განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე

განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2/5373-22
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 14/03/2022
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/03/2022
სარეგისტრაციო კოდი
2/5373-22
14/03/2022
ვებგვერდი, 17/03/2022
განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე
თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის

რეჟიმის გახსნის თაობაზე

საქმე №2/5373-22/330210322005522735

2022 წლის 14 მარტი

ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე − ლიანა კაჟაშვილი

განმცხადებელი/მოვალე სს გურჯაანი 1929“ (ს/კ 227747070)

დირექტორი კობა კობახიძე

მოთხოვნა − გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნა რეაბილიტაციის რეჟიმით და მოვალის მართვაში დატოვება

განხილვის ფორმა − ზეპირი მოსმენის გარეშე

სასამართლომ  გამოარკვია:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2022 წლის 27 თებერვალს განცხადებით მომართა, მოვალე სს „გურჯაანი 1929“ (შემდგომში − მოვალე) წარმომადგენელმა (დირექტორმა) კობა კობახიძემ და მოითხოვა საწარმოს გადახდისუუნარობის საფუძვლით საქმის წარმოების გახსნა რეაბილიტაციის რეჟიმით და მოვალის მართვაში დატოვება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 2 მარტის განჩინებით სს „გურჯაანი 1929“-ს განცხადებაზე დადგენილი იქნა ხარვეზი და განჩინებაში მითითებული ხარვეზის აღმოსაფხვრელად განმცხადებელს დაუდგინდა 5 (ხუთი) დღე განჩინების გამოქვეყნებიდან.

2022 წლის 7 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას ხარვეზის გამოსწორების შესახებ განცხადებით მომართა სს „გურჯაანი 1929“-ის დირექტორმა, რომლითაც ითხოვა განცხადებაზე დადგენილი ხარვეზი ჩათვლილიყო აღმოფხვრილად, სს „გურჯაანი 1929“- მიმართ გადახდისუუნარობის განცხადების დასაშვებად ცნობას და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნას.

2022 წლის 27 თებერვლის განცხადებით, ასევე ხარვეზის შევსების შესახებ წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების მიხედვით, სს „გურჯაანი 1929“ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2005 წლის 21 იანვრიდან. მისი საქმიანობის ძირითადი საგანია ღვინის, სპირტის, ბადაგის, წვენების, კონსერვების, ხილის ღვინოების წარმოება, ასევე ყურძნის შესყიდვა და გადამუშავება, ღვინომასალების, წვენების და საბრენდე სპირტების წარმოება, მათი გადამუშავება, ბოთლებში ჩამოსხმა და რეალიზაცია. გარდა აღნიშნულისა მოვალე ასევე ახორციელებს კანონით ნებადართულ სხვა საქმიანობასაც, ფართების გაქირავება და ა.შ.

როგორც განცხადებიდან ირკვევა სს „გურჯაანი 1929“ ვერ ასრულებს ვადამოსულ ვალდებულებებს, რომლებსაც განეკუთვნება როგორც საკრედიტო, სახელფასო, ასევე საგადასახადო ვალდებულებები. განმცხადებელი გადახდისუუნარობის დამადასტურებელ გარემოებებად უთითებს ლიკვიდურობის დეფიციტზე და ქონების რეალიზაციის პროცესის დაწყებაზე.

ლიკვიდურობის დეფიციტის არსებობის დასადასტურებლად წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით უთითებს ფინანსთა სამინისტროს მიმართ არსებული დავალიანების გამო კახეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში დაწყებული სააღსრულებო წარმოების საქმეებზე და სხვა სასაესხო დავალიანებებზე.

როგორც მოვალე აღნიშნავს, მისი მთლიანი ვადამოსული ვალდებულებები 1,403.291,04 ლარს შეადგენს, რაც მისი მთლიანი აქტივების 51.28%-ია. განმცხადებლის მითითებით იგი მომდევნო 30 დღის განმავლობაში ვერ ფარავს მითითებულ ვადამოსულ ვალდებულებებს.

განმცხადებელი უთითებს გადახდისუუნარობის საფუძველზე რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის მეორე საფუძველზე − ქონების რეალიზაციის პროცესის დაწყებაზე. კერძოდ, კახეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებულ ნოტარიუსის მიერ 03.05.2019 წელს გაცემულ სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებულ სააღსრულებო წარმოებაზე, რომლის მიხედვითაც ფინანსთა სამინისტროს სასარგებლოდ 639487.15 ლარის გადახდის უზრუნველყოფის მიზნით აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გამოაცხადა აუქციონი სს „გურჯაანი 1929“ უძრავ-მოძრავ ქონებაზე.

