ტყის ფონდის მართვის შესახებ

ტყის ფონდის მართვის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3345
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 06/07/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 39, 19/07/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2021
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.05.001.004.097
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
3345
06/07/2010
სსმ, 39, 19/07/2010
040.030.000.05.001.004.097
ტყის ფონდის მართვის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

(ძალადაკარგულია - 22.05.2020, №5949)

საქართველოს კანონი

 

ტყის ფონდის მართვის შესახებ

საქართველოს   2011 წლის 11 მარტის კანონი №4419- ვებგვერდი ,17.03.2011 .

 

თავი I. ზოგადი დებულებები

      მუხლი 1. კანონის მიზანი

ამ კანონის მიზანია ტყის ფონდის მართვასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგება, რასაც ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ეროვნული სატყეო სააგენტო (შემდგომ − სააგენტო).

საქართველოს  2011 წლის 11 მარტის კანონი №4419-ვებგვერდი,17.03.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №461 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

საქართველოს 2017 წლის 7  დეკემბრის   კანონი №1674   ვებგვერდი, 14.12.2017წ.

    მუხლი 2. სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები

სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი, სხვა ნორმატიული აქტები და სააგენტოს დებულება.

    მუხლი 3. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ტყის ფონდი – სახელმწიფო ტყის ფონდი, გარდა სახელმწიფო ტყის ფონდის დაცული ტერიტორიებისა, ადგილობრივი მნიშვნელობის ტყისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე არსებული ტყის ფონდებისა;

ბ) ტყის ფონდის მონიტორინგი – ტყის ფონდის შეფასების, მისი მდგომარეობის დინამიკაზე უწყვეტი დაკვირვების, ანალიზისა და პროგნოზირების სისტემა;

გ) სატყეო პლანტაციური მეურნეობა – გრძელვადიანი ტყითსარგებლობა, რომელიც გულისხმობს ტყის ფონდის ტერიტორიაზე მცენარეთა გაშენებას მერქნის ან მათი პროდუქტების მოპოვების მიზნით. სატყეო პლანტაციური მეურნეობის წარმოებისათვის ფართობები შეირჩევა ტყის ფონდის დაბალი სიხშირის კორომებში და ტყით დაუფარავ ფართობებში. სატყეო პლანტაციური მეურნეობის წარმოების შესაძლო მიზნებია:

გ.ა) ტყის მცენარეული პროდუქტების წარმოების გზით მოგების მიღება;

გ.ბ) გარემოს ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება;

დ) სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობა – ტყის ფონდის გამოყენება სათიბად, საძოვრად, სახნავად, პირუტყვის დროებითი სადგომებისა და სხვათა მოსაწყობად, მემცენარეობისა და მეცხოველეობის პროდუქტების საწარმოებლად, სატყეო პლანტაციური მეურნეობის, თევზის მეურნეობის მოსაწყობად;

ე) ტყის მოვლა – სატყეო სამეურნეო ღონისძიებათა სისტემა, რომლის მიზანია ტყის მდგრადი და მაღალპროდუქტიული კორომების ჩამოყალიბება, ტყის ბუნებრივი სასარგებლო თვისებებისა და სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესება, ტყის ფონდის დაცვა ხანძრებისაგან, ენტომომავნებლებისა და ფიტოდაავა-დებებისაგან;

ვ) ტყის აღდგენა – სატყეო სამეურნეო ღონისძიებათა მრავალწლიანი ციკლი, რომლის მიზანია ტყით დაუფარავ ფართობებზე, დაბალი სიხშირისა და დეგრადირებულ კორომებში ბუნებრივი განახლების ხელშეწყობა, ტყის გაშენება და გაშენებული ნარგაობის მრავალწლიანი მოვლა;

ზ) ტყის რესურსი – ტყის ფონდში არსებული მიწის ნაყოფიერი ფენა, მერქნიანი და არამერქნიანი მცენარეების პროდუქტები, არამერქნული რესურსი, ხის მეორეხარისხოვანი მასალები, გარდა სოჭის გირჩისა, თეთრყვავილას ბოლქვებისა და ყოჩივარდას გორგლებისა;

თ) ხე-ტყე – ტყის ფონდის ტერიტორიაზე არსებული მერქნული რესურსი;

ი) მომსახურების საფასური – შესაბამისი მომსახურებისათვის საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული, სააგენტოსათვის სავალდებულოდ გადასახდელი თანხა;

კ)ტყითსარგებლობის ხელშეკრულება – საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალის-წინებული ადმინისტრაციული ხელშეკრულება;

ლ) (ამოღებულია – 25.03.2013, №461).

