კონვენცია ბავშვთა შრომის უკიდურესი ფორმების აკრძალვისა და დაუყოვნებლივ აღმოფხვრის ღონისძიებების შესახებ

  • Word
კონვენცია ბავშვთა შრომის უკიდურესი ფორმების აკრძალვისა და დაუყოვნებლივ აღმოფხვრის ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 17/06/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, -, 11/08/2003
ძალაში შესვლის თარიღი 24/07/2003
სარეგისტრაციო კოდი 480150000.02.109.000434
  • Word
-
17/06/1999
გაურკვეველი, -, 11/08/2003
480150000.02.109.000434
კონვენცია ბავშვთა შრომის უკიდურესი ფორმების აკრძალვისა და დაუყოვნებლივ აღმოფხვრის ღონისძიებების შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

შრომის საერთაშორისო კონფერენცია

კონვენცია 182

კონვენცია ბავშვთა შრომის უკიდურესი ფორმების აკრძალვისა და დაუყოვნებლივ აღმოფხვრის ღონისძიებების შესახებ

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურმა კონფერენციამ, რომელიც მოწვეულ იქნა 1999 წლის 1 ივნისს ჟენევაში შრომის საერთაშორისო ბიუროს ადმინისტრაციული საბჭოს მიერ 87-ე სესიაზე,

ჩათვალა საჭიროდ მიღებულ იქნეს ახალი აქტები ბავშვთა შრომის აკრძალვისა და უკიდურესი ფორმების აღმოფხვრისათვის, როგორც ეროვნული და საერთაშორისო მოქმედებისათვის, საერთაშორისო თანამშრომლობისა და დახმარების ჩათვლით, რომლებიც ბავშვთა შრომის ფუძემდებელი აქტების – მინიმალური ასაკის შესახებ 1973 წლის კონვენციისა და რეკომენდაციის დანამატს წარმოადგენენ,

ჩათვალა რა, რომ ბავშვთა შრომის უკიდურესი ფორმების ეფექტური აღმოფხვრა დაუყოვნებლივ და ყოველმხრივ მოქმედებებს საჭიროებს, რომელთა განხორციელებისას მხედველობაში მიიღება უფასო საბაზო განათლების დიდი მნიშვნელობა და ნებისმიერი სახის მუშაობისგან ბავშვების გათავისუფლების აუცილებლობა, და აგრეთვე, მათი რეაბილიტაცია და სოციალური ინტეგრაცია, ამასთან ყოველი ოჯახის საჭიროების გათვალისწინებით,

შეგვახსენა რა, შრომის საერთაშორისო კონფერენციის 83-ე სესიის მიერ 1996 წელს მიღებული რეზოლუციის შესახებ ბავშვთა შრომის აღმოფხვრის თაობაზე,

აღიარა რა, რომ ბავშვთა შრომა უმეტესად წარმოადგენს სიღარიბის შედეგს და ამ საკითხის გრძელვადიანი გადაწყვეტა მდგრად ეკონომიურ ზრდაში დევს, რომელიც მიმართულია სოციალური პროგრესისაკენ, კერძოდ, სიღარიბის აღმოფხვრისა და საყოველთაო განათლებისაკენ,

შეგვახსენა რა, გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1989 წლის 20 ნოემბერს მიღებული ბავშვის უფლებათა კონვენციის შესახებ,

შეგვახსენა რა, 1989 წლის შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 86-ე სესიაზე მიღებული შრომისა და მისი განვითარების ფუნდამენტური პრინციპებისა და უფლებების შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის დეკლარაციის შესახებ,

შეგვახსენა რა, რომ ბავშვთა შრომის ზოგიერთი უკიდურესი ფორმა მოცულია სხვა საერთაშორისო აქტებით, კერძოდ, იძულებითი შრომის შესახებ 1930 წლის კონვენციით და მონობის, მონებით ვაჭრობისა და მონობის მსგავსი ინსტიტუტებისა და ზნე-ჩვეულებების გაუქმების შესახებ გაეროს 1956 წლის დამატებითი კონვენციით,