განმცხადებელი ასევე უთითებს როგორც უზრუნველყოფილ კრედიტორებზე, ასევე ინფორმაციას დებეტორული მოთხოვნების შესახებ, მიმდინარე სასამართლო დავების შესახებ, ასევე რეაბილიტაციის მიღწევის გონივრული ალბათობის შესახებ და ითხოვს რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის შემთხვევაში მართვაში იქნას დატოვებული მოვალის დირექტორი კობა კობახიძე (პ/ნ 13001001027).

სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ განცხადებას, ასევე სრულად შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნია, რომ განცხადება დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი და მოვალის მიმართ გაიხსნას რეაბილიტაციის რეჟიმი, შემდეგ გარემოებათა გამო:

კანონის 47-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის საკითხს სასამართლო ზეპირი მოსმენით განიხილავს. თუ საქმის ფაქტობრივი გარემოებები სადავო არ არის, სასამართლო უფლებამოსილია ეს საკითხი ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს.

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოვალე სს გურჯაანი 1929“-ს განცხადებაში მითითებული გარემოებებთან დაკავშირებით არ გამოვლენილა სადავობის საკითხი და სასამართლომ სს გურჯაანი 1929“-ს განცხადება განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 1-ელი ნაწილით, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების საფუძველია მოვალის გადახდისუუნარობა ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობა. გადახდისუუნარობის საქმის წარმოება იწყება რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის მოთხოვნით გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გადახდისუუნარობის საქმის წარმოება შეიძლება განხორციელდეს ა) რეაბილიტაციის რეჟიმით; ბ) გაკოტრების რეჟიმით.

გადახდისუუნარობის ცნება და გადახდისუუნარობის პრეზუმფცია განმარტებულია დასახელებული კანონის მე-7 მუხლით, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, მოვალე გადახდისუუნაროა, თუ იგი ვერ ფარავს ვადამოსულ ვალდებულებებს.

ხოლო გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის მიზნებისთვის, საპირისპიროს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ მოვალე გადახდისუუნარობა, თუ არსებობს დასახელებული მუხლის მე-3 პუნქტში ჩამოთვლილი გარემოებებიდან ერთ-ერთი შემდეგი გარემოება.

კანონმდებელი მოვალის გადახდისუუნაროდ მიჩნევისათვის საკმარისად თვლის ჩამოთვლილ გარემოებებიდან ერთ-ერთის არსებობას და არ არის აუცილებელი ყველა გარემოების ერთდროულად არსებობა.

განმცხადებელი საწარმოს გადახდისუუნარობის დამადასტურებელ გარემოებებად უთითებს საწარმოს ლიკვიდურობის დეფიციტის არსებობას და ქონების რეალიზაციის პროცესის დაწყებას. ლიკვიდურობის დეფიციტის დასადასტურებლად მოვალე უთითებს ვადამოსულ ვალდებულებებზე, როგორც ფინანსთა სამინისტროს წინაშე არსებულ დავალიანებაზე, ისევე საკრედიტო დავალიანებებზე. წარმოდგენილი განცხადებით ასევე დასტურდება, რომ სსგურჯაანი 1929„-ის მიმართ დაწყებულია ქონების რეალიზაციის პროცესი. კერძოდ, აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაშია ფინანსთა სამინისტროს წინაშე სსგურჯაანი 1929„-ს დავალიანების იძულებითი გადახდევინების შესახებ დაწყებული სააღსრულებო წარმოებები, რომელთა მიხედვითაც სსგურჯაანი 1929„-ის დავალიანების გადახდევინების მიზნით მის ქონებაზე დანიშნულია ელექტრონული აუქციონი.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის მიზნებისთვის, საპირისპიროს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ მოვალე გადახდისუუნაროა, თუ არსებობს მოვალის მიმართ განცხადების შეტანამდე არანაკლებ 30 დღის განმავლობაში მოქმედებს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიება; ხოლო ამავე პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად − თუ მოვალის ან მესამე პირის ვალდებულებების შესასრულებლად უზრუნველყოფის ხელშეკრულებით ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლით დაიწყო მოვალის ქონების რეალიზაციის პროცესი, რომლის გაგრძელება საფრთხეს შეუქმნის სხვა კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

ამავე კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია კრედიტორთა მოთხოვნების კოლექტიური დაკმაყოფილება რეაბილიტაციის მიღწევით, ხოლო რეაბილიტაციის მიღწევის შეუძლებლობის შემთხვევაში − გადახდისუუნარობის მასის რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით.

