკანონოდ მოპოვება;

b) მე-2 მუხლით გათვალისწინებული ბავშვის შეთავაზება, მიღება, მიწოდება ან ბავშვებით უზრუნველყოფა პროსტიტუციის მიზნით;

c) მე-2 მუხლით გათვალისწინებული ბავშვთა პორნოგრაფიის წარმოება, გადანაწილება, გავრცელება, იმპორტი, ექსპორტი, შეთავაზება, გაყიდვა ან შენახვა ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის.

2. მონაწილე სახელმწიფოთა საკანონმდებლო დებულებების შესაბამისად ანალოგიური ზომები გამოიყენება ნებისმიერი აღნიშნული ქმედების ჩადენის მცდელობის მიმართ ან ნებისმიერ აღნიშნულ ქმედებაში თანამონაწილეობის ან მონაწილეობის მიმართ.

3. თითოეული მონაწილე სახელმწიფო ითვალისწინებს აღნიშნული დანაშაულისათვის შესაბამის სასჯელს მისი სიმძიმის ხარისხიდან გამომდინარე.

4. თითოეული მონაწილე სახელმწიფო, საჭიროებისამებრ, თავისი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, მიიღებს ზომებს მოცემული მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ სამართალდარღვევისათვის იურიდიულ პირთა პასუხისმგებლობის დადგენის მიზნით. მონაწილე სახელმწიფოს სამართლებრივი პრინციპების შესაბამისად იურიდიულ პირთა ეს პასუხისმგებლობა შეიძლება იყოს სამოქალაქო სისხლისსამართლებრივი, ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევა.

5. მონაწილე სახელმწიფოები მიიღებენ ყველა სათანადო სამართლებრივ და ადმინისტრაციულ ზომებს, რათა უზრუნველყონ, რომ ბავშვის შვილად აყვნის საქმეში მონაწილე ყველა პირი მოქმედებდეს სათანადო საერთაშორისო სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

    მუხლი 4

1. თითოეული მონაწილე სახელმწიფო მიიღებს ისეთ ზომებს, რომლებიც აუცილებელია მე-3 მუხლის 1-ლ პუნქტში აღნიშნულ დანაშაულთან მიმართებაში საკუთარი მართლმსაჯულების აღსრულებისთვის, იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი დანაშაული ჩადენილია მის ტერიტორიაზე ან მოცემულ სახელმწიფოში რეგისტრირებულ საჰაერო ან საზღვაო ხომალდზე.

2. თითოეული მონაწილე სახელმწიფო მიიღებს ისეთ ზომებს, რომლებიც აუცილებელია მე-3 მუხლის 1-ლ პუნქტში აღნიშნულ დანაშაულებთან მიმართებაში საკუთარი მართლმსაჯულების აღსრულებისთვის, შემდეგ შემთხვევებში:

(a) როდესაც სავარაუდო დამნაშავე წარმოადგენს მოცემული სახელმწიფოს მოქალაქეს, ან მუდმივად ცხოვრობს მის ტერიტორიაზე;

(b) როდესაც მსხვერპლი მოცემული სახელმწიფოს მოქალაქეა.

3. თითოეული მონაწილე სახელმწიფო მიიღებს ისეთ ზომებს, რომლებიც აუცილებელია ზემოაღნიშნულ დანაშაულებთან მიმართებაში საკუთარი მართლმსაჯულების აღსრულებისთვის, იმ შემთხვევაში, თუ სავარაუდო დამნაშავე იმყოფება მის ტერიტორიაზე და არ გადასცემს დამნაშავეს სხვა მონაწილე სახელმწიფოს იმ საფუძველზე, რომ დანაშაული ჩაიდინა მისმა ერთ-ერთმა მოქალაქემ.

4. წინამდებარე ოქმი არ გამორიცხავს შიდა კანონების შესაბამისად განხორციელებული ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი მართლმსაჯულების აღსრულებას.