დაადგინა რა, რომ მიღებულ იქნეს რიგი წინადადებები ბავშვთა შრომის შესახებ, რაც სესიის დღის წესრიგის მე-4 პუნქტს წარმოადგენს,

გადაწყვიტა რა, რომ ამ წინადადებებს საერთაშორისო კონვენციის ფორმა მიეცეს, ათას ცხრაას ოთხმოცდაცხრა წლის ივნისის თვის ჩვიდმეტ რიცხვს მიიღო ქვემოთ მოყვანილი კონვენცია, რომელიც შეიძლება წოდებულ იქნეს როგორც 1999 წლის კონვენცია ბავშვთა შრომის უკიდურესი ფორმების შესახებ.

    მუხლი 1

ყოველი წევრი სახელმწიფო, რომელიც წინამდებარე კონვენციის რატიფიცირებას ახდენს, დაუყოვნებლივ მიიღებს ეფექტურ ზომებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ბავშვთა შრომის უკიდურესი ფორმების აღმოფხვრის სასწრაფო წესით.

    მუხლი 2

წინამდებარე კონვენციის მიზნებისთვის ტერმინი ბავშვი გამოიყენება 18 წლამდე ასაკის ყველა პირის მიმართ.

    მუხლი 3

წინამდებარე კონვენციის მიზნებისთვის ტერმინი „ბავშვთა შრომის უკიდურესი ფორმები“ შეიცავს:

ა) მონობის ან მონობის მსგავსი პრაქტიკის ყველა ფორმას, როგორიცაა, მაგალითად, ბავშვების გაყიდვა და ბავშვებით ვაჭრობა, სავალო კაბალა და ბატონყმური დამოკიდებულება, და აგრეთვე, იძულებითი ან სავალდებულო შრომა, მათ შორის, ბავშვების იძულებითი ან სავალდებულო დაქირავება შეიარაღებულ კონფლიქტებში მათი გამოყენების მიზნით;

ბ) ბავშვის გამოყენებას, შეთავაზებას ან დაქირავებას პროსტიტუციაში, პორნოგრაფიული პროდუქციის შექმნისთვის ან პორნოგრაფიული წარმოდგენისთვის;

გ) ბავშვის გამოყენებას, დაქირავებას ან შეთავაზებას სამართალსაწინააღმდეგო საქმიანობისთვის, კერძოდ, ნარკოტიკების წარმოებისა და გაყიდვისთვის, როგორც ეს განსაზღვრულია შესაბამის საერთაშორისო ხელშეკრულებებში;

დ) სამუშაოს, რომელმაც თავისი ხასიათით ან პირობებით, რომელშიც ის სრულდება, შეიძლება ზიანი მოუტანოს ბავშვების ჯანმრთელობას, უსაფრთხოებას ან ზნეობას.

    მუხლი 4

1. სამუშაოს მიმცემთა და მშრომელთა დაინტერესებულ ორგანიზაციებთან კონსულტაციების შემდეგ ეროვნული კანონმდებლობა ან კომპეტენტური ორგანო განსაზღვრავს მე-3 მუხლის „დ“ პუნქტში მითითებული სამუშაოების სახეობებს, ამასთან მხედველობაში ღებულობს შესაბამის საერთაშორისო ნორმებს, კერძოდ, ბავშვთა შრომის უკიდურესი ფორმების შესახებ 1999 წლის რეკომენდაციის მე-3 და მე-4 პუნქტების დებულებებს.

2. სამუშაოს მიმცემთა და მშრომელთა დაინტერესებულ ორგანიზაციებთან კონსულტაციების შემდეგ კომპეტენტური ორგანო ავლენს ამგვარი გზით სამუშაოთა განსაზღვრულ სახეობების განხორციელების ადგილებს.

3. სამუშაოს მიმცემთა და მშრომელთა დაინტერესებულ ორგანიზაციებთან კონსულტაციების შემდეგ პერიოდულად უნდა მოხდეს ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული სამუშაოთა სახეობების საჭიროებისამებრ გადასინჯვა და განახლება.

    მუხლი 5

თითოეული წევრი, დამქირავებელთა და მშრომელთა ორგანიზაციებთან კონსულტაციების შემდეგ, ქმნის ან განსაზღვრავს კონვენციის მოქმედი დებულებების განხორციელების შესამოწმებლად საჭირო შესაფერის მექანიზმს.