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი ნაწილით, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის უფლება აქვს მოვალეს − საწარმოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მეშვეობით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს განმცხადებლის მოთხოვნას რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებლის მოთხოვნაა დაიწყოს გადახდისუუნარობის საქმისწარმოება რეაბილიტაციის გზით.

ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებულია ის ჩამონათვალი, რაც მითითებული უნდა იყოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებაში, რომლითაც განმცხადებელი რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნას მოითხოვს. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას უნდა დაერთოს შემდეგი ინფორმაცია (რამდენადაც ეს ცნობილია განმცხადებლისთვის): ა) ინფორმაცია მოვალის ფინანსური მდგომარეობის შესახებ, რომელიც მოიცავს მის აქტივებსა და ვალდებულებებს, მათ შორის, სამომავლო და პირობით ვალდებულებებს; ბ) ინფორმაცია უზრუნველყოფის ღონისძიებით დატვირთული მოვალის ქონებისა და უზრუნველყოფილი კრედიტორების ვინაობის (სახელები, სახელწოდებები, მისამართები, საიდენტიფიკაციო ნომრები) შესახებ; გ) ინფორმაცია მოვალის მიმართ სხვა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმდინარეობის შესახებ; დ) მოვალის შესახებ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; ე) ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც, განმცხადებლის აზრით, მნიშვნელოვანია რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად. 3. თუ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება სასამართლოში მოვალეს შეაქვს, მან, გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციისა, აგრეთვე უნდა წარადგინოს: ა) თავისი კრედიტორების სრული ჩამონათვალი (მიეთითება სახელები, სახელწოდებები, პირადი ნომრები, საიდენტიფიკაციო მონაცემები) და არსებული ვალდებულებების შესახებ ინფორმაცია; ბ) საგადასახადო ვალდებულებების აღწერილობა და ინფორმაცია მათი ოდენობის, მათ შორის, დაუზუსტებელი ოდენობის, შესახებ; გ) ინფორმაცია საწარმოს ბალანსის შესახებ, მიმდინარე შემოსავლების (მათ შორის, ყოველთვიური წმინდა შემოსავლის სახეობისა და ოდენობის) და ხარჯების აღწერილობა; დ) თავისი დებიტორული მოთხოვნების შესახებ ინფორმაცია; ე) ხელშეკრულებებისა და მიმდინარე რეგულარული ვალდებულებების შესახებ ინფორმაცია; ვ) მიმდინარე სასამართლო დავების შესახებ ინფორმაცია; ზ) ამ განცხადების შეტანის მომენტისთვის საწარმოში დასაქმებულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია; თ) ამ განცხადების შეტანის მომენტისთვის წინასწარ მომზადებული რეაბილიტაციის გეგმის პროექტის არსებობის შემთხვევაში – ამ პროექტის ასლი, ხოლო შესაძლებლობის შემთხვევაში − აგრეთვე აღნიშნული განცხადების შეტანის მომენტიდან მომდევნო 12 თვის განმავლობაში შემოსავლებსა და ხარჯებში შესატანი, გონივრულად მოსალოდნელი ცვლილების შესახებ ინფორმაცია; ი) კრედიტორებთან წინასწარ შეთანხმებული რეაბილიტაციის გეგმა (არსებობის შემთხვევაში). მას უნდა ერთოდეს მოვალის მიერ ამ კანონით დადგენილი კრედიტორთა უმრავლესობისგან წინასწარ მიღებული თანხმობა.

განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელი მიუთითებს ინფორმაციას და წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს მოვალის ფინანსური აქტივებსა და ვალდებულებებზე. ფინანსურ აქტივებთან დაკავშირებით განმცხადებლის განმარტებით, მის საკუთრებაშია როგორც უძრავი ქონება მდებარე ქ. გურჯაანი, კოსტავას ქ.1 (ს/კ 51.01.57.402) რომელიც შედგება 19.934 კვ.მ. მიწის ნაკვეთისაგან და მასზე განთავსებული 5.694.4 კვ.მ. 11 შენობა-ნაგებებისაგან. აღნიშნული უძრავი ქონებები 2014 წლიდან დატვირთულია იპოთეკით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სასარგებლოდ; ქონებაზე 2020 წლიდან გავრცელებულია ასევე საგადასახადო იპოთეკა შემოსავლების სამსახურის სასარგებლოდ, ხოლო 2019 წლიდან აღნიშნული ქონება დაყადაღებულია თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ. გარდა ამისა, მოვალეს გააჩნია ასევე მოძრავი ქონება: ა) ყურძნის მიმღები ხაზი − 7 ცალი, ბ) 25 ტონიანი სასწორი − 3 ცალი, გ) 16 ტონიანი ემალის ცისტერნა − 200 ცალი, დ) 20 ტონიანი უჟანგავი ცისტერნა − 18 ცალი, ე) 150 ტონიანი უჟანგავი ცისტერნა − 2 ცალი.

