სასაქონლო ნიშნების შესახებ

სასაქონლო ნიშნების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1795
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 05/02/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 5(12), 24/02/1999
სარეგისტრაციო კოდი 050.050.000.05.001.000.487
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1795
05/02/1999
სსმ, 5(12), 24/02/1999
050.050.000.05.001.000.487
სასაქონლო ნიშნების შესახებ
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს კანონი

სასაქონლო ნიშნების შესახებ

 

თავი I. ზოგადი დებულებანი

      მუხლი 1. კანონის მიზანი

ამ კანონის მიზანია სასაქონლო, მომსახურების, კოლექტიური და სასერტიფიკაციო ნიშნების რეგისტრაციასთან, დაცვასა და გამოყენებასთან დაკავშირებული ურთიერთობების მოწესრიგება.

საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4048 – ვებგვერდი, 07.03.2024წ.

    მუხლი 2. კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება

კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“ (შემდგომში – საქპატენტი) – საქართველოს საპატენტო კანონით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირი;

ბ) პარიზის კონვენცია – 1883 წლის 20 მარტს ხელმოწერილი სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენცია (გადასინჯულია სტოკჰოლმში 1967 წლის 14 ივლისს, შესწორებულია 1979 წლის 28 სექტემბერს);

გ) მადრიდის შეთანხმების ოქმი – „1989 წლის 27 ივნისს ხელმოწერილი ნიშნების საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ მადრიდის შეთანხმების ოქმი;“

დ) საერთაშორისო კლასიფიკატორი – 1957 წლის 15 ივნისს ნიცის შეთანხმებით მიღებული და ხელმოწერილი საქონლისა და მომსახურების საერთაშორისო კლასიფიკატორი (გადასინჯულია სტოკჰოლმში 1967 წლის 14 ივლისს, ჟენევაში 1977 წლის 13 მაისს);

1) „საერთაშორისო გამოფენების შესახებ“ კონვენცია – „საერთაშორისო გამოფენების შესახებ“ 1928 წლის 22 ნოემბრის პარიზის კონვენცია (გადასინჯულია 1972 წლის 30 ნოემბერს);

ე) მოწმობა – ამ კანონის შესაბამისად სასაქონლო ნიშნის მფლობელის სახელზე გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მის განსაკუთრებულ უფლებებს;

ვ) განაცხადი – მოწმობის გასაცემად აუცილებელი საბუთების ერთობლიობა, რომელიც ფორმდება დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;

ზ) განმცხადებელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ითხოვს მოწმობას;

თ) პრიორიტეტი – უპირატესობა, რომლითაც სარგებლობს განაცხადი მასზე გვიან შეტანილ განაცხადთან შედარებით;

ი) საკონვენციო პრიორიტეტი – პარიზის კონვენციის მე-4 მუხლის თანახმად დადგენილი პრიორიტეტი;

კ) საგამოფენო პრიორიტეტი – პარიზის კონვენციის მე-11 მუხლის თანახმად დადგენილი პრიორიტეტი;

ლ) (ამოღებულია);

მ) სააპელაციო პალატა – „საქპატენტთან“ არსებული სამრეწველო საკუთრების ობიექტებზე უფლების მოპოვებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი დავის განმხილველი ორგანო;

ნ) გაერთიანება – მეწარმეთა ნებისმიერი გაერთიანება, რომელიც შექმნილია საქართველოს ან მისი წარმოშობის ქვეყნის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

ო) სასაქონლო ნიშნის დაუცველი ნაწილი – სასაქონლო ნიშნის ნაწილი, რომელზედაც არ ვრცელდება მფლობელის განსაკუთრებული უფლებები;

პ) სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევით ნიშანდებული საქონელი – საქონელი, რომელიც შეიცავს რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის იდენტურ ან მსგავს ნიშანს ან რომელზედაც დატანილია რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსი ნიშანი, ან რომელსაც აქვს რეგისტრირებული მოცულობითი სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსი ფორმა და რომლის წარმოება, საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა, შენახვა, სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვა ან ამ მიზნით შენახვა/დასაწყობება (დროებით შესანახად განთავსება) ან/და ნებისმიერი სხვაგვარი გამოყენება იწვევს რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის მფლობელის განსაკუთრებული უფლების დარღვევას, მიუხედავად ნიშანდების ადგილისა.

საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2380 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ.3

საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3159 - სსმ I, №35, 12.07.2010 წ., მუხ.206  

საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის  კანონი  №1922  - ვებგვერდი, 11.01.2018წ.

საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4048 – ვებგვერდი, 07.03.2024წ.

      მუხლი 3. სასაქონლო ნიშანი

1. სასაქონლო ნიშანი არის ნებისმიერი სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც შეტანილია სასაქონლო ნიშნების რეესტრში, ჩამოყალიბებულია ნათლად და მკაფიოდ და აქვს უნარი, ერთი საწარმოს საქონელი ან/და მომსახურება მეორე საწარმოს საქონლისგან ან/და მომსახურებისგან (შემდგომ – საქონელი) განასხვაოს.

2. სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა შეიძლება იყოს სიტყვა (სიტყვები), სახელი (სახელები), ასო (ასოები), ციფრი (ციფრები), ბგერა (ბგერები), გამოსახულება, ფერი (ფერები), საქონლის ან მისი შეფუთვის ფორმა.

3. სასაქონლო ნიშანი დაცულია მისი საქპატენტში რეგისტრაციის ან საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე.

4. საქართველოში საყოველთაოდ ცნობილი სასაქონლო ნიშანი დაცულია რეგისტრაციის გარეშე, პარიზის კონვენციის 6bis მუხლის შესაბამისად.

საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2380 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ.3

საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4048 – ვებგვერდი, 07.03.2024წ.

     მუხლი 4. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის აბსოლუტური საფუძვლები

1. სასაქონლო ნიშანი არ რეგისტრირდება, თუ შესაბამისი სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა:

ა) არ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს;

ბ) არაგანმასხვავებელუნარიანია შესაბამისი საქონლის მიმართ;

გ) აღწერილობითია იმ საქონლის მიმართ, რომლისთვისაც მოითხოვება მისი რეგისტრაცია, არის საქონლის მხოლოდ სახეობის, ხარისხის, რაოდენობის, თვისების, ღირებულების, დანიშნულების, გეოგრაფიული წარმოშობის, გასაღების ადგილის ან დროის ან საქონლის სხვა მახასიათებლის აღმნიშვნელი ან/და მიჩნეულია ასეთად;

დ) საყოველთაოდ გამოიყენება, როგორც გარკვეული სახის საქონლის გვარეობითი ცნება, ან არის სამოქალაქო ბრუნვაში იმ საქონლის დამახასიათებელი, საყოველთაოდ დამკვიდრებული ტერმინი ან სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომლისთვისაც მოითხოვება მისი რეგისტრაცია;

ე) ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან მორალის აღიარებულ პრინციპებს;

ვ) შესაძლებელს ხდის, მომხმარებელს საქონლის ხარისხის, თვისების, გეოგრაფიული წარმოშობის ან/და საქონლის სხვა მახასიათებლის შესახებ მცდარი წარმოდგენა შეექმნას;

ზ) მთლიანად ან რომელიმე ნაწილით ემთხვევა ისეთ სიმბოლოს, რომელიც პარიზის კონვენციის 6ter მუხლის საფუძველზე რეგისტრაციას არ ექვემდებარება, და არ არსებობს შესაბამისი კომპეტენტური უწყების ნებართვა მის გამოყენებაზე, ან მთლიანად ან რომელიმე ნაწილით ემთხვევა საქართველოს ან მისი ტერიტორიული ერთეულის არსებულ/ისტორიულ დასახელებას და არ არსებობს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანხმობა მის გამოყენებაზე;

თ) მთლიანად ან რომელიმე ნაწილით ემთხვევა გერბს, ემბლემას, სახელწოდებას ან ორგანიზაციის ნიშანს, რომელიც პარიზის კონვენციის 6ter მუხლის შესაბამისად დაცული არ არის, მაგრამ საქართველოში აღნიშნული ნიშნის დაცვის მიმართ საჯარო ინტერესი არსებობს და არ არსებობს ამ ნიშნის მფლობელის ან/და სხვა კომპეტენტური უწყების თანხმობა მის გამოყენებაზე;

ი) შეიცავს ან რომელიმე ნაწილით ემთხვევა მცენარის ახალი ჯიშის დასახელებას, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის ან საერთაშორისო კანონმდებლობის საფუძველზე დაცულია საქართველოში, და სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია მოითხოვება მცენარის იმავე ან მსგავსი ჯიშისთვის;

კ) აღნიშნავს მხოლოდ საქონლის ფორმას ან სხვა მახასიათებელს, რომელიც:

კ.ა) განპირობებულია საქონლის თვისებებით;

კ.ბ) აუცილებელია ტექნიკური შედეგის მისაღწევად;

კ.გ) საქონელს არსებით ღირებულებას სძენს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“−„დ“ და „ვ“ ქვეპუნქტები არ გამოიყენება, თუ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე ეს სასაქონლო ნიშანი სამოქალაქო ბრუნვაში გამოყენების შედეგად განაცხადში მითითებული საქონლის მიმართ განმასხვავებელ სიმბოლოდ დამკვიდრდა.

საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2380 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ.3
საქართველოს 2015 წლის 25 ნოემბრის კანონი №4556 - ვებგვერდი, 08.12.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1636 - ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3054 - ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №387 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.
საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3874 – ვებგვერდი, 15.12.2023წ.
საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4048 – ვებგვერდი, 07.03.2024წ.

     მუხლი 5. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის შედარებითი საფუძვლები

სასაქონლო ნიშანი არ რეგისტრირდება, თუ იგი:

ა) იდენტური საქონლის მიმართ რეგისტრირებული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე სასაქონლო ნიშნის იდენტურია;

ბ) მესამე პირის სახელზე რეგისტრირებული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე სასაქონლო ნიშნის იდენტურია, ხოლო შესაბამისი საქონელი – იმდენად მსგავსი, რომ ჩნდება ამ სასაქონლო ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის, შესაძლებლობა. ეს ქვეპუნქტი არ გამოიყენება, თუ განმცხადებელი წარადგენს უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე, რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის (ნიშნების) მფლობელის წერილობით თანხმობას სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე;

გ) მესამე პირის სახელზე რეგისტრირებული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე სასაქონლო ნიშნის მსგავსია, ხოლო შესაბამისი საქონელი – იდენტური ან იმდენად მსგავსი, რომ ჩნდება ამ სასაქონლო ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის, შესაძლებლობა. ეს ქვეპუნქტი არ გამოიყენება, თუ განმცხადებელი წარადგენს უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე, რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის (ნიშნების) მფლობელის წერილობით თანხმობას სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე;

დ) საქართველოში რეგისტრირებული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე დიზაინის იდენტურია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას ამ დიზაინზე განსაკუთრებული უფლების მფლობელი ითხოვს. ეს ქვეპუნქტი არ გამოიყენება, თუ განმცხადებელი წარადგენს უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე, რეგისტრირებული დიზაინის (დიზაინების) მფლობელის წერილობით თანხმობას სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე;

ე) საქართველოში დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის ან ადგილწარმოშობის დასახელების იდენტურია ან მსგავსია, შეიცავს მას ან ჩნდება მასთან აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის, შესაძლებლობა და სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია მოითხოვება იდენტური ან მსგავსი საქონლისთვის, ანდა ამ სასაქონლო ნიშნით სარგებლობით მოხდება საქართველოში დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის ან ადგილწარმოშობის დასახელების რეპუტაციის გამოყენება. ეს ქვეპუნქტი არ გამოიყენება, თუ გეოგრაფიული აღნიშვნა ან ადგილწარმოშობის დასახელება მისი გამოყენების უფლების მქონე პირის სასაქონლო ნიშანში ჩართულია დაუცველი ნაწილის სახით;

[ ე) არის სასაქონლო ნიშანი, რომლის მიმართაც არსებობს „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი;   (ამოქმედდეს 2024 წლის 1 ნოემბრიდან)]

ვ) შეიცავს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე განაცხადის შეტანამდე საქართველოში ცნობილი პირის სახელს, ფსევდონიმს, ფაქსიმილეს ან პორტრეტს და მის გამოყენებაზე არ არსებობს ამ პირის ან მისი მემკვიდრის თანხმობა, ხოლო თუ იგი საქართველოს ისტორიისა და კულტურის კუთვნილებაა, − საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანხმობა;

ზ) შეიცავს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ან მუზეუმის სრულ ან შემოკლებულ დასახელებას ან გამოსახულებას და არ არსებობს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანხმობა მის გამოყენებაზე.

საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2380 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ.3
საქართველოს 2015 წლის 25 ნოემბრის კანონი №4556 - ვებგვერდი, 08.12.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1636 - ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3054 - ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №387 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.
საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3494 – ვებგვერდი, 10.10.2023წ.
საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3874 – ვებგვერდი, 15.12.2023წ.
საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4048 – ვებგვერდი, 07.03.2024წ.

     მუხლი 6. განსაკუთრებული უფლება

1. რეგისტრაციით დაცულ სასაქონლო ნიშანზე მფლობელის განსაკუთრებული უფლება წარმოიშობა ამ ნიშნის რეგისტრაციის დღიდან.

2. განსაკუთრებული უფლების მქონე პირს შეუძლია აუკრძალოს მესამე პირს, მისი თანხმობის გარეშე სამოქალაქო ბრუნვაში გამოიყენოს ისეთი ნიშანი, რომელიც განსაკუთრებული უფლების მქონე პირის დაცული სასაქონლო ნიშნის:

ა) იდენტურია და საქონელიც იდენტური;

ბ) იდენტურია, ხოლო საქონელი იმდენად მსგავსია, რომ ჩნდება ამ ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა;

გ) მსგავსია, ხოლო საქონელი იდენტური ან იმდენად მსგავსია, რომ ჩნდება ამ ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა;

დ) იდენტურია ან მსგავსია და რომელსაც საქართველოში აქვს რეპუტაცია, მიუხედავად საქონლის იდენტურობისა ან მსგავსებისა, თუ ამ ნიშნის გამოყენება მესამე პირს დაუმსახურებლად უქმნის ხელსაყრელ პირობებს ან ზიანს აყენებს დაცული სასაქონლო ნიშნის რეპუტაციას ან განმასხვავებელუნარიანობას.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სხვა შესაძლო აკრძალვათა გარდა, იკრძალება:

ა) სასაქონლო ნიშნის დატანა საქონელზე ან მის შეფუთვაზე;

ბ) ისეთი საქონლის შეთავაზება, სამოქალაქო ბრუნვაში შეტანა ან საწყობში ამ მიზნით შენახვა, იმპორტი ან ექსპორტი, რომელიც ნიშანდებულია ამ ნიშნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ქმედება ხორციელდება სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მქონე პირის მიერ ნიშანდებული საქონლით;

გ) სასაქონლო ნიშნის გამოყენებით მომსახურების შეთავაზება ან გაწევა;

დ) სასაქონლო ნიშნის გამოყენება რეკლამისათვის ან საქმიან ქაღალდებზე;

ე) სასაქონლო ნიშნის საფირმო სახელწოდებად ან მის ნაწილად გამოყენება.

4. სასაქონლო ნიშნის მფლობელის ნებართვის გარეშე მესამე პირს ეკრძალება:

ა) ამ სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსი ნიშნის დატანა საქონლის შეფუთვაზე, ეტიკეტზე, იარლიყზე ან ნებისმიერ სხვა საშუალებაზე, რომელზედაც შესაძლებელია სასაქონლო ნიშნის დატანა;

ბ) ამ სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსი ნიშნით ნიშანდებული შესაფუთი მასალის, შეფუთვის, ეტიკეტის, იარლიყის ან ნებისმიერი სხვა საშუალების, რომელზედაც დატანილია ეს სასაქონლო ნიშანი, გასაყიდად შეთავაზება, სამოქალაქო ბრუნვაში შეტანა, გასაღება, გასაღებისთვის მომზადება, დასაწყობება, იმპორტი ან ექსპორტი.

საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2380 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ.3

საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4048 – ვებგვერდი, 07.03.2024წ.

       მუხლი 7. განსაკუთრებული უფლების ფარგლები

1. სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მქონე პირს არ აქვს უფლება, აუკრძალოს მესამე პირს, სამოქალაქო ბრუნვაში სასაქონლო ნიშნად გამოიყენოს:

ა) საკუთარი სახელი ან/და მისამართი, თუ მესამე პირი ფიზიკური პირია;

ბ) სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც არაგანმასხვავებელუნარიანია ან არის საქონლის სახეობის, ხარისხის, რაოდენობის, თვისების, ღირებულების, დანიშნულების, გეოგრაფიული წარმოშობის, გასაღების ადგილის ან დროის ან საქონლის სხვა მახასიათებლის აღმნიშვნელი;

გ) დაცული სასაქონლო ნიშანი, თუ ის აუცილებელია საქონლის იდენტიფიცირებისთვის ან საქონელზე მითითებისთვის, კერძოდ, საქონლის დანიშნულების მისათითებლად, მათ შორის, თუკი ამ სასაქონლო ნიშნით ნიშანდებული საქონელი გამოიყენება, როგორც შემადგენელი ან სათადარიგო ნაწილი.

2. სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მქონე პირს არა აქვს უფლება აუკრძალოს მესამე პირს ამ დაცული სასაქონლო ნიშნის გამოყენება ისეთ საქონელზე, რომელიც სამოქალაქო ბრუნვაში შეტანილი იქნა უშუალოდ სასაქონლო ნიშნის მფლობელის მიერ ან მისი ნებართვის საფუძველზე. ეს წესი არ მოქმედებს, თუ საქონლის თვისებები შეიცვალა, ხარისხი გაუარესდა ან არსებობს ამ აკრძალვისათვის სხვა მნიშვნელოვანი საფუძველი.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვები მოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მესამე პირი სასაქონლო ნიშანს სამეწარმეო საქმიანობის კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპის დაცვით იყენებს.

საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4048 – ვებგვერდი, 07.03.2024წ.

    მუხლი 8. სასაქონლო ნიშნის გამოქვეყნება საცნობარო ლიტერატურაში

თუ სასაქონლო ნიშნის რეპროდუქცია ლექსიკონში, ენციკლოპედიაში ან სხვა საცნობარო ლიტერატურაში ქმნის შთაბეჭდილებას, რომ სასაქონლო ნიშანი წარმოადგენს გვარეობით ცნებას იმ საქონლის მიმართ, რომლისთვისაც იგი რეგისტრირებულია ან მოითხოვება მისი რეგისტრაცია, გამომცემელი, აღნიშნული ნიშნის მფლობელის მოთხოვნით, ვალდებულია ამ საცნობარო ლიტერატურის მომდევნო გამოცემებში აღნიშნოს, რომ გამოქვეყნებული სიმბოლო რეგისტრირებულ სასაქონლო ნიშანს წარმოადგენს.

 

თავი II.  სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მოპოვება და შენარჩუნება

    მუხლი 9. განაცხადი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე

1. განაცხადი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე წარედგინება „საქპატენტს“ განმცხადებლის ან მისი წარმომადგენლის მიერ.

2. განაცხადი ივსება დადგენილი წესით, ქართულ ენაზე.

3. (ამოღებულია).

4. განაცხადი ეხება მხოლოდ ერთ სასაქონლო ნიშანს.

5. განაცხადი შეიცავს:

ა) თხოვნას სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის შესახებ;

ბ) განმცხადებლის სრულ სახელს (სახელწოდებას) და იურიდიულ მისამართს;

გ) სასაქონლო ნიშნის გამოსახულებას;

დ) იმ საქონლის ჩამონათვალს, რომლისთვისაც მოითხოვება სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია. დასაშვებია საქონლის ჩამონათვალის უცხო ენაზე წარდგენა დანართის სახით, რომლის ქართულ ენაზე თარგმანიც „საქპატენტს“ წარედგინება განაცხადის შეტანის დღიდან ერთი თვის ვადაში;

ე) წარმომადგენლის ვინაობას და მისამართს, თუ განაცხადი შეტანილია წარმომადგენლის მიერ;

ვ) განმცხადებლის ან წარმომადგენლის ხელმოწერას განაცხადზე.

6. განაცხადის ექსპერტიზისათვის აუცილებელი სხვა მონაცემებისა და საბუთების ნუსხა, მისი წარდგენის ვადები და პირობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3159 - სსმ I, №35, 12.07.2010 წ., მუხ.206

    მუხლი 10. განაცხადის „საქპატენტში“ შეტანის თარიღი

განაცხადის „საქპატენტში“ შეტანის თარიღად ითვლება „საქპატენტში“ მისი ჩაბარების დღე, თუ განაცხადი აკმაყოფილებს ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

      მუხლი 11. პრიორიტეტი

1. სასაქონლო ნიშნის პრიორიტეტი დგინდება შესაბამისი განაცხადის საქპატენტში შეტანის თარიღით, თუ განაცხადზე ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზისთვის დადგენილი საფასური გადაიხდება განაცხადის შეტანიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა.

2. პრიორიტეტი სასაქონლო ნიშანზე შეიძლება დადგინდეს პარიზის კონვენციის მონაწილე სახელმწიფოში პირველი განაცხადის შეტანის თარიღით (საკონვენციო პრიორიტეტი), თუ ამ თარიღიდან განაცხადის „საქპატენტში“ შეტანის თარიღამდე გასულია არა უმეტეს 6 თვისა.

3. პარიზის კონვენციის მონაწილე სახელმწიფოს მიერ მოწყობილ, „საერთაშორისო გამოფენების შესახებ“ კონვენციით განსაზღვრულ ოფიციალურ ან ოფიციალურად აღიარებულ საერთაშორისო გამოფენაზე წარდგენილ ექსპონატზე გამოყენებული სასაქონლო ნიშნის პრიორიტეტი დგინდება ექსპონატის გამოფენაზე წარდგენის პირველი დღით (საგამოფენო პრიორიტეტი), თუ ამ დღიდან შესაბამისი განაცხადის საქპატენტში შეტანის თარიღამდე გასულია არაუმეტეს 6 თვისა. საგამოფენო პრიორიტეტი და საკონვენციო პრიორიტეტი ერთმანეთის ვადას არ აგრძელებს.

4. განმცხადებელი, რომელსაც სურს საკონვენციო ან საგამოფენო პრიორიტეტით სარგებლობა, ვალდებულია „საქპატენტში“ განაცხადის შეტანის თარიღიდან ერთი თვის ვადაში აცნობოს ამის შესახებ „საქპატენტს“ და განაცხადის შეტანიდან 3 თვის ვადაში წარადგინოს ასეთი მოთხოვნის უფლების დამადასტურებელი საბუთები.

5. საკონვენციო ან საგამოფენო პრიორიტეტის მოთხოვნის დადგენილი წესით განსაზღვრული საფასური გადაიხდება განაცხადის „საქპატენტში“ შეტანიდან ერთი თვის ვადაში.

51. განაცხადში მითითებულ სხვადასხვა საქონელს შეიძლება სხვადასხვა პრიორიტეტი დაუდგინდეს.

6. თუ რამდენიმე სასაქონლო ნიშანს დაუდგინდა ერთი და იგივე პრიორიტეტი, უპირატესობა ენიჭება სასაქონლო ნიშანს, რომლის ფაქტობრივი გამოყენება საქართველოს ტერიტორიაზე უფრო ადრე დაიწყო.

საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2380 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ.3

საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4048 – ვებგვერდი, 07.03.2024წ.

     მუხლი 111. საქონლის მითითება და კლასიფიკაცია

1. საქონელი, რომლისთვისაც მოითხოვება სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია, კლასიფიცირებული უნდა იქნეს საერთაშორისო კლასიფიკატორის მიხედვით.

2. განაცხადში საქონელი უნდა მიეთითოს ისეთი ფორმით, რომ შესაძლებელი იყოს სასაქონლო ნიშნისთვის მოთხოვნილი დაცვის ფარგლების ზუსტად და ცხადად განსაზღვრა.

3. განაცხადში საქონლის ზოგადი დასახელებები (მათ შორის, საერთაშორისო კლასიფიკატორის სათაურში გამოყენებული ზოგადი დასახელება) შეიძლება მიეთითოს იმ შემთხვევაში, თუ ეს დასახელებები აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნას.

4. თუ განაცხადში მითითებული საქონლის ჩამონათვალი ბუნდოვანია ან/და ზოგადია, განმცხადებელი ვალდებულია საქპატენტის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში დააზუსტოს საქონლის ჩამონათვალი ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნის შესაბამისად. საწინააღმდეგო შემთხვევაში საქპატენტი იღებს გადაწყვეტილებას აღნიშნული საქონლის მიმართ განაცხადის განუხილველად დატოვების შესახებ.

5. განაცხადში საქონლის ზოგადი დასახელებების (მათ შორის, საერთაშორისო კლასიფიკატორის სათაურში გამოყენებული ზოგადი დასახელების) მითითებისას განაცხადში მოცემული საქონლის ჩამონათვალის ფარგლები განისაზღვრება ამ დასახელებების პირდაპირი მნიშვნელობის მიხედვით. სასაქონლო ნიშნისთვის საქონლის ზოგადი დასახელებებით მოთხოვნილი დაცვა არ ვრცელდება ისეთ საქონელზე, რომელსაც ამ დასახელებების შინაარსი არ მოიცავს.