    მუხლი 6

1. თითოეული წევრი განსაზღვრავს და ახორციელებს თავის პრიორიტეტულ სამოქმედო გეგმას ბავშვთა შრომის უკიდურესი ფორმების გასაუქმებლად.

2. მოქმედების ასეთი გეგმები უნდა განისაზღვროს და განხორციელდეს შესაბამის სამთავრობო ინსტიტუტებთან, დამქირავებელთა და მუშათა ორგანიზაციებთან კონსულტაციების საფუძველზე, ამ საკითხებთან დაკავშირებული სხვა ჯგუფების შეხედულებების გათვალისწინებით.

    მუხლი 7

1. თითოეულმა წევრმა სახელმწიფომ უნდა მიიღოს კონვენციის მოქმედებისთვის საჭირო დებულებების შესრულებისა და აღსრულებისთვის ყველა აუცილებელი ზომა, საჯარიმო სანქციებს ან შესაბამისი სხვა სანქციების, პირობის და მოთხოვნის ჩათვლით.

2. თითოეულმა წევრმა უნდა გაითვალისწინოს განათლების მნიშვნელობა ბავშვის შრომის გაუქმების საქმეში, მიიღოს ეფექტური და დროული ზომები, რათა:

ა) დაიცვას ბავშვები ბავშვთა შრომის უკიდურეს ფორმებში ჩართვისაგან;

ბ) აუცილებელი და სათანადო პირდაპირი დახმარება გაუწიოს ბავშვთა შრომის უკიდურეს ფორმაში ჩართულ ბავშვებს თავი დააღწიონ ასეთ შრომას, უზრუნველყოს მათი რეაბილიტაცია და სოციალური ინტეგრაცია;

გ) შესაძლებლობის ფარგლებში უზრუნველყოს უფასო საბაზრო განათლება და პროფესიული სწავლება ყველა იმ ბავშვისათვის, ვინც თავი დააღწია ბავშვთა შრომის უკიდურეს ფორმებს;

დ) გამოავლინოს და მიაღწიოს განსაკუთრებული რისკის ქვეშ მყოფ ბავშვებამდე; და

ე) გაითვალისწინოს გოგონების განსაკუთრებული მდგომარეობა.

3. თითოეულმა წევრმა სახელმწიფომ უნდა განსაზღვროს ხელისუფლების კომპეტენტური ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია კონვენციის მოქმედი დებულებების განხორციელებაზე.

    მუხლი 8

წევრმა სახელმწიფოებამ კონვენციის დებულებების განხორცეილების მიზნით ერთმანეთის დასახმარებლად უნდა გადადგან სათანადო ნაბიჯები, საერთაშორისო თანამშრომლობის და დახმარების გზით, სოციალურ–ეკონომიკური განვითარების, სიღატაკის აღმოფხვრის და საყოველთაო განათლების მხარდაჭერის ჩათვლით.

    მუხლი 9

წინამდებარე კონვენიის სარატიფიკაციო სიგელი რეგისტრაციისათვის გაეგზავნება შრომის საერთაშორისო ბიუროს გენერალურ დირექტორს.

    მუხლი 10

1. წინამდებარე კონვენციას გააჩნია სავალდებულო ძალა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მხოლოდ იმ წევრისათვის, რომელთა სარატიფიკაციო სიგელები რეგისტრირებულია გენერალური დირექტორის მიერ.

2. კონვენცია შედის ძალაში გენერალური დირექტორის მიერ ორგანიზაციის ორი წევრის სარატიფიკაციო სიგელის რეგისტრაციის თარიღიდან 12 თვის შემდეგ.

3. შემდგომში წინამდებარე კონვენცია ძალაში შევა ორგანიზაციის ყოველი წევრ სახელმწიფოსთვის მისი სარატიფიკაციო სიგელის რეგისტრაციის თარიღიდან 12 თვის შემდეგ.