რაც შეეხება დებეტორულ დავალიანებებს, მოვალეს ჰყავს 4 დებეტორი, რომელთა მიმართ მოთხოვნების ოდენობა შეადგენს ჯამში 284 285,5 ლარს. რაც შეეხება ფინანსური მდგომარეობის ვალდებულებებს მოვალეს ჰყავს როგორც უზრუნველყოფილი, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, სსიპ შემოსავლების სამსახური, ისე არაუზრუნველყოფილი კრედიტორები, რომელთა წინაშე არსებული ვალდებულებები საერთო ჯამში შეადგენს1 403 291.04 ლარს; სს „გურჯაანი 1929“ ფინანსური მდგომარეობის ამსახველ დოკუმენტის მიხედვით 73. 430 ლარის ვალდებულება წარმოადენს მოვალის სამომავლო ვალდებულებებს შემდეგი კრედიტორებისათვის: შპს „აკურა“ − 20. 000 ლარი, შპს „ახალშენი“ − 53. 430 ლარი, რაც შეეხება პირობით ვალდებულებებს, მოვალეს აღნიშნული არ გააჩნია.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მონაცემებით, მოვალე რეგისტრირებულია ერთი სააქციო საზოგადოებად − სს „გურჯაანი 1929“ (ს/კ 227747070).

განმცხადებელს საქართველოში მოქმედი საბანკო დაწესებულებებში უფიქსირდება მოქმედი საბანკო ანგარიში: სს „საქართველოს ბანკში“ .

მოვალის მიმართ არ მიმდინარეობს სხვა გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.

წარმოდგენილია მოვალის ბალანსი, მიმდინარე შემოსავლებისა და ხარჯების აღწერილობით 2022 წლის 1 მარტის მდგომარეობით.

გარდა ამისა, მოვალის მიერ წარმოდგენილია ინფორმაცია მიმდინარე რეგულარული ვალდებულებებისა და ხელშეკრულებების შესახებ. შპს „ემბავუდ ჯორჯიასთან“ გაფორმებულ იჯარის ხელშეკრულება და შპს „აკ საიასთან“ გაფორმებულ მომსახურების ხელშეკრულება. სს „გურჯაანი 1929“ ჩართულია ერთ სასამართლო დავაში, მოვალეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში შეტანილი აქვს ადმინისტრაციული სარჩელი, თბილისის სააღსრულებო ბიუროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს, კახეთის სააღსრულებო ბიუროს მიმართ, ხოლო დაზუსტებული სარჩელით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონალური ოფისის მიმართ.

განმცხადებელს დასაქმებული ჰყავს 8 მუშაკი.

რაც შეეხება რეაბილიტაციის გეგმას, განმცხადებელი უთითებს, რომ განცხადების შეტანის მომენტისთვის აღნიშნული არ არის შემუშავებული, მაგრამ რეაბილიტაციის მიზნის მიღწევის გონივრულ ალბათობასთან დაკავშირებით განმცხადებელი უთითებს, რომ მოვალეს გაფორმებული აქვს სავაჭრო ხელშეკრულება ყაზახეთის ფირმა „აკ საიასთან“, სს „გურჯაანი 1929“-ისათვის 7 500 000 აშშ დოლარის ღირებულების 3 500 000 ერთეული ბოთლი ღვინის შეკვეთასთან დაკავშირებით; მოვალე ასევე უთითებს კომპანიის საკუთრებაში არსებულ ღვინის ბოთლში ჩამოსასხმელ იტალიურ დანადგარზე, რომლის მეშვეობით შეუძლია როგორც საკუთარი, ასევე სხვა მესამე პირების დაკვეთით ჩამოასხას ბოთლებში ღვინო; კომპანიის დამატებით შემოსავლის წყაროდ მითითებული აქვს იტალიური სამაცივრე და საფილტრე დანადგარები, რომელთა გამოყენებითაც კომპანიას შეუძლია მომსახურება გაუწიოს სხავადასხვა კომპანიებს; რეაბილიტაციის მიზნის მიღწევის გონივრულ ალბათობის დასადასტურებლად განმცხადებელი ასევე უთითებს საკუთრებაში არსებულ სხვადასხვა დასახლები საბრენდე სპირტზე (საკონიაკე სპირტი) და ნატურალურ წვენებზე, ასვე საკუთრებაში არსებულ 5 000 ტონის ტევადობის ჭურჭელზე და ყურძნის გადამამუშავებელ 7 ხაზზე, სასაწყობე ფართზე, რომელიც იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე საიდანაც ყოველთვიურად საიჯარო შემოსავლის სახით იღებს 3 000 ლარს. საერთო ჯამში მითითებულის საქმიანობიდან მიღებულმა შემოსავალმა წელიწადში შესაძლოა შეადგინოს 1 335 853 ლარი, ეს კი მოვალეს მისცემს შესაძლებლობას დაახლოებით 3 წლის განმავლობაში მთლიანად დაფაროს არსებული ფინანსური ვალდებულებები და ამვდროულად შესძლოს განვითარება.