6. თუ სასაქონლო ნიშნის დაცვა მოითხოვება საერთაშორისო კლასიფიკატორის ერთზე მეტ კლასში შემავალი საქონლისთვის, განაცხადში სათანადო საქონელი უნდა დაჯგუფდეს კლასების მიხედვით და უნდა მიეთითოს შესაბამისი კლასის ნომერი.

7. საქონელი არ შეიძლება მსგავსად ჩაითვალოს მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ ეს საქონელი დაჯგუფებულია საერთაშორისო კლასიფიკატორის ერთსა და იმავე კლასში. ამასთანავე, საქონელი არ შეიძლება განსხვავებულად ჩაითვალოს მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ ეს საქონელი დაჯგუფებულია საერთაშორისო კლასიფიკატორის სხვადასხვა კლასში.

საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4048 – ვებგვერდი, 07.03.2024წ.

    მუხლი 12. სასაქონლო ნიშნის განაცხადზე ექსპერტიზა

1. სასაქონლო ნიშნის განაცხადზე „საქპატენტი“ ატარებს ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზას და არსობრივ ექსპერტიზას.

2. საქპატენტს უფლება აქვს, განმცხადებელს მოსთხოვოს ექსპერტიზისთვის საჭირო დამატებითი მასალა. დამატებითი მასალა საქპატენტს წარედგინება მის მიერ განსაზღვრულ ვადაში, რომელიც არ შეიძლება აღემატებოდეს 2 თვეს. ეს ვადა აითვლება განმცხადებლისთვის შესაბამისი შეტყობინების ჩაბარების დღიდან. მისი დარღვევისას საქპატენტი იღებს გადაწყვეტილებას განაცხადის განხილვაზე უარის თქმის შესახებ.

3. განაცხადი, რომელიც საქონლის ორ ან ორზე მეტ დასახელებას შეიცავს, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციამდე განმცხადებლის მოთხოვნით შეიძლება გაიყოს ორ ან ორზე მეტ განაცხადად პირველ განაცხადში მითითებული საქონლის თითოეულ განაცხადზე გადანაწილებით, დადგენილი წესით განსაზღვრული საფასურის გადახდის შემდეგ. საქონელი განაცხადებში ისე უნდა გადანაწილდეს, რომ არ მოხდეს გამოყოფილ განაცხადებში მითითებული საქონლის ჩამონათვალებს შორის გადაფარვა. გამოყოფილ განაცხადებს უნარჩუნდება პირველი განაცხადის შეტანის თარიღი.

31. განმცხადებელს უფლება აქვს, მოითხოვოს სხვადასხვა საქონლისთვის წარდგენილი იდენტური სასაქონლო ნიშნების ორი ან ორზე მეტი განაცხადის გაერთიანება. განაცხადების გაერთიანებისას თითოეულ განაცხადში მითითებულ საქონელს უნარჩუნდება შესაბამისი განაცხადის პრიორიტეტის თარიღი.

4. სასაქონლო ნიშანთან დაკავშირებული ინფორმაცია საჯაროა შესაბამისი განაცხადის შეტანისთანავე.

5. განმცხადებელს უფლება აქვს:

ა) მოითხოვოს ექსპერტიზის ნებისმიერ ეტაპზე საკუთარი განაცხადის განხილვის შეჩერება დადგენილი საფასურის გადახდის შემდეგ. შეჩერების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს;

ბ) გაეცნოს ექსპერტიზის დროს გამოყენებულ მასალას და მოითხოვოს მისი ასლი;

გ) განაცხადზე პრიორიტეტის დადგენამდე შეავსოს, შეცვალოს, შეასწოროს ან დააზუსტოს განაცხადის მასალა. პრიორიტეტის დადგენის შემდეგ აღნიშნული ცვლილებები დასაშვებია მხოლოდ დადგენილი საფასურის გადახდის შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციისა. ამასთანავე, სასაქონლო ნიშნის ცვლილებისას დასაშვებია მხოლოდ ისეთი უმნიშვნელო ცვლილება, რომელიც არ აფართოებს მისი დაცვის ფარგლებს, ხოლო საქონლის ჩამონათვლის ცვლილებისას დასაშვებია მხოლოდ მისი შეზღუდვა ან დაზუსტება;

დ) გამოითხოვოს განაცხადი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციამდე;

ე) დადგენილი საფასურის გადახდის შემდეგ აღადგინოს საქმისწარმოება განაცხადზე. განაცხადზე საქმისწარმოების აღდგენა დასაშვებია, თუ მისი შეწყვეტა მოხდა განაცხადის მონაცემების გამოქვეყნებამდე, ამ კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად.

6. განაცხადის გაფორმებისა და წარდგენის, ექსპერტიზის, ექსპერტიზის გადაწყვეტილების გასაჩივრების, პროცედურული ვადების შეჩერების, გაგრძელებისა და აღდგენის, აგრეთვე სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციასთან დაკავშირებული სხვა წესები განისაზღვრება „სასაქონლო ნიშანზე განაცხადის წარდგენისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციით, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს საქპატენტის თავმჯდომარე.

საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2380 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ.

საქართველოს 2010 წლის 26 ოქტომბრის კანონი №3743 - სსმ I, №62, 05.11.2010 წ., მუხ.383

საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4048 – ვებგვერდი, 07.03.2024წ.

      მუხლი 13. განაცხადზე ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა

1. განაცხადზე ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა ტარდება განაცხადის შეტანიდან 1 თვის ვადაში, გარდა შემდეგი შემთხვევებისა:

ა) თუ განმცხადებელი ითხოვს საკონვენციო პრიორიტეტს ან საგამოფენო პრიორიტეტს, განაცხადზე ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა ტარდება ამ კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლიდან 10 დღის ვადაში;

ბ) თუ მოთხოვნილია სასერტიფიკაციო ნიშნის რეგისტრაცია, განაცხადზე ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა ტარდება ამ კანონის 382 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლიდან 10 დღის ვადაში;

გ) თუ მოთხოვნილია კოლექტიური ნიშნის რეგისტრაცია, განაცხადზე ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა ტარდება ამ კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლიდან 10 დღის ვადაში;

დ) თუ განმცხადებელს გაეგზავნა შეტყობინება ექსპერტიზისთვის საჭირო დამატებითი მასალის მოთხოვნის შესახებ, განაცხადზე ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა შეჩერდება შეტყობინებაზე პასუხის მიღებამდე, მაგრამ არაუმეტეს ამ კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადისა.

2. ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა ადგენს, არის თუ არა განაცხადი გაფორმებული ამ კანონის შესაბამისად.

3. თუ განაცხადი აკმაყოფილებს ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების მოთხოვნებს, განმცხადებლის სახელზე გაიცემა ცნობა განაცხადის შეტანის თარიღის დადგენის შესახებ საკანცელარიო ნომრისა და შეტანილი საბუთების ჩამონათვალის მითითებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, განმცხადებელს ეცნობება განაცხადის მასალის მიღებაზე დასაბუთებული უარი.

4. თუ განაცხადის შეტანიდან 15 კალენდარული დღის ვადაში განაცხადზე ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზისთვის დადგენილი წესით განსაზღვრული საფასური არ გადაიხდება ან გადახდილი თანხა საქონლის ერთი კლასის წარდგენისთვის დადგენილ თანხაზე ნაკლებია, საქპატენტი იღებს გადაწყვეტილებას განაცხადის განხილვაზე უარის თქმის შესახებ. თუკი ამ ვადაში გადაიხდება განაცხადში მითითებული საქონლის კლასების წარდგენისთვის დადგენილ თანხაზე ნაკლები, მაგრამ არანაკლებ ერთი კლასის წარდგენისთვის საკმარისი თანხისა, აღნიშნული ექსპერტიზა ტარდება განმცხადებლის მიერ შერჩეულ კლასებზე, ხოლო კლასების შეურჩევლობის შემთხვევაში − პირველ იმდენ კლასზე, რამდენისთვისაც საკმარისია გადახდილი საფასური.

5. ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის საფუძველზე „საქპატენტი“ გამოიტანს გადაწყვეტილებას განაცხადის განსახილველად მიღებისა და პრიორიტეტის დადგენის, ან განაცხადის განხილვაზე უარის თქმის შესახებ და აცნობებს განმცხადებელს.

საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4048 – ვებგვერდი, 07.03.2024წ.

    მუხლი 14. არსობრივი ექსპერტიზა

1. არსობრივი ექსპერტიზა ტარდება განაცხადზე ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის დამთავრებიდან 6 თვის ვადაში.

2. არსობრივი ექსპერტიზა ამოწმებს, არსებობს თუ არა ამ კანონის მე-4 და მე-5 მუხლებით გათვალისწინებული რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლები.

3. განმცხადებელს არსობრივი ექსპერტიზის საფუძველზე ეგზავნება დასაბუთებული გადაწყვეტილება სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის შესახებ ან საქონლის მთლიანი ჩამონათვალის ან მისი ნაწილის მიმართ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.

საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის  კანონი  №1922  - ვებგვერდი, 11.01.2018წ.

    მუხლი 15. გამოქვეყნება

1. „საქპატენტი“ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე არსობრივი ექსპერტიზის დადებითი გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში აქვეყნებს განაცხადის მონაცემებს სამრეწველო საკუთრების ოფიციალურ ბიულეტენში (შემდგომში – ბიულეტენი).

2. თუ განმცხადებელი სარგებლობს ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებით, „საქპატენტი“ განაცხადის მონაცემებს აქვეყნებს ბიულეტენში სააპელაციო პალატის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების გამოტანის დღიდან ერთი თვის ვადაში.

21. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე არსობრივი ექსპერტიზის მიერ საქონლის მთლიანი ჩამონათვლის ან მისი ნაწილის მიმართ გამოტანილ უარყოფით გადაწყვეტილებაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე დადებითი გადაწყვეტილებით შეცვლის შემთხვევაში „საქპატენტი“ განაცხადის მონაცემებს აქვეყნებს ბიულეტენში.

3. ბიულეტენში ქვეყნდება სასაქონლო ნიშნის გამოსახულება, ცნობები მფლობელის შესახებ და მისამართი, საერთაშორისო კლასიფიკატორის მიხედვით დაჯგუფებული იმ საქონლის ჩამონათვალი, რომლისთვისაც მოითხოვება სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია, სასაქონლო ნიშნის პრიორიტეტი.

4. სასაქონლო ნიშნის განაცხადის გამოქვეყნების დღიდან მის რეგისტრაციამდე განმცხადებელს პირობითად ენიჭება იგივე უფლებები, რომლებიც მას მინიჭებული ექნებოდა რეგისტრაციით. თუ რეგისტრაცია არ განხორციელდება, აღნიშნული უფლებები წარმოქმნილად არ მიიჩნევა.

საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2380 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ.3

საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3159 - სსმ I, №35, 12.07.2010 წ., მუხ.206

    მუხლი 151. სასაქონლო ნიშნის დაჩქარებული რეგისტრაციის პროცედურა

1. თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, სასაქონლო ნიშნის დაჩქარებული რეგისტრაციის პროცედურისას გამოიყენება ამ კანონის II თავით დადგენილი წესები.

2. განმცხადებელს უფლება აქვს, განაცხადის შეტანისას ან მისი შეტანის შემდეგ ნებისმიერ დროს, მაგრამ არაუგვიანეს განაცხადის განსახილველად მიღების შესახებ შეტყობინების მიღებიდან 3 თვისა, მოითხოვოს განაცხადზე დაჩქარებული ექსპერტიზის ჩატარება.

3. განაცხადს დაჩქარებული ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით უნდა ერთოდეს ამ კანონის მე-9 მუხლით განსაზღვრული ყველა საბუთი, წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში, და გადახდილი უნდა იქნეს სასაქონლო ნიშნის განაცხადზე დაჩქარებული ექსპერტიზისათვის და სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციისათვის დადგენილი საფასური.

4. თუ განმცხადებელს სურს ისარგებლოს ამ კანონის მე-11 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით ან მადრიდის შეთანხმების ოქმის მე-9 quinquies მუხლით განსაზღვრული პრიორიტეტით, განაცხადს დაჩქარებული ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით უნდა ერთოდეს პრიორიტეტის მოთხოვნის უფლების დამადასტურებელი საბუთი და გადახდილი უნდა იქნეს პრიორიტეტის მოთხოვნისათვის დადგენილი საფასური.

5. დაჩქარებული ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნიდან 3 დღის ვადაში საქპატენტი ამოწმებს, აკმაყო-ფილებს თუ არა განაცხადი ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების მოთხოვნებს. თუ საგანაცხადო მასალებს აკლია ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საბუთი, განმცხადებელი ვალ-დებულია 15 დღის ვადაში წარადგინოს აღნიშნული საბუთი. წინააღმდეგ შემთხვევაში საქპატენტი იღებს გადაწყვეტილებას დაჩქარებული ექსპერტიზის ჩატარებაზე უარის თქმის შესახებ და განაცხადს განიხილავს ამ კანონის II თავით დადგენილი წესით.