საქართველოს  2011 წლის 11 მარტის კანონი №4419-ვებგვერდი,17.03.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 17 მაისის კანონი №4679 - ვებგვერდი, 01.06.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5201 - ვებგვერდი, 14.11.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №461 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

 

თავი II. ძირითადი დებულებები

    მუხლი 4. (ამოღებულია)

საქართველოს  2011 წლის 11 მარტის კანონი №4419-ვებგვერდი,17.03.2011წ.

    მუხლი 41. სააგენტოს სამართლებრივი სტატუსი

სააგენტო არის ამ კანონით შექმნილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №461 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

საქართველოს 2017 წლის 7  დეკემბრის   კანონი №1674   ვებგვერდი, 14.12.2017წ.

      მუხლი 5. სააგენტოს ძირითადი მიზნები და ამოცანები ტყის ფონდის მართვისას

1. ტყის ფონდის მართვისას სააგენტოს ძირითადი მიზნებია:

ა) ტყის მოვლა და აღდგენა;

ბ) ტყის ფონდის ტერიტორიაზე ბიოლოგიური მრავალფეროვნების კომპონენტების მდგრადი გამოყენება.

2. ტყის ფონდის მართვისას სააგენტოს ძირითადი ამოცანებია:

ა) ტყის ფონდის საზღვრების დადგენა - დაზუსტებისათვის ხელის შეწყობა;

ბ) ტყის ფონდის მართვა;

გ) ტყითსარგებლობის რეგულირება;

დ) ტყის მოვლისა და აღდგენის ღონისძიებების განხორციელება;

ე) (ამოღებულია - 26.12.2018, №4148).

საქართველოს  2011 წლის 11 მარტის კანონი №4419-ვებგვერდი,17.03.2011წ.

საქართველოს 2018 წლის 26 დეკემბრის კანონი №4148 – ვებგვერდი, 31.12.2018წ.

    მუხლი 6. სააგენტოს უფლებამოსილებები ტყის ფონდის მართვისას

ტყის ფონდის მართვი სა ს ს აგენტოს უფლებამოსილებებია:

) ტყის ფონდის მონიტორინგი და მონიტორინგის შედეგად მიღებულ მონაცემთა ბაზის შექმნა;

) ტყის მოვლა აღდგენა და ამ მიზნით მოვლითი ჭრების განხორციელება;

) ტყის ფონდის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების დროს საგანგებო ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა;

) ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვა, ხოლო ხანძრის საფრთხის შემთხვევაში მის სალიკვიდაციოდ შესაბამისი ზომების მიღება და საფრთხის შესახებ ინფორმაციის დაუყოვნებლივ მიწოდება სათანადო ორგანოებისთვის;

) ხე - ტყის დამზადების ბილეთის გაცემა;

) ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის გაცემა;

) სალიცენზიო ობიექტის მომზადება;

) ტყის ფონდის სარგებლობის უფლებით გაცემა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;

) სააგენტოს სამოქმედო ტერიტორიაზე მის მიერ შესაბამისი აქტით ან ხელშეკრულებით მინიჭებული ტყითსარგებლობის უფლების განხორციელების კონტროლი და ამ მიზნით შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა;

1)სააგენტოს სამოქმედო ტერიტორიაზე უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტის აღმოჩენისას სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოსათვის ან სხვა უფლებამოსილი ორგანოსათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება; საჭიროების შემთხვევაში უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტის გამოვლენის პროცესში მონაწილეობა, შესაბამისი აქტის შედგენა და გარემოსათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშება;

) ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის ( გარდა გადამფრენი ფრინველისა) მოპოვების შესახებ დოკუმენტის გაცემა; 

) სააგენტოს დებულებისა და სააგენტოს მიზნების შესაბამისად სხვა მომსახურების გაწევა;

მ) ხე-ტყის დამზადება;

ნ) ფიზიკური და იურიდიული პირების ხე-ტყით უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მიზნით და ოდენობით.