ყოველივე ზემოაღნიშნული ცხადყოფს მოვალის გადახდისუნარობას და რომ მოვალეს კომპანიის ფინანსური სიძნელეების და სახსრების ნაკლებობის გამო არ შესწევს ძალა დააკმაყოფილოს კრედიტორთა ვადამოსული მოთხოვნები.

ამდენად, განმცხადებელს აქვს რეაბილიტაციის მკაფიო ხედვა და მომავალში რეაბილიტაციის გეგმის შემუშავებით შესაძლებელი იქნება კრედიტორების ეტაპობრივი დაკმაყოფილება მოვალის ეკონომიკური გადარჩენის პარალელურად.

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 44.1 მუხლის ი“ ქვეპუნქტით, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება, რომლითაც განმცხადებელი რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნას მოითხოვს, მითითებული უნდა იყოს მოთხოვნა მოვალის მართვაში დატოვების ან რეაბილიტაციის მმართველის დანიშვნის შესახებ.

ამავე კანონის 69.1 მუხლის ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, თუ რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის შესახებ მოვალის განცხადებით პირდაპირ არის მოთხოვნილი მოვალის მართვაში დატოვება, სასამართლო მოვალეს მართვაში ტოვებს, თუკი ამას გონივრულად და დასაბუთებულად მიიჩნევს. ამავე კანონის 74.1 მუხლის თანახმად, რეაბილიტაციის ზედამხედველს ნიშნავს სასამართლო მხოლოდ მართვაში მყოფი მოვალის შემთხვევაში.

შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოვალე უნდა დარჩეს მართვაში და დაინიშნოს რეაბილიტაციის ზედამხედველი კანონის მოთხოვნათა დაცვით.

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 44.1 მუხლის კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდისუუნაორბის განცხადებაში, რომლითაც განმცხადებელი რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნას მოითხოვს, მითითებული უნდა იყოს მორატორიუმის დამატებითი ღონისძიებების გამოყენების შესახებ (არსებობის შემთხვევაში). ხოლო კანონის 57-ე მუხლის პირველი ნაწილის გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო უფლებამოსილია მოვალის განცხადების საფუძველზე გამოიტანოს განჩინება მორატორიუმის დამატებითი ღონისძიებების გამოყენების შესახებ, კერძოდ: მოვალის კონტრაქტორებს აუკრძალოს სასიცოცხლოდ მნიშნელოვანი მომსახურებების მოვალისთვის მიწოდების შეჩერება ან/და შეფერხება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების გამო, თუ მოვალე ასრულებს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის შემდეგ წარმოშობილ ვალდებულებებს.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულია იმ გარემოებების ჩამონათვალი, რომელთაგან ერთ-ერთის არსებობა იძლევა მოვალის გადახდისუუნარობის ვარაუდს.

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა აღნიშნული ნორმის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებები. კერძოდ, „ე“ ქვეპუნქტის თანახმად: გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის მიზნებისთვის, საპირისპიროს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ მოვალე გადახდისუუნაროა, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება: მოვალის მიმართ განცხადების შეტანამდე არანაკლებ 30 დღის განმავლობაში მოქმედებს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიება; ხოლო „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად − სავარაუდოა, რომ მოვალის ან მესამე პირის ვალდებულებების შესასრულებლად უზრუნველყოფის ხელშეკრულებით ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლით დაიწყო მოვალის ქონების რეალიზაციის პროცესი, რომლის გაგრძელება საფრთხეს შეუქმნის სხვა კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სს გურჯაანი 1929“-ის განცხადება აკმაყოფილებს „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით განცხადების დასაშვებობისათვის დადგენილ მოთხოვნებს, რის შესაბამისადაც, მოვალის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და მის მიმართ გაიხსნას რეაბილიტაციის რეჟიმი.