    მუხლი 5

1. მე-3 მუხლის 1-ლ პუნქტში აღნიშნული დანაშაულობანი ჩაითვლება ისეთ დანაშაულებად, რომლებიც ექვემდებარება ექსტრადიციას მონაწილე სახელმწიფოებს შორის დადებული ექსტრადიციის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, ასევე ექვემდებარება ექსტრადიციას მონაწილე სახელმწიფოებს შორის შემდგომში დადებული ექსტრადიციის შესახებ ყველა ხელშეკრულების საფუძველზე, ამ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.

2. თუ მონაწილე სახელმწიფო, რომელიც ახდენს ექსტრადიციას ხელშეკრულების საფუძველზე, იღებს ექსტრადიციის შესახებ მოთხოვნას სხვა მონაწილე სახელმწიფოსგან, რომელთანაც მას გაფორმებული არა აქვს ხელშეკრულება ექსტრადიციის შესახებ, დასაშვებია, რომ მან წინამდებარე ოქმი განიხილოს ექსტრადიციის სამართლებრივ საფუძვლად. ექსტრადიცია ექვემდებარება მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პირობებს.

3. მონაწილე სახელმწიფოები, რომლებიც არ ახდენენ ექსტრადიციას ხელშეკრულების საფუძველზე, ამგვარ დანაშაულობებს ერთმანეთის მიმართ განიხილავენ, როგორც ექსტრადიციას დაქვემდებარებულ დანაშაულობებს, მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.

4. მონაწილე სახელმწიფოებს შორის ექსტრადიციის განხორციელების მიზნით მსგავსი დანაშაულობანი განიხილება, როგორც ჩადენილი არა მარტო დანაშაულის ჩადენის ადგილზე, არამედ იმ სახელმწიფოთა ტერიტორიებზეც, რომლებიც მოვალენი არიან გაავრცელონ საკუთარი იურისდიქცია მე-4 მუხლის შესაბამისად.

5. თუ მოთხოვნა ექსტრადიციის შესახებ შემოსულია მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტში აღნიშნული ერთ-ერთი დანაშაულის გამო და, თუ მოთხოვნის მიმღები მონაწილე სახელმწიფო არ ახდენს ექსტრადიციას დამნაშავის მოქალაქეობის საფუძველზე, მოცემული სახელმწიფო მიმართავს შესაბამის ზომებს, რათა საქმე გადაეცეს მის კომპეტენტურ ორგანოს სისხლის სამართლის საქმის აღსაძვრელად.

    მუხლი 6

1. მონაწილე სახელმწიფოები ერთმანეთს ყოველმხრივ დახმარებას გაუწევენ საგამოძიებო, სისხლის სამართლის ან ექსტრადიციის საქმეებში, რომლებიც აღძრულია მე-3 მუხლის 1-ლ პუნქტსი აღნიშნულ დანაშაულთა მიმართ, ამასთან უზრუნველყოფენ მათ ხელთ არსებულ იმ მტკიცებულებათა ურთიერთგაცვლას, რომლებიც აღნიშნული პროცესუალური ზომების განსახორციელებლად არის აუცილებელი.

2. მონაწილე სახელმწიფოები ასრულებენ წინამდებარე მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, მათ შორის არსებული ნებისმიერი ხელშეკრულების ან სხვა შეთანხმებების შესაბამისად, რომლებიც ეხება ორმხრივ იურიდიულ დახმარებას. მსგავსი ხელშეკრულებების ან შეთანხმებების არ არსებობის შემთხვევაში მონაწილე სახელმწიფოები ერთმანეთს ეხამრებიან თავიანთი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 7

მონაწილე სახელმწიფოები თავიანთი სახელმწიფო კანონმდებლობის შესაბამისად:

(a) მიიღებენ ზომებს, რათა უზრუნველყონ დაყადაღება და კონფისკაცია:

(i) იმ საკუთრებისა, როგორიც არის მასალა, სახსრები და სხვა მოწყობილობანი, რომლებიც გამოიყენებოდა წინამდებარე ოქმში აღნიშნულ დანაშაულთა ჩასადენად ან დანაშაულთა ჩადენის ხელშესაწყობად;

(ii) ამგვარ დანაშაულთა ჩადენის შედეგად მიღებული შემოსავლებისა;

(b) ასრულებენ სხვა მონაწილე სახელმწიფოს მოთხოვნას საკუთრების ან სახსრების კონფისკაციის ან მათზე ყადაღის დადების შესახებ, რომლებიც აღნიშნულია (a) (i) ქვეპუნქტში;

(c) მიიღებენ ზომებს, რათა დახურონ, დროებით ან მუდმივად, დანაშაულთა ჩასადენად გამოყენებული შენობები.

    მუხლი 8

1. მონაწილე სახელმწიფოები მიმართავენ ყველა შესაბამის ზომას წინამდებარე ოქმით აკრძალული მოქმედების მსხვერპლი ბავშვების უფლებათა და ინტერესთა დასაცავად, სასამართლო წარმოების ყველა ეტაპზე, მათ შორის შემდეგი გზებით:

(a) მსხვერპლი ბავშვების მოწყვლადობის აღიარებით და პროცედურების ადაპტაციით მათი განსაკუთრებული მოთხოვნების აღიარებისათვის, მათ შორის მათი განსაკუთრებული მოთხოვნები მოწმეთა სახით ყოფნისას;

(b) მსხვერპლ-ბავშვთა ინფორმირება მათი უფლებების, როლის, აგრეთვე სასამართლო წარმოების მასშტაბის, ვადებისა და მსვლელობის, და მათ საქმეზე გადაწყვეტილებების შესახებ;

(c) მსხვერპლ-ბავშვთა აზრებისა და მოთხოვნების წარდგენისა და განხილვის უზრუნველყოფა სასამართლო წარმოებისას სახელმწიფო კანონმდებოლობის პროცესუალური ნორმების შესაბამისად. იმ შემთხვევებში, როდესაც საქმე ეხება მათ პირად ინტერესებს;

(d) მსხვერპლი ბავშვებისათვის შესაბამისი თანადგომის აღმოჩენა სასამართლო წარმოების ყველა ეტაპზე;

(e) საჭიროებისამებრ, მსხვერპლ-ბავშვთა პირადი ცხოვრებისა და ვინაობის დაცვა და სახელმწიფო კანონმდებლობის შესაბამისად ზომების მიღება არასასურველი ინფორმაციის გავრცელების აღსაკვეთად, რომელმაც შეიძლება ხელი შეუწყოს მსხვერპლ-ბავშვთა ვინაობის დადგენას;

(f) შესაბამის შემთხვევებში, დაშინებისა და შურისძიებისაგან მსხვერპლ-ბავშვთა, მათი ოჯახებისა და მათი მოწმეების დაცვის უზრუნველყოფა;

(g) მსხვერპლ-ბავშვთა საქმესთან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილებათა გამოტანის, ბრძანებების და დადგენილებების შესრულების და კომპენსაციის გადახდის დაყოვნების თავიდან აცილება.

2. მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ მსხვერპლის ნამდვილ ასაკთან დაკავშირებით არსებულმა ეჭვებმა არ შეუშალოს ხელი სისხლის სამართლის გამოძიებას, მათ შორის მსხვერპლის ასაკის დადგენის მიზნით აღძრულ გამოძიებას.

3. მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ სასამართლო წარმოების სისტემაში წინამდებარე ოქმით გათვალისწინებულ დანაშაულთა მსხვერპლ-ბავშვებთან ურთიერთობის დროს, განსაკუთრებული ყურადღება უნდა ექცეოდეს ბავშვის უმთავრესი ინტერსების დაცვას.

4. მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ იმ პირთა იურიდიულ და ფსიქოლოგიურ მომზადებას, რომლებიც მუშაობენ წინამდებარე ოქმით აკრძალულ დანაშაულთა მსხვერპლ-ბავშვებთან.

5. მონაწილე სახელმწიფოები, საჭიროებისამებრ, მიიღებენ ზომებს იმ პირთა და/ან ორგანიზაციების ერთიანობის, უსაფრთხოებისა და დაცვისათვის, რომლებიც დაკავებული არიან ამგვარი დანაშაულის მსხვერპლთა პრევენციით და/ან დაცვითა და რეაბილიტაციით.

6. ასევე წინამდებარე ოქმში არაფერი არ უნდა განიმარტოს ისე, რომ ზიანი მიაყენოს ან ეწინააღმდეგებოდეს ბრალდებულის სამართლიანი და მიუკერძოებელი სასამართლო განხილვის უფლებას.

    მუხლი 9

1. მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ან აძლიერებენ, ახორციელებენ და ავრცელებენ კანონებს, ადმინისტრაციულ ზომებს, სოციალურ პოლიტიკასა და პროგრამებს წინამდებარე ოქმში აღნიშნულ დანაშაულთა თავიდან აცილების მიზნით. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ბავშვთა დაცვას, რომლებსაც მსგავსი პრაქტიკა ყველაზე მწვავედ ეხება.

2. მონაწილე სახელმწიფოები ხელს უწყობენ საზოგადოებრივი, მათ შორის ბავშვთა, შეგნების ამაღლებას, ყველა შესაბამისი საშუალების, განათლებისა და ტრენინგის გზით გამაფრთხილებელი ზომებისა და წინამდებარე ოქმში აღნიშნული დანაშაულის მძიემ შედეგების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით. მოცემული მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნით, მონაწილე სახელმწიფოები ხელს შეუწყობენ საზოგადოების, განსაკუთრებით კი ბავშვებისა და მსხვერპლი ბავშვების, მონაწილეობას მსგავს საინფორამციო-საგანმანათლებლო და სასწავლო პროგრამებში, მათ შორის საერთაშორისო დონეზეც.

3. მონაწილე სახელმწიფოები მიმართავენ ყველა შესაძლო ზომებს ამგვარი დანაშაულთა მსხვერპლისათვის ნებისმიერი საჭირო დახმარების აღმოსაჩენად, მათ შორის მათ სრულ სოციალურ რეინტეგრაციასა და სრულ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ გამოჯანმრთელებას.

4. მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ წინამდებარე ოქმში აღნიშნული დანაშაულობების მსხვერპლ-ბავშვთა მიმართ, დისკრიმინაციის გარეშე, შესაბამისი პროცედურების გამოყენებას, ზარალის კომპენსაციის მიღების მიზნით იმ პირთაგან, რომელთაც ეკისრებათ იურიდიული პასუხისმგებლობა.

5. მონაწილე სახელმწიფოები მიმართავენ შესაბამის ზომებს, იმ მასალების წარმოებისა და გავრცელების აკრძალვის უზრუნველსაყოფად, რომლებიც წინამდებარე ოქმში აღნიშნულ დანაშაულობებს უწევს პროპაგანდას.

    მუხლი 10

1. მონაწილე სახელმწიფოები მიმართავენ ყველა საჭირო ზომებს საერთაშორისო თანამშრომლობის გასაძლიერებლად მრავალმხრივი, რეგიონული და ორმხრივი შეთანხმებების დადების გზით, რათა წინასწარ აღკვეთონ, აღმოაჩინონ და გამოიძიონ დანაშაულებანი იმ პირთა სისხლის სამართლის დევნისა და დასჯის მიზნით, რომლებიც დამნაშავენი არიან ბავშვებით ვაჭრობის, ბავშვთა პორნოგრაფიისა და ბავშვთა სექსტურიზმის საქმეში. მონაწილე სახელმწიფოები ასევე ხელს შეუწყობენ, თავიანთ ორგანოებს, სახელმწიფო, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობის კოორდინაციაში.