საქართველოს  2010 წლის 28 ოქტომბრის კანონი №3789-სსმI,№61,04.11.2010წ.,მუხ.378

საქართველოს  2011 წლის 11 მარტის კანონი №4419-ვებგვერდი,17.03.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 17 მაისის კანონი №4679 - ვებგვერდი, 01.06.2011წ.

საქართველოს 2018 წლის 26 დეკემბრის კანონი №4148 – ვებგვერდი, 31.12.2018წ.

    მუხლი 7.  სააგენტოს უფროსი

სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი (შემდგომ − მინისტრი).

საქართველოს  2011 წლის 11 მარტის კანონი №4419-ვებგვერდი,17.03.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №461 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

საქართველოს 2017 წლის 7  დეკემბრის   კანონი №1674   ვებგვერდი, 14.12.2017წ.

    მუხლი 8. სააგენტოს დებულება და სტრუქტურა

სააგენტოს დებულებას და სტრუქტურას ამტკიცებს მინისტრი.

საქართველოს  2011 წლის 11 მარტის კანონი №4419-ვებგვერდი,17.03.2011წ.

     მუხლი 81. მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებები

1. სააგენტო უფლებამოსილია საქმისწარმოებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიზნით გამოიყენოს პროგრამული უზრუნველყოფა და მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებები.

2. სააგენტო უფლებამოსილია ნებისმიერი ინფორმაცია ან/და დოკუმენტი მიიღოს, გამოსცეს ან გასცეს მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებების გამოყენებით.

3. სააგენტო უფლებამოსილია ელექტრონული ასლის სახით შეინახოს და გასცეს მის მიერ შექმნილი ან მასთან დაცული ნებისმიერი დოკუმენტი.

4. (ამოღებულია - 21.04.2017, 658).

5. სააგენტოს მიერ გამოცემულ ან გაცემულ დოკუმენტში მონაცემები შეიძლება შეტანილ იქნეს მექანიკური ან/და ელექტრონული საშუალებებით.

საქართველოს 2011 წლის 27 დეკემბრის კანონი №5645 - ვებგვერდი, 09.01.2012წ.

საქართველოს 2017 წლის 21 აპრილის კანონი №658 - ვებგვერდი, 10.05.2017წ.

    მუხლი 9. (ამოღებულია)

საქართველოს  2011 წლის 11 მარტის კანონი №4419-ვებგვერდი,17.03.2011წ.

    მუხლი 10. სააგენტოს დაფინანსება

1. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:

ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) მიზნობრივი გრანტები;

გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული (შესასრულებელი) სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;

დ) ამ კანონით გათვალისწინებული მომსახურების საფასური და ტყითსარგებლობის წლიური საფასური (აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო ფასი);

ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები სრულად ხმარდება სააგენტოს მიზნების განხორციელებას და ფუნქციების შესრულებას.

     მუხლი 11. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი

სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო (შემდგომ – სამინისტრო).

საქართველოს  2011 წლის 11 მარტის კანონი №4419-ვებგვერდი,17.03.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №461 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

საქართველოს 2017 წლის 7  დეკემბრის   კანონი №1674   ვებგვერდი, 14.12.2017წ.

 

თავი III. ტყის ფონდით სარგებლობის რეგულირება

    მუხლი 12. ხე-ტყის დამზადების ბილეთი

ხე-ტყის დამზადების ბილეთი გაიცემა ხე-ტყის ტყის ფონდის ტერიტორიაზე დამზადებისათვის.

საქართველოს 2011 წლის 17 მაისის კანონი №4679 - ვებგვერდი, 01.06.2011წ.