6. თუ განაცხადი დაჩქარებული ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების მოთხოვნებს, საქპატენტი 7 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს, არსებობს თუ არა ამ კანონის მე-4 და მე-5 მუხლებით გათვალისწინებული სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლები და დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ახდენს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას სასაქონლო ნიშნების რეესტრში, ბიულეტენში აქვეყნებს მონაცემებს რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის შესახებ და გასცემს მოწმობას.

7. ბიულეტენში სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მონაცემების გამოქვეყნებიდან 3 თვის ვადაში ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, სააპელაციო პალატაში შეიტანოს საჩივარი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით მხოლოდ იმ მოტივით, რომ დარღვეულია ამ კანონის მე-4 და მე-5 მუხლების მოთხოვნები.

8. თუ სასაქონლო ნიშნის დაჩქარებული წესით რეგისტრაციის შემდეგ საქპატენტში შევა უფრო ადრინდელი პრიორიტეტით სარგებლობის უფლების მქონე განაცხადი და დაჩქარებული წესით რეგისტრირებულ სასაქონლო ნიშანთან მიმართებით იარსებებს ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი, საქპატენტი იღებს გადაწყვეტილებას სასაქონლო ნიშნის დაჩქარებული წესით რეგისტრაციის გაუქმების შესახებ და აქვეყნებს ბიულეტენში.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტში აღნიშნული სასაქონლო ნიშნის დაჩქარებული წესით რეგისტრაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება საჩივრდება ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესით.

საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3159 - სსმ I, №35, 12.07.2010 წ., მუხ.206

საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4048 – ვებგვერდი, 07.03.2024წ.

    მუხლი 16. ექსპერტიზის გადაწყვეტილების გასაჩივრება სააპელაციო პალატაში

1. განმცხადებელს ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის გადაწყვეტილება განაცხადის განხილვაზე უარის თქმის შესახებ შეუძლია გაასაჩივროს სააპელაციო პალატაში გადაწყვეტილების მიღებიდან 3 თვის ვადაში.

2. განმცხადებელს არსობრივი ექსპერტიზის გადაწყვეტილება სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საქონლის მთლიანი ჩამონათვალის ან მისი ნაწილის მიმართ შეუძლია გაასაჩივროს სააპელაციო პალატაში გადაწყვეტილების მიღებიდან 3 თვის ვადაში.

3. (ამოღებულია).

4. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება განაცხადის მონაცემების ბიულეტენში გამოქვეყნებიდან 3 თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო პალატაში, თუ:

ა) სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციით ირღვევა ამ კანონის მე-4 მუხლის მოთხოვნები;

ბ) სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციით ირღვევა ამ კანონის მე-5 მუხლის მოთხოვნები;

[ გ) არსებობს ამ კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძველი.  (ამოქმედდეს 2024 წლის 1 სექტემბრიდან)]

41. დაუშვებელია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების სააპელაციო პალატაში იმავე მოთხოვნითა და საფუძვლით გასაჩივრება.

42. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საჩივრის სააპელაციო პალატაში შეტანის უფლება აქვს:

ა) ნებისმიერ პირს იმავე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და ამ კანონის მე-5 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით;

ბ) ადრინდელი უფლების მფლობელს იმავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით, გარდა ამ კანონის მე-5 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლისა;

გ) ამ კანონის 28-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ პირს იმავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით.

43. განმცხადებლის მოთხოვნის შემთხვევაში ადრინდელი სასაქონლო ნიშნის მფლობელი, რომელიც ასაჩივრებს საქპატენტის მიერ მიღებულ დადებით გადაწყვეტილებას სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის შესახებ, ვალდებულია, თუ ამ გადაწყვეტილებით გათვალისწინებული სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის თარიღიდან გასულია 5 წელზე მეტი, სააპელაციო პალატას წარუდგინოს მტკიცებულება, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით გათვალისწინებული სასაქონლო ნიშნის განაცხადის შეტანის ან პრიორიტეტის თარიღამდე ბოლო 5 წლის განმავლობაში სასაქონლო ნიშანი რეალურად გამოიყენებოდა საქართველოში იმ საქონლისთვის, რომლისთვისაც რეგისტრირებულია ეს სასაქონლო ნიშანი და რომელსაც ადრინდელი სასაქონლო ნიშნის მფლობელი უთითებს სააპელაციო საჩივრის საფუძვლად. სასაქონლო ნიშნის რეალური გამოყენების მტკიცებულების წარუდგენლობის ან მისი გამოუყენებლობის საპატიო მიზეზის მიუთითებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარზე საქმისწარმოება წყდება. თუ ადრინდელი სასაქონლო ნიშანი გამოიყენებოდა რეგისტრირებული საქონლის მხოლოდ ნაწილის მიმართ, სააპელაციო საჩივარზე საქმისწარმოების მიზნებისთვის მიიჩნევა, რომ ადრინდელი სასაქონლო ნიშანი რეგისტრირებულია საქონლის მხოლოდ შესაბამისი ნაწილისთვის.

5. სააპელაციო პალატა საჩივარს იხილავს მისი შეტანის დღიდან 3 თვის ვადაში.

6. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2380 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ.3

საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4048 – ვებგვერდი, 07.03.2024წ.

    მუხლი 17. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია

1. თუ ამ კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ ვადაში სააპელაციო პალატაში არ იქნება შეტანილი სააპელაციო საჩივარი, ან მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად შეტანილი საჩივრის საფუძველზე სააპელაციო პალატა გამოიტანს გადაწყვეტილებას სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის შესახებ, „საქპატენტი“ ახდენს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას სასაქონლო ნიშნების რეესტრში (შემდგომში – რეესტრი) და მონაცემებს რეგისტრირებული ნიშნის შესახებ აქვეყნებს ბიულეტენში.

2. რეესტრში შეტანილი იქნება სასაქონლო ნიშნის გამოსახულება, ცნობები მისი მფლობელის შესახებ, სასაქონლო ნიშნის პრიორიტეტის თარიღი, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის თარიღი, საერთაშორისო კლასიფიკატორის მიხედვით დაჯგუფებული იმ საქონლის ჩამონათვალი, რომლის მიმართაც რეგისტრირებულია სასაქონლო ნიშანი და რეგისტრაციასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია.

3. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უფლება აქვს „საქპატენტში“ სათანადო განცხადების წარდგენის შემდეგ გაეცნოს რეესტრის მონაცემებს და მოითხოვოს დამოწმებული ამონაწერი.

საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2380 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ.3

    მუხლი 18. მოწმობა სასაქონლო ნიშანზე

1. სასაქონლო ნიშნის რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ „საქპატენტი“ გასცემს მოწმობას სასაქონლო ნიშანზე.

2. მოწმობით დასტურდება სიმბოლოს რეგისტრაცია სასაქონლო ნიშნად, სასაქონლო ნიშნის პრიორიტეტის თარიღი, მფლობელის განსაკუთრებული უფლება აღნიშნულ სასაქონლო ნიშანზე და სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მოქმედების ვადა.

    მუხლი 19. რეესტრში ცვლილებების შეტანა

1. ამ კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციისათვის სავალდებულო მონაცემების თითოეული ცვლილება შეტანილ იქნება რეესტრში სასაქონლო ნიშნის მფლობელის ან მისი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე. ამასთანავე, სასაქონლო ნიშნის ცვლილებისას დასაშვებია მხოლოდ ისეთი უმნიშვნელო ცვლილება, რომელიც არ აფართოებს მისი დაცვის ფარგლებს, ხოლო საქონლის ჩამონათვლის ცვლილებისას დასაშვებია მხოლოდ მისი შეზღუდვა ან დაზუსტება. ცვლილება ძალაშია მხოლოდ მისი რეგისტრაციის შემდეგ.

2. რეესტრში შეტანილი ცვლილებები ქვეყნდება მომდევნო ბიულეტენში.

3. ცვლილებები შეტანილი იქნება მოწმობაშიც.

საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2380 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ.3

     მუხლი 191. სასაქონლო ნიშნის დაყოფა

1. სასაქონლო ნიშანი შეიძლება დაიყოს ორ ან ორზე მეტ იდენტურ სასაქონლო ნიშნად მათთვის დამოუკიდებელი სარეგისტრაციო ნომრების მინიჭებით, იმ პირობით, რომ არ მოხდება დაყოფის საფუძველზე წარმოშობილი სასაქონლო ნიშნების შესაბამისი საქონლის ჩამონათვალებს შორის გადაფარვა.

2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოხდება დაყოფის საფუძველზე წარმოშობილი სასაქონლო ნიშნების შესაბამისი საქონლის ჩამონათვალებს შორის გადაფარვა, საქპატენტი სასაქონლო ნიშნის მფლობელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას აღნიშნული ხარვეზის აღმოსაფხვრელად. ხარვეზის ამ ვადაში აღმოუფხვრელობის შემთხვევაში საქპატენტი იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

3. სასაქონლო ნიშნის დაყოფისთვის გადაიხდება დადგენილი საფასური. ამ საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

4. სასაქონლო ნიშნის დაყოფის შესახებ გადაწყვეტილება ძალაში შედის შესაბამისი მონაცემების რეესტრში შეტანის დღიდან.

5. სასაქონლო ნიშნის დაყოფის შესახებ განცხადების შეტანამდე გადახდილი ყველა საფასური გადახდილად და ყველა შესაბამისი მოთხოვნა წარდგენილად მიიჩნევა დაყოფის საფუძველზე წარმოშობილი თითოეული სასაქონლო ნიშნისთვის.

6. სასაქონლო ნიშნის დაყოფის საფუძველზე წარმოშობილ სასაქონლო ნიშნებს უნარჩუნდება თავდაპირველი სასაქონლო ნიშნის განაცხადის შეტანისა და პრიორიტეტის თარიღები.

7. დადგენილი საფასურის გადახდის შემთხვევაში დაყოფის საფუძველზე წარმოშობილი სასაქონლო ნიშნები შეიძლება ერთ სასაქონლო ნიშნად გაერთიანდეს.

საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4048 – ვებგვერდი, 07.03.2024წ.

    მუხლი 20. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მოქმედების ვადა

1. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მოქმედების ვადა განისაზღვრება 10 წლით და აითვლება „საქპატენტში“ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის დღიდან.

2. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მოქმედების ვადა შეიძლება გაგრძელდეს ყოველი შემდგომი 10 წლით, გაგრძელების ჯერადობის შეუზღუდავად. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მოქმედების ვადას აგრძელებს „საქპატენტი“ ამ სასაქონლო ნიშნის მფლობელის მიერ „საქპატენტში“ წარდგენილი განცხადების საფუძველზე, დადგენილი წესით განსაზღვრული საფასურის გადახდის შემდეგ. აღნიშნული განცხადების „საქპატენტში“ წარდგენა და შესაბამისი საფასურის გადახდა წარმოებს რეგისტრაციის მოქმედების ბოლო წლის განმავლობაში.

3. ჩანაწერი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ შეტანილ იქნება რეესტრსა და მოწმობაში და ქვეყნდება ბიულეტენში.

4. თუ განცხადება სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნით არ იქნა წარდგენილი „საქპატენტში“ ან საფასური არ იქნა გადახდილი ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში, სასაქონლო ნიშნის მფლობელს უფლება აქვს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მოქმედების ვადის გასვლიდან 6 თვის ვადაში გადაიხადოს აღნიშნული საფასური. ამ ვადის გაშვების შემთხვევაში სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია უქმდება რეგისტრაციის მოქმედების გასვლის დღიდან, მისი აღდგენის უფლების გარეშე და ცნობა ამის შესახებ ქვეყნდება ბიულეტენში.

5. ისეთი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მოქმედების ვადის გაგრძელება, რომელშიც საქართველოში დაცული გეოგრაფიული აღნიშვნა ან ადგილწარმოშობის დასახელება დაუცველი ნაწილის სახით არის ჩართული, დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნით განცხადების „საქპატენტში“ წარდგენისას სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მფლობელს აქვს ამ გეოგრაფიული აღნიშვნის ან ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენების უფლება.

[ 5. (ამოღებულია - 21.09.2023, №3494).  (ამოქმედდეს 2024 წლის 1 ნოემბრიდან)]

6. თუ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია მისი მფლობელის მოთხოვნით გაუქმდა, რეგისტრაციის აღდგენა დაუშვებელია.

საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2380 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ.3

საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3494 – ვებგვერდი, 10.10.2023წ.