სასამართლომ იხელმძღვანელა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი, მე-4, მე-6, მე-8, მე-9, მე-11, 43-ე, 44-ე, 47-ე, 49-ე, 50-ე, 51-ე, 55-ე, 57-ე, 62-ე, 63-ე, 64-ე, 73-ე, 74-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით, და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „გურჯაანი 1929“ (ს/კ 227747070) წარმომადგენელის (დირექტორის) კობა კობახიძის განცხადება დასაშვებად იქნეს ცნობილი.

2. სს „გურჯაანი 1929“ (ს/კ 227747070) მიმართ გაიხსნას რეაბილიტაციის რეჟიმი.

3. სს „გურჯაანი 1929“ (ს/კ 227747070) დირექტორი, კობა კობახიძე (პ/ნ 13001001027), დარჩეს მართვაში.

4. რეაბილიტაციის ზედამხედველად დაინიშნოს გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი  ქეთევან ბაშინურიძე (პ/ნ 01019006553), ტელეფონი 599 38 44 99, ელ. ფოსტა: kbashinuridze@gmail.com, katie@georgiansolicitors.ge, რეესტრში რეგისტრაციის № P2109101, სამუშაო ადგილის მისამართი: თბილისი, გიორგი ლეონიძის №1, სართული 2, ოფისი №3, რომელიც შერჩეული იქნა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტისა და 74-ე მუხლის საფუძველზე.

5. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანისთანავე ავტომატურად:

ა) ჩერდება მოვალის ქონების წინააღმდეგ მიმდინარე იძულებითი აღსრულების ღონისძიებები, ხოლო იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება აღარ დაიშვება;

ბ) ჩერდება და აღარ დაიშვება საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები (საგადასახადო გირავნობა, იპოთეკა და სხვა), ასევე ჯარიმისა და საურავის დარიცხვა/გადახდა, ხოლო აღსრულების უზრუნველყოფის ახალი ღონისძიებების დაწყება არ დაიშვება, გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის/გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე სასამართლო განჩინების გამოტანის შემდეგ წარმოშობილი საგადასახადო დავალიანების დაფარვის მიზნით განხორციელებული ღონისძიებებისა;

გ) ჩერდება და არ დაიშვება კრედიტორის დაკმაყოფილება უზრუნველყოფის საგნიდან, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

დ) არ დაიშვება დივიდენდის განაწილების, საწარმოს რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;

ე) არ დაიშვება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე წარმოშობილი ვალდებულებების შესრულება, ახალი ვალდებულებების აღება, გადახდის ახალ პირობებზე შეთანხმება და მათი უზრუნველყოფა, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ვ) ჩერდება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე წარმოშობილ ვალდებულებებზე პროცენტის გადახდა. ამასთან, მორატორიუმით არ ჩერდება პროცენტის დარიცხვა, რომელიც გათვალისწინებულ უნდა იქნეს კრედიტორთა მოთხოვნებში;

ზ) ჩერდება პირგასამტეხლოს დარიცხვა და გადახდა. თუ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება გადახდისუუნარობის საფუძვლის არარსებობის გამო შეწყდება, მიიჩნევა, რომ საქმის წარმოება შეწყდება გადახდისუუნარობის საფუძვლების არარსებობის გამო, ჩაითვლება, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვა უწყვეტად მიმდინარეობდა;

თ) არ დაიშვება ახალი საპროცესო უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება;

ი) ჩერდება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე აღძრული, გადახდისუუნარობის მასის წინააღმდეგ მიმართული დავების განხილვა სასამართლოში, არბიტრაჟში, ადმინისტრაციულ ორგანოში, ხოლო ახალი დავების დაწყება არ დაიშვება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დავა ეხება გადახდისუუნარობის მასიდან ნივთის გამოყოფას ან ამ კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უფლების განხორციელების ხანდაზმულობას ვადის დინება ჩერდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 132-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

6. განემარტოს მართვაში მყოფ მოვალეს (მმართველს), რომ მასზე ვრცელდება რეაბილიტაციის მმართველისთვის „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ„ საქართველოს კანონით დადგენილი წესები, გარდა ამ კანონით პირდაპირ გათვალისწინებული გამონაკლისებისა. მართვაში მყოფ მოვალეს აქვს რეაბილიტაციის მმართველისთვის ამ კანონით განსაზღვრული ყველა უფლება და მოვალეობა, გარდა:

ა) იმ უფლებებისა და მოვალეობებისა, რომლებიც აქვს რეაბილიტაციის ზედამხედველს;

ბ) მოვალის ყოფილი ან მოქმედი დირექტორის ან ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი სხვა პირების ქმედებებისა და მათ მიერ დადებული გარიგებების შეცილების უფლებისა.