2. მონაწილე სახელმწიფოები ხელს შეუწყობენ საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებას, რომლის მიზანია დახმარება გაუწიოს მსხვერპლ-ბავშვებს მათ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ გამოჯანმრთელებაში, სოციალურ რეინტეგრაციასა და რეპატრიაციაში.

3. მონაწილე სახელმწიფოები ხელს შეუწყობენ საერთაშორისო თანამშრომლობას სიღატაკისა და განვითარების დაბალი დონის აღმოსაფხვრელად, რაც აღრმავებს ბავშვების, როგორც ბავშვებით ვაჭრობის, ბავშვთა პროსტიტუციის, ბავშვთა პორნოგრაფიისა და ბავშვთა სექსტურიზმის ობიექტების მოწყვლადობას.

4. მონაწილე სახელმწიფოები, რომლებსაც აქვთ შესაბამისი საშუალებანი, გაიღებენ ფინანსურ, ტექნიკურ ან სხვა სახის დახმარებას არსებული მრავალმხრივი, რეგიონული, ორმხრივი ან სხვა პროგრამების ფარგლებში.

    მუხლი 11

1. წინამდებარე ოქმი არ ზღუდავს იმ დებულებებს რომლებიც განსაკუთრებით ბავშვთა უფლებების დაცვას უწყობს ხელს და რომლებმაც შეიძლება მოიცვას:

a) მონაწილე სახელმწიფოს კანონმდებლობა;

b) ამ სახელმწიფოსათვის მოქმედი საერთაშორისო კანონმდებლობა.

    მუხლი 12

1. ყოველმა მონაწილე სახელმწიფომ მოცემული ოქმის ძალაში შესვლის შემდეგ ორი წლის განმავლობაში ბავშვთა უფლებების დაცვის კომიტეტში უნდა წარადგინოს სრული ინფორმაციის შემცველი მოხსენება იმ ზომების შესახებ, რომლებსაც მან მიმართა წინამდებარე ოქმის შესასრულებლად.

2. ყოველისმომცველი მოხსენების წარდგენის შემდეგ ყოველი მონაწილე სახელმწიფო რთავს მოხსენებაში, რომელსაც იგი ბავშვთა დაცვის კომიტეტს წარუდგენს, კონვენციის 44-ე მუხლის თანახმად, ნებისმიერ დამატებით ინფორმაციას, რომელიც ეხება ოქმის განხორციელებას. ოქმის მონაწილე სხვა სახელმწიფოები მოხსენებებს წარადგენენ ხუთ წელიწადში ერთხელ.

3. ბავშვთა უფლებების დაცვის კომიტეტს უფლება აქვს მონაწილე სახელმწიფოს დამატებითი ინფორმაცია მოსთხოვოს წინამდებრე ოქმის განხორციელების შესახებ.

    მუხლი 13

1. წინამდებარე ოქმი ხელმოსაწერად ღიაა ნებისმიერი იმ სახელმწიფოსათვის, რომელიც კონვენციის მონაწილეა ან ხელი მოაწერა მას.

2. წინამდებარე ოქმი ექვემდებარება რატიფიკაციას და ღიაა ნებისმიერი იმ სახელმწიფოსათვის, რომელიც კონვენციის მონაწილეა ან ხელი მოაწერა მას. სარატიფიკაციო სიგელები ან გაწევრიანების დოკუმენტები შესანახად გადაეცემა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს.

    მუხლი 14

1. წინამდებარე ოქმი ძალაში შედის მეათე სარატიფიკაციო სიგელის ან გაწევრიანების დოკუმენტის შესანახად ჩაბარებიდან სამი თვის შემდეგ.