    მუხლი 21.  (ამოღებულია)

საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2380 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ.3

      მუხლი 22. საფასური

განაცხადზე ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის, არსობრივი ექსპერტიზის, დაჩქარებული ექსპერტიზის ჩატარებისთვის, პრიორიტეტის მოთხოვნისთვის, ექსპერტიზის გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციისთვის, ცვლილებების რეგისტრაციისთვის, გამოქვეყნებისთვის, მოწმობის გაცემისთვის, რეესტრიდან ამონაწერის გაცემისთვის, რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურული ვადების შეჩერებისთვის, აღდგენისა და გაგრძელებისთვის, სასაქონლო ნიშნის დაყოფისთვის, დაყოფის საფუძველზე წარმოშობილი სასაქონლო ნიშნების გაერთიანებისა და სასაქონლო ნიშნის სამართლებრივ დაცვასთან დაკავშირებული სხვა მოქმედებების განხორციელებისთვის გადაიხდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით დადგენილი საფასური, რომლის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3159 - სსმ I, №35, 12.07.2010 წ., მუხ.206

საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4048 – ვებგვერდი, 07.03.2024წ.

    მუხლი 23. (ამოღებულია)

საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2380 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ.3

 

თავი III.  სასაქონლო ნიშნის გამოყენება და სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციიდან გამომდინარე უფლებების გადაცემა

      მუხლი 24. სასაქონლო ნიშნის გამოყენება

1. სასაქონლო ნიშნის გამოყენებად მიიჩნევა მისი გამოყენება სასაქონლო ნიშნის მფლობელის მიერ, აგრეთვე ლიცენზიატის მიერ და სასაქონლო ნიშნის მფლობელის თანხმობით მესამე პირის მიერ.

2. ისეთი სასაქონლო ნიშნების გამოყენება, რომლებშიც საქართველოში დაცული გეოგრაფიული აღნიშვნა ან ადგილწარმოშობის დასახელება დაუცველი ნაწილის სახით არის ჩართული, დასაშვებია შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს თანხმობით, რაც რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო შეთანხმებებით, რომელთა მონაწილეც არის საქართველო.

[ 2. (ამოღებულია - 21.09.2023, №3494).  (ამოქმედდეს 2024 წლის 1 ნოემბრიდან)]

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის სასაქონლო ნიშნის გამოყენებად მიიჩნევა აგრეთვე:

ა) რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის გამოყენება მცირედით განსხვავებული ელემენტებით, რომლებიც არ ცვლის სასაქონლო ნიშნის განმასხვავებელ ხასიათს, მიუხედავად იმისა, რეგისტრირებულია თუ არა სასაქონლო ნიშანი იმ ფორმით, რომლითაც ის გამოიყენება;

ბ) საქართველოს ტერიტორიაზე სასაქონლო ნიშნის ექსპორტისთვის განკუთვნილ საქონელზე ან მის შეფუთვაზე დატანა.

4. იმ სასაქონლო ნიშნის გამოყენება, რომელშიც საქართველოში დაცული გეოგრაფიული აღნიშვნა ან ადგილწარმოშობის დასახელება ჩართულია დაუცველი ნაწილის სახით, დასაშვებია შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს თანხმობით.

5. ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული მოქმედებები უნდა განხორციელდეს იმ მოცულობით, რომ მათი განხორციელება ბაზარზე სასაქონლო ნიშნის რეალურ გამოყენებად იქნეს მიჩნეული.

საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2380 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ.3

საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3494 – ვებგვერდი, 10.10.2023წ.

საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4048 – ვებგვერდი, 07.03.2024წ.

    მუხლი 25. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციიდან გამომდინარე უფლებების გადაცემა

1. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციიდან გამომდინარე უფლებები გადაეცემა სხვა ფიზიკურ ან იურიდიულ პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. სასაქონლო ნიშანი გადაეცემა სხვა პირს საწარმოსთან ერთად ან მის გარეშე.

3. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციიდან გამომდინარე უფლებების გადაცემა ითვალისწინებს საქონლის მთლიან ჩამონათვალს ან მის ნაწილს.

4. საწარმოს გადაცემა გულისხმობს სასაქონლო ნიშნის გადაცემასაც, თუ გადაცემის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

5. ხელშეკრულება სასაქონლო ნიშნის გადაცემის შესახებ ფორმდება წერილობით. წერილობითი ფორმის დაუცველობა იწვევს ხელშეკრულების ბათილობას.

6. თუ „საქპატენტი“ სასაქონლო ნიშნის გადაცემის შესახებ წარდგენილი საბუთების საფუძველზე მიიჩნევს, რომ სასაქონლო ნიშნის გადაცემამ შეიძლება მომხმარებელს მცდარი წარმოდგენა შეუქმნას იმ საქონლის თვისებების, ხარისხის, გეოგრაფიული წარმოშობის, მწარმოებლის ან სხვა მახასიათებლების შესახებ, რომლის მიმართაც ის რეგისტრირებულია, „საქპატენტი“ რეესტრში არ შეიტანს ცნობას გადაცემის შესახებ, ვიდრე არ მიიღებს უფლებამონაცვლის თანხმობას ჩამონათვლიდან შეცდომაში შემყვანი საქონლის ამოღების თაობაზე.

[ 6. (ამოღებულია - 21.09.2023, №3494).  (ამოქმედდეს 2024 წლის 1 ნოემბრიდან)]

6 1 . უფლებების გადაცემა სასაქონლო ნიშანზე, რომელშიც საქართველოში დაცული გეოგრაფიული აღნიშვნა ან ადგილწარმოშობის დასახელება დაუცველი ნაწილის სახით არის ჩართული, დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უფლებების მიმღებ პირს აქვს ამ გეოგრაფიული აღნიშვნის ან ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენების უფლება.

[ 61. (ამოღებულია - 21.09.2023, №3494).  (ამოქმედდეს 2024 წლის 1 ნოემბრიდან)]

62. თუ სასაქონლო ნიშანზე უფლებების გადაცემა მხოლოდ რეგისტრირებული საქონლის ჩამონათვალის ნაწილს ეხება, სასაქონლო ნიშნის გადაცემის შედეგად ძირითადი სასაქონლო ნიშნისა და ნაწილობრივ გადაცემული სასაქონლო ნიშნის შესაბამისი საქონლის ჩამონათვალებს შორის გადაფარვა არ უნდა მოხდეს.

7. სასაქონლო ნიშნის გადაცემისას სათანადო ცვლილებები შეიტანება რეესტრში და ქვეყნდება ბიულეტენში დადგენილი საფასურის გადახდის შემდეგ.

8. სასაქონლო ნიშნის ახალ მფლობელს არ შეუძლია გამოიყენოს რეგისტრაციიდან გამომდინარე უფლებები მესამე პირის წინააღმდეგ, ვიდრე რეესტრში არ შეიტანება სათანადო ცვლილებები სასაქონლო ნიშნის გადაცემასთან დაკავშირებით.

საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2380 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ.3

საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3494 – ვებგვერდი, 10.10.2023წ.

საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4048 – ვებგვერდი, 07.03.2024წ.

    მუხლი 26. სალიცენზიო ხელშეკრულება

1. სასაქონლო ნიშნის გამოყენების უფლება მისმა მფლობელმა (ლიცენზიარმა) შეიძლება მიანიჭოს სხვა პირს (ლიცენზიატს) სალიცენზიო ხელშეკრულებით. სალიცენზიო ხელშეკრულება იდება როგორც საქონლის მთლიანი ჩამონათვალის, ისე მისი ნაწილის მიმართ.

2. ლიცენზია არის განსაკუთრებული ან მარტივი.

3. თუ ხელშეკრულებიდან არ ჩანს ლიცენზიის ხასიათი, იგულისხმება მარტივი ლიცენზია. ამ შემთხვევაში ლიცენზიარის უფლებაა თვითონაც გამოიყენოს სასაქონლო ნიშანი და დადოს სხვა სალიცენზიო ხელშეკრულება.

4. განსაკუთრებული ლიცენზია არ აძლევს ლიცენზიარს უფლებას დადოს სხვა სალიცენზიო ხელშეკრულება და გამოიყენოს სასაქონლო ნიშანი, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. განსაკუთრებული ლიცენზიიდან გამომდინარე უფლებები ძალაშია სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მოქმედების ვადის განმავლობაში, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

5. ლიცენზიატს ეკრძალება სალიცენზიო ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებების გადაცემა ან ქველიცენზიის გაცემა იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არ გამომდინარეობს ხელშეკრულებიდან.

6. სალიცენზიო ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში სასაქონლო ნიშნის მფლობელს უფლება აქვს გამოიყენოს ამ კანონით გათვალისწინებული თავისი განსაკუთრებული უფლებები ლიცენზიატის მიმართ, თუ დარღვევა ეხება ხელშეკრულების ვადას, სასაქონლო ნიშნის გამოყენების ფორმას, იმ საქონლის ჩამონათვალს, რომლისთვისაც გაიცა ლიცენზია, ტერიტორიას, სადაც სასაქონლო ნიშანი შეიძლება იქნეს გამოყენებული, საქონლის ხარისხს.

7. სასაქონლო ნიშანზე სალიცენზიო ხელშეკრულების დადების ფაქტის რეგისტრაცია წარმოებს „საქპატენტში“ და შესაბამისი ინფორმაცია ქვეყნდება ბიულეტენში დადგენილი საფასურის გადახდის შემდეგ.

8. სასაქონლო ნიშანზე უფლებების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიატი სარჩელს აღძრავს მხოლოდ სასაქონლო ნიშნის მფლობელის თანხმობით. განსაკუთრებული ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს, სარჩელი აღძრას სასაქონლო ნიშნის მფლობელის თანხმობის გარეშე, თუ სასაქონლო ნიშნის მფლობელი ოფიციალური შეტყობინების მიღების შემდეგ გონივრულ ვადაში თავად არ აღძრავს სარჩელს.

9. ლიცენზიატს უფლება აქვს მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით ჩაერთოს სასაქონლო ნიშანზე უფლებების დარღვევის შესახებ გამართულ სასამართლო პროცესში.

10. სასაქონლო ნიშანზე უფლებების გადაცემა ან ლიცენზია არ ვრცელდება მესამე პირის სახელზე ადრე გაცემულ ლიცენზიაზე.

11. სალიცენზიო ხელშეკრულების დადება ისეთი სასაქონლო ნიშნის თაობაზე, რომელშიც საქართველოში დაცული გეოგრაფიული აღნიშვნა ან ადგილწარმოშობის დასახელება დაუცველი ნაწილის სახით არის ჩართული, დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიატს აქვს ამ გეოგრაფიული აღნიშვნის ან ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენების უფლება.

[ 11. (ამოღებულია - 21.09.2023, №3494).  (ამოქმედდეს 2024 წლის 1 ნოემბრიდან)]

საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2380 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ.3

საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3494 – ვებგვერდი, 10.10.2023წ.

საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4048 – ვებგვერდი, 07.03.2024წ.

 

თავი IV.  სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დაკარგვა

      მუხლი 27. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლები

1. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას აუქმებს „საქპატენტი“:

ა) სასაქონლო ნიშნის მფლობელის მოთხოვნით. თუ სასაქონლო ნიშანზე რეგისტრირებულია სალიცენზიო ხელშეკრულება, სასაქონლო ნიშნის გაუქმება დასაშვებია, თუკი სასაქონლო ნიშნის მფლობელი წარადგენს მტკიცებულებას, რომ მან სასაქონლო ნიშნის გაუქმების მოთხოვნამდე ლიცენზიატს შეატყობინა ასეთი განზრახვის ქონის შესახებ;

ბ) სასაქონლო ნიშნის მფლობელი ფიზიკური პირის გარდაცვალების შემთხვევაში, თუ მას არ დარჩა მემკვიდრე, ან იურიდიული პირის ლიკვიდაციის შემთხვევაში, თუ არ არსებობს უფლებამონაცვლე;

გ) ამ კანონის 151 მუხლის მე-8 პუნქტის საფუძველზე.

2. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას აუქმებს სასამართლო მესამე პირის მოთხოვნით, თუ:

ა) სასაქონლო ნიშანი რეალურად არ გამოიყენებოდა უწყვეტად 5 წლის განმავლობაში იმ საქონლისთვის, რომლისთვისაც რეგისტრირებულია ეს სასაქონლო ნიშანი საქართველოში. თუ სასაქონლო ნიშნის გამოყენება დაიწყო ან განახლდა აღნიშნული, 5-წლიანი ვადის გასვლიდან სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნამდე პერიოდში, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმება დაუშვებელია;

ბ) სასაქონლო ნიშანი იქცა გვარეობით ცნებად იმ საქონლისთვის, რომლის მიმართაც ის არის რეგისტრირებული;

გ) სასაქონლო ნიშნის მფლობელის მიერ ან მისი თანხმობით სასაქონლო ნიშნის გამოყენება მომხმარებელს მცდარ წარმოდგენას უქმნის საქონლის სახეობის, თვისების, ხარისხის, ღირებულების ან გეოგრაფიული წარმოშობის ან სხვა მახასიათებლების შესახებ.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი არ გამოიყენება, თუ სასაქონლო ნიშნის მფლობელის მიერ სასაქონლო ნიშნის გამოუყენებლობა მისი ნებისაგან დამოუკიდებლად წარმოშობილი გარემოებებით არის განპირობებული. ასეთ გარემოებებად ჩაითვლება, მაგალითად, სასაქონლო ნიშნით დაცულ საქონელთან დაკავშირებით დაწესებული იმპორტის შეზღუდვები ან ხელისუფლების მიერ დადგენილი სხვა მოთხოვნები.

4. თუ სასაქონლო ნიშნის გაუქმების საფუძვლები არსებობს საქონლის რეგისტრირებული ჩამონათვლის ნაწილის მიმართ, რეგისტრაცია უქმდება მხოლოდ ამ ნაწილის მიმართ.

5. საქონლის მთელი ჩამონათვლის ან მისი ნაწილის მიმართ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში შესაბამისი ცვლილებები შეიტანება რეესტრში და ცნობა ამის შესახებ ქვეყნდება ბიულეტენში.

საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2380 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ.3

საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3159 - სსმ I, №35, 12.07.2010 წ., მუხ.206

საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4048 – ვებგვერდი, 07.03.2024წ.

       მუხლი 28. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობა

1. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას ბათილად ცნობს სასამართლო მესამე პირის მოთხოვნით, თუ:

ა) სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია ამ კანონის მე-4 ან მე-5 მუხლის მოთხოვნების დარღვევით განხორციელდა;

ბ) სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია არაკეთილსინდისიერი განზრახვით განხორციელდა;

გ) სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია პარიზის კონვენციის მონაწილე ერთ-ერთ სახელმწიფოში განახორციელა ამ სასაქონლო ნიშნის მფლობელის წარმომადგენელმა ან აგენტმა თავის სახელზე, სასაქონლო ნიშნის მფლობელის ნებართვის გარეშე და სასაქონლო ნიშნის მფლობელის წარმომადგენელი ან აგენტი ვერ წარადგენს შესაბამის დასაბუთებას;

დ) სასაქონლო ნიშანი შეიცავს ისეთ საფირმო სახელწოდებას, რომელზე უფლებებიც წარმოშობილია სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე განაცხადის შეტანამდე, რის შედეგადაც ჩნდება აღრევის შესაძლებლობა;

ე) სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციით ან/და სასაქონლო ნიშნის გამოყენებით ირღვევა მესამე პირის საავტორო უფლებები, რომლებიც წარმოშობილია სასაქონლო ნიშნისთვის დადგენილი პრიორიტეტის თარიღამდე;

ვ) იგი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე განაცხადის შეტანამდე საქართველოში საყოველთაოდ ცნობილი სასაქონლო ნიშნის იდენტურია ან იმდენად მსგავსია, რომ ჩნდება მასთან აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის, შესაძლებლობა. ეს წესი გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, როდესაც საქონლის ჩამონათვალი სხვადასხვაა, თუ სასაქონლო ნიშნის გამოყენება მის მფლობელს დაუმსახურებლად უქმნის ხელსაყრელ პირობებს ან ზიანს აყენებს საქართველოში საყოველთაოდ ცნობილი სასაქონლო ნიშნის რეპუტაციას ან განმასხვავებელუნარიანობას;

ზ) სასაქონლო ნიშანი არის მესამე პირის სახელზე რეგისტრირებული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე ისეთი სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსი, რომელსაც საქართველოში აქვს რეპუტაცია, და სასაქონლო ნიშნის გამოყენება განმცხადებელს დაუმსახურებლად უქმნის ხელსაყრელ პირობებს ან ზიანს აყენებს დაცული სასაქონლო ნიშნის რეპუტაციას ან განმასხვავებელუნარიანობას. ეს წესი გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, როდესაც საქონლის ჩამონათვალი სხვადასხვაა;

თ) სასაქონლო ნიშანში გამოყენებულია განმასხვავებელუნარიანი სიმბოლო, რომელზე უფლებებიც წარმოშობილია სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე განაცხადის შეტანის ან პრიორიტეტის თარიღამდე, და, შესაბამისი კანონმდებლობის თანახმად, ამ სიმბოლოზე უფლებების მფლობელს უფლება აქვს, აკრძალოს სასაქონლო ნიშნის გამოყენება;

ი) სასაქონლო ნიშნის გამოყენება შეიძლება აიკრძალოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის საფუძველზე.

2. სასაქონლო ნიშანი არ შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ იგი რეგისტრირებულია ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“−„დ“ და „ვ“ ქვეპუნქტების მოთხოვნების დარღვევით, მაგრამ ეს სასაქონლო ნიშანი სამოქალაქო ბრუნვაში გამოყენების შედეგად იმ საქონლის მიმართ, რომლისთვისაც ის არის რეგისტრირებული, განმასხვავებელ სიმბოლოდ დამკვიდრდა.

3. სასაქონლო ნიშნის ბათილად ცნობა შეიძლება მოითხოვოს:

ა) ნებისმიერმა პირმა, იმ საფუძვლით, რომ დარღვეულია ამ კანონის მე-4 მუხლის ან მე-5 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მოთხოვნები;

ბ) მხოლოდ ადრინდელი უფლების მფლობელმა, იმ საფუძვლით, რომ დარღვეულია ამ კანონის მე-5 მუხლის (გარდა იმავე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტისა) მოთხოვნები;

გ) მხოლოდ ადრინდელი უფლების მფლობელმა, თუ არსებობს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“−„ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძველი.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსარჩელეს უფლება აქვს, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობის ნაცვლად მოითხოვოს სადავო სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მისთვის გადაცემა.

5. თუ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობის საფუძველი არსებობს საქონლის რეგისტრირებული ჩამონათვალის ნაწილის მიმართ, მისი რეგისტრაცია ბათილად იქნება ცნობილი მხოლოდ ამ ნაწილის მიმართ.

6. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის საქონლის მთელი ჩამონათვალის ან მისი ნაწილის მიმართ ბათილად ცნობის შემთხვევაში შესაბამისი ცვლილებები შეიტანება რეესტრში და ქვეყნდება ბიულეტენში.

7. სასაქონლო ნიშანი არ შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ სასაქონლო ნიშნის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის ან შეგებებული სარჩელის აღძვრამდე ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულმა ადრინდელი უფლების მფლობელმა გასცა წერილობითი თანხმობა სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე.

8. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულმა ადრინდელი უფლების მფლობელმა ამავე მუხლის საფუძველზე სარჩელით ან შეგებებული სარჩელით მოითხოვა სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობა, მას არ აქვს უფლება, ხელახლა მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობა იმავე ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სხვა საფუძვლით, თუკი მას შეეძლო შესაბამისი საფუძვლით სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობა პირველი სარჩელის ფარგლებში მოეთხოვა.

9. პირს არ აქვს უფლება, ადრინდელი სასაქონლო ნიშნის საფუძველზე მოითხოვოს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობა იმ საქონლისთვის, რომლისთვისაც ის გამოიყენება, თუ იგი სასამართლოს შესაბამისი სარჩელით არ მიმართავს 5 წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდა სადავო სასაქონლო ნიშნის საქართველოში გამოყენების შესახებ. ეს წესი არ ვრცელდება ისეთ შემთხვევაზე, როდესაც სადავო სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია არაკეთილსინდისიერი განზრახვით განხორციელდა.

10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სადავო სასაქონლო ნიშნის მფლობელს არ აქვს უფლება, მოითხოვოს ადრინდელი სასაქონლო ნიშნის გამოყენების აკრძალვა, მიუხედავად იმისა, რომ ადრინდელი სასაქონლო ნიშნის მფლობელმა დაკარგა სადავო სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება.

11. სადავო სასაქონლო ნიშნის მფლობელის მოთხოვნის შემთხვევაში ადრინდელი სასაქონლო ნიშნის მფლობელი, რომელიც ითხოვს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობას, ვალდებულია, თუ ადრინდელი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის თარიღიდან გასულია 5 წელზე მეტი, სასამართლოს წარუდგინოს მტკიცებულება, რომ სადავო სასაქონლო ნიშნის განაცხადის შეტანის ან პრიორიტეტის თარიღამდე ბოლო 5 წლის განმავლობაში სასაქონლო ნიშანი რეალურად გამოიყენებოდა იმ საქონლისთვის, რომლისთვისაც რეგისტრირებულია ეს სასაქონლო ნიშანი და რომელსაც ადრინდელი სასაქონლო ნიშნის მფლობელი უთითებს სარჩელის საფუძვლად. სასაქონლო ნიშნის რეალური გამოყენების მტკიცებულების წარუდგენლობის ან მისი გამოუყენებლობის საპატიო მიზეზის მიუთითებლობის შემთხვევაში სარჩელზე საქმისწარმოება წყდება.

12. თუ ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ადრინდელი სასაქონლო ნიშანი გამოიყენებოდა რეგისტრირებული საქონლის მხოლოდ ნაწილის მიმართ, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობასთან დაკავშირებული დავის მიზნებისთვის მიიჩნევა, რომ ადრინდელი სასაქონლო ნიშანი რეგისტრირებულია საქონლის მხოლოდ შესაბამისი ნაწილისთვის.

საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2380 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ.3

საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4048 – ვებგვერდი, 07.03.2024წ.

     მუხლი 29. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმების ან ბათილად ცნობის შედეგები

1. თუ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია გაუქმდა ამ კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, რეგისტრაციით მინიჭებული უფლებები შეწყვეტილად ითვლება რეგისტრაციის გაუქმების შესახებ ჩანაწერის რეესტრში შეტანის დღიდან, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებაში სხვა თარიღი არ იქნება მითითებული.

2. თუ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია ბათილად იქნა ცნობილი ამ კანონის 28-ე მუხლის შესაბამისად, მისი რეგისტრაციიდან გამომდინარე უფლებები შეწყვეტილად მიიჩნევა სასაქონლო ნიშანზე ამ უფლებების წარმოშობის დღიდან.

3. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობის შესახებ გადაწყვეტილებას უკუძალა არ აქვს:

ა) სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლებების დარღვევის თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილების მიმართ, თუ ეს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე;

ბ) ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე დადებული და აღსრულებული გარიგების მიმართ.

საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2380 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ.3

საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4048 – ვებგვერდი, 07.03.2024წ.
 

თავი V. კოლექტიური ნიშანი

    მუხლი 30. უფლებები კოლექტიურ ნიშანზე

1. კოლექტიური ნიშანი არის სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც ამ კანონის მე-3 მუხლით შეიძლება იქნეს დაცული სასაქონლო ნიშნად და რომელიც განასხვავებს კოლექტიური ნიშნის მფლობელი გაერთიანების წევრთა საქონელს სხვა პირთა საქონლისაგან გეოგრაფიული წარმოშობის, ერთნაირი ხარისხობრივი მახასიათებლების ან სხვა თვისებების მიხედვით.

2. კოლექტიური ნიშნის განმცხადებელი და მფლობელი შეიძლება იყოს მხოლოდ გაერთიანება ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

3. (ამოღებულია - 21.02.2024, №4048).

4. კოლექტიურ ნიშანზე მთლიანად ვრცელდება ამ კანონით გათვალისწინებული წესები, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2380 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ.3

საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4048 – ვებგვერდი, 07.03.2024წ.

      მუხლი 31. გეოგრაფიული წარმოშობის აღნიშვნის გამოყენება კოლექტიურ ნიშნად

1. ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აკრძალვიდან გამონაკლისის სახით დასაშვებია კოლექტიურ ნიშნად ისეთი სიმბოლოს რეგისტრაცია, რომელიც არის საქონლის გეოგრაფიული წარმოშობის აღმნიშვნელი (ადგილის, რაიონის, რეგიონის, ქვეყნის სახელი ან სხვაგვარი აღნიშვნა, რომელიც საქონლის გეოგრაფიულ წარმოშობაზე მიუთითებს).

2. გეოგრაფიული წარმოშობის აღნიშვნა არ გამოიყენება კოლექტიურ ნიშნად იმ საქონლისათვის, რომელიც არ წარმოიშვა შესაბამის გეოგრაფიულ ადგილზე, რაიონში, რეგიონში, ქვეყანაში, თუ ასეთი აღნიშვნა მცდარ წარმოდგენას ქმნის საქონლის წარმოშობის შესახებ.