7. განემარტოს მართვაში მყოფ მოვალეს, რომ: იგი

ა) გასცემს თანხმობას ისეთ გარიგებაზე:
ა.ა) რომელიც იდება 2 თვეზე მეტი ვადით;
ა.ბ) რომელიც სცილდება მოვალის ჩვეულებრივ კომერციულ საქმიანობას;
ა.გ) რომლის ღირებულებაც წინა წლის ბრუნვის 30%-ს აღემატება;
ბ) ადგენს ანგარიშებს ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და წარუდგენს სასამართლოს;
გ) ანგარიშის შედგენის მიზნით შეისწავლის კრედიტორულ მოთხოვნებს;
დ) ადგენს კრედიტორთა პირველად რეესტრს ამ კანონის 52-ე მუხლის შესაბამისად;
ე) უფლებამოსილია, მოვალისაგან გამოითხოვოს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობის, საქმიანობისა და გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის მომენტისათვის მიმდინარე დავების შესახებ. მმართველს უფლება აქვს მოსთხოვოს მოვალეს მის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის დაზუსტება; ვ) იძიებს და აღწერს მოვალის სახელზე რიცხულ ქონებას;

ზ) დაუყოვნებლივ ატყობინებს კრედიტორებს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და საქმის წარმოებაში ელექტრონული სისტემის გამოყენების ვალდებულების შესახებ. შეტყობინებაში ასევე მითითებული უნდა იყოს კრედიტორების უფლება, წარმოადგინონ მოთხოვნები და მოსაზრებები ამ კანონით განსაზღვრულ ვადაში;

თ) შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს მისთვის მოვალის მართვის უფლების სრულად გადაცემის შესახებ, თუ საწარმოს რაიმე მიზეზით არ ჰყავს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ან ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, რომელსაც შენარჩუნებული აქვს ამ კანონით განსაზღვრული წესით საწარმოს მართვის უფლება:

თ.ა) არ თანამშრომლობს მასთან ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;

თ.ბ) ცალსახად ზიანს აყენებს გადახდისუუნარობის მასას;

თ.გ) თავს არიდებს კანონმდებლობით ან მოვალის წესდებით დადგენილი მოვალეობის შესრულებას, მათ შორის, აღარ მართავს საწარმოს.

მმართველის მიერ ზ/ხსენებულ გარიგებაზე თანხმობის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში, მოვალეს შეუძლია ნებართვის გაცემის მოთხოვნით განცხადებით მიმართოს სასამართლოს.

8. განემარტოს მართვაში მყოფ მოვალეს, რომ იგი ვალდებულია რეაბილიტაციის ზედამხედველის თანხმობის გარეშე არ განახორციელოს ისეთი ქმედება, რომლის განხორციელებაზე რეაბილიტაციის ზედამხედველის თანხმობის აუცილებლობა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ„ საქართველოს კანონით პირდაპირ არის გათვალისწინებული. რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცებამდე მოვალეს ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლების მიღმა ვალდებულების აღება/ხელშეკრულების დადება შეუძლია მხოლოდ რეაბილიტაციის ზედამხედველის თანხმობით

9. განემარტოს მმართველს, (მართვაში მყოფ მოვალეს) რომ რომ იგი ვალდებულია მმართველი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის თაობაზე ყველა ცნობილ და სავარაუდო კრედიტორს გაუგზავნოს შეტყობინებას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის თაობაზე, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას: ა) მოვალის გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის თაობაზე; ბ) მოვალის მიერ კრედიტორის მიმართ აღიარებული ვალდებულების ოდენობის თაობაზე და მითითებას კრედიტორის მიერ ამ კანონით დადგენილ ვადაში აღნიშნული ოდენობის შესახებ შედავების უფლებაზე; გ) შესაბამისი რეჟიმის გახსნის თაობაზე მოსაზრების ამ კანონით დადგენილ ვადაში წარდგენის შესაძლებლობის შესახებ.

10. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის/გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში, ნებისმიერი კრედიტორი უფლებამოსილია, სასამართლოს წარუდგინოს თავისი მოსაზრება მოვალის გადახდისუუნარობის/მოსალოდნელი გადახდისუუნარობისა და განცხადებით მოთხოვნილი რეჟიმის გახსნის თაობაზე. ამ მიზნით, თითოეულ კრედიტორს უფლება აქვს, გადახდისუუნარობის პრაქტიკოსისგან დამატებით გამოითხოვოს მოვალესთან დაკავშირებული ფინანსური ან სხვა სახის ინფორმაცია, რაც მმართველის მიერ ქვეყნდება ელექტრონულ პროგრამაში, გარდა კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა.