    მუხლი 13. სალიცენზიო ობიექტის მომზადება

სალიცენზიო ობიექტის მომზადება მოიცავს ფართობის აღწერას, ხე-ტყის დამზადების ადგილის, მერქნიანი მცენარეების სახეობების, დასამზადებელი ხე-ტყის სავარაუდო მოცულობის დადგენას, სარგებლობის კონკრეტულ წესს, საქმიანობის სუბიექტისადმი სავალდებულო მოთხოვნებს, ასევე სამონადირეო მეურნეობის მოწყობისა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის რაოდენობრივ, თვისებრივ და დროში განსაზღვრულ წესებს, სალიცენზიო ობიექტის საჯარო რეესტრში რეგისტრაციისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას.

    მუხლი 14. ტყითსარგებლობის სახეები

1. ტყითმოსარგებლე უფლებამოსილია განახორციელოს:

ა) ხე-ტყის დამზადება;

ბ) ტყის რესურსებით სარგებლობა;

გ) სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობა;

დ) არასასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობა;

ე) ნადირობა;

ვ) სამონადირეო მეურნეობის მოწყობა;

ზ) ცხოველთა თავშესაფრებისა და სანაშენეების მოწყობა;

თ) საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს ტყის კოდექსის შესაბამისად დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესით“ (შემდგომში – „ტყითსარგებლობის წესი“) განსაზღვრული სხვა საქმიანობა.

2. დასაშვებია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობების ერთდროულად განხორციელება.

3. ტყის ფონდის ტერიტორიაზე გაცემული ლიცენზიებით განსაზღვრულ ტერიტორიებზე სააგენტოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ტყითსარგებლობის უფლების მინიჭება.

4. დაუშვებელია ტყის ფონდის ტერიტორიის ერთსა და იმავე ადგილზე ერთი და იმავე შინაარსის ან/და ისეთი ტყითსარგებლობის უფლების მინიჭება, რომელიც არსობრივად ხელს უშლის ლიცენზიით განსაზღვრული ტყითსარგებლობის უფლების განხორციელებას.

5. სარგებლობის უფლებით გასაცემი ობიექტის მომზადება მოიცავს ფართობის აღწერას, სარგებლობის კონკრეტული წესის, საქმიანობის სუბიექტისადმი სავალდებულო მოთხოვნების დადგენას, სარგებლობის უფლებით გასაცემი ობიექტის საჯარო რეესტრში რეგისტრაციისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას.

    მუხლი 15. ტყითმოსარგებლის ვალდებულებები

ტყითმოსარგებლე ვალდებულია:

ა) განახორციელოს მხოლოდ ლიცენზიით, ტყითსარგებლობის ხელშეკრულებით, ხე-ტყის დამზადებისა და ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთებით განსაზღვრული საქმიანობა მათში მითითებულ ადგილებზე, ვადებში და მითითებული მოცულობით;

ბ) თავისი საქმიანობით ხელი არ შეუშალოს ტყის მოვლისა და აღდგენის ღონისძიებების განხორციელებას;

გ) დაიცვას ხანძარსაწინააღმდეგო წესები, ხოლო ხანძრის საფრთხის შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი ზომები მის სალიკვიდაციოდ და საფრთხის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სათანადო ორგანოებს;

დ) სამუშაოები აწარმოოს ისეთი ფორმებით, მეთოდებითა და საშუალებებით, რომლებიც არ გამოიწვევს ნიადაგის ეროზიას, შეზღუდავს ან გამორიცხავს ტყითსარგებლობის უარყოფით გავლენას გარემოზე, ტყის მდგომარეობასა და აღდგენაზე;

ე) გაუფრთხილდეს ტყეს, დაიცვას მისი რესურსები და ბუნებრივი თვისებები;

ვ) დაიცვას ტყითსარგებლობის უსაფრთხოების წესები;

ზ) შესაძლებლობის ფარგლებში აღკვეთოს უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტები და მათ შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის ორგანოებს;

თ) ხელი არ შეუშალოს მოსახლეობის ტყეში ყოფნას და სხვა პირებს, რომლებსაც კანონით დადგენილი წესით აქვთ მინიჭებული ტყითსარგებლობის უფლება;

ი) გადაიხადოს კანონით გათვალისწინებული ქონებისა და სხვა გადასახადები;

კ) სარგებლობის უფლებით გადაცემული ტყის ფონდი დაიცვას უკანონო სარგებლობისაგან.