2. ნებისმიერი იმ სახელმწიფოსათვის, რომელიც წინამდებარე ოქმის რატიფიცირებას მოახდენს ან მიუერთდება მას მისი ძალაში შესვლის შემდეგ, წინამდებარე ოქმი ძალაში შედის მისი სარატიფიკაციო სიგელის ან გაწევრიანების დოკუმენტის შესანახად ჩატარებიდან ერთი თვის შემდეგ.

    მუხლი 15

1. ნებისმიერ სახელმწიფოს აქვს წინამდებარე ოქმის დენონსაციის უფლება გაეროს გენერალური მდივნისათვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით, რომელიც ამის შესახებ ატყობინებს კონვენციის სხვა მონაწილე სახელმწიფოებს და ყველა იმ სახელმწიფოს, რომელმაც კონვენციას მოაწერა ხელი. დენონსაცია ძალაში შედის გაეროს გენერალური მდივნის მეირ ამგვარი შეტყობინების მიღებიდან ერთი წლის შემდეგ.

2. ამგვარი დენონსაცია, მონაწილე სახელმწიფოს არ ათავისუფლებს არსებული ოქმით გათვალისწინებული ვალდებულებებისაგან ნებისმიერი იმ დანაშაულის მიმართ, რომელიც ჩადენილია დენონსაციის ძალაში შესვლამდე. ამავე დროს, ამგვარი დენონსაცია არავითარ შემთხვევაში არ უშლის ხელს ნებისმიერი იმ საკითხის განხილვას, რომელიც უკვე იმყოფება განსახილველად კომიტეტში დენონსაციის ძალაში შესვლამდე.

    მუხლი 16

1. ნებისმიერ მონაწილე სახელმწიფოს უფლება აქვს შესთავაზოს შესწორება და წარუდგინოს იგი გაეროს გენერალურ მდივანს. გენერალური მდივანი გადაუგზავნის წარდგენილ შესწორებას მონაწილე სახელმწიფოებს მისათითებლად თანახმანი არიან ისინი თუ არა მონაწილე სახელმწიფოთა კონფერნეციის მოწვევაზე, რათა განიხილონ ეს წინადადებანი და კენჭი უყარონ. თუ ოთხი თვის განმავლობაში, ასეთი შეტყობინების მიღების თარიღიდან, მონაწილე სახელმწიფოთა თუნდაც ერთი მესამედი მხარს დაუჭერს კონფერენციის ჩატარებას, გენერალური მდივანი ამ კონფერენციას მოიწვევს გაეროს ეგიდით. ნებისმიერი შესწორება, რომელიც მიღებულ იქნა დამსწრე სახელმწიფოთა უმეტესობის მიერ, დასამტკიცებლად წარედგინება გენერალურ ასამებლეას.

2. შესწორება, რომელიც მიღებული იქნება წინამდებარე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, ძალაში შედის გაეროს გენერალური ასამბლეის დამტკციებისა და მონაწილე სახელმწიფოთა ორი მესამედის მიერ მიღების შემდეგ.

3. როდესაც შესწორება ძალაში შედის, იგი აუცილებელი ხდება იმ მონაწილე სახელმწიფოებისათვის, რომლებმაც იგი მიიღეს, ხოლო დანარჩენი მონაწილე სახელმწიფოებისათვის აუცილებელი რჩება წინამდებარე ოქმში და ნებისმიერი წინა შესწორება, რომელიც მათ მიიღეს.

    მუხლი 17

1. წინამდებარე ოქმი, რომლის ინგლისურ, არაბულ, ესპანურ, ჩინურ, რუსულ და ფრანგულ ტექსტებს თანაბარი ძალა აქვთ, შესანახად გადაეცემა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის არქივს.

2. გაერთიანებული ერების გენერალური მდივანი მოცემული ოქმის დამოწმებულ ასლებს გადასცემს კონვენციის ყველა მონაწილე სახელმწიფოსა და ყველა იმ სახელმწიფოს, რომლებმაც ხელი მოაწერეს აღნიშნულ კონვენციას.