11. განემარტოს მმართველს (მართვაში მყოფ მოვალეს), რომ იგი კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმებას ახორციელებს და კრედიტორთა რეესტრს ადგენს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობიდან 60 დღის ვადაში, კრედიტორებისაგან მიღებული ან/და მის მიერ მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე.

12. განემარტოს რეაბილიტაციის ზედამხედველს, რომ იგი უფლებამოსილია: ა) მიმართოს სასამართლოს კრედიტორთა კრების მოსაწვევად შემდეგ შემთხვევებში: ა.ა) ამ კანონით გათვალისწინებული შეცილების საფუძვლის განსახილველად; ა.ბ) მართვაში მყოფი მოვალის რეაბილიტაციის მმართველით შეცვლის საკითხის განსახილველად;
 
ა.გ) მთლიანი მოთხოვნების 10 პროცენტის მფლობელი კრედიტორების მოთხოვნით, კრედიტორთა კრების კომპეტენციისთვის მიკუთვნებული საკითხის გადასაწყვეტად;
 
ბ) გამოითხოვოს და მიიღოს მოვალის საქმიანობის ანგარიში, გაეცნოს მას და მოითხოვოს, რომ მისთვის სრულად იყოს ხელმისაწვდომი მოვალის ქონება, ყველა საბუღალტრო და საფინანსო ჩანაწერი, სამეწარმეო დოკუმენტი, გარიგება, მათ შორის, ელექტრონულად და კომპიუტერული პროგრამის სახით;
 
გ) კრედიტორთა რეესტრის შედგენის მიზნებისთვის მოვალეს მისცეს ან არ მისცეს თანხმობა კრედიტორული მოთხოვნის სრულად ან ნაწილობრივ უარყოფაზე ან აღიარებაზე;
 
დ) მოვალესთან ერთად მოამზადოს რეაბილიტაციის გეგმის პროექტი ან ამ გეგმის გადასინჯვის პროექტი. რეაბილიტაციის ზედამხედველი ვალდებულია რეაბილიტაციის გეგმის პროექტს დაურთოს დასაბუთებული წერილობითი შენიშვნები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რეაბილიტაციის ზედამხედველი და მოვალე რეაბილიტაციის გეგმის ცალკეულ კომპონენტებზე ვერ თანხმდებიან და, რეაბილიტაციის ზედამხედველის შეფასებით, აღნიშნული გეგმის პროექტი არ შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებსა და სტანდარტებს. თუ რეაბილიტაციის ზედამხედველი რეაბილიტაციის გეგმის პროექტს დასაბუთებულ შენიშვნებს არ დაურთავს, მიიჩნევა, რომ იგი ეთანხმება ამ პროექტს;
 
ე) უხელმძღვანელოს კრედიტორთა კრებას;
 
ვ) თავისი ფუნქციების შესასრულებლად შეუზღუდავად ითანამშრომლოს კრედიტორებსა და კრედიტორთა კომიტეტთან (არსებობის შემთხვევაში); დაესწროს კრედიტორთა კომიტეტის სხდომებს და მოიპოვოს მისთვის საჭირო ინფორმაცია;
 
ზ) ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სასამართლოში განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით დაინტერესებული პირისთვის მინიჭებული ყველა უფლებამოსილება, მათ შორის, შეუზღუდავად გაეცნოს მოვალის შესახებ სასამართლოში დაცულ ინფორმაციას, ინფორმაციის დახურული ნაწილის ჩათვლით, მისი კონფიდენციალურობის დაცვის პირობით;
 
თ) მოვალისგან გამოითხოვოს მისი უფლებამოსილების განხორციელებისთვის საჭირო ახსნა-განმარტება, ინფორმაცია ან/და ანგარიში ნებისმიერი საკითხზე;
 
ი) განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები;

13. განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე გამოქვეყნდეს ამ კანონით დადგენილი წესით: გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტორნულ სისტემაში (www.ecourt.ge) და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე; ასევე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინება გაეგზავნოს აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (შემდგომ − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო) მორატორიუმის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შესასრულებლად (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია, საქართველოს ეროვნულ ბანკს დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მოქმედი საგადახდო სისტემის მონაწილე საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანის შესახებ).

14. განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა შეუძლია გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეს, რომლის მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირს, რომელსაც უშუალოდ ეხება ეს განჩინება, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (ვებგვერდზე www.ecourt.ge) მისი გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი, №64). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.

მოსამართლე                               ლიანა კაჟაშვილი