 

თავი IV. მომსახურების საფასური

    მუხლი 16. მომსახურების სახეები და საფასური

სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეები და საფასური განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

საქართველოს 2011 წლის 17 მაისის კანონი №4679 - ვებგვერდი, 01.06.2011წ.

    მუხლი 17. ტყის ფონდის სარგებლობის უფლებით გაცემის წესი

1. ტყის ფონდი სარგებლობის უფლებით გაიცემა აუქციონის ჩატარების გზით.

2. ამ კანონით გათვალისწინებულ ტყის ფონდით სარგებლობის უფლებას ანიჭებს სააგენტო. ეს უფლება სააგენტომ შეიძლება მიანიჭოს თავის ტერიტორიულ ორგანოებს.

3. ტყის ფონდი სარგებლობის უფლებით გაიცემა არა უმეტეს 49 წლის ვადით.

    მუხლი 18. აუქციონის წლიური საწყისი ფასი

აუქციონის წლიური საწყისი ფასი საქმიანობის სახეობის მიხედვით დგინდება „ტყითსარგებლობის წესით“.

 

თავი V. ფიზიკური იძულების, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის, სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლება

    მუხლი 19. (ამოღებულია)

საქართველოს 2018 წლის 26 დეკემბრის კანონი №4148 – ვებგვერდი, 31.12.2018წ.

    მუხლი 20. სამსახურებრივ-საშტატო იარაღის გამოყენების უფლება

1. სააგენტოს თანამშრომელს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეინახოს, ატაროს და გამოიყენოს სამსახურებრივ-საშტატო იარაღი.

2. სამსახურებრივ-საშტატო იარაღის გამოყენებად ითვლება გამიზნული გასროლა.

3. სააგენტოს თანამშრომელს უფლება აქვს, აუცილებელი მოგერიების ან უკიდურესი ღონისძიების სახით გამოიყენოს სამსახურებრივ-საშტატო იარაღი:

ა) მოქალაქის ან/და თავის ისეთი საფრთხისაგან დასაცავად, რომელიც რეალურ საშიშროებას უქმნის მის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას;

ბ) ცეცხლსასროლი იარაღის წართმევის აღსაკვეთად;

გ) განგაშის სიგნალის მისაცემად ან დამხმარე ძალის გამოსაძახებლად.

4. სამსახურებრივ-საშტატო იარაღის გამოყენებას წინ უნდა უძღოდეს სიტყვიერი გაფრთხილება მისი გამოყენების შესახებ; აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება გამაფრთხილებელი გასროლა.

5. გაფრთხილების გარეშე სამსახურებრივ-საშტატო იარაღი გამოიყენება მხოლოდ შეიარაღებული, ნებისმიერი სახის სატრანსპორტო ან მექანიკური საშუალებით მოულოდნელი თავდასხმისას.

6. აკრძალულია სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ისეთ ადგილებში გამოყენება, სადაც შესაძლებელია სხვა პირთა დაშავება, აგრეთვე ცეცხლსაშიშ, აფეთქებასაშიშ ადგილებში, ასევე წინასწარი შეცნობით ორსულთა, მცირეწლოვანთა, ინვალიდთა მიმართ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი შეიარაღებულნი ან ჯგუფურად ესხმიან თავს, შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევენ სააგენტოს თანამშრომელს, რაც საფრთხეს უქმნის მოქალაქეთა და სააგენტოს თანამშრომელს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, თუ ასეთი თავდასხმის სხვაგვარი ხერხებითა და საშუალებებით მოგერიება შეუძლებელია.

7. სააგენტოს თანამშრომელი ვალდებულია სამსახურებრივ-საშტატო იარაღის გამოყენების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს საქართველოს პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოებს, აგრეთვე თავის უშუალო უფროსს.

8. სააგენტოს შეიარაღებაში არსებული სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის ნუსხას ამტკიცებს მინისტრი.

 საქართველოს 2018 წლის 26 დეკემბრის კანონი №4148 – ვებგვერდი, 31.12.2018წ.