3. თუ გეოგრაფიული წარმოშობის აღნიშვნა მიუთითებს საქონლის განსაკუთრებულ თვისებებსა და ხარისხზე, ასეთი აღნიშვნა გამოიყენება კოლექტიურ ნიშნად იმავე წარმოშობის მხოლოდ იმ საქონლისათვის, რომელსაც აქვს შესაბამისი თვისებები და ხარისხი.

4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები აგრეთვე ვრცელდება იმ სახელზე, აღნიშვნასა და ნიშანზე, რომლებიც გეოგრაფიული წარმოშობის აღნიშვნის მსგავსია.

საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2380 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ.3

საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4048 – ვებგვერდი, 07.03.2024წ.

      მუხლი 32. კოლექტიური ნიშნის დებულება

1. კოლექტიური ნიშნის განაცხადი უნდა აკმაყოფილებდეს ამ კანონის მე-9 მუხლის მოთხოვნებს. განაცხადს უნდა დაერთოს კოლექტიური ნიშნის დებულება. განმცხადებელი ვალდებულია განაცხადის შეტანიდან არაუგვიანეს 2 თვისა საქპატენტს წარუდგინოს კოლექტიური ნიშნის დებულება.

2. კოლექტიური ნიშნის დებულება უნდა შეიცავდეს:

ა) გაერთიანების სახელწოდებას;

ბ) გაერთიანების წევრთა სახელწოდებასა და იურიდიულ მისამართს;

გ) გაერთიანების მიზანს;

დ) კოლექტიური ნიშნით სარგებლობისა და მისი გამოყენების კონტროლის პირობებს;

ე) გაერთიანების წევრთა უფლება-მოვალეობებს კოლექტიურ ნიშანზე უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით;

ვ) იმ საქონლის ჩამონათვალსა და ერთიან მახასიათებლებს ან საერთო მაჩვენებლებს, რომლისთვისაც განკუთვნილია კოლექტიური ნიშანი.

3. თუ კოლექტიური ნიშანი შეიცავს გეოგრაფიულ სახელს, დებულება უნდა ითვალისწინებდეს, რომ ნებისმიერ პირს, რომლის საქონელი წარმოიშვა აღნიშნულ გეოგრაფიულ რეგიონში და აკმაყოფილებს დებულებით განსაზღვრულ კოლექტიური ნიშნის გამოყენების პირობებს, უფლება აქვს გახდეს გაერთიანების წევრი და ჰქონდეს ამ ნიშნით სარგებლობის უფლება.

4. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უფლება აქვს გაეცნოს კოლექტიური ნიშნის დებულებას.

საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4048 – ვებგვერდი, 07.03.2024წ.

    მუხლი 33. კოლექტიურ ნიშანზე განაცხადის ექსპერტიზა

კოლექტიურ ნიშანზე განაცხადის არსობრივი ექსპერტიზის დროს ამ კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან ერთად დგინდება, აკმაყოფილებს თუ არა განაცხადი ამ კანონის 30-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, აგრეთვე 32-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ამასთანავე, ექსპერტიზა არ გამოიტანს უარყოფით გადაწყვეტილებას კოლექტიური ნიშნის რეგისტრაციაზე, თუ განმცხადებელი შეასწორებს კოლექტიური ნიშნის დებულებას ისე, რომ რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი აღარ იარსებებს.

საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2380 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ.3

    მუხლი 34. კოლექტიური ნიშნის დაცვის შეზღუდვა

გეოგრაფიული სახელის კოლექტიურ ნიშნად რეგისტრაცია არ ანიჭებს მის მფლობელს უფლებას, აუკრძალოს მესამე პირს ამ სახელწოდების გამოყენება სამოქალაქო ბრუნვაში, თუ ამით არ ირღვევა კეთილსინდისიერი კონკურენციის ნორმები და მესამე პირს აქვს ამ დასახელების გამოყენების მართლზომიერი საფუძველი.

    მუხლი 35. გასაჩივრება

პირს, რომელსაც უფლება აქვს ისარგებლოს კოლექტიური ნიშნით, შეუძლია ამ უფლების დარღვევის თაობაზე სარჩელი შეიტანოს სასამართლოში მხოლოდ კოლექტიური ნიშნის მფლობელი გაერთიანების ნებართვით, თუ კოლექტიური ნიშნის დებულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

    მუხლი 36. კოლექტიური ნიშნის დებულებაში ცვლილებების შეტანა

1. კოლექტიური ნიშნის მფლობელი ვალდებულია შეატყობინოს „საქპატენტს“ კოლექტიური ნიშნის დებულებაში ნებისმიერი ცვლილების შეტანის თაობაზე.

2. კოლექტიური ნიშნის დებულების ცვლილებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს ამ კანონის 31-ე და 32-ე მუხლების მოთხოვნები.

    მუხლი 37. კოლექტიური ნიშნის რეგისტრაციის გაუქმება

კოლექტიური ნიშნის რეგისტრაცია უქმდება:

ა) ამ კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად;

ბ) თუ კოლექტიური ნიშნის მფლობელი ამ ნიშანს იყენებს კოლექტიური ნიშნის დებულების დარღვევით.

    მუხლი 38. კოლექტიური ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობა რეგისტრაციაზე უარის თქმის აბსოლუტური საფუძვლების გამო

ამ კანონის 28-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების გარდა, კოლექტიური ნიშნის რეგისტრაცია ბათილად იქნება ცნობილი, თუ ის რეგისტრირებული იყო ამ კანონის 33-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით. თუ ბათილად ცნობის საფუძველია კოლექტიური ნიშნის დებულება, ის ბათილად აღარ იქნება ცნობილი, თუ კოლექტიური ნიშნის მფლობელი 2 თვის განმავლობაში იმ დღიდან, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა ამ ცვლილების შეტანის აუცილებლობის შესახებ, შეასწორებს დებულებას ისე, რომ ბათილად ცნობის საფუძველი აღარ იარსებებს.

თავი V1. სასერტიფიკაციო ნიშანი

საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4048 – ვებგვერდი, 07.03.2024წ.

     მუხლი 381. სასერტიფიკაციო ნიშანი

1. სასერტიფიკაციო ნიშანი არის სასაქონლო ნიშნის სახე, რომელიც სერტიფიცირებულ საქონელს განასხვავებს არასერტიფიცირებული საქონლისგან საქონლის მასალის, წარმოების პროცესის, ხარისხის, სიზუსტის ან სხვა მახასიათებლის (გარდა საქონლის გეოგრაფიული წარმოშობისა) მიხედვით.

2. სასერტიფიკაციო ნიშნის მფლობელი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი (მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიული პირი), თუ მისი საქმიანობა დაკავშირებული არ არის იმ საქონლის წარმოებასთან ან მიწოდებასთან, რომლისთვისაც მოითხოვება სასერტიფიკაციო ნიშნის დაცვა.

3. სასერტიფიკაციო ნიშანზე სრულად ვრცელდება ამ კანონით სასაქონლო ნიშნისთვის დადგენილი მოთხოვნები, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4048 – ვებგვერდი, 07.03.2024წ.

     მუხლი 382. სასერტიფიკაციო ნიშნის დებულება

1. განმცხადებელი ვალდებულია სასერტიფიკაციო ნიშნის განაცხადის შეტანიდან არაუგვიანეს 2 თვისა საქპატენტს წარუდგინოს სასერტიფიკაციო ნიშნის დებულება.

2. სასერტიფიკაციო ნიშნის დებულება უნდა განსაზღვრავდეს სასერტიფიკაციო ნიშნის გამოყენების უფლების მქონე პირებს, სასერტიფიკაციო ნიშნის გამოყენების პირობებს, შესაბამის საქონელს, სასერტიფიკაციო ნიშნის გამოსაყენებლად საჭირო პირობების შემოწმებისა და მისი გამოყენების მონიტორინგის წესებს, აგრეთვე სასერტიფიკაციო ნიშნის გამოყენების პირობების დარღვევისთვის დაწესებულ სანქციებს.

საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4048 – ვებგვერდი, 07.03.2024წ.

     მუხლი 383. სასერტიფიკაციო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლები

1. ამ კანონის მე-4 და მე-5 მუხლებით გათვალისწინებული სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლების არსებობის შემთხვევების გარდა, სასერტიფიკაციო ნიშანი არ რეგისტრირდება, თუ:

ა) სასერტიფიკაციო ნიშნის განაცხადი არ აკმაყოფილებს ამ კანონის 381 და 382 მუხლების მოთხოვნებს;

ბ) სასერტიფიკაციო ნიშნის დებულება ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან მორალის აღიარებულ პრინციპებს;

გ) შესაძლებელია, რომ სასერტიფიკაციო ნიშანმა მომხმარებელს მისი მნიშვნელობის ან შინაარსის შესახებ მცდარი წარმოდგენა შეუქმნას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტი არ გამოიყენება, თუ განმცხადებელი სასერტიფიკაციო ნიშნის დებულებაში შეიტანს ისეთ ცვლილებებს, რომლებითაც აღმოიფხვრება სასერტიფიკაციო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლები.

საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4048 – ვებგვერდი, 07.03.2024წ.

     მუხლი 384. სასერტიფიკაციო ნიშნის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების სააპელაციო პალატაში გასაჩივრების საფუძვლები

ამ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევების გარდა, მესამე პირმა სასერტიფიკაციო ნიშნის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება სააპელაციო პალატაში შეიძლება გაასაჩივროს, თუ დარღვეულია ამავე კანონის 383 მუხლის მოთხოვნები.

საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4048 – ვებგვერდი, 07.03.2024წ.

    მუხლი 385. სასერტიფიკაციო ნიშნის გამოყენება

სასერტიფიკაციო ნიშნის გამოყენებად მიიჩნევა მისი ამ კანონის 382 მუხლით გათვალისწინებული სასერტიფიკაციო ნიშნის დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ გამოყენება, თუ დაკმაყოფილებულია ამავე კანონით დადგენილი, სასაქონლო ნიშნის გამოყენებასთან დაკავშირებული სხვა მოთხოვნები.

საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4048 – ვებგვერდი, 07.03.2024წ.

     მუხლი 386. სასერტიფიკაციო ნიშნის დებულებაში ცვლილებების შეტანა

1. სასერტიფიკაციო ნიშნის მფლობელი ვალდებულია სასერტიფიკაციო ნიშნის დებულებაში შეტანილი ცვლილებები საქპატენტში დაარეგისტრიროს.

2. სასერტიფიკაციო ნიშნის დებულებაში შესატანი ცვლილებები უნდა აკმაყოფილებდეს ამ კანონის 382 და 383 მუხლების მოთხოვნებს.

3. სასერტიფიკაციო ნიშნის დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ საქპატენტის გადაწყვეტილება ბიულეტენში გამოქვეყნებიდან 3 თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო პალატაში, თუ დარღვეულია ამ კანონის 383 მუხლის მოთხოვნები.

4. სასერტიფიკაციო ნიშნის დებულებაში შეტანილი ცვლილებები ძალაში შედის შესაბამისი მონაცემების რეესტრში შეტანის დღიდან.

საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4048 – ვებგვერდი, 07.03.2024წ.

     მუხლი 387. სასერტიფიკაციო ნიშანზე უფლებების გადაცემა

სასერტიფიკაციო ნიშანი შეიძლება გადაეცეს მხოლოდ იმ პირს, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონის 381 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს.

საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4048 – ვებგვერდი, 07.03.2024წ.

     მუხლი 388. სასერტიფიკაციო ნიშანზე უფლებების დაცვა

1. სასერტიფიკაციო ნიშანზე უფლებების დარღვევისას სარჩელის აღძვრის უფლება აქვს სასერტიფიკაციო ნიშნის მფლობელს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს.

2. სასერტიფიკაციო ნიშნის მფლობელს უფლება აქვს, სასერტიფიკაციო ნიშნის გამოყენების უფლების მქონე პირების სახელით მოითხოვოს სასერტიფიკაციო ნიშნის უნებართვო გამოყენებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4048 – ვებგვერდი, 07.03.2024წ.

    მუხლი 389. სასერტიფიკაციო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლები

ამ კანონის 27-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევების გარდა, სასამართლო აუქმებს სასერტიფიკაციო ნიშნის რეგისტრაციას, თუ:

ა) სასერტიფიკაციო ნიშნის მფლობელი ვეღარ აკმაყოფილებს ამ კანონის 38 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს;

ბ) სასერტიფიკაციო ნიშნის მფლობელი არ იღებს შესაბამის ზომებს, რათა სასერტიფიკაციო ნიშანი სასერტიფიკაციო ნიშნის დებულებით განსაზღვრული სასერტიფიკაციო ნიშნის გამოყენების პირობების დაცვით იქნეს გამოყენებული;

გ) სასერტიფიკაციო ნიშნის გამოყენება მომხმარებელს მცდარ წარმოდგენას უქმნის;

დ) სასერტიფიკაციო ნიშნის დებულებაში შეტანილი ცვლილებები ეწინააღმდეგება ამ კანონის 386 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს და სასერტიფიკაციო ნიშნის მფლობელი სასერტიფიკაციო ნიშნის დებულებაში არ შეიტანს ისეთ ცვლილებებს, რომლებითაც აღმოიფხვრება აღნიშნული საფუძველი.

საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4048 – ვებგვერდი, 07.03.2024წ.

     მუხლი 3810. სასერტიფიკაციო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობის საფუძვლები

ამ კანონის 28-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევების გარდა, სასამართლო სასერტიფიკაციო ნიშნის რეგისტრაციას ბათილად ცნობს, თუ ის რეგისტრირებულია ამავე კანონის 386 მუხლის მოთხოვნების დარღვევით და სასერტიფიკაციო ნიშნის მფლობელი სასერტიფიკაციო ნიშნის დებულებაში არ შეიტანს ისეთ ცვლილებებს, რომლებითაც აღმოიფხვრება აღნიშნული საფუძველი.

საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4048 – ვებგვერდი, 07.03.2024წ.
 

თავი VI.  სასაქონლო ნიშნების დაცვა მადრიდის შეთანხმების ოქმის მიხედვით

საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2380 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ.3

      მუხლი 39. განაცხადი სასაქონლო ნიშნის საერთაშორისო რეგისტრაციაზე

1. ეს კანონი ვრცელდება იმ სასაქონლო ნიშნებზე, რომელთა დაცვა მოითხოვება მადრიდის შეთანხმების ოქმის მიხედვით, თუ ამ ოქმით ან კანონის ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. განაცხადი სასაქონლო ნიშნის საერთაშორისო რეგისტრაციაზე მადრიდის შეთანხმების ოქმის მე-3 მუხლის თანახმად შეტანილ უნდა იქნეს „საქპატენტში“.

3. განაცხადს უნდა დაერთოს საერთაშორისო კლასიფიკატორის მიხედვით დაჯგუფებული ჩამონათვლის თარგმანი ინგლისურ ენაზე.

საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2380 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ.3

    მუხლი 40. ჩანაწერი საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ

1. თუ საერთაშორისო რეგისტრაცია წარმოებს „საქპატენტში“ შეტანილი განაცხადის საფუძველზე, საერთაშორისო რეგისტრაციის თარიღი და ნომერი შეტანილი იქნება განაცხადის მონაცემებში.

2. თუ საერთაშორისო რეგისტრაცია წარმოებს „საქპატენტში“ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის საფუძველზე, საერთაშორისო რეგისტრაციის თარიღი და ნომერი შეტანილი იქნება რეესტრში.

3. თუ საერთაშორისო რეგისტრაცია წარმოებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საერთაშორისო რეგისტრაციის თარიღი და ნომერი შეტანილი იქნება რეესტრში სასაქონლო ნიშნის „საქპატენტში“ რეგისტრაციის შემდეგ.

    მუხლი 41. მადრიდის შეთანხმების ოქმის მიხედვით საერთაშორისო რეგისტრაციის საფუძველზე საქართველოზე გავრცელებული სასაქონლო ნიშნის ექსპერტიზა

1. იმ სასაქონლო ნიშანზე, რომლისთვისაც საქართველოში დაცვის მინიჭება მოითხოვება მისი საერთაშორისო რეგისტრაციის საფუძველზე მადრიდის შეთანხმების ოქმის მიხედვით (შემდგომ – საერთაშორისო სასაქონლო ნიშანი), ტარდება მხოლოდ არსობრივი ექსპერტიზა და მოწმდება საქონლის ჩამონათვალის ამ კანონის 111 მუხლის მოთხოვნებთან შესაბამისობა.

2. საერთაშორისო სასაქონლო ნიშნის მიმართ ამ კანონის I–V1 თავებში გამოყენებული ტერმინის „რეგისტრაცია“ ნაცვლად გამოიყენება ტერმინი „დაცვა“.

საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2380 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ.3

საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4048 – ვებგვერდი, 07.03.2024წ.

    მუხლი 42. გამოქვეყნება და გასაჩივრება

1. სასაქონლო ნიშნის საერთაშორისო რეგისტრაციის მონაცემები ქვეყნდება ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) საერთაშორისო ბიუროს ჟურნალში.

2. საერთაშორისო სასაქონლო ნიშნისათვის საქართველოში დაცვის მინიჭების თაობაზე დადებითი გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაში, ბიულეტენში გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში დამატებით ქვეყნდება საერთაშორისო რეგისტრაციის თარიღი და ნომერი.

3. ამ კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გასაჩივრების ვადა აითვლება სასაქონლო ნიშნის საერთაშორისო რეგისტრაციის თარიღისა და ნომრის ბიულეტენში გამოქვეყნების დღიდან.

საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2380 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ.3

    მუხლი 43. (ამოღებულია)

საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2380 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ.3

    მუხლი 44. ეროვნული განაცხადის წარდგენა გაუქმებული საერთაშორისო რეგისტრაციის საფუძველზე

1. გაუქმებული საერთაშორისო რეგისტრაციის საფუძველზე მადრიდის შეთანხმების ოქმის მე-9 quinquies მუხლის შესაბამისად ეროვნულ განაცხადთან ერთად განმცხადებელმა უნდა წარადგინოს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო ბიუროს მიერ დამოწმებული საბუთი, რომლითაც დასტურდება, რომ საერთაშორისო რეგისტრაცია გაუქმებამდე ვრცელდებოდა საქართველოზე.

2. თუ ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ეროვნული განაცხადის „საქპატენტში“ შეტანის დღისათვის „საქპატენტის“ მიერ მიღებულია გადაწყვეტილება შესაბამისი საერთაშორისო სასაქონლო ნიშნისათვის დაცვის მინიჭების თაობაზე, ეროვნულ განაცხადს არსობრივი ექსპერტიზა არ უტარდება.

3. თუ საერთაშორისო რეგისტრაციის გაუქმების დღისათვის საერთაშორისო სასაქონლო ნიშანს საქართველოში მინიჭებული ჰქონდა დაცვა, „საქპატენტი“ ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ ეროვნულ განაცხადზე ატარებს მხოლოდ ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზას, რის შემდეგაც ახდენს რეესტრში სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას და მონაცემებს რეგისტრირებული ნიშნის შესახებ აქვეყნებს ბიულეტენში.

საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2380 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ.3

 

თავი VII. სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დაცვის უზრუნველყოფა

    მუხლი 45. სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დაცვა

1. სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევისას სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მფლობელი უფლებამოსილია მოითხოვოს:

ა) ამ კანონის მე-6 მუხლის მე-2–მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ქმედებების შეწყვეტა;

ბ) სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევით ნიშანდებული საქონლის სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღება ან სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვის მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანილი ან დასაწყობებული (შესანახად განთავსებული) საქონლის ამოღება;

გ) სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევით ნიშანდებული საქონლის განადგურება, თუ საქონლის სასაქონლო ნიშნისაგან განცალკევება შეუძლებელია ან თუ სასაქონლო ნიშანი საქონელზეა დატანილი;

დ) იმ გამოსახულების, ეტიკეტის, ანაბეჭდის, შეფუთვის, შესაფუთი ან სარეკლამო მასალის ან აბრის განადგურება, რომელიც სასაქონლო ნიშანს შეიცავს ან არის მისი ასლი ან იმიტაცია, მათ შორის, ინტერნეტში განთავსებული ისეთი მასალის ან გამოსახულების წაშლა, რომელიც სასაქონლო ნიშანს შეიცავს;

ე) სასაქონლო ნიშნის დასამზადებლად განკუთვნილი კლიშეს, მატრიცის, სხვა დანადგარის, ტექნიკური აღჭურვილობისა და იარაღის განადგურება.             

2. სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მფლობელი უფლებამოსილია, თავისი შეხედულებისამებრ, მოითხოვოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რამდენიმე ქმედების ერთდროულად განხორციელება.

3. სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევისას სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მფლობელის მოთხოვნის საფუძველზე სასამართლოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება განხორციელდეს აგრეთვე იმ პირის მიმართ, რომელმაც იცოდა ან რომელსაც უნდა სცოდნოდა, რომ მისი მომსახურება გამოიყენება ანდა გამოიყენებოდა სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების კომერციული მასშტაბით დარღვევისათვის.

4. განსაკუთრებულ შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დამრღვევის მოთხოვნის საფუძველზე, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედებების განხორციელების ნაცვლად, მას დააკისროს ფულადი კომპენსაციის გადახდა, თუ იგი გაუფრთხილებლობით მოქმედებდა ან თუ მას შესაბამისი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით არაპროპორციული ზიანი მიადგება, ამასთანავე, თუ სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მფლობელისათვის სასამართლოს მიერ განსაზღვრული ფულადი კომპენსაციის ოდენობა მისაღებია.

5. სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევისას სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მფლობელი უფლებამოსილია, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქმედების გარდა, მოითხოვოს ერთ-ერთი შემდეგი ქმედების განხორციელება:

ა) მიყენებული ზიანის ანაზღაურება (მიუღებელი შემოსავლის ჩათვლით), თუ სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დამრღვევმა იცოდა ან მას უნდა სცოდნოდა სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევის შესახებ;

ბ) სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დამრღვევისთვის სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევით მიღებული შემოსავლის ჩამორთმევა სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მფლობელის სასარგებლოდ;

გ) ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის გადახდა.

6. ზიანის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევის არსი, სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევით მიღებული შემოსავალი, სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მფლობელისთვის მიყენებული ქონებრივი და არაქონებრივი ზიანი, აგრეთვე ის სავარაუდო შემოსავალი, რომელსაც მიიღებდა სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მფლობელი სასაქონლო ნიშნის მართლზომიერად გამოყენებით.

7. ერთჯერადი ფულადი კომპენსაცია განისაზღვრება არანაკლებ იმ ოდენობით, რომელსაც სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დამრღვევი სასაქონლო ნიშნის გამოყენების ნებართვის მიღებისას გადაიხდიდა.

8. ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევით ნიშანდებული საქონლის რაოდენობა, გამოყენებული  სასაქონლო ნიშნის იდენტურობა ან დაცულ სასაქონლო ნიშანთან მსგავსების ხარისხი, საქართველოში სასაქონლო ნიშნის რეპუტაცია, დამრღვევის განზრახვა, იმ მომსახურების მასშტაბი, ხასიათი და სხვა მახასიათებელი, რომლის შეთავაზებაც ხდება სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევით, ან/და ნებისმიერი სხვა გარემოება, რომელიც კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული.

საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის  კანონი  №1922  - ვებგვერდი, 11.01.2018წ.

     მუხლი 451. რეგისტრირებული, კონფლიქტის მქონე სასაქონლო ნიშნების ურთიერთობა

1. სასაქონლო ნიშანზე უფლებების დარღვევისას სასაქონლო ნიშნის მფლობელს არ აქვს უფლება, მოითხოვოს უფრო გვიან რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის გამოყენების აკრძალვა, თუ ამ კანონის 28-ე მუხლის მე-7, მე-8, მე-9 ან მე-11 პუნქტის საფუძველზე დაუშვებელია უფრო გვიან რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობის მოთხოვნა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფრო გვიან რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის მფლობელს არ აქვს უფლება, ადრინდელი სასაქონლო ნიშნის მფლობელს სასაქონლო ნიშნის გამოყენება აუკრძალოს.

საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4048 – ვებგვერდი, 07.03.2024წ.

 

თავი VIII . გარდამავალი დებულებანი

    მუხლი 46. ამ კანონის ძალაში შესვლამდე შეტანილი განაცხადი და გაცემული მოწმობა

1. განაცხადი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის თაობაზე, რომელიც შეტანილი იქნა ამ კანონის ამოქმედებამდე, განიხილება „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ დებულების დამტკიცებისა და სამოქმედოდ შემოღების თაობაზე“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 16 მარტის №304 დადგენილების მიხედვით.

2. ამ კანონის ძალაში შესვლამდე რეგისტრირებულ სასაქონლო ნიშანზე გაცემული მოწმობა ძალაშია ამ კანონის ამოქმედების შემდეგაც.

 

თავი IX . დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 47. ძალადაკარგული ნორმატიული აქტები

კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს:

ა) „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ დებულების დამტკიცებისა და სამოქმედოდ შემოღების თაობაზე“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 16 მარტის №304 დადგენილება;

ბ) „საქართველოს რესპუბლიკაში სასაქონლო ნიშნის (ნიშანდების) გამოყენების მოწესრიგების დამატებით ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 25 ივნისის №483 დადგენილება.

    მუხლი 48. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 3 თვის გასვლისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე

თბილისი,

1999 წლის 5 თებერვალი

№1795-IIს