    მუხლი 11

1. იმ სახელმწიფოებს, რომლებმაც მოახდინეს კონვენციის რატიფიცირება, კონვენციის ძალაში შესვლის დღიდან 10 წლის გასვლის შემდეგ შეუძლიათ მისი დენონსირება განცხადებით „დენონსაციის შესახებ“, რომელიც რეგისტრაციისთვის ეგზავნება შრომის საერთაშორისო ბიუროს გენერალურ დირექტორს. დენონსაცია ძალაში შედის რეგისტრაციის თარიღიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ.

2. ორგანიზაციის ყოველი წევრისათვის, რომელმაც წინამდებარე კონვენციის რატიფიცირება მოახდინა და ერთი წლის ვადაში წინა პუნქტში მითითებული ათი წლის ამოწურვის შემდეგ არ გამოიყენა წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული დენონსაციის უფლება, კონვენცია ძალაში რჩება შემდგომი ათი წლის განმავლობაში, და შემდგომში მას შეუძლია მისი დენონსირება მოახდინოს ყოველი ათწლეულის ამოწურვის შემდეგ, წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული წესით.

    მუხლი 12

1. შრომის საერთაშორისო ბიუროს გენერალური დირექტორი ატყობინებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ყველა წევრს, ორგანიზაციის წევრთა მიერ მის სახელზე გაგზავნილი ყველა სარატიფიკაციო სიგელისა და დენონსაციის შესახებ განცხადების რეგისტრაციის შესახებ.

2. ატყობინებს რა, ორგანიზაციის წევრებს მის მიერ მიღებული მეორე სარატიფიკაციო სიგელის რეგისტრაციის შესახებ, გენერალური დირექტორი მათ ყურადღებას ამახვილებს წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის თარიღზე.

    მუხლი 13

შრომის საერთაშორისო ბიუროს გენერალური დირექტორი გაეროს წესდების 102-ე მუხლის შესაბამისად, რეგისტრაციისათვის უგზავნის გაეროს გენერალურ მდივანს ამომწურავ მონაცემებს ყველა სარატიფიკაციო სიგელისა და დენონსაციის შესახებ განცხადების თაობაზე, რომლებიც მან რეგისტრაციაში გაატარა წინა მუხლების დებულებათა შესაბამისად.

    მუხლი 14

იმ შემთხვევაში, როდესაც შრომის საერთაშორისო ბიუროს ადმინისტრაციული საბჭო ამას საჭიროდ მიიჩნევს, ის წარუდგენს გენერალურ კონფერნციას მოხსენებას წინამდებარე კონვენციის გამოყენების შესახებ და განიხილავს მის მიზანშეწონილობას, რომ კონფერნციის დღის წესრიგში ჩართულ იქნეს საკითხი მისი მთლიანი ან ნაწილობრივი გადასინჯვის შესახებ.

    მუხლი 15

1. თუ კონფერენცია მიიღებს ახალ კონვენციას, რომელიც წინამდებარე კონვენციის მთლიან ან ნაწილობრივ განახლებას მოახდენს, თუ ახალ კონვენციაში სხვა რამ გათვალისწინებული არ არის, მაშინ:

ა) ორგანიზაციის რომელიმე წევრის მიერ განახლებული კონვენციის რატიფიცირება ავტომატურად, მე-11 მუხლის დებულებებისაგან დამოუკიდებლად, წინამდებარე კონვენციის დაუყოვნებლივ დენონსაციას გამოიწვევს იმ პირობით, რომ განახლებული კონვენცია შევა ძალაში;

ბ) განახლებული კონვენციის ძალაში შესვლის დღიდან წინამდებარე კონვენცია დახურულია რატიფიცირებისათვის ორგანიზაციის წევრთა მიერ.

2. წინამდებარე კონვენცია ნებისმიერ შემთხვევაში ძალაში რჩება თავისი ფორმითა და შინაარსით ორგანიზაციის იმ წევრთათვის, რომლებმაც მოახდინეს მისი რატიფიცირება, მაგრამ განახლებული კონვენციის რატიფიცირება არ მოუხდენიათ.

    მუხლი 16

წინამდებარე კონვენციის ინგლისურ და ფრანგულ ტექსტებს ერთნაირი ძალა გააჩნია.