    მუხლი 21. სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლება

1. (ამოღებულია - 26.12.2018, №4148).

2. სააგენტოს მფლობელობაში არსებული ავტომანქანები აღჭურვილია სპეციალური სიგნალებით.

საქართველოს 2018 წლის 26 დეკემბრის კანონი №4148 – ვებგვერდი, 31.12.2018წ.

    მუხლი 22. სააგენტოს თანამშრომელი

1. სააგენტოს თანამშრომელს არანორმირებული სამუშაო რეჟიმის პირობებში მუშაობისას დაუწესდება სამსახურში გამოცხადების სხვა რეჟიმი, რომლის წესსა და პირობებს განსაზღვრავს სააგენტოს უფროსი.

2. სააგენტოს თანამშრომელს აქვს მინისტრის სამართლებრივი აქტით დამტკიცებული სპეციალური ტანსაცმელი (უნიფორმა) განმასხვავებელი ნიშნებით, სამსახურებრივი პირადობის მოწმობა და ლუქი. სააგენტოს თანამშრომლის სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის) ნიმუშს ამტკიცებს მინისტრი.

21. სააგენტოს თანამშრომლის სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის) განმასხვავებელი ნიშნებისა და სამსახურებრივი პირადობის მოწმობის ნიმუშებს ამტკიცებს მინისტრი „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

3. სააგენტოს თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას იყენებს სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებსაც აქვთ შესაბამისი საიდენტიფიკაციო ნიშნები (მათ შორის, სააგენტოს ლოგო).

საქართველოს  2011 წლის 11 მარტის კანონი №4419-ვებგვერდი,17.03.2011წ.

საქართველოს 2019 წლის 22 თებერვლის კანონი №4324 – ვებგვერდი, 07.03.2019წ.

 

თავი VI. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

    მუხლი 23. გარდამავალი დებულებები

1. ეს კანონი ვრცელდება:

ა) ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემული ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიისა და სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის მფლობელებზე;

ბ) იმ პირზე, რომელიც საქმიანობას ახორციელებს ტყის ფონდის ტერიტორიაზე.

2. ის პირი, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე ტყის ფონდის ტერიტორიაზე განთავსებული აქვს კავშირგაბმულობის საკომუნიკაციო ნაგებობა, ვალდებულია ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში დადოს ტყითსარგებლობის ხელშეკრულება სააგენტოსთან და გადაიხადოს შესაბამისი საფასური.

3. ის პირი, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე სარგებლობაში აქვს მიწის ნაკვეთი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ტყის ფონდის ტერიტორიაზე და რომლის ეს უფლება რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში, ვალდებულია ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში დადოს ხელშეკრულება სააგენტოსთან და ხელშეკრულებით განსაზღვრული სარგებლობის თანხა ჩარიცხოს სააგენტოს ანგარიშზე.

4. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში:

ა) დაამტკიცოს სააგენტოს დებულება და თანამდებობაზე დანიშნოს სააგენტოს თავმჯდომარე;

ბ) უზრუნველყოს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო დეპარტამენტის რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება.

5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სააგენტოს თავმჯდომარის დანიშვნიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყოს სააგენტოს ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ქონების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტოსთვის გადაცემა.

6. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სატყეო დეპარტამენტი რეორგანიზებულ იქნეს და მის ბაზაზე ჩამოყალიბდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სატყეო სააგენტო.

7. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სატყეო სააგენტო ჩაითვალოს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ, გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისისა.

8. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ 1998–2003 წლებში წარმოშობილი ფინანსური ვალდებულებების (შრომის ანაზღაურების, სხვა საქონლისა და მომსახურების, სოციალური უზრუნველყოფის) ნაწილში ჩაითვალოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.

საქართველოს  2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4129-სსმI,№75,27.12.2010წ.,მუხ.478

საქართველოს  2011 წლის 11 მარტის კანონი №4419-ვებგვერდი,17.03.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №461 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.

    მუხლი 24. კანონის ამოქმედება

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან.

2. ამ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„დ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 6 ივლისი

№3